-
-
ახალი წიგნები – 2010 – ივლისი
ზაზა ბურჭულაძე, ხსნადი კაფკა, რჩეული მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა, ლიტერატურის კრიტიკოსთა უმეტესობა ზაზა ბურჭულაძის ნიჭს ფარულად თუ აშკარად მაინც აღიარებს. იგი ძირითადად კარგად მომზადებული მკითხველისთვის წერს, მათთვის, ვისაც კულტურური და ლიტერატურული სივრცეები საფუძვლიანად აქვს ათვისებული, თუმცა ჰქონდა შემოქმედებითი “მასოვკის” პერიოდიც (კარგი გაგებით), რომლის მაგალითადაც გამოდგება “წერილი დედას,” ტექსტი, რომელშიც ის ყველაზე მეტადაა მთხრობელი. წინამდებარე კრებულში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მცირე რომანები და მოთხრობები შევიდა, რომელთაც ავტორს პოპულარობა მოუტანა. “სიმფსონები,” “წერილი დედას,” “ხსნადი კაფკა,” Passive attack, “ფონოგრამა” და “შვიდი ბრძენი” – აი, ის ოპუსები, რომელთაც მკითხველი კიდევ ერთხელ გაეცნობა, ამჯერად, ერთ წიგნად თავმოყრილს.“15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2009” სარექდაქციო კოლეგია: ბაკურ სულაკაური, ლელა ცისკარიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
უკვე ტრადიციადქცეული კრებული “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა” წელს მეშვიდედ გამოდის. მისი გადაშლა საკმარისია, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, როგორი იყო კონკრეტული წლის ლიტერატურული მოსავალი. მართალია, ამ ტიპის გამოცემებს ყოველთვის ახლავს ეჭვი შერჩევის კრიტერიუმების ობიექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც შემდგენლები, ბაკურ სულაკაური და ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავენ, წინამორბედთა მსგავსად, “არც ამას აქვს პრეტენზია, რომ ეს შერჩევა ობიექტურია. ჩვენ ვეცადეთ, გამოქვეყნებულ მოთხრობებს შორის საუკეთესოები შეგვერჩია და საინტერესო და მრავალფეროვანი კრებული შეგვედგინა” – წერენ ისინი. გამოცემაში თავმოყრილია გასული წლის პერიოდულ პრესაში, ინტერნეტსა და სხვადასხვა კრებულში განთავსებული ნაწარმოებები. ძველ, უკვე “ტრადიციულ” ბინადრებთან ერთად (ლაშა ბუღაძე, ბესო ხვედელიძე, გელა ჩქვანავა) მკითხველი შედარებით ახალ სახეებსაც გაიცნობს (ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, მარიამ ბექაური). არიან “შუალედური” ავტორებიც, რომელთა ნაწერები უკვე რამდენიმე წელია ფიგურირებს 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობას შორის (თეა თოფურია, გურამ მეგრელიშვილი, დათო გაბუნია). წარმოდგენილთაგან გამომცემლობა ყოველ წელიწადს “წლის საუკეთესო მოთხრობას” ირჩევს და ავტორს სპეციალური პრემიებით აჯილდოებს. თუმცა შეგიძლიათ გამომცემელთა არჩევანს არ დაელოდოთ და თავად გამოავლინოთ წლის საუკეთესო მოთხრობის თქვენთვის სასურველი კანდიდატი.ერეკლე დეისაძე, “საიდუმლო სირობა”, მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
“ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება – თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული “საიდუმლო სირობა” ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს” – ვკითხულობთ კრებულის ანოტაციაში წიგნზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვერ გეტყვით, რატომ აირჩია ავტორმა თავის დამკვიდრების ასეთი გზა, მაგრამ რელიგიური და ზნეობრივი ეპატაჟით ცნობადობის გარკვეულ დონეს მან საზოგადოებაში უკვე მიაღწია.ბასა ჯანიკაშვილი, “დიქტატურა”, რადიოპიესა, პიესა თბ, 2009, სიესტა.
მოქალაქე, რომელიც არჩადენილი დანაშაულისთვის ითხოვს სასჯელს; მოსამართლე, რომელმაც თავადაც არ იცის, რატომ უშვებს ხალხს ციხეში; “კანონმორჩილი” პროკურორი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯერ შიშია საჭირო და შემდეგ სამართალი; ჟურნალისტი, რომელსაც თავი სამთავრობო პლაკატი და დიქტატურის პროპაგანდისტი ჰგონია; დამლაგებელი ლამარა და ბუზი, რომელიც ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე პერსონაჟია ბასა ჯანიკაშვილის ამ ნახევრადაბსურდულ პიესაში. აბსურდის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჯერარჩადენილი დანაშაულის ეშინიათ და მზად არიან, საკუთარი ფეხით გამოცხადდნენ უფალ პროკურორთან, რათა ამ უკანასკნელმა მიახვედროს, რაშია კონკრეტული პიროვნება დამნაშავე. ქვეყანაში ტოტალური შიშის სინდრომია გამეფებული, ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, გამოსავალი კი არსად ჩანს, თვით ნებაყოფილობით პატიმრობაშიც კი.გიგი თევზაძე, “უცნობი წიგნები ქართველებისთვის”, “უცნობი წიგნები საქართველოდან უცხოელებისთვის”, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გიგი თევზაძის ეს ორი ოპუსი ლიტერატურული მისტიფიკაციების მოყვარულთ დააინტერესებს. ფორმითა და შინაარსით მსგავსი ორი წიგნიდან ერთი ქართველი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მეორე – უცხოელისთვის. თითოეულში 20 ესეა შესული, ესეები არარსებული წიგნების შესახებ, რომელთაც ავტორი პირობითად “უცნობ წიგნებს” უწოდებს.
“ეს ის წიგნებია, რომლებიც მინდოდა წამეკითხა, მაგრამ აქამდე ვერცერთ მათგანს ვერ გადავეყარე ჩემს კითხვით ბიოგრაფიაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს რომ მეძებნა, აუცილებლად აღმოვაჩენდი სამყაროს, სახელმწიფოს, ერს, რომლის ლიტერატურასაც ამ წიგნებიდან ზოგიერთი ანდა ოცივე ეუთვნის. რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ამ წიგნთაგან ზოგი არავის არასდროს დაუწერია. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ (ზოგიერთი) დაუწერელი წიგნისთვის არსებობის შანსი მიმეცა” – წერს ავტორი ერთ-ერთი ოპუსის შესავალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტები სხვადასხვა ენობრივ და კულტურულ სივრცეს ასახავს, ურთიერთციტირებით, ალუზიებითა და გავლენით მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.“დამაკვირდი”, აფორიზმები, შემდგენელი ალ. სიგუა თბ, 2010 რეპრინტი მომზადებულია გამომცემლობა “სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით.
“ყოველი წუთი თავისუფალი დროისა ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს” – ამბობს უდიდესი ჩინელი სწავლული და რეფორმატორი, კონფუცი. ამ პატარა წიგნის დევიზად თავისუფლად შეიძლება მისი სიტყვების გამოყენება. ყოველთვის, როდესაც გამოგიჩნდებათ თავისუფალი წუთი, გადაშალეთ ეს მშვენიერი კრებული და დააკვირდით ბრძენ ადამიანთა აზრებს, რომელთაც კაცობრიობის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე მოახდინეს ზეგავლენა. ისინი სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში მოღვაწეობდნენ და სიბრძნის სიყვარული აერთიანებდათ. ეს თვისება თუ ნიჭი ზოგს შინაგადან ჰქონდა, ზოგმა გამოცდილებით შეიძინა, ზოგიერთისთვის კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვები გახლდათ, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებასაც დიდი დაფიქრება და ძალისხმევა სჭირდებოდა. მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმები პირველად 1948 წელს დაიბეჭდა. ეს იყო ალექსანდრე სიგუას მიერ “ივერიიდან” ამოკრებილი ციტატების კრებული, რომელიც იმ პერიოდში 10 ათასიანი ტირაჟით გამოიცა. ვერ გეტყვით, რა რაოდენობით დაიბეჭდა ამჟამად მისი ხელახალი გამოცემა, ერთი კი ცხადია, ეს წიგნი ყველა ქართულ ოჯახს დაამშვენებდა.
ორჰან ფამუქი, “მე წითელი მქვია,” რომანი, მთარგმნელი ლია ჩლაიძე, რედაქტორი თეა ქიტოშვილი თბ, 2010 “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
საკულტო თურქი მწერლის ასევე საკულტო წიგნის წაკითხვა უკვე ქართულად არის შესაძლებელი. “თურქი ეკოს”, ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” 1998 წელს გამოჩნდა წიგნის თაროებზე და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. იგი 30-მდე ენაზეა თარგმნილი და XVI საუკუნის თურქეთს ასახავს. მოქმედება 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ვითარდება. ჯერ სამეფო კარის მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის ამბავს სხვადასხვა პერსონაჟი გვიამბობს. მათ შორის არიან თავად მკვლელი, მოკლული, მათი ნათესავ-მეგობრები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი. კონკრეტული სიუჟეტის ფონზე ავტორი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახებაზე მოგვითხრობს. ერთმანეთს ორი მხატვარი ებრძვის: ერთი – დასავლეთში განათლებამიღებული, ახალი იდეებით აღსავსე და მეორე – ტრადიციული სკოლის მიმდევარი. სწორედ მათი შემოქმედებითი დაპირისპირებაა მკვლელობის მიზეზი, მკვლელობის, რომელიც წითელ ზოლად გასდევს მთელს რომანს. ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული გახლდათ და შვილს შესანიშნავი განათლება მისცა. მიუხედავად მშობლების სურვილისა, მიეღო საინჟინრო განათლება, ორჰანმა მწერლობა არჩია. 1978 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები,” რომელიც სულ ახლახან ითარგმნა ქართულად. ამას მოჰყვა “თეთრი ციხესიმაგრე”, “შავი წიგნი” და ა.შ. XX საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომხებისა და ქურთების გენოციდის აღიარების გამო ფამუქს სამშობლოში დიდი პრობლემები შეექმნა. 2006 წელს მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.ანა გავალდა, “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც”, მთარგმნელი ნანა იაშვილი, რედაქტორი რუსუდან გორგაძე, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ანა გავალდა თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 40 წლის ქალბატონის სამწერლო კარიერა 1999 წელს დაიწყო და პირველივე ჯერზე ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. მას შემდეგ არაერთ კონურსში მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო RTL, სადაც მისი ნოველების კრებულმა “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც” გრანპრი დაიმსახურა. ეს წიგნი საფრანგეთში ბესტსელერი გახდა და მალე 27 ენაზე გამოვიდა. ანა გავალდა რამდენიმე რომანის ავტორიც არის, მათ შორისაა “უბრალოდ ერთად,” “მე ის მიყვარდა,” “მაგარი გამქცევი” და სხვ. მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ნოველების კრებული, რომელმაც ფრანგ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა, ახლა ქართველი მკითხველის წინაშეა. რაზე წერს ანა გავალდა? ადამიანურ ურთიერთობებზე, სევდაზე, ოცნებებზე… ერთი შეხედვით, ამ პატარა ნოველებში განსაკუთრებული არაფერია: მის გმირებს ისევე სტკივათ, უხარიათ, განიცდიან და იტანჯებიან, როგორც ბევრ სხვას, თუმცა ავტორი ახერხებს ჩაგითრიოს თითეული მათგანის ცხოვრებაში და გაგაზიარებინოს პერსონაჟის ბედი. თანაგანცდა – ალბათ ეს
არის ანა გავალდას შემოქმედების საიდუმლო გასაღები, რითაც ასე იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველს.როალდ დალი, “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, მთარგმნელი მედეა მგალობლიშვილი, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
დამეთანხმეთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში სტუმრობაზე. ყველა ბავშვისა და უამრავი ზრდასრულის ოცნება რეალობად როალდ დალის ამ მშვენიერ წიგნში იქცევა. პატარა ღარიბი ბიჭუნა, ჩარლი ბაკეტი ბედნიერი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდება ერთ-ერთი იღბლიანი ბილეთის მფლობელი, რომელიც მას ტკბილეულის ჯადოქრის, ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში უგემრიელეს მოგზაურობას ჰპირდება. ათასგვარი საღეჭი რეზინის ვეება მანქანები, გამოსაგონებელი ოთახები, მარადიული კანფეტები, თბილი შოკოლადის მდინარეები, შუშხუნა ამაფრიალებელი სასმელები, ოთხკუთხა ტკბილეული, მრგვალი რომ გეჩვენება, ძროხები, რომლებიც შოკოლადს იწველიან, მარწყვისწვნიანი წყლის რევოლვერები, უჩინმაჩინი შოკოლადის ფილები, შოკოლადის ტელევიზია და უამრავი სხვა გემრიელი გასართობი, რომელზეც მსოფლიოში ნებისმიერი ბავშვი იოცნებებდა.
ამ ყველაფერს თავად ვილი ვონკა იგონებს და პატარა მხიარულ არსებებთან, უუმპა-ლუმპებთან ერთად თავის საოცარ ქარხანაში ასხამს ხორცს. მასთან სტუმრობა თქვენც შეგიძლიათ თუ ამ მშვენიერ წიგნს გადაფურცლავთ.იუსტაინ გორდერ, “ბაყაყთა ციხე-კოშკი,” მთარგმნელი დათო აკრიანი, თბ, 2009 ნექტარი.
ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის წიგნებს სიამოვნებით კითხულობენ მთელს მსოფლიოში. მისი რამდენიმე წიგნი უკვე ითარგმნა ქართულად, მათ შორის, “ფორთოხლის გოგონა” და “სოფის სამყარო.” ამჯერად დავით აკრიანის მიერ თარგმნილ “ბაყაყთა ციხე-კოშკს” გთავაზობთ. გორდერის ეს პატარა რომანი ერთი შეხედვით, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო. გრეგორი გრიინი, იგივე გრეგორი პეგორი პატარა ბიჭია, რომელსაც მშობლები ხანდახან “პატარა პრინცსაც” ეძახიან. ერთ მთვარიან ღამეს, გაყინულ თოვლში სეირნობისას ტყის ანგელოზს, იუმპინს გადაეყარა, რომელმაც იგი თბილ-თბილ ბლინებსა და მარწყვის ჯემზე დაპატიჟა. მოგვიანებით თავკომბალების საჭერად წასული ჯადოსნური ამბის თანამონაწილე გახდა: გრეგორის კოცნის შემდეგ ერთ ჩვეულებრივ ბაყაყს ჯადო აეხსნა და ნამდვილ უფლისწულად გადაიქცა. პრინცი გარამონდის, გულდაკარგული მეფის, მოჯადოებული დედოფლის, პრინცესა ავრორასა სხვა ზღაპრული პერსონაჟების ამბებს, რომლებიც სიზმარსა თუ ცხადში დაკარგულ გრეგორის გადახდა, ამ წიგნიდან შეიტყობთ.კნუტ ჰამსუნი, “შიმშილი,” რომანი, რედაქტორი გიორგი დარსალია, თბ, 2010, არეტე
ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, კნუტ ჰამსუნს (1859-1952) ჩვენში “მისტერიებით” და “მიწის მადლით” უფრო იცნობენ. ამ უკანასკნელისთვის ავტორს ნობელის პრემია (1920) მიანიჭეს. “შიმშილი”(1890) გაცილებით ადრეული პერიოდის ნაწარმოებია, პირველი რომანი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა. ეს ოპუსი ნორვეგიულ ლიტერატურაში ერთგვარი თემატური და სტილური გადატრიალების მომასწავებელი იყო. იგი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და უკიდურესად მგრძნობიარე სამყაროს მქონე ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან ცხოვრებას ასახავს. გასული საუკუნის დასაწყისში ჰამსუნმა საქართველოში იმოგზაურა და აქაურობით აღტაცებულმა ჩვენს სამშობლოს ზღაპრული ქვეყანა უწოდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, თანამემამულეებმა ფაშისტური რეჟიმის აშკარა მხარდაჭერა არ აპატიეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაასამართლეს კიდეც. ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ უკვე ხნიერი იყო. მისი ნაწერები სრულად მწერლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა.გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, 2009, მემკვიდრეობა
1872 წელს სტამბის ყოფილმა მუშაკმა, ჯორჯ სმითმა კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ლიტერატურული ძეგლი – “გილგამეშიანი” აღმოაჩინა. ბრიტანეთის მუზეუმში ნაპოვნი დაფა, რომელზეც წარღვნის შესახებ იყო მოთხრობილი, არც მეტი, არც ნაკლები – პირველი საგმირო ეპოსის მცირე ნაწილი გახლდათ.
ურუქელი მეფის, გილგამეშის საგმირო ამბები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი 12 დაფის, ანუ ნაწილისგან შედგება და გმირის ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს გვიამბობს. ქართულ ენაზე ეს ტექსტი პირველად ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მიხაკო წერეთელმა თარგმნა, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძემ. მის მიერ 1984 წელს შესრულებული მხატვრული თარგმანი ბოლო დრომდე ეპოსის ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენდა, თუმცა წინამდებარე გამოცემა კიდევ უფრო შევსებული და გადამუშავებულია. ძირითადად იმეორებს 1984 წლის თარგმანს, მაგრამ ჩამატებულია ცალკეული ეპიზოდები, რომელიც ტექსტს დედანთან კიდევ უფრო აახლოებს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ზაალ ებანოიძე – ლექსები
პროლოგის მაგიერ
ალხია და ითენთება ყანა,
მაჯისცემაც უკითხავად იმატებს;
ვამბობ გულში: “კბილს არ მიხსნის დანა,
ანდა მართლა დამამუნჯა სიმართლემ”.თუკი გხედავ, ამ დროს უფრო გხედავ,
ლაჟვარდების მჩატე ქაფით მოყელილს;
ხელჯოხივით დავიბიჯებ სევდას
და ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვები.მოვივედრებ მე ამ დღიდან ჩეროს,
სულს მოვითქვამ და საკინძეს შევიხსნი,
ამის მერე, რა და როგორ ვწერო,
ჩემზე უფრო, რა თქმა უნდა, შენ იცი.თუმცა ხანდახან ხემი…
სიტყვა. მუსიკა. მითი.
მითი. მუსიკა. სიტყვა.
ამ დროს რო კანი გვითრთის –
განცდის გარეშე ვინ თქვას.დრო თავის ნებით მიდის,
თუ ჩვენს გამო და ჩვენით.
მიაქვს – რაიმე მინდი,
რჩება – რაიმე ძღვენი.თვალსაწიერი! – რა ჩანს
რო გამოვისხათ ფრთები:
ყანჩა! ყანჩა და ყანჩა!
მთები! მთები და მთები!უდაბნოს მერე – სვეტი!
კლდე! კლდეზე ხათრად – თოვლი!
უნდა დაგვესხას რეტი
ჩვენ ერთმანეთის პოვნით.“რა ვქნათ” (არ გითქვამს, მესმის) –
გაიფიქრე და გაგცი:
“აღმოცენებას ფესვის
იწვევს სიკვდილი მარცვლის”.“კარგ მთქმელს – გამგონეც კარგი” –
მორცხვად მიხედნეს ყური:
ხო გემოწმება წარბი,
ხო გეთანხმება გული.აღარ იკმარა სივრცემ
ტანსამკაული სამი
და დროს – “მეოთხეს” იცმევს
თუ თავს იტყვილებს ამით.და თვლემს შენი და ჩემი
მომადლებული მღვიმე;
თუმცა ხანდახან ხემი
მაინც აფხიზლებს სიმებს.სიტყვაში, როგორც სახლში,
შედის ასეთ დროს ბგერა
და თვალგახელილ ბავშვის
სიზმრის ბრმებივით გვჯერა.ახელფეხება ანუ ყალყზე შემდგარი
ცხენის გამოხმობა სხვისი ტექსტიდანმხედრის მაჯა აშენებს
ცხენის ახელფეხებას;
მგოსნის მაჯა – ასევე –
რაც რო სიტყვას ეხება.“ტოკავს თვალწინ იაბო,
დარჩა უკან ფერდობი”…
შენ – ხედავ და მიამბობ,
მე – გისმენ და გენდობი.ვკრიბავ ბგერებს აზიზად,
როგორც რამე თილისმას;
სმენა გააფაქიზა
სუნთქვამ ქარტეხილისმა.და ღმერთს ლოცვას ვუგზავნი
ბნელს რო მზერით ვიცილებ,
და თვალებზე კურცხალი
ყინულივით ციმციმებს.წევს ჩვენს შორის დრო-ჟამი
და მიზანი გზაში დევს;
და ფარულად თოვს ნამი
და ცალ-ცალკე გვამშვიდებს.
“მირბის-მითოხარიკობს” –
ზოგჯერ მაინც ჩამესმის,
და მეც – შენი არ იყოს –
მრჩება ხელში სხვა ლექსი:ჭიხვინს აიმეგზურებს
რითმის გრილი შხეფებით;
თითქოს სკივრში ხელს ვურევ,
როცა შენს ტექსტს ვეხები.თითქოს თვალწინ ჩერდება
ორი გზა და სამყარო;
ღაწვზე ცრემლი დედდება
და სხეული კანკალობს:უკვე სიტყვაც აშენებს
ცხენის ახელფეხებას
და ხელახლა გვაჩვენებს –
რაც მე და შენ გვეხება.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ხავიერ მარიასი – დიდების ასპექტები
თარგმნა ირმა ტაველიძემ
არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა სერვანტესი და არც შექსპირის გარეგნობაზე შეუძლია საუბარი ვინმეს. ასე რომ, “დონ კიხოტისა” და “მაკბეტის” მიღმა არ ჩანს მათი ავტორების სახის გამომეტყველება, სახასიათო ნაკვთები თუ სულაც მზერა, რომელიც დროთა განმავლობაში სხვა ადამიანების თვალებში ჩაიყინებოდა და მათ საკუთრებად იქცეოდა. მხოლოდ ის თუ წარმოუდგება ყველას, რაც შთამომავლობამ მიაწერა ამ მწერლებს – გაუბედავად, მოუქნელად და უსინდისოდ: ისეთი იერი, მზერა, სახის ნაკვთები, როგორიც, ცხადია, არც შექსპირს ექნებოდა და არც სერვანტესს.
თითქოს წიგნები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვკითხულობთ, უფრო უცხო და გაუგებარი ხდება მათი ავტორების სურათების გარეშე. თითქოს ჩვენი საუკუნე, რომელშიც ყველასა და ყველაფერს შესაბამისი გამოსახულება აქვს, ვერ იგუებს ისეთ რაღაცას, რის ავტორსაც სახე არ მოეძებნება. თითქოს მწერლის სახის ნაკვთებიც რაღაცნაირად მონაწილეობს ნაწარმოების შექმნის პროცესში. ალბათ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მოღვაწე ავტორებმა სწორედ ეს იგრძნეს და ამიტომაც დაგვიტოვეს უამრავი ფერწერული თუ ფოტო პორტრეტი. ალბათ მეც ამიტომ ვაგროვებდი წლების მანძილზე იმ ღია ბარათებს, რომლებზეც ეს პორტრეტებია გამოსახული. სრულიად უსისტემოდ შედგენილი ჩემი კოლექცია, დღეს, 150 სურათს ითვლის.
იოლად შევნიშნავთ, რომ ძალიან ცოტა ღია ბარათზეა გამოსახული მწერლის მთელი სხეული (რა თქმა უნდა, ზოგ სურათზე თავს ტანის მოზრდილი ნაწილიც მოჰყვება) – თითქოს ის სიტყვები, რომლებითაც მათ ვიცნობთ, მხოლოდ თავმა შექმნა, ხელებს კი არაფერი უკეთებიათ. იმ მწერლებს შორის, რომლებიც სხედან, დგანან თუ წვანან – ამგვარად, სრულად ან ნაწილობრივ გვიჩვენებენ, ზოგადად, არაფრისმომცემ სხეულებს – დიკენსი ყველაზე გამორჩეულია. ის სამივე შემთხვევაში ზის: ორ ფოტოზე სკამზე უკუღმა გადამჯდარა, სახით საზურგისკენ. პირველ სურათზე მარტოა, მისი პოზა, ცოტა არ იყოს, ხელოვნური და გაზეპირებულია. მკლავებით სკამის საზურგეს ეყრდნობა, მარჯვენა ხელი კი სწორედ იმისთვის აუწევია, რომ გრაციოზულად და მელანქოლიურად გადახრილი თავი ზედ ჩამოაყრდნოს. მეორე სურათზე ის საკუთარ ქალიშვილებთან ერთადაა: ისეთ თხელ წიგნს უკითხავს, რომ თავისი დაწერილი ვერაფრით იქნება. აქაც სკამზე უკუღმა გადამჯდარა, ისევ სახით საზურგისკენ. ასეთი დამთხვევა აუცილებლად გვაფიქრებინებს, დიკენსი, სინამდვილეში, ალბათ სულ ასე იჯდაო. ორივე ფოტოზე, მოლოდინის საპირისპიროდ, სერიოზული კაცის სახე აქვს, სულაც არ ჩანს მხიარული, უდარდელი, ან ძალიან ბედნიერი – უფრო ფიცხსა და წესრიგის მოყვარულს, ელეგანტურად ჩაცმა-დახურვას გადაყოლილს ჰგავს. ჰო, რაღაცით დენდია, მაგრამ თვალს არ გვიხვევს: კაცი, რომელმაც სული ჩაბერა პიკვიკს, მიკობერს, უელერს, სნოდგრასსა და უამრავ სხვა პერსონაჟს, თავის ხუმარა, ოინბაზ მხარეს დეტალებით ამხელს: შეუძლია არავის მოერიდოს და ფეხებგაჩაჩხული იჯდეს, შეუძლია სკამს უკუღმა გადააჯდეს. არა, მესამე ფოტოზე ასე აღარ ზის, თუმცა მაინც ჭკვიანურად და ეშმაკურად იქცევა: არ თვალთმაქცობს, თითქოს რაიმეს წერდეს – ეს ვულგარულიც იქნებოდა და რთულად განსახორციელებელიც. ამის ნაცვლად, ისეთი სახე მიუღია, თითქოს ღრმად ჩაფიქრებულა, ხელში კალამი უჭირავს და ეს კალმიანი ხელი ფურცელზე უდევს. დიკენსი მომდევნო წინადადების ძებნაში გართულა, იმ წინადადების გამართვაში, რომელსაც არასდროს დაწერს. ფიქრებში წასული და რაღაცით გახალისებული კაცის მზერა აქვს – რა გასაკვირია, აბა, ვინ დაიჯერებს იმას, რასაც თვითონაც ვერ დაიჯერებდა: თითქოს ფიქრს წამით მაინც წყვეტდა იმ წლების მანძილზე, როცა უზარმაზარ, უთავბოლო რომანებს წერდა.
ოსკარ უაილდი ისე კოხტად იცვამს და იხურავს, რომ შესანიღბად შერჩეული ტანსაცმელი მისი განუყოფელი ნაწილი ხდება – ამას ვერც ვამჩნევთ და არც მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის ყველაზე მეტად სახეზე ზრუნავს. უაილდი ცდილობს, ორივე პორტრეტზე ლამაზ მამაკაცად ჩანდეს და ისე იყურება, თითქოს მართლაც ასეთი იყოს: აი, ამას აკეთებენ დღევანდელი მოდელები რეკლამებში. პირი ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოუკუმავს, თითქოს სარკეში საკუთარი თავი დიდხანს ათვალიერა და ახლა კარგად იცის, რომ მხოლოდ ასეა მისაღები, ასე ბევრად სჯობს. ყველაზე უცნაური კი ორივე ფოტოზე ის არის, რომ უაილდის მთელი იუმორი და ირონია ტანსაცმელზე გადასულა – ძალიან სერიოზულ სახეზე მათი კვალიც არ ჩანს. გაფართოებული ნესტოები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სუნთქვაშეკრული მწერალი რაღაცას ელოდება. ამ კაცს ყველაფრის მიუხედავად სჯერა, თითქოს სილამაზე მხოლოდ სახესა და მის გამომეტყველებაშია. ის მნიშვნელობას არ ანიჭებს ბეჭედს, ხელჯოხს, გრძელ თმას, ხელთათმანებს, ბეწვშემოვლებულ საყელოსა და სახელოებს, ქუდს, ლაბადასა თუ ბაფთად შეკრულ ყელსახვევს – ეს ყველაფერი მხოლოდ უმნიშვნელო სატყუარაა, რომელმაც დამთვალიერებელს მისი ფოტოები უნდა შეამჩნევინოს. თვალშისაცემი რაღაც-რაღაცების შემდეგ კი ამ უკანასკნელმა მართლაც მნიშვნელოვანი რამ უნდა დაინახოს: იმ კაცის სახე და მზერა, ვისაც ყველანაირი მასხრობისა და ხუმრობის მიღმა სერიოზულობის თანმხლები სილამაზის მიღწევა სურს.
ჰენრი ჯეიმსის ნამდვილი სახე სარჯენტის ნახატმა შემოგვინახა. მასზე ის ისეთივეა, როგორიც უფროს ძმასთან, უილიამთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ჯეიმსის სახე ერთიანად მრგვალია, მისნაირი ლოყები და თავის ქალა უამრავ პოლიტიკოსსა თუ ბანკირს აქვს. მიუხედავად ამისა, სარჯენტის ნახატზე, სადაც ის დაბინდული, ჩამქრალი მზერით იყურება, თვალში გვხვდება დეტალი, რომელიც ძირს უთხრის ამ მოჩვენებით რესპექტაბელურობას და შეუძლებელს ხდის მის პოლიტიკოსობასა თუ ბანკირობას: მწერლის ცერი ჟილეტის ჯიბეზეა გამოდებული – მორცხვად, მოუქნელად და დაუდევრად – მტევანი კი მოუხერხებლად ჰკიდია. ფოტოზე, პირიქით, მხოლოდ მისი თვალები იპყრობს მნახველის ყურადღებას, და სასაცილო ყელსახვევიც – მეტად უცნაური რამ ასეთი თავდაჭერილი კაცისთვის. ჭკვიანი ადამიანის საშინელი მზერა აქვს: მისი გონება გარემოს შეცნობისკენაა მიმართული და გაცილებით მეტ ცნობისწადილს ამჟღავნებს, ვიდრე ფილოსოფოსი ძმისა, რომლის სახეც, ერთი შეხედვით, უფრო მეტყველი გვეჩვენება. უბრალოდ, ორივეს თვალებში უნდა ჩახედო: უილიამი პირდაპირ იყურება და თითქმის ვერაფერს ხედავს, ჰენრი კი გვერდით იხედება და ალბათ იმასაც კი ხედავს, რაც იქ არ არის.
კონრადი, ძალიან სერიოზული სახით, სავარძელში ზის და ვერ ხვდება, ხელები სად წაიღოს. აი, ამიტომ ერთი ხელი მოუმუშტავს, მეორე კი ზემოდან დაუფარებია. თავის გარეგნობაზე ისე ზრუნავს, თითქოს, ზოგადად, ასე კარგად არ იცვამს ხოლმე, თითქოს სულაც არ დადის ისე კოხტად, უნაკლოდ გამოწყობილი, როგორიც ამ სურათზეა. მისი პორტრეტი იმ რესპექტაბელურობის საჩვენებლად არის ჩაფიქრებული, რომლის მისაღწევადაც ემიგრანტებს უამრავი რამის გადატანა უწევთ – მათ ხომ, პირველ რიგში, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. საგულდაგულოდ მოვლილი წვერი აქვს, მაგრამ სწორედ ასეთი ნამდვილ ინგლისელს ვერ ექნებოდა: ბოლოწამახვილებული, სამკუთხედის ფორმის. ვერც ასეთი ულვაში ექნებოდა, აწკეპილი ბოლოებით. მწერლის უწამწამო თვალებში სიმკაცრეს დაუსადგურებია: ისინი იმ მართალი კაცის თვალებია, რომლის გულშიც რისხვა მწიფდება, უსამართლოდ განსჯილი კაცის თვალები. ან იქნებ, უბრალოდ, აღმოსავლელი კაცის თვალებია.
რილკეს სახე სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. წერის დროს დიდ პოეტს თავისებური მოთხოვნილებები და აუტანელი ჩვევები ჰქონდა – ჩვევები, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდა და მოთხოვნილებები, რომლებსაც იკმაყოფილებდა. მისი სახე აშკარად საშიშია, ღრმად ჩამჯდარი თვალების ირგვლივ ჩამუქებული წრეებით, ქვემოთ ჩამოზრდილი მეჩხერი ულვაშით, რაც უცნაურ, მონღოლურ იერს აძლევს. ცივი, ირიბი მზერა სასტიკ კაცად აქცევს და მხოლოდ ხელები – ისეთი, როგორიც უნდა იყოს: ერთმანეთში მყარად გადაჭდობილი თითებით, კონრადის გაუბედავი ხელებისგან სრულიად განსხვავებული – ასევე, ხარისხიანი ტანსაცმელი მწერლის სიმშვიდეზე მიანიშნებს, სისასტიკეს კი როგორღაც არბილებს. შეიძლებოდა ის ერთი მეოცნებე ექიმი ყოფილიყო, რომელიც ლაბორატორიაში ზის და რაღაც თავზარდამცემი, აკრძალული ექსპერიმენტის შედეგს ელოდება.
ჯუნა ბარნსი, მხრებზე წამოცმული პალტოთი და მშვენიერი აღმოსავლური თავსაბურით, ყველაზე გამორჩეულია ჩემს გალერეაში. ის კეთილსინდისიერად იღებს შესაბამის პოზას და ასევე კეთილსინდისიერად გამოწყობილა სწორედ ამისათვის, თუმცა ეს ყველაფერი ყოველდღიურ ჩვევად უნდა ჰქონდეს. უაილდისგან განსხვავებით, ვისაც უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო და ასეთად გამოჩენილიყო, ამ ქალმა იცის: ლამაზი არ არის და ასეთად ვერც გამოჩნდება. აი, ამიტომ არ ცდილობს, იმგვარი მეოცნებე იერი მიიღოს, სახეების უმრავლესობას რომ გადაჰფენია. ამის ნაცვლად, თვალს თვალში გიყრით, სკეპტიკური და დამცინავი გამომეტყველებით. ბოლომდე მხოლოდ ტანსაცმელს (განსაკუთრებით, პალტოს აწეულ საყელოს) და საკუთარ პოზას ენდობა. ყელსაბამი მას სულაც არ ამშვენებს – უბრალოდ, იცავს. ზოგადად, ამ ქალისთვის სისადავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისი გარეგნობის დაფასება.
რაც შეეხება ნაბოკოვს, ის მასხარაა, მაგრამ ამის საქვეყნოდ აღიარება არ სურს. აი, ამიტომ იკითხება მის სახეზე მღელვარებისა და რაღაცით განცვიფრების კვალი. მიუხედავად ამისა, მაინც ბედავს საძაგელი, ალბათ ნატკენი მუხლების გამოჩენას და ისეთი ქუდის არჩევას, როგორსაც არასდროს დაიხურავდა ის, ვინც ნამდვილი ამერიკელი არ გამხდარა. მუხლამდე შორტი აცვია, ვითომ პეპელას მისდევს, პერანგის ჯიბე კი კალმებით, სათვალითა თუ რაღაც ასეთით ამოუვსია: იმით, რაც პეპლების მდევარს არ სჭირდება. უკვე ასაკოვანია, რასაც გაბადრული სახე კი არ ამხელს, არამედ მისი ბებრული კოფთა.
თომას ჰარდის ყველაზე სოფლური გარეგნობა აქვს მთელს კოლექციაში. ჯეიმსს თუ არ ჩავთვლით (რომელიც მეორე უკიდურესობას წარმოადგენს), ის ერთადერთია, ვისზეც ვერაფრით იფიქრებ, მწერალიაო. ყოველ შემთხვევაში, ამ ფოტოს ნახვისას მაინც, რომელიც ასაკში შესულს გადაუღია. სქელი, ბოლომდე შეკრული შალის ჟილეტი აცვია. დაშაშრული, გახევებული კანი, უწამწამო ქუთუთოები, აბურდული წარბები და ჩალასავით უხეში ულვაში იმ სოფლის ექიმს ამსგავსებს, რომლის დაუფარავი გაღიზიანებაც პენსიაზე იძულებით გასვლას უნდა გამოეწვია, ან იმას, რომ ძალიან ბევრ ცუდ ამბავს შეესწრო – “პატარ-პატარა ცხოვრებისეულ ირონიებს”, როგორც თავად უწოდებდა მათ. ამ დროისთვის ჰარდის უკვე გაეცვალა პროზა პოეზიაზე, მაგრამ ვერც იმას იფიქრებ, პოეტიაო. როცა გაგახსენდება, რომ კიდევ 14 წელი უნდა ეცოცხლა, გული გისკდება იმის წარმოდგენაზე, რა დღეში ჩავარდებოდა ბოლოს მისი დანაოჭებული კანი. ის ხომ სოფლელი იყო: ვინ იცის, იქნებ ყოველთვის სოფლელს ჰგავდა, სიყმაწვილეშიც კი.
იეიტსი უდავოდ პოეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე თეთრი თმა აქვს, მოხუცები კი ლექსების წერასთან არ ასოცირდებიან ხოლმე. როცა სახეზე შეხედავ, ფანატიკოსსა თუ ფანტაზიორს დაინახავ – ძლიერი ხასიათის მქონე კაცს, რომელმაც კარგად იცის, რას ფიქრობს და რას აკეთებს. ეს ნამდვილად მისი სახეა. გაწეწილი თმის გამო, რომელიც თითქმის ქერად მოჩანს, ვერ იფიქრებ, მოხუციაო. თმა მთელ სახეს აცოცხლებს – ამ კაცს ენერგია მოსჭარბებია. თვალში მუქი წარბებიც გვხვდება. გაუჩინარებული, სათვალის მიღმა საგულვებელი მზერა კი ერთ რამეზე მიგვანიშნებს: ის მაგრად მოკუმული პირით უნდა ხედავდეს – თითქოს თვითონაც მხოლოდ ხმა იყოს და მეტი არაფერი.
იეიტსისგან განსხვავებით, ელიოტის სახე შეიძლებოდა ესეისტისა ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ ბანკის მოხელისაზე (სწორი შედარება არ იქნებოდა – ის ხომ ერთხანს სწორედ ბანკის მოხელედ მუშაობდა). აი, ათწლეულებია, ეს კაცი თმას ერთი და იმავე მიმართულებით ივარცხნის და სულაც არ ანაღვლებს, რომ ჩამოსწორებული თმა დიდ, პარტყუნა ყურებს ვერ უმალავს. მან კარგად იცის: ასე უფრო ორიგინალური თავი უჩანს. პედანტი და პერფექციონისტია. დიდი ძალისხმევის ფასად სულაც არ უჯდება ის, რომ ამგვარად უნაკლო იყოს – უბრალოდ, ჩვევის ამბავია. იმ კაცის მშვიდი, მიმნდობი მზერა აქვს, რომელსაც ოდნავადაც არ აეჭვებს სამყაროსეული წესრიგი, რადგან მას სრულად ეთანხმება და თვითონაც ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, მთელ სახეზე უცნაური, უსაზღვრო იმედის შუქი აფენია – აი, ამიტომაც უნდა იყოს გამომგონებელიც.
უილიამ ბლეიკის სახის ნაცვლად მის ნიღაბს ვხედავთ. ნიღაბი გვამიდან არ აუღიათ, პოეტის სიცოცხლეშივე აიღეს, როგორც ღია ბარათზე მიწერილი სიტყვები მოწმობს: 1823 წელს, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე აღებული ნიღბიდან დამზადებული თაბაშირის ასლი. როცა სხვები თვალთმაქცობენ, თითქოს წერენ, ან იმაზე ფიქრობენ, რომ ამ დროს მათი პორტრეტი იქმნება, ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებს. არა, მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის: თუ კვარცხლბეკზე დამაგრებულ ნიღაბს ყურადღებით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს დახუჭული თვალები მკვდრისა არ უნდა იყოს. ისინი ისე მაგრად დაუხუჭავთ, ისე ჩაუნაოჭებიათ, თითქოს მათ პატრონს დანახვა ისევ შეუძლია, მაგრამ არ სურს, რომ რამე დაინახოს. ნესტოები ამოსასუნთქ ჰაერს იკავებენ. შუბლი დაჭიმულია: თითქოს ძარღვებში სისხლი ისევ მოსჩქეფს. ტუჩები გამქრალია – მათ ადგილას გრძელი, წვრილი ხაზია, ხელის ერთი მოსმით გავლებული, და ეს ხაზიც რაღაცნაირად იჭიმება. ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებდა იმ დროს, როცა ცოცხალი იყო და ახლა, როცა ნამდვილად მკვდარია, ისევ გვატყუებს: სინამდვილეში მთელ შთამომავლობას აკონტროლებს. ის მკვდარიც არის და ცოცხალიც – აი, ამიტომ წარმოადგენს მისი სურათი ხელოვანის ყველაზე სრულყოფილ პორტრეტს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ამერიკელი ქალი–პოეტები
-
საუბრები ლიტერატურაზე – დავით ქართველიშვილი
თეონა დოლენჯაშვილი
ჩვენ ყველა ირიბად ლიტერატურის გავლენით ვცხოვრობთ– ესსეში “პროზისა და საკუთარი თავის შესახებ” წერ, რომ “ჩემი პროზა არ არსებობს. არსებობს ჩემ მიერ დაწერილი წაკითხვის ღირსი რამდენიმე ნაწარმოები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემი პროზის არსებობას” მაინც, რა და როგორი მასალა უნდა დააგროვოს პროზაიკოსმა, რომ მისი პროზის არსებობა დადასტურდეს.
– აქ საუბარია რა თქმა უნდა, არა მასალის მოცულობასა და რაოდენობაზეა, არამედ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კონკრეტული ავტორის შემოქმედებას მის თანამედროვე და მომავალ ადამიანებზე, ანუ დიდი მწერალი ყოველთვის პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს კონკრეტულ ადამიანებზე, ხოლო ამ ადამიანების ერთობლიობა ქმნის საზოგადოებას, აუცილებელი არ არის ადამიანს ქონდეს წაკითხული პლატონოვის ან კაფკას შემოქმედება, რომ ამ ავტორების გავლენა განიცადოს, ეს ორი ავტორი განზრახ მოვიყვანე მაგალითად, ისინი სიცოცხლეში აღიარებული მწერლები არ იყვნენ, ასე რომ დიდი მწერლობა არანაირად არ უკავშირდება საქვეყნო აღიარებას, თუმცა ჩვენ ყველა ირიბად ლიტერატურის გავლენით ვცხოვრობთ, ამ თემის შესახებ ალბათ ოდესმე ესსეს დავწერ.
– “თანამედროვე მწერლებმა დავივიწყეთ ლიტერატურის პედაგოგიკური მნიშვნელობა…” ფიქრობ, რომ საჭიროა თანამედროვე ლიტერატურას პედაგოგიკური, დიდაქტიკური ან მორალისტური მნიშვნელობა ჰქონდეს?
– ნებისმიერი ავტორი პირველ რიგში თავისი ტექსტებით საკუთარ თავს ზრდის და შემდეგ სხვებს. რაც შეეხება პედაგოგიკას, დიდაქტიკას და მორალს, ჩემი აზრით, ყველა მწერალი მეტნაკლებად პედაგოგია დიდაქტიკოსი და მორალისტი, თუმცა რატომ მხოლოდ მწერალი, ნებისმიერ ადამიანს აქვს სურვილი ქონდეს გავლენა სხვა ადამიანებზე, ეს აზრი თავისთავად ბანალურია და სწორედ ამიტომ ჭეშმარიტი, თუმცა ბანალურობა ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ არის. თანამედროვე ლიტერატურაში ავტორები ხშირად ახდენენ პედაგოგიკის დიდაქტიკის და მორალისტობის პაროდირებას, პაროდია განვითარების ერთერთი ფორმაა, რაც შეეხება ესსეში გამოთქმულ მოსაზრებას, აქ პედაგოგიკის გოეთესეულ გაგებაზეა საუბარი. თუმცა ინტერვიუს ფორმა ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ საკითხზე განვავრცოთ მსჯელობა.
– მაშინ ისევ ქართულ პროზაზე ვისაუბროთ და შენი წიგნიდან ამონარიდები მოვიყვანოთ, სადაც წერ, რომ “ქართული პროზა შეკვეთით იქმნება.” “ქართველი მწერლების უმრავლესობა მეზღაპრეა” “ქართულ ლიტერატურას თავისუფლება აკლია” “ქართველი მწერალი ლოკალური მწერალია…”
– დავიწყოთ ლოკალურობიდან: ჩვენ პროვინციაში ვცხოვრობთ, ვმეტყველებთ და ვწერთ ენაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თავისთავად ქართული ბრწყინვალე ენაა, თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიდან გამომდინარე გარკვეული მიმართულებებით ქართული ენა ვერ განვითარდა, ვგულისხმობ სამეცნიერო ენას, ტექნიკურ დარგებს, ერთი სიტყვით იმას, რასაც ცივილიზაცია ქვია. ჩვენში ხშირად კულტურულობა ცივილიზირებულობაში ერევათ, რეალურად ეს სხვადასხვა რაღაცეებია, მაგალითად, ლუქსემბურგი ნამდვილად არ არის საქართველოზე კულტურული ქვეყანა, (ისტორიით, ლიტერატურით და ა.შ.) თუმცა ცივილიზირებულობის მხრივ ეს ქვეყანა გაცილებით წინ არის, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება მეზრაპრეობას და თავისუფლებას, ზღაპარი მხოლოდ ზედაპირულადაა თავისუფალი, შინაგანად ის ფატალურია.
– ამ ბოლო დროს ლექსების წერა დაიწყე.. უკვე შეგიძლია საკუთარ თავს პოეტი უწოდო?
– არა, რა თქმა უნდა საერთოდ არ ვთვლი ჩემ თავს პოეტად და ჩემი ეს რამდენიმე ლექსიც ჩვეულებრივი პროზაა, უბრალოდ განვითარება და ამბებია ამოყრილი და მხოლოდ განცდები და გარკვეული მოვლენებისადმი ჩემი დამოკიდებულებები არის გადმოცემული.
– “საქართველოში კრიტიკოსები არ არსებობენ. თანამედროვე კრიტიკული წერილი უფრო სარეკლამო განცხადებაა, ვიდრე სამეცნიერო კვლევა”. სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო და ცოტა თემის განვრცობაც გთხოვო.
– ლიტერატურული კრიტიკა არ ნიშნავს ნაწარმოების ქებას ან ძაგებას. ის უფრო ერთი ავტორის ტექსტით შთაგონებული, მეორე ავტორის მიერ დაწერილი ტექსტია, ავტორების უმეტესობას ურჩევნია საკუთარი თავის სადღეგრძელოსებური ქება წაიკითხოს კრიტიკულ წერილში, ვიდრე საფუძვლიანი ანალიზი, არ დავმალავ მეც ასე ვარ, რადგან დღეს რეკლამა უფრო მესაჭიროება, ვიდრე ჩემი ტექსტების მეცნიერული ანალიზი.
– “მე არ ვწერ ცხოვრებისეულ პროზას. აქედან გამომდინარე არც ცხოვრება მწერს საკუთარი ფავორიტების სიაში. მე ვწერ სხეულზე და სულზე”… გეთანხმები, რთულია. მანერულობას და სქემატურობასაც სწორედ ამის გამო გწამებენ?
– ჩემი დაკვირვებით ადამინები უმეტესობა ზუსტადაც რომ მანერული და სქემატურია, რაც შეეხება ჩემი ტექსტების ძირითად თემას, ეს არის ისეთი შეკითხვების დასმა, რომელზეც ერთმნიშვნელოვან პასუხს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გავიგებ. მკითხველების უმრავლესობას კი ეს აღიზიანებს. Aაი, როგორი გარიყული და სულით ფაქიზი ადამიანი ვარ.
-“დიდი ლიტერატურა ყოველთვის ადამიანურია და ადამიანზეა”, ამიტომაც მიგაჩნია ბოლო დიდ რომანად უელბეკის ” ელემენტარული ნაწილაკები”. შეგიძლია სხვა დიდი რომანებიც გაიხსენო?
– ამჟამად ორი რომანი მახსენდება, მიგელ დე უნამუნოს “ბურუსი” და ოთარ ჭილაძის “აველუმი” ეს უკანასკნელი ჯერ წესიერადაც კი არ არის წაკითხული, გააზრებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
– “მაღალმხატვრული ნაწარმოები მხოლოდ სწორად შერჩეული და მართებულად დალაგებული სიტყვების ერთობლიობაა და არა საინტერესო ამბავი…” ყველა მწერალი თავისებურად ალაგებს ამ სიტყვებს, ანუ სტილი განსაზღვრავს მწერალს და ლიტერატურას. შენეულ სტილზე რა შეგიძლია თავად გვითხრა?
– ადრე ენიდან გამოდინარე ვქმნიდი ამბავს, ახლა პირიქითაა, თემა მკარნახობს ენობრივ პოზიციას.
– ბოლო რომანში “ახალ წიგნში” მომეჩვენა რომ ენის გამარტივებასთან გვაქვს საქმე. ნაივური მიმართულება ძალიან საინტერესოა. Aარსებობენ ძალიან საინტერესო ცალკეული ავტორები, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვერც მხატვრობაში და ვერც ლიტერატურაში ნაივმა თავისი სკოლა ვერ შექმნა..
– პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ მხატვრობა ჩემი ინტერესების სფეროში არ შედის, საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს ერთნაირად უყვარს მხატვრობა, ბალეტი, ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა და ჯაზი. Aასეთი ადამიანებისთვის ჯაზი ხომ ჟანგბადია და არა მუსიკალური ჟანრი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ ვიმსჯელებთ ლოკალურად, ერთადერთი ლიტერატურული სკოლა სიმბოლიზმია, თუმცა “ცისფერყანწელებიც” არ მიმაჩნია კლასიკურ ლიტერატურულ სკოლად, შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ მე სულ სხვანაირი პოეზია მიყვარს და მათ სათანადოდ არ ვაფასებ… სიმართლე რომ ვთქვა ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ვაკეთებ კონკრეტულად მე ლიტერატურაში და სკოლები საერთოდ არ მაინტერესებს.
-სკოლები და მიმდინარეობები ალბათ უფრო ხელოვნებათმცოდნეებისთვისაა საინტერესო და მეეჭვება, მწერალი ამაზე ფიქრობდეს. რაც შეეხება ენას, ახალ რომანში, რომელიც რამდენადაც ვიცი მალე გამოვა, თემასთან ერთად ენობრივი პოზიციაც იცვლება?
– მე ერთხელ უკვე რადიკალურად შევცვალე ენობრივი პოზიცია, მაშინ ალბათ 24-25 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ სტილიზაციებისთვის თავი უნდა დამენებებინა და მეწერა სხვანაირად. ლიტერატურული ენა ძალიან ფართო მოვლენაა და საერთოდ არ არის აუცილებელი მწერალმა მაინცდამაინც სამეტყველო, ყოფით ენასთან მიახლოვებულად წეროს ან პირიქით ამაღლებული სტილით. Eეს ორივე ლიტერატურული ენის ნაწილებია, აქვე შეიძლება ვახსენოთ დიალექტი, ჟარგონი, ბარბარიზმები, უცენზურო სიტყვები, და ა.შ. ერთობლიობაში ქმნის სალიტერატურო ენას. რაც შეეხება ჩემ ახალ რომანს, ამ შემთხვევაში ენობრივი პოზიცია მრავალნაირია, რადგან რომანის პირველი ნაწილის მთხრობელი ქალია, მეორე ნაწილი მამაკაცის წერილია, ხოლო მესამე ნაწილი ე.წ. ავტორისეული თხრობით არის დაწერილი. ასე რომ, ეს წიგნი ენობრივად არაერთგვაროვანია, თუმცა ამავე დროს ჩემი დაწერილია და სამივე ნაწილს ეს აერთიანებს.
– „ქართველმა მკითხველმა არ მიიღო დეტექტივი და სენტიმენტალურმა რომანი“. შენი აზრით, დღეს რა სურს ქართველ მკითხველს? და საჭიროა ავტორმა ამ დაკვეთას უპასუხოს?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ქართველი მკითხველი უფრო ფანტასტიკის სფეროა, ვიდრე რეალობა, რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, მაგრამ მკითხველი, როგორც სოციალური ჯგუფი ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს, ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ლიტერატურის აღქმის სახელმწიფო დონეზე დადგენილი სტანდარტები არსებობდა, ახლა წარმოვიდგინოთ მოზარდი, რომელსაც ასაკის შესაბამისი პრობლემები აწუხებს, ხოლო მას სკოლაში ასაკიდან გამომდინარე მისთვის გაუგებარ პატრიოტულ ლირიკას ასწავლიან, აქედან იწყება ლიტერატურის შეძულება… რაც შეეხება ავტორებს, მათ ისე უნდა წერონ, როგორც ეწერებათ და საუკეთესოდ მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვწერ.
– ვიცი, რომ “ინტერვიუში გულწრფელობა შეუძლებელია” მაგრამ მაინც “ვისთვის წერ?”
– ამ შეკითხვაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი. საერთოდ ყოველთვის მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ამ კითხვაზე წარბშეუხრელად ცემენ პასუხს.
– წარმოიდგინე, რომ უკანასკნელი მწერალი ხარ, ლიტერატურა შენთვის რელიგიაა….. შემდეგ?
– უკანასკნელი მწერალი არ არსებობს და ლიტერატურის არსებობის აზრიც ეს არის.© Weekend
-
საუბრები ლიტერატურაზე – ოტია იოსელიანი
ანგელოზის ნაკვალევზე
– ბატონო ოტია, რამდენიმე დღეში 80 წლის გახდებით. ბევრი წიგნი დაგიწერიათ. ახლაც წერთ?..
– ატეხილია ამ იუბილეზე ერთი ამბავი… მე ვთქვი: რა იუბილე? ქვეყანა იქცევა და შენ იუბილეს იხდი? ზეიმი და იუბილე კარგია მაშინ, კარგ ხასიათზე რომ ხარ და აწყობილი რომ გაქვს ყველაფერი. და ახლა? რა ზნეობით?.. წერით ვწერ. და როცა ვწერ, ამ დროს საერთოდ ვიმალები, ვიკარგები. ვერსად მნახავ… ჩემთან ასეა. მე ჯერ უნდა ვიმუშაო ფიზიკურად და მერე უნდა ვწერო. დილას ადრე სამუშაოდ მშიერი გავდივარ. ამ დროს არც ვეწევი. ორი საათი მაინც შეუსვენებლად ვმუშაობ და მერე დაღლილზე მარტო ერთ ჭიქა ჩაის ვსვამ. საჭმელი არა! მშიერი მონები აშენებდნენ ქვეყანას. ერთ ჭიქა კარგ ჩაის ვსვამ თაფლით. შაქარი აქ ჩემთან არ შემოვა.. ჩაის ვსვამ და მერე უკვე ვიკარგები. 4 საათამდე ვწერ. ვწერ.. დღევანდელ საქმეს ხვალ არ გადავდებ, იმიტომ რომ იმას უკვე ხვალის საქმე ხვდება და მერე ორივეს გააკეთებ?
ცხრატომეული გამოვიდა და ახლა მეათე ტომია გასაკეთებელი. ამის გარდა კიდევ ერთი ტომი შედგებოდა იმით, რაც დარჩენილია, ტომებში არ შესულა, მაგრამ ხალხშია… ვწერ, ვმუშაობ, მაგრამ ცოტა მეშინია ამ ოპერაციის მერე. ეს ყველაფერი მოქმედებს გონებაზე და ვფიქრობ, არის კი ჩემი გონება სრულყოფილი? გონებას ერთი მეასედიც რომ დააკლდეს, უკვე საფრთხილოა. იქნებ სწორედ ისაა განსხვავებული..
– მოთხრობაში “ჩემი ასავალ დასავალი” წერთ როგორ დაიწყო ყველაფერი..
– თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა… სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა. უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა? და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.. პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ.. აბა ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა… იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს? ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან. მაყვალა მეკითხება: “შვილო ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება” და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა… მოკლედ ვერაფერი გაარკვიეს. ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა. მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან. მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო.. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა. იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო. ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია.
– პირველი წიგნის გამოსვლა როგორ მოხდა?
– კომუნისტებს ეშმაკი მიუდგა, მთელი ცხოვრება მაგათ ვებრძოდი, მაგრამ რაღაც წესრიგი მაინც იყო. თავიდან ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. მართალია, დიდი გამოცემლობა იყო და გამომცემლობაში მწერლები ისხდნენ.. მაგრამ წიგნი რომ გამოსულიყო ის სხვა, სამი ცნობილი მწერლისთვის უნდა მიგეცა, მათ უნდა წაეკითხათ და რეცენზიები დაეწერათ. ორი რეცენზია მაინც უნდა ყოფილიყო დადებითი, თორემ ის წიგნი არ გამოვიდოდა. რეცენზიების სანდოობაში ეჭვი არავის შეჰქონდა. ჭეშმარიტი მწერალი თუა, არც იკადრებს ხომ სხვანაირად… გარდა ამისა, ახალგაზრდა მწერლების წიგნები განსაკუთრებით იაფი ღირდა. მახსოვს რეზო მიშველაძე ამბობდა, 18 კაპიკი ღირდა ჩემი წიგნი და 24 გვერდიანი რვეული 20 კაპიკიო. მაგრამ, სანაცვლოდ, ტირაჟი დიდი იყო და 1500 დან 4000-მდე ჰონორარი. ახლა აღარაფერი აღარ არსებობს და წიგნებიც იოლად, ხელწამოკვრით იბეჭდება. არადა, ასე არ შეიძლება. დააბრალებენ მწერლობას ვინმეს, იმასაც ჰგონია, რომ რადგან წიგნი გამოსცა, მწერალია და მერე მთელი ცხოვრება იხარჯება, წვალობს, იტანჯება. შეიძლება საბოლოოდ არაფერი გამოუვიდეს და ამ დროს მთელი ცხოვრება შეწიროს საქმეს, რომელიც მისი არ არის…
– ფიქრობთ, რომ ნიჭიერი ადამიანი არც ერთ ეპოქაში არ დაიკარგება? თუ არც ასე იოლადაა საქმე?
– ყოველ შემთხვევაში, თავიდან რომ მოდის ახალგაზრდა, უნდა დაინახო და აღმოაჩინო. თანაც, მარტო ნაკითხობაც არ შველის ამას ალბათ. ხელოვნება, ლიტერატურა მათემატიკა კი არ არის, რომ ჯამი მიიღო და თქვა, ყველაფერი რიგზეა. შორს რომ არ წავიდეთ და აგერ, ჩვენს წარსულში რომ გავიხედოთ და გავიხსენოთ: გრიგოლ ორბელიანი, ასეთი დიდი პოეტი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, მანანა ორბელიანის სალონი, ჭავჭავაძის ქალები, პლატონ იოსელიანი, ძალიან კარგი ფილოსოფოსი და მთელი მაშინდელი ინტელიგენცია. აქვე, მათ თვალწინ კითხულობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ლექსებს და ამ დროს არც ერთმა არ იცოდა ვინ იყო და რამხელა პოეტი იყო ბარათაშვილი. ჭავჭავაძის ქალს რომ არ შეენახა ის ლექსები და არ მიეტანა ილიასათვის, ბარათაშვილი და მისი პოეზია ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული იყო…
– რას ურჩევდა ოტია იოსელიანი ახალგაზრდა, დამწყებ მწერლებს?
– ჯერ ერთი, წიგნის სათაურშივე უნდა ჩანდეს რაზე გვიამბობს წიგნი, რა გინდა. “ანა კარენინა”, კი ბატონო, ესე იგი ქალზეა, “ომი და მშვიდობა”, ესე იგი, ომზე და მშვიდობაზეა. რომ ვიწყებ კითხვას, უკვე უნდა ვხვდებოდე, რა თვალსაზრისით ვიკითხო. ან მაგალითად ესეცაა, რომ რაღაც დაუსრულებელი აზრი გამოაქვთ სათაურად. მაგალითად, “და მე შევხვდი.. “ ვის შეხვდი? პეტრეს?
სტილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაზე კარგია ზღაპრის სტილი. მაგალითად, “იყო ბაჩო და მანო. მაგრამ არსად არ იყო დაჩი. დაჩის გული მოუვიდა რატომ მე არ ვარო და გაჩნდა”. ეს ზღაპარია და გასაგებია, რომ საბავშვო მოთხრობა სხვანაირად იწერება, ნოველა სხვაა და რომანი სხვა, მაგრამ თუნდაც ლევ ტოლსტოი რომ გავიხსენოთ, ის თარგმანში არ აგებს. არ იკარგება ისე უბრალოდ წერს. მაგალითად: “კავკასიაში მსახურობდა ვინმე ჟილინი. ერთხელ მან დედისგან წერილი მიიღო. შვილო, მე დავბერდი, ჩამოდი, დამასაფლავე, შენთვის ქალი შევარჩიე, თუ გინდა შეირთე. მივიდა ჟილინი, აიღო შვებულება, შეჯდა ცხენზე და წავიდა”. რა უნდა დაკარგო აქ? ისეთი სადა და მარტივია, არც ენაა ნაწვალები. ეს საკითხავადაა იოლი, მაგრამ საწერად ძნელია… ახლა მაგალითად, რობაქიძე გერმანულად რას წერდა არ ვიცი. გერმანელები ტყუილად არ იტყოდნენ, ახალი ენის ფუძემდებელიაო, მაგრამ “გველის პერანგი” მე ვერაფრით წავიკითხე. ბრახა-ბრუხია, ალიაქოთია…
– სტილის თვალსაზრისით მანერულია გამსახურდიაც..
– მთელი ღამე უხმობდა მამალი ხოხობი დედალს… გათენდა… თქვა მერე კოწიამ, ამით ხიდი გავდეო ევროპულ პროზასა და აღმოსავლურ პოეზიას შორისო, მაგრამ რა ხიდი უნდოდა… ვის რაში ჭირდებოდა? საერთოდ, ლიტერატურა ეს სახეებით აზროვნებაა. ნაწარმოები არის სახე. ეს არ უნდა დაავიწყდეთ, ისე უნდა წერო, რომ არც არავის ჰგავდეს და თან სულ გახსოვდეს ვინ არიან შენი გმირები. ის პიროვნებები, რომ ისინი ჩემთვის, მკითხველისთვისაც ახლობლები გახადო და მეც იმათი ბედით ვწუხდე.. სათქმელიც შენებურად უნდა თქვა, შენი ფრაზით, შენი ენით, თორემ წავიკითხავ აგერ მსოფლიო ლიტერატურას. “ვეფხისტყაოსანიც” ამ თვალსაზრისით უნდა იკითხო. აზრი ნათლად მოაქვს. ასე, ყველა ქვეყანაშია რუსთაველამდეც ნათქვამი, რომ გლახა სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია, მაგრამ რუსთაველი როგორ ამბობს? “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”. ესაა მწერლის ოსტატობა.
– თანამედროვე ქართულ ენაზე რას იტყვით. ძალიანაა დაბინძურებული?
– ხალხია ენის პატრონი. ენა ჩვენი მდიდარია, მაგრამ საქმე იმაშია, თუ იცი ენა. ახლა ისეთებს გაიგონებ… მაგალითად, “მიიღო ზომები” რისი ზომები მიიღო? ჩოხა-ახალუხის? კაბის? ეს რუსულიდანაა. ქართულად არის “დასაჯა”. ან კიდევ “უბრალოდ” რა ნიშნავს უბრალოდ? გელაპარაკებით ბრალიანად. უბრალო შეიძლება თქვა ამაზე, რომ ეს უბრალო, ფარატინა ქაღალდია. სულ ბწკარედებია. გადმოტანილია ასე უკითხავად და არაფრის მაქნისია.. ძალიან დამახინჯებული ენაა და ვერც ვაცნობიერებთ ამ დროს. ამიტომ უნდა ვიკითხოთ ბევრი. რადგან კარგ მწერალთან ამას ვერ ნახავ… რუსულმა დაგვიმახინჯა ენა, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ბრალი იყო. ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ. წიკლაურმა თქვა ამასწინათ, პუშკინის ძეგლი დაანგრიეთო, რუსეთი ჩვენი მტერიაო. ასე, მუდამ ჩვენი მტერი იყო სპარსეთი, მაგრამ ფირდოუსი იყო ჩვენი მტერი? ხაიამი იყო მტერი, საადი თუ ჰაფეზი, ჯამი თუ რუმი? ამათ ადრეც ვთარგმნდით და სულ ზეპირად ვიცოდით. ხაიამმა უკეთ უმღერა ღვინოს და ქალს. ასეა, მოვლენ პოლიტიკაში და ჩერჩეტობენ რაღაცას.
– როგორ უნდა გახდე კარგი მკითხველი? ისევე, როგორც მწერლობამდე ალბათ აქამდეც გზაა გასავლელი..
– იტყვიან, წიგნი რომ არ წავიკითხო, ისე არ დამეძინებაო. წიგნი რა, ლუმინალი კი არ არის… თუ წიგნი ვარგა, რა გაძინებს და თუ არ ვარგა, რა გაკითხებს.
ნაკითხი თუ არ ხარ, ვერ გაიგებ ისე ლიტერატურას. მახსოვს, “ომი და მშვიდობა” რომ გამოვიდა, 18 წლის ვიყავი. სულ მესმოდა ტოლსტოი, ტოლსტოი და დავიწყე კითხვა.. ვერაფერი გავიგე, მეთქი რას ბჟუტურობს ეს კაცი თქო, მაგრამ იმის ბრალი კი არ იყო, ჩემი ბრალი იყო ეს. დავანებე თავი… და მერე მოსკოვში ვარ, უმაღლეს კურსებზე. ასეთი კურსები არსებობდა მწერლებისთვის. მთელი კავშირიდან ჩამოდიოდნენ. 38 კაცი იყო კურსზე. შოთა ნიშნიანიძე იყო მეორე კურსზე, მე ვიყავი პირველზე. და ასეთი ლექციები გვქონდა: პუშკინის, ფლობერის, ტოლსტოის ოსტატობა. რომელიც გინდოდა, იმას აირჩევდი. მე, როგორც პროზაიკოსი მაინც ტოლსტოის მივეტენტრე. მატილიოვას ქალი იყო. ის მიკითხავდა. ზეპირად სხლავდა ტოლსტოის. მე არ ვიცოდი ენა, თორემ… ტოლსტოის 90 ტომია გამოსული.. მე უკვე 2 წიგნის ავტორი ვარ, კიდევ მაქვს დასაბეჭდი… ამას ვისმენ ახლა.. და ვიცი უნდა ჩავაბარო, ისე ნიშანს ვინ დამიწერს. მეთქი, რაღაცას წავიკითხავ და გადავწყვიტე “ანა კარენინა” წამეკითხა. დავიწყე კითხვა. და ეს რა ყოფილა! სასწაულები იყო. ვტირი და ვტირი.. შოთა მეექვსე სართულზე იყო, მე ვიყავი მეშვიდეზე. მე ჩემს თავზე ვერ ვგუობ საერთოდ ვერავის. ჩემს ათ მცნებაშიც მიწერია “ჯიხვმა თქვა, ჩემს რქებს ზევით მარტო ღმერთი უნდა იყოსო”. მოკლედ, სულ ზემოთ ვარ და არ ვიცი ვის გავუზიარო. ვკითხულობ და ვყვირი კაცო. ისე გადის ადამიანში, როგორც რენტგენის სხივები. მოდი და ნუ იყვირებ. ლეკი პოეტი იყო ჩემს გვერდით და გამოვარდა რა გაყვირებსო…
საერთოდ, მკითხველობა ბედნიერებაა. ჰემინგუეიმ, ნობელის პრემიის ლაურეატი რომ იყო და უზარმაზარი შემოსავლები ჰქონდა, მაშინ თქვა: მთელ ჩემს შემოსავალზე უარს ვიტყობდი, “ანა კარენინა” და “ომი და მშვიდობა” რომ წაუკითხავი მქონდესო.
– ზუსტად ასე ამბობს?
– არა, სხვათა შორის, შემოსავლის ნახევარსო ასე ამბობს, მაგრამ მე მთლიანად ვურჩევდი.
– კარენინაში განსაკუთრებით რამ მოგხიბლათ?
– ტოლსტოიმ ქალი იცის ძალიან კარგად, რაც საერთოდ ძალიან იშვიათია. არადა ლიტერატურაში ქალი თუ არ არის, იქ აღარაფერია… თუნდაც, ქართული ლიტერატურა რომ გავიხსენოთ, გამსახურდიასთან როგორაა: შეიყვანა თამარი ემხვარმა გვირაბში… მეთქი, გაიხსნება ეს ქალი ძალაუნებურად ახლა თქო, მაგრამ კივა ეს ქალი, კივა მატარებელი და გავიდა მეორე თავში, არაფერი.. ვერ გახსნა კოწიამ ქალი. ნახეთ ახლა ამას ლევი როგორ აკეთებს. ანა მიდის სტივასთან. სტივა მის ცოლს, დოლის ეჩხუბება და ანა ამ უსიამოვნების მოსაგვარებლად მიდის. აი, შეხვდა ვრონსკის მატარებელში. ვრონსკის შეიძლება ადრეც იცნობდა და არაფერი განსაკუთრებული იმ ქალში არ მომხდარა. ჩავიდა, მოაწესრიგა რაღაცეები, უკან ბრუნდება და ისევ შეხვდა ვრონსკის. არ ჩანს რომ ამ ქალს რამე განსაკუთრებული დაენახა ამ კაცში, მაგრამ ჩამოდის მატარებლიდან. ხვდება ქმარი, კარენინი, ამხელა შვილი ყავს სერიოჟა და აღმოჩინა, რომ ამ ქმარს დიდი ყურები ჰქონია. ჯერ ანამაც არ იცის რა ხდება მასში, ჯერ გაცნობიერებიული არ აქვს, მაგრამ… მოდი და ნუ იყვირებ ახლა ამაზე.. თუ არ იცი კითხვა, იტყვი: დიდი ყურები, დიდი ამბავი, რამდენი ყოფილა დიდყურა და მორჩა, მაგრამ ამას ხომ უზარმაზარი დატვირთვა აქვს…. აი ამ დონეზე აქვს წაკითხული ტოლსტოის ადამიანი და განსაკუთრებით, ქალი.
– ქართულ ლიტერატურაში სამწუხაროდ, ქალზე და მის გრძნობებზე ნაკლებად წერდნენ.
– ქალი დარჩა ქართულში, როგორც გმირი და მორჩა. ჩვენ გვინდოდა ქალი დროშად და მივახატეთ კიდევაც. გვჭირდებოდა ასეთი სახე: წადით შვილებო, იბრძოლეთ, ზურგში არ მოგხვდეთ ტყვია და დაიხოცეთ სამშობლოსათვის.. იყვნენ კიდევაც ასეთი ქალები. მაშინ კომისარიატები არ იყო და მეფე ქუდზე კაციო, რომ იძახდა, მიდიოდნენ. აბა, დედას რომ დაემალა კალთის ქვეშ, არც წავიდოდნენ. გმირი გვჭირდებოდა, კი ბატონო, მაგრამ თვითონ ქალი? გმირები დაემსგავსნენ ერთმანეთს, მაგრამ ქალი ხომ ინდივიდია…
– მიხეილ ჯავახიშვილმა სცადა ამ სიცარიელის ამოვსება.
– ჯავახიშვილმა სცადა “ჯაყოს ხიზნებში”, მაგრამ არ დააცადეს. მას შეეძლო ქალი დაენახა. ჯავახიშვილი კითხულობს ქალს, მაგრამ მისი მიზანი ამ რომანში არ იყო ქალის გახსნა. ის უფრო სოციალურ თემებს ეხება. თუმცა “ჯაყოს ხიზნებში” ძალიან კარგად ჩანს ქალის ხასიათი და ბუნება. იგივე ფრანგული რომანები რომ გავიხსენოთ. თუნდაც “მადამ ბოვარი” “წითელი და შავი”, “პარმის სავანე” რა ქალებია იქ… ჩვენ კი საბოლოო ჯამში, დაგვრჩა ქალი ასე წაუკითხავი, არადა, არც ერთი დიდი ნაწარმოები არ შექმნილა, სადაც ქალი არ არის გადამწყვეტი გმირი.
– თქვენს შემოქმედებაში წამყვანია ქალის სახე. “იყო ერთი ქალი”, “ქვრივის ცრემლები”, “ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ”…
– “ქვრივის ცრემლები” დიდხანს არ დაიბეჭდა, ვითომ პორნოგრაფიააო და ამ მიზეზით. არადა, რა არის იქ პორნოგრაფია?! და ასე გადადიოდა ხელნაწერებით “ქვრივის ცრემლები” ხელიდან ხელში. მახსოვს, მიშა ქვლივიძე შემხვდა მოსკოვში და იქ მიყვება ქვრივის ცრემლებს. საიდან იცი, არსად არ დაბეჭდილა თქო? და ვიღაც მომიყვა ვარშავაშიო. მერე “ქვრივის ცრემლები” წიგნში დაბეჭდილ ნაწარმოებებს შორის შევაპარე. იმათ აღარ გადახედეს, დაბეჭდილებია უკვეო, ჩვენ ხომ ზერელეები ვართ და ასე წავიდა და დაიბეჭდა.
– ამბობდნენ, რომ თითქოს ქვრივს პროტოტიპი ჰყავდა. საერთოდ, გყავთ პროტორიპები?
– არა. ასე დამზადებული პროტოტიპები ცხოვრებაში არ არსებობს. ლიტერატურული სახე საერთოდ კრებითია. შენ რა სათქმელიც გაქვს, არ შეიძლება მას ერთი სახე ატარებდეს. შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდეს, მაგალითად, “ვარსკვლავთცვენაში” მყავს ეზიკა და მერე მივხვდი ეზიკა თურმე ბაბუაჩემი გრიგოლი ყოფილა. ეს თავისთავად გადმოდის შენში, შენს სამყაროში და მერე როცა დაგჭირდება, ამოტივტივდება. ყველაფერი ცხოვრებიდანაა, რა თქმა უნდა, ციდან ხომ არ არ ჩამოდის… ანგელოზი ფუცუი, მაგალითად. 7 შვილი ყავდა. ისეთი გაჭირვებულები იყვნენ… ერთი ნალიის ქვეშ 5 ბავშვს ერთ საბანქვეშ ეძინა. დომნას, მის ცოლს, ტყემალი ჩამოჰქონდა და ჰოსპიტალში დაჭრილებს პურში უცვლიდა. ეს ბავშვები იყვნენ მთელი დღეები მშივრები, უცდიდნენ როდის მოვიდოდა დედა. ის არ მოდიოდა და ერთი ადიოდა ხეზე, რომ დაენახათ გზაზე მომავალი. დიაა, – ეძახდა საწყალი ხმით. ბოლოს და ბოლოს, მოვიდოდა დია და მოიტანდა პურის ნატეხებს. იმათ ჩვენ გადაგვარჩინეს. ფუცუი ჩვენი ანგელოზი იყო. რატომ იცით? ჩვენც გაჭირვებულები ვიყავით, მაგრამ იმას რომ ვეხდავდით, ჩვენი გაჭირვება არაფრად მიგვაჩნდა. უარესიც არსებობსო, ეს გვაძლებინებდა. ასანთი რომ არ ჰქონდა, ფუცუი მუგუზალზე მოდიოდა ხოლმე. ერთხელ მოვიდა ახლადდათოვლილზე, ფეხშველი, მუგუზლისთვის და თოვლზე ნაკვალევი დაუტოვებია. მის მერე შემოვიდა ეზოში მეზობელი ჭიჭიკო და რაღაცას გაკვირვებული დაეძებს. რას ეძებ თქო, ვკითხეთ და ნაკვალევზე გევუბნება, აქ ანგელოზს გაუვლიაო. ანგელოზი კი არა, ფუცუი იყო ეგ თქო. ფუცუი იყო ჩვენი ანგელოზი.
– “ვარსკვლავთცვენაში” ბევრია ასეთი გმირი. პირველი აღიარებაც ამ რომანმა მოგიტანათ.
– იოანე პავლე მეორეს გამომცემლობაშიც კი დაიბეჭდა “ვარსკვლავთცვენა”… არადა, იქ მხოლოდ სასულიერო ლიტერატურა იბეჭდებოდა. სენტ ეკზიუპერს უთქვამს, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. მე ჩემი ბავშვობიდან არ მოვდივარ, იმიტომ რომ ბავშვობა არ მქონდა..
– და მაინც აქ დარჩით. არსად არ წახვედით.
– ანგელოზის ნაკვალევს პარიზში ვერ დაინახავ. ის მარტო აქ არის…
– წარმატებული დრამატურგი იყავით. როგორ ფიქრობთ რატომ არ განვითარდა ქართული დრამატურგია?
– მეცხრე ტომში 13 პიესაა. “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” და “სანამ ურემი გადაბრუნდება” 140-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე დაიდგა. მერე აირია ყველაფერი. არც დრამატურგია და არც კინო არ განვითარდა, თორემ რა უნდა ოთარ იოსელიანს საფრანგეთში?
-ვიცი, რომ ოთარ იოსელიანთან დიდი მეგობრობა გაკავშირებთ. “გიორგობისთვე” გვიშტიბშია გადაღებული?
– “გიორგობისთვე” ოთარმა გვიშტიბში გადაიღო. მისი ფილმი “იყო შაშვი მგალობელი” რენე კლერს შემთხვევით უნახავს და უთქვამს, ვინ გადაიღო მანახეთ ეს კაციო. უთხრეს, ვიღაც რუსეთის პროვინციიდანააო, საერთოდ გადარეულა, იქ როგორო? სასწრაფოდ დააფინანსა საკუთარი ფულით და საფრანგეთში მიიწვია… ასეა, თუ არ ჩადე ცარიელი დაგრჩება და თუ ჩადე, შენია უკვე ის.
– გამოდის, რომ რას უნდა მივხედოთ, არ ვიცით… მთავარი რა არის ის არ ვიცით და გვესმის..
– ჩვენ ხომ უვიცები ვართ. მაღაზიაში შევედი ამას წინათ. ვხედავ პორტრეტი არის ვიღაცის. ფერადი.. ისეთი, ვერ მოწყვიტავ თვალს. ბელადები ჩამოვყარეთ და ვინაა ეს თქო? ბელადი არაა მაგი, ფეხბურთელიაო. მე ვუთხარი ფეხბურთი ჩვენ არ გვაქვს და ფეხბურთელი საიდან თქო? მაგი სხვაგანააო. რა, ჩემი შვილი სხვაგანაა და შენ აქ დაკიდე? საქონელივით გაყიდულა ეს და იმის ტვინი მაინც გქონდეს, რომ გაუკეთე წითელი ხაზი ასე. ამას კიდევ ბელადივით დაუკიდებია… რომ მიდიხარ და მოგწონს, კარგი ქვეყანააო. თუ არის კარგი, ის მისი აშენებულია, შენი კი არა. წავლენ და მერე იქიდან იყურებიან, ჰე, რა ქენით, ააშენეთ ქვეყანაო? რომ ჩამოვიდე და პური ვჭამოთო? კი მაგრამ მე ეგ შენიანად ვერ ვქენი და უშენოდ როგორ ვქნა?.. მაგრამ ტვინი არ გვაქვს, წიგნში არ ვიხედებით. შუბლზე აბრეშუმის ძაფის ტოლა ძარღვია ნაკითხობის და ეს ძარღვი 15-17 წლისას თუ არ გაქვს უკვე, დამთავრებულია შენი საქმე. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც კაცობრიობას უაზროვნია, მოქცეულია წიგნში. წაიკითხავ და ყველაფერი ნათელი გახდება. ლიტერატურას, ხელოვნებას უნდა მივხედოთ. ეგ არის მთავარი. ამით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. მარტო ხელოვნებას შეუძლია ადამიანის ადამიანად ქცევა.© Weekend
-
ნიკოლო ამანიტი, ლუიზა ბრანკაჩო – გასეირნება
-
ჩარლზ სიმიჩი – ღამის სამი საათის ფილოსოფია
-
მაიკლ კანინგემი: ადამიანთა სულებს სქესი არა აქვთ
სალომე ასათიანიგასულ კვირაში პრაღას – და რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას – ესტუმრა ამერიკელი მწერალი მაიკლ კანინგემი, რომელსაც მისი თაობის მწერლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ. საერთაშორისო აღიარება კანინგემმა ათიოდე წლის წინ მოიპოვა – 1999 წელს მისი რომანი, “საათები”, პულიცერის და სხვა პრემიებით დაჯილდოვდა; 2003 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს – რომელშიც სამი მთავარი პერსონაჟი ქალის როლებს ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი და ჯულიან მური ასრულებენ – „ოსკარი“ და კინოკრიტიკოსთა აღიარება ერგო. კანინგემის ამ ემოციურად დამუხტულ და სტილისტურად გაბედულ რომანს უწყვეტ ხაზად გასდევს მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის ბიოგრაფია და შემოქმედება. ინგლისელი მწერალი ქალი თავად არის “საათების” ერთ-ერთი გმირი; ამავე დროს, მისი ცხოვრება და მის მიერ შექმნილი პერსონაჟები უცნაურად ერწყმიან და ეხმიანებიან რომანის სხვა გმირების ბედს, გამოცდილებას თუ ემოციებს. “საათების” შემდეგ მაიკლ კანინგემმა კიდევ რამდენიმე საინტერესო და წარმატებული რომანი გამოსცა. ამერიკელ მწერალს მისი შემოქმედების შესახებ სალომე ასათიანი ესაუბრა.სალომე ასათიანი: თავდაპირველად, თქვენს ბოლო რომანზე მინდა გკითხოთ. მას “დაღამებისას” ჰქვია და კლასიკურ ფაბულაზეა აგებული – თხრობა იწყება ერთგვარი ჰარმონიით, ეკვილიბრიუმით, რომელსაც იდუმალი უცნობის მოულოდნელი გამოჩენა არღვევს. (რომანის პერსონაჟები, ცოლ-ქმარი რებეკა და პიტერი, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და კულტურის სფეროში მუშაობენ. მათ მშვიდ და თვითკმარ ყოფას რებეკას ახალგაზრდა ძმის მოულოდნელი სტუმრობა არღვევს).
მაიკლ კანინგემი: დიახ, ასეა.
სალომე ასათიანი: ამგვარ ფაბულაზე დაფუძნებული ბევრი ტექსტის გახსენება შეიძლება – თუნდაც შექსპირის, ან მარკ ტვენის ნაწარმოებების. პირადად მე თქვენი რომანის კითხვისას ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი ფილმი, პიერ-პაოლო პაზოლინის “თეორემა”.
მაიკლ კანინგემი: ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ყოველთვის თავიდან ვნახულობ. ბოლოს მიღებს ხოლმე, ყოველ ჯერზე.
სალომე ასათიანი: ძალიან მიხარია ამის მოსმენა – ესე იგი, ჩემი ასოციაცია სწორი იყო. და მაინც, რატომ გამოიყენეთ ეს ფაბულა?
მაიკლ კანინგემი: ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურაში სულ ორი ფაბულა არსებობს – ვიღაც სამოგზაუროდ მიდის, ან სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის. ყველა ამბავი, ყველა ნაწარმოები ამ ორიდან რომელიმე ფაბულას ეყრდნობა და მას განავრცობს. სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩემი წინა რომანები ძალიან გაბედული იყო – სხვადასხვა პერიოდს, ადგილს და პერსონაჟს მოიცავდა. ამჯერად კი მსურდა, გამომეცადა როგორ იწერება უფრო ტრადიციული რომანი. წინა რომანებს უფრო სიმფონიური გაქანების პრეტენზია ჰქონდათ – ეს კი, ვფიქრობ, უფრო სიმებიან კვარტეტს ჰგავს… და როგორც ადამიანს, რომელიც ბედნიერი იქნებოდა მუსიკის შექმნა რომ შეეძლოს, მინდა ლიტერატურაში მაინც ვწერო სიმფონიებიც და სიმებიანი კვარტეტის მუსიკაც.
სალომე ასათიანი: რომანის მნიშვნელოვანი ინტერტექსტია თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” – ამბავი ეროტიკულ ვნებაზე სილამაზის, ახალგაზრდობის, ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ეს იდუმალი უცხო წარმოადგენს – პირველ რიგში იმ ადამიანის თვალში, ვისაც ვნება უჩნდება. რატომ დაესესხეთ ამ ტექსტს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერილი ამბავი კვლავაც შოკისმომგვრელი, აკრძალვების დამრღვევი, ერთგვარად ტრანსგრესულია?
ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ოფიციალურად ის გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით კვლავაც საკმაოდ შოკისმომგვრელი და ტრანსგრესულია ამბავი, რომელიც კაცის მხრიდან უფრო ახალგაზრდა კაცის ვნებით შეპყრობილობაზე გვიყვება. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია, რომელიც კვლავაც არასწორ, [აკრძალულ] ვნებად აღიქმება. ხოლო ასეთი “არასწორი” ამბები ჩვენთვის ერთდროულად შემაძრწუნებელიც არის და მიმზიდველიც. განსაკუთრებით მაინტერესებდა დამეწერა ჰეტეროსექსუალი კაცის გამოცდილებაზე – რომელსაც ვნება არა იმდენად ამ კონკრეტული ბიჭის მიმართ უჩნდება, არამედ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ეს ბიჭი მის წარმოსახვაში წარმოადგენს.
სალომე ასათიანი: როგორც [თომას მანის მოთხრობის გმირ] აშენბახს.
მაიკლ კანინგემი: დიახ, როგორც აშენბახს. ჩემი რომანის ფინალს ახლა არ გავამხელ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ჩემს პერსონაჟს, პიტერს, აშენბახის მსგავსად პლიაჟის სკამზე არ ვკლავ. [თომას მანისგან] განსხვავებით, მე ჩემს გმირს ცოტა სხვა ბედი ვარგუნე.
სალომე ასათიანი: სექსუალობის – თუ გენდერული, სქესობრივი როლების – კომპლექსურობის თემა თქვენს რომანებში ბევრგან იჩენს თავს. “საათებში” ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია. თავისთავად ის ფაქტი, რომ კაცმა მწერალმა სამ ურთულეს ქალ-პერსონაჟზე ასეთი სიღრმით დაწერა, უკვე ძალიან უჩვეულოა. ამასთან, პერსონაჟების ურთიერთობა – კლარისასი და რიჩარდის, მაგალითად – მართლაც ძალიან დიდი სიღრმით, კომპლექსური სექსუალობით და შერეული, არაერთგვაროვანი ემოციებით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, ადამიანური სურვილების, ვნებების, ემოციების, სექსუალობის მთელი სპექტრის სრულად წარმოჩინება შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაში იქნება ეს თუ ლიტერატურაში?
მაიკლ კანინგემი: ვფიქრობ, ამის მიღწევა ლიტერატურაში უფრო შეიძლება, ვიდრე ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მწერლის ერთ-ერთი ამოცანაა სამყარო გაართულოს – ყოველთვის განაცხადოს, რომ მოვლენები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, მე ძალიან მაინტერესებს სექსუალობის კომპლექსური და უკიდურესად ინდივიდუალური ხასიათი. ჩემი აზრით, ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ, მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ის ოფიციალურად გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.
სალომე ასათიანი: ანუ თქვენ იზიარებთ ზოგიერთი თეორეტიკოსის მოსაზრებას – რომ იარლიყების მიკუთვნება, სურვილების დისკურსად გადაქცევა უწინარესად დახარისხების, კონტროლის დამყარების მეთოდია – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსუალობას ეხება?მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს არის დახარისხების, კონტროლის დამყარების, რეალობის არასწორი ასახვის და მისი გამარტივების მეთოდი. ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის უნდა ავჯანყდეთ, როცა კი ვინმე ცდილობს, რაღაც კატეგორიებში მოგვაქციოს, ან იარლიყები მოგვაკეროს. ჩემი აზრით, რომანების ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის – მათ უნდა შეგვახსენონ, რომ სინამდვილეში არც ერთი ჩვენგანი არც ერთ კატეგორიას არ ესადაგება. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მოგვაქციოს რაიმე ისეთ ჯგუფში, რომლის აღწერაც რამდენიმე სიტყვით იქნება შესაძლებელი.
სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ცდილობს საზოგადოება სექსუალობის გაკონტროლებას?
მაიკლ კანინგემი: იცით, ამ შეკითხვას საკუთარ თავსაც ვუსვამ ხოლმე. როცა ამერიკაში მემარჯვენე ძალები ასეთი მგზნებარებით გამოდიან ხოლმე ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინაააღმდეგ – მართლა არ მესმის, რა არის პრობლემა. ჩემთვის ეს ერთგვარ ამოუცნობ ამბად რჩება. ცხადია, მე მხოლოდ აშშ-ის ვითარებას ვიცნობ და ამაზე ვსაუბრობ – ვფიქრობ, იქ არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ. ჩვენ კვლავაც ძალიან გვეშინია არათეთრკანიანების და ქალების – თუმცა ამ შიშების, ამგვარი ქედმაღლობის ღიად გამოხატვა აღარ ითვლება მართებულ ნაბიჯად. აი გეებზე ამის თქმა კი კვლავაც შესაძლებელია. ამიტომაც, ისინიც კი, ვისაც შეიძლება გულში ამის არ სჯერა, საჯაროდ მაინც აცხადებენ, ქალებს და არათეთრკანიანებს თანასწორი უფლებები უნდა მიენიჭოთო. მაგრამ გეებს შეიძლება, ამგვარი უფლებები წაართვა – და ამას არაფერი მოჰყვეს. გეები ერთ-ერთი ბოლო უმცირესობაა, რომელიც კვლავაც შევიწროებას განიცდის, მაგრამ ეს აუცილებლად დამთავრდება. ბოლოს ყველა შევიწროება მთავრდება – თუმცა ზოგიერთს ამისათვის მეტი დრო სჭირდება ხოლმე.
სალომე ასათიანი: ისევ თქვენს ბოლო რომანს რომ დავუბრუნდეთ – მისი კიდევ ერთი მთავარი თემა ცხოვრების ჩვეულებრივობის, ორდინარულობის საკითხია. მთავარი გმირი – პიტერი – რომანის ბოლოსკენ ხვდება, რომ ახალგაზრდობის, თავისუფლების, სექსუალური თუ სოციალური ნონკონფორმიზმის მიმართ მისი ვნება დიდწილად ილუზორულია – რომანტიკული იდეაა, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობს. პიტერი თავის ჩვეულ, რუტინულ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მას უწინდელივით ტრივიალურად აღარ აღიქვამს. არის თუ არა ეს კვლავ ვირჯინია ვულფის მისამართით გაკეთებული ჟესტი? ვულფის, რომელიც უწინარესად სწორედ ერთი შეხედვით “ტრივიალურ” ცხოვრებას აღწერდა – განსაკუთრებით ქალების ყოფას – და აჩვენებდა, რომ ამ ვითომდა ორდინარულობის მიღმა ინდივიდების ძალა, გაბედულება და კომპლექსური ხასიათები იმალება?
მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ერთ-ერთი ასპექტი, რაც ასე ძალიან მიყვარს ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში, სწორედ ეს არის – მისი ჯიუტი განაცხადი, რომ ერთი შეხედვით “ორდინარული” ცხოვრება რეალურად ორდინარულის გარდა ყველაფერია ჩვენთვის – იმ ხალხისთვის, ვინც ამ ცხოვრებით უშუალოდ ცხოვრობს. ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება საოცარია და ეპიკურ მასშტაბებს აღწევს. ვულფმა – როგორც მანამდე ფლობერმა, ასევე ჯოისმა – სწორედ ეს თქვა. რომ არა, “ორდინარული ცხოვრება”, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ადამიანების ცხოვრების არასწორი და შეზღუდული აღქმა და აღწერა. ჩემი აზრით, ვულფი განსაკუთრებული გაბედულებით გამოირჩეოდა იმიტომ, რომ ამ ერთი შეხედვით ორდინარული ცხოვრების ისტორიების გარდა, ის ქალების ცხოვრებას აღწერდა.
სალომე ასათიანი: რაც მან საოცარი ოსტატობით შეძლო “მისის დალოვეიში”, რომელიც თქვენი ცნობილი რომანის, “საათების” ერთგვარ სარჩულს წარმოადგენს. ახლა კი უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც ალბათ უკვე ათასჯერ გაქვთ მოსმენილი. როგორ გაგიჩნდათ „საათების“ დაწერის სურვილი? და რატომ “მისის დალოვეი”?
მაიკლ კანინგემი: ეს ეტაპობრივად მოხდა. “მისის დალოვეი” ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე. და მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვერ წარმომედგინა, რომ ენით, თუ ენაში, ისეთი რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაც ვირჯინია ვულფმა ამ რომანში შეძლო. ვირჯინია ვულფი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს შეიძლებოდა, სტენდალი ყოფილიყო, ან ტოლსტოი – მაგრამ ვიღაცამ სწორედ ვულფის წიგნი ჩამიდო ხელში მაშინ, როცა 15 წლის ვიყავი. და ასე დაიწყო ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული.
“საათებს” რაც შეეხება – ის თავიდან “მისის დალოვეის” განახლებული ვერსია უნდა ყოფილიყო. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისის დალოვეი – ვულფის რომანის მთავარი გმირი – თუკი მას თანამედროვე ამერიკის კონტექსტში ჩავსვამდით. მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო.
სალომე ასათიანი: ანუ, სამის ნაცვლად თავიდან მხოლოდ ერთ ამბავს წერდით.
კინოფილმ “საათების” სარეკლამო პლაკატი.მაიკლ კანინგემი: დიახ, ერთ ამბავს. შემდეგ ამას მეორე დაემატა, თავად ვირჯინია ვულფზე – თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ ესეც არ იყო საკმარისი. წერის პროცესში მესამე ამბავიც გამოიკვეთა – ქალზე, რომელსაც ლორა ბრაუნი ჰქვია და რომელიც “მისის დალოვეის” კითხულობს. და აი ამ მომენტში უკვე დამაკმაყოფილა მონახაზმა – ვგრძნობდი, რომ ამ რომანის დაწერას შევძლებდი. წიგნში გაჩნდა ვირჯინია ვულფი – მწერალი; კლარისა დალოვეი – პერსონაჟი და ლორა ბრაუნი – მკითხველი. სრულყოფილი ტრიუმვირატი შედგა – და წერასაც შევუდექი.
სალომე ასათიანი: “საათების” ეკრანიზაციაზე რა აზრის ხართ?
მაიკლ კანინგემი: ფილმი ძალიან მომეწონა. ალბათ ძალიან ცოტა მწერალს შორის ვარ, რომლებიც თავიანთი რომანის ეკრანიზაციაზე პოზიტიურად საუბრობენ. მაგრამ, ჩემი აზრით, მართლა მშვენიერი ფილმი გადაიღეს.
სალომე ასათიანი: თუმცა, ამავდროულად თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ფილმის პერსონაჟები ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენს წარმოსახვაში არსებული გმირებისგან.
მაიკლ კანინგემი: რასაკვირველია. ეს შეუძლებელიც იქნებოდა – ვირჯინია ვულფის პერსონაჟზე წერისას ნიკოლ კიდმანი ნამდვილად არ მყავდა წარმოდგენილი. არც მერილ სტრიპზე ვფიქრობდი მაშინ, როცა კლარისა დალოვეიზე ვწერდი. მაგრამ შენს მიერ გამოგონილ პერსონაჟებად ამ მასშტაბის მსახიობების ხილვა მართლა საოცარი გრძნობაა. ამდენი წელი გავიდა და ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა.
სალომე ასათიანი: რომანის კითხვისას მის პერსონაჟებს ყველა წარმოვიდგენთ ხოლმე – და ამას ყველა სხვადასხვანაირად ვაკეთებთ.
მაიკლ კანინგემი: დიახ, ნამდვილად ასეა.
სალომე ასათიანი: მაგრამ, როცა ფილმი გამოდის ეკრანებზე – განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის, ჰოლივუდის ნაწარმი – ეს იერსახეები ყველასთვის ერთი, უცვლელი ხდება. თქვენს პერსონაჟებს ახლა ყველა ნიკოლ კიდმანის, მერილ სტრიპის და ჯულიან მურის მიერ განსახიერებულად წარმოიდგენს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ზღუდავს წიგნის აღქმის პროცესს?
მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ეკრანიზაციის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. კლარისა დალოვეის როლში მერილის ნახვის შემდეგ კლარისას შენს ვერსიას ვეღარ წარმოიდგენ. ამიტომაც, როცა რომელიმე ეკრანიზაციის ნახვას გადავწყვეტ, მანამდე ყოველთვის ვცდილობ რომანი წავიკითხო ხოლმე. ამას ყველას ვურჩევდი, თუ შესაძლებლობა გაქვთ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია – მერილ სტრიპის წარმოდგენაც არ არის ურიგო საქმე. [ბევრი რომანის პერსონაჟებს] ამაზე ბევრად უფრო ცუდი ბედი ერგო.
სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშზე ერთგვარი კომენტარის გაკეთება მისი უბრალოდ სხვა ეპოქაში გადატანით? “საათების” შედეგად “მისის დალოვეი” უფრო აქტუალური გახდა ჩვენს დროში?
მაიკლ კანინგემი: ის ნამდვილად უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ფილმ “საათების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ “მისის დალოვეი” ბესტსელერების სიაში მოხვდა, ხალხი მას გაგიჟებით ყიდულობდა. ამან უზარმაზარი კმაყოფილება მომგვარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემმა წიგნმა “მისის დალოვეის” ხელახალი გააზრების თვალსაზრისით ვერაფერი გააკეთა, მან ეს რომანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნამდვილად დააბრუნა. ეს კი, ჩემთვის “საათების” დაწერის ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი იყო.
სალომე ასათიანი: გენდერის და ქალი პერსონაჟების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში კომპლექსური ქალი-პერსონაჟები იშვიათობას წარმოადგენს. პროზა ყოველთვის კაცების პრეროგატივა იყო – უმეტესად სწორედ ისინი იყვნენ ავტორები და, როგორც ბევრი ფემინისტი აღნიშნავს, ამიტომ ქალებს ძალიან შეზღუდული, ერთგანზომილებიანი პერსონაჟები ერგოთ ისტორიულად – ქალწული ან მეძავი; ცოლი ან “femme fatale”. რასაკვირველია, არსებობს რომანები – “საათები” ერთ-ერთი ასეთია – რომლებიც ასეთ შეზღუდვებს არღვევს და ქალ-პერსონაჟებს მრავალგანზომილებიან, რთულ ინდივიდებად სახავს, ემოციური ცხოვრების მთელი კომპლექსურობით. მინდა გკითხოთ, წერის დროს – კონკრეტულად “საათებს” როცა წერდით – თუ ითვალისწინებდით ამ სირთულეს.
მაიკლ კანინგემი: დიახ. მე კაცი ვარ – და ყოველთვის, როცა შენი უშუალო გამოცდილების გარეთ გადიხარ, სარისკო ნაბიჯს დგამ. მაგრამ მე მომწონს ქალები. ეს შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს – თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრ კაც მწერალს, ვის რომანებსაც ვკითხულობ, ქალები დიდად არ მოსწონს და არ აინტერესებს. მე მომწონს ქალები და საოცრად მაინტერესებს ისინი. ამ რომანის ქალ პერსონაჟებზე როცა ვფიქრობდი და ვწერდი, კიდევ უფრო აშკარად დავინახე, რომ, მართალია, სქესებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, ფუნდამენტურ დონეზე სხვაობა მაინც არ არის დიდი.
სალომე ასათიანი: და რომანს ამის გამოხატვა შეუძლია?
ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ჩვენს სულებს სქესი არა აქვთ. რომანს კი შეუძლია ადამიანში ისეთ სიღრმეებს ჩაწვდეს, რომ სწორედ მისი სული დაგვანახოს.
სალომე ასათიანი: განსხვავებულ საკითხზე მინდა გკითხოთ – დღეს ბევრი საუბრობს შემოქმედებითობის, თუ დიდი იდეების კრიზისზე, რომელსაც ხშირად ხელოვნების კომერციალიზაციით ხსნიან – იმით, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს მდიდარი ადამიანები განაგებენ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი? იქნებ საქმე უფრო ზოგად მდგომარეობასთან გვაქვს, რომელშიც დღეს დასავლეთი იმყოფება. რატომ არის, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იწერებოდა უდიდესი მნიშვნელობის რომანები, იქმნებოდა ახალი კინოენა, ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობები – ახლა კი ყოველივე ეს ძალიან იშვიათი გახდა? ამ კითხვის პასუხად ბევრს ზოგადი ვითარება მოჰყავს – ერთგვარი პოსტ-პოსტმოდერნული მდგომარეობა, გაურკვეველი, ბუნდოვანი ეტაპი. პოსტმოდერნისტებმა ბევრი იქილიკეს მნიშვნელოვან იდეებზე, „გრანდ-ნარატივებზე“, კლასიკურ ტექსტებზე თუ განმანათლებლობის იდეალებზე – ახლა კი წინსვლისთვის, სიახლისთვის აღარც საშუალება დარჩა და აღარც ენა.
მაიკლ კანინგემი: ჩემი ვარაუდით, წარსულშიც ბევრი თაობა მიიჩნევდა, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და წინსვლისთვის საშუალება აღარ არსებობდა – მანამ, სანამ რომელიმე გასხივოსნებული გენიოსი გამოჩნდებოდა და დაამტკიცებდა, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიოს ჯერ კიდევ შემორჩა მწერლების აღიარების უნარი – ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ჯონათან ფრენზენის რომან “თავისუფლებას” – რომელიც, ჩემი აზრით, გაბედული რომანია, და სქელტანიანიც – ახლა მას მთელი ევროპის გარშემო დავატარებ. ვფიქრობ, იმედი ყოველთვის არსებობს. ხელოვნება ყოველთვის ვითარდება – შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით; ზოგჯერ ეს შეიძლება ერთი ან ორი თაობის მანძილზეც არ მოხდეს. ერთხელ დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა ნორმან მეილერთან ერთად. დისკუსიის თემა “რომანის სიკვდილი” იყო. საუბრის ბოლოსკენ ნორმანმა თავისი გაბურძგნილი თავი წამოყო და ხმამაღლა გამოგვიცხადა – რომანი თქვენს გასვენებაში მოვაო. ვფიქრობ, რომ ის მართალი იყო.
სალომე ასათიანი: მიგაჩნიათ, რომ კვლავ შესაძლებელია, იყო მეამბოხე, შეცვალო დაწესებული ზღვრები, იყო კრიტიკული – მას შემდეგ, როგორი სიმძლავრითაც ეს 1968, 1969 წლებში გაკეთდა?
მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს რთული მხოლოდ მაშინ იქნებოდა, სრულყოფილ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ. შეხედეთ პოლიტიკურ კლიმატს – ჩვენს მომხმარებლურ კულტურას. იმდენ რამეზე შეიძლება წერა. ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.
სალომე ასათიანი: და ზოგადად თუ მიგაჩნიათ, რომ მწერალი მეამბოხე უნდა იყოს და კრიტიკულ მუხტს უნდა ატარებდეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოს მიმართ?
მაიკლ კანინგემი: დიახ. მწერალი თუ არა, აბა სხვა ვინ იქნება ასეთი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გვჭირდება მწერლები.© radiotavisupleba.ge