• პოეზია (თარგმანი)

    ლეო ბუტნარუ –ლექსები

    თარგმნა შოთა იათაშვილმა

    დაიბადა 1949 წელს, მოლდოვაში. 1972 წელს დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული “პარმაღი შუქზე” გამოსცა 1976 წელს. ავტორია მრავალი პოეტური და პროზაული კრებულისა. ცნობილია, როგორც რუსული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი რუმინულ ენაზე (მაიაკოვსკი, ხლებნიკოვი, კრუჩენიხი, მანდელშტამი და სხვ.). ნათარგმნია ევროპულ ენებზე და დაჯილდოებულია მოლდავეთის და რუმინეთის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებით. არის მოლდავური პენ-ცენტრის დამაარსებელი და რუმინეთის მწერალთა კავშირის დირექტორატის წევრი.

    პლიუსი

    +
    მინიატურული
    იესო
    გაკრული
    ნიშან
    პ ლ ი უ ს ზ ე
    თითქოსდა
    საკუთარი
    თავის
    მიმმატებელი
    +

    წერილი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის ნეიტრალურ ზონაში

    ა.
    ძვირფასო ფიოდორ მიხაილოვიჩ
    უკვე არავის სწამს იმისი
    რომ სილამაზე იხსნის სამყაროს
    მაგრამ
    მავანნი გულუბრყვილოდ ფიქრობენ რომ
    სილამაზე სამყარომ უნდა გადაარჩინოს

    ბ.
    ბატონო ჩემო ლუჩიან ბლაგა*
    გთხოვთ ნუ გამკიცხავთ
    მაგრამ
    ბოლო დროს (ვიმედოვნებ
    არც მთლად ბოლოს…)
    მშობლიური მხარისკენ როცა მივემგზავრები
    აღმოვაჩენ ხოლმე უცებ რომ
    მარადისობა სოფელში მოკვდა…

    გაურკვევლად, გოეთესებურად

    წინ ვწევ სიტყვას
    ის შეიძლებოდა
    პაიკივით მომკვდარიყო
    საჭადრაკო დაფაზე
    მაგრამ
    პოემა უკვე დაიწყო და
    უკვე არცაა გამორიცხული
    მოვიგო იგი

    წმინდა უბრალოება

    კამბალა
    ორივე თვალი ერთ ლოყაზე
    პირველ ღვთიურ ქმნილებას ჰგავს
    უფალმა იგი გამოიგონა
    როცა იყო პატარა ბავშვი
    (ან
    ეგვიპტელი…)

    ივნისი

    ეჭვი არაა, რომ პოზირებს.
    ჰმ, შერეკილი:
    კრიალოსანივით, მიდი, მარცვლე
    ჩაფიქრებულმა თითებს შორის
    ბლის კუნწულები – სულ ერთია,
    ნამეტანი ახალგაზრდა ხარ,
    ბრძენკაცად თავს ვერ მოგვაჩვენებ.

    ***

    ორი გუბე ერთმანეთთან
    თავს იწონებდა:
    – დღეს მე
    ღორი ვაჭყუმპალავე.
    – მე კი გუშინ ანგელოზი
    ავირეკლე საკუთარ თავში.

    მემკვიდრეობითობა

    გენიალურობა
    მემკვიდრეობით
    მხოლოდ ბულბულს აქვს.

    O TEMPORA!

    ვაჰ, დრონი, ზნენი! უკვე
    თავად უხელოთაც კი აღარ აქვთ
    სუფთა ხელები…

    ახალშობილს

    რაღას ჯღავი: ეს ცხოვრება
    უკვე დაიწყო…

    ექო

    ტკაცანის ექო
    პირამიდაში –
    ეს მუმიის ნაოჭების
    სკდომის ხმა ისმის.

    ვივისექცია

    …და გულის
    სიღრმეში
    მას უხეშად
    დაკეცილი ფრთები
    უპოვეს…

    სასაფლაო, ჯვრები

    რამდენი
    პლიუს-ნიშანია აქ
    სინამდვილეში
    მხოლოდ
    მინუსს
    რომ წარმოადგენს

    ***

    ხელისგულზე თუკი გაკოცებ
    შეუძლებელია
    შენს სიცოცხლის ხაზს
    რაიმე რომ არ დაემართოს

    მუდამ

    ჯანმრთელი გული –
    საგანგაშო ზეიმი
    მუდამ

    შენი მზერა

    შენს თვალის შუქში მოხვედრილი
    ჩემი ტანიდან
    ეცემა ჩრდილი

    —————–
    * ლუჩიან ბლაგა (1895-1961) – რუმინელი პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, ჟურნალისტი, პროფესორი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, რუმინული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები,  რეცენზია

    ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”

    რუსუდან ბეჟაშვილი

    ამ წიგნს უკანა ყდაზე ეწერა: ,,წიგნის შესახებ იმსჯელეთ ფორუმზე…”. მე ინტერნეტი არა მაქვს და ჩემთვის გავაკეთე შთაბეჭდილების პატარა მონახაზი. ახლა კი რედაქტორის მოწოდებას ვეხმიანები, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. თავად ორჰან ფამუკის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: ,,…წერა სწორედ შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევა, იმ სამყაროს შესწავლაა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავთან განმარტოებისას ხვდება და ამ ყველაფრის მოთმინებით, სიჯიუტითა და სიხარულით აღსრულებაა.” ენა მარტივი, სიტუაციები ნაცნობი… ამ წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველები არც აღმოსავლელები ვართ და არც დასავლელები, მაგრამ ორივესი კარგად გვესმის. მეგობრული ურთიერთობა, ფეხბურთის სიყვარული – სტამბოლში თითქმის იგივეა, რაც თბილისში. იქაც, დაახლოებით, ისევე ხდება ამ ორი ცივილიზაციის თანხვედრა, როგორც ჩვენს სამშობლოში, თუმცა ჩვენ ჩვენი ქრისტიანობის გამო, უფრო მეტად ევროპელებად მოგვაქვს თავი.
    წიგნში, მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების გზაა ასახული; უხვად შეხვდებით სახეთა მრავალფეროვნებას და იდეების ათასგვარ შეხლა-შემოხლას. რევოლუციურ იდეას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ალბათ ოდესღაც პროგრესული იყო, მაგრამ ახლა უკვე დრომოჭმულია და ყავლგასულიც, თუ გნებავთ. თუმცა ამ წიგნში ძველის, სწორედაც რომ დრომოჭმულის ახლით შეცვლის მსურველებს ჰქვიათ რევოლუციონერები. ზნეობრივ ღირებულებეზეც ბევრს კამათობენ ჯევდეთ ბეის ვაჟები და წიგნის სხვა გმირებიც. საინტერესოა პანთურქიზმის მიმდევარი პედაგოგის ქადაგება ევროპული იდეებით შეპყრობილი პოეტის წინაშე; იგი ეუბნება პოეტს, რომ მას არა აქვს იდეა და ამიტომაა უბედური, ამიტომაც საერთო თურქული იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევს. ეუბნება, რომ გონების გარდა, გრძნობაც მოგვცა ღმერთმა და გულანთებული მიმართავს: ,,თურქეთის დროშის დანახვაზე, ჰათაის მოვლენებზე გული არ გიჩქროლდებათ? …აენთეთ, ირწმუნეთ, საზოგადოებას შეუერთდით… ცოტა ხნით გონება ჩააჩუმეთ, აი მაშინ იქნებით ბედნიერი…”
    ჯევდეთ ბეის ვაჟები: ოსმანი და რეფიქი.
    ერთი – ტრადიციული, ვაჭარი (მამის მსგავსად), მეოჯახე;
    მეორე – განათლებით ინჟინერი, მოწოდებით რევოლუციონერი.
    ქალიშვილი აიშე – შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ (მანამდე მშობლების მორჩილი, უენო), სულ სხვა ქალად იქცა, დაიწყო თავისუფლად აზროვნება, უჩნდება პიროვნულობის ნიშნები.
    უნდა ვაღიარო, რომ აღმოსავლური წიგნების კითხვა არ მიყვარს დიდხანს, მბეზრდება, არადა ეს წიგნი 600 გვერდზე მეტია და ძალიანაც გამიჯანჯლდა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასრულო. თან ვგრძნობ, რომ აქტუალურია.

    პოეტი მუჰითთინი მართლაც მოექცევა ნაციონალური იდეების გავლენის ქვეშ და მოგვიანებით რეფიქს, მის სახლში წიგნს რომ შენიშნავს, ეუბნება: ,,ჰოლდერლინს კითხულობ? ერთ დროს მეც მაინტერესებდა, როგორც პოეტი, მაგრამ გული ვერ დავუდე. ამ ევროპელების სული ჩვენთვის ძალიან უცხოა. თანაც ის ბერძნების თაყვანისმცემელია… ისინი ჩვენგან შორს არიან, მათთან ერთად ფონს ვერ გავალთ. ადამიანს გონებას ურევენ.”
    ჯევდეთ ბეის ვაჟი კი პირიქით ფიქრობს: – მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო, – ეუბნება. ,,გონების სხივი გვჭირდება, რომ ჩვენში ბარბაროსობა და დესპოტიზმი დავამარცხოთ.”
    ასეთი დიდი ოჯახური საგა კარგა ხანია არ წამიკითხავს, მგონი, ,,ბუდენბროკების” შემდეგ… თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები, თუმცა იმ წარმომადგენლებში, რომლებსაც შემოქმედებითი მიდრეკილებები აქვთ; არა იმ კონსერვატორულ ხაზში, რომელსაც ამ დიდი ოჯახის ნაწილი გამუდმებით მისდევს; ვაჭარი ყველა საუკუნეში ვაჭარია, ხიბლავს კეთილდღეობა და ოჯახური მყუდროება, მათ ძნელად ესმით თავიანთი თავზეხელაღებული და გაუცხოებული ,,ძმებისა”.
    მკითხველის სიმპათიას იმსახურებს ჯევდეთ ბეის შვილიშვილი, მხატვარი აჰმედი. მამამისი ფერიქიც ხომ მეტად საინტერესო ადამიანი იყო, არ აკმაყოფილებდა ბიურგერული სიმშვიდე, ნიადაგ რაღაცის შეცვლაზე ფიქრობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე, ოჯახური ყოველდღიურობის რუტინას გაექცა, რის გამოც კიდევ უფრო გაუცხოვდა ნაცნობ-მეგობრებისაგან (აჰმედი და მისი მეგობარი გოგონა ძველი თურქულით დაწერილ მის დღიურებს მოგვიანებით ეცნობიან და იქ ბევრ საინტერესოსა თუ სახალისოს პოულობენ. ფერიქის დღიურები ხომ კიდევ ცალკე თემაა). ეს ორი ადამიანი მარადიულ ღირებულებებს ესწრაფვის და ჭეშმარიტების ძიებაშია. მოცემულ სოციუმში მათი ცხოვრების წესი გაუგებარია. სიტყვა გამიგრძელდა, შესაბამისად კითხვაც… ფინალი: ჯევდეთ ბეის მეუღლე, მრავლის მომსწრე და ყველას დამმოძღვრავი ბებია, – უნებურად მარკესის ურსულას რომ მოგვაგონებს, – ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა; ,,ჭირი იქა, ლხინი აქა…” დავასრულეთ კიდევ ერთი წიგნი და გავხდით ალბათ, ცოტათი ,,უფრო უკეთესები” ვიდრე ვიყავით. ორჰან ფამუკისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლობაზე რომ ამბობს სანობელო სიტყვაში: ,,… გამოვიკეტებით თუ არა, უმალვე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მარტოები ვართ, როგორც გვეგონა. გარემოცულნი ვიმყოფებით მათი სიტყვებით, ვინც ჩვენამდე დაიბადა – სხვა ხალხის ამბებით, სხვა ხალხის წიგნებით, სხვა ხალხის სიტყვებით – იმით, რასაც ტრადიციას ვუწოდებთ. მჯერა, რომ ლიტერატურა ყველაზე ღირებული განძია, რაც კი კაცობრიობამ საკუთარი ძიების გზაზე დააგროვა.”

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი)

    ვილანდ შმიტი – პოეტი ჰ. კ. არტმანი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    გაყიდული წიგნების ეგზემპლართა რაოდენობის მიხედვით პოეზიის შეფასებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მართებულს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდა ავტორთან გვაქვს; ერთი გაყიდული წიგნით მეტი თუ ნაკლები, – ეს ავტორის შესახებ ბევრს ვერაფერს გვეუნება. რაოდენობა საკმარისად მცირეა. ის მერყეობს 200-იდან 600 ეგზემპლარს შორის, თუკი წიგნი რომელიმე წესიერ გამომცემლობაშია დასტამბული (როგორიცაა პიპერი, ჰანზერი ან ოტო მიულერი). ზოგიერთი გამომცემლობა, მაგალითად ბეჰტლე, პირველ გამოცემას 500-იანი ტირაჟით შემოსაზღვრავს. უკვე ძალზე ფართო პოპულარობის მაჩვენებელია, თუნდაც, ის, რომ პარიზში მცხოვრებ პაულ ცელანს ანდა ვენელ პოეტს ქრისტინე ბუსტას მათი შემოქმედების 1500-მდე დამფასებელი მოეძებნებათ, ვინც მზადაა ფული მიახარჯოს მათ წიგნებს.
    ამ ფონზე სენსაციად გამოიყურება ისეთი წარმატებანი, როგორიცაა ლეგენდარული ლეგიონერის, ჟორჟ ფორესტიეს 18000-იანი ტრაჟით გამოსული კრებული “ჩემს გულს დავწერ შარაგზის მტვერში”, ანდა კარინტიელი ინგებორგ ბახმანის წიგნი “დიდი დათვის მოხმობა”, რომლის ტირაჟმაც უკვე მეექვსე ათასს მოაღწია. მართალია, მთლად მართებული არ არის ლექსის ფასეულობაზე მსჯელობა მხოლოდ გამოხმაურების საფძველზე, ერთი კი ცხადია: როდესაც ლირიკული კრებული გასაკუთრებული წარმატებით სარგებლობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა ამ წარმატების მიზეზების შესახებ; და მეორე კითხვა: რამდენ ხანს გასტანს ეს წარმატება? ფორესტიეს შემთხვევაში გადამწყვეტი როლი “საზღვრით შუაზე გულგაპობილი” ამ “ელზასერის” მიერ გენიალურად შეთხზულმა იგავმა ითამაშა, რითაც ის ფაქტობრივად ჩვენი დროის არქეტიპულ ფიგურად იქცა. მაგრამ მხოლოდ ამის ხარჯზე ვერაფერს გახდებოდა, მისი ლექსები სრულიად უვარგისი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება ინგებორგ ბახმანს, მისმა ლექსებმა მკითხველი ალბათ თავიანთი ქალწულებრივი თუ ქალური სიმშვიდით მოხიბლა, ასე მკვეთრად რომ ემიჯნება ჩვენს შფოთიან დროს.
    ოცდაჩვიდმეტი წლის ვენელმა პოეტმა ჰანს კარლ არტმანმა კი მოახერხა, ერთი წლის განმავლობაში დაეკავებინა პოპულარობით მეორე ადგილი 1945 წლის შემდგომ პოეზიაში. გასულ შემოდგომაზე მისი წიგნი “med ana schwoazzn dntn – gedichta aus bradnsee” (“შავი მელნით ნაწერი – ლექსები ბრაითენზეედან”, ოტო მიულერის გამომცემლობა) ბორის პასტერნაკის “დოქტორ ჟივაგოს” შემდეგ ყველაზე პოპულარულ წიგნად დასახელდა ვენაში, ზალცბურგსა და ავსტრიის სხვა ქალაქებში; ამას მოჰყვა ასეთივე წარმატებული აუდიო-ფირფიტა (med schwoazzn blodn). ამგვარად, არტმანი – საბედნიეროდ, სიცოცხლეშივე, – იმეორებს ყველას მიერ მასხრად აგდებული ფრიც ფონ ჰერცმანოვსკი-ორლანდოს ბედს, ვისაც ათწლეულები დასჭირდა, რათა მის წიგნებს უკვე სულ სხვაგვარი ღიმილითა და მოულოდნელი აღტაცებით ჩაღრმავებოდნენ.
    რაში მდგომარეობს არტმანის უეცარი წარმატების მიზეზი? ახალი და თვითმყოფადი მის ჟარგონულ ლექსებში ის გახლავთ, რომ იგი ახერხებს ენის მოხელთებას მისი ქმნადობის პროცესშივე, – იქ, სადაც ის ენად იქცევა, სადაც ის ყველაზე ცოცხალი და დასაბამიერია. იგი ჩასწვდა დიალექტის ფესვს, იმ წიაღს, სადაც ის ითხზება და იქსოვება, სადაც სინამდვილესთან შეხვედრისას იბადება ხატოვანი და პლასტიკური გამოთქმა, რომელშიც ეს სინამდვილე თავის სიცოცხლეს განაგრძობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი ყველა გამოგონება და აღმოჩენა სრულიად ბუნებრივ ხასიათს ატარებს: პოეტის მაგიერ ენა გვევლინება შემოქმედად, თავად მას კი მხოლოდ პირის გაღებაღა უწევს.
    ახლა, როდესაც ვიცნობთ არტმანის მიერ ვენურ დიალექტზე დაწერილ ლექსებს, რომელთა წყალობითაც ეს დიალექტი მხატვრული ლიტერატურისათვის ახალ აღმოჩენად იქცა, უნებლიეთ ვეკითხებით საკუთარ თავს: რატომ გვეჩვენებოდა აქამდე დიალექტზე დაწერილი ლექსები ასე ამაზრზენად? მიზეზი ის უნდა იყოს, რომ აქამდე დიალექტი მუდამ ნაძალადევად იყო მოქცეული პოეზიაზე მცდარ და უგემოვნო წარმოდგენათა ჩარჩოებში (“ლექსი ისაა, რაც გარითმულია”). გარდა ამისა, ამა თუ იმ დიალექტით შემოფარგვლა იმთავითვე ნიშნავდა გარკვეულ გონებრივ შეზღუდულობასაც და თემატურ შემოფარგლულობასაც. ასე რომ, დიალექტი ერთგვარ გეტოში იყო გამოკეტილი და მხოლოდ ერთსა და იმავე ბილიკებს ტკეპნიდა. დიალექტზე წერისას ავტორი რატომღაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მხოლოდ ლიტეატურული სქემა კი არა, – უბრალო ხალხის მენტალიტეტიც უნდა მოირგოს. შედეგად მიღებული ტექსტები მათი ობივატელურ-მდაბიური სტილის გამო სულელურ შთაბეწდილებას ტოვებს, თანაც, ერთი და იმავე გაცვეთილი მოტივების გამო ერთფეროვანია.
    ამის საპირისპიროდ არტმანი, – სიახლეც სწორედ ამაშია, – მუდამ საკუთარ თავად რჩება, მაშინაც კი, როდესაც დიალექტზე წერს. იგი დიალექტს გეტოდან ათავისუფლებს და სურეალიზმისა და შავი იუმორის იალაღებზე ანავარდებს; შედეგად ყოვლად უცნაური შეხვედრებისა და დაწყვილებების მომსწრენი ვხდებით. თემატიკა ხშირად ძალზე შავბნელია, გავიხსენოთ, თუნდაც, ლექსები კარუსელის მეპატრონის შესახებ, რომელიც, ამასთანავე, გარეუბნის მაცხოვრებელი ლურჯწვერა გახლავთ და რომელსაც დახოცილი ქალების გვამები ისეთ შიშს ჰგვრიან, რომ მთელი ღამე სინათლეს არ აქრობს. ჩვენს წინაშეა აქამდე უცნობი, აჩრდილებითა და ლანდებით დასახელბული ვენა, რომლის ატმოსფეროს გადმოცემა “მესამე კაცის” მსგავსმა ფილმებმაც კი ვერ შეძლო. არტმანი ენობრივი საშუალებებით ახორციელებს ყოველდღიურობის კოშმარულ, საშინელ რეალობად გადაქცევას. ასე მაგალითად, ზამთრის ნავსაბმელი მდინარე დუნაიზე, რომლის ქვეშაც წყალმა გვამი გამორიყა (ლექსში “dod en wossa” (“სიკვდილი წყალში”), ელიოტის “ფლებასის სიკვდილის” პერიფრაზი), ფრაზის “en heabst” (“შემოდგომაზე”) სრულიად მოულოდნელი წამძღვარების გამო მეტაფიზიკური ალაგის სახეს იძენს. არტმანს არ სჭირდება მთელი კოსმოსისა და ირმის ნახტომის გამოხმობა: ის ყოველდღიურობის მიწიერ დეტალებს სჯერდება “წარღვნის შემდგომი” (“noch ana sindflut”) განწყობის აღსაწერად: დამპალი ფანჯრის რაფები, ერთი-ორი დამხრჩვალი ხოჭო და კინოთეატრის დარბაზი, რომელსაც სუნით შეატყობ, რომ მის ყოველ რიგში ზვიგენები და ვეშაპები ისხდნენ. მეორე ლექსში პატიოსან-ბიურგერული კვირადღის სიმშვიდე დაკეტილი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიების, გამქრალი “ნივეას” საპნების, “მაგის” მშრალი სუფების თუ მჟავე კიტრის ქილების წყალობით ლამის ეგზისტენციური სიცარიელის ხატად გვევლინება.
    არ იქნება მართებული, არტმანი ზოგადად დიალექტის პოეტად მოვნათლოთ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პირველი წიგნი (თუ არ ჩავთვლით დღეისათვის დაკარგულ პირველ თვითგამოცემულ კრებულს) სახელწოდებით “გამონათქვამები, რითმები, ფორმულები და სასაფლაოს სიმღერები” დიალექტზეა დაწერილი. თავიდან ეს ლექსები თამაშით იქმნებოდა, რაც თანდათან სამეცნიერო ცდებსა და დაკვირვებებში გადაიზარდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ არტმანმა განსაკუთრებული ბგერითი დამწერლობა შექმნა და ვრცელი ლექსიკონიც შეადგინა. თავისთავად ეს ლექსები სქელტანიანი, ჯერაც გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ფრაგმენტებს წარმოადგენს. არტმანის გატაცება შედარებითი ლიგვისტიკაა; უცხოურ და უძველეს ლიტერატურათა უბადლო ცონის წყალობით მან არა ერთი შემოქმედებითი იმპულსი მიაწოდა თავის გარშემო შეკრებილ ახალგაზრდა ავტორთა ჯგუფს.
    სადღაც 1950 წლისათვის დაიწყო ახალგაზდა ლიტერატორების ჯგუფის რეგულარული შეხვედრები; ყველანი საშუალოდ ოცი წლისანი იყვენ, ოცდაათს არც ერთი არ ყოფილა გადაცილებული. ჟურნალი “ახალი გზები” (მას გამოსცემდა “ახალგაზრდული თეატრი”, ორგანიზაცია, რომელიც შეღავათიან ფასებში სთავაზობდა სკოლის მოწაფეებს დრამატული და საოპერო თეატრების წარმოდგენებზე დასწებას) მათ პირველ ბეჭდვით ორგანოდ იქცა. ჯგუფს ეკუთვნიან: გერჰარდ ფრიჩი, იმ დროისათვის ოთხი პოეტური კრებულისა და რომანის “ხავსი ლოდებზე” ავტორი; ანდრეას ოკოპენკო, რომლის ლექსებიც (“მწვანე ნოემბერი”) ეს-ეს იყო დაესტამბა პიპერის გამომცემლობას; ერნსტ კაინი, რომელმაც 1958 წელს ჰებერტ აიზენრაიჰთან ერთად მიიღო სახელმწიფო პრემია პროზის დარგში; ფრიდრიჰ პოლაკოვიჩი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც არტმანის ინტეპრეტატორი. შეხვედრებს დროდადრო ესწრებოდნენ: ჯენი ებნერი, ვისი მეორე რომანიც (“ადრეული ზაფხული”) გასულ შემოდგომაზე გამოსცა კიპენჰოიერისა და ვიჩის გამომცემლობამ; პროზაიკოსი ჰერბერტ აიზენრაიჰი, იმხანად ჯერ კიდევ ენსის შაქრის ქარხანაში რომ მუშაობდა, რათა წერისათვის აუცილებელი პირობები ჰქონოდა; დოცენტი ფსიქოლოგი ვალტერ ტომანი, რომელიც მალევე ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიიწიეს, მისი გროტესკული მოთხრობები ბიერშტაინმა დასტამბა. “ბუსეს პატარა მსოფლიო თეატრი”, – აქ ავსტრიული ლიტერატურის ახალგაზრდა წარმომადენელთა დიდი ნაწილი თუ არა, ნახევარი მაინც იკრიბებოდა, – ისინი, ვისაც ჰანს ვაიგელმა 1951-1954 წლებში ალმანახ “თანამედროვეობის ხმებ”-ში მოუყარა თავი.
    არტმანის მიმართება ამ წრესთან შეიძლება შევადაროთ იმ ადგილს, რაც პაუნდს ეკავა პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდის ინგლისურ ლიტერატურაში. ის მამოძრავებელ იმპულსებსა და ახალ იდეებს აწვდიდა ლიტერატორებს. მართალია, რასაც ის ამტკიცებდა, მუდამ ყველასათვის როდი იყო მისაღები და ზოგჯერ კამათსაც იწვევდა. უმრავლესობის წინაშე მის დიდ უპირატესობას ის შეადგენდა, რომ მსოფლიო ლიტერატრის შედევრებს ორიგინალში იცნობდა. ვის ჰქონდა მაშინ წაკითხული გინდ პრუსტი, გინდ “ულისე”, “ფინეგანის დატირებაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ? გერმანული თარგმანები თითქმის არ არსებობდა, პაუნდი საერთოდ არ იყო თარგმნილი, ელიოტი ეს-ეს იყო ხდებოდა ცნობილი, ჰემინგუეი კი ლამის სტილის კანონმდებლად გამოეცხადებინათ. ფრანგებს (ელუარს, სენტ-ჯონ პერსს) მხოლოდ სახელით იცნობდნენ. ატმანმა მოგვაწოდა პირველი თარგმანები, პირველ რიგში, ნაკლებად გავრცელებული ენებიდან თარგმნიდა, მაგალითად, ესპანურიდან (გასია ლორკა, რამონ გომეს დე ლა სერნა, რაფაელ ალბერტი, პაბლო ნერუდა). განსაკუთრებული ვნებით უყვარდა ძველკელტური პოეზია. ის სპეციალურად გაემგზავრა ესპანეთსა და ირლანდიაში იმ წიგნების მოსაპოვებლად, ვენაში რომ არ იშოვნებოდა.
    ეს თარგმანები და ჯგუფის ის ნამუშევრები, “ახალი გზებისათვის” მეტისმეტად “გაბეული” რომ აღმოჩნდა, იბეჭდებოდა ჰექტოგრაფულ გამოცემაში “პუბლიკაციები”, რომელსაც 1953 წლამდე ოკოპენკო, შემდეგ კი არტმანი უძღვებოდა. დროთა განმავლობაში ზოგიერთმა წევრმა აღიარება მოიპოვა, ჯგუფი დაიშალა, “პუბლიკაციების” გამოცემა შეწყდა.
    დიალექტური ლექსების გვერდით არტმანს ვენაში აღიარება მოუპოვა მისმა მოთხრობებმა ჰუსარებზე, რომლებიც კანტიკუნტად გამოქვეყნდა, მაგრამ თავად ავტორის მიერ ხშირად იქნა საჯაროდ წაკითხული. აქ არტმანი ბაროკოს ხანის ქრონისტის ნიღაბსაა ამოფარებული; თუკი ზემოთ მოხსენიებულ ლექსებში ბრაიტენზეეს კილოკავი სურეალიზმთანაა შეუღლებული, აქ ძირძველი ავსტრიული მოუხეშავი იუმორი გადახლართვია ფრანსუა ვიიონის ტიპის მოხეტიალე მელექსის სულისკვეთებას (სხვათა შორის, არტმანმა ვიიონის ლექსები ვენურ დიალექტზე გადათარგმნა). შედეგი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია: ჰუსარების ძალზე საინტერსო სიებით დაწყებული და ბაროკოსდროინდელი არარსებული ძეხვის რეცეპტებით დამთავრებული. მკითხველს (თუ მსმენელს) აქ კვლავაც ენობრივი გადასახვანი ხიბლავს. ასე მაგალითად, რეალური ქალაქი ამსტერდამი ერთადერთი ასოს შეცვლით გადაიქცევა მითიურ ქალაქ ამსტელდამად, შაშვების საპორტო ქალაქად.[1]
    რას სურს ამ ტექსტების გზით დღის სინათლეზე გამოსვლა და ჩვენამდე მოღწევა? ყველასათვის ნაცნობ უმარტივეს ადამიანურ განცდებს – სიხარულსა და ტკივილს, სიყვარულსა და სიკვდილს, შიშსა და მიუსაფრობას. როდესაც ნაცნობ და ახლობელ გრძნობებს ახალ სამოსში შემოსილს ვხვდებით, სტრესებისაგან ვთავისუფლდებით; უდიდესი შვებაა, ღიმილით შეხედო იმას, რაც თავად შეგემთხვა.
    ამგვარი კოსტუმირებული სახით არტმანი გვევლინება თავგადასავალთა მაძიებელ მომღერლად, გარდასული დროიდან ჩვენთან შესახვერად გამოხმობილ ბარდად, ყველანაირი ენობრივი კომპონენტებით რომ ატარებს ექსპერიმენტებს, უთვალავი ფანდი რომ იცის და მრავალფეროვანი რეპერტუარით აჯადოებს პუბლიკას, რომელიც დარწმუნებულია, რომ უბრალოდ ერთობა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

    [1] “Amsel” გერმაულად “შაშვს” ნიშნავს.

  • ესე (თარგმანი)

    ჰ. კ. არტმანი – ლექსი და მისი ავტორი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    ლანდშაფტი 8.

    ნანატრი ავდარი ძროხას ჩაეხლართა რქებს შუა
    ნელ-ნელა მიჩანჩალებს ეს ზანტი ძროხაა

    შინაური პირუტყვი მუხათა ხეივნაში მის ჩრდილში რომელსაც
    მშვიდი გარემო ირეკლავს ძროხა მოსეირნობს რქებს შუა

    ქარიშხლით წამები ჩაივლის სწრაფი მატარებელი შხუილით
    გაქროლდა თითოეული ელვა ჯერ კიდევ მყარად ზის თითბრის ჰილზაში

    ოჰო მეცხვარე ბალახში ყვერებს იფხანს ვიცი გაავდრდება
    ვგრძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვს

    ჭაბუკი მონეტას ტბორში გადააგდებს ის თვალში
    მოხვდება ჭექა-ქუხილები ფრაიას თეთრეულის

    თოკებზე ფენია ჯერ გასაშრობია ორთქლმავლის საჭესთან მძღოლს
    ხელი ეშვება რბილსა და დაბინდულზე ის ყვერებს იფხანს

    ოჰო გაავდრდება ვგძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვს
    მუხების ხეივნიდან ძროხა მოსეირნობს ჰილზები ჰკიდია

    რქებშუა სარეცხის თოკი აქვს გაბმული
    ზედ შრება ქუხილი ქარიშხლის სურნელში მუხათა კორომზე

    იღვიძებს რომელიც ფარფატებს ფრაიას სიქათქათე ჭაბუკი
    ყვერებს იფხანს ოჰო გაავდრდება ვგრძნობ ამას დღეს

    საქმე საერთოდ არა მაქვს ეს მომწონს წვიმა ჩამოიქცა
    ელვები ამოსკდა ჰილზებიდან მეხი

    მარწუხებიდან განთავისუფლდა ძროხა დამფრთხალია მუხა
    თავსა ხრის ჭაბუკი მას: ფრაიას ნებართვით ერთი კოცნა.

    მე წაგიკითხეთ ლექსი “ლანდშატი 8”, რომელიც ამავე სახელწოდების ოცლექსიან ციკლშია შესული. მსურს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, – რომლებსაც ესეისტიკასთან არცთუ ბევრი აქვთ საერთო, – განგიმარტოთ, თუ რა მნიშვნელობას იძენს ჩემთვის სიტყვა “ლანდშაფტი” და რა ადგილი უკავია მას ჩემს გრძნობისმიერ გამოცდილებათა “მეურნეობაში”.
    1961 წელს სტოკჰოლმში შემთხვევით მომხვდა ხელში კარლ ფონ ლინეს წიგნი “Iter Lapponicum”. ლინე იმხანად, XVIII საუკუნის დამდეგს, სტუდენტი იყო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლიდა, მან მიიღო სტიპენია, რომელმაც საშუალება მისცა ლაპლანდიაში გამგზავრებულიყო და იქაურ ბუნებასა და მოსახლეობაზე ეწარმოებინა დაკვირვება. ამ მოგზაურობის შესახებ ლინემ ვრცელი სამეცნიერო ნარკვევი მოამზადა (მისი ნახვა სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი). მაგრამ პარალელურად მას უწარმოებია პირადი დღიური, რაც მეტწილად ურთულეს პირობებში, ხანმოკლე შესვენებებისას ან უნაგირზე ჯდომისას უწევდა. ეს დღიური ფრაგმენტურ ხასიათს ატარებს, არასრულყოფილი და დაუხვეწავია. მიუხედავად ამისა, როგორც კი ის წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანს მივაგენი. ის, რომ მოგვიანებით ეს წიგნი ვთარგმნე, მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტია. მომნუსხა იმან, რომ ნატურალისტის მედიდური და დისტანცირებული ანალიზის ნაცვლად აღმოვაჩინე წამიერი გაელვებით გაუკვდავებული წვრილმანები, სულ ერთია – ორგანული თუ არაორგანული, ბუნებრივი თუ სოციალური ხასიათისა: მთლიანიდან ამოღებული დეტალები, ჯერაც თავიანთი უტყუარი ფაქტობრიობის შუქით რომაა გაცისკროვნებული. აქ ვხვდებით მინიდახასიათებას ამა თუ იმ მცენარისა, ან კვირტისა, ეს-ესაა რომ გახსნილა, ან მზის შუქის განსაკუთრებული რაკურსისა, სრულიად ახალ მბზინვარებას რომ სძენს მცენარეს. აქ ნახავთ მინერალების, ხის ჯიშებისა და კულინარული რეცეპტების ჩამონათვალს, შუაცეცხლიანი ქოხმახებისა და აბანოების ინტერიერის აღწერილობას, აგრეთვე, უნებლიეთ “პოეტურ” ჩანაწერებს თვალის უცნაური დაავადების თუ შარდის ბუშტის ანთების და, რა ვიცი, კიდევ რის შესახებ, – ფრინველთა თუ ამფიბიათა სახეობები, მზეზე დაკვირვებები შუაღამით, – ყოველივე ეს ყოფიერების თავისუფალ ელემენტებად გვევლინება და ყოველივეს ერთნაირად დიდი ფასეულობა ენიჭება. მსურს ჩემი აღტაცების დასაბუთებად ერთი-ორი მაგალითი მოგიყვანოთ ამ წიგნიდან:
    “ტოროლა მთელი გზა გვიმღერდა, ჰაერში ცახცახებდა:
    Ecce suum tirile, tirile, suum tirile tractat.
    ტყეში, ტბორის გადაღმა იზდება ყველანაირი სახეობის Lycopodia: sabinae, cupressi, abientis, bifurcati.
    Nomina plantarum:
    Botska. გამოიყენება საკვებად. alias Rasi. ანგელოზა.
    Fatno. Angelica. Caulis. ანგელოზა.
    (ღერო და ფოთლები)
    Jerja. Sonchus purpur. ღიჭა.
    Jert. გამოიყენება კოჭას მაგიერ.
    Hótme. ლურჯი მოცვი. ჭაობის კენკრა.
    Cheruna. თეთრი მწყერი, პატარა და ნაზი.
    Lues. დიდი ზომის ორაგული.
    Stabben. თევზი.
    Ketke. სამურავი.
    და ა. შ.
    ჩასვლისთანავე დამაბინავეს და უკვე დაწოლას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ოთახის კედელზე კაშკაშა ნათებას მოვკარი თვალი. შევშინდი, ხანძარი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მალევე მოვხდი, რომ ეს ფანჯრის მიღმა ამომავალი მზის მეწამული ნათელი ყოფილა, რასაც ჯერ სრულებით არ მოველოდი. მამალმა ყივილი მორთო, ჩიტები აჭიკჭიკდნენ. ზაფხულს კი არა და არ ენება მობრძანება”. სულ ასეთ სტილში გრძელდება.
    ეს გახლავთ დაკვირვებები, – არა განგებ განატიფებული, ესთეტიზირებული, არამედ უზუსტესად ჩამოყალიბებული დაკვირვებები, რომელთაც საფუძვლად უდევს ის უხეში და მყარი ფაქტები, რასაც სიცოცხლე ემორჩილება ქვეყნიერების ამ კონკრეტულ კუნჭულში. ლინემ საკუთარი კვლევებისათვის შეადგინა დამხმარე ნუსხათა და ბგერათა ჯგუფების მთელი რიგი. ამ ყველაფერს სურეალიზმის ელფერი დაჰკრავს და, ამავე დროს, ყოველწამს გაიელვებს ძლიერი ნება და თვითდამკვიდრების წყურვილი, რაც თითოეულ სურათს თუ განცალკევებულ ბგერას ყოვლისმომცველი გამოცდილების ფარგლებში აქცევს. ჩვენთვის ცნობილია ავტომატური წერის ცნება. ის ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. მაგრამ ხელისშემშლელიფაქტორების ფონზე განსაკუთებული ძალისხმევისა და შთაბეჭდილებათა სწრაფი მოხელთების შედეგად წერას მსგავსი შედეგი მოსდევს. ესაა სიტყვათა და მოვლენათა ჯაჭვების ნახევარფაბრიკატები, წყვეტილი გამოცდილებანი, აღქმიდან სპონტანურად ამოკრებილი და სწორედ ამ სპონტანურობის ხიბლით განმსჭვალული, – ხიბლით, რომელსაც აუჩქარებელი და ნატიფი შესწავლის პროცესი მუდამ მოკლებულია.
    უკვე ლინეს წიგნის თარგმანზე მუშაობისას დავიწყე წარმოსახვითი დღიურის წარმოება. მას სახელად დაერქვა “გუშინდელი დღის ძიება ანუ თოვლი ცხელ ფუნთუშებზე”. ამ დღიურის მიზანს როდი შეადგენდა ჩემი ყოველდღიურობის თანმიმდევრული აღნუსხვა. მისი მეშვეობით მსურდა ჩემი აღქმა გამევარჯიშებინა ამ ყოველდღიურობის მასშტაბური დეტალების დასაფიქსირებლად. სიტყვა “მასშტაბურს” აქ ხარისხობრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. იმ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ხოლო მოგზაურობა ჩემთვის უბრალო გადაადგილებას კი არ ნიშნავს, არამედ გაშინაურებას ყველა იმ ადგილას, რომელსაც გავივლი, ნანახის აღქმასა და დაფიქსირებას და ამ ნანახის საფუძველზე საკუთარი ხედვის მუდმივ დახვეწას.
    ლანდშაფტების თუ ზოგადად სამყაროს ნახვის წყურილი ჩემში როდი ეფუძნება პატივმოყვარეობას მავანი კარტოგრაფის თუ გეოგრაფისა, კარგად დასაბუთებულ ანდა სრულიად გაუგებარ დაკვირვებებსა და დასკვებს რომ გვთავაზობს; არც ჩემი პატივმოყარეობა ისახავს მიზნად კლასიკური რომანის ფორმით გადმოვცე დასაბუთებული და ყოვლად გაუგებარი არსებობის ხატი. ლანდშაფტის აღქმა ჩემთვის ნიშნავს კოლბოხს, რომელსაც ფეხი წამოვკარი, სურნელს, რომელიც ტრიალებს ქუჩაში ზუსტად თორმეტ საათზე და არც ერთი წუთით გვიან, ელექტრო-ხერხის სიმღერას, როდესაც დამტვერილი ფარის მიღმა ვზივარ სასტუმროს ნომერში, ანდა ამას: ველურად გაბარდული ჭინჭრის ინტიმურ სიმწვანეში ლუდის ნაბახუსები წყლების დაცლას.
    მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის, თუ როგორ აღვიქვამ ლანდშაფტებს და რა სახით ილექება ისინი ჩემი სულის ფსკერზე. რაც აქ გიამბეთ, მხოლოდ წინაპირობებია, ძალზე პირადული დეტალები: ლექსის დაწერა კი სრულებით სხვა რამ გახლავთ. ის, რაც ახლახან მოისმინეთ და რასაც დღეს კიდევ მოისმენთ, გარკვეულწილად შემდეგი სიტყვისმიერი მასალითაა განპირობებული: ავდარი, ძროხა, ჩრდილი, მეცხვარე, ბალახი, ავდარი, ძროხა, თითბერი, თოკი, ჰილზა, ელვა, თითბერი, ჭაბუკი.
    ამ სიტყვათა მიღმა დგას წარმოდგენები, რომლებიც, მეტნაკლებად, პირადად “მე” გამაჩნია, მაგრამ ეს წარმოდგენები თავისთავად ჯერ ვერ ქმნიან ლექსს. როცა ჩემს წარმოდგენებს ტექსტში ვათავსებ, ამით, გარკვეულწილად ვაღწევ მათგან გაუცხოებას: რაგდანაც სიტყვებს გარკვეული მაგნიტური ძალა გააჩნიათ, რომელიც მათ ერთმანეთს მიზიდულობის კანონით უკავშირებს. მათ შორის “სექსუალური” კავშირი მყარდება, ისინი იწყებენ ერთმანეთთან შეჯვარებას, მრუშობას, მაგიური მოქმედებებით მაჯადოებენ, მათ თვალები აქვთ, ხოჭოების ფასეტური თვალების მსგავსი, და ამ თვალებით ყველა კუთხიდან აშტერდებიან ერთი მეორეს. მე სიტყვათა მაჭანკალი და სუტენიორი ვარ, მე მათ სარეცელს ვთავაზობ; იმთავითვე ვგრძნობ, თუ რამსიგრძე უნდა იყოს პწკარი და როგორ უნდა დასრულდეს სტროფი. ელვა ანაყოფიერებს წამებს, ჰილზები უეცრად თითბერში ამოჰყოფენ თავს, ძროხა რქებშუა მოიქცევს ავდარს, ფრაიას სისპეტაკე ხიბლავს ჭაბუკს, მეცხვარე ყვერებს იფხანს, ჭაბუკი ყვერებს იფხანს, მემანქანე ყვერებს იფხანს და საჭიდან უსხლტება ხელი.
    ხედავთ, ქალბატონებო და ბატონებო? საკუთარ შეგრძნებებზე როდი მოგითხრობთ: სიტყვები გამომყავს სცენაზე და ისინი თავად წარმოგიდგენენ თავიანთ ქორეოგრაფიას.
    ლექსებს, რომლებსაც აქ გიკითხავთ, ლანდშაფტები ეწოდება. როგორც ხედავთ, ეს არ გახლავთ ლანდშაფტები ამ სიტყვის გავრცელებული მნიშვნელობით, – ეს უფრო შინაგანი სანახებია, წარმოსახვითი პეიზაჟები, რომლებსაც თავად სიტყვები ქმნიან, ან, უფრო სწორედ, რომლებიც სიტყვების მეშვეობით ხელახლა იქმნება.
    (1967)

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ

    საუბრები ლიტერატურაზე – კოტე ჯანდიერი


    ცხოვრება თავდაპირველი ტექსტია, ლიტერატურა კი – ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.

    – ერთგან ბორხესის სიტყვები მოგყავთ. “ჩვენ მაგიური სიტყვის სტრიქონები, სიტყვები, ან ასოები ვართ. იგი მუდმივად იწერება და ეს წიგნი ერთადერთია, რაც არსებობს ამ სამყაროში. უფრო სწორად, ის თვითონ არის სამყარო” ასეა? სამყარო მართლაც მისთვის არსებობს, რომ საბოლოოდ წიგნში იქნას შეტანილი?
    არისტოტელე თავის “პოეტიკაში” (უფრო ზუსტად მის ერთადერთ შემორჩენილ ნაწილში, რომელიც ტრაგედიის შეეხება) მარტივად გამოთქვამს, ერთ საკმაოდ რთულად გასაგებ აზრს იმის შესახებ, რომ დრამა სხვა არაფერია, თუ არა ცოცხალი ადამიანების მოქმედებათა მიბაძვა. ეს “მიბაძვა” სხვა არაფერია, თუ არა დრამატულ პერიპეტიათა აღწერა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს გმირის მდგომარეობის ცვლილებას ბედნიერებიდან უბედურებისაკენ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მაყურებელმა, მკითხველმა თუ მსმენელმა საკუთარი თავის გაიგივება შესძლოს გმირთან, მასთან ერთად გადაიტანოს მრავალი განსაცდელი, რასაც სიუჟეტი ახვედრებს, “დაიღუპოს” როგორც ანტიგონე, რათა გადარჩეს სულიერად და განიცადოს კათარსისი; უფრო ზუსტად, განიცადოს კათარსისი და ამით გადარჩეს.
    ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ჩამოყალიბებული ეს თეორია ადამიანის ცხოვრების მეტაფორაა, ცხოვრებისა, რომლის განმავლობაშიც მრავალ განსაცდელს, ჩვენივე საბედისწერო შეცდომებით გამოწვეულ სულიერ თუ ფიზიკურ სატანჯველს, დამცირებასა და სასოწარკვეთას განვიცდით, რათა თვალებდათხრილი ოიდიპოსივით დავინახოთ მოვლენათა არსი, ვეზიაროთ ჭეშმარიტებას და კათარსისის გავლით მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, გონების სიცხადე და ვნებების მართვის უნარი.
    კათარსისი ესთეტიკური ფენომენია, ისევე როგორც პერიპეტია (ანუ ჩვენი ბედიღბლის ცვლილება იმედიდან სასოწარკვეთამდე, ბედნიერებიდან უბედურებამდე და პირიქით). რაკი ცხოვრება პერიპეტიების ჯაჭვია, ცხადია, რომ ის ამავდროულად ბედნიერების, აღმაფრენის, თავდავიწყების, ფიზიკური და ესთეტიური ტკბობის წუთებსაც გულისხმობს.
    თუ დრამა მოქმედებათა მიბაძვას წარმოადგენს, ლიტერატურა ცხოვრების იმიტაციაა… ცხოვრებისა, რომელსაც – ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებით – “გამართლება აქვს მხოლოდ, როგორც ესთეტიკურ ფენომენს”, ხოლო ერთი ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებას მაშინ ეძლევა გამართლება, თუ ის კათარსისამდე მიდის. ამ აზრით, ცხოვრება თავდაპირველი და უნიკალური ტექსტია, რომელიც მუდმივად იწერება, ხოლო ლიტერატურა კი – ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.
    – როგორია დღეს ჩვენი რეალობა, შემოქმედებითი ან საზოგადოებრივი ცხოვრება? საერთოდ ის სამყარო, რომელსაც ამ წიგნში შესატანად ვამზადებთ?
    მე მეჩვენება, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა, განსაკუთრებით კი საჯარო სივრცე საერთოდ დაცლილია ესთეტიკური ფენომენებისა და განცდებისგან. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც თბილისელი თეატრალები და მუსიკის მოყვარულები გაყოფილი იყვნენ მერი ნაკაშიძის და ნადია ხარაძის მომხრეებად და წლების განმავლობაში მათ შორის მიდიოდა ცხარე კამათი, თუ რომელი მათგანია უფრო უნივერსალური ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული; როდესაც ავთო ვარაზის გამოფენა არა წამიერად გაელვებული “ნიუსების” თემა, არამედ ხანგრძლივი საზოგადოებრივი განსჯისა და ინტერესის საგანი იყო; როდესაც ორშაბათ დღეს კინოთეატრში ბილეთს ვერ შოვნიდი, ვინაიდან ორშაბათობით ახალი ქართული, თუ უცხოური ფილმი გამოდიოდა და ადამიანებს ერთი სული ჰქონდათ, ენახათ რაღაც ახალი და უჩვეულო; სამშაბათობით უნივერსიტეტის მწერალთა სხდომებზე ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების ხალხმრავალი განხილვა და სერიოზული დისპუტები იმართებოდა ზოგადად ლიტერატურის საკითხებზე… აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას.
    კულტურა არ არის მხოლოდ ცალკეულ შემოქმედ ინდივიდთა ნაღვაწის ერთობლიობა, ეს არის მათი ნაწარმოებების ადგილი და მონაწილეობის ხარისხი საზოგადოებრივ ცნობიერებაში. კულტურა, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი ახდენს რეფლექსიას, შეფასებას და რანჟირებას. იქ სადაც ეს არ ხდება, შესაძლებელია არსებობდეს ცალკეული, თუნდაც გენიალური შემოქმედი, მაგრამ კულტურა და შემოქმედებითი ცხოვრება რედუცირებულია. ამისი კარგი მაგალითია შესანიშნავი ავსტრალიელი მხატვარი ნამატა ჟირი, რომელიც აბორიგენი იყო. მისი ტილოები გამოიფინა ევროპისა და ამერიკის წამყვან გალერეებში, მასზე დაიწერა მონოგრაფიები და ა.შ. მაგრამ ავსტრალიელ აბორიგენთა ცნობიერებაზე და ცხოვრებაზე ამას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან კულტურულ ფასეულობათა აბორიგენული სისტემა მოკლებული იყო ამ ნახატების აღქმის უნარს.
    დღეს, როდესაც, ჩვენს გალერეებში ერთნარი სიხშირითა და წარმატებით იხსნება კარგი, საშუალო და ცუდი მხატვრების გამოფენები, როდესაც მედია საშუალებები ერთნაირი დაშტამპული სიტყვებითა და კადრებით აღწერენ ამ გამოფენებს, მეჩვენება, რომ ავსტრალიელ აბორიგენთა მდგომარეობაში ვართ, რადგან ვერ (ან არ) ვანსხვავებთ უნიჭო მიმბაძველობასა და პლაგიატს, ჭეშმარიტი სიახლისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ინდიფერენტულია ხელოვნების მიმართ და რეაგირებს მხოლოდ ისეთ იაფფასიან, სკანდალურ გამოხდომებზე, როგორიცაა, ვთქვათ, ყბადაღებული “საიდუმლო სირობა”. ოთარ ჭილაძის არც ერთ ბოლოდროინდელ რომანს არ ხვდა პატივი ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტში. ასეთი ესთეტიკური და ეთიკური განურჩევლობა, ჩემი აზრით, ქართული კულტურის ღრმა კრიზისზე მეტყველებს.
    – ერთი შეხედვით ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ, რატომ წერთ?
    ჯერ ერთი ვწერ ძალიან იშვიათად. მწერლობას არ განვიხილავ ჩემს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მწერალი არცა ვარ. ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონტრაქტი დავდო რომელიმე გამომცემლობასთან და ვალდებულება ავიღო, რომ ამა და ამ ვადებში, ამა და ამ თემაზე დავწერ მოთხრობას, ნოველას ან რომანს. ცხადია, პროფესიონალი მწერალი ასე არ იქცევა.
    ლიტერატურასთან მე ჰედონისტური დამოკიდებულება მაქვს.
    – და როგორ წერთ? წერა მართლაც დიდ ემოციურ სტრესებთან არის დაკავშირებული? ან კიდევ, რა მოაქვს მწერლისთვის გამოცდილებას?..
    რაც შეეხება თვითონ ტექსტს, მე ვფიქრობ, აქ კომპრომისების დაშვება შეუძლებელია და თუ რამეს ვწერ, ვცდილობ ეს გავაკეთო პროფესიონალურად. ენასთან ხუმრობა არ შეიძლება. სწორი ბრძანდებით, წერა მართლაც დაკავშირებულია დიდ ემოციურ სტრესებთან. მეტსაც ვიტყოდი, თუ წერის პროცესში ემოციური სტრესი არ არსებობს, მაშინ არც კათარსისი განხორციელდება და ტექსტი თანაბრად უინტერესო იქნება როგორც მწერლის, ისე მკითხველისთვის.
    გამოცდილებას კი მოქვს ის, რომ ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს, რაზედაც კი ის ფიქრობს, შეხედოს რამდენიმე კუთხით, თავი დააღწიოს სწორხაზოვნებასა და პლაკატურობას, არ გადაიჭრას მორალიზატორობაში და არ გახდეს მოსაწყენი.
    – თქვენი მოთხრობები “მაყვლიანი”, საოჯახო ქრონიკა”, “დაატიჟება კონოში” ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტები იყო. რა რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდათ მათ, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერილები თუ გახსენდებათ და საერთოდ, როგორ ფიქრობთ საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა არსებობს?
    იყო რამდენიმე გამოხმაურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდა რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩემს მოთხრობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დადამახსოვრდა ქალბატონ ლილი ავალიანის წერილები.
    რაც შეეხება ლიტერატურულ კრიტიკას ზოგადად, ჩემი დაკვირვებით აქ საქმე სავალალოდაა. ცხადია, არსებობს რამდენიმე ნიჭიერი კრიტიკოსი, რომლის აზრსაც მე დიდ პატივს ვცემ. მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, კრიტიკა ჩვენში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, გარკვეული იდეოლოგიური კონიუნქტურის ტყვეობაშია. ცხადია, იდეოლოგიური კლიშეები იცვლება: კომუნისტური შტამპები ჯერ ნაციონალისტურ-რელიგიური, შემდეგ კი ფსევდო-ლიბერალური ტაბუებითა და რიტორიკით შეიცვალა.
    საბჭოთა დროს კრიტიკოსი ერთდროულად ბრალმდებლის, მოსამართლისა და განაჩენის აღმსრულებლის ფუნქციას ასრულებდა. მისი სიტყვა ხშირად სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა მწერლისათვის. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსის პროფესიის არჩევა წესიერი ადამიანისთვის ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იყო. მეორეს მხრივ, საბჭოთა ეპოქის მწერლებისთვის კრიტიკოსი ლიტერატურული პროცესის აუცილებელ მონაწილედ კი არ აღიქმებოდა, არამედ მტრად და პოტენციურ ჯალათად. ცხადია, ამას საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ლიტერატურულ ცხოვრებასთან, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერაც გაბატონებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების დიქტატს ეგუება, ის მხოლოდ იდეოლოგიურ შტამპებს იცვლის და არ ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ამიტომაც კრიტიკა (თუნდაც ჯანსაღი) ისევ მტრობად აღიქმება, კრიტიკოსობა კი – გაბატონებული ჯგუფის შეხედულებათა მონობად.
    სტალინის ძეგლებთან ბრძოლას რა აზრი აქვს, თუ ტოტალიტარული აზროვნებისა და პოლიტ-ტექნოლოგიებისაგან არ გავთავისუფლდით? რა აზრი აქვს ბელადის ქანდაკების მსხვრევას, თუ მის ადგილზე ზვიადის, ბასილ მკალავიშვილის, ანდა ლევან რამიშვილის წარმოსახვითი ძეგლი წამოვჭიმეთ?
    – ერთგან თქვით “სტილი განსაზღვრავს ლიტერატურასო” აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, რა არის მწერლური სტილი და რატომ არის ეს “როგორ” ხშირად “რა”-ზე მნიშვნელოვანი?
    მარტივი აზრია: ანტიკურ თეტრში მისულმა მაყურებელმა ზედმიწევნით კარგად იცოდა თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ოიდიპოსის, ან აგამემნონის ოჯახში. მაგრამ ხალხი თეატრში იმისთვის მიდიოდა, რომ ენახა და მოესმინა როგორ ყვება ამ ისტორიას სოფოკლე, საიდან იწყებს და სად ამთავრებს თხრობას ესქილე, როგორ გადმოსცემენ მათ მიერ დაწერილ სიტყვებს ნიღბიანი მსახიობები და ა.შ. ისინი მიდიოდნენ თეატრში თავდავიწყებისათვის, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გათავისუფლებულიყვნენ საკუთარი საზრუნავისა და ტკივილისაგან, ეცხოვრათ სხვა ადამიანის ტკივილებითა და ვნებებით, რათა ტირილამდე მისულებს კათარსისი განეცადათ. მათი ცრემლები უერთდებოდა მარადისობას, როგორც კაპიტან აქაბის ცრემლები ოკეანეს და “მთელ ოკეანეში არ იყო წვეთი უფრო სუფთა, ვიდრე ეს ცრემლი”.
    – ფიქრობთ, რომ დღეს თანამედროვე ლიტერატურაში სათქმელის დეფიციტია? და ამას მოსდევს ხომ არ მოსდევს თავად მკითხველის დეფიციტიც?
    “დიდი სათქმელი” არ ნიშნავს დიდ ლიტერატურას. შექსპირის “ჰამლეტი” იმიტომ კი არ არის გენიალური, რომ იქ ყოფნა-არყოფნის საკითხია დასმული (ეს საკითხი ამა თუ იმ ფორმით უამრავ ღირებულ ტექტსტში გვხვდება, გილგამეშიდან და ბიბლიიდან დაწყებული, უმბერტო ეკოთი დამთავრებული), არამედ იმიტომ, რომ შექსპირმა მოახერხა ყოველი ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გაეხადა ამ კითხვაზე პასუხის ძიება. მე მგონი, ნიჭის დეფიციტი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სათქმელისა. ნიჭი კი, ყოველთვის საკმაოდ დეფიციტური “საქონელი” იყო და ასეთადვე რჩება.
    “მკითხველის დეფიციტი” შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიტერატურის ფუნქციის შეცვლას პოსტინდუსტრიულ ეპოქაში. მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალიზმის მთავარი ინსტრუმენტი ლიტერატურა იყო. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა “ნაციონალური ნარატივი ლიტერატურის ენით ლაპარაკობდა”. მაგრამ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ დევალვირებული და ლამის ტაბუდადებული ნაციონალიზმის პირობებში ლიტერატურამ დაკარგა ერის მოძღვრისა და წარმმართველის ფუნქცია, ის ერთგვარი ინტელექტუალური გართობის ნაირსხეობად, ან, სხვა შემთხვევაში კომერციული ინტერესის საგნად გადაიქცა. არ მითხრას ვინმემ, რომ სიამოვნება არ მიუღია აკუნინის დეტექტიური რომანების კითხვით. დაძაბულ, კომერციულად მომგებიან სიუჟეტთან ერთად, იქ “მაღალი სტილის” ბრწყინვალე იმიტაციას და ინტელექტუალურ საზრდოსაც ვპოულობთ. მაგრამ რამდენად შეიძლება ამ რომანებს დიდი ლიტერატურა ეწოდოს, ეს მართლა არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ფანდორინის თავგადასავალი სულ სხვა მიზნითაა მოყოლილი, ვიდრე როდიონ როსკოლნიკოვის ისტორია.
    – ბოლო წიგნზე “კონკიას ღამესა” და მასში შესულ მოთხრობა “გლობალიზაციაზე” მინდა გკითხოთ, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად გლობალიზაცია კანონზომიერი პროცესია, მაგრამ როგორ ვხვდებით ჩვენ მას და როგორ შეიძლება მასთან სწორი მიმართების გამოძებნა?
    ჩვენი მიდგომა გლობალიზაციის, როგორც ობიექტური პროცესისადმი ორგვარია: საზოგადოების ნაწილი (საკმაოდ დიდი) მას განიხილავს, როგორც მტრული ძალების (მასონები, იეღოველები, სოროსი და სხვ.) შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. მეორე, შედარებით მცირე ნაწილი კი უაზრო აღტაცებით, გაუგებარი პიეტეტითა და უნიადაგო იმედებით ხვდება გლობალიზაციას, როგორც ყველა ჩვენი სენისა და გასაჭირის პანაცეას. ორივე ეს უკიდურესობა სიბრიყვისა და წინდაუხედავობის მაგალითია. როდესაც ნილოსის ნაპირას ცხოვრობ, არ შეიძლება არ ხვდებოდე, რომ მდინარის მოტანილი ნაყოფიერი შლამი მდიდარი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ასევე შეუძლებელია არ იცოდე, რომ მდინარემ ადიდება იცის და თუ აქა-იქ ჯებირებს არ დაუყენებ, შეიძლება ერთი ხელის მოსმით წალეკოს ყველაფერი, რაც შენ და შენს წინაპრებს გიშენებიათ. იაპონელებმა მოახერხეს მაქსიმუმი აეღოთ ინფორმაციული, ტექნოლოგიური და ფინანსური ნაკადების ხელმისაწვდომობისაგან, მაგრამ ისიც შესძლეს, რომ მათ კულტურას არ ემუქრება ნიველირება, ეროვნული იდენტურობა კი საიმედოდაა დაცული.

    © Weekend

  • ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    ლევან ბერძენიშვილი – ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში

    ლევან ბერძენიშვილი

    ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში

    „ყოველთვის ვიცოდი, რომ ნამდვილი არ იყო.“
    სეროჟას ფიქრი შექსპირზე, ოდეს სპექტაკლის ბოლოს
    მაყურებელთა ოვაციების მისაღებად
    სცენაზე ცოცხალი დეზდემონა გამოვიდა

    წიგნის წაკითხვას რა უნდა? არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ, საერთოდ, წიგნი იოლი წასაკითხია. სხვა რამეს ვგულისხმობ. შევეცდები, უფრო გასაგებად დავსვა კითხვა: წიგნმა როგორ უნდა წაგაკითხოს თავი? უპირველეს ყოვლისა, წიგნი, როგორც საგანი, როგორც ფიზიკური სხეული და არა მისი შინაარსი, რომ იტყვიან, ხელში უნდა მოგყვეს. ამისთვის, სხვათა შორის, მაგარი ყდა უნდა ჰქონდეს, სქელი და მუქი. აიღებ კარგ ყდას (კარგი ყდა ნახევარი საქმეა, არადა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნამდვილად მაგარი ყდა შეარჩია, თანაც „მაგარი“ არა მხოლოდ hard, არამედ ასევე „მაგგარი“ – cool), მისცემ ფერს. ფერი: შავი. შავ ყდას ოქროს ასოებით დააწერ: adibas. თავზე დაასვამ ადიდასის ლოგოს (ძველ ლოგოს, ყვავილისებურს) და ქვემოთ თეთრად მიაწერ: რომანი (ვინმეს რამე რომ არ შეეშალოს). სულ ზემოთ, ყდის ზეცაში იმავე ორხაზიანი შრიფტით, რითიც ქვემოთ „რომანი“ გიწერია, მისცემ ავტორის სახელსა და გვარს, როგორც ხარისხის ნიშანს: ზაზა ბურჭულაძე.
    როგორც Stairway to Heaven „ზეციურ [ჯეიკობის] კიბეში“ ლედ ძეპელინი მღეროდა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყდის დიზაინერი (ყდის დიზაინი: თამუნა) ახერხებს ამას: გკარნახობს, რომ ეს ოქრო ოქრო არ არის. სამაგიეროდ, რაც არ ბრწყინავს, თეთრია და ნამდვილია, ანუ ზაზა ბურჭულაძე და რომანი ნამდვილია, დანარჩენი – არა. მოკლედ, ყდა უკვე გეუბნება, რომ რაღაც ლიტნარკოტიკი, ყვითელი და თეთრი, ნამდვილი და ყალბი ერთად უნდა შემოგაპარონ. ამიტომაც რომანი იწყება adibas-ის განმარტებით ანუ მკითხველის გაფრთხილებით. ლექსიკონიდან ამოხეული განმარტება შეგიძლია თავიდან ბოლომდე წაიკითხო, როგორც არის: „adibas – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.“ უნდა დაამატო, „ისეთი გაყალბება, რომელიც ნამდვილ ნივთად უნდა შეასაღო ყურუმსაღ მყიდველს“. და შეგიძლია სახელდახელოდ თარგმნო (გამოცდილი მკითხველი ხარ და კარგად მოგეხსენება, რომ პირველსავე გვერდზე მწერალი ტყუილად არ გამოიტანდა ამ განმარტებას). მწერალიიგი ხმამაღლა გეუბნება: ყურადღება, მკითხველო, ყურადღება, შენს წინაშე წარდგება სიყალბე, შენთან შესახვედრად ჩემი ფურცლებიდან მოემართება სუროგატი, იმიტაცია, ფალსიფიკაცია, ცრუ სიტუაცია, ვულკანიზაცია და ბალანსირება (2008 წელს გარდაცვლილი, ღრმა სიბერეში „უკვდავად“ ანუ აკადემიკოსად არჩეული ალენ რობ-გრიეც 1953 წელს გამოცემულ „საშლელებში“ ასე მონდომებით აფრთხილებდა მკითხველს ზედმეტი 24 საათის შესახებ). მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ავტორი გატყუებს და ოქროს სიყალბესთან ერთად ავაზაკურად სიმართლესაც შემოგაპარებს, ცბიერად, გველურად. ახლა მზრუნველი და ჰუმანისტი ავტორი კმაყოფილია, რადგან ერთგული მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, შემდგომში პრეტენზიები არ იყოს, სიყალბეზე და ჯორჯო არმენიზე პირველსავე გვერდზე მიგითითეო. მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, ბომონდი – განაწყენებული, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი კი – სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული.
    რატომ ადიდასი და ადიბასი? რატომ რომელიმე სხვა ფეიკი არა, მაგალითად, სახელგანთქმული „აბიბასი“, „სომი“, „პანაფონიკი“, ჩინური „აიფონი“ (ვითარებას ართულებს ის, რომ ნამდვილი აიფონიც ჩინეთში მზადდება) ან თუნდაც ათლარიანი „როლექსი“? შეიძლება იმიტომ, რომ „Adidas AG“ ჩვენებური, ევროპული, გერმანული ფირმაა (კერძოდ, რკინის გზას პოტსდამსა და ბერლინს შორის ხაზი გაესმება რომანში). მე ჩემი ვერსია მაქვს და ვერავინ დამარწმუნებს მის მცდარობაში: ადიდასი ეს არის სამი ხაზის ერთობა; სამი, რომელიც ერთია, ანუ სპორტულ-აქსესუარული სამება. რომანი სწორედ სამ სამყაროს გაჩვენებს: 1. ნამდვილს (?) და ძვირს (!) (ბუტიკები ვაკეში, კაფეები შარდენზე), 2. ყალბს და მოძვიროს (ბაზრობები. სივრცე, რომელსაც ეწოდება „სიბრძნე სიცრუისა“), 3. ჭეშმარიტს და იაფს (მეორადები, სეკონდები. სივრცე, რომელსაც ეწოდება In sacco veritas „ფუთაშია ჭეშმარიტება“).
    ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ნამდვილი ანუ ადიდასი მკითხველი წიგნს დროებით დახურავდა და ამა სოფლის ამაოებაზე დაფიქრდებოდა. შემდეგ გადმოაბრუნებდა წიგნს და ახლა უკვე სხვა, იოში იამამოტოს ასევე გაყალბებული ლოგოს ქვემოთ წაიკითხავდა, რომ ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს და რომ ომი რომანის მთავარი პერსონაჟია სექსთან ერთად. ომი და სექსი, მოდი და ნუ წაიკითხავ! ისევ გადაიშლება წიგნი და მკითხველი იწყებს კითხვას ექსპოზიციით, რომელსაც ეწოდება „01 დილის მულტიმედია“. უკვე ამ ნუმერაციითაც და ამ ქვესათაურითაც უნდა მიხვდეს მკითხველი, რომ ომისა და სექსის გარდა წიგნს სხვა პერსონაჟიც ჰყავს: თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხან ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩართული ტელევიზორით რუსული არმიის წინსვლას და დიღმიდან გაგარინის მოედნამდე ტფილისში დიფუზიის პროცესს ნერვიულად გადმოსცემს, ხან დაუდევრად დაგდებული გადახსნილი ლეპტოპით მოგვევლინება, ხან იუთუბში „კანიბალ კორპსს“ დაეძებს სექსუალური აგზნების დაშოშმინების სპეციფიკური დავალებით, ხან სკაიპში ლათინური ასოებით ქართულ-რუსულ ტექსტს შემოგვთავაზებს (თავი 11 დამახასიათებელი სათაურით „საქართველო“), ხან coffee.ge-ს wi-fi-ს გვახარბებს, ხანაც 120 გიგაბაიტიანი აიპოდით ჩაგვიკრავს თვალს და ხანაც Bang&Olufsen-ის ნაუშნიკებით გვემარიაჟება. კიდევ ერთი მუდმივი პერსონაჟი ჩანს ამ რომანში: ინგლისური ენა. ხშირია ციტატები, წარწერები, ალუზიები და ა.შ. შექსპირის ენაზე. მოკლედ, ომი, სექსი, კომპიუტერი და ინგლისური, სწორედ ესაა ადიბასის სა-ქარ-თვე-ლო!
    როგორც ყველა ადიდასი მწერალი, ზაზა ბურჭულაძეც არ ენდობა ადიბას მკითხველს. ამიტომ მან უნდა დაუღეჭოს, დიდი პირი დააღებინოს და ისე ჩაუტენოს ლუკმა. ადიბასი ხომ სიყალბეა, განმარტება ხომ მისცა, ლოგოც გაუყალბა (ქვემოთ უსამართლოდ მოუმრგვალა), მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი; ამიტომ ქმნის სრულიად ახალ ადიბასურ პროდუქტს, სუპერფალსიფიკაციას, „აქ და ახლას“ აღრევას, სრულ შეუთავსებლობას, სუროგატის სუროგატს – ხინკალს კაფე „ლურჯ ხავერდში“, რომელსაც ჰოლანდიელი ქალი გულმოდგინედ და მცოდნედ ჭამს – თითქოს, თავისი ერთი ძველი პერსონაჟისა არ იყოს[1], უნდა თქვას, ჭეშმარიტად, „ვინაც გაიგებს ხავერდის ხინკალს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.“
    რომანის გმირებს ჰყავთ საყვარლები და ყოფილი საყვარლები. ის კი არა, ერთი ყოფილი საყვარელი ახლა სხვისი ქალია და ძველი საყვარლის თვალწინ ახალ საყვარელს ნებდება და ეს სცენა ძველმა საყვარელმა ახალი საყვარლის თხოვნით ვიდეოზე უნდა დააფიქსიროს (თქვენი არ ვიცი და მე პირდაპირ მესმის აღშფოთებული მოქალაქის ხმა. ხმა ამბობს: „რა მარაზმია!“). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეზოპეს ენით არ არის გადმოცემული.
    მავანი იკითხავს, ამ ნატურალიზმში, ამ გარყვნილებაში, ნაკურთხ „ტოიოტა რავ 4“-ში, ბერის სენაკში დამღერებულ კარაოკეში, რუსეთის არმიის თბილისში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებათა ენციკლოპედიური ცოდნის გამოვლენაში კარგი რა არისო? მეც მანდა ვარ: ავტორის ოსტატობის გარდა, კარგი არაფერია, რადგან რომანის თხუთმეტი თავის განმავლობაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ეროვნულ სიყალბეს, ეკლესიის ეზოში შესულ „ჰამერს“ ამოსაცნობი სანომრე ნიშნით „ALIKA“, უღრან ფარისევლობას, ნაციონალურ გულგრილობას, კალენდარზე დახატულ სააკაშვილის ფოტოშოპში კბილებგათეთრებულ ღიმილს, ორალური სექსის დროს ჩაძინებულ ქალს, სიაბანდობის ზეიმს, პოპულარულ ასტროლოგიას (ეძღვნება მერვე თავი სათაურად „08/08/08“ – ვერძი: დღეს თქვენი ენერგეტიკული რესურსები…), ყველაფერ ამას მოჰყვება უნებურად დაბადებული ეპიფანია, მიხვედრა იმისა, რომ „ადიბასი“ წიგნის სათაური არ არის, „ადიბასი“ დღევანდელი საქართველოს დიაგნოზია. ჩვენ არც ნამდვილი და არც მეორადი საზოგადოება არ ვართ. ჩვენ ვართ ნაყალბევი საზოგადოება, რომელიც ნამდვილ საზოგადოებად ასაღებს საკუთარ თავს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

    [1] ზაზა ბურჭულაძე, „სახარება ვირისა“, თბილისი, 2004.

  • პროზა

    ბესო ხვედელიძე – ბოლო გასვლა

    1.
    31 დეკემბრის მშრალი საღამო იდგა. ასაკისდა შეუფე­რებლად წელში გაჯგიმული პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი მხედრული ნაბიჯით მიუყვებოდა გამსახურდიას გამზირს და თავის უცნაურ ავან-ჩავანზე ფიქრობდა. ის, რაც მხოლოდ მან იცოდა და მისი არეულობის უმთავრესი მი­ზეზი იყო, იმდენად დაუჯერებელ რამეს წარ­მოადგენდა, რომ პოლკოვნიკს ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა, ცხადში ხდებოდა მისი ცხოვრება თუ სიზმარში. ქალაქი არანაირად არ ჰგავდა სიზმრისეულს და პოლკოვნიკიც გრძნობდა, ასეთ ცხადში მყო­ფი ან უნდა უბრალოდ შეგუებოდა იმ სიგიჟეს, რომელიც მასში ფუთფუთებდა, ან კი დამიწებულიყო, დაევიწყებინა წარსული და ამ დღიდან დაეწყო ახალი დროის ათვლა.
    საქმე იმაში იყო, რომ პოლკოვნიკი აშკარად იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ და ამის პირდაპირ მიზეზს მის შორეულ წარსულში, ანუ სადღაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა ფესვები გადგმული.
    მაშინ პოლკოვნიკი ჯერ კიდევ არ იყო პოლ­კოვნიკი, და 32 წლის ახალგაზრდა მიკ­რობიოლოგს გასაიდუმლოებულ სამხედრო ლა­ბორა­ტორიაში უნიკალურ გამოგონებაზე უწევ­და მუშაობა. გამოგონება საბოლოო ჯამში ორგანული მიკრობიოლოგიური აბის და მისი ანტი-აბის სახით უნდა მიეღოთ.
    მათგან პირველი, ნებისმიერ ადამიანს მის­ცემდა საშუალებას, აბის მიღების შემ­დეგ, თუკი ის სიტყვაზე 30 წლის იყო, და უნ­და გამხდარიყო შემდეგ წელიწადს 31-ის, გამხდარიყო 29-ის. შემდეგ წელიწადს ეს ადა­მიანი გახდებოდა 28-ის, შემდეგ 27-ის და ასე შემდეგ, ვიდრე არ მოიბეზრებდა ასაკში დაღმასვლას. ჰოდა, ამ დროს უნდა დამდგარიყო ანტი-აბის ხანა – მისი მიღების შემდეგ, სიტყვაზე 14 წლამდე ჩამოსული ადამიანი დაიწყებდა ისევ უკან ზრდას, ანუ გახდებოდა 15-ის, შემდეგ 16-ის, 17-ის და ასე ჩვეულებრივ ზემოთ.
    ექსპერიმენტი, რომელიც დაიძრა, მართლაც რომ შედგა, და ის პირველად ახალგაზრდა მიკრობიოლოგ პოლიგლიშვილზე მისივე თანხმობით ჩატარდა.
    1933 წელს, როდესაც ის უნდა გამხდარიყო 33-ის, ის შეიქნა 32-ის. შემდეგ წელს, ანუ 1934-ში ის გახდა 31-ის. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მიკრობიოლოგი პოლიგლიშვილი ასაკის კლებასთან ერთად ფიზიკურად და ბიოლოგიურად, ორგანულადაც ახალგაზრდავ­დებოდა და ისეთივე ხდებოდა, რო­გორიც იყო თავის დროზე 32-ისა და შემდგომ 31-ის ასაკში.
    მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ანუ 1939 წელს, ანდრო პოლიგლიშვილი უკვე 26 წლის ჭაბუკივით გამოიყურებოდა და მასაც, როგორც მთელ ლაბორატორიას, მაშინვე უკრეს თავი ომში. ომის დამთავრებისას, ანუ 20 წლის ასაკში, ის უკვე კაპიტნის ჩინით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს.
    კაპიტან პოლიგლიშვილს დედა გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ლაბორატორია საერთო აბა­ნოდ გადაკეთებული. გასაიდუმლოებული ლაბორატორიის წევრთაგან ომიდან არავინ დაბ­რუ­ნებულა ცოცხალი – ზოგი კურსკის ბრძოლამ შეიწირა, ზოგი ქერჩმა და ზოგიც სტალინ­გრადმა.
    უვნებლად დარჩენილმა კაპიტანმა პოლიგლიშვილმა გულში ამოიჭრა სამხედრო საქმისთვის მიეძღვნა თავი. 16 წლის ასაკში ის უკვე მაიორის ჩინით მიმოდიოდა და სწორედ ამ დროს განიზრახა მან სამხედრო სასწავლებელში ჩაბარება. როგორც ომის მონაწილესა და მაიორს მას უგამოცდოდ ხვდა ადგილი სასწავლებელში. აქვე გადაწყვიტა მაიორმა პოლიგლიშვილმა მი­ეღო ანტი-აბი, რათა ასოთხმოცი გრადუსით შეეცვალა ასაკობრივი დაღმასვლა.
    1960 წელს, როდესაც დედამიწის მოსახ­ლეობამ სამ მილიარდს უწია და კოსმოსში ძაღლები – ბელკა და სტრელკა გაუშვეს, მას უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და 11 წლის წინ მიღებული ანტი-აბის გამო კვლავ, როგორც ოდესღაც, 27 წლისას ჰგავდა.
    1970 წელს, როდესაც პოლ მაკარტნიმ ოფი­ციალურად განაცხადა ჯგუფ “ბიტლზის” დაშ­ლის თაობაზე, ხოლო საბჭოთა კავშირიდან პირ­ველად გაიტაცეს სოხუმ-ბათუმის რეისის თვით­მფრინავი ლიტველმა მამა-შვილმა საზღვარ­გარეთ, პოდპოლკოვნიკ პოლიგლიშვილს 37 წლის ასაკის ახალგაზრდის იერი ჰქონდა.
    1980 წელს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს რონალდ რეიგანი, ხოლო მუჰამედ ალიმ დიდ რინგზე ლარი ჰოლმსთან წააგო ჩხუბი, თმაშევერცხლილი პოდპოლკოვნიკი პოლიგლიშვილი უკვე 47 წლის მამაკაცივით გამოიყურებოდა.
    1990 წელს, როდესაც მოსკოვში გაიხსნა “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი, ხოლო ბოსტონში გაძარცვეს მუზეუმი “იზაბელა გარ­დენი”, 57 წლის პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი საკ­მაოდ სოლიდურ თანამდებობაზე მსახურობდა თავდაცვის უწყებაში.
    2000 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, ხოლო სიდნეიში სტარტი აიღო ოც­დამეშვიდე ოლიმპიადამ, 67 წლის ღვაწლ­მოსილი პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი პენსიაზე გავიდა.
    2009 წელს, როდესაც გარდაიცვალა პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი, ხოლო მზის სრული დაბნელება სარეკორდოდ დიდ დროს – 6 წუთსა და 39 წამს გაგრძელდა, 77 წლის პოკოვნიკი პოლიგლიშვილს ტრადიციად ჰქონდა ქცეული ყოველდღე თბილისის ზოოპარკში სეირნობა.
    სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობისას, უფრო ზუსტად კი, სწორედ ზემოთნახსენები მზის დაბნელებისას გა­დაეყარა ის მიწაში თავჩარგული სირაქლემას გალიასთან შიშისგან გულწასულ, გავადაბალ შინაბერას – ვინმე კლარისა ტაქ­საშვილს, რომელიც უმალ ხელოვნური სუნთქვით მოასულიერა და მასზე მაშინვე შეუვარდა გული.

    2.
    ახალი წლის დადგომას არაფერი უკლდა. მეტრეველებში სტუმარს ელოდნენ: უიღბლო პიანისტ კლარისა ტაქსაშვილს, უჟმურ შინაბერას, ვინც ცხოვრების ღვლარჭნილ ბილიკებზე ვერაფრით გადაჰყროდა ისეთ მამრს, ვინც მის მძიმე ხა­სიათსა და გულისგამაწვრილებელ ურჯუკობას უსიტყვოდ და დაუბურძგლავად აიტანდა.
    ლაგდებოდა სუფრაზე ლანგრებით: გოჭი, ხა­ჭა­პური, გოზინაყი, შამპანურის გაუხსნელი ბოთ­ლები. იქვე მაიკო მეტრეველი და მისი ტანწვრილი მე­უღლე, სიბრძნის კბილის ტკივილისგან ყბაახვეული ერიკო ტრიალებდნენ და მაგიდას სხვა კერძებსაც მა­ტებდნენ. ტელევიზორიც არ ისვენებდა.
    ნუკრის თოვლის ბაბუის წითელი ფორმა ეცვა, აბრჭყვიალებულ ნაძვის ხესთან მდგომი სათამაშოებს არჩევდა, ტოტებიდან ხსნიდა და გუდაში ფრთხილად დებდა.
    – მაგას არ დააკარო თითი! – აუკივლდა უცებ მა­ი­კო ძმას. – ამას უყურე!.. ვითომ არ იცი, რომ ეგ ჩემი ცხონებული პირველი ქმრის ნაჩუქა­რია!
    – და აი ეს თუ შაილების, მემ?.. – გაპრანჭული ხმით მიუთითა ნუკრიმ დას სხვა სათამაშოზე და ცალთვალმოჭუტულმა გამოხედა.
    – ეგ შეგიძლია მომაშორო თავიდან!.. მაგის გვერდზეც რომ კიდია, ისიც!.. აღარ მახსოვს ვინ იდიოტმა მომითრია…
    ნუკრის ამის გაგონებაზე იერი ეცვალა, ჯიბიდან მსწრაფლ საღეჭი რეზინი ამოიღო, ხმაურით გაღეჭა და ტონიც უმალ ქუჩური გაუხდა.
    – ვინა, ტო?! ახლა გინდა მაგ სიტყვებზე სერიოზულად მოგთხოვო და აქვე შეგისრულო?.. არა, გულზე ხელი დაიდო, დაიკო, და გაიმეორა – ეს მე ვარ იდიოტი?
    – ნუგზარ, რამდენჯერ უნდა გითხრა, დაგიჭერენ ერთხელაც იქნება!
    – მე სულ სხვა რამე გკითხე, ჩემო დაია! – აიშვირა საჩვენებელი თითი ნუკრიმ. ამ დროს ყბაახვეულმა ერიკომ სასტუმრო ოთახში ლანგრით კარალიოკი შემოიტანა, ფეხით ნოხს წამოედო, ძლივს შეიმაგრა თავი და ლანგარი მაგიდის ცენტრში ხმაურით დააახეთქა.
    – ზურნა შენ!! – კინაღამ გაუსკდა გული მაიკოს და ძმის მისამართით ხმა კიდევ უფრო აიმაღლა. – გაგადაიებ ახლა, ისეთს შეგის­რულებ, ნუგზარ! დაგა­ვიწყდა, მგონი, შენ ჩემი ხელის გემო!.. გამოიღე ახლავე პირიდან ეგ საზიზღრობა! რას გევხარ! წადი, ჩაიხედე სარკეში! ვეღარ უნდა გაიგო, რომ შუა ზამთარში ჩვენ სულ არ გვჭირდება პერე­დაჩებზე სირბილი?.. ერიკოს სიბრძნის კბილი ტკივა… მე პირადად, რომ დაგიჭირონ, ერთხელ მაინც თუ მოვიდე ციხეზე, მიწა დამეყაროს!
    დარცხვენილმა ნუკრიმ მორჩილად გამოიღო პირიდან საღეჭი რეზინი, ყურის ბიბილოს ქვეშ აიწება და ერთიანად შეცვლილი ისევ ენადათაფლულ თოვლის ბაბუად იქცა.
    – შენი სულის ჭირიმე, ჩემი მაიკუნა… ამ ერთხელაც ნუ დამ­თარსავ, თუ ჩემი ღვიძლი დაიკო ხარ!.. ჩემი ამბავი ხომ იცი? ერთი-ათად დაგიბრუნდება… ერთი დედის მუცელში მაინც არ ვიყოთ ცხრა თვე ნაჯდომი… შენ არ იცი, რამდენს ვფიქრობ ხოლმე ამაზე ძილის წინ! არა, მაინც რატომ არ გვეთვლება, ადამიანებო, ადამიანებს დედის მუცელში გატარებული დრო სიცოცხლედ?.. დამიმტკიცოს ვინმემ, რომ ჩვენ იმ დროს არ ვარსებობთ!.. განა ვინ უბაგუნებდა ჩვენს დე­დიკოს შიგნიდან პატალა ფეხუკებს?.. რა თქმა უნდა – ჩემი კუდრაჭა დაიკო! და მერე მეც… თუ მე საკეისროთი გავჩნდი?
    ამ სიტყვებთან ერთად ნუკრიმ მაიკო თბი­ლად მიიხუტა და საფეთქელთან აკოცა. მა­იკო თავიდან კი გაინაბა, მაგრამ მერე მაინც ცივად მო­იშორა ძმა.
    – გავიდეს ეს ახალი წლები… – არ განელებულა ნუკრი. – და ვფიცავ ჩვენი ცხო­ნებული დედის ნათელ ძვლებს, მე აუცილებლად მივწერ ორსულ დედათა მსოფლიო ასამბლეას, რომ ადამიანის დაბადების დღედ ამიერიდან ჩაითვალოს ჩასახვის დღე!.. და სწორედ ის ჩაიწეროს ყოველი მოქალაქის პასპორტში!
    ნუკრი სუფრას მიუტრიალდა, ლარნაკიდან კანფეტი მუჭით მოხვეტა და გუდაში ჩაიყარა.
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი!.. და კანფეტიც რომ აუცილებელია?.. ტკბილის გარეშე რა პირით შევდგა ფეხი უცხო ოჯახში? ნუგა არ გამაგონოთ! ვიღას აქვს ნუგას კბილი… ეს რაა?.. აუ, მაიკო, კიბოს კისერი! – ნუკრიმ კანფეტი პირში გაიქანა და სახეზე ნეტარების ტალ­ღამ გადაურბინა. – ჰოი, ბავშვობავ! გა­დატყაულო მუხლისთავებო! ხეზე ჩიტებო! შატალო­ებო! ზნაკ-ზოროებო! კარუსელებო! სად ჯანდაბაში ხართ ამ სიცივეში, ნეტა?!
    – გეუბნები, ნუგზარ, იცოდე მართლა აღარ შემიძლია! – ისევ იფეთქა მაიკომ. – ჩემს მოთმინებასაც აქვს ყოველგვარი საზღვარი!
    – ჰოდა, ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! – ნუკრიმ ყურქვეშ აწებებული საღეჭი რეზინი ისევ მოიძრო, გააღლაჭუნა და მაიკოს კვლავ ძველბიჭური იერით მიუტრიალდა. – იტოგ­ში, ერთი ხუთი ლარიც უნდა გამოხვიდე, ჩემო დაია! და ბევრს ნუ მაყაყანებთ აეხლა! კბილი-მილი არ ვიცი მე! ხუთლარიანი-მეთქი, თუ სხვანაირად გავიმეორო?! ეს ცხოვრება ბენზინია, საიმონ! და ვაფშემც რა პალაჟენიაა აქ?! კაი ბიჭებს პატივს აღარ ცემენ, თუ რაია აქანა?!
    პირგამეხებული მაიკო ნუკრისკენ მკაცრი ნაბიჯით დაიძრა. დამფრ­თხალ­მა ნუკრიმ პირიდან საღეჭი რეზინი სას­წრაფოდ გამოიღო, ძირს დააგდო და უმალ ისევ კეთილ თოვლის ბაბუად გარდასახული მაშინვე მუხლებზე დაეცა.
    – უნდა დამინდო, მაი…
    მაიკომ ძირს დაგდებული კევი აიღო და ძმას ცხვირთან მიუტანა.
    – რამდენჯერ უნდა გითხრა მე შენ ერთი და იგივე?! თუ ჩაგაწებო ეს საზიზღრობა თმაში?
    – შენ ხომ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ, მაი… სკოლაშიც ხომ ხუთიანებზე სწავლობდი… ოთხოსნების დედა ვატირე მე! მხოლოდ ხუთი ლარი-მეთქი, მაი!
    – ნუგზარ, გეუბნები, ამომიწყდეს ოჯახი, მე შენ თუ კიდევ კაპიკი მოგცე! – საკიდთან მისულმა მაიკომ ხელჩანთიდან ხუთლარიანი ამოიღო. – კარგად დაიმახ­სოვრე, რაც გითხარი! ძალიან კარგად იცი, რომ მე ტყუილზე დაფიცება არ მიყვარს!
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! ყო-ვე-ლის! – გამოგლიჯა დას ფული გახარებულმა ნუკრიმ, სასწრაფოდ მოირგო თეთ­რი წვერი და ყიჟინით გავარდა ბინიდან.
    – ამხელა ვირია და ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულა! – გახედა მაიკომ კბილის ტკი­ვილისგან გადაფითრებულ ერიკოს. – რამხელა უხერხულობაში გვაგდებს მერე ყველას… არა, აქამდე როგორ ვერ დაიჭირეს, ეგ მიკვირს… ტაკ-ს… სად ვიყავით?.. რა უნდა სალფეტკებს ჭიქების ქვეშ, ერიკო?.. სულ გადაირიე? ბარემ სკამებზე დაგეფინა…

    3.
    ნუკრი მეტრეველი თავის მამა-პაპისეულ, მაღალჭერიან ბინაში უშვილო დასა და სიძესთან ერთად ცხოვრობდა და როგორც წესი, წელიწადის სამასსამოცდაოთხ დღეს უსაქმურობაში ატა­რებდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ მის ცხოვრებაში, 31 დეკემბერს, ანუ წლის სამას­სამოცდამეხუთე დღეს ხდებოდა და ეს მისი იმ იშვიათი კლეპტომანური გადახრის ბრალი იყო, რომელსაც ნუკრი წლების მანძილზე ვერაფრით შელეოდა: – ნუკრის კარადაში ყოველთვის ეკიდა თოვლის ბაბუის წითელი ფორმა წითელი ქუდითა და უზარმაზარი, სახეზე მისაწებებელი თეთრი წვერით. ამ ფორმაში ის საზოგადოებას წელიწადში ერთხელ, მუდამ 31 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათისთვის ეცხადებოდა და გარეთ ასე გასული არც სქელ ჯოხსა და სქელი ნაჭრის დიდ გუდას ივიწყებდა, რომელიც საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებითა და წვრილი ნუგბარით – ძირითადად ვერცხლისფერფოჩიანი კანფეტით ჰქონდა სავსე.
    გარეთ გასულმა ნუკრი მეტრეველმა შორი­დანვე იცოდა ღამის კორპუსებზე მზერის დაკ­ვირ­ვებით შევლება. კარგად იცოდა, ახალი წლის დადგომას ქალაქში დიდი რია-რია და ერთმა­ნეთთან მისალოცად ჯგუფური მიმოსვლა უნდა მოჰყოლოდა; ზოგს მეგობრებში მიუწევდა გუ­ლი, ზოგს ნათესავ-მეზობლებში, ზოგიც უბრალოდ გარეთ გადიოდა. ნუკრიც ამ მომენტს ელოდა ხოლმე: რომელიმე კორპუსის სარ­თუ­ლებიდან ერთ-ერთზე ლიფტით ასული წი­ნასწარ მონიშნული ბინის კარზე ზარს სამჯერ დარეკავდა.
    თუ გაუღებდნენ, საზეიმოდ განწყობილ მასპინძლებს კანფეტს მიაყრიდა და ახალ წელს მიულოცავდა – თოვლის ბაბუის და­ნახვა ყველას უხაროდა; შეიპატიჟებდნენ, მომ­ცრო ყანწს შეუვსებდნენ და ოჯახს ადღეგ­რძელებინებდნენ. არ გააღებდა არავინ კარს და, ნუკრი მეტრეველს ზურგზე მოკიდებული გუდის ფსკერზე სპეციალური ხელსაწყოების კოლოფი ედო. მოირგებდა ხელთათმანებს, სწრაფად გახსნიდა კოლოფს, შეარჩევდა ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთს და…
    ასე გაჰქონდა მოქალაქეთა ბინები ყოველი ახალი წლის ღამეს ნუკრი მეტრეველს.

    – მე ნუკრი ვარ. პასპორტში, როგორც ყველა ნუკრის, ნუგზარი მიწერია. ეს აქაური წესია. ამ ქვეყანაში ყველა ნუკრის პასპორტში ნუგზარი უწე­რია. არის იშვიათი (იდებს პირში საღეჭ რეზინს)… ეეე… ხაიებიც, სიმონ, მაგრამ ისინი ისე ცოტაა, რო არ ითვლება. ისე, სედოი რო გავხდები და ღიპი ვალივით დამედება, მაშინ ალბათ ნუგზარსაც სვაბოდნა დამიძახებს ყველა. დღეს ნუგზარს მხოლოდ ჩემი და მაიკო მეძახის. მაგან დამთარსა მაშინ, მაგის… ეეე… ამიტომაც ის დღე ჩე­მი ცვეტში არ ყოფილა. ანდა, რომელი დღე ღამის თორმეტზე, ტო…

    4.
    ბოლო ხანებში, ყოველდღე ზოოპარკში მოსეირნე კლარისა ტაქსაშვილს, თავისი შემთხვევითი მხსნელი, გადამდგარი პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი ლამის ჩრდილივით დაჰყვებოდა ხოლმე გვერდზე.
    – ოო, კლარისავ!.. – ყოველთვის ხელზე ხმაურიანი ამბორით ეგე­ბებოდა პარკშიKკლარისას პოლკოვნიკი პო­ლიგ­ლიშვილი და საფეთქელთან გაშლილი ხე­ლისგული სამხედრო მანერაზე მიჰქონდა. – დღეს ათი გრადუსი იწინასწარმეტყველეს მეტე­ოროლოგებმა რადიოში. მშვენიერი ტემპერატურაა უთოვლო ზამთრის კვალობაზედ. რას იტყვით…
    – ნუ, ანდრო, ანდრო! ნუ არ ვიცი პირდაპირ… სულ ასე ყველაფრით კმაყოფილი როდემდე უნდა იყოთ…
    – რატომ ყველაფრით?.. ეჰ, შენ კიდევ არ იცი, რამდენი შინაგანი სუსხი და პაპანაქება გადაუტანია პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს… – ირტყამდა ქუსლებს ერთ­მანეთზე პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი, სამხედრო მუნდირს ისწორებდა და კლარისას ხელკავს სთავაზობდა. – ვინ მოთვლის… და ომები და მშვიდობები? ან სიკვდილები და სიცოცხლეები, შიმშილი და სიმ­სუქნე, სანთელი და ელნათურა, ცხენი და მეტროპოლიტენი, ფაეტონი და თვითმფრინავი… – ასეთი საუბრით მიუყვებოდნენ უთოვლო ზამთრით გამომშრალ გზას პოლკოვნიკი და კლარისა.
    – რანაირი უცნაური ლაპარაკი იცით, ანდრო… – ეცინებოდა კლარისას.
    – წინააღმდეგობები, ღალატი, სულში ჩაფურთხება, აღზევებანი… თან ყველა­ფერი ხომ თვალწინ მიდგას! ან რა დამავიწყებს? მაგრამ ეგეთი საოცრება? პირდაპირ თავიდან ფეხებამდე მბურ­ძგლავს, რომ მახსენდება…
    – რაებს აბობთ, ანდრო… სირცხვილია.
    – არა მხოლოდ ვამბობ, არამედ ვადასტურებ კიდეც! მე უკვე დიდი ხანია მზად ვარ ყოველმხრივ გემსახუროთ, რამეთუ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, შვიდსიმიან გიტარაზე დაკვრა, შინაური ცხოველები და ფეხით სიარული, რაც რასაკვირველია ყოველმხრივ ამაგრებს ფეხის კუნთებს და ხელს უწყობს ჩვენივ ჯანმრთელობის სწორფრივ დახვეწას. აგრეთვე მუდმივად ვადევნებ თვალს მიმდინარე პოლიტ-პროცესებს, მთელი არსებით თანავუგრძნობ სტიქიით დაზარალებულებს და მჯერა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თავად ჩვენივე განპირობებულია – ვგულისხმობ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, რომლებიც მყისიერად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რათა თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი კაზუსები…
    – ღმერთო დიდებულო… მაინც ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ, ანდრო…
    – ჰმ!.. რისი და, ესე იგი, იმ დროს შენობები მაქსიმუმ ოთხსართულიანი იყო. მერე დააშენეს ზედ სართულები და დამართეს ეს ამხელა ვაიუშველებელი. ისევ ეს დაწყევლილი ბაბილონიზმი! თითქოს ერთხელ არ კმაროდა… ხომ გახსოვთ? ანდა როგორ… პირდაპირ გასაგიჟებელი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, ვის გაუგონია ლიფტში ამდენ ხანს ჯდო­მა. კაი და დენი წავიდეს, ვინაა დღევანდელ დღეს მეთვრამეტე ან მეოცე სართულზე ფეხით ამსვლელი?
    კლარისა შფოთით იყურებოდა ირგვლივ.
    – ახლა ჭკუიდან გადავდგები… რაში გაგახსენდათ ამ შუა ზოოპარკში ლიფტი?!
    – ნუ, ეს მხოლო სიტყვის მასალად, კლარისავ ჩემო!
    – მე თქვენი “ჩემო” არა ვარ!
    – ნუ ეგ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. მე კი ლიფტი იმიტომ გამახსენდა, რომ მეცამეტეზე ვცხოვრობ და ყოველდღე ლიფტით მიწევს სარგებლობა შენამდე მოსაღწევად… ისე კი, მართალია. ეს სულ სხვა თემაა… და­ვუბრუნდები მოსაყოლ ისტორიას… ჰოდა, მინ­და გავიხსენო გენერალ მარატ ბიტ-სამოილოვის გასაიდუმლოებული სამხედრო ლაბორატორია. ის იყო სწორედ ოთხსართულიანი, და ახლა კიდევ ოცდაორიანად აქციეს… მოკლედ, წარმოიდგინეთ თვალდახუჭულმა ლაბორატორია აღჭურვილი მიკ­რო-ბიოლოგიური დანადგარებით, უაღრესად ნათელი გონების ადამიანები გახა­მებულ ხალათებში, მცენარეთა საღი სურნელი დერეფნებში…
    “ურევს!” – ფიქრობდა თავისთვის კლარისა. “აშკარად ურევს!”
    – იქ ადრე სულ სხვა სამყარო იყო, კლარისა…
    კლარისა უკვე უხერხულად იშმუშნებოდა და თვალებსაც ხაზგასმით აღაპყრობდა ზეცისკენ.
    – კი მაგრამ, როდინდელ ამბავს მიყვებით, ანდრო?.. მე როგორც ვიცი, ეგ ინსტიტუტი სამოცდაათი წელია აღარ არსებობს…
    – ზუსტადაც რომ! ჰოდა, სად იყო მაშინ პარაშუტი და ვერტმფრენი-მეთქი. ფეხით ძლივს დაბლაყუნობდნენ. აი მე კი, მაშინ, ამხანაგ მარატის ლაბორანტი და მარჯვენა ხელი გახლდით!
    – ასეთი ფანტაზია, თან თქვენს ასაკში, ანდრო!
    – ასაკი ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, კლარისავ!.. და ბატონი მარატიც არ გახსოვს? თუმცა, შენ რა გეხსომება… საოცარი არსება, შეწირული მეცნიერი, გიგანტური იდეებით შეპყრობილი სამხედრო პერსონა და უზადო ცინიკოსი… რაღაა დასამალი და მე და ამხანაგი მარატი უნიკალურ ბაქტერიულ აბზე ვმუშაობდით… შემიძლია გა­მოგიტყდე, რომ ფაქტიურად უკვდავების აბზე…
    – რაზეო? – ასდიოდა თვალები შუბლზე კლარისას.
    – გაგიკვირდება, მაგრამ სწორედ რომ – უკვ-და-ვე-ბის, უკვდავების სამხედრო აბზე, რომლის ორ­გა­ნიზმში ანალურად მიღების შემდეგ ადამიანს შეეძლებოდა გამხდარიყო არა იმდენი წლის, რამდენიც წესით და რიგით უნდა შესრულებოდა, არამედ ერთით ნაკლების, და ასე დაუსრულებლად… ხომ სრული საოცრებაა? გაახალგაზრდავების უკუპროცესი! – პოლკოვ­ნიკი პოლიგლიშვილს ისევ საფეთქელთან მიჰ­ქონდა გაშლილი ხელისგული და ქუსლს ქუსლზე ირტყამდა. – იმდენი წლები, ენერგია და ოფლი ჩავანთხიეთ… და ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალებისა და ჩატარებული უზარმაზარი ექსპერიმენტების შედეგად ჩვენ მაინც მივიღეთ უნიკალური აბი!
    კლარისა თავს უკმაყოფილოდ აქნევდა.
    – მინდა გითხრა, რომ ექსპერიმენტი ჩემივე ნებით ჩატარდა მხოლოდ ჩემზე, და ის ექსპერიმენტი, არ გაგიკვირდეთ და ჩემში დღემდე გრძელდება! განა რამდენი წლისა გგონივარ ამჟამად?
    – თქვენ არა თქვით, სამოცდაჩვიდმეტისო?
    – ცდები, ჩემო კლარისა…
    – მე არა ვარ-მეთქი თქვენი „ჩემო”!
    – ვნახოთ, ვნახოთ… სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკის დარად შესაძლოა კი გამოვიყურები, მაგრამ ეს ასაკი, სინამდვილეში, წესიერად რომ მეცხოვრა, ამ ოცდათორმეტი წლის წინ უნდა შემსრულებოდა… რადგანაც მე, ოცათორტმეტიდან თექვსმეტამდე ჩამოსულმა დანიშნულებისამებრ მივიღე ანტი-აბი და ისევ თავიდან წამოვუყევ ცხოვრებას… ანუ ახლა მე, რეალურად გაცილებით მეტი მაქვს დრო ამ ბედკრულ პლანეტაზე გატარებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…
    – ნუ კაით რა, ანდრო! მააქვს ახლა მე ამდენი მათემატიკის თავი?! – ძლივს იკავებდა აფეთქებისგან თავს კლარისა ტაქსაშვილი.
    – ანუ, ექსპერიმენტი ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რაოდენ მოსაბეზრებელი იყო ეს ზედმეტი ოცდათორმეტი წელიწადი. ისევ სულ ომები და მშვიდობანი, სიკეთე და ბოროტება, სიცარიელე… ვიდრე შენ არ გამოჩნდი, კლარისა, ჰორიზონტზე. საოცრებაა პირდაპირ! მზის დაბნელება ზოოპარკში ჩემთვის ციური მადლივითა და ნიშანივით იყო. იმ დროს მე მეგონა სულ მარტო ვიყავი დედამიწაზე დარჩენილი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა გაქრა და მარტო დამტოვეს… და ამ დროს უეცრად შენ, კლარისა, თან გულწასული. თან შუა ზოოპარკში. თან სირაქლემას გალიასთან. რა ნამუსით არ მოვსულიყავი. მოვედი და დღეს მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებ: – მე შენგან ოდენ საპასუხო გრძნობა მჭირდება; სიტყვა, რომელიც საბოლოოდ მათქმევინებს უარს ამ წყეულ ასაკზე. შენი გულისთვის მე შემიძლია ლაბორატორიიდან თავის დროზე აცინცლული კიდევ ერთი აბი გამოვიყენო და გაახალგაზრდავება ვიწყო. მინდა გაგიმხილო, კლარისა, რომ ის მხოლოდ ერთიღაა დარჩენილი და ისიც, საბედნიეროდ ჩემს ხელთაა…

    5.
    მაიკო და კლარისა საახალწლო სუფრას უსხდნენ და ერიკოსთან ერთად სატელევიზიო საახალწლო შოუს ჭიქებით ხელში გაბადრულები შესცქეროდნენ, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
    – დარჩებოდა კიდევ რამე… – თქვა მაიკომ ამრეზით და აშკარად ნუკრი იგულისხმა.
    ფიცხ­ლად წამომხტარი ყბაახვეული ერიკო კარის გასაღებად ჭიქით ხელში გაემართა, ხოლო გაღი­მებული ქალები ტელევიზორს შერჩნენ.
    გამოხსნა თუ არა კარი, ერიკოს წარბები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა, მერე ფართო­დაც გაეღიმა და ამის გამო კინაღამ სახვევიც მოძვრა ყბიდან.
    ზღურბლზე სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, პოლკოვნიკის სამხრეებიანი და სამხედროქუდიანი, ჭაღარა, უცხო მამაკაცი იდგა.

    6.
    – თავიდან მისი მოცემული ხუთლარიანით ბენზინი ჩავისხი, და პირველის ოცი წუთი იქნებოდა, იმ კორპუსს მივადექი. მხო­ლოდ ზოგან ენთო ფანჯრები. რაღა აქ მომიყვანა ჩემმა ჩათლახმა ბედმა… ავიწიე მეოთხეზე. დავრეკე – ხმაურით გახ­სნეს კარი. კაი გატრეტილი ბიძა დგას თავზე სვანური ქუდით და საცივში ამოვლებული ინდაურის ბარკალი უჭირავს.
    – ვაააა… ვინც მოსულა, გაუმარჯოოოს! – იღრიალა ბიძამ ჩემს დანახვაზე და ისეთი ჩამეხვია-ჩამპროშტნა, ასე მეგონა სულს ნას­კივით გამაძრობდა.
    ატყდა იქ ერთი ამბავი. შემიყვანეს, დამსვეს პირდაპირ სუფრის თავში. ჩამისხეს კალთაში დორბლიანი ბავშვები. თან დაგრეხილი ყანწი მომაწოდეს. რა მექნა. მივულოცე. ერთხელ, ორ­ჯერ. მესამეჯერაც არ დამანებეს თავი. ისე იყვნენ გადამთვრალები, ერთს ჩემთვის აღ­სარების ჩაბარებაც კი უნდოდა. ძლივს გამოვაღწიე, ჩემი კაი. ამასობაში კი გასულა ნახევარი საათი. მაიკოს მანქანით ერთი წრე დავარტყი. ხალხი ქუჩაში დასეირნობს და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავს. ყველა ბუხოია. უკვე მეც არა მიშავდა. მაინცდამაინც იგივე კორპუსის, ოღონდ სხვა ფანჯრები მეცა თვალში. დავალივერე, ჩავინიშნე და ავედი. დავრეკე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… არავინ აღებს. ავდექი მაშინ, პირჯვარი გადავიწერე და გავხსენი ჩემი ჭრელი გუდა. მოვარგე კარებს მოსარგები.

    7.
    ერიკო ბინაში სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჭაღარა პოლკოვნიკის თანხლებით შემობრუნდა.
    – ანდრო, კი მაგრამ… თქვენ აქ საიდან?! – აღმოხდა ერთბაშად დაპატარავებულ პიანისტ კლარისას სასოწარკვეთილი ხმით.
    – გამარჯობათ! – აუბრწყინდა თვალები ოდნავ შემთვრალ მაიკოს. – მობრძანდით… ეე… ბატონი ანდრო, არა?
    სამხედრომ გაშლილი ხელისგული საფეთქელთან მიიტანა, ქუსლი ქუსლზე მიირტყა და მკაცრი სახე მიიღო.
    – თავისუ-ფლაად! – შეუძახა მერე საკუთარ თავს და თავი მოწიწებით დახარა.
    – დაგვეწვიეთ, ბატონო ანდრო! სტუმარი ღვთისაა! – პირველად ამოიღო ხმა ერიკომ და გაუხსნელი შამპანიურის ბოთლი მოიხელთა, მაგრამ სამხედრომ ერიკოს გაშლილი ხელისგული დაანახა და შეაყოვნა.
    – უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ახალ წელს და მოწიწებით მოგესალმებათ პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი! მხედრული სალამი, სალამი და კიდევ ერთხელ სალამი ყველას, ვისაც იცნობს პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი და ვისაც არ იც­ნობს! – შეაჩერა სამხედრომ მაიკოზე მზერა, და შემდეგ ერიკოზე გადაიტანა.
    – იგი დიდ ბოდიშს იხდის, რომ გაკადნიერდა და ასეთ უდროო დროს შემოიჭრა ეგზომ პატივსაცემ ოჯახში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამჟამად სწორედ აქ იმყოფება მისი ინტერესის ობიექტი კლარისა ტაქსაშვილი… – სამხედრომ აქ უცებ ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელები Kლარისასკენ აიშვირა. – … და ვინაიდან მისი ინტერესის ობიექტი უცხო ტერიტორიაზეა, პოლკოვნიკს სურს მიიღოს უფლება მასპინძელი მამაკაცისგან, – პოლკოვნიკმა ისევ ერიკოს გახედა. – რათა ორიოდ წუთით მოგწყვიტოთ ქალბატონი კლარისა და უთხრას მას სასწრაფოდ სათქმელი სიტყვა.
    ერიკო და მაიკო გაშტერებულები დასცქეროდნენ დაჩოქილ სამხედროს და დუმდნენ.
    – არა! – სასოწარკვეთით აღმოხდა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა კლარისა ტაქსაშვილს.
    – ხომ მაძლევთ ამის უფლებას, მოქალაქენო? – ააცქერდა მუხლმოყრილი პოლკოვნიკი ერიკოს. – მაპატიეთ, რომ თქვენი სახელი…
    – ენვერი! – გაუწოდა დაბნეულმა ერიკომ ხელი სამხედროს და მისი წამოყენება სცადა. – დაბრძანდით სკამზე, როგორ გეკადრებათ, პოლკოვნიკო…
    – ძალიან იშვიათი სახელია…
    – აგერ თქვით რაც გაქვთ სათქმელი… – შეთამამდა ერიკო და პოლკოვნიკს გამოწეულ სკამზე მიუთითა. სამხედრო სწრაფად წამო­ი­მარ­თა ფეხზე, ქუსლები კვლავაც ერთმანეთზე მიირტყა და გაშლილი ხელი კვლავ საფეთქელთან მიიტანა.
    – მინდა მოგახსენოთ, ჩემო ენვერ, რომ ჩემი სათქმელი მეტად ინტიმურია და მხოლოდ ორ ადამიანს ეხება. ამიტომ, გთხოვთ სადარბაზოში გამაყოლოთ პატივცემული კლარისა ტაქსაშვილი და მე იქ მსწრაფლ მოვახსენებ ორ სიტყვას!
    – რას ჰქვია სადარბაზოში?.. – გაუკვირდა მაიკოს. – ახალი წელია, ბატონო ჩემო!.. არსად სა­დარბაზოში მე არ გაგატანთ ჩემ კლარისას…
    – ჩემს შინელს მოვახურებ! – თავი გამოიდო სამხედრომ და ღილების შეხსნა დაიწყო.
    – ვახ… – ისევ გაოცებას იყო ერიკო და ვერაფერს ხვდებოდა. – კი მაგრამ… რა ხდე­ბა?.. აგერ შედით, ნუკრის საძინებელში, და იქ უთ­ხარით. რა პრობლემაა? რა დროს სადარ­ბაზო და ლიფტია. ახალი წელი დგება…
    ერიკო სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ნუკრის საძინებ­ლისკენ და მისი კარები გამოაღო. პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის ზღურბლთან შე­ჩერდა.
    – გთხოვთ, ქალბატონო კლარისა, აქეთ შემომყვეთ ორიოდ წუთით… მე მსურს ბოლო სიტყვა მოგახსენოთ და მივიღო თქვენგან გადამწყვეტი პასუხი…
    – შეჰყე, კლარის! – გაჰკრა მაიკომ იდაყვი კლარისას. – ორ სიტყვას გეტყვის და მორჩა.
    – ვიცი მე მაგის ორი სიტყვა… – ლამის ატირებული მიუტრიალდა კლარისა სამხედროს. – ანდრო, როგორ მიყვარდა მოწესრიგებული მა­მაკაცები და როგორ შემაზიზღე, როგორ?!.. – ამოიგმინა იქვე და ფეხზე წამომდგარი საძი­ნებლისკენ გაემართა.
    – ხომ არ შეგჭამს, ტო?.. – მხრების ჩეჩვით დაადევნა ერიკომ კლარისას. – კაცი ახალ წელს მოვიდა. თან პაგონებშია… დავინახე თუ არა, კბილმაც ეგრევე გამიარა. რამე უნდა ჩავიფიქრო… არა, მაი?
    კლარისამ ხელი ჩაიქნია და სევდიანი სახით ბნელ საძინებელში შეაბიჯა. მას პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის კარიც ხმაურით მიიხურა. ერიკომ და მაიკომ ერთმანეთს შეხედეს.
    – ვერ არიან ესენი, ხომ იცი? – გაშალა ხელები ერი­კომ და პოლკოვნიკის გამოსაჯავრებლად ქუსლი ქუსლზე მიირტყა. – ვახ, ჩემი კააიი! – გა­იხედა თან კედლის საათისკენ და ტაშიც შემოჰკრა. – დგება უკვე, ტო. – თქვა იქვე და შამპანურის გაუხსნელ ბოთლს დასწვდა. მაიკომ სხვა ბოთლი მოიხელთა და ორივემ თავის ბოთლს დაუწყო გახსნა.
    გარედან საახალწლო ბათქა-ბუთქის ძლიერი ხმა შემოიჭრა. ამ დროს ორივე ბოთლმაც საშინელ ხმაზე იფეთქა და ერიკო და მაიკო მაღალფეხიანი ჭიქების ქაფით ავსებას შეუდგნენ.
    – ვახტანგურად, ოღონდ! – თქვა მაიკომ.
    – მაგაზე მიწყენინებია როდისმე? – დაეთანხმა ერიკო.
    მკლავებით ერთმანეთზე გადაჭდობილ მაი­კოსა და ერიკოს ბოლომდე არ ჰქონდათ სასმისები გამოწრუპული, საძინებლის კარი ჭრი­ალით რომ გაიღო და იქიდან სახეშეშლილი კლარისა ტაქსაშვილი გამოვიდა.
    – რა მოხდა, კლარისა? რა გიქნა იმ პირუტყვმა?! – ანთებული ეცა მაიკო დაქალს.
    – არა… არა… – ჩურჩულებდა კლარისა და სახეზე ფერი აღარ ედო.
    – რა არა, კლარისა?! – ლამის ძალით დასვა სკამზე ერიკომ კლარისა და საძინებლისკენ შფოთით გაიხედა. შემდეგ სწრაფად მივიდა საძინებლის კართან, შიგნით ხელი შეჰყო, შუქი აანთო, შეიხედა და უკან გველნაკბენივით გადმოხტა.
    – რა მოხდა, რა?! – დაუკივლა მაიკომ ერიკოს და უეცრად მიხვდა, რომ სახლში რაღაც ძალიან ცუდი რამ ხდებოდა.
    ერიკოს მაგივრად მაიკოს კლარისამ უპა­სუხა:
    – ანდრომ თავი მოიკლა…
    – რა ქნა? – ყბა ჩამოუვარდა მაიკოს და სკამზე დაეშვა.

    8.
    აქ ყველა ოთახში სინათლე ენთო. აულაგებელი სუფრა დიდ ოთახში იმას ნიშნავდა, რომ ბინის პატრონი ამ საახალწლო ღამით სადღაც იყო გასული. დრო რომ არ დაეკარგა, ნუკრიმ სასწრაფოდ ჩამოუარა უჯრებს, მაგრამ სახეიროს ვერაფერს მიაგნო. კარადებზე გადასვლა რომ დააპირა, სწორედ ამ დროს მოესმა აბაზანიდან ხმა.
    “ეუჰ!..” – უსიამოდ გაჰკრა ნუკრის, იმწამს ცივმა ოფლმა დაასხა და თავისი გუდიანად ფან­ჯარასთან, სქელი ფარდის უკან აღმოჩნდა.
    აბაზანიდან ხმაური ისევ მოისმა, კარი გა­იღო და ფარდის უკან მდგომი ნუკრიც მოუ­ლოდ­ნელობისგან კინაღამ ადგილზე ჩაიკეცა, რო­დესაც აბაზანიდან შიშვლად გამოსული ახალ­­ნაბანავები ქალი დაინახა. ქალი ჯანმრთელი თეძოების რხევით მივი­და სუფრასთან, იქიდან სანთებელა აიღო და სიგარეტს მოუკიდა. ნუკრიმ ნელ-ნელა გაცხე­ლება იწყო და გულიც მთელი ძალით აუბაგუნდა საფეთქლებში. ყველაფერი კარზე ზარის ხმამ შეცვალა. ნუკრი უცებ დამიწდა და რაფას გუ­ლაძ­გერებული მიეყუდა. ფარდებს შორის ღრიჭოდან მთელი დიდი ოთახი ჩანდა.
    ზარის ხმაზე ქალმა სასწრაფოდ შემოიცვა შიშველ ტანზე ხალათი და კარის გასაღებად გავიდა. რამდენიმე წამში დიდ ოთახში იგივე ქალი, გამხდარი კაცი და ვიღაც სახეგაზეთილი მელოტი მამაკაცი შემოვიდნენ. მელოტს ხელში შავი კეისი ეჭირა.
    – მარგოუ, გაიცანი და შენებური სუპერ-კლასიკო კოფეც შემოგვიგდე, ხომ? – მიუტ­რიალდა გამხდარი კაცი მარგოს. – დიადი პერსონა, არ გეგონოს ნონ-გრატა! პირიქით, პერსონა-ვივა! ჩვენი სამორინეს ბოსი და უაღრესად ალტრუისტი პიროვნება… – გამხდარმა ხელი მე­ლოტისკენ გადაიშვირა და შეეტყო, რომ არც სა­ხელი იცოდა მელოტის, და მით უმეტეს გვარი.
    – ისევ იგივე, სერგი?! – ამრეზით აათვალიერა მარგომ ჯერ სერგი და მერე სამორინეს მეპატრონე.
    – მარგოუ, მე ყველაფერს აგიხსნი, ჩემი სულის ღრუბლისფერო მტრედო!
    – მარგო! – გაუწოდა ხელი მარგომ მელოტს ცივად.
    – არგჰრ!.. – ამოიგრგვინა თანხმოვნები მელოტმა, მარგოს ხელი მოულოშნა და შავ კე­ისთან ერთად იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
    მარგო სამზარეულოსკენ გაემართა. სერგიმ დიდ ოთახს მოხდენილად დაარტყა წრე და მელოტს თავზე ნაძალადევი ღიმილით დაადგა.
    – თითო თიურქიშ კოფეც და ყველაფერი კონგენიალურად იქნება!
    – არგჰრ!.. – ისევ გაუგებრად ამოიგრგვინა მელოტმა და თავი დააქნია.
    – არ გეწინააღმდეგებით!.. რაღა თქმა უნდა წაგებულს უწინარეს ყოვლისა ჩაბარება უხდება! – გაშალა ხელები სერგიმ.
    ცოტა ხანში მარგო სამზარეულოდან ლანგრით ხელში გამოვიდა და ყავიანი ჭიქები დაბალ მაგიდაზე დაანაწილა.
    – ერთი სეკუნდით, მარგოუ! – თითით მიიხმო სერგიმ მარგო ფარდასთან და ისიც გამეხებული სახით წავიდა მისკენ. ფარდისგან, ანუ ნუკრისგან სადღაც ნახევარ მეტრში შეჩერებული სერგი მარგოს მიუტრიალდა და შეთქმულივით აჩურჩულდა.
    – ისევ ვიღუპები, მარგოუ… თავი მაქ მოსაკლავი… უნდა მაპატიო!
    – მერამდენედ, კი მაგრამ, სერგი?!
    – ისევ რისკზე წავედი, მარგოუ… სულ დავეცი… შენ ხომ მაინც გესმის, როგორ ვიტანჯები…
    – სერგი, ერთხელაც იქნება ჩემი ხელით მოგკლავ! – გამოსცრა კბილებიდან მარგომ. – სიცოცხლე ჰქვია ასეთ ცხოვრებას?
    – მეტი რა ვიცი, ეგ თუ არ ვიცი!.. ამ ერთხელაც, მარგოუ, და ფიცს ვდებ მტკიცეს, რომ ეს აღარასდროს განმეორდება… გემუდარები…
    – იდიოტი ხარ, სერგი? რას უკეთებ ამხელა ადამიანი საკუთარ თავს?!
    – რა ვიცოდი, მარგოუ… გუშინდელ მრავალპიქსელიან სიზმარს ავყე და მეგონა ფორტუნა ახლა მაინც იქნებოდა ჩემკენ… არაფრით მოვიდა კარტი… სულ დამები და ვალეტები! მაინც არ…
    – სერგი… ხომ გახსოვს, რომ მე შენი გულისთვის ჩემი კარიერა მივატოვე!
    – მარგო, ოღონდ შენ არ ამიყვირდე… ჩემო უგვრიტესობავ!.. ოღონდ შენ არ…
    ფარდის უკან მდგომ ნუკრის სუნთქვა ჰქონდა შეკრული და არაფერი ესმოდა.
    – სერგი, შენ მართლა სამკურნალო და არანორმალური ხარ…
    – ამ ერთხელაც, მარგოუ… ამ ერთხელაც… თორემ წაიღებს მთელ დანაზოგს მტარვალი… გემუდარები, მარგოუ! თქვი, რომ – კი. უკვე შევუთანხმდი… ნუ გამაწბილებ ამ ერთხელაც… ბიტნიკურად და ჰიპურად შეხედე საგანს, მარგოუ… ეს ბოლოა! გარწმუნებ!
    – სერგი, ეს უკვე მესამეა, ამ კვირაში!
    – მარგოუ, მართლა თავი მაქ მოსაკლავი… კი არ ვიცი – რითი…
    – მართლა იდიოტი ხარ სერგი?
    – მე სხვანაირად არ შემეძლო, მარგოუ! ჩემი სინდისი ამდენს ვერ გაუძლებდა! რუსთავის ფოლადის კი არ ვარ… კონი ბოლომდე გავზარდე, ყველაფერი დავდე, ამ ოსმალო პირუტყვმა კიდევ, შენზე თამაში შემომთავაზა… მეგონა ფორტუნა გადმომხედავდა და მაინც წავაგე, მარგოუ… მერე ისევ მოვიგე და გამოგისყიდე… მესამეც შემომთავაზა და ისევ გავრისკე, მარ­გოუ, ოღონდ ამჯერად შენ ვეღარ გაგრისკე და ჩემ თავს ჩამოვედი… ისევ წავაგე, მარგოუ! თუ არ დავთანხმდი წაგებულის ჩაბარებაზე, თავი აღარ გამომეყოფა მაღალ წრეებში… მთელი ჩემი ოფლით ნაღვაწი იმიჯი წყალში იყრება… – სერგი აქ მუხლებზე დავარდა და მარგოს ფეხებზე მოეხვია. მარგომ ხელი ჩაიქნია, სერგი ცივად მოიშორა და სამზარეულოსკენ წავიდა. თვალს რომ მიეფარა, სერგი ფეხზე წამოიჭრა და მელოტს მივარდა.
    – როგორც მოვილაპარაკეთ…
    – არგჰრ… – დაიგრგვინა მელოტმა, ყავა ბოლომდე გადაჰკრა და საძინებლისკენ გაიხედა.
    – მიბრძანდით, ბატონო… როგორც თქვით, ჩემი სხეული მთელი საათის განმავლობაში თქვენ განკარგულებაშია!.. აგერ დრო დავინიშნო… ამის სანაცვლოდ მე ვთავისუფლდები ჯარიდან… – სერგიმ უცებ შემოიძარცვა სამოსი და საძინებლისკენ დედიშობილად წატანტალდა.
    – არგჰრ… – კიდევ ერთხელ ამოუშვა თან­ხმოვნები მელოტმა, ქამარი შეიხსნა და შავ კეისთან ერთად საძინებლისკენ გაემართა.

    9.
    – რა უნდოდა?.. რატომ?.. რატომ? – მოთქვამდა საახალწლო სუფრასთან კლარისა ტაქსაშვილი და ცრემლად იღვრებოდა. – სულ იმას მეუბნებოდა, მიყვარ­ხაროო… არანორმალური ეგა… სულ თვალებში შემომციცინებდა… დიდ ჰარმონიაში უნდა შევი­დე­თო… დამდევდა ყველგან… ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდა. სასეირნოდ ვერ გავდიოდი, ზოოპარკში რომ არ დამხვედროდა. ერთხელ გულწასული მომასულიერა და იმის მერე აღარ მეშვებოდა. რაღაც გაუთავებელ სისულელეს მიყვებოდა აბებსა და უკვდავებაზე. რა უნდა მეთქვა, რა?!.. ყველაფერი შენთან ერთად და თავიდან უნდა დავიწყოოო… ყველაფერი მომ­ბეზრდაო… ისეთი უცნაური ლაპარაკი იცო­და, ისეთი. თან სიტყვას არ მაცლიდა. როგორ დავთანხმებოდი, როგორ?.. დეგენერატი ეგა… შენთან უნდა გადმოვიდე საცხოვრებლად და ახალი ქართული წმინდა ოჯახი შევქმნათო… რა ოჯახი, რის სიყვარული ბაბუაჩემისხელა კაცთან… არა-მეთქი, სულ ცივ უარზე ვიყავი! რა ნამუსით მეთ­ქვა – კი… ხომ მართლა იზამდა, რასაც აპი­­რებდა. ღმერთო. ეგ რა ქენი, ანდრო… ეს რა უბედურებაში გამხვიე, შე უბედურო, შე­ნა… ახლაც ეგ მითხრა – ჩვენ ერთად უნდა ავმაღლდეთო, სიცოცხლეზე მაღლა დავდგეთო… რა უნდა მეთქვა?.. არა-მეთქი. მემუდარებოდა, შენ ჩემი ბოლო შანსი ხარო… მეხვეწებოდა, ყელს იგლეჯდა, ნუ მკრავ ხელსო. ნუ დამღუ­პავ, კლარისაო. ყველაფერი მომბეზრდაო… ბოლო აბი მაქვს ჩემთვისო. სიყვარულის გამო მივიღებ და ერთმანეთს მივუ­ახლოვდეთო. ღმერთო, დიდებულო, როგორ უნ­და დამეჯერებინა ეს სისულელე… თან ანა­ლურადო. ეს რა დღეში ჩამაგდე, ანდრო. არა-მეთქი, გადაჭრით ვუთხარი და სულ გადათეთრდა – უკანასკნელად გეკითხები, შენი თანხმობა მინდაო… რა უნდა მეთქვა, რა?!.. არა-მეთქი, რომ ვუკივლე, ხმა არ ამოუღია, თვალები გადაატრიალა და თავი დამიკრა. მერე ზურგით დამიდგა და მეგონა ტიროდა. იმან კი­დევ, პისტოლეტი ამოიღო და შიგ გულში და­იხალა… ვაიმე, ღმერთო…
    – კი მაგრამ, სროლის ხმა? – იკითხა გაოგნებულმა მაიკომ და თვალიც მაშინვე ხმა­ურით გახსნილი შამპანურის ბოთლებისკენ გა­ექცა.
    კლარისა ისევ ქვითინებდა, ერიკო მთელი სხეულით თრთოდა და ხანგამოშვებით თვალს საძინებლისკენ აპარებდა, სადაც მკვდარი პოლ­კოვნიკის ცხედარი ეგდო.
    გადაწყვეტილება პირველს მაინც ერიკოს მოუვიდა თავში:
    – სმენა იყოს ახლა და გაგონება!.. და მე როგორც ვიტყვი, ზუსტად ისე იქნება! დრო არის, ვიდრე ნუკრი მობრუნებულა… მაიკო! სას­წრაფოდ პოლის ჯოხი მოიტანა და სისხლი მოწმინდა… ცხელ წყალში დაასველა ტილო… ფხვნილი უქნა წყალს, ლაქა რომ არ დარჩეს…
    – ახლავე, უფროსო! – გაიქცა აბაზანისკენ მაიკო და იქიდან მალევე გამოსული საძინებელში შევარდა.
    ერიკო სკამზე მჯდომ აცრემლებულ კლარისას მიუტრიალდა.
    – ტირილი მერე იყოს! შენ მანქანით უნდა იყო!
    – არ ვიცი, არა… დიახ!
    – რა მანქანაა?
    – არ ვიცი… არა, ვიცი – ახალი “რენაულტი”!
    – დონე პასუხია! ეს ვაჟბატონი სად ცხოვრობს, იცი?
    – მგონი ვიცი…
    – კერძო სახლია თუ კორპუსი?
    – მეცამეტეზე ცხოვრობს!
    ამ დროს ოთახიდან მაიკო გამოვიდა და ხელი სამხედროსავით მიიტანა საფეთქელთან.
    – ლაქა მორეცხილია, უფროსო!
    – შემდეგი ნაბიჯი! – ასწია საჩვენებელი ერიკომ. – ახლა ვდგებით და ვითომც აქ არა­ფერი მომხდარა, ჩაგვაქვს ანდრო ეზოში, ვდებთ უკანა სიდენიაზე, მიგვაქვს მისამართზე, გადავიტანთ ლიფტში… იმედია ლიფტი მუშაობს? – მიუტრიალდა ერიკო კლარისას.
    – არ ვიცი, მე სხვაგან ვცხოვრობ… – ამოიქვითინა Kლარისამ.
    – თორემ მოგვიწევს სადარბაზოში დატო­ვება… – განაგრძო ერიკომ. – და თუ ლიფტი მუშაობს, მაშინ შევსვამთ საცოდავს იარაღიანად კაბინაში და მივაჭერთ თითს მეცამეტე კნოპკას. გასაგებია ყველაფერი? დრო კიდევ გვაქ. ერთი საათი არი. სისხლიან ტილოებს მერე დავწვავთ… პოლის ჯოხი კარგად გარეცხე… კითხვები არის? თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემის დრო აღარაა. ჰარვი კეიტელს რა ჰქვია იმ კინოში, მაი?
    – ვულფი, ერიკ!
    უცებ მოხაზული გეგმა მალევე შესრულდა – ეზოში ჩუმად ჩატანილი პოლკოვნიკის გვამი კლარისა ტაქსაშვილის პრიალა მანქანაში ჩადეს, მერე მანქანაში ჩასხდნენ და კლარისას მიერ მითითებულ მისამართზე გაეშურნენ.
    – იტალიელებს ახალი წლის ღამეს სახლიდან უსარგებლო ნივთები გააქვთ და ყრიან… – მოიკვნიტა ტუჩი გზაში ერიკომ.
    – ცუდათ მინდა ვიყო… – აღმოხდა მაიკოს და თვალები მოისრისა.
    კორპუსს მიახლოებულებმა მანქანა შეაჩერეს და დაელოდნენ. ხალხი აქა-იქ კანტი-კუნტად დაბარბაცებდა. შორიდან ისევ ფეირვერკის ხმა ისმოდა.
    – წავიდა… – თქვა უცებ ერიკომ და მანქანის კარი გამოაღო.
    მაიკომ და ერიკომ ცხედარი სწრაფად შეიტანეს სადარბაზოში, დიდი ლიფტის კაბინის კუთხეში მიაჯინეს და ხელში მისივე პისტოლეტი დააჭერინეს. მერე ერიკომ მეცამეტე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი.
    ლიფტის კარები ხმაურით დაიხურა და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილთან ერთად გუგუნით დაიძრა ზემოთკენ. პირველ სართულზე დარჩენილმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა და ერთდროულად ამოისუნთქა.

    10.
    ფარდის უკან მდგარი ნუკრი ერთიანად კანკალებდა. ხალათმოსხმული მარგო იმავე სასტუმრო ოთახში ბოლთას მოუსვენრად სცემდა. ცოტა ხანში ნუკრიმ ფარდის ღრიჭოდან დაინახა, რომ მარგომ რამდენიმე წამს ყურადღებით უსმინა საძინებლიდან გამომავალ ჭრიალს და ხვნეშას. მერე ერთბაშად სახემონგრეულმა საფეთქლებზე მიიჭირა ხე­ლის­გულები და კაი ხანს ასე იდგა. შემდეგ უცებ მოეშვა, საათზე გახედა, ხელი ჩაიქნია, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატთაგან ერთ-ერთს მიუახლოვდა და ნახატს ხელი მიაჭირა. ნახატი კარივით მოშორდა კედელს და მის უკან ნიშა გამოჩნდა. ნიშაში დასტებად ელაგა ფული. მარგომ ნიშაში ხელი ღრმად შეჰყო და იქიდან მაყუჩიანი იარაღი გამოიღო. მერე ნახატი ისევ კედელთან დააბრუნა, საძინებლისკენ გაიხედა და იარაღით ხელში იქითკენ დაიძრა.
    რამდენიმე წამში ბინაში ორი გასროლის ხმა გა­ისმა. ფარდის უკან მდგომი ნუკრი ორჯერ შეხტა და ისევ მი­ა­ყურადა. საძინებლიდან ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. ნუკრი მიხვდა, რომ უნდა ეხელთა, ამიტომ გასამხნევებლად ჯიბიდან პირში სასწრაფოდ საღეჭი რეზინი იტუცა და ფარდიდან გამოსული ის იყო ბინის კარისკენ აპირებდა ჩუმად წასვლას, რომ ერთი-ათად შეთამამებულს მზერა მაინც ნახატისკენ გაექცა.
    ნუკრიმ თვალი საძინებლისკენ გააპარა, საიდანაც უკვე არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა; შემდეგ ნახატს მივარდა, ხელი მარგოსავით მიაჭირა, გამოაღო და შიგთავსი მთლიანად გუდაში ჩააპირქვავა. მერე ნიშა უკან მიკეტა, შემოსასვლელი ფეხაკრეფით გაიარა, კარი ფრთხილად გააღო და სადარბაზოში აღ­მოჩ­ნდა. მეცამეტე სართულის ლიფტის კარი ღია იყო.
    კაბინაში შევარდნილმა ნუკრიმ პირველი სართულის ღილაკს თითი მთელი ძალით მიაჭირა და ცივოფლდასხმულმა მაშინღა შეამჩნია დიდი ლიფტის ბოლოში მიმჯდარი მკვდარი სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში პისტოლეტი ჩაებღუჯა.
    “ჩემი კაი…” – გაუელვა ნუკრის გუნებაში და ჩამავალი ლიფტის კედელს ზურგით მიეყუდა.
    ლიფტი გუგუნით მიიწევდა პირველი სართულისკენ. ნუკრი შეშლილი სახით იყურე­ბოდა პოლკოვნიკის ცხედრისკენ და მაშინღა გამოფხიზლდა, როდესაც პირველი სართული ბაქანიდან მხიარული კომპანიის ხორხოცი მოესმა. “შენ თუ მიშველი, ღმერთო!” – ერთი გაიფიქრა ნუკრიმ და უცებ მოიაზრა, რომ ერ­თადერთი გამოსავალი ჰქონდა – ამიტომ პოლკოვნიკი უცებ წამოაყენა ფეხზე, მისი პისტოლეტი ჯი­ბეში ჩაიდო და სამხედროფორმიანის მკლავი მხარზე გადაიკიდა; მერე თავადაც მხარზე გა­დახვია ხელი და კაბინის კარი გაიღო თუ არა, როგორც კაი გალეშილმა უგონოდ მთვრალი, ისე გაახოხიალა პოლკოვნიკი ლიფტიდან.
    “ვაააა, გილოცავთ თოვლის ბაბუ, გილო­ცაავთ!!” “მრავალს დაესწარით, მრავალს, საქართველოს არმიავ!” – ჟრიამულით უტენიდნენ ნუკრის და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს შეზარხოშებული დამხვდურები ჯიბეებში ნაირ-ნაირ კანფეტებს. ნუკრიმ მხარზე ხელგადახვეული ცხედარი ძლივს მიათრია სა­დარ­ბა­ზოსთან მდგარ მაიკოს წითელ “ჯიპთან” და უკანა სკამზე შეაწვინა. მერე საჭეს მოახტა, მან­ქანა მოქოქა და ადგილიდან დაძრა. შემდეგ, პირიდან საღეჭი რეზინი გამოიღო, ტრადიციისამებრ ყურთან აიწება, მობილური ტელეფონი ჩართო და სახლში გადა­რეკა. ყურმილი მაიკომ აიღო.
    – მაიკო, მგონი დავიღუპე! – თქვა ნუკრიმ დავარდნილი ხმით.
    – ჩემი მანქანა მიალეწე?! – მოესმა ტელე­ფონში მაიკოს ნაძალადევი ხითხითი და ზეაწეული ტონი.
    – არა, რა მანქანა!.. მანქანა კარგადაა. და ყველაფერიც კარგადაა. მაგრამ… რაღაც ცხედარი ავიკიდე.
    ხაზის მეორე ბოლოში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მაიკომ ცივი ხმით იკითხა:
    – რა რაღაც ცხედარი აიკიდე, ნუგზარ?
    – რეავი… ვიღაც სამხედრო გენე­რალია იარაღით. თავი დაუბრედია ლიფტში. ხომ ვამბობ, პაგალოვნი დეპ­რესიაა ქვეყანაში. რომ შევედი და მივაჭირე პირველ სართულს, მერე დავინახე. თან გავიგონე, ხალხი ელოდებოდა ლიფტს ქვემოთ. ეგრე რომ დამეტოვებინა, ხომ შარებში გავყოფდი თავს?
    – ნუგზარ, მე და შენ ერთ ოჯახში გავიზარდეთ! მე მაინტერესებს, შენ ვინმემ ჩვენს ოჯახში გასწავლა, ყველაფერი უნდა აიღო, რაც ცუდად დევსო? დააბრუნე ახლავე იქ, საიდანაც აიღე, თორემ რომ მოხვალ, მოგამტვრევ მაგ ხელებს!
    – ხალხია იქ, მაი. დებილი კი არ ვარ… რა ავიღე. როგორც ცოცხალი, ისე გამოვიყვანე…
    – არ ვიცი მე არაფერი. აქ არ მოგვიყვანო! ახალი წელია, თუ მკვდრების პარადი, ვერ გავიგე მე?

    11.
    – მე ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მაიკომ მირჩია. კიდევ კაი, უკან მიბრუნებულს ის დაწყევლილი სადარბაზო ცარიელი დამხვდა. კორპუსის წინაც არავინ ტრიალებდა. ბევრი არ მიწვალია. სამხედროფორმიანი უკან შევათრიე, კოხტად დავსვი და ცხვირსახოცით გაწმენდილი იარაღი ისევ ხელში დავაჭერინე.
    ზემოთ რა მოხდა, რას ნიშნავდა ის ორი გასროლა, არ ვიცი. ისე, რამდენიმე ვარი­ანტია. ალბათ ქალმა ჯერ ის გაზეთილი თურქი მიაბრიდა და მერე ქმარი. არის მეორე ვარიანტიც – რომ ერთი გასროლით, ანუ “სკვაზნოითი” ჯერ ორივე მოკლა, და მერე თავი მოიკლა. პირიქით არ გამოდის. მკვდრები არ ისვრიან. ეს უფრო დამაჯერებელია, იმიტომ რომ საძინებლიდან არავინ გამოსულა. თავიც რომ არ დაებრიდა, ალბათ არ გამოდიოდა მისთვის – ციხეში წასვლა რომელი ქალისთვისაა სასი­ამოვნო… ქალების ზონაც ხომ ზონაა. თან ეტ­­ყობოდა, რომ ყველაფერი ყელში ჰქონდა ამო­სული. რა ყრია ისე ეგეთ ცხოვრებაში? ხან შენ თავს აგებს ქმარი კაზინოში უცნობებთან და ხან საკუთარ ტრაკს. ზემოთ მომხდარის სხვა ვარიანტებს აღარ განვიხილივავ, იმიტომ რომ უამრავია. მაგათზე სხვებმა იფიქრონ.
    უკან გამოქცეულს და სახლში დაბრუნებულს, ბინაში ზომაზე მეტად ალაპარაკებული ერიკო, ზომაზე მეტად აჟიტირებული მაიკო და ვიღაც მაგათი ძველი კლასელი, ზომაზე მეტად დადუმებული და თვალებაწითლებული კლარისა დამხვდნენ.
    სადღეგრძელოებში გავათენეთ ღამე. ვინ აღარ ვადღეგრძელეთ – ქალი და კაცი, დიდი და პატარა, წარმატებული და გაჭირ­ვებული, ნიჭიერი და უნიჭო, დღე და ღამე, ცა და მიწა, მკვდარი და ცოცხალი. ყველა.
    თითქოს ზემოდან ნიშანივით იყო ჩემთვის ამ წლის ეს ბოლო, სამასსამოცდამეხუთე დღე, და მე უკვე ვიცი, რომ ამ დღეს გარეთ გასვლებზე კაი ხნით ვთქვი უარი.
    კაი ხანი რამდენია? ეგ აღარ ვიცი – ალბათ იქამდე, ვიდრე ეს ფული გამოილევა. მით უმეტეს, რომ მეორე დილით საძინებელში, ჩემ საწოლთან რაღაც აბი ვიპოვნე, გამოვიტანე და მაიკოს და ერიკოს ვანახე.
    – ეს საიდან?
    ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს. მერე აბი ერიკომ ზუსტად სამზე გაჰყო და სამივემ ჩვენ-ჩვენი დოზა ჩავყლაპეთ.
    არაფერი ისეთი. მე საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, ერიკო და მაიკო კიდევ იმის შემდეგ ძა­ლიან ხალისიანად, სიცილ-კისკისში ატარებენ დღეებს: გაუთავებლად თამაშობენ ნარდს და ზედ ქიშმიშს აყოლებენ.
    მოკლედ, ეგრე.
    ასეთია თუ ისეთი, ცხოვრება მაინც გრძელდება – ყველა არანორმალური ისევ ნუკ­რის მიძახის ძველებურად. ეგ კი არა, უკვე ჩემი დაც მაგ ჭკუაზეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ნოემბერი


    ბასა ჯანიკაშვილი, “აბსურდისტანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    “ვერ გავიგე, ეს ქალაქი მარტო გოიმებისაა? ეს ქალაქი მარტო ქაჯებისაა? ვერ გავიგე, ეს ქალაქი ვისია ბოლოს და ბოლოს. მერიის ერთი კინკილა სამსახურის, ვინც კონცერტების პროგრამას წყვეტს, თუ მათი, ვინც აქ ცხოვრობს. გგონიათ, რობერტ პლანტის მსოფლიო ტურში თბილისი რომ მოახვედროთ, ხალხი არ მოვა? ან U-2-ს და Radiohead-ის კონცერტით თავისუფლების მოედანს ვერ გაავსებთ? იქნებ ისიც გეგონოთ, რომ თქვენ მიერ გასროლილ შუშხუნებს ხალხი მოუთმენლად ელის? იმედი მაქვს, რომ არა.” – ეს არის ამონარიდი ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანიდან, რომელიც ავტობიოგრაფიულია და მუსიკას ეძღვნება, უფრო კონკრეტულად კი, როკს.
    გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში ეს მიმდინარეობა აკრძალული აღარ იყო, თუმცა, კარგი ჩანაწერების შოვნა არცთუ იოლი გახლდათ. ეს საქმე მელომანთა მხრიდან სერიოზულ “ჩალიჩს” მოითხოვდა, თუმცა, შედეგი ამად ღირდა. “დაპისკებით” გავრცელებული და არალეგალურად შემოტანილი მუსიკა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ხელისუფლების მიერ მკაცრად იყო კონტროლირებული.
    მაშინდელ ქვეყანას ავტორი აბსურდისტანს უწოდებს და იყო კიდეც აბსურდული, თუმცა, ბევრისთვის აბსურდისტანური ყოფა დღესაც გრძელდება, რადგან ადამიანები ფსევდოღირებულებებითა და ფსევდოგრძნობებით ცხოვრობენ, ფსევდომუსიკას უსმენენ და ფსევდოთავისუფლებით ტკბებიან. გზა საბჭოთადან თანამედროვე აბსურდისტანამდე ავტორის ყმაწვილკაცობისდროინდელ მოგონებებზე გადის და როკის განვითარებასთან ერთად იმდროინდელი ყოფის საინტერესო დეტალებზეც გვიამბობს.

    დიანა ანფიმიადი, კონსპექტური მითოლოგია (ლექსები). თბ. “საუნჯე”, 2009.

    მის ლექსებს ხშირად უწოდებენ მუსიკალურ პოეზიას, ოღონდ, კლასიკურს კი არა, ატონალურს, თავისუფალ რითმებად რომ იღვრება დროსა და სივრცეში. პირველი წიგნი შოკოლადის ფილებად დაიღვენთა მკითხველის მეხსიერებაში, მეორედ კი უკვე მითოლოგიური თემატიკით წარდგა ჩვენს წინაშე. “კონსპექტური მითოლოგია” ერთგვარი დაბრუნებაა ძირებთან – პოეტესა ხომ წარმოშობით ბერძენია. სხვათა შორის, ავტორის გვარ-სახელი იმდენად ჟღერადი და პოეტურია, კარგა ხანს ფსევდონიმი მეგონა. როგორც ჩანს, ეს კოდი მასში თავიდანვე იყო ჩადებული, რაც მის ახალ კრებულში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
    ხან პანდორაა, ხან გალათეა, ხან კასანდრა და ხანაც ელენე, კლიტემნესტრა, მედეა… ერთი სიტყვით, მთელი ბერძნული მითოლოგიაა, თუმცა, ამ კრებულის კლიტე-გასაღებად კენტავრი აირჩია. წიგნის გარეკანზეც ქალი-კენტავრია გამოსახული, კენტავრი დიანა, რომელიც საკუთარ ფლოქვებს კი არ დაჰყურებს, როგორც ლექსშია, დაკვირვებული მზერით სადღაც შორს, უსასრულობაში იყურება, თითქოს ზეციური სამყაროსკენ ისწრაფვის, თუმცა, გაბერილი საღეჭი რეზინი მყარად ამაგრებს მიწაზე. ერთი სიტყვით, არც მიწისაა, არც ცისა. მისი ბიოგრაფიიდან ვიმსჯელებთ, მრავალმხრივი და არაორდინარული ადამიანია: პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ-კრიმინალისტი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ამჟამად თსუ ზოგადი და თეორიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტია. გატაცებულია კულინარიით. მისმა პოეტურმა კრებულმა “შოკოლადი” – შარშან “საბას” ლიტერატურული პრემია დაიმსახურა საუკეთესო დებიუტისათვის, შარშანწინ კი ლიტერატურულ კონკურს წეროს გამარჯვებულიც გახდა. წარმატებები ჯერჯერობით თან სდევს. იმედია, ასე გაგრძელდება.

    ლია სტურუა, ზღვა დაკეტილია (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    რა სასიამოვნოა, რომ დღეს, როდესაც პოეზიის გამოცემა არამომგებიან საქმიანობად მიიჩნევა, არსებობს გამომცემლობა, რომელიც ჯიუტად საპირისპირო მიმართულებით მიდის. “სიესტას” ანგარიშზე არაერთი საინტერესო პოეტური კრებულია – ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების, ამჯერად კი გამომცემლებმა მზერა ლია სტურუაზე შეაჩერეს.
    ანა კალანდაძის შემდეგ ლია სტურუა პირველი პოეტესა იყო, რომელმაც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლიტერატურულ სივრცეში ხმაური და მღელვარება გამოიწვია. მისი დახვეწილი, ინტელექტუალური, ფორმისა და ჩარჩოებისგან თავისუფალი ლექსი იმ პერიოდის ქართულ პოეზიაში ახალ სიოდ შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს მიმდევრები გამოუჩნდა, ლია სტურუას პოეზია დღესაც არავისში აგერევათ. “სიესტა” შეეცადა მკითხველისთვის ამ თვითმყოფადი შემოქმედის შედარებით ახალი ნამუშევრები გაეცნო.

    გიორგი მირზაშვილი, ნადავლი (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    დაწურული აზრი, მოზომილი სიტყვა, ლექსი – ნატურმორტი, ლექსი – პორტრეტი, მხატვრის პოეზია – აი, ასეთია გიორგი მირზაშვილის ახალი კრებულით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება. ხანდახან ჯობია, არაფერი დაწეროო – ამბობს ერთგან პოეტი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიტორიკული შეძახილია საკუთარი თავის მიმართ, რადგან “ნადავლი” მისი რიგით მესამე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “სიესტა” გამოსცემს. მანამდე იყო “მარშრუტი ნომერი ორმოცდარვა” და “მშრალი ხიდი,” რომელთაც პოეზიის მოყვარულთა ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ქართველ პოეტთა ორდენი გარკვეული სიფრთხილით მოეკიდა მხატვრობიდან “გადმობარგებულ” თანამოკალმეს. თუმცა, ვეჭვობ, ამას ავტორისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. წერს, რადგან სხვანაირად აღარ შეუძლია და აწყობს თავისი ლექსის მოზაიკას, რომელიც ოდესმე ერთ დიდ ტილოდ გარდაიქმნება, სახელწოდებით – გიორგი მირზაშვილის პოეზია.

    გაიუს ვალერიუს კატულუსი, “ლექსების წიგნი”. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა.
    რედაქტორები: იზა ორჯონიკიძე, თემურ დოიაშვილი. თბ. “ლოგოსი”, 2009.

    “ლათინური გამოთქმაHHabent sua fata libelli – “წიგნებს თავისი ბედი აქვს” – ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნს შეეფერება” – წერს კატულუსის ქართულ ენაზე მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი. საქმე ისაა, რომ X საუკუნეში, როდესაც ლათინური მხოლოდ ეკლესიისა და მეცნიერების ენად იყო ქცეული, ვერონის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ძველი რომაელი პოეტის ლექსების ხელნაწერი იპოვა, რომლითაც ძალზე მოიხიბლა, მიუხედავად ავტორის წარმართობისა. ეს იყო კატულუსის ლექსების ერთადერთი კრებული, რომელიც შემოთხვევით შემორჩა მის მშობლიურ ქალაქს. მოგვიანებით, ხელნაწერი ისევ გაქრა, თუმცა XIV საუკუნეში კვლავ იპოვეს და რამდენჯერმე გადაწერეს. შემდეგ კი ყველა ევროპულ ენაზე თარგმნეს. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვში საქართველოცაა.
    “უბერებელი” რომაელი ლირიკოსის პოეზიას ყველა ეპოქა თავისებურად კითხულობდა. რომანტიკოსები მას რომანტიკოსად მოიხსენიებდნენ, სიმბოლისტები – სიმბოლისტად, ჩვენი თანამედროვეებისთვის კი კატულუსი პოსტმოდერნისტია. ამ შემთხვევაში ლიტერატურული ჩარჩოები მეორეხარისხოვანია, მთავარი ავტორის მრავალწახნაგოვანი, ირაციონალური იმპულსებით აღსავსე პოეზიაა, რომელიც ძალზე ოსტატურად გადმოაქართულა მანანა ღარიბაშვილმა.

    ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ. ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ჯიშიაშვილმა. რედაქტორი მანანა კვაჭანტირაძე, თბ. 2009.

    ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ლათინომერიკელი და ესპანელი მწერლების შემოქმედებას მოიცავს, ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულთ დააინტერესებს. ოქტავიო პასი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ხუან კარლოს ონეტი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს-რევერტე და გუსტავო მარტინ გარსო – აი, ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.
    ესპანურენოვან ლიტერატურას, დაწყებული სერვანტესიდან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო მწერლობის ისტორიაში. მათ რიცხვს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ლათინოამერიკელ ავტორთა მთელი კასკადი შეუერთდა. მარკესი, ლიოსა, კორტასარი, ბორხესი… ამ პერიოდის მწერლობა “ლიტერატურულ ბუმად” მონათლეს. მოგვიანებით მათი ტრადიცია ფუენტესმა, ონეტიმ და პასმა გააგრძელეს.
    აქ წარმოდგენილ მწერალთა ნაწილს ქართველი მკითხველი მეტად იცნობს, ნაწილს ნაკლებად, თუმცა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიტყვა თქვა ესპანურენოვანი ლიტერატურის განვითარებაში. მათი შემოქმედება არაერთი პრემიითაა აღნიშნული როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროს წარმომადგენელთა ლიტერატურული ნააზრევი, შემოქმედებითი ძიებები და მსოფლმხედველობა ქართველმა მკითხველმაც გაითავისოს და შეაფასოს.

    სულხან-საბა ორბელიანი – 350, საიუბილეო კრებული. რედაქტორი და შემდგენელი, ირმა რატიანი. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2009.

    საქართველოს ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთაც საეტაპო როლი შეასრულეს ქართული ცნობიერების, მწერლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანია სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც 2008 წელს დაბადებიდან 350 წელი შეუსრულდა. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით არ აღნიშნულა, თუმცა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი შეეცადა მწერლისთვის ღირსეული პატივი მიეგო. ეს კრებული ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.
    დიდი ადამიანების ბიოგრაფია და შემოქმედება იმითაცაა დიდი, რომ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისა და ძიებისათვის. კრებულში წარმოდგენილ ავტორთაგან თითოეულმა თავისი სულხან-საბა დაინახა, მისთვის საინტერესო თემატიკას ჩაუღრმავდა ავტორის შემოქმედებაში და რიგ შემთხვევაში, ახლებური ხედვა, ზოგან კი – უფრო სიღრმისეული გააზრება შემოგვთავაზა.
    ზაზა ფირალიშვილი, თეიმურაზ დოიაშვილი, ლევან ბრეგაძე, მერაბ ღაღანიძე, როსტომ ჩხეიძე, დარეჯან მენაბდე, გიორგი გაჩეჩილაძე, ლია ბაკურაძე, თინათინ ბოლქვაძე და მალხაზ ხარბედია სულხან-საბას მიკრო და მაკროკოსმოსის მათეულ ხედვას გვთავაზობენ. კრებულს ირმა რატიანის შესავალი წერილი და რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია ერთვის, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს თვალი გადაავლოს ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას და მისთვის სასურველი მასალა შეარჩიოს.

    ალენ პეკარ ლემპერერი, ორელიენ კოლსონი “მოლაპარაკების მეთოდები”. მთარგმნელები: ნატო მაჭარაშვილი, თინათინ ღარიბაშვილი. სამეცნიერო რედაქტორი: ტარიელ სიხარულიძე. რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი.
    თბ. ”ჯისიაი”, 2009

    კარგ მომლაპარაკებლად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან – ასეთია წინამდებარე ნაშრომის მთავარი გზავნილი, რომლის ავტორები მოლაპარაკებათა სფეროს გამოცდილი წარმომადგენლები არიან. ალენ ლემპერერი და ორელიენ კოლსონი ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (ESSEC) პროფესორები და არაერთი სამეცნიერო ტიტულის მფლობელები არიან. ეს წიგნი მათი და ამ სკოლის გუნდის 10-წლიანი შრომის შედეგია.
    ავტორები მკითხველს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებენ და მოლაპარაკების წარმოების ფილოსოფიასა და ტექნიკას აცნობენ. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს იმ ქმედებების კვლევა და ანალიზი, რომლებსაც ადგილი აქვს მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
    წიგნი ეფუძნება მოლაპარაკების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, ასევე ტრენინგებს, დიპლომატიური მისიებისა და აკადემიური საქმიანობისას დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას. როგორ მივიღოთ საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება, მოვაგვაროთ კონფლიქტი და ვმართოთ საკუთარი და მოწინააღმდეგის ემოციები – ამ და ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს წინამდებარე წიგნში შეიტყობთ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“