• რეცენზია

    გაგა ლომიძე – ქრისტინე ლავანტის დილემა

    ქრისტინე ლავანტი. ლექსები და მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნეს ნათელა ხუციშვილმა, რუსუდან ბრეგაძემ, თამარ კოტრიკაძემ, შოთა იათაშვილმა. წინასიტყვაობა და კომენტარები თამარ კოტრიკაძისა. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    ზაფხულის გრილი საღამო იყო. სურავანდშეყრილი საფენებში გახვეული თვეების გოგონა ფარდით გადატიხრულ საძინებელში ჭირვეულად ტიროდა. მამა ოთახში ბოლთას ცემდა. დედა ცდილობდა რამენაირად დაემშვიდებინა ბავშვი. გოგონა ოჯახის მეცხრე შვილი იყო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ისიც, სხვა შვილების მსგავსად, ვერ გაუმკლავდებოდა ავადმყოფობას და დათმენილი მწუხარებით ელოდნენ აღსასრულს. მაგრამ განგება სხვაგვარ ბედს უმზადებდა პატარას. შემდგომში ქრისტინე ლავანტის სახელით ცნობილი ქრისტინე ტონჰაუზერი XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსი გახდება…

    * * *
    18 წლის იყო ქრისტინე ლავანტი, როცა სახვევები პირველად მოხსნეს. იარები სამუდამოდ გაჰყვა სახეზე და ტანზე, მასთან ერთად მისი გულიც რომ დასერა და ბედისწერად ექცა. მას არც სიყვარულში გაუმართლა. ახლობლების ძალდატანებით, 24 წლის ქრისტინე ცოლად გაჰყვა 60 წლის მხატვარს, იოზეფ ჰაბერინგს. მას შეუყვარდა მხატვარი ვერნერ ბერგი, მაგრამ მათი სასიყვარულო თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა. ქრისტინე ვერასოდეს გააჩენდა შვილს. იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ვერ აღასრულებდა დედის მოვალეობას. მისი ღვთისმოშიში ბუნებისთვის ეს კიდევ უფრო მეტი იყო, ვიდრე ცოდვა. იგი მომავალ თაობას ვერ ტოვებდა. და ასეთ დროს მხსნელად მოევლინა პოეზია – “არსობის პური”, რომელიც დაეხმარებოდა “ცოდვის” გამოსყიდვაში და შეძლებდა თაობებისთვის დაეტოვებინა თავისი შემოქმედება.
    რილკეს პოეზია მისთვის გამოცხადებად იქცა: “როგორც კი რილკე წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ეს იყო ჩემი ცხოვრება”. მისთვის გამორჩეული მწერლის, დოსტოევსკის ივან კარამაზოვის მსგავსი დანაშაულის შეგრძნებით მიმართავს ქრისტინე ლავანტი ღმერთს: “არ დამიმსახურებია შენი სითბო მზეო,/ არ მომიზღავს სასყიდელი ჩემი სულისა,/ ჩემი სხეულიდან ბავშვი არ გამოსულა/ და ნაქურდალით სულდგმულობს ჩემი ფილტვი”. იგი მზად იყო ამ მსხვერპლშეწირვისთვის, მზად იყო გამხდარიყო “ნებაყოფლობითი ღატაკი”, უარი ეთქვა “ეგოს” ყოველგვარ გამოხატულებაზე და ამ გზით დანახული საკუთარი უიმედობა სხვების გასაჭირთან შედარებით, არარად მოჩვენებოდა, რაც მოთხრობის, “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავის” წაკითხვისთანავე ნათელი ხდება.
    მეგობრის სახლს შეკედლებულისთვის, მანსარდში, სადაც დეპრესიითა და უძილობით შეპყრობილი პოეტისთვის ბოლთის ცემაც კი თითქმის შეუძლებელი იყო სივრცის სიმცირის გამო, ერთადერთ მეგობრად მარტოობა ქცეულიყო. ამიტომაა, რომ მის ჰერმეტულ სტრიქონებში ხშირად პერსონიფიცირებულია მისივე გრძნობები თუ აბსტრაქტული საგნები: “ბებერო ძილო”, “შიში წამოდგა ჩემში ანაზდად/ მსგავსად ქალისა…” და ა.შ., რაშიც შეიძლება ლავანტის პიროვნების გაორება ან საკუთარი “ეგოდან”გასვლა და გარემოს გასაგნობრივება დავინახოთ. ლავანტისთვის, რომელიც თითქმის არ გადიოდა შინიდან, გარე სამყაროსთან, მატერიალურთან კავშირის ერთადერთი საშუალება ენასთან ურთიერთობა იყო.
    და როგორ შეიძლებოდა წუთით მაინც არ გაჩენოდა პროტესტის გრძნობა ღმერთის მიმართ: “ალბათ ჩემი ბედი დედის მუცელშივე/ უშიშრად დამცილდა/ და ჩემს ნაცვლად გასწია…/ ყველაზე ღვთივმივიწყებულ ვარსკვლავისაკენ”. ქრისტინე ლავანტისთვის ღმერთი კეთილიცაა და ბოროტიც, თავის ღმერთს განადიდებს და ამხობს კიდეც. საკუთარი უბედობის გამო ღმერთისადმი სამდურავით ლავანტი ექსისტენციალისტებს მოგვაგონებს: “… ხშირად ვფიქრობ, უწყის კი უფალმა ჩემს შესახებ”, რადგან “შემინდეთ, მამაღმერთო, ძეო ღვთისაო და სულიწმიდავ!/ თქვენ ხომ სამებად ხართ, მე კი – ასე ეული”. ამიტომ ჩნდება ხშირად მის პოეზიაში ლუციფერის სახე, როგორც ღმერთისადმი ამბოხის გამოვლინება. ხშირად მისი თვითგმობა თვითგვემამდეც მიდის: “ღმერთო, წამართვი თვალის ჩინი!”. “დაწყევლილი ბედის” გამო, ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე” ხშირად აიგივებს საკუთარ თავს ჯადოქართან და თითქოს თავიც მოაქვს ამით. მასში ღმერთისადმი აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა ქრისტინეზე ასეთი რამ თქვა: “იგი ერთი აგრესიული, უღმერთო ადამიანია”. ერთხანს ბევრი ფიქრობდა, რომ ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე”-ს თვითგვემისკენ სწრაფვა, რითაც იგი წამებულს მოგვაგონებს, მხოლოდ და მხოლოდ პოეტური პოზა იყო. მაგრამ პირადი წერილები ცხადყოფენ, რომ მისი პოეზია მძიმე სულიერი მდგომარეობის ნაყოფია. 1963 წელს ერთ მეგობარს წერდა: “ფიზიკურად ისე ვგრძნობ თავს, თითქოს 48-ის კი არა, 68 წლის ვიყო… ვიცი, ხანგრძლივი ტანჯვისთვის ვარ განწირული”.
    თუმცა ამის მიუხედავად, ქრისტინე ლავანტის შემოქმედებისთვის უცხო როდია ირონია. რით აიხსნება, თუ არა ირონიით, საკუთარი თავის ჯადოქართან გაიგივება, ან პაროქსიზმამდე მისული რელიგიურობა მის მოთხრობაში “ნელი”, რომელიც კიჩის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მასში მაინც მოჩანს ქრისტინე ლავანტის პერსონა.
    ქრისტინე ლავანტის პოეტური ტროპები კელტურ-გერმანული ფოლკლორითაა ნასაზრდოები, რის გამოც მისი ლექსები ხშირად ზღაპრებს მოგვაგონებს. იგი განსხვავდება თავისი დროის პოეტებისგან, იქნება ეს პაულ ცელანი თუ ინგებორგ ბახმანი, თუმცა ისინი ალბათ საერთო წყაროდან, გეორგ თრაკლის პოეზიიდან მომდინარეობენ. მაგრამ ხთონური საწყისებისა და აპოკალიფსური ხილვების მიუხედავად, თრაკლისა და ლავანტის სამყაროც განსხვავებულია, ვინაიდან თრაკლის ღამეულ ბუნებასა და “მე”-ს შორის თითქმის დიალოგი არ არსებობს, ლავანტთან კი ბუნება და “მე” უფრო დაახლოებულია. და თუ თრაკლთან საკუთარ “ვარსკვლავს ლოყით მიკრული” ადამიანი ვერ თავისუფლდება ბედისწერისგან, ლავანტის ლირიკული “მე” მეამბოხეა, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლია.
    ალბათ ძნელია ქრისტინე ლავანტის პოეზიის მოთავსება რომელიმე ერთი მიმდინარეობის ფარგლებში. მასთან ერთმანეთის გვერდით ვხვდებით ვერლიბრს, გარითმულსა და მელოდიურ ლექსებს. ლავანტის პოეზიაში რელიგიურობისა და ნიჰილიზმის თანაარსებობის მსგავსად, არის ლირიკული ჰერმეტიზმიც და ავანგარდული ესთეტიკაც (თავისი შოკისმომგვრელი ეფექტებით). მისი ტექსტების ფაქტურა მოიცავს ექსპრესიონიზმის ელემენტებსაც (სამყაროში ადამიანის მიუსაფრობა და საზღვრულობის გადალახვისკენ სწრაფვა).
    მეორე მხრივ, თავისი მორჩილებით, ტანჯვის უდრეკად ატანის “ოსტატობით”, რითაც ლავანტი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან გადმოსულ წამებულს მოგვაგონებს, იგი მეტრფეა – “ის, ვისაც უყვარს”, სატრფოს საპირისპიროდ – “ის, ვინც უყვართ”. “მეტრფეს ადვილად ამოიცნობთ მარად გახსნილი გულით, რომლის სიღრმეშიც იგი დაუღალავად ცდილობს თავისი სიყვარულის საგნის ჩახატვას” – წერს “ყაყაჩოსკაბიან მზეთუნახავში” და სიყვარულის უნარით ღმერთს უახლოვდება. იგი ერთგვარ კიბეს აგებს მატერიალურსა და სულიერ სფეროებს შორის: “რამდენი რამე აიწევდა ცად ჩემთან ერთად/ რაპუნცელ, ჩემო ვარსკვლავო, დაბლა დაუშვი დალალი!”
    “რა შორი გზაა ღმერთის გულამდე” – წერდა ქრისტინე ლავანტი, მაგრამ მას სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა იქამდე. ქრისტინე, ისევე, როგორც ბავშვობისას, ღია ფანჯარასთან იჯდა და “ფიქრებს” ელოდებოდა. ოთახში წამლის და ექიმის სუნი იყო, როგორც ერთ დროს მომაკვდავ დეიდასთან. სადღაც მამლაყინწამ “მეტისმეტად მჭახედ” დაიყივლა. საგნები თავიანთ ჩრდილებს კარგავდნენ. თენდებოდა. სარკმელს მიღმა სითეთრე დაინახა. კაცმა არ იცის, რა იყო ეს – თოვლი თუ “ბაბუაწვერების მოლი”. როცა წამოდგა, უწონადობის სივრცეში იმყოფებოდა და ანთებული ლამპარით ხელში გვერდით ისე ჩაუარა მორიგე ექიმებს, რომ ვერც კი შეამჩნიეს. მოლზე ლამაზი გვირგვინოსანი დაინახა, რომლის გვირგვინსაც ერთი ქვა აკლდა და მაშინვე საყრდენი იგრძნო ფეხქვეშ. მაგრამ ეს ალბათ ერთ წამს გაგრძელდა. “რა კარგია, რომ ვარ დამალული” – გაიფიქრა მერე და გაეღიმა. მალე ცის კარიბჭეს მიუახლოვდა და მასზე მოკრძალებით, ორჯერ დააკაკუნა.
    მეორე დღეს გაზეთები წერდნენ პოეტზე. მაგრამ ამას მისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მას უკვე ჰყავდა შვილები და ისინი სიცოცხლეს ათასობით წიგნის ფურცლებზე განაგრძობდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    მაია სარიშვილი – სასტიკი პოეზია

    დათო გაბუნია
    სასტიკი პოეზია

    მაია სარიშვილი, მიკროსკოპი, ლექსების კრებული, თბ. “Link”, 2007.

    “ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
    სხვაგვარად ჩაამწკრივა.
    ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
    და წამოვიდა დემონსტრაცია(…)”

    ამ სიტყვებით იწყება მაია სარიშვილის პოეტური კრებული “მიკროსკოპი” და ალბათ, წიგნის შედგენისას, შემთხვევით არ აარჩიეს ეს ლექსი “გამხსნელად”. ეს გამჭოლი თემა სარიშვილის პოეზიის კონცეპტუალურ ღერძს წარმოაგდენს.
    ამ ტექსტებს პოეტის სახელი რომ მოაცილოთ, თვალის ერთი გადავლებითაც ნებისმიერი მკითხველი გეტყვით, რომ ავტორი ქალია. ხოლო კრებულის სათაურს თუ კომპოზიციურ მეტაფორად დავინახავთ, ხელთ ქალურობის ანატომია შეგვრჩება: ავტორი თავის ქალურობას მიკროსკოპში ათვალიერებს, ძალიან ახლოდან უყურებს და ასე უჯრედებამდე დაშლილი სიმართლე ხშირად ალოგიკურ, თითქმის დაუკავშირებელ სახეებად იქცევა. თითქოს ეს მოკლე ლექსები მართლა მიკროსკოპში დანახული უჯრედებია და თუ მათგან დისტანცირებას ვერ მოვახერხებთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ, რადგან რთულია, ერთი უჯრედით წარმოდგენა შეიქმნა მთელ ორგანიზმზე.
    ამ ლექსებს ვერ დაახარისხებ პერიოდებად ან თემატურ ციკლებად, რადგან სამოცივეს ერთი მთლიანი ემოცია ჰკრავს, ერთ დიდ პოეტურ ქსოვილად აერთიანებს. უმთავრესი თემა შვილებია – მარადიული წყევლა და კურთხევა, თითქმის ყველა უჯრედის ბირთვი. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მაია სარიშვილის ლექსებში არის ბავშვებთან დაკავშირებული ერთი განმეორებადი მოტივი, რომელიც პოეტის საკუთრებად მიმაჩნია (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეზიაში მისი ანალოგი ნამდვილად არ მეგულება): ლირიკული სუბიექტი აქ ხშირად არის ერთდროულად დედაც და ბავშვიც. ეს ქალი “უნებლიე დედაა”, ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობის ხატებითაა გარემოცული, მაშინ, როცა უკვე თავადაც გამხდარა დედა. “…რაღაც რკალები და ხვეულები / ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, / თოჯინების ცივი ნესტოები – / შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..” ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის დამძიმებულ, მეტად არასაბავშვო განწყობას, რომელიც შვილებისადმი მიძღვნილ ლექსებში ასეთი ეფექტური და ხშირად შოკის მომგვრელიც კია. ბავშვები სასჯელის უმაღლეს ზომად, გაუსაძლისი ტანჯვის წყაროდ იქცევა: “ბავშვების მზერა ასეთია – / თითქოს ქერი მოზიდეს თვალებით. / …და აქედან ამოგვჭამეთო – პირდაპირ თვალებიდან.” კრებულიდან უამრავი მსგავსი ციტატის მოტანა შეიძლება, სადაც “ბავშვურობის” ცნება (ტრადიციული გაგებით) თავდაყირა დგას, ერთგვარ პოეტურ პერვერსიად გადაქცეულა. ასეთი სასტიკი მხატვრული სახეები უცხოა ქართული პოეზიისთვის, სადაც დედაშვილობის მოტივი მეტწილად ამაღლებულ-პათეტიკურ ხასიათს ატარებს და მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სტერეოტიპებს, ერთი ხელის მოსმით, სწორედ ქალი ავტორი ანგრევს.
    მაია სარიშვილის ლექსებში ხშირად შეხვდებით გარდაცვლილი დედის სახეს, რომელიც მფარველი ანგელოზის ფუნქციას იძენს. დედისეული გამოცდილების ცოდნა, ალბათ, სწორედ ის გასაღებია, რაც ლოგიკურად ახსნის შვილების მოტივის ორიგინალურობას: ქალი, რომელიც ინტუიტურად ხვდება, რომ საკუთარი დედის ხვედრს ვერსად გაექცევა – (მშობიარობის შესანიშნავი მეტაფორული სცენა ერთ-ერთი ლექსიდან: “…წითელი პიონები მცვივა სხეულიდან / და ამათ გამოჰყავხარ შენ… / ხომ საქარგავ დაფაზე ვარ გადაჭიმული / და მაკივლებენ…”) – ჯერ დათმობს უზრუნველ ბავშვობას, შემდეგ ცოლი გახდება (“უთხარით ჩემს ქმარს,/ რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა…”), შემდეგ კი თავად გააჩენს ბავშვებს და ტრაგიკულ ყოველდღიურობაში ჩაიძირება. ერთი შეხედვით, განსაკუთრებით ორიგინალური ეს თემები არ უნდა იყოს, თუმცა, მაია სარიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ესეცაა: იგი წარმატებით ახერხებს, თავიდან აიცილოს სწორხაზოვნება. ვერსად, ვერცერთ ლექსში მას ვერ დავდებთ ბრალს “ქალურ წუწუნში”, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს სწორედ პროტესტის პოეზიაა. თუმცა, როდესაც პროტესტი სიღრმისეულია და არა ზედაპირული, ის პოეტის ხელში მძლავრ იარაღად იქცევა. ავტორი ემიჯნება ყოფითობას და რეალობის პრიმიტიულ, ორგანზომილებიან ხედვას, სადაც არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და უარყოფითი პოლუსები. მათ შორის მაია სარიშვილის ლექსებში უზარმაზარი სივრცეა, ერთდროულად სისასტიკითა და სიყვარულით სავსე კონტინუუმი, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და მით უმეტეს, არც დასასრული.
    თუ პოეტურ გავლენებსაც შევეხებით, უთუოდ უნდა ვახსენოთ სილვია პლათი, რომელსაც მაია სარიშვილმა ერთვარი “ხარკი” გადაუხადა პირდაპირი მიძღვნით. შეიძლება ითქვას, რომ მაია სარიშვილის ლექსები ქართულ პოეტურ სივრცეში პლათის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უშუალო გამოძახილია, თუმცა, ამით არამც და არამც არ კნინდება მათი ორიგინალურობა ან მხატვრული ღირებულება.
    და ბოლოს, გარდა მრავალი მხატვრული ღირსებისა, რითაც “მიკროსკოპი” ქართულ პოეზიაში სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ეს კრებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სოციალურ რეალობაშიც – იგი უთუოდ გამოიწვევს ფემინისტ მკვლევართა ინტერესს, როგორც სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და “სასტიკი პასუხი” მიაგო მას. საქართველოში ყბადაღებულმა და საყოველთაო ქილიკის საგნად ქცეულმა “ქალურმა ლიტერატურამ” დიდი ნაბიჯი გადადგა. მაია სარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც არ გაურბის ქალურ გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში და ვინც მას მოყირჭებული სენტიმენტალიზმისგან გათავისუფლებულ, შესანიშნავ მხატვრულ ლიტერატურად აქცევს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    რუსუდან კაიშაური. ლექსები.

    მარსიანი

    “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს…”
    რუსუდან კაიშაური. ლექსები. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    “კავკასიურმა სახლმა” წელს გამოსცა რუსუდან კაიშაურის ლექსების კრებული. ამ პოეტის შემოქმედებას ადრეც ნაწილობრივ ვიცნობდი გაზეთ “ალტერნატივის” ფურცლებიდან, წიგნმა კი უფრო სრული შთაბეჭდილება შემიქმნა მასზე.
    ის გამოკვეთილად პერსონალისტური ტიპის პოეტია – საკუთარი, პირადული ყოფა და ამ ყოფის ნიადაგზე აღმოცენებული განცდები გახლავთ მისი შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო. შეიძლება ითქვას, რომ რ. კაიშაურის საუკეთესო ლექსები სხვადასხვა რაკურსით შესრულებული ავტოპორტრეტებია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და მთლიანობაში გამოჰკვეთენ ავტორის პოეტურ ინდივიდუალობას.
    რუსუდან კაიშაურს საკმაოდ თამამად შემოაქვს პოეზიაში ყოფითი, არაპოეტური აქსესუარები; მისთვის ესთეტიზმი, ფორმის კულტივირება ნაკლებად დამახასიათებელია, მთავარი აქცენტი სათქმელის სიმძაფრეზე და მკითხველამდე მაქსიმალური გულწრფელობით მიტანაზე არის გადატანილი; რ. კაიშაურის ნაწარმოებთა ღირებულებას აბსტრაქტულ მეტაფორებსა და ასოციაციური ხილვებით კონსტრუირებულ “სხვა რეალობაზე” მეტად განსაზღვრავს მკაფიო აზრი, ლოგიკურად დასრულებული შინაარსი და მისი თანამდევი ემოციური მუხტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსუდან კაიშაურის პოეზია რეალისტურია, მას მყარად უდგას ფეხი მიწაზე და საგნებსა და მოვლენებს აღიქვამს და გვაჩვენებს ისეთად, როგორც სინამდვილეშია. ამის გაბედვა და განხორციელება კი ადვილი როდია ვირტუალური იმიჯებით აღსავსე დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ხშირად რეალობა აღარ აღიქმება რეალობად, იმდენად აბერაციული, ნორმიდან გადახრილი გახდა თვითონ ხედვა თუ შემეცნება. რუსუდან კაიშაური წარმატებით ახერხებს საკუთარი განცდის თანაზიარად აქციოს, ააღელვოს მკითხველი. მისი ლექსების ლირიკული გმირი გახლავთ ქალი, რომელსაც ცხოვრებამ მრავალგვარი სატკივარი, საზრუნავი, ტრაგედიაც კი არგუნა წილად, მაგრამ სულიერად ვერ გატეხა და სიცოცხლის ხალისი ვერ ჩაუკლა; პირიქით, იგი გამოიწრთო და გაძლიერდა ცხოვრებასთან ჭიდილში და ეს სიმხნევე, ჭირსა შიგან გამაგრების ნიჭი, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი სტოიციზმი მკითხველსაც გადაედება, მასაც აძლიერებს სულიერად. რ. კაიშაურის ლექსებში გამჟღავნებულია ის შინაგანი ჭიდილი, პოეტის სულში რომ გამართულა ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის: ორივე მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებს, ორივე “გულის სისხლს” ითხოვს მისგან და მას არ ძალუძს რომელიმეს უგანოს, ამიტომ პოეტის გული, რომელიც ასპარეზია ამ უკომპრომისო ჭიდილისა, გამუდმებით მაღალი ძაბვის ველში იმყოფება და მაქსიმალურად იხარჯება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ შვილები, ყოველდღიური ჯაფა, ყოფითი წვრილმანები, რომელთა ზოგად, კრებით სახელად გამოდგება მის ლექსებში მრავალგზის მოხსენიებული “ცოცხი”, მეორე მხრივ კი ოცნების კოშკები, ლაჟვარდები… ერთგან წერს – ქალთევზასავით ვარ, ტანის ნაცვლად ცოცხზე ვდგავარ და “ცოცხზე მდგარი ვპოეტობ ქალი”-ო; ამ რამდენადმე კომიკური იმიჯით პოეტი მკაფიოდ და ემოციურად გამოხატავს თავის პიროვნულ დრამას; სხვა ლექსში კიდევ, ერთგვარი ჰეროიკული შტრიხები ჩნდება ავტოპორტრეტში, თუმცა აქაც არის დაფარული თვითირონია: შვილებზე მზრუნველი დედა თავისთავს ჯერ ბავშვების თავშესაფარ ციხედ წარმოიდგენს, შემდეგ კი – ხმლიან მეციხოვნედ, რომელიც ბავშვების ძილს დარაჯობს: “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს, ღამით საწოლებს ავუვლ-ჩავუვლი”.
    რუსუდან კაიშაური ამ თავისი “ჯიქური” რეალიზმით, გულწრფელობით მრავალთაგან გამოირჩევა დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი სულ ბოლოდროინდელი ლექსებით ის ერთგვარ ხარკს მაინც უხდის ამ პროცესისათვის დამახასიათებელ მოდურ ტენდენციებსაც და არაიშვიათად “ახერხებს” დაემსგავსოს სხვებს; ამ ლექსების წამკითხველი ალბათ უყოყმანოდ მიაკუთვნებს მას “თანამედროვე” პოეტთა რიცხვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც “tour de force”-ა (“ძალის ჩვენება”); ამ გამოთქმას ხშირად იყენებს უილიამ ფოლკნერი, როცა ეხება იმგვარ ნაწარმოებებს (თავისას თუ სხვისას), რომელთაც ღირებულება კი აქვთ, მაგრამ მაინც არ არიან ავტორის უშინაგანესი სამყაროს, მისი ჭეშმარიტი სტიქიის გამომხატველნი. რუსუდან კაიშაურმა ამით დაამტკიცა, რომ მოდურობის პრეტენზიის მქონე უმცროსი კოლეგების მსგავსად წერა მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ის, რითაც რ. კაიშაური არავის ჰგავს, რაც მისი შემოქმედების ბირთვი და ძირითადი მიმართულებაა, შესაძლოა არც ისე “მოდურად” გამოიყურებოდეს მავანთა თვალში.
    რუსუდან კაიშაური წერს როგორც ტრადიციულ რითმიან ლექსებს, ასევე ვერლიბრსაც, მის კონვენციურ ლექსებში აქა-იქ იგრძნობა ფორმის დაუხვეწაობა, ტექნიკური ხარვეზები, ვერლიბრში კი ამგვარი ნაკლი თითქმის არ შეიმჩნევა; ეს ალბათ იმიტომ, რომ ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს ფორმის თვალსაზრისით, ვიდრე “უფორმო” თავისუფალ ლექსს. ზოგჯერ ფრაზას უჭირს მეტრის ჩარჩოებში ჩატევა და ამის გამო მოქნილობა და სიზუსტე აკლია, ზოგან რიტმი მოიკოჭლებს; ალბათ პოეტმა სტილისტური თვალსაზრისით უფრო მკაცრად უნდა გადახედოს თავის პროდუქციას და შეძლებისდაგვარად იზრუნოს ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩემი აზრით, რუსუდან კაიშაური ტრადიციულ ლექსში მაინც უფრო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს თუნდაც წმინდად მხატვრული თვალსაზრისით, ვიდრე ვერლიბრში. შესაძლოა, შინაგანად უფრო ახლობელი მისთვის მაინც ტრადიციული ლექსია. ვიმედოვნებ, მომავალში პოეტი ამ ფორმას მეტი რუდუნებით მოეკიდება და ოსტატობის უფრო მაღალ ხარისხს გვიჩვენებს თავის ახალ ნაწარმოებებში.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    PEN მარათონი – 2002

    იასე ესაძე


    მეორე გაკვეთილი


    ამჯერად ღია ზღვაში

    PEN მარათონი – 2002. ლიტერატურული კრებული. თბ., “დიოგენე” 2002.

    რამდენიმე გაკვეთილი კი არა, ერთიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გვეთქვა – PEN მარათონმა გაამართლა!
    შარშან, 15 თებერვლიდან 25 აპრილამდე პირველად საქართველოში გამომცემლობა “დიოგენემ” ჩაატარა უჩვეულო ფორმატის ერთდღიანი ლიტერატურული კონკურსი “PENმარათონი” – 2002. საიდან შემოიჭრა ამგვარი ასპარეზობის გამართვის იდეა – არ ვიცი, მაგრამ ვიცი იმ 660 კალამშემართული ადამიანის სურვილი, რომელთაც თავს იდვეს ალტერნატიული იდეის ხორცშესხმა და დათანხმდნენ, 12 საათის განმავლობაში შეექმნათ ორიგინალური პროზაული ნაწარმოები; მაგრამ სურვილებისა და შესაძლებლობების ამწონმა და შემფასებელმა ჟიურიმ იმ 660-დან (კიდე კაი, რომელიღაცა “ექვსმა” თავი შეიკავა!) ოცდაექვსი ფინალისტი შეარჩია და ბრძოლაც გაიმართა. როგორ გგონიათ, ეს შერკინება რით ჩამოუვარდებოდა იმ ჰეროიზმს, ჩვ.წ.აღ-მდე 490 წელს რომ გამოიჩინეს ელინებმა და დაბა მარათონთან სპარსელები უკუაქციეს? მე თუ მკითხავთ, ყოველგვარი მოიარების გარეშე გეტყვით, რომ – არაფრით! ნამეტან ხუმრობამოჭარბებად თუ ჩამითვლით ამ ნათქვამს, არც იმის თქმას დავიზარებ, რომ “100% KOTTEN”-კლუბის პირობებში, და თანაც გარკვეულ დროით ჩარჩოში, არცთუ ადვილი იყო მხატვრული ფანტაზიის აფრათა აშვება. ეტყობა იმ “ერთი საკლასო ოთახის” ვითარებამაც უკარნახა კონკურსის ორგანიზატორებს, რომ ყოველი ნაწარმოები დაწყებულიყო ფრაზით: “რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა…” აი, ამ სასტარტო სიტყვებით დაიწყო და სცადა – ვინ მწერალმა და ვინ სკრიპტორმა – კონკურენცია გაეწია … რეალობისთვის, რადგან ნებისმიერი ლიტერატურის ამოცანა სწორედ რომ რეალობასთან გაჯიბრებაცაა. “მწერალ-სკრიპტორობაზე” კი იმიტომ მოგახსენეთ, რომ ყველა კონკურსანტის თხზულება, რასაკვირველია, ვერ აღმოჩნდა მხატვრულად ღირებული და ამიტომაც არ მოხვდა “დიოგენეს” მიერ გამოცემულ კრებულში, რომელიც შარშანდელ 25 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე გაიყიდა. კრებული ათი მოთხრობისგან შედგა. ათივე მწერალი მეტ-ნაკლებად ცნობილია, ან, ყოველ შემთხვევაში, დღეს მაინცაა ცნობილი ჩვენი ლიტერატურული სივრცისათვის, მაგრამ აღმოჩენად მაინც გელა ჩქვანავა იქცა. მე პირადად, მანამდე მისი არაფერი წამეკითხა. ასეც ხდება და საკმაოდ ხშირადაც, ხომ შეიძლება კაცი თხზავდეს და წერდეს თავისთვის და გამოქვეყნებას კი ვერ ბედავდეს. ტრადიციულად, საქართველოში კალმოსან კაცს ისეთი ფუნქცია ეკისრებოდა (ღმერთთან ლაპარაკზე რომ აღარა ვთქვათ), რომ, ჩანს, ერთგვარ ტვირთადაც კი აწვა საწერ მაგიდასთან ღამენათევ კაცს და ხალხთან დალაპარაკებას კი ვერ ბედავდა. ამ კონკურსის ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციათაგანი ესეცა მგონია. რომ ვიღაცა წაათამამა და ასპარეზზე გამოიყვანა. აკი ვთქვი, პირველმა გაკვეთილმა გაამართლა-მეთქი. ეს რომ ასეა, გელა ჩქვანავას შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა, როდესაც მან “არილსა” და “24 საათის” ლიტერატურულ დამატებებში გამოაქვეყნა მოთხრობები: გულწრფელად გითხრათ, გელას პირველი ადგილი კინოთეატრ “ამირანში” გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ერთგვარ ხარკად და კონიუნქტურადაც კი მომეჩვენა, რადგან გელა აფხაზეთიდანაა და მივიჩნიე, რომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჟიურის მხრიდან, მაგრამ ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება იყო და მეტი არაფერი. დაახლოებით იგივეს ვიტყვი მარინა ელბაქიძეზე… უფრო ზუსტად, იგივეს იმ ნაწილში, რასაც კონკურსშემდგომი შემოქმედებითი წარმატება ჰქვია და ამის ნიმუშად გასული წლის “არილის” მესამე ნომერში გამოქვეყნებულ მოთხრობას დავასახელებ, რომელსაც “გაცვლა” ერქვა და რომელმაც ისეთი გემოვნებიანი კრიტიკოსის ყურადღება დაიმსახურა, როგორიც ანდრო ბუაჩიძეა. ანდრომ ისიც კი აღნიშნა, რომ ეს მოთხრობა თავისი მიზანდასახულებით რომანის მასშტატებს უახლოვდებაო. მარინამ პირველ გაკვეთილზე მეორე ადგილი დაიმსახურა და დამსახურებულადაც. რაც შეეხება მესამე ადგილს და თამრი ფხაკაძეს, აქ გაცილებით უფრო ნათელი და ნაცნობია ყველაფერი, რადგან თამრიკო ჩემი მეგობარია და მის შემოქმედებასაც კარგა ხანია თვალს ვადევნებ. “ტვორჩესკი ნატურა” როა, მაშინ დავრწმუნდი, როცა ინტენსიურად ხატავდა ერთი პერიოდი. მერე საბავშვო ლექს-მოთხრობები შეუბერა და სრულიად ლოგიკურად მოვიდა შემდგომი წარმატებებიც. როცა ვინმეზე ვამბობ ხოლმე, – მწერალია-მეთქი, პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ ბევრსა წერს. ამ აზრით თამრიკო ნამდვილადაა მწერალი. ამ აზრითაც და იმ აზრითაც, რომ არა მხოლოდ პროდუქტიულია, არამედ კარგი მთხრობელია, დიალოგისტია, კარგად ეხვევა პერსონაჟის ტყავში – კარგად სწვდება ფსიქიკას, დამაჯერებლად ალაპარაკებს და, საბოლოო ჯამში, კარგად გველაპარაკება და გვიყვება მწერალი. ამიტომ მიხარია, რომ თამრიკომ თავისი ხმა იპოვა და შესაბამისი რეზონანსიცა აქვს ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში.
    შარშანდელმა “PENმარათონმა” შესანიშნავი სამეულის გარდა, კიდევ ერთი ფაქტით აღნიშნა თავისი და მწერლის წარმატება და ეს მწერალი იყო ბესო ხვედელიძე, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ბესოზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან მას წელს საბას პრემიაც გადაეცა, რაც უკვე ბევრისმთქმელია და დასტურია მისი მწერლური შესაძლებლობებისა. რამდენადაც ვიცი, თანამედროვე ლიტერატურული ცხოვრებით დაინტერესებული მკითხველი უახლოეს ხანში ბესო ხვედელიძის რომანებსაც იხილავს და მეც იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტის თქმის საშუალება მოგვიანებით მომეცემა.
    სიამოვნებით ვისაუბრებდი კრებულში შემავალ სხვა მწერლებზეც, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ჩამოვთვლი მათ გვარებს, რადგან მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს მათ შემოქმედებას: ბასა ჯანიკაშვილი, ზურაბ ლეჟავა, ბესო სოლომანაშვილი, ზურაბ ლავრელაშვილი, მაკა მიქელაძე და ნინო გუგეშაშვილი… აი, რაც შეეხება ნინო გუგეშაშვილს, მისთვის რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი ყოფილა, რომ “ნისლების მატარებელში ჩაჯდომა” ესწავლა და მინდა ვუსურვო, რომ თავისი მწერლური უნარები უხვად მოეფინოს ლიტერატურული პრესისათვის.
    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს იყო შარშან; შარშანდელმა პენმატარებელმა უკვე ჩაგვიარა და მე მხოლოდ მისი ბოლო ვაგონის რიტმგაწყვეტილი ხმა შეგახსენეთ…
    წელს, წელს რა ვქნათ? მარათონულ დისტანციებს (სპორტში ორმოცდახუთამდე კილომეტრიაო) შეჩვევა სცოდნია და წელსაც ხომ უნდა გავიაროთ?
    შარშანდელ მონაწილეთა შთამბეჭდავი რაოდენობა, ალბათ, ენერგიული “რასკრუტკითაც” იყო გამოწვეული, წელს PEN-ის რეკლამა უფრო მოკრძალებულად გვახსენებს თავს. ამის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რომ “PENმარათონი” უკვე ერთი წლისაა, დაბრძენდა, გამოცდილება შეიძინა, თავდაჯერებულობაც იგრძნო, საქმესაც დინჯად მოეკიდა და ყველა ამ ღირსების შესაძენად ერთი გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
    მეორე გაკვეთილის მომზადება 2003 წლის 19 მაისიდან 30 მაისამდე მიმდინარეობდა გამომცემლობა “დიოგენეს” ოფისში. პლიუს-მინუს(+-) სამასი პროზაული ნაწარმოები (ან ნაწარმოების ფრაგმენტი – 5 გვერდამდე) წარადგინეს კონკურსანტებმა პირველ ეტაპზე. მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილეთა რიცხვი წელს 23-ით განისაზღვრა და ჟიურიმ ფინალისტებს ორი დღით ადრე აცნობა ამის შესახებ. ყველაზე დიდი სიახლე და სიხალისე ის არის, რომ წელს “PENმარათონმა” 2003-მა თავისი მხატვრულ-შემოქმედებითი ფანტაზიის აფრები შავ ზღვაზე აუშვა. დღეს და ხვალ, ე.ი. 7 ივნისის დღის თორმეტი საათიდან 8 ივნისის დღის 12 საათამდე კონკურსანტები ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან გასულ გემზე “კაპიტანი ლორთქიფანიძე” შექმნიან ერთ ორიგინალურ პროზაულ ნაწარმოებს. კონკურსანტები იმუშავებენ გარკვეულ თემაზე, რომელიც უშუალოდ მარათონის დაწყების წინ დასრულდება. შემდეგ – ისევ ჟიური და შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – მწერლის ოსტატობა. მერე უკვე მღელვარე მოლოდინი 27 ივნისისა, როდესაც კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, ანუ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ათი საუკეთესო საკონკურსო ნაწარმოებისაგან შემდგარი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. შემდეგ… შემდეგ, ალბათ, პირველი და მეორე კრებულის შედარება და დარწმუნება ან ვერდარწმუნება იმაში, რომ გამეორება ცოდნის და წინსვლის დედა და საწინდარია; თუ “დარწმუნება”, მაშინ უკვე მესამე გაკვეთილის მძაფრი მოლოდინი, რადგან ღმერთი სამობითაა; თუ ვერდარწმუნება, მაშინ, ალბათ, იმის აღნიშვნა რეცენზიაში, რომ “მეორე” ყოველთვის არ ნიშნავს “პირველს” მიმატებულს, რომ ხანდახან პირიქითაც ხდება. შემდეგ… შემდეგ, ალბათ, ის, რომ ლიტერატურული ცხოვრება პლიუს-მინუსებისაგან არ შედგება და რომ მთავარი ლიტერატურული მოძრაობა და ლიტერატურული ბიზნეს-პროექტებია, რასაც წარმატებით გეგმავს და ახორციელებს გამომცემლობა “დიოგენე” და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ამაღლებს და პრესტიჟს უქმნის ლიტერატურული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, რაც, თავის მხრივ, ჩვენს გახუნებულ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ელფერს სძენს.
    მაშ ასე!
    დაველოდოთ გაკვეთილს ზღვაში, ანუ (შემოქმედებით) უსაზღვროებაში!

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმნილი რუსული პოეზია.

    ლელა სამნიაშვილი
    ვიდრე ყაზბეგს ეცინება
    ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმნილი რუსული პოეზია. თბ. 2007.

    “…თვალს ქუთუთოებქვეშ რატომ ჭუტავ?/ყაზბეგო, რაზე გეცინება?“ – მაინცდამაინც პასტერნაკის ამ ლექსზე გადავშალე კრებული, რომელიც ჩემს ხელთაა.
    ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ აღმოსავლური და დასავლური პოეზიის ნიმუშების საუკეთესო ქართული თარგმანებით განებივრებულმა მკითხველმა ცოტა ხნის წინ ახალი საჩუქარი მიიღო. თუმცა, ვახუშტი კოტეტიშვილი რუსული პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილის (“ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი”) ქართულ ენაზე კრებულად გამოცემას მთარგმნელის პროფესიულ ჟინს უმადლის, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსული პოეზიის თარგმნა და ქართველი მკითხველისათვის მისი შეხსენება ბევრი კუთხითაა დროული და საინტერესო.
    მთარგმნელი აღნიშნავს: “მე ამ ჩემი საყვარელი ლექსების თარგმნას შეგნებულად თავს ვარიდებდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ რუსული ენა საქართველოში თითქმის ყველამ იცოდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ მკითხველი მათ დედანში გაეცნობოდა.” ქართველი მკითხველის ახალ თაობას დღეს უკვე ნამდვილად სჭირდება რუსული პოეზიის გაცნობა მშობლიურ ენაზე; მით უმეტეს, რომ საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური მიმართებები, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების სიხშირესა და მასშტაბებზეც აისახება. გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვე რუსულ ლიტერატურას ალბათ არც უნდა მიენიჭოს ჩვენს მიერ რაიმე განსაკუთრებული პოზიცია, ვიდრე ვთქვათ, ინგლისურენოვან ან ლათინოამერიკულ ლიტერატურას. ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით კი რუსული ლიტერატურისა და რა თქმა უნდა, რუსული პოეზიის მნიშვნელობის დავიწყება საქართველოსთან და ქართულ ლიტერატურასთან მიმართებაში უბრალოდ, შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ თავის დროზე რუსულმა პოეზიამ კავკასიითა და საქართველოთი შთაგონებული უამრავი ლექსი შეიძინა, მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაზე. ისეთ უშუალო გავლენებს რომ დავანებოთ თავი, რომელთა შედეგადაც ქართულ პოეზიაში ვთქვათ, ფუტურისტული მიმართულება გაჩნდა, რუსული პოეზიის გავლენა ცისფერყანწელების და გალაკტიონის შემოქმედებაშიც კი მნიშვნელოვანია. აქედან პირველი – ქართული პოეტური ტრადიციის ფრანგულ სიმბოლიზმთან შეზავების მცდელობა, ხოლო მეორე ამ მცდელობას გაცდენა და მთლიანად ახალი პოეტური პარადიგმის დამკვიდრება იყო. მათში ევროპული პოეტური გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანწილად, რუსული პოეზიის და ფრანგულიდან და ინგლისურიდან – რუსულად თარგმნილი პოეზიის გავლით მოხდა.
    აქ უკვე თარგმანის როლის მნიშვნელობას შევეხეთ – პოეზია, სამეტყველო ენების გარდა, მხატვრული აზროვნების, სიმბოლოების, მოტივების, განცდების, რიტმის, ფორმალური ძიებების ენებსაც ფლობს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვანაირად ემორჩილება გეოგრაფიას, ეპოქას, პოლიტიკურ ფორმაციებს და კონკრეტულ ენობრივ სისტემებსაც კი. სხვანაირად რომ ვთქვათ, პოეზიის ინტერპრეტირებაც და თარგმნაც ბევრნაირად და უსასრულოდ შეიძლება – ენის შიგნით, ენიდან-ენაზე, ეპოქიდან–ეპოქაში, ქვეყნიდან-ქვეყანაში. ჩვენს ხელთ არსებული რუსული პოეზიის ქართული კრებული მთარგნელობითი ოსტატობის ყველა ნიშანს ატარებს: ცალ გვერდზე განთავსებული რუსული ლექსი და მეორე გვერდზე, მისი ქართული თარგმანი – სტრიქონთან-სტრიქონის, რიტმთან-რიტმის, რითმულ სტრუქტურასთან–რითმული სტრუქტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა. თუმცა, ამ ნიმუშების კითხვისას, გზადაგზა, სმენაში მკაფიოდ გაიელვებს ხოლმე ჩვენთვის ცნობილი კოტეტიშვილესეული სხვა თარგმანები, და მათი აღმოსავლური ინტონაციები: “მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო?/ ასე მთლიანი, ასე ჩემი, ვის რა გავუყო?/ მისთვის რომ ვსუნთქავ და ცოცხალი კაცი მქვია მე,/ ითხარით მაინც, ვის ვუმადლო მე ეს სიამე?” (უსათაურო, ოსიპ მანდელშტამი).
    განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კრებულში იოსიფ ბროდსკის პოეზიის თარგმანებისათვის დათმობილ ნაწილს. Bბროდსკის ლექსების თავისებურება – ემოციური სახეები, ორიგინალური რიტმი და ფილოსოფია, რომელიც რუსული ენისათვის ბევრად უფრო ორგანული აღმოჩნდა, ვიდრე იგივე – ინგლისურისათვის, უკიდურესად ძნელს ხდის ამ ავტორის თარგმნას. ჩვენ უკვე ვიცნობთ ქართულ ენაზე ბროდსკის ზვიად რატიანისეული თარგმანების წარმატებულ მცდელობას. კოტეტიშვილის მიერ გადმოქართულებული ბროდსკი ოსტატურია, გარითმული, მრავალფეროვანი. ის, რაც თარგმანში იკარგება, არის პოეტის უკიდურესი რადიკალიზმი, განწყობის თვალსაზრისით. ბროდსკის ლექსები ხომ მისსავე პუბლიცისტიკაზე არანაკლებად ბასრია. პოეტური ნიჭის გარდა მათში ეფექტური, დახვეწილი აზროვნება და ასე ვთქვათ, გარემოსთან ენობრივი ბრძოლა ჩანს. თუმცა, თავად ავტორმა, პოეზიასთან ამ განწყობის საუკეთესო ნაზავი, როგორც ითვლება, თავადაც ვერ გადაიტანა რუსულიდან – ინგლისურ ენაზე. ბროდსკი ხომ თავის თავს მოიხსენიებდა ებრაელად, რუს პოეტად და ამერიკელ პუბლიცისტად. ასეთი თვითიდენტიფიკაცია, მისი ბიოგრაფიის ფონზე, ზუსტად რომ ხაზს უსვამს ენების თვისებას – გადალახონ კონკრეტული ტერიტორიები მწერლისა და ლიტერატურის საშუალებით და დაამტკიცონ საკუთარი უპირატესობა გეოგრაფიაზე, პოლიტიკასა და დროზე.
    ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ქართველი მკითხველისათვის შემოთავაზებული რუსული პოეზია ქართულად, სწორედ იმ გზის ნაწილია, რომლითაც პოეზია და ენა დროში და სივრცეში აგრძელებს მოგზაურობას. ამ გზის აღმოჩენა და მისი გაყოლა კი, იქნებ გადარჩენასაც ნიშნავდეს. შეიძლება ამ წერილის პუბლიცისტური ციტატით დასრულებას ბროდსიკსავე ლექსის კოტეტიშვილისეული თარგმანის ციტირება სჯობდეს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მნიშვნელოვან თარგმანებს მკითხველი აუცილებლად მოძებნის უახლოეს მომავალში.
    ბროდსკი კი წერდა: “ლიდერებს მათ მიერ წაკითხული წიგნების, და არა მათი პოლიტიკური პროგრამების მიხედვით რომ ვირჩევდეთ, დედამიწაზე ბევრად ნაკლები მწუხარება იქნებოდა.”
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    "ცისფერყანწელები” – ასი ლექსი


    დაბრუნება ნაცნობ სამყაროში

    გელა ოდიკაძე

    “ცისფერყანწელები”. ასი ლექსი. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბილისი. “ინტელექტი” 2007.

    ერთი საუკუნის შემდეგ ხელახლა ვუბრუნდებით “ცისფერყანწელთა” პოეზიას. მეგაპოლისების ეპოქაში მათი ურბანიზმი მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ეს ხომ დასაწყისი იყო. ეს იყო ურბანისტული ცნობიერების ქართულ პოეზიაში დამკვიდრების პირველი ცდები. ურბანიზმი XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩვენში თავისებურად იკიდებდა ფეხს. ქალაქი ერთდროულად შემზარავ და ამასთანავე მიმზიდველ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა პოეტებისათვის. კოლაუ ნადირაძის ლექსი “ავზნიანი ქალაქი” ასეთი სტრიქონით იწყება: “მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი”. უჩვეულო, ფანტასმაგორიული, მომაჯადოებელი სურათია აღწერილი პაოლო იაშვილის ლექსში “ფარშავანგები ქალაქში”. და თუმცა, იგივე პაოლო იაშვილის სხვა ლექსში – “წერილი დედას”- ქალაქის შემზარაობა სოფლის პასტორალურ ფონზეა წარმოსახული, მაინც ერთგვარი მიმზიდველობა ამოიკითხება ურბანისტული გარემოს შტრიხებში. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი მაია ჯალიაშვილი ხაზს უსვამს კრიტიკოს თამაზ ვასაძის სიტყვებს – სიმბოლიზმის სკოლამ “ცისფერყანწელებს” სინამდვილის პირველაღმომჩენთა, პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცაო. ჩემი მხრივ, მინდა დავძინო: ეს მახვილგონივრული დაკვირვება, ალბათ, ქალაქსაც ეხება, ვინაიდან “ცისფერყანწელები” ქალაქსაც ახალი, ხალასი და განცვიფრებული თვალითაც კი უმზერდნენ. ქალაქიც იმ სინამდვილის ნაწილი იყო, რომელიც ქართველმა პოეტებმა ახლებურად აღიქვეს.
    “ცისფერყანწელთა” შემოქმედების ხელახლა გადაკითხვისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ლექსებს არა მხოლოდ ფორმის დახვეწილობის, არამედ ემოციური შემოქმედების ნიშნით ვაფასებთ. მართლაც, ამ შემთხვევაში, საზომად შეიძლება მკითხველის მეხსიერება გამოდგეს. ის ლექსები, რომლებიც ერთხელ მაინც ცხოვლად აღიბეჭდა მეხსიერებაში, ხელახლა გადაკითხვისას ან იმედგაცრუებას გამოიწვევს ან კიდევ უფრო ცხოვლად აღიბეჭდება. მე, პირადად, ამ წიგნმა ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად წარსული დროის ნოსტალგია და სევდანარევი სიხარულიც მომგვარა. ისევე, როგორც ბევრი ადამიანისათვის, ჩემთვისაც, ამ პოეტებით და ამ ლექსებით იწყება XX საუკუნის ქართული პოეზია.
    კრებულის შედგენისას მაია ჯალიაშვილი ცდილობდა, წინა პლანზე ის ლექსები წამოეწია, რომლებზეც აქამდე საგანგებოდ არ გაკეთებულა აქცენტი. მან ამა თუ იმ პოეტის ნაწარმოებთა თავისი არჩევანი, თავის თანმიმდევრობა შემოგვთაზა. ეს ასეც უნდა იყოს და სწორედ ამიტომაცაა (საინტერესო წინასიტყვაობასთან ერთად) ეს წიგნი მნიშვნელოვანი. წიგნს ორგანულად შეერწყა სანდრო ცირეკიძის და სერგო კლდიაშვილის მინიატურები.
    ჩემი აზრით, ფაქიზად, დახვეწილი გემოვნების კარნახით არის შერჩეული გრიგოლ რობაქიძის ლექსები. ამ ლექსებში მკაფიოდ გამოსჭვივის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული ხელწერა. არცთუ იშვიათად, ზერელედ აფასებენ რობაქიძის ლექსებს და ავიწყდებათ, რომ ეს ლექსები განუყოფელი ნაწილია ახალი მხატვრული აზროვნებისა. მაია ჯალიაშვილს მოაქვს ტიციან ტაბიძის სიტყვები: “სიმბოლიზმი ჩვენთან შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა”.
    არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოიცა შალვა კარმელის ლექსების სრული კრებული. წინამდებარე კრებულშიც ეს პოეტი თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, სხვა ლექსებს “სემირამიდის ბაღი” უძღვის წინ. ეს ლექსი დღემდე ინარჩუნებს იმ პირველქმნილ მუხტს, რომელიც დაწერის პირველი დღიდანვე ჰქონდა. უაღრესად შთამბეჭდავია პირველივე სტროფი: “გადმოკიდულა ციდან,
    სემირამიდის ბაღი,
    გულია ერთი ციდა,
    და მთისოდენა დაღი.”
    კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უკვე ნათქვამს: ამ კრებულის კითხვისას ჩვენ ვამოწმებთ “ცისფერყანწელთა” ლექსების ემოციური ზემოქმედების ხანგრძლივობას. ლექსები იმისთვის იწერება, რომ, უპირველეს ყოვლისა, ემოციურად შეძრას ადამიანები. არსებობს ლექსები, რომლებიც ტექნიკურად უზადოდ არის შესრულებული, მაგრამ გრძნობისმიერი მუხტის უქონელია და არსებობს ლექსები, რომელთაც მცირეოდენი ტექნიკური ზადი აქვს, მაგრამ მძლავრ ემოციურ ფლუიდებს გამოსცემს.
    სწორედ ასეთი ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი კოლაუ ნადირაძის წინამდებარე წიგნში შესული ლექსი “25 თებერვალი. 1921”. ყველას კარგად გვახსოვს ამ ლექსის ხელნაწერის შემთხვევითი გამოქვეყნების ისტორია საბჭოთა პერიოდში. დღეს “ცისფერყანწელების” სხვა ლექსებთან ერთად გამოქვეყნებული ეს ლექსი ცხოველმყოფელ შტრიხს სძენს კოლაუ ნადირაძის შემოქმედებას და XX საუკუნის ქართულ კლასიკურ პოეზიაში თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“