• პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მეხუმრე რა

    ეს არის ამბავი ადამიანებზე, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, მაგრამ მე ისინი სწორედ ამის გამო მიყვარს. არაფერია ჩვეულებრივ ადამიანზე მშვენიერი.

    1.

    პირველი კადრი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ეს არის ერთ ოთახიანი სახლის ჭერი, რომელიც ნელ-ნელა მომიახლოვდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ფრენა სიამოვნებაა, ოღონდ რა თქმა უნდა არა ზევიდან ქვევით. ეს ალბათ ასე ორი თვის რომ ვიყავი, მაშინდელი ამბავია. აი მერე კი ისაო, ესაო და აი, კიდეც ვიქეცი რაღაც ასაკში მყოფ ადამიანად. თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვობის მოსაყოლად არ მცალია. ალბათ ვერც მოვიცლი კარგა ხანს. პირველადი პრობლემებია გადასჭრელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ათას შარში გავყავი და ზოგიერთიდან მაინც უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდე. მაგალითად… არა არ მიყვარს მაგალითები, მე ხომ შეგონებებისთვისაც არ მცალია. ახლა უნდა გავიდე სახლიდან, არადა გარეთ ძვალსა და რბილში გამტანი ნესტია და ვერაფრით ვთბები. სიამოვნებით ვიწვებოდი ასე, ვუყურებდი ჭერს, რომელიც ორი თვის რომ ვიყავი, პირველად მაშინ მომიახლოვდა, და ვიფიქრებდი ათას რამეზე. თუნდაც გუშინდელ საღამოზე. რა მოხდა გუშინ.
    ისეთი არაფერი, კედის დავურეკე. მოვიდა ჩერჩილის თუთიყუშივით აჭრელებული. აბა გამართეო. რომელი გამრთობი მე ვარ, მაგრამ მაინც. სულ ესე ხდება ხოლმე. დარეკავ შუა ღამისას, მერე მუსიკა, არაყი და ღამეული ორთაბრძოლა ორ სქესს შორის, რომლის მერეც ყოველთვის სინანული მიპყრობს. რატომ, თუ ვიცოდე, მე ვიყო ჩვენ რო ვიცით ის. პურიტანული აღზრდის შედეგებს ვიმკი? ჰო, ნუ დროა ალბათ ასეთი. სხვა რა უნდა ვიფიქრო. მერე ვარსკვლავებს ვუყურებდი ფანჯრიდან, მერე რა რო ციოდა. დილის 6 საათზე წავიდა. გაერთო? ალბათ. მე რომელი გამრთობი ვარ, მაგრამ მაინც. კედი კარგი გოგოა, თუმცა გართობის გულისთვის ყველაფერზე წავა. მეც. ოღონდ ჩვენს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მე მერე ყოველთვის გული მერევა საკუთარ თავზე. არაფრით მტოვებს იმის შეგრძნება, რომ რაღაცას ვუშვებ ხელიდან. ჰო, რაღაცას, რაღაც მთავარს. გარეთ ცივა და ძალიან მეზარება ადგომა და სახლიდან გასვლა, არადა გვერდს ვერ ავუვლი საჭიროებებს.
    სამსახურში, ”როგორც ყოველთვის” სიტუაციაა. სიჩუმე და საქმე. თავჩარგული ვუზივარ ციფრებს. ბუღალტერი. ჩიფ ექაუნთენთ. მოკვდები კაცი სიცილით. სახელები, სახელები, სახელები. და რა არის სახელების უკან? არა, არ ვიცი რა დგას ამ სახელების უკან, ან ამ ციფრების უკან. მონაცემები, მონაცემები, მონაცემები, ჰოდა დამუშავება, დამუშავება, დამუშავება. მერე შედეგები, შედეგები, შედეგები. ბალანსები, მოგება-წაგების თვლა, უწყისები, ბრუნვები, გადარიცხვები. მერე ისევ სახლი, ისევ მუსიკა, ისევ არაყი, ისევ კედი, ისევ ვარსკვლავები, მერე ისევ ჭერი. ჭერი. ჰო, ჭერი. რამე მაინც იყოს განსაკუთრებული ამ ჭერში. მგონი ადგომის დროა. კარგია, რომ არსებობს კეთილგონიერება. ეხლა უბრალოდ რამის აღწერის განწყობაზე ვარ, აი მაგალითად… ჰო მაგალითად ჩემი სამსახურის.

    2

    – დილა მშვიდობის – შევდივარ და ტრადიციულად ვესალმები დაცვის ავტომატიან, სერიოზულსახიან ბიჭებს. ვისურვებდი გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო და დაცვის სამსახურშიც ემუშავა რამოდენიმე მანდილოსანს.
    – გაუმარჯოს – ეს ტრადიციული მისალმებაა, რომელიც არასოდეს იცვლება. ალბათ ვერც ვერასდროს შეცვლით.
    ნუ მერე კიდევ რამდენიმე ასეთი სალამ-ქალამი და მერე სამუშაო ოთახს მივაშურებთ. სამსახური თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ის რაც გევალება, არის კარგად შეასრულო შენი ფუნქცია. თუ ფუნქცია არ გაქვს, მაშინ დრო უნდა გაიყვანო, იმიტომ რომ შენ ყიდი დროს და არა შრომას. უცნაურია, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ თვის ბოლოს შრომის კი არა, დროის საფასურს გვიხდიან, მე და ერთ თანამშრომელს გვაქვს მხოლოდდამხოლოდ. მე და კედის. ჰო, კედი ჩემი ხშირი სტუმარია, ოღონდ არა ბუღალტერიაში. საერთოდაც სამსახურში მე ”ჩიფ ექაუნთენთ” ვარ. უსქესო ნაცრისფერი ადამიანი. მარტო ვცხოვრობ ერთ ოთახიან კომუნალურ ბინაში, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, აგერ მთელი ცხოვრება გავატარე და… თუმცა სულ ესე არ ყოფილა. უბრალოდ სახლი ნელ-ნელა დაცარიელდა და ბოლოს მე დავრჩი… არა, მარტო არა. ალბათ კედისთან ერთად, რომელიც საღამოობით მოდის და ხან დილით მიდის გამთენიისას, ხან შუაღამეს და მოკლედ, როცა როგორ მოუხერხდება. 9-დან 6-მდე გარიგება მაქვს დადებული ეშმასთან. ”პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს” – ღმერთს ვთხოვ, ის კი ეშმას საშუალებით მიგზავნის სამოთხიდან. ეს ნამდვილად არაა საგანგაშო.
    სხვათაშორის, ეხლა სახლში ვინმე რომ იყოს, შემახსენებდა რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სამსახურში მაგვიანდება და დროა ავწიო ერთი ადგილი ამ საწოლიდან. არადა რა ფართოა ეს დალოცვლი, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაეტეოდა. სწორედ ამ საწოლზე შემქმნეს მე ჩემმა მშობლებმა და აი ამ კოსმიური აქტიდან 38 წლის შემდეგ მე აქ ვწევარ და სამსახურში წასვლა მეზარება. ჭეშმარიტად უზნეო საქციელია.
    კარზე ზარი გაისმა. ნუთუ ვინმე შეიძლება ამ დროს მესტუმროს? კარი გავაღე. კედი იდგა. ერთი რეაქცია მქონდა მხოლოდ, თვალები გადმოვკარკლე გაკვირვებისგან. ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და აგერ უკვე ორი წელია ერთ რეჟიმში ვცხოვრობთ, ის კი ახლა ამ დილაადრიან მოსვლით ყველაფერს ანგრევს.
    – გიო მე… იქნებ შემომიშვა?
    – მოდი! მოხდა რამე? – ვკითხე და ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ… რომ არ შემიძლია ეხლა აღვწერო.
    – იცი? მოხდა. ნუ თან მოხდა, თან არ მოხდა.
    – ნუ მაბნევ. – გამაღიზიანა. ვერ ვიტან ასე ქარაგმებით ლაპარაკს. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვერ ვიტან პირველად რომ მომიახლოვდა ამ სახლის ჭერი. კედი კი შემომეხვია, ტუჩებზე მომეკრო და საწოლისკენ მიბიძგა. გაოცებისგან დავყევი, თუმცა გახდა რომ დაიწყო აზრზე მოვედი.
    – გაგიჟდი? სამსახურში გვაგვიანდება.
    – გავარტყი სამსახურს. აქ მინდა, შენთან.
    – კედ, სულ გადაირიე ხო? ადექი ახლავე. – კი გავბრაზდი, მაგრამ თან გამეფიქრა, განა ის ადამიანი არ ვიყავი, ორი წუთის წინ საწოლიდან რომ ვერ წევდა ერთ ადგილს.
    – ჰო, გადავირიე, მომბეზრდა, არ შეიძლება, რომ ერთხელ რამე ისე გავაკეთოთ როგორც… – ჰოდა აქვითინდა. ოღონდ ეს არა. ბავშვობიდან არაფერი მამტვრევს ისე წელში, როგორც ცრემლები. მომკალით და ესეა. ჩემს წინ ადამიანი რომ ატირდეს და მთხოვოს თავი მოიკალიო, ალბათ არ დავფიქრდები ისე მოვიკლავ. ჰოდა რაღა უნდა მექნა. იმას კიდე ისტერიკა დაემართა. ყვიროდა, ჰო ყვიროდა, სულ დამპალ, უგრძნობ, ციფრებით თავგამოტენილ ღორს მეძახდა. ასეა, რა ვქნა. ბუნებით ვარ პედანტი. ესეც შენი გართობის მოყვარული კედი. ჩამოიხსნა ბოლომდე ნიღაბი. ამოალაგა სენტიმენტები, მაგრამ რა. ეს ხომ ისედაც ვიცოდი, რომ მისი გართობა მხოლოდდამხოლოდ სწრაფვა იყო თავდავიწყებისკენ. და ბოლოს… ბოლოს დავნებდი. ჰოდა აი კედის თავი ჩემს მკერდზე ედო, მე სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან ნესტიან, ბურუსიან სივრცეს გავყურებდი. გარეთ ციოდა, ჩვენ თბილად ვიყავით. ტელეფონები გავთიშე. ალბათ გასკდნენ რეკვით. გამორიცხული არ იყო მოსულიყვნენ სახლში. კარს არ გავუღებდი. მგონი ეშმასთან გარიგება დასრულდა, ჰოდა მე და კედის ახლა პურს არსობისას აღარავინ გვიწილადებდა. კი მაგრამ მეგობრები?

    3

    აგერ უკვე 45 წლის ვხდები და ხელშესახები არაფერი მახსენდება. უკვე 7 წელია მე და კედი აღარ ვერთობით, ჰოდა სამაგიეროდ მშვიდად ვცხოვრობთ. მე დილაობით აღარ მეზარება სამსახურში წასვლა, იმიტომ რომ საუზმეს კედი აკეთებს, აღარც საღამოს ვფიქრობ რითი ვიყიდო არაყი, იმიტომ რომ კედი ისედაც მაძლევს, აღარც დილის 6 საათზე ვიღვიძებ, იმიტომ, რომ კედი აღარსად აღარ მიდის, აღარც ციფრებს ვითვლი, იმიტომ რომ აღარ ვარ ჩიფ ექაუნთენთ, აღარც ჭერს აღარ ვუყურებ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში აღარ ვცხოვრობ და ამ ნაქირავების ჭერი არაფერს მახსენებს, აღარც მეზობლების მიკითხვ-მოკითხვაში მეკარგება დრო, იმიტომ, რომ არც ერთს არ ვიცნობ და აშ. და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას. სამაგიეროდ… კვლავ აკაკუნებენ, მე ისევ მივდივარ კარის გასაღებად და აი თავისი გიგანტური ნაბიჯებით შემოიჭრება ტერი დევისი და….
    – კედიიიიიიიიიიიიიი. ყავა გამიკეთე რა.
    – ააააჰ, შაბათია დღეს? – ტერი დეივის ჩემი მეგობარია, არ შეიმჩნიოთ.
    – გიოოო, მიდი რა. – აჰა, უცბად გადმომილოცა ყავის მოდუღება კედიმ.
    – კედ, მეზარება. – სულაც არ მინდა ეხლა ყავის მომზადება.
    – მაშინ იცოდე პირდაპირ შიშველი ავდგები და ისე გავაკეთებ ყავას – გამომძახა. დიდი ამბავი ეხლა.
    – ოოო, შენც ეხლა არ უნახიხარ შიშველი რა.

    ტერი ჩვენს დიალოგზე როგორც ყოველთვის გულიანად ხარხარებს და მხარზე ხელის დატყაპუნებით ცდილობს… ნუ არ ვიცი რას ცდილობს რომ მაგრძნობინოს.
    – უუუ, აი სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენთან მოსვლა – მეუბნება და თან ისევ მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
    – ჰო, ნუ ვერ მივხვდი, რატომ, მაგრამ მაინც მადლობა.
    – ჰოდა მოკლედ მე კარგი ახალი ამბები მაქვს თქვენთვის.
    – მაინც?
    – ე.ი. გუშინ ბირჟაზე შევიძინე… – და ტერი იწყებს, როგორც ყოველთვის, ძალზედ მოსაწყენ მონოლოგს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შედეგების შესახებ და მე ვცდილობ ამ გაქნილმა მაკლერმა რამე არ მომატყუოს. ბოლოსდაბოლოს კედი უდუღებს ყავას ტერის და ასე შიშველი გვიჯდება წინ. მსჯის მგონი. თუმცა ტერი პატიოსანი კაცია და მოვალეობების შესრულების დროს უსქესო, ნაცრისფერი მაკლერია. ანუ ყველაფერი რიგზეა.
    მერე მე ვჯდები მანქანაში და მივდივარ ”როგორც ყოველთვის სიტუაცია”-ში.

    4
    საკმაოდ დიდი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემში. უბრალოდ მე ბიოლოგიურად დავეშვი დაღმართზე. ერთ 45-ს კიდევ გავქაჩავ? რთული წარმოსადგენია, მაგრამ… მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ ასაკამდე საერთოდ არ მიფიქრია სიკვდილზე, ალბათ ესე 30 წლამდე ჩემი დილა იწყებოდა ოცნებით ვარდისფერ მომავალზე, ანდა უკეთეს შემთხვევაში ოცნებით იმ დღის ლამაზ დასასრულზე, რომელიც ეს-ესაა თენდებოდა. 30 წლის შემდეგ, უფრო სწორად, იმ დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში მამაჩემს უკანასკნელად მოვწმინდე სპერმა დახეთქილი ყვერებიდან და რამდენიმე დღეში მიწაც დავაყარე… იმას ვამბობდი, რომ იმ წუთიდან, სველი ხელსაწმენდით ყვერი რომ გავუსუფთავე, ჩემი ყოველი დილა სიკვდილზე ფიქრით იწყება, მოდი არ გავაფილოსოფოსოთ.
    იმ დილას ჩემმა მდივანმა მეც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა და მე რაღაც ვიხუმრე ტრადიციულად. ჰო ტრადიცია მაქვს ასეთი, მხოლოდ ღმერთზე ვხუმრობ და ეს ყოველთვის მკრეხელობად ინათლება. ჰოდა ელენას, რატომღაც ასე ერქვა ჩემს მდივანს, ამოასხა და მკითხა:
    – რატომ ხუმრობ ყოველთვის ღმერთზე?
    – ჰმ, რთულ კითხვას მისვამ.
    – არა, ეს უბრალოდ ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს.
    მე დამავიწყდა იმის თქმა, რომ ელენა პროფესიით იურისტია. არა, უფროსწორად, იმ დროს, როცა ეს მოხდა, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ჰოდა აი ეს ფრაზა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ვინაიდან არსებობს დედამიწაზე სამი სქესი: კაცები, ქალები და იურისტი ქალები. სხვა ვერავინ გეტყვის ასეთ ფრაზას: “ეს ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს”. წარმოვიდგინოთ რას მეტყოდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი. ის აუცილებლად დაიწყებდა მოვლენათა იმ დაუსრულებელი სიის ჩამოთვლას, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ იარსებებდა და დააბოლოვებდა ნიუტონის ცნობილი ფრაზით, რომ “პლანეტების მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნვა, მხოლოდ მზის მიზიდულობის შედეგი რომ იყოს, მაშინ ყველა პლანეტა ერთ მშვენიერ დღეს მზეს დაენარცხებოდა”-ო და ბოლოს აუცილებლად დააბოლოვებდა, რომ ჩემნაირი ღვთისპირიდან გადავარდნილი, ურჯულო, მკრეხელი ადამიანი მეორე არ დადის ცისქვეშეთში, იმიტომ, რომ ყოველთვის ვხუმრობ მხოლოდდამხოლოდ ღმერთზე და ვერაფრით დავიმახსოვრე, რომ… და ერთ-ერთ ჩემს მიერ ვერ თუ არ ათვისებულ თეორიასაც ჩემი უსჯულოების დამამტკიცებელ საბუთად მოიშველიებდა. თუმცა მე რა თქმა უნდა ვერაფრით გავარკვევდი რა უფრო მეტად განსაზღვრავდა ჩემს ურჯულოებას, ის, რომ ღმერთზე ვხუმრობდი, თუ ის, რომ რომელიღაც თეორია, სათანადოდ არ თუ ვერ შევისწავლე. მოკლედ ალბათ მიხვდით, რომ ასეთი ვარიანტები პროფესიების მიხედვით შემიძლია უსასრულოდ ჩამოგითვალოთ. რა მოხდებოდა ელენა რომ… მაგრამ ვაღიარებ მოსაწყენი იქნება. ამიტომ მე ელენას გადავწყვიტე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვქცეოდი მარტივად და ვუპასუხე:
    – ელენა, ღმერთი ჩემთვის იმდენად ამოუცნობია, იმდენად ბუნდოვანი და იმდენად გაუგებარი, რომ მის შესახებ მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ლაპარაკი.
    გაგიკვირდებათ და ეს მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი აღმოჩნდა, თუმცა მაინც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა.
    ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი, იმაზე უფრო განსაკუთრებულიც კი, ვიდრე კედის მოულოდნელი შემოვარდნა ჩემს ბინაში დილის 8 თუ ცხრა საათზე და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება ერთად გვეცხოვრა. საქმე ეხებოდა ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც… რომელმაც ადრეულ ახალგაზრდობაში, ასე 18-19 წლის ასაკში საკუთარი თავი დაარწმუნა წერის ნიჭი მაქვსო და მას შემდეგ აღარც თვითონ მოისვენა და აღარც საზოგადოება მოასვენა, სანამ ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში რომელიღაც ცნობილმა ტიპმა კარგი რეცენზია არ გამოუცხო. ამ რეცენზიის ფასი ვიცოდი რაც იყო, თუმცა მოდით დავანებოთ თავი ამჯერად ამას. იქნებ მერე მივუბრუნდე კიდეც ამ თემას და მოგიყვეთ, მაგრამ ეხლა სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემი მწერალი მეგობარი მომადგა სამსახურში და… და მე ძალიან აღელვებული, აცქმუტებული და როგორ ვთქვათ, აღგზნებული მომეჩვენა.
    – გიოოო, რაღაც საქმე მაქვს რა შენთან და საღამოს სამსახურის მერე შეგიძლია შემომიარო სახლში?
    მე ვიფიქრე საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვას ვეღარ აკონტროლებდა და ჩემი როგორც ფინანსისტის რჩევები ჭირდებოდა. კი გავიფიქრე, ამას რა აიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
    ჯოშუა უცნაური ადამიანი არ იყო (მგონი ვერ ვიკავებ თავს მისი აღწერის ცდუნებისგან), პირიქით, ის ძალიან ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული ტიპი იყო, თუმცა მწერლის სტერეოტიპში კარგად იჯდა, შეიძლება სხვებზე კარგადაც, ამიტომ ხანდახან დემონსტრაციულად ჩქმეტდა ტრაკზე უცნობ მანდილოსნებს. რამდენჯერმე ამ უცნობი მანდილოსნების დაკუნთულმა ბოიფრენდებმა, საპასუხო რეაქციაც მისცეს, ხანდახან… მოკლედ ხანდახან ის განზრახ აკეთებდა ისეთ რამეებს, რომ ხაზი გაესვა საკუთარი განსაკუთრებულობისათვის. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ საღამოს მაინც რაღაც უფრო ბუნებრივად უცნაური მომეჩვენა. ჰო, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან რაიმე განსაკუთრებულის თამაშს, მე ხომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მერე ალბათ არ დამეზარება და გაგიმხელთ როგორც მაგრამ… მაგრამ აი ეხლა დავფიქრდი და ღირს კი საერთოდ ამის მოყოლა? ჰო ნუ რა ვიცი.
    მოკლედ როგორც მამაჩემი იტყოდა (მაგრამ ზუსტად არ მახსოვს ამას ამბობდა ხოლმე თუ არა), ბევრი რომ არ გავატრაკოთ, ჯოშუამ გამიმხილა, რომ ახალი რომანის წერა დაიწყო და მისი მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო გეი. მერე?…
    – მერე ის, რომ ვერ ვახერხებ. ვერაფრით ვერ ვახერხებ, იმიტომ კი არა, რომ წერა არ შემიძლია…
    – არც მიფიქრია ეგ მერწმუნე…
    – უბრალოდ მე არ ვარ გეი და ჰომოფობიური გამომდის. ჰოდა ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს…
    კი მივხვდი მაგრამ გამიჭირდა დაჯერება და ამიტომ უფრო ვკითხე
    – რა?
    – რა და მე უნდა მივიღო გეის შეგრძნება. უნდა გამოვცადო.
    – რა უნდა გამოსცადო შენ შიგ ხომ არ გაქვს?
    – არა, არა, ხელოვნება უპირველეს ყოვლისა. მე მზად ვარ გავიღო მსხვერპლი, ჰოდა შენი დახმარება მჭირდება.
    – მე რაღა შუაში ვარ შე ყლეო. მე რა პიდარასტი ვარ თუ?
    – არა, მე არ გთხოვ, რომ სექსი და რაღაც, ერთადერთი რამ მინდა, მინეტს გაგიკეთებ რა.
    მე რა თქმა უნდა ისტერიკა დამემართა და… და მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თვალები დავხუჭე და… მოკლედ ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, თან მამაკაცი მიკეთებდა მინეტს, უბრალოდ… უბრალოდ მე მომიწია იმის აღიარება, რომ ჯოშუამ ამ საქმეს კედიზე უკეთ გაართვა თავი.

    5

    ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ გამიმართლა, ჩემს ოჯახში ბევრი ექიმები რომ იყვნენ. მე მხოლოდ მე-11 კლასში შევიცვალე გადაწყვეტილება და ჩემი ტვინი ფინანსებისკენ გადაიხარა. ამჯერად არ მოგიყვებით, რატომ გადავიფიქრე ნეირო ქირურგიის შესწავლა და დავინტერესდი ფინანსებით, თუმცა ჩემმა დამ რომ გაიგო სიგარეტს ვეწეოდი, ცხარე ცრემლით იტირა, ხოლო შემდეგ დაიწყო პერიოდული ლექციების ჩატარება სიგარეტის მავნებლობის შესახებ. პირველი ღერის მოწევიდან რამდენიმე თვეში მე უკვე ვიცოდი, რომ მოწევა იწვევს რვა სახეობის სიმსივნეს, ასევე უამრავ სხვა დაავადებას, გულსისხძართვა დაავადებს, აუარესებს სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას, რითაც აფერხებს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს უშლის აზროვნებას, უზმოზე სისტემატურმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლული, ასევე აყვითლებს და აფუჭებს კბილებს და ა.შ. და ა.შ. ალბათ მიხვდით, რომ ჩემი და ექიმია. ამ ყველაფერმა რომ ვერ ”მიშველა”, შემდეგ ვიზუალური მასალის ათვისებაზე გადავედით და მე ძალიან მალე დეტალურად შევისწავლე ფოტომასალა მწეველი და არამწეველი ადამიანების ფილტვების გამოსახულებით, ასევე გულისამრევი ვიდეოკლიპები და ამანაც რომ არ გაჭრა, საქმეში რელიგია ჩაერთო. ამის საშუალებით უკვე შევიმეცნე, რომ თამბაქოს მოხმარება ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებმა აბორიგენმა ინდიელებმა დაიწყეს. ასევე სრულად გავაცნობიერე, რომ თამბაქოს სატანური ”ფესვები” აქვს და საშვილიშვილოდ დავიმახსოვრე, რომ რელიგიური თვალსაზრისით ის ”ეშმაკის საკმეველია”. ნუ, რაღა თქმა უნდა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ლოგიკურიცაა, მე ხომ ღმერთზე მხოლოდ ხუმრობით შემეძლო ლაპარაკი, ეკლესიაზე კი დამცინავად.
    მოწევა 15 წლისამ დავიწყე. თავიდან ნახევარ კოლოფს ვეწეოდი, შემდეგ წელს ერთ კოლოფზე ავედი. მწეველობის მეხუთე წელს კი მიხაროდა დღის ბოლომდე მხოლოდ ოთხ კოლოფს თუ მოვწევდი და მეხუთის გახსნა არ მომიწევდა. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ… არა, ეს მოდი თანმიმდევრულად მოვყვეთ.
    მოკლედ, ჩემი ცხოვრების 47-ე წლის ერთ მშვენიერ დილით, ზურგის არეში წვა ვიგრძენი და ხველებამ შემაწუხა. რამდენიმე დღე ყურადღება არ მიმიქცევია ამ ამბისთვის. მწეველთა უმრავლესობა ხომ დილაობით ცუდ გემოს პირში და ხველას უჩივის, მაგრამ სამი დღე რომ გაგრძელდა ეს უსიამოვნო გრძნობა ფილტვებში, ერთ დილით ავდექი და გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი. გზიდანვე დავითარსე. ე.ი. ჩემდა ჭირად ჩავრთე რადიო, სადაც სასაცილო ამბებს გადმოსცემდნენ, თუ კურიოზულ შემთხვევებს თუ რაღაც ასეთს. ჰოდა ერთ-ერთი მორიგი ისტორია ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. მე ხომ ხშირად მომდის სახლში ჯარიმის ქვითრები პოლიციიდან და აი რადიოს ვუსმენ და იქ ყვებიან ასეთ რამეს: ”ერთი ინგლისელი მძღოლი ავტომატურმა რადარმა დარღვევის დროს გამოიჭირა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან პოლიციისგან ფოსტით 40 გირვანქა სტერლინგის საჯარიმო ქვითარი და თავისი მანქანის ფოტოსურათი მიიღო. ნაცვლად იმისა, ჯარიმა გადაეხადა, პოლიციას გაუგზავნა ფოტო, რომელზეც 40 გირვანქა სტერლინგი იყო გამოსახული. გავიდა რამდენიმე დღე და მძღოლმა ისევ მიიღო კონვერტი პოლიციიდან, ამჯერად მასში ხელბორკილების ფოტოსურათი იდო. ამ ფოტოს დიდი ზემოქმედების ძალა აღმოაჩნდა, – დამრღვევმა…” მე მეტი ვეღარ გავიგე, იმიტომ რომ ახარხარებულმა ჩემი მანქანის ”პარპრეზი” გავდორბლე და პირდაპირ გაზეთების ჯიხურში გავერჭე. იმ დღეს ექიმთან ვეღარ მივედი და მეორე დილით როგორც იქნა მივაღწიე.
    დაახლოვებით სამი საათი მიკვლიეს, მსინჯეს. მოკლედ, გასაყიდი საქონელივით მათვალიერეს შიგნიდან, გარედან, უსმინეს სუნთქვას, გულის მუშაობას, მოკლედ სრული გამოკვლევა ჩამიტარეს და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამეგო რა მჭირდა? ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ სახლში ტელეფონი აწკრიალდა. კედიმ უპასუხა, ცოტა ხანს ილაპარაკა, რაღაც ოფიციალურად, ჰოდა მეორე დღეს ექიმთან წასვლა რომ დავაპირე, ცოცხალი თავით არ გამიშვა. უნდა გამოგყვე გინდა თუ არაო. ნუ ამან ცოტა გამაბრაზა, მაგრამ 10 წელიწადში ერთხელ ცოლი თუ რაც ჰქვია, რომ აგიხირდება, გაგებით უნდა შეხვდე ამ ამბავს, ბოლოსდაბოლოს იქნებ მენსტურაცია დაეწყო. მოკლედ, წავედით ექიმთან, იმათ იქ რაღაც მასკარადი გააჩალიჩეს, ექიმი ჯერ მე მელაპარაკა, მერე კედი გაიყვანა გვერდით და მე უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო მთლად კარგად.
    უკან რომ ვბრუნდებოდით, კედი ტინგიცობდა, ჰოდა მივხვდი რა, რომ მიმალავდა და ისე, რომ მისკენ აღარც გამიხედია, პირდაპირ ვკითხე:
    – ფილტვის კიბო მაქვს ჰო კედ?
    – ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ – მოკვდა სიცილით. მანქანა გავაჩერე, თავი რულზე დავდე და აღარ შემიხედია ისე ვუთხარი.
    – კარგი რა კედ, ჰო იცი რომ იდიოტი არ ვარ. რამდენი დამრჩა? – კედიმ თავზე დამიწყო მოფერება, თმაში მისი თითები დასრიალებდნენ და მე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მგონი იმ წუთას ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდა და… და ალბათ ვნანობდი ყველა იმ წყენას, რაც ოდესმე მისთვის მიმიყენებია.
    – გიო, სისულელეა გიო. – ხმაში ცრემლი შეეპარა. მერე თავზე მისი ლოყა ვიგრძენი და ცრემლები, რომლებიც ჩემს თმებში იკარგებოდა.
    – კარგი რა, არ არის საჭირო, ბოლოსდაბოლოს, ოდესმე ხომ მაინც მოხდებოდა – ვუთხარი და ჩემდაუნებურად მეც ცრემლი შემეპარა. მაგრამ იმიტომ არა, რომ კიბო მქონდა, არა, უბრალოდ რატომღაც კედი მეცოდებოდა.
    – გიო…. – აქ უკვე ნერვებმა უმტყუნა და ვეღარ გააგრძელა, გაუშვა ბოლომდე ცრემლები და ისინი უკვე ჩემს თმებს ჩამოუყვნენ ქვევით და ვხედავდი როგორ იკარგებოდნენ სადღაც ქვემოთ.
    – რამდენი ხანი დამრჩა კედ? – ხმა გავიმყარე.
    – ორი თვე – და მოუმატა ტირილს. მე თავი ავწიე, ის გადაიწია ისევ და ახლა უკვე საკუთარ ხელებში ტიროდა. მანქანა დავქოქე და სახლში წავედით. გზაში ვაწყნარებდი. თან რაღაცნაირად მეცინებოდა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
    რაღაცნაირად ყველაფერი შეიცვალა. მე და კედი ისე ვისხედით სახლში თითქოს ვიღაც უკვე გარდაიცვალა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე ვიყავი. ნერვები მომეშალა.
    – კედ, სისულელეა ხო იცი. ეს არაფერს ნიშნავს. ოდესმე ეს მაინც მოხდებოდა.
    – ვიცი. – ცივად მიპასუხა, თუმცა ისევ ეტირებოდა ვხვდებოდი.
    – კედ იცი, მე სულ არ ვღელავ, რაც იქნება იქნება.
    – ……………. – დუმილი.
    – კედ, ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთმანეთს ამდენი ლამაზი წუთი ვაჩუქეთ, და რაღაა სანერვიულო. ისღა დაგვრჩენია ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რაც გვქონდა – საკუთარი სენტიმენტალობა მაოცებდა და თან მეცინებოდა, მაინც ვუანგარიშე ”ამდენი ლამაზი წუთი”.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, აწიე ეხლა თავი და გაიცინე რამენაირად. ხო იცი ვერ ვიტან ესე რომ ხარ მოწყენილი.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, გთხოვ რა, გაიღიმე და მელაპარაკე, არ შეიძლება რა ესე, ბოლო ორ თვეს მოწყენილობაში და გლოვაში ხომ არ გავატარებთ. – ჰოდა აქ მე ძალიან უცნაური რამ ჩავიდინე…

    მოკლედ კედი საღამომდე მაინც ვერ გავაცინე, მგონი ძალიან ვუყვარდი მართლა. აი მე კი ვტინგიცობდი და ვტინგიცობდი, რამენაირად ხასიათზე მინდოდა მომეყვანა და ბოლოს ჩემდაუნებურად წამომცდა: ”საოცარი ადამიანი ხარ კედ, შეგიძლია ყველაფერი საშენოდ შეატრიალო. აი ეხლაც, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მე კი არა, შენ გქონდეს კიბო”. ამანღა უშველა და ბოლოს, როგორც იქნა, გამხიარულდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩემი კიბოს მიუხედავად, უკანასკნელ ორ თვეს ისე გავატარებდით, თითქოს არაფერი მომხდარა და ბოლომდე გავერთობოდით.

    6

    ჰოდა ესეა რა, ეხლა რომ ვფიქრობ, დიდად ვერ შემცვალა იმ ამბავმა, ორი თვეღა რომ დამრჩა სიცოცხლე. ცოტა მეტად ფილოსოფიური აზრები გამიჩნდა. ისე სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა. მე და კედიმ გადავწყვიტეთ არავის გავუმხილოთ ეს ამბავი. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მეტასტაზები არ დამაგდებს. არ მინდა ხალხმა ისე დამიწყოს ყურება, როგორც… როგორც რა ვიცი, ცოცხალ მიცვალებულს. ესე იციან ხოლმე. საერთოდაც მე არ შევცვლილვარ, მაგრამ კიდევ ერთი ახალი ამბავი მოხდა მაინცდამაინც ეხლა. კედიმ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. ჰოდა რა ვიცი როგორ მოხდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით ბავშვისგან, ჰოდა მაინცდამაინც ეხლა… ყოველშემთხვევაში არ ღირს ამაზე წუწუნი. მე ალბათ ვეღარ მოვასწრებ ბავშვის ნახვას. არც მინდა, ესე ჯობს იმისთვისაც და ჩემთვისაც. რო ვნახავ უფრო გამიჭირდება. ეხლა სასაცილოა, მაგრამ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მინდა რომ იმ მომენტში… ჰო რა, ბოლოს, მინდა რომ გულიანად გავიცინო. ყოველთვის მჯეროდა რო… ჰო აი მაშინ მოხდა რა, მამაჩემი რო წავიდა, იმ დღეს ეკლესიაში წავედი. დიდხანს ვიდექი რა ჩუმად, ჩემთვის, ჰოდა ესე ჟრუანტელი მივლიდა რა ტანში. ბავშვობიდან ესე ვარ, ვერ შევდივარ ეკლესიაში, ხალხი როცაა. ნერვები მეშლება რაღაცნაირად. ჰოდა ვიდექი რა, სათვალე არ მომიხსნია, მეტირებოდა და არ მინდოდა შემთხვევით ვინმე შემოსულიყო და რო დავენახე შემრცხვებოდა ვიცი და ნერვებიც მომეშლებოდა. არც მახსოვს რა რას ვეუბნებოდი და ერთი რამ კი მახსოვს, ვთხოვე რო მაშინ მომკალი როცა ამისთვის მზად ვიქნები-მეთქი. ჰოდა მზად ყოფნა როგორ გესმისო. არა ესე არ უთქვამს, ღმერთთან ლაპარაკი სად შემიძლია, უბრალოდ თავში მე თვითონ დამარტყა რას ვგულისხმობ-მეთქი. ჰოდა აი ბოლო მომენტში გაცინებას რო შევძლებ და არაფერს არ ვინანებ, მაშინ ვიქნები-მეთქი მზად. ჰოდა უფრო მაგრად დამიარა ჟრუანტელმა, თვალები დავხუჭე და მოკლედ რელიგიურ ექსტაზში ვიყავი გადაშვებული თავფეხიანად და უცბად არ ვიცი საიდან, ვიღაცა მეძგერა. გაქანებული ნევროზი მქონდა, ეგღა მეკლდა, არიქა მე ვთქვი ეგ არის და ღვთისშმობელი გადმოვიდა ხატიდან უნდა მომისამძიმროს მამის გარდაცვალება-მეთქი (რა ვქნა ვერ ვეშვები ხუმრობას), ჰოდა რა ღვთისმშობელი რის ღვთისმშობელი, ვიღაც თავშალშემოხვეული ქალი დამხვდა წინ და კიოდა: ”როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, როგორ არ გრცხვენია. შენ იცი სად ხარ? ღმერთის როგორ არ გეშინია…” ჰოდა ვიფიქრე უნებურად რამე ხო არ ვიხუმრე და მაგიტო ხო არ მეჩხუბება-მეთქი და ვკითხე რა დავაშავე ქალბატონო ასეთი-მეთქი. ამაზე უფრო გადაირია ის დალოცვილი თითქოს პირდაპირ ეკლესიაში ჟიმაობა შემეთავაზებინოს, ამოალაგა ხმის იოგები ზემოთ და ნახევარი წლის ნახველი ამოიღო რამის ფილტვებიდან, ”სათვალე, სათვალე მოიხსენი უწმინდურო.” ჰოდა ესე გამოვვარდი რა და იმის მერე ეკლესიას სულ შიშით ვუვლი გვერდს, სუ მგონია, რომ შევალ თუ არა, ის ქალი ისევ დამეტაკება უწმინდუროს ძახილით.

    ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ… რომ არ ვიყავი მზად, ვგრძნობდი. რა ვიცი აბა, ვერ გავიღიმებდი, სულ არ მეღიმებოდა, ჰოდა რაღაცნაირად შემერყა რა… აი ის შემერყა, რწმენას თუ რაღაცას რო ეძახიან. მე ერთი უბრალო ფინანსისტი კაცი ვარ. ჯოშუასგან განსხვავებით, არც მწერალი ვარ და არც ტერი დევისივით ვოცნებობ მილიარდის მოხსნაზე. ჩემთვის ვარ რა, ერთი ეგაა, ღმერთზე ვხუმრობ ხოლმე, მეტი არაფერი, ისიც იმიტომ კი არა, რომ არ მწამს, ან ვამცირებ, უბრალოდ სხვანაირად ხუმრობა არ გამომდის და თან რაღაცნაირად ჩემთვის ეგ ცნება იმდენად დიდი და ამოუცნობია, რომ სხვანაირად არ შემიძლია რა. ფინანსისტი ვარ, ალბათ ამის ბრალია. უნდა ვიანგარიშო, რამე კონკრეტულ ჯამამდე უნდა მივიდე, ჰოდა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. ღმერთზე რომ მელაპარაკებოდნენ, ვერ მივდიოდი რამე კონკრეტულ ხელშესახებ პასუხამდე. ყოველთვის აბსტრაქტული იყო რა. ჰოდა სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა მეხუმრა. ხო ხვდებით არა. ხოდა ამ თქვენ ღმერთს კიდევ სულ არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა. ადგა და ამკიდა ფილტვის კიბო. არადა მე კიდე მაგრად მჯეროდა, რომ მაშინ წამიყვანდა, როცა მზად ვიქნებოდი. რა აზრი აქვს წუწუნს.
    ესე გავაფილოსოფოსე რა. ალბათ რო ზიხარ და ელოდები სიკვდილს, სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. პიზდეცში მიდის ტვინი. ჰოდა უცბად მივხვდი, რო ყველაფერი ისე უნდა გამეგრძელებინა, ვითომ არაფერი, ფილოსოფიასაც უნდა შევშვებოდი და იმასაც, რა მოხდებოდა, რომ… არაფერი არ მოხდებოდა, ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, როგორც არის. ალბათ. მესმის რო სისულელეა და ესე არ არის, მაგრამ ეხლა გვიანია იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, რომ… ჰოდა იმას ვამბობდი, მივხვდი-მეთქი, რო ეს ორი თვე შეიძლებოდა გამომეყენებინა მოსამზადებლად და ბოლო მომენტში იქნებ მომეხერხებინა გაღიმება, ჰოდა დავიწყე ფიქრი, ოღონდ არაფილოსოფიურად. ისე უბრალოდ, ჩემთვის, თან იმის შეგრძნება არ მტოვებდა, თითქოს ეს ყველაფერი მე კი არა, ვინმე ჩემთვის კარგად ნაცნობ ტიპს შემთხვეოდა.
    ჰოდა ერთი დილაცაა და ხველამ გამაღვიძა. ჰოდა სისუსტე ვიგრძენი და საწოლიდან ვეღარ წამოვწიე წელი. კედისაც გაეღვიძა. რა იყო, ცუდად ხარო? ჰო-მეთქი. თვალებში შევატყე შეეშინდა. მკერდზე თავი დამადო და გაიტრუნა. მგონი გულისცემას უსმენდა.
    – გეშინია? – ისე ვკითხე, უბრალოდ.
    – ……………….. – დუმილი.
    – კედ, რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მგონი ჯობს, რომ მე ძველ ბინაში გადავიდე საცხოვრებლად. მაინც ერთი თვეც აღარ დარჩა. – არადა მოვატყუე, იმ წამს მომივიდა თავში ეს იდეა. ნეტა რატო მოვატყუე, ალბათ იმიტომ რომ შემეცოდა.
    – ………………… – დუმილი.
    – ჰო, კედ ასე ჯობს. რა საჭიროა ამას უყურო?! ტყუილად დაიტანჯები. მე ამ ამბავს მტკივნეულად მაინც არ განვიცდი.
    ჰოდა დამთავრებული არ მქონდა სიტყვები, რომ ჯერ ორი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ კიდევ მკერდზე მომეკრა და… და დამასველა ცრემლებით. მე თავზე ვეფერებოდი.
    მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადავედი ჩემს ძველ ბინაში და მეტი დროც მქონდა მოვმზადებულიყავი ბოლო მომენტისთვის. გადავწყვიტე ფარხმალი არ დამეყარა და თუ ღმერთმა არ შეასრულა პირობა, მე შემესრულებინა. აი ნახე ღმერთო როგორი სიტყვის კაცი ვარ-მეთქი. და დავიწყე და რა დავიწყე.
    ჩემი გაუჩინარება კედიმ მივლინებით ახსნა, სამსახურში კი კუთვნილი შვებულება გამოვიყენე. კედი დღეში სამჯერ მოდიოდა, მოქონდა საჭმელი, პრესა, რომელსაც რატომღაც ინტერესით ვეცნობოდი, კიდევ რაღაც რაღაცეები. ტელეფონი გამორთული მქონდა. თან ახალი ამბები მოჰქონდა ტერიზე, ჯოშუაზე და ვიღაც ვიღაცეებზე. მოკლედ დრო გარბოდა და გადამწყვეტი საათიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ფილტვებში წვა მატულობდა, ხველაც, კიდევ სისუსტეც. ჰოდა მე კიდევ ვამზადებდი თავს. და აი…

    7

    გიომ ერთ დილით თავი მზად იგრძნო. სიხარულისგან საწოლში ხტუნვა დაიწყო. თვალები ზეშთაგონებით აღაპყრო ზეცად და თქვა; ”მზად ვარ, წამიყვანე უფალო”. წაყვანის რა მოგახსენოთ და ტელეფონი აწკრიალდა. დახედა, კედი ურეკავდა. უპასუხა. კედი შეშლილივით იყო, თან იცინოდა თან ტიროდა და…
    – გიო გიო, არ ყოფილა კიბო, ეს არ ყოფილა კიბო.
    – რა არ ყოფილა გამაგებინე, დალაგდი ცოტა.
    – გიო, ეხლა ექიმმა დამირეკა, გიკითხა, მე ვუთხარი მივლინებაშია-მეთქი. ჰოდა მითხრა, რომ შეგვეშალა, ანალიზის პასუხი შეგვეშალა, თქვენს მეუღლეს უბრალო ფილტვების ანთება აქვს, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ბევრი დრო დავკარგეთო. გესმის გიო? შენ არ მოკვდები გიო, შენ იცოცხლებ…
    ფილტვგამომპალმა ფინანსისტმა ტელეფონი დაახეთქა იატაკზე და აღრიალდა. ღმერთოოოო, შე ყველაზე იდიოტო ხუმარა. რამდენი მაწვალე და სულ ტყუილად? ჰა? ღრიალებდა. გაცოფდა. მერე დაწყნარდა. მერე ახარხარდა. მერე ძველი სამართებელი აიღო, ცივად შევიდა აბაზანაში, თბილი წყლით გაავსო და სამართებლიანად ჩაწვა შიგნით…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ზღვის გაუჩინარება

    დღე პირველი

    როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.

    დღე მეორე ან მერამდენიღაცე

    ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.

    დღე მესამე ან მერამდენიღაცე

    კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.

    დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე

    ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.

    დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე

    ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.

    დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე

    რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.

    დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე

    დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით… რემონტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა

    – შენი დედის დუმები… – დაიღრიალა “კაპოტში” წელამდე ჩამძვრალმა მურთაზამ. არადა გიორგი ქვია ამ ჩემისას და მურთაზას რატომ ეძახიან არ ვიცი. ყოველთვის ტაოტით არის მოთხვრილი, წელზევით 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შიშველია, ოღონდ ამას რომ მიხვდე, რამდენჯერმე უნდა ნახო. ისეთი დაბანჯგვლულია გეგონება ჯემპრი აცვიაო. ერთხელ თუ შეცდი და მურთაზასთან მოიყვანე მანქანა გასაკეთებლად, მერე სხვასთან ვეღარ წახვალ. ესეა რა. მართლა ესეა. წახვალ სხვაგან და “რული” მაინც მაგის “პროფილაქტიკისკენ” გაგექცევა. ესეა და მომკალი თუ გინდა. თავი ამოწია და მეუბნება:
    – როგორ “საპოჟნიკივით” ვიგინები არა?
    პასუხად მხოლოდ გავიცინე. აბა რა უნდა მეთქვა. ბავშვობაში მიმქონდა ხოლმე ფეხსაცმელები გასაკეთებლად (“გაჭირვების წლებში”). ჰოდა ის კაცი კიდევ მუნჯი იყო და არც იგინებოდა, არც ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და საქმეს რომ მორჩებოდა, თითებით მარტო თანხას მაჩვენებდა. ერთი ხის “ბუტკა” ჰქონდა და იქ იჯდა სულ, ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე შაბათ კვირის გარდა. კედელზე მარტო სტალინის სურათი, 1950-ში გაცემული სერტიფიკატი თუ ლიცენზია და საბრინას დიდი პლაკატი ეკიდა. ეგ იყო და ეგ. 14-ის რომ გავხდი მაშინ მოკვდა და იმის მერე აღარც “საპოჟნიკი” მინახავს და ფეხსაცმლის ლანჩიც პირს აუშვებს თუ არა ზურიკოსთან მივარბენინებ.
    ზურიკო კიდე პატარა ინვალიდი ბიჭია. დამინახავს თუ არა, რაც არ უნდა შორს იყოს, დამეწევა და მეტყვის: “გამარჯობა ვახო”. ჰოდა სანამ გამარჯობასვე არ დაუბრუნებ, ჩაიხვევს და აღარ მოგშორდება. საწყალს, ეტყობა ჰგონია, რომ ვერ გესმის, არც მოგეშვება სანამ არ უპასუხებ, “გამარჯობა ზურიკო”. მერე გაწითლდება და აუცილებლად გთხოვს ძველ ფეხსაცმელს, ჰოდა თუ ძალიან შია, კიდევ უფრო გაწითლდება და ხურდასაც გთხოვს. მოკლედ, ჩემი შელახული და ხანდახან უბრალოდ მობეზრებული ფეხსაცმელების უმრავლესობას მერე ზურიკო უთავებს ხელს.
    – აჰა, ვსო, ამის მერე შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! – მითხრა მურთაზამ და ტრადიციისამებრ ტილოთი შეიწმინდა ხელები. თან კმაყოფილი სახით დაეპატრონა ჩემს უკანასკნელ 50 ლარიანს და მორიგ მანქანაში ჩაძვრა თავფეხიანად. მურთაზა იმ ქალის საყვარელია, 15 წლის ასაკში რომ “გამრყვნა”. ეხლაც არ მესმის ამასთან როგორ წვება, მაგრამ ის მიმტკიცებდა, ჩემთან რომ მოდის, არც ტაოტიანია და არც ბენზინის სუნად ყარსო. მომკალი და არ მჯერა, მაგრამ გინდაც დავიჯერო, ბანჯგვლებს რაღას უზამ? მაინც არ მესმის ქალების და რა ვქნა. ჰოდა მურთაზა ყოველთვის იმას ყვება ყველა კლიენტთან ვინ, სად და როგორ გაჟიმა. თან ისე ხატოვნად ყვება, წერა რომ იცოდეს, ალბათ პორნოლიტერატურის მეფედ აღიარებდნენ. არადა მე ზუსტად ვიცი, რომ მურთაზას ძალიან პატარა პენისი აქვს და მარტო ორ ქალთან წევს – ცოლთან და საყვარელთან. ეს ორიც ძალიან ძვირი უჯდება, პრაქტიკულად მთელი ქალაქის მანქანების შეკეთება. ზატო ფანტაზია აქვს, შეგშურდება. კაცების უმრავლესობა ესეა, რაც უფრო პატარა აბია და რაც უფრო ცოტასთან წევს, მით უფრო მეტი აქვს “მოსაყოლი”. საქართველოა რა. სად გაექცევი. ისე მგონია ხოლმე ქართველებმა “კარგი სუფრა” და “სტუმარ-მასპინძლობა” მარტო იმიტომ ვიცით, რომ ღვინოში ჩაძირულებმა საკუთარი ნაკლოვანებები დავივიწყოთ და რამდენიმე საათით მაინც დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაზე მაგრები ვართ.

    ჰო, ნუ რაც არ უნდა იყოს, მე ალბათ ვერასოდეს მივხვდები იმ დღეს რატომ გადავუხვიე იმ ქუჩაზე, სადაც 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში, წვიმიან და ქარიან ღამეს, 40 წლის კარგად შენახულმა ქალმა ვაჟიშვილობა წამართვა. მგონი უბრალოდ “რული” გამექცა. რა მინდოდა მურთაზას საყვარელთან? ან რა საქმე მქონდა? აბა მე რა ვიცი.
    მაშინდელივით დავრეკე ზარი და მაშინდელივითი სააბაზანო ხალათში ჩაცმულმა ქალმა გამიღო კარი. განსხვავება ის იყო, რომ ის უკვე 49-ის იყო, მე კი – 24-ის. კიდევ ის, რომ მას საერთოდ აღარ სურდა ჟიმაობა, მე კი არც მაშინ მივსულვარ მაგ მიზნით და არც ახლა. მოკლედ გააღო და მკითხა:
    – რისთვის მოხვედი?
    – შემომიშვებ?
    საპასუხოდ ხალათი გაიხსნა. მაშინაც ესე ქნა, ოღონდ მაშინ მე დაბნეული ვიდექი და არ მითხოვია შემომიშვი-მეთქი, თვითონ დამითრია. შევედი.
    – შეიკარი რა.
    – რატომ აღარ მოგწონს ჩემი ტანი? ძუძუები მომეფლაშა ხო?
    – შეიკარი! – ახლა უკვე მკაცრად ვუთხარი. შეიკრა. რო ეკითხა რა გინდაო, არ ვიცი რას ვუპასუხებდი. არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ მივედი.
    – ყავას დალევ?
    – კი – მოკლედ ვუპასუხე. დაადგა ჩაიდანი. მე არ გავყევი სამზარეულოში.
    – ნინ, მურთაზი მოვა? – ზუსტად ისე გავძახე როგორც ცხრა წლის წინ, როცა შემიყვარდა და როცა მეგონა, რომ შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა.
    – არა, აღარასოდეს აღარ მოვა.
    გავშრი. ეხლა მივხვდი რატომაც იყო ასე.
    – ნინ!
    – ჰო!
    – კარგი არაფერი.
    – გინდა? – ისევ გაიხსნა ხალათი.
    – არა ნინ, აღარ მინდა.
    – მაშინ გინდოდა – მითხრა და ცრემლები წასკდა.
    – ნინ, ეგ 9 წლის წინ იყო – იდიოტობა ვთქვი, მაშინვე მივხვდი. აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში ჩაიდანი კიოდა. მე სკამზე ვიჯექი ძველ, გახუნებულ, მრგვალ მაგიდასთან, ის კიდევ იატაკზე ჩახვეტილიყო, სახე ხელებში ჩაემალა და უხმოდ ტიროდა. მე კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც. მაგრამ არ შემეძლო. გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ წავედი. ალბათ “რული” მურთაზას “პროფილაქტიკისკენ” გამექცეოდა და ალბათ მაგიტოც ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ გაფუჭდა.
    არადა მისთვის მინდოდა მეთქვა: “ნინ, შენ არ იყავი ბოზი, არც ეხლა ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. შენ უბრალოდ მართლა გიყვარდა ყველა ვისთანაც იყავი. შენ მეც გიყვარდი და მურთაზას მარტო იმიტომ უწვებოდი, რომ ჩემთვის მერე რაღაცეები გეყიდა, კიდევ იმიტომ, რომ სკოლას რო ვაცდენდი, შენთან მოვსულიყავი და შენ სითბო, საჭმელი და დასალევი დაგეხვედრებინა. კიდევ იმიტომ, რომ ყოველ დილა ჩემთვის სიგარეტის ფული მოგეცა, რომ სხვებივით ბუჩქის ძირას ჭაჭის არაყი კი არა “ნემიროვი” დამელია, თანაც შენტან სახლში. კიდევ იმიტომ, რომ დაბადების დღეზე სხვებივით მეგობრებისთვის ჭიქები კი არა, ის მიმეტანა, რაც მართლა გულით უნდოდათ. ჰო ნინ, ესე იყო, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჰოდა ნინ, დღეს მურთაზა ჩემს მანქანას რომ აკეთებდა, მიყვებოდა როგორ გჟიმავდა, მიყვებოდა ნინ და ის არ იცოდა, რომ მის პატარა პენისზე ჩვენ 9 წლის წინ ვღადაობდით. ჰოდა ნინ, მე მინდოდა რო მურთაზა მომეკლა. ნინ, შენ ბოზი არ ხარ, არც ყოფილხარ არასოდეს. უბრალოდ ეს ბოზები შენ გეძახდნენ მეძავს. ვინ უფრო დიდი ბოზია ნინ, მურთაზა თუ შენ? იმას ცოლი ყავდა და შენთან დადიოდა, შენ კიდევ არავინ არ გყავდა, სულ არავინ და მარტო იმიტომ ხარ ბოზი, რომ სხვებივით გშიოდა და გციოდა? ნინ, არ იყო რა ცუდად. მე მართლა მიყვარდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო…”
    მერე მე მურთაზასთან მაინც გამექცა “რული”. ხელიც გამექცა და ორი კვირა იწვა რეანიმაციაში, თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, თუ როგორცაა. მერე ყველას ეგონა რო იმიტომ ვცემე, რო მანქანა არ გამიკეთა კარგად. თვითონაც ესე ეგონა. მერე მკითხა კიდეც სასამართლოში: “კარგი ჰო, მანქანა სპეციალურად გაგიკეთე ცუდად, რო მალე გაფუჭებულიყო და ისევ ჩემთან მოსულიყავი, მაგრამ მაგის გამო მოსაკლავად გამიმეტეო?” რა უნდა მეთქვა, რას გაიგებდა, მურთაზა იყო რა, ბანჯგვლიანი, ტაოტიანი და ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ლოგინშიც ბენზინის სუნად ყარდა. ან რა მაგის ბრალია რო ესეთია. მაშინ, ნინს რო ვასაფლავებდი მარტოდმარტო, მაშინ მაინც რო მოსულიყო და ერთი ცრემლი გადმოეგდო, არაფერს ვეტყოდი, ზუსტად ვიცი, არაფერს. ისიც ვიცი რო უაზრობა იყო მაგის ცემაც, მურთაზაა რა, მაინც ვერ გაიგებს, მურთაზად მოკვდება!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ეგზისტენციალური მეტამორფოზები

    სისულელეების ლაპარაკზე დროს არ ვხარჯავო, გავიცანი თუ არა მაშინვე ეს თქვა. ყოველშემთხვევაში იმ საღამოს მიწისქვეშა გადასასვლელიდან პირდაპირ მამაჩემის ორ სართულიან აპარტამენტებში რომ მივიჩქაროდით, მასთან ლაპარაკისას მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. მე მაკლერი ვიყავი იმ დროს, ეხლაც ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ალბათ შვილი თუ ოდესმე მეყოლება, სტანდარტულ ბიოგრაფიაში დაწერს – მამა: მოსამსახურე, და თუ დედა ეყოლება, ისიც სავარაუდოდ ასე ჩაიწერება – დედა: დიასახლისი. რაში მაინტერესებს ახლა ჩემი შვილის ბიოგრაფია, სულ ფეხებზე არ მკიდია? მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დღემდე მიაჩნია რომ დავალებულია ჩემგან, რაკიღა თვითმკვლელობა გადავაფიქრებინე, მთხოვა ნათელი მომეფინა კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უკანასკნელი ყველაზე უცნაური მოვლენისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ზოგი ცხვირის, ზოგი თვალის, ზოგი ხელის, ზოგიც სასქესო ორგანოს გარეშე. ეს იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი, უცნაური და ამოუხსნელი კატასტროფა, რომელიც დღემდე ვერ აუხსნიათ ფართო მასებისთვის, ის კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც პიკეტირებენ უცხვიროდ, უხელოდ, უთვალოდ და ვინ მოთვლის კიდევ სხეულის რომელი ნაწილის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ეგ კი არა, რომელიღაც ქვეყანაში რევოლუციაც მოუწყეს მთავრობას გინდა თუ არა პლასტიკური ოპერაციის ფული დაგვირიგეთო. ბოდიშს გიხდით თუ ოდნავ არეულად ვლაპარაკობ, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პირველად ხდება ნაწერში რაღაცის დალაგებით მოყოლა რომ გადავწყვიტე.
    მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძალიან მთვრალი, დაღლილი და გასაცოდავებული, ერთ ჩემნაირს გადავაწყდი მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელმაც ჯვარედინი შარდვისას გამიმხილა სახლი არ მაქვსო. სად მქონდა ტვინი, ჰოდა წავიყვანე სახლში, ჩემთან. კიდევ კარგი მამაჩემს არასოდეს შეპარვია ჩემს ორიენტაციაში ეჭვი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, დილით ოთახში ნაბახუსევი, თმაგაბურძგნული და არც თუ ისე სასიამოვნო სუნის მქონე მამაკაცი რომ დაინახა. მოკლედ, მეორე დღესაც ჩემთან დავტოვე, ისე მქვიაო მითხრა, ზრდილობის გამო ვკითხე, თორემ რა ტრაკში შავ ქვად ვიჩრიდი მაგის სახელს. ჰოდა საღამოს კიდევ დასალევად რომ ჩავსხედით, ატყდა მე ღმერთი ვარო. ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. არადა არ უნდა ყოფილიყო ძალიან მთვრალი, მაგრამ რას გაიგებ, ზოგს ერთი ჭიქა ჰყოფნის, ზოგს ერთი ბოთლიც არა. ვიფიქრე სუსტი პარტნიორი შემხვდა-მეთქი, მაგრამ დაეჭვება რომ შემატყო, მითხრა: აი ნახე, მე იმდენად შემაწუხა თქვენმა წუწუნმა გადავწყვიტე დილიდან ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, სხეულის ნებისმიერი ნაწილი უმტკივნეულოდ და ძალიან მარტივად მოიხსნას და მის ნაცვლად სხვა დაიყენოს, ანდა სულაც ითხოვოს მეგობრისგან როგორც ტანსაცმელი. რატომღაც, ამდენი ხანია ადამიანებს თავი ჩემზე ჭკვიანი ჰგონიათ, ჰოდა აჰა, ვაძლევ იმას, რაც უნდათ, იქნებ მაშინ მაინც სცენ პატივი ჩემს გადაწყვეტილებებსო. მე არ შევიმჩნიე, ეხლა მთვრალი კაცი რას არ იტყვის, არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა უგონოდ რომ დავმთვრალვარ და მაგალითად, ბანკეტზე ისტორიის 84 წლის მასწავლებელს სიყვარულიც ავუხსენი, მკერდის ზომაც შევუქე და აბაზანაშიც ვუპირებდი წაყვანას, მაგრამ ვიღაც მადლიანმა კლასელმა, თავზე ბოთლი გადამამტვრია და გადავრჩით, მეც და ჩემი ისტორიის მასწავლებელიც. მოკლედ რაც არ უნდა უცნაურად მომჩვენებოდა ეს ამბავი, და რისთვისაც არ უნდა დამებრალებინა, ფაქტი იყო, რომ დილით ერთი ჩემი მეგობარი მომადგა და სიამაყით მიჩვენა თავისი ახალი ცხვირი.
    მართლა ვამბობ, არაფერი მიფიქრია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს უცნობ სტუმარს აღარასოდეს გაუმეორებია ღმერთი ვარო, სმაც აკრძალა და ვიყავით ასე, მარიხუანას ვაბოლებდით შიგადაშიგ. მოკლედ ვუსაქმურობდით. კუთვნილი შვებულების გამოყენების არც თუ ისე სახარბიელო ვარიანტი იყო, მაგრამ ასე მოხდა და სიმართლე ვთქვა მსიამოვნებდა კიდეც ჩემს ოთახში უცნობ კაცთან ერთად ჯდომა და შიგადაშიგ ცხვირ, თვალ, ხელ და ფეხ გამოცვლილი ხალხის ყურება. სამყარო შეიშალა, ერთ დილით ლანა ამომადგა, ნახე ჟანას ლურჯი თვალები ვეთხოვეო. ჩემმა მეორე მეგობარმა ვიღაცისგან პენისი ითხოვა. მოკლედ გადარეული დარბოდა ხალხი, მეც ვცადე ერთხელ, გამოვტყდები და ცხვირი მოვიხსენი, მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო, საერთოდ უმტკივნეულო იყო, დაახლოვებით ისეთი, დიდი ხნის ხმარების შემდეგ ბეჭედს რომ წაიძრობ ხელიდან. მოკლედ ფაქტი იყო და აღარაფერი ეშველებოდა, ყველაფრის მოხსნა და დაყენება შეგეძლო სხეულზე ისე, როგორც გინდოდა. სამი დღის შემდეგ ხმა გავარდა, მეორადი ორგანოების ბაზრობა გაიხსნაო. გაჭირვებულ ხალხს ეშველა, მიდიოდნენ და აბარებდნენ ცხვირს, თითს, თვალს, ყველაზე ძვირად მამაკაცის დიდი სასქესო ორგანოები ფასობდა თურმე. ჩემი გაჭირვებული მეზობლების ერთმა ხუთკაციანმა ოჯახმა ორი ხელი დაიტოვა ხუთ კაცზე, დანარჩენი კი გაყიდა. ორი ხელიც გვყოფნისო, მიმტკიცებდა რობერტა ძია. ერთ დილით ჯორჯიც ამომადგა და თითები მათხოვეო მთხოვა. ვიღაც ტრაკშიპეროგარჭმულ გოგოს ხვდებოდა თურმე და იმას კიდე გართულება ჰქონია ლამაზ თითებზე. ერთადერთი რამ მება ლამაზი – თითები იყო, აბა მაგას როგორ ვათხოვებდი, მგონი საშვილიშვილოდ ვაწყენინე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერანაირად ჩავებმებოდი ამ სიგიჟეში.
    და მაინც, ყველაზე ძალიან ტატო შემეცოდა. ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. საკუთარი მაღალრეიტინგული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ჰქონდა და ამბობდნენ, კარგი ხელი აქვსო. ერთ დღეს ეს ყველასგან დაფასებული და წარმატებული ქირურგი ამომადგა, ხელში საკუთარ ყურს ათამაშებდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა. დავიღუპე, რაღა მეშველება, ხალხი ისე იცვლის ორგანოებს, რაღა საჭირო ვარო მე. გადავწყვიტე თავი უნდა მოვიკლა, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებასო. საცოდავი შესახედავი იყო. არც მენახა ასეთ მდგომარეობაში. ის კი არა, მაშინაც არ ყოფილა ასეთი საცოდავი, თავის ცოლს რომელიღაც დანასისხლად გადაკიდებულ კოლეგა ქირურგთან რომ შეასწრო, რომელიღაც კონფერენციიდან მოულოდნელად ნაადრევად ჩამოსულმა. მე და ჩემმა ახალმა მეგობარმა ძვლივს გადავაფიქრებინეთ. გარდა ამისა, იმ ყოჩაღმა, ვისზეც სამართლიანად ვფიქრობდი ამ ყველაფრის თავი და თავი უნდა ყოფილიყო, რჩევებიც მისცა, ერთი კვირა მოიცადე, რაც შეიძლება მეტი ორგანო იყიდე და ცოტა ხანში ათასჯერ მეტად წარმატებული იქნები, ვიდრე აქამდე იყავიო. მოკლედ, რატომღაც დაგვიჯერა, შეიძლება იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ ეხალისებოდა თავისი გაძაღლებული ცხოვრების დათმობა. ყური თავის ადგილას დაიყენა და თვალის ტრიალს მოჰყვა თითებში, ისე წავიდა. მოკლედ, ერთი კვირა გაგრძელდა სადღაც ეს სიგიჟე და ბოლოს იმ მართლა ღმერთს თუ ღმერთობის კანდიდატს მობეზრდა ეს ყველაფერი და ჰაშიშისგან გაგუდულმა მითხრა, ხვალ ამ ყველაფერს დავამთავრებ და წავალო.
    გული არ დამწყვეტია, დილით მართლა ამომადგა ატირებული ჟანა, ლანას ჩემი ლურჯი თვალები ვათხოვე ერთი კვირის წინ და ვეღარ იხსნის რო დამიბრუნოსო. ერთი ჩემი მეგობარი გახარებული მიყვებოდა როგორ ითხოვა ვიღაცისგან 22 სანტიმეტრიანი პენისი და როგორ ვეღარ უბრუნებდა. სამაგიეროდ ქალაქში გაჩნდა უცხვირო, უთვალო, უხელო, უფეხო ადამიანების არმია, ზოგსაც აშკარად სხვისი ჰქონდა ყველაფერი. ერთი კაცი შემხვდა, საერთოდაც ზანგის ხელები ეყენა. დილით ის ჩემი ახალი მეგობარი საწოლში ვეღარ ვიპოვე, ბარათი დაეტოვებინა. ნამდვილად პირადი იყო და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მის შინაარსს, მაგრამ ხელმოწერის ნაცვლად ეწერა: ”მარად შენი ღმერთი”. ასე იყო ეს ამბავი. მეორადი ორგანოების ბაზრობა დაიხურა, ტატო კი იმაზე ბევრად მდიდარი იყო, ვიდრე უწინ. მე კვლავ ძველი საქმიანობა განვაგრძე და ძალიან მსიამოვნებდა, როცა ჩემი ახურებული უფროსის ორ განახევრებულ ძუძუს ვუყურებდი. დისთვის უთხოვებია და შერჩა ასე. სამი ზომით პატარები. მართალია უფრო გაანჩხლებული იყო, მაგრამ მე მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან იმით მაინც ვაჯობე, ყველაფერი საკუთარი რომ მება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    მაკა მიქელაძე – ერთი მოთხრობა ორ რთულ სიმღერაზე

    – “თქვენი ცხოვრების კონცერტი დასასრულს მიუახლოვდა” – კომპიუტერული ტომოგრაფიდან ნარნარად გამოსლიკინებულმა ფურცელმა მაუწყა.
    – ცუდია. – ვიფიქრე. მეტსაც ვიტყვი – მიიშვეელეეთ!
    – ვერაო – ფურცელმა – ვეღარც კაცი და ვეღარც ღმერთი ვეღარაფერს გიშველისო.
    მტანჯველი, არაფრისმომცემი მკურნალობა გამოვტოვე. ასე გადავწყვიტე. მარტო მსურდა ყოფნა და ფულიც მქონდა.
    რეალობას ევროპაში გავექეცი.
    ავიწყვიტე.
    გავირუჯე. ექიმმა გამაფრთხილა მზეს მოერიდე, სიმსივნეს არ შვენისო. ჩემთვის რომ გეკითხა, სიმსივნე არ მშვენოდა, ნარუჯი კი მომიხდა.
    ვერ ვიტყვი, რომ სასიყვარულო ენერგოხარჯი ავწყი სააფთიაქო სასწორით. ერთ სიცოცხლით სავსე, ატკარცალებულ ტაკუცუნა გოგოცუნას გადავეყარე. არც მას დაუწყია ლავღამის შემდეგ “აქანა დავდგავ შიფანერკას” და არც მე მივაგლახია “რა უდროოდ ვკვდები”. სასიყვარულეთი საზაფხულო “ლაით” ურთიერთობებად მოვახაზირეთ და ორივე კმაყოფილი დავრჩით.
    ჩემთვის იყო ძნელი, სხეულის გამკივანი ჯანმრთელობით ძუძუს კერტებზეც კი ეწერა, რომ ჩემზე დიდხანს, დიდხანს, დიდხანს… დავშორდით მალე.
    ვსვი და მივირთვი საუკეთესო. აბა რას უშლის ფილტვის ან თავის ახალწარმონაქმნი კუჭის უცხო ხილით ამოვსებას?! დავლაშქრე რესტორნები: ჩინურიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ფრანგულიც. რა დამაკლდა და რა შემემატა ვერ გავიგე. იფ-იფ-იფ და თითებს ჩაიკვნეტ.
    კიდეც დავლიე… და წავიდა, და მაგარი და, ჭრის და ავიჭერით, და ხურავს და დაგლიჯა, თავი ამხსნა და თავი ამხადა სასმელები ჩავცალე… ჰერი და ლოთობა ღამის, გარიჟრაჟის, ნასამხრევის, თბილი ქვიშის, ბაღის სკამის, შადრევანის, პარაპეტის, ძველი ძეგლის პედესტალის, უცხოებში, ახალ ნაცნობებში. ჯგროდ და კენტად. თავი გავიგიჟე და დავივიწყე. მაგრად გავიზაფხულე და… რა მერე?!
    არა, გართობა არ დავიკელი, არც რა სიამე… უნამუსოებიც შემოვიარე, არომათერაპიასაც კი არ შევუშინდი, წყლის თხილამურსაც არა უშავდა, პარაშუტებსაც… ზღვა სიცოცხლითაც ისე სავსეა, როგორც სიკვდილით. ცხელი ქვები რომ შემაწყო ზურგზე ვინმე მაამებლობის დიდოსტატმა, მივხვდი – მივქარავდი. პლაჟზე რა, ნაკლები ქვები ეწყო, თუ მე მელოდა ცივი და გაუმთბარი?!
    მოვიმწვანილე ყველაფერი. სულიც გამახსენდა.
    ცოდვა – გამხელილი… შემთხვევით აღვიდგინე გამოჭმულ თავში, რომ არის სადღაც ეს რაღაც სული. სასულიერო პირი დავინახე, გრძლადშემოსილი, სიცხე-პაპანაქებას და კიპარისთა ხეივანს რომ მიუყვებოდა.
    გავედევნე და მისმა გზამ საყდართან მიმიყვანა.
    გზამ და ხმამ…
    ბგერითი რხევების მიმართ გულგრილი ვერ ვარ. მე ხომ სამყაროს ყურით აღვიქვამ და შურით…
    კაცობრიობასაც კი ჰყავს ნომერ პირველი მტრები (ცვლადი ერთეულია, ხან ვინ, ხან ვინ) ??????????
    ჩემი ნომერ პირველი მტერი, იყო, არის და იქნება ის დათვი თუ სპილო ყურზე რომ დამაბიჯა ფეხი დედის მუცელშივე, ან დაბადებისთანავე.
    ამის სათქმელად მივემართებოდი წმინდა ალაგისკენ. მინდოდა ვინმე ღვთისმოსავი მომეძებნა და მეკითხა: რატომ? რაღა მე? რას მერჩოდა? რა დავუშავე? ვის რა დავუშავე? სპილოს? დათვს? ამდენ ყურში რაღა ჩემი ამოარჩიეს დასახშობად, უკეთესზე ვერაფერზე გაიარეს?! ბოდიშიც არ მოუხდიათ, მინდა გითხრა. დამაბიჯეს და ბასტა.
    მე რომ სიმღერა მცოდნოდა… ასე ადრე და ასე უსახელოდ… რაღა ჩემთვის დაენანა მამაზეციერს…
    საყდრიდან ორღანის ხმა შემომეღვარა, სიჩუმის ხმაც. ცოტა დავმშვიდდი. მაღალ რეგისტრში ჩხუბი გადავიფიქრე და ჩამჭრელი შეკითხვები ნიშნის მოგებით გადავინახე. ვინ რა პასუხი უნდა გამცეს?! გულს კი მოვიფხან.
    საყდარში გრილოდა. ხის, წითლად გალაქულ, კრიალა ძელსკამზე ჩამოვჯექი. მსმენელთა ნელსაცხებლის სუნი კეთილსურნელებაში ჩაიკარგა. ჩემი გაღიზიანებაც გაიბნა მყუდროებაში. ჩუმი ფუსფუსი და მოწიწებული ჩურჩული გულს მოეფონა. ჩავთვლიმე კიდეც…
    მესიზმრა სცენაზე უნდა მემღერა და შეშლილივით დავაჭყიტე თვალი.
    ორღანს ორღანისტი უჯდა. დაკვრას განაგრძობდა.
    მუსიკამ შემძრა. აი ის, რაც მუსიკამ შეძრა, არის ალბათ სული. მან, გატანჯულმა დაისვენა, მე კი თვალსა და ხელს შუა გამოვცოცხლდი. უკეთ რომ ვთქვა – ყურსა და ყურს შუა.
    ორღანს მოხუცი ორღანისტი უჯდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩანდა ხის, წითლად გალაქულ, კრიალა რიკულებს შორის. შემელოტებული თხემი, საყელო და სახელოები თეთრი. გახამებული პერანგი. მრავალსაფეხურიან კლავიატურაზე სწრაფად მოძრავი ჩრდილები. თხელ ხელებს თითქოს ინსტრუმენტი ამოძრავებდა. ჰო, რა, ორღანი თავის ჭკუაზე დაატარებდა ხელებს. მუსიკა მდინარე იყო, ხელები – დასახრჩობად განწირულნი, მის მოდიდებას მისდევდნენ.
    მუსიკოსები მძაგს.
    აი, ეს ორღანისტიც, შემელოტებულ თხემს ბაგირზე ასაძრომად გამზადებული ბავშვივით რომ გადაიგდებს უკან და სიმაღლეს ახედავს, თოხლო კვერცხის მისაღებად გამზადებული ოპერის პრიმადონასავით რომ მოიღერებს ყელს და აატრიალებს თვალებს, მხრებს რომ უცოდინარი ყველაფრისმცოდნესავით აწურავს, დაფასთან გამოძახებულივით და… დაჰკრავს გაოსტატებულ ხელებს ღვთაებრივ ინსტრუმენტს… ეს ორღანისტი, შემელოტებული თხემით მე თხემით ტერფამდე მძულს.
    სმენიანია და იმიტომ.
    უკრავს რა ტიპი, ვითომც არაფერი. ზის რა და უკრავს. ისე, სასხვათაშორისოდ აწვება სატერფულებს და მანუალებს, ღილაკებს, გადამრთველებს, გადმომრთველებს, აწევს, ჩამოწევს, გადაატრიალებს, გადმოატრიალებს და ამ ჩია მუსიკალურის ხელში მილების მთაგრეხილი, ხისა და მეტალის მონსტრი, პნევმატური დაშევინტილაციარებული გიგანტი, ??????? მოჩუქურთმებული, ჭიმებიანი, სიმებიანი, მღერის, გუგუნებს, ბორგავს, აიტალღება, ცხოვრობს, ცოცხლობს, ბობოქრობს, გვრისხავს, გვაშინებს, გვასწავლის, გვაზიარებს, გვაიმედებს, სუნთქავს, გაგწმენდს, გამოგწურავს, გაგასავათებს, ახლით შეგავსებს და მიგატოვებს ისე, რომ არ გკითხულობს რა სიმაღლიდან შეგამუსიკა და შეგეძლო რო?
    ახსოვს ვინმე ამ ქვეყნად ამ ჩია ნიჭიერს, ამ მართლა მაღალმუსიკალურს, ამ… ამ… უხ სმენიანს… ახსოვს ვინმე? მე მაგალითად? ადარდებს რატომ ვერ ვიტან სპილოს ან დათვს ან მუსიკოსებს? გრძნობს კი, რომ მე ის ნიშანში ამოვიღე და პასუხსაც მოვთხოვ!!!
    ორღანისტმა განცვიფრებულმა, შეწუხებულმა გადმომხედა. შევცბი. იქვე მიგდებულ პროსპექტს დავწვდი და ანგარიშმიუცემლად გადავშალე.
    “ორღანი ერთადერთი სასულე-სიმებიანი ინსტრუმენტია”.
    ჰო, ვიცი. ორღანი ადამიანივითაა. ჰაერი თუ არ გაუთბე, ვერ ამღერებ. თუ ამღერდა და დაგაცლის თავზე უმრავლეს ჟამს, აგიტაცებს, აღგაფრთოვანებს, გაგადიდებს, დაგანარცხებს და გაგსრესს, გაგრძნობინებს რომ ჭია ხარ და მატლი, თუ არა და იმას მაინც მიგახვედრებს, რომ ეს ჭია და მატლი ოდესმე შეგჭამს. მერე კი, ყურიანი ქოთანი ხარ Uთუ უყურო, შეგავსებს შენივე განუმეორებელი ერთადერთობით და ღმერთთან ერთობით.
    ასე ვგრძნობდი. რამდენიმე ათასი სასულე მილი ათიოდე სულგანაბულისთვის ლოცულობდა. გადაარეგისტრა მანჟეტებით მომხრჩვალმა ხელებმა რაღაც და დამაჟრუანტელა. ერთ-ორ კაპიტულაციასაც ჩემი სრული კაპიტულაცია მოჰყვა.
    თავდახშული მილებიც თანდათან ჩაჩუმდა.
    მსმენელნი დინჯად და უსიტყვოდ წამოიშალნენ. ვინ გარეთ გავიდა. ვინ საყდარში დარჩა. ჩემს გარდა ყველა იყო გასპეტაკებული. სათქმელი აღარავის ჰქონდა. ყველა კითხვაზე პასუხგაცემულებივით დუმდნენ, მშვიდები. ვიღაც ლოცულობდა, ვიღაც შესაწირს გაიღებდა, ვიღაც ფიქრობდა. სიჩუმე სუსტად ჟღერდა ჯერ კიდევ.
    ორღანისტი დაოსებული იჯდა მერხზე. გამოწურული, დახარჯული, გასავათებული. ხელები მუხლებზე გადაჭიმულ სუტანაზე ეწყო. ხელები მსუბუქები ჩანდნენ, ნაჭერს ნაოჭსაც ვერ ამჩნევდნენ, ბუმბულივით ესვენენ. ქარს ყოველ წამს შეეძლო წაეღო დასაკვრელად.
    მივუახლოვდი. მწამდა, მისი რწმენისგან ქვას ქვაზე აღარ დავტოვებდი.
    – ღვთაებრივია, პადრე! – რამდენად პადრე იყო, არავინ იცის – ღვთაებრივია ბახიც. სიკვდილზე მიდის. ბრავო, მაესტრო! – არც კი ვიცოდი, რამდენად მაესტრო იყო.
    ზღვისფერი, უბოროტო, უზაკვო თვალები გამამხნევებლად შემომაცქერდნენ. თავიც დამიქნია.
    აღარ მივკიბ-მოვკიბე და პირდაპირ მთავარით დავიწყე.
    – აი, ძვირფასო პადრე, მე სმენა არა მაქვს. მისხალი, ნასახი, არანაირი. ტაშტი ვარ – მუსიკის ამბავში.
    ძალიან შეწუხდა. თანაგრძნობით შემომხედა… რამაც გამაცოფა და გამახელა.
    – მე ვკვდები, პადრე. დღეს თუ არა ხვალ გარდავიცვლები, ფა-ფუ! – დავუყვირე თითქმის.
    შეკრთა. მერე ისე გამომხედა, მივხვდი რომ არც ერთი სულიერი არ იყო ჩემზე უკეთეს დღეში. ეს “დღეს თუ არა ხვალ” ვერ გამომივიდა ლამაზად.
    – ტუმორ, ტუმორ! – გადავწყვიტე დაზუსტება. – ერთი-ორი აკორდი და კონცერტიც დასრულებულია.
    თვალზე ცრემლი მოადგა და მერხზე მანიშნა ჩამოჯექიო.
    ხელი ჩავიქნიე. მთავარი ის იყო, რომ მისმენდა.
    დავცხე და დავცხე. სადაც უცხო ენა არ მეყო, ხელები, ფეხები, მიმიკა, ჟესტები და უსმენო ყურების პარტყუნი შემოვიშველიე.
    – საქართველო იცი? ჯორჯია? სოვეტიკუსის. უსა-სი კი არა. აიჰ! მაგ ჯორჯიაში, სმენა თუ არა გაქვს – მკვდარი ხარ, შეიძლება თამამად ითქვას.
    ინტერესით ამომხედა. დამაკვირდა.
    – თუ არ მღერი, სუფრაზე ხარ მუდო, თავყრილობაზე – ყუმი, სიყვარულში – მუნჯი, გლოვაში – გულგასიებული, ცხოვრებაში გარიყული.
    ლაპარაკითაც სიმღერასავით ლაპარაკობენ. მისმინე! მისმენ? მე რომ ვამბობ დოს, შენ უნდა მიპასუხო მი. კაი დედ-მამის შვილი ხარ, დოზე მომისიტყვე რე ან იმის უარესი მეორე ოქტავის დო. ფა დიეზსაც ვერ მოგიწონებ დიდად, მაგრამ ჩემს დოზე მაღალ დოს?! შენ მე თვალში ხომ არ გეპატარავები და არ აგაღებინებ, არასდიდებით!!! ახლა დო-თქო თუ გითხარი წყნარად, სი ბემოლით თუ გამეცი ხმა, მეორე დღეს ქუჩაში გამარჯობას რატომ გეტყვი? აი, შენ, პატიოსანო პადრევ, გასცემ ხმას იმ კაცს დოო, რომ მიუთბილგულებ და სი ბემოლო, რომ დაგაკივლებს?
    გამიღიმა სათნოდ.
    ა, კაცი! იუმორის გრძნობაც ჰქონია. მოსმენაც იცის. დავცხე და დავცხე უფრო გულმოცემულმა.
    – ნაბიჯ-ნააბიჯ მკლავდნენ, პადრე, წვეთ-წვეთად, თუ გინდა ნოტა-ნოტას მიყოლებით ასო-ასო მქნიდნენ. რომ ვკვდები, დამიჯერე მხოლოდ ჩემი უსმენობის ბრალია. დამიჯერე, პადრე, მართალს ვამბობ.
    მთავარი გითხარი და ახლა თანმიმდევრობით, დალაგებულად, ნება-ნება…
    დაწყებითებში კლასელი მიყვარდა. ორი ნაწნავი. წვრილფეხება, ჟილეტში და გულზე მიხუტებული შავი, გრძელი კოლოფით. გამუდმებით სადღაც მიიჩქაროდა. ბიჭებს ზედაც არ უყურებდა. კლარნეტზე დადისო. მე ეს კლარნეტი ბიჭი მეგონა. გავცოფდი კლარნეტი ვიღა მიგდია, ჯერ სახელი ნახე, კლარნეტთან როგორ დადის-თქო.
    ჩვენი დაწუნებული კლარნეტი ინსტრუმენტი რომ აღმოჩნდა მამაჩემს დავადექი.
    – მამი, ან მუსიკას მასწავლი, ან თავს ვიკლავ-თქო.
    გაბრიყვდნენ და მიმიყვანეს “მუზიკალნი” სკოლაში. რავი, უბნის ბიჭებმა, ეს “მუზიკალნი” კლიჩკად კი გამიხადეს… მაგრამ, ეს არ მინაღვლია. გამოამზეურეს იმ სკოლაში ბოროტმოქმედი სპილოც და ბარბაროსი დათვიც, რომლებმაც ბოდიშის მოუხდელად გაისეირნეს ჩემს ჩვილ ყურებზე. არაო, იქაურმა მაესტროებმა, შენგან არაფერი გამოვაო…
    პირველი სიყვარული პირველი მოსმენასავით ჩავაფლავე. ის ორნაწნავიანი ახლა ტელევიზორშიც მღერის, იურმალაზეც… რა გულითადად ვუსმენ და ვუყურებ, თუ ხვდები?
    კიო – დამიქნია თავი.
    ეჰ! შეიძლება ხვდები-თქო, გავიფიქრე და აღარ მითქვამს, ის ხომ იმ ქვეყნიდან არ იყო, სადაც თვალებითაც კი ი-ყურ-ებიან. ბოლომდე მაინც ვერ გამიგებდა, თვალებიდან “ყურ-წყალს” ვერ დაიდენდა, კურცხალს ესე იგი.
    მაინც განვაგრძე, იმიტომ რომ მამაზე მეტად მიყვარდა ამ გასაჭირში.
    მამაჩემმა: არ უნდა და დაიკიდეო! ქალების მეტი რა არისო. დავიჯერე და გულში ჩარჩენილი ჯავრი სასიყვარულო თავგადასავალთა კალაპოტში მივაგდე, მოპარული წყალივით.
    მთავარი იცი რა იყო, სადაც მომღერალ და დამკვრელ ქალს გადავაწყდებოდი, ის ინსტრუმენტი მახსენდებოდა, რომელზეც დაკვრა არც ერთ თავმოყვარე ქართველ კაცს არ უჭირს. არ მახსენდებოდა და თავს მახსენებდა უკითხავად… მომღერლის დანახვისთანავე. იწყებოდაა: საკრავივით ფაქიზი ხართ, ჟღერადობას შეგიმოწმებთ, დამაკვრევინეთ რა, ნუ ერთ ნოტს მაინც არ ამაღებინებთ… შევაშემყვანიურებდი.
    კოცნისას, პადრე, პირს კი აღებენ, მაგრამ ვერ მღერიან, ვერა! ხვდები?
    ერთხელ მთელი კვარტეტი ვიყოლიე, სრული შემადგენლობით. რეტრო-ჟღურტულიკები, ჩიტუნები. ოთხივეს მოვერგე უხმოდ და უსმენოდ. ჯერ ბანს შევუხმატკბილდი, მერე პირველს. ასე მახსოვს… მეორეც მივაყოლე… კინაღამ დავშალე ის ჩიტის ბუდესავით აწყობილი ოთხეული… მარაა… მარა ჩართული ქალი იყოო… იფ, რო ჩაახუჭუჭებდა… ჩართულივით… უჰ! ბოდიში, პადრე, თქვენ ხომ… – მოვეგე გონს.
    ჩემთვის რომ გეკითხა, შეცბა, მაგრამ მომიტევა.
    უხერხულად ავიწურე.
    – მთავარს გეტყვი, აღარ დაგღლი – ვცადე გამოსწორება. – მთავარი ის არის, რომ მშურს. დღესაც მშურს, გუშინაც მშურდა და ხვალაც შემშურდება, როცა ვიღაც მღერის ან უკრავს. რატომ?! რას ქვია რატომ?!
    ძნელი ასახსნელია. ვთქვათ, ზის შენს გვერდით ქალი, შენი საცოლე, დღეს არა ხვალ ქორწილი გაქვთ. ამ დროს, შეიგდებს შენი უახლოესი ძმაკაცი გიტარას მუხლზე და ესაო, ისაო, მარტოსულო ქალბატონოო, ნუ მიხურავო კარებსო… გამოაღეო, ისეო როგორცო ფანჯარაო, გავიხედოთ და შენი იყო, ახლა მისია. როგორია?! ხეედავ! მთავარი კი ეს არ არის, მთავარი წინა გვაქვს…
    სუფრის მერე, ჩვენში კი სუფრა ყოველდღე იციან, ქეიფის მერე და სადაც სუფრა იქაც ქეიფი, შურის და ეჭვის ხიჭვებს, ძლივს ვხსნიდი კრიჭას და კბილებით ვიძრობდი ამოჩემებული აქილევსის ქუსლიდან.
    ერთი მომღერალი, იცი, რისთვის წამოვაგდე სუფრიდან და რისთვის გავუერთიანე თავ-ყბა? წამოიწყო, თავხედურად “ბულბულს – ენა, ვარდს – სინაზე, მოვსტაცე და შეგთავაზე” და თვალებში მიყურებს წარბშეუხრელად. გავიყვანე გვერდზე: – თუ მღერი, ბოლომდე იმღერე შე დამპალო-თქო ვუყვირე. გამოშტერდა, რა გინდაო. – თუ მოსტაცე, როგორ მოსტაცე-თქო. რაო? – დაჭყიტა თვალები. – რა და რანაირად და რა მანქანებით, რა ხერხებით და რა ხრიკებით მოსტაცე, რა უფლებით-თქო, – ვუბრაგუნე და ვუბრაგუნე. – და თუ მოსტაცე ბულბულს ეს ენა, რას მაბოლებ და როდის შემომთავაზე, ან შენ შემომთავაზე და მე არ გამოგართვი, არა? მტყვანის!!! დავანოკაუტე კიდეც…
    მოკლედ გავშლეგდი.
    ასეა რა, კეთილო პადრე, კარგ მომღერალს რომ ვხედავ, კბილები მეფხანება. აი, ხო მღერის… ყრონტი ხო აუდის და ჩაუდის… იცი როგორ ჩავაფრინდებოდი, დავასობდი საკბეჩებსაც და საღეჭებსაც… გამოვგლეჯდი და გამოვუღებდი ყელს, ხმაგამტარს. კარგადაც დავიამებდი, დავისვენებდი.
    თვალები რომ გადამიშუშდა, შეშფოთებით ამომხედა, დაძაბული დამაკვირდა. ცოტა გაზიდან კი ავიღე ფეხი, მაგრამ სიჩქარე ბოლომდე ვერ დავაგდე.
    – ტკივილია, პადრე, ტკივილი, ეს ოხერი შური, გულის გამსიებელი, გულღრძო, დამღრღნელი, დამტკვირავი, დამქუცმაცებელი. გვფრცქვნის, გვბრტყვნის, გვფშხვნის……ისე, პადრე, ბოლო სამი სიტყვა, ქართულად რომ წამომცდა, უბრალო არ გეგონოს. გინესის წიგნში ვართ ამ სიტყვებით შესული, ერთ სიტყვაში უხმოვანო თანხმოვანთა რიცხვით. შურიც, თითქოს ეგეთია, უხმოვანო თანხმოვანთა რიგია, სმენიანის ყურს რომ უსმენოს ხმა გაუხრჭიალებს, ნერვებზე იმაზე მეტად იხემება – ჭშრწრჟხრძღრზ. გფლითავს, ვარვარებს, დუღს, გადმოდუღს, გფუფქავს…… ჩვენში დარჩეს და გზმნის კიდეც. რო ვეღარ უძლებ, სადღაც უნდა დააბანდო.
    ერთ მშვენიერ დღეს, ამომივიდა ყელში, მიტირეთ ყველამ ნოტებზე-თქო, დავიქირავე მუზმასწი, კაი მასტი. მომთმენი.Mმივფულე ლაზათიანად და არ გისწავლებია, ჩემთან გექნება საქმეც თანდავურთე.
    დავაკვდით. ვიყროყინე, ვიყივლე, მივამსგავსე, ნოტა ნოტაზე დავსვი, ავღიღინდი, წავიმღერე. გიტარაზეც მივცხებ ერთი ორს, პიანინოზეც ჩავარიკრიკებ და თუ გაჭირდა დრამებზეც გაგირიტმავ. “ჭრელო პეპელა” “ჟუჟუნა წვიმაში” აღარ ამერევა, ხმასაც კი მოგცემ და ერთ უსმენო ნაშას ტეტ-ა-ტეტ და სანთლის შუქზე მეც შევაბამ, რომანტიული პაპსათი.
    აპაპაპა ხალხში ხმას რა ამომაღებინებს.
    რა რატო ტო?Uუჰ, ბოდიშით.Aახლა მთავარზე…
    იციიი, როგორ მღერიან ჩემს ქვეყანაში?!Eეეე……
    მანდ მომიცადე! შევეცდები აგიხსნა. რაღაც-რუღაცეებს თუ წაგიმღერებ, არ მითხრა, კეთილო პადრე, რომ სმენა არა მაქვს, კარგი?!
    ხმ……ხმ… აი, უსმინე… ხმ… “კაცისა მიყვარს სტუმრობააა, კაცისა არნახულისაოოო…” მე რა?Mმე არაფერი… და სამ ხმაში რო აგუგუნდებიან… გაგიჭრიალებს გულის კარი სასტუმროდ, აბა რას იზამს.Dდაგიიმედდება, გაგამოლოდინებს, არნანახისთვის შეგამზადებს… ჩემისთანა სტუმარზე კი არ გეუბნები რომ ალაყაფდება და ალაყაფთან გაიხიდება…
    ჩემი არ იყოს, ისიც გამონათდა, გამიღიმა.
    Mმოგეწონა, არა?Aაბა ახლა ეს ნახე… “გადი გამოდი გუთანოო, ღირღიტას ბანი უთხაროო”… როგორია? თან ხმებში როგორ იშლება იცი? გუთნისდედის ოფლივით, შუბლიდან საფეთქლებისკენ რომ გაიშლება, ჩიჩახვთან რომ გადაიჯვარება ერთი მეორეზე და სათოხარივით გამომზისგულებულ მკერდზე რომ ისევ გაიბევრგზავებს. რაც უფრო მსუყედ და ღალიანად შეეგებები, უფრო ხალასად ჩაგჭრის გუთნის და სიმღერის პირი, მიწას გრძნობ კი არა, მიწა ხარ ამ დროს. ამობრუნებული ბელტებით ცას შეხედავ, ამოისუნთქებ, სითბოს გამოიღებ…
    ცაზე გამახსენდა. ერთადერთხელ მქონდა ცა ახლოს და ბევრი.
    წარმოიდგინე ავტობუსების ქარავანი მთიან უღელტეხილს შემდგარი. ხმაშეწყობილი, შემღერებული, შეერთსიტყვასაქმებული და შეერთსიტყვაღმერთებული გუნდებით გაძეძგილი. ლოტბარებიან, კულტ-მასავიკებიანად, მძღოლებით და სიმღერმძღოლებით, მივგრიხინებთ და მივღიღინებთ. რიხინ-რიხინში მეც კი ამოვიდგი ხმა. ვაო! ბიჭებმა, ჩხირი კედელსო! შემაქეს თანაკურსელებმა. პოლიტექნიკურებმა, პოლინიჭიერებმა.
    მჭირდა რა, რაღაც მაზოხისტური. მარტო კაი მომღერლებს ვუძმაკაცდებოდი. შურს ვუტკბილდებოდი, ფიალას ფიალაზე ვცლიდი ბალღამისას, ეჭვის სამსალას ეჭვის სამსალას ვაყოლებდი.
    ავაღწიეთ ზემო სოფლებამდე. დაგვადგა თავზე კოშკები, ჩრდილებით. დაღამდა და დაგვეზვინა ზეცის ზარხუფი, გადმოგვამხო ვარსკვლავები და აგვიბრიალა კოცონებად. არაყიც ჩამორიგდა, ხინკალიც და წავიდა… აგუგუნდნენ ჩემი თანამგზავრნი სამრეკლოს ზარებივით…
    “ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეშიიიი, მაგრამ არ დამიკვნესიაააა” ჭაჭებში ჭვალივით გამიჭუილა და ჭრილობიდან კბილთაღრჭენით ამორჭობილი სამსჭვალივით გაიჭრიალა, იარა დაყუჩდა და შვება ჩაიგუბა სისხლივით… გამიკვირდა და ისე აღარ ვიბოღმებოდი. ცა იყო ახლოს.
    იციიი… როგორ მღეროდნეეენ? ეეე…
    “ივლი-დივლი საყვარელოო ლიახვოო და ჩემოო, ლიახვო, დელიავ გოგონააა…” ახლა შენ ეს ლიახვი გოგონა გგონია, ლამაზი ქალი… არა და არა. მდინარეა რა, მდინარე ამაზონს თუ ჰკითხე, ნაკადული. საყვარელოო, გესმის? ჩემოო… კაცოუ! მერე ამ “საყვარელოში” ერთი ბგერა მდინარის ფონივით დაბლდება და მორევივით ღრმავდება, მიხვდი რა! ხმა მდინარესავით მოღვარღვარებს, მდინარეს კი ტკბილად შებერებული, ნაერთგულევი, ნაფერები და სახემოცინარი მეუღლესავით ეღვინიერებიან. ჩემოო, გესმის, საყვარელოო… ადვილია მდინარესავით მოდიდებული სიყვარული მუნჯად გადაყლაპო? არადა, მღერიან და არ მშურს… გეუბნები, ცაა ახლოს.
    განა მარტო მდინარეს… აიმ ღრუბელსაც ეტრფიან ბოროლაზედ რომ დიან… დროც დის და კოცონთა ბრიალში სიმღერა სიმღერაზე იბადება. წავიდა…
    ახლაო ჯვრისწერისაო, დავსხათო მეფე-დედოფლის მხარზე ანგელოსებიო… მარჯვნივ მხარზედაცო… მარცხნივ მხარზედაცო… ახალყოილებს საყდრამდე მიყვნენ.
    მერე “მაღალმა ღმერთმა გვიკურთხა მაგ აკვანში მწოლიარეო”, მისმენ გიკურთხოსო, იმოდენაზე ასძახებენ, ყველაზე მაღალ ღმერთს გააგონებენ, ვიმრავლეთ და მოგვხედეო. ბედნიერებით გაოგნებული თუ გაოგნებით გაბედნიერებული მამა სადღაც ღრუბლებს გაღმაა მოსაძებნი, ჩამოიმღერება, ჩამოსიხარულმშვიდობდება, ჩამოგულშიძეობდება. სანამ პირველი ხმა მამას უსინჯავს პირს, მეორე ძუძუზე ახლადჩვილმოკიდებულს დაუყუჩებს დავიწყებულ და განსაცდელ ტკივილებს, ბანი კი ებანოზის აკვანს დაარწევს და ტუჩზერძეშეუშრობელს უნანავებს. მიეძინება ახლადშედედებულ მოქანცულობას და სამივე ხმა იმღერებს მამობის, ძეობის და სულიწმინდობის განცდის სადიდებელს.
    ახლა ის ჩვილი თუ ავად გახდა. “ბატონებოო, მოუოხეთო” იავარდის ფურცლად დაეფინებიან და ალმოდებული ბავშვივით აივედრებიან ხმები… დედის ლოცვასავით მოგიფონებენ…
    სიკვდილის დროსაც ვმღერით, პადრე, ვმღერით “ბრალია შავო ყორანოოო, ჩემის ლეშითა სძღებოდეეე?” ა? როგორია?! “ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღიააოო…” სულ გადასარევი… მღერიან კი, პადრე, მაგრამ მე რომ მეშინია, იმ არნახული კაცისა ახლა რომ უნდა მესტუმროს? მეშინია და რა ვქნა?! ვერ ვკვდები სიმღერით, როგორც ჩვენებურებს სჩვევიათ… მეშინია.
    ვიჯექი რა, ასე გულაგიზგიზებულ ძმებში და მთებში. არ მშურს და რა ვქნა? ცრემლიც კი მომადგა. რა გჭირსო? არაყიც შემაშველეს. – ბევრია, მეთქი, ბევრი. – რაო? – რა და ვარსკვლავები და ვარსკვლავები ?????? ერთი ხელი ცისკენ ავიშვირე, მეორე მათკენ გავზიდე. აღარ მითქვამს ცაა-თქო ახლოს.
    კოცონები ჩაინავლა. მზემ კი კლდის წვერები ააბრიალა. “ლილეო” მზის სადიდებელიც ჩავდგით…
    მერე კი მომკლეს. წინასწარი განზრახვის გარეშე მომკლეს, პადრე… თითქოს არაფერი, წამოიმართა ერთი ჩემი ცოდვით სავსე, მოაღო პირი და სთქვა…
    “ზაამთარიაოოოო….” – არ უმღერია, მთებიდან თოვლი მოხსნა და სუფრაზე დადო.
    დამარეტიანა. თვალთ დამიბნელდა.
    ბურუსი თეთრად ჩამოიმტვერა, ჩამოიბურტყლა, ჩამოიფქვილა, ჩამოითოვლა და გადაიბარდნა მდინარის ველი, მდინარით დაჭრილი. თეთრი ტაძრით ამაღლებული. გულშემაგრებული.
    “ზაამთარიაოოო…..”
    გამოეფინენ საგუნდაოდ ნაბდისქუდიანი, ბავშვივით ატროებული ორტოველები. ეეოო და თოოვლიოოო, თოვლიოო და თეთრი ტახიო! ალაზანი და ალაზანიო. გამოეფინენ თეთრ ველზე, თეთრი ტაძრით, თეთრ ველზე ვერცხლა მდინარით. გამოიშალენ და დააყარეს ერთმანეთს გუნდები. იქა საყდრის შორიახლო ერთი ხე იდგა – გამოკვეთილი, დაჯღვარკული, კორძმრავალი, გაბარჯღული, ვარჯშიშველი, ზროგლუვი გიშრისფერი კომში. მოხვდა გუნდა და ჩამოყარა ოქროს კომშის კალო.
    “ზააამთარიაოოო…”
    წამოვავლე გუნდას ხელი და შემრჩა ყინულივით ცივი სუსხიანი, ბუსუსაყრილი, ხორკლამშლელი, მახრჩობელა კომში. შური-ხრაშელა, წებოვანი, სიყვითლე კბილთამჭრელი, ჩავკბიჩე და… ყელში გამეჩხირა, გაიდგა ფესვი ფილტვებში და ტვინში კომშის ხესავით ამეზარდა. შუქნიშნის თვალივით აენთო და გამაფრთხილა. იქ ვნახე ჩემი სიკვდილი, პადრე.
    ჩვენში დარჩეს და ალალმართლად გეკითხები, მთელი სულით და გულით: ნამუსია, ერთი სიტყვა ამოტელა ველისმომცველად იმღერო?
    დიაგნოზი? არ ვიცი, ლათინურად კომშს რა ჰქვია და ქართულად უსიმღერობით დაჩრდილული ფიქრი ჰქვია და ფილტვი.
    თითქმის მოვრჩი. დაგღალე ვიცი. ახლა ქართულ სიმღერასაც იცნობ. მე ვცადე და ცოტათი ალბათ იცნობ. ტყუილად ხო არ მიქაქანია? თუ ფოლკლორი არ გიყვარს, საგალობლები გვაქვს – გაგავენახებს. სიტყვებია, სიმღერა აღარ სჭირდება ????? “უპატიოსნესთა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა” რაღა დამღერება უნდა. ლექსია, ლოცვაა, მღერის.
    კაცო, ჰამლეტ გონაშვილი მაინც არ გაგიგია, მისმა ნამღერმა “წინწყარომ” კაცი თავის მოკვლას გადაარჩინა. ამას წინათ კიდევ, ჩვენი კრიმანჭული კოსმოსში გააგზავნეს “კაცობრიობის გზავნილიაო”, რად უნდა, გეკითხები კრიმანჭულს ტექნიკა, რა, ისე ვერ ააღწევს კოსმოსამდე?
    მაგრამ… მე ხომ სხვა სიმღერაზე გიმღერი, პადრე.
    დაგისვამ მთავარ შეკითხვასაც და იქნებ მისაშველო რამე. რატომ შენ და არა მე? ან რატომ მე და არა შენ? ანუ რაღა შენ მუსიკა და რაღა მე მასიკვდილებელი. რატომ ათი ოქრო სხვას და ორი ოქრო მე? და თუ ორი ოქრო მე, შენ დადგები იმის თავდებად, რომ ათ ოქროიანზე ნაკლებს ვიხდი და თუ ნაკლები მომეკითხა, მეტი ვერ დავაბრუნე, ვითომ? რატომ სხვას ხმა და მე ხავილი, რატომ სხვას დაყენებული ხელი და მე დაყენებული თვალი. კაი, არა და არა… “მაღალო ღმერთოო, თუ გამაჩინეო, კიდეც მარჩინეო…” რჩენას არ ვთხოვ, გავეჩინე რა სადმე, სხვა ქვეყანაში, სადაც მრავალჟამიერი კი არ მომიღებდა ბოლოს, ვიმრავალჟამიერებდი. ორი ყურით ყრუობა რომ არ მაკმარა, მესამე გულის ყური რაღატომ დამიხშო შურით?
    ეჰ! პადრე, ძველია ეს კითხვები, ძველი. “მოცარტი და სალიერი” ნანახიც გექნება და წაკითხულიც.
    ინტერესგაუნელებლად შემომცქეროდა. მთავარი სხვა რამეა – ახალს რას გკითხავ, იცი? პირიქით რომ მომხდარიყო? აი, დავისვენებდი დაღლილ მუხლებზე ცვილით დამწვარ და კლავიატურაზე ნაჯაფ, მზრუნველ თითებს და ამოგხედავდი ლურჯი უზაკველი თვალებით, გაგიღიმებდი, არ მკითხავდი რაღა შენო? ერთხელ მაინც… არ აიღებდი ასტამს და არ დამიბუშტავდი თვალს თუ…?? თუ და საშინელებას გეკითხები. იქნებ შენ რომ სათნო ხარ, ესეც ის ოქროა, შენ რომ მოგეცა და მე არა? მაშინ მიპასუხე და სად არის? სად? სად არის? ის, ეგზომ მაღალი?
    ყელში რაღაცამ მომიჭირა, სუნთქვა გამიძნელდა. დიდი ხნის წინ შეთავაზებულ ძელსკამზე ახლაღა დავენარცხე და ხელები გავასავსავე.
    პადრე შეშინდა და მნეს ანიშნა მოდიო. ქალმა ჭიქით წყალი მომიტანა და ორღანისტთან ხელებით საუბარი გააბა, მუნჯური. წყალმა გული მიპოვნა, თვალებში გამომახედა. კეთილსახიანი კოპწია მნეც კი შემეცოდა, საწყალი მუნჯია და ეკლესიას შეეკედლა-თქო. გული მომილბა. მნე სადღაც გავიდა, მალე ტკბილეულიანი ლანგრით შემობრუნდა, შემომთავაზა. ორღანისტმაც ახლოს მომიწია ლანგარი, გამიღიმა, მნესთან ხელებით საუბარი გააგრძელა. ეჰ! აბა ამ მნემ, რაღა უნდა თქვას. სულ დაუყრუებია გამჩენს. ?????
    – ჭიქა სად წავიღო? – ვკითხე ორღანისტს.
    – მე დამიბრუნეთ? – მიპასუხა ქალმა. ანგარიშმიუცემლად გავუწოდე და ისიც სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა იქით, საიდანაც უხმეს.
    მოხუცს გავხედე. შემდეგ მნეს, მერე ისევ მოხუცს.
    ბრრრ! თვალები მოვიფშვნიტო, თუ ყურები?
    არრრაა…
    მოხუცი კვლავ მშვიდად მიღიმოდა.
    პირთან ხელი ფრთხილად მივიტანე. შეკითხვა ვანიშნე.
    თავი გააქნია – არაო და განათდა, ისე გამიღიმა.
    ორჯერ ფრთხილად და დიდი ძალისხმევით მივიტანე ხელი ყურთან, სახეზე ნახევრად ღიმილიც წავიწერე, აქაოდა ვხუმრობ-თქო.
    სერიოზულად გააქნია თავი. არც ერთიო, მანიშნა.
    არრრა… არ არსებობს… შეუძლებელია…
    ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ის არ უკრავდა, გზა ამებნა და ნამდვილი ორღანისტი ხალხში დამეკარგა-თქო. ვერ გამოდიოდა. თეთრი საყელო, სახელოებით მომხრჩვალი ხელები და ცისფერი, უზაკველი თვალები სხვა სისუფთავეს მასწავლიდა.
    მკვეთრად ავდექი.
    მაშ, სმენა? არრრა?! მთავარი? მთავარი… არ ვიცი რა ჭკუაზეა, მაგრამ არის, არის სადღაც ვიღაც მთავარი, ჰოდა, სხვა რაღა უნდა მეთქვა. ვთქვი:
    – მადლობა ღმერთს.
    – დანარჩენი?! მოკლედ, “სიკვდილამდე სიქაჩლეო”: – საყდარი დავტოვე. დაჩრდილული ფილაქანი საოცარ მოზაიკად აღვიქვი, კიპარისების ხეივანს ამსუბუქებული გამოვუყევი, ღიღინით:
    – მიი-ი-ი-ოოოოუ, მი-ი-ი-ი-ოოოოუ, მი-ი-ი-ი-ოოოოო…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    მამუკა ლეკიაშვილი – თეთრი პერანგი

    ნუგზარ შატაიძის ხსოვნას

    თეთრი პერანგი მოვიცვი რამდენიმე დღის წინ, როცა მივდიოდი მეგობართან ერთად მის მეგობართან. პერანგს ერთი ღილი აქვს ჯიბეზე აწყვეტილი. იქ რაც ხდებოდა, იმას ფართის ეძახის მასპინძელი. დაგვხვდა მისულების ლორწოვანი გროვა, უკვე მთვრალი. თითქოს ცოტა გააჩმახეს ჩემს დანახვაზე. ერთმა მათგანმა, ქალმა, მოგვიანებით გადაწყვიტა შური ეძია ჩემზე იმ დასასრულისთვის, რომელიც მოვარგე ჩვენს საერთო ნაცოდვილარს წლების წინ. მომიჯდა ახლოს იატაკზე და საუბარში ასე მითხრა: შენ ბებერი ხარ და ავადმყოფი.
    თეთრი პერანგი ეცვა ერთხელ, ან ერთადერთხელ რიჟიკას. ვეძახდით რიჟიკას ყველანი, რადგან ქერა იყო, ან წითური, აღარ მახსოვს; ვეძახდით ორმოცზე მეტი წლის წინ ჩვენს ეზოში. ასე ეძახდა ყველა, თორემ თემურა ერქვა, ანუ თითქმის თემური, ან თემო. ყველაზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, ყველაზე ღარიბულ სახლში, ერთ იმათგანში, რომლებსაც ბარაკებს ვეძახდით. მამამისი, მგონი, ლოთი იყო და ნამდვილად სცემდა ხოლმე. რიჟიკას ეშინოდა მისი. მამამ ერთხელ ჩაქუჩით სცემა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, რცხვენოდა. მართლა მახსოვს, თუ მეჩვენება, რომ მახსოვს ჩაქუჩით ნაცემი ჩაშავებული სახე, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, ვიღაცის ნათქვამი მითხრეს.
    შვიდი, რვა, ან ცხრა წლის ვიქნებოდით, ხუთი, ექვსი ბიჭი ვიყავით იმ ეზოში, ვინც ვმეგობრობდით. ერთხელ რიჟიკამ შემოგვთავაზა – წამოდით, მუშტაედში, ქალების უბორნიაში, ქვემოდან ვიცი, როგორ შევძვრეთ და ქალები ვნახოთ ქვემოდანო. არ გავყევით.
    ერთხელ რიჟიკამ მთელი კოლოფი პურგენი დალია, მაგრამ არაფერი მოუვიდა. მაშინაც ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ვისხედით.
    ერთხელ რიჟიკამ ეზოში ახალშობილი კნუტები იპოვა თუ მოიყვანა საიდანღაც. იქ ვიღაც უფროსები იყვნენ და რიჟიკას აქეზებდნენ. რიჟიკას გრძელი მავთული ჰქონდა და იმ მავთულზე ააცვა კნუტები. უკნიდან უყრიდა, ვიდრე პირიდან არ გამოუვიდოდა მავთული კნუტს და შემდეგ მეორეს უყრიდა ასევე. კნუტებს თვალები არ ჰქონდათ ახელილი. სამი თუ ოთხი კნუტი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ყველა ააცვა და გაუშვა. გაუშვა ნიშნავს, რომ კნუტები ცოცხლები იყვნენ, რაღაც ხმებსაც გამოსცემდნენ და თათებით ცდილობდნენ გაქცევას, მავთულზე მიცოცავდნენ. ვიღაც უფროსები იცინოდნენ. მე გაქვავებული ვიხედებოდი ამაში, რაც ხდებოდა. გაქვავება, ალბათ, მაშინ დამჩემდა.
    ერთხელ, ერთ-ერთი ეზოელის დაბადების დღე იყო. მისმა მშობლებმა ყველანი დაგვპატიჟეს. სხვებთან ერთად რიჟიკაც. მაგიდის გარშემო ვისხედით და ვსადილობდით. რიჟიკა ჩემ გვერდით იჯდა. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ძალიან მორცხვობდა, ალბათ, პირველად იყო სტუმრად, ასეთ კარგ სახლში მაინც. დანა-ჩანგლის ხმარება, მგონი, ძალიან უჭირდა. ვეხმარებოდი. ხანდახან ახლაც, როცა სტუმრად ვარ, ვითომ არ მეხერხება დანა-ჩანგლის ხმარება, ვითომ ამით რიჟიკას ვამხნევებ.
    რიჟიკას თეთრი პერანგი ეცვა, შეიძლება პირველად და უკანასკნელად თავის ცხოვრებაში, სკოლის გარეთ მაინც. იმ დროს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი უნდა სცმოდა. დედამისს ძალიან უნდოდა, მისი შვილი სხვებზე ნაკლები არ ყოფილიყო, ამიტომ ჩააცვა თეთრი პერანგი, ისიც, შეიძლება, ნათხოვარი. ჩვენ შორის მაგიდასთან მარტო რიჟიკას ეცვა სკოლის თეთრი პერანგი. რიჟიკას ეშინოდა, თეთრი პერანგი არ დაესვარა. ამისთვის, ალბათ, ცემით მოკლავდნენ.
    რიჟიკა ახალგაზრდა მოკვდა, ციხეში. სკოლა მგონი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებული წყლის ცისტერნა-მანქანა გაიტაცა და სადღაც იქვე, დიდუბის ქუჩაზე, ქალი გაიტანა, ორი შვილის დედა. რიჟიკა ციხეში მოკვდაო, მითხრეს.
    ერთხელ მე, რიჟიკა და მისი უმცროსი ძმა ეზოდან ქუჩაში ვიყავით გასული. იქ, ტროტუარზე, დიდი ლოდი იდო მგონი. მე და რიჟიკა ვჭიდაობდით. მე მოვერიე. დაბალი იყო და სუსტი. მისი თავი იღლიაში ამოვიდე და მთელი ძალით მოვუჭირე კისერზე მკლავი. მალე მან მოძრაობა შეწყვიტა და ხმასაც აღარ იღებდა. ხელი გავუშვი და ის ძირს დაეცა. არ ინძრეოდა და ხმას არ იღებდა. მისი ძმა ატირდა. მე ვიფიქრე, რომ რიჟიკა მოვკალი და, ალბათ, შემეშინდა, რადგან სახლში ავირბინე. ისინი იქ დავტოვე, ლოდთან.
    რიჟიკას იმ დაბადების დღეზე თეთრი პერანგი ეცვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში პერანგს მაშინაც პერანგს ეძახდნენ, თორემ საერთოდ, ხალხში, საროჩკა ერქვა.
    სადილის შემდეგ მარწყვი მოგვიტანეს. ისიც, ვისი დაბადების დღეც იყო მაშინ, ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ღარიბები არ იყვნენ, კარგი ეზო ჰქონდათ და მათ სახლს ბარაკს არავინ ეძახდა. რიჟიკას მარწყი პირდაპირ თეთრ პერანგზე ჩამოუვარდა კოვზიდან და წითლად დაუსვარა მარცხნივ საყელოსთან, წვენი პერანგზე ჩამოეწუწა. რიჟიკა გაშრა და გაწითლდა, უხმოდ ატირდა, ალბათ, სირცხვილისგან და შიშისგან.
    კარგა ხანს ვეყარეთ იატაკზე, მაგრამ არ დაგვილევია, თუმცა არც ფხიზლებს ვგავდით. ბოლოს, სხვებზე ადრე, სამნი წამოვედით იქიდან – მე, ჩემი მეგობარი და მასპინძლის ძმა, რომელსაც უცნაურად ვარდისფერი შარვალი ეცვა, ალბათ, ერთადერთს მთელ ქალაქში. მე ისე წამოვედი, როგორც წამოხვალ საპარიკმახეროდან, სადაც პარიკმახერებმა დაგცინეს ზურგსუკან.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    რუსა ამირეჯიბი – ორი მოთხრობა

    ყველაზე საძულველი

    სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი. ნეტავი ხარი მაინც ვიყო რააა, თანაც ესპანელი, მთელ ცხოვრებას ბრძოლაში გავატარებდი, კორიდა და რამე… ვაჟკაცურად ვიცოცხლებდი და მოვკვდებოდი.Aაბა, ესაა სიცოცხლე?
    გვერდშიც რომ არავინ მყავს, ვინც ხელს დამიჭერს და თვალებში თანაგრძნობით ჩამხედავს? მამაკაცს ვგულისხმობ. ისე უთავმოყვარეოდ მეშინია, რომ იმასაც კი წამოვიყოლებდი და ვაყურებინებდი, როგორ მჩრიან რაღაც საძაგლობას ხახაში და მე რა საწყლად ვაღვარღვარებ ცრემლებს. ალბათ, ძააან შევეცოდებოდი და ამის გამო უფრო ძლიერადაც შევუყვარდებოდი, რა თქმა უნდა, საერთოდ რომ ვუყვარდე. არ მყავს შეყვარებული და მარტო მივეთრიე ზონდის გადასაყლაპად. მუცლის ღრუში რაღაც მტანჯავს, ექიმმა და დედაჩემმა: სხვანაირად არ გამოვაო… ჯანდაბა რააა. რა გადაუშვებს შლანგს? ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი შეგრძნება მექნება: საყლაპავ მილში გამეჭედება და ისე გამომიტენის, რომ ალბათ ნერწვის ადგილიც არ დარჩება. რა მოხდება, განიერი საყლაპავი აღმომაჩნდეს? ვაიმე, მეშინია რააა, მეშინია და მეზიზღება! რა ვქნა?
    რა და, უნდა გავმაგრდე და “გავპირველდე”, რიგშიც და საკუთარ თავშიც. დიდი რამე, წვრილი ზონდი ჩამისრიალონ მუცელში. დიდი ამბავი.. რა მოხდა რაა, უარესი არაფერი გადამიშვია? მაგრამ უარესი რა უნდა ყოფილიყო? გველი მე არ გადამიყლაპავს და… მოიცა, ჯერ გავიხსენებ რაები მეზიზღება, იქნება და… აი, მაგალითად, მეზიზღება ვირთხა! ამიტომ თავს დავდებ, რომ არ მიმირთმევია, არც დამიჭერია და შემიწვავს, ანდაც მომიხარშავს. მხოლოდ მიჩხუბია:
    უფანჯრო, ბნელ სამზარეულოში ვიდექი და ყავის ფინჯანს ვავლებდი წყალს. სხვა კარიდან შევედი, შუქის ჩამრთველი კი მეორე კართან იყო და ანთება დამეზარა. გარეთ ზაფხული იყო, კარგ ხასიათზე ვიყავი და შლოპანციან ფეხს ჩემს ღიღინს ვაყოლებდი, რომ გასიებული ვირთხა სიბნელეში სულ შემთხვევით დამეჯახა. იმ წუთას ვერც კი მივხვდი რა იყო, მაგრამ ფეხებში რომ ამოძრავდა და ჩემს ყურამდე, საზიზღარი წრიპინიც მოვიდა, მივხვდი რა დღეც დამადგა.Aარ ვიცი საით ჰქონდა მარშრუტი, მაგრამ ჩემი შლოპანცში გაყრილი თითები თვალებში რომ აეფარა, ნამდვილად მადისაღმძვრელად მოეჩვენა (ალბათ სოსისს მიამგვანა, ნანახი კი ექნებოდა და გასინჯულიც). ჰოდა, ეცა! დავიღრიალე. სამკვდრო ბრძოლა გაიმართა ჩვენ შორის სრულ სიბნელეში, მოწინააღმდეგეს კიდევ კარგი ვერ ვხედავდი. ფეხებს ვიქნევდი და შლოპანცებს აქეთ-იქით ვისროდი. ვირთხას ერთი-ორი მოვადე კიდეც. ისიც ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდა. შიშისგან საკუთარ კანშივე ვხტუნაობდი და ტვინში ავარდნილმა სისხლის შხუილმა წამიერად ის ბგერები გამახსენა, ტალღამ რომ ჩამიხვია სარფში და წყლისქვეშა სიბნელეში, ტალღის და კენჭების შხუილმა ფაქტიური სიკვდილი რომ ჩამყვირა შიშისგან გაშეშებულ გონებაში. დღემდე მიკვირს ინსულტი რომ არ ავიკიდე, გინდ მაშინ და გინდ ვირთხასთან.
    რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ჩემი ოჯახის წევრები კი გვერდით ოთახში ისხდნენ და გულხელდაკრეფილნი ისმენდნენ ჩემს ყურითგაუგონარ და უმოწყალო გინებას, ღრიალს და ბრახა-ბრუხს… მე კი ამ დროს იმას ვებრძოდი, რისიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მეშინოდა. როგორც მერე გავარკვიე, სცოდნიათ, რომ ვირთხა ჩვენს ძველ სახლს შემოეჩვია და ჩუმ-ჩუმად უგმანავდნენ ხვრელს. ასე რომ, მშვენივრად მიმხვდარან რაშიც იქნებოდა საქმე, მაგრამ ჩხუბისადმი ჩემი დიდი მიდრეკილების იმედი ჰქონდათ და საკუთარი არტერიებიც ვერ გაიმეტეს შხამიანი სისხლის ცირკულაციისთვის. მე გავიმარჯვე, მაგრამ ვირთხაზე გამარჯვებამ მისი შიში კი არ დამაძლევინა, პირიქით ფობია ჩამომიყალიბა, სამუდამო ზიზღის გრძნობა ჩამინერგა გულში და ნერვებიც თავმოყვარეობასავით გამიშიშვლა. შენიშვნაზე დედაჩემმა მიპასუხა, ვირთხა რას დაგაკლებდა, შენ იმაზე შხამიანი ხარ, კიდევ კარგი თავს უშველა და გაიქცა, თორემ დასასაფლავებელი გამიხდებოდაო.
    რა უცანურია, ღიმილი და კარგი განწყობა იმან მომიტანა, ვინც ყველაზე ძალიან მეზიზღება: ვირთხამ! რა დროს კარგი განწყობაა, ვა! სასწრაფოდ თავი უნდა დავირწმუნო, რომ ზონდის გადაყლაპვა არც იმაზე აურესია ვიდრე… ვიდრე… ვიდრე რა?Aაუუფ, ჯინაზე ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს, ისეთი სათნო ანდაც საწყალი ვიყო, რომ ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარდეს… აუ, მეშინია რაა.
    არა, ვერაფრით ვიხსენებ, რა მიჭამია ან დამილევია ისეთი რაც მეზიზღება! ვატყობ ეს უკვე მაინტრიგებს, ოღონდ თან ნერვებს მიწეწავს. ნახე რააა, მაინდამაინც ისინი მიტივტივებენ თავში, რაებიც ძალიან მიყვარს: ლუდი, მარწყვი, შოკმანჟე, ბადრიჯანი, ღომი, ხაჭაპური. რა უბედურებაა ეს? უზმოზე მოდიო!.. მშია. ლამისაა ამ საშინელი შენობიდან მოვკურცხლო, აქვე საცხობს მივვარდე შიზოფრენიკივით, ადამიანების რიგი მუჯლუგუნებით გავარღვიო და დავიკივლო: რამდენიმე ფენოვანი ხაჭაპური! “კ ჩორტუ” ზონდი! გავვარდე? ნერწყვი მახრჩობს. მიშველეთ ვინმემ, ადამიანები არა ხართ? დეეე, დამეხმარე რაა. უი, რა ვუთხრა მერე დედაჩემს? ვერ მოვითმინე, გავქუსლე და მუცელი ამოვიყორე-მეთქი? არაა, ასე არ შეიძლება! კურდღელი კი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა?! ბარემ აქამდე მოვსულვარ, დავპირდი და ხომ არ დავაღალატებ? არადა, ყავა და სიგარეტი ისე მინდა, რომ ჭამას აღარ დავეძებ, მგონი სული მეპარება. ყავა, ყავა, ყავა… ერთი ამბავი მახსენდება, რა დროს ესააა, მაგრამ…
    ეკასთან ჩემი ექს-შეყვარებული დამხვდა თავის ახალ სატრფოსთან ერთად. ეს გოგო ვერ მიტანდა და მეც შესაბამისად… ყავა მოვადუღე, ყველას ჩამოვურიგე მის გარდა და გამარჯვებულმა დავლიე. ზოგს ჩაეღიმა, ზოგმა თავი გაიქნია, მხოლოდ ეგ წყვილი იჯდა დაყენებული სახით, ვითომც ვერაფერს მიხვდნენ. კმაყოფილებამ სულ ცოტა ხნით გადამავიწყა მარტოობის დაფუფქული შეგრძნება, იმ პერიოდში რომ განსაკუთრებით მტანჯავდა… გავიდა დრო. საერთო მეგობრებთან ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს. ვმხიარულობდით, იყო სმა-ჭამა. დრომ თავისი ქნა, მოვითენთეთ. ყავა გაგვახსენდა. ადგა ტურფა და ყავის მოდუღებას შეუდგა. ცოტახანში ყავას ჩემ გარდა ყველა სვამდა. გამეცინა, მესიამოვნა და გული მომეფხანა. და რომ მოედუღებინა?…
    თავი კი გავირთე, მაგრამ ზონდის გადაყლაპვა მაინც მიწევს, თანაც ისე, რომ მაგაზე უარესი ვერაფერი გავიხსენე. არადა, ნამდვილად მახსოვს, რომ რაღაცები მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა… რა ჯანდაბა მემართება? არა, როგორმე უნდა მოვერიო თავს და გავიხსენო რა დამილევია ან მიჭამია ისეთი, რაც საზიზღრად არ მიყვარს. საჭიროა საძაგლობაზე ვიფიქრო, უნდა გავიხსენო, ზონდს შევადარო და დავწმუნდე, რომ ყველაზე უარესი გამოვლილი მაქვს და მაგის გადაყლაპვა არც ისეთი ძნელია. აჰა: რძე! აი, რძეს რომ ვუყურებ, ანდაც მის სუნს ვსუნთქავ, გული მერევა. ეს წყეული სითხე ღმერთმა რატომ შექმნა რაა. ჩემთვის ასეა და… სითხე კი არა, ყველაზე საზიზღარი რამეა ამქვეყნად. ფუუ, კისერში მაჟრიალებს. ბავშვობაში დედაჩემისთვის მიკითხავს, დე, რა კარგი ქალი ხარ და რძეს რატომ სვამ-მეთქი… და ამ სიბილწის დალევა საკუთარმა მამამ მაიძულა. დაიჩემა, გინდა თუ არა, დალიეო, არადა იცოდა, რომ ვერ ვიტანდი. სოფელში ვყავდით მე და ჩემი და. ზაფხული იყო. ახალგაზრდა იყო, რომ გავჩნდი და ხუთის ვიყავი, როცა დაშორდნენ. იმ დროს, რძე რომ ჩამასხა, პატარა აღარც ის იყო და მეც აღარ მეგონა, თუ პატარა ვიყავი. გინდა არ გინდა, დალიეო. ვტიროდი, ვეხვეწებოდი. მიყვიროდა. მეშინოდა, ვაჭიანურებდი რძის მოსმას, უარესად ცოფდებოდა. ბოლოს, ერთი ყლუპი მოვსვი და პირში ჩავიგუბე. გემო რომ ვიგრძენი კუჭმა დამქაჩა და გული რომ არ ამრეოდა, პირიდან გამოვასხი. ცუდად გავხდი, პანიკა, შოკი, არ ვიცი ეს რა იყო. დღემდე ვფიქრობ, მინდა გავუგო მამას, რატომ მაიძულა დამელია ის, რაც იცოდა, რომ მეზიზღებოდა. ეს ფაქტი დღემდე ფეთქავს ჩემს მეხსიერებაში. როცა მახსენდება, კადრები ცოცხლდება, იმასაც კი ვხედავ სად ვიჯექი, ის სად და როგორ იდგა, ირგვლივ რა ნივთები იყო. ვერ ვუგებ, პასუხი ვერ მიპოვნია. მას მერე სულ ვცდილობდი ეს ამბავი დამევიწყებინა, ამიტომ არც მიკითხავს არაფერი. ახლა კი, ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად ვკითხავდი. არ ვიცი, ალბათ გულგრილი ადამიანი ვარ, უგულო და ეგოისტი, მაგრამ მამის ისეთი სიყვარული, როგორითაც დედა მიყვარს, არასდროს მიგრძვნია. ისიც არ ვიცი, ეს რძის ბრალია თუ უბრალოდ იმის, რომ უმამოდ გავიზარდე. კი, მესმის, რომ ახალგაზრდა იყო როცა გავჩნდი, მართლა მესმის, მაგრამ მე რა შეღავათი?
    სულ ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, როგორი ვიქნებოდი მამასთან რომ გავზრდილიყავი. იქნებ უკეთესი ადამიანიც, უფრო ქალურიც, ვიდრე ახლა ვარ. მამაკაცთან ურთიერთობაც უკეთ მეცოდინებოდა. ალბათ ახლა მარტოხელაც არ ვიქნებოდი. უდარდელი, კონკრეტული და უფრო ცივი, გონისმიერ გადაწყვეტილებებს დავემორჩილებოდი და არა ჩემს ემოციებს, რომლებიც გამუდმებით ნეხვის ბუზებივით გარს მეხვევიან. შეიძლებოდა უკეთესადაც კი მეცხოვრა, გვეცხოვრა… მეც შედარებით მეტი კომფორტი მექნებოდა.
    შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, მამისეულ აღზრდას, შეიძლება ჩემში დათესილი პიროვნული მარცვლები დაეჩრდილა და აღარ აღმოცენებულიყო. ხასიათის ეს შტრიხები: ცნობიმოყვარეობა, მუდმივი ძებნის შეგრძნება, სპონტანურობა, აქეთ-იქით ხეტიალი, სიბრალულის გრძნობა, თავისუფლების დადგენა და მისი ამავდროული წყურვილი, მუდმივი დარდიანი უკმარისობა, – ეს ყველაფერი მე რომ მახასიათებს, მექნებოდა? რაღაზე ვიდარდებდი ნეტავი?
    ალბათ, ასე სჯობს ვცხოვრობდე, მუდმივი ინტერესით და ცოტათი სევდით, როგორი იქნებოდა მამასთან გაზრდა. კი, ჯობს, რადგან ამაზე ფიქრის თემა აღარ მექნებოდა. არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი და სწორედ ეს მომწონს, რომ არ ვიცი. სწორედ ეს მისაინტერესოებს ცხოვრებას, სწორედ ამას მოაქვს წამიერი, ნაზი და ესთეტიკური სევდის განცდა, როცა მამა მახსენდება. ამ გრძნობის გარეშე ალბათ უშნოც ვიქნებოდი. შეიძლება თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი.
    მეორე წყება შვილებთან როგორი ალერსიანი მამა აღმოჩნდა, კეთილი და მზრუნველი. ჯერ გული დამწყდა, მერე ვგრძნობდი, რომ ვბრაზდებოდი, შავი ბოღმა მეპარებოდა გულში. თირკმელზე სიმსივნე რომ ამოჭრეს, სანახავადაც არ მივედი. შევუთვალე დაბოღმილი და ნაწყენი ვარ-მეთქი. არც დაინტერესებულა, რატომ. ამის შემდეგ ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა და აღარ მინახავს, მალე გარდაიცვალა. ყველაზე ცოტა მე ვიტირე… ბოღმა ვარ, უგულო! სინანულის გრძნობა მტანჯავს და ეკლიანი ქარბორბალასავით დაბორიალობს სხეულში, მარადმწვანე ფიჭვივით ამოსულა სულში და თავისი წიწვებით მკაწრავს… თურმე, ჩემი თავი მეზიზღება ყველაფერზე მეტად, რძეზე მეტადაც კი… საკუთარი თავის შეჭმა კი ფიზიკურად შეუძლებელია, ასეც მომიხდება! ხანდახან მგონია, ყველაფერს გაპატიებდი რძე რომ არ დაგეძალებინა. მამა მიყვარხარ, მაპატიე. მინდოდა ისე ძლიერ მყვარებოდი, როგორც დედა მიყვარს და შენც ისე გყვარებოდი, როგორც შენი სხვა შვილები.
    ესაა ჩემი თავისუფლება?
    ესაა ნაზი და ესთეტიკური სევდა?
    მირჩევნია ისევ უთავმოყვარეოდ მხდალი და საბრალო ვიყო.
    ესაა საინტერესო ცხოვრება?
    უუფ, დღეს ყველაფერი მძაფრად გამოდის, ფიქრიც კი! თვალის ყოველი დახამხამებისას მგონია, რომ შუქი ქრება…
    ამასობაში რიგის თავში გავსულვარ, ოღონდ როგორმე ამოვიგლიჯო ეს დეპრესიული განწყობა, ყელზე ქვებივით რომ მკიდია და მიწისკენ მქაჩავს, მუხლებში რომ მღუნავს და მუცელში მატლებივით მიფუთფუთებს, ზონდს კი არა – თოკს გადავყლაპავ! ისევ ზონდი მირჩევნია! ზონდი მინდა!
    – აიღეთ, დროზე, ქალბატონო ექიმო, ეგ დაწყევლილი ზონდი და ხახაში ჩამჩარეთ!

    “მარშუტკაში”

    სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი. გატეხილ განწყობაზე ვიყავი. ირგვლივ ყველაფერი მიუწვდომლად შორეული მეჩვენებოდა. გავსწორდი, მინიდან გარეთ ყურება დავიწყე, უცნაურად ვგრძნობდი თავს. მე ვერაფერზე ვფიქრობდი, ტვინი რაც უნდოდა იმას ფიქრობდა და რაც აწუხებდა, იმაზე აზროვნებდა, დამოუკიდებლად დაქროდა გაურკვეველ ადგილებში, უკაცრიელ მიწებს და დიდ თეთრ სათბურებს ხედავდა. არც მხედველობას, არც მგრძნობელობას აინუნშიც არ აგდებდა. მოკლედ, გონებას ვერ ვიმორჩილებდი.
    გონება ფიქრობდა: ყველამ მანქანა იყიდა და თოხნისთვის ვისღა სცალია, სად დადიან ეს თბილისელები, მარშუტკით აღარ მგზავრობენ? მეღა დავრჩი უმანქანო. “სვეცკებზე” არ ვამბობ, შვებულებას რომ პარიზში ატარებენ.
    თვალები უბრალოდ ხედავდნენ, ვიდეოკამერასავით იღებდნენ მომენტებს. თითქოს საკუთარი გონების ობიექტი ვიყავი. პროტესტის ფორმას ვეძებდი.
    ყურებს ესმოდა: “გელაია ნახე ბიჯო? არა, ბიჯო, მაი წევიდა საცხა.” “აზრზე ხააარ?Bბაზარი არააო.Gგავოგნდი რააა”, “დაჯეეეეეეეეექი გოგო რას დეეყუდე, არ შემჭამა ამ ბოვშვმა?”, “ალო, გამარჯობა ჩემო მშვენიერო, მოგენატრე?”, “ეს რა საშინელი რადიოა, რუსულ რომანსებს ატრიალებენ, სურვილი არ მაქვს რომ მოვუსმინო”. “აბააააააა, არც კი რცხვენიათ, რატომ უნდა ისმოდეს რუსული ენა საქართველოში?!”… და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პირველად გავბრაზდი ყურებზე იმიტომ, რომ ყველაფერი ესმოდათ.
    გონება მიტინგზე იყო: “დავიშალოთ ეხლა, სახლში თითო ჭიქა ავწიოთ”. “გაუმარჯოს საქართველოს”. “ბატონო ლევან, თქვენ გმირი ხართ!” გონებამ თავი აარიდა ამაზე ფიქრს და სადღაც სხვაგან წავიდა.
    თვალები ხედავნენ: მარშუტკაში ამოვიდა დაბალი, კომოდივით გოგო, მუთაქებივით ბარძაყები შავშლაქსშარვალში გამოეკრა, წვრილწვეტიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა, კლასიკური შავი პიჯაკის ქვეშ ისე ამაზრზენად უჩანდა სპორტული, ნაცრისფერი ზმეიკიან-კაპიუშონიანი ჟაკეტი, რომ გულწრფელად მომინდა მეჩხუბა. მარშრუტი წერეთლის გამზირს მიჰყვებოდა. დაძაბული მოძრაობა იყო, მანქანები თავის გადარჩენისთვის თითქოს ერთმანეთს აგინებდნენ, მუჯლუგუნებს კრავდნენ, ღალატობდნენ. ამასობაში თეთრი ლიმუზინი გაეჩხირა თვალებს, მტვრიან, ხმაურიან, არაქათგამოცლილ გამზირზე ვარდისფერბაფთიანი თავმომწონედ მოიზლაზნებოდა. ამის შემხედვარეს აგრესია თითქოს მხრებზე შემომახტა, გამაჭენეო, ჩამცხო და მე პირველად გავბრაზდი თვალებზე იმის გამო, რომ ყველაფერს ხედავდნენ. ისევ ჩხუბისკენ გაიწია გულმა. სიამოვნებით ვიჩხუბებდი, მაგრამ კონკრეტულად ვისთან ან რამდენთან? ისევ უნდა ჩამეყლაპა და ჩავყლაპე. აშკარად ნამდვილი ყლაპია ვარ.
    ყურები რადიოს უსმენდნენ: “ამ სიმღერას ვუძღვნი ჩემს სასტავს, ეკოს, მაკოს, თაკოს, ლიკოს დიდი სიყვარულით, ნინიკო” და იწყება უგემოვნო ქართული პაპსა. პირი ალბათ გაიცინებდა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად თავისუფალი მედიაა.
    გონებას გაახსენდა: “სულს ამოგხდით, თქვე ფარისევლებო, სულს ამოგხდით!!! ვერ ვიტყვი გონება დამიბნელდა, ვამბობ გონება დაბნელდა. თვალებიც მასთან რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად გაშუშდებოდნენ. გული რომ ყოფილიყო, იბრაგუნებდა, ჩხუბისკენ გაიწევდა. გონებამ პირველად ინატრა პირი.
    თვალები: შავ ჯიპში სიგარეტგაჩრილი სათვალიანი გოგო საჭესთან, მონოტონურად უხათქუნებდა თავს მუსიკას და ძალიან კმაყოფილი ჩანდა ცხოვრებით. შავტუფლიანი ახალგაზრდა კაცები საცხობთან ბირჟაობდნენ, ეკლესიასთან მათხოვრები ისხდნენ, შეყვარებული თინეიჯრები ჩახვეულები დასეირნობდნენ, ვიღაც ქალი გაბრაზებული თვალებით მიიჩქაროდა სადღაც, მოხუცებული ურნაში იქექებოდა, საკვებს ეძებდა თუ ბოთლებს, არ ვიცი, ვეღარ ვუყურე. ისევ გავბრაზდი. მზე ამ ყველაფერს კარგად აშუქებდა. საფეთქლები გამიხურდა. გრძნობები უკვე გაბრაზებული კაცებივით დადიოდნენ ჩემში წინ და უკან.. სხეული თითქოს მევიწროებოდა.. ნერვები ჩამეწნა.Mდრო კიოდა, მაგრამ არავის ესმოდა…
    აი, გულმა ბრახუნი ამიტეხა, მივხვდი მასზე ფიქრის დრო იყო, მაგრამ გონება გამექცა, მასზე ფიქრისას გულს რა შეგრძნებაც სჩვეოდა, იგივე ემოცია გამოძვრა რომელიღაცა სოროდან და უკანვე შეძვრა. გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონი არ რეკავდა. პატივმოყვარეობამ ზუსტად იცოდა რა უნდოდა.
    პატივმოყვარე არ ვარ, უბრალოდ ხანდახან მაწუხებს ხოლმე. ვერ ვპატიობდი, რომ ის დღითიდღე, თავისი თავისთვის შეუფერებელი ხდებოდა. სინამდვილეში კი, უკვე მიმქრალი და დაბურული, მაგრამ მაინც დიდი ბრილიანტი ედო სადღაც სიღრმეში. ერთმანეთთან შეხვედრა კი იმიტომ არ შეგვეძლო, რომ სიღრმისეულთან მიახლოებაში ხელს ზედაპირული გვიშლიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, “სვეცკი” არ ვიყავი და თუ რატომ არ ვიყავი, ეს სხვა თემაა და ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არც მაქვს და თან თავის მართლებად ჩამეთვლება. ის კია, მისი აზრით, ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი იყო ჩემი შეუნიღბავი გულახდილობა…
    “ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობას მხარს უჭერენ ნაყროვანება და მრუშობა, ეს ყველა ვერცხლისმოყვარეობას უკავშირდება. შედეგი მრისხანებაა, ნაღველი, მოშვებულობა, ანუ გატეხილი გონების სინდრომი. ჰედონიზმი, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებაა. სადაც დაცემა ხდება, იქ უფრო ადრე სიამაყე მკვიდრდება. ამპარტავნობაა დაცემის წინა ნიშანი”… და რატომ არ უნდა მდომოდა მასთან ჩხუბი? თავისი ნებით, შეგნებულად კოტრიალობდა ტალახში, ყველაფერ ზნეობრივს არღვევდა და კიდევ აქეთ მიწუნებდა. ისევ შევცდი. აღმაფრენის ჩამოსვენება.
    თვალები ხედავდნენ, რომ გარეთ მზე ყველაზე ბნელ კუნჭულსაც კი ანათებდა, აშრობდა თოკებზე დაკიდებულ სარეცხს, აბრჭყვიალებდა მინებს, ახტუნავებდა ბავშვებს. გარეთ მზე ყველგან ცოცხლობდა. ჩემში კი უძრავად იდგა მისი ჩრდილი.
    ყურებმა გაიგონეს, რომ შიგნით ჩიტივით აფრთხიალდა გული.
    თვალებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა ის მაღაზიიდან და სიგარეტგაჩრილ გოგოს შავ ჯიპში ჩაუჯდა.
    გულში თითქოს საათი გაჩერდა.
    და მე ვიგრძენი, რომ იმედი სარეველა ბალახს დამგვანებოდა და მასზე ნატვრა გონების სოროებში ციყვივით აღარ დაძვრებოდა. მძივებივით აესხნენ ფიქრები და სურვილებიც სეტყვასავით წამოვიდნენ: გულს სიყვარული სურს, გონს კეთილდღეობა, სულს ღიღილოების მინდორი.. ნუთუ სამივე ერთად არ შეიძლება?

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“