• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ლიტერატურის თეორია ქართულად

    AUDIO

    90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ახალი ცნებები გაჩნდა და ქართველმა მწერლებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა ახალ სააზროვნო ნაკადებში დაინახეს საკუთარი თავი. ბევრი ხუმრობდა კიდეც მათზე, ვინც ზედმეტად ხშირად ახსენებდა ხოლმე პოსტმოდერნს, დისკურსს, პოსტსტრუქტურალიზმს, დეკონსტრუქციას, დერიდასა თუ ფუკოს. მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოსული თუ შორიდან ჩამობრუნებული გამობრძმედილი ქართველი პოლიტიკოსები ზედიზედ გვხვევდნენ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, ლიტერატურათმცოდნეების ახალი თაობა ძველ და ახალ ლიტერატურის თეორიის ცნებებს ითავისებდნენ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანების დასაწყისში პირველად დაიწყო თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი გამოცდილების გაზიარება. არადა მაშინ თანამედროვედ აღიქმებოდა მთელი II მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდი.
    ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, ვის უმთავრეს საქმიანობადაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის თეორიის მსოფლიო კონტექსტთან მიახლოება იქცა, სწორედ ამ პერიოდს იხსენებს, როგორც იდეოლოგიური კლიშეებიდან თავის დაღწევის მცდელობას:
    “ლიტერატურის თეორია, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჰუმანიტარული აზროვნებისა, იყო საკმაოდ იდეოლოგიზებული საბჭოთა პერიოდში. ეს იდეოლოგიური მანქანა მოქმედებდა გამიზნულად და შესაბამისად, სახელმძღვანელოები, რომლებიც ამ მიმართულებით იბეჭდებოდა, იყო მუდმივად გამსჭვალული იმ იდეოლოგიური კლიშეებით, რომელიც ძალიან არასწორ ზეგავლენას ახდენდა იმ ადამიანებზე, რომლებიც კითხულობდნენ ამ წიგნებს”.
    რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში საკმაოდ საინტერესო მცდელობები ჰქონდა რამდენიმე ქართველ ლიტერატურათმცოდნეს, თუმცა ლიტერატურის თეორიის, როგორც ასეთის, არსებობა წარმოუდგენელი იყო მაშინდელ საქართველოში. სამწუხაროდ, ის რაც 60-იან წლებში ხდებოდა საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ხოლო საბჭოთა კავშირში ტარტუსა და მოსკოვში, ჩვენს ქვეყანაში არანაირად არ აისახებოდა, სამაგიეროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავს აღწევდნენ ხოლმე იდეოლოგიურ ზეწოლებს:
    “მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ყველაზე ვრცელდებოდა. იყო იმ პერიოდში ხალხი, ვინც ახერხებდა ლავირებას, მაგრამ ძალიან მცირე იყო მათი რიცხვი და შესაბამისად, ისინი საერთო ფონზე ჩანდნენ როგორც არასასურველი გამონაკლისები ხელისუფლებისათვის. ცხადია ვალდებული ვარ დავასახელო ეს ხალხი: გერონტი ქიქოძე, აკაკი გაწერელია, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე… ეს ის ხალხია, რომლებიც ქმნიდნენ განსხვავებულ სურათს.”
    როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გარკვეულწილად შეიცვალა სურათი 90-იანებიდან მოყოლებული და ირმა რატიანის აზრით, ქართველი ლიტერატურათმცოდნეების მცდელობები საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა:
    “90-იანი წლების მიწურულიდან, მაშინ, როდესაც საქართველო, ისევე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნები, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი ნიშანი ამ დამოუკიდებლობისა, უნდა ყოფილიყო მცდელობა გამოსვლისა იმ ზომბირებული მდგომარეობიდან, რომელსაც ერქვა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. და ლიტერატურის თეორიის სფეროზეც ეს საკმაოდ საინტერესოდ აისახა, დაიწყო დაძლევა იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპაში ამ დროისთვის ძალიან მაღალი იყო, და ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მცდელობა, რომ დაწეოდა ამ პროცესებს, აეთვისებინა და გაეანალიზებინა, მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა”.
    ჩემი აზრით, განსაკუთრებით წარმატებული ახალი საუკუნე გამოდგა, ამ დროს გამოიცა რამდენიმე ძალიან საინტერესო კრებული, ალმანახი თუ წიგნი. “ლიტერატურის ინსტიტუტის” წვლილი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი იყო, როგორც ხარისხით, ასევე პერიოდულობითა თუ თანმიმდევრულობით. პირველ რიგში ესაა “სჯანი”, აღდგენილი ჟურნალი “კრიტიკა”, კრებული “ლიტერატურის თეორია”, რომელიც ბოლო 4 წლის მანძილზე ორჯერ გამოიცა, დაიწყო ახალი სერიის გამოცემა: “ლიტერატურათმცოდნეობითი რვეულები”, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიბეჭდა “ჟანრის თეორია”, “მეტაფორა”, “ლირიკული ჟანრები”, სულ მალე კი გამოქვეყნდება წიგნებად “კომპოზიცია” და “თხრობის თეორია”, გამოვიდა “ლიტერატურის თეორიის ანთოლოგიის” პირველი ტომი, რომელსაც სულ მალე მეორე და მესამეც უნდა მოჰყვეს.
    ამ პირველი წარმატებების მიუხედავად, ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება ამ თეორიების მორგება ქართულ ლიტერატურაზე და სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ჭრილში ქართული ტექსტების ანალიზი:
    “ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ერთი რამ. ლიტერატურის თეორია არ შეიძლება იყოს გააზრებული როგორც რაღაც აბსტრაქტული სფერო, ვინაიდან თეორია ყოველთვის იქმნება იმისათვის, რომ გაამართლოს პრაქტიკა, ან პირიქით, ამიტომ, როცა ჩვენ გვაქვს თეორიული წიგნები, სრულიად ცხადია, რომ შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის ამ მეთოდოლოგიების ჭრილში ქართული ტექსტების ანალიზი. განა არ გვაინტერესებს არაქართული ტექსტების ანალიზი, რასაკვირველია, სხვანაირად წარმოუდგენელიც კია კომპარატივისტიკა, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობა, მაგრამ ქართული ლიტერატურა იმდენად არის მოკლებული ამ პრივილეგიას, რომ იყოს განხილული თანამედროვე მეთოდოლოგიების ჭრილში, რომ სურვილი ამის, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგებისაც, ძალიან დიდია”.
    თეორიით ახალგაზრდებიც ინტერესდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტშიც და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტშიც უკვე კითხულობენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს გარკვეულ თეორიულ ჭრილში: “ინტერესი სტუდენტების, ახალგაზრდების, ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისადმი არის ძალიან მაღალი. ამას ადასტურებს პირველ რიგში საკმაოდ პოპულარული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ესაა სადოქტორო პროგრამა, სადაც საკმაოდაა ნიჭიერი დოქტორანტები და შეიქმნა ასევე სპეციალური წრე, სტუდენტური ლიტერატურის თეორიის, სადაც იზრდებიან ახალგაზრდები და ეს იმის მანიშნებელია, რომ დარგი საინტერესო პერსპექტივებს დასახავს მომავალშიც”.
    მომავალი დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ლიტერატურის თეორიისთვის საქართველოში, რადგან იგი სწორედ ახლა იდგამს და ქართული ენათმეცნიერებისგან თუ არქეოლოგიისგან განსხვავებით, სადაც უდიდესი ტრადიციები არსებობდა, ლიტერატურის თეორეტიკოსებს ყველაფერი წინა გვაქვს. შედარებით ლიტერატურატურათმცოდნეობაში, ლექსმცოდნეობაში, ისტორიულ პოეტიკაში თუ კრიტიკაში წლების მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში და ამ გამოცდილებით, ვფიქრობ აუცილებლად უნდა ისარგებლონ თეორეტიკოსებმაც. მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარსულის ტვირთის დაძლევა თუ ამ წარსულის ხელახალი წაკითხვა. შემდეგ უკვე მომავალსაც მივხედავთ.

    © tavisupleba.org

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ზვიად რატიანის “ნეგატივი”

    დღევანდელი “ბიბლიოთეკა” თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელზე მოგვითხრობს. სულ ცოტა ხნის წინ ზვიად რატიანის ბოლო პოეტური კრებული გამოვიდა, “ნეგატივი”, წიგნი, რომელიც ახალი ლექსების გარდა, პოეტის წინა ორი კრებულიდან ამოკრებილ ლექსებსაც მოიცავს.

    ზვიად რატიანი იშვიათად გამოსცემს კრებულებს, მინიმუმ 5 წელი მაინცაა ხოლმე საჭირო, რომ მან ბოლო დროის მანძილზე დაწერილს თავი მოუყაროს და წიგნად აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 90-იანი წლების დასაწყისიდან წერს და აქვეყნებს თავის ლექსებს, მაინც მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ბოლო ორი კრებულია ყურადღების ღირსი. საკუთარი პოეტური წარსულის მიმართ იგი ხანდახან ძალიან კრიტიკულია ხოლმე, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ბევრი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ზვიადის ყოველ ახალ კრებულს ლექსები კი არ ემატება, არამედ აკლდება. შესაბამისად, წიგნის გამოცემის მიზეზს, მისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო წარსულის მოწესრიგება წარმოადგენს, ვიდრე მომავალზე ფიქრი: “პირველი მიზეზი, ამოსავალი მიზეზი იყო ის, რომ მანამდე იყო კიდევ ორი წიგნი, რომლებიც უნდა გამექრო, ჩემთვის გამექრო, თითქოს არ არსებულან. ამ ახალ წიგნში შევიდა 4 წიგნი, ორი უკვე გამოცემული, 2000 და 2005 წელს და ორი ახალი, რომლებიც წიგნად გამოცემული არ იყო და რაღაც-რაღაცეები აქედან დაბეჭდილი იყო, სხვადასხვა დროს. დიდი ნაწილი არც იყო დაბეჭდილი”.
    ახალი წიგნი თავისი სტრუქტურითაც გამორჩეულია: “რაც შეეხება წყობას. წიგნი უკუღმაა ქრონოლოგიურად დალაგებული. ეს უბრალოდ ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ დამელაგებინა ეს ოთხი წიგნი ერთად. არც თემატურად ეწყობოდა და არც ლექსწერის და ტექნიკური თვალსაზრისით. ასე უფრო დალაგდა, დაალაგა თან ნაწილობრივ სათაურმა, ერთ-ერთი ლექსის სათაურმა, ნეგატივმა, რომელიც უკუხედვას, უკუღმა ხედვას გულისხმობს და ასე უფრო მოხერხებული და პრაქტიკული მეჩვენა წიგნის აწყობა.”
    ზვიად რატიანი იმ იშვიათ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც პოეზიის მოყვარულთა გარდა, თავად პოეტებიც ძალიან აფასებენ. წლების განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ზვიადის ახალ პუბლიკაციებს ყველა თაობის პოეტი ელოდება ხოლმე და მასზე საუბრისას, როგორც წესი, ძალას კარგავს ტრადიციულ-ქართული ზეპირსიტყვიერი კრიტიკის ორი ყველაზე გავრცელებული მოდუსიც, ყალბი ქებაცა და ჭორაობაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიადს დამწყები, სრულიად ახალგაზრდა პოეტები აფასებს. მაგალითად, შოთა გაგარინი ალბათ ვერ იგუებს დამწყები პოეტის წოდებას, სამაგიეროდ, ეს ახალგაზრდა პოეტი სიამოვნებით, და რაც მტავარია, საინტერესოდ საუბრობს ზვიად რატიანის შესახებ: “მისი სახასიათო ენა სრულიად ორიგინალურია და არ გავს სხვა პოეტების გამოხატვის ფორმებს. ზვიადის ლექსების შეგრძნებას გიტოვებს, რომ მისთვის მთავარი არ არის სიტყვა, მისთვის მთავარი არის სურათი, რომელიც ამ სიტყვებით უნდა დახატოს. ზვიადს ვერ ვუწოდებთ პოეტს, რომელიც ენაზე მუშაობს. რა თქმა უნდა სიტყვების მიმართ პატივისცემით არის გამსჭვალული და იგრძნობა ეს მის ლექსებში, მაგრამ ენაზე მომუშავე პოეტს ვერ ვუწოდებთ, თუ არ ჩავთვლით თავის საკუთარ იდიოსინკრატულ ენას”.
    შოთა ზვიადის ლექსებს იაპონურ პოეზიასთან აახლოვებს და მას ავტორსა და მკითხველს შორის ჩატეხილ ხიდად მიიჩნევს, რომელიც თავად მკითხველმა უნდა ამოაშენოს. ახალგაზრდა კოლეგა პოეტის მელანქოლიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას: “ზვიადის ყველა ლექსში არის მელანქოლია, ოღონდ სხვანაირი მელანქოლია, რომელიც გაქცევისკენ არ გიბიძგებს. თითქოს დგახარ სადღაც ნაპირზე და უყურებ დიდ ტალღას, რომელიც მოდის და იცი, რომ ამ ტალღას ვერსად ვერ გაექცევი, აზრი არა აქვს ფართხალს და ერთად-ერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ესაა ბოლო წამები გაილამაზო და ამ სილამაზით იკაიფო, სანამ ეს ტალღა წაგლეკავს”.
    ამისგან განსხვავებით თავად ზვიადი განუწყვეტლივ გაქცევის მცდელობებშია. წლების განმავლობაში გაქცევა მისი პოეტიკის განუყრელ ნაწილად იქცა: “ამ ოთხივე წიგნში რაც პირველ რიგში, ჩემი აზრით თვალშისაცემია, ესაა გაქცევის მცდელობა, უფრო სწორად უშედეგო მცდელობები. ესენი ერთნაირი წიგნებია, მე სულ ვცდილობ რაღაცას გავექცე, არ მაქვს ამოჩემებული იდეა ფიქსი, რომ რაღაც ახალი დავწერო და შევქმნა, ზოგადად პოეზიაში, მაგრამ საკუთარ პოეზიასთან, საკუთარ ლექსებთან მიმართებაში მე ეს მაქვს და ჩემი წიგნები ამის მუდმივი მცდელობებია. საბოლოო ჯამში ეს არის შედეგი. ეს ოთხი წიგნი სინამდვილეში ერთ წიგნია, მე ამას ვეძახი ჩემს ბოლო პირველ წიგნს, ყველა წიგნს, აქამდე მე პირველ წიგნს ვუწოდებდი და ახლა მგონია, რომ ეს არის ბოლო პირველი წიგნი და მომავალში ალბათ პირველი მეორე წიგნის წერას დავიწყებ”.
    დასაწყისშიც ვამბობდი და აქაც გავიმეორებ, რომ ზვიადი წარსულს აწესრიგებს, მის დანახვას ცდილობს. ერთ-ერთ ლექსში იგი ღმერთს მადლობას წირავს, რომ მისთვის წინათგრძნობის არავითარი ნიჭი არ მიუცია, სამაგიეროდ ბლომად მოჰმადლა წარსულის ნიჭი: “წარსულის, სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება”. ამ თემას გაკვრით შოთა გაგარინიც შეეხო: “ზვიადი ალბათ იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ახალის შექმნას კი არ ცდილობს, არამედ ცდილობს უკვე არსებულში რაღაც პოეტური დაინახოს. როცა კითხულობ ზვიადის ლექსებს, მორიგ ძალიან მაგარ მეტაფორას როცა წააწყდები, სულ გებადება შეგრძნება, რომ აი, მე ეს ადრე როგორ ვერ შევამჩნიე”.
    ბოლოს ზვიად რატიანის ე.წ. სამოქალაქო ლექსებს მინდა შევეხო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მან რამდენიმე ძალიან რთული, სამოქალაქო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ლექსი შექმნა. ვინაც ზვიად რატიანის პოეზიას კარგად იცნობს, მას აუცილებლად ემახსოვრება 90-იანების ბოლოს დაწერილი მისი “მამები”, ასევე “გზები და დღეები” და ზვიადის შარშანწინანდელი ლექსი, “ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ”. “სამოქალქო ლექსები” მეთქი, ვამბობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზვიადი რომელიმე პროტესტ-პოეზიის ან სოციალური ლექსის ნაკადს მივაკუთვნოთ, სადაც წინასწარი ჩანაფიქრებით, გარკვეული იდეოლოგიური მზადყოფნით იწერება ლექსები. ზვიადი ყველაფერ ამისგან შორს დგას და იგი ე.წ. “სამოქალაქო ლექსის” ცნებასაც არ ითავისებს: “მე არ ვხედავ ამ ყველაფერს ისე, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობდე. უბრალოდ არის რამდენიმე კონკრეტული ლექსი, რომელიც ამ თემატიკითაა, ისევე როგორც სხვა თემატიკებით, ანუ რაიმე განსაკუთრებულ ადგილზე ჩემთვის ეს ლექსები არ დგას. შეიძლება ის კონკრეტული ლექსები, მაგალითად “ნეგატივი”, ჩემთვის განსაკუთრებული იყოს დაწერის სირთულის გამო, იმიტომ, რომ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ასევე მტკივნეული ბევრი თემაა”.
    ზვიად რატიანმა სწორედ ამ ბევრი მტკივნეული თემით დაიმკვიდრა უმნიშვნელოვანესი ადგილი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის დანახვა მკითხველს ნათლად შეუძლია “ნეგატივში”, როგორც თავად ავტორი ამბობს, მის “ბოლო პირველ წიგნში”.

    © tavisupleba.org

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – “ადიბასი” – თბილისის დეკონსტრუქცია


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი, “ადიბასი” გამოსცა. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოში ვითარდება, თბილისში რუსული ჯარია შემოსული, ქალაქი იბომბება, თუმცა ეს არ უშლის აქაურებს ხელს ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ, ჩამოსხდნენ ხოლმე გლამურულ სახინკლეში, ესტუმრონ ვაკის საცურაო აუზს, გაუთავებლად ისაუბრონ ამაო თემებზე.
    ზაზა ბურჭულაძემ, ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი და გამართული ნაწარმოები შექმნა. მწერალი დიდხანს მიდიოდა ამ წიგნამდე. აქამდე გამოსულ ყოველ მის რომანს ეტყობოდა იმის კვალი, რომ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჯერ კიდევ წინ იყო და რომ “მინერალური ჯაზის” გამო ატეხილი ამბავი, ცოტათი ნაადრევი გახლდათ. გახსოვთ ალბათ, მაშინ ქართული ჰუმანიტარული აზრის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ნოდარ ლადარია, გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, ზაზა შათირიშვილი, ზურაბ კიკნაძე და მერაბ ღაღანიძეც გამოეხმაურნენ წიგნს და ქვეყანას ახალი ავტორის დაბადება ამცნეს. წიგნის გამოსვლიდან უკვე ექვს წელზე მეტი გავიდა (ზუსტად იმდენივე, რამდენიც ვარდების რევოლუციიდან), ზაზა ბურჭულაძემ კიდევ 4 წიგნი გამოსცა, თუმცა ასეთი მნიშვნელობის, როგორიც ეს ბოლო რომანია, არც ერთი არ იყო.
    ვინც საუკუნეთა მიჯნაზე თვალყურს ადევნებდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას, მას კარგად ეხსომება გრეგორ ზამზას ფსევდონიმით დაწერილი გაბმული, დატვირთული ტექსტები ენობრივი ჩახვევებითა და იშვიათი აბზაცებით. ეს ზაზა ბურჭულაძის პირველი მცდელობები იყო.
    2002 წელს მან, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი დაიბრუნა. ანუ გამოვიდა კაფკას პერსონაჟის გავლენიდან, დაძლია ჰეტერონიმების საცდური და პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე როგორც ზაზა ბურჭულაძე. რამდენადაც მახსოვს, პირველი ასეთი რომანი “წერილი დედას” იყო, თუმცა ბაკურ სულაკაურს მის მიერ გამოცემული “სიმპსონები” ახსენდება, როგორც ზაზა ბურჭულაძის პირველი ნამუშევარი:
    “რომან “სიმპსონებამდე” მწერალი ზაზა ბურჭულაძე არ არსებობდა. არსებობდა გრეგორ ზამზა, ეს იყო ზაზა ბურჭულაძის ფსევდონიმი. და როცა ჩვენთან მოიტანა “სიმპსონები” და წავიკითხე, და გადავწყვიტე, რომ გამოგვეცა, ვურჩიე, თან დაჟინებით, რომ ფსევდონიმი გადაედო გვერდზე და წიგნი გამოსულიყო თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით. ასერომ, ზაზა ბურჭულაძის სახელით გამოქვეყნებული პირველი რომანი იყო სიმპსონები, თუმცა ეს არ არის მწერლის პირველი ნაწარმოები”.
    “ადიბასში” ტიპური თბილისური სიტუაციებია აღწერილი, უფრო სწორად, ავტორი ამ ვითარებათა დეკონსტრუირებას ახდენს. თანაც, ქალაქში რუსის ჯარია შემოსული, ხდება სრულიად დაუჯერებელი ამბები, პოლონეთის პრეზიდენტის ჩემოდნით გატაცებით დაწყებული, მზვერავი თვითმფრინავის ვერის პარკში დაშვებით დამთავრებული. ამის მიუხედავად, თბილისი ისევ ისეთი, ამაოებით სავსე ქალაქია ნარკომანებით, გადავსებული საკონდიტროებით, “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით…”. თბილისურ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.
    ზაზა ბურჭულაძის ამ რომანს ყველა სხვადასხვანაირად შეხვდა. ბევრისთვის კვლავ მიუღებელია მწერლის გულახდილობები, განსაკუთრებით სექსუალური სცენების აღწერისას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სულ სხვა მიზეზების გამო დაიწუნეს რომანი: “თვითონ ამ რომანს რაც შეეხება, მე მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა “ადიბასმა”, იმიტომ, რომ ეს იყო რაღაცა ფრაგმენტული მცდელობები, თითქოს თავმოუბმელი. მიუხედავად იმისა, რომ რომანი არაა დიდი მოცულობის, მე მომწყინდა მისი კითხვა. მაგალითად, ეპიზოდი “სექენდ ჰენდის” მაღაზიაში, ბრენდების ჩამონათვალი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხალტურა” – ამბობს ლიტერატორი დათო გაბუნია.
    უკანასკნელი წლების მანძილზე ზაზა ბურჭულაძის გარშემო მკითხველთა ვიწრო, თუმცა გათვითცნობიერებული წრე ჩამოყალიბდა. ზოგს “ხსნადი კაფკა” უფრო მოსწონს და მის შემდეგ “ადიბასს” დაღმასვლად აღიქვამს, ზოგი კი პირიქით, “მინერალური ჯაზიდან” მოყოლებული ელოდა მწერლის ახალ, მნიშვნელოვან ნაწარმოებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დათო გაბუნიაც:
    “იმის ფონზე, რასაც ზაზა ბურჭულაძე წერდა ბოლო წლების მანძილზე “ადიბასი” ნამდვილად მიღწევაა. ანუ მე ვგულისხმობ მის ერთგვარ დეკადანსს. მინერალური ჯაზიდან მოყოლებული მე უკვე ნაკლებად მომწონდა მისი წიგნები და ამიტომ “ადიბასი” იყო ნამდვილად გარღვევა, ამ მხრივ. მაგრამ, ასევე მიმაჩნია, რომ ისეთი წიგნები, როგორიც იყო “სიმპსონები” და “წერილი დედას”, სადაც ზაზამ ზუსტად მიაგნო ეროგენულ ზონებს, რომელიც ძალიან კარგად, ზუსტად და საჭიროდ გააღიზიანებდა ქართველ მკითხველს, მან ეს ყველაფერი დათმო, ხოლო “ადიბასში” მე ვხედავ მცდელობას დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც მან ჩემი აზრით შეწყვიტა განვითარება, როგორც მწერალმა”.
    ცხადია, ზაზა ბურჭულაძე არაა მწერალი ყველასთვის, თუმცა იგი აღარც ისეთი ჰერმეტულია, როგორც 10 წლის წინ იყო. ბაკურ სულაკაურის აზრით, და ამის შესახებ მეც ვწერდი 2 კვირის წინ, ზაზა ბურჭულაძის ეს რომანი სრულიად ახალი საფეხურია მის შემოქმედებაში: “ბუნებრივია, ეს არის წმინდა ლიტერატურა, თუმცა, ასე ვთქვათ, უფრო ფართო ფენისთვის მისაღები, ვიდრე აქამდე იყო. ვთქვათ, “ადიბასამდე” მისი წიგნები უფრო შეზღუდული წრისთვის იყო მოსაწონი, ვიდრე “ადიბასია”. რატომღაც ასე მგონია. ადიბასი არის ნიშანი იმისა, რომ ზაზამ არამარტო ახალ საფეხურზე ააბიჯა, როგორც მწერალმა, არამედ მას ახალი შესაძლებლობები გადაეშალა და ახალი ინსტრუმენტები გაუჩნდა”.
    შესაბამისად აფასებს სულაკაური მწერლის მომავალსაც: “ქართული ენის ფლობა ზაზას მიერ, გადავიდა სრულიად სხვა სიბრტყეში, და როცა მწერალი იწყებს ენის ფლობას ამგვარად, ის ვეღარ დაწერს ძველებურად”. სამაგიეროდ დათო გაბუნია ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს: “ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი დაწერა ზაზა ბურჭულაძემ, იმიტომ, რომ ისევ ვხედავ იმ საწყისებს, რაც მასში ძალიან მომწონდა. ეს ნაწარმოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაზა ისევ დაუბრუნდება იმას, რომ ის დაწერს ყველასთვის, და არა რამდენიმე ქართული კრიტიკის თუ ჰუმანიტარული აზრის ზეპური მამებისთვის მხოლოდ, როგორც აქამდე წერდა”.
    როგორც იტყვიან, “მოვიცადოთ და ვნახოთ” რა მოჰყვება “ადიბასს” და საითკენ წავა მწერალი, რომელიც თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს შორის ყველაზე მეტს შრომობს.

  • AUDIO,  ინტერვიუ,  კრიტიკა

    თანამედროვე ლიტერატურა ქართულ რეალობაში

    ნეტგაზეთი გთავაზობთ ჯიპას კლუბში ქართული ლიტერატურის შესახებ გამართული საუბრის აუდიოჩანაწერს. საუბრის თემაა ”თანამედროვე ლიტერატურა ქართულ რეალობაში” და მასში პოეტი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი და ლიტერატურული პრემიის ”საბა” 2010 საუკეთესო კრიტიკის, ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გამარჯვებული მწერალი ზურა ქარუმიძე მონაწილეობენ.
    საუბარს უძღვება პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც ლიტერატურის სოციალურ პროცესად ჩამოყალიბებისა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ლიტერატურული კონკურსის, ”საბას” მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარში რატი ამაღლობელი აფასებს საბას, როგორც პირველ ლიტერატურულ პრემიას, სადაც ხერხდება ლიტერატურული პროცესების შეფასება. ”საბაზეც კი არის ხალხი, რომელმაც არ იცის ტექსტები, რომლებიც იქ განიხილება. ეს ეტყობა გულშემატკივრობას, ვნებას და დინამიკას დარბაზისა თუ საზოგადოებისა”, – ამბობს ის.
    დავით ზურაბიშვილი კი იხსენებს საბჭოთა პერიოდს, როცა, მისი თქმით, სისტემა მწერლისთვის იდეალურ პირობებს ქმნიდა, მწერალთა კავშირის ბარათი ყველა კარს აღებდა და ასეთ დროს მწერალი არ იყო ვალდებული ხელისუფლებისთვის ხოტბა შეესხა, როცა წიგნის მყიდველი ძალიან ბევრი იყო, განსხვავებით მკითხველისგან,
    ზურაბ ქარუმიძე ლიტერატურული კრიტიკის დეფიციტს ყველაზე მწვავე პრობლემად ასახელებს ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ”ვერ სადგება ფეხზე, სანამ მასში კრიტიკული კომპონენტი არ იქნება გაძლიერებული” და იხსენებს ილია ჭავჭავაძის წერილს – ”რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს?” ზურა ქარუმიძე მწერალს ტყეში გავარდნილ ფირალად მოიხსენიებს, ხოლო კრიტიკოსს ბოქაულად, რომელიც მწერალსა და მკითხველს შორის კომუნიკაციას ამყარებს.
    პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც წლევანდელი ”საბას” ჟიურის წევრი იყო, მიიჩნევს, რომ წელს, ლიტერატურულ კონკურსზე ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება თარგმანის ნომინაციამ დატოვა. მთარგმნელობით საქმეში კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, ის თარგმანის ეროვნული ცენტრის დაარსების იდეაზე საუბრობს, სადაც ყველა თაობის მთარგმნელები გაერთიანდებიან. გიორგი ლობჟანიძე ასევე იხსენებს შემთხვევას, როგორ შეხვდა უსიამოვნებები თანამედროვე ქართული ლიტერატურის კრიტიკული მიმოხილვის გამო.

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მიშელ უელბეკის “პლატფორმა” ქართულად


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ, თანამედროვეობის ყველაზე დაუმორჩილებელი მწერლის, მიშელ უელბეკის წიგნების ქართულ თაროს კიდევ ერთი გამოცემა შეემატა. ჟორჟ ეკიზაშვილის მიერ თარგმნილი “ბრძოლის ველის განვრცობისა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემდეგ, “ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით” მწერლის სკანდალურად ცნობილი წიგნი, “პლატფორმა” გამოვიდა. წიგნი ირმა ტაველიძემ თარგმნა.
    [მუსიკა] ეს მიშელ უელბეკის ხმაა, ფრაგმენტი სიმღერიდან, რომელიც მის 2000 წელს გამოსულ ალბომშია შესული. ტრადიციული ფრანგული შანსონური რეჩიტაცია, კლასიკური თემები, შეგემებული უელბეკის ცხარე საკმაზით. მიშელ უელბეკი ამ ალბომზე და რომან “პლატფორმაზე” ერთდროულად მუშაობდა. ეს მის შემოქედებაში ალბათ უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, როცა იგი ლამის წინასწარმეტყველად მოგვევლინა, 11 სექტემბრის ნიუ-იორკული ჯოჯოხეთის პროფეტად.
    წიგნმა, შეიძლება ითქვას, ახალი, XXI საუკუნე დაიწყო და იგი დასავლური საზოგადოების ერთგვარ დიაგნოზს წარმოადგენს, და შესაბამისად “პლატფორმა” ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. წიგნის მთარგმნელი, მწერალი ირმა ტაველიძე გვეუბნება: “წიგნი მნიშვნელოვანი იქნება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ჩემი აზრით და ვფიქრობ ასევე ყველაზე კარგი წიგნი, რაც უელბეკს დაუწერია. საინტერესოა, რადგან ძალიან პირდაპირი და გულწრფელი წიგნია, ავტორი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რა იქნება აქტუალური, რაზე წამოეგება საზოგადოება”.
    მთავარი გმირი ფრანგია, 40 წლის ჩინოვნიკი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, აი ისეთი ტიპია, შვებულების დროს თავი ახალგაზრდად რომ მოაქვს ხოლმე. იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მოზრდილ მემკვიდრეობას მიიღებს და მაშინვე აღმოსავლეთში გაემგზავრება დასასვენებლად. მიშელი (ასე ჰქვია პერსონაჟს) ვერ იტანს არაბებს, ჩინელებს, ადამიანების უფლებებზე განუწყვეტლივ ლაყბობას, საბაზრო ეკონომიკას, ეკოლოგებს, ამერიკელებს, ბავშვებს. ხანდახან ჯგუფ “Radiohead”-ის მაისურით გვევლინება, საერთოდ კი ორად-ორი პიჯაკი აბადია და რამდენიმე ათეული წიგნი. იგი ვერ იხსენებს თუ როგორი იყო თხუთმეტი, ოცი ან ოცდაათი წლისა და საერთოდაც, ადამიანური უნიკალობის იდეა მხოლოდ მაღალფარდოვან სისულელედ მიაჩნია.
    მთელი ცხოვრება უხერხულად გრძნობდა თავს, სათქმელი არაფერი ჰქონდა, საუბრის გაბმაც კი არ შეეძლო და არც ცეკვა იცოდა, ამიტომაც გალოთდა. ალკოჰოლი მას ამხნევებდა და ეხმარებოდა. მიშელს ქათმის დაკვლაც კი არ შეუძლია, სამაგიეროდ სიამოვნებით დაახლიდა რომელიმე მაზალო ტიპს ტყვიას. რომანის ბოლოსკენ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საერთოდ ყველანაირ სურვილს კარგავს, გული ერევა ინტელექტუალურ საუბრებზე, უქრება სამყაროს ახსნისა თუ შეცნობის სურვილი, გაურბის ადამიანებს.
    ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ერთი შეხედვით ფრანგული ეკზისტენციალური თაიგულია, თუმცა რომანის გაცნობის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს. ესაა სიამოვნების, სიცოცხლის მაძიებელი კაცის ისტორია, რომელიც თავით ეშვება ვნებებში, ოღონდაც მიაკვლიოს იმ ნამდვილს, რასაც მხოლოდ სექსით თუ შეიგრძნობს დასავლელი ადამიანი. ეს წიგნი ერთი მხრივ ანტიდასავლურიცაა და ანტიისლამურიც. ამგვარი სიმწვავის გამო მწერალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
    უელბეკი ნარცისიზმით შეპყრობილ ევროპელებს (ან ზოგადად, დასავლელებს) გულისხმობს, რომლებიც წარმატების კულტის მსახურებაში არიან დანთქმულნი და საკუთარი ერთად-ერთობითა და განუმეორელობით გატაცებულები ერთმანეთთან დაწოლასაც ვეღარ ახერხებენ, სექსი კვდება, ვნება ქრება ადამიანებს შორის. სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, სიამოვნების უანგაროდ გაღება, საკუთარი სხეულის დათმობა ევროპელებს აღარ შეუძლიათ და რომანის ბოლოს დასკვნასავით ჟღერს: “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. საიმედოს ვერაფერს ვიტყვი. დასავლეთის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უბრალოდ, უზარმაზარ ზიზღს ვგრძნობ. ერთი კი ვიცი: ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ”.
    მთავარი გმირი გაკვირვებულია, “ნეტა ვის მოუვიდა თავში, რომ საფრანგეთი გარყვნილებისა და თავისუფალი სიყვარულის ქვეყნად გამოეცხადებინათო”, მისი აზრით, ამ ქვეყანაში ყოველთვის საშინელი მოწყენილობა და ბიუროკრატიზმი მეფობდა.
    “პლატფორმა” ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ამბავი მოპოვებული და დაკარგული სამოთხის შესახებ, ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც ტერორისტული აქტი ასრულებს. მანამდე კი შეყვარებული წყვილი სექს-ტურიზმის აყვავებაზე ოცნებობს, ცდილობენ დასავლეთს ის შესთავაზონ, რაც მან დაკარგა. როგორც ერთი რეცენზენტი წერდა: “მდიდარ დასავლეთს დიდი ფული აქვს, სამაგიეროდ ღარიბ სამხრეთს და აღმოსავლეთს არა აქვს “გაუცხოების” კატეგორია, ფსიქოანალიზი და ფემინიზმი”.
    უელბეკის ნაწერები უცნაური იუმორით ხასიათდება. მაგალითად, რომანში ერთი ეპიზოდია, როდესაც სექს-ტურისტული გეგმების განხილვისას სლოგანის მოფიქრებას ცდილობენ და უეცრად მთხრობელს ბოდლერის სტრიქონები ახსენდება: “ნელსურნელებით აქოთებული შიშველ-ტიტველი მონების გუნდი…”. ცხადია სლოგანს არ დაამტკიცებენ პოლიტკორექტულობის გამო.
    ირმა ტაველიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ “პლატფორმაში” დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაარჩევს უელბეკი “როდის თამაშობს ან როდის არის ნაკლებად სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და განსაკუთრებით ამ რომანის, “პლატფორმის” პირველ ნაწილში ეს კარგად იგრძნობა. და თვითონაც ამბობს შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ გერმანელი ჟურნალისტები და შეკითხვები დამისვეს, მივხვდი, რომ მე თურმე სერიოზულიც ვყოფილვარო. აქ ყველაფერი ბოლომდე სერიოზულიც არ არის, როცა იგი ამბობს, რომ ბავშვები სძულს, როცა ჩინელებზე ლაპარაკობს, ეს უფრო საზოგადოების აგდებისთვის ხდება და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია”.
    უელბეკის პროზის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა პორნოგრაფიისა და სენტიმენტალიზმის შეზავება, რომელსაც ხშირად მეცნიერული კომენტარებიც ახლავს ხოლმე თან. კლასიკური დასავლურ რომანში ეს ნიშნები ყოველთვის იყო, თუმცა უელბეკთან ამ შეხამებებმა ზღვარს მიაღწია. თუკი “ელემენტარულ ნაწილაკებში” მწერალი ბიოლოგიას მიმართავდა, აქ იგი უფრო სოციალური მეცნიერებებით ერთობა და ერთ მონაკვეთში სულაც დეტალურად გვიხასიათებს სხვადასხვა მოდელს. იგი ყველა ფრუსტრაციას სოციოლოგიური მიზეზებით ხსნის და რომანის მთელი მეორე ნაწილი, არსებითად სექსუალური ცხოვრების ოპტიმიზაციის სამოქმედო პროგრამად იქცევა.
    ამის მიუხედავად, უელბეკის ნაწარმოები არაფერს აგებს მხატვრული თვალსაზრისით, პირიქით იგი თანამედროვე რომანის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო გზას გვაჩვენებს.

    © tavisupleba.org