• ესე (თარგმანი),  პორტრეტი

    რაინჰარდ პრისნიცი – ჰანს კარლ არტმანი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    იმ გარემოების გამო, რომ არტმანის პოეტურმა პროდუქციამ დაგვიანებით იხილა დღის სინათლე, ის დღესდღეობით ისეთ გემოვნებას შეესაბამება, რომლის ყურადღების ცენტრშიც ამ პოდუქციაში გამოხატული პოზიციის ნაცვლად ის განსაკუთრებული ეფექტია მოქცეული, რომელსაც ის მკითხველზე ახდენს. ახალ-ახალი ენობივი საშუალებებით დახვეწილი თამაში იმდენად გვაოცებს, რომ მხედველობის არიდან გვეკარგება ის, რაც არტმანის შემოქმედების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს და ის ლიტერატურული სიტუაცია, რომლის გარეშეც არტმანისთვის მისი შემოქმედებითი სტრატეგიის განვითარება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. არტმანის მსგავსად სინტაქსური ფორმებით დაინტერესებულ ავტორს ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შექმნილი ლიტერატურული კლიშეები პრაქტიკულად აღარც კი უტოვებდა იზოლირებული, დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას. გრძნობათა გადამეტებული გამოხატვით დამძიმებული ენობრივი და სხვა სახის ტრადიციებისაგან განთავისუფლება შეიძლებოდა მხოლოდ გამოკვეთილად საშაკარაოზე გამოტანილი ექსცენტრიკის გზით, რამაც, თავის მხრივ, იმ სულისკვეთების აღორძინება განაპირობა, კლასიკისა და კლასიციზმის ეპოქებში ჩდილში რომ იყო მოქცეული: ვგულისხმობთ არსებობის გამართლებას საქმიანობით და ორივეს მამოძრავებელ ბირთვად პოეზიის გამოცხადებას.
    ამ მრწამსის საპირისპიროდ, იმ პერიოდის სოციალური გარემო შემოქმედისაგან ითხოვდა, უკვე არსებულ ნორმებს მორგებოდა, – რაც საკმარისად ხშირადაც ხდებოდა, – წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვანი მარტოდმარტო რჩებოდა საზოგადოების პირისპირ, რომელიც მის მიმართ საკუთარ პოზიციას ჯერ კიდევ ისეთი მოძველებული ტერმინებით გამოხატავდა, როგორიცაა “გადაგვარებული” და ა. შ. უცხო ენათა ცოდნამ, პირველ რიგში კი უტყუარმა ალღომ, რომლითაც არტმანი სიტყვისა და გამოთქმის ძალას გრძნობდა, საშუალება მისცა მას, შემოქმედებითი პროცესი სინამდილისადმი ფიქტიური მიმართების ნიშნით ეწარმოებინა; სწორედ ამის ხარჯზე მისი თვითგამოხატვა და ცხოვრების სტილი არასოდეს შეწინააღმდეგებია ტრადიცებს, სამყაროს მისეული ხედვა კი მუდამ მყარად რჩებოდა. საკუთარ აზრობრივ თამაშებს არტმანი თავის ფიქციებში მრავალფეროვანი როლების სახით აცოცხლებდა და თავის მიერ მიკვლეული სინტაქტური ელემენტებით ალაპარაკებდა; ამაზეა აგებული მისი ნამუშერების უმრავლესობა (1953 წელს დაწერილი “პოეტური აქტის რვაპუნქტიანი პროკლამაციის” მიზანიც სწორედ ეს არის: თვითგამოხატვა როლების მეშვეობით, ოღონდ – “პოეტური ცნობიერების” სფეროდან გამოუსვლელად).
    არტმანის გავლენაში ზოგიერთ, – უპიველეს ყოვლისა, ბერლინელ, – ლიტერატორზე დიდი წვლილი მიუძღვის მის უნარს, საკუთარი შემოქმედება და საკუთარი პიროვნება ერთ განუყოფელ მთლიანად აქციოს, რომელსაც ასევე თავად Aძერწავს. ამგვარად შექმნილი ერთგვარი მითოსი მის ნაწარმოებებს ობიექტური ანალიზისათვის ყოვლად შეუვალს ხდის. მოკლედ, კონრად ბაიერის განსაზღვრებით რომ ვთქვათ, არტმანმა “პოეზია მსოფლმხედველობად აქცია”. გასულ საუკუნეთა ნაკლებად გავრცელებულ ლიტერატურულ ფორმათა ცოდნამ, უშრეტმა ფანტაზიამ და სწრაფვამ, “ძველი დროის ევროპულ ლიტერატურათა არსებითი ნიშნები ავანგარდულ მიმდინარეობათა სამსახურში ჩაყენებისა”, ხელი შეუწყო არტმანს პროგრესულ ტენდენცათა წარმომადგენლებთან დაახლოვებაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, “ვენის ჯგუფია”, რომლის წევრიც გარკვეული დროის მანძილზე თავადაც გახლდათ. მართალია, მისი საქმიანობა მეცნიერული კვლევით არ იყო მოტივირებული: ენობრივი პრობლემების თეორიული განხილვა მას ნაკლებად აინტერესებდა.
    მიუხედავად ამისა, საკუთარ შემოქმედებაში ის ხშირად იყენებდა იმ პერიოდში სხვებთან ერთად შემუშაებულ ტექსტურ მეთოდებს (როგორიცაა ინვენცია, მონტაჟი და სხვა.), თუმცა ამას მეტწილად გაუცნობიერებლად სჩადიოდა. ამავე პერიოდს ემთხვევა არტმანის ჟარგონული, დიალექტზე დაწერილი ლექსები, რომელიც, – რიუმისა და ახლაიტნერისაგან განსხვავებით, – იმდენად ენობრივი საშუალებებით ექსპერიმენტირებას არ ისახავდა მიზნად, რამდენადაც იდიომებით თამაშს ემსახურებოდა, რასაც არტმანი ხშირად მეტაფორული ეფექტის გასამძაფრებლად მიმართავდა.
    მისი ერუდიცია მოიცავდა აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ლიტერატურულ პროგრამებსა და მათთან დაკავშირებულ ცხოვრების სტილს, რაშიც ის, ერთი მხრივ, თავისთვის ახლობელ მომენტებს ეძიებდა, მეორე მხრივ, საკუთარი ქცევის დასტური და გამართლება ეგულებოდა. ამ გაგებით, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ სიურეალიზმის, კონცეპტიზმის, ბაროკოსა და ტრუბადურების პოეზიის ზოგიერთი ასპექტი, აგრეთვე – რომანტიზმის ელემენტები, ხალხური ლიტერატურის კრებულები და ევროპასა და ამერიკაში მათზე შექმნილი ვარიაციები. ყველა სფეროს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ერთი კი უეჭველია: ისინი აუცილებელ წინაპირობად გვევლინება არტმანის შემოქმედების ღრმა წვდომის გზაზე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე ის გავლენაც, რომელიც მასზე მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ტრივიალურმა ლიტერატურამ იქონია; მის მოდულაციებში არტმანი გარკვეულ პარალელებს ავლებდა საკუთარ შემოქმედებასთან. იმ პერიოდში, როდესაც მისთვის გარკვეულწილად განმსაზღველი გახდა “პოპ-არტის” ტრივიალური კლიშეები, მან, – მართალია, ძალზე უშუალოდ, – გადმოიტანა ამ ლიტერატურული ჟანრის ელემენტები საკუთარ ტექსტებში.
    არტმანის შემოქმედებაში ყველაზე მეტად გვეცემა თვალში ერთმანეთსაგან სრულიად განსხვავებული, დროში განგრძობილი სამი ტენდენცია, რომელთაც ფესვები ერთ წიაღში: შემოქმედის მრწამსში, – სინამდვილისადმი უკვე ხსენებულ, ფიქტიურ დამოკიდებულებაში, – უდგათ. ასე რომ არ ყოფილიყო, შეგვეძლო გვეთქვა, რომ მათ ერთურთთან საერთოდ არაფერი აკავშირებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ მეტყველების განსაკუთრებული მანერა, რომელიც, ტრადიციული სინტაქსური საშუალებების ციტირების მაგიერ, ემოციების გამოსახატად ოდნავ შეცვლილ ლირიკულ ფორმებს მიმართავს; ტრადიციული თვალთახედვით დანახული ამგვარი თვითგამოხატვა ძლიერ მეტაფორიზირებულად აღიქმება და, რაც მთავარია, ახდენს “პოეტური ცნობიერების შიგნით არსებული სიტუაციების” დემონსტრირებას. ამ პროცესის მომსწრენი ვხდებით როგორც არტმანის ადრეულ ლექსებში, ისე შემდეგ ლირიკულ კრებულებში: “ჩემს მახვილზე ამოტვიფრული”, “თერთმეტი ცალკეული ლექსი”, “ირმების ნაკრძალი და შუქურ-კოშკი”, “ჩანახატი სამგლოვიარო სიმღერისათვის. ბრძოლის ველზე დაცემულს”, დაბოლოს, “ლანდშაფტები”; რაც შეეხება პროზას, უნდა დავასახელოთ “გუშინდელი დღის ძიების” ცალკეული დიდი მონაკვეთები, ნაწილობივ – “დროშის ასომთავრული” და “ჰუსარებსა და ბაგირზე მოცეკვავეების შესახებ”; აგრეთვე, თითქმის ყველა ჟარგონული ლექსი. პიესებიდან – “ჩერმაკისთვის წიწაკა არ არის”.
    ჩამოთვლილი ნაწამოებიდან თითქმის ყველას, – შესაძლოა, უკანასნელის გამოკლებით, – ერთი რამ აერთიანებთ: მათში მეტყველება შეგრძნებების გადმოცემის მაგიერ თავს აფარებს შეგრძნების გარკვეულ სურათ-ხატს. ეს, თუკი გავითალისწინებთ არტმანის მანერას, მთელი კომპლექსის გადმოსაცემად გამოიყენოს ერთი და იმავე გრამატიკული ერთეული, ხშირად არტმანისეული ლირიკის ერთადერთ მეტაფორულ ხერხად გვევლინება. (მაგალითად: “ბასრი ფოთლებით (ფურცლებით) ჩავეჭიდე ნათელ დღეს / ჩემი აყვავებული სარეველა-ბალახიდან გალობდა ადრეული მზე / მე ვიყავი (…)” და ა. შ. ანდა: “ქარი მიმოქრის ლერწამში / მე ვიპოვე [რაღაც] შროშანისფერი / მე ვხედავ შენს ბაგეს / სიტყვებსა და ჩიტებს / ბაგე მიმოდის წითელი / ძალზე მუქი გვინეას გარშემო (…)”, ანდა: “28 სექტემბერი: და კვლავაც იასამნისფერი პარასკევი [venerdies violacea]. მაგრამ, ო, თეზაურის ქალიშვილი ლიუბეკში ჩამოვიდა მატარებლიდან.”)
    ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არტმანისთვის თავად ემოციაზე უფრო მნიშვნელოვანი ის მეტაფორაა, რომლის არსიდანაც გამომდინარეობს ემოციასთან მიმართება. ამგვარ წარმოდგენას ისიც აძლიერებს, რომ მაპროვოცირებელი, თავისი ჟღერადობით თუ ხატოვანებით მიმზიდველ ლექსიკურ ერთეულები მხოლოდ მათი გრამატიკული სახეცვლის ხარჯზე ახდენს მნიშვნელობის ნიუანსირებას, მსგავსად მონტაჟისა კინემატოგრაფში. იქმნება კიდევ ისეთი შთაბეჭილებაც, თითქოს არტმანი რაღაც ზმანებით იყოს მონუსხული, რომლის წვდომასაც მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუკი ბოლომდე დაჰყვება მის ხიბლს.
    არტმანის ნამუშევართა დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია არა ცხოვრებისეულ, არამედ ენობივ რეალიებთან კომუნიკაცია; ამის შედეგი კი იმგვარი ემოციაა, თავისი სიმბოლიკითა და სინტაქსით გაუცხოებულ არქაიზმად რომ გვევლინება. ვითომდა მივიწყებული კლიშეების ციტირებით არტმანი თითქოს გამოდის თანამედროვეობასა და ფსევდოისტორიულ წარსულს შორის შუამავლის როლში და თავისი თხრობის საგნად საგანგებოდ შელამაზებულ არქაიკას აქცევს. ეს ფიქტიური ისტორიული ხედვა, გაიგივებული რეალურ ენობრივ ხედვასთან, შეიძლება მცდარად მივიჩნიოთ რომელიმე ისტორულ გარემოცვაში დაბადებული ობიექტური განწყობის გულუბრყვილო ან უგემოვნო იმპლიკაციად. (მაგალითისათვის: “თეთრად გაშლილა დილით / ბანია ლუკა, / გრუხუნებს დოლი, / მამლაყინწას ვგავარ, გარნიზონის მესაყვირე, / ირხევა მბზინავი ბუმბულები, / ერთურთზე გადაჭდობილ მახვილთა ფრენა …” ანდა: “მიმაქოლებს ჩემი მუქი რაში / შალ-ი-მანისკენ, / მსუბუქი მხედარი [მივაპობ] ტყეთა შავ დალალებს, / აგერ, ნაპირი! მდინარე! მდინარე! ოჰ, შესვი ფსკერამდე! / ბაგე გაიგრილე წყლით, რომელიც ასე შორი ჯერ არასოდეს ყოფილა…”, ანდა: “სიცილიურ სახლს, / ატლანტიის მწვანე ბაღნარს, / ფრინველ სანგ სიბირს, / ახალი ჰოლანდიის პირქუშ უბეს, / ვის მივმართო / მას შემდეგ, რაც დამზაფრა, / მოლოდინმა *** წლის…”).
    არტმანის არაერთ ტექსტში ისტორიული ფიგურები თუ ადგილები, მითები თუ ლეგენდებია გაცოცხლებული; ამის მიზანი სულაც არ არის დღევანდელი გადასახედიდან გაგებული ამა თუ იმ შინაარსის წარმოდგენა. ეს უბრალოდ კულისებია ამა თუ იმ ენობრივი სცენისათვის, რომელზედაც არტმანი ვითომდა ამ ენის მატარებლის სახით გამოგვეცხადება. ეს, უპირველეს ყოვლისა, მის პიესებს ეხება. მაგრამ ისეთი ოდნავ პაროდიული ფანტაზმაც, როგორიცაა “რეალური შეხვედა დრ. ფუ მანჩუსთან” (ის პაროდიად აღიქმება მისი სიუჟეტიდან გამომდინარე) შეიცავს მინიშნებას გვიან ვიქტორიანულ ტრივიალურ მოდელებზე: “ჰ. კ. არტმანი გახლავართ, – წამოსთქვა მან შემდეგ, – ჰ. კ. არტმანი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯონ ეტერლი ბენკროფტი, იგივე ლორდ ლისტერი, იგივე დეივიდ ბლენერჰესეტი, იგივე მარტიმერ გრიზლიმოლდ დე ვერი და ა. შ. და ა. შ.!”
    მაგრამ ეს მხატვრული ხერხი მარცხს განიცდის იქ, სადაც ორიგინალი კარგადაა ცნობილი ფართო მკითველისათვის, როგორც ეს “მწვანედ დალუქულ ეპისტოლესა” და “alleleirausch”-ის შემთხვევაში მოხდა. სამაგიეროდ, სწორედ ამ ხერხის წყალობით გაჩნდა სრულიად უნიკალური ნაწარმოები “გულმოდგინება და ინდუსტრია”, განსაკუთრებული ადგილი რომ უკავია არტმანის მთელ შემოქმედებაში. შემდგომში არტმანმა ეს მეთოდი თავის არაჩვეულებრივი ემოციურობით გამორჩეულ თარგმანებზე მუშაობისას გამოიყენა, – მათზე აქ, სამწუხაროდ, საგანგებოდ ვერ შევჩერდებით, თუმცა მათ არტმანის შემოქმედებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
    არტმანისეული წერის მანერის მესამე ტენდენციად შეგვეძლო დაგვესახელებინა ის მეთოდი, ერთი შეხედვით ექსპერიმენტულად რომ აღიქმება, სინამდვილეში კი ნაკლებადაა ორიენტირებული “მეცნიერულ” ცდებზე. ის უფრო გრძნობათა გადმოსაცემად ტრადიციული ფორმების გავრცობა-გაფართოებას ისახავს მიზნად (ამ ტიპის ნაწარმოებებია: “გავრცობილი პოეზია”, “ბოთლით გაგზავნილი ბარათები”, “ლირიკული ვერბარიუმები”, ბაიერსა და რიუმთან ერთად შექმნილი ნამუშევრები, ასევე “რითმები, პწკარები, ფორმულები”, პიესები “მოგზარობა კუნძულ ნანთაკეთზე”, “ბურუსი და ფოთოლი”, “კეთილშობილთა და სამართლიანთა ხვედრი” და სხვ.). გავრცობა ძირითადად ფონეტიკის სფეროში მიმდინარეობს, მაგრამ ამასთან ბგერითი ჯგუფის კონსტრუქტიულ ელემენტს როდი ეწევა ანგარიში. გადამწყვეტი აქ ისევ და ისევ შეგრძნებებსა და ასოციაციებზე დამყარებული ერთგვარი სემანტიკური პრინციპია (მაგალითად: “wasserlobelia almegalsdatan / ich wohne lobelia almedals / nummernd auf weiß in weiß…” ანდა: “Assegor Thibeta et dü azimout… / vendigot ül iblout et ´l ab ab…” ანდა: “Ungummi / Schneebitter / Sanssouci / gekäfigte / Note / Abdusche…”). წერის ამგვარი მანერა საუკეთესოდ გამოხატავს არტმანის მიერ დასახულ ამოცანას: ამა თუ იმ გრძნობა-განწყობის შესაბამისად შერჩეულ ბგერათა ჯგუფები ახალ სისტემაში იქნას მოყვანილი და ჩაწერილი.
    თუკი ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, არტმანის ნამუშევრები უნდა განვიხილოთ, როგორც ავტორის ცდები, შესაბამისობაში მოიყვანოს ენისადმი და ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულება. ორივე მიმართებას მხატვრულ სინამდვილეში აქვს ადგილი; განწყობა და წერის პროცესი ამართლებს ერთი მეორეს. არტისტიზმი გვევლინება ამა თუ იმ ემოციის საბუთად, შინაგანი მდგომარეობის პრეზენტაციად. შინაარსი მხოლოდ გრამატიკული ფორმის ხარჯზე იძენს თავის სიღრმეს; ენობრივ ელემენტებს უკვე არსებული ნიმუში ანიჭებს მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, არტმანის ქმნილებები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ძველთან შედარებითა და გამოხატვის ახალი საშუალებების ძიებით გაწაფული ინტელექტის ნაყოფი; ეს უფრო რეთორიკული ფიგურებია, გარკვეული ეპოქის შესაბამისი ცნობიერების ჩარჩოებში ჩასმული. მათი მიზანი – ეფექტის სიმძაფრეა და არა საზრისის გამოხატვა. საზრისთან ეს ტექსტები, – მთელი მათი ხიბლის მიუხედავად, – ისეთსავე მიმართებაში არიან, როგორც ხისგან ოსტატურად ამოჭრილი მეფეები, დედოფლები, გლეხები, კოშკები – ჭადრაკის თამაშთან; თუკი მათ, ამასთან ერთად, ძალუძთ, სიამოვნება მოგვგვარონ, ეს იმას ნიშნავს, რომ…

    (1970)

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი),  პორტრეტი

    პეტერ ო. ხოტიევიჩი – ახალი თვითმყოფადი პოეტი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    ჰანს კარლ არტმანის პიროვნებისა და შემოქმედების ვერც ერთი მიმოხილვა გვერდს ვერ აუვლის ვენაში შექმნილ იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რაზედაც 1950-იანი წლებიდან მოკიდებლი თვით არტმანიც ახდენდა გავლენას. 50-იანი წლების ვენა და, მაშასადამე, ავსტრია დღევანდელზე უფრო მეტადაც კი წარმოადგენდა მყარად თავდაცობილ გაუმჭვირვალე ბოთლს, რომლის შიგთავსიც ვენის გარეთ ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა: მას სულაც თითქმის არავინ იცნობდა. საყოველთაო შემოქმედებითი დეპრესიის მძიმე სათბურისებრი ატმოსფერო ლიტერატურულ დაჯგუფებათა შექმნას იმთავითვე უწყობდა ხელს. მოგვიანებით პირწავადნილი კომუნისტის, ჰანს ვაიგელის წრეში, ისევე, როგორც გავლენიანი ანტივაიგელიანელის, ჰერმან ჰაკელის ჯგუფში, “ახალი გზების” სამწერლო წრესა და ვენის პოეტთა ჯგუფში კვლავაც და კვლავაც იკრიბებოდნენ ერთურთის სითბოს მოწყურებული შემოქმენი, – ჰარი პონგსმა სხვა მაგალითების მოშველიებით უკვე საფუძვლიანად გააშუქა საზოგადოებრივ დაჯგუფებათა ეს ფენომენი. ამგვარ, თუნდაც არამდგრად და სხვა წრეებთან კავშრების გამო მერყევ ჯგუფში შემოქმედს არც იზოლირებულობა აშინებს, არც გამოქვეყნების შესაძლებლობათა სიმწირეს თუ მკითხველთა უყურადღებობით გამოწვეულ დამუნჯებას უჩივის. 1950 წლიდან მოკიდებული არტმანის ძლიერ გავლენას განიცდის, სულ ცოტა, ორი ამ დაჯგუფებათაგანი: ესაა “ახალი გზების” ავტორთა წრე, რომელსაც ავსტრიელი მწერლობის დიდი ნაწილი შეადგენდა, ვისი ნაწარმოებებიც ჰანს ვაიგელმა შეაგროვა ანთოლოგიაში “თანამედროვეობის ხმები I-IV”, და ვენის პოეტთა ჯგუფი. ვილანდ შმიტი წერს ამის თაობაზე: “არტმანის როლი ამ წრის საქმანობაში შეიძლება შევადაროთ იმ ადგილს, რაც ფაუნდს ეკავა ლონდონში პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში”.
    ამ შედარებაში მხოლოდ ფაუნდის “დამძიმებული” სახელი თუ მოგვჭრის ყურს; სხვა მხრივ, ყოველ შემთხევაში, ავტორთა წრის ექსპერიმენტულ ფრთასთან და მოგვიანებით მთელ ვენის პოეტთა ჯგუფთან მიმართებაში, თუკი შესაბამისად შევცვლით მასშტაბებს, ეს შედარება სავსებით გამართლებულია. თავისი შრომებითა და ლიტერატურული აღმოჩენებით, ენობრივი მონაცემებით, რაც უცხო ენებისადმი მიდრეკილებასაც გულისხმობს, არტმანი ახალგაზრდა მწერლებისათვის უთუოდ რჩებოდა იმ აუცილებელ იმპულსთა და წამყვან იდეათა მატარებლად, ჯგუფის ერთსულოვნებას რომ უზრუნველყოფდა, თუმცა მათ თავად უწევდათ ამ იმპულსებისა და იდეების წესრიგში მოყვანა და ადექვატურად ათვისება, რადგან არტმანი, როგორც მის მეოცნებე ბუნებას შეეფერებოდა, თავადაც მუდმივ ძიებასა და პოზიციათა ცვლაში იყო, რათა ბოლოს და ბოლოს ერთი საბოლოო გეზი აეღო. წრეებში გაერთიანებამ ვენის იმდროინდელ ლიტერატურულ ცხოვრებას იმთავითვე საკუთარ თავში ჩაკეტილი, სექტანტური სახე შესძინა, რაც მისი ყველა დეტალის დადგენას ართულებს. ანდრეას ოკოპენკო ასე წერს 50-იანი წლების ვენური ლიტერატურის შესახებ: “ხშირად ერთმანეთთან სტუმრობისას იმპროვიზაციებს ვქმნიდით, მეგობარს ვკარნახობდით ანდა უბრალოდ წარმოვთქვამდით ტექსტებს, რომლებიც ქაღალდზე აღარ გადაგვქონდა; ნაწერს ვკარგავდით, ნაგავს ვატანდით, ვწვავდით. შემოქმედებას თან რაღაც გიჟური სილაღე ახლდა: თითქმის უეჭველი იყო, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნიდით, ჩაუწერელი დაჩებოდა.”
    თუკი ბოთლის მეტაფორას დავუბრუნდებით, არტმანი ამ ბოთლში მომწყვდეული ჯინი გახლდათ, პოეტთა ზღაპრული რესპუბლიკის ჰარუნ ალ რაშიდი.
    დღევანდელ, დასავლეთგემანულ სინამდვილეში ეს უცნაური ადამიანი უცხოსავით მორიდებით შემოდის. ის თავს არიდებს ლიტერატურული საზოგადობის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. მას მთლად სანდოდ არ მიიჩნევენ. დასანანი ის კი არ არის, რომ ის ყურაღების ცენტრში ვერ მოექცა მავანის მსგავსად, ვინც ამას ბევრად ნაკლებად იმსახურებს: დასანანი უფრო ისაა, რომ მისი საინტერესო და ვრცელ ლიტერატურულ შემოქმედებას უჯრაში ჩარჩენა და მივიწყება ემუქრება. ან კი რისთვის შეინახოს ლექსები, თუკი ისინი არავის სჭირდება? არტმანის რამდენიმე ასეული ლექსიდან, რომელთა ნაწილი დღეს უკვე დაკარგულია, მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანს თუ წაუკითხავს ორი ან სამი ცალი, ხოლო რაც შეეხება 1966 წლის გაზაფხულზე გამოსულ კრებულს “ვერბარუმი”, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში შექმნილ ორმოცდაათიოდე ლექსს რომ შეიცავს, ის მხოლოდ განმეორებით უდასტურებს განდობილთ იმას, რაც მანამდეც იცოდნენ: რომ არტმანი, როგორც ჩანს, ერთადერთი ჭეშმარიტი პოეტია, რომელიც გერმანულენოვან ლიტერატურას ჰყოლია 1945 წლის შემდგომ, – ყველა იმ მოდური გენიოსის ჯიბრზე, ვინც კი მას შემდეგ ცამდე აუყვანიათ: ბახმანით დაწყებული და გრასით დამთავრებული. ხოლო პროფანებისათვის “ვერბარუმი” მხოლოდ კიდევ ერთი ცდაა, – საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი, თუმცა, უდაოდ, მნიშვნელოვანი. ასევე სანახევროდ დაკარგული, მეტწილად მოკლე პროზაული ტექსტების მრავალი ასეული გვერდი დღემდე მხოლოდ ორ წიგნადაა გამოცემული. ავსტრიაში მხოლოდ დიალექტზე დაწერილმა ლექსებმა მოუპოვა აღიარება. ერთ-ერთი მათგანი, “med ana schwoazzn dintn” (“შავი მელნით ნაწერი”), ბესტსელერიც კი გახდა.
    და მაინც, მისი სახელი თანდათანობით სულ უფრო ხშირად ჟღერს. მისი მეგობრებიც კი უკვე თანდათან იწყებენ მის აღმოჩენას.
    არტმანს თარგმნილი აქვს შვედურიდან კარლ ლინეი, ესპანურიდან – ფრანცისკო დე კევედო, ირლანდიურიდან – კელტური რელიგიური პოეზია, ფრანგულიდან – მარივო, ინგლისურიდან – დეიზი ეშფორდი, იდიშიდან – ებრაული ანდაზები; ეს მხოლოდ თითო მაგალითია ზოგიერთი ენობრივი სფეროდან, რასთანაც მას საქმე ჰქონია. დაწერილი აქვს ლექსები ბაროკოს სტილში, სპარსული ოთხპწკარიანი ლექსები… ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არტმანს ოცდაათი წლის ასაკამდე კითხვისა და ენების შესწავლის გარდა არაფერი უკეთებია. ის ქალაქში მიმოდის, ადამიანების საუბარს აყურადებს, კითხულობს საგზაო ნიშნებსა და მაღაზიის აბრებს, შემდეგ კი, საღამოთი, ლექსიკონებში დაეძებს თავის მონაპოვართა მნიშნელობებს. მისი პირველი პუბლიკაცია 1950 წელს შედგა. ესაა პირველი ცხრა ბწკარი 1949 წელს დაწერილი უსათაურო ლექსისა, რომელსაც სრულად, 20 ბწკარის სახით, ორიოდ ადგილას ოდნავი ჩასწორებებით, “ვერბარუმის” “კარინტიულ სასიყვარულო ლექსებს” შორის ნახავთ.
    რაც შეეხება სიტუაციას მაშინდელ ვენაში: 1945 წელს ოტო ბაზილმა დაიწყო ჟურნალ “Plan”-ის გამოცემა, რომელიც 1948 წელს დაიხურა ისე, რომ ვერ მოესწო არტმანის პირველი, უკვე დაკაბადონებული ტექსტების დაბეჭდვა. 1950 წლისათვის, ანუ არტმანის პირველი პუბლიკაციის დროისათვის ვენაში არსებობდა ერთადერთი ჟურნალი “Neue Wege” (“ახალი გზები”), რომელსაც ახალგაზრდული თეატრი გამოსცემდა ყოველთვიურად. მასში დაახლოვებით 1948 წლიდან ლექსებსა და მცირე პროზას ბეჭდავენ: ჰანს ვაისენბორნი, ჰერბერტ აიზენრაიჰი, გერჰად ლამპერსბერგი, ფრიდრიჰ პოლაკოვიჩი, ანდრეას ოკოპენკო, ერნსტ კაინი, ვალტერ ტომანი და სხვები, რომელთა გვერდითაც ასევე თავ-თავის სიტყვას ამბობენ კაროსა და კვაზიმოდო, არაგონი და მაიაკოვსკი. 1950 წელს ჟურნალი იწვევს მუდმივ ავტორებს შეკრებაზე, სადაც ახალგაზრდა ავსტრიელ ავტორთა დაბეჭდვის საკითხი უნდა გადაწყდეს. არტმანის – რომელიც ჯერ კიდევ თვით ვენაშიც კი ვერ დაიკვეხნიდა პოპულარობით – იმ დროისათვის ერთადერთი მოწაფე, რენე ალტმანი, სიტყვას შეაწევს თავის მოძღვარს და მოითხოვს საზოგადოების ყურადღებას ამ, მისი განმარტებით, სურეალისტი პოეტისადმი. არტმანს მიიღებენ და ის მაშინვე ამ არაერთგვაროვნად სტრუქტურირებული ჯგუფის მენტორად იქცევა. ცხადია, ჯგუფს არც სხვა მხრიდან აკლია გავლენები, მაგრამ არტმანი თავის მიერ მოწვდილი მასალის სიუხვითა და მრავალფეროვნებით და თავისი მჩქეფარე პიროვნებით ყველა სხვა იმპულსს გადასძალავს.
    “ის ყველაფერს განსაკუთრებულ სიცხარეს ანიჭებდა, ყველაფრის მაცოცხლებელი ძრავა იყო” – წერს ანდრეას ოკოპენკო.
    1951 წლის ნოემბერში ახალგაზრდა ავტორებსა და რეაქციონერ აკადემიურ წრეებს შორის განხეთქილება ხდება. არტმანის, ალტმანისა და სხვათა მრწამსიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს სიურრეალიზმში დაედოთ ბრალი. სიურრეალიზმი ლიტერატურის ავკარგიანობის შეფასების უპირველეს კრიტერიუმად იქცა. 1950 წლის ნოემბრის “ახალ გზებში” არტმანი უმკაცრესად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გამოთქვამს აღშფოთებას იმის გამო, რომ სიურრეალისტებს თითქმის ყოველთვის ისეთ ახალგაზრდა ავტორებს უწოდებენ, ვინც სრულებით არ წერს სიურრეალისტურად და ვისი პუბლიკაციებიც ისე შირსაა სიურრეალიზმისგან, როგორც ცა და დედამიწა. ამასთან დაკავშირებით ის გვთავაზობს საკუთარი შემოქმედების საინტერესო დახასიათებას, რამდენადმე რომ უსწრებს წინ “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”. არტმანი წერს: “ავტორები, რომელთაც, ჩემი აზით, მართლაც შეესაბამებათ ეს განსაზღვრება, გახლავთ, პირველ რიგში, ჰელენე დიმი, რენე ალტმანი და ჰ. კ. არტმანი. დასახელებული ავტორები მართლაც სიურრეალისტურ ლექსებს წერენ. (…) სიცოცხლეში სტრიქონიც რომ არ დამეწერა, მხოლოდ ჩემი მწამსითა და მსოფლმხედველობით მაინც ვიქნებოდი სიურრეალისტი”.
    სიურრეალიზმმა, – რომელსაც დღემდე მხოლოდ ფრიდერიკე მაირიოკერმა უერთგულა, ისიც, მხოლოდ თავის ზოგიერთ ლირიკულ სტრუქტურაში, – განხეთქილების ვაშლის სახით მოევლინა ვენის პოეტურ წრეებს. 1951 წლის მარტში ოკოპენკომ დაიწყო “ახალგაზრდა ვენელ ავტორთა ჯგუფის პუბლიკაციათა” გამოცემა, რომლებიც საშუალოდ 100 ეგზემპლარის ტირაჟით 1953 წლის დასაწყისამდე წელიწადში ოთხჯერ გამოდიოდა, შემდეგ კი, მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ, 1957 წლის მარტსა და აპრილში არტმანის მიერ გამოცემული ორი ნომრით გაგრძელდა.
    1950 წლის შემოდგომიდან მოყოლებული არტმანი განუწყვეტლივ ეძებს გამოცემის ახალ-ახალ შესაძლებლობებს, რადგან “ახალი გზები” და “პუბლიკაციები” ამ მოთხოვნილებას მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. ახალ-ახალი კლუბების დაარსება და დუქან-სარდაფებში დაუსრულებელი ჯდომა არა იმდენად საეჭვო ურთიერთობების ჟინით იყო გამოწვეული, რამდენადაც მუდმივი ბეჭდვითი ორგანოს ძიებით. არტმანის წრის ნაწილობრივი დაშლის შემდეგ ეს მოძრაობა გადაიზარდა პოსტდადაისტურ აქციათა ლიტერატურაში, რომლის წარმომადგენლებიც ძველ წრეზე საშუალოდ ათი წლით უმცროსნი იყვნენ. მაგალითად, არტმანის პროექტი “სარდაფი” ჟურნალის ან ალმანახის სახით იქნა ჩაფიქრებული, თავდაპირველად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ეძლეოდა, მოგვიანებით კი ის თავისი დასახელების კონკრეტული მნიშვნელობით განახორციელეს. ერთ ხანს ის, არც მეტი, არც ნაკლები, ბალგასეს ქვეშ არსებულ ოთხი სართულის სიღრმის ცნობილ კატაკომბაშიც კი ფუნქციონირებდა.
    საკუთარი თავის გამოცხადებამ კატაკომბებში შეფარებულ დაუფასებელ შემოქმედად არტმანს ნამდვილი აღიარება მოუტანა. 1951 წლის შემოდგომაზე ალბერტ პარის გიუტესლოსა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებულმა არტ-კლუბმა საკუთარი კაფე-გალერეა “ჩალის ჩემოდანი” გახსნა. არტმანი თანდათან იქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
    თუკი 1945 და 1950 წლებს შუალედში არტმანი, ამერიკელებთან თარჯიმნად მუშაობის შემდეგ, ლუკმა-პურის გულისთვის ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხანაც სტატისტად იყო დაკავებული, ამ პერიოდში ის ამგვარ რამეს არც საკუთარ და არც მეგობრების ცხოვრებაში აღარ მოითმენდა. ის საკუთარი ცხოვრების სტილიზებას შეუდგა, სულ მალე იქცა პოეტის ანუ საკუთარი თავის ცოცხალ არტეფაქტად და, ამასთან, უშუალობის უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს გარემოება ძალზე ართულებს არტმანის შესახებ თხრობას. თუკი პოეტის პიროვნება, როგორც წესი, ნაწილობრივ მაინც იძლევა მისი შემოქმედების გასაღებს, არტმანისნაირი მრავალსახოვნად შენიღბული ავტორის შემთხვევაში, პირიქით, ლიტერატურული ნაწარმოები გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ მოიაზრებდა ის საკთარ თავს შემოქმედებით პროცესში: ჰუსარად თუ სიურრეალისტად, სახალხო პოეტად თუ საკუთარი არარაობით ბაროკალურად დათრგუნულ მონად უფლისა, აგიტატორად თუ ჩინეთის იმპერატორის კარის მგოსნად, მსოფლიო მოგზაურად თუ ვენის გარეუბნის პოეტად, მოუსვენარ ვაგაბუნდად თუ დინჯ მოქალაქედ, დარდიმანდ მოქეიფედ თუ ბულბულის გალობას მიყურადებულ მეოცნებედ, დუნაისპირა მონარქიის ანტისემიტ მესვეურად თუ მეამბოხე ანარქისტად. ეს – რომ არაფერი ვთქვათ დიალექტზე დაწერილი ლექსების კრებულის, “hosn rosn baa”-ს თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ წიგნის ავტორი, სამასი წლის წინათ ყოფილა დაბადებული.
    არტმანმა მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო თავისი მისტიფიკაციების უგულვებელყოფა და დღეისათვის შემორჩენილ გაურკვეველ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მის დაბადების ადგილად დღემდე საყოველთაოდ ითვლება ვითომდა ქვემო ავსტრიაში მდებარე არარსებული სოფელი სანტ-ახაცი-ტყის-პირას: ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება დღეისათვის უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ ეს მაინც დიდად არ ცვლის ჩვენს საერთო წარმოდგენას არტმანის ბიოგრაფიაზე.
    ლამისაა ვირწმუნოთ, რომ თავად არტმანი არ არის ერთადერთი, ვინც არტმანისეული ლეგენდის ქსოვითაა გართული. ყოველ შემთხევაში, სრულებით აღარ გვაკვირვებს ის, რომ იმხანად, როცა გერჰარდ რიუმს ვენაში ჯერ კიდევ არავინ იცობდა, გავარდა ხმა, თითქოს არავითარი რიუმი არ არსებობს და რომ რიუმის ავტორობით გამოქვეყნებული ტექსტები სინამდვილეში ეკუთნის არტმანს, რომელმაც რიუმის სახით მეორე “მე” შეიქმა და ამ გზით გამოიტანა დღის სინათლეზე თავისი ექსპერიმენტული ნამუშევრები.
    არტმანის ლიტერატურული სილუეტის მოხაზვას ორი გარემოება ართულებს. ერთი მათგანი გახლავთ ყოველ ნაბიჯზე, უფრო ხშირად, მეგობრების და მეგობარი ქალების ბინებში მოწყობილ სამუშაო კაბინეტთა უსაშველო სიმრავლე და ხელნაწერთა დაკარგვის მაღალი რისკი, მუდმივ მოგზაურობასა და ბოჰემური ცხორების წესს რომ ახლავს თან. მეორე ის უეჭველი ფაქტია, რომ არტმანის მშობლიური სტიქია ფრაგმენტია. ხშირად ყოველ დღე ახალ-ახალ ტექსტს იწყებს, – ცალკეულ ნაწარმოებს თუ ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების ახალ ციკლს. უბრალოდ ძალზე ბევრი იდეები უტრიალებს თავში. ამასთან, გასაოცარი ისაა, რომ თითოეულ ტექსტში ავტორისეულ სტილს ამოიცნობთ. ეს მუდამ არტმანია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის არტმანი?
    ახალგაზრდა ვენელთა პირველი გამოსვლა უცხოურ ტრიბუნაზე 1952 წლის 25 ივნისს შედგა, ბერნში. საამისოდ მათ საკუთარი სახსრებით იქირავეს დარბაზი, სადაც შვეიცარიელმა მსახიობმა, არტმანის მეგობარმა ქალმა ესთერ ვირცმა ჯენი ებნერის, ერნსტ კაინის, ოკოპენკოს, შმიტისა და არტმანის ნაწარმოებები წაიკითხა.
    1952 წლის გვიანი შემოდგომით არტმანის გარშემო ფორმირდება უკვე ხსენებული ახალი წრე, მაგრამ, ყველა სხვა წრის მსგავსად, ისიც ძირითადად მხოლოდ არტმანის პიროვნების ზედნაშენს წარმოადგენს. რაც შეეხება “ახალი გზების” ავტორთა წრეს, მათთან ურთიერთობას მეტნაკლებად ინარჩუნებს ან მოგვიანებით აღადგენს. იმ დროისათვის უკვე ნახსენები მცირე პროზის გვერდით არტმანს დაწერილი ჰქონდა კიდევ თვრამეტიოდე პროზაული ტექსტი, ზოგიერთი – რამდენიმე ნაბეჭდ გვერდს ითვლიდა, მათ შორს: “ლანსელოტი და გვინევრა”, “ფანტასმაგორიული მითოლოგია” (სწორედ ამ ტექსტით გამოვიდა შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებზე), “ყველგან, სადაც კი ჰამლეტი მივიდოდა”, “ურჩხულის შესახებ ანუ იკაუსუს დაცემა” და მოგვიანებით “ჰუსარების” კრებულში შესული რამდენიმე ბაროკალური მოთხრობა.
    ბაროკალური მოთხრობების გამოკლებით, ყველა ამ ტექსტის სიღრმეში ისევე ისმის ფანტასნაგორიული ჟღერადობა, როგორც 1950-51 წლების ნაწარმოებებში. სწორედ ის ანიჭებს ამ ტექსტებს ძალზე მოკლე და პოეტურად დახვეწილ ფორმას. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ავსტრიელ შემოქმედთათვის სწორედ ეს ფორმა გახდა ყველაზე მისაღები, რადგან მათ სულიერ პროცესებს საუკეთესოდ გამოხატავდა და პუბლიკაციის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი იყო: ჟურნალებში ხომ მუდამ შეინიშნებოდა ადგილის დანაკლისი.
    1953 წლის აპრილში არტმანი წერს “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”, რომლის პრეამბულაც წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი, უკვე “ახალ გზებიდან” ცნობილი თეზის უფრო ხშირად ციტირებულ ვარიანტს: “არსებობს ერთი ხელშეუხებელი ჭეშმარიტება: შეიძლება იყო პოეტი ისე, რომ სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ გქონდეს დაწერილი”.
    ვენელ პოეტთა ჯგუფის წევრებს, – უპირველეს ყოვლისა, ესენია: გერჰად რიუმი (დაიბ. 1930), კონრად ბაიერი (დაიბ. 1932), ოსვალდ ვინერი (დაიბ. 1935), ფრიდრიჰ ახლაიტნერი (დაიბ. 1930) და ჰ. კ. არტმანი, – ნაკლებად ადარდებთ ის, რომ პროკლამაციის დებულება: “პოეტური აქტი, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევით იქნას საზოგადოების წინაშე გამოტანილი!” – ვენაში შექმნილი გამოუვალი კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ისედაც ერთადერთია, რაც მათ რჩებათ. მიუხედავად ამისა ჯგუფი ყველანაირად ცდილობს, იცხოვროს არტმანისეული პროკლამაციის მიხედვით, თავად უკრძალავს საკუთარ თავს ნაწარმოებების გამოქვეყნებას და ემიჯნება კიდეც არტმანს, როცა ამ უკანასკნელის “shwoazzn dintn” წარმატებით სარგებლობს და ავტორისათვის მოგებაც მოაქვს. ეს არტმანს, ცხადია, დიდად არ ადარდებს.
    თუკი მოვისურვებთ არტმანის ლიტერატურული განვითარების ქრონოლოგიური ეტაპების გამოყოფას, უნდა ვთქვათ, რომ 1954 წელი ერთ-ერთი ასეთი ფაზის დასრულებას დაემთხვა. შეგვიძლია ისიც დავძინოთ, რომ დღეისათვის არტმანმა მთელი შესაძლო მწერლური აღიარება მოიპოვა, მის ხელთ შესაძლებლობათა მთელი სპექტრია, რასაც ის უაღრესად მავალფეროვნად განავითარებს; ის გამუდმებით აგებს ხიდებს თავის დღევანდელ სამუშაოსა და იმას შორის, რაც ათი-თორმეტი წლის წინ უკეთებია. აღსანიშნავია, რომ ვალტერის რჩეული ლექსების გამოცემაში სასაფლაოზე ნამღერ ოთხ სიმღერასთან ერთად შესულია ასევე 1954 წელს შექმნილი “ეპიტაფიები” და “შვიდი ლირიკული ვერბარიუმი”. 1954 წლის ლირიკული ვერბარიუმებით არტმანმა კიდევ ერთი ახალი ექსპერიმენი წამოიწყო. ექსპერიმეტული ხასიათისაა აგეთვე “გამოგონებანი”, ნაწილობრივ გერჰარდ რიუმსა და კონრად ბაიერთან ერთად დაწერილი. კონრად ბაიერმა ვერბარიუმის ცნება შემდეგნაირად განმარტა: ესაა ლექსი, რომელშიც ესა თუ ის სიტყვა, თუ სიტყვათა სვეტი, – სწორედ ამას ეწოდება ვერბარიუმი, – განიხილება სხვადახვანაირი პრინციპით, მაგალითად, მათემატიკური მწკრივების მიხედვით. ვენაში ეს მეთოდი ჩილელმა მხატვარმა, იბან კონტრერა ბრუნეტმა შემოიტანა, თუმცა არტმანმა, ეს მეთოდი მხოლოდ გაკვრით გამოიყენა და მეტი პოეტურობა შესძინა.
    1955 წელს არტმანი წერს მოკლეპწკარიან, ზოგჯერ ძალზე დიდი მოცულობის ლექსების ციკლს სათაურით “გამორჩეულად მშენიერი სიმღერები კეთილშობილ კასპარისა, ხალხში ჰანს ვურსტელად წოდებულისა”, შემდეგ – რამდენიმე ცალკეულ ლექსს, ავსტრიის შეიარაღების საწინააღმდეგოდ მიმართულ მანიფესტს, “25 ეპიგრამის” პირველ ლექსებს, ასევე რამდენიმე პიესას. 1954 წლისათვის არტმანს უკვე დაწერილი აქვს თავისი პიესა “ჩერმაკისათვის წიწაკა არ არის”, რომელშიც გარეუბნელი ვაჭრის ყოველდღიურობაში აბსურდის თეატრი შემოდის; ეს ყოველივე ისეთი სისხლსავსე ჟარგონული ელემენტებითაა შეკმაზული, რომ ჟურნალი “Wort in der Zeit” 1965 წელს ათავსებს ამ პიესას რუბრიკაში “ვენური კოლორიტი” და ნესტროისეული კომედიის კატეგორიას მიაკუთვნებს.
    1956 წელს პოეტი გულმოდგინე მონტაჟის სამუშაოს შეუდგა. ვენის პოეტთა ჯგუფისათვის ტიპიური ერთობლივი ნამუშევრების დრო დამდგარიყო. ლექსიკონებიდან, სახელმძღვანელოებსა და სიტყვათა სხვა რეზერვუარებიდან ხდებოდა ტექსტური ელემენტების ამოკრება და ახალ სისტემაში მოყვანა, რასაც თავად ჯგუფის წევრები მონტრებას უწოდებენ; ამის შედეგად ჩნდება ისეთი შედევრები, როგორიცაა კონრად ბაიერის “ვიტუს ბერინგის თავი”. ჰაინრიჰ ტერებელსკის მიერ 1830 წელს გამოცემული “ბოჰემიური ენის სრული ლექსიკონის” მიხედვით არტმანი და ბაიერი ამონტაჟებენ ტექსტს “სრული სასწავლო ლექსი გერმანელთათვის, თერთმეტი ვერბარიუმი”; რიუმთან თანამშრომლობის შედეგად იქმნება “მაგიური კავალერია”.
    1957 წელს “ახალ გზებში”, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდა ვენელ მწერალთათვის, ფაქტიურად, კვლავაც ერთადერთ ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა, ლიტერატურული სკანდალი დატრიალდა. მის მიზეზად მაისის ნომერი იქცა, სადაც ტრადიციული ლირიკის გვერდით დაიბეჭდა ერნსტ კაინის, გერჰარდ რიუმისა და ერნსტ იანდლის ექსპერიმენტული ტექსტები, თანაც, უპირატესად, არაკონკრეტული ჟარგონული პოეზია, რაც ორგზის მკრეხელობად აღიქმებოდა. მართალია, ივნისის ნომერში ახალგაზრდული თეატრის ხელმძღვანელი ჰაინრიჰ ნოიმაიერი ამ ფაქტის გამართლებას შეეცადა, პირობა მისცა მკითხველს, რომ მომავალში ექსპერიმენტული ნაწარმოებები სხვებისაგან საგანგებოდ იქნება გამიჯნული. მიუხედავად ამისა, საზაფხულო არდადაგების შემდეგ 1957 წლის შემოდგომაზე გამოსული ნომერი უკვე სრულებით “გასუფთავებულია”. ამ დროიდან ვენის მკითხველი საზოგადოება კარგა ხანს ვეღარ ადევნებს თვალყურს შემოქმედებით დისკუსიებს.
    ვენაში მწერლისათვის ყველაზე შესაფერის კერძად დღესაც შიმშილი მიაჩნიათ. არტმანი ღებულობს ჰონორარებს და ჰგონია, გავმდიდრდიო. ის აღიარებული სახალხო პოეტის საოცნებო ხატს ირგებს, ამაყობს და ნესტროისა და რაიმუნდს ადარებს თავს. “კურიერი” მას ყოველკვირეულ სვეტს უთმობს, რომელსაც ის ქალაქური ჩანახატებითა და სურეალისტური მოთხრობებით ავსებს. ქალაქის მერია სახაზინო ბინას უთმობს, თუმცა პოეტს მალევე კვლავ უწევს მისი დაცლა. ტელევიზია უკვეთავს პიესებს “დუნაისპირა ქალი” და “გრასელი”, ეს უკანასკნელი ავადსახსენებელი ისტორიული პირის, ყაჩარების წინამძღოლის შესახებაა. იგეგმება მისი სცენარით ფილმის გადაღება, პირდაპირ, სპონტანურად რომ უნდა გათამაშდეს გარეუბნის ქუჩებში, მაგრამ რომელიღაც სამშენებლო კომპანიის მიერ ძველი უბნის დანგრევა ხელს უშლის გადაღებების დაწყებას. არტმანი სიცოცხლეში პირველად აფასებს იმის მნიშვნელობას, რომ განსაკუთრებულ პიროვნულ და სივრცობრივ გარემოცვაში გაიზარდა.
    ის ლექსები, რაც მას შემდეგ დაწერა, ადრეულ ნამუშევრებზე უფრო “საფუძვლიანია”, ნაკლებად მანერული, თუმცა მისი ჟარგონული ლექსების შავი იუმორი კვლავ შენარჩუნებულია მის მრავალ გვიანდელ ტექსტში. პოლემიკური ხასიათის ლიტერატურული ნამუშევრები, რომლებსაც არტმანი სახელისა და შემოსავლის გამო კიდებს ხელს, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმას, რომ არტმანის ძალა, მთელი მისი სიმსუბუქის მიუხედავად, მხოლოდ უმაღლესი დონის ლიტერატურაშია. ასეა თუ ისე, 1958 წლით მთავრდება კიდევ ერთი შემოქმედებითი ფაზა. ამ დროს არტმანი წერს ციკლს “40 სპარსული ოთხპწკარედი. მცირე დივანი”. მასში შესული ლექსების ნაწილი დღეს დაკარგულია, ზოგიერთი მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. ვენის პოეტთა ჯგუფთან ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდიც დასრულდა. 1953 წლის პროკლამაციაც წარსულს ჩაბარდა, თუმცა გარეგნულად ჯგუფი ისევ ძველ ჟესტებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში ერნსტ კიოლცი და ფეტი ჯორჯი წერენ მუსიკას არტმანის ჟარგონული ლექსებისათვის, ხოლო ქვალტინგერი ასრულებს მათ.
    60-იანი წლების დასაწყისიდან მოკიდებული არტმანი ექვსიოდე წიგნს თარგმნის; მათ შორისაა ვენურ დიალექტზე გადმოთარგმნილი ვიიონის ანდერძიც. სწორედ ამ თარგმანის წყალობით იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს არტმანის მთავარი მწერლური ღირსება მის თარგმანებში იყოს. ეს შეხედულება იმიტომაა მცდარი, რომ არაობიექტურად შეზღუდულ ხედვას ეფუძნება. თარგმანების პარალელურად იწერება ამდენივე ვრცელი დრამა და ენობრივად ახალი ლექსების რამდენიმე რვეული, ცოტათი 1950-51 და 1954 წლების ლექსების ტედენციებს რომ განაგძობს: 1960 წელს კარინტიაში შექმნილი სასიყვარულო ლექსები “ჩემს მახვილზე ამოტვიფრული” და 1962 წელს ბერლინში დაწერილი ციკლი “ირმების ნეკრძალი და შუქურ-კოშკი” – ორივე კრებულის უმნიშვნელოვანესი ტექსტები შესულია რჩეული ლექსების ვალტერის გამომცემლობის მიერ დასტამბულ კრებულში, – გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ცალკეული ლექსები და უკვე ნახსენები “ბოთლით გამოგზავნილი წერილები”, რომლებშიც კვლავ გავრცობილი პოეტიკის მიმართულებით ჩატარეულ ცდებს ვაწყდებით, და კიდევ არაერთი ახალი გამოგონება. ამ პერიოდის მრავალრიცხოვანი, ნაწილობრივ – დღემდე დაუმთავრებელი, პროზაული ტექსტებიდან აღსანიშნავია, პირველ რიგში, ავანტიურული რომანის თანამედროვე ვარიანტი, რომლის მოქმედებაც ლისაბონში ვითარდება, მოკლე ტექსტების კრებული “ოთხმოცდაათი სიზმარი”, კრებული “გულმოდგინება და ინდუსტრია” და პაროდია “რობინზონ კრუზოზე”. ამავე პერიოდში დასრულებულია მუშაობა “დრაკულაზე”, ბოლო დროს “Diskus”-ში გამოქვეყნებულ რომანზე კაციჭამიას შესახებ, ძალზე სახალისო ზღაპრებზე და ა. შ.
    დღეს უკვე ხდება ადგილობრივი ლიტერატურული მოვლენების ქრესტომატულ ცნებებად დაყოფა: ლიტერატურა ვენაში და ჰ. კ. არტმანი. თუკი წარსულს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ საქმე უწყვეტ პროცესთან გვაქს, – ცხადია, თავდაპირველად, ირაციონალურთან, რომელიც მთლიანად პოეტის პიროვნებიდან გამომდინარეობს.

    (1966)

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ახალი ამბები,  პოლემიკა

    ირაკლი კაკაბაძე – პასუხად დათო ბარბაქაძის თავდასხმას ახალგაზრდა პოეტებზე

    რუტინა, ჯანყი და პოეზია

    ჩემო ძვირფასო დათო,

    წავიკითხე შენი წერილი ნეტგაზეთში, სადაც მეტად გააფთრებული უტევ ალექს ჩიღვინაძეს ‘ჭეშმარიტი პოეტის’ პოზიციებიდან და ყველანაირად ცდილობ ამ უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცს შენი ‘დამრიგებლური’ ტონით ‘სწორი ცხოვრების გზა” ასწავლო, რომელიც ‘ნამდვილ პოეტს’ შეფეერება. უკვე დიდი ხანია რაც გიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნამდვილად გამაკვირვა ამ შენმა ტონმა. არ გიცნობდი როგორც ‘პოეზიის მაღალ მღვდელს’ რომელსაც ჭეშმარიტებების დადგენა შეძლებია და ამხელა პედესტალიდან საუბარი ახალგაზრდებთან. ეს დამრიგებლური ტონი მეგონა წარსულს ჩაბარდა, როდესაც ჩვენ თითქოსდა წარსულს გავატანეთ ეს ეიჯისტური დამოკიდებულება და ვაღიარეთ რომ ჭკუის დამრიგებლობა თავისთავად საბჭოთა წარსულისათვის ჩაგვებარებინა და იმ ავტორიტარული აზროვნებისათვის, რომელიც მაგ დროს ახასიათებდა. რა აძლევს 40 წელს გადაცილებულ ავტორს იმის უფლებას რომ ასეთი ‘რჩევა-დარიგებები’ მისცეს 24 წლის, უკვე ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა პოეტებს და მოაზროვნეებს? და თანაც ‘მოღალატეებად’ გამოაცხადოს ისინი. თუნდაც პოეზიის მოღალატეებად. ვინ ადგენს იმ წესს თუ რა არის პოეზიის ღალატი და რა არის მისი ერთგულება?
    არ ვიცი, შენი დიდი ხნის კარიერის მანძილზე თუ გიფიქრია ამაზე და რამდენად სერიოზულად გიფიქრია. თუმცა ამ ტონის გარდა ბევრი რამეა კატეგორიულად მიუღებელი შენს წერილში და მეც კონრეტულად ამ პუნქტებზე გავჩერდები.
    პირველივე აბზაცებში ისეთი მწარე ეპითეტებით ლანძღავ ახალგაზრდებს და მათთან ერთად მეც, და კულტურულ ‘უმწიფრობაზე’ მიგვითითებ და ამბობ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ამ საკითხის დაყენება როგორ შეიძლებაო? როგორ გეკადრებათ საქართველოში ზოგადსაკაცობრიო სატკივარზე საუბარი, აქ ისევ სჯობია ჩვენს პატარა, პროვინციალ პოლიტიკურ თუ სხვა საკანცელარიო სატკივარზე ვილაპარაკოთო. ეს თავისთავად ისეთი საკითხის დაყენებაა, რომ გამორიცხავს ნებისმიერ ჯანმრთელ პროცესს მსოფლიოს კლტურულ პროცესებში ჩაბმულობისას. მსოფლიო პოეზიის ბევრი გრანდი სწორედ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ფიქრობდა და სცდებოდა პატარა ‘პატრიოტულ’ ჩარჩოებს. სწორედ ამან აქცია ვაჟა ფშაველა დიდ მოაზროვნედ, ალენ გინზბერგი დიდ პოეტად. ჯეიმზ ჯოისმა რომ ‘დუბლინელები’ დაწერა ირლანდიელ ნაციონალისტებში მასაც გამოუჩნდა შენსავით ‘ჭკუის მასწავლებლები’, რომლებიც მის ‘რენეგადულ’ ლიტერატურას ღალატს უწოდებდნენ. თანამდროვე და ძველი ლიტერატურიდანაც ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, კარგად მოგეხსენება. იგივე ჰაინრიჰ ბიოლი, რომელიც თავისი მემარცხენე შეხედულებებით ვერაფრით ჩაჯდა ბიურგერული ისტაბლიშმენტის ‘დალაგებულ წესრიგში’ და ამას საკუთარი გზით სიარული ამჯობინა. გამოჩენილ რუს ბარდს ვლადიმირ ვისოცკის ამ თემაზე სიმღერაც კი აქვს. საკუთარი გზით სიარული პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა.
    უოლტ უიტმენის ქუჩის აქცია ნამვდვილად ვერ იქნებოდა პოპულისტური ერთი უბრალო ფაქტის გამო – ქართული პოლიტიკური და ბიზნეს ისტაბლიშმენტის აბსოლუტურ უმრავლესობას სულ არ აინტერესებს უიტმენის პოეზია. ბევრმა მათგანმა არც კი იცის ეს ადამიანი ვინ არის. ამ თემაზე გამოკითხვების ჩატარების სურვილი რომ გაგიჩნდა კარგია და შეგიძლია ჩაატარო და ნახავ რომ ეს მართლაც ასეა. თავისთავად განათლების დაბალი დონე რომ ჩვენი საერთო პრობლემაა ესეც ფაქტია. მაგრამ ის, რომ უიტმენის აქცია თითქოს ალექს ჩიღვინაძის და მისი მეგობრების მიერ ჩაფიქრებულ იქნა როგორც პოპულისტური ჟესტი, რომელიც მათს ‘რუტინისგან გაქცევას’ ემსახურებოდა, აბსოლუტურად გაუგებარია სენტენციაა. პირიქით, ამ აქციით ახალგაზრდებმა ჩვენს პროვინციალ ‘მიშა-გრიშას’ დისკურსში რაღაც ზოგადსაკაცობრიო შემოიტანეს.
    ნუთუ გაუთავებლად იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი საქართველოში ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა? ვინ იქნება შემდეგი კულტურის მინისტრი? გაუქმდება ქალიშვილობის ინსტიტუტი თუ არა? როგორ უპირისპირდება ადამიანების გარკვეული ჯგუფი ნაციონალურ მთავრობას თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას?
    ნუთუ არ შეიძლება რომ საუბარი ბევრად უფრო ზოგადსაკაცობრიო თემაზე იყოს. მაგალითად რამდენად მისაღებია ადამიანების წამება მთელს მსოფლიოში? რამდენად მისაღებია ბუნების ასეთი მდგომარეობა? რა არის საერთოდ ადამიანის ბუნება?
    ჩემო ძვირფასო დათო, ამ საკითხებზე ლაპარაკი რიგ შემთხვევებში უფრო საინტერესოა, და უიტმენის, გინზბერგისა თუ სხვების პასუხებიც უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენს პატარა თუნდაც ‘ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოში’ არსებულ ხელოვნურ დიქოტომიურ დაპირისპირებებზე გაითავებელი წყლის ნაყვა. უიტმენს ადამიანის სწამდა. ასევე ალენ გინზბერგს, რომლის საყვარელი პოეტიც იყო უიტმენი. ასევე საქართველოში დაბადებულ მაიაკოვსკის. რამდენად შეიძლება ადამიანის გწამდეს? აი, ეს არის საუკუნის კითხვა და არა ის ვინ სჯობია: მიშა თუ გრიშა. ანუ საქართველოშიაც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიაც უიტმენის თემაზე დისკუსია დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ნასზე ლაპარაკობენ პოსტ-მოდერნისტებიც და სიტუაციონისტებიც და ნებისმიერი სხვა ჯანრის წარმომადგენლებიც. ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება და ვერც ერთი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ მოხსნის მის მნიშვნელობას.
    გერტრუდა სტაინი გამოჩენილი ამერიკელი პოეტი და 20-იანი წლების ერთ-ერთი აზროვნების ცენტრი იყო. სწორედ მან დაწერა ერთი შეხედვით აბსურდული სტროფები:

    I land.
    One.
    I land.
    Two.
    I land.
    As a so.
    They cannot.
    A note.
    A float.
    They cannot.
    They dote.
    They cannot.
    ამ ლექსში გერტრუდა სტაინი ძალიან კარგად ამბობს რომ ზოგს შეუძლია და ზოგსაც არა. მე ვფიქრობ რომ ის შემოქმედებითი გამბედაობა რომელიც შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ გამოიჩინეს იშვიათია და ყველას ის არ მოეთხოვება. თვით გერტრუდა სტაინი თავის ლესბოელ პარტნიორ ალის ტოკლასთან ერთად ებრაელი იყო და მიუხედავად ამისა ის ნაცისტური ოკუპაციის პირობებში ნაცისტების ოკუპირებულ საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად, მაშინ როდესაც მისი ახლაგაზრდა მეგობრები ჰემინგიუეის და პაბლო პიკასოს თამადობით ყველანაირად ებრძოდნენ ფაშიზმს. Aასევე შეცდომები მოუვიდათ ეზრა პაუნდს და მარტინ ჰაიდეგერს. ასე რომ მართალი იყო გერტრუდა სტაინი – ყველას ვერ მოსთხოვ გამბედაობას – ზოგს ეშინია, ზოგიც ცდება – ყველანი ადამიანები ვართ. Aარც შენ მოგეთხოვება ჩემო დავით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გამბედაობის გამო მათ დავაბრალოთ როგორც პატარა ბავშვებს რომ მათ ‘რუტინას’ უღალატეს თურმე. სიმართლე გითხრა ეჭვი მეპარება რომ შენ ალექსს მუდმივად თავზე ადგახარ და ის გაგირბის ‘სათამაშოდ’. Aასე რომც იყოს, ისიც უნდა ვისწავლოთ რომ ეს ადამიანები ბავშვები არ არიან და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვთ. ვის როგორ შეუძლია რუტინაში ჯდომა, ამას მკითხველი განსჯის, ჩემო დათო.
    ალენ გინზბერგს არასდროს უღალატია ‘რუტინისათვის’ და მიუხედავად ამისა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ლექსები. იგი თანამედროვე სემიოლოგიას მუდმივად ეთამაშებოდა და ცვლიდა, გარდა იმისა რომ მეტად პატრიოტულად უპრისპირდებოდა არსებულ მომხმარებლურ რეალობას. სწორედ ამიტომაც უთხრა მან მის სამშობლოს ასეთი ღრმად პატრიოტული სიტყვები:

    America I’ve given you all and now I’m nothing.
    America two dollars and twenty-seven cents January 17, 1956.
    I can’t stand my own mind.
    America when will we end the human war?
    Go fuck yourself with your atom bomb
    I don’t feel good don’t bother me.

    ამას წინათ მომეცა საშუალება წამეკითხა შენი და დათო ჩიხლაძის დიალოგების წიგნი, სადაც ლაპარაკი იყო ხელოვანების მიერ მოწყობილ ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც 2003 წლის მარტში გავმართეთ ბასა ჯანიკაშვილმა, ვახო ბაბუნაშვილმა, ზურა რთველიაშვილმა, შოთა იათაშვილმა და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა. სხვათა შორის, ისევე როგორც ახლა უიტმენის აქციაზე მაშინ პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა ჩირგვებში ჩაძვრა, რადგანაც ეს თემა მათთვის ‘არამომგებიანი’ იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა შენი და დათო ჩიხლაძის აზრები, თუმცა ერთი რამე რაც მე იქ დავინახე, იყო ის პოეტისთვის ცოტა უჩვეულო პრაგმატიზმი. ისევე როგორც ამ შენს მიმართვაში, როდესაც ალექსს სთავაზობ გააკეთოს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი (რასაც სხვათაშორის ბევრი ორგანიზაცია აკეთებს საქართველოში) და ეს გამოკითხვა ჩაატაროს. პირადად ჩემთვის პოეტურ სემიოლგიაში ასეთი ‘პედაგოგიური’ ჩარევა სწორედაც პიროვნული და შემოქმედებითი უმწიფრობის გამოვლინებად მიმაჩნია. პოეტი ზოგადად თავისუფალია აირჩიოს საკუთარი სემიოლოგია და გამოხატვის ფორმები. ალექსისა და შოთას მიერ დაგეგმილი და ჩატარებული ეს 10 წუთიანი პოლოფონიური აქცია (მოგეხსენება მეტი არ გვაცალეს) სწორედაც რომ სემოილოგიური გადატრიალება იყო ჩვენს დისკურსში. აქ იყო ორი ფაქტორი: 1) ჩვეული ჰომოფონიის მაგივრად აქ პოლიფონიური ფორმა იქნა გამოყენებული, სადაც ერთის მაგივრად სამი პოეტი კითხულობს განსხვავებულ ტექსტებს განსხვავებულ ენებზე და დომინანტის პოზიცია არც ერთს არ უჭირავს ანუ ეს არის მრავალხმოვანი დისკურსი და 2) დისკურსის ძირითადი ფოკუსი ‘მიშა-გრიშა” “ქალიშვილობის ინსტიტუტიდან’ გადატანილია თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ჭრილში – ანუ უიტმენი-ბუშის წინააღმდეგ. დიახაც საკითხის ასე დაყენება მეტად უჩვეულოა და სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ აქციამ ასეთი არაორდინარული რეაქცია. უიტმენის აქ წარმოადგენს ადამიანის სიმბოლოს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ზეიმობს, ბუში კი ანტი-ჰუმანიმიზს სიმბოლოს, რომელიც ომს ზეიმობს. დიახაც ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა დღევანდელი სამყაროს ჰუმანიმიზმისათვის, სადაც მომხმარებლური სამყარო აშკარად შლის ჰუმანიზმის ტრადიციებს და მის მაგივრად ცდილობს ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმებისა თუ კონსუმერული ცინიზმის დამკვიდრებას. უიტმენი ამის ანტიპოდია. უიტმენი დღევანდელი პოლიტიკის ანტიპოდია, ისევე როგორც ვოლი სოინკა, ბენ ოქრი, ბილი ქოლინსი, ბობ დილანი, ტომ ვეითსი და ბევრი სხვა.
    დღევანდელ დღეს მთავარი გამოწვევა მსოფლიო ლიტერატურაში გახლავთ სწორედაც რომ დამკვიდრებული დოგმატური, აწ უკვე პოსტ-მოდერნული დისკურსის შეცვლა, სადაც ყველაფერი იდენტობის პოლიტიკას ემორჩილება. მაგრამ თუკი არჩევანს გააკეთებ ჰუმანიზმსა და ანტი-ჰუმანიზმს, მაშინვე მარგინალურ ადგილას მიგითითებენ. დღეს, როდესაც უანგარო და არა-მომხმარებლური სოლიდარობა თითქმის ნონსენსად არის მიჩნეული თანამედროვე სემიოტიკის ჩარჩოებში, სწორედაც რომ რევოლუციურია კონტექსტის ასეთი ცვლა. პოლიფონიური დისკურსი დღეს მართლაც უცნაურია, როდესაც ყველა მხოლოდ ანტი-ჰუმანისტურ დომინაციის პრინციპზე ლაპარაკობს, როდესაც ვიღაც აუცილებლად უნდა იყოს წამყვანი ხმა და ყველა სხვას უნდა ემორჩილებოდეს. სწორედ, ამიტომაც არის რომ ჩვენი დისკურსი მსოფლიოში ვერ გადის, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენთ და მხოლოდ ის გვაინტერესებს ვინ არის ან მიშას მომხრე ან გრიშასი და ვინ გამოდის ქალიშვილობის ინსტიტუტის დამცველად ან მოწინააღმდეგედ. დღევანდელ მსოფლიოში კი არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებზეც ადამიანები ფიქრობენ და არსებობს სხვა ესთეტიური ღირებულებებიც. სამყარო ბრეხტის თეატრია, სადაც ჩვენ არ გვაქვს მუდმივად მოსჯილი თეთრ თუ შავ სცენარს დავემორჩილოთ.
    ალექს ჩიღვინაძემ, შოთა გაგარინმა ზურა რთველიაშვილთან ერთად გარკვეული სემოიტიკური გადატრიალება მოახდინეს უკვე. ამის მაგალითია ის მწვავე თავდასხმები, რომლებსაც ამ დისკურსის და ‘რუტინის’ დამცველების მხრიდან.
    არსებული დოგმატური დისკურსის გახლეჩვა არც ისე მარტივი საქმეა. ეს მშვენივრად მოახერხეს ახალგაზრდა პოეტებმა. ცხადია, რომ მათ ამისათვის ლიტერატურული ქურუმების ‘დევნა’ დაიმსახურეს და ეს მეტად ჯანმრთელი პროცესია ლიტერატურაში. ნამდვილად ახალ ნაბიჯს პოეზიასა და პერფორმანსის ხელოვნებაში ყოველთვის მოჰყვება ასე ‘გმობა’. ღოგორც ცნობილი თანამედროვე ამერიკელი პოეტი მუმია აბუ ჯამალი წერს თავის ლექსში To Those:

    nameless ones who came before
    and are no more,
    to those who leapt
    to dark, salty depths,
    to those battled
    against all odds,
    to those who would give birth
    to gods,
    to those who would not yield –
    To those who came before,
    To those who are to come,
    I dedicate this shield.

    ამერიკელი პოეტის ესთეტიური გაბედულება სწორედ ეს არის რომ ფარს აძლევს და უძღვნის მათ, ვინც ამ ბიურგერულ ორომტრიალში არ ჩაებმება და გაბედავს მისი განსხვავებული პოზიციით გამოსვლას. ვინმეს თუ ჰგონია რომ აბუ ჯამალის რუტინა რომელიმე კონფორმისტი მწერლის რუტინაზე ნაკლებ შრომას მოიცავს, ის ღრმა გაუგებრობაშია მოხვედრილი. უბრალოდ ნეო-კოლონიალურ საზოგადოებებში კონფორმიზმი და უსამართლობისადმი შემგუებლობა რატომღაც გაიგივებულია რუტინასთან და შრომასთანაც. ეს ის პრინციპია, რომელსაც პლანტატორები მონებისათვის ამკვიდრებდნენ და მათს შორის პოეტებსაც არჩევდნენ.
    დიახაც მწერლის მიზანია გააღიზიანოს საზოგადოების კომფორტულად მოკალათებული ნაწილი. მისი მთავარი დანიშნულებაა რომ ამის გაკეთება შეძლოს, როდესაც ლიტერატურის ‘მაღალი მღვდლები’ ესთეტიკისა და ნიჭიერების შესახებ ლექციების კითხვას იწყებენ.
    დიახაც, პოეტს არ სჯერა “მაღალი მღვდლების’ – ის შეგნებულად არღვევს კანონებს, იმისათვის რომ უფრო კეთილშობილი კანონები გამოიგონოს. ზოგ შემთხვევაში მას ეს გამოსდის და ზოგ შემთხვევაში არა. ჩვენი ნეოკოლონიური აზროვნებიდან გამოყვანას ალექს ჩიღვინაძის მაგვარი ახალგაზრდები სჭირდება, რომლებიც უფრო გაბედულად დაარღვევენ ყველანაირ დოგმატურ კანონებს და რაც მთავარია იმ კანონს, რომ ძალა აღმართს ხნავს. არა, ბატონებო, ძალა აღმართს არ ხნავს.
    კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის სიტყვებით მინდა დავასრულო:

    I shall be telling this with a sigh
    Somewhere ages and ages hence:
    Two roads diverged in a wood, and I–
    I took the one less traveled by,
    And that has made all the difference.

    ცხადია, პოეტისთვის იმ გზის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რომელიც რისკს მოიცავს. ჩემთვის რობერტ ფროსტის ესთეტიკა ბევრად უფრო ახლობელია, ვიდრე საბჭოთა მასწავლებლების. რისკზე წასვლა ადვილი არ არის და ყველას არ მოეთხოვება, როგორც გერტრუდა სტაინი ამბობდა. მაგრამ, ვისაც ამ რისკზე წასვლა შეუძლია, ნუ ჩავქოლავთ, ჩემო დავით. ეს მხოლოდ საბჭოთა ‘მასწავლებლური’ ტონის რემინისცენციაა და არანაირად არ არის რელევანტური დღევანდელ ესთეტიურ სამყაროში.
    ასეთი ‘პედაგოგიკით’ შორს ვერ წავალთ. ჩემი რჩევაა, იქნებ ამ შემთხვევაში შენ დაესწრო ალექს ჩიღვინაძის ერთი-ორ ლექციას. ჭკუის დარიგებად არ მიიღო – მეგობრული რჩევაა. ვფიქრობ ბევრს ისწავლი ნონ-კონფორმიზმის ახლებური გაგების შესახებ. ამისათვის შენი ლექსის ენით რომ ვთქვათ: არც დაგჭირდება ‘ავსტრიის დედაქალაქ კოპენჰაგენში’ წასვლა – ეს ხომ მშვენიერი და პატრიოტული ბანაკებით სავსე “საქართველოს დედაქალაქ სოფიაშია”.

    © netgazeti.ge

  • ახალი ამბები,  პოლემიკა

    დათო ბარბაქაძე – ღია წერილი ალექსი ჩიღვინაძეს

    ალექს, წავიკითხე ბუშის ქუჩაზე გამართული აქციის შესახებ შენი საინფორმაციო წერილი, რომელიც დღეს მომაწოდე, და დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მკაფიო წარმოდგენა შემექმნა შოთა დიღმელაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და შენს აქციაზე. თუ სწორად გავიგე, თქვენი იდეა მდგომარეობდა ბუშის ქუჩისთვის უიტმენის სახელის დარქმევაში. ამ მოთხოვნით 14 აგვისტოს მიხვედით ბუშის ქუჩაზე, მისი სურათი გრაფიტით შეამკეთ (თუ არ შეამკეთ? წერილიდან ეს არ ჩანს), მერე ”უსაფრთხოების კუნძულზე” დადექით და დაიწყეთ ამერიკელი პოეტების ლექსების კითხვა. ამასობაში მოვიდნენ პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროში წაგიყვანეს და დაგაჯარიმეს.
    ამ თქვენს აქციას მხოლოდ იმიტომ ვერ დავტოვებ უკომენტაროდ, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დასახსრულ უმწვავეს საკითხებსაც წამოჭრის, მათ გადაჭრაზე ოცნებებსაც აინტენსიურებს და, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ნებისმიერი ძლიერი იდეის განაყოფიერების სრულ კულტურულ უპერსპექტივობას. და მე ასეთი უპერსპექტივობის ერთადერთი მიზეზს, ათიდან ცხრა შემთხვევაში, თვით იდეის ავტორთა კულტურულ უმწიფრობასა და პოეტურ უსუსურობაში ვხედავ. ხოლო კულტურული უმწიფრობის არსებითი ნიშანი, ჩემი დოგმატური და უდავოდ დასაგმობი შეხედულებით, კონტექსტის გრძნობის არქონაა (რაც, კიდევ უარესი, ესთეტიკური უგემოვნობის საბუთად წარმომიდგენია). თქვენი შემთხვევა სწორედ ცხრიდან ერთ-ერთია, ჩემს გულდაწყვეტას კი მხოლოდ აძლიერებს იდეის გამაოგნებელი პოეტური სიზუსტე და მისი რეალიზაციისთვის თქვენს მიერ დახარჯული ენერგიის სრული უბადრუკობა.
    ასეთი უზუსტესი იდეები ხომ, არც მეტი და არც ნაკლები, მთელი კულტურული დინებების წარმოსაქმნელად გამოდგება ხოლმე. მარტო მისი ტევადობა რად ღირს: პრიმიტივი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის ნაცვლად – უდიდესი პოეტის სახელობის ქუჩა; ათასი პირადულ-პრაგმატული მიზნის სუნად აყროლებული ქუჩის ნაცვლად – კულტურებს შორის დიალოგის მიმართ ღიაობის გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკის მიერ კულტურის დამცირების ხაზგამსმელი ქუჩის ნაცვლად – პოეტური საწყისის მიმართ მოკრძალების გამომხატველი ქუჩა; პოლიტიკური ქლესაობის სიმბოლოს ნაცვლად – მადლიერების გადახდისთვის კეთილშობილური მზადყოფნის სიმბოლო… ბოლოსდაბოლოს, თუნდაც, უბრალოდ, შანსი, რომელიც ხელისუფლებას ეძლევა, რათა მის მიერ სულიერების წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს და მისი გამოსწორებით ნაკარნახევი ნაბიჯი გადადგას!
    მაგრამ არც ერთ ასეთი უზუსტესი კულტურული იდეა არ მუშაობს საქართველოში, თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად მწერლობაში, ნებისმიერს, ვინც ლექსის წერას და გამოქვეყნებას იწყებს, პოეტი წარმდგენილი ჰყავს, როგორც დენდი და არა – როგორც ადამიანი, რომელიც, როცა ამას კონტექსტი მოითხოვს, საკუთარ თავზე იღებს უამრავი შავი სამუშაოს ჩატარებას და სხვას კი არ მიუთითებს გასაკეთებელ საქმეზე, არამედ რასაც იწყებს, თავადვე განაგრძობს და იმასაც ცდილობს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
    არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, მე რომ თქვენი დასჯის შესაძლებლობა მქონოდა ან საერთოდ თუ გადავწყვეტდი თქვენს დასჯას მას მერე, რაც თქვენ ჩაიდინეთ, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: ჩვენი სამართალდამცავების პროფესიული უვარგისობა და თქვენი კულტურული უსუსურობა ისე ჰარმონიულად თანაარსებობს, რომ ისღა დამრჩენია, კიდევ ერთხელ სევდანარევად დავტკბე ამ ჰარმონიის უზრუნველმყოფელი ხელისუფლების შავი იუმორით. სხვათაშორის, თქვენი მდგომარეობის კომიზმი კარგად ჩანს იმაში, რომ თქვენ ვერც მათ შავ იუმორს ხედავთ და ვერც – იმას, თუ როგორ ერთობიან ისინი თქვენით (იმიტომ ხომ არა, რომ უკვე საგანგაშოდ ხართ გართული თქვენი თავის უმოწყალო ცვეთით? შენს წერილში ისიც კი აღნიშვნის ღირსად მიიჩნიე, რომ იზოლატორში ბიჭები სოციალიზმზე და ფუკოზე საუბრობდით, მაგრამ არც კი გიფიქრია თქვენი ამ რომანტიზმის უზრუნველმყოფლებისთვის მადლობის გადახდა; ისე, ჩემო ალექს, ხანდახან მაინც ხომ გიფიქრია, შენს ასაკში ფუკომ რამდენი ენა იცოდა, რა განათლება უმაგრებდა ზურგს და როგორ პროზაულ და არა რომანტიკულ საყრდენებზე დგას მისი „ციხის დაბადება“ და სხვა „დაბადებები“?). მაინცდამაინც თმაში ჭაღარა უნდა შემოგერიოთ შენ და შენს მეგობრებს, რომ ციხის გარეთაც გაფლანგული დროის ციხეში იგრძნოთ თავი?
    გთხოვთ, ნურც შენ და ნურც შოთა ნუ შეურაცხყოფთ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას და თანადგომას და ნუ მიმითითებთ გარდასულ დროთა აქციონიზმებზე და ბევრ სხვა ისეთ რამეზე, რაც ერთი შეხედვით თქვენი ამაღლებული რომანტიზმის და ჩემი მოსაწყენი კლასიციზმის საბუთი იქნება. მე ახლა უფრო კარგად ვხედავ იმასაც, თუ როგორ გამოგიყენათ ყველამ (და ახლაც გიყენებთ თქვენი ინტერესების დავიწროების გამო), ვისაც ენდობოდით და პატივს სცემდით (ვნატრობ, რომ ვცდებოდე!); როგორ დებდნენ და დებენ ისინი ფსონს თქვენისთანა ახალგაზრდებზე და როგორ ხდებით მერე ავანტიურაში ნაწრთობი და გამოცდილი ადამიანების გეგმებში ჩართული (თუ ასე გაგრძელდება, ძალიან, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ დიდი ხნის მერე, როცა ამ ყველაფერს მიხვდებით და დროც თვალსა და ხელს შორის გაგიქრებათ, თქვენ არ მოექცეთ ასე თქვენს მერე მოსულ ახალგაზრდებს და მათ არ ჩაუტაროთ ის ილეთები, რომლებსაც ახლა თქვენ გიტარებენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთ დეკორაციებად წარმოუდგენიხართ).
    და ამ მშობლიური მზაკვრობების ფონზე, რომელთა მახეში დღეს სულაც არ გაბმულხართ, მართლაც ანგელოზების საკრებულოდ გამოსჩანს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ თავაზიანი მოპყრობით და თქვენი მატერიალური დაჯარიმებით გაგეთამაშათ.
    და მაინც, რა ჩაიდინეთ ასეთი, რასაც პირადად მე ვერ გპატიობთ? რა და, თქვენდაუნებურად, გენიალურ იდეას უღალატეთ. საქართველოში, რომელიც ცნობილია ერთ დღეში გასაკეთებელი საქმის ერთ წელიწადზე გადაჭიმვის უნაკლო ხრიკებით, თქვენ ბევრად უარესი ჩაიდინეთ და ერთი წლის საქმეს ერთი დღეც კი არ დაუთმეთ. თქვენ, არტისტებმა და ხელოვნებაზე შეყვარებულმა ადამიანებმა, ხელისუფლების პერმანენტულ უნიჭობას თქვენი აქციის უნიჭობა შეაგებეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში როგორც სამოხელეო აქტივობები, ისე – პოლიტიკის „მაყურებლებისა“ და მთავრობის „მფარველობის“ ქვეშ მყოფი ბიზნესმენების ერთობლივი პროექტები მოკლებულია არსებითს: ნიჭიერებას. რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით, უნიჭობაა სიღნაღის ნაკრძალიც, ხალხური შემოქმედების ტოტალურ დაცვაზე სახელმწიფოს დედობრივი ზრუნვაც, ტურიზმის დარგში სამყაროს ცენტრად საქართველოს გადაქცევაზე ოცნებით მოტივირებული სარესტავრაციო ვნებებიც და უამრავი ჯერ კიდევ მოსალოდნელი ბიზნესიც. რა თქმა უნდა, უნიჭობაა ამ უნიჭობებზე თვალისდახუჭვის ან მათში მსუბუქი კორექტივების შეტანის „კულტურაც“. მაგრამ იმაზე დიდი უნიჭობა ძნელი წარმოსადგენია, როცა ზუსტი და უძლიერესი მუხტის მატარებელი იდეა ფუჭდება და – კონტექსტის გრძნობის არარსებობის ფონზე – შესაძლო შრომის შედეგად მისაღები შედეგები წყალში იყრება.
    უბრალოდ რომ ვთქვათ, თქვენი იდეა მიბაძულმა, მექანიკურად გადმოღებულმა აქციონიზმმა და პოეზიის ნაკლებობამ გაანადგურა. რა თქმა უნდა, ამან კიდევ ერთხელ რაღაც შესძინა თქვენს ბიოგრაფიას (თუნდაც მდარე თბილისური ტუსოვკებისა და თქვენი სოციალური აქტივობების გამომყენებელთა ოპერატიულ მეხსიერებაში), მაგრამ არა – იდეას და არა – თქვენს კულტურულ გამოცდილებას. თქვენ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგით წინ თქვენს განვითარებაში იმიტომ, რომ უარი თქვით ათასჯერ უფრო რთულ გზაზე: პატიოსანი შრომის გზაზე. ამ შემთხვევაში კი (რაკი მაინც და მაინც აქციის ხელოვნება აირჩიეთ და რაკი ამ ფრონტზე საქართველოში ჯერ მხოლოდ ყამირია, შესაბამისად კი, შავი სამუშაოების ნაკლებობა არ იგრძნობა) პატიოსანი შრომის გზად მხოლოდ ხანგრძლივ დროში განაწილებული პერმანენტული შრომა შეიძლებოდა ქცეულიყო. მაგრამ თქვენი შრომა ამ მიმართულებით გადასროლისგან თავიდანვე დაზღვეული იყო: თქვენ ხომ პროზა და რუტინა არ გინდოდათ, თქვენ ხომ დამქანცველი ყოველდღიური შრომა არ გინდოდათ! აღიარეთ!
    რაკი ეს ის შემთხვევაა, როცა მკითხველი აუცილებლად იკითხავს, მე როგორ მოვექცეოდი ამ იდეას, ორიოდე სიტყვას იმ ტკბობის შესახებაც ვიტყვი, რომელსაც თქვენმა კულტურულმა და პოეტურმა ნაკლულობამ თქვენც აგაცდინათ და – ქართული კონტექსტიც: ასეთი იდეის პატივსაცემად და ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი ფორმით მის დასაცავად ჩემი პერფორმანსის პირველი ნაწილი შეივსებოდა აღნიშნულ თემაზე (მარტივად: ბუში თუ უიტმენი?) ხელისუფლების მოხელეთა ინტერვიუირებით და მათი პოზიციის დაფიქსირებით (მე, მაგალითად, კულტურის სამინისტროს მოხელეების და მუდმივად მათგან სარგებლის მიმღებ კარის ხელოვანთა უწყინარი გამოკითხვით და მათი მიკიბულ-მოკიბული „აზროვნების“ დაფიქსირებით დავიწყებდი, არც ნიკა მემანიშვილს, გიორგი უშიკაშვილს და ყოველდღიურად გაპიარებული სიმღერების ავტორ-შემსრულებლებს თუ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გამოვტოვებდი), მეორე ნაწილი კი მათი ინტერვიუირების რთულ გზაზე მიღებული გამოცდილების აღწერას დაეთმობოდა. რა თქმა უნდა, სამი კაცისგან დაკომპლექტებული გუნდი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდა და შრომას სხვა მიმართულებებით დასახსრავდა: უიტმენის ანუ პოეზიის სასარგებლოდ ხელმოწერებს შეაგროვებდა, აქციის მომწიფებულ ეტაპზე პროკლამაციების სახით უიტმენის და გინზბერგის ლექსებს გაავრცელებდა (ორივე პოეტს გაუმართლა, მათი ლექსების შესანიშნავი ქართული თარგმანები არსებობს). შეუერთდებოდნენ თუ არა ამ აქციას თქვენი მეგობრები და დაგეხმარებოდნენ თუ არა მის გამრავალფეროვნებაში? შეუერთდებოდნენ თუ არა სტუდენტები? მათი პროფესორები? იშიმშილებდნენ თუ არა ამ იდეისთვის პოეტები სიმბოლურად თუნდაც ერთი დღით? გამართავდნენ თუ არა ისინი იდეის მხარდასაჭერ პოეტურ საღამოებს? რას იტყოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები (თუ, რა თქმა უნდა, სატელევიზიო არხები მათ ინტერვიუირებას გაბედავდნენ)? რას იტყოდნენ უცხოელი მწერლები ან მთელ საქართველოში მიმოფანტული უცხოელი ინგლისურის მასწავლებლები? რა სახე ექნებოდა შესაძლო მანიპულაციებს ხელისუფლების მხრიდან ან იქნებოდა თუ არა ასეთი მანიპულაციები საერთოდ (იქნებ, მათ თქვენზე მეტად უნდათ ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მხოლოდ ძლიერ იმპულსს უცდიან)? როგორ აიცილებდით თავიდან ცრუოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოპულიზმს? მოედებოდა ეს ტალღა საქართველოს სხვა ქალაქებს? გამოჩნდებოდა რეჟისორი, რომელიც ამ უნიკალურ მასალებზე და უნიკალურ პროცესზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა?
    აი, ასეთ გამოცდილებაზე თქვით უარი, ალექს, შენ და შენმა მეგობრებმა, ასეთი გამოცდილება დაუკარგეთ თქვენს მშობლიურ კონტექსტს და მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა – პოეზიის ნაკლებობას და, ამის მიზეზით, იდეის უნებლიე ღალატს. თქვენ, ჯერჯერობით, თქვენი თავი უფრო გიყვართ, ვიდრე – პოეზია. არადა, პოეზია ხომ მხოლოდ პროზით, თავაუღებელი შრომით, მიიღწევა. მე კი ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ კარგად ვხედავ: თქვენ ამას სხვა არავინ გეტყვით.
    ისე კი, მართლაც რომ შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი! რატომ არ ინება ღმერთმა, რომ XXI საუკუნის საქართველოში სწორედ შენ, შოთას და თქვენს თაობას, პოეზია გადაგექციათ ისეთი დიდი კულტურული მოძრაობის პლატფორმად, რომელიც თქვენს კონტექსტსაც და ჩვენს მომავალ თაობებსაც დიდხანს გაჰყვებოდა სულიერ საგზლად და ღირსების მანიფესტად? მხოლოდ იმიტომ, რომ იდეა ერთ დღეში ასე უმოწყალოდ გაანიავეთ? არ ვიცი. მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთ მომენტებში კიდევ უფრო მეტად ესმება ხაზი ღმერთის სამართლიანობას.

    © netgazeti.ge

  • ახალი ამბები,  პოლემიკა

    ალექსი ჩიღვინაძე – "მე შენთან ზავს ვდებ, უოლტ უიტმენ"

    “I dream’d in a dream I saw a city invincible to the attacks of the

    whole of the rest of the earth,”

    ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე. ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს.
    გუშინ, 14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით.
    ვიდექით ეგრეთ წოდებულ “უსაფრთხოების კუნძულზე” და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. “О Captain! my Captain!” გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. “О Captain! my Captain!” ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა “О Captain! my Captain!” და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. “О Captain! my Captain!” ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. “О Captain! my Captain!” ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, – იყო მთავარი მესიჯი.
    რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით.
    ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით.
    ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.
    მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა.
    რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ “კაპეზეში” (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს “ციხის დაბადებას”, სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში.
    დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია.
    წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი?

    © netgazeti.ge

  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    მალხაზ ხარბედია – ბუკინისტები ალტერნატიულ ტფილისში

    ისევ ვაგრძელებ ალტერნატიულ ტფილისზე წერას. შეგახსენებთ, რომ ამ გასართობს 2 წლის წინ შევყევით რამდენიმე ვირტუალური მეგობარი. შარშან ნოემბერში კი ჩემი წილი ნაოცნებარი თავისუფლების ბლოგებზე განვავრცე. თავიდან „ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორიით“ დავიწყე, მოგვიანებით მას „ალტერნატიული ტფილისის ტექსტი“ მოჰყვა. წელს, თებერვალში კი – „რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში“ . დრომ მოიტანა და ალტერნატიული ტფილისის ციკლს კიდევ ერთი – წიგნების და ბუკინისტების – თემაც უნდა შევმატოთ, მორიგი ოცნება, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს 10-დღიან მძიმე რეალობას და სულ სხვა, შესაძლებელ ქალაქს დაგვანახებს, ნაცვლად დღევანდელი, უწიგნებოდ დარჩენილი ქალაქისა. ერთი სიტყვით, ბრძოლა „წიგნის გეტოს“ წინააღმდეგ გრძელდება, ამჯერად ოცნებითა და პარალელური სამყაროთი.

    ნაბეჭდი წიგნების ისტორია ტფილისში XVII საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში შემოაღწია ჩვენს ქალაქში პირველმა წიგნებმა, მათ შორის ქართულმა წიგნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 1629 წელს დაიბეჭდა რომში. XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქში სტამბაც დაარსდა და ნაბეჭდი წიგნის პირველი ბიბლიოთეკებიც გაჩნდა.

    ყველაზე მდიდრული კოლექციები, რა თქმა უნდა, მეფეებს ჰქონდათ. კარგი კოლექცია ჰქონია ვახტანგ VI-ს, ხოლო ბიძამისის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკა მთელს აზიაში იყო განთქმული და კათოლიკე მისიონერები მასთან ათენ-აღამებდნენ თურმე. ევროპელების ხათრით მეფეს თანამოქალაქეებისთვისაც მიუცია წიგნებით სარგებლობის ნება და წლების მანძილზე ტფილისის მოქალაქეებიც ხშირად სტუმრობდნენ თურმე მეფის ბიბლიოთეკას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტფილისის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა უკვე XVIII საუკუნის დასაწყიში არსებულა, ბიბლიოთეკა, რომელიც 1723 წელს, ჯერ მაჰმადყულიხანის ჯარის, ბოლოს კი ოსმალების შემოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურებულა.
    XVIII საუკუნის ქართული მწიგნობრობის ისტორიის ყველა დეტალის მოსათხრობად აქ არც დრო გვაქვს და არც ადგილი. ამიტომ ათწლეულებს გადავახტები და პირდაპირ იმ დროში გავჩერდები, როცა ქალაქში პირველი წიგნით მოვაჭრენი გაჩნდნენ. ხელნაწერ წიგნებს ყოველთვის ბევრი მუშტარი ჰყავდა ტფილისში, მაგრამ ნაბეჭდი წიგნების მაღაზიები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მათი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში პირველი ქუჩის მოვაჭრეებიც გამოვიდნენ გარეთუბნის ქუჩებში, ერევნის მოედანზე, სოლოლაკში, კალოუბანში და ორბელიანთუბანში. ამგვარი კონკურენცია დიდხანს არ გაგრძელებულა: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში დადეს ძმობისა და ერთობის ხელშეკრულება ქუჩის მოვაჭრეებმა და მდიდრული მაღაზიების მფლობელებმა. ეს უკანასკნელნი ხშირად თავიანთ წიგნებს ატანდნენ ხოლმე ჩამოვლაზე წასულ გამოცდილ, მოლასავით ხმამჭექარე ვაჭრებს და ჩვენი ქალაქი წიგნის ავტორების გვარებითა და დასახელებებით ივსებოდა.
    დავუშვათ, გახსნა რეზანჯიანცმა ერივანსკიზე წიგნებისა და ნოტების მაღაზია. გავიხედოთ და 2-3 თვეში მის მაღაზიას მაშინათვე ვინმე ზარიძე მიემაგრებოდა და ხან ჩამოფასებულ წიგნებს ყიდდა (რაც ძალიან იშვიათი იყო, რადგან წიგნი ფუფუნების საგანი გახლდათ), ანდა აღმა-დაღმა დადიოდა და ახალ წიგნებს სთავაზობდა სოლოლაკელ დიდებულებს. მომდევნო წლებშიაც, XIX საუკუნის 60-80-იანებშიც, არაერთი ასეთი კავშირი შედგა. მაგალითად, ტფილისში გრიქუროვის წიგნების მაღაზიაზე მეწიგნე ტახირა მუშაობდა, ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლებში განთავსებულ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიიდან კი გამთენიისას წიგნებით დატვირთული ორი თათარი გამოდიოდა ხოლმე – ერთი სასახლის ქუჩაზე ამოუხვევდა, მეორე კი ქვევით ეშვებოდა, მტკვრისკენ.
    ამ ტფილისურ ტრადიციას თავის დროზე უცხოელმა წიგნით მოვაჭრეებმაც აუბეს მხარი. გაზეთ „კავკაზში“ ვკითხულობთ, რომ 1846 წელს ფრანგ პელტიეს პარიზიდან აუარება ფრანგული წიგნი ჩამოუტანია და ქალაქის მთავარ მოედანზე გაუხსნია წიგნის ფარდული, იქ, სადაც მეძეხვე ფერარი macaroni-ს, stoffato-სა და ღორის კატლეტებს ყიდდა, ქალბატონი ლაბიელი კი – ნამცხვრეულსა და შამპანურს. სულ მალე საქმე ისე აუწყვია პელტიეს, რომ ფერარი და ქ-ნი ლაბიელიც წიგნებზე გადასულან. ეგ კი არა, ლაბიელს ტფილისის გარეთაც გაუტანია წიგნები და, როგორც გრიგოლ ორბელიანის ერთი წერილიდან ვიგებთ, ზაფხულში კოჯორშიც ხშირად გაიგონებდით თურმე მისი ბიჭების შეძახილებს.
    XIX საუკუნის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე წიგნები საკმარისად დაძველდა იმისთვის, რათა ტფილისში ბუკინისტური მაღაზიები და ქუჩის პირველი ბუკინისტებიც გაჩენილიყვნენ. 60-70-იანი წლების ქალაქში უკვე 10-მდე ასეთი მაღაზია იყო, ქუჩებში კი იდგნენ: ალექსანდრეს ბაღში დათიკო ლაზარევი, სასახლის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძე, ერივანსკიზე სიმონა, ხაფო და ლუკა, გოლოვინზე კი, კადეტთა კორპუსის ჩაყოლებაზე და კაზიონნი თეატრის წინ (ახლანდელ ოპერასთან) – ქალაქელი პოეტები: დოლმაზოვი, სიამაშვილი, ცაფცას ზანგი და გალუსტ შიხიანი.
    1876 წელს, ქალაქის თავად მოსვლისთანავე, დიმიტრი ყიფიანი პირველი იყო, ვისაც „წიგნისუბნის“ შექმნის იდეა გაუჩნდა და ორ წელიწადში განახორციელა კიდეც ეს ოცნება. „წიგნის უბანი“ განოვსკაიაზე გაშენდა (ახლანდელი გალაკტიონის ქუჩა) და სულ მალე ქუჩის მწიგნობრები ველიამინოვის ქუჩასაც მოედნენ. იქ ძირითადად ღვინის სარდაფები იყო, სადაც კურდღელოვის მარანში, სხვათა ღვინოებს შორის, თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ჩინებული კახური ღვინოებიც იყიდებოდა, ხოლო ამ სარდაფის გვერდით მეწიგნე ფაფუკა ილიასავე წიგნებს ყიდდა, რაზეც ბევრს ხუმრობდა ხოლმე აკაკი.
    XX საუკუნის დასაწყისიდან წიგნის ქუჩები გაჩნდა ვერაზე, მტკვარს გაღმა მიხეილის პროსპექტზე, ასევე დიდუბეში, ვაკეში, სადაც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდა ვარაზის ხევიდან ახლანდელ ვაკის პარკამდე. სწორედ ამ უბანში გაჩნდა 20-იან წლებში ქალაქის ყველაზე დიდი წიგნის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობისა, რომელსაც არაერთხელ ახსენებენ თავიანთ ნაწერებში ბორხესი და უმბერტო ეკო, არტურო პერეს-რევერტეს ერთ-ერთი რომანის, „კრივის მასწავლებლის“, მოქმედება კი მთლიანად ამ ქუჩაზე ვითარდება.
    ომის შემდგომ პერიოდში წიგნის მოყვარულების ცხოვრება ახლიდან განვითარდა, გაჩნდა მაღაზიათა ახალი ქსელები, კონკურენციამ კი ძველი წიგნისუბნელები აიძულა, სხვა ხერხებისთვის მიემართათ. 60-იან წლებთან ერთად წიგნი და მუსიკა ძალიან დაუმეგობრდა ერთმანეთს და ტფილისური წიგნის ქუჩები ჯაზისა და როკის მოყვარულმა შფოთიანმა ახალგაზრდებმა გაავსეს.
    შედარებით მოწყენილი და გაწონასწორებული 80-იანების შემდეგ დადგა პოეტი-ბუკინისტების ახალი თაობის დროც, მაშინ ყველა ყიდდა წიგნებს, ომარა, გელა, შოთა, ბადრი, უშანგი, ჯონდი და მამუკა. მათ ხშირად სხვა მწერლებიც ამოუდგებოდნენ ხოლმე გვერდით, ზოგს ჭაჭის არაყი მოჰქონდა გასათბობად, სხვას კიდევ – პორტვეინი და ჩირი. პოეტმა ომარამ 90-იანების ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ წიგნისუბანში, ორი ქუჩის კუთხეში გახსნა პატარა ფარდული, სადაც მისი ორივე ცოლი ერთად მუშაობდა, შეხმატკბილებულად. ამაზე პოეტმა იმირ მამედლიმ ლექსიც კი გამოუთქვა ომარას:
    აქა გნახე მაშინ შენი
    ორი ცოლის თანხლებით,
    გვერდებს როგორ გიმშვენებდნენ
    გამხდრები და მაღლები.
    ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
    ჩაგიქროლე ქარივით,
    ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
    შენი ორი ქალივით:
    ეს რა ვქენი მუსლიმანმა,
    ჩემ ქრისტიან მეგობარს
    ავერიდე, – საძრახისი
    სატანჯველად მეყოფა;
    თუმცა ის სჯობს, გულს ჩავუქრო
    სახიფათო დენთები.
    აქ ჩავლისას მუდამ ორი
    ცოლით გამახსენდები.
    ქუჩის ბუკინისტები დღესაც ბევრნი არიან ქალაქში, წიგნის ქუჩებზე დღესაც დუღს ცხოვრება, სიღარიბესა და გაჭირვებაზე არავინ ფიქრობს, არი ერთი ჟრიამული და წიგნების ჩუქება-თხოვება-გაცვლა-გამოცვლა. აქ ხან ყავაზე დაგპატიჟებენ, ხანაც – ჭიქა ღვინოზე. აქ მხოლოდ იმიტომ დგანან, რომ ქალაქს უნდა ასე, ქალაქმა მოსთხოვა. ქალაქის გამოა, რომ ვაკის ქუჩაში ვაჭრობს ზვიად სარსალია, აღმაშენებლის გამზირზე ბადურ ბულაჩაური, პარლამენტის წინ – ბუკინისტი ბოცო, რომელიც, ძირითადად, სხვადასხვა წიგნის მოკლე შინაარსებს ყიდის, ზარმაცი მუშტარიც არასდროს აკლია და ამით გააქვს თავი. გალაკტიონის ქუჩაზე ზალმან სამადაშვილსაც აქვს გახსნილი პატარა კაფე, რომელსაც თავისი საყვარელი მწერლის საპატივცემულოდ Papa დაარქვა და სადაც ბევრი ტფილისელი მწერალი იყრის თავს, არა მხოლოდ ჰემინგუეის თაყვანისმცემლები.
    თავად ზალმანი ჩუმ-ჩუმად თურმე მშვენიერ პატარა მოთხრობებსა და იგავებს წერს და ქალაქის თავობაზეც ოცნებობს, რათა კიდევ უფრო გაუადვილოს ცხოვრება წიგნიერ ხალხს.
    დაველოდოთ, იქნებ ოდესმე აუხდეს კიდეც ეს სურვილი.
    © radiotavisupleba.ge
  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    ლაშა ბერაია – ბუკინისტების საკითხს მაკროეკონომიკური მნიშვნელობა აქვს

    facebook.com
    თავიდანვე განვმარტავ, რომ ბუკინისტების თემას მაკროეკონომიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ. წინააღმდეგი ვარ მისი რომანტიზაცია-ჰეროიზაციისა და აი, რატომ:
    პირველ ყოვლისა, ეს თემა პირდაპირ უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელოების შავ ბაზარს. ორიოდე დღის წინ თანამშრომელმა ვაგზლის მოედნიდან, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ღია დახლების უმეტესობა ყოველ სექტემბერს სასკოლო წიგნებით ვაჭრობის ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცეოდა, ასეთი ამბავი მოიტანა: გაურკვეველ პირებს (დავარქვათ მათ გარემოვაჭრეები), ქალებს, ჩანთებით მოაქვთ სასკოლო სახელმძღვანელოები, დგებიან და სთავაზობენ გამვლელებს ან იმ ხალხს, რომელიც ინერციით მოდის აქ, ძველი დახლების ადგილას, სასკოლო წიგნებს, თან ყიდიან უფრო ძვირად, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. წელს სავალდებულო გახდა სახელმძღვანელოების უკანა ყდაზე ეწეროს გასაყიდი ფასი (ახლებს, წელს გრიფირებულებს აწერია). მიუხედავად ამისა, ეს გარემოვაჭრეები ატყუებენ მშობლებს, არ ეუბნებიან, რომ ფასები აწერია და 2-4 ლარით უფრო ძვირად ყიდიან. მაგალითად, ჩემი გამოცემული სახელმძღვანელო, რომელასც აწერია 10 ლარი, 12 ლარად იყიდება, 12-ლარიანი 14-ად ან მეტად. მოდის პოლიცია, დაინახავენ ეს ქალები, გაიქცევიან. მერე ისევ დგებიან და ა.შ.
    არ ვათანაბრებ ამ ხალხს ბუკინისტებთან (ამათ ქვემოთ შევეხები), მაგრამ გარევაჭრობა რომ ყოველთვის პრობლემას გვიქმნიდა გამომცემლებს, განსაკუთრებით სასკოლო წიგნების გაყიდვის პერიოდში, ფაქტია. უწინ, ვარდების რევოლუციამდე, როცა პირატული სახელმძღვანელოებიც იბეჭდებოდა, გარემოვაჭრეები კონტრაფაქციული წიგნების მწარმოებელთა უშუალო მოკავშირეები იყვნენ – მათ გარეშე ამ წიგნების გასაღება თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ბაზრობებზე გარემოვაჭრეები აქტიურად და აღურიცხავად ყიდიან მეორად წიგნებსაც და პარალელურად, გასაყიდ ფასზე ძვირად – უხმარ სახელმძღვანელოებს. ფაქტიურად ისინი ცდილობენ დროის ამ მოკლე მონაკვეთში ყველაფრიდან მოგება ნახონ: გაჭირვებულებს ეუბნებიან, რად გინდა ახალი წიგნი, ძვირია, აგერ ნახმარი იყიდე იაფადო და ამ ნახმარებიდან (ეს ბუკინისტური სახელმძღვანელოებია! – აგერ, პირველად ვახსენე ბუკინისტებიც) უფრო მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ახლებიდან. მაგრამ ცდილობენ არც აქედან მოიკლონ – იმ მშობლებს, რომელთაც არ სურთ ნახმარი წიგნი უყიდონ შვილებს და ახლის შესაძენად თანხა ემეტებათ, ატყუებენ და არ ეუბნებიან, რომ წიგნებს ფასი აწერია. თუ ეძვირებათ, ეუბნებიან, ფასი თუ არ გაწყობს, სხვაგან იყიდეო. ის კიდევ, თუ არ იცის მაღაზიის ადგილმდებარეობა, სიარულს და ძებნას არჩევს აქვე იყიდოს. მოკლედ, საქმე ისე აქვთ აწყობილი, რომ მყიდველი მათგან უწიგნოდ თითქმის არ მიდის.
    ვისთვის როგორ და ჩემთვის უკვე ბარე ათი წელია არ არის სულერთი, რომ ვერ ვინარჩუნებ ჩემ მიერვე დაწესებულ საცალო ფასებს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. წელს ფასები კი დავაწერეთ ახალ წიგნებს, მაგრამ: 1) საკმაოდ ბევრი მშობელი ინერციით აკითხავს ბაზრობებს და ჰგონიათ, რომ იქ წიგნები უფრო იაფად იყიდება – მრავალწლიანი განუკითხაობის შედეგი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, 2) სამწუხაროდ, არც პედაგოგები აფრთხილებენ მშობლებს ამის თაობაზე, არადა სპეციალური საინფორმაციო ფურცლები დავბეჭდეთ და დავურიგეთ, სადაც მაღაზიების ჩამონათვალიც გვაქვს მითითებული, მისამართების ჩვენებით, და საცალო ფასებიც.
    სისტემა იმდენად გარყვნილია (გარემოვაჭრეების თავგასულობა თბილისსა და რეგიონული ცენტრების რკინისგზისა და ავტოსადგურები ბაზრობებზე, პედაგოგების უმეტესობის დაბალი კომპეტენცია, მშობელთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა და უყურადღებობა), რომ ბუკინისტებთან დაკავშირებული რომანტიკა აშკარად ვერ მოდის ამ ყველაფერთან შესაბამისობაში. მე ქირურგიული ჩარევისკენ ვიხრები. მიმაჩნია, ძალიან კარგია, რომ აკრძალეს გარევაჭრობა, მათ შორის წიგნებით, თუმცა ეს პროცესი სანახევროდაა მოგვარებული: იმ ადგილებში, სადაც სასკოლო წიგნებით მოვაჭრეები გადავიდნენ (ან დარჩნენ), გასაკონტროლებელია აღრიცხვიანობა და მისახედია გასაყიდი ფასის დაცვის თემა. სასკოლო სახელმძღვანელოები განსაკუთრებული პროდუქტია, გადის განათლების სამინისტროს გრიფირებას და საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც ზოგჯერ რეგულირდება ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს მოვაჭრეებისგან, არ დაარღვიონ საცალო ფასი, ოღონდ ამის პრაქტიკები განსხვავდება. ვიცი შემთხვევა, როცა საფრანგეთის განათლების მინისტრის ბრძანებით დაწესებულა ფასდაკლებების ერთნაირი პროცენტიც კი ქალაქებისა და რეგიონების მოვაჭრეებისთვის; თავისთავად იგულისხმება, რომ დადგენილი საცალო ფასი ურყევი უნდა დარჩენილიყო. სხვა საკითხია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ის, რომ ეს არ არის რიგითი პროდუქტი, ცალსახაა. საერთოდ, რეგულირების დიდი ტრფიალი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ რეგულირება მიზანშეწონილია. სახელმძვანელოები მცირე ხნის განმავლობაში იყიდება და შემთხვევითი ხალხი ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს აქედან.
    რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბუკინისტების თემასთან? პირდაპირი კავშირი აქვს: ზოგადად ბაზრის სწორად და ლოგიკურად ორგანიზების საკითხია. ბუკინისტებსა (აქამდე რა სტატუსითაც იყვენენ!) და იმ ჩანთაგადაკიდებულ ქალებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები ქირაობენ და შავ ბიზნესს ეწევიან, აერთიანებთ ერთი რამ – არალეგალური ბიზნესის წარმოება. ამდენად, თუ ბუკინისტებს, რამდენიმე ათეული ინტელექტუალის რომანტიკის ხათრით, არალეგალურად, „ნახალოვკის პრინციპით“ დავუშვებთ ქალაქის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ვაგზლის მოედანზე, რა ლოგიკით უნდა ავუკრძალოთ სხვა არალეგალურ სუბიექტებს ამავე ტიპის საქმიანობა იმავე ვაგზლის მოედანზე? ვინ გაარჩევს, რა ტიპის წიგნით ვაჭრობენ? სწორედ ეს ხდებოდა დღემდე – უამრავ დახლზე აღურიცხავად იყიდებოდა სახელმძღვანელოები და ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით საცალო ფასს.
    ამიტომ, ჩემი აზრით, ბუკინისტებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა გამოეყოთ ადგილი (არ ვამტკიცებ, რომ დედაენის ბაღი იდეალურია) და უნდა აღირიცხონ და ლეგალური საფუძველი დაედოს მათ საქმიანობას. ასეთი საერთო ადგილის გამოყოფა წყვეტს ისეთ საკითხსაც, როგორიცაა შეზღუდულ სივრცეებში ბუკინისტებისთვის სამართლიანობის პრინციპის დაუზიანებლად ადგილის გამოყოფის შეუძლებლობა. მაგალითად, ვის მიეცეს უფლება დადგეს უნივერსიტეტთან ან ყოფილი გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ? რა ტიპის ტენდერით და რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს „გამარჯვებული“ ბუკინისტი?
    ასევე, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი არგუმენტები:
    1. იმდენიც არაა ეს ბუკინისტი, რომ ქალაქის ქუჩებში დგომის ნებართვა მისცენ და ამის მერე ვინმეს დედაენის ბაღში ან სხვაგან გამოყოფილ ადგილას მოუნდეს დგომა; 2. როგორც აღვნიშნე, ძალიან ძნელი იქნება ტენდერის ჩატარება და იმის განსაზღვრა, ვინ უფრო იმსახურებს ამა თუ იმ ადგილას დგომას. ასევე, მუდმივი სპეციალური ზედამხედველობა დასჭირდება იმას, ვაჭრობს თუ არა ის ხალხი მხოლოდ ბუკინისტური წიგნით. 3. თუ ტენდერის ნაცვლად უბრალოდ ვითხოვთ, რომ დააბრუნონ ისინი, ვინც ადრე იდგა, ამით ფაქტიურად მხარს დავუჭერთ კორუფციის შედეგად პრივატიზებული სივრცის დაკანონებას (დავარქვათ ამას ნახალოვკის სინდრომი). ჩავთვალოთ, რომ უკანონო გადასახადების ამკრეფი კორუფციონერი ჩინოვნიკებისადმი ადრე გადახდილი ქრთამებით მოიპოვეს ეს უფლება იქ მდგომმა ბუკინისტებმა? ვინმეს გაქვთ ის ილუზია, რომ ისინი იქ “უბრალოდ” იდგენენ და წილში არავინ იყო? სხვათა შორის, იმიტომაც არიან ჩუმად, როგორც ჩანს. (ნახალოვკის მცხოვრებთ ვარდების რევოლუციის მერე მისცეს უფლება, გარკვეული საფასურის გადახდის გზით მოეხდინათ უძრავი ქონების პრივატიზება, მარამ ეს უძრავი ქონებაა, ბუკინისტების დახლების შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ დგას.).
    არ ვეთანხმები ტერმინს „გეტოიზაცია“. ინტელექტუალები არ უნდა მიმართავდნენ სტიგმატიზაციას საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაგინდ კეთილშობილურად მიაჩნდეთ იგი. ეს არასახარბიელო „კულტურული“ პრაქტიკაა – ცოდნის, კერძოდ, ამ შემთხვევაში რთული და არარელევანტური პოლიტიკური ტერმინოლოგიის – გამოყენება მოვლენის ყალბი ჰეროიზების მიზნით. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, რომლებიც სწორედაც რომ გაბნეულია ქალაქში, თანაც ეს მაღაზიები ბოლო ხანებში გაიხსნა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბუკინისტური წიგნზე მოთხოვნა არის, ხოლო ამ ტიპის ვაჭრობა ლეგალური ხდება. რაც შეეხება გამოყოფილ ადგილს დღისათვის არალეგალური ბუკინისტებისთვის, მას თავისი დიდი უპირატესობები აქვს. თუ ვინმეს, მაგალითად, „ოდისეას“ ძველი გამოცემის ყიდვა უნდა, უფრო დიდი შანსია ის ერთად თავმოყრილ ბუკინისტებთან იპოვოს, ვიდრე გაბნეულებთან. შეიძლება „ოდისეა“ იქ რამდენიმესაც კი აღმოაჩნდეს და ეს ცუდი კი არაა, როგორც ზოგიერთს ჰგონია (აქაოდა, სახლიდან ვინც გამოიტანა გასაყიდად, იმ მოქალაქეს უმცირდება შანსი წარმატებით გაყიდოს წიგნი), პირიქით, „ოდისეას“ ფასსაც დაწევს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც შეძლებს შეძენას. რაც შეეხება „წარუმატებელ“ მოქალაქეს, მისი შანსი რომელიმე ერთ ცალკე მდგომ ბუკინისტთან გაყიდოს სახლიდან გამოტანილი წიგნი სწორედაც რომ მცირეა – შესაძლოა მაინცდამაინც იმ ბუკინისტთან არ გაიაროს მყიდველმა, რომელსაც ეს წიგნი სჭირდება.
    გვერდს ვერ ავუვლი რუსული სპეცლიტერატურით (სავარაუდოდ, გადასახადების ნაწილობრივ მაინც თავიდან არიდებით რომ ვაჭრობენ არასამართლიანი კონკურენციის პრინციპით) და ირანიდან შემოტანილი ინგლისურენოვანი საცნობარო-სასწავლო პირატული ლიტერატურით მოვაჭრეების თემას. ამასწინათ ფეისბუქზე ერთ კომენტარს მოვკარი თვალი: პიროვნება გამარჯვებული ტონით აცხადებდა, რომ ბუკინისტებმა დაბრუნება დაიწყეს და სადღაც შეიძინა ინგლისურენოვანი ირანული წარმომავლობის სასწავლო წიგნები. ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ ადამიანის სიხარულს იმ მიზეზით, რომ: 1) აშკარად არასწორად უწოდებს ამ მოვაჭრეს ბუკინისტს, 2) არასათანადო სიხარულს გამოხატავს კონტრაფაქციული პროდუქტის შეძენის გამო.
    წინა პერიოდის, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციამდე, პირატობაზე და გარევაჭრობაზე, როგორც მის უპირველეს პარტნიორზე, ბევრი გამომცემლისგან შეიტყობთ საგულისხმო ამბებს. რუსულ-ინგლისური წიგნით სტენდებზე მოვაჭრეები პირდაპირი კოლეგები არიან სახელმძღვანელოების პირატებისა და მათი კოლეგა გარემოვაჭრეებისა.
    ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ირანი არ ცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი “მესტამბეები” კოპირაიტის დარღვევით დიდი ტირაჟებით ბეჭდავენ და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში ავრცელებენ ძვირადღირებულ ინგლისურ სასწავლო და საცნობარო გამოცემებს (მაგალითად, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონს), არამედ ამ პირატული პროდუქციის ექსპორტსაც ახდენდნენ სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ამ ტიპის ლიტერატურის გამყიდველთა დაცვა პროტქციონიზმს ნიშნავს ირანელი მესტამბეებისა და მათი ქართველი თანამოსაგრეების მიმართ.
    ამასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ერთი კურიოზული ფაქტიც: რამდენიმე წლის წინ, ვარდების რევოლუციამდე, სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ პირატს, რომელსაც უშიშროებაში მფარველი ჰყავდა, ერთ მომენტში აღმოუჩინეს პირატულად ნაბეჭდი წიგნები და ტელევიზიამ გადაიღო. საინფორმაციო გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კაცმა თქვა: “რა გინდათ, მე კარგ საქმეს ვაკეთებ, გამომცემლები თავიანთ სახელმძღვანელოებს ძვირად ყიდიან და მე იაფად ვუბეჭდავ გაჭირვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს”. ამ ყველაფრის მერე მისთვის არც ყალბი ტირაჟები წაურთმევიათ და არც დაუჯარიმებიათ, უშიშროების მფარველმა ჩაფარცხა ეს ამბავი. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ გაჭირვებულ მშობლებზე ფიქრი არ ასვენებდა?
    შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს: შევარდნაძის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული პროტექციონიზმის სხვადასხვა სახეობა: ერთი ტიპის პროტექციონიზმი კონკრეტული პიროვნებებისა და კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გაკეთებას გულისხმობდა, მეორე – ზოგადად პროტექციონისტულ პოლიტიკას საქართველოს ეკონომიკაში (მაგალითად, უცხოელი მეწარმეებისთვის მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებას ქართველი მეწარმეების პროდუქციის, ანუ ადგილობრივი ბაზრის, დაცვის მიზნით – კარჩაკეტილი ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მკაფიო ნიმუში); ასევე პროტექციონიზმის ნაირსახეობა იყო „რჩეული“ ჩინოვნიკების უფლება, მფარველობა გაეწიათ შავი ბიზნესებისთვის… არა მგონია, ვინმეს გამართლებულად მიაჩნდეს, რომ პროტექციონიზმს დავუბრუნდეთ.
    ეკონომიკაში მეტისმეტად გადაჯაჭვულია ერთი საკითხი მეორესთან და, როგორც აქაური პოსტების კითხვისას დარვწმუნდი (სხვადასხვა ადგილას), ბევრ ადამიანს, მათ შორის ინტელექტუალებს, ეკონომიკისა და სამართლის საკითხებში გამოუცდელობისა და გაუთვითვნობიერებლობის გამო, ზოგჯერ კი საკუთარ ინტერესსზე ზედმეტად კონცენტრირების თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ნიადაგზე, არ უნდა ან ვერ ახერხებს საკითხის მაკროეკონომიკური მნიშვნელობის დანახვას. ღარიბი ქვეყნის არგუმენტს მე არ ვეთანხმები. თუ საზოგადოებრივი სივრცე მკაფიო სახელმწიფოებრივი პრინციპებით არ მოწესრიგდა, კიდევ დიდხანს დავრჩებით ღარიბ ქვეყნად. არც კლასიკის ან სხვა ტიპის ლიტერატურის სიმწირეა ამ შემთხვევაში დამაჯერებელი არგუმენტი არალეგალური ვაჭრობის შესანარჩუნებლად: თუ დასავლური, მოწესრიგებული საჯარო სივრცე გვინდა, არ უნდა დავუშვათ ულოგიკო გამონაკლისები, რომლებსაც ჯაჭვურად მოჰყვება ახალ-ახალი პრობლემები. რაც შეეხება წიგნის ბაზრის მეტნაკლებ სიმდიდრესა და კლასიკის ხელმისაწვდომობას, ამის მისაღწევად წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს.
    სახელმწიფოსგან ვითხოვ მიხდეოს წიგნიერების ამაღლებას, რადგან 2005 წლის კვლევით, ამ მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში და ეს მძიმე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. ამის მოსაგვარებლად წიგნიერების (წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის) დასავლური ტიპის პროექტი (ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტს კითხულობენ) და გააზრებული საბიბილიოთეკო პოლიტიკა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არავითარ შემთხვევაში – პირდაპირი ფინანსური დახმარება გამომცემლებისთვის: გამოცემების ტირაჟები და გამომცემელთა შემოსავალი, შესაბამისად კი ბაზარზე არსებულ გამოცემათა მრავალფეროვნება, წიგნის მაღზიათა რაოდენობა და, ზოგადად, წიგნისადმი ინტერესი და მისი ხელმისაწვდომობა წიგნიერების ამაღლების პროპორციულად გაიზრდება.
  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    ზაალ ანდრონიკაშვილი – დავაბრუნოთ ბუკინისტები!

    “არილის” ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში გამომცემელ ბაკურ სულაკაურს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს წიგნებით გარევაჭრობის აკრძალვის სასარგებლოდ. http://arili2.blogspot.com/2010/09/blog-post_624.html (ფეისბუქის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამ იდეას მხარს ისეთი ხალხი უჭერს, რომელიც, როგორც, წესი, ხელისუფლების ნებისმიერ, უაზრო თუ აზრიან ინიციატივას უკრიტიკოდ იზიარებს ხოლმე, თუმცა ბაკურს ამ კატეგორიას არ მივაკუთვნებ). ბაკურს იამში ვეთანხმები, რომ საკითხი “ეგზალტაციის” და “ზედმეტი ემოციების” გარეშე უნდა განვიხილოთ.
    ბაკური, ისევე როგორც წიგნებით გარე ვაჭრობით აკრძალვის სხვა მომხრეები, თავის-თავად წიგნებით ქუჩაში ვაჭრობას არ ეწინააღმდეგება. ასე რომ პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ქუჩაში საერთოდ, არამედ იმაში, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ცენტრალურ ქუჩებზე. მოდით ვიკითხოთ, თუ წიგნებით ვაჭრობა ერთ კონკრეტულ ადგილას, მაგ. დედა-ენის ბაღში შეიძლება, მაშინ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წიგნების გაყიდვა მაგ. რუსთაველის გამზირზე? ეს შეკითხვა ბაკურისარგუმენტებს იმთავითვე საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდები, ყოველ მათგანს ვუპასუხო. ბაკურის არგუმენტები ოთხგვარია: “სამართლებრივი”, “ვინაობითი”, “განვითარებითი” და “ესთეტიკური”. (ეს დანაწილება ნაწილობრივ ემთხვევა ბაკურის მიერ შემოთავაზებულს).

    1.დავიწყოთ სამართლებრივი არგუმენტებიდან. როგორც უკვე ვთქვი, წიგნებით გარე ვაჭრობის საკითხი სამართლებრივ ჭრილში საერთოდ არ დგას, რადგანაც თავისთავად ვაჭრობა კი არ აკრძალულა, არამედ აიკრძალა ვაჭრობა ცენტრალურ ქუჩებზე, უფრო სწორად, ვაჭრობა დაშვებულია ერთ რეზერვაციაში. ბაკური წერს: “შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მათ შორის, ამ მოვაჭრეთა კლიენტებმაც, რომ სინამდვილეში ქუჩებში მოვაჭრეთა მოზრდილი ნაწილი დაქირავებული პერსონალი იყო.” – ეს ცოტა უცნაური არგუმენტია, იმიტომ რომ “ბუკინისტი” არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინც და მაინც თვითონ უნდა იდგეს და წიგნებს ყიდდეს, შეიძლება “ზეპირი შეთანხმების” საფუძველზე სხვაც დაასაქმოს. არ ვიცი, გაფორმებულები არიან თუ არა ქუჩის ბუკინისტები ინდივიდუალურ მეწარმეებად და იხდიან თუ არა გადასახადს. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იხდიან, არა მგონია, ქართულ ეკონომიკას სერიოზულად აზარალებდნენ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს “არალეგალური მუშაობის” ტოლერანტობის ზღვარი და ისეთი შემთხვევები, როდესაც “ნულოვანი ტოლერანტობა” უფრო მეტს აფუჭებს ვიდრე აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქუჩაში მოვაჭრეთა სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლება მათი რეზერვაციაში გაშვების გარეშეც.
    ბაკურის შეკითხვა სწორედ იმაში მდგომარეობს, როგორ უნდა მოვაქციოთ წიგნებით გარე ვაჭრობა სამართლებრივ ჩარჩოებში. მისი შეკითხვები ასეთია: “ვისთვის უნდა იქნას დაშვებული ეს უფლება, ნებისმიერი მსურველისათვის თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც უფლების გამცემი პირადად იცნობს როგორც ყოფილ მოვაჭრეს? თუ ნებისმიერ მსურველს უნდა მიეცეს ქალაქის ნებისმიერ ადგილას წიგნით გარევაჭრობის უფლება, მერე საკითხი ასე დადგება: მაქვს თუ არა უფლება პირადად მე, ცენტრალურ გამზირებზე, ნებისმიერ ადგილას განვათავსო წიგნების სტენდები და დავაყენო იქ დაქირავებული თანამშრომლები? როგორ უნდა მოგვარდეს ორ გარემოვაჭრეს შორის ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა?”
    ამ შეკითხვების უმეტესობა პრობლემის ხელოვნურად გართულებას ემსახურება: მაგალითად “ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან” დაკავშირებით პრობლემები ამ გარე მოვაჭრეებს აქამდე თუ არ შექმნიათ, დღეს რატომ შეექმნებათ? არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ წიგნით მოვაჭრეებს მაინც და მაინც დედა-ენის ბაღში თუ არ გადავასახლებთ, უცებ მთელი თბილისი გამოლაგდება და წიგნების ქუჩაში გაყიდვას დაიწყებს. არა მგონია, გარე მოვაჭრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გადააჭარბოს ამჟამინდელს. მთავარი შეკითხვა, რომელიც ბაკურს უჩნდება, ის არის,აქვს თუ არა მასაც უფლება, თავისი გამოცემული წიგნები ქუჩაში გაყიდოს. (იმათთვის თუ შეიძლება, მე რაღა დავაშავეო). შეკითხვა (ისევე როგორც სურვილი) ლეგიტიმურია, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხიც არ უნდა იყოს რთული: შესაძლებელია დაიშვას ბუკინისტური ლიტერატურის გაყიდვა. მოდით განვმარტოთ, რა არის ბუკინისტური ლიტერატურა? ა) ბუკინისტურია ნებისმიერი ნახმარი ან ძველი წიგნი ბ) არსებობს ცნება “თანამედროვე ბუკინისტური ლიტერატურა”, რომელიც გულისხმობს ფასდაკლებულ წიგნებს, ანუ ისეთ წიგნებს, რომელიც მის სამაღაზიო ფასთან შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება. ზედმეტი რეგულირება აქაც არ უნდა იყოს საჭირო. თეორიულად, რა თქმა უდა, დასაშვებია, რომ რომელიმე გარე მოვაჭრე მაღაზიის ფასად ყიდდეს წიგნებს, მაგრამ მისთვის ასეთი რამ არამომგებიანია. ასეთ მოვაჭრეს აკითხავენ ან ისეთი წიგნის საყიდლად, რომელსაც მაღაზიაში ვერ იყიდი, ან ისეთისას, რომლეიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე მაღაზიაში. ეს საკითხი კი ბაკურის მეორე, ვინაობით არგუმენტთან მიგვიყვანს, რომელიც, პირველის არ იყოს, ასევე თიხის ფეხებზეა შემომდგარი.

    2.არიან თუ არა ისინი ბუკინისტები? კითხულობს ბაკური და ასეთ პასუხს გვაძლევს: “სტენდების უმრავლესობა ვაჭრობდა არა ბუკინისტური წიგნებით, არამედ, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურით, თუმცა ბევრ მათგანთან შეხვდებოდით ცნობილი ბრიტანული ლექსიკონებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ირანში დაბეჭდილ, მეკობრულად დასტამბულ, იაფ ვერსიებს.” –
    ჯერ ერთი, უცნაურია ბუკინისტური წიგნებისა და რუსულენოვანი ლიტერატურის დაპირისპირება. თითქოს შეუძლებელია, რუსულენოვანი წიგნი ბუკინისტური იყოს. თუ “რუსულენოვან ლიტერატურაში” ბაკური ახალ გამოცემებს გულისხმობს, “პრობლემის” არსი მაინც გაუგებარი რჩება: რუსულენოვან ლიტერატურაზე მოთხოვნილება, მიუხედავად “ლინგვისტური რევოლუციისა”, დღემდე არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ამ მოთხოვნილებას წიგნის მაღაზიები ვერ აკმაყოფილებენ. ბუკინისტები კი მშვენივრად ავსებენ საბაზრო ნიშას. რაც შეეხება მეკობრულად დასტამბულ წიგნებს (მაგ. დევიდ მარშალ ლენგის მეკობრეულ გამოცემებს) თბილისის წიგნის მაღაზიებშიც ისევე შეიძენთ (მათ შორის ბაკურის სანტა-ესპერანსაში), როგორც ქუჩაში.

    3. “როგორც ბუკინისტებისათვის, ისე ბუკინისტური წიგნების კლიენტებისთვის მერიის წინადადება, რომ გამოიყოს ერთი დიდი ადგილი (უკვე გამოყოფილია, კარგა ხანია) ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრეთათვის, იდეალურია. თუ ადამიანს სურს კონკრეტულად რომელიმე ბუკინისტური წიგნის შეძენა, მას აღარ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში წანწალი ალიკასთან, ვაგანასთან და როინთან, რადგან ეს უკანასკნელნი ერთ ადგილას იქნებიან თავმოყრილნი. დაიზოგება უამრავი დრო და ენერგია.” – წერს ბაკური.
    დიდი მადლობა ბაკურს, რომ მკითხველების დროსა და ენერგიაზე ზრუნავს, მაგრამ მკითხველის და არა გამომცემლის და წიგნების მაღაზიის მფლობელის პერსპექტივიდან საკითხი ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება. არის შემთხვევა, როდესაც იცი, რა წიგნი გჭირდება. ამ შემთხვევაში, არა თუ ბუკინისტური, არამედ ახალგამოცემული წიგნების ყიდვის სურვილი თუ გაგიჩნდა, “წანწალისგან” დაზღვეული არ ხარ. ასე, მაგალითად, კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე” რომ მეყიდა, ხუთი თუ ექვსი წიგნის მაღაზიაში მომიწია შესვლა (დავიწყე ფალიაშვილის ქუჩაზე და დავამთავრე “პეპელათი” ფილარმონიასთან). ბაკურის ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ “დროის და ენერგიის” დაზოგვის მიზნით წიგნების მაღაზიებიც სადმე ერთ ადგილას უნდა მოვაქციოთ. არგუმენტი, თვითონაც მიხვდებით, აბსურდულია. ბუკინისტური წიგნების მყიდველისთვის წიგნების მაღაზიებში ან ბუკინისტების სტენდებთან “წანწალი” (ვერიდან თავისუფლების მოედნამდე ანდა აღმაშენებლის გამზირზე) “დროის და ენერგიის” უაზრო ხარჯვა კი არ არა, დროის სასიამოვნო გატარებაა.
    “მოვაჭრე ხელოვნურად ზღუდავს არჩევანს და მას ფარგლავს მხოლოდ საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნებით, რაც ძალიან ცუდია მომხმარებლისთვის (ზოგმა არც კი იცის, რომ სხვა ქართული წიგნებიც არსებობს ამქვეყნად, გარდა ალიკას, ვაგანას და როინის მიერ “შერჩეული” ქართული გამოცემებისა).” – ვერ გეტყვით, რა გამოკვლევას ეფუძნება ბაკურის არგუმენტი, თითქოს “ზოგი” ქართულ გამოცემებზე არტურას შერჩეული ლიტერატურით მსჯელობდეს. ბაკურის არგუმენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ წიგნებით გარემოვაჭრე წიგნის მაღაზიის კონკურენტი ვერც არის და ვერც იქნება. ის ავსებს ნიშას, რომელსაც ვერ ავსებენ წიგნის მაღაზიები. “მომხმარებელმა” ყველაფერი შესანიშნავად იცის და ქუჩაში მოვაჭრესთან მაშინ მიდის, როდესაც ან ისეთი წიგნი უნდა, რომელიც წიგნის მაღაზიაში ან არ იყიდება, ან უფრო ძვირია, ვიდრე გარე მოვაჭრესთან.
    უნდა დავეთანხმო ბაკურს იმაში, რომ “ბუკინისტურ წიგნებზე მოთხოვნა არის” და “ეს მოთხოვნა დღითიდღე იზრდება”. ბაკური ფიქრობს, რომ ეს ადამიანები თავიანთ ორ ნიშას იოლად იპოვნიან ორგვარდ: ან გადავლენ დედა-ენის პარკში ან პატარა ბუკინისტურ მაღაზიებს გახსნიან. ეს კი გამოიწვევს ბუკინისტური წიგნების მაღაზიების რაოდენობის გაზრდას. არ ვიცი, რას ეფუძნება ბაკურის ვარაუდი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუკინისტური მაღაზეიების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში შემცირდა. ვისაც უსაუბრია ბუკინისტური მაღაზიების მფლობელებთან (მაგ. ჭავჭავაძის გამზირზე იყო შესანიშნავი მაღაზია), ეცოდინება, რომ მათ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ: ქალაქის ცენტრში ფართი ძვირია. ამიტომაც დაიხურა რამდენიმე ბუკინისტური მაღაზია (ბოლოს, მაგ. გაქრა ბუკინისტური მაღაზია ზემელზე). ბუკინისტისათვის ქალაქის ცენტრიდან წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წიგნის (განსაკუთრებით კი ბუკინისტური წიგნის) მყიდველი ქალაქის ცენტრში ან ცხოვრობს ან მუშაობს. ამიტომ ტენდენცია ბაკურის მიერ აღწერილის საპირისპირო იქნება: ბუკინისტური მაღაზიები დაიხურება და ვაჭრობა გადაინაცვლებს ქუჩაში. ამიტომაც, ვისაც უნდა, რომ თბილისში ბუკინისტური წიგნები არ გაქრეს, არა მგონია, მათი ცენტრიდან მოშორებით უნდა იწყებდეს.

    4. ახლა კი ესთეტიკურ პრობლემასაც შევეხოთ: “რა თქმა უნდა, წიგნი ქალაქის იერსახეს ვერ დაააუშნოვებს, მაგრამ ჭუჭყიან ცელოფანში შეფუთული წიგნები, რომლებიც განთავსებულია დაუმუშავებელი ფიცრებისა და ფანერებისაგან კუსტარულად შეკრულ, ჟანგიანი ლურსმნებით შეჭედილ სტენდებზე, არაა მაინცადამაინც ლამაზი სანახავი.” – რა არის უფრო ლამაზი სანახავი, ამაზე დავა დიდხანს შეიძლება. მე მაგ. “ფედერაციის” მიერ გამოცემული “შაჰ-ნამეს ქართული თარგმანები”, ანდა “აკადემიის” შესანიშნავი გამოცემები, თუნდაც ჭუჭყიან ცელოფანში გახვეული, მირჩევნია ბევრ თანამედროვე გამოცემას. ბაკური გვეუბნება, რომ წიგნებით ცენტრალურ ქუჩებზე ვაჭრობა ჩვენი, ლოკალური ტრადიციაა და არსად სხვაგან ასე არ იქცევიან. “ევროპის ქალაქებში ცენტრალურ გამზირებზე არასოდეს თვალიც არ მომიკრავს წიგნებით გარევაჭრობისთვის.” – გვეუბნება ბაკური. “თვალი არ მომიკრავს” და “არ არსებობს” ორი სხვადასხვა რამაა. მაგ. ბაკურმა ბერლინში, ფრიდრიხშტრასეზე რომ გაისეირნოს (ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია), ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ, შუა ქუჩაში აუცილებლად შეამჩნევს ათიოდე წიგნებით სავსე ფანერისაგან სახელდახელოდ შეკოწიწებულ მაგიდას. (ასეა, ბუკინისტები “სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში” კი არ ვაჭრობენ, არამედ იქ, სადაც წიგნის მოყვარულს და მყიდველს, მაგალითად სტუდენტს, ელოდებიან). არ ვიცი სინგაპურში როგორაა, მაგრამ ევროპის ყველა დედაქალაქში ასეა.
    “ამ ღონისძიების შედეგად (გარევაჭრობის გადატანა დედაენის პარკში), წიგნი არ გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი, მკითხველები არ დაზარალდებიან და საბოლოოდ წიგნის ბაზარიც გაცილებით სწრაფად განვითარდება.” – ასკვნის ბაკური, თუმცა მისი დასკვნა არანაირად არ გამომდინარეობს მისი არგუმენტებიდან, პრიქით, მსჯელობა გამოდინარეობს დასკვნიდან. წიგნის მოყვარული იმით დაზარალდება, რომ სპეციალურ ადგილას მისასვლელად სპეციალური დროის გამონახვა დაჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუკინისტებთან უფრო იშვიათად მივა. არ ვიცი, რამდენად გამოიწვევს ეს ბაზრის სწრაფად განვითარებას, უბრალოდ, შესაძლებელია, ბუკინისტური ბაზრის დაკნინების ხარჯზე ახალი გამოცემების გაყიდვა გაიზარდოს (ისიც არც თუ მნიშვნელოვნად).
    ბუკინისტების პრობლემა საერთოდ არ არსებულა, ის ხელოვნურად გამოიგონეს. ბუკინისტები არც ქუჩაში მოძრაობას უშლიდნენ ხელს, არც ეკონომიკას აზარალებდნენ. თუკი ვინმე შემთხვევით ქუჩაში გამოსულ ჩინოვნიკს შეიძლებოდა წარმოდგენა შექმნოდა, რომ ბუკინისტები ტროტუარზე მოძრაობას აფერხებენ, ჯობდა ყურადღება მიექცია ტროტუარზე სრულიად უკანონოდ გაჩერებული მანქანებისათვის. მაგრამ ეს ხომ ნამდვილი პრობლემაა, გამოგონილ პრობლემასთან ბრძოლა კი ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნამდვილთან.

    © andronikashvili.blogspot.com

  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    გიგა ზედანია – პასუხი ბაკურ სულაკაურის წერილზე ”დავაბრუნოთ ბუკინისტები?”

    საკითხის სამართლებრივი მხარე

    ბაკურ სულაკაური ბევრს წერს იმაზე, თუ რამხელა სამართლებრივი პრობლემები მოყვება წიგნებით გარე ვაჭრობას. მაშინ მეც დავდგამ სტენდს და ვინ ამიკრძალავსო. მაგრამ ამდენი წელია წიგნები ქუჩაში იყიდება და განსაკუთრებული ლეგალური დილემები არ შემინიშნავს. არ ყოფილა წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა აკრძალული, მაგრამ თავად ბაკურს სტენდები არ დაუდგამს. რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც ახლა მიასკდება სტენდებიანი ხალხი თბილისის ქუჩებს? ვითომ პომიდვრის გამყიდველები ახლა წიგნებით ვაჭრობაზე გადავლენ?

    არიან თუ არა ისინი ბუკინსტები?

    ვეთანხმები ბაკურს იმაში, რომ ამ საკითხისადმი მიძღვნილ ზოგიერთ წერილში მოხდა წიგნის გამყიდველების ჰეროიზაცია და სენტიმენტალიზაცია. პირადად მე, უნდა გამოვტყდე, მაინტერესებს პროდუქტი, რომლებსაც ისინი მთავაზობდნენ.
    ეს პროდუქტი იყო უნიკალური. და აი, რატომ: დღეს წიგნის მაღაზიაში შეუძლებელია ქართულ ენაზე იყიდო მელვილის ”მობი დიკი”, კამიუს ”უცხო”, კაფკას ”პროცესი”, ჯოისის ”ულისე”, პლატონის ”ნადიმი”, ჰომეროსის ”ოდისეა”, ტოლსტოის ”ანა კარენინა” და ა. შ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს გამოცემული წიგნებით რომ დავკმაყოფილდეთ, ”ლექტორული” შიმშლით მოვკვდებით. გამოდის კარგი წიგნებიც, გამოდის მეშვიდეხარისხოვანი წიგნებიც (მაგალითად, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა, რომელსაც მგონი თავად საფრანგეთშიც არ იცნობენ). მაგრამ არ გვაქვს ყველაზე საბაზისო რაღაცეები. ბაკური დავით პაიჭაძის გადაცემაში სვამდა კითხვას – ერთი ნორმალური ქალაქი მითხარით, სადაც წიგნები მთავარ გამზირზე იყოს გამოტანილიო. მაგრამ აბა ბაკურმა ერთი ნორმალური ქვეყანა დამისახელოს, რომელშიც ის წიგნები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, გაყიდვაში არ იყოს და მკითხველს ოცდაათი წლის წინანდელი გამოცემების ძებნა უხდებოდეს. შედით ამაზონის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ საიტებზე, ანაც ოზონ.რუ-ზე და შეადარეთ. მე ხომ რაღაც სპეციფიკური ლიტერატურა არ ჩამომითვლია. მე ჩამოვთავლე წიგნები, რომელთა წაკითხვის გარეშეც ადამიანი გაუნათლებლად ითვლება. დაამატეთ ზემოთჩამოთვლილებს გალაქტიონის მოზრდილი კრებული, ვაჟას მრავალტომეული, ივანე ჯავახიშვილის ”ქართველი ერის ისტორია”, პროკლეს პეტრიწისეული თარგმანი – წიგნები, რომელთა გარეშეც ქართული კულტურა არ არსებობს. დღეს საქართველოში არაა წიგნების მაღაზია, სადაც ამ წიგნებს შევიძენდი.
    კი, ბატონო – ამ წიგნებს შეიძლება ახალი წიგნებიც შეერიოს და შეიძლება რუსეთიდაც ჩამოტანილიც. მაგრამ რა ჯობია? რაღაც წიგნები ერთმანეთს შეერიოს თუ ის, რომ თბილისში სულ ორი ადგილი იქნება, სადაც მსოფლიო და ნაციონალურ კლასიკას შეიძლება გადააწყდე?

    მაღაზიები და სტენდები

    მთავარი პრობლემა აქაც სულ სხვაა – არა ის, რომ სტენდები აფერხებს დისტრიბუციას, არამედ ის, რომ სადისტრიბუციო ბევრი არაფერია. მე ვიცი, რომ ბაკური მეტყვის, დღეს მეტი წიგნი გამოდის, ვიდრე საბჭოთა კავშირშიო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – დღეს ბევრი ის წიგნი არ გამოდის, რომელთა წაკითხვაც აუცილებელია. ”ჰარი პოტერით” შეიძლება ბავშვს კითხვა შეუყვარდეს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ის როულინგზე გაჩერდება და ჰემინგუეიზე არ გადავა. ჰოდა, მაინტერესებს, სად ვიყიდოთ ”დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა”? დღეს თბილისში ერთადერთი კარგი ბუკინისტური მაღაზიაა (აღმაშენებელზე). ყველაფერი დანარჩენი იმდენად მცირემასშტაბიანია, რომ სათვალავში ჩასაგდები არაა. დედაენის ბაღში გადატანით შეიქმნება მეორე ასეთი წერტილი. ძალიან კარგი, რომ შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ სულ ესაა? თბილისში ორად-ორი ადგილი უნდა იყოს, სადაც შეიძლება ლიტერატურის ყიდვა?

    ესთეტიკური საკითხები

    დიახ, არაა სასიამოვნო ცელოფანგადაფარებული წიგნების ყურება. მაგრამ სანამ არ იქნება თბილისში კარგი წიგნის მაღაზიები, რაც არის, ეს არის. არც ისაა სასიამოვნო, ჩემს ქუჩაზე მათხოვარი სანაგვე ყუთში რომ იქექება, მაგრამ ვერ ავუკრძალავთ – დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამდა, რომ არ სჭირდებოდეს.
    არგუმენტი, რომ თურმე ახლა უკვე სუპერმარკეტებშიც იყიდება წიგნები, ცოტა არ იყოს, არასერიოზული მგონია – ჩემს ქუჩაზე დიდ სუპერმარკეტში სულ 12 დასახელების წიგნია, ძირითადად საბავშვო. ეს ვის რაში ეყოფა?
    თბილისში ბევრი წიგნის მაღაზიააო? ბევრი არ ვიცი და რა იყიდება ამ მაღაზიებში? თავად ბაკურის წიგნის მაღაზიიდან ხშირად ისე გამოვსულვარ, რომ ერთი წიგნიც კი ვერ მიყიდია, მაშინ როდესაც თსუ-ს წინ მდებარე მიწისქვეშა გასასვლელიდან წიგნებით სავსე პარკებს ძლივს მოვათრევდი ხოლმე. ლაპარაკი არაა მხოლოდ ფასებზე, რომლებიც სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან (სელინჯერის ახალი თარგმანი, თუ არ ვცდები, 8 ლარი ღირს, სელინჯერის ძველი თარგმანი 1 ლარადაც მინახავს). ლაპარაკია იმაზე, რომ ახალგამოცემულ წიგნებს შორის ხშირად ვერ ვპოულობ ვერაფერ საინტერესოს. ეს არაა ბაკურის, როგორც მაღაზიის მფლობელის, ბრალი. ეს ”ბაკურის”, როგორც გამომცემლის, ”ბრალია”. მაგრამ ბაკურიც ვერაფერს იზამს, თუ ბაზარი არ იქნა. მივანდოთ წიგნები ბაზარს? მაშინ რატომ ვაფინანსებთ ოპერას? ბალეტს? თეატრს? კინოს? სპორტს? მეცნიერებას? მაშინ ესენიც ბაზარს მივანდოთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. და ასე ორასი წლის შემდეგ თანამედროვე კულტურაც გვექნება.
    და აქ მივედით ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: პირადად მე ერთადერთ შემთხვევაში მივიჩნევ მისაღებად ქუჩიდან სტენდების აღებას. თუ სახელმწიფო შექმნის პროგრამას, რომლითაც დააფინანსებს მსოფლიო და ნაციონალური კლასიკის გამოცემას და თარგმნას. თუ მე მეცოდინება, რომ ზემოთჩამოთვლილ წიგნებს უპრობლემოდ ვნახავ მაღაზიებში, მაშინ სტენდები აღარ მაინტერესებს.
    თუ ”ნორმალურ” ქვეყნებზე გვაქვს სწორება, ყველა ასეთ ქვეყანას აქვს წიგნების მხარდაჭერის პროგრამა. მართალია, მათ კლასიკის თარგმანების მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ, მაგრამ რას არ იზამს ადამიანი ქვეყანაში, სადაც გოეთე (”ფაუსტის” მეორე ნაწილი) და პრუსტი არაა თარგმნილი და სადაც შექსპირი და რაბლე არ გამოიცემა.
    ხოლო თუ სახელმწიფო ამ ტვირთს ვერ ზიდავს, მაშინ მოგვეცით საშუალება, ისევ ისე ვიყიდოთ წიგნები, როგორც ღარიბი ქვეყნის ადამიანებს შეეფერება.