• კრიტიკა,  რეცენზია

    დათო ტურაშვილი – ჩაძირული ქალაქის ღამე

    გია არგანაშვილი
    ჩაძირული ქალაქის დასანახად
    დათო ტურაშვილი. ჩაძირული ქალაქის ღამე (ეთნოგრაფიული რომანის ვერსია), მხატვარი: ვახტანგ რურუა. თბ. “აზრი”, 2002.


    დათო ტურაშვილის ახალი წიგნი გამომცემლობა “აზრმა” დაბეჭდა.
    “ჩაძირული ქალაქის ღამე” რომანია, თემა – ისტორიული, დრო თითქოს წარსული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ისევე როგორც ნაწილობრივ მომავალი. მთლიანად კი აწმყო, აწმყო წარსულის ნოსტალგიით და მომავლის იმედით, აწმყო დროთა გაწყვეტილი კავშირის აღდგენის სურვილით, თხრობის ტრადიციული სტილის პაროდირებით, არატრადიციული კომენტარით, იუმორით და უწმაწური სიტყვებით.
    ზოგიერთი მკითხველი ძალზე მტკივნეულად განიცდის ამგვარ გამოთქმებს, ვაღიარებ, რომ მეც უამისობა მერჩივნა, თუმცა ვფიქრობ, თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ახალი ლექსიკური მარაგი, ერთგვარი ფორმაა პროტესტისა, იმ საზედამხედველო რეჟიმის მიმართ, რომელსაც ენის სიწმინდის დაცვის მომიზეზებით ყოველთვის ახორციელებდნენ სალიტერატურო ქართულის განვითარების შესაფერხებლად.
    შეიძლება დათო ტურაშვილის ახალი რომანის მკითხველს ბევრი სხვა სიძნელეც შეხვდეს ამ წიგნის კითხვისას. ტრადიციული სამკითხველო კულტურის მქონე ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეჩვევა. მას ურჩევნია თანამედროვე ლიტერატურაშიც კლასიკურ მწერლობასთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, კავშირი წარსულ კულტურასთან, ერთი მხრივ, იმ ნაცნობი ნიშნების ძიებას ჰგავს, ძნელადამოსახსნელ “რებუსს” რომ ამარტივებს, მეორე მხრივ – წინასწარ შეძენილი ცოდნით, შეფასების მზამზარეული სისტემებით სარგებლობა საზოგადო აზრთან და შეხედულებებთან სრული თანხმობის მყარ გარანტიას იძლევა.
    თუმცა ამისთვის ნუ გავკიცხავთ ნურც მწერალს, რომელიც საკუთარ მკითხველს ზრდის და ნურც ტრადიციულ მკითხველს, რომელიც ოდნავ დაბნეულია ლიტერატურულ ფორმათა და ესთეტიკურ ღირებულებათა მკვეთრი სიახლით.
    მაგრამ მას მალე მოუწევს იმის აღიარება, რომ ახალი ათასწლეულის გამოწვევას (ისე როგორც ქართულ ცეკვაში) ის ოდნავ ქალწულებრივი სიმორცხვით შეხვდა, თითქოს უნებურად შეეწინააღმდეგა ხელოვნების თავისუფლად განვითარების პრინციპს, რადგან დიდხანს, ძალიან დიდხანს, ლიტერატურული ფასეულობა მისთვის რელიგიურ ღირებულებათა ტოლფას დოგმატურ მცნებად განიხილებოდა, რაც ერთნაირად საზიანო იყო როგორც რელიგიისთვის, ასევე ლიტერატურისთვის, რომლის არსიც სწორედ დროსთან მიმართებაში ყალიბდება.
    აქვე შევნიშნავთ, რომ დროის კონკრეტულ საზღვრებში ჩაკეტვა ან დოკუმენტურობით ზედმეტი გატაცება სრულიად არ აკნინებს ნაწარმოების ღირსებას, არ ამცნობს მის მხატვრულ ღირებულებას, რადგან დრო (კონკრეტული წამი) ისეთივე მოუხელთებელია, როგორც რეალობა, რეალური მოვლენა, რომელსაც ვერასოდეს ვერ აღვწერთ ისეთი სიზუსტით, როგორც ის ხდება. რასაც ვერ აღვწერთ, რასაც ვერ დავინახავთ, მხოლოდ გუმანით (ინტუიცია) ვიგრძნობთ და მკითხველსაც ვაგრძნობინებთ. სწორედ ის არის ლიტერატურისთვის აუცილებელი მხატვრული სიმართლე, რომელიც რეალურ მოვლენას ან საგანს ყოფიერებისა და მარადიულობის გამყოფ მიჯნაზე შეაჩერებს და გაყინავს.
    რადგან მეც უპირველესად მკითხველი ვარ, ყველა ის რჩევა-დარიგება, რომელიც ამ წიგნის მომავალ მასპინძელს შევთავაზე, ჯერ საკუთარ გრძნობათა სისტემაზე გამოვცადე და სიამოვნებით ვაღიარე: დოკუმენტურ მასალაზე აგებული დათო ტურაშვილის ეთნოგრაფიული რომანი (ასე უწოდებს ავტორი) თხრობისას იძენს მხატვრულობის იმ აუცილებელ ელემენტს, რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სიმბოლურ-ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების შესაქმნელად.
    ნაწარმოების მყარი, ისტორიული ფაქტებით გამაგრებული ქსოვილი უფრო დამარწმუნებელ სახეს აძლევს იდეას, რადგან ეს იდეა ცნობიერად, კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში შექმნილი კულტურის მეტაფორული სახეა. რეალობა კი თავისი ჭუჭყიანი სამოსლის შიგნით იგავის სპეტაკ მორალს ატარებს, რომელსაც მხოლოდ აუცილებელი მანძილის დაცვა სჭირდება ნამდვილი იერ-სახის გამოსაჩენად.
    ეს სწორედ ის მანძილია, რომელიც ავტორს სჭირდება ჩაძირული ქალაქის დასანახად:
    “ვნახე ჩაძირული ქალაქი, ყველაზე ქართული ქალაქი, რომელიც მხოლოდ ზევიდან ჩანს. და რაც უფრო მაღლა ხარ ამ ქალაქიდან, უფრო ადვილად დაინახავ იმ ქალაქს, რომელიც მხოლოდ წყლისა და მიწის ქვეშ არსებობს, სადაც ისევ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ოდესღაც იქაც გათენდება, ერთ დღეს ამოვა მზე და მტკვარში ჩაძირულ ქალაქსაც გაანათებს, როგორც მაშინ, როცა პატრიკ ო’ლირი ტფილისში ჩამოვიდა ძველი ირლანდიური ლექსებით და ახალი ინგლისური პასპორტით, პატარა საკვოიაჟით და დიდი სურვილით – ქვეყანა, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იცოდა, აღმოჩენილიყო ისეთი, როგორზეც ოცნებობდა, როგორც მას სურდა, რომ ყოფილიყო ეს შორეული, ლეგენდარული საქართველო…”
    რომანი ეძღვნება ქალაქს, რომელიც ჯერ დაანგრიეს და მერე ჩაძირეს… აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება ხომალდ-ქალაქის “ტიტანიკის” სიმბოლური სახე. მწერალი ჩაძირულ ქალაქსა და ხომალდს სიუჟეტურადაც აკავშირებს. “ტიტანიკმა” ტფილისის უძვირფასესი განძი, “მფრინავი ხალიჩა” ჩაიყოლა ზღვის ფსკერზე. მფრინავი ხალიჩა იგივე ოქროს საწმისია, ახალი განზოგადებული სახე ჩვენი მუდმივი ძიებისა, წარსულში ძიებისა, რომელიც კვლავ სავალალოდ მთავრდება, რადგან რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს “წარსული”, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ.
    თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი იდეა მაინც “ტიტანიკს” უკავშირდება. თუ ერთი მხრივ ხომალდ-ქალაქი “არგოს” გვახსენებს და უხსოვარ წარსულთან გვაკავშირებს, მეორე მხრივ – მას მომავლისკენაც მივყავართ (თუნდაც ჩასაძირად?). მსოფლიო ისტორიული მოვლენა (“ტიტანიკის” ჩაძირვა), რომელმაც მთელი სამყარო შეძრა (1912 წლის 14 აპრილი) და დღემდე ჩვენში მხოლოდ უქმ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა, ამ ნაწარმოებით უფრო ახლობელი გახდა ჩვენთვის. მსოფლიო ტრაგედიამ, თუმცა დაგვიანებით, ქართველსაც მოადინა თვალთაგან ცრემლი, ჩვენც გავხდით თანაზიარნი საერთო-საკაცობრიო ტკივილისა (თუნდაც მხოლოდ ტფილისიდან წაღებული და “ტიტანიკთან” ერთად ჩაძირული მფრინავი ხალიჩის გამო). ლიტერატურული ვერსია გამოდგა ის მაშველი რგოლი, რომელმაც კვლავ დაგვაკავშირა მსოფლიოს, დაგვაკავშირა გლობალურ პროცესებს იმ განუყრელი ინტერესით, რომელიც თითოეულ “მართლა ქვეყანას” სამომავლო-საკაცობრიო მოვალეობას და პასუხისმგებლობას ანიჭებს.
    მფრინავი ხალიჩა არ არის ის ერთადერთი უძრავი ლოდი, რომელიც რომანის საძირკველშია ჩაგდებული, რომელიც ფორმის ნებისმიერ სიახლეს, ორიგინალურ კონსტრუქციას გაუძლებს. ასეთივე მყარი და ტრადიციულია ნაწარმოების მთავარი ხაზი ირლანდიელი პატრიკ ო’ლირის და ქართველი სოფიო მეტრეველის სიყვარულის ისტორიისა, ნაცნობობის განცდა ანტიკურ სიუჟეტთან აქაც ზედაპირზე ძევს. თანამედროვე იაზონი და მედეა. იაზონი კვლავაც მედეას დახმარებით ეუფლება ძვირფას განძს (მფრინავი ხალიჩა). თითქმის მეორდება ისტორია. მეორდება ტრაგედიაც, თუმცა მწერალი ასე ადვილად ვერ იმეტებს სოფიოს დედობრივ ინსტინქტს, ვერც მის სიყვარულს და სოფიო ბრუნდება ტფილისში, ბრუნდება შვილებთან ერთად. “მაგრამ ისინი დაბრუნდნენ სხვა საქართველოში, დაბრუნდნენ იქ, სადაც საყვარელი ქალაქი ჩაძირული დახვდა სოფიო მეტრეველს და ეს არ იყო ქალაქი და ქვეყანა, რომელიც მას ენატრებოდა, რომელზეც ოცნებობდა…”
    მწერალი კი განაგრძობს “მფრინავი ხალიჩის” ძებნას. ეს ჩაძირული, დანგრეული, სადღაც წარსულში დაკარგული, სიზმარში ნანახი ქვეყნის ძიებაა, “რომელიც ერთი საუკუნის წინათ ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად”, ის ოცი საუკუნის წინაც ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად. ლეგენდა ლეგენდაში, ტექსტი ტექსტში, ლიტერატურული პირველწყაროს ხელახალი გააზრება. ხელოვნება კვლავ იბრუნებს თავის მთავარ ფუნქციას, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა უპირველესად საკუთარი თავის ძიებას გულისხმობს.
    რომანი იწყება სიზმრისეული ჩვენებით. “მაისში სიზმარი ვნახე”. კონკრეტული დრო თხრობას უფრო დამაჯერებელს ხდის. სიზმარი კი მხოლოდ ლიტერატურული ხერხია, მთავარი იდეის ანოტაციური ფორმით წარმოდგენისა: “მფრინავ ხალიჩაზე ვიჯექი და ვტიროდი. რა მატირებდა: ზემოდან ისეთი ლამაზი იყო თბილისი, უკითხავად ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ლოყაზე, მერე ხელიჩაზე და ბოლოს ის ჩემი ცრემლი მეიდანზე დაეცა, იქვე, მეჩეთის მინარეთთან და გამიკვირდა. რამ გამაკვირვა: თბილისი იყო ძველი, საუკუნის წინანდელი და მეიდანი კი ისეთი ხალხმრავალი და მხიარული, ზემოდან კიდეც რომ მეყვირა, – ხალხო, რა გახარებთ, მალე ეს ქალაქი დაინგრევა და ჩაიძირება-მეთქი, – მაინც არ დამიჯერებდნენ. არც არაფერი მითქვამს, ერთხელაც შემოვუფრინე თბილისს და ძილი გავაგრძელე”.
    მართლაც, ძილშიც შეუძლებელია კარგად ნაცნობი სიუჟეტური ამბის ამაზე მეტი პაროდირება. ნაწარმოების მთავარი გმირი (ავტორი), რომელსაც შეუძლია და ვალდებულიც არის ქალაქი მოსალოდნელი უბედურების შესახებ გააფრთხილოს, არა მხოლოდ გაურბის ამ მოვალეობის შესრულებას (ბიბლიური იონა), არამედ მშვიდად ძილს აგრძელებს (!).
    ჩვენი მიზანი არაა რომანის მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების ანალიზი, არც სიმბოლურ-ალეგორიული კოდების გაშიფრვა, ჩვენ მხოლოდ იმ განწყობილებას გამოვხატავთ, რომელიც დათო ტურაშვილის ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა, თუმცა მწერლის პროფესიულ ოსტატობაზე მაინც ვიტყვით, რომ წიგნიდან წიგნამდე ის შესამჩნევად იზრდება და ამ პროცესის მიმართ ჩვენი უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება მომავალში უთუოდ სასარგებლო შედეგს მოუტანს როგორც მწერალს, ისე მის მკითხველს.
    ნაწარმოებში ბევრია პურივით მართალი სიტყვა და გრძნობა, ისეთი, ლუდის სმის დროს რომ ინატრა პოეტმა ჯუანშერ ტიკარაძემ, ასეთი სიმართლეა, რომ ქეშიშ დარდიმანდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო, სიმართლეა, რომ იქ, სადაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო სიკვდილით სჯიან, მხოლოდ ღამდება. სიმართლეა ისიც, რომ შეიძლება ქალაქი ჩაიძიროს, მტკვარი ჩვენს თვალწინ გაქრეს და ამ მტანჯველი სიმართლიდან მხოლოდ ლუდხანიდან გამოყოფილმა თეთრქუდიანმა, ლოყებღაჟღაჟა დიდმა თავმა გამოგვიყვანოს:
    ” – მოიხარშა თქვენი სასისკი, წაიღეთ რა, სანამ გაცივდება…”
    მერე რა, თუ სასისკს მოწუწნიკი ჰქვია, მერე რა, თუ ავტორი რომანის 186-ე გვერდზე ალიხანოვს დედას აგინებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ასტრიდ ლინდგრენი – "ყაჩაღის ასული რონია"


    თამარ ლომიძე
    უკან, ბუნებისკენ
    ასტრიდ ლინდგრენი. “ყაჩაღის ასული რონია”. მთარგმნელი თამარ ჩიქოვანი. ილუსტრაციები ილონ ვიკლანდისა. გამომცემლობა “დიოგენე”. თბილისი. 2002.

    საბავშვო პროზის ცნობილი შვედი ოსტატის, ასტრიდ ლინდგრენის ვრცელი ზღაპარი “ყაჩაღის ასული რონია” მკვეთრად გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებთაგან. კერძოდ, მასში თავს იჩენს მჭიდრო კავშირი გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასთან და ფოლკლორთან. ამ სტილური ხერხის მეშვეობით ნაწარმოებში გადმოცემული ამბავი მაქსიმალურად განზოგადებული იერით აღიჭურვება და მიგვანიშნებს იმაზე, რომ “რონია” მწერლისთვის საგანგებო მნიშვნელობის ქმნილებას წარმოადგენდა.
    ზღაპრის შინაარსი, მოკლედ, ასეთია: ყაჩაღთა თორმეტკაციანი რაზმის ბელადის, მატისის ასული რონია დაიბადა ქარიშხლიან ღამეს, ჭექა-ქუხილის დროს. იმავე მომენტში მატისის მოსისხლე მტერს, ყაჩაღთა ასევე თორმეტკაციანი ბანდის მეთაურს, ბორკას გაუჩნდა ვაჟი, ბირკი. ბავშვების დაბადებისას მეხმა შუაზე გააპო მატისის ციხე-სიმაგრე. მის ერთ ნაწილში დარჩა მატისის ოჯახი და რაზმი, მეორე ნაწილს კ4ი მალე დაეპატრონა ჯარისკაცების მიერ დევნილი ბორკა, თავისი ოჯახითა და ერთგული ყაჩაღებითურთ.
    როდესაც რონია წამოიზარდა, დედ-მამამ გოგონას ნება დართო, ყოველდღე დაეტოვებინა ციხე-სიმაგრე და გასცნობოდა გარემომცველი უზარმაზარი ტყის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მის ბინადართა ცხოვრებას. ერთ მშვენიერ დღეს რონიამ და ბირკმა ერთმანეთი გაიცნეს და, მშობლებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, დამეგობრდნენ, შემდეგ კი და-ძმობაც შეჰფიცეს ურთიერთს.
    ბორკასა და მატისის შუღლმა აიძულა ბავშვები, წასულიყვნენ ციხე-სიმაგრიდან და თავი შეეფარებინათ გამოქვაბულისთვის, სადაც მათ გაატარეს გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ისინი კვლავ დადიოდნენ ტყეში, სადაც არაერთი თავგადასავალი გადახდათ. ზამთრის დადგომისას შვილს მონატრებულმა მატისმა შინ წაიყვანა რონია. ბირკიც დაბრუნდა თავის დედ-მამასთან. მატისმა და ბორკამ, ორთაბრძოლის შემდეგ, დაივიწყეს ძველი მტრობა და დამეგობრდნენ. მომდევნო გაზაფხულზე ბავშვებმა კვლავ გამოქვაბულში დაიდეს ბინა, ახლა უკვე – მშობლების ნებართვით. ასე მთავრდება “ყაჩაღის ასული რონია”.
    ნაწარმოების აღქმის სისრულისთვის აუცილებელია, მივუთითოთ მისი ზოგიერთი ფოლკლორულ-მითოლოგიური პირველმოტივი და პირველსახე.
    “რონიაში” წარმოჩენილია (როგორც ეს სჩვევია, საზოგადოდ, ზღაპარსა და მითს) სამყაროს სივრცული მოდელი. ამიტომ ზღაპრის თემას, ფაქტობრივად, წარმოადგენს ემპირიული სივრცის (ტყის, ბუნების) ათვისება, რაც ხორციელდება რონიას მიერ ტყეში ხეტიალის, ტბასა და მდინარეში ცურვის, ცხენების გახედნის, კლდეებზე ცოცვის, ფანტასტიურ არსებებთან შეხვედრათა და ა.შ. საშუალებით. რაც შეეხება დროს, მითითებულია, უბრალოდ, მისი ციკლურობის შესახებ. ამასთან, დროის კონკრეტული მომენტები ან პერსონაჟების ასაკი მკითხველისთვის უცნობი რჩება. ჩვენ მხოლოდ შემთხვევით ვგებულობთ, რა ხნის არიან რონია და ბირკი (თერთმეტი წლისანი), როდესაც ისინი ტოვებენ მატისის ციხეს.
    ზღაპრის დასაწყისში საგანგებოდაა ხაზგასმული რონიასა და ბირკის დაბადების პირობები – ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მეხის გავარდნა. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვთა მამების – მატისისა და ბორკას მითოლოგიურ პირველსახეს წარმოადგენს ჭექა-ქუხილის სკანდინავიური ღმერთი, თორი (შემთხვევითი არაა, რომ დედამისი რონიას “ჭექა-ქუხილის ბავშვს” უწოდებს). ბორკა ნაწარმოებში, ერთგვარად, ჩრდილშია, მაგრამ მატისი ნამდვილად წააგავს თორს, რომელსაც მითები, ოდინისგან განსხვავებით, ჭკუა-გონებას კი არ მიაწერენ, არამედ – მხოლოდ უდიდეს ფიზიკურ ძალ-ღონეს და მრისხანე ხასიათს. თორის მსგავსად, მატისი ერთთავად “ბრდღვინავს”, “ღმუის” ან “ღრიალებს”. ისიც კანონზომიერია, რომ მატისსაც და ბორკასაც თორმეტკაციანი რაზმები ჰყავთ. სკანდინავიური ღმერთები იყოფოდა “აზებისა” და “ვანების” ორ ჯგუფად, თითოეულ მათგანში კი თორმეტი ღმერთი იყო გაერთიანებული. მითების მიხედვით, “აზების” და “ვანების” შებრძოლებას მოჰყვა მათი კონსოლიდაცია, ისევე, როგორც “რონიას” დასასრულს ერთიანდებიან მატისისა და ბორკას რაზმები.
    რონიას ცხოვრების რიტმი ერწყმის ბუნების ცხოვრების რიტმს. თავდაპირველად ესაა ყოველდღიური გასვლა ტყეში და ღამით შინ დაბრუნება. შემდგომ კი რონია მხოლოდ ზამთარს ატარებს მატისის ციხეში (მითოლოგიური წარმოდგენებით, ზამთარი=ძილი=სიკვდილი), გაზაფხულის პირს კი “იღვიძებს” და ბუნების წიაღს უბრუნდება. შევნიშნავთ, რომ ლინდგრენი იყენებს არა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ერთჯერადი ციკლის (შინიდან წასვლა თავგადასავალთა საძიებლად – შინ დაბრუნება), არამედ – უფრო არქაული, მითოლოგიური მრავალჯერადი ციკლის (სიკვდილი – ხელახალი გაცოცხლება) მოტივს.
    ლინდგრენის ამ ზღაპარში არ გვხვდება უარყოფითი პერსონაჟები – მატისის ციხე “კეთილი ყაჩაღების” საუფლოა. ადამიანების ძარცვა ამ ყაჩაღთა შინაგანი ბოროტებიდან როდი გამომდინარეობს. ისინი, ბავშვებივით, ვერ განასხვავებენ სიკეთესა და ბოროტებას, გულუბრყვილონი არიან და ხშირად სასაცილოდაც გამოიყურებიან. კომიკურნი – და არა საშიშარნი – არიან ტყეში მცხოვრები ფანტასტიკური არსებებიც – მაჯლაჯუნები, ტრაკუნები. ბავშვები მათ იოლად აფრთხობენ და უმკლავდებიან.
    “ყაჩაღის ასულ რონიაში” აშკარად ვლინდება ავტორის ნოსტალგია იმ ეპოქების მიმართ, როდესაც ადამიანის მიერ ჯერ კიდევ შეურყვნელი ბუნება ინარჩუნებდა თავის პირველქმნილ მშვენიერებასა და იდუმალებას. ამ ბუნების ღვიძლ შვილებს წარმოადგენენ ნაწარმოების პერსონაჟები – რონიათი და ბირკით დაწყებული, მატისისა და ბორკათი დამთავრებული.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    მიხო მოსულიშვილი – ფრენა უკასროდ


    ანდრო ენუქიძე
    როგორ დაფრინავენ გერმანიაში?
    მიხო მოსულიშვილი: “ფრენა უკასროდ”. რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2001.

    ამ პიკარესკული რომანის მოქმედება წარმოებს ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიგერიასა და საქართველოში. ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა მოიცავს სამი მთავარი გმირის, სამი ქართველი ემიგრანტის ნახევრად ლეგალურ ყოფას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში და ზოგადად, გერმანიაში. მოქმედება ხდება ჩვენს დროში.
    ავტორმა თავის რომანს ხუმრობით “სახელმძღვანელოც” კი უწოდა. სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავის ღარიბ ქვეყანაში კანონისგან გაქცევას შეეჩვია და ასეთი ცხოვრების წესზე არც გერმანიაში სურს ხელის აღება. ხოლო ლტოლვილთა ბანაკები ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა რჯულის ადამიანები, მიუხედავად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, თავის გატანის მიზნით, ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს, საშუამავლო რგოლებს, რომლებიც აკავშირებენ დიდ ნარკომაფიას ნარკოტიკების მომხმარებელთან და ასე შემდეგ.
    გმირების საქციელი თითქოს მარტივია და პრიმიტიულიც კი, ცხოვრების წესი – ქურდობა, ბრძოლა ნარკოტიკებისათვის. ავტორი თავისი პერსონაჟების ყოფას ირონიულად უყურებს. თხრობა ხან ზედმიწევნით ეპიკურია და ხაზგასმით ყალბ პოეტურ ელემენტებს მოიცავს, ჰომეროსის “ოდისეასაც” კი ემგვანება, ხან კი ავტორი თავს ირთობს რაბლეანური მოტივებით და მკითხველი ჰიპერტროფირებულ, მაღალპოეტური სატირისა და იუმორის სამყაროში გადაჰყავს… ამ ნაწარმოებში უცნაურად ერწყმის ერთმანეთს ერთფეროვნების სიჭრელე და – პირიქით, – მრავალწახნაგოვანი ყოფის მონოტონურობა და ერთფეროვნება.
    რომანის სათაური გოეთეს “ფაუსტის” პერიფრაზია; დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული “ჯოინტიც” ყოფნით.
    გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი); ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკრუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები).
    საბოლოოდ, ინტერნაციონალური “არამზადების” ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება – რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და “აზულიანტებს” თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. ამგვარად, ირკვევა – არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
    სასაცილოსა და სატირალის ზღვარზე ბალანსირებული თხრობა რომანში შევსებულია უაღრესად მკაფიო, გმირებისთვის (დიტო ქინქლაძე, პუპა კოღუაშვილი და კახა ბურნაძე – ქართველი არამზადები; ბოზო ანჩიბუა ოდუდუვუა, საფა ჩუკუ ჩუკუ – ნიგერიელი არამზადები; ვილი ზაბელიკუსი და კრისტინ შვერდტლაინი – გერმანელი არამზადები; მარიშკა “პალმით” და ანანკე ორო კააია – ქართველი და ნიგერიელი ამორძალები) დამახასიათებელი, სისხლხორცეული ცნობიერების ნაკადის გადმოცემით.
    და ბოლოს, რა არის ავტორისთვის ყველაზე ფასეული პოსტმოდერნისტულად ორგანიზებულ თხრობაში, სადაც ყველა პრობლემა (განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების ანტაგონიზმი, გლობალიზმი და ანტიგლობალიზმი, ფემინიზმი და ანტიფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა და უმრავლესობის ჰარმონიული თანაარსებობა და ასე შემდეგ) სასაცილო ასპექტშია გადაწყვეტილი?
    ადამიანი, როგორც ინდივიდი; ადამიანი, როგორც თავისებური სამყარო – ყველა თავისი მანკიერებითა და ღირსებით – ის სიყვარულის სივრცეა, რომელიც რომანში ავტორს შეარიგებს ქვეყნიერებასთან და, მიუხედავად სატირისა, მკითხველს თავის პერსონაჟებს შეაყვარებს. სწორედ ამიტომაა, რომ რომანის გმირები ცხოვრებას აგრძელებენ ქართველი მკითხველის ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი და საფუძველი, ვივარაუდოთ რომანის წარმატება როგორც დასავლეთ ევროპასა და გერმანიაში, ასევე ნიგერიასა და მის მსგავს განვითარებად ქვეყნებში.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    გაგა ლომიძე – აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი


    Lost in Translation

    იმპერიების ნანგრევებზე ყოველთვის ახალი ლიტერატურა აღმოცენდება ხოლმე. და მხოლოდ ასეთი სიახლის გამო შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, სოციალურ კატაკლიზმებსა და ადამიანების გაუბედურებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის თან სდევს იმპერიების დაისს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნგრევამ კაფკა და მუზილი გვაჩუქა, ბრიტანეთის იმპერიის დაშლას კი ასპარეზზე რუშდისა და «ბუკერის» პრემიის ლაურეატი მწერლების მთელი კოჰორტის გამოსვლა მოჰყვა. საბჭოთა იმპერიის დემონტაჟიც, ახლო მომავალში, იმედია, თავის შედეგს გამოიღებს: უკრაინული ლიტერატურა დღეს არნახულ აღმავლობას განიცდის. მხოლოდ ჩვენს გამომცემლობაში გასულ წელს სამი უკრაინელი და ერთი ბელორუსი ავტორის წიგნი გამოიცა. ბოლოს და ბოლოს, ზაზა ბურჭულაძის წიგნი «მინერალური ჯაზი»-ც დავსტამბეთ. მოსკოველი მკითხველისთვის ეს თითქმის ისტორიული მოვლენაა – თანამედროვე თბილისის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ვიცით. “მინერალური ჯაზი” კი თანამედროვე ქართველი ავტორის პირველი თარგმანია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. როგორც მოგახსენეთ, ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს კულტურული კონტექსტის შესახებ, მაგრამ იმ მცირედის გამო, რაც ზაზას და საქართველოში მისი რეპუტაციის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან დავინტერესდით.
    ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც თბილისში სკანდალისტის სახელი აქვს, მუდამ ვიღაცას ეკამათება და ეჩხუბება, მოსკოვში – პირიქით, თავს უყრის და არიგებს სრულიად განსხვავებულ მწერლებს – მაგალითად, ლიმონოვსა და გრიშკოვეცს, რომლებიც მოსკოვის ვერცერთ კონტექსტში ერთმანეთს ვერაფრით შეხვდებოდნენ, მაგრამ ზაზა თავის ჟურნალისტურ ესსეში მათ გვერდიგვერდ მოიხსენიებს. ედუარდ ლიმონოვი, რომელიც უკანასკნელ წლებში არცერთ რუს ჟურნალისტს არ თანხმდება ინტერვიუზე, ზაზასთან ინტერვიუს ჩასაწერად მზადაა. ვლადიმირ სოროკინი კი, რომელიც ახალგაზრდა მწერლებს იშვიათად წყალობს, ზაზას თავის აგარაკზე იწვევს. სკანდალისტი ზაზა ბურჭულაძე რუსეთში თავდადებულ კულტურტრეგერად, მშვიდობისმყოფლად მოგვევლინა, რომელმაც კულტურათაშორისი დიალოგის წარმმართველის მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისრა.
    ზაზა ბურჭულაძის წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის გამოცდილება უაღრესად საგულისხმო და პროდუქტიულია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ზაზა პირველი მერცხალია იმ ახალი ლიტერატურისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდება. ამ ლიტერატურას არ ექნება ეროვნება და პასპორტი, მისთვის არც ვიზები იქნება საჭირო, ვინაიდან კულტურა სულ სხვა სასაზღვრო კანონებს ემორჩილება. ზაზა ბურჭულაძე კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მესაზღვრეა, ვინც თბილისში კონტრაბანდულად შეიტანა რუსული ლიტერატურა და პირველი მოხვდა ლიტერატურულ მოსკოვში.

    ალექსანდრ ივანოვი
    გამომცემლობა Ad Marginem-ის დირექტორი

    გაგა ლომიძე

    აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი

    Заза Бурчуладзе. Минеральный джаз (перевод: Майя Бирюкова). Ad Marginem. 2008

    “მინერალურ ჯაზში” ავტორი თავის ნაწარმოებს ქარვას ადარებს, ვინაიდან რომანი, ისევე როგორც ქარვა, თავისთავში საუკუნეების ”გამოცდილებას” აერთიანებს – იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძველი ქარვა დაახლოებით 30-90 მილიონი წლისაა და მასში უხრწნელი სახით, ჩაკირულია ყველაზე ძველი ორგანიზმები – მცენარეები თუ მწერები. ”მინერალური ჯაზი”, თავისი ბრიკოლაჟური ტექნიკით, რომელიც ლიტერატურული თუ ვიზუალური ხელოვნების ინტერტექსტებით თუ ციტატებითაა გაჯერებული, იმაზე მიუთითებს, რომ ის მსოფლიო კულტურის გამოცდილებას მოიცავს და ქარვის კვალად, ”გამომაფხიზლებელი”, სამკურნალო დანიშნულება აქვს. სწორედ აქედან მომდინარეობს რომანის სათაურის ავტორისეული დეფინიციაც – ”მინერალური ჯაზი”: ”მინერალური”, რაც სამკურნალო თვისებებს გულისხმობს; ხოლო ჯაზი – ”სეირი, დარდის გაქარვება, ზურნა-დუდუკი, სასეირო”-ს მნიშვნელობის მატარებელია. აქედან უკვე სემანტიკური თვალსაზრისით წყვილდება ორი ცნება: საწადელი და სასეირო.
    იმავდროულად, ქარვა ერთგვარად უკავშირდება თაფლსაც, რაც რომანში არაერთგზისაა მოხსენიებული და იკვრება მეტაფორული წყვილები – გოლეული/ფუტკარი და მწერალი/ტექსტი, რაც თავის მხრივ, უკვე პირდაპირ უკავშირდება ტექსტის, როგორც ქარვის გაგებას. ახლა, თუკი ავტორის სიტყვებს გავიხსენებთ, რომ ყოველი დიდი ქმნილება უნდა იყოს საზოგადოც და ვიწროდ ნაციონალურიც, მაშინ ფუტკრისა და თაფლის კონტექსტში სრულიად სამართლიანად შემოვა რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი – დათვი – დიადი რუსეთის ხატი. მით უმეტეს, მისი ტამბოვური წარმოშობა გვიბიძგებს ამისკენ. ახლა უკვე რომანი პოლიტიკური პამფლეტის სახეს იღებს და ასეთ შემთხვევაში ასოციაციური ცდუნებისთვის თავის დაღწევა ძნელია: შამუგიას ”კისერზე ძაღლის მძორი” ხომ იგივე თეიმურაზ ხევისთავთან გვაგზავნის ”ჯაყოს ხიზნებიდან”, ხოლო ”ქართველობა, როგორც დიდი ტვირთი” – თეიმურაზის და ივანეს დიალოგს მოგვაგონებს იმავე რომანიდან; ან თუნდაც ფრაზა – ”წამოვწვებოდი ჩემთვის ლეღვის ჩეროში და აღარაფერზე არ ვიფიქრებდი… ზაფხულია და მისი დადგომისთანავე ჭერში იმოდენა ბუზი ჩნდება, შეგიძლია თვალო და შემოდგომამდე მაინც ვერ დათვლი”, რომელიც ილიას ”კაცია-ადამიანს” შეგვახსენებს. თვით ”შემოქმედებითი კრიზისიც” – რომანის ალტერნატიული სათაური თითქოს მიგვანიშნებს, რომ ”გურჯისტანში” არაფერი შეცვლილა. მით უმეტეს, რომ ავტორისეული festina lente-ც ამის ერთგვარი დადასტურებაა, როცა თითქოს რომანი ვერ სრულდება (როგორც პრუსტის გმირი, რომელიც რომანის დაწერას აპირებს, მაგრამ არ გამოდის და რომანიც მაშინ მთავრდება, როცა პერსონაჟი უკვე წერას იწყებს), რასაც ავტორი გამუდმებით გვიმტკიცებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტორის ნიღაბია და რომანის დაუსრულებლობა მხოლოდ ხერხია – კარნავალური ხერხი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დათვი-პერსონაჟი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შთაბეჭდილებას, როცა ავტორი უნებლიედ, თითქოს სასხვათაშორისოდ, ახსენებს ”ოლიმპოელ კნეინას” – ჰერას, რომელმაც ხსენი დაღვარა, საიდანაც რძიანი გზა, ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედი გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ვისკონტის ”დიდი დათვის დანისლულ ვარსკვლავს” შეგვახსენებს და გზის გამოუვალობაზე მიგვანიშნებს. და ბოლოს, მდგომარების გამოუვალობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოჩიგავების სახლში დათვის სტუმრობა და ამ ჩაკეტილ სივრცეში ექსტატიური როკვა. მით უმეტეს, პერსონაჟები ამ დროს ჯაჭვურ გერანოსს ცეკვავენ, რაც თეზევსისა და ლაბირინთიდან შვიდი ქალწულის გათავისუფლების მითს უკავშირდება.
    თუმცა, თუ უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველაზე რთული, ზოგადად, ადამიანის ხვედრია სამყაროში, სადაც ბიბლია, ფელინი და ზოლებიანი კბილის პასტა თანაბარმნიშვნელოვან ცნებებად იქცნენ; სადაც ჩვენს ჰიპერრეალურ სამყაროში ომი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შუალედებში ჰიგიენური ტამპონების რეკლამებით; სადაც მასობრივი კვლავწარმოების ხანაში სულიერი კულტურა მეორეხარისხოვნად იქცა, რაც გაცხადებულია რომანის ბოლოს ტყავის სავარძლებში ჩაფლული პრეზიდენტებისა და ანდაზის, როგორც სულიერი კულტურის ნიმუშის დაპირისპირების მეტაფორაში. ადამიანის მიერ საკუთარი ბედის მოწყობის მცდელობა თვითნებურად ან ღმერთთან შეთანხმების გარეშე – უღმერთობის ხანის ნიშანია, რაც კიდევ უფრო ცხადად ჩანს შამუგიას ხილვაში – თავისი ვალპურგის ღამეებით თუ ჰომუნკულუსებით (გოეთეს ”ფაუსტის” ციტირებით და ფაუსტურ ცივილიზაციაზე მითითებით). იქნებ ამიტომაც ახსენებს ზაზა ბურჭულაძე პითაგორასეულ სიყვარულს, რომელზეც თითქოს უნდა გვესაუბროს და ავიწყდება. იქნებ ამიტომაც გვრის ნოსტალგიას ტამბოველ დათვს ქოლთრეინის კომპოზიციის, ”აფრიკას” შემთხვევითი გაგონება.
    თუკი, როგორც ავტორი ამტკიცებს ერთგან, ”დღევანდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში… ლიტერატურა, როგორც დარგი, მალე ისევე ამოწურავს თავისთავს, ვით, ვთქვათ, სქოლასტიკამ ამოწურა”, რაღა საჭიროა – ავტორის, როგორც მთავარსარდლის და სასვენი ნიშნების, როგორც ალყის მილიტარისტული მეტაფორა? ასეთ დროს სწორედ ტროპული ხერხები და მნიშვნელობები იქცევა ”ხელი-ხელ შეკოწიწებული ფასეულობათა წესრიგის” დეკონსტრუქციის იარაღად. ამგვარი ტექნიკა კი უხვადაა ”მინერალურ ჯაზში” – უპირველესად, პრუსტისეული მეტატექსტით თუ მკითხველთან ინტერპოლაციით, აღმნიშვნელთა თამაშით (ერთი და იგივე საგნის ან მოვლენის დასახასიათებლად ბინარული ოპოზიციების ჩამოთვლით, მათ შორის პოლარული სხვაობის გაგება უქმდება) თუ აპორიულობით; კულტურის კოდების ირონიზებით (სადაც მყარი გამოთქმების, ერთგვარი გნომური კოდების ეროვნული საუნჯიდან ავტორი ცდილობს სიკვდილის შესატყვისი გამოთქმა შეარჩიოს) თუ უნებლიე ეტიმოლოგიით (შენობა/შეჩემობა, სადაც ”შეჩემობა” ეტიმოლოგიური თვალსაზრისით სექსუალურ კავშირთან წილნაყარ სიახლოვეს, როგორც ჭეშმარიტ სიახლოვეს მოგვაგონებს); მოლოდინის ჰორიზონტის გაცრუებით (ფრაზით – ”აქ ალბათ მკითხველი ელოდება, რომ…”) თუ ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებზე პაროდიით (როდესაც ”მინერალურ ჯაზში” სამაშველო რგოლი ჩნდება, რომ შამუგია სხვა რომანების პერსონაჟებივით წყალში არ დაიხრჩოს).
    თუმცა აქ ყველაზე მთავარი მაინც ჯაზის ცნებაა, ვინაიდან ის ”თავისუფლების პოსტულატია” და ”ახლა და აქ” იქმნება. ამდენად კავშირი იკვრება როგორც რომანის საერთო სტრუქტურასთან, ისე კარნავალურობის გაგებასთან – ტექსტთან იერარქიის გარეშე და ეს აშკარაა თუნდაც იმიტომ, რომ ”მინერალურ ჯაზში” არ არსებობენ მთავარი და არამთავარი გმირები, ტრადიციული გაგებით. მაგრამ არსებობს ტექსტი, რომლისთვისაც ”დროის არავითარ ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა” და თანმიმდევრული, ხაზოვანი თხრობის სისტემა მის თავისუფლებას ვეღარ შეზღუდავს. მისთვის მხოლოდ ”მარადიული აწმყოა”; და რაც მთავარია – არსებობს ავტორი, რომელიც თავის ტექსტთან ერთად ”იბადება” და ევოლუციას განიცდის; რომელიც თანამედროვე რომანში ”ავტორის სიკვდილის” მიუხედავად, კვლავაც აგრძელებს არსებობას და წინააღმდეგობას გამძაფრებული ”მე”-ს შეგრძნებით უპირისპირდება. აქედან მომდინარეობს ”მინერალურ ჯაზში” გალაკტიონისეული ინტერტექსტი – ”მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა”, რაც იმავდროულად, სისტემისგან და კანონიკისგან გათავისუფლებული ავტორის განუზომელ თავისუფლებას გულისხმობს; მეორე მხრივ, ისევ გალაკტიონისეული ”ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა” – თავის თავში მოიცავს ჰიპერტროფირებულ ”მე”-ს და შემოქმედებით პოტენციას ითვალისწინებს.
    როგორც დერიდა იტყოდა, ყველაფერი ტექსტობრივია და არაფერი არსებობს ტექსტს გარეშე. მათ შორის, ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ კი, მკითხველთ, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ნიშნებს შორის ქვეტექსტები ვიკითხოთ და ვიოცნებოთ; ვიოცნებოთ სოდომამდელ სამყაროზე, სადაც აღარ იქნება იერარქიული წესრიგი; არც მნიშვნელობების სისტემა შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აღარც მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად დაყოფენ ადამიანებს – სწორედ ისე, როგორც ”მინერალურ ჯაზში”. ან, სულაც გავიღიმოთ – რომანს ხომ თითქოს რეფრენივით გასდევს ავტორის უწყინარი (თუ ირონიული) სიცილი – ”ეხე-ხე”, რომელიც თავისი ბუნებით დიონისურია, ან, გნებავთ, კარნავალური და თავის თავში აერთიანებს იმავე ბინარულ წყვილებს: ქებას და ლანძღვას, დაცინვას და აღტაცებას, კვდომას და აღდგომას.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“