• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – შოთა იათაშვილის «დალაგება»

    წელს პოეტ შოთა იათაშვილის ესეების სრული კრებული გამოვიდა, წიგნს «დალაგება» ჰქვია და იგი ავტორის მიერ უკანასკნელი 13 წლის მანძილზე დაწერილ ესეებს მოიცავს.

    «შოთა იათაშვილზე გვაქვს საუბარი, შესანიშნავ ქართველ პოეტზე და როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგ ესეისტზეც, ადამიანზე, რომელიც ძალიან ზუსტ ესეებს წერს», ასე დაიწყო შოთა იათაშვილის ბოლო წიგნზე საუბარი პოეტმა და კრიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ. თავად შოთა იათაშვილიც პოეტი და კრიტიკოსია, ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნმა გვაჩვენა, რომ ათზე მეტი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორს ჭკვიანური ესეების წერაც შეუძლია.
    აქამდე მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. ბოლო 13 წლის მანძილზე ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა წერილებმა გვაჩვენა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში შოთა იათაშვილი გამუდმებით ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. ეს წერილები სხვადასხვა დროს დაიბეჭდა სხვადასხვა გამოცემაში: «ალტერნატივა», «არილი», «ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი», «7 დღე», «ახალი ვერსია», გაზეთ «24 საათის» ლიტერატურული დამატებები, «წიგნები» და «ლიტერატურა», კრებულში შევიდა ასევე წინასიტყვაობები, სტატიები კრებულებიდან:
    «ეს ძირითადად გამოხმაურებებია იმ მოვლენებზე, რაც შოთას გარშემო ხდებოდა: წიგნის გამოსვლა, გარკვეული მიმართულების გაჩენა და ა.შ. მაგალითად ჩემს შემთხვევაში იგი განიხილავდა ჩემს ლექსებს ჩემი წიგნის გამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით. ანუ შოთა მაინც კულტურულ კონტექსტს იღებს და არა წმინდა პოეტიკურ საკითხებს, თუმცა ამასაც ეხება ლაკონურად, გასაგებად, მკითხველისთვის უფრო მარტივად მისაღები, არასამეცნიერო ენით».
    წიგნს შესავალი უძღვის, რომელსაც მახვილგონივრული სათაური აქვს, «როგორ ვალაგებდი», და იგი, რა თქმა უნდა, პაროდიულად გვახსენებს მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურაში ცნობილ აურება ესეს, საერთო სათაურით, «როგორ ვწერ». შოთა წერაზე არ ამახვილებს ყურადღებას, იგი წიგნის აგების, მისი დალაგების პროცესზე გვიყვება და ჟანრულადაც მიჯნავს წერილებს: რეცენზიები, ანალიტიკური სტატიები, სვეტები, პორტრეტები… წინასიტყვაობაში შოთა საკუთარ თავზეც საუბრობს, იგი მესამე პირში გველაპარაკება ესეისტ იათაშვილზე: «მთელი ამ დალაგებების შემდეგ თქვენს წინაშე იქნება ის შოთა იათაშვილი, რომელიც დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული ლიტერატურულ პროცესში, აკვირდება მას როგორც მწერალი და როგორც რედაქტორი, სულმუდამ იცვლება და სულმუდამ ცდილობს თავისი ოდესღაც დალაგებული აზრები შეამოწმოს და გადაალაგოს».
    შოთა ნამდვილად გამონაკლისია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. იგი იმ იშვიათი ავტორების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც კარგი ესეს წერა ეხერხება. ამგვარ დეფიციტზე დათო ჩიხლაძეც საუბრობს:
    «ეს არის უფრო ესეისტიკა, მკითხველისთვის შედარებით გასაგები ჟანრი და მე ვფიქრობ ამის დეფიციტი მართლაც არის. მართლა ძნელია რიგითი მკითხველისთვის, რომელსაც უყვარს ბელეტრისტიკა, პოეზია და ა.შ. დაჯდეს და იკითხოს სამეცნიერო კვლევები სემიოტიკაზე და ლიტერატურის თეორიაში. ამ შემთხვევაში ესე მართლაც ძალიან კარგი ხიდია, როდესაც პოეტი იღებს ასეთ ფუნქციას თავის თავზე და იმ სილამაზეს, რაც შეიძლება პოეტიკას გააჩნდეს, გასაგები ენით გადასცემს მკითხველს».
    ადრე მეც არაერთხელ დამიწერია იმის შესახებ, რომ პოეტები და პროზაიკოსები ვერ წერენ ერთმანეთის შესახებ, ზოგს კულტურა არ ჰყოფნის, ზოგს ნიჭი, ზოგს სურვილი არა აქვს, სხვებს კი ეზარებათ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მწერლის მიერ დანახული მწერალი. შოთას კრებული სწორედ ამით გამოირჩევა, აქ იგი თავის აზრებს გვიზიარებს, ეგნატე ნინოშვილზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, არჩილ სულაკაურზე, აქ არის წერილები გურამ რჩეულიშვილზე და ერლომ ახვლედიანზე, ოთარ ჭილაძეზე, ნაირა გელაშვილზე, ანდრო ბუაჩიძეზე, ზაზა თვარაძეზე, კარლო კაჭარავაზე. აქ არიან ძველი, საშუალო და ახალი თაობის მწერლები, XIX საუკუნიდან მოყოლებული «ვარდისფერი ავტობუსის» ჯგუფის ჩათვლით.
    შოთას საპროგრამო ესედ მიმაჩნია მისი 10 წლის წინანდელი პასუხები «არილის» ანკეტაზე, სადაც მან თავის თაობას «გაცვეთილი თაობა» უწოდა. იგი სხვა თაობებსაც ახსენებს, გაბრაზებულებს, გატეხილებს, დაკარგულებს და ა.შ. შემდეგ კი ამბობს: «გაბრაზებუყლი შეიძლება დაამშვიდო, გატეხილი შეიძლება შეაწებო, დაკარგული იპოვო, მაგრამ გაცვეთილს ვერარაფერს უშველი. გაცვეთილი ისეთი რამაა, რაც შეიძლება კიდევ ძალიან დიდხანს ვარგისი იყოს, მაგრამ ძველი თვისებები, სიმტკიცე, სიხასხასე არარასდროს დაუბრუნდება. ეს გაცვეთილობა კი გამოიწვია ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური ხასიათის იმ დაძაბულობებმა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და რომელსაც საბჭოურ სკოლაში გაზრდილი ბავშვები არასაბჭოურ ადამიანებად უნდა ჩამოეყალიბებინა. ბევრმა ეს მაინც ვერ შეძლო და კვაზისაბჭოურ ადამიანად დარჩა, ხოლო ვინც შეძლო, ეს ძლიერი «ცვეთის» ხანჯზე მოახერხა».
    ამ სიტყვებში დიდი სევდაცაა და მწარე სიმართლეც, თუმცა ეს სიტყვები, როგორც ჩანს, უკვე აღარ ვრცელდება თავად შოთა იათაშვილზე. მისი წიგნის, «დალაგების» წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ავტორს განსჯისა და კრიტიკის კბილანები გაუცვდა.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მიხეილ ჯავახიშვილი – 130

    წლევანდელი წელი XX საუკუნის ორი ყველაზე გამორჩეული ქართველი პროზაიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეო წელია. მათი დაბადებიდან 130 წელი გავიდა. ამჯერად გადაცემა “ბიბლიოთეკა” მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ მოგვითხრობს:

    რამდენიმე თვეში ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წელი შესრულდება. ამის მიუხედავად, ორივე მწერლის იუბილე ლიტერატურის ინსტიტუტმა უკვე აღნიშნა სამეცნიერო კონფერენციით. ახლა ჩვენი ჯერია, სექტემბრამდე და ნოემბრამდე (სწორედ ამ თვეებში უწევს იუბილეები) კი იქნებ სხვებსაც გაახსენდეთ ეს ორი შესანიშნავი მწერალი.
    ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის პროზაზე ვისაუბროთ.
    ეს მწერალი, ისევე როგორც ბევრმა ჩემმა თანატოლმა, წიგნამდე სპექტაკლით გავიცანი. კარგად მახსოვს თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლი “ჯაყოს ხიზნები”, რომელმაც თავისი სიმკაცრით, ალბათ მიხეილ ჯავახიშვილის ეფექტი გაიმეორა და დიდხანს ალაპარაკა ქართული საზოგადოება. თავად წიგნი მოგვიანებით წავიკითხე, შემდეგ დანარჩენი ნაწარმოებების ჯერი დადგა, ბოლო რაღაცეები კი აგერ, შარშან წავიკითხე მიხეილ ჯავახიშვილისა. ესაა მწერალი, რომელიც არაერთხელ გადამიკითხია, ავტორი, რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს, უყვარს ან ტკბება მისი ოსტატობით. მწერალი ბესო სოლომანაშვილი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყველა სხვა მკითხველისგან განსხვავებით, მისი დამოკიდებულება მაინც განსაკუთრებულია:
    “ჩემი პირადი დამოკიდებულება მიხეილ ჯავახიშვილისადმი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდა, ლამის დაბადებიდან, რადგან მე იმ ეზოში დავიბადე და იმ სახლში ვარ გაზრდილი, ელბაქიძეზე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილი წაიყვანეს 1937 წლის 14 აგვისტოს. თან 14 აგვისტო ჩემი დაბადების დღეცაა და შემდეგ და შემდეგ, გახსოვთ ალბათ, კომუნისტების დროს მხოლოდ “არსენა მარაბდელი” იყო სასკოლო ლიტერატურაში, და რატომღაც სულ პატარობიდანვე დავიწყე მიხეილ ჯავახიშვილის კითხვა. ალბათ იმიტომ, რომ იმ ეზოში ვიყავი გაზრდილი და ლეგენდასავით იყო. სამეზობლოში იყო უცნაური დამოკიდებულება იმ სახლისადმი, რადგან, მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც უდიდესი პიროვნება იყო არამარტო ქართული ლიტერატურისათვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვისაც”.
    მიხეილ ჯავახიშვილი თაობის ალბათ ყველაზე გამორჩეული მწერალი იყო. მან, შეიძლება ითქვას, სახე მისცა ქართულ XX საუკუნეს, თავისი რომანებით, მოთხრობებით და რაც მთავარია, თავისი ტრაგიკული ბედით. იგი უდიდესი ოსტატი იყო, შესანიშნავი მთხრობელი, მწერალი, რომელიც თითოეულ სიტყვაზე მუშაობდა და წლების მანძილზე აგროვებდა მასალას რომანებისთვის. ამაში ქართველი მკითხველი რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როდესაც მისი 500 გვერდიანი “უბის წიგნაკები” გამოიცა.
    “მე მხიბლავს მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერები იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მწერალი, რომელიც არ კეკლუცობს ფორმით, რომელიც თავს არ გახვევს თხრობის მანერას, ის უბრალოდ გიყვება ამბავს და ამბავში გითრევს. მთელი მისი წერის მანერა საოცარი რიტმით ხასიათდება და აქ ყველაფერი საპირისპირო ემოციებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. თუკი ერთი წინადადება კომიზმითაა სავსე, შემდეგ წინანდადებაში ყველაფერი ტრაგიზმითაა გაჯერებული”.
    მისი ყოველი ახალი ნაწარმოები სრულიად განსხვავდებოდა ხოლმე წინამორბედისგან, თითოეული რომანით იგი თითქოს რაღაც მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებდა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ახალს იწყებდა: “ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნება ალბათ არც ერთ მწერალს არ ჰქონია. მას შეეძლო ჯერ დაეწერა, ვთქვათ, “თეთრი საყელო”, უშველებელი ფილოსოფიური ტილო და უცებ შეექმნა “გივი შადური”, დაეწერა “ჯაყოს ხიზნები”, ამხელა ტკივილით გაჯერებული ნაწარმოები და “კვაჭი კვაჭანტირაძე, ასე ვთქვათ, ავანტიურისტული რომანი”.
    ეს “ავანტურისტული რომანი” ბოლო რამდენიმე წელია ჩემი საყვარელი ქართული რომანია. იყო დრო, როცა “ჯაყოზე” მეტს ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი, როგორც ვატყობ, “კვაჭი კვაჭანტირაძის” პერიოდი მაქვს, ამიტომ ორი სიტყვით ამ რომანსაც გავიხსენებ.
    კვაჭი კვაჭანტირაძე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი პერსონაჟია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ავტორმა მას ასეთი ფორმულა გამოუძებნა – “არც მარჯვნივ, არც მარცხნივ… არც აქეთ, არც იქით… შენც მინდიხარ, ისიც მიყვარს…” შესაბამისად, კვაჭის ფეხი ხან მარცხენა ბანაკში ედგა, ხან მარჯვენაში, ხან “ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან – დინჯი… მხიარულთან – მხიარული, ძლიერთან – მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მოღიმარე“, ხან კი სუსტთან კადნიერდებოდა და თავხედდებოდა, მუხას ლერწმად უხვდებოდა და ლერწამს მუხად, რკინასთან – ბამბა იყო და ბამბასთან – რკინა. ზოგჯერ სუსხს აისახავდა ხოლმე კვაჭიკო სახეზე, ხან კი “გულმოსალოკი ღიმილით” მოინადირებდა მსხვერპლს, დატკბებოდა შაქარსავით. მოკლედ რამდენიმე ასეული გვერდის მანძილზე კვაჭის ყველაფერი მოასწრებინა ავტორმა, რა არ აგემა, როგორი საქმეები არ გააჩარხინა და რა ქარ-ცეცხლში არ გამოატარა. წინანდელი კვაჭი ყოველ 50 გვერდში ერთხელ კვდება ხოლმე და მისგან ახალი კვაჭი იშვება, უცნობი და ახალი, თამამი და უდრეკი, გულადი და შეუპოვარი… ასეა მთელი რომანის განმავლობაში, სანამ კვაჭი სტამბულში არ წავა და ლიზა ხანუმის საროსკიპოში არ მოიკიდებს ფეხს. კვაჭი იქ ნახავს ბოლო ნავსაყუდელს, მეძავებთან, მოირებივით რომ ესევიან გარს და მისი ჭრელი გულიც კვნესას იწყებს ამ ორმოში. თუმცა კვაჭი ბოლო სიტყვასაც გვიტოვებს. ეს სიტყვა ჩვენს პატარა სამშობლოს შეეხება და იგი ქვეყნის ერთიანობის იდეას სევდითა და მწარე ირონიით ასველებს.
    “რა არის დიდი საქართველო? ბათომში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები ქიზიყს უნდა მიაბჯინო; სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან იძახიან: “ხეირიო”, ქუთაისში ლაითაძესთან ან ერემოსთან დანიელა ურიამ რომ “მრავალჟამიერ” დაიწყოს, ყაზბეგიდან ბანს ეტყვიან, ხოლო თელავიდან დედას ლევანა “მადლობელს” შემოსძახებს… მყრალი ხელსახოცი რომ იპოვნო, მთელი საქართველო მორბის ყვირილით, ჩემია! წილი დამდეო”
    მიხეილ ჯავახიშვილმა ამაზე გაცილებით უფრო მწარე რაღაცეებიც თქვა ჩვენს ქვეყანაზე, იგი ბზარავდა და რაც მთავარია, დღემდე ბზარავს მოდუნებული ქართველების გულებს. სწორედ ამიტომ, მისი ნაწერები არასდროს იქცევა ტკბილ წარსულად და იგი ყოველი წაკითხვისას ახლებურ ზეგავლენას მოახდენს.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მთელი შუამდინარეთი ორ წიგნად

    პოეზიის, განსაკუთრებულად კი უძველესი პოეზიის მოყვარულებმა სულ ახლახანს კარგი საჩუქარი მიიღეს. გამომცემლობა “მემკვიდრეობამ” ორ წიგნად, სრულად გამოსცა ზურაბ კიკნაძის მიერ შუმერული და აქადური ენებიდან გადმოქართულებული “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”.

    დაახლოებით 8-ე კლასიდან მოყოლებული, ძალიან ვიყავი დაინტერესებული ძველი აღმოსავლეთის ისტორიით. გაბმით ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ოდნავი კავშირი მაინც ჰქონდა ამ მხარესთან და მსოფლიო ისტორიის ამ პერიოდთან. ვკითხულობდი გიორგი მელიქიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ნანა ხაზარაძის, იგორ დიაკონოვის და სხვათა ნაშრომებს. მალე ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიაც” აღმოვაჩინე, მანამდე კი, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ჯერ 60-იანებში გამოცემული “გილგამეში”, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძისვე თარგმნილი “თამუზის სიზმარი”, ძველი შუამდინარული პოეზიის მცირე ანთოლოგია. დღეს ეს ორი მომცრო წიგნი შეიძლება ვერც კი იცნოთ, ისეა შევსებული და დამშვენებული ახალი ტექსტებითა და ახალი წინასიტყვაობებით, კომენტარებითა და საძიებლებით, სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ “გილგამეშიანი” და “ძველი შუამდინარული პოეზია”, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა, ძველი წიგნების გამეორება კი არა, ახალი, XXI საუკუნიდან დანახული ძველი სამყაროს პოეზიაა, სამყაროსი, რომლის სიყვარულსა და ცოდნასაც ზურაბ კიკნაძე ძალიან დიდი ხანია დაატარებს და სხვებსაც უზიარებს:
    “ჩემი ინტერესი ამ ეპოსისადმი ცოტა შორიდან დაიწყო. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ ქართულად იყო ნათარგმნი “გილგამეშის ეპოსი”, მიხაკო წერეთლის მიერ და ეს წიგნი კონსტანტინოპოლში გამოიცა, 20-იან წლებში, უფრო ადრეც, მან ასირიოლოგიის კათდრა დაარსა საქართველოში. შემდეგ მოუხდა წასვლა ქვეყნიდან და გზად, კონსტანტინოპოლში, კათოლიკეთა სავანეში გამოსცა ეს წიგნი, რომელიც იშვიათობა იყო. ერთი ეკზემპლარი ინახებოდა და ახლაც ინახება თბილისში. შემდეგ ვნახე ფოტოტიპიური გამოცემაც.“
    მხოლოდ იმ ერთი წიგნის ერთ ეკზემპლართან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ზურაბ კიკნაძემ სულ მალე გადაწყვიტა უშუალოდ გაცნობოდა ამ სამყაროს:
    “და შემდეგ, როდესაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, რატომღაც გაიხსნა ასპირანტურა შუმერულ ენაში და ლიტერატურაში. საკვირველი ის იყო, რომ არავინ არ იყო სპეციალისტი. ერთი წელი აქ ვიყავი, აქადურს გავდიოდი და შემდეგ მომიხდა ლენინგრადში წასვლა და იქ გავიცანი დიანოკოვი, რომელმაც სწორედ იმ ხანებში თარგმნა რუსულად “გილგამეშის ეპოსი” დაწაიკითხა კიდეც მწერალთა სახლში”.
    “გილგამეშიანით” მსოფლიო ლიტერატურა იწყება, იწყება ეპიკური აზროვნებისა და ლიტერატურული მოტივების ისტორია, აქ გაჩნდა პირველად სიყვარულის, ძიების, დანაკლისის, გლოვის, მეგობრობის იდეები. სწორედ ამ საერთო-ეპიკური “ინტერესების” გამო იყო, რომ ხშირად გილგამეშიდან იწყებდნენ “ვეფხისტყაოსანსაც”:
    “ინტერესი ეპოსისადმი მე მქონდა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და სწორედ ამ ინტერესით შევუდექი “გილგამეშიანის” შესწავლას. რაღაც პარალელები ყოველთვის იყო, ამაზე ლაპარაკობდნენ ჯერ მიხაკო წერეთელი, შემდეგ ტიტე მარგველაშვილი, გივი მარგველაშვილის მამა, მასაც ჰქონდა სტატია ინგლისურ ენაზე დაწერილი “გეორგიკაში”. შემდეგ აღარავის გაუგრძელებია ამ მიმართულებით კვლევა… ტიპოლოგიური მსგავსება არის რა თქმა უნდა, მოტივებში არის თანხვედრები, მაგრამ ისე ლაპარაკი, რომ თითქოს შიდა დინებით რაღაც გავლენა ჰქონოდა ამ ეპოსს ქართულ სინამდვილეში, არ დასტურდება, ისევე, როგორც, შუმერულისა და ქართულის ნათესაობა”.
    შუმერული და ქართული ენის ნათესაობის ისტორია ბოლო დროს სულ უფრო სევდიან და კარიკატურულ სახეს იღებს, ამიტომ ამ თემაზე აქ აღარ შევჩერდები, სჯობს ისევ შუმერულისა და აქადურის ურთერთობებზე ვისაუბროთ:
    “ეს არის შუმერული წარმოშობის, როგორც გმირი, ასევე იდეა – რომ ადამიანი არის მარადიული ცხოვრების მაძიებელი და ა.შ. მაგრამ იქ, შუმერულ ტექსტებში ეს არის ცალკეული სიმღერები, რომლებიც შემდეგ აქადელებმა გააერთიანეს და ეპოსი შექმნეს მისგან, იმათ კი ეპოსი არ დაერქმეოდათ. საინტერესო ისაა, რომ შუამდინარული კულტურა დაფუძნებულია ორ ენაზე, ორ სრულიად განსხვავებულ ენაზე. ერთი არის შუმერული, აგლუტინაციური ენა, რომლის მონათესავეც დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს და არც მაშინ არსებობდა, ხოლო აქადური სემიტური ენაა, რომლის განშტოებები დღესაც ფართოდაა გავრცელებული – არაბულიც, ებრაულიც, სხვა არამეული ენები”.
    ზურაბ კიკნაძე იმაზეც წერს და საუბრობს ხოლმე, თუ როგორ ურთიერთობდა ეს ორი, სრულიად განსხვავებული ენა და როგორ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთზე. საქმე ისაა, რომ პირველი თარგმანები სწორედ შუამდინარეთშია დადასტურებული, შუმერულიდან აქადურად თარგმნამ სათავე დაუდო თარგმანის იმ უზარმაზარ ტრადიციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ენას ცვლის ხოლმე, ბიძგს აძლევს ახალ პროცესებს. შუამდინარეთში საკმაოდაა აღმოჩენილი დაფები, სადაც პწკარედული თარგმანებია ამოტვიფრული, პარალელური ტექსტები. სხვათა შორის, პარალელური ტექსტებით დაფარული ასეთი დაფები (უფრო სწორად, სტელები) საქართველოშიც არის აღმოჩენილი, ოღონდ, ცხადია, გაცილებით გვიანდელი ხანის.
    “ლექსიკონები იქმნებოდა, იქმნებოდა კომენტარები ტექსტებზე, ძველი სიტყვების განმარტებები, სინონიმები. ასერომ, ძალიან აღჭურვილი იყო ეს გამოცემები, ბიბლიოტეკებში იყო დაცული. სხვათა შორის, შუმერებში ჯერ კიდევ არ არსებობდა ავტორის ცნება. თუ სახელი გვხვდებოდა, ის სახელი გადამწერისა იყო ან ამ ტექსტის მომპოვებული. აქადურ ენაში კი შემოდის ავტორი”.
    რა თქმა უნდა, ეს ისეთი “ავტორი” ვერაა, როგორებადაც ძველ საბერძნეთში ჰესიოდე, არქილოქე ან ანაკრეონი იქცნენ, იგი უფრო “თავის გულსა და გონებაში გაატარებდა ღვთიურ გამოცხადებაში ნაკარნახევს”, მაგრამ ძველი ბერძენი პოეტებიც ხომ მუზებს მიმართავდნენ? მათზე გაცილებით თანამედროვე ავტორებიც ხომ “მედიუმობენ” ხოლმე? ჰოდა, ამიტომაც, იქნებ ბევრი არც არაფერი გვაშორებს ამ ერთი შეხედვით უშორეს ტექსტებსა და მათ ავტორებს.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის “ლექსები და პოემები”

    AUDIO
    გამომცემლობა “პეგასმა” ოთარ ჭილაძის ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი ოთარ ჭილაძის ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ შეადგინა და იგი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა.

    “მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
    ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
    და ამოვწურო ეს სიმარტოვე
    ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”
    ეს ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია, 2007 წელს დაწერილი. ხმა მისმა ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ ჩაიწერა დიქტოფონზე. ოთარ ჭილაძის მიერ ასეთი რიტმით წაკითხული ლექსი მე არასდროს მომისმენია. ესაა ლექსი-გამოთხოვება, გამოთხოვება მარტოობასთან და ამოუხსნელ ფორიაქებთან, რითაც სავსე იყო პოეტის ცხოვრება. ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან, წლევანდელ გაზაფხულზე კი მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული ვიხილეთ ერთ წიგნად თავმოყრილი.
    კრებული ოთარ ჭილაძის სრულ პოეტურ მემკვიდრეობას მოიცავს, აქაა მისი პირველი კრებული “ძველი რვეული”, “მატარებლები და მგზავრები”, “თიხის ფირფიტები”, “გახსოვდეს სიცოცხლე”. პოემები – “დევებით სავსე ქუდი”, “რკინის საწოლი”, “სინათლის წელიწადი”. ამ წიგნში თვალის გადავლებითაც ჩანს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტის მიერ განვლილი გზა, ორი-სამი ლექსის წაკითხვისასაც მოისმის მისი განუმეორებელი ხმა.
    როდესაც ბატონი ოთარი გარდაიცვალა, მახსოვს სხვებთან ერთად, პოეტ შოთა იათაშვილსაც ვთხოვე პატარა წერილი დაეწერა მისი პოეზიის შესახებ. შოთამ, ჩემი აზრით ძალზე ზუსტად დაინახა თავისი უფროსი კოლეგა და დრევანდელ გადაცემაშიც, სწორედ მას ვთხოვე ორიდე სიტყვა ეთქვა მის შესახებ: “ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე პოეტის მიმართებას მკითხველტან, ანუ ვის ელაპარაკება პოეტი. არიან პოეტები, რომლებიც მთელ სამყაროს ელაპარაკებიან, როგორც ვთქვათ, უოლტ უიტმენი, მაგალითად მაიაკოვსკი ხალხის მასას ელაპარაკებოდა, თუმც ძალიან კარგად იცოდა კარგი მკითხველის გემოვნება, იყო ბარათაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ა.შ. ზოგი ღმერთს ელაპარაკება, ზოგი ეშმაკს… ოთარ ჭილაძე იყო პოეტი, რომელმაც უბრალოდ აირჩია მოსაუბრედ ერთი ადამიანი”.
    პოეტი თავადაც მარტო იყო, მისი ხმა მოისმოდა მარტოობიდან და მარტოობისთვის. მხოლოდ იგი იყო პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში ოთარ ჭილაძის ლექსის მთავარ ნიშნად სიზუსტე იქცა. გურამ ასათიანი, ერთ-ერთ წერილში სიბასრითაც ახასიათებდა მის პოეზიას, ზუსტი შეფასებაა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ლირიურ გამჭრიახობას, მარტოობით შობილ სიცხადეს.
    “რაღაცნაირად ინტიმური გარემო შექმნა, და ეს გარემო იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ხალხს უკვე მობეზრებული ჰქონდა ის პოეზია, როდესაც მასობრივად ელაპარაკებოდნენ ადამიანებს და სადაც ინდივიდი არ იყო გამორჩეული. როდესაც ან პათოსი ბატონობდა, ან არტისტიზმი. ოთარ ჭილაძემ ეს ყველაფერი დაძლია და დაიწყო სულ სხვანაირი საუბარი მკითხველთან”.
    XX საუკუნის 50-60-იანი წლების გასაყარზე ოთარ ჭილაძე ძალზე ზუსტად გამოხატავდა თავის დროებას, იგი ახალი ლექსის, ახალი ხედვის მესაფუძვლედ იქცა: “ოთარ ჭილაძე ლექსებს ძირითადად სამოციან წლებში წერდა და ალბათ ბუნებრივიც იყო, რომ მისი ლექსები სამოციანი წლების ევროპულ ფილმებს, შავ-თეთრ ფილმებს ჰგავდა. აი დაახლოებით ისეთს, ანტონიონის “ღამე” რომ არის, ან “დაბნელება”. ჩუმი, ზანტი, დაძაბული კადრებით. ანდა კამერულ ფრანგულ ფილმებს. ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა. მის ლექსებში არც ადამიანები დაჰქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები”.
    გურამ ასათიანი “უცდომელი ხელით აგებულ შენობას” ადარებდა ოთარ ჭილაძის ნაწერებს. მისი პოეზია “ღრმად გააზრებული, ბოლომდე მომწიფებული ჩანაფიქრისა და უტყუარი შთაგონების ნაყოფია”, წერდა იგი. მასთან ვერ ნახავთ შემთხვევითობას, მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებში ბევრია მოულოდნელობები. ეს მოულოდნელი პეტური სვლები საბოლოო ჯამში ყველაზე ზუსტი გამოსავალია ხოლმე ლექსისთვის და ლირიკული გმირისთვის.
    ოთარ ჭილაძის შესახებ უკვე ათწლეულებია კამათობენ ქართველი ლიტერატურათმცოდნეეები თუ მკითხველები. ნაწილისთვის იგი პოეტი იყო, ზოგი კი მხოლოდ მის პროზაულ ნიჭს აღიარებდა. ჩემი აზრით კი, ოთარ ჭილაძე ბოლომდე პოეტად დარჩა, სიზუსტისა და სიმკვეთრის პოეტად. ასეთი იყო იგი პროზაშიც, ამომწურავი, ძლიერი, თავდაჯერებული.
    შოთა იათაშვილი ოტარ ჭილაძის პროზაზე გადასვლას მისი აზროვნების მასშტაბების ზრდას უკავშირებს: “ხშირად ისმის კითხვა, მაინც ვინ იყო ოთარ ჭილაძე თავისი ბუნებით, პოეტი თუ პროზაიკოსი?! საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მარტივი: ის ძალიან ბუნებრივად მივიდა პოეზიიდან პროზამდე. მისი საუბარი ერთ მკითხველთან, ის ინტიმური საუბარი, რაღაცნაირად არათვითკმარი გახდა, როდესაც მისი აზროვნების მასშტაბები ნელ-ნელა გაიზარდა და აქედან გამომდინარე მისი საუბრის ფორმაც ამიტომაც შეიცვალა და ლექსი იქცა რომანად”.
    იმის მიუხედავად, რომ 70-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ ჭილაძემ რომანში იპოვა თავი, იგი სიცოცხლის ბოლომდე მაინც აგრძელებდა ლექსების წერას. მისთვის ყოველთვის უცხო იყო სტერეოტიპები, პოეტური კლიშეები, ლიტერატურულობა, ხმამაღალი ფიქრის მისეული მანერა კი არ ტოვებდა ადგილს პოეტური არტისტიზმისთვის.
    ოთარ ჭილაძის ლექსები დღეს ახალი მკითხველი სჭირდება, დაკვირვებული და თავისუფალი მკითხველი.
    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ინტერვიუ

    მაიკლ კანინგემი: ადამიანთა სულებს სქესი არა აქვთ

    სალომე ასათიანი

    გასულ კვირაში პრაღას – და რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას – ესტუმრა ამერიკელი მწერალი მაიკლ კანინგემი, რომელსაც მისი თაობის მწერლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ. საერთაშორისო აღიარება კანინგემმა ათიოდე წლის წინ მოიპოვა – 1999 წელს მისი რომანი, “საათები”, პულიცერის და სხვა პრემიებით დაჯილდოვდა; 2003 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს – რომელშიც სამი მთავარი პერსონაჟი ქალის როლებს ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი და ჯულიან მური ასრულებენ – „ოსკარი“ და კინოკრიტიკოსთა აღიარება ერგო. კანინგემის ამ ემოციურად დამუხტულ და სტილისტურად გაბედულ რომანს უწყვეტ ხაზად გასდევს მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის ბიოგრაფია და შემოქმედება. ინგლისელი მწერალი ქალი თავად არის “საათების” ერთ-ერთი გმირი; ამავე დროს, მისი ცხოვრება და მის მიერ შექმნილი პერსონაჟები უცნაურად ერწყმიან და ეხმიანებიან რომანის სხვა გმირების ბედს, გამოცდილებას თუ ემოციებს. “საათების” შემდეგ მაიკლ კანინგემმა კიდევ რამდენიმე საინტერესო და წარმატებული რომანი გამოსცა. ამერიკელ მწერალს მისი შემოქმედების შესახებ სალომე ასათიანი ესაუბრა.
    სალომე ასათიანი: თავდაპირველად, თქვენს ბოლო რომანზე მინდა გკითხოთ. მას “დაღამებისას” ჰქვია და კლასიკურ ფაბულაზეა აგებული – თხრობა იწყება ერთგვარი ჰარმონიით, ეკვილიბრიუმით, რომელსაც იდუმალი უცნობის მოულოდნელი გამოჩენა არღვევს. (რომანის პერსონაჟები, ცოლ-ქმარი რებეკა და პიტერი, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და კულტურის სფეროში მუშაობენ. მათ მშვიდ და თვითკმარ ყოფას რებეკას ახალგაზრდა ძმის მოულოდნელი სტუმრობა არღვევს).
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ასეა.
    სალომე ასათიანი: ამგვარ ფაბულაზე დაფუძნებული ბევრი ტექსტის გახსენება შეიძლება – თუნდაც შექსპირის, ან მარკ ტვენის ნაწარმოებების. პირადად მე თქვენი რომანის კითხვისას ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი ფილმი, პიერ-პაოლო პაზოლინის “თეორემა”.
    მაიკლ კანინგემი: ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ყოველთვის თავიდან ვნახულობ. ბოლოს მიღებს ხოლმე, ყოველ ჯერზე.
    სალომე ასათიანი: ძალიან მიხარია ამის მოსმენა – ესე იგი, ჩემი ასოციაცია სწორი იყო. და მაინც, რატომ გამოიყენეთ ეს ფაბულა?
    მაიკლ კანინგემი: ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურაში სულ ორი ფაბულა არსებობს – ვიღაც სამოგზაუროდ მიდის, ან სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის. ყველა ამბავი, ყველა ნაწარმოები ამ ორიდან რომელიმე ფაბულას ეყრდნობა და მას განავრცობს. სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩემი წინა რომანები ძალიან გაბედული იყო – სხვადასხვა პერიოდს, ადგილს და პერსონაჟს მოიცავდა. ამჯერად კი მსურდა, გამომეცადა როგორ იწერება უფრო ტრადიციული რომანი. წინა რომანებს უფრო სიმფონიური გაქანების პრეტენზია ჰქონდათ – ეს კი, ვფიქრობ, უფრო სიმებიან კვარტეტს ჰგავს… და როგორც ადამიანს, რომელიც ბედნიერი იქნებოდა მუსიკის შექმნა რომ შეეძლოს, მინდა ლიტერატურაში მაინც ვწერო სიმფონიებიც და სიმებიანი კვარტეტის მუსიკაც.
    სალომე ასათიანი: რომანის მნიშვნელოვანი ინტერტექსტია თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” – ამბავი ეროტიკულ ვნებაზე სილამაზის, ახალგაზრდობის, ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ეს იდუმალი უცხო წარმოადგენს – პირველ რიგში იმ ადამიანის თვალში, ვისაც ვნება უჩნდება. რატომ დაესესხეთ ამ ტექსტს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერილი ამბავი კვლავაც შოკისმომგვრელი, აკრძალვების დამრღვევი, ერთგვარად ტრანსგრესულია?
    ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ოფიციალურად ის გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით კვლავაც საკმაოდ შოკისმომგვრელი და ტრანსგრესულია ამბავი, რომელიც კაცის მხრიდან უფრო ახალგაზრდა კაცის ვნებით შეპყრობილობაზე გვიყვება. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია, რომელიც კვლავაც არასწორ, [აკრძალულ] ვნებად აღიქმება. ხოლო ასეთი “არასწორი” ამბები ჩვენთვის ერთდროულად შემაძრწუნებელიც არის და მიმზიდველიც. განსაკუთრებით მაინტერესებდა დამეწერა ჰეტეროსექსუალი კაცის გამოცდილებაზე – რომელსაც ვნება არა იმდენად ამ კონკრეტული ბიჭის მიმართ უჩნდება, არამედ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ეს ბიჭი მის წარმოსახვაში წარმოადგენს.
    სალომე ასათიანი: როგორც [თომას მანის მოთხრობის გმირ] აშენბახს.
    მაიკლ კანინგემი: დიახ, როგორც აშენბახს. ჩემი რომანის ფინალს ახლა არ გავამხელ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ჩემს პერსონაჟს, პიტერს, აშენბახის მსგავსად პლიაჟის სკამზე არ ვკლავ. [თომას მანისგან] განსხვავებით, მე ჩემს გმირს ცოტა სხვა ბედი ვარგუნე.
    სალომე ასათიანი: სექსუალობის – თუ გენდერული, სქესობრივი როლების – კომპლექსურობის თემა თქვენს რომანებში ბევრგან იჩენს თავს. “საათებში” ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია. თავისთავად ის ფაქტი, რომ კაცმა მწერალმა სამ ურთულეს ქალ-პერსონაჟზე ასეთი სიღრმით დაწერა, უკვე ძალიან უჩვეულოა. ამასთან, პერსონაჟების ურთიერთობა – კლარისასი და რიჩარდის, მაგალითად – მართლაც ძალიან დიდი სიღრმით, კომპლექსური სექსუალობით და შერეული, არაერთგვაროვანი ემოციებით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, ადამიანური სურვილების, ვნებების, ემოციების, სექსუალობის მთელი სპექტრის სრულად წარმოჩინება შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაში იქნება ეს თუ ლიტერატურაში?
    მაიკლ კანინგემი: ვფიქრობ, ამის მიღწევა ლიტერატურაში უფრო შეიძლება, ვიდრე ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მწერლის ერთ-ერთი ამოცანაა სამყარო გაართულოს – ყოველთვის განაცხადოს, რომ მოვლენები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, მე ძალიან მაინტერესებს სექსუალობის კომპლექსური და უკიდურესად ინდივიდუალური ხასიათი. ჩემი აზრით, ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ, მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ის ოფიციალურად გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.
    სალომე ასათიანი: ანუ თქვენ იზიარებთ ზოგიერთი თეორეტიკოსის მოსაზრებას – რომ იარლიყების მიკუთვნება, სურვილების დისკურსად გადაქცევა უწინარესად დახარისხების, კონტროლის დამყარების მეთოდია – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსუალობას ეხება?

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს არის დახარისხების, კონტროლის დამყარების, რეალობის არასწორი ასახვის და მისი გამარტივების მეთოდი. ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის უნდა ავჯანყდეთ, როცა კი ვინმე ცდილობს, რაღაც კატეგორიებში მოგვაქციოს, ან იარლიყები მოგვაკეროს. ჩემი აზრით, რომანების ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის – მათ უნდა შეგვახსენონ, რომ სინამდვილეში არც ერთი ჩვენგანი არც ერთ კატეგორიას არ ესადაგება. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მოგვაქციოს რაიმე ისეთ ჯგუფში, რომლის აღწერაც რამდენიმე სიტყვით იქნება შესაძლებელი.
    სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ცდილობს საზოგადოება სექსუალობის გაკონტროლებას?
    მაიკლ კანინგემი: იცით, ამ შეკითხვას საკუთარ თავსაც ვუსვამ ხოლმე. როცა ამერიკაში მემარჯვენე ძალები ასეთი მგზნებარებით გამოდიან ხოლმე ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინაააღმდეგ – მართლა არ მესმის, რა არის პრობლემა. ჩემთვის ეს ერთგვარ ამოუცნობ ამბად რჩება. ცხადია, მე მხოლოდ აშშ-ის ვითარებას ვიცნობ და ამაზე ვსაუბრობ – ვფიქრობ, იქ არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ. ჩვენ კვლავაც ძალიან გვეშინია არათეთრკანიანების და ქალების – თუმცა ამ შიშების, ამგვარი ქედმაღლობის ღიად გამოხატვა აღარ ითვლება მართებულ ნაბიჯად. აი გეებზე ამის თქმა კი კვლავაც შესაძლებელია. ამიტომაც, ისინიც კი, ვისაც შეიძლება გულში ამის არ სჯერა, საჯაროდ მაინც აცხადებენ, ქალებს და არათეთრკანიანებს თანასწორი უფლებები უნდა მიენიჭოთო. მაგრამ გეებს შეიძლება, ამგვარი უფლებები წაართვა – და ამას არაფერი მოჰყვეს. გეები ერთ-ერთი ბოლო უმცირესობაა, რომელიც კვლავაც შევიწროებას განიცდის, მაგრამ ეს აუცილებლად დამთავრდება. ბოლოს ყველა შევიწროება მთავრდება – თუმცა ზოგიერთს ამისათვის მეტი დრო სჭირდება ხოლმე.
    სალომე ასათიანი: ისევ თქვენს ბოლო რომანს რომ დავუბრუნდეთ – მისი კიდევ ერთი მთავარი თემა ცხოვრების ჩვეულებრივობის, ორდინარულობის საკითხია. მთავარი გმირი – პიტერი – რომანის ბოლოსკენ ხვდება, რომ ახალგაზრდობის, თავისუფლების, სექსუალური თუ სოციალური ნონკონფორმიზმის მიმართ მისი ვნება დიდწილად ილუზორულია – რომანტიკული იდეაა, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობს. პიტერი თავის ჩვეულ, რუტინულ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მას უწინდელივით ტრივიალურად აღარ აღიქვამს. არის თუ არა ეს კვლავ ვირჯინია ვულფის მისამართით გაკეთებული ჟესტი? ვულფის, რომელიც უწინარესად სწორედ ერთი შეხედვით “ტრივიალურ” ცხოვრებას აღწერდა – განსაკუთრებით ქალების ყოფას – და აჩვენებდა, რომ ამ ვითომდა ორდინარულობის მიღმა ინდივიდების ძალა, გაბედულება და კომპლექსური ხასიათები იმალება?
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ერთ-ერთი ასპექტი, რაც ასე ძალიან მიყვარს ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში, სწორედ ეს არის – მისი ჯიუტი განაცხადი, რომ ერთი შეხედვით “ორდინარული” ცხოვრება რეალურად ორდინარულის გარდა ყველაფერია ჩვენთვის – იმ ხალხისთვის, ვინც ამ ცხოვრებით უშუალოდ ცხოვრობს. ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება საოცარია და ეპიკურ მასშტაბებს აღწევს. ვულფმა – როგორც მანამდე ფლობერმა, ასევე ჯოისმა – სწორედ ეს თქვა. რომ არა, “ორდინარული ცხოვრება”, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ადამიანების ცხოვრების არასწორი და შეზღუდული აღქმა და აღწერა. ჩემი აზრით, ვულფი განსაკუთრებული გაბედულებით გამოირჩეოდა იმიტომ, რომ ამ ერთი შეხედვით ორდინარული ცხოვრების ისტორიების გარდა, ის ქალების ცხოვრებას აღწერდა.
    სალომე ასათიანი: რაც მან საოცარი ოსტატობით შეძლო “მისის დალოვეიში”, რომელიც თქვენი ცნობილი რომანის, “საათების” ერთგვარ სარჩულს წარმოადგენს. ახლა კი უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც ალბათ უკვე ათასჯერ გაქვთ მოსმენილი. როგორ გაგიჩნდათ „საათების“ დაწერის სურვილი? და რატომ “მისის დალოვეი”?
    მაიკლ კანინგემი: ეს ეტაპობრივად მოხდა. “მისის დალოვეი” ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე. და მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვერ წარმომედგინა, რომ ენით, თუ ენაში, ისეთი რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაც ვირჯინია ვულფმა ამ რომანში შეძლო. ვირჯინია ვულფი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს შეიძლებოდა, სტენდალი ყოფილიყო, ან ტოლსტოი – მაგრამ ვიღაცამ სწორედ ვულფის წიგნი ჩამიდო ხელში მაშინ, როცა 15 წლის ვიყავი. და ასე დაიწყო ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული.
    “საათებს” რაც შეეხება – ის თავიდან “მისის დალოვეის” განახლებული ვერსია უნდა ყოფილიყო. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისის დალოვეი – ვულფის რომანის მთავარი გმირი – თუკი მას თანამედროვე ამერიკის კონტექსტში ჩავსვამდით. მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო.
    სალომე ასათიანი: ანუ, სამის ნაცვლად თავიდან მხოლოდ ერთ ამბავს წერდით.
    კინოფილმ “საათების” სარეკლამო პლაკატი.

    მაიკლ კანინგემი: დიახ, ერთ ამბავს. შემდეგ ამას მეორე დაემატა, თავად ვირჯინია ვულფზე – თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ ესეც არ იყო საკმარისი. წერის პროცესში მესამე ამბავიც გამოიკვეთა – ქალზე, რომელსაც ლორა ბრაუნი ჰქვია და რომელიც “მისის დალოვეის” კითხულობს. და აი ამ მომენტში უკვე დამაკმაყოფილა მონახაზმა – ვგრძნობდი, რომ ამ რომანის დაწერას შევძლებდი. წიგნში გაჩნდა ვირჯინია ვულფი – მწერალი; კლარისა დალოვეი – პერსონაჟი და ლორა ბრაუნი – მკითხველი. სრულყოფილი ტრიუმვირატი შედგა – და წერასაც შევუდექი.
    სალომე ასათიანი: “საათების” ეკრანიზაციაზე რა აზრის ხართ?
    მაიკლ კანინგემი: ფილმი ძალიან მომეწონა. ალბათ ძალიან ცოტა მწერალს შორის ვარ, რომლებიც თავიანთი რომანის ეკრანიზაციაზე პოზიტიურად საუბრობენ. მაგრამ, ჩემი აზრით, მართლა მშვენიერი ფილმი გადაიღეს.
    სალომე ასათიანი: თუმცა, ამავდროულად თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ფილმის პერსონაჟები ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენს წარმოსახვაში არსებული გმირებისგან.
    მაიკლ კანინგემი: რასაკვირველია. ეს შეუძლებელიც იქნებოდა – ვირჯინია ვულფის პერსონაჟზე წერისას ნიკოლ კიდმანი ნამდვილად არ მყავდა წარმოდგენილი. არც მერილ სტრიპზე ვფიქრობდი მაშინ, როცა კლარისა დალოვეიზე ვწერდი. მაგრამ შენს მიერ გამოგონილ პერსონაჟებად ამ მასშტაბის მსახიობების ხილვა მართლა საოცარი გრძნობაა. ამდენი წელი გავიდა და ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა.
    სალომე ასათიანი: რომანის კითხვისას მის პერსონაჟებს ყველა წარმოვიდგენთ ხოლმე – და ამას ყველა სხვადასხვანაირად ვაკეთებთ.
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ნამდვილად ასეა.
    სალომე ასათიანი: მაგრამ, როცა ფილმი გამოდის ეკრანებზე – განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის, ჰოლივუდის ნაწარმი – ეს იერსახეები ყველასთვის ერთი, უცვლელი ხდება. თქვენს პერსონაჟებს ახლა ყველა ნიკოლ კიდმანის, მერილ სტრიპის და ჯულიან მურის მიერ განსახიერებულად წარმოიდგენს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ზღუდავს წიგნის აღქმის პროცესს?
    მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ეკრანიზაციის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. კლარისა დალოვეის როლში მერილის ნახვის შემდეგ კლარისას შენს ვერსიას ვეღარ წარმოიდგენ. ამიტომაც, როცა რომელიმე ეკრანიზაციის ნახვას გადავწყვეტ, მანამდე ყოველთვის ვცდილობ რომანი წავიკითხო ხოლმე. ამას ყველას ვურჩევდი, თუ შესაძლებლობა გაქვთ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია – მერილ სტრიპის წარმოდგენაც არ არის ურიგო საქმე. [ბევრი რომანის პერსონაჟებს] ამაზე ბევრად უფრო ცუდი ბედი ერგო.
    სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშზე ერთგვარი კომენტარის გაკეთება მისი უბრალოდ სხვა ეპოქაში გადატანით? “საათების” შედეგად “მისის დალოვეი” უფრო აქტუალური გახდა ჩვენს დროში?
    მაიკლ კანინგემი: ის ნამდვილად უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ფილმ “საათების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ “მისის დალოვეი” ბესტსელერების სიაში მოხვდა, ხალხი მას გაგიჟებით ყიდულობდა. ამან უზარმაზარი კმაყოფილება მომგვარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემმა წიგნმა “მისის დალოვეის” ხელახალი გააზრების თვალსაზრისით ვერაფერი გააკეთა, მან ეს რომანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნამდვილად დააბრუნა. ეს კი, ჩემთვის “საათების” დაწერის ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი იყო.
    სალომე ასათიანი: გენდერის და ქალი პერსონაჟების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში კომპლექსური ქალი-პერსონაჟები იშვიათობას წარმოადგენს. პროზა ყოველთვის კაცების პრეროგატივა იყო – უმეტესად სწორედ ისინი იყვნენ ავტორები და, როგორც ბევრი ფემინისტი აღნიშნავს, ამიტომ ქალებს ძალიან შეზღუდული, ერთგანზომილებიანი პერსონაჟები ერგოთ ისტორიულად – ქალწული ან მეძავი; ცოლი ან “femme fatale”. რასაკვირველია, არსებობს რომანები – “საათები” ერთ-ერთი ასეთია – რომლებიც ასეთ შეზღუდვებს არღვევს და ქალ-პერსონაჟებს მრავალგანზომილებიან, რთულ ინდივიდებად სახავს, ემოციური ცხოვრების მთელი კომპლექსურობით. მინდა გკითხოთ, წერის დროს – კონკრეტულად “საათებს” როცა წერდით – თუ ითვალისწინებდით ამ სირთულეს.
    მაიკლ კანინგემი: დიახ. მე კაცი ვარ – და ყოველთვის, როცა შენი უშუალო გამოცდილების გარეთ გადიხარ, სარისკო ნაბიჯს დგამ. მაგრამ მე მომწონს ქალები. ეს შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს – თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრ კაც მწერალს, ვის რომანებსაც ვკითხულობ, ქალები დიდად არ მოსწონს და არ აინტერესებს. მე მომწონს ქალები და საოცრად მაინტერესებს ისინი. ამ რომანის ქალ პერსონაჟებზე როცა ვფიქრობდი და ვწერდი, კიდევ უფრო აშკარად დავინახე, რომ, მართალია, სქესებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, ფუნდამენტურ დონეზე სხვაობა მაინც არ არის დიდი.
    სალომე ასათიანი: და რომანს ამის გამოხატვა შეუძლია?
    ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.

    მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ჩვენს სულებს სქესი არა აქვთ. რომანს კი შეუძლია ადამიანში ისეთ სიღრმეებს ჩაწვდეს, რომ სწორედ მისი სული დაგვანახოს.
    სალომე ასათიანი: განსხვავებულ საკითხზე მინდა გკითხოთ – დღეს ბევრი საუბრობს შემოქმედებითობის, თუ დიდი იდეების კრიზისზე, რომელსაც ხშირად ხელოვნების კომერციალიზაციით ხსნიან – იმით, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს მდიდარი ადამიანები განაგებენ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი? იქნებ საქმე უფრო ზოგად მდგომარეობასთან გვაქვს, რომელშიც დღეს დასავლეთი იმყოფება. რატომ არის, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იწერებოდა უდიდესი მნიშვნელობის რომანები, იქმნებოდა ახალი კინოენა, ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობები – ახლა კი ყოველივე ეს ძალიან იშვიათი გახდა? ამ კითხვის პასუხად ბევრს ზოგადი ვითარება მოჰყავს – ერთგვარი პოსტ-პოსტმოდერნული მდგომარეობა, გაურკვეველი, ბუნდოვანი ეტაპი. პოსტმოდერნისტებმა ბევრი იქილიკეს მნიშვნელოვან იდეებზე, „გრანდ-ნარატივებზე“, კლასიკურ ტექსტებზე თუ განმანათლებლობის იდეალებზე – ახლა კი წინსვლისთვის, სიახლისთვის აღარც საშუალება დარჩა და აღარც ენა.
    მაიკლ კანინგემი: ჩემი ვარაუდით, წარსულშიც ბევრი თაობა მიიჩნევდა, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და წინსვლისთვის საშუალება აღარ არსებობდა – მანამ, სანამ რომელიმე გასხივოსნებული გენიოსი გამოჩნდებოდა და დაამტკიცებდა, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიოს ჯერ კიდევ შემორჩა მწერლების აღიარების უნარი – ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ჯონათან ფრენზენის რომან “თავისუფლებას” – რომელიც, ჩემი აზრით, გაბედული რომანია, და სქელტანიანიც – ახლა მას მთელი ევროპის გარშემო დავატარებ. ვფიქრობ, იმედი ყოველთვის არსებობს. ხელოვნება ყოველთვის ვითარდება – შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით; ზოგჯერ ეს შეიძლება ერთი ან ორი თაობის მანძილზეც არ მოხდეს. ერთხელ დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა ნორმან მეილერთან ერთად. დისკუსიის თემა “რომანის სიკვდილი” იყო. საუბრის ბოლოსკენ ნორმანმა თავისი გაბურძგნილი თავი წამოყო და ხმამაღლა გამოგვიცხადა – რომანი თქვენს გასვენებაში მოვაო. ვფიქრობ, რომ ის მართალი იყო.
    სალომე ასათიანი: მიგაჩნიათ, რომ კვლავ შესაძლებელია, იყო მეამბოხე, შეცვალო დაწესებული ზღვრები, იყო კრიტიკული – მას შემდეგ, როგორი სიმძლავრითაც ეს 1968, 1969 წლებში გაკეთდა?
    მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს რთული მხოლოდ მაშინ იქნებოდა, სრულყოფილ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ. შეხედეთ პოლიტიკურ კლიმატს – ჩვენს მომხმარებლურ კულტურას. იმდენ რამეზე შეიძლება წერა. ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.
    სალომე ასათიანი: და ზოგადად თუ მიგაჩნიათ, რომ მწერალი მეამბოხე უნდა იყოს და კრიტიკულ მუხტს უნდა ატარებდეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოს მიმართ?
    მაიკლ კანინგემი: დიახ. მწერალი თუ არა, აბა სხვა ვინ იქნება ასეთი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გვჭირდება მწერლები.

    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე”

    AUDIO

    კოტე ჯანდიერი წიგნად გამოსაცემს ცოტას წერს და ძალზე იშვიათად. წლები უნდა გავიდეს, რომ მან რაიმე პუბლიკაცია მოამზადოს რომელიმე პერიოდული ლიტერატურული გამოცემისთვის, წიგნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. 14 წლიანი პაუზის შემდეგ ძლივს მოხერხდა კიდევ ერთხელ მისი მოთხრობების თავმოყრა და ცალკე წიგნად დაბეჭდვა. წიგნს “კონკიას ღამე” ჰქვია და იგი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა.
    კარგად მახსოვს 1995 წელს “მერანის” მიერ გამოცემული კოტე ჯანდიერის მოთხრობების კრებულიც. “ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან”, ასე ერქვა წიგნს, რომელიც “არილის” რედაქციაში გვქონდა და 1996 წელს სადღაც გაქრა. წიგნში 5 მოთხრობა შედიოდა, ამ ხუთიდან ოთხი ამ ბოლო კრებულშიცაა გადმობეჭდილი, თუმცა კიდევ 5 ახალი ნაწარმოების დამატებით წიგნი მოცულობითაც შეივსო და შინაარსობრივადაც. წიგნის რედაქტორისთვის, ფილოლოგ ანა ჭაბაშვილის აზრით, ეს გამოცემა მოვლენად უნდა იქცეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის:
    “მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამომცემლობისთვის, და საერთოდ ქართული საზოგადოებისთვის, მოთხრობების ეს კრებული იქნება და არის მოვლენა, თუმცა, სამწუხაროდ, ფართო მკითხველი ნაკლებად იცნობს საერთოდ ამ მწერალს და კერძოდ ამ კრებულს და გული მწყდება ამაზე, რადგან კოტე ჯანდიერი არ არის ისეთი მწერალი, რომელსაც მკითხველი და ფართო საზოგადოება ხშირად ხედავს ხოლმე და იცნობს მას გარეგნულად, განსხვავებით ბევრი მწერლისგან, რომელიც ხშირად ჩნდება ეკრანზე კადრის ქვეშ წარწერით – მწერალი ესა და ეს”.
    ბოლო წლებში კოტე ჯანდიერის სახელი უფრო სერიალებში ჩანდა ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მისი და ნუგზარ შატაიძის სცენარითაა გადაღებული ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი “ცხელი ძაღლი”, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გადიოდა ქართულ სატელევიზიო ეთერში. თუმცა ტელემაყურებელთაგან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იგი შესანიშნავი მოთხრობების ავტორიცაა:
    “80-იანი წლებიდან გამოჩნდა კოტე ჯანდიერი. ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და გარკვეულმა წრემ დაინახა კიდეც იგი, წაიკითხა… შემდეგ უკვე 90-იან წლებში, როდესაც საერთოდ ჭირდა რაიმე წიგნის გამოცემა, გაჭირვებით მოხერხდა ერთი კრებულის დაბეჭდვა, რომელიც პოლიგრაფიულადაც უსახური წიგნია, მაგრამ ავად თუ კარგად გამოვიდა ეს წიგნი და მას მერე კარგა ხანი გავიდა 2009 წლამდე, სანამ ავტორი შეძლებდა თავი მოეყარა თავისი მოთხრობებისთვის, გამოერჩია ისინი და ერთიანი სახე მიეცა ამ წიგნისთვის. სხვათა შორის, აქ ძალიან იმარჯვა გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორმა თამარ ლებანიძემ, ვინაც დიდი ძალდატანებით მოატანინა კოტე ჯანდიერს თავისი მოთხრობები”.
    კრებული საინტერესოდაა აგებული, მას ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ ესე უძღვის წინ. კოტე ჯანდიერი ამ ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან და პლატონის ფედროსიდან დაწყებული – “ვეფხისტყაოსნით” დამთავრებული, თუმცა აქ თავად მწერალიც მოჩანს, კარგი ზეპირმეტყველი, რომელიც იშვიათად წერს პროზას.
    კრებული ძალზე მრავალფეროვანია, ჟანრულადაც და ფორმის თვალსაზრისითაც. ზემოხსენებულ ესეს მოსდევს მოთხრობა “მაყვლოვანი”, რომელიც შეგვიძლია პოსტმოდერნულ კანონშიც მოვათავსოთ, სადაც საუბარია რომელიღაც უძველეს ლათინურ ხელნაწერზე, რომელიც საბოლოოდ კიდევ ერთი ლიტერატურული უცნაურობა აღმოჩნდება, ერთგვარი ბორხესული მისტიფიკაცია. გარდა ამისა აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის საუკეთესო ნიმუში “საოჯახო ქრონიკა”, მოთხრობები, “დაპატიჟება კინოში”, “მატარებლები გვირაბში შედიან” და სხვ. ანა ჭაბაშვილისთვის ამგვარად დალაგებული კრებული თვალსაჩინოს ხდის მწერლის მიერ განვლილ გზასაც:
    “კოტე ჯანდიერი, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება ღირსია იმისა, რომ ქართველ მკიითხველს, და სხვათა შორის, არა მარტო ქართველ მკითხველს, სულ ცოტა წაკითხული ჰქონდეს მისი მოთხრობები და უყვარდეს ისინი. მაგალითად მე, როცა საბოლოო, ერთიანი სახით ვნახე ეს კრებული, ამ წიგნმა ჩემს ხელში გაიარა, ძალიან შემიყვარდა კოტე ჯანდიერი როგორც პიროვნება და როგორც მწერალი. როცა ასე დალაგებულს წაიკითხავს ადამიანი ამ წიგნს, ძალიან თვალსაჩინოა ამ მწერლის ზრდა, როგორც ასაკობრივი, ისე, როგორც მწერლისა და ყველაფრის გვირგვინია მოთხრობა გლობალიზაცია, რომელიც აბოლოვებს ამ კრებულს”.
    მოთხრობა “გლობალიზაცია” პირველად 2005 წელს, ჟურნალ “არილის” ერთ-ერთ ბოლო ნომერში დავბეჭდეთ. მახსოვს, ის ნომერი ძალიან კარგად გაიყიდა, მკითხველები ალბათ არც ელოდნენ კოტესგან ასეთი მოცულობის ნაწარმოებს, ამბავი, რომელიც თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა მოთხრობილი, მაგრამ მწერლის უდიდესი ოსტატობისა და გამოცდილების კვალიც ამჩნევია:
    “რაც შეეხება ბოლო მოთხრობას, გლობალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ მწერალმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. რა თქმა უნდა, კოტე კიდევ დაწერს რამეს, ბუნებრივია ეს მისი ბოლო მოთხრობა არ არის, მაგრამ აქ ის მთლიანად ჩამოყალიბებულია როგორც მწერალი და ეს მოთხრობა ღირსია იმისა, რომ იგი არამარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო მკითხველმაც გაიცნოს. ძალიან გვინდა, გამოვიდეს რომელიმე უცხო ენაზე, რადგან იგი მსოფლიო მასშტაბის ნაწარმოებია და ჩემი აზრით, მომავალში სახელმძღვანელოების ავტორებმა ეს მოთხრობა უნდა შეიტანონ ქრესტომათიაში. ბავშვმა ეს უნდა ისწავლოს, უნდა იცოდეს და ბევრი რამ დაინახოს ამ მოთხრობაში”.
    სანამ წიგნად გამოიცემოდა, “გლობალიზაცია” ხელიდან ხელში გადადიოდა. 2005 წლის “არილის” 7-8-ე ნომერი ერთ-ერთი ბოლო იყო. ამის შემდეგ ჟურნალი აღარ გამოსულა, სამაგიეროდ იმ ნომერმა მთელი ქვეყანა მოიარა და ბევრი, ვის ხელშიც ვერ მოხვდა ეს ნომერი, ელექტრონული ფოსტით მიკავშირდებოდნენ და მოთხრობის გადაგზავნას მთხოვდნენ. ასერომ, დღეს კოტე ჯანდიერის ეს მოთხრობა რამდენიმე ადამიანს ელექტრონულადაც აქვს შენახული კომპიუტერში, თუმცა ვფიქრობ ვერანაირი ელექტრონული ვერსია და პედეეფი ვერ შეედრება წიგნს, რომელსაც ზოგიერთი მრავალი წლის მანძილზე ელოდა.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი”

    AUDIO
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ლაშა ბუღაძის ახალი რომანი, “ლიტერატურული ექსპრესი” გამოსცა. რომანის ფაბულა მარტივია, 100 ევროპელ მწერალს ორგანიზატორები მატარებელში უყრიან თავს და ერთი თვის განმავლობაში ევროპაში ამოგზაურებენ. მთხრობელი 28 წლის ქართველი მწერალია, რომელიც ერთთვიანი თავგადასავლის გარდა ბევრ სხვა რამესაც გვიამბობს.

    ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი ლიტერატურაზეა. თანამედროვე ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ აბსურდებზე, ამბიციებზე, მწერლურ ვნებებზე, სიბრიყვეებსა და შეცდომებზე. რომანის ფაბულა მარტივია, 100 ევროპელ მწერალს ორგანიზატორები მატარებელში უყრიან თავს და ერთი თვის განმავლობაში ევროპაში ამოგზაურებენ. მწერლები ხან ლისაბონში ჩერდებიან, ხან მადრიდში, ხანაც პარიზსა თუ ფრანკფურტში. გზადაგზა კი იმართება სემინარები, კითხვები, დაჯილდოებები და ლამის ორგიებიც კი. ლაშა ბუღაძემ რამდენიმე წლის წინ თავად მიიღო მონაწილეობა ასეთ სემინარში და ეს “ლიტერატურული ექსპრესი” მეოთხე რომანის მთავარ თემად აქცია:
    “მე თვითონ ვიყავი აკა მორჩილაძესთან და ლაშა ბაქრაძესთან ერთად ასეთი ტიპის სემინარზე. ისიც მოძრავი სემინარი იყო, და ჩვენც, ისევე, როგორც ჩემი წიგნის პერსონაჟებმა, მატარებლით შემოვიარეთ ნახევარი ევროპა, თუმცა, ცხადია, ეს რომანი ჩვენზე არ არის, არამედ უბრალოდ ფაბულად გამოვიყენე.”
    ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი რამის გაგებას ახერხებს მთხრობელი, ახალგაზრდა ქართველი მწერალი. ხოლო პირველი შოკი, რომელსაც 28 წლის პროზაიკოსი განიცდის, ლიტერატურული სტერეოტიპებია. როგორც აღმოჩნდება, ევროპაშიც ძალიან ბევრი თამაშობს მწერლობანას, იქაც შეუძლიათ ერთ წამში “გამწერლდნენ” და შემდეგ დიდხანს ვერ გამოვიდნენ ამ როლიდან. ლაშა ბუღაძის აზრით, ასეთი ლიტერატურული თავყრილობები ძალზე საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა დაკვირვებისთვის:
    “თავისთავად, მემგონი ძალიან კარგ შესაძლებლობას გაძლევს დააკვირდე, ჯერ ერთი შენნაირი ტიპის მწერლებს, ამ შემთხვევაში რაღაც ლიტერატურულ მსგავსებას არ ვგულისხმობ, არამედ თანაბარ შესაძლებლობებს, ამბიციების თვალსაზრისით, სახელის თვალსაზრისით და ა.შ. აკვირდები თითქმის 100 კაცს, უფრო მეტსაც და ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ, ძალიანაც არ განსხვავდებით ერთმანეთისგან სწორედ ამ პრეტენზიებით და ამ ამბიციებით”.
    ეს ამბიციები იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან სექსუალურ ვნებასაც კი აცხრობს. ესაა წერის ვირუსი, ლიტერატურული ჟინი, როცა მწერალი “რომანტიკულ-პროფესიულ-სულიერი კომფორტის ფიქსაციას ცდილობს”, როცა რაღაც უსაგნო ტკბობა ქმნის ტექსტს და არა მოთხოვნილება:
    “მე მქონდა აბსურდულობის შეგრძნება. თუკი რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ასეთი ტიპის სემინარები მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ მხოლოდ ჩატარდეს. როგორც წესი, ეს ასეა, რადგან რამდენ ასეთ სემინარზეც არ ვყოფილვარ, ყოველთვის მიჩნდება იმის განცდა, რომ “და რა ამის შემდეგ?” “შემდეგ რა ვქნათ?”, იმიტომ, რომ ასეთ შეხვედრებზე ძირითადად თავს იყრიან მწერლები, ისევე როგორც ამ რომანში. ანუ აქ არიან მხოლოდ მწერლები, რომლებიც ეძებენ მკითხველს და მკითხველს ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ პოულობენ თავიანთ ტყუპისცალს, რადგან ამ მატარებელში ჰიპოტეტიური მკითხველიც კი მწერალია და ასეთი ტიპის სემინარებზე, როგორც წესი, მხოლოდ მწერლები მონაწილეობენ. და ეს აბსურდი ზღვარს აღწევს სიტუაციაში, როცა მწერლები მშობლიურ ენაზე უკითხავენ ერთმანეთს ტექსტებს”.
    ასეთ ვიტარებაში მეც მოვხვედრილვარ, როცა რაღაც განსაკუთრებული კონცეფციით ამართლებენ ერთმანეთისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ტექსტების კითხვას: “ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო და ბევრ ასეთ სემინარზე ხდება, თითქოსდა, მოდით მოვისმინოთ ამათუიმ მწერლის მშობლიური ენა. ეს აბსურდია, რადგან ცხადია არაფერი არ გესმის. როგორ შეიძლება გაიგოს, ვთქვათ ნორვეგიელმა, თუკი ის ქართველოლოგი არ არის, ქართული ენა?! ამ დროს ჩვენ რაღაც რიტუალს ვასრულებთ, ეს არის საკმაოდ დამღლელი რიტუალი და საკმაოდ დამთრგუნველიც, თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე”.
    რომანი სასაცილოც არის და სევდიანიც, ბლომადაა სასიყვარულო სცენები, ხანდახან სენტიმენტალური და წირპლებიანი, ხანაც მუშა-ფიზკულტურული, ხმაურიანი ორგაზმებითა და ტუალეტში მიმწყვდევებით. თუ არ ვცდები, ეს ლაშა ბუღაძის მიერ პირველ პირში დაწერილი პირველი რომანია. მემგონი აქამდეც უნდა ეცადა ავტორს ასე წერა, ამგვარი მთხრობელები მხოლოდ აფართოვებენ თანამედროვე ენის საზღვრებს. წიგნში ძალიან ბევრი ჟარგონია, ზოგჯერ ძალიან სასაცილო, ხშირია იდიოლექტები, კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვის ან ადამიანებისთვის დამახასიათებელი მეტყველება. ძალიან საინტერესოა მონაკვეთი, სადაც სატელეფონო მესიჯების ორთოგრაფიაზეა საუბარი.
    რომანში სალაღობო-ესეისტური ჩანართებიც არის. მაგალითად, მთელი პასაჟი ეძღვნება ზღვას ქართულ ლიტერატურაში, წიგნში 2 გვერდიან ნარკვევსაც გადაეყრებით იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც ქართველი მწერალი აწყდება ეროტიული სცენის აღწერისას, ბევრია საუბარი ქართველ მკითხველზე, რომლების “ომებში გავწყდით”, ფეთიანი ქართველი მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ძირითად ფობიაზე – სიახლის შიშზე და ა.შ. ეს სიახლის შიში ყველაზე სავალალოდ სწორედ მწერლობაზე აისახება:
    “ჩვენი ლიტერატურული გეოგრაფია ძალიან მცირეა და თავისთავად, ამ მწერლებსაც, ჩემი წიგნის პერსონაჟებსაც ეს პრობლემა აქვთ. ისინი რთულად გადიან, მათ კომპლექსი აქვთ, რომ მათი ამბები არ იქნება საინტერესო კავკასიის ქედის მიღმა. არათუ კავკასიის ქედის, არამედ მათი ბინებიდანაც და სამეგობრო წრიდან გასვლაც ძალიან რთულია ხოლმე, იმიტომ, რომ ეს სიუჟეტები დაბადებისთანავე თითქოსდა სიკვდილისთვისაა განწირული და რეალურად მკითხველი არ არსებობს”.
    არ ვიცი რამდენად მოიზიდავს ეს მკითხველს, მაგრამ რომანში კიდევ ერთი საინტერესო ხერხია გამოყენებული. მთხრობელის ძირითად, ჩარჩო-ამბავს ყოველ თავში ტიხრავს ლიტერატურული ექსპრესის რომელიმე მონაწილის მშობლიურ ენაზე დაწერილი პირადი წერილი, დღიური, ან ჩანახატი, რომელსაც იქვე ქართული თარგმანიც ახლავს. უფრო სწორად, ლაშა ბუღაძის მიერ დაწერილ ამ ტექსტებს გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა და თავად ავტორმა მოუძებნეს ლიტვურ, ჩეხურ, ჩეჩნურ, რუსულ, ბერძნულ, ხორვატულ, ფრანგულ, გერმანულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე მთარგმნელები. როგორც იტყვიან, მაგარი ნამუშევარია, შეიძლება ითქვას, ნაწვალებიც კი, რაც მემგონი აუცილებლად უნდა დავაფასოთ.
    ამგვარი მრავალენოვანება უკვე სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა თავად ლაშა ბუღაძეს თუკი დავუჯერებთ, ენობრივი განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ქვეყნის მწერალს თანაბარი პრობლემები აქვთ: “ამ შემთხვევაში ურთიერთვერგაცნობისა და გაცნობის ამბავია ამ რომანში აღწერილი, რადგან ბულგარელ მწერალსაც ეს პრობლემა აქვს, ლიტველ მწერალსაც და ესტონელსაც. ასე რომ, ჩვენ თანაბარი პრობლემები გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიოგრაფიებიც აბსოლუტურად იდენტურია და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ შევაღწიოთ ერთმანეთის ბიოგრაფიებში ჩვენი ლიტერატურით”.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – დაბრუნება “ბოჰემასთან”

    AUDIO

    გამომცემლობა “სიესტამ” წლის დასაწყიში იოსებ გრიშაშვილის “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” გამოსცა. წიგნი აქამდეც არაერთხელ გამოცემულა, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია, რადგან 1928 წლის გამოცემის სრულ ასლს წარმოადგენს, წიგნისა, რომელიც უკვე კარგა ხანია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა.

    იოსებ გრიშაშვილს ერთხელ უნატრია, იქნებ ვინმე პოეტმა “ჩვენი მხარე სწორი ფერებით შეანაზუქოსო” და შემდეგ ამ ნატვრის აღსრულებისთვის თავადვე მოუკიდია ხელი. როგორც იოსებ გრიშაშვილის მემკვიდრე, მისი სახლ-მუზეუმის მასპინძელი, ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს (და ამას პოეტი თავადაც აღნიშნავდა წიგნში), “ბოჰემის” დაწერის იდეა საათნავას წიგნზე მუშაობისას გასჩენია პირველად:
    “როცა საიათნოვაზე ვმუშაობდი, XVIII საუკუნის შესახებ ბევრი მასალა მოვიძიე არქივებში და წიგნსაცავებშიო, რამაც მომცა ბიძგი, რომ ძველ თბილისზე დამეწერა წიგნიო. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო მასალა ვნახე XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისზეო. ბევრი მასალა მოიძია: ეთნოგრაფიული, ლიტერატურული, სტატისტიკური, ეს ყველაფერი გააერთიანა და გამოსცა უნიკალური ნაშრომი, რომელიც ყველასთვის, ვისაც ძველი თბილისი უყვარს, სამაგიდო წიგნად იქცა”.
    წერა თბილისში დაუწყია 1926 წელს და რამდენიმე თვის შემდეგ წაღვერში დაუსრულებია შრომა, როგორც ჩანს ტფილისს გარიდებია. თუმცა კი თბილისურ ენას ვერსად გაექცა, ანდა სად გაექცეოდა, როცა წიგნის უმთავრესი თავები სწორედ ჩვენი ქალაქის ენასა და მეტყველებას მიუძღვნა. მისი თქმით, “თბილისმა ფრთხილად მოანარუქა სხვადასხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი და მზეოსნობა”, თუმცა კინტოს უდიერ და უასაკო სიტყვებს პოეტი ვერ იტანს და დასძენს, “მაგალითები ნუ გვინდა!”-ო.
    ტფილისური ენის გარდა წიგნში შესანიშნავი თავებია მიძღვნილი ყეენობისადმი და კრივისადმი. ყეენობა მასიური, გრანდიოზული ტფილისური გასართობი იყო, საერთო-სახალხო დღესასწაული, სადაც ქალაქი ორად განიყოფოდა ხოლმე. ერთ მხარეს აღმოჩნდებოდნენ ავლაბრელები, ჩუღურეთელები და გარეთუბნელები (ანუ კუკიელები), რომელთაც თავადები, ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი და ჯორჯაძე მფარველობდა. მეორე მხარეს კი ვერელები და სოლოლაკელები თავიანთი მუხრან-ბატონით, ორბელიანით, ბარათაშვილითა და ერისთავით. ავტორს გაზეთ “კვალში” აღწერილი მაგალითი მოჰყავს, სადაც ერმოლოვს ვერა-სოლოლაკელების მხარე დაუჭერია. კრივისას კი, რომელსაც აქვსენტი ცაგარელი თურმე მუშტის ქუხილს უწოდებდა, იოსებ გრიშაშვილი რამდენიმე კატეგორიას გამოჰყოფდა: მუშტის კრივი, ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით) და სალდასტი (ქვის კრივი). ზოგიერთი მოკრივესთვის ხალხს თურმე სახელებიც შეურქმევია: “ქარაფქანდოღა” (კლდის დამაქცევარი), დნგრ სოლომონა (ცხენის ნალს ხელითა ჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა თურმე), ქაჩალ სტეფანე (ერთხელ აგური დასცემია და უთქვამს, “ვინ ოხერია, რომ მეკენჭავებაო!”).
    მაგრამ ძირითადი ნაწილი წიგნისა მაინც ბოჰემაზეა, ბოჰემა კი პირველ რიგში ხომ ლიტერატურასთან და ლექსთან, ხშირად მთვრალ ლექსთან ასოცირდება ხოლმე:
    “მის საარქივო მასალებში ასეთ ლექსს წავაწყდი, რომელიც “ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემას ეძღვნება”. ეს ლექსი მას არსად არ დაუბეჭდავს, უბრალოდ, შავ ქაღალდებში იყო მოქცეული:

    ამ ჩემს ბოჰემას, – არ ვტრაბახობ – სხვა ვერ დასწერდა,
    ვერც პოეტი და მით უმეტეს ვერც თვით მკვლევარი,
    ვინც ამას დასწერს, უნდა იყოს ორივე ერთად,
    პოეტ-მკვლევარი – ძველ დროების შემაქცევარი

    1942 წლის 2 იანვარს დაუწერია ეს ლექსი”.
    წიგნში აუარება მოიპოვება უცები და მოსწრებული თბილისური კაფიები და ისეთებიც, საკუთარი “გულის ბუხრის გასანელებლად რომ მღეროდნენ”. მარტო წიგნის სათაურები რად ღირს: “ჯიგი-ჯიგი, ვახე-ვახე და სხვა ახალ-ნახალი სიმღერები, ამის პლასტინკა გრამაფონში ნახე”, “ქართული კლუბის ლოტოს ამბავი”, “კინტო საქულას შიქასტა და ბაიათები”, “დარდანელის გახსნა და თავისუფლად მოკავშირეთ გემების მიმოსვლა ყოველ მხარეს”, “ლექსი დანით მოკლულ პოღოსა მათუზოვზე”, “შენი გულისთვის შემწვარ ქათამს შევჭამ” და ა.შ. დიდად პოპულარული იყო “ყარამანიანი”, რომლის შესახებაც ანტონ ფურცელაძე ამბობდა, “დანჯღრეულ და გალაღებულ ოცნების სიზმარს” ჰგავსო. იყო კიდევ ერთიც, ვინმე ლუკა თათეიშვილი, ვისაც შოთასებური ლექსით უზარმაზარი პოემა დაუწერია სახელად “სიყვარული”, რომელსაც ხალხი “გოჭისტყაოსანს” უწოდებდა.
    „ბოჰემა“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – “თბილისისათვის”, “საქართველოს გული”, “ქალაქის ენა”, “ყეენობა”, “კრივი”, “ამქრობა”, “მზითევი”, “აბანო”, “აშუღები დღეობებში”, “გივიშვილი და სკანდარნოვა”, “იეთიმ გურჯი” – და ყოველი მათგანი გარკვეული მითის განმარტებას თუ პირიქით, ლეგენდის კიდევ უფრო გაბუნდოვანებას ემსახურება. წიგნში ერთი თავია, “ძველი თბილისის ბიბლიოთეკა”. ჩვენს გადაცემასაც ხომ ბიბლიოთეკა ჰქვია? იოსებ გრიშაშვილიც ხო განთქმული იყო თავის ბიბლიოთეკით? ჰოდა ამიტომაც, ბატონ ნოდარ გრიგორაშვილს პოეტის სახელოვანი ბიბლიოთეკის შესახებაც ვკითხეთ: “გრიშაშვილი და წიგნები ძალიან ვრცელი თემაა, ამაზე შეიძლება საათობით ისაუბროს კაცმა. ბავშვობიდან მოყოლებული წიგნის სიყვარული ახასიათებდა და შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო წიგნების შეგროვება, გიმნაზიიდან რომ გარიცხეს უსახსრობის გამო. პატარ-პატარა წიგნებს აგროვებდა, რომელსაც “სემიჩკებს” ეძახდა, ძირითადად კი აინტერესებდა რაც დაწერილი იყო კავკასიაზე, საქართველოზე, თბილისზე. არამარტო წიგნებს, არამედ რაც იყო დაბეჭდილი ქართულ, უცხოურ, რუსულ პრესაში და უამრავ ასეთ მასალას, წიგნებს მოუყარა თავი. წიგნებს წარწერებიც აქვს, ამა და ამ ადგილას საუბარია საქართველოზე, აქ კი კავკასიაზეა და ა.შ. ეს ადგილები ყველა მონიშნული ჰქონდა. ამოუწურავი ცნობები შეაგროვა კავკასიაზე, სხვადასხვა მოგზაურების და ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი”.
    ამ წიგნში კი, „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ მთელი ქალაქია თავმოყრილი, ქალაქი, რომელიც ზოგისთვის, როგორც მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის, უსარგებლო იყო გულისა და გონებისთვის, სხვები კი მასზე ოდებს თხზავდნენ.

    © tavisupleba.org