• პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ზღვის გაუჩინარება

    დღე პირველი

    როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.

    დღე მეორე ან მერამდენიღაცე

    ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.

    დღე მესამე ან მერამდენიღაცე

    კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.

    დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე

    ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.

    დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე

    ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.

    დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე

    რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.

    დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე

    დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით… რემონტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მიშელ უელბეკის “პლატფორმა” ქართულად


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ, თანამედროვეობის ყველაზე დაუმორჩილებელი მწერლის, მიშელ უელბეკის წიგნების ქართულ თაროს კიდევ ერთი გამოცემა შეემატა. ჟორჟ ეკიზაშვილის მიერ თარგმნილი “ბრძოლის ველის განვრცობისა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემდეგ, “ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით” მწერლის სკანდალურად ცნობილი წიგნი, “პლატფორმა” გამოვიდა. წიგნი ირმა ტაველიძემ თარგმნა.
    [მუსიკა] ეს მიშელ უელბეკის ხმაა, ფრაგმენტი სიმღერიდან, რომელიც მის 2000 წელს გამოსულ ალბომშია შესული. ტრადიციული ფრანგული შანსონური რეჩიტაცია, კლასიკური თემები, შეგემებული უელბეკის ცხარე საკმაზით. მიშელ უელბეკი ამ ალბომზე და რომან “პლატფორმაზე” ერთდროულად მუშაობდა. ეს მის შემოქედებაში ალბათ უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, როცა იგი ლამის წინასწარმეტყველად მოგვევლინა, 11 სექტემბრის ნიუ-იორკული ჯოჯოხეთის პროფეტად.
    წიგნმა, შეიძლება ითქვას, ახალი, XXI საუკუნე დაიწყო და იგი დასავლური საზოგადოების ერთგვარ დიაგნოზს წარმოადგენს, და შესაბამისად “პლატფორმა” ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. წიგნის მთარგმნელი, მწერალი ირმა ტაველიძე გვეუბნება: “წიგნი მნიშვნელოვანი იქნება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ჩემი აზრით და ვფიქრობ ასევე ყველაზე კარგი წიგნი, რაც უელბეკს დაუწერია. საინტერესოა, რადგან ძალიან პირდაპირი და გულწრფელი წიგნია, ავტორი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რა იქნება აქტუალური, რაზე წამოეგება საზოგადოება”.
    მთავარი გმირი ფრანგია, 40 წლის ჩინოვნიკი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, აი ისეთი ტიპია, შვებულების დროს თავი ახალგაზრდად რომ მოაქვს ხოლმე. იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მოზრდილ მემკვიდრეობას მიიღებს და მაშინვე აღმოსავლეთში გაემგზავრება დასასვენებლად. მიშელი (ასე ჰქვია პერსონაჟს) ვერ იტანს არაბებს, ჩინელებს, ადამიანების უფლებებზე განუწყვეტლივ ლაყბობას, საბაზრო ეკონომიკას, ეკოლოგებს, ამერიკელებს, ბავშვებს. ხანდახან ჯგუფ “Radiohead”-ის მაისურით გვევლინება, საერთოდ კი ორად-ორი პიჯაკი აბადია და რამდენიმე ათეული წიგნი. იგი ვერ იხსენებს თუ როგორი იყო თხუთმეტი, ოცი ან ოცდაათი წლისა და საერთოდაც, ადამიანური უნიკალობის იდეა მხოლოდ მაღალფარდოვან სისულელედ მიაჩნია.
    მთელი ცხოვრება უხერხულად გრძნობდა თავს, სათქმელი არაფერი ჰქონდა, საუბრის გაბმაც კი არ შეეძლო და არც ცეკვა იცოდა, ამიტომაც გალოთდა. ალკოჰოლი მას ამხნევებდა და ეხმარებოდა. მიშელს ქათმის დაკვლაც კი არ შეუძლია, სამაგიეროდ სიამოვნებით დაახლიდა რომელიმე მაზალო ტიპს ტყვიას. რომანის ბოლოსკენ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საერთოდ ყველანაირ სურვილს კარგავს, გული ერევა ინტელექტუალურ საუბრებზე, უქრება სამყაროს ახსნისა თუ შეცნობის სურვილი, გაურბის ადამიანებს.
    ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ერთი შეხედვით ფრანგული ეკზისტენციალური თაიგულია, თუმცა რომანის გაცნობის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს. ესაა სიამოვნების, სიცოცხლის მაძიებელი კაცის ისტორია, რომელიც თავით ეშვება ვნებებში, ოღონდაც მიაკვლიოს იმ ნამდვილს, რასაც მხოლოდ სექსით თუ შეიგრძნობს დასავლელი ადამიანი. ეს წიგნი ერთი მხრივ ანტიდასავლურიცაა და ანტიისლამურიც. ამგვარი სიმწვავის გამო მწერალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
    უელბეკი ნარცისიზმით შეპყრობილ ევროპელებს (ან ზოგადად, დასავლელებს) გულისხმობს, რომლებიც წარმატების კულტის მსახურებაში არიან დანთქმულნი და საკუთარი ერთად-ერთობითა და განუმეორელობით გატაცებულები ერთმანეთთან დაწოლასაც ვეღარ ახერხებენ, სექსი კვდება, ვნება ქრება ადამიანებს შორის. სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, სიამოვნების უანგაროდ გაღება, საკუთარი სხეულის დათმობა ევროპელებს აღარ შეუძლიათ და რომანის ბოლოს დასკვნასავით ჟღერს: “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. საიმედოს ვერაფერს ვიტყვი. დასავლეთის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უბრალოდ, უზარმაზარ ზიზღს ვგრძნობ. ერთი კი ვიცი: ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ”.
    მთავარი გმირი გაკვირვებულია, “ნეტა ვის მოუვიდა თავში, რომ საფრანგეთი გარყვნილებისა და თავისუფალი სიყვარულის ქვეყნად გამოეცხადებინათო”, მისი აზრით, ამ ქვეყანაში ყოველთვის საშინელი მოწყენილობა და ბიუროკრატიზმი მეფობდა.
    “პლატფორმა” ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ამბავი მოპოვებული და დაკარგული სამოთხის შესახებ, ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც ტერორისტული აქტი ასრულებს. მანამდე კი შეყვარებული წყვილი სექს-ტურიზმის აყვავებაზე ოცნებობს, ცდილობენ დასავლეთს ის შესთავაზონ, რაც მან დაკარგა. როგორც ერთი რეცენზენტი წერდა: “მდიდარ დასავლეთს დიდი ფული აქვს, სამაგიეროდ ღარიბ სამხრეთს და აღმოსავლეთს არა აქვს “გაუცხოების” კატეგორია, ფსიქოანალიზი და ფემინიზმი”.
    უელბეკის ნაწერები უცნაური იუმორით ხასიათდება. მაგალითად, რომანში ერთი ეპიზოდია, როდესაც სექს-ტურისტული გეგმების განხილვისას სლოგანის მოფიქრებას ცდილობენ და უეცრად მთხრობელს ბოდლერის სტრიქონები ახსენდება: “ნელსურნელებით აქოთებული შიშველ-ტიტველი მონების გუნდი…”. ცხადია სლოგანს არ დაამტკიცებენ პოლიტკორექტულობის გამო.
    ირმა ტაველიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ “პლატფორმაში” დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაარჩევს უელბეკი “როდის თამაშობს ან როდის არის ნაკლებად სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და განსაკუთრებით ამ რომანის, “პლატფორმის” პირველ ნაწილში ეს კარგად იგრძნობა. და თვითონაც ამბობს შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ გერმანელი ჟურნალისტები და შეკითხვები დამისვეს, მივხვდი, რომ მე თურმე სერიოზულიც ვყოფილვარო. აქ ყველაფერი ბოლომდე სერიოზულიც არ არის, როცა იგი ამბობს, რომ ბავშვები სძულს, როცა ჩინელებზე ლაპარაკობს, ეს უფრო საზოგადოების აგდებისთვის ხდება და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია”.
    უელბეკის პროზის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა პორნოგრაფიისა და სენტიმენტალიზმის შეზავება, რომელსაც ხშირად მეცნიერული კომენტარებიც ახლავს ხოლმე თან. კლასიკური დასავლურ რომანში ეს ნიშნები ყოველთვის იყო, თუმცა უელბეკთან ამ შეხამებებმა ზღვარს მიაღწია. თუკი “ელემენტარულ ნაწილაკებში” მწერალი ბიოლოგიას მიმართავდა, აქ იგი უფრო სოციალური მეცნიერებებით ერთობა და ერთ მონაკვეთში სულაც დეტალურად გვიხასიათებს სხვადასხვა მოდელს. იგი ყველა ფრუსტრაციას სოციოლოგიური მიზეზებით ხსნის და რომანის მთელი მეორე ნაწილი, არსებითად სექსუალური ცხოვრების ოპტიმიზაციის სამოქმედო პროგრამად იქცევა.
    ამის მიუხედავად, უელბეკის ნაწარმოები არაფერს აგებს მხატვრული თვალსაზრისით, პირიქით იგი თანამედროვე რომანის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო გზას გვაჩვენებს.

    © tavisupleba.org

  • კრიტიკა,  რეცენზია

    სიტყვის დეგუსტაცია

    ნონა კუპრეიშვილი
    სიტყვის დეგუსტაცია

    სოსო ტაბუცაძის ახალგამოცემულმა წიგნმა (ს. ტაბუცაძე “უბრალო დამატება”, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა თბ.: 2009) თავი იმდენად ადვილად წამაკითხა, რომ სერიოზულზე მსუბუქად სასაუბროდ განმაწყო. თუმცა ეს სიმსუბუქე მოჩვენებითი რომ იქნებოდა, იმთავითვე უნდა მეფიქრა, რადგან ჩვენს ავტორს კრიტიკოსის, მხატვრული ინტერპრეტატორის ფუნქცია (თვითონ იტყოდა, რეფლექსია) სიტყვასთან სრულიად განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან, სიტყვის ალღოიანობასთან აქვს შერწყმული. ეს კი მკითხველ-გამომხმარეურებლისგან, სულ ცოტა, გარკვეულ წინდახედულებას მოითხოვს.
    ასედაც გავიცანი ბატონი სოსო არც თუ ისე შორეულ ახალგაზრდობაში: მუდმივად და ენერგიულად (აჯობებდა – დაუცხრომლად) ლიტერატურაზე მოსაუბრედ, აზრთან კარგად მორგებული სიტყვის უმალ აღმომჩენად და შემფასებლად, საუბრის დროს კი იმავე სიტყვის დამგემოვნებლად, ღვინის გამოცდილი დეგუსტატორივით, ძუნწი მიმიკით რომ ანიშნებს კოლეგებს: სწორედ ის არის ეს დალოცვილი, ჩვენ რომ ვიცითო. ცხადია, აქედან ყველაფერი მხატვრულ პროზისკენ უნდა დაძრულიყო და ასეც მოხდა. თუმცა ეს ჩვენზე, მისდამი კეთილად განწყობილ ახლობლებზე, უფრო ადრე მისივე წერილის ერთ-ერთ გმირს, რაჭველ გლეხს, სერგო იობაშვილს, შეუმჩნევია, როდესაც მრავალძლის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში კალამმომარჯვებული და მხარზე ფოტოაპარატგადა­კიდებული ახალგაზრდისათვის უკითხავს: “რას შვრები ბიჭუნა, კიდე იწერ ამბებსო?”
    მაშ, იყო პროზაც, იყო “პენ-მარათონის” პრემიაც, მაგრამ ლიტერატურული ბაცილის გამავრცელებლად, გნებავთ, გადამტანად, დაბადებულ ადამიანს კიდევ ერთი ვნება აქვს: ქადაგება ესთეტიკური სახეებით, რაც ქართული და მსოფლიო მწერლობის საუკეთესო ნიმუშებზე ფიქრისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ლიტერატურა ხომ, როგორც თვითონ წერს ჩინელი ნობელიანტი მწერლის, გაო სინძიანისადმი მიძღვნილ წერილში, “ერთი ადამიანის ბიბლიაა”. ჰოდა, სადაც ბიბლიაა, იქ სჯულის მეცნიერებისა და ქადაგების გარეშე არაფერი გამოვა.
    რაში შეიძლება უპირველესად გამჟღავნდეს დღევანდელი საშუალო თაობის კრიტიკოსის პროფესიონალიზმის ხარისხი? ალბათ, იმაში, რომ ლიტერატურისადმი ყოვლისმომცველი მოწიწების ნაცვლად მისდამი ფხიზელ, შესაძლოა, ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს; ერთ კულტურულ არეალში მხატვრულ-ესთეტიკური ფორმების ამოწურვას საყოველთაო კრახად არ აღიქვამს; ახალი სააზროვნო სივრცის გარღვევის თუ ათვისების აუცილებლობისა სჯერა, რადგან იცის, რომ მხოლოდ ამგვარი პიროვნული პასუხისმგებლობით, საკუთარ თავთან ერთი-ერთზე დარჩენითაა შესაძლებელი შინაგანი თავისუფლების მიღწევა. გარდა ამისა, იმასაც ხვდება, რომ არჩევანი არა “დეპოში ჩარჩენილ მწერალთა კავშირსა” და “დეპოუნახავ ახალი თაობის ლიტერატორებს შორის” არსებობს (ეს საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტი იქნებოდა), არამედ იდეოლოგიების სამსახურში მდგარ და ამგვარ სამსახურს განრიდებულ მხატვრულ აზროვნებას შორის; თვითონაც რწმუნდება და ჩვენც გვარწმუნებს, რომ “მეტაფიზიკური უღლის” მოშორება ნიცშეანური “ზეკაცის”, ბახტინის “კარნავალის” თუ ჰაიზინგასეული “თამაშის” თეორიების მორჩილებამ არ უნდა ჩაანაცვლოს. და ბოლოს, პრაქტიკულად გვიდასტურებს, და სააზროვნოდაც გვიტოვებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იქნებ სწორედ “თამაშსა” და “სერიოზულობას” შორის გადის ის ოქროს ზღვარი, რომელმაც უნდა შემოაბრუნოს მწერლობისა და, ჩვენს შემთხვევაში, კრიტიკისაგან განზე გამდგარი და ღრმად დაეჭვებული დღევანდელი მკითხველი. ასეა თუ ისე, სოსო ტაბუცაძე ამ პრობლემატიკით “დანაღმულ ველს” ჭოგრიტით (ჭოგრიტი კი, როგორც მოგეხსენებათ, “ოთარაანთ ქვრივის” არჩილისათვის სწავლა-განათლების სიმბოლოა) შეიარაღებული გასცქერის და როგორ იქნება, ყველაზე არსებითი თვალთახედვიდან გამოეპაროს.
    თავისი ღრმა და სერიოზული ფიქრი ქართული კრიტიკის შესახებ სოსო ტაბუცაძემ გურამ ბენაშვილისადმი მიძღვნილ ესსეში “კრიტიკა, როგორც მედიტაცია” (2003 წ.) გაამჟღავნა. იგი ფაქტიურად დაეთანხმა თავის თანამოკალმეებს (თეიმურაზ დოიაშვილს, ლევან ბრეგაძეს, მანანა კვაჭანტირაძეს), როდესაც განაცხადა: არავითარი ცენზორი, არავითარი შინამოსამსახურე, მით უფრო, “ზედნაშენი პროზისა და პოეზიისა”, როგორც ეს კარგა ხანს გვეგონა – კრიტიკა ლიტერატურული დისკურსის გამოვლენაა, ხოლო გურამ ასათიანის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, სულაც თანაშემოქმედებაა; “იგი ლიტერატურის ანარეკლი არის და არც არის”. მართალია, ეს უკანასკნელი აზრი ტაბუცაძისეული “ხელიდან გასხლტომის” ჩვეული ხერხითაა მოწოდებული, სურათი მაინც ნათელია. ჩვენი ავტორი ბატონი გურამისთვის პულსაციური ცნებების “მედიტაციისა” და “არაბესკების” მნიშვნელობათა მოჩხრეკით (სიტყვის ტრფიალს თვალი მუდმივად ათასგვარი ლექსიკონებისაკენ გაურბის) აზრის ლოგიკური მდინარეების სათავეში ექცევა და იქ შემდგარი, გარკვევით გვიხსნის: ის, რასაც ეს კონკრეტული კრიტიკოსი აკეთებს, კრიტიკული პროზაა. მასში “წვნადი მოძრავი მეტაფორები” წაკითხული და სათანადოდ აღქმული სხვისი ტექსტის გამო საკუთარი სიტყვისქმნადობის პროცესშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხატვრული ტექსტის “მეტაფიზიკური სივრცე” არა “სპეკულაციური აზროვნების ხარჯზეა” გაფართოებული, არამედ “იმ ენერგეტიკული ველის აქცენტირებით, რომელსაც თავად ტექსტი ქმნის”… ამ წერილმა მაშინ ყველაზე მკაცრი და შეუვალი ლიტერატორების მოწონება დაიმსახურა.
    პრინციპით: რაც გააზრებულია – ის დაძლეულია, წიგნში საკმაოდ ვრცელი კულტურული დიაპაზონია წარმოდგენილი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, იგი არ ეკუთვნის ინტელექტუალის იმ ტიპს, რომელიც “ოცნებობს, განგსტერი იყოს და ძალადობის გზით იბატონოს ადამიანებზე” (ასეთებიც მრავლად გვინახავს). ჩემი აზრით, ერთი შეხედვით ამ საკმაოდ ჭრელ, მრავალფეროვან მასალას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებათა გამოა შექმნილი, შემდგომ კონცეპტუალურად თავმოყრილი და ფაქიზი სკურპულოზურობით თავებადაც დანაწილებული, ერთი ნიშანდობლივი რამ აერთიანებს: იწერება კრიტიკული ანალიზი-ხედვა გიორგი ლეონიძის განსაცვიფრებელი “მეცამეტე საუკუნის” თუ პატრიკ ზიუსკინდის ცნობილი “კონტრაბასის” ან ზაზა ბურჭულაძის ურთიერთგამომრიცხავი გრძნობების აღმძვრელი, მკითხველთა დიდი ნაწილის მიერ კი დესტრუქციულად მიჩნეული “წერილი დედას” შესახებ, იმდენად მნიშვნელოვანი არც არის, რადგან უპასუხისმგებლო დითირამბებს ვერსად წააწყდებით, “ძველიც” და “ახალიც” ახლებურად იკითხება ანუ წიგნის ავტორი ინტერპრეტაციის იმდენად განსხვავებულ შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს, რომ, სულო ცოდვილო, ლამისაა ზოგან ამ ინტერპრეტაციის ფორმით უფრო მოიხიბლო, ვიდრე თავად ტექსტით. ასეთ მიდგომას, ვფიქრობ, გარკვეული სითამამე სჭირდება, რომელიც სტეროტიპებისა და კლიშეების მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს და ლიტერატურული ნორმებისა და ფასეულობებისადმი ორიენტირების გაფართოებას ემხრობა. სოსო ტაბუცაძის ლიტერატურულ არეალში მოძრაობის სწორედ ასეთი პრინციპია რეალიზებული.
    დღევანდელ ვითარებაში გასაგებ მიზეზთა გამო განსაკუთრებით სასურველია არსებობდეს დიდი ტოლერანტობა წერის სხვადასხვა ტიპებისა და მოდელებისადმი (მაგ., ასე იქცევა თეიმურაზ დოიაშვილი, რომელმაც სწორედ ეს მიდგომა გაამჟღავნა თავისი “გალაკტიონოლოგიის” შედგენისას, ან როსტომ ჩხეიძე და მალხაზ ხარბედია. ისინიც ამ მეთოდით ცდილობენ კულტურულ-ლიტერატურული პროცესის აღდგენასა და გამთლიანებას). ვიცი, რომ სოსო ტაბუცაძე ამ მოსაზრებას ზოგადად იზიარებს, თუმცა თვითონ ახალი სტილისტიკისაკენ, ფორმის თვალსაზრისით კი მოკლე და ტევადი ტექსტის დინამიკისკენ იხრება. გაზეთ “კალმასობაში” დაწყებული “სვეტებით”, რაც მოგვიანებით “24 საათის” ლიტერატურულ დამატებაში მცირე ფორმის რეცენზიებით გაგრძელდა, ერთი მხრივ, ევროპაში დიდი ხნის წინ აპრობირებული რეცენზირების პრაქტიკას ამკვიდრებს, მეორე მხრივ კი, მეთოდოლოგიურ-თეორიული წაფენით “60-იანელთა უხვსიტყვაობას” (გერმანელი სლავისტის ბირგიტ მენცელის დეფინიციაა) უპირისპირდება. წარმოგვიდგენს რა არაერთ ნიმუშს სხარტი, საქმიანი და ზუსტი წერისა, ჩვენი ავტორი, უნებლიეთ ინტელექტუალური სივრცის “თავისუფალი” ნიშის სოციალიზაციის პროცესსაც უერთდება. “ემოციური გასიტყვება ვანო ამირხანაშვილის წიგნად აკინძულ მხატვრულ-დოკუმენტურ ჩანაწერებთან “თეთრი ჯვრის ხეობა”,” რომელიც 2002 წელს გაზეთ “კალმასობაში” დაიბეჭდა, თვალნათელი ნიმუშია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება კრიტიკის ამ ჟანრში.
    რუბრიკით “სუეტნი საგაზეთონი”, წიგნში მოცემულია “ქართული სოციალური კლიმატის კონცეპტუალიზაციის ირონიული” და არც მთლად ირონიული ცდები. პირველ რიგში, ესაა ტონუსისმომცემი “ქრთამწაღებულნი” (2002 წ.), გარდა ამისა, მწარედ დამაფიქრებელი “ინტელიგენტ-ინტელექტუალთა ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” (2003 წ.), და ბოლოს, ჩემივე სოხუმური წარმომავლობის გამო პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი “იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები” (2005 წ.), რომელიც პირველად ზურაბ კიკნაძის სარედაქციო კრებულში “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” დაიბეჭდა. ამ მასალაში სოსო ტაბუცაძე არა მარტო როგორც ლიტერატორი, არამედ ჩვენი მრავალწახნაგოვანი სოციუმის წევრი, ჩვენივე თვითცნობიერების გამოახალგაზრდავების, გათანადროულების ტენდენციის ქომაგად გვევლინება: “…რაღაცა კი ნამდვილად გავიდა, მაგრამ ქართული თვითცნობიერება ისევ ძველ რეჟიმში მუშაობს და კვლავაც მითოლოგიზებით და მითოსის წარმოქმნით არის დაკავებული”. ორიგინალური აზრი ნამდვილად არ არის. იგი ჩვენს “პოტომაკდალეულებს” (ვაშინგტონში ჩამომავალი მდინარეაო – გვიხსნიან) ეკუთვნის. ყველა მათგანი მეტ-ნაკლები ინტენსივობით იღვწის მის პრაქტიკაში განსახორციელებლად, რაც მავანთა გაღიზიანებასაც იწვევს, მაგრამ ასე თუ ვიმსჯელებთ, არც “თერგდალებულების” მოსწონდა რაიმე ჩვენს ბრწყინვალე თავადაზნაურობას, რომელიც თვალსა და ხელს შუა, მიუხედავად საბჭოურ-რუსული ჩანაცვლების ოპერაციებისა, “ჩვენს ძველ და მუდამ ჩვენთანა მყოფელ ინტელიგენციად” იქცა. სწორედ სიტყვის ასეთ ხვეულებში იმალება არც თუ უსაფუძვლო სევდა. ძნელია არ დაეთანხმო წერილის ავტორს. ქართული საზოგადოების “ნარცისისტული ინდივიდუალიზმისა” და “რეპრესიული კოლექტივიზმის” გამოვლინების არსებობაში, რასაც მრავალმხრივ გახლეჩილი (თუ “გაჩეჩილი”) საქართველოს ურთიერთსაპირისპირო მხარეს მდგარი სუბიექტები ავლენენ. ერთი რამ ცხადია: “თუ რამე გადმოჰყვათ ახალ ინტელექტუალებს ძველი ინტელიგენციისაგან, ესაა სამოქალაო სიზარმაცე და “შინაგანი ემიგრაციით” ნეტარება”… დამეთანხმებით, ალბათ, ცოცხალი აზრია, რომელსაც, მჯერა, თანდათან ქვის ლოდს დამიზნებული წყლის წვეთის ძალა მიეცემა.
    ამავე წერილში ერთ ძალზე საგულისხმო და ნაადრევად მოძველებული სქემაა წარმოდგენილი, გია ნოდიას თავის წერილში – “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები საქართველოში: პარადიგმის ცვლა?” – რომ წარმოუდგენია. მასში, “ძველი ინტელიგენციის ტიპურ ინსტიტუტებთან, ტრადიციულ აკადემიურ დაწესებულებებთან, შემოქმედებით კავშირებთან, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ ჟურნალ-გაზეთებთან, დოტაციურ ხელფასებთან და რუსულ ენასთან” მიჯაჭვულობაა ასახული; მაშინ, როდესაც იქვე “ახლები” თურმე არასამთავრობო ორგანიზაციებსა, ახალ საბაზო პრინციპებზე დამყარებულ მედიასთან და ინგლისურ ენასთან” არიან ასოცირებულნი. იმას, რომ ვერანაირი სქემა ვერ იქნება უნივერსალური, მით უფრო, როდესაც საქმე საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს ეხება, თავად სოსო ტაბუცაძის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, წიგნების ტრადიციულ კითხვასა და კომპიუტერომანიას, რუსულსა და ინგლისურს შორის გაბმული ლიტერატორის პირადი მაგალითიც ადასტურებს.
    “ლიტერატურულ სექტას”, რომლის წევრებიც ლიტერატურის წვდომას, მხატვრული ტექსტის “კოდირება-დეკოდირებას”, მასზე რეფლექსირებას, “წიგნებიდან წიგნის კეთების” ტკბილ-მწარე გამოცდილებათა შეძენას პრაქტიკულად მთელ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან, ვფიქრობ, სჭირდებოდათ, “უბრალო დამატებით”, როგორც კონტრაბანდული საქონლით, შემოპარებული მაჟორული განწყობილება. ამ წიგნმა ეს უდავოდ შეძლო. თუმცა, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკაში ვაპირებდი მის შეტანას და საამისოდ სათანადო ფურცლის გამოწერა მჭირდებოდა, კარისკაცმა სოსო ტაბუცაძის ოპუსების კრებული რატომღაც საგულდაგულოდ შეათვალიერა. დაინახა თუ არა ცარიელი მაგიდა (გარეკანი გურამ წიბახაშვილის მიერაა გაფორმებული), განსაკუთრებით კი უცნობი კაცის დაძაბულად მომზირალი თვალი, იკითხა: “რისი უბრალო დამატებაა ეს?” ვერაფერს იტყვი, უტყუარი ალღოთი იგრძნო, რომ საქმე საეჭვო კაცის მიერ დაწერილ საეჭვო წიგნთან ჰქონდა.

    2009 წ. ქობულეთი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    მარიამ წიკლაური – ლექსები

    ოქროს თევზი

    ეი, მეთევზევ, სცადე ერთხელაც,
    იქნებ, დღეს მაინც ამოვყვე ბადეს.
    რა იცი, ეგებ ოქროს თევზი ვარ,
    გცდის იღბალი და ფეხდაფეხ დაგდევს.
    მიდი, უფრო შორს ისროლე ბადე,
    ნაპირთან ახლოს არ მიყვარს ცურვა.
    ნატვრის წამია! ახლა დამიჭერ!
    მელი და გულში კიდევაც გძულვარ.
    იცი, რად მიღირს, მეფურ სურვილებს,
    ჩემი ძალა და ნება ვაკმარო?
    ეი, მეთევზევ, ერთხელაც სცადე,
    ფეხქვეშ გაგიგო ეგებ სამყარო.
    მაგრამ გაშინებს სიღრმე და ვიცი,
    ლუკმა იშოვო – ბევრია ეგეც!
    გაუტეხელი ფიცივითა ვართ –
    ერთმანეთს დღემდე ვერაფრით ვერგეთ.
    წყევლაა – მსურდეს, ეგ სიღატაკე
    გიქციო ხელში ჯადოსნურ კვერთხად,
    შენ კი კოჭამდე წყალში იდგე და
    ერთი სამეფო სურვილიც ვერ თქვა.
    მე სასახლეებს ოქროთი ვავსებ,
    ვახშმად რომ გექცე, სადა მცალია?!
    შედი, მეთევზევ, შედი თამამად,
    სადაც უფსკერო ლურჯი წყალია.
    ისროლე ბადე! ღმერთს ასე უნდა,
    ნატვრა გასწავლო, სანამ ვარ ახლოს.
    ოქროს თევზი ვარ! ოქროს თევზი ვარ,
    არ შეცდე, ხელი არაფრით მახლო!
    ბადეს თავადვე ავცდები დღესაც,
    ყველას ვუსხლტები ხელიდან მარჯვედ,
    რადგან ღვთის თვალი ზღვის სიღრმეშიაც
    ასი ათასი თევზიდან მარჩევს.
    ან იქნებ მე ვარ… მე – მებადური,
    შენს მოხელთებას თავად ვაპირებ
    და ჩემთვის შენ ხარ ის ოქროს თევზი,
    ბადით ხელში რომ ველი ნაპირზე?

    დედები ადრე დგებიან დილით

    დედები ადრე დგებიან დილით.
    ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს,
    რომ გაამართლონ უსიზმრო ძილი,
    დაღლილ თვალებს რომ ვერაფრით აგნებს.
    დედები ადრე დგებიან დილით,
    აღებენ ცას და ორპირში დგანან,
    ანიავებენ დასაფქვავ ტკივილს
    და მოჩვენებებს მიჰგვანან თავად.
    დედებმა ზუსტად იციან ისიც,
    რომ მარტოობა დააქვთ მუცლებით,
    და არ აჩენენ ქმარ-შვილის შიშით
    და სიკვდილამდე უხმოდ უძლებენ.
    თეთრი იის რძე დასდით კერტიდან,
    საბრალო დედებს ცრემლებიც რძის სდით,
    ცეცხლი გადმოდის მათი მკერდიდან
    ტკივილებისგან გულები მისდით.
    დედებს ყველაზე მეტად სწამთ ღმერთის,
    ყველაზე მეტი ცოდვების გამოც.
    ფსალმუნებივით კითხულობს ქმარი
    იმათი თბილი სხეულის კანონს.
    არც ასაკი აქვთ წლებით მოფენილთ,
    შემოიხვევენ გრიგალს ლოდივით,
    ზედ დაიდგამენ სახლის ობელისკს,
    უღალატობით შუბლს იბლონდავენ.
    დედის ფიქრების გაფოთლავს სურო
    სამყაროს, მაგრამ არ იცის არვინ,
    რატომ დგებიან დედები ადრე
    და ლექსებს წერენ ჩუმად და მალვით.
    დედები ადრე დგებიან დილით.
    სიყვარულის და ომის ბატონებს
    არ უყვართ ხოლმე დედების ძილი,
    როგორც სიმშვიდე – ვნების ფანტომებს.
    ბედნიერების ალღო აქვთ მაინც,
    ძელქვებად დგანან სამყაროს ბაღში
    და სიკვდილამდე ელიან რაინდს,
    ვისგანაც სურთ, რომ გაუჩნდეთ ბავშვი.
    და იქცნენ დედად, ბოლოსდაბოლოს,
    და დაილიოს მდინარეც ზღვასთან.
    რად ეჩვენებათ დედებს, რომ მათი
    ბედნიერება დარჩა სულ სხვასთან?
    ნაბიჯს თამამად ადგამენ მაინც,
    ზოგი ზეცაში ფრენასაც ბედავს.
    კაცს ეგონება, ღმერთს უთანხმებენ
    ცხად-სიზმრის ყველა წვრილმანს და დეტალს.
    დედები ადრე დგებიან დილით,
    ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს.
    დედობისათვის არც ახსოვთ, თითქოს,
    თავისი თავი რა უცებ დათმეს.
    აფათურებენ დაძარღვულ ხელებს,
    რომ მიაკვლიონ გულს თავის თავში.
    საკუთარ თვალთა ნათელზე წერენ
    ბნელშიც, გრიგალშიც, ომებშიც, დარშიც..

    მე კი ვეკიდე ჩემსავე სულზე

    გაწვიმდა…
    ბოლოს იჭექა კიდეც.
    ელვამ სინათლით ამივსო თვალი.
    ჩემსავით შეცდა ეს შემოდგომა
    და გაზაფხული ეგონა თავი…
    წვიმდა და წვიმის ნაცნობი სუნი
    ავსებდა ფიქრებს,
    ოთახებს,
    ქუჩებს
    გრგვინვით გალობდა თითქოსო გუნდი,
    მე კი საბრალოდ ვაღებდი ტუჩებს
    და ხმა, რომლითაც შენთვის მინდოდა,
    მეთქვა, რაც მითხრა შენს გამო გულმა,
    ყელიდან არც კი ამომდიოდა,
    რადგან ჩემამდეც ათასჯერ თქმულა…
    წვიმდა ტირილით.
    და შემოდგომას
    თავი ეგონა ზაფხულზე მძლავრი.
    მე კი ვეკიდე ჩემსავე სულზე,
    როგორც ქავისკარს – მოჭრილი მკლავი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  ხსოვნა

    თეა თოფურია – ორი ჭილაძე

    ოთარ ჭილაძეს პირადად არ ვიცნობდი, სხვა თაობა იყო. ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა, ბოლო დროს – თითქმის აღარ, შესაბამისად, მისი ხასიათი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მის წიგნებს ვკითხულობდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი პესიმისტია ან პირიქით, ძალიან მამაცი, რადგან შეუძლია რეალობას პირდაპირ შეხედოს, დეტალურად აღწეროს, შეულამაზებლად წინ დაგიდოს და ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ცხოვრება ასეთია, ცუდიც და გაგრძელებადიც. მე ყველაფერს ვერც ვკითხულობდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.
    ყველა მწერალს გარკვეული ხასიათის პერსონაჟები ჰყავს, ჭილაძის თემა ბედისგან დაჩაგრული და რაღაცნირად საცოდავი ადამიანები იყვნენ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ოთარ ჭილაძე ძალიან გავს რეზო ინანიშვილს, არა თავისი წერის მანერით, არამედ, განწყობით, ორივეს უყვარდა და ეცოდებოდა ადამიანები და მუდმივად ამაზე წერდნენ, ადამიანური ცხოვრების უსაშველო სევდაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭილაძის ყველა წიგნი ამ უსაშველობიდან გამოსავალის ძიება იყო – რომელსაც ვერ პოულობდა და მის ძებნაში წიგნს წიგნზე წერდა. ოთარ ჭილაძე ბოლომდე ასეთი დარჩა, მოუშორებელი სევდით.
    თუმცა არსებობდა კიდევ ერთი ჭილაძე, პოეტი და არა პროზაიკოსი. მის პოეზიაში არასოდეს არ იყო სიმძიმე. სწორედ პოეზიაში დარჩა ის მუხტი, რომელიც მის პროზას არა აქვს, თითქოსდა სხვა ადამიანმა დაწერაო. ჭილაძის ლექსები იმდენად მართალი და მარტივად გადმოცემულია, რომ ყველა თაობისთვის მისაღები ხდება. იმ სიტყვებს, იმ ფრაზებს, რომელიც ამ ლექსებში ყველა თაობის ადამიანები ამბობენ.
    და ის რეალობაც, რომელიც ჭილაძის პროზაშია, ისევ ყველა დროის რეალობაა, რადგან ჭილაძე წერდა ადამიანის ისეთ მთავარ თვისებებზე, რომელიც ყველა თაობას ახასიათებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა

    – შენი დედის დუმები… – დაიღრიალა “კაპოტში” წელამდე ჩამძვრალმა მურთაზამ. არადა გიორგი ქვია ამ ჩემისას და მურთაზას რატომ ეძახიან არ ვიცი. ყოველთვის ტაოტით არის მოთხვრილი, წელზევით 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შიშველია, ოღონდ ამას რომ მიხვდე, რამდენჯერმე უნდა ნახო. ისეთი დაბანჯგვლულია გეგონება ჯემპრი აცვიაო. ერთხელ თუ შეცდი და მურთაზასთან მოიყვანე მანქანა გასაკეთებლად, მერე სხვასთან ვეღარ წახვალ. ესეა რა. მართლა ესეა. წახვალ სხვაგან და “რული” მაინც მაგის “პროფილაქტიკისკენ” გაგექცევა. ესეა და მომკალი თუ გინდა. თავი ამოწია და მეუბნება:
    – როგორ “საპოჟნიკივით” ვიგინები არა?
    პასუხად მხოლოდ გავიცინე. აბა რა უნდა მეთქვა. ბავშვობაში მიმქონდა ხოლმე ფეხსაცმელები გასაკეთებლად (“გაჭირვების წლებში”). ჰოდა ის კაცი კიდევ მუნჯი იყო და არც იგინებოდა, არც ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და საქმეს რომ მორჩებოდა, თითებით მარტო თანხას მაჩვენებდა. ერთი ხის “ბუტკა” ჰქონდა და იქ იჯდა სულ, ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე შაბათ კვირის გარდა. კედელზე მარტო სტალინის სურათი, 1950-ში გაცემული სერტიფიკატი თუ ლიცენზია და საბრინას დიდი პლაკატი ეკიდა. ეგ იყო და ეგ. 14-ის რომ გავხდი მაშინ მოკვდა და იმის მერე აღარც “საპოჟნიკი” მინახავს და ფეხსაცმლის ლანჩიც პირს აუშვებს თუ არა ზურიკოსთან მივარბენინებ.
    ზურიკო კიდე პატარა ინვალიდი ბიჭია. დამინახავს თუ არა, რაც არ უნდა შორს იყოს, დამეწევა და მეტყვის: “გამარჯობა ვახო”. ჰოდა სანამ გამარჯობასვე არ დაუბრუნებ, ჩაიხვევს და აღარ მოგშორდება. საწყალს, ეტყობა ჰგონია, რომ ვერ გესმის, არც მოგეშვება სანამ არ უპასუხებ, “გამარჯობა ზურიკო”. მერე გაწითლდება და აუცილებლად გთხოვს ძველ ფეხსაცმელს, ჰოდა თუ ძალიან შია, კიდევ უფრო გაწითლდება და ხურდასაც გთხოვს. მოკლედ, ჩემი შელახული და ხანდახან უბრალოდ მობეზრებული ფეხსაცმელების უმრავლესობას მერე ზურიკო უთავებს ხელს.
    – აჰა, ვსო, ამის მერე შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! – მითხრა მურთაზამ და ტრადიციისამებრ ტილოთი შეიწმინდა ხელები. თან კმაყოფილი სახით დაეპატრონა ჩემს უკანასკნელ 50 ლარიანს და მორიგ მანქანაში ჩაძვრა თავფეხიანად. მურთაზა იმ ქალის საყვარელია, 15 წლის ასაკში რომ “გამრყვნა”. ეხლაც არ მესმის ამასთან როგორ წვება, მაგრამ ის მიმტკიცებდა, ჩემთან რომ მოდის, არც ტაოტიანია და არც ბენზინის სუნად ყარსო. მომკალი და არ მჯერა, მაგრამ გინდაც დავიჯერო, ბანჯგვლებს რაღას უზამ? მაინც არ მესმის ქალების და რა ვქნა. ჰოდა მურთაზა ყოველთვის იმას ყვება ყველა კლიენტთან ვინ, სად და როგორ გაჟიმა. თან ისე ხატოვნად ყვება, წერა რომ იცოდეს, ალბათ პორნოლიტერატურის მეფედ აღიარებდნენ. არადა მე ზუსტად ვიცი, რომ მურთაზას ძალიან პატარა პენისი აქვს და მარტო ორ ქალთან წევს – ცოლთან და საყვარელთან. ეს ორიც ძალიან ძვირი უჯდება, პრაქტიკულად მთელი ქალაქის მანქანების შეკეთება. ზატო ფანტაზია აქვს, შეგშურდება. კაცების უმრავლესობა ესეა, რაც უფრო პატარა აბია და რაც უფრო ცოტასთან წევს, მით უფრო მეტი აქვს “მოსაყოლი”. საქართველოა რა. სად გაექცევი. ისე მგონია ხოლმე ქართველებმა “კარგი სუფრა” და “სტუმარ-მასპინძლობა” მარტო იმიტომ ვიცით, რომ ღვინოში ჩაძირულებმა საკუთარი ნაკლოვანებები დავივიწყოთ და რამდენიმე საათით მაინც დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაზე მაგრები ვართ.

    ჰო, ნუ რაც არ უნდა იყოს, მე ალბათ ვერასოდეს მივხვდები იმ დღეს რატომ გადავუხვიე იმ ქუჩაზე, სადაც 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში, წვიმიან და ქარიან ღამეს, 40 წლის კარგად შენახულმა ქალმა ვაჟიშვილობა წამართვა. მგონი უბრალოდ “რული” გამექცა. რა მინდოდა მურთაზას საყვარელთან? ან რა საქმე მქონდა? აბა მე რა ვიცი.
    მაშინდელივით დავრეკე ზარი და მაშინდელივითი სააბაზანო ხალათში ჩაცმულმა ქალმა გამიღო კარი. განსხვავება ის იყო, რომ ის უკვე 49-ის იყო, მე კი – 24-ის. კიდევ ის, რომ მას საერთოდ აღარ სურდა ჟიმაობა, მე კი არც მაშინ მივსულვარ მაგ მიზნით და არც ახლა. მოკლედ გააღო და მკითხა:
    – რისთვის მოხვედი?
    – შემომიშვებ?
    საპასუხოდ ხალათი გაიხსნა. მაშინაც ესე ქნა, ოღონდ მაშინ მე დაბნეული ვიდექი და არ მითხოვია შემომიშვი-მეთქი, თვითონ დამითრია. შევედი.
    – შეიკარი რა.
    – რატომ აღარ მოგწონს ჩემი ტანი? ძუძუები მომეფლაშა ხო?
    – შეიკარი! – ახლა უკვე მკაცრად ვუთხარი. შეიკრა. რო ეკითხა რა გინდაო, არ ვიცი რას ვუპასუხებდი. არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ მივედი.
    – ყავას დალევ?
    – კი – მოკლედ ვუპასუხე. დაადგა ჩაიდანი. მე არ გავყევი სამზარეულოში.
    – ნინ, მურთაზი მოვა? – ზუსტად ისე გავძახე როგორც ცხრა წლის წინ, როცა შემიყვარდა და როცა მეგონა, რომ შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა.
    – არა, აღარასოდეს აღარ მოვა.
    გავშრი. ეხლა მივხვდი რატომაც იყო ასე.
    – ნინ!
    – ჰო!
    – კარგი არაფერი.
    – გინდა? – ისევ გაიხსნა ხალათი.
    – არა ნინ, აღარ მინდა.
    – მაშინ გინდოდა – მითხრა და ცრემლები წასკდა.
    – ნინ, ეგ 9 წლის წინ იყო – იდიოტობა ვთქვი, მაშინვე მივხვდი. აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში ჩაიდანი კიოდა. მე სკამზე ვიჯექი ძველ, გახუნებულ, მრგვალ მაგიდასთან, ის კიდევ იატაკზე ჩახვეტილიყო, სახე ხელებში ჩაემალა და უხმოდ ტიროდა. მე კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც. მაგრამ არ შემეძლო. გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ წავედი. ალბათ “რული” მურთაზას “პროფილაქტიკისკენ” გამექცეოდა და ალბათ მაგიტოც ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ გაფუჭდა.
    არადა მისთვის მინდოდა მეთქვა: “ნინ, შენ არ იყავი ბოზი, არც ეხლა ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. შენ უბრალოდ მართლა გიყვარდა ყველა ვისთანაც იყავი. შენ მეც გიყვარდი და მურთაზას მარტო იმიტომ უწვებოდი, რომ ჩემთვის მერე რაღაცეები გეყიდა, კიდევ იმიტომ, რომ სკოლას რო ვაცდენდი, შენთან მოვსულიყავი და შენ სითბო, საჭმელი და დასალევი დაგეხვედრებინა. კიდევ იმიტომ, რომ ყოველ დილა ჩემთვის სიგარეტის ფული მოგეცა, რომ სხვებივით ბუჩქის ძირას ჭაჭის არაყი კი არა “ნემიროვი” დამელია, თანაც შენტან სახლში. კიდევ იმიტომ, რომ დაბადების დღეზე სხვებივით მეგობრებისთვის ჭიქები კი არა, ის მიმეტანა, რაც მართლა გულით უნდოდათ. ჰო ნინ, ესე იყო, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჰოდა ნინ, დღეს მურთაზა ჩემს მანქანას რომ აკეთებდა, მიყვებოდა როგორ გჟიმავდა, მიყვებოდა ნინ და ის არ იცოდა, რომ მის პატარა პენისზე ჩვენ 9 წლის წინ ვღადაობდით. ჰოდა ნინ, მე მინდოდა რო მურთაზა მომეკლა. ნინ, შენ ბოზი არ ხარ, არც ყოფილხარ არასოდეს. უბრალოდ ეს ბოზები შენ გეძახდნენ მეძავს. ვინ უფრო დიდი ბოზია ნინ, მურთაზა თუ შენ? იმას ცოლი ყავდა და შენთან დადიოდა, შენ კიდევ არავინ არ გყავდა, სულ არავინ და მარტო იმიტომ ხარ ბოზი, რომ სხვებივით გშიოდა და გციოდა? ნინ, არ იყო რა ცუდად. მე მართლა მიყვარდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო…”
    მერე მე მურთაზასთან მაინც გამექცა “რული”. ხელიც გამექცა და ორი კვირა იწვა რეანიმაციაში, თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, თუ როგორცაა. მერე ყველას ეგონა რო იმიტომ ვცემე, რო მანქანა არ გამიკეთა კარგად. თვითონაც ესე ეგონა. მერე მკითხა კიდეც სასამართლოში: “კარგი ჰო, მანქანა სპეციალურად გაგიკეთე ცუდად, რო მალე გაფუჭებულიყო და ისევ ჩემთან მოსულიყავი, მაგრამ მაგის გამო მოსაკლავად გამიმეტეო?” რა უნდა მეთქვა, რას გაიგებდა, მურთაზა იყო რა, ბანჯგვლიანი, ტაოტიანი და ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ლოგინშიც ბენზინის სუნად ყარდა. ან რა მაგის ბრალია რო ესეთია. მაშინ, ნინს რო ვასაფლავებდი მარტოდმარტო, მაშინ მაინც რო მოსულიყო და ერთი ცრემლი გადმოეგდო, არაფერს ვეტყოდი, ზუსტად ვიცი, არაფერს. ისიც ვიცი რო უაზრობა იყო მაგის ცემაც, მურთაზაა რა, მაინც ვერ გაიგებს, მურთაზად მოკვდება!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ეგზისტენციალური მეტამორფოზები

    სისულელეების ლაპარაკზე დროს არ ვხარჯავო, გავიცანი თუ არა მაშინვე ეს თქვა. ყოველშემთხვევაში იმ საღამოს მიწისქვეშა გადასასვლელიდან პირდაპირ მამაჩემის ორ სართულიან აპარტამენტებში რომ მივიჩქაროდით, მასთან ლაპარაკისას მხოლოდ ეს დამამახსოვრდა. მე მაკლერი ვიყავი იმ დროს, ეხლაც ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ალბათ შვილი თუ ოდესმე მეყოლება, სტანდარტულ ბიოგრაფიაში დაწერს – მამა: მოსამსახურე, და თუ დედა ეყოლება, ისიც სავარაუდოდ ასე ჩაიწერება – დედა: დიასახლისი. რაში მაინტერესებს ახლა ჩემი შვილის ბიოგრაფია, სულ ფეხებზე არ მკიდია? მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დღემდე მიაჩნია რომ დავალებულია ჩემგან, რაკიღა თვითმკვლელობა გადავაფიქრებინე, მთხოვა ნათელი მომეფინა კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უკანასკნელი ყველაზე უცნაური მოვლენისთვის, რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ზოგი ცხვირის, ზოგი თვალის, ზოგი ხელის, ზოგიც სასქესო ორგანოს გარეშე. ეს იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი, უცნაური და ამოუხსნელი კატასტროფა, რომელიც დღემდე ვერ აუხსნიათ ფართო მასებისთვის, ის კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც პიკეტირებენ უცხვიროდ, უხელოდ, უთვალოდ და ვინ მოთვლის კიდევ სხეულის რომელი ნაწილის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ეგ კი არა, რომელიღაც ქვეყანაში რევოლუციაც მოუწყეს მთავრობას გინდა თუ არა პლასტიკური ოპერაციის ფული დაგვირიგეთო. ბოდიშს გიხდით თუ ოდნავ არეულად ვლაპარაკობ, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პირველად ხდება ნაწერში რაღაცის დალაგებით მოყოლა რომ გადავწყვიტე.
    მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძალიან მთვრალი, დაღლილი და გასაცოდავებული, ერთ ჩემნაირს გადავაწყდი მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელმაც ჯვარედინი შარდვისას გამიმხილა სახლი არ მაქვსო. სად მქონდა ტვინი, ჰოდა წავიყვანე სახლში, ჩემთან. კიდევ კარგი მამაჩემს არასოდეს შეპარვია ჩემს ორიენტაციაში ეჭვი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, დილით ოთახში ნაბახუსევი, თმაგაბურძგნული და არც თუ ისე სასიამოვნო სუნის მქონე მამაკაცი რომ დაინახა. მოკლედ, მეორე დღესაც ჩემთან დავტოვე, ისე მქვიაო მითხრა, ზრდილობის გამო ვკითხე, თორემ რა ტრაკში შავ ქვად ვიჩრიდი მაგის სახელს. ჰოდა საღამოს კიდევ დასალევად რომ ჩავსხედით, ატყდა მე ღმერთი ვარო. ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. არადა არ უნდა ყოფილიყო ძალიან მთვრალი, მაგრამ რას გაიგებ, ზოგს ერთი ჭიქა ჰყოფნის, ზოგს ერთი ბოთლიც არა. ვიფიქრე სუსტი პარტნიორი შემხვდა-მეთქი, მაგრამ დაეჭვება რომ შემატყო, მითხრა: აი ნახე, მე იმდენად შემაწუხა თქვენმა წუწუნმა გადავწყვიტე დილიდან ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, სხეულის ნებისმიერი ნაწილი უმტკივნეულოდ და ძალიან მარტივად მოიხსნას და მის ნაცვლად სხვა დაიყენოს, ანდა სულაც ითხოვოს მეგობრისგან როგორც ტანსაცმელი. რატომღაც, ამდენი ხანია ადამიანებს თავი ჩემზე ჭკვიანი ჰგონიათ, ჰოდა აჰა, ვაძლევ იმას, რაც უნდათ, იქნებ მაშინ მაინც სცენ პატივი ჩემს გადაწყვეტილებებსო. მე არ შევიმჩნიე, ეხლა მთვრალი კაცი რას არ იტყვის, არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა უგონოდ რომ დავმთვრალვარ და მაგალითად, ბანკეტზე ისტორიის 84 წლის მასწავლებელს სიყვარულიც ავუხსენი, მკერდის ზომაც შევუქე და აბაზანაშიც ვუპირებდი წაყვანას, მაგრამ ვიღაც მადლიანმა კლასელმა, თავზე ბოთლი გადამამტვრია და გადავრჩით, მეც და ჩემი ისტორიის მასწავლებელიც. მოკლედ რაც არ უნდა უცნაურად მომჩვენებოდა ეს ამბავი, და რისთვისაც არ უნდა დამებრალებინა, ფაქტი იყო, რომ დილით ერთი ჩემი მეგობარი მომადგა და სიამაყით მიჩვენა თავისი ახალი ცხვირი.
    მართლა ვამბობ, არაფერი მიფიქრია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემს უცნობ სტუმარს აღარასოდეს გაუმეორებია ღმერთი ვარო, სმაც აკრძალა და ვიყავით ასე, მარიხუანას ვაბოლებდით შიგადაშიგ. მოკლედ ვუსაქმურობდით. კუთვნილი შვებულების გამოყენების არც თუ ისე სახარბიელო ვარიანტი იყო, მაგრამ ასე მოხდა და სიმართლე ვთქვა მსიამოვნებდა კიდეც ჩემს ოთახში უცნობ კაცთან ერთად ჯდომა და შიგადაშიგ ცხვირ, თვალ, ხელ და ფეხ გამოცვლილი ხალხის ყურება. სამყარო შეიშალა, ერთ დილით ლანა ამომადგა, ნახე ჟანას ლურჯი თვალები ვეთხოვეო. ჩემმა მეორე მეგობარმა ვიღაცისგან პენისი ითხოვა. მოკლედ გადარეული დარბოდა ხალხი, მეც ვცადე ერთხელ, გამოვტყდები და ცხვირი მოვიხსენი, მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო, საერთოდ უმტკივნეულო იყო, დაახლოვებით ისეთი, დიდი ხნის ხმარების შემდეგ ბეჭედს რომ წაიძრობ ხელიდან. მოკლედ ფაქტი იყო და აღარაფერი ეშველებოდა, ყველაფრის მოხსნა და დაყენება შეგეძლო სხეულზე ისე, როგორც გინდოდა. სამი დღის შემდეგ ხმა გავარდა, მეორადი ორგანოების ბაზრობა გაიხსნაო. გაჭირვებულ ხალხს ეშველა, მიდიოდნენ და აბარებდნენ ცხვირს, თითს, თვალს, ყველაზე ძვირად მამაკაცის დიდი სასქესო ორგანოები ფასობდა თურმე. ჩემი გაჭირვებული მეზობლების ერთმა ხუთკაციანმა ოჯახმა ორი ხელი დაიტოვა ხუთ კაცზე, დანარჩენი კი გაყიდა. ორი ხელიც გვყოფნისო, მიმტკიცებდა რობერტა ძია. ერთ დილით ჯორჯიც ამომადგა და თითები მათხოვეო მთხოვა. ვიღაც ტრაკშიპეროგარჭმულ გოგოს ხვდებოდა თურმე და იმას კიდე გართულება ჰქონია ლამაზ თითებზე. ერთადერთი რამ მება ლამაზი – თითები იყო, აბა მაგას როგორ ვათხოვებდი, მგონი საშვილიშვილოდ ვაწყენინე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ვერანაირად ჩავებმებოდი ამ სიგიჟეში.
    და მაინც, ყველაზე ძალიან ტატო შემეცოდა. ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. საკუთარი მაღალრეიტინგული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა ჰქონდა და ამბობდნენ, კარგი ხელი აქვსო. ერთ დღეს ეს ყველასგან დაფასებული და წარმატებული ქირურგი ამომადგა, ხელში საკუთარ ყურს ათამაშებდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა. დავიღუპე, რაღა მეშველება, ხალხი ისე იცვლის ორგანოებს, რაღა საჭირო ვარო მე. გადავწყვიტე თავი უნდა მოვიკლა, რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებასო. საცოდავი შესახედავი იყო. არც მენახა ასეთ მდგომარეობაში. ის კი არა, მაშინაც არ ყოფილა ასეთი საცოდავი, თავის ცოლს რომელიღაც დანასისხლად გადაკიდებულ კოლეგა ქირურგთან რომ შეასწრო, რომელიღაც კონფერენციიდან მოულოდნელად ნაადრევად ჩამოსულმა. მე და ჩემმა ახალმა მეგობარმა ძვლივს გადავაფიქრებინეთ. გარდა ამისა, იმ ყოჩაღმა, ვისზეც სამართლიანად ვფიქრობდი ამ ყველაფრის თავი და თავი უნდა ყოფილიყო, რჩევებიც მისცა, ერთი კვირა მოიცადე, რაც შეიძლება მეტი ორგანო იყიდე და ცოტა ხანში ათასჯერ მეტად წარმატებული იქნები, ვიდრე აქამდე იყავიო. მოკლედ, რატომღაც დაგვიჯერა, შეიძლება იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ ეხალისებოდა თავისი გაძაღლებული ცხოვრების დათმობა. ყური თავის ადგილას დაიყენა და თვალის ტრიალს მოჰყვა თითებში, ისე წავიდა. მოკლედ, ერთი კვირა გაგრძელდა სადღაც ეს სიგიჟე და ბოლოს იმ მართლა ღმერთს თუ ღმერთობის კანდიდატს მობეზრდა ეს ყველაფერი და ჰაშიშისგან გაგუდულმა მითხრა, ხვალ ამ ყველაფერს დავამთავრებ და წავალო.
    გული არ დამწყვეტია, დილით მართლა ამომადგა ატირებული ჟანა, ლანას ჩემი ლურჯი თვალები ვათხოვე ერთი კვირის წინ და ვეღარ იხსნის რო დამიბრუნოსო. ერთი ჩემი მეგობარი გახარებული მიყვებოდა როგორ ითხოვა ვიღაცისგან 22 სანტიმეტრიანი პენისი და როგორ ვეღარ უბრუნებდა. სამაგიეროდ ქალაქში გაჩნდა უცხვირო, უთვალო, უხელო, უფეხო ადამიანების არმია, ზოგსაც აშკარად სხვისი ჰქონდა ყველაფერი. ერთი კაცი შემხვდა, საერთოდაც ზანგის ხელები ეყენა. დილით ის ჩემი ახალი მეგობარი საწოლში ვეღარ ვიპოვე, ბარათი დაეტოვებინა. ნამდვილად პირადი იყო და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მის შინაარსს, მაგრამ ხელმოწერის ნაცვლად ეწერა: ”მარად შენი ღმერთი”. ასე იყო ეს ამბავი. მეორადი ორგანოების ბაზრობა დაიხურა, ტატო კი იმაზე ბევრად მდიდარი იყო, ვიდრე უწინ. მე კვლავ ძველი საქმიანობა განვაგრძე და ძალიან მსიამოვნებდა, როცა ჩემი ახურებული უფროსის ორ განახევრებულ ძუძუს ვუყურებდი. დისთვის უთხოვებია და შერჩა ასე. სამი ზომით პატარები. მართალია უფრო გაანჩხლებული იყო, მაგრამ მე მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან იმით მაინც ვაჯობე, ყველაფერი საკუთარი რომ მება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

    შოთა იათაშვილი – პათოსისა და არტისტიზმის გარეშე


    “სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
    და ტელეფონებს…… ყველაფერს სძინავს.
    მე აღარ მიყვარს, აღარ მაკვირვებს
    რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ.

    რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ,
    ის უკვე ცაში ვარსკვლავად ბრწყინავს.
    სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
    და ტელეფონებს… ყველაფერს სძინავს.”

    დაწერს 27 წლის ოთარ ჭილაძე 1960 წელს. დაწერს თითქოსდა ორსტროფიან პატარა უვერტიურას იოსიფ ბროდსკის სახელგანთქმული ლექსისათვის “დიდი ელეგია ჯონ დონს”, რომელიც სამი წლის შემდეგ უნდა დაიწეროს, და ეს მძინარე “ყველაფერი”, ეს მძინარე სამყარო დაკონკრეტდეს: კედლებში, იატაკში, ლოგინში, ნახატებში, ბოთლებში, ჭიქებში, პურში, პურის დანაში, მთელ სახლში გაჯდეს ეს ძილ-ბურანი, გაჯდეს სახლგარეთაც: თაღებში, ქვაფენილებში, სატუსაღოებში, ციხესიმაგრეებში… გაჯდეს ცოცხალ არსებებში: კატებში, ძაღლებში, ადამიანებში, მათ შორის პოეტ ჯონ დონში… მეტიც: ჯოჯოხეთსაც ეძინოს და სამოთხესაც, ღმერთსაც ეძინოს… 24 წლის ბროდსკი ამ ლექსში პირობითად ლონდონს კი აღწერს, იმ ლონდონს, რომელიც ჯერ არც კი უნახავს, ჭილაძე კი ალბათ თავის თბილისს, მაგრამ გლობალური ძილის ეს განცდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ორი განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პოეტისა, ნამდვილად არაა შემთხვევითი. და ეს ხდება მაშინ, როცა დასავლეთში სულ სხვა პოეტური აღქმებია. როცა მთავარ პოეტურ ინტონაციად ისტერიკა მკვიდრდება, როცა ალენ გინსბერგი “ყმუილს” წერს და ამტკიცებს, რომ სამყარო საბოლოოდ გაგიჟდა, შეიშალა, და რომ სიმშვიდეზე, ავ თუ კარგ ძილზე ოცნებაც კი ზედმეტია…
    მსგავს პოეტურ განწყობილებათა იდეოლოგიზირება და პოლიტიზირება ხშირად საკმაოდ ზედაპირული და გამაღიზიანებელიც კია ხოლმე და არც მე ვაპირებ თავი შეგაწყინოთ იმ ბანალური ახსნა-განმარტებით, თუ რატომ უნდა დაენახა საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ ორ ახალგაზრდა პოეტს (სხვათაშორის, ჭილაძე ერთადერთი ქართველი პოეტია, ვისი ლექსებიც ნათარგმნი აქვს ბროდსკის და მისი ერთდღიანი თბილისური ვიზიტიც მისი გაცნობის სურვილით იყო განპირობებული) მთელი სამყარო მძინარე. ეს გასაგებია. საინტერესო უფრო ის სათუთი სულიერი, ესთეტიკური კავშირებია, რაც ნაკლებად ჩანს და თუ ჩანს, შესაძლოა, საეჭვოც იყოს ობიექტურობის თვალსაზრისით. ანუ ეს კავშირები, არაა გამორიცხული, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მკითხველის სუბიექტური ასოციაციები იყოს. მაგრამ როგორც არის, არის. მე მაინც ასე მირჩევნია ფიქრი და წერა…
    აი, თუნდაც: ბროდსკის “ელეგიაში” ყველაფერს სძინავს და ბუნებრივია, რომ სრული სიჩუმეც უნდა იყოს. მაგრამ არა. რაღაც ხმა მაინც ისმის. და ეს ხმა თოვლისაა:

    `Лишь снег скрипит.~

    ანუ თოვლს ბოლომდე მაინც არ სძინავს. იმ თოვლს, რომელიც ოთარ ჭილაძის მთელ პოეზიაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ფხიზელი რამაა. ადამიანები ცხოვრობენ, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე, სამყაროზე, მარადიულ თუ ყოველდღიურ თემებზე ფიქრობენ, ფანჯრიდან იყურებიან და ხშირად ბუნების ქალაქურ მწირ ვარიაციებსაც ამჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ეს თოვლია, თვალს რომ არ აცილებს ადამიანებს, მათ სულში იხედება, მათ სხეულს მსჭვალავს, ასუფთავებს, ამცივნებს, ათბობს… მიდის ადამიანებთან და ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ კითხვებს უსვამს, და თოვლის გამომცდელ კითხვებს თავს ვერავინ აარიდებს:

    “მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
    ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
    და აი, ისიც, მოვა და მკითხავს…
    თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.”

    (“მარინას თოვლი”, 1963 წ.)

    ამიტომაა, რომ მის ლექსებში ყველა გრძნობს თოვლის ყოვლისმომცველ მზერას, მის ძალას. გრძნობენ, შესაძლოა, თვით საგნებიც კი (ისინი ხომ არა, 1960 წელს რომ ეძინათ?):

    “ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
    და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
    და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
    ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.

    შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
    ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
    და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
    იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.

    ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
    სურდა ტირილით თავი გაერთო…
    და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
    იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

    (“ოთახი”, 1966 წ.)

    აი ასე: რაღაც საერთო ქალთან… და კაცთანაც, ნივთებთანაც…
    ისე კი, სწორედ ეს თოვლია, ოთარ ჭილაძის პოეტურ პალიტრას რომ განსაზღვრავს. მისი ლექსები 60-იანი წლების (რატომაც არა! ძირითადად 60-იან წლებში არ იწერებოდა?!) შავ-თეთრი ევროპული ფილმებივითაა… აი, დაახლოებით ანტონიონის “ღამის” თუ “დაბნელების” ჩუმ, ზანტ და დაძაბულ კადრებს გავს… ან კამერულ ფრანგულ ფილმებს… ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა, მის ლექსებში არც ადამიანები დაქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები…
    იმავე 1960 წელს ოთარ ჭილაძემ ასეთი სტრიქონებიც დაწერა:

    “ოთახში ისევ ვიღაცა დადის,
    თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს
    და მისი ხელი, ხელი თუ თათი,
    ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.

    მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,
    შევხედო კარგად და ვკითხო რამე
    და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი,
    აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს…

    მე ალბათ დიდხანს მემახსოვრება,
    მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,
    რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება
    აინტერესებს ვიღაცას ასე.”

    ვის აინტერესებს მისი წილი გზა და ცხოვრება ასე? ტერენტი გრანელს. ლექსის პირველი სტრიქონი მისგანაა ციტირებული. და რატომ ტერენტის? ეს რომ გავიაზროთ, ამისათვის საჭიროა იმ პერიოდის ლიტერატურული კონტექსტი კარგად წარმოვიდგინოთ. ჟანგო ღოღობერიძის, გრიგოლ ცეცხლაძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლოზ შენგელაიას თუ ბესო ჟღენტის რადიკალური ექსპერიმენტების ჟამი კაი ხანია წარსულს ჩაბარდა – ზოგი ფიზიკურად მოსპეს თუ მოისპო, ზოგმა კი საკუთარი ნებით დაანება თავი ავანგარდისტობას, რათა თავი გადაერჩინა. გალაკტიონ ტაბიძემ უკვე ისკუპა “ლეჩკომბინატის” მესამე სართულიდან და განუმეორებელი არტისტიზმით შებურული ტრაგიზმი მომავლის ქართველ პოეტებს ურთულეს ანდერძად დაუტოვა. ერთმანეთთან უცნაურად დაძმობილებული პატრიოტიზმი და პარტიული ლირიკა დიდი პატივისცემის ქვეშაა… მირზას, ლადოს და ძმათა მისთა ხმა ფრონტის ხაზზე გაწყდა, თუმც მურმანი ცოცხალი მობრუნდა ომიდან და ახალი ყაიდის, შთამბეჭდავად მუდამ ინტონაციებცვალებადი მისი ლექსები მკითხველი ცნობიერებაში ჯერ ფეხს იკიდებს. სამადაშვილი და ჩანტლაძე თავისთვის წერენ, ახალგაზრდა გოგონამ, ანა კალანდაძემ თავისი ახალი ესთეტიკა უკვე დაამკვიდრა, მაგრამ ეს ის გზაა, რომელზეც მხოლოდ მან უნდა იაროს და სხვებს იგი არ გამოადგებათ. ბესიკი და ლია ჯერ თითქმის არც კი ჩანან… ერთი სიტყვით, ძალიან რთული მომენტია. ბევრ ძველს ყავლი გაუვიდა ან ძალით მოსპეს, ან უკვე ინერციით აგრძელებს არსებობას. ახლის ნიშნები არის, მაგრამ ეს მხოლოდ ნიშნებია. გაბატონებულია პათოსი (ხშირად ყალბი და ძალიან უგემოვნო) და არტისტიზმი (ანუ პროვინციული ქართული არტისტიზმით გავულგარულებული წმინდა ესთეტიკა სიმბოლისტებისა და გალაკტიონისა). აი, სწორედ ამ გზაგასაყარზე ოთარ ჭილაძე გუმანით მიხვდა, რომ სხვა, მესამე გზა უნდა აერჩია – პოეზია პათოსისა და არტისტიზმის გარეშე, მეოცე საუკუნის პოეზიაში კი ჭილაძემდე ყველაზე მეტად ასეთი ტერენტი გრანელი იყო.
    ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჭილაძე გრანელის მემკვიდრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული, ფორმალური მსგავსებები ბევრი აქვთ: ასე ხშირი 10-მარცვლიანი ლექსი, სრული გულგრილობა ორიგინალური რითმისადმი (მეტიც, ორივეს შეუძლია დამწყები პოეტივიYრითმოს ნება და ვნება, წმინდა და მინდა, წელი და ხელი, თავი და შავი და ა. შ.), სტანდარტული ლექსიკა ყოველგვარი ნეოლოგიზმების, დიალექტების, არქაიზმების თუ ბარბარიზმების გარეშე…

    “გზააბნეული წივწივებს ჩიტი,
    თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი.”

    (“საღამო”, 1976 წ.)

    ამბობს ერთგან ჭილაძე. და თითქოს საკუთარ თავსაც გულისხმობს ამ ჩიტში და გრანელსაც. მართლაც, ესეც მათი მსგავსი თვისებაა: ორივენი თავიანთ პოეზიაში ერთ კლავიშს აწვალებენ, ამ ერთი კლავიშით ცდილობენ ამოთქვან თავიანთი ღრმა სათქმელი და არა მთელი კლავიატურის მაქსიმალური გამოყენებით, გამებითა და ფუგებით. მაგრამ სწორედ ამ მსგავსებიდან იწყება თვისობრივი განსხვავება მათ პოეზიებს შორის. ტერენტის კლავიში სხვაა, ოთარის კი სხვა.
    ტერენტის არის:

    “დიდი ხანია რაც დავიბადე,
    დიდი ხანია რაც ვიტანჯები…”

    ხოლო ოთარის:

    “ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,
    მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი.”

    ანუ ტერენტი იტანჯება ამ სამყაროთი, ადამიანის წარმავალობით, სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემით, ოთარი კი ცდილობს და ახერხებს, ეს მარადიული საკითხები “დე ფაქტოდ” მიიღოს და დააკვირდეს მას, ვერაფერიც რომ ვერ შეცვალოს, მაინც იფიქროს მასზე, იფიქროს თუმც სევდიანად და გულის სიღრმეში ტერენტისეული ტრაგიკული განწირულებით, მაგრამ მშვიდად. და იგი ხშირად ახერხებს, ასე თუ ისე გაუუცხოვდეს საკუთარ “მე”-ს, იყოს არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი, არამედ თოვლი (ან ქარი, ან წვიმა), რომელიც ადამიანს და მის ყოფას თვალს ადევნებს და ნელ-ნელა სწავლობს, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ყოფას და, რაც მთავარია, როგორ უნდა მოკვდეს.

    “და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
    ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
    რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
    სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.

    მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
    და მოვუნახე სულს სასთუმალი –
    მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
    და არა – წუთისოფლის სტუმარი.”

    (1963)

    ფიქრისა და სამყაროს ჭვრეტის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად პოეზიის კვლავაც ქცევა ოთარ ჭილაძის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აქტი იყო. იმ პერიოდის ქართველი მკითხველისათვის, ვფიქრობ, ეს პოეზიის სტერეოტიპული გაგების აუცილებელი პირველი რევიზია იყო. არა რევოლუციური, დამანგრეველი და შოკისმომგვრელი, არამედ პოზიტიური, იოლად მისაღები და ძლიერი ზემოქმედების მქონე. მან უცებ ქართული ლექსის ტანს გახადა პათეტიკა და არტისტიზმი, ფაქტობრივად გააშიშვლა იგი და ამით ცრუპათეტიკოსებისა და ყალბი არტისტების რეალური სიმახინჯე გამოაჩინა. ხოლო თუ ვინმეს ესთეტური პათოსი ან ჭეშმარიტი არტისტიზმი ჰქონდა, საკუთარ გახდილ ტანისამოსს, უბრალოდ, როგორც ოთარ ჭილაძის ნანადირევს, ისე შეხედავდა. ხომ გახსოვთ:

    “და სკამზე, როგორც ნანადირევი,
    ჰკიდია შენი ლამაზი კაბა”

    (1957)

    მერე თანდათან სხვა მოფიქრალი პოეტებიც მოვიდნენ, უფრო რადიკალები, ბესიკი და ლია, კონვენციურ ფორმებზეც რომ ძირითადად უარი თქვეს, და ოთარ ჭილაძემაც ალბათ უკვე ჩათვალა, რომ საკუთარი პოეტური მისია შეასრულა, თან ერთი კლავიშის წვალებაც მის გაზრდილ სათქმელს აღარ აკმაყოფილებდა და ნელ-ნელა ძირითადად სიმფონიების წერაზე გადავიდა. ეს სიმფონიები სულ სხვა თემაა და ამიტომ ამ პატარა წერილში ჯობს პოეზიით შემოვიფარგლო. უფრო ზუსტად, ოთარ ჭილაძის წასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკითხული მისი ლექსებიდან მოგვრილი რამდენიმე ემოციური შთაბეჭდილებით. ეს შთაბეჭდილებები კი იმ სტრიქონებით მინდა დავასრულო, ფიზიკურად სულ ცოტა ხნის წინ წარსულში გადასულ მის ავტორს ასე რომ ესადაგება:

    “როგორც ჩაიში დნება შაქარი,
    აწმყოში ისე დნება წარსული…”

    (1986)

    ჰო, ასეა, მისი შემოქმედება შაქარივით უნდა გადნეს ნელ-ნელა ჩვენს აწმყოში და ჩვენი მწარე ცხოვრება თანდათან დაატკბოს…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

    პაატა შამუგია – (მ)ორალური სექსი

    18 წლის ასაკში სექსი (თუნდაც, ორალური) გართობის მშვენიერი საშუალებაა. მაგრამ 18 წლის ასაკში სექსზე (თუნდაც, ორალურზე) პროზის დაწერის საშუალება ბევრს არ ჰქონია.
    18 წლის ერეკლე დეისაძის ნოველა კოდური სახელით – “99”, ორალური სექსის დემოგრაფიულ მისიას გვიჩვენებს.
    რამე რომ იყოს, კარგი რეცენზენტი ასაკს არც კი გამოეკიდებოდა და საიფერული სჯაც არ დასჭირდებოდა, მაგრამ უამისოდაც არ გამოვა.
    რატომ “99?” იქნებ, იმიტომ, რომ ალაჰს (არ მესმის, რაში ჭირდება, მაგრამ) 99 სახელი აქვს? იქნებ იმიტომ, რომ ეს ბინარული კომბინაცია სარეკლამო ტექნოლოგების საყვარელი რიცხვია? ან იქნებ სულაც ასევე “რეკლამშიკ” ფრედ ბეგბედერის სკანდალური წიგნი “99 ფრანკი” გამოგვადგეს სანიშნედ. სტილისტურადაც ხომ ჩამოჰგავს კიდეც ადგილ-ადგილ.
    ამის გარდა, 99-ის (ანუ ორი ცხრიანის) გეომეტრიული პროგრესიით გაანგარიშებისას მიიღება ერეკლე დეისაძის ასაკი – 18 წელი.
    რიცხვი 99 ზღვარია, საიდანაც უნდა დაიწყოს რაღაც ახალი, ვთქვათ, ახალი რასა.
    ქართველები განათლებული ერი ვართ და ცხადია, ვიცით ფოლკლორსა და მითებში არსებული ყველა არაორდინალური დაბადება: გველეშაპის ფაშვიდან, ყურიდან, ნესტოდან, ქუსლიდან, ნეკნიდან, ზღვის ქაფიდან, ბრმა ნაწლავიდან, კომბოსტოდან… ცხადია, ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი დედის საშოდანაც იბადება.
    მაგრამ “99”-ში დაბადება “წარმოებს” ღრძილებიდან. მოკლედ, სრული პერვერსია. სამ უშვილო გოგოს თითო-თითო მადიანი მინეტიდან ცხრა თვის თავზე ღრძილები ებერება. ეს უშვილო დედების სექტაა. სექტა რელიგიურად კი არა, ისე, უბრალოდ. ვთქვათ, კონცეპტუალურად.
    “ნატას კბილების ცვენა დაეწყო. იგივე სიმპტომი ჰქონდათ ნუცას და თაკოს. მოკლე დროის განმავლობაში, სამივე მათგანს აღარცერთი კბილი აღარ შერჩათ, ხოლო ღრძილები უსაშველოდ დაუგრძელდათ და კბილების ადგილზე, კვერცხისებური მოგრძო ფორმის უცხო სხეულები ჩამოეზარდათ. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ერთ თვეში დასრულდა. პირველად ნატამ იმშობიარა, შემდეგ ნუცამ, სულ ბოლოს კი თაკომ.
    ამ პროცესს მშობიარობა მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ეს იყო ახალი ქართული რასის დაბადება. ათი სანტიმეტრის სიგრძის ლორწოვანი სხეულები, რომლებიც ღრძილებიდან იშვნენ. მათ ჰქონდათ ადამიანის აღნაგობა, მაგრამ არ ჰქონდათ სქესი. (ე. დეისაძე “99”)”.
    ასე იშვა ახალი რასა, “ჰომო ნოვუსი”, რომელიც მშობლების ექსკრემენტზე იზრდება.
    თუ ჰიტლერი ახალ რასაში (რატომღაც) ევოლუციის ახალ საფეხურებს ხედავდა, დეისაძესთან ეს ახალი რასა აბსოლუტურად მოკლებულია არათუ სოციალურ საზრისს, არამედ ბიოლოგიურსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, მხატვრულზე. ამ რასის წარმომადგენლები სულ მთლად ორ აბზაცში 25-ე კადრივით გაიელვებენ და ვითომც არაფერი. არადა, მართლაც რომ არაფერი: მათი სოციალური ინტერაქცია მშობლების ძღნერის ჭამითა და თვლემით ამოიწურება. ერთი სიტყვით, სრულიად უწყინარი რასაა.
    “99” ძალიან მხიარული ტექსტია. თუმცა, გამაღიზიანებელი გამოდგა ის, რომ ერეკლეს პროტაგონისტი პერიოდულად საკუთარი ამორალობის დატკიცებითაა დაკავებული. თითქოს პერსონაჟი (რომელიც ძალიან წააგავს ავტორს) მუდმივად გვემარიაჟება თავისი გარყვნილებით, მოჭარბებული აგრესიითა და ზეთამამი სექსუალური ფანტაზიებით (“მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ბიურგერი, რომელიც ემის გაჟიმვაზე ოცნებობს. ემი ჩემი დის სახელია და იგი ბავშვობაში განგებამ ქვედა კიდურების ამპუტაციით დაასაჩუქრა”), სამაგიეროდ, აქვს ძალიან ეფექტური კონტრასტები: “ნუცა კოკაინთან მეგობრობს, მე – ქრისტესტან.”
    “მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს მამაჩემს ედო პირში… აბაზანაში ბანაობისას, მე ვხმარობდი საპონს, რომლითაც შესაძლოა დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. იგივე საპნით კი, მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ინცესტია.”
    თითქმის ტრუისტული “გარყვნილებაა”, თითქოს, მილერთან, ბერჯესთან, ირვინ უელშთან ან ისევ და ისევ, ბეგბედერთან წაკითხულივით, მაგრამ ფინალური ფრაზა მხატვრულად მამოტივირებელი ხდება. საპნის ინცესტური საზრისით დატვირთვა სხვაგან არც შემხვედრია და მგონი, ძალიან კარგი “სატოპკეა” ფროიდისტული თეორიების მოყვარულებისთვის.
    სათაურის გარდა, ბეგბედერისულ ნარატივებს ტესტშიც ვხვდებით, რაც საერთო კონტექსტს უხდება კიდეც. თუმცა, ეს ირონიულ-გროტესკული სივრცე ერთბაშად მძიმდება, როცა ტექსტურ ანტრაქტებს შორის საიდანღაც ფილოსოფიური ბიჟუტერია შემოლაგდება და იწყება “ინტელექტუალი სირებისგან” საკუთარი პერსონის გამოცალკევება. ვფიქრობ, ამ ბიჟუტერიისგან გათავისუფლებით მეტი ადგილი დარჩება ხარისხიან ნარატივს, რომლის ნაკლებობას ეს ნოველა ნამდვილად არ უჩივის.
    “99”-ის განწყობის ზუსტი გაგებისთვის მივყვეთ ფაბულას:
    ერეკლე (უფრო სწორად ერეკლეს პერსონაჟი, ანუ ერეკლე) და მისი გელფრენდი “დიდი ქართველი მწერლის” ძეგლთან ნიშნავენ პაემანს. მაგრამ სანამ თქვენ გუნებაში “გვყავს კი ქართველებს” დიდი მწერალი”-ს კითხვას მოასწრებდეთ, ავტორი დაუნდობელი სიმართლის პირისპირ გაყენებთ: ეს დიდი ქართველი მწერალი თვითონ ერეკლე დეისაძეა.
    “წასვლამდე ძეგლს უყურებს და მეკითხება, მომწონს თუ არა ჩვენ ზემოთ აღმართული მწერლის მოთხრობები. მე ვპასუხობ, რომ “99” ჩემი უსაყვარლესი მოთხრობაა.”
    ნაცადი პოსტმოდერნისტული ხერხი – ავტორის ნიღაბი – ამ შემთხვევაში საუკეთესოდ მოერგო კონტექსტს და მთელი ეს ჰორორი თუ პორნო-დრამა გადაქაჩა (წუთიერ, მაგრამ მაინც) მხიარულ მეტატექსტში.
    ავტორი საბოლოო ჯამში მოდერნისა და პოსტმოდერნის საზღვარზე ქანაობს, ხან იქით გადაიწევა, ხან – პირიქით. მოდერნის დაუფარავი ამბოხი, პირდაპირი შეჯახება საგანთან და მისი დამსხვრევის მცდელობას ენაცვლება პოსტმოდერნისტული “შტუკები”, მეტატექსტური თამაშები და ირონიული ტროპები.
    როგორც წესი, ასეთი ეკლექტიკა ამართლებს და რომ იტყვიან, კითხვადს ხდის ტექსტს, მაგრამ მთლიანად პოსტმოდერნისტული რომ იყოს, კომერციის და არტის ამბავშიც (ეს ორი სფერო კი, კაი ხანია, აღარც განსხვავდება ერთმანეთისგან), მეტს მოიგებდა. მოდერნი, როგორც წესი, ასეთ თემებს დაძაბულად უდგება, რაც ამ ტექნოკრატიულ დროში ცოტა დამღლელიც კია, მაშინაც კი, თუ ისეთი მშვენიერი ფინალი გაქვს მოფიქრებული, როგორც ეს ერეკლე დეისაძესთანაა. სრული რეპრეზენტირებისთვის მთლიანად მოვიტან ფინალურ ციტატას:
    “შუადღის სამი საათი არის დრო, როდესაც ახალი რასა თვლემს, ხოლო ტელევიზორი არის ნივთი, რომელსაც ამ დროს ვიყენებთ. მე და ჩემი სამი ალქაჯი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხედვართ. ჩვენ ჩუმად ვართ, ტელევიზორი – არა. ეკრანზე ანაფორაში გამოწყობილი თეთრწვერა მოხუცი (მას ყველა “უწმინდესს” ეძახის) დინჯი იერით გვამცნობს აპოკალიფსის დადგომას და ანტიქრისტეს გარეგნობის სკრუპულოზურად აღწერით არის დაკავებული.
    კარზე ზარია…
    ერთმანეთს დაძაბული ვუყურებთ. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი არ ელოდება ვინმეს. ჩვენი გაოცების მიზეზიც ეს არის. ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არავინ არაფერი იცის. ასეთ დროს სიჩუმე ყველაზე აუტანელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ კარები უნდა გავაღო და ასეც ვიქცევი.
    იქ თეთრწვერიანის მიერ აღწერილი პიროვნება დგას. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.
    – შეიძლება? – მეკითხება.
    – სტუმარი ღვთისაა. – ვპასუხობ.”

    თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმარი ანტიქრისტეა, მაშინ ეს “უმანკო” ფრაზა (“სტუმარი ღვთისაა”) სახიფათო ამბივალენტურ ნიშნულად იქცევა, რომელსაც ავტორმა დაუნანებლად გადააბიჯა და კიდევ ერთხელ ააწნა სილა ტრადიციული ბინარული ოპოზიციების მოყვარულებს.
    ფინალი აღწერის დინამიკითა და სიტუაციურობით ალბათ სარტრის “ჰეროსტრატეს” და ბეგბედერის “სენ-ჯერმენ-დე-პრეში ნაპოვნი ხელნაწერის” შორეული რემინისცენციაა, რაც კარგადაა გააზრებული და გადამუშავებული.
    ისე გამოვიდა, რომ ტექსტი ძალიან არაპოლიტკორექტული და ეპატაჟით გაჯერებულია, ამიტომაც, მგონია, რომ ისეთ საინტერესო რამეს, როგორიცაა დღევანდელი ქართველი საზოგადოება, მოუწევს რეფლექსების ფრქვევა, ავტორს კი -ამის ატანა.

    ერეკლე დეისაძის მოთხრობა “99” დაიბეჭდა “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, №26, ივლისი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“