• ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

    პაატა შამუგია – (მ)ორალური სექსი

    18 წლის ასაკში სექსი (თუნდაც, ორალური) გართობის მშვენიერი საშუალებაა. მაგრამ 18 წლის ასაკში სექსზე (თუნდაც, ორალურზე) პროზის დაწერის საშუალება ბევრს არ ჰქონია.
    18 წლის ერეკლე დეისაძის ნოველა კოდური სახელით – “99”, ორალური სექსის დემოგრაფიულ მისიას გვიჩვენებს.
    რამე რომ იყოს, კარგი რეცენზენტი ასაკს არც კი გამოეკიდებოდა და საიფერული სჯაც არ დასჭირდებოდა, მაგრამ უამისოდაც არ გამოვა.
    რატომ “99?” იქნებ, იმიტომ, რომ ალაჰს (არ მესმის, რაში ჭირდება, მაგრამ) 99 სახელი აქვს? იქნებ იმიტომ, რომ ეს ბინარული კომბინაცია სარეკლამო ტექნოლოგების საყვარელი რიცხვია? ან იქნებ სულაც ასევე “რეკლამშიკ” ფრედ ბეგბედერის სკანდალური წიგნი “99 ფრანკი” გამოგვადგეს სანიშნედ. სტილისტურადაც ხომ ჩამოჰგავს კიდეც ადგილ-ადგილ.
    ამის გარდა, 99-ის (ანუ ორი ცხრიანის) გეომეტრიული პროგრესიით გაანგარიშებისას მიიღება ერეკლე დეისაძის ასაკი – 18 წელი.
    რიცხვი 99 ზღვარია, საიდანაც უნდა დაიწყოს რაღაც ახალი, ვთქვათ, ახალი რასა.
    ქართველები განათლებული ერი ვართ და ცხადია, ვიცით ფოლკლორსა და მითებში არსებული ყველა არაორდინალური დაბადება: გველეშაპის ფაშვიდან, ყურიდან, ნესტოდან, ქუსლიდან, ნეკნიდან, ზღვის ქაფიდან, ბრმა ნაწლავიდან, კომბოსტოდან… ცხადია, ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი დედის საშოდანაც იბადება.
    მაგრამ “99”-ში დაბადება “წარმოებს” ღრძილებიდან. მოკლედ, სრული პერვერსია. სამ უშვილო გოგოს თითო-თითო მადიანი მინეტიდან ცხრა თვის თავზე ღრძილები ებერება. ეს უშვილო დედების სექტაა. სექტა რელიგიურად კი არა, ისე, უბრალოდ. ვთქვათ, კონცეპტუალურად.
    “ნატას კბილების ცვენა დაეწყო. იგივე სიმპტომი ჰქონდათ ნუცას და თაკოს. მოკლე დროის განმავლობაში, სამივე მათგანს აღარცერთი კბილი აღარ შერჩათ, ხოლო ღრძილები უსაშველოდ დაუგრძელდათ და კბილების ადგილზე, კვერცხისებური მოგრძო ფორმის უცხო სხეულები ჩამოეზარდათ. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ერთ თვეში დასრულდა. პირველად ნატამ იმშობიარა, შემდეგ ნუცამ, სულ ბოლოს კი თაკომ.
    ამ პროცესს მშობიარობა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ეს იყო ახალი ქართული რასის დაბადება. ათი სანტიმეტრის სიგრძის ლორწოვანი სხეულები, რომლებიც ღრძილებიდან იშვნენ. მათ ჰქონდათ ადამიანის აღნაგობა, მაგრამ არ ჰქონდათ სქესი. (ე. დეისაძე “99”)”.
    ასე იშვა ახალი რასა, “ჰომო ნოვუსი”, რომელიც მშობლების ექსკრემენტზე იზრდება.
    თუ ჰიტლერი ახალ რასაში (რატომღაც) ევოლუციის ახალ საფეხურებს ხედავდა, დეისაძესთან ეს ახალი რასა აბსოლუტურად მოკლებულია არათუ სოციალურ საზრისს, არამედ ბიოლოგიურსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, მხატვრულზე. ამ რასის წარმომადგენლები სულ მთლად ორ აბზაცში 25-ე კადრივით გაიელვებენ და ვითომც არაფერი. არადა, მართლაც რომ არაფერი: მათი სოციალური ინტერაქცია მშობლების ძღნერის ჭამითა და თვლემით ამოიწურება. ერთი სიტყვით, სრულიად უწყინარი რასაა.
    “99” ძალიან მხიარული ტექსტია. თუმცა, გამაღიზიანებელი გამოდგა ის, რომ ერეკლეს პროტაგონისტი პერიოდულად საკუთარი ამორალობის დატკიცებითაა დაკავებული. თითქოს პერსონაჟი (რომელიც ძალიან წააგავს ავტორს) მუდმივად გვემარიაჟება თავისი გარყვნილებით, მოჭარბებული აგრესიითა და ზეთამამი სექსუალური ფანტაზიებით (“მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიურგერი, რომელიც ემის გაჟიმვაზე ოცნებობს. ემი ჩემი დის სახელია და იგი ბავშვობაში განგებამ ქვედა კიდურების ამპუტაციით დაასაჩუქრა”), სამაგიეროდ, აქვს ძალიან ეფექტური კონტრასტები: “ნუცა კოკაინთან მეგობრობს, მე – ქრისტესტან.”
    “მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში… აბაზანაში ბანაობისას, მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც შესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. იგივე საპნით კი, მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ინცესტია.”
    თითქმის ტრუისტული “გარყვნილებაა”, თითქოს, მილერთან, ბერჯესთან, ირვინ უელშთან ან ისევ და ისევ, ბეგბედერთან წაკითხულივით, მაგრამ ფინალური ფრაზა მხატვრულად მამოტივირებელი ხდება. საპნის ინცესტური საზრისით დატვირთვა სხვაგან არც შემხვედრია და მგონი, ძალიან კარგი “სატოპკეა” ფროიდისტული თეორიების მოყვარულებისთვის.
    სათაურის გარდა, ბეგბედერისულ ნარატივებს ტესტშიც ვხვდებით, რაც საერთო კონტექსტს უხდება კიდეც. თუმცა, ეს ირონიულ-გროტესკული სივრცე ერთბაშად მძიმდება, როცა ტექსტურ ანტრაქტებს შორის საიდანღაც ფილოსოფიური ბიჟუტერია შემოლაგდება და იწყება “ინტელექტუალი სირებისგან” საკუთარი პერსონის გამოცალკევება. ვფიქრობ, ამ ბიჟუტერიისგან გათავისუფლებით მეტი ადგილი დარჩება ხარისხიან ნარატივს, რომლის ნაკლებობას ეს ნოველა ნამდვილად არ უჩივის.
    “99”-ის განწყობის ზუსტი გაგებისთვის მივყვეთ ფაბულას:
    ერეკლე (უფრო სწორად ერეკლეს პერსონაჟი, ანუ ერეკლე) და მისი გელფრენდი “დიდი ქართველი მწერლის” ძეგლთან ნიშნავენ პაემანს. მაგრამ სანამ თქვენ გუნებაში “გვყავს კი ქართველებს” დიდი მწერალი”-ს კითხვას მოასწრებდეთ, ავტორი დაუნდობელი სიმართლის პირისპირ გაყენებთ: ეს დიდი ქართველი მწერალი თვითონ ერეკლე დეისაძეა.
    “წასვლამდე ძეგლს უყურებს და მეკითხება, მომწონს თუ არა ჩვენ ზემოთ აღმართული მწერლის მოთხრობები. მე ვპასუხობ, რომ “99” ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა.”
    ნაცადი პოსტმოდერნისტული ხერხი – ავტორის ნიღაბი – ამ შემთხვევაში საუკეთესოდ მოერგო კონტექსტს და მთელი ეს ჰორორი თუ პორნო-დრამა გადაქაჩა (წუთიერ, მაგრამ მაინც) მხიარულ მეტატექსტში.
    ავტორი საბოლოო ჯამში მოდერნისა და პოსტმოდერნის საზღვარზე ქანაობს, ხან იქით გადაიწევა, ხან – პირიქით. მოდერნის დაუფარავი ამბოხი, პირდაპირი შეჯახება საგანთან და მისი დამსხვრევის მცდელობას ენაცვლება პოსტმოდერნისტული “შტუკები”, მეტატექსტური თამაშები და ირონიული ტროპები.
    როგორც წესი, ასეთი ეკლექტიკა ამართლებს და რომ იტყვიან, კითხვადს ხდის ტექსტს, მაგრამ მთლიანად პოსტმოდერნისტული რომ იყოს, კომერციის და არტის ამბავშიც (ეს ორი სფერო კი, კაი ხანია, აღარც განსხვავდება ერთმანეთისგან), მეტს მოიგებდა. მოდერნი, როგორც წესი, ასეთ თემებს დაძაბულად უდგება, რაც ამ ტექნოკრატიულ დროში ცოტა დამღლელიც კია, მაშინაც კი, თუ ისეთი მშვენიერი ფინალი გაქვს მოფიქრებული, როგორც ეს ერეკლე დეისაძესთანაა. სრული რეპრეზენტირებისთვის მთლიანად მოვიტან ფინალურ ციტატას:
    “შუადღის სამი საათი არის დრო, როდესაც ახალი რასა თვლემს, ხოლო ტელევიზორი არის ნივთი, რომელსაც ამ დროს ვიყენებთ. მე და ჩემი სამი ალქაჯი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხედვართ. ჩვენ ჩუმად ვართ, ტელევიზორი – არა. ეკრანზე ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი (მას ყველა “უწმინდესს” ეძახის) დინჯი იერით გვამცნობს აპოკალიფსის დადგომას და ანტიქრისტეს გარეგნობის სკრუპულოზურად აღწერით არის დაკავებული.
    კარზე ზარია…
    ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება ვინმეს. ჩვენი გაოცების მიზეზიც ეს არის. ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არავინ არაფერი იცის. ასეთ დროს სიჩუმე ყველაზე აუტანელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ კარები უნდა გავაღო და ასეც ვიქცევი.
    იქ თეთრწვერიანის მიერ აღწერილი პიროვნება დგას. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
    – შეიძლება? – მეკითხება.
    – სტუმარი ღვთისაა. – ვპასუხობ.”

    თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმარი ანტიქრისტეა, მაშინ ეს “უმანკო” ფრაზა (“სტუმარი ღვთისაა”) სახიფათო ამბივალენტურ ნიშნულად იქცევა, რომელსაც ავტორმა დაუნანებლად გადააბიჯა და კიდევ ერთხელ ააწნა სილა ტრადიციული ბინარული ოპოზიციების მოყვარულებს.
    ფინალი აღწერის დინამიკითა და სიტუაციურობით ალბათ სარტრის “ჰეროსტრატეს” და ბეგბედერის “სენ-ჯერმენ-დე-პრეში ნაპოვნი ხელნაწერის” შორეული რემინისცენციაა, რაც კარგადაა გააზრებული და გადამუშავებული.
    ისე გამოვიდა, რომ ტექსტი ძალიან არაპოლიტკორექტული და ეპატაჟით გაჯერებულია, ამიტომაც, მგონია, რომ ისეთ საინტერესო რამეს, როგორიცაა დღევანდელი ქართველი საზოგადოება, მოუწევს რეფლექსების ფრქვევა, ავტორს კი -ამის ატანა.

    ერეკლე დეისაძის მოთხრობა “99” დაიბეჭდა “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, №26, ივლისი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – კარლსონის მამალივით

    რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს ჟურნალში მხატვრული ტექსტების ბეჭდვის პოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. უკვე ერთი წელია ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ამ ფორმამ, ანუ ახალი მოთხრობებისა და ახალი ლექსების ბეჭდვამ, გარკვეულწილად თავისი თავი ამოწურა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჟურნალმა უარი უნდა თქვას ახალი მხატვრული ტექსტების ბეჭდვაზე, უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა ამ გაგანია კრიზისში?
    2008 წლის ბოლოს, როცა აქ, ამ ადგილას, გასულ ლიტერატურულ წელს ვაჯამებდი, ვთქვი: “2008 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცემისთვისაც, შეიძლება ითქვას, “ლიტერატურა – ცხელმა შოკოლადმა” ამ წელს აიდგა ფეხი და იმედია მომავალ 2009 წელს უკვე ხარის ძალებს მოიკრებს.” სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, დაახლოებით 1 თვეში ჩვენ იძულებულნი გავხდით ჟურნალი 48-დან (“ლიტერატურის” მოცულობა ხანდახან 64-საც კი აღწევდა) 32-მდე შეგვემცირებინა, იკლო ჰონორარებმა, ენთუზიაზმმაც. იმავე შემაჯამებელ წერილში ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებოდი მკითხველს, რომ 2009-ში ჩვენი ჟურნალი მეტ თემატურ ნომერს მოამზადებდა, მეტი იქნებოდა უახლესი ლიტერატურის თარგმანები, შევეცდებოდით დაგვემკვიდრებინა ხარისხიანი ლიტერატურული ჟურნალისტიკა და შეგვექმნა ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკისთვის. იმაზეც კი ვოცნებობდი, რომ სწორედ ლიტერატურული კრიტიკა მისცემდა მაგალითს ყველა დანარჩენ კრიტიკას, ვაპირებდით მრგვალი მაგიდების მოწვევას, სპეციალური კითხვარების შედგენას.
    ვაპირებდით… რადგან ყველა ეს იდეა მსოფლიო კრიზისის ქართულმა განშტოებამ შეიწირა. ჩვენს ჟურნალს კომპანია “ჯიპისის” სახით ძალიან ერთგული სპონსორი ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მათი მხარში დგომა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ, 2009 წელი კი “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” ფერისცვალების წლად ქცეულიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მცირე შანსი ნამდვილად არსებობს და ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ავტორების იმედიცა გვაქვს, ვინც შედარებით მცირე ჰონორარის საფასურად მოამზადებს მწერლებთან ინტერვიუს, მიმოხილვებს, დაწერს კრიტიკულ სტატიებს, რეცენზიებს, უპასუხებს კითხვარებს.
    თანამედროვე ტიპის ლიტერატურული პერიოდიკა სწორედ ამას გულისხმობს, მეტ ანალიზს, ინტრიგას, პირად გამოცდილებას, ინფორმაციას. დღეს უკვე ძალიან მომრავლდა ლიტერატურული პორტალები თუ ბლოგები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ ყურადღებასა და დახმარებას, მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თითოეული რჩევა თუ კრიტიკული შენიშვნა, ზოგი რამ კი მათგანაც შეიძლება ვისწავლოთ. გარდა ამისა, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ თარგმნის ხარისხს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში, თანაც გაითვალისწინეთ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტი თარგმნილი წიგნი გამოდის, ვიდრე ორიგინალური ლიტერატურა, რაც გვავალებს კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ ამ გამოცემების მიმართ.
    არ ვიცი, როგორ გამოვა ეს ამბავი, რა განახორციელებს ამ ჩანაფიქრებს… თუმცა ვიმეორებ, ჩვენი ერთგული და მომავალი ავტორების იმედს მაინც დავიტოვებ და სულ ბოლოს ჩემს იმეილსაც დავაგდებ, კარლსონის მამალივით.

    kharbedia@yahoo.com

    სტატია დაწერილია 2009 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – ჩვენი დროის მდინარე

    დღევანდელ ნომერში ორი ტექსტია ისეთი, რომელიც მდინარეს ეხება: ერთი უშუალოდ მდინარეზე მოგვითხრობს, მეორე წერილის მთავარმა გმირმა კი მდინარის სახელი აიღო ფსევდონიმად. პირველი ტექსტი გაბრიელ გარსია მარკესისაა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს…”, მეორეში თამარ კოტრიკაძე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტ ქალზე, ქრისტინე ლავანტზე წერს. დღეს მეც გადავწყვიტე მდინარეზე დამეწერა, იმ მდინარეზე, რომლის ნაპირასაც მთელი განვლილი ცხოვრება, ანუ 34 წელი გავატარე და რომლის მომავალიც ძალიან მაღელვებს.
    მდინარე ვერეს ვგულისხმობ, იგი ათწლეულების მანძილზე ნაგვის ალყაში იყო მოქცეული. დღესაც ასეა. ბოლო 30-35 წელი ვერე ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.
    XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა ხეობაზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ზოგმა ესტაკადას გავიყვანთო ვერეს ხეობაშიო… მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.
    დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ. არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.
    მარკესი თავისი ცხოვრების მდინარეს უწოდებს მაგდალენას. მაგდალენა დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად ჩემთვის, ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მისი გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.
    მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის, პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.
    საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომელიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში. თუ არ დაიზარებთ და Google-ში “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბს” აკრიფავთ, ადვილად გვიპოვით. მანამდე კი ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც იგივე ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”-ო. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.
    მარკესს უწერია დღევანდელ წერილში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, იგი რეალურია”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“