• ახალი ამბები,  ინტერვიუ

    ვახუშტი კოტეტიშვილის ბოლო თარგმანი…

    გამომცემლობა “დიოგენემ” პოეზიის მთარგმნელთა კონკურსი გამოაცხადა

    ია ვეკუა
    მათთვის ვინც ლექსებს არა მხოლოდ წერს, არამედ მათი უცხო ენიდან მშობლიურზე თარგმნაშიც გაწაფულია (ან ჯერ კიდევ იწაფება), გამომცემლობა “დიოგენემ” მთარგმნელთა კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულთათვის ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიაა დაწესებული, ამ პრემიის მიღება კი სამ კონკურსანტს შეეძლება. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ერთ თვეს გასტანს. საუკეთესო თარგმანების ავტორებს კი ჟიური 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს გამოავლენს.
    კონკურსში მონაწილეობის პირობები შემდეგია: კონკურსანტის ასაკი 20-დან 35 წლის ჩათვლითაა განსაზღვრული. საკონკურსო მასალა არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე აკრეფილ ათ გვერდს (შესაძლებელია რამდენიმე ლექსის თარგმანის წარდგენა). მონაწილეობის მსურველმა ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის გარდა “დიოგენეს” ოფისში მისი ნაბეჭდი ვარიანტიც (სამ ეგზემპლარად) უნდა წარადგინოს, თანაც დედანის ქსეროასლთან ერთად. მართალია, კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელებისთვისაა, მასში მონაწილეობა უკვე გამოცდილ მთარგმნელებსაც შეუძლიათ, რაც ისევ და ისევ კონკურსის მაღალი ხარისხისთვისაა დაშვებული.
    რაც შეეხება ჟიურის, მისი შემადგენლობა შემდეგია: გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ნიკა ჯორჯანელი. მათგან რამდენიმე კონკრეტული ენიდან თარგმანზე იქნება პასუხისმგებელი – მაგალითად გიორგი ლობჯანიძე ირანისტია, ჯორჯანელი – გერმანისტი, თამარ ჯაფარიძე ინგლისურიდან, ხოლო ხათუნა ცხადაძე იტალიურიდან თარგმნის. თუმცა იმ შემთხვევაში თუ საკონკურსოდ რომელიმე სხვა ენიდან თარგმანი შევა (მაგალითად, პორტუგალიურიდან ან სულაც სომხურიდან) ჟიური ამ ენების სპეციალისტებს დაიხმარს, თარგმანის პოეტურ ხარისხის დადგენაზე კი მხოლოდ მისი წევრები იზრუნებენ.
    “თავიდან ვფიქრობდით, რომ აღმოსავლური და დასავლური ენებიდან თარგმანები გაგვემიჯნა და ცალ-ცალკე ნომინაციებად დაგვეყო, თუმცა ვინაიდან პირველი კონკურსია, გადავწყვიტეთ, ეს საკითხი შემოსული მასალის მიხედვით გადავჭრათ. აქვე აღვნიშნავ, რომ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მთარგმნელებსაც შეუძლიათ”, – აღნიშნა “დიოგენეს” ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ.
    რაც შეეხება საკონკურსო მასალას, ის აუცილებლად 2009 წლის განმავლობაში უნდა იყოს თარგმნილი. დასაშვებია ქართულად უკვე თარგმნილი პოეტური ნაწარმოებების თარგმანების წარდგენაც – უბრალოდ, საინტერესოა როგორია თანამედროვე მთარგმნელთა ხედვა და თარგმნის სტილი.
    როგორც გითხარით, გამარჯვებულებს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გადაეცემათ. ასეთები სულ სამნი იქნებიან, სამივე პირველადგილოსანი იქნება და ჯილდოდ 1000-1000 ლარს მიიღებენ. კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას ვახუშტი კოტეტიშვილის ქვრივი, მზექალა გოგოჭურიც ესწრებოდა, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
    – გაიხსენეთ, როგორი იყო თარგმანზე მუშაობისას ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელი ნაწარმოებია მისი უკანასკნელი თარგმანი?
    – ვახუშტის ცხოვრება მთლიანად პოეზია იყო. როდესაც თარგმნაზე მუშაობდა, მაშინ თითქოს არც ჯანმრთელობა აწუხებდა, არც რაიმე ყოფითი საკითხი – მუშაობისას თავადაც ლექსად იქცეოდა ხოლმე. მისი ბოლო თარგმანია მარინა ცვეტაევას ლექსი Мне нравится, რომლის თარგმნაც მე ვთხოვე. სხვათა შორის, ჩემი თხოვნით ხშირად თარგმნიდა ხოლმე. ამ ლექსის თარგმნას კი დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს, მეუბნებოდა, ეს ლექსი ძალიან პოეტურია და ძნელია ამ პოეტიკის სხვა ენაზე გადმოცემაო, თუმცა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამირეკა და მახარა, რომ ჩემი სურვილი შეასრულა. ძალიან გამიხარდა, მასაც ძალიან უხაროდა, თვალებით ანათებდა. სამწუხაროდ, ეს ლექსი მისი თარგმანების ბოლო კრებულში ვერ შევიდა, თავისთვის ცალკე დარჩა….
    – რას იტყვით კონკურსის ჟიურის წევრებზე?
    – ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, მართლაც არაჩვეულებრივი თარგმანები აქვთ. მიხარია, რომ ჟიურიში ვახუშტის მოწაფე გიორგი ლობჟანიძეცაა, რომელიც გამორჩეულად უყვარდა და ეამაყებოდა მისი წარმატებები. ორივე ირანისტები არიან, ამიტომ ჩემი მეუღლე მის მოღვაწეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.
    – როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავის მოწაფეებთან?
    – ბოლო წლებში, როდესაც ჯანმრთელობის გამო უნივერსიტეტში სიარულს ვეღარ ახერხებდა, მოწაფეებს შინ იბარებდა და ლექციებსა და მასტერკლასებს უტარებდა. ასწავლიდა და დაწვრილებით უხნიდა ყველა ნიუანსს, რაც მთარგმნელობით საქმიანობაში გამოადგებოდათ. მათი ურთიერთობა იმდენად ახლო და მეგობრული იყო, რომ როდესაც ვახუშტის მოწაფეებმა საკუთარი თარგმანების კრებული გამოსცეს, მასში მასწავლებლის ნამუშევრებიც შეიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის თითქოს ზღვარი იშლებოდა, ვახუშტი კი სრულ ნდობას უცხადებდა. ვახუშტის გამოცემული აქვს ნაშრომი “მთარგმნელობითი მასტერკლასი”, რომელიც დამწყები მთარგმნელებისთვის საუკეთესო სახელმძღვანელოა. სამწუხაროდ წიგნი გაყიდვაში აღარაა, რადგან მასზე დიდი მოთხოვნილება იყო და მთელი ტირაჟი მალევე გაიყიდა. ვინაიდან ეს წიგნი ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის ნამდვილად საჭიროა, ვფიქრობ მისი ხელახალი გამოცემა აუცილებელია.
    – თქვენ ვახუშტი კოტეტიშვილის შემოქმედებითი მუშაობის აქტიური დამკვირვებელი იყავით. მისი სახელით რას ურჩევდით იმ დამწყებ მთარგმნელებს, ვინც კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს?
    – მთარგმენლობითი საქმე იმდენად შრომატევადი და ვრცელია, რომ ორიოდე სიტყვით რჩევის მიცემა ძნელია, თუმცა მთავარს მაინც ვეტყვი: თარგმანში აზრი და მხატვრული სახეები, მეტაფორული ხედვა არ უნდა დაიკარგოს. ვახუშტის ძალიან უყვარდა გამართული რითმაც, არ მოწონდა სუსტი, ნაძალადევი რითმა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვურჩევ, ვიდრე მუშაობას შეუდგებიან, გადაიკითხონ ვახუშტის თარგმანები, შეადარონ დედანს, ცალ ცალკე შეისწავლონ აღმოსავლური და და დასავლური პოეზიის თარგმანები. ეს ნამდვილად დიდი საგანძურია, რომელიც ისევ და ისევ მათ გამოადგება.

    © “24 საათი“
  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    ზაზა ბერიშვილი: საქართველოში წიგნის ფასი გაუმართლებლად მაღალია

    ნანა კობაიძე
    ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბატონი ზაზა ბერიშვილია, გამომცემელი, რომლის საქმიანობის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინათ მხოლოდ მისმა მეგობრებმა და პარტნიორთა ვიწრო წრემ იცოდა. ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პროექტის შემდეგ კი იგი ფართო საზოგადოების სერიოზული ინტერესის ობიექტად იქცა. რატომ, ქვემოთ შეიტყობთ.
    ზაზა ბერიშვილს გამომცემლობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. არც ირგვლივ ჰყოლია ვინმე, ვისი მაგალითიც ამ საქმიანობისკენ უბიძგებდა. პროფესიით ექიმია და მის ოჯახშიც ძირითადად ამ სფეროს წარმომადგენლები ჭარბობენ. თუმცა, როგორც ხუმრობით იხსენებს, ყოფილა ვინმე თავადი ნიჟარაძე, რომელიც მას დედის მხრიდან ენათესავება და 1800 წელს პირველი ქართული სტამბის ზედახედველად დაუნიშნავთ. ეს იყო და ეს. თავად მისი საექიმო კარიერა თავიდანვე მკვეთრად იყო განსაზღვრული. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი თერაპევტის სპეციალობით. 1989 წელს კიევში საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა, თუმცა, შემდგომი საქმიანობა სრულიად სხვა მიმართულებით წარმართა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ექიმებს უჭირთ და ოჯახში ვიღაცას პურის ფულიც ხომ უნდა შემოეტანაო – “განმარტა” საკუთარი არჩევანი. თუმცა, მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა – ზაზა ბერიშვილს ძალიან უყვარს კითხვა. სანამ საკუთარ გამომცემლობას დააარსებდა, ბევრი ეტაპი გაიარა, ისწავლა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ისეთ ადამიანს, როგორიც ის არის, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საკუთარი გამომცემლობა, თავად განესაზღვრა, რას გამოსცემდა და როგორ. 1998 წელს ჩანაფიქრი რეალურად განახორციელა. ასე შეიქმნა გამომცემლობა “სანი,” რომელიც თავდაპირველად სხვის შეკვეთებს ასრულებდა. ისევე, როგორც ბევრი სხვა გამომცემლობა, ბეჭდავდნენ ყველაფერს, რასაც შესთავაზებდნენ – ღია ბარათებსაც და მხატვრულ ლიტერატურასაც. გარკვეული პრიორიტეტები გაცილებით გვიან გამოიკვეთა. დღესდღეობით ზაზა ბერიშვილი “სანის” საქმიანობას წარმატებულად მიიჩნევს, იმიტომ, რომ შეუძლია გამოსცეს იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც ძალიან უყვარს.
    ზემოთ მოგახსენეთ, რომ “სანის” რამდენიმე საინტერესო პროექტმა გაუთქვა სახელი, ეს პროექტები სამომავლოდ გამომცემლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება. ყველაფერი გურამ დოჩანაშვილთან ნაცნობობით დაიწყო, რომელიც ზაზა ბერიშვილის საყვარელი მწერალია. გაცნობისთანავე შესთავაზა, რომ გამოსცემდა ნებისმიერ ნაწამოებს, რომელსაც ბატონი გურამი ისურვებდა. არჩევანი ძმები კეჟერაძეების ამბებზე შეჩერდა და ასე გამოიცა პირველი პროექტი, რომელშიც დოჩანაშვილის 5 მოთხრობა შევიდა. ამას მოჰყვა “ვატერპოლო,” ამის შემდეგ კი ბატონმა ზაზამ გარისკა და “სამოსელი პირველიც” გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. ეს გამოცემა რიგით მეოთხეა. მესამე გამოცემიდან 10 წელზე მეტი გავიდა. ზაზა ბერიშვილი გაკვირვებულია, რატომ არავის მოუვიდა აზრად მისი ხელახალი დასტამბვა. ეს წიგნი ხომ იმ ნაწარმოებთა რიცხვში შედის, რომელიც ძალიან უყვარს მკითხველს. “სხვათა შორის, “სამოსელი პირველის” გამოცემა ძალიან გამიიოლდა, რადგან წიგნზე მომუშავე პერსონალი უანგაროდ აკეთებდა საქმეს, ისინი ბედნიერნი იყვნენ ამ პროქტის განხორციელებით. ერთადერთი პრობლემა ქაღალდის შეძენა იყო” – მითხრა ბატონმა ზაზამ. მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გურამ დოჩანაშვილს უკავშირდება, მინიმალურ საგამომცემლო ხარჯებს მოითხოვდა. “5 მოთხრობის” პრეზენტაციისთვის დარბაზს ვეძებდი. ჩვეულებრივ, მისი დაქირავება საკმაოდ ძვირია. დავრეკე საჯარო ბიბლიოთეკაში. დარბზის ფასი რომ ვიკითხე, შეიცხადეს, რას ამბობთ, გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაციაში ფულს როგორ გამოგართმევთო – იხსენებს ზაზა ბერიშვილი.
    არცთუ დიდი ხნის წინათ, კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი კიდევ ერთი პროექტი მოექცა. ეს გახლდათ რეზო გაბრიაძის ახალი რომანის – “ქუთაისი ქალაქია” – პრეზენტაცია და უკვე ცნობილი – “შერეკილების” ხელახალი გამოცემა. ამ გამოცემათა ისტორია ასეთია: დაახლოებით ერთი წლის წინათ საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ ერთ-ერთ მიღებაზე ფრანგებმა რეზო გაბრიაძეს წარუდგინეს გამომცემელი ზაზა ბერიშვილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მათთან. ამ შეხვედრისას გაირკვა, რომ ბატონ რეზოს ჰქონდა გარკვეული იდეები, მაგრამ ვერ იპოვა გამომცემელი, რომელიც მათ ზუსტად განახორციელებდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს და გადაწყდა, რომ გაბრიაძის ახალ რომანს სწორედ ზაზა ბერიშვილი გამოსცემდა. “ბატონი რეზოს წიგნის გამოცემა ნებისმიერი გამომცემლობისთვის დიდი პატივი იქნებოდა. როგორც ჩანს, მას ჩვენი გამომცმლობის მუშაობის მთავარი პრინციპი მოეწონა – ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი პროექტებიდან მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ისინი ორ მთავარ მიზანს ემსახურება – ავტორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მკითხველისთვის ხელმისაწვდომ ფასს” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა. სხვათა შორის, ჩემს რესპოდენტთაგან იგი პირველია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში წიგნის ფასები გაუმართლებლად მაღალია. “რეალურად წიგნის გამოცემა არ ჯდება ისე ძვირი, რომ ამხელა ფასი დავადოთ – ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს. მსოფლიოში წიგნი არსად არის იაფი, მაგრამ იქ მოსახლეობას იმხელა ანაზღაურება აქვს, რომ მაღალი ფასი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა წიგნში ძალიან ძვირს ვერ გადაიხდის. ზოგჯერ მათი ფასი გაუმართლებლად მაღალიც კი არის. ეს თბილისელი ტაქსის მძღოლების ამბავს მაგონებს: მოგეხსენებათ, თბილისში ორნაირი მძღოლები არიან – ერთნი მთელ დღეს სადგურთან დგანან და 50-ლარიან კლიენტს ელიან, მეორე კატეგორია განუწყვეტლივ დარბის ქალაქში და სამლარიანი მგზავრიც მიჰყავს და ლარიანიც. ერთი სიტყვით, ოჯახს ორივე არჩენს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ჩვენი გამომცემლებიც დაახლოებით ასე იქცევიან, ზოგს ურჩევნია 500 წიგნი გამოსცეს და 10 ლარად გაყიდოს. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია, მირჩევნია 1000 ეგზემპლარი გამოვცე და 2-3 ლარი დავადო, რადგან მინდა, რომ ჩემი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იყიდოს.” – ამბობს ზაზა ბერიშვილი და ძნელია, არ დაეთანხმო. სამომავლოდ იგი კიდევ რამდენიმე საინტერესო წიგნის გამოცემას აპირებს. სულ მალე მკითხველი იხილავს ოთარ ჭილაძის პოემებისა და ლექსების კრებულს, რომელიც ასევე დიდი ხანია, არ დასტამბულა და გოდერძი ჩოხელის კრებულს, რომელშიც მისი ახალი ნაწარმოებები შევა. “სანი” ახალგაზრდა საინტერესო ავტორებთანაც აპირებს თანამშრომლობას, შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურაც, მაგრამ ბატონმა ზაზამ მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. სამაგიეროდ, ერთი ახალი პროექტის შესახებ პირველი განცხადება ჩვენთვის გააკეთა. მისი თქმით, გაზაფხულზე პატარა მკითხველები ეგზიუპერის უკვდავ ქმნილებას, “პატარა უფლისწულს” იხილავენ, რომელსაც “სანი” ცივილიზებული გზით, ანუ საავტორო უფლებების სრული დაცვით გამოსცემს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს წიგნი საქართველოში რამდენჯერმე გამოიცა, თუმცა, პირატულად. “სანიმ” ამ წიგნის საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობა “გალიმარს” მიმართა. საფრანგეთში ამ ქმნილებას ეროვნულ განძთან აიგივებენ და მის საავტორო უფლებებსაც სიფრთხილით ეკიდებიან. “ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ და პასუხიც კი არ გაგვცეს” – იხსენებს გამომცემელი. შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ რჩევისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართა. საბედნიეროდ, იქ უკვე იცნობდნენ ზაზა ბერიშვილს, რეკომენდაციაც გაუწიეს და საავტორო უფლებების შეძენაშიც დაეხმარნენ. ამ გამომცემლობის მიწვევით ოქტომბრის დასაწყისში ბატონი ზაზა საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ბევრ სამომავლო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. “გალიმარი” დაინტერესებულია, რომ მისი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნები ისეთ პატარა ქვეყანაში გამოვიდეს, როგორიც საქართველოა. ისინი თანამედროვე ქართული მწერლობითაც დაინტერესდნენ. ზაზა ბერიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ურთიერთობა ორივე მხარისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. ფრანგული შთაბეჭდილებებიდან ბატონმა ზაზამ ერთი საინტერესო ფაქტი გვიამბო. თურმე, ბოლო დროს საფრანგეთში ძალზე დაეცა მოსახლეობის დაინტერესება პოეზიით. იმისათვის, რომ ხალხი გახდეს უფრო ემოციური და ნაკლებ პრაგმატული, საფრანგეთის მთავრობამ ასეთ ხერხს მიმართა – მეტროს ვაგონებში გამოაკრა ნაწყვეტები პოეზიიდან, რომელსაც ყოველ კვირა ცვლიან. ერთ დღეს ვაგონში შესულმა ქართველმა გამომცემელმა მისდა გასაოცრად კედელზე ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისას” ნაწყვეტები აღმოაჩინა – ქართულ და ფრანგულ ენებზე. საფრანგეთის მთავრობა ზრუნავს არა მხოლოდ ფრანგული, არამედ უცხოური პოეზიის პოპულარიზაციისთვისაც. “რა თქმა უნდა, იმის წარმოდგენა, რომ დღეს საქართველოში ვინმე ლიტერატურის პოპულარიზაციით დაინტერესდება, ილუზიაა, უბრალოდ, ეს არის შესანიშნავი მაგალითი, რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა კარგად ვიცხოვრებთ” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა.
    გამომცემლობა “სანის” სამომავლო საქმიანობა კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს. ეს არის უცხოური ბესტსელერების გამოცემა ქართულად. უახლოეს მომავალში გამოსცემენ ფრანგი ავტორის, ვენსან რავალეკის ბესტსელერს, რომელსაც მთელი საფრანგეთი კითხულობს. ბატონ ზაზას ეს პროექტი, ცოტა არ იყოს, აშინებს, რადგან ფიქრობს, რომ ამ წიგნს საზოგადოებაში ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც თავის დროზე გადაცემა “ფსიქოს,” თუმცა, გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მისი თქმით, ეს ნაწარმოები არ არის განკუთვნილი ფართო მასისთვის, იგი იმ კატეგორიის მკითხველს დააინტერესებს, რომელსაც უნდა გაიგოს, რას კითხულობენ დღეს საფრანგეთში. “დაგეგმილია კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა. ეს არის ასევე ფრანგი ავტორის, უელბეკის ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები,” რომელსაც გიორგი ეკიზაშვილი თარგმნის. საქართველოში მომავალ საფრანგეთის კულტურის ატაშეს ეს წიგნი პრეზენტაციიდან სამი კვირის შემდეგ თურქეთის აეროპორტში თურქულად ნათარგმნი უნახავს, იგი რუსულადაც თარგმნეს. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” – გვითხრა ბატონმა ზაზამ. ერთი სიტყვით, გეგმები ბევრია, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს რესპონდენტს წარმატება ვუსურვოთ, რადგან მისი წარმატება ქართველი მკითხველის ბევრი ახალი წიგნით მომარაგებას ნიშნავს.

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ინტერვიუ

    კასარესის სიბერე და სიყვარული

    ადოლფო ბიოი კასარესი 1914 წელს არგენტინაში, ბუენოს აირესში დაიბადა. მისი ოჯახი საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა. მან პირველი რომანი 11 წლის ასაკში დაწერა და თავის ბიძაშვილს მიუძღვნა. 1932 წელს ბიოი კასარესი ხორხე ლუის ბორხესს გაიცნობს და მათი ახლო მეგობრობა ბორხესის სიკვდილამდე, 1986 წლამდე გაგრძელდება. ამავე წელს დაიწყო მისი ურთიერთობა იმ დროის ერთერთ ყველაზე გავლენიან მწერალ ქალთან, ვიქტორია ოკამპოსთან, ჟურნალ ,,Sur -ის რედაქტორთან. 1933 წელს კასარესი ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ირიცხება, თუმცა მალევე ანებებს თავს სწავლას, რადგან სურს სამწერლო კარიერას მოჰკიდოს ხელი. 1940 წელს ვიქტორიას დაზე, ნიჭიერ პოეტსა და მწერალ სილვინა ოკამპოზე ქორწინდება, იმავე წელს აქვეყნებს მის შემოქმედებაში უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს, კლასიკურ ლათინოამერიკულ ფანტასტიკას ,,მორელის გამოგონებას”, რომელსაც ბუენოს აირესის პირველი მუნიციპალური პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. კასარესის ამ რომანის მიხედვით ალენ რენე იღებს ფილმს სახელწოდებით ,,წარსულ ზაფხულს მარიენბადში”
    ნახევარ საუკუნის მანძილზე ბიოი კასარესი აქტიურად და ნაყოფიერად იყო ჩართული არგენტინის ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება მოიცავს არაერთ რომანს, მოთხრობების კრებულს, სტატიებს, ესეებს და სსვადასხვა ჟანრის თხზულებებს. საყოველთაოდ ცნობილია მისი თანამშრომლობა ბორხესთან. მათ ერთობლივად შექმნეს პოლიციური რომანები, რომლებიც არგენტინული საზოგადოებისადმი ირონიითაა შეზავებული. ხელს სხვადასხვა ფსევდონიმებით აწერდნენ. ჰ. ბუსტოს დომეკის, ბ. სუარეს ლინჩის ფსევდონიმით გამოაქვეყნეს ,,დონ ისიდორო პაროდის ექვსი ამოცანა (1942) და ,,ბუსტოს დომეკის ქრონიკები’’ (1967). მეუღლესთან, სილვინა ოკამპოსთან ერთად ადგენს ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგიას, რომელსაც მეუღლესთან და ბორხესთან ერთად ამუშავებს.
    მოგვიანებით ბიოი კასარესის პროზა უფრო რეალისტური ხდება, თუმცა ირეალურობის ელემენტები კვლავ რჩება. ..გმირების ოცნება” (1954), ,,ჩრდილიანი მხარე” (1964) და ,,ღორებთან ომის დღიურები” (1969) ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია. წიგნებში ,,ფანტასტიკური ისტორიები” (1973) და ,,ქალების გმირი” (1978) ავტორი დრამატული ალეგორიულობისა და ფილოსოფიური მოთხრობის ერთგვარ ნაზავს ქმნის”.
    ბორხესის გარდაცვალების შემდეგ მწერალმა გამოსცა თავის მოგონებების ნაწილი ბორხესის შესახებ, აგრეთვე მათი ერთობლივი ფილმების სცენარები.
    ადოლფო ბიოი კასარესი გარდაიცვალა 1999 წელს, ბუენოს აირესში, 84 წლის ასაკში. მისი ნამუშევრები მრავალ ენაზეა თარგმნილი და უკანასკნელ წლებში მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი (1990), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა ესპანურენოვანი მწერლისთვის.

    კასარესის სიბერე და სიყვარული

    ინტერვიუ ჩაწერილია ლაურა პინტოსის მიერ, მწერლის გარდაცვალების წელს, მისი 84-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით.

    – რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდათ…
    – სამწუხაროდ. რა დრო გავიდა არა? რა საშინელი ტრადიციაა სიბერეში გარდაცვალება. თავი რომ მშვიდად ვიგრძნო, კიდევ 150 წლის პერსპექტივა მაინც მჭირდება წინ.
    – კიდევ უფრო უკეთესი უკვდავება იქნებოდა, არა?
    – თანაც ბევრად უკეთესი, სხვანაირად ცხოვრებას აზრი ეკარგება, გონება რას აღარ წარმოიდგენს და უცებ, ყველაფერი მთავრდება. ვეღარც აქტიური ცხოვრების გეგმას დასახავ (ბოლო სიტყვებს თითქმის ჩურჩულით წარმოთქვამს. როგორც კი ხვდება, ბოდიშს იხდის და იღიმება) ხმამაღლა ფიქრი და საუბარი არ შემიძლია, ხმას ვუწევ ხოლმე, ალბათ ამის სწავლაც მომიწევს.
    – ყოველდღე წერთ?
    – დიახ, ხელით ვწერ რვეულებში, ლურჯი მელნით, რაც იმის შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ გვერდების ამოხევა არ შემიძლია. ახლა ცოტა შევფერხდი, ერთ რომანზე ვფიქრობ, დასაწყისი კარგი გამოდის, მაგრამ აი დასასრული კი ვერაფრით მომიფიქრებია. ამ ბოლო დროს ეჭვისა და დამარცხების განცდა მეუფლება, იმედი მაქვს, ყველაფერს გადავლახავ. როგორც კი თავში რაიმე ისტორია მომდის, იმ წუთას ვხვდები, რომ ეს სწორედ ამ სიუჟეტის ნაწილია.
    – როგორ იბადება თქვენი ნაწარმოები?
    – თავდაპირველად ისტორია მომდის თავში, რომელსაც ჯერ საკუთარ თავს ვუყვები, შემდეგ კი სხვებს. თუ შევატყვე, რომ მათთვის საინტერესოა, წერას ვიწყებ.
    -,,სხვებში” ვის გულისხმობთ?
    – ბიოი ეშმაკურად იღიმება: როგორც წესი, ქალებთან ერთად ვსაუზმობ და ჩემს ისტორიასაც სიამოვნებით ვუყვები.
    – როგორ ფიქრობთ, წერა სამსახურია?
    – დიახ, ჩემის აზრით, ასეა.
    – თუმცა აქ, არგენტინაში მწერლისთვის ძნელია თავის შენახვა.
    – ჩემთვისაც ასეა, წერას სიღარიბე ენაცვლება. იმის წყალობით, რომ ჩემი წიგნები ლამის ყველა ენაზეა თარგმნილი, შემოსავლის ნაწილი საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან შემომდის.
    – თანაც ის პრემიები, რომლებსაც კაპიტალი მოაქვთ, დაგვიანებით მოდიან.
    – მე ვიტყოდი, ძალიან დაგვიანებითაც კი. გასაოცარია, როგორ აუმჯობესებენ ისინი ჩვენს ცხოვრებას. როცა სერვანტესის პრემია მივიღე და ბუენოს-აირესში ჩამოვედი, ხალხი რიგში აქეთ-იქით იწეოდა, რომ ჩემთვის გზა დაეთმო. პრემიები ყველაზე მეტად ამისთვისაა საჭირო. ისინი ცხოვრებას უკეთესს, უფრო კომფორტულს ხდიან. კაზანოვა ამბობდა, რომ აღიარება ათავისუფლებს გზას სიამოვნებისაკენ.
    -…და აგრეთვე კვებავს პატივმოყვარეობას.
    – ამას დიდი ხნის წინ მოვერიე. პატარაობაში ძალიან პატივმოყვარე ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ პატივმოყვარეობა სიხარულის პირველი მტერია და კლავს ბედნიერებას.
    – ბედნიერი იყავით?
    – დიახ, ბედნიერი ვიყავი, მართალია, ცხოვრებამ დიდი დარტყმები მომაყენა, მაგრამ მგონი ბედნიერი ვიყავი.
    – დაუსრულებელი საქმეები თუ გაქვთ?
    – დიახ, მოთხრობები, რომლებსაც ვერ ვამთავრებ და რომანი, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანო.
    – თავს მარტოსულად გრძნობთ?
    – არა, მე ბევრი მეგობარი მყავს, ზოგი მთელი ცხოვრებაა მომყვება, ზოგიც ლიტერატურამ გამაცნო. მყავს მეგობარი ქალებიც.
    – როგორი იყო თქვენი ურთიერთობა ბორხესთან?
    – ეს იყო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, მაგრამ აგრეთვე იმ ორი მეგობრის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან უყვართ და კარგად უგებენ ერთმანეთს, ბევრს ერთობიან და ბევრს საუბრობენ ლიტერატურაზე. ზუსტად ახლა ვაპირებ გამოვცე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი-საუბრები ბორხესთან – 30-იანი წლებიდან 75 წლამდე. სულ ცოტა 500 გვერდიანი იქნება.
    – საიდან ჩნდება ისტორიების წერის სურვილი? რატომ უნდება ადამიანს დატოვოს ჩანაწერები მის მიერ განცდილზე?
    – რა რთული შეკითხვაა… ჩემს შემთხვევაში ასე ხდება: წარმოსახვა იდეებს მაწვდის და მე მათზე წერის ცდუნება მიყოლიებს. ამ დროს ვფიქრობ თხრობის სიამოვნებაზე, იმაზე, რომ მკითხველს ჩემს წარმოსახვაში ჩავითრევ და ეს მომხიბვლელად მეჩვენება.
    – რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, სიამოვნება?
    – ცხოვრება მატყუარაა. გეჩვენება რომ სულ იქნები. სიამოვნება კი იმისთვის არის კარგი, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი დამთავრდება.
    – რას ფიქრობთ არგენტინულ ლიტერატურაზე?
    – ვფიქრობ, რომ არგენტინას აქვს თავის უარყოფითი მხარეები და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ არგენტინა ყოველთვის კარგ ლიტერატურას ქმნიდა. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, არსებობდნენ მანსილია და სხვა შესანიშნავი მწერლები. არ ვიცი, რით შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა.
    – თქვენ ამბობთ, რომ ტექსტის ჩასწორებაზე ბევრს მუშაობთ. რა ხდება გამოქვეყნების შემდეგ, კმაყოფილი ხართ შედეგით?
    – არასოდეს მქონია იმის სიამოვნება, წიგნი ხელში ამეღო და კმაყოფილი სახით მშვიდად, შეხტომების გარეშე წამეკითხა, ყოველთვის რაღაც სისულელე ან შეცდომა მეჩხირება თვალში.
    – მამათქვენის შემდეგ, თქვენი მეუღლის, სილვინა ოკამპოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო თქვენი კარიერისთვის?
    – დიახ, რა თქმა უნდა, როცა ადვოკატობას თავი დავანებე, მშობლები ძალიან გავანაწყენე. მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ადვოკატობა ფუჭი ძალისხმევა იყო იმ ადამიანისთვის, ვისაც თანამდებობა არ აინტერესებს. ამის შემდეგ ფილოსოფიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, რამაც კიდევ უფრო დამაშორა ლიტერატურასა და ფილოსოფიისგან, ვიდრე ადვოკატურაზე სწავლამ. ამიტომ სწავლა მივატოვე და ათი წლით სოფელში გადავსახლდი. ამან ძალიან გამზარდა, ბევრს ვწერდი და ვკითხულობდი.
    – ძნელი იყო მწერალ მეუღლესთან თანაცხოვრება? იყო თქვენს შორის პაექრობა?
    – არავითარი. კარგი იყო, როცა ვსაუბრობდით იმაზე, რის დაწერასაც ვაპირებდით.
    – ერთგულება უტოპიაა?
    – ეჭვი მაქვს, რომ კი.
    – არსებობდა დაუვიწყარი ქალი თქვენს ცხოვრებაში
    – მგონი კი (წუთით დადუმდა, შემდეგ გამოიხედა ისე, რომ არ შემოუხედავს და სევდანარევი ხმით მიპასუხა) იყო ერთი ქალი, მე ის ძალიან მიყვარდა პარიზში ყოფნისას და საშინლად განვიცადე, როცა ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გარდაცვლილა. ეს იყო ელენა გარრო (საუბარია ოქტავიო პასის მეუღლეზე. ამ სიტყვებზე მისი ცოცხალი თვალები იღრუბლება, თავს მხოლოდ ერთი წუთით აძლევს ნოსტალგიის უფლებას, შემდეგ კი იღიმება და უნაკლო ლურჯ კოსტიუმზე ჰალსტუხს ისწორებს).
    – რა უპირატესობა აქვს სიბერეს, თუ კი მას საერთოდ აქვს რაიმე უპირატესობა?
    – ამას წინათ აი აქ, ამ ლოგინზე ვიწექი და მასაჟს მიკეთებდნენ. ექიმმა მკითხა, ბიოი, არ გეჩვენება, რომ სიბერე საძაგლობაა? (ხანგრძლივად იცინის) და მე ვუპასუხე რომ კი, ეს მართლაც ასეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“