• პროზა

    თამაზ ექვთიმიშვილი – ბეღურები


    გაზაფხულზე გადაბელილი ხეები ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს მუშტებმოღერებული ბოქსიორებივით ჩამწკრივებულიყვნენ და მთელი უბნის ბეღურებიც ერთადერთ, სასწაულით გადარჩენილ, უკვე ფოთლებგაყვითლებულ ჭადარზე შეყუჟული ჟივჟივებდნენ.
    სასწაული კი ნახევრადმელოტია. თეთრი ხალათი აცვია, ხის ქვეშ პლინტუსებით შეკრულ ფარდულში დგას, პარიკმახერი ელდარა ჰქვია, წვრილად შეკრეჭილი ულვაში აქვს და ოდესღაც “საწერად” სახელდებულ მაგიდის კიდეზე დარჭობილ ლურსმანზე წამოცმულ ტყავის ქამარზე წაღმა-უკუღმა ატყაპუნებს სამართებელს. ზუსტად ისე, როგორც ნახევარი საუკუნის წინ, მთელი თბილისის დალაქები ლესავდნენ იარაღს “შიპრისა” და “ტრაინოი ადეკალონის” სუნით გაჟღენთილ საპარიკმახეროებში.
    – ცივი ქარია დღეს, აი. – გადაულაპარაკა ელდარამ კლიენტს.
    – ჰოო?
    კლიენტი, გოგი რომ ჰქვია, სტომატოლოგიურ სავარძელში ჩამჯდარიც, ელდარას სიმაღლეა; დილიდან ხასიათზე ვერ არის, არანაირ პროვოკაციაზე არ ეგება და ყველაფერზე მხოლოდ “ჰო”-ს და “ჰოო”-ს პასუხობს.
    – ეს ხე ჩემი გადარჩენილია, ხო იცი? – ქარმა ბეღურის პატარა, მრგვალი, თეთრი სკინტი მოატყიპა ფანჯარას და ელდარმაც თავისი ტუზი გააძრო.
    – ეგ ხო ვიცი.
    – რა იცი აბა? – კლიენტმა, როგორც იქნა, ორი სიტყვა ერთმანეთს გადააბა და დალაქს რაღა გააჩერებდა, – ისიც იცი რო ბრიგადირი თავის პამოშნიკიანად უფასოდ გავკრიჭე იმ დღეს?
    – ჰოო, ჰო ვიცი.
    – ისიც იცი რო, მერე რო გეუბნება, მაინც უნდა გადავჭრაო? აზრზე ხარ გოგიჯან? მერე მე ვეუბნები: შენ იცი ეს ხე ამა და ამის, დიდი კაცის სახელი ვუთხარი რა, ამა და ამ მამის დარგულია მეთქი! აზრობ რა მოვიფიქრე?
    – ჩრდილი გინდა არა, ზაფხულობით?
    – ეგრეა, კი, ხო, მაგრამ მარტო ეგრეც ხომ არ არის? არა, შენ აზრობ მეთქი?
    – ვაზრობ, ვაზრობ, ელდარ, მაგრამ ერთი რამე ვერ გამიგია, ქართველი კაცი ხარ და ეს სომხური ბაზარი საიდან?
    – იქიდან, ჯიგარ, რო ოცდაათი წელიწადი სუ სომხების გვერდით ვმუშაობდი დიდუბეშიც, ვორონცოვზეც, მერე ვერაზე…
    – ხუთი წელია აქ მარტო ხარ, მაინც ვერ მორჯულდი, არა? რა არიან ეს სომხები?!
    – ხუთი კი არა, შვიდი წელი და ნახევარი. ეეე, რო მახსენდება რამდენი მუშტარი დადიოდა მაშინ აქა. საღამომდე ვერა ვჯდებოდი, თმებს ხო სუ ვგვიდი და ვგვიდი. ეხლა…
    – რას იზამ, ეხლა ზოგი ინგლისშია, ზოგი ამერიკაში, ზოგი…
    – ზოგიც ჰალსტუხით დადის, აქ როგორ იკადრებს; ეგ უნდა გეთქვა გოგიჯან?
    – რა ვიცი აბა, რა უნდა მეთქვა.
    – შენ გიკაკუნებენ!
    ელდარა მიტრიალდა, საქაფე კრემი და ფუნჯი გამოიღო.
    გოგიმ ფანჯარას შეხედა.
    გამხდარი თითი და ფერმკრთალი სახე მინას მოშორდა. სამაგიეროდ ფარდულის კარმა გაიჭრიალა და ქარმა გამხმარ ფოთოლს სუფთად გაპარსული, მხრებში მოხრილი, ჭაღარაშერეული კაცი შემოაყოლა.
    – ვაა, ვაა… ყველანი აქა ხართ? გაასწორა აი!
    ახალმოსულს ჩიჟიკას ეძახდა ყველა. მოკლე “დუბლიონკა” ეცვა, ნიკაპი თეთრი სვიტრის საყელოში ჩაემალა და როგორც ყოველთვის, ტუჩებიდან სიგარეტი ჰქონდა გადმოკიდებული.
    – ვინ ყველანი, ბევრნი ვართ? ელდარ, არ ჯობია ჯერ თმა შემისწორო? – გოგი წამოდგა, პალტო გაიხადა და ლურსმანზე ჩამოკიდა.
    – ნაღდი ბუკლეა, აი. – დალაქმა ხელი დაუსვა პალტოს.
    – უკან, ელდარ, მარტო უკან… ჰო, რაო აბა, ჩიჟიკ, ბევრნი ვართ მეთქი?
    ჩიჟიკა რაღაცას ეძებდა, ბოლოს ტაბურეტი იპოვა, გავარვარებულ რეფლექტორს მიუჯდა და მერეღა ახედა მეგობარს.
    – რავა ხარ, გოგია?.. ცივა აი!
    – ცივა კი არა, რას გევხარ. იჯექი რა სახლში, არ დაგიჭირონ.
    – რაზე უნდა დამიჭირონ? ფაქტი მე არა მაქვს…
    – ეგ ვიცი ტო! სულ გაიჩხერდი რაც გექნებოდა, მაგრამ ეხლა რომ მაგაზეც იჭერენ, იცი?
    – ეეე! რა გამიტრაკა ამან საქმე. რო ვკაიფობ იმიტომ უნდა დამიჭირონ? შენ რო წვერს იპარსავ კაია? ელდარ, მიდი რა ერთი თავი გადაპარსე მაგას.
    – შენზე რო ნაწყენი ვარ იცი? – ელდარამ გოგის თავს უკან მაკრატელი ააწკაპუნა.
    – შენ რაღა დაგიშავე, ა? მოიხედე აქეთ!
    – გუშინ სად გაიკრიჭე, იქ არა? დაგინახე აი, რო შედიოდი.
    ფარდულის ფანჯრიდან, ქუჩის მეორე მხარეს, ორ სამსართულიან სახლს შორის ჩაკვეხებული კორპუსის ქვეშ, შავად შემინული სუპერ-სალონი ჩანდა.
    – კარგი რა, ელდარ, წვერს ხომ შენთან ვიპარსავ.
    – კანეშნა, ეგეთ სალონებში არა პარსავენ და…
    – ისე, გოგია, შენ ნამყოფი ხარ მანდ? რა ნაშები მუშაობენ…
    – ქალის გაკრეჭილი არ გაიშვა, თარსები არიან!
    – საღოლ გოგიჯან, აი საღოლ! – ელდარამ თმის საქმე მოამთავრა და განსაკუთრებული სიფრთხილით ამოაცალა საფენი გოგის კისრიდან, – ჯიგარი ხარ!
    – თან გინდა როო ნაშები? – ახლა გოგი არ ჩუმდებოდა.
    ჩიჟიკას თავი ჩამოეკიდა და, ცოტა არ იყოს, თავის ტაბურეტიანად რეფლექტორისაკენ გადახრილიყო.
    – ვითომ რატომ არა?! მითხარი ერთი.
    – ამას შეხედე რა! არ დაიწვა, ბიჭო. ვაბშე სახლში წადი, აქ არ დაიბრიდო.
    – ეეე! ეს ვინ არი ე! ხან დაგიჭერენო, ხან დაიბრიდოო. თუ გაგიტყდა ჩემი მოსვლა, ვაბშე წავალ მართლა.
    ჩიჟიკა წამოდგა, ძალიან ნაწყენი და კიდევ უფრო ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
    გოგიმ მაჯაზე მოჰკიდა ხელი, მიხვდა – დააშავა:
    – რა იყო, შენ ჩემგან რამე გწყინს?
    – აბა, რა არის, ცუდ ხასიათზე ხარ და ჩემზე იყრი?
    – ჰო, რაღაც ვერა ვარ…
    – რატო, მერე, რატო? – ჩიჟიკამ ტაბურეტი გაასწორა და ისევ დაჯდა.
    – მიტო, ბიჭო, მიტო, რომ შენ რომ მაგ ხასიათზე ყოფილიყავი ეხლა, მაგისთვის ჯერ ბუნებამ იმუშავა, მერე ფარმაცევტულმა მრეწველობამ, მეტალურგიამ…
    – ჯიგარ, თავს ნუ აქანავებ რა, – ელდარს თავისი საქმე ჰქონდა.
    – მეტალურგია რაღა შუაშია, მითხარი აბა. თან შენ მალბორო გექნება; გააძრე, მოვწიოთ.
    – ნემსი, ნემსი! ჰო, სულ თავიდან კიდე მამაშენმა.
    – ეგრე რა, ცოტა მხიარულად, ძმაო… სადა გაქვს სიგარეტი? – წერტილი დაუსვა ჩიჟიკამ შერიგების პროცესს.
    – პალტოს ჯიბეშია, მაგიდაზე დადე, ელდარაც მოწევს.
    ჩიჟიკა ნახევრადდახუჭული თვალებით გემრიელად ეწეოდა სიგარეტს, მერე კიდევ უფრო მოწკურა თვალები და რაღაც გაიხსენა:
    – ე! ელდარ! მე რო აქ რაღაც დავტოვე გუშინ, სად არი?
    – სადაც დადე ჯიგარ, მე ხო ხელს არ ვახლებდი. – ელდარამ პატარა სარკე აიღო და გოგის უკან დადგა: – კაია?
    – მაგარი ხარ! ეს რას ეძებს, ეს?
    ჩიჟიკა მაგიდის უჯრებს სათითაოდ აღებდა და “ე-ე”-ს ძახილით ხურავდა.
    – მანდ რა უნდა კაცო, ზემოთ პოლკაზე არ დადე? აი აქა რა! – ელდარამ თაროზე შემოდებული ჩემოდნის ქვეშიდან გაზეთისაგან გაკეთებული პატარა პაკეტი გამოაძრო: – აჰა! – მერე გოგის დახედა: –
    – სანამ გავპარსავ, მეც მოვწევ, კარგი გოგიჯან? – კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, ნაფაზი დაარტყა და ფანჯრიდან სალონს გახედა:
    – ესენი, მე გული მიგრძნობს, გადამასახლებენ.
    ჩიჟიკამ ორი თითით გამოართვა პაკეტი.
    – გოგია, პლანს მოწევ? არ მითხრა ეხლა არაო.
    – რა ვი აბა, მოიცა გავიპარსო და მოვიფიქრებ.
    ელდარამ მაგიდის ქვემოდან მეორე ტაბურეტი გამოიღო, თვითონაც რეფლექტორს მიუჯდა, იდაყვი მუხლებს ჩამოაყრდნო, საფეთქლები ხელისგულებს და გაწითლებულ სპირალს დააშტერდა. ეს მოკლე პანტომიმა ასე იშიფრებოდა: “ეჰ, ამათ სუ ფეხებზე ვკიდივარ მე და ჩემი ბუტკაცო.”
    – რა იყო, ელდარ, მაგათმა შეგაშინეს? – გოგის პარიკმახერი შეებრალა, – აქ არა ვართ? დედას ვუტირებთ.
    – იცი რაზე მტკივა ეს მუდრეგი და ოხერი ესა? – გულზე მუშტი მიიბრახუნა დალაქმა, – აქ, აი, ხანდახან ქალები შემოდიან. მაღაზიაში კიტრი პამიდორი, კიდე რამე იყიდიან, სუმკა ხო მძიმეა. მეტყვიან: აქ დავტოვებ ელდარ ძია – ჩემი ქმარი ჩამოვა, აიტანს. მე ხო უარს არ ვეტყვი. აბა, მიდი იქ შეიტანე.
    – ეს რა ბოღმაა მართლა, – ჩიჟიკა პლანს სიგარეტში აკეთებდა, – მოიხედე აქეთ; გინდა? შენც მოწევ?
    – ეეჰ, ნეტაი შენა.
    – ეჰ კი არა, აგე ფანჯარაზე თეთრ სკინტს ხომ ხედავ? დაჟე დიდ მაყუთს იშოვი.
    – ეგ ჩიტებიც არ იქნებოდნენ აი, ეგ ხეც რო გადაეჭრათ.
    – ისე, რა ბედი ქონიათ მაგ ბეღურებს, ჩინელებიც არ არიან ამ ქუჩაზე. – თავისთვის ჩაილაპარაკა ჩიჟიკამ.
    – ბეღურები კი, მაგრამ ეს რაღა წრეებს ურტყამს ბუტკას? – გოგიმ შუბლი მოიჩრდილა.
    – ვინ არი ე?! – ჩიჟიკამ შეკეთებული სიგარეტი მაგიდის კუთხეში, საკანცელარიო ჟურნალის ქვეშ შეაგორა, “ბომბია” თქვა და გოგის ჩამოეყრდნო მხარზე: – ვა, დუდუ?! გაასწორა აი, ალბათ ლარიანს დაარბენინებს ქარი და ეგეც დასდევს, ხედავ? – იდაყვი დააჭირა ძმაკაცს, – ეგრე აი, ლოთობამ იცის! – თითი კი ასწია, მაგრამ ბოლომდე გაშლა დაეზარა.
    დუდუს, წვერ-ულვაში ერთ ზომაზე რომ ჰქონდა დაყენებული, შავი, გაბერილი ქურთუკი, ჯინსი და თეთრი ადიდასები ეცვა. ლურჯი ნაქსოვი ქუდი წარბებამდე ჩამოეფხატა, თავჩაღუნული, წელშიმოხრილი, მართლა რაღაცას ეძებდა ასფალტზე. მერე უცებ ჩაიცუცქა, ასევე სწრაფად წამოდგა და ფარდულისაკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა.
    ის იყო ელდარს ქაფი უნდა წაეცხო გოგის ლოყაზე, რომ კარმა გაიჭრიალა.
    – სტოპ! – დაიძახა დუდუმ, მაგიდაზე ბეღურის ბარტყი დასვა და გოგისაკენ დაიძრა: – ეს კაცი ერთი თვეა არ მინახავს. ჯერ უნდა გადავკოცნო! – წაბარბაცდა და გოგის ჩაეხუტა.
    – დანარჩენებს ჩემი სიცოცხლე შემოგევლოთ, მაგრამ ამდენი ზასაობის თავი არა მაქვს. ელდარ! ეხლა შეგიძლია აგნეტუშიტელი მოუშვა, – თავის ნათქვამზე თვითონ გაიცინა დუდუმ და ტაბურეტზე ჩამოჯდა.
    – რაო, რა თქვი? – გოგი სავარძელში გასწორდა, – რამდენი ხანია არ გინახივარ?
    – ჰო რა იყო? ერთი კვირა იყოს, თუ ეგრე გინდა.
    – მოიცა, აბა წუხელ ვინ აგიყვანა სახლში?
    – შეენ ტო?! შეენ? ვა, თან ასაყვანიც ვიყავი? – ვერც ერთს ვერ იჯერებდა დუდუ.
    – დაიწყო ეხლა ამან. შეენ, მეე, ისინი… ეს ვინ არი, ძმაო? – ჩიჟიკა შეშინებულ ბარტყს ნეკათითს უსვამდა თავზე.
    – მაგას დასდევდი ნახევარი საათი?
    -აი, შენ ნუ ლაპარაკობ, თორემ ქაფი ჩაგივა, არა ელდარ? ეს არის, ძმებო, სიცოცხლის აპოგეა!
    – გაიგე ჩიჟიკ, აი, ეგ ყოფილა აპოგეა! – გოგი უკვე დაბალი ამპლიტუდით ამოძრავებდა ტუჩებს, – მე მეგონა კონიაკის ბოთლი იყო.
    – რატომ მიტრაკებ ძმაკაც?
    – ეგ ეგრეა მთელი დილაა. – ჩიჟიკას მტევნის ზურგზე გადმოესვა ბარტყი და აქეთ-იქიდან ათვალიერებდა.
    – აბა, რა არის რას გევხართ ორივენი ამ დილაადრიან?
    – ვა, შენ რო წვერს იპარსავ კაია? მე მინდოდა და ნახევარი ბოთლი კონიაკი დავლიე. აი, ასე! გასაგებია?!
    – თან რა ერთ ჭკუაზე ხართ მოწყობილები!.. ე აპოგეა რაღას მოგყავდა აქ?
    – წრიპინებდა, ბიჭო, წრიპინებდა ეგ საწყალი.
    – ბარტყია და იწრიპინებს. აბა შენ რა გინდა…
    – მაიცა რა, რა გესმის, – დუდუმ თავის ხელისგულზე დაისვა ბარტყი: აი, ეს ხო აზრზე არ არის მაგის წრიპინს თავის დედიკო უფრო ადრე გაიგონებს თუ კატა?
    – ასპროცენტიანი ხარ, – ჩიჟიკამ თავი კედელს მიაყრდნო და თვალები მილულა, მერე ცალი გაახილა – პლანს მოწევ?
    – ე! მა-რა! სად არი როო?.. კაია?
    – მოწევ და ნახავ. აი, მანდ არის ელდარას ჟურნალის ქვეშ.
    – ვა, ელდარას ჟურნალიც აქვს? მე მეგონა მარტო დენს იპარავდა… სადა გაქვს, ელდარჩიკ, ჟურნალი?
    ელდარამ არაფერი შეიმჩნია და თავით მაგიდის ბნელი კუთხისაკენ ანიშნა.
    – თქვენ კიდე ეგ გინდათ ვითომ? – ძალიან ფრთხილად ჩაიცინა გოგიმ.
    – ელდარ! სასწრაფოდ ქაფი მაგას ტუჩებზე! – დუდუმ შეკეთებული სიგარეტი თითებშუა აათამაშა, – შენ რა, ვითომ არ მოწევ?
    – არა, არა. მე თავი გამანებეთ, თქვენ გაიხარეთ.
    შენი საქმე შენ იციო, დუდუმ მოუკიდა, ერთი-ორი ნაფაზი დაარტყა და ისევ ბარტყი გაახსენდა:
    – ოო, ეს რო უნდა დავაბინავო?
    ანაშის სუნზე ჩიჟიკამ თავი წამოსწია:
    – სად უნდა დააბინაო, სახლში უნდა წაიყვანო?
    – ხეზე უნდა შევსვა, ბიჭო, რა სახლში.
    – რავი, აპოგეააო და… გადმომაწოდე ეხლა ეგ, მარტო შენთვის კი არ შემიკეთებია.
    მალე ფარდული ანაშის არომატით აივსო.
    – კარგი რამე ჩანს აი. აფსუს, წასასვლელი არ ვიყო, – თავი გააქნია გოგიმ.
    – რა, არ იცი სად დავდე? როცა გინდა მოხვალ და აიღებ… ისე სად მიდიხარ? სულ კი გატყობ რო რაღაც… რაღაც… თმა, წვერი, რამე… დუდუ, შენ არ გაინტერესებს?
    – ჰო, კი, მოყევი აბა, მოყევი გოგია!
    – რა მოვყვე. მანქანა რომ მივეცი გუშინწინ ერთს, წუხელ ნახევარი ფული მოიტანა. დღეს 10-ზე უნდა მოეტანა მთლიანად…
    – მერე ჯერ თორმეტია რა! ამ კვირაუთენია უნდა მიადგე?
    – რა არი იცი, დუდუ? კაცი რომ იტყვის ათზე, უნდა მოვიდეს ათზე. მე ეგრე ვიცი. არ მოვიდა? ეხლა მე მივალ.
    კვამლში ჩიჟიკას ხელი გამოიკვეთა.
    – აჰა! მოწიე. მეც არა ვთქვი… ჩვენი წამოყოლა ხომ არ არის საჭირო?
    – მაიტა, ჰო, მაიტა!
    გოგიმ სამი ისეთი ნაფაზი დაარტყა – ფილტრის მაგიერ შეკვეხებული კარდონის ცილინდრიღა დატოვა.
    – ვერ გავიგე წამოგყვეთ?
    – არა, კაცო, რა წამოყოლა მინდა. თქვენ აპოგეას მიხედეთ. დაბოლდა ეგ საწყალი, როგორ ნაბავს თვალებს.
    – მართალია ეს კაცი, – დუდუ წამოდგა, – ჩიჟიკ, წამო, ეს ჯიგარი თავისიანებს ჩავაბაროთ. ნახე ფართხალებს, სახლში უნდა, ოჯახში!
    – მე რა შუაში ვარ? ვერ მოვდივარ რაღაც აზრზე.
    – ვა, აბა მიწაზე დავსვა? თავისით ავიდეს?
    – ჩემგან რა გინდა მეთქი, ჩემგან?
    – მე აგწევ, შენ დასვამ. ტოტები რო იწყება აი იქ.
    – ეე! ტურტლიანი როა?
    – მაშინ, აბა, ვაბანაოთ ჯერ!.. ადე, ადე, ცოდოა რა, ქარიც ჩადგა.
    ქარი მართლაც აღარ უბერავდა და სანამ ჩიჟიკა გულშიბარტყჩახუტებულ დუდუს წაუჯიკავებდა: “ჰა, წამო, ჯანდაბას შენი თავიო”, მზემაც გამოანათა.
    ფარდულში ისევ ორნი დარჩნენ.
    – ელდარ, ფანჯარა გააღე, თორემ შეიძლება ისეთმა ვინმემ შემოიხედოს, რომ ორივე დაგვაჯარიმონ, თან სერიოზულად.
    – მეცა ტო?
    – ჰო, შენცა ტო, შენცა.
    ელდარა სასწრაფოდ ეცა ფანჯარას. მერე კლიენტი შეათვალიერა, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილმა სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.
    ღია ფანჯრიდან სუფთა ჰაერს, ჩიტების წრიპინთან ერთად, მოკლე ფრაზებიც შემოჰქონდა.
    – ჰოო… ოპ! ჰე, მიდი!
    – რა ოოპ ტო, ნუ ქანაობ.
    – ხელი აწიე, ბიჭო! ოოპ!
    – დამაგდებ შენ მე!
    – დასვი?
    – ვერა, შემეშვი. ჩამომსვი, თორემ შემომეჭყლიტება.
    – აბა, შენა ხარ, შენ ვერ ამწევ, არა?
    – რას აგწევ?! უბერავ? წადი კიბე იშოვე!
    გოგის თან ეცინებოდა, თან ფრანგული ლოსიონით დასველებულ ხელის გულებს იტყაპუნებდა ყელზე, მერე ვეღარ მოითმინა და კარს ხელი ჰკრა:
    – იმდენს ყვიროდით, მეთქი უკვე კენწეროში არიან.
    – გიჟია ეს. თვითონ ფეხზე ძლივს დგას… ნახე რა, რა დავისვარე – ჩიჟიკა დუბლიონკას იბერტყავდა.
    – ბიჭო, ამასაც მოფიქრება უნდოდა? ნახეთ, აი ჭკვიანი კაცი.
    ფარდულიდან გამოსულ ელდარას ოქროგადაკრული სიბრძნის კბილები უჩანდა, ხელში ტაბურეტი ეჭირა:
    – მეორეს ფეხი ძვრება, სანდო არ არის.
    გოგიმ ტაბურეტი ჩამოართვა, ჭადრის ქვეშ დადგა და ხელი დაარტყა.
    – ჰე, დადექი ეხლა ამაზე.
    დუდუმ დიდი სიფრთხილით გამოართვა ჩიჟიკას ბარტყი, ტაბურეტზე შედგა, ხელი ასწია, მაგრამ:
    – მაინც ვერა!
    – მოიყვა ეგ აქ, მოიყვა.
    ახლა გოგიამ აიყვანა ჩიტი, ტაბურეტზე დადგა, ფეხის წვერებზეც აიწია, აიხედა, ისევ ჩამოხტა:
    – არაა! არ გამოვა… ჩიჟიკ, გამოართვი, შენ მაგაზე მსუბუქი ხარ.
    – ვაა… არ გადამაყოლა, ამ ჩემისამ, ამ ზღმურტლიანს?!
    ბარტყი ისევ ჩიჟიკასთან იყო:
    – ჰა, აქა მყავს, რა გინდა აბა?
    – დადექი ტაბურეტზე.
    – აჰა, დავდექი.
    გოგი დაიხარა, ბარძაყებზე ხელი შემოხვია ჩიჟიკას, ასწია და თვითონ ავიდა ტაბურეტზე.
    – დასვი დროზე!
    – დავსვი, დავსვი.
    დუდუ მაინც ვერ ისვენებდა:
    – ჩიჟიკ, არ გადმოვარდება? ხო კარგად ზის?
    – წადი, შენი!..
    ჩიჟიკას კიდევ ერთხელ მოუწია ტანსაცმლის გაბერტყვა-გასწორება.
    – მამა!.. ხეზე რა გინდოდა, მამა?!
    ვერცერთმა შეამჩნია საიდან მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალი. ჯერ თვითონაც ბავშვს, მზისგან მოჭუტული თვალებით ძალიან რომ ჰგავდა მამას, ორივე ხელით ლურჯ კომბინეზონში გამოკვართული, წითელი კაშნეთი ცხვირპირახვეული ყრმა ჰყავდა გულზე მიხუტებული.
    უცებ შეიცვალა ჩიჟიკა, მინაბული თვალები გაუფართოვდა, გაუბრწყინდა.
    – ვაახ, თქვენ კი გენაცვალეთ… სად მიდიხართ ამ სიცივეში?
    – არაფერიც არ ცივა. ცოტა უნდა მიეჩვიოს. თან ნახე, როგორ თბილად ვართ ჩაცმულები.
    – ეს ვინ მოსულა, კაცო! – გოგის ჩაცმა მოესწრო, ხელში ელდარას ჯაგრისი ეჭირა, – რამხელა გაზრდილა! ბაბუას ჩამოაკითხე, რომ არ დაგეკარგოს?
    ბიჭუნას ცხვირზე თითი შეახო, მერე გვერდზე გადგა და შარვლის ტოტზე ჯაგრისი დაისვა.
    – გოგი ბიძია, თქვენც ხეზე იყავით? – ქალი ბედნიერი იღიმებოდა, – და ის თქვენი ძმაკაცი ახლა აპირებს?
    დუდუ წრეს ურტყამდა ჭადარს და ისევ ზემოთ იყურებოდა.
    – აი, მაგის ბრალია ყველაფერი… შეეშვი ბიჭოO მაგ ჩიტს, – დაუძახა გოგიმ.
    დუდუმ მოიხედა.
    – ვაა, ვაა, რა სტუმრები გვყოლია!.. უხ, წვერი არ მქონდეს!.. რა ჩასაკოცნია ეს ბაბუაძაღლი, ესა!
    ჩიჟიკა ამაყად იდგა. ტუჩის ერთ კუთხეში სიგარეტი გაეჩარა, მეორე კუთხე კი სიხარულისაგან ყურის ბიბილოზე უღიტინებდა.
    – წადით ჰო, გაისეირნეთ, ცოტა კი დათბა მართლა.
    – შენც წამოდი და წავალთ, ბაბუა მოენატრა, ხედავ?
    ბავშვი ჩიჟიკასაკენ იშვერდა ხელთათმანში ჩაფუთნულ პატარა მუშტს.
    – მოდი, მოდი, ჩემი… ჩემი… – ჩიჟიკამ სიგარეტი ურნისკენ მოისროლა, თვალები ისევ მილულა და პატარა ჩაიხუტა, – ჩვენ წავედით. დაუქნიე ხელი, ბაბუ.
    წავიდნენ.
    გოგიმ ტაქსს აუწია ხელი: – მეც წავედი!
    – მე და შენ რა ვქნათ, ელდარ, არ დავლიოთ? – დუდუმ ელდარას გადახედა.
    – ჯანი გავარდეს დუდუჯან, დავლიოთ.
    – ჩემი წასაყვანი არ გახდე დღესაც! – გაჯახუნდა ტაქსის კარი.
    ბერლინის კედლის დანგრევამდე გამოშვებული “ოპელის” კარბურატორმა ისე იბუთქა, რომ ბეღურების უზარმაზარი გუნდი ჭადარს ფრიალით მოსწყდა.
    ერთ წამს თითქოს ჰაერში გაშეშდნენ ჩიტები, მერე მთელი გუნდი ისე გაქანდა, იფიქრებდი სადაცაა მოპირდაპირე შენობის კედელს და ფანჯრებს შეახეთქებენ თავებსო, მაგრამ ერთბაშად გაიშალნენ, ჭადარი ალყაში მოაქციეს, სათითაოდ დასხდნენ და აჟივჟივდნენ.
    – მაგრები არიან არა? – თქვა დუდუმ.
    – მაშ როგორ! – დაუმოწმა ელდარამ, – თანაც ჩერეზჩურ! – დაამატა და ფარდულის თეთრად გადასკლინტული სახურავისკენ ანიშნა დუდუს.

    მარტი, 2009
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა,  რეცენზია

    დიანა ვაჩნაძე – ნატა ანუ ახალი ჟიული

    მარსიანი
    ანდროგინში გაერთიანებისაკენ
    დიანა ვაჩნაძე. ნატა ანუ ახალი ჟიული. ყდის დიზაინი მართა თაბუკაშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2003.

    დიანა ვაჩნაძის რომანი “ნატა ანუ ახალი ჟიული”, გაგრძელებებით რომ იბეჭდებოდა გაზეთ “ალტერნატივაში” და სხვადასხვა კრიტიკოსების რეცენზიებიც ახლდა ბეჭდვის პროცესში, წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა. წიგნი იხსნება შოთა იათაშვილის წინათქმით, სადაც განმარტებულია, თუ რატომ ერთვის წიგნს ბოლოში კრიტიკული ტექსტები ნაირა გელაშვილის, გია ბენიძის, თამარ კოტრიკაძის, ხათუნა ხაბულიანის, ნუგზარ მუზაშვილის და ლევან ბრეგაძისა; და რატომ არ ერთვის გიორგი გვახარიას ტექსტი (რადიო “თავისუფლების” ეთერში წარმოთქმული), რომელიც თურმე ფიზიკურად ვერ მოიძებნა; საინტერესოა ავტორის (დიანას) მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს კრიტიკული ტექსტები უკვე რომანის შემადგენელი ნაწილებია, რადგან რომანის თხზვის პროცესში ისინი გავლენას ახდენდნენ ავტორზე. რეცენზენტთაგან ერთი (ხათუნა ხაბულიანი) უკვე იქცა რომანის პერსონაჟად; შესაძლოა დანარჩენებსაც, რომანის თანაავტორებად მიჩნეულ რეცენზენტებსაც იგივე ბედი ეწიოთ და მომავალში (თუ რომანი გაგრძელდება, როგორც წინათქმაშია ნავარაუდევი), ეს “თანაავტორებიც” პერსონაჟების ამპლუაში მოგვევლინონ; არაა გამორიცხული, რომ თანაავტორთა თუ პოტენციურ პერსონაჟთა ამ გუნდში ურთიერთდაპირისპირებებმაც კი იჩინოს თავი: მაგალითად, რაკი თქვენი მონა-მორჩილი, წინამდებარე სტატიის ავტორი მოელის, რომ სამომავლოდ რომანის ახალ, შევსებულ-გაზრდილ გამოცემაში მისი სახელიც (“მარსიანი”) გაიჟღერებს, ანუ წინამდებარე სტატიასაც მიიერთებს რომანი, ალბათ გარდაუვალია ამ აქტთან დაკავშირებული კონფლიქტიც, რაკი მარსიანი და რომანის ერთ-ერთი რეცენზენტი გია ბენიძე ვერ არიან ერთმანეთთან იდეალურ თანხმობაში (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სულაც დანასისხლად არიან ერთმანეთთან); ყურადღება მიაქციეთ, ამ სიტყვების წერისას უთუოდ მოქმედებს მაპროვოცირებელი იმპულსი: იქნებ მომავალში თვით რომანის ავტორსაც, დიანა ვაჩნაძესაც შეექმნას მსგავსი პრობლემა, ვთქვათ, საავტორო უფლება გაუხდეს სადავო, რაკი მადა ჭამაში მოდის და ამდენი თანდართული ტექსტის (რომანის თავში იქნება თუ ბოლოში) ავტორთა, ანუ “თანაავტორთა” შორის, ვინ იცის, ტახტის მაძიებელიც ურევია…
    რომანი რომ პოსტმოდერნული ტექნიკითაა დაწერილი (უფრო სწორად, იწერება), უკვე ერთი-ორჯერ აღინიშნა რეცენზიებში. ეს ტექნიკა სულ ახალ-ახალ მეტასტაზებს ავლენს და თუნდაც “დაუკრეფავში გადასვლაზე” არ იტყვის უარს. “თანაავტორთა” შორის ჟან ბოდრიარიც უნდა დავასახელოთ, რაკი მისი ესეი “დევნა ვენეციაში” რომანის ტექსტშია ჩართული; ვფიქრობ ამით არამარტო კიდევ ერთი პოსტმოდერნული სვლა, არამედ საერთოდ პოსტმოდერნზე პაროდიაც განხორციელდა; დიანას “ქალური მიმღებლობის” ამბავი რომ ვიცით, ანუ ის, რომ მის ტექსტთან ყოველი შეხება ამ ტექსტში “ჩაფლობას” ნიშნავს, სავარაუდოა, იგი (დიანა) რომანთან მიმართებაში უდავოდ უმაღლესი ინსტანცია არც აღმოჩნდეს. “თანაავტორთა” გუნდი წარმოდგენილია როგორც მამრი, ასევე მდედრი სუბიექტებით, მათ შორის გარკვეული ბალანსიც უნდა არსებობდეს, როგორც წიგნის გმირებს – ნატას და ლეოს შორის. სასწორის პინა დროდადრო ერთ რომელიმე მხარეზე შეიძლება გადაიხაროს, მაგრამ მდედრობით და მამრობით ინგრედიენტთა სინთეზირება და ანდროგინიზაციაც მოსალოდნელია.
    ყოველივე ამისგან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიყვანოთ: ავტორის მიერ შერჩეული ფორმა ნაწარმოებისა იმდენად მოქნილი, ელასტიური გამოდგა, რომ მართლაც უსასრულო პერსპექტივას ქმნის, გადასწვდეს სრულიად სხვადასხვა განზომილებებსა თუ პლასტებს, პრინციპულად დაუმთავრებელი იყოს და ნებისმიერი სახის “საკვები” მოინელოს, ანუ უაღრესად ჰეტეროგენული მასალისაგან სულ ახალი და ახალი კონფიგურაციები აწარმოოს. ეს არის ერთგვარი რომანი-ლაბირინთი, სადაც ავტორი თავისთავს “ეკარგება” და რაღაც გაგებით “ქრება”, რათა ისევ (არაერთგზის) აღმოაჩინოს თავისთავი სულ სხვა განზომილებასა თუ რაკურსში; რომანში “ქვათა მიმოფანტვისა” და “ქვათა შეკრების” სინქრონული პროცესი მიდის, აქ ყოველივე ქუცმაცდება, იშლება და იმავდროულად რაღაც ახალ სტრუქტურაში ერთიანდება; პერსონაჟები თითქოს მრავალგზის “იბადებიან” და “გარდაიცვლებიან”, ანუ რომანის გამუდმებით ლავირებადი, წყლის მსგავსად ნებისმიერ “ჭურჭელში” მოქცევის უნარის მქონე ფორმა პერსონაჟებსაც თავის ნებაზე უცვლის სულიერ ჰაბიტუსს (სხვათაშორის, ფიზიკური ჰაბიტუსით არც არიან ეს პერსონაჟები ავტორის მიერ დახატული, თუ რომანის ეპიგრაფში, ქართულ ხალხურ ლექსში აღწერილ სატრფოს პორტრეტს არ მივიჩნევთ რომანის ქალ-პერსონაჟის გარეგნობაზე ირიბულ მინიშნებად). თუ უკიდურესობამდე მივიყვანთ ამ აზრს, იქნებ რომანის მთავარი პერსონაჟი თვით ეს ფორმაა, “ნატალეო” სუბსტანციით ნაქსოვი ფორმა, ხოლო როცა პერსონაჟებზე ვმსჯელობთ კონკრეტულად, ამით ფორმის ცალკეულ შემადგენელ ინგრედიენტებზე ვაკეთებთ რეფლექსირებას…
    რომანის ბოლოს დართულ ერთ რეცენზიაში, რომელსაც გია ბენიძე აწერს ხელს, ლაპარაკია თავისებურ ლიტერატურულ ნევროზზე, რომელიც კრიტიკოსს თავის სტიქიადაც ესახება და ამ პუნქტში ავტორთან სულიერ თანაზიარობაზე მიუთითებს. აქ შეიძლება დავამატოთ, რომ სწორედ ეს ნევროზული აურა გახლავთ ზემოთ ნახსენები ჰეტეროგენული მასალის ერთ ფორმაში თავმომყრელი იმპულსის წყარო. და, რასაკვირველია, ამ მასალაში უპირველეს ყოვლისა ენა იგულისხმება: “ნატა ანუ ახალი ჟიული”-ს ენა სტილური თვალსაზრისით საკმაოდ ჭრელია: ლეოს მეცნიერულ ტერმინოლოგიაზე აქცენტირებული მეტყველება თავისი პალინდრომ-კალამბურებითა და ინტელექტუალური შაყირით; ნატას მიდრეკილება ძველქართული, ამაღლებული სტილისაკენ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცის დასაწყისის პრეტენციოზულ, მაღალ-დაბალი სტილის აღმრევ, ბარბარიზმებით (რუსიზმებით) დანაგვიანებული მეტყველებისაკენ ლტოლვასაც მოიცავს და ორივეს პაროდირებადაც წარმოგვიდგება: “რეტროს” სტილში წარმოდგენილი ადრეული ჩანაწერები შეყვარებულთა სიზმრებისა თუ წერილებისა, სადაც ჯერ კიდევ არ არის შეჭრილი პაროდიის შხამიანი ბაცილა და რომანტიკულ-სენტიმენტალურ წიაღსვლებს ყავლი არ გასვლია; შემდეგ “ნიუ-იორკული დღიური” ნატასი და ლეოს მხატვრული ოპუსები, სადაც ხდება “ფორმის პოვნა”, ანუ უკანასკნელ დროს ქართულ ახალგაზრდულ პროზაში ფართოდ მოდებული და ხშირ შემთხვევაში თვითმიზნურად ეკლექტური ენისგან, სტილური სიჭრელისგან გამიჯვნა; “ნატა, ანუ ახალი ჟიულის” ფორმა ამ მოდური ტენდენციის პაროდიადაც შეიძლება მივიღოთ, რადგან იგი იმდენად ლაღი და მოწაფური პედანტურობისაგან თავისუფალია, რომ უდავოდ გულისხმობს გარკვეული “სკოლის” გამოცდილებას და ამ გამოცდილების ფარგლებიდან გასვლას.
    ნატას და ლეოს “შორით დაგვა” ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ რაკი მათი მიმოწერა უკვე ცალკე წიგნად, რომანის სახით დაისტამბა, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც ეტაპი უკვე განვლილია, ქალ-ვაჟმა, მათივე თქმით, “ფორმას მიაგნო” და ეს ფორმა ნაყოფიერი აღმოჩნდა მათი ურთიერთობის სულ უფრო მზარდი “სპირიტუალიზაციისათვის”: სექს-შოპში ნაყიდი ერთი პიკანტური ნივთი ლეოს ფალოსის ქანდაკებად, ძეგლად რომ “აღმართა” ნატამ (ფალოსის ქანდაკება ნაყოფიერების სიმბოლოა მითოსურ ცნობიერებაში), ამგვარი პაროდიული კულტივირებით მის ფსიქიკაში მოიხსნა ხორციელ ეროტიკაზე ემოციური მიჯაჭვულობის მტანჯველი განცდა და სხვა სივრცეები თუ სიღრმეები წარმოჩნდა; სინტიას სახის შემოყვანით ტექსტი თავისებურ მისტიკურ განზომილებას იძენს: სინტია ნატასთვის ხდება ერთგვარი “სუპერ-ეგო” და მის კვალში ჩადგომით, ჩუმად ფოტოსურათების გადაღებით ნატა თავისთავს უდგება კვალში, საკუთარი შინაგანი არსებისაკენ იღებს გეზს. როგორც ვთქვით, ტექსტში ჩართულია ჟან ბოდრიარის ფილოსოფიური ესეი “დევნა ვენეციაში”, რომელშიც ამგვარი “კვალში ჩადგომის” ფსიქოლოგიური მექანიზმია გაანალიზებული. რომანის ბოლოს, ლეოს მიერ შეთხზული ლიტერატურული ოპუსის მიხედვით ნატა არსებითად იდენტიფიცირდება სინტიასთან, რომელიც ჩემს აღქმაში ერთგვარ ეთერულ ანდროგინად წარმოსდგება. ლეო ამგვარ ნატას ქმნის თავისი წარმოსახვით, თან სახელსაც უცვლის (“რიტას” არქმევს), როგორც უკვე საკუთარი თხზულების პერსონაჟს; და ეს ნატა-სინტია-რიტა უკვე ლეოს “ალტერ-ეგო” თუ “სუპერ-ეგო”-ც ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ საკუთარ ფალოსზე მედიტაციით “თვითკასტრირებული” ლეო და იმავ ფალოსის ძეგლად აღმმართველი და ამით ლიბიდოსგან “თავდახსნილი” ნატა ვინძლო სინტია-ანდროგინში გაერთიანდნენ, ერთსულ და ერთხორც იქმნენ ოდესმე…
    4.VI. 2003

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    თემურ ჩხეტიანი – ბუდე

    ანდრო ბუაჩიძე
    პროვინციის რუტინა და მერცხლები
    თემურ ჩხეტიანი. ბუდე. რედაქტორი ზვიად რატიანი, მხატვარი დავით ხიდაშელი. “მერანი” 2003 წ. ლექსები.

    თემურ ჩხეტიანის ლექსების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მან იცის რა თქვას და როგორ თქვას. ეს კი შინაგანი გამოცდილების, სულიერი წვრთნის და რუდუნების ნაყოფია. თემურ ჩხეტიანი ძალდაუტანებლად ეძებს იმ ტონალობას, რომლითაც ლექსის შეფერილობა უნდა შექმნას. ყოველივე ეს ბუნებრივად ხდება. ამ ბუნებრიობის თავი და თავი კი პოეტის არსებაში ღრმად განფესვილი სათქმელია. ეს მეტაფორა ამ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს რეალურ ვითარებას: ნათელი დარდი თუ სევდა, თემურ ჩხეტიანის ლექსებიდან რომ გამოსჭვივის, თითქოს ფესვების მეშვეობით მართლაც სიღრმიდან არის ამოტანილი და წვეთიწვეთ გამოჟონილი. ლექსების რიტმი და ინტონაცია უჩვეულოდ თანაბარია, ამიტომაც ფიქრობ ერთი და იგივეს: ეს ლექსები შთაგონების უეცარმა აფეთქებამ თუ გაელვებამ კი არ წარმოშვა, არამედ ნელმა წვამ, იდუმალმა და უწყვეტმა პროცესმა.
    მეორე, ყველაზე უფრო საგულისხმო ნიშანი თემურ ჩხეტიანის ლექსებისა არის აზრის ნატიფი მოძრაობა. მასთან აზრი მართლაც ნატიფია და ამავე დროს შეუმჩნეველი, როგორც ქვიშაზე დარჩენილი ნაკვალევი. ასეც უნდა იყოს ლექსში, მხოლოდ ინტონაციურ სტრუქტურაში ორგანულად ჩაწერილი აზრი იქცევა პოეტურ აზრად, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი რიტორიკა შეგვრჩება ხელთ. ამ მხრივ სანიმუშოა ერთი ასეთი ლექსი: “რაღაც წაიღო გაზაფხულმა / და ბევრი რამ / გააყოლა ხელს ამ აგვისტომ, / მაგრამ მე მაინც, / მაინც მრჩება ფიქრისთვის დრო და / მრჩება რაღაც / – შემოდგომის მოწყენისათვის. / ჩემში ჩარჩა შენი გამოხედვა; / ჩემში ჩარჩა შენი ღიმილი; / ჩემში ჩარჩა სითბო შენი პატარა ხელისა… / ჩემში ჩარჩა ეს ყველაფერი, / როგორც მინდვრის ყვავილები / თიხის ლარნაკში. / მე თიხისა ვარ, / მე გამძლე ვარ, / და მე ისევ უხმოდ განვიცდი / ყვავილთა ჭკნობას”.
    ეს ფიქრი, ეს შემოდგომის მოწყენა, პოეტის არსებაში ჩარჩენილი ღიმილები და გამოხედვანი, ეს უხმო განცდა ყვავილთა ჭკნობისა თემურ ჩხეტიანისეულია, ყველაფერს მისი მკაფიო ინდივიდუალობის კვალი ატყვია. თემურ ჩხეტიანი არ უფრთხის იმას, რაც მრავალგზის ნახმარია და გაცვეთილი, მოარული და კიდეებშემოფლეთილი პოეზიაში; ფრთხილად იღებს ხელში, მტვერს აცლის, ახალ სულს შთაბერავს და აცოცხლებს. თემურ ჩხეტიანს საკუთარი ლირიკული არსების სიღრმიდან დაძრული სათქმელი საამისო ძალას ანიჭებს. ამ სათქმელისავე მეშვეობით კრებულის ავტორი ირიდებს დღევანდელ მწერლობაში დაგროვილ ბალასტს, სტერეოტიპებს, რომლებიც ლიტერატურული ფლირტის და ესთეტიკური უგემოვნობის შედეგია.
    პირადად ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თემურ ჩხეტიანის ის ლექსები და ფრაგმენტები, სადაც კონკრეტულ-ყოფითი და ამავე დროს ლირიკული დინებები ერწყმის ერთმანეთს. ამ ლექსებში ყოველდღიურობის ელფერი ტრიალებს, პროვინციის მონოტონური და მოსაწყენი ცხოვრების მაჯისცემაა დაჭერილი: “რამდენი რამე ხდება სხვაგან: / ახალიც და საინტერესოც, / კარგიც და ცუდიც, / საკვირველიც, / ღიმილისმომგვრელიც, / შემზარავი ამბავიც – ხდება!.. / საუკუნე ფინიშზე გადის: / სრბოლა, / ხმაური, / ინტრიგები, სკანდალები, სენსაციები… / რამდენი რამ ხდება სხვაგან… / მაგრამ აქ? / აქაც ხომ უნდა ხდებოდეს რამე? / სარკმელთან ვზივარ. / გარეთ ისევ თოვს. / დიახ ისევ თოვს / – გულუხვია წელს თებერვალი. / სარკმელთან ვზივარ / და ვკითხულობ: მავან-მავანნი / და ე.რეინიც ბროდსკის შესახებ; / ვკითხულობ “არილს” ჰენდელის ფონზე / (კარგად მუშაობს ჩემი KANZAI), / ვკითხულობ სხვასაც – ინტერვიუს / : ფრანგები ახლა / თურმე დაკარგულ სივრცეს ეძებენ… / გარეთ ისევ თოვს, მახსენდები და ვფიქრობ შენზე / და მსურს გითხრა: ისევ ისა ვარ / – არცთუ კარგად,/ არც ისე ცუდად / (მაპატიე, ბევრჯერ ნათქვამს თუ ვიმეორებ)… / გარეთ ისევ თოვს / და ისევ ვფიქრობ, / და სულ ეს არის, რაც აქ ხდება, / რაც ჩემთან ხდება / – სწორედ აქ და არსად სხვაგან!”
    ამ ლექსში მთავარი ფრაზა სწორედ ესაა: “აქ და არსად სხვაგან!” გარემოს მონოტონურობას და მოსაწყენობას პოეტის შინაგანი მდგომარეობაც უერთდება და ყველგან ერთნაირი აუმღვრევლობა და აუღელვებლობა ისადგურებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სხვაგან როგორი კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდეს, აქ ფოთოლიც კი არ შეირხევა. ეს უდრტვინველობა შემაშფოთებელია და შემზარავი. ეს თითქოს მშფოთვარე საუკუნის ფონია, რომელიც კონტრასტულია და ამქვეყნიურობას მოწყვეტილი. აქ მაცხოვრებელი ადამიანი ეძებს ძალას, ღრმა შინაგანი მოძრაობის უნარს, რათა გაარღვიოს დუმილის წრე და გავიდეს სიცოცხლის წრეში.
    პროვინციული პატარა ქალაქის თუ სოფლის სურათები თემურ ჩხეტიანის პოეზიაში თითქოს ფილოსოფიურ, განზოგადებულ ასპექტს იძენს. ეს ის სივრცეა, ანუ ის ადგილსამყოფელი, სადაც გლობალური ქარტეხილები ვერ აღწევს, მაგრამ სიცოცხლის იდუმალი კანონები ხორციელდება და ამიტომ არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს პოეტის დაკვირვებულ თვალს. ამ ნიშნით მეტად მიმზიდველი და საინტერესო ლექსია “ბუდე”. ვრცელ ლექსში ვარიაციულად გაშლილმა და მხატვრულად არაერთგზის განხორციელებულმა ე.წ. პროვინციის თემამ კიდევ ერთხელ შეისხა ხორცი, თუმცა, ამჯერად, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო სრულყოფილად, ვიდრე სხვა დროს. საგანთა და მოვლენათა დეტალურმა დანაწევრებამ, ზუსტად მიგნებულმა ინტონაციამ (ამგვარი ინტონაცია სხვა ლექსებშიც იყო, მაგრამ აქ უფრო ძლიერად გამჟღავნდა), გამჭვირვალე ფაბულამ, ზომიერმა პროზაულ-თხრობითმა კილომ, რომელმაც საუბრის განწყობილება შექმნა, და საერთოდ, ყველაფერმა ერთად წარმოქმნა ბედნიერი სიმბიოზი და დაბადა ეს შესანიშნავი ლექსი. ამ ლექსში არაჩვეულებრივად ხელშესახებად ირეკლება პოეტის პიროვნება, მისი ზნეობრივი სინათლე და სისუფთავე, სიწრფელის ჭარბი ხარისხი და მარტოობა, ურომლისოდაც პოეზია არ იქმნება.
    თემურ ჩხეტიანი არასდროს არ ახდენს ზეწოლას ე.წ. პოეტურ-მეტაფორულ თხრობაზე, მაგრამ ამ ლექსში მიგნებული მისი მეტაფორები იმდენად ზუსტია, რომ მთელ ლექსს თავისებურ ელფერს ჰფენს: “უკვე კარგად შებუმბლული ბარტყები – ოთხნი, / პირდაღებულნი ერთი გუნდის მომღერლებივით / და ბუდეზე ჩამომჯდარი დიდი მერცხალი, / ძალზე რომ ჰგავდა… ფრაკიან ლოტბარს!.. /”.
    ოთახის კუთხეში აშენებული მერცხლების ბუდე მოულოდნელად დაინგრა, ბარტყები დაიხოცნენ. უაღრესად მახვილგონივრულია ეს ფრაზებიც: “თურმე ხდება და პატარა ჩიტსაც / შეიძლება თავს დაატყდეს მართლა დიდი უბედურება”. ზის ლექსის ლირიკული გმირი ოთახში და მთელი არსებით გრძნობს იმ სიცარიელეს, რომელიც ჩამორღვეული ბუდის ადგილას გაჩნდა: “კედელი ახლა ცარიელია, მხოლოდ ისღა ეტყობა, რომ აქ რაღაც იყო, / რაღაც იყო და აღარ არის”. მაგრამ ისევ მოფრინდებიან მერცხლები და ახალ ბუდეს ააშენებენ. პოეტს გაკვირვების გამომხატველი სიტყვები დასცდება: “ღმერთო ჩემო, ნუთუ ახალ ბუდეს იწყებენ!..” და იქვე დასძენს: “მეღიმება და ამ ღიმილს ჩაის უკვე გაგრილებულ ბოლო ყლუპს ვაყოლებ”.
    ამ ლექსში რომ მხოლოდ მერცხლების ამბავი იყოს მოთხრობილი, ცხადია, შიშველ ტრივიალობასთან გვექნებოდა საქმე. მერცხლების “ყოფა” პროვინციის რუტინით თავგაბეზრებული და ხელჩაქნეული კაცის ცხოვრებასთან ერთად იძენს აზრს. ეს ლექსი სხვა ლექსებთან ერთად კრავს კრებულს, აგვირგვინებს იმ სათქმელს, რომელიც თემურ ჩხეტიანის ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ უაღრესად ტევად კრებულშია ჩატეული.
    და კიდევ: ამ ბოლო დროს თემურ ჩხეტიანმა გამოაქვეყნა დაახლოებით იგივე მოტივებზე დაწერილი ლექსი “ფოთლების პასიანსი”. ვფიქრობ, ეს სრულიად ახალი ეტაპია მხატვრული თვალსაზრისით პოეტის შემოქმედებაში. ლექსი მძაფრი ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი და, ამასთანავე, ოსტატურადაა გათამაშებული ბანქო, ფოთლები, ქარი, ამაოება, რუტინა და ყოველივე ამას თან ერთვის რილკესეული სიტყვები, როგორც პოეტური ციტატი – “ყველანი ვცვივით”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა

    ერეკლე დეისაძე – საიდუმლო სირობა

    “ერთბაშად ძნელია დაიჯეროთ მაგრამ ფაქტია,
    თქვენ ყველანი ღმერთები ხართ!”
    პაატა შამუგია

    ნიკი

    ყავა ნალექიანია. ამინდი უნალექო. პირისპირ ვსხედვართ და ვსაუბრობთ.
    ცა, ჩემი ჯინსისფერია. ჩემი ჯინსი – პაკოს თვალებისფერი. ის ჩემი მეგობარია და წითელი თასმებით შეკრული შავი კედები აცვია. თეთრ მაისურზე კი დიდი ასოებით აწერია სიტყვები, რომელიც შემდეგნაირად იკითხება, “so many men and so little time”. ინგლისურს სხეულივით ფლობს, წარწერაც თვითონ მოიფიქრა. მახსოვს. მაისური პირველად რომ ვნახე, ძალიან ბევრი ვიცინე.

    ყველაფერი ასე დაიწყო….
    მძიმე მარხვის შედეგად დატოვებულ მძიმე დეპრესიას თავდაპირველად ალკოჰოლითა და ჰაშიშით ვუმკლავდებოდი, ბოლოს გადავწყვიტე, ქალაქი რამდენიმე დღით დამეტოვებია და სულიერი ორგაზმის მოსაპოვებლად პატრიოტულ ბანაკებს მივაშურე…. ასე მოვხვდი ბაზალეთზე, სადაც მე და პაკომ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ….

    პაკო

    საპრეზიდენტო პროგრამას ხანდახან მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთთვიან მარხვას. ამაში ნიკის მაგალითმა დამარწმუნა. თუმცა, მოცემულ საკითხს სხვა მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ. რომ არ ყოფილიყო მძიმე ერთთვიანი მარხვა, არ იქნებოდა მძიმე დეპრესია, შესაბამისად არც ნიკის გაუჩნდებოდა სურვილი საპრეზიდენტო პროგრამაში მონაწილეობა მიეღო….

    ეს იყო “წამი აღმოჩენისა”

    ნორჩი პატრიოტების გასამხიარულებლად ჩამოსული ვადაგასული ესტრადის ვარსკვლავები საგანგებოდ მორთულ სცენაზე ახალ სიმაღლეებს იპყრობდნენ, როცა ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ. ხელში პატარა ფორმატის ხუთჯვრიანი დროშა ეჭირა და მაღალხარისხიანი პოპის ენერგიულ რიტმს თეძოების მსუბუქი რხევით უმკლავდებოდა. თითქოს ვერც კი ამჩნევდა მის ირგვლივ მოცეკვავე, ერთ პოზაში ნაკეთებ თაობას, რომლებიც ზნედაცემული ერის ზნეშერჩენილი შვილები იყვნენ. თითოეული მათგანის თვალებში ადვილად ამოიკითხავდით ტკივილს, რომელსაც “აფხაზეთი” ჰქვია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ცეკვის დროს იყო. რთულია გარედან ისაუბრო იმ უდიდეს განცდაზე, რაც მათი მოძრაობების მიღმა იმალებოდა….

    ნიკი

    და იდგა იგი შეუდრეკელი, ვითარცა სამების საკათედრო ტაძარი. სამყლუპმოკლებული ღვინის ჭიქითა და უხილავი ხმლით ხელში.
    და ვიდექი მე, აღგზნებული პატრიოტების ხროვაში, ერეგირებული და ზნეშერჩენილი.

    “მართლა ბაგრატიონი ხარ?”

    “საიდან იცი?”

    “ვიდრე ჩამოხვიდოდი, წინასწარ გვითხრეს, სამეფო ოჯახიდან არისო.”

    “და ეგ რამეს ცვლის?”

    “ჩემთვის არაფერს.”

    ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო… ვაღიარებ, სითამამით მაჯობა. რაღაცეები მეც ვიცოდი მის შესახებ, ყურმოკვრით გამეგო, წარმოშობით ამერიკელიაო. ბანაკში ყველა ერთმანეთზე საუბრობს, ყველამ ყველაფერი იცის, თუ ჭორიკანა არა ხარ, შესაბამისად, პატრიოტიც ვერ იქნები.

    პაკო

    “მე გავიმარჯვე, რადგან ზეციურ სამოთხეში მოსახვედრად მიწიერი სამოთხიდან ვიზრუნებ.”

    ეს სიტყვები სამხრეთ ამერიკელმა ტურისტმა საქართველოში მოგზაურობის დროს წარმოთქვა, რომელიც ოთხი თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად სრულიად შემთხვევით მოხვდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. საბჭოთა კავშირის ნარჩენები ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოში მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, უცხოელმა წყვილმა საქართველოში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვიტეს.

    სულ მალე, ქართულმა კერძებმა წყვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ხინკალითა და საცივით გონებადაკარგულ ქალბატონს ორსულობაც გადაავიწყდა და იგი აუტანელმა ტკივილებმა შეიპყრო. ნაყოფის დაბადება ექიმებმა ეჭვქვეშ დააყენეს. სამედიცინო ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩდა ჩანასახის შესანარჩუნებლად. სხვა გზა არ ჩანდა, იმედები საბოლოოდ გადაეწურათ. შემდეგ, როგორც ამერიკელი იხსენებს, ერთმა მისმა მეგობარმა, იმჟამად ახლადგარდაცვლილი ბერის, ვინმე გაბრიელ სასწაულმოქმედის საფლავთან მეუღლის მიყვანა ურჩია. რჩევა გათვალისწინებულ იქნა და ასე მოულოდნელად გავხდი მიწიერი სამოთხის მკვიდრი. მამაჩემი თვლის, რომ ეს ღვთის გამოცდა იყო. დედას კი დღემდე გული წყდება, გაბრიელი რომ არ დამარქვა. მათი თქმით, მამა გაბრიელი ჩემი მფარველი ანგელოზია… მე ვამაყობ ამით.

    ნიკი

    ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი განცდაა, როცა სნობებით გავსებულ დარბაზში ზიხარ, ეკრანზე შენი შიშველი ფოტოებია გამოფენილი და ირგვლივ ყველამ იცის რამხელა გაქვს. მათ შორის შენმა უახლოესმა მეგობრებმაც, რომლებსაც შესაძლოა ერთხელაც არ უფიქრიათ შენთან ჟიმაობაზე. “მე ყოველთვის მჯეროდა შენი პოტენციის” – გეხუმრება რომელიმე მათგანი. შენ კი სახის მიმიკას არ იცვლი და სრული თავდაჯერებით პასუხობ:

    “ჩემი პენისი? შემიძლია გაჩვენო კიდეც, გინდა შეეხო? შენ დარწმუნდები, რომ სრულყოფილება არ შეიძლება მხოლოდ ადამიანებში ეძიო, ცალკეულ ორგანოებსაც აქვთ ამის უნარი, ის ისეთი თბილი და მგრძნობიარეა…”

    “ნამდვილი ფსიხი ხარ”

    – გეუბნება გოგონა, რომელსაც თეთრი პერანგი აცვია ბიუსტჰალტერის გარეშე და მისი კერტები თვალებში მშობელ დედასავით შემოგცქერიან…

    სხვანაირ რეაქციას არც ელოდი… მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ნამდვილი მეგობარი თუ ტრაკშიპეროგაყრილი რომელიმე იდიოტი, როცა შენ წარმატებული ხდები, ისინი ერთნაირი თვალით გიყურებენ და ცდილობენ ისეთი ლაფსუსები აღმოგიჩინონ, რაც საბაბს მისცემთ თავიანთი შენიშვნებით მიწასთან გაგასწორონ. შეიძლება ამას რაიმე შინაგანი კომპლექსის დასაძლევად აკეთებენ…

    მაშინ პაკოს არ ვიცნობდი. ამ ტოტალური რეგრესის შეჩერება კი მარტო არ შემეძლო.

    პაკო

    პატრიოტულ ბანაკებს ერთი თავისებურება ახასიათებს. ეროვნულობის განცდას შენში იმდენად აღვიძებს, რომ შეიძლება ომი ნატვრად გექცეს, ხოლო რეზერვისტობა სამუდამო პროფესიად. ჩემი და ნიკის შემთხვევაში ეს სხვაგვარად მოხდა. თბილისში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ერთმანეთს მოვუწუწნეთ. საერთო რაზმს ნახევარი საათით გამოვეყავით და ტყეში გავისეირნეთ. სეირნობის დროს მეგობარს ბედნიერების შესახებ ვკითხე. მან მითხრა, რომ მისთვის ბედნიერება ცხოვრებისეულ მომენტებზეა აგებული და მას ყოველდღიურად შეიგრძნობს. ჩემს შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად აღმოჩნდა. ჩემმა პასუხმა ცოტათი შეაშინა კიდეც…

    “ხუმრობ?”

    “რა თქმა უნდა, არა!”

    “ანუ შენ ამბობ, რომ ბედნიერებამდე ხუთი სანტიმეტრი გაშორებს?”

    “კი, ნამდვილად ეგრეა”

    “შეგიძლია უფრო გასაგებად ამიხსნა?”

    აშკარაა რომ ნიკი დაბნეულია. მე პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩემთვის სრული ბედნიერება ავტომინეტია, ხოლო როცა წელში მთელი ძალით ვიხრები და ვცდილობ ბაგე საკუთარ სასქესო ორგანოს დავადო, ხუთი სანტიმეტრი არის მანძილი, რაც ჩემს სურვილს აფერხებს. ნიკის ეღიმება და თვალებანთებული მიახლოვდება. ჯერ ტუჩებში მკოცნის, შემდეგ შარვლის უბეს მიხსნის და ჩუჩას ცალი ხელით მითამაშებს. რამდენიმე წამში კი სულმნათი წინაპრებისგან განსხვავებით, ხელში ხმლის ნაცვლად მისივე ნერწყვით შესველებული ჩემი პენისი უჭირავს. ორივენი შუაგულ ტყის სიღრმეში ვართ. შორიდან კი თანარაზმელების ყიჟინა გვესმის, რომელიც დროდადრო იკარგება.

    მზე ღრუბელს სანახევროდ ტოვებს. ტყის სიო მთელს სხეულში ჟრუანტელივით დამდის, ფრინველების ჭიკჭიკს მალე “ჩემი ხატია სამშობლო…” ემატება. სიტყვები შორიდან ექოდ მოისმის. ჩვენ მინდორზე ერთმანეთის საპირისპიროდ ვართ გაშოტილები… ისინი ჰიმნს მღერიან…

    ნიკი

    არსებობს გამოთქმები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს მოგვაგონებენ. ეს გამოთქმები, ხშირ შემთხვევაში, უფრო დიდხანს არსებობენ, ვიდრე მათი ავტორები. ხდება პირიქითაც, მაგრამ ეს მედლის მეორე მხარეა.

    ბავშვობაში ყოველთვის ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, რომ მე ბაგრატიონი ვარ და ჩემს გვარს ისევე უნდა გავუფრთხილდე, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი აზრით, სამეფო გვარიშვილობა ღვთისგან რჩეულობას ნიშნავდა. რომ არა ჩემი ღრმა ინტერესი და განათლება ქრისტიანობის მიმართ, ვიფიქრებდი, რომ იესოც ბაგრატიონი იყო.

    “ღმერთო, შენ მიშველე!”

    ამ სიტყვებით დაგვამახსოვრდა მეტყევე, რომელიც მე და პაკომ ჩავაძაღლეთ. ჩვენს ადგილას ნებისმიერი თქვენგანი ასე მოიქცეოდა. სხვა გამოსავალი არ იყო. რომ არ მოგვეკლა, აუცილებლად ჩაგვიშვებდა. წყეული მოხუცი, ალბათ, ახლა ბევრად მშვიდად განისვენებს. ორგაზმამდე წამები მქონდა დარჩენილი, თავზე რომ წამოგვადგა. პაკო იმდენად დაიბნა, ნერვიულობისაგან მიკბინა კიდეც. სამაგიეროდ, ვალში არ დავრჩით და ყველაფრისთვის ვაზღვევინეთ. ჩემში მებრძოლმა წინაპრებმა რამდენიმე წუთით გაიღვიძეს და სისხლის ყივილიც მაშინ ვიგრძენი, თავგაჩეხილ გვამს ზემოდან რომ დავყურებდი, ნაჯახით ხელში…

    პაკო

    სიცოცხლეში ადამიანები, რამდენჯერმე იწყებენ თავიდან ცხოვრებას. ან იქნებ თვითონ ჰგონიათ ასე. ცხოვრების თავიდან დაწყებაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ეს თავისთავად მოხდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ჩემი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა. ნიკიმ თავისი მეგობრები გამაცნო, ისინი კარგი ოჯახებიდან იყვნენ და ყოველ მათგანს სძულდა საკუთარი ოჯახი. სძულდათ იმიტომ, რომ მათი მშობლები მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ…

    მათთვის, ტრაგედიად არ ითვლებოდა ბებერი მეტყევე, რომლის გვამიც ერთი კვირის წინ, პატრიოტების ახალმა ნაკადმა ტყეში შემთხვევით აღმოაჩინა. ამბობენ, სამართალდამცავებმა ისინი სათითაოდ დაკითხეს და ყოველგვარი სამხილის გარეშე, რამდენიმე მათგანი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანესო. ქვეშაფსია ბავშვები! წარმომიდგენია, პოლიციის დანახვაზე როგორ ჩაისვრიდნენ.

    რა დასამალია და ბაზალეთს რომ ვიხსენებ, ყოველთვის მიდგება, იმ თავგაჩეხილ მეტყევეზეც კი, რომელთანაც აუცილებლად ვიჟიმავებ ჯოჯოხეთში. კარგად მახსოვს, ბავშვობაში პირველად სკოლაში გამართულ საახალწლო ზეიმზე ამიდგა, როცა ჩემი კლასელი ბიჭი აჭარულს ცეკვავდა. თუ მგრძნობიარე ლიბიდო გაქვს, წარმოუდგენელია აჭარულის ილეთებზე არ აგიდგეს. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, ხოლო უფრო ადრეულ ასაკში ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილმა მანეკენმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელიც ნახევრადშიშველი იყო. მამას უხაროდა, პაკოსგან საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერი დადგებაო. მშობლები ხშირად ცდებიან, მაგრამ მათ ამის აღიარება ძალიან უჭირთ. სამაგიეროდ, მე მეადვილება ამ ყველაფერზე საუბარი. არ მესმის, რატომ უნდა დავმალო ის, რითაც ერთი ადამიანი მაინც დაინტერესდება. არ ვიცი, ეს თქვენთვის რამდენად საინტერესოა, მაგრამ მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემდეგ, მუცლის ნაცვლად, ბოქვენთან გადაინაცვლებდნენ… მაგრამ არა, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ გაამართლე ჩემი იმედი…

    ნიკი

    საღამოობით პარკში სეირნობა ჩვენი ჰობი გახდა. იქ მეგობრებს ვხვდებოდით და სხვადასხვა თემებზე საუბრით დრო გაგვყავდა. თანდათანობით ჩვენი რაოდენობა ცამეტამდე გაიზარდა, ყველას ერთი საერთო მიზანი და პრობლემა გვქონდა. რადგანაც ღმერთი ყველა ადამიანისათვის ვერ იცლის და იგი გარკვეულ ტიპებს წყალობს. გამოსავალი ერთია: თვითონ უნდა გახდე ღმერთი და ყოფით პრობლემებს მიხედო.

    ერთ თბილ საღამოს, საერთო პარკიდან ცამეტივე ჩვენგანი ერთ-ერთი მეგობრის არაკომფორტულ ბინაში მოვხვდით. თავდაპირველად ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ვიკრიბებოდით, ხოლო როცა შეკრებებმა ოფიციალური სახე მიიღო და კონკრეტულ გეგმებზე საუბარი დავიწყეთ, ბინის მეპატრონემ თქვა, რომ ეს ძალიან საშიში იყო, რადგან თუ ჩვენი გეგმების შესახებ რომელიმე მეზობელი ყურმოკვრითაც კი გაიგებდა, ისინი აუცილებლად შეატყობიებდნენ პოლიციას, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდით. გამოსავალი თვითონვე მოძებნა და საიდუმლო კარის მეშვეობით მჭიდრო ოთახიდან იატაკქვეშ აღმოვჩნდით…

    “აქ ფართობიც მეტია და მოსმენისგანაც მაქსიმალურად ვიქნებით დაცული.”

    – თქვა პაკომ და შარვლის უბე გამიხსნა… მის მაგალითს დანარჩენებმაც მიბაძეს და ყოველივე მასობრივ ორგიაში გადაიზარდა… საპირისპირო სქესის ოთხივე წარმომადგენელი თვალისდახამხამებაში დაწყვილდნენ და ფემინიზმიდან ონანიზმზე მარტივად გადაერთნენ. უმოკლეს დროში მათ ერთმანეთს ყველა ხვრელი აულოკეს… მსგავსი სცენების შემყურე, ჩვენ ორმაგად ვიგზნებოდით და ასე ჩაეყარა საფუძველი ორგაზმოლოგიას, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი ჩვენი დაჯგუფების ულამაზეს გოგონებს მიუძღვის…

    პაკო

    ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა ოთხი ნულით დაბოლოვებული დიდი თანხა წააგო. როცა თვალებში ჩავხედე, იმდენად უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, რაღაცნაირად შემზიზღდა კიდეც, უფრო მეტიც, სურვილი გამიჩნდა მისთვის დროული და კარგად გააზრებული რჩევა მიმეცა. მეგობრობაც ხომ ეს არის, არასრულფასოვნების შიში, რომ ოდესმე შესაძლოა მარტო აღმოჩნდე ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ამიტომ შენს ირგვლივ ცდილობ აირჩიო ისეთი ადამიანი, რომელსაც შენთვის უფრო მეტის მოცემა შეუძლია. მდგომარეობა კი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ყველაზე უკეთ მე შემეძლო გამომესწორებინა. შესაბამისად, ძალ-ღონე არ დამიზოგავს.

    ვეუბნები, რომ შექმნილ ვითარებაში, თვითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალია… ის დაბნეულია, აშკარაა, რომ ჩემგან ასეთ რჩევას არ ელოდება.

    “ხომ გძულს ადამიანი, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდო?”

    “თვითონ ჩავიგდე თავი ამ მდგომარეობაში.”

    “მით უმეტეს, შენ პასუხი უნდა აგო საკუთარი თავის წინაშე, მაგრამ ამით სხვა არ უნდა გააბედნიერო.”

    “ვინ სხვა?”

    “ადამიანი, რომლის გამოც თავს ცუდად გრძნობ.”

    “რას მთავაზობ?”

    “თუ წაგებულ თანხას გადაიხდი, ადრე თუ გვიან, სიღარიბეში და მარტოობაში მოკვდები, რადგან უმწეო მეგობარი ჩემთვისაც კი რაღაცნაირად არამიმზიდველია.”

    ის ტირილს იწყებს. მე კმაყოფილი ვარ და საუბარს ვაგრძელებ.

    “ჯობია ისიც გაუბედურებული დატოვო და მშვიდად წახვიდე წყეული პლანეტიდან, რომელსაც შენნაირი უბრალო მოკვდავებისთვის მხოლოდ ტკივილის მოცემა შეუძლია.”

    ღმერთი თითოეულ ადამიანს საკუთარ მისიას აკისრებს, მან იცის ამ მისიის შესასრულებლად რამდენი დროა საჭირო. შესაბამისად, ადამიანიც მაშინ კვდება, როცა მისია შესრულებულია. თვითმკვლელების უმრავლესობას ეს გაცნობიერებული აქვთ და ისინი თავიანთი გადაწყვეტილებით ღმერთს უტოლდებიან. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ღმერთის თვალში ყველაზე დიდი გმირები თვითმკვლელები არიან, რამეთუ ისინი მონობის იარლიყს იშორებენ და საკუთარ ბედს თავად წყვეტენ. თვითმკვლელებისთვის არ არსებობს ისეთი პრიმიტიული ცნება, როგორიც სამოთხე და ჯოჯოხეთია. სიკვდილის შემდეგ ისინი სხვა განზომილებაში განაგრძობენ არსებობას. ამიტომაც ითვლება თვითმკვლელობა ყველაზე დიდ ცოდვად, ღმერთი შენზე კონტროლს კარგავს და ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, ნერვებს დედამიწაზე მომხდარი კატაკლიზმებით იმშვიდებს. დაფიქრდით, რატომ ხდება ყველაზე ხშირი სტიქიური უბედურებები ამერიკაში? იმიტომ, რომ ამერიკა გმირების ქვეყანაა. იქ უამრავი თვითმკვლელი იბადება. მე მეამაყება, რომ ვარ ქვეყნიდან, სადაც ღმერთი კორპორაციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეცვალეს. ჰკითხეთ, შეერთებული შტატების ნებისმიერ მოქალაქეს, რამდენჯერ არის ნამყოფი ეკლესიაში და რამდენჯერ მაკდონალდსში?

    მეგობარი უზომოდ კმაყოფილია. მისგან თანხმობას ვღებულობ…

    “არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო.”

    მე პირობას ვაძლევ, რომ თვითმკვლელობის საუკეთესო მენიუს შევადგენ და იგი თავად გადაწყვეტს საკუთარ სიკვდილს… ჩვენ ვიღიმებით, დაახლოებით ისე, როგორც ჰოლივუდის გმირები ჰეფი ენდის დროს…

    ნიკი

    მეტრო, რომელშიც პაკოს მეგობარმა თავი აიფეთქა, რამდენიმე წლის წინ გაარემონტეს ქალაქის მერიის დაფინანსებით. მოქალაქეები, რომლებიც აფეთქების დროს დაიღუპნენ, ისტორიაში შევლენ და მათ სახელებს არასოდეს დაივიწყებს თვალცრემლიანი შთამომავლობა. ჟურნალისტი გოგონა, რომელმაც მომხდარს (არც თუ უსაფუძვლოდ) ტერორიზმი უწოდა, უახლოეს წარსულში ჩვენი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა საახალწლო მასკარადზე გაიცნო და შემდგომი ერთი თვე გამიზნულად ჟიმავდა სწორ ნაწლავში… ხოლო პოლიტიკოსი, რომელიც მომხდარში მეზობელ სახელმწიფოს ადანაშაულებს, ნამდვილი ყლეა და ღმერთმა უწყის, ამას როდის გააცნობიერებს.

    პაკომ თვითმკვლელობის მენიუს შედგენაში დიდი წვლილი შეიტანა და მომხდარით გახარებულია…

    “მთავარია მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები იყვნენ.”

    “რა მნიშვნელობა აქვს?”

    “ძალიან დიდი – ამბობს ის და აგრძელებს – ჩვენ ძირითადი აქცენტი საპირისპირო სქესზე უნდა გადავიტანოთ. თუ მათი საერთო რაოდენობის 50% განადგურდება, ჩათვალე, რომ შედეგი მიღწეულია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მამაკაცები ერთმანეთთან დაწვნენ.”

    “როგორ?”

    “მათ არჩევანის უფლება არ უნდა მივცეთ, იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის უფლება ადამიანს არა აქვს, უბრალოდ, გვაჯერებენ, რომ რელიგია არჩევანს გვაძლევს. ორ არსებულს შორის არჩევანის გაკეთება კი მარადიული დილემაა, მინიმალური არჩევანი სამიდან იწყება.”

    “გამოსავალს რაში ხედავ?”

    “თუ საპირისპირო სქესის განადგურებას დავიწყებთ, უმოკლეს ვადაში მათ ადგილს მამაკაცები დაიკავებენ.”

    პაკო

    ლუსკა ჩვენი გოგონების ოთხეულიდან ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.
    როგორც ფიგურალური, ისე სხვა გაგებით. მშობელი დედის ძუძუზე ხშირად მას და თავის გელფრენდ მაკოს ერთმანეთის კლიტორები აქვთ მონაწუწნი. მათი აზრით, ეს თვითმყოფადი რომანტიკაა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავის გონება ვერ ჩაწვდება. ლუსკა მარტოხელა ქალების ღმერთია, რადგან სპეციალური ქალიშვილის ვიბრატორის ახალი მოდელი მისი გამოგონებაა. იდეა წლების წინ მოუვიდა, უფრო ადრე, ვიდრე პირველი თვიური. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ პირველ სექსს ხშირად მოსდევს არასასურველი ორსულობა ან ვენერიული დაავადებები. ამიტომ პრობლემის გადაჭრა თავად იკისრა და შექმნა კიდევაც სილიკონისაგან ვიბრატორის მოდელი, რომელის კონფიგურაცია და მოყვანილობა, საქალწულე აპკის დაზიანებას მაქსიმალურად გამორიცხავს.

    ნიკის ინიციატივით, ერთ საღამოს იატაკქვეშეთში საერთო ვახშამი გაიმართა. ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდის ირგვლივ, ცამეტივე ჩვენგანი ადვილად მოვთავსდით. საუბარში ლუსკა აქტიურად ერთვებოდა, ხოლო მაკო იმდენად ურეაქციო იყო, უსულო საგნისგან ვერ გაარჩევდით. ნავახშმევს ნიკიმ საერთო შეკრების ნამდვილი მიზეზი გაგვიმხილა. მას სურდა ისეთი ერთჯერადი აქტი ჩაგვეტარებინა, რაც უსაზღვრო ტკივილზე იქნებოდა ორიენტირებული. უარის თქმა კომპრომისად ჩაითვლებოდა, ვინაიდან ეს იყო საკუთარი თავის ერთგვარი გამოცდა, ვის როგორ შეგვეძლო ამ საიდუმლოს შენახვა. ცამეტივე ჩვენგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობდით, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც ერთნაირად გვეკისრებოდა, ნებისმიერი ჩვენგანის ჩაფლავება საერთო იდეის ჩაფლავებას უდრიდა. ამიტომ პაკოს წინადადება ზედმეტი ყოყმანის გარეშე მივიღეთ. ჩვენ მზად ვიყავით, ერთმანეთისთვის მაქსიმალური ტკივილი მიგვეყენებინა…

    ლუსკამ და მაკომ გადაწყვიტეს, კლიტორები მოეჭრათ. კარგად ალესილ მაკრატელს დეზინფექცია ჩაუტარეს და რამდენიმე წამში ხორცის ორი პატარა ბურთულა კამათლებივით გაგორდნენ მტვრიან იატაკზე. მძიმე სანახაობა იყო, მაგრამ ესთეტიკურად მაშინ დაიხვეწა, როცა ხსენებული ხორცის ბურთულები ჯერ ნემსით გახვრიტეს, ხოლო შემდეგ ძაფზე აცმული ჩამოიკიდეს ყელზე. განსხვავებული აქტის მიუხედავად, მათი შემართება ჩვენთვისაც სამაგალითო აღმოჩნდა, აღარაფერს ვამბობ დანარჩენ გოგონებზე, რომლებმაც მაკოს და ლუსკას ქმედება, ერთი-ერთზე გაიმეორეს. ჯოჯოხეთური ტკივილი მალე აზარტში გადაიზარდა. უკლიტორო ოთხეულმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახლა ჩვენი ჯერი იდგა. დეზინფიცირებული მაკრატელი თაფლითა და ბლომად დაფქვილი პილპილით შევცვალეთ. მართლაც რომ გენიალური ჩანაფიქრი იყო. მსგავსი ტკივილის განცდა, უბრალოდ, წარმოუდგენელია… როცა თაფლშიამოვლებული და პილპილმოყრილი პენისი თამამად იკვლევს გზას შენი ნაწლავის გვირაბში. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს წუთი-წუთზე შინაგანი აალება დაგეწყება და უკანა ხვრელიდან ცეცხლს გადმოაფრქვევ…

    ჯოჯოხეთური აქტი მთელი ღამე გაგრძელდა. გამთენიისას კი გაოფლილები და ძალაგამოცლილები, სუნთქვაშეკრული ვუსმენდით ნიკის გამოსვლას, რომელმაც საჯარო მონოლოგინ შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

    ,,დღეიდან, ჩვენ ერთი სხეულის შემადგენელი ცალკეული ორგანოები ვართ, დაე გვიყვარდეს ერთმანეთი!’’

    ნიკი

    გსმენიათ რამე კოსმიური სტრიპტიზის შესახებ? რა თქმა უნდა, არა! კოსმიური სტრიპტიზი, ეს არის, როცა დედამიწა სკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს. ბავშვობაში ამაზე ბევრი მიფიქრია. სამაგიეროდ, აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესმე მე და პაკოს სურვილი გაგვიჩნდებოდა, ღამის ოთხ საათზე ქალაქის ბულვარში გვესეირნა.

    დასავლეთის ქარი უბერავს… 10-15 მეტრი სიჩქარით წამში. სეირნობა გვიან გვწყინდება და შინ ვბრუნდებით. პაკო შესანიშნავ ჩაის ამზადებს. ჟოლოსა და მარწყვის არომატით, ხოლო მოგვიანებით დასავლეთის ქარის სიმძაფრეს ჩვენი გახშირებული სუნთქვის რიტმი ცვლის, რომელიც მთელ ოთახს ავსებს და ბევრად მნიშვნელოვანი და მაგიურია, ვიდრე ნებისმიერი ატმოსფერული მოვლენა…

    “ერთი იდეა მაქვს” – ამბობს პაკო და სიგარეტს უკიდებს.

    “რა იდეა?”

    “რუსკა გამოიგონებს მისივე შექმნილი ვიბრატორის ოდნავგანახლებულ მოდელს

    “და რა შედეგს მივიღებთ?”

    “მოკლედ აგიხსნი, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, ახალი ვირუსი შექმნა, რომელიც ქალურ დაავადებებს იწვევს, კონკრეტულად, სწორი ნაწლავის დაჩირქება და ხანგრძლივი სისხლდენა საშვილოსნოდან. ის პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ ახლა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავადმყოფოს მთავარი ექიმია.”

    “რაში დაჭირდა ეს?”

    “ღმერთმა იცის, მაგრამ როგორც თვითონ მითხრა, მორიგი ექსპერიმენტის მოულოდნელ შედეგთან გვაქვს საქმე.”

    “მოულოდნელ შედეგთან? შენი აზრით, გონივრულია, ასე ერთი ხელის მოსმით საპირისპირო სქესის განადგურება? მართალია, ჩვენი საბოლოო მიზანი ეს არის, მაგრამ სად ხედავ აზარტს, მე და შენ რომ ასე ძალიან გვიყვარს…”

    “თუ პრობლემა არსებობს, შესაბამისად მისი გადაჭრის გზებიც იარსებებს. ამ შემთხვევაში კი, საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატთან გვაქვს საქმე, რომლის მიღმაც სერიოზული კორპორაციები ერთმანეთს დიდ კონკურენციას უწევენ.”

    “ეგ პრეპარატი ვინ შექმნა?”

    “ცხადია, ჩემმა მეგობარმა. ის დიდ ფულზე ოცნებობს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ვირუსის გავრცელება. მასობრივი პანიკა ახალ თავსატეხს გაუჩენს მეცნიერებს, ეს რომ მოხდება, რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ურთიერთშეთანხმებით, პრეპარატი გაყიდვაში გამოვა და საკმაოდ დიდი ფასი დაედება.”

    “ეგ აუცილებელია, რადგან თუ პრეპარატი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახედება, ჩვენ ვერ მივიღებთ სასურველ გენოციდს.”

    სიგარეტის მორიგ ღერს ვუკიდებ…

    “აქ კი ნამდვილად ვხედავ აზარტს.”

    პაკო

    ეს აზარტზე მეტი იყო… უახლოეს სამ თვეში ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა. მანამდე კი ჩვენს საამაყო ქალაქში უმცირესობებმა პარადის მოწყობა გადაწყვიტეს, თითქოს წინასწარ სურდათ გამარჯვება ეზეიმათ. თუმცა პარადის ჩატარება იდეის დონეზე დარჩა. საზოგადოების აღშფოთებამ აღგზნებული გოგო-ბიჭების გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩააფლავა. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგა, განახლებული ვიბრატორების შეძენა კი ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. ხელოვნურად დაორგაზმებული მსოფლიო თანდათან უახლოვდებოდა უფსკრულს.

    ერთ მშვენიერ დილას, ტელევიზორის ეკრანზე პოლიციის ლოყაწითელი თანამშრომელი უცნაურად გარდაცვლილ მონაზონზე არაფრისმომცემ კომენტარს აკეთებდა.

    “გარდაცვლილი სამლოცველოში იპოვეს.”

    “რა მდგომარეობაში იყო?” – ეკითხება ჟურნალისტი.

    “როგორც თვითმხილველი ამბობს, სისხლის გუბეში იწვა, თუმცაღა წინასწარი დათვალიერებით, სხეულზე ჭრილობების კვალი არ აღენიშნება.”

    “რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?”

    “ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.”

    რამდენიმე დღეში, მედიკოსების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე ახალ ვირუსთან გვქონდა, რომლის გამომწვევ მიზეზებს ჯერ ვერ ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ ვირუსი გადამდები იყო და მხოლოდ მდედრობით სქესზე ვრცელდებოდა. ქალაქი პანიკამ მოიცვა და კარანტინი გამოცხადდა. მალე ვირუსი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.

    მასობრივი შიშის ფონზე, ჩვენს იატაკქვეშეთში დიდი ზეიმი გაიმართა და როგორც ყოველთვის, წარმატებული ორგიით დასრულდა. მერე მამამ დამირეკა, ტელეფონში ტიროდა. თავი უხერხულად ვიგრძენი, როცა მითხრა, დედას სწორი ნაწლავიდან ჩირქდენა დაეწყოო. ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, რომ მამაჩემს მისი დაკმაყოფილება შეეძლო, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი, ამიტომ დავაიმედე და გამძლეობა ვუსურვე.

    ნიკი

    მსხვერპლთა მატების ფონზე, ქუჩაში მამაკაცების რაოდენობამაც იმატა. მათ უმრავლესობას წვერი ჰქონდა მოშვებული და გულჩათხრობილები დააბიჯებდნენ. იატაკქვეშეთში იდეა გაჩნდა, ერთჯერადი აქციებით თანადგომა გამოგვეხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ. იდეას სათავეში რუსკა ჩაუდგა, რომელიც ჯერარგამოსული პრეპარატის დიდ პარტიას საგულდაგულოდ ინახავდა, რათა ჩვენი დაჯგუფების შესანიშნავ ოთხეულს თავი მაქსიმალურად დაცულად ეგრძნოთ.

    ჩვენი ოთხეული საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მათი გამბედაობა სხვებისთვის სამაგალითო აღმოჩდა. რუსკას და მის გელფრენდს სატელევიზიო გადაცემებში იწვევდნენ, ყვითელი პრესის ფურცლები მათი ფოტოებით აჭრელდა. საზოგადოება მადლიერი იყო გოგონების თანადგომით.
    მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში მომხდარით შეწუხებულმა რუსკამ იტირა კიდეც და მსოფლიოს გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

    როცა მსხვერპლის რაოდენობამ სავალალო შედეგს მიაღწია, პრეპარატი გაყიდვაში გამოვიდა. ჩვენმა ქალაქმა დიდი დანაკლისი განიცადა. ცენტრალურ ქუჩაზე ქვრივი მამაკაცებისათვის განკუთვნილი სპეციალური დაწესებულება გავხსენით. მათთვის უფასო იყო საკვები და ალკოჰოლი. იქ შეკრებილებს გარკვეული დროის მანძილზე ავიწყდებოდათ თავიანთი ტრაგედია და ცხოვრების ხალისს წუთიერად იბრუნებდნენ. დაწესებულება ჩემი და პაკოს ინიციატივით გაიხსნა და მას ჩვენს მიღმა არსებული მსხვილი კორპორაცია აფინანსებდა…

    პაკო

    დადგა დღე, როდესაც დაწესებულება გეი კლუბად გადავაკეთეთ და საკუთარი გამარჯვებით ყველანი ბედნიერი ვიყავით. ხშირად ადამიანები იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე სინამდვილეში ეკუთვნით. ჩვენ კი ნამდვილად ვიმსახურებდით იმას, რაც გვქონდა. ასე ამოვედით იატაკქვეშეთიდან ცისქვეშეთში. ცამეტი გმირი, რომლებმაც არსებული გარემოება სასურველ რეალობად აქციეს. ყველაფერი კი ბაზალეთიდან დაიწყო….

    გაინტერესებთ, ახლა რას განვიცდი? მაშინ თვალები დახუჭეთ, ცერა თითი სწორ ნაწლავში შეიყავით და იფიქრეთ, რა არის თქვენი მისია დედამიწაზე.

    2 ნოემბერი. 2009

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

    ჰენრი დევიდ თორო – უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება

    ფრაგმენტები

    ამ გვერდებს, ან მათს უმეტეს ნაწილს რომ ვწერდი, ტყეში ვცხოვრობდი, უმეზობლოდ, უახლოესი მოსახლისგან მილის დაშორებით, სახლში, რომელიც მასაჩუსეტში, კონკორდთან, უოლდენის ტბის პირას ჩემი ხელით ავიშენე, და თავს საკუთარი გარჯით ვირჩენდი. ორი წელი და ორი თვე იქ დავჰყავი. ახლა კვლავ ცივილიზაციას ვარ მობრუნებული.
    მკითხველს თავს ამ წვრილმანებით არც შევაწყენდი, თანამოქალაქეებს იმდრონდელი ჩემი ყოფისადმი დაჟინებული ცნობისმოყვარეობა რომ არ გამოეჩინათ, რომელიც ზოგს შეიძლება გადაჭარბებულიც მოეჩვენოს, მაგრამ, გარემოებათა გათვალისწინებით, მე სავსებით ბუნებრივი და მართებული მეჩვენება. ერთნი მეკითხებოდნენ, რით ვიკვებებოდი; მეორენი – თავს მარტოდ ხომ არ ვგრძნობდი, სხვებს აინტერესებდათ, ხომ არ მეშინოდა და სხვა და სხვა. ზოგიერთს იმის გაგება სურდა, ჩემი შემოსავლის რა წილს ვახმარდი ქველმოქმედებას; სხვებს, მეტადრე დიდი ოჯახების პატრონებს – თუ რამდენ უპოვარ ბავშვს გავუმართე ხელი, ამიტომ იმ მკითხველს, რომელსაც ჩემი პერსონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია, უნდა მოვუბოდიშო, თუ ამ წიგნში ამგვარ კითხვებზეც მომიწევს პასუხის გაცემა. ბევრი მწერალი ამ ,,მეს’’, ანუ პირველ პირს გამოტოვებს ხოლმე, ჩემს წიგნში კი შენარჩუნებულია, და ვგონებ, მთავარ განსხვავებას ჩვენს შორის სწორედ ეგ ეგოტიზმი ქმნის. რატომღაც ყოველთვის გვავიწყდება, რომ, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს პირველი პირია ამბის მთხრობელი. საკუთარ თავის შესახებ ამხელა განსჯაში არ შევიდოდი, ვინმე, სხვა რომ მეგულებოდეს, ვისაც მასზე კარგად ვიცნობ. სამწუხაროდ, თემის ასეთი სივიწროვე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების სიმწირით აიხსნება. მეტსაც ვიტყვი, რაკი სიტყვა ჩემზე ჩამოვარდა, მე თვითონ ყველა მწერალს, პირველიდან უკანასკნელამდე, საკუთარი ცხოვრების სადა და გულახდილ აღწერასა ვთხოვ, რადგან მხოლოდ იმის მოყოლა, რაც სხვა ადამიანების ცხოვრებაზე შეუტყვიათ, საკმარისი არ მეჩვენება – ისეთ ამბავს, შორი ქვეყნიდან მოყვარესა და ახლობელს რომ მისწერდა, რადგან თუკი კაცმა წრფელად იცხოვრა, მე ამგვარი ცხოვრება მხოლოდ ჩვენგან კარგა დაშორებულ ქვეყნებში მაქვს წარმოდგენილი……
    მუდამ მეჩვენებოდა, რომ ადამიანებს თვითგვემის ათასგვარი უწყალო ხერხი აქვთ გამოგონილი. ბევრი რამ მსმენია ოთხ ცეცხლს შუა ფეხმორთხმულ ბრამინებზე, თან მწველ მზეს რომ ეფიცხებიან; ან კიდევ, კოცონის თავზე თავქვე ჰკიდიან, ან ზეცას მხარუკუღმა აჰყურებენ, მანამ, სანამ სხეულის ბუნებრივ მდგომარებაში დაბრუნება შეუძლებელი არ გაუხდებათ, ხოლო მოგრეხილ ყელ-კისერში წყალ-წყალა შეჭამანდის გარდა სხვა აღარაფერი გადასდით; ზოგი მთელ სიცოცხლეს ხეზე მიჯაჭვული ატარებს, მის კენწეროზე, ანდა თვალუწვდენელი იმპერიების მიწა-წყალს მუხლუხოსაებრ ხოხვით ზომავს, ზოგიც სვეტის თავზე ცალფეხაკეცილი დგას – მაგრამ ნებაყოფლობითი თვითგვემის ამგვარი ნაირსახეობებიც კი ვერ მოვა იმ დაუჯერებელ და გამაოგნებელ სურათებთან, რომელთა მხილველიც ყოველდღე ვხდები. იმ ჭაპანთან შედარებით, ჩემი მეზობლები რომ ეწევიან, ჰერაკლეს თორმეტი საგმირო საქმეც კი ლაღობად და წვრილმან საქმედ ჩანს, რადგან ესენი თორმეტი იყო, და ოდესღაც გასრულდა, მაგრამ ჯერ არ მინახავს, რომ ამ ადამიანებს ერთი ურჩხული მაინც დაეტყვევიბინოთ, ან ერთი საქმე მაინც დაესრულებინოთ, ეოლოსი კი არ ჰყავთ მეგობრად, რომ ჰიდრას თავი გავარვარებული რკინით მოუწვას, ამიტომ, საკმარისია, ერთი თავი წააცალონ, მის ადგილას ორი იზრდება.
    მინახავს ახალგაზრდა ხალხი, ჩემი თანამოქალაქეები, რომელთაც, მათდა ჭირად, კარმიდამო, სახლი, მეურნეობა, ბაგა-ბეღელი, პირუტყვი თუ შრომის იარაღი მემკვიდრეობით ერგოთ; მათდა ჭირად-მეთქი, რადგან მათი შოვნა გაცილებით იოლია, ვიდრე მერე ამათგან თავის დაღწევა. ამ ადამიანებისთვის ხომ აჯობებდა, ტრიალ-მინდორში გაჩენილიყვნენ, და მგლებს გამოეზარდათ; მაშინ ხომ უკეთ დაინახავდნენ, რა ჭაპან-წყვეტა ჰქონიათ თურმე მისჯილი. ან საკუთარ მიწებს რად დაეყმევნენ? ანდა იმ სამოც აკრს რა აჭმევთ, როცა კაცს საკვებად ერთი პეშვი მტვერიცა ჰყოფნის? იშვნენ თუ არა, საკუთარი საფლავის თხრას რა აწყებინებთ? მათ ხომ კაცებრივი ცხოვრებით უნდა ეცხოვრათ, ამგვარ ცხოვრებას შეწინააღმდეგებოდნენ და თავი ისე გაეტანათ. რამდენი უკვდავი სული მინახავს, ცხოვრების გზაზე ამგვარ ტვირთს ქვეშ შემდგარი… ადამიანებს შრომაში ზომიერების დაჭერა უჭირთ. კაცი თავის საუკეთესო ნაწილს მიწაში ფლავს და ნიადაგს მით აპოხიერებს. სწორედ ამგვარადვე, როგორც ერთ ძველ წიგნში წერია, ეგრედ წოდებული მიზანშეწონილების კარნახითა და მსახურებით, განძის დამფვლელს მატლი უჭამს და ქურდი ჰპარავს. უფრო ადრე თუ არა, სიცოცხლის გასრულებისას კი ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება შეშლილობას ჰგავდა…
    ამ ასე თუ ისე თავისუფალ ქვეყანაშიც კი, ადამიანთა უმეტესობა, სიბრიყვისა თუ უვიცობის გამოისობით, თითიდან გამოწოვილ საზრუნავებს ისეა მიჯაჭვული, რომ ასაღები მოსავლის საუკეთესო ნაყოფს წყალს ატანს. გადამეტებული შრომისაგან გაბრგვილებული თითები უცახცახებს და აღარ ემორჩილება. დღენიადაგ მშრომელი კაცი ნამდვილი მთლიანობის მიღწევის იშტას დღითიდღე კარგავს; ადამიანებთან ადამიანურ ურთიერთობას ვეღარ სწვდება; თუ ყურადღება ამას მოახმარა, შრომის ბაზარზე გაუფასურდება. დრო არ აქვს, რომ მანქანის გარდა, კიდევ სხვა რამედაც ივარგოს; საკუთარ უვიცობაზე როდისღა დაფიქრდეს – უამისოდ კი განვითარება არა ხდება – თუკი, რაც იცის, იმის გამოყენება ასე ხშირად უწევს? ასეთ კაცზე რომ ვიმსჯელოთ, ხანდახან მაინც უნდა დავაპუროთ, გავათბოთ და მოვუაროთ. ჩვენი ბუნების საუკეთესო მხარეები ხომ მსხმოიარე ხის კვირტებივითაა – ნაყოფს მაშინ გამოიღებს ხოლმე, როცა ფაქიზად ეპყრობიან. მაგრამ ასეთი სინაზე ჩვენ არც საკუთარი თავის მიმართ გაგვაჩნია, და არც სხვებისადმი.
    ადამიანების უმეტესობა მშვიდი სასოწარკვეთით ცხოვრობს. რასაც ბედის მორჩილებას უწოდებენ, სინამდვილეში ჩვევად ქცეული უსასოობაა. უიმედო ქალაქებიდან უიმედო სოფლებში გადავდივართ, სადაც ადამიანებს, გული რომ გაიმაგრონ, ვირთხის გამძლეობა სჭირდებათ. კარგად გამჯდარი, გაუცნობიერებლი სასოწარკვეთა იმაშიც კი იმალება, რასაც კაცთა მოდგმა თამაშებსა და გართობად თვლის. თამაშის სული მათში არ არის, რადგან თამაშს ადამიანი მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ეძლევა. სიბრძნის ნიშანი კი ისაა, როცა კაცი ახერხებს, გული უსასოობით არ დაიმძიმოს.
    დე ძველი საქმეები ძველებმა აკეთონ, ახალი საკეთებელი – ახალმა ადამიანებმა ითავონ. დრო იყო და, ძველმა ხალხმა ცეცხლის შენარჩუნებაც კი არ იცოდა. ახლა საქვაბეში ხმელ შეშას შეუკეთებ და დედამიწას გარს ჩიტის სისწრაფით შემოურბენ – ძველებს ამგვარი სისწრაფისგან ალბათ სული არ შერჩებოდათ. ასაკოვნება ჭკუის დამრიგებელს ახალგაზრდობაზე ნაკლებად თუ არა, მეტად არ არგია, რადგან მას იმდენი არ შეუძენია, რამდენიც დაკარგული აქვს. იმაშიც შეიძლება ეჭვის შეტანა, რამე თუ ისწავლა სიცოცხლეში ისეთი, რაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთანაა ნაზიარები. კაცმა რომ თქვას, სიბერეს სიჭაბუკისთვის რამე მნიშვნელოვანი რჩევა არც აქვს გამზადებული – იმდენად უხეიროდ ნაკოწიწები იყო მისი გამოცდილება, ხოლო მისი ცხოვრება – გულსატკენი მარცხი… ოცდაათიოდე წელი ხომ მაინცაა, რაც ამ პლანეტაზე ვცხოვრობ, და უფროსი თაობისგან ჯერ ყურადსაღები და ღირებული კი არა, სერიოზულად აღსაქმელი ერთი რჩევა არ მომისმენია. ისეთი არაფერი უთქვამთ, და ალბათ უკვე ვეღარც მეტყვიან, ჩემს საჭიროებას რომ წაადგებოდა. სიცოცხლე მე მომეცა, და საკუთარი ცდითა და სინჯვით უნდა განვვლო. თუკი მაინც მაქვს შეძენილი ისეთი გამოცდილება, რომელიც ღირებული მეჩვენება, მასზე ჩემს მენტორებს სიტყვა არასდროს დაცდენიათ…
    რასაც ჩემი მეზობლები სიკეთედ თვლიან, სულის სიღრმეში ამათი უმეტესობა სიავედ მეჩვენება, და თუკი ვნანობ რამეს წარსულიდან, ჩემი კეთილგონიერი ქცევაა. რომელი ავი სული მყავდა შემოჩენილი, რომ ასე კარგად ვიქცეოდი? შენ, მოხუცო, – რომელმაც სამოცდაათი წელი იცხოვრე, და თანაც, გარკვეული აზრით, არცთუ უღირსებოდ – შეგიძლია მთელი შენი სიბრძნე არ დაიშურო, მე მაინც სულ სხვა ხმა მიხმობს, და ამ ყველაფრისგან გაქცევას მირჩევს. ერთი თაობა მეორის საქმეებს ზურგს ისე აქცევს, როგორც ნაპირზე გარიყულ ხომალდს…
    ფილოსოფოსობა მხოლოდ ნატიფი აზრების ქონას არ ნიშნავს, არც სკოლის დამაარსებლობა კმარა – ასეთ კაცს სიბრძნე ისე უნდა უყვარდეს, რომ მისი კარნახით იცხოვროს – სადა, დამოუკიდებელი, ფართო ცხოვრებითა და სამყაროსადმი ნდობით. ახლა კი დიდ ადამიანთა და მოაზროვნეთა წარმატება კარის დიდებულის წარმატებაა, და არა მეფური, თუნდაც ადამიანური სიდიადე. მათ შემგუებლობით ცხოვრება არჩიეს, პრაქტიკული გზა, როგორც მათმა მამებმა, და ამიტომ ადამიანთა უფრო კეთილშობილი მოდგმის მამათავრებად ვერ გამოდგებიან. რატომ კნინდება მოდგმა? ან ოჯახების გადაჯიშების მიზეზი რაა? როგორია იმ ფუფუნების, იმ ზედმეტობათა ბუნება, ერებს რომ აჩაჩანაკებს და ანადგურებს? რად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს არსებობას არცერთი მათგანი არ შემოპარვია?….
    ,,ახალ დროის მიღწევებთან’’ დაკავშირებითაც დიდი ილუზია დაგვმართნია, მაგრამ დადებითი შედეგი ამ სიახლეებისგან ყოველთვის არ ჩანს. ეშმაკი კი მათი დანერგვისას ჩადებული წილის პროცენტებს ითხოვს, და არც გვიანდელი ინვესტიციებიდან მისაღები მოგება ავიწყდება. ჩვენი გამოგონებები ხშირად ლამაზ-ლამაზი სათამაშოებია, რომლებიც სერიოზული საკითხებისადმი ყურადღებას გვადუნებინებს, – არასრულყოფილი მიზნების მისაღწევი სრულყოფილი საშუალებები, არადა, მერე აღმოჩნდება, რომ მიზნები თურმე გაცილებით იოლი მისაღწევი იყო, თითქმის ისევე, როგორც რკინიგზით ბოსტონში ან ნიუ-იორკში ჩასვლა. ახლა ვჩქარობთ, მენიდან ტექსასამდე მაგნიტური ტელეგრაფის მოწყობა გვინდა; ოღონდ მეინს და ტექსასს შეიძლება ერთმანეთისთვის დიდი არც არაფერი ჰქონდეთ სათქმელი. ეს ამბავი იმ კაცის სურვილს გავს, რომელიღაც ცნობილი ყრუ ქალბატონისთვის მის წარდგენას რომ ითხოვს, მაგრამ როცა გასაცნობად მიეახლება, და ბანოვანი ყურსასმენს მოიმარჯვებს, სათქმელი აღარ ახსენდება. თითქოს ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფად თქმა იყოს, და არა გონივრულად საუბარი. ატლანტის ოკეანის ქვეშ გვირაბის გაყვანაზე ვოცნებობთ, რომ ძველი სამყარო ახალს რამდენიმე კვირით მოვუახლოვოთ. მაგრამ ვაი-და ამერიკის ხარბ ყურთასმენას პირველ სიახლედ ის ამბავი მიართვან, რომ პრინცესა ადელაიდას ყივანახველა შეჰყრია? კაცს თუ ყველაზე ფეხმარდი ცხენი ჰყავს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაზე საშური ამბები აქვს მისატან-მოსატანი.
    …ხალხს, როგორც ჩანს, კარგად არ ესმის, რა მოხდება, თუ საქმე სააქციონერო საზოგადოებებს და ნიჩბოსნებს ჩაუვარდათ ხელში; სულ მცირე დროში და თითქმის უდანახარჯოდ, ყველა სადღაც წავა და წამოვა. დეპოში გამცილებელი ერთს დასძახებს: ,,აბა, დაიძრა მატარებელი!’’ მაგრამ ბოლი რომ გაიფანტება და ორთქლი დაწდება, ყველა დაინახავს, რომ თურმე ამოსვლა მგზავრების მხოლოდ ერთი ნაწილს მოუსწრია, დანარჩენებს კი მატარებელმა გადაუარა – ეს ამბავი ,,სამწუხარო ინციდენტად’’შეფასდება, და უდაოდ სამწუხარო იქნება კიდეც. ვისაც მგზავრობის ფული მოუგროვებია, იმგზავრებს, თუ იქამდე იცოცხლა, მაგრამ უფრო ისე მგონია, რომ იმ დროისთვის სახსრების მოქნილობა და მოგზაურობის სურვილი დაკარგული ექნებათ. სიცოცხლის საუკეთესო წლების ასე უწყალოდ ხარჯვა იმ ფულის დასაგროვებლად, რომელმაც ცხოვრების ნაკლებ ღირებულ მონარჩენს საეჭვო თავისუფლება უნდა მოგვიტანოს, იმ ინგლისელს მაგონებს, ბედის სასინჯად ინდოეთს რომ გაემგზავრა, რათა ინგლისში გამდიდრებული დაბრუნებულიყო და მერე პოეტის ცხოვრებით ეცხოვრა. საკითხავი ისაა, თავიდანვე სხვენში რატომ არ დასახლდა. ,,რაო?’’ წარმომიდგენია, როგორ გამოყოფს თავს მილიონობით ირლანდიელი მთელს დედამიწის ზურგზე მიმოფენილი ქოხმახებიდან. ,,ვითომ ჩვენს დაგებულ რკინიგზას რამე დაეწუნება?’’ არა, ვეტყვი პასუხად, თითქმის არაფერი დაეწუნება, ხომ შეიძლებოდა, უარესიც დაგეგოთ; მაგრამ, რაკი ჩემი ძმები ხართ, ადამიანები, თქვენთვის უკეთესი ხვედრი მსურდა; ამ ტალახის თხრისთვის და ზელვისთვის კი არ მემეტებით.
    ერი თავის უკვდავყოფას არქიტექტურის წყალობით კი არა, აბსტრაქტული აზრის ძალმოსილებით უნდა ცდილობდეს. მხოლოდ ერთი ,,ბჰაგავატგიტა’’ რად ღირს აღმოსავლეთის ყველა ნანგრევთან შედარებით! ტაძრები და ციხე-კოშკები ფუფუნებაა, რომლის უფლებას თავს მხოლოდ თავადები აძლევენ. საღი და დამოუკიდებელი გონება არცერთი თავადის ძალას არ დაემორჩილება. გენიოსი იმპერატორის მსახურებას ვერ შეძლებს, მისი ძალა არც ვერცხლში დგას, არც ოქროში ან მარმარილოში. ღმერთმანი, ვერ გამიგია, რისთვის დაითალა ამდენი ქვა? არკადიაში ყოფნისას თლილი ქვა საერთოდ არ მინახავს. ქვეყნებს და ხალხებს მხოლოდ პატივმოყვარეობით ატანილობა აფიქრებინებს, რომ თავი რაც შეიძლება მეტი ნათალი ქვით უკვდავჰყონ. რა იქნებოდა, რომ ამდენი წვალება საკუთარი ქცევის და აზროვნების გასაშალაშინებლად გადაეტანათ? განა ერთი კეთილი და საღი აზრი უფრო ღირსახსოვარი არაა, ვიდრე მთვარემდე ატყორცნილი მონუმენტი? ქვების ნახვა კი მე ბუნებაში მირჩევნია – იქ, სადაც მათი ადგილია. თებეს სიდიადე ვულგარული სიდიადე იყო. ასკარიბჭიან თებეს, რომელსაც ჭეშმარიტი მიზნისკენ სავალი გზა დაეკარგა, მე პატიოსანი კაცის ეზო-კარს მოვლებული დაბალი ღობე მიჯობს. ბარბაროსული და წარმართული რელიგიები და ცივილიზაციები დიდებულ ტაძრებს აგებდნენ, მაგრამ ის, რასაც შეიძლება ქრისტიანობა ეწოდოს, ამას არ აკეთებს. რამდენი ქვაც არ უნდა დაამუშაოს ხალხმა, თუ ერმა, იქედან მეტი წილი მაინც მის განსასვენებელ ქვად დარჩება. მათ ქვეშ ხალხები თავს ცოცხლად იმარხავენ. თუ პირამიდები გაგახსენდათ, გაოცების ღირსი მათ სულ სხვა რამ სჭირთ: როგორ უნდა დაკნინებულიყო – თან ამდენი ადამიანი, რომ მთელი სიცოცხლე რომელიღაც ამპარტავანი გვამისათვის ამგვარი განსასვენებლის მშენებლობაში გაელია. და ვფიქრობ, უფრო გონივრული და ადამიანური საქციელიც კი იქნებოდა, ის კაცი ნილოსში დაეხრჩოთ…
    ვაღიარებ, ჯერ-ჯერობით დიდი ფილანთროპობა ჩემი თავისთვის არ შემიმჩნევია. თუკი რამ შემიწირავს, უფრო მოვალეობის კარნახით ყოფილა – სხვა დანარჩენ სიამოვნებებთან ერთად, უარი ამაზეც მაქვს ნათქვამი. რა აღარ იღონა ზოგიერთმა, რომ ჩვენი ქალაქის უღარიბესი ოჯახების დასახმარებლად დავეყოლიებინე. სულ რომ არაფერი მქონოდა საკეთებელი – მოგეხსენებათ, ეშმაკი ყველაზე დიდ მცონარასაც კი საქმეს გამოუჩენს – მაშინ იქნებ მოცალეობა ამათთვის მიმეძღვნა. თუმცა, როცა ასეც ვქენი, ზოგიერთი გაჭირვებულის ზეცა მხრებზე მოვალეობის ტვირთად დავიდე და დასახმარებლად ისეთი თანხა შევთავაზე, როგორითაც თავად ყველა თვალსაზრისით კომფორტული ცხოვრება მოვიწყე, უკლებლივ ყველამ და უჭოჭმანოდ ძველებურად, სიღატაკეში ცხოვრება არჩია. რაკი ჩემს თანამოქალაქეებს, ქალიან-კაციანად, მოყვასის სიკეთეზე ზრუნვის ათასგვარი ხერხი აქვთ მოგონილი, დარწმუნებული ვარ, სხვა, ნაკლებ ჰუმანური საზრუნავის უფლება ერთ კაცს მაინც უნდა მიეცეს. ქველმოქმედებას, როგორც ყველა სხვა საქმეს, ნიჭი უნდა. სიკეთის ქმნა ისეთ გავრცელებულ პროფესიად იქცა, ზედმეტი ხალხის ადგილი მასში აღარ დარჩა. მეტიც, ამ ასპარეზზე თავი პატიოსნად მოვსინჯე, და რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, კმაყოფილი ვარ, რომ მას ვერ მოვერგე. ალბათ, არცაა საჭირო, რომ სიკეთის საკეთებლად, რასაც საზოგადოება მთხოვს, ჩემს მოწოდებაზე შეგნებულად, ნებაყოფლობით ვთქვა უარი, სამყაროს ალბათ ამით ვერ გადავარჩენ; პირიქით, ისე მგონია, რომ ამ სამყარომ აქამდე ჩემნაირი, და ჩემზე ათჯერ მეტი შეუპოვრობის მქონე ხალხის წყალობით მოატანა. თუმცა, ადამიანსა და მის ნიჭს შუა ვერ ჩავდგები; თუ ვინმე იმ საქმიანობას მისდევს, რომელზეც მე უარი ვთქვი, და მთელი გულით, სულით და არსებით ემსახურება, ასეთ კაცს ვეტყვი: შენს გზას ნუ გადაუხვევ, თუნდ შენს სიკეთეს მთელმა სამყარომ სიავე დაარქვას, რასაც, საფიქრებელია, ბევრი აკეთებს კიდეც… ადამიანისგან მე მისი ყვავილი, მისი ნაყოფი მჭირდება. მისი სურნელის შეგრძნობა მინდა, მასთან ურთიერთობას კი მწიფე ნაყოფის საამური გემო უნდა დაყვებოს. მისი სიკეთე დრო და დრო გამოჩენილი, ცვალებადი თვისება კი არ უნდა იყოს, არამედ უწყვეტი, კიდეებზე გადმომდინარე სიუხვე, რომელიც თავად გამცემს ჯაფად არ ადგება და რომელსაც თავად ვერც კი ამჩნევს. ასეთი გულმოწყალებით ბევრი ცოდვის გამოსყიდვა შეიძლება.
    ჩემი პატარა ქოხის თავზეც ისეთივე ქარები ქროდა, მთის მწვერვალებს რომ თავს ევლება; ამ ქარებს ჩემს ყურთასმენამდე მიწიერი მუსიკის ნაწყვეტები მოჰქონდა, მისი ღვთაებრივი ნაწილი. დილის ნიავი ხომ მუდმივად ქრის, და არსთამპყრობლის ლექსი არასდროს წყდება, მაგრამ ეგაა, რომ ყურია ცოტა მისი გამგონი. დედამიწის ფუსფუსს თუ კარგად დაშორდები, ოლიმპოს მერე ყველგან იპოვი.
    მართალია, სახლის შესასვლელიდან ხედი უფრო შეზღუდული მქონდა, მაგრამ ვიწროდ და მომწყვდეულად თავს სულაც არ ვგრძნოდი. ჩემს წარმოსახვას საბალახოს რა დაულევდა. დაბალმუხნარიანი ტაფობი, რომელსაც ტბის მოპირდაპირე მხარე უერთდებოდა, დასავლეთისკენ, ლამის ტარტართა სტეპებისკენ იყო გადაჭიმული, რომლის სივრცეები ყველა მომთაბარე მოდგმას დაიტევდა…
    მე კი დროსა და ადგილს ვიცვლიდი და სამყაროს იმ ნაწილს, ისტორიის იმ მონაკვეთებს ვუახლოვდებოდი, რომლებიც ყველაზე მეტად მიზიდავდა. მიწები, რომლებზეც ვსახლდებოდი, ისეთივე შორი იყო, როგორც ციური სხეულები, რომლებსაც ღამ-ღამობით ვარსკვლავთმრიცხველები აკვირდებიან. ჩვენ ხომ იშვიათი და გულისმატყვევებელი სამყაროების წარმოსახვა გვინდა, მზის სისტემის რომელიმე უშორეს, უჰაეროვნეს სივრცეებში, კასიოპეას სკამის თანავარსკვლავედს მიღმა, ამქვეყნიური ხმაურის და შფოთვის მიღმა. აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლი კოსმოსის სწორედ ასეთ, თვალს მიფარებულ, მაგრამ მუდამ ახალ და შეურყვნელ პატარა კუნჭულში იდგა. ასეთ ადგილებში – პლეიადების ან ჰიადების, ალდებარანის ან ალტაირის სიახლოვეს დასახლება თუ კარგი აზრი იყო, მაშინ მეც მართლა იქ ვცხოვრობდი, ჩემი უწინდელი ცხოვრებიდან ასეთივე დაშორებით, ჩემი უახლოესი მეზობლისთვის მათსავით მკრთომ და მოციმციმე სხივად ვიქეცი, მხოლოდ უმთვარო ღამეებში გავხდი მისთვის ხილული. ასეთი იყო სამყაროს ის ნაწილი, რომელშიც ბინადრობის უნებართვო მოსალხედ დავსახლდი.
    გამთენიისას, ღია ფანჯარასთან ან კართან რომ ვიჯექი ხოლმე, ჩემს ოთახში შემოფრენილი კოღოს ძლივს გასაგონი ბზუილი არანაკლებ მიღელვებდა გულს, ვიდრე გარდასულ გმირთა სადიდებლად დაცემული ბუკი და ნაღარა. ეს ჰომეროსის რექვიემი იყო; მისი ილიადაცა და ოდისეაც, ჰაერში გაბნეული, მათს მრისხანებას და ყარიბობის ამბავს რომ იტევდა. იყო ამ ხმაში რაღაც კოსმიური – სამყაროს სიდიადისა და ამოუწურავი ძალის შეხსენება. დილა, დღის ყველაზე დაუვიწყარი დროა, ადამიანის გამოღვიძების ჟამია. ამ დროს ყველაზე ნაკლებად გვერევა თვლემა და მცონარება, თუნდ სულ ცოტა ხნით, ერთი საათით ადამიანში ის თვისებები იღვიძებს, რაც მერე მთელი დღის განმავლობაში მიძინებულია. რა დღესაც ჩვენი სულის წარმმართველი კეთილი ძალა, გენია კი არა, რომელიმე მსახურის მოუქნელი მცდელობები გვაღვიძებს, როცა სიცოცხლის და სულიერ ძალთა მოზღვავება, ზეციური მუსიკა და ჰაერში გაბნეული ნელსურნელება კი არ გვაფხიზლებს, არამედ ფაბრიკის საყვირის ხმა, როცა წუხანდელზე უკეთესი ცხოვრების შესაგებებლად არ ვიღვიძებთ, რომ ამიერიდან ღამის სიბნელეც ისეთივე ნაყოფიერი იყოს ჩვენთვის, როგორც დღის ნათელი – ის დღე დაკარგულია, თუ შეიძლება, რომ საერთოდ დღე ეწოდოს. ვისაც არა სწამს, რომ ყოველ ახალ დღეს მისთვის შეუცნობელი და წმინდა, ჯერ წაუბილწველი დილის საათი მოაქვს, მას სასო დაუკაგრავს, მისი ცხოვრება დაღმართ და ბნელისკენ მიექანება…
    გაღვიძება და ფხიზლობა გვაქვს სასწავლი, ოღონდ არა ხელოვნური დამხმარების მეშვეობით, არამედ განთიადის უსასრულო მოლოდინით, რომელიც ყველაზე ღრმა ძილშიაც არ უნდა გვტოვებდეს. ყოველდღიურობისთვის ხარისხის მინიჭება – აი ეს არის ყველაზე მაღალი ხელოვნება. ყოველ ადამიანს ის ევალება, რომ თავისი ცხოვრება, წვრილმანებამდეც კი, იმ მისწრაფებათა ღირსად აქციოს, რომელთაც მისი ცხოვრების ყველაზე ღირებული საათები შთააგონებს…
    ტყეში საცხოვრებლად იმიტომ წავედი, რომ გააზრებით ცხოვრება მსურდა, მინდოდა თვალი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის გამესწორებინა, დავრწმუნებულიყავი, შევძლებდი თუ იმის სწავლას, რაც ცხოვრებას ჰქონდა ჩემთვის სასწავლებლად გამზადებული, რათა სიკვდილის წინ არ მივმხვდარიყავი, რომ სრულებით არ მიცხოვრია. რაც სიცოცხლე არაა, იმით ცხოვრება არ მსურდა, რადგან სიცოცხლე მეძვირფასება; არც განდეგილობას ვეძებდი, რაკი ამის საჭიროება არ მედგა. მინდოდა, ცხოვრებას ღრმად ჩავწვდომოდი და მისი გულისგული ხელში მომეგდო, მკაცრად და სპარტანულად მეცხოვრა, რაც სიცოცხლე არ იყო, მისგან გამომერიდებინა, თავად კი კარგად მომეხელთებინა, მისი ყველაზე დაუშლელი არსი გამომერჩია, და თუკი ხელში რამ უბადრუკი შემრჩებოდა – მისი სრული და შეულამაზებელი უშინაარსობისთვის თვალი გამესწორებინა, და ეს უშინაარსობა მთელი სამყაროსთვის მეცნობებინა; მაგრამ თუ მის სიდიადეს მივადგებოდი, საკუთარი ცდით და სინჯვით შემეცნო და ამაზე ჩემს მომდევნო თხზულებაში მომეყოლა…
    სიმარტივე, სიმარტივე და სიმარტივე! ათასი საქმის მაგიერ ორი ან სამი იქონიეთ, ვამბობ მე, მილიონობანას შევეშვათ და ათამდე თვლას დავჯერდეთ, დასათვლელი კი ხელისგულზე გვქონდეს; ცივილიზებული ცხოვრების შფოთიან ზღვაში იმდენი ღრუბელი, ქარიშხალი, მეჩეჩი და წინააღმდეგობაა, რომ კაცს დიდი გამოთვლები დასჭირდება, რომ არ დაიძიროს და ნავსაყუდელს მიაღწიოს. სიმარტივე და ისევ სიმარტივე! დღეში ორჯერ და სამჯერ ჭამის მაგიერ, თუ მაინცადამაინცობაა, ერთხელ მირთმევა, ასობით კერძის ნაცვლად – ხუთის შერჩევაც საკმარისია; სხვამხრივაც ასევე უნდა შემცირდეს ყველაფერი, რასაც დავეჩვიეთ. ჩვენი ცხოვრება ღარიბი მიწებისგან შემდგარ გერმანიის კონფედერაციას ჰგავს, რომელთა შორის საზღვრები დაუსრულებლად იცვლება, იმდენად, რომ დანამდვილებით მათს ახლანდელ მდგომარეობას თვით გერმანელიც ვერ გეტყვით. თვითონ ქვეყანა, მასში მიმდინარე ეგრედ წოდებულ შიდა სიახლე-გაუმჯობესებათა მიუხედავად, რომლებიც მაინც სულ ზედაპირული და გარეგნულია ხოლმე, ერთ მოუქნელ და უზომო წარმონაქმნს წარმოადგენს, მის ქვეშევრდომთა მილიონობით ოჯახის მსგავსად, ავეჯითა და უსარგებლო ხარახურითაა გადაჭედილი, ფუფუნებით და უგუნური ხარჯვით, ღირსეული მიზნებისა და აღრიცხვის უქონლობით დაქცეული. ერთდერთი გამოსავალი აქაც მეურნეობის უზუსტესი გაძღოლაა, ცხოვრების სპარტანული უბრალოება და უფრო მაღალი მიზნების დევნა. ცხოვრება ძალიან ავაჩქარეთ. ადამიანებსა ჰგონიათ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვაჭრობაა, ყინულის ექსპორტი, ტელეგრაფებით საუბარი, საათში ოცდაათი მილის გავლა; ამაზე ეჭვის მიტანა არ შეიძლება; მნიშვნელობა არ აქვს, ახერხებენ თუ არა თავად ამას; მხოლოდ ერთი რამ რჩება გაურკვეველი: ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვროთ, თუ ბაბუინებივით? ახლა, თუ სარკინიგზე პალოების ჭრა და თლა შევწყვიტეთ, ლიანდაგი არ დავაგეთ, ამ საქმეს დღე და ღამე არ მივუძღვენით, ამის მაგიერ კი ცხოვრება დავიწყეთ და მის გაუმჯობესებაზე დავფიქრდით, მაშინ რკინიგზა ვიღამ აშენოს? თუ რკინიგზის გაყვანა დათქმულ ვადებში ვერ მოვასწარით, ზეცაში მოხვედრა არ დაგვიგვიანდება? მაგრამ თუ სახლში ვსხდებით და ჩვენს საკეთებელს ვაკეთებთ, მაშინ რკინიგზა ვიღას დასჭირდება? ჩვენ, ადამიანები კი არ ვჭრით რკინიგზას, რკინიგზას გვიჭრიან კანზე. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რა პალოები აწყვია ლიანდაგების გარდიგარდმო? ყოველი ეგეთი პალო ადამიანია – ირლანდიელი, ან იანკი. ლიანდაგი ადამიანის სხეულებზეა გადაგებული – მერე სილა მოაყარეს და ზედ მატარებელები გაუშვეს. ის პალოები კი ისე მორჩილად დევს, ისე მორჩილად!
    რის ახალი ამბები, რა ახალი ამბები! რამდენად უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რაც არასდროს ბერდება და ძველდება! ,,კიუ-ჰე-იუმ (ვეის პროვინციის დიდ-დიდი მოხელე იყო) ხუნ-ციოს ამბების შესატყობად კაცი გაუგზავნა. ხუნ-ციომ მალემსრბოლი გვერდით მოისვა და ჰკითხა: ,,შენი ბატონი რასა იქმს?’’ შიკრიკმა მოწიწებით მიუგო: ,,ჩემი ბატონი თავის შეცოდებებათა დაძირკვას ლამობს, მაგრამ ჯერ მათ ძირს ვერ მიაღწია.’’ შიკრიკი რომ წავიდა, ფილოსოფოსს აღმოხდა: ,,რა ღირსეული შიკრიკი იყო! რა ღირსეული!’’ ჰოდა, ჩვენმა საკვირაო მქადაგებლებმაც, იმის მაგიერ, რომ მთელი კვირის ნაშრომ-ნაწვალებ მთვლემარე ფერმერებს დასვენების ერთადერთ დღეს ყურები უგულოდ შედგენილი ქადაგებით გამოუჭედონ – მოგეხსენებათ, კვირა დღე უგუნურად განვლილ კვირას აგვირგვინებს, არადა, შეიძლებოდა, სიმხნევითა და სიხარულით აღვსილი კვირის დასაწყისად ქცეულიყო – მაღალ ხმაზე უნდა დასძახონ: ,,შეჩერდით! სიტყვით მოჩქარენო და საქმით ნელნო, ღუზა ამოსწით!’’
    მომდევნო თაობებმა უნდა იცოდნენ, მცდარი დამოკიდებულებების და ილუზიების როგორმა ლაფმა იცის დაგროვება დროდადრო. თუ ამ ფაქტს თვალს გაუსწორებ, დაინახავ, რომ მზის სხივი მისი ორსავ წახნაგზე ისე ელვარებს, როგორც ორლესულზე, იგრძნობ, როგორ გაივლის შენს გულს, მთელს შენს არსებას გამსჭვალავს და მოკვდავის ამქვეყნიურ გზას ბედნიერი დაასრულებ. სიცოცხლეში თუ სიკვდილში, ადამიანი მხოლოდ იმას ეძიებს, რაც ნამდვილია. თუ სიკვდილი დაგვიპირებია, დე ყურს სიკვდილისწინა ხროტინი ესმოდეს, ხელ-ფეხმა კი სამარის სიცივე შეიგრძნოს; მაგრამ რაკი ცოცხლები ვართ, უნდა გავინძრეთ და საქმეს მივხედოთ…
    …დრო მდინარეა, რომელშიც მე ანკესს ვაგდებ. მისი წყლებიდან ვსვამ, მაგრამ რომ ვსვამ, მის ქვიშიან ფსკერს ვხედავ, და ვხვდები, რა მეჩხერია ის წყლები. მისი თხელი ნაკადი განს მივლის, მარადისობა კი ხელში მრჩება. მე უფრო ღრმა წყლებიდან მსურს ამოხაპვა, ანკესი მინდა ზეცას ვისროლო, ფსკერზე კენჭებად რომ ვარსკვლავები აქვს. მე კი დათვლა ერთამდეც არ შემიძლია. მე კი ანბანის პირველი ასოც არ ვიცი. მუდამ ის მქონდა საწუხარად, რომ ისეთი ბრძენი არ ვარ, როგორც იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოვევლინე. ადამიანის ინტელექტმა თავისი საქმე იცის, საგანთა არსს სწორედ ის წვდება. ამიტომ არ მინდა, რომ ხელებით იმაზე მეტი ვიმუშავო, ვიდრე აუცილებლობა მოითხოვს. ჩემი გონება ჩემი ხელებიცაა და ფეხებიც. ვგრძნობ, ჩემი საუკეთესო თვისებები მასშია თავმოყრილი. ალღო მეუბნება, რომ როგორც ზოგიერთ ცოცხალ არსებას სოროს სათხრელად დინგი და თათები აქვს, ჩემთვის თავია ის ორგანო, რომელმაც ღრმად უნდა თხაროს, და ცხოვრებაში გზას ამ ცოდნით ვიკვალავ. ვგრძნობ, სადღაც, სულ ახლოს, უმდიდრესი საბადო უნდა იყოს; ამას ჩემი ტირიფის წნელი, ჩემი ღვთაებრივი წნელი და მიწიდან ამოვარდნილი ოხშივარი მეუბნება. ამიტომ თხრას სწორედ აქ დავიწყებ.
    …მშვენიერი წუთის ხიბლზე ვერანაირი სამუშაოს გამო, გონებრივი იქნებოდა თუ ფიზიკური, უარს ვერ ვამბობდი. მე ჩემი ცხოვრებისთვის, როგორც ნაწერისთვის, ფართე ველების დატოვება მიყვარს. ხანდახან, ზაფხულში, დილის ჩვეულ ბანაობას რომ მოვათავებდი, მზის ამოსვლიდან შუადღემდე მზით გაღაღანებულ პარმაღთან ვიჯექი ხოლმე, ფიჭვის ხეებს, ჩემს პატარა თხილნარსა და თუთუბოს შორის, უშფოთველ განმარტოებაში ფიქრს ნეტარებით ვეძლეოდი, გარს ჩიტები დამჭიკჭიკებდნენ ან ჩემს სახლში უხმოდ დაფარფატებდნენ, სანამ მზე არ დააჭერდა, ან გზიდან წამოსული ბორბლების ჭრიალი არ გამომაფხიზლებდა და შემახსენებდა, რა დიდი დრო იყო გასული. ასეთ საათებში ისე ვიზრდებოდი, როგორც სიმინდი – ღამ-ღამობით, ეს დრო ჩემთვის ყოველგვარ ფიზიკურ სამუშაოზე უფრო სასარგებლო იყო – თითქოს ჩემი ცხოვრებიდან კი არ იყო ნასესეხები, ჩემთვის ამქვეყნად გამოყოფილ დროისგან დამოუკიდებლად მქონდა ბოძებული. მე გავიგე, რა აზრს დებს აღმოსავლელი კაცი სიტყვაში ,,მჭვრეტელობა‘‘, რომელსაც ყოველგვარ სამუშაოზე მაღლა აყენებენ. უფრო ხშირად ვერც კი ვამჩნევდი, როგორ გადიოდა დრო. დღე წინ თითქოს იმისთვის მიიწევდა, რომ ჩემი შრომისთვის სინათლე არ მოეკლო. ამწუთას თითქოს დილა იყო, და უკვე საღამო მეპარებოდა, ღირსახსოვარი კი არაფერი ჩამედინა. არა, ჩიტებივით არ ვმღეროდი – ჩემს იღბლიანობას შევხაროდი და ვუღიმოდი. ჩემი კარების წინ, თხილის ხეზე შემომჯდარ ბეღურას თავისი სიმღერა ჰქონდა, მე – ჩუმი, გულში დატოვებული სიცილი, სულის უხმო გალობა, რომლის გაგება ფრინველებს ჩემი ბუდიდან შეეძლოთ. ჩემი დღეები კვირის ის დღეები არ იყო, წარმართული ღვთაებების სახელები რომ ერქვათ; ჩემს საათებს მექანიზმის ტიკტიკი ვერ ყოფდა და ანაწევრებდა… ეჭვი არ არის, ამგვარ ყოფას ჩემი თანამოქალაქეები მცონარობას და უსაქმურობას დაარქმევდნენ, მაგრამ ჩიტებს და ყვავილებს მათი საზომებით ვყავდი გასინჯული, და საყვედური არ დასცდენიათ. კაცმა თავისი ცხოვრებისგან განსაკუთრებული შემთხვევა თავად უნდა შექმნას, დარწმუნებული ვარ ამაში. დღე, მისი ბუნებრივი მსვლელობით, სიმშვიდით არის აღვსილი, და მცონარობისთვის გაკიცხვა არ აქვს…
    …ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ ტყეში შინაური ცხოველის ხმა ძლიერ მაკლდა. მარტო ეგ კი არა, სადღვებელის, სართავის ხმა, ჩაიდნის დუღილი, ქვაბის ქაფქაფიცა და ბავშვის ტირილიც. ძველი ყაიდის ადამიანი ჩემს ადგილას ალბათ შეიშლებოდა, ან დარდისგან ფეხებს გაჭიმავდა. ვირთხებიც კი არ მყავდა, რომ კედლებში ეფხაჭუნათ: ეტყობა შიმშილით დავხოცე, ანდა თავიდანვე ვერაფრით მოვხიბლე – მარტო ციყვები ცხოვრობდნენ ჩემს სახურავზე და იატაკქვეშ, თხაწველია –სახურავქვეშ, ფანჯრის ქვეშ – ერთი მჩხავანა ჩხიკვი, სახლქვეშ – ბაჭია, ან შეიძლება ზაზუნა, სახლს უკან – ყურებიანი ბუ, ტბაზე გარეული გედების გუნდი, და მელა, რომელიც ღამ-ღამობით ომახიანად ყეფდა.
    მე ჩემი მზე მაქვს, ჩემი მთვარე და ვარსკვლავები, საკუთარი პატარა სამყარო… ვინც შუაგულ ბუნებაში ცხოვრობს, და მისი შეგრძნობის უნარი არ დაუკარგავს, ნამდვილი მელანქოლიით დაავადება არ ემუქრება. ისეთი ქარიშხალი არ არსებობს, რომელიც ჯანსაღ და შეურყვნელ ყურთასმენას ეოლოსის ქნარის მუსიკად არ მოეჩვენება. სადა და გაბედულ ადამიანს მდარე შავნაღვლიანობას ვერარა გარემოება ვერ შეყრის. სანამ წელიწადის დროებთან მეგობრობით ვტკბები, ნამდვილად ვიცი, ეს ცხოვრება ტვირთად არ მომეჩვენება. ნაზი წვიმები, რომლებიც ჩემს დარგულ ლობიოს აცოცხლებს, მე კი დღეს სახლში შემდევნა, მოსაწყენი და სვედისმომგვრელი სულაც არ არის, პირიქით, ჩემთვის სასარგებლოც კია. მართალია, მის გამო ჩემს ნათესებს ვერ ვთოხნი, სამაგიეროდ თოხზე გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს. თუ წვიმა ისე გაგრძელდა, რომ ლობიო მიწაში დამილპა და კარტოფილის მოსავალი ვერ ავიღე, რა გაეწყობა. სამაგიეროდ, მთის ფერდობებზე ბალახი ამოვა; რაკი წვიმა ბალახისთვისაა სასიკეთო, მაშ ჩემთვისაც სასიკეთო ყოფილა. ხანდახან ჩემს ხვედრს სხვებისას რომ ვადარებ, ვხვდები, ღმერთები მე უფრო მწყალობდნენ, როგორც ჩანს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიმსახურებდი. მე განსაკუთრებული მფარველობა მაქვს, ბევრი რამ მომეცა ისეთი, სხვებს რომ არ აქვთ. თავს არ ვიტყუებ და არ ვეპირფერები, პირიქით, სინამდვილე ისეთია, შესაძლებელი რომ იყოს, სხვები მეპირფერებოდნენ. თავი მარტო მე ჯერ არასდროს მიგრძვნია, მარტოობა მხრებზე ტვირთად არასოდეს დამწოლია – მხოლოდ ერთხელ, ტყეში გადმოსახლებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ, ერთადერთხელ, სულ ერთი საათით დავეჭვდი, არის თუ არა შესაძლებელი უშფოთველი და საღი ცხოვრება ადამიანებთან ახლო მეზობლობის გარეშე. მაშინ მარტოდ დარჩენა უსიამოვნო მომეჩვენა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ავადმყოფური მდგომარება იყო, და გული მიგრძნობდა, რომ მალე გამივლიდა. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, უხმო წვიმა ცრიდა, მოულოდნელად ვიგრძენი: წვიმის წვეთების ამ ცვენაში, ყოველ საგანში, გარედან შემოსულ ყოველ ხმაურში რაღაც უსასრულოდ კეთილგანწყობილი, მეგობრული იგრძნობოდა, და ამ გრძნობამ მხნეობით ამავსო; ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნის წარმოსახული უპირატესობები იმდენად უმნიშვნელო მეჩვენა, რომ მას მერე ამ ფიქრებს ერთხელაც აღარ დავბრუნებივარ. ფიჭვის ყოველი პაწაწინა წიწვი ჩემს მიმართ სიმპათიით და თანალმობით იყო სავსე, თავის მეგობრობას მთავაზობდა. რაღაც ძალამ აშკარად მაგრძნობინა, რომ აქ ჩემიანებს შორის ვიყავი, ყველაფერი ახლობელი იყო, ბუნების ის მხარეებიც კი, რომლებსაც ჩვენ შავბნელად და ადამიანისთვის მტრულად გვეჩვენება. აშკარად ვიგრძენი, რომ სულ არაა აუცილებელი, ყველაზე ახლო და ღვიძლ არსებად ადამიანი, მეზობელი მყავდეს, რომ მას მერე უცხოდ თავი არსად აღარ მიგრძვნია.
    როცა გაზაფხულის და შემოდგომის ხანგრძლივი კოკისპირული წვიმები მხოლოდ საღამოობით კი არა, ნაშუადღევამდე ძალაუნებურად სახლში გამომკეტავდნენ ხოლმე, მათი დაუსრულებელი ხმაური მამშვიდებდა კიდეც; ასეთ დღეებში ადრე ბინდდებოდა და გრძელი საღამოები იცოდა, ამიტომ ჩემს ფიქრებს ფესვის გასადგმელად და მოსამაგრებლად საკმარისზე მეტი დრო ეძლეოდათ… მე ჩემს პატარა ქოხში მშვიდად ვიჯექი, წვიმის მფარველობას ვირგებდი და ვტკბებოდი… ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ალბათ მარტოობა გიჭირდა, ადამიანებთან ახლოს ყოფნა გინდოდა, განსაკუთრებით წვიმიან და თოვლიან დღეეებში, ან ღამეებშიო. ასეთ დროს მინდება ხოლმე რომ ვუპასუხო: დედამიწა, ანუ ადგილი სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა წერტილია ამ სამყაროში. მაშ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ ჩვენი მოწყობილობებით დიამეტრსაც ვერ გავუზომავთ, განა იმ ვარსკვლავის ორი მკვიდრი ერთმანეთისგან ასეთივე დაშორებით არ ცხოვრობს? თავი მარტო რად უნდა ვიგრძნო? განა ჩვენი პლანეტა ირმის ნახტომში არ მდებარეობს? არა, რასაც მეკითხებით, ამ ქვეყანაზე ყელაზე მნიშვნელოვან საკითხად არ მეჩვენება. რამდენად შორს უნდა წავიდეს კაცი თავისი მოყვასისგან, რომ თავი მარტოდ იგრძნოს? უკვე კარგა ხანია, მივხვდი, რომ ხანდახან რაც უფრო შორს მიდიხარ, ორ სულს ეგ სიშორე უფრო აახლოებს… დროის უმეტესი ნაწილის მარტოობაში გატარება ადამიანისთვის სასარგებლო მგონია. მუდამ საზოგადოებაში ტრიალი, თუნდაც საუკეთესო იყოს ის საზოგადოება, მოსაბეზრებელია და დროის ფუჭად კარგვაა. მე მარტო ყოფნა მიყვარს. ჯერ მარტოობაზე უკეთესი კომპანიონი არც მყოლია. ხშირად მარტონი მაშინ უფრო ვართ, როცა ადამიანების საზოგადოებას მივაშურებთ ხოლმე, და არა იმ დროს, როცა შინ დარჩენას ვარჩევთ. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს კაცი, აზროვნებისას ან მუშაობისას, ყოველთვის მარტოა. მარტოობა იმ მილებით კი არ იზომება, თანამოძმეთაგან რომ გვაშორებს… ჩვენ ხომ ერთმანეთს მეტისმეტად ხშირად ვხვდებით, ისე, რომ ერთი მეორისთვის ფასის გაგებასაც ვერ ვასწრებთ. დღეში სამჯერ მაინც პურს ერთად ვტეხავთ, ერთმანეთს ისევ და ისევ იმ ძველ ამწკლარტებულ ყველს ვთვაზობთ, რანიცა ვართ სინამდვილეში. ეს ხშირი შეხვედრები რომ უფრო ასატანი გაგვეხადა, და დაუფარავი შეხლა-შემოხლა რომ აგვერიდებინა, ეტიკეტის და თავაზიანობის წესები გამოვიგონეთ. მეტისმეტ სიმჭიდროვეში ვცხოვრობთ, ერთმანეთს ფეხებში ვედებით, ერთი მეორეზე ვფორხილობთ ხოლმე, და ისე მგონია, ცოტა არ იყოს, ერთმანეთის პატივისცემასაც ვკარგავთ. მნიშვნელოვანი და გულითადი ურთიერთობისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი სიხშირე საჭირო არაა.
    მე თვითონ შინ მარტო არსდროს ვრჩები… ღვთის გულისათვის, განა ტბას ჰყავს მარტოობის გამზიარებელი? მაგრამ მისი ლაჟვარდისფერი წყლის ზედაპირი ხომ მაინც ღვთის ცისფერ ანგელოზებს ათამაშებს, და არა კაეშნის ლურჯ დემონებს? მზეც ხომ მარტოა, ნისლიანი დღეების ამინდს თუ არ ჩავთლით, როცა იგი ორად მოჩანს, მაგრამ მეორე მხოლოდ თვალს ატყუებს. თვითონ უფალი ღმერთიც მარტოა – მხოლოდ ეშმაკი გაურბის მარტოობას; იმას კი დიდი საზოგადება ჰყავს; სახელი მისი ლეგიონია. არც მე ვარ მინდვრის სარეველაზე ან საძოვარზე ამოზრდილ ბაბუაწვერაზე, ლობიოს ან მჟაუნის ფოთოლზე, ბუზანკალზე ან კელაზე უფრო მარტოსული.

    ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ესე,  პორტრეტი

    აზატის მარტოობა – ჰენრი დევიდ თორო

    ქეთი ქანთარია
    ,,მრავალი წლის განმავლობაში თოვლიანი ქარბუქების და კოკისპირული წვიმების თვითმარქვია ზედამხედველი ვიყავი…’’, რამდენი შემოდგომა, ზამთრის რამდენი დღე გამიტარებია ქალაქგარეთ, ქარის მოტანილი ამბები რომ გამეგონა, გამეგონა და მისი სათქმელი ადამიანებისთვის მიმეტანა! მთელი ქონება ამ საქმეში ჩავდე, სუნთქვა მეკვროდა, როცა მის ქროლვას სახეს ვუშვერდი..’’

    1906 წელს, როცა ამერიკაში ამ სტრიქონების ავტორის თხზულებათა მრავალტომეული გამოიცა, იგი თითქმის აღარავის ახსოვდა. აღარ ახსოვდათ ჰენრი თორო, არც 1836 წელს ჰარვარდში მის მიერ წარმოთქმული სიტყვა: ,,მე მინდა ვისაუბრო ხელუხლებელ ბუნებაზე, სრულ თავისუფლებაზე და სიშმაგეზე.’’ რომელიც დღეს ისევე შთამაგონებლად ჟღერს, როგორც მარტინ ლუთერ კინგის ,,მე მაქვს ოცნება’’. თოროს ხსოვნასთან ერთად გაფერმკრთალებული იყო ამერიკელი ტრანსცენენდენტალისტების – გაბედულ მეამბოხეთა და ინტელექტუალთა გაერთიანების სულისკვეთებაც, რომელმაც პროტესტანტულ პრაგმატიზმს თავისუფალი პიროვნებისა და მისი სინდისის კულტი, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, აღმოსავლეთის ირაციონალობა და მისტიციზმი დაუპირისპირა. ამ ადამიანებმა ამერიკის ისტორიაში პირველებმა თქვეს, რომ შრომას დამონებული კაციც მონაა, რომ ადამიანს ადამიანობის განსახორცილებლად მოცალეობა, მეგობრები, ბუნებასთან ურთიერთობა სჭირდება. სხვა ლიტერატურულ-ფილოსოფიური დაჯგუფებებისგან განსხვავებით ამათ მანიფესტიც კი არ შეუმუშავებიათ, რადგან ერთმანეთის ინდივიდუალიზმს პატივს სცემდნენ. თორო, ზოგიერთის აზრით, საშიში რადიკალი და ანარქისტი, ემერსონის თქმით კი იშვიათი, ფაქიზი და აბსოლუტური რელიგიურობის ადამიანი, მის წიაღშიც ინდივიდუალისტად და მაქსიმალისტად გამოიყურებოდა. მას ,,სხვა დოლის რიტმი ჩაესმოდა’’, სხვანაირად ცხოვრება არც შეეძლო, რადგან ჰენრი უორდ ბიჩერის სიტყვები მასზე იყო ზედგამოჭრილი: ისე ცხოვრობდა და ლაპარაკობდა, როგორც უფლის მიერ შემართული მშვილდის ერთადერთი ისარი. კონკორდი, ტრანსცენდენტალისტი მწერლების და მხატვრების კოლონია, ალბათ ამერიკაში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, მაგრამ ერთხელ, საწერად რვეული რომ დასჭირდა, კონკორდის მაღაზიებშიც კი მხოლოდ საბუღალტრო დავთრები შესთავაზეს. ,,ადამიანები, რომლებსაც ვხვდებოდი, იმდენს ვერ მაძლევდნენ, რამდენსაც სიჩუმე, რომელსაც ისინი მირღვევდნენ:…”მეტისმეტ სიმჭიდროვეში ვცხოვრობთ და ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ვედებით. ასე მგონია, ამის გამო ერთმანეთის პატივისცემას ვკარგავთ. ნამდვილი ურთიერთობისთვის ამგვარი სიხშირე საჭირო არაა.’’ 1845 წელს ,,ახირებულმა’’ თორომ დიდი ხნის ნანატრი ექსპერიმენტი განახორციელა – კონკორდთან ახლოს, უოლდენის ტბასთან ქოხი აიშენა და ორი წელი და ორი თვე ტყეში გაატარა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაწერა ,,უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება’’- ფილოსოფიურ-პოეტური პროზის შედევრი.
    დღეს თორო ეკოლოგიური აზროვნების ერთ-ერთ პიონერად ითვლება, თითქოს ეკოსაბოტაჟიც, ბუნების ძალთა შემბოჭველ ტექნიკურ სიახლეებთან ბრძოლაც მისი მოგონილია. ხელუხლებელი ბუნების მიმართ მისი სიყვარული, ერთგულება და აღფრთოვანება რომ ქრისტიანულ ანთროპოცენტრიზმზე გადაბიჯება იყო, გასაგებია, მაგრამ ბუნების, ბუნებრიობისა და ველური მდგომარეობისადმი ინტერესში სრულიად განსხვავებული, თოროსეული ანთროპოცენტრიზმი ჩანს. მას ველურის გამძლეობისა და ცივილიზებული ადამინის ინტელექტის შერწყმა აინტერესებდა. ეს კარგად ჩანს უოლდენის იმ პასაჟში, სადაც ქოხის დალაგებისას გარეთ გადგმულ საწერ მაგიდას და ბუნებასთან მის უეცარ შეერთებას აღწერს. არის სხვა მომენტიც: მოგვიანებით, 50-იან წლებში მეინის შტატის ჩრდილოეთში მართლა ველურ ბუნებას გადააწყდა. ამ შეხვედრამ თორო შეზარა და დათრგუნა. ,,რომელი ტიტანია, ჩემს გასრესვას რომ ლამობს? სად ვართ? რანი ვართ?’’ მართალია, ,,უოლდენის’’ პირველი ვარიანტი 1849 წელს დასრულდა, მაგრამ საბოლოო ვერსია 1854 წლით თარიღდება, ამიტომ, საფიქრებელია, რომ წიგნში მის აზროვნებაში მომხდარი გვიანდელი სინთეზი აისახებოდა. უეჭველია – თავისუფლებისმოყვარე თოროს, ,,სამოქალაქო დაუმორჩილებლობის’’ ავტორს, ბუნება ადამიანის თავისუფლების თავშესაფარად და გარანტად მიაჩნდა.
    ,,უოლდენში’’ თორო წერს, რომ ტყეში არსებობის გასააზრებლად გადასახლდა. მარტოობა არჩია, მაგრამ საოცარია – მთელი ტექსტი ყველაზე მაღალი ხარისხის მხნეობითაა გაჯერებული, არცერთი სიტყვა მარტოობაზე და მოწყენილობაზე. ადამიანების სამყაროს გამორიდებული თოროს სული უსასრულო სამყაროში ერთ პატარა მანათობელ ციურ სხეულად ჩანს და მკითხველს ბედნიერ გალაქტიკაში ვარსკვლავების წკრიალი ესმის.
    ტყიდან წამოსვლის მიზეზიც არანაკლებ საფუძვლიანი იყო. ამ წლებში თორო აბოლიციონისტურ მოძრაობაში საფუძვლიანად ერთვება. როგორც ყოველმა ბრძენმა, მანაც იცოდა, როდის იყო ქვების შეგროვების დრო, და როდის – მათი გადაყრისა. როცა მშობლიურ კონკორდში მონობის მიმართ ჯეროვანი პროტესტი ვერ დაინახა, მერიის შენობის სახურავზე აძვრა და განგაშის ზარებს შემოკრა. ისევ ,,უოლდენიდან’’: ,, უიმედობის სიმღერის თქმას არ ვაპირებ, პირიქით, რიჟრაჟის მამალივით ხაფი ხმით უნდა დავყივლო.’’ თოროს ნაწერები ამ მოყივარი და შეურიგებელი ,,მე’’-ს შექმნილია, მაგრამ ამ კაცს არც სახელი სჭირდებოდა, არც დიდება და გავლენა. ცხოვრების გზა მარტომ, წელგამართულმა, უბრალომ და სულით მხნემ გალია.
    როცა გარდაიცვალა, ემერსონმა მეგობრულ სიყვარულს, აღფრთოვანებას და სინანულს თავი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მოუყარა: ,,მისი ენერგია და პრაქტიკული შესაძლებლობები დიდი საქმეებს და ლიდერობას უნდა გადაწვდომოდა, და ამ იშვიათი ძალაუფლების გამოუყენებლობა ვერ მომინელებია. არ შემიძლია ეს უამბიციობა დანაშაულად არ ჩავუთვალო .. მას ამერიკის სულის ინჟინრობა უნდა ეთავა, მაგრამ მოცხრის შემგროვებელთა კაპიტნობას სჯერდებოდა….ამ ქვეყანამ არ იცის, ან ჯერ ვერ გაუგია, რა დიდი შვილი დაკარგა. მისი სული ყველაზე კეთილშობილი საზოგადოებისთვის იყო შექმნილი; დღეგრძელი არ იყო, მაგრამ ამსოფლიური შესაძლებლობები სრულად ამოწურა. თუკი სადმეა ცოდნა, თუკი სადმეა სიქველე და სილამაზე, მისი სულიც იქ დაივანებს.’’
    დრომ აჩვენა, რომ გავლენასთან დაკავშირებით ემერსონი უპატიებლად ცდებოდა. ახლა საკითხავია, რას ეტყვის თორო, ბუნებისგან და ბუნებრიობისგან (,,სრულ თავისუფლებაზე და სიშმაგეზე’’ რომ არაფერი ვთქვათ) რკინა-ბეტონში გამაგრებულ ქართველობას; დღევანდელ ვითარებაში მცირე ინჟინრობას მაინც თუ გაუწევს – თუნდაც ეს იგავი (,,უოლდენის’’ პირველ თავში თორო წერდა, რომ წიგნს ხელმოკლე ადამიანებს უფრო უძღვნის):
    ,,შეიხ საადი შირაზელის ,,გოლესთანში’’ მაქვს ამოკითხული: ერთ ბრძენს ჰკითხეს: ,,რატომაა, ამდენი ხიდან, ყოვლისშემძლე უფალმა ტანმაღლები და ჩრდილიანები რომ შექმნა, აზატს, ანუ თავისუფალს მხოლოდ უნაყოფო კვიპაროსს ვეძახით? ,,ყოველ მცენარეს თავისი ნაყოფი აქვს და ყვავილობის დრო, და სიყვითლის და ხმობის ჟამიც სხვადასხვაგვარად უდგება,’’ მიუგო შემკითხველთ ბრძენმა, ,,მხოლოდ კვიპაროსს არ აქვს არცერთი, რადგან მუდამ ერთნაირად მწვანეა, – ასეთები არიან აზატებიც, თავისუფალი რწმენის ადამიანები. რაც წარმავალია, გულით ნუ მიეჯაჭვები; ხალიფების დინასტია როდესმე დასრულდება, მდინარე დიჯლა კი, ტიგროსსაც რომ უწოდებენ, ბაღდადში მერეც იდინებს. თუ მდიდარი ხარ, ნაყოფიერი და ხელგაშლილიც იყავი, როგორც ფინიკის პალმა; მაგრამ თუ არაფერი გაქვს გასაცემი, აზატი იყავ, როგორც კვიპაროსი.’’

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა,  რეცენზია

    ლაშა ბუღაძე – კარიკატურისტი

    სატირიდან იდეურ სიბერწემდე

    ტარიელ უნაფქოშვილი

    ლაშა ბუღაძე, კარიკატურისტი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ლაშა ბუღაძეს თავის შემოქმედებაში საბაბი თუ მიეცა, ყოველთვის სიხარულით ატრიზავებს სასულიერო პირებსა და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ახალმიქცეულ ადამიანებს. საბაბის პოვნა კი იოლია – ლაშა ბუღაძე თხზავს, თხზვაში თავისუფალია და საიდანაც უნდა, იქიდან გამოაძვრენს გასამასხრებელ პერსონაჟსა თუ სიტუაციას.
    ლაშა ბუღაძის მღვდლები აკურთხებენ დისკოთეკებს (რომანი ”ბოლო ზარი”); მრევლის წევრებად ჰყავთ ნარკომანები, რომელთა სულში არავითარი ძვრა არ ხდება (ამდენად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უნაყოფოა ამ უკანასკნელისათვის); ლაშა ბუღაძე იჩხრიკება მისი იმ პერსონაჟების ინტიმურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი (მოთხრობა ”პირველი რუსი”). აშკარაა მწერლის სატირული დამოკიდებულება ქართველთა გამოღვიძებული სულიერებისადმი. ეს მიმართება ლაშა ბუღაძემ უფრო დახვეწა თავის ბოლო რომანში ”კარიკატურისტი”.
    თბილისში ზედიზედ კლავენ სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს: მინისტრს, თეატრის რეჟისორს, გენერალს, მომღერალს, საქართველოს ელჩს რუსეთში. საქმეს იძიებს პროკურატურის ხუთი რგოლი. რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მეოთხე რგოლის წევრია. ძიება დიდმარხვისას მიმდინარეობს. გვესმის, რომ მხატვრული შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისთვის დაჭირდა ავტორს, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი რამ – ძალისხმევა მკვლელების მისაგნებად, როგორც პროფესიული ვალდებულება და მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლების, უფალთან მიახლოების, ცოდვათაგან განწმენდის, ლოცვისა და სინანულისათვის გამიზნული მცდელობა?
    სწორედ იმისთვის, რომ მკითხველი დააეჭვოს მარხვის მნიშვნელობაში თანამედროვე ქართველთათვის, შეაპაროს, რომ ჩვენ გვიჭირს, ფაქტიურად, არ შეგვიძლია შევუდგეთ ჭეშმარიტ რწმენას, ამაოა ჩვენი ძალისხმევა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს. ეს ყველაფერი – მარხვის მნიშვნელობაში დაეჭვების გარდა – შეიძლება ითქვას თანაგრძნობით, გულისტკივილით, გამხნევებით… მაგრამ არა – ლაშა ბუღაძე სხვა გზას ირჩევს: ის იცინის, მეტიც, დასცინის, და ცდილობს, მკითხველიც თავის მხარეს გადმოიყვანოს.
    ვნახოთ, როგორ ცდილობს ამას ავტორი: გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მარხულობს. ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე. ჰყავს ცოლი ნინო. შვილი არ ჰყავთ. ცოლი ე.წ. სულის მეცნიერებით არის გატაცებული. ლექციებს ესწრება, კავშირი აქვს შვეიცარიაში მცხოვრებ ამ დარგის ”ექსპერტთან”. ცოლ-ქმარს უშვილობა აფიქრებს. მარხვის დროს გიორგი სამარხვო კერძებს მიირთმევს (თუმცა, ჩანს, რომ ყელში ამოსდის) და თავს იკავებს ცოლთან ცხოვრებისაგან. ნინო ამას გაგებით ეკიდება. ისედაც, ცოტა უნდილი და უვნებო ქალია. გამოძიება წინ ვერ მიდის, გიორგი ნერვიულობს. მიაჩნია, რომ მისი ვერსია (სინამდვილეში მცდარი) არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამას არც სხვა იჯერებს და არც წარმატება მოაქვს. გიორგის ფსიქიკა ერღვევა და ფსიქოლოგს მიაკითხავს. ის ჰიპნოზის სეანსს უტარებს და ჰიპნოზის დროს, ავტორის, ანუ ლაშა ბუღაძის აზრით, მარხვისას შეკავებული ვნება პერსონაჟის სიზმარში ამოხეთქავს: გიორგის ესიზმრება, რომ ორალური სექსი აქვს 40-ანი წლების ქართველ კომუნისტ ქალთან, რომელიც ამავე დროს (სექსის დროს!) სიყვარულს უხსნის.
    როცა ვაცხადებთ, რომ ლაშა ბუღაძემ ამ რომანში უფრო დახვეწა სატირული დამოკიდებულება რელიგიური ცხოვრებისადმი, ვგულისხმობთ ცინიზმთან მომიჯნავე ამ სატირის შებურვას სხვადასხვა ეპიზოდში. მარხვა სულიერი შრომაა, რომელიც სულიერ მოძღვართან ურთიერთობით, მონანიებითა და აღსარებით უნდა წარიმართოს. დიდმარხვის დროს გიორგის მოძღვარს განკვეთენ. ამდენად, შეგვიძლია ახალგაზრდა გამომძიებლის სულიერი არამდგრადობა და შფოთი სწორედ უმოძღვროდ დარჩენით ავხსნათ. ბოლოში აღმოჩნდება, რომ გიორგის სულიერი მამა, ავთანდილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა სწორედ იმ მკვლელობებში, რომელთაც პროკურატურა იძიებდა. ხოლო განკვეთეს მამა ავთანდილი იმის გამო, რომ ეკლესიამ პროკურატურაზე ადრე იცოდა ამ მკვლელობათა ამბავი. ავტორს ალბათ, ჰგონია, რომ აქ ირონიის მწვერვალზეა, რადგან სამართალდამცავთა ხუთ ბრიგადას საქართველოს საპატრიარქო აღემატა დანაშაულის შეტყობაში დასწრებით. ბუღაძე უკან იხევს, საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ წიაღს განაწმენდინებს მკვლელთაგან და პროკურატურასთანაც ათანამშრომლებს მკვლელთა შესაპყრობად. მაგრამ მთავარი ”კარიკატურისტში” სასულიერო პირთა სახეები კი არ არის, არამედ საერო პირთა რელიგიურობის გაშარჟება.
    რომანს არ ჰყავს არც ერთი პერსონაჟი – სამოქალაქო პირი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით იქნებოდა შემოსილი. არადა, მთელი ინტრიგა მსუბუქად არის გაჯერებული რელიგიური მოტივებით. რწმენაზე თავს დებენ მკვლელები (მღვდლები და მათი სულიერი შვილები), სადისტები (გენერალური პროკურორის ზედამხედველობით აწამებენ უდანაშაულო კაცს, რის შემდეგაც პროკურორი მობილურიდან VIP ადრესატებს მილოცვას უგზავნის: ქრისტე აღსდგა); მორწმუნეობას ასახიერებენ ფარისევლები – რომანის დასაწყისში მოკლული მინისტრი უოპერატოროდ ეკლესიაში არ მიდის. მარხვას ინახავენ მრუშები (დიდმარხვის შემდეგ პირველი, რასაც პროკურორთა ჯგუფი აკეთებს, აბანოში მიდის მეძავებთან. ეს აბანოს მეძავები ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ტექსტში გადადიან). სულიერი სიმშვიდისათვის მეგობარ მონაზონს აკითხავს ისტერიული ქალი, რომელსაც უსიყვარულობისა და ავი ზნის გამო ქმარი გაექცა (თავის მხრივ, ეს მონაზონი საკუთარ მძღოლს მოლაპარაკე ვირს უწოდებს და სხვა მონაზონთან საუბრისას – თუ არ ეთანხმება – სახეზე შეუფარავი ზიზღი ეხატება. ალბათ, ავტორს სწორედ ასეთი შტრიხების მოფიქრება მიაჩნია საჭიროდ სასულიერო პირის სისხლავსე პორტრეტის დასახატად).
    ჩვენ გვგონია, რომ ქართულ მწერლობას აკლია ნამდვილი ქრისტიანი პერსონაჟი. ცხადია, არ ვლაპარაკობთ ახალ აგიოგრაფიაზე, მაგრამ პორნოგრაფიის ელემენტებით ვერ მივუახლოვდებით პერსონაჟს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ თავს ან მოისურვებდა მასთან მსგავსებას პერსონაჟის ქრისტიანული რწმენისა და პიროვნული სიძლიერის გამო. ”კარიკატურისტის” ავტორს, ჩანს, სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს წესიერად და უღმერთოდ, არ მოსწონდეს სხვისი არაგულწრფელობა რწმენაში და ეს კრიტიციზმი ამართლებდეს მას. რწმენის, ეკლესიის წესების მიხედვით ცხოვრებისა და სამოქალაქო ყოფის შეთავსების ძალისხმევა სიგიჟეა და სიგიჟე მოაქვს – აი, რა იკითხება ”კარიკატურისტის” პერსონაჟის, გიორგი ნოზაძის ბედიდან. ეკლესია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ განა მორწმუნე მოქალაქეთა ასეთი გზააბნეულობა, მრევლის წიაღში მხოლოდ ფარისევლების, მკვლელების, ფანატიკოსების, მრუშების, დაბოღმილი და შერყეული ფსიქიკის ადამიანთა თავმოყრა – ეკლესიის სისუსტეზე ლაპარაკს არ ნიშნავს? რა სურს ლაშა ბუღაძეს, გვითხრას: რომ საქართველოში მოქმედი ყველაზე სანდო, სულიერად ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია სინამდვილეში ვერ წარმართავს თავისი მრევლის წევრთა სულიერ ცხოვრებას? თუ კიდევ უარესი, ისე და იქით წარმართავს, სადაც ბუღაძის გმირები მოქმედებენ?
    არა მხოლოდ ქრისტიანები – ნამდვილი ლაშა ბუღაძესთან არც არავინაა. ვითომ მასონური რიტუალები, კუს ტბის მიდამოებში რომ ტარდება, ისეთი კარიკატურულია, კარგად ვერც ხვდები – მასონებსაც აშარჟებს ავტორი თუ მისმა ფანტაზიამ ვერ წარმოსახა უკეთესი სურათი, ვიდრე ეს “ფართოდ დახუჭული თვალების” ცნობილი ეპიზოდის მწირი პაროდიაა? ზემოთ ხსენებული სულის მეცნიერებიც უფრო აფერისტებს ჰგვანან. ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტყვა კარიკატურისტი წიგნის ყდას სათაურის კი არა, ავტორის გვარ-სახელის ადგილას უნდა ეწეროს – იმდენად მსუბუქი (ამ კონტექსტში კარგს არ ნიშნავს), ზედაპირული მონასმებითაა “დაფერილი” მთელი რომანი, იმდენად დაუხვეწავი და გამიზნულად დამახინჯებულია პერსონაჟთა სახეები. ჩვენი აზრით, ამ რომანის სულ ცოტა, ერთი მოტივი – მარხვა – რბილად რომ ვთქვათ, არ იმსახურებს ასე დამუშავებას. ქრისტიანული ეკლესიის წესი, რომლის მიზანია მწედ ეყოს ქრისტიან ადამიანში სულიერ და ზნეობრივ მისწრაფებათა ბატონობას ხორციელ ვნებებზე, არ არის მართებული მკითხველის გასართობ თემად იქცეს და პერსონაჟის ამგვარ “შინაგან მონოლოგამდე” დახურდავდეს: “სულ ტყუილად უჭამია მთელი ორმოცი დღის განმავლობაში სოიოს კატლეტი და მლაშე ნამცხვრები!” სულიერი და პროფესიული ცხოვრების უნაყოფობა ადამიანისთვის დრამაა, ეგებ ტრაგედიაც. ლაშა ბუღაძე კი ამაზე ეპიკურ კარიკატურას ხატავს.
    გვესმის, რომ ვერ გამოვდგებით პროზაიკოს ლაშა ბუღაძის ოსტატობის ჯეროვან შემფასებლებად, მაგრამ გვგონია, რომ ლიტერატურა, კაზმული სიტყვა უკეთეს სათქმელს უნდა გვიზიარებდეს, ვიდრე ბუღაძემ გაუზიარა მკითხველს რომანში ”კარიკატურისტი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ალბერ კამიუ – გადასახლება და სამეფო

    ალბერ კამიუ – ნუ ეძებ ცხოვრების აზრს
    ნინო ცინცაძე
    ალბერ კამიუ. გადასახლება და სამეფო. თარგმანი გიორგი ეკიზაშვილისა. გამომცემლობა “სანი”. თბილისი 2003.

    კრებული “გადასახლება და სამეფო” პარიზში პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. იმ წელს, კამიუმ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია მიიღო, სამი წლის შემდეგ კი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. “უცხო”, “მითი სიზიფოსზე” “კალიგულა”, “შავი ჭირი”, “დაცემა” უკვე დაწერილი იყო, ანუ ყველა ის ტექსტი, რომლითაც კამიუმ საკუთარი პროტესტის მიუხედავად, ფილოსოფოსის, მორალისტის, ეგზისტენციალისტის, აბსურდისტის სახელი დაიმკვიდრა, უკვე შექმნილი იყო. კრებულში შესული ნაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემდეგი ეტაპია: მოთხრობები, რომლებიც ისეთი მძაფრად ცოცხალი აღარ არის, როგორც მისი თუნდაც ზემოთნახსენები სამი ნოველა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი მათგანი ვირტუოზული წერის ტექნიკით გამოირჩევა.
    კამიუს მოთხრობებში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ იმ საგნებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ტექსტების სივრცეს ინტენსიურად ავსებენ და ურთიერთქმედებენ, განსაკუთრებულად არ ჩავთვლით. მის მოთხრობებში ხდება ცხოვრება. რას დავარქმევთ ცხოვრებას – რაიმე განსაკუთრებულს თუ ჩვეულებრივ აბსურდს – ეს უკვე რიტორიკული შეკითხვაა. ხოდა, რადგან კამიუ ცხოვრებას წერს, მასთან ორი თემა – აბსურდი და მორალი – ყოველთვის ეჭიდება ერთმანეთს. და, რა თქმა უნდა, არასდროს არც ერთი არ იმარჯვებს. უბრალოდ კამიუს ზოგიერთი გმირი იმის გაცნობიერებით, რომ ცხოვრება აბსურდულია, მაინც მორალური ღირებულებებით ცხოვრობს, მაგრამ ამისთვის არც ჯილდოს იღებს და არც სასჯელს, არც ჯოჯოხეთში ხვდება და არც ცხონდება. კამიუს ნაწერები ერთობ ელიტარული, დახვეწილი და არისტოკრატიულია იმისათვის, რომ რაიმე რეცეპტი გამოგვიწეროს ან რაიმენაირი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცეს. “შენ არასოდეს იქნების ბედნიერი, თუ დაიწყებ იმის კვლევას რა არის ბედნიერება. შენ ვერასდროს იცხოვრებ, თუ ცხოვრების აზრს დაუწყებ ძებნას” – აი, კამიუს რეცეპტი.
    “გადასახლება და სამეფო”-ში შესული ტექსტების ერთ-ერთი მთავარი თემა მარტოობაა. ჟანინი და მარსელი (“მოღალატე ცოლი”) დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილი არა ყავთ. მარსელი ქსოვილებით ვაჭრობს და ომის დასრულების შემდეგ ცოლს ნაჭრების შესაძენად სამოგზაუროდ წაიყვანს. ამ მოგზაურობისას ჟანინი ქმარს უღალატებს, ოღონდ ასეთი ღალატი მხოლოდ ერთ განზომილებაში – ადამიანის სულში ხდება ხოლმე. ჟანინისთვის ცხოვრება უაზრობაა. თავის დროზე იმიტომ გათხოვდა, რომ მარტოობაში არ აღმოხდენოდა სული, მაგრამ მაინც მარტოა. იცის, ქმარს სჭირდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ამ სიმარტოვის გამო “შურის საძიებლად” ქალი ქმარს უღალატებს, თუმცა ისე, რომ სხვა კაცს არ მიჰყვება, არც სამუდამოდ, არც დროებით: ჟანინი მისი და მისი ქმრის საცხოვრებელი სივრციდან, მათი სამეფოდან საკუთარ სამეფოში გადასახლდება. სამეფოში, რომელიც პატარა არაბული ქალაქის კედლის გალავნიდან დაინახა და სადაც ფიზიკურად ვერასოდეს მივა.
    საკუთარ სამეფოში გადასახლდება მხატვარი იონაც (“იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას”). ამ სამეფოს იგი საკუთარი ვიწრო ბინის კედელზე ხარაჩოთი ააგებს და იქ მრავალი დღე მარტო ყოფნის შემდეგ ერთადერთ ნახატს შექმნის: “ტილო სულ მთლად თეთრი იყო, მხოლოდ შუაში იონას პატარა ასოებით ერთადერთი სიტყვა მიეწერა. გარჩევით კი გაარჩევდი, მაგრამ ზუსტად ამოკითხვა გაგიჭირდებოდა: solitaire (მარტოხელა, მარტოსული) თუ solidaire (სოლიდარული, თანამდგომი)”. ამ მდგომარეობისაკენ მწერალი პერსონაჟს საოცარი ვირტუოზულობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოზიტიურობისა და უარყოფის გზით უბიძგებს. მთელი ტექსტი იონას წარმატებული ცხოვრების გზის აღწერაა. პოზიტიური მოვლენები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით მისდევენ, მაგრამ ისინი როგორღაც უცებ, მკითხველისათვის თითქმის მოუხელთებელად უარყოფით მოვლენებად გადაიქცევიან – ავტორი თავისივე თეზისებს შეუმჩნევლად, მაგრამ დაბეჯითებით, თანაც საოცარი ოსტატობით უარყოფს ხოლმე. ეს ხდება როგორც მაკრო დონეზე – მოთხრობის დასაწყისში მხატვარს “საკუთარი ბედის ვარსკვლავის სწამს”, დასასრულსისას კი ეს მნათობი უხმაუროდ ჩაესვენება – ასევე მიკრო დონეზე – იონას ყველაფერში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უმართლებს, მაგრამ გზადაგზა, ნელ-ნელა ეს გამართლება დაბრკოლებად ექცევა ხოლმე.
    იონას ძალიან გაუმართლა, მშვენიერი, გამრჯე ცოლი შეხვდა, რომელიც ცდილობდა ყველა წვრილმანი თავად მოეგვარებინა, რომ ქმარს ხატვაში ხელი არ შეშლოდა. მაგალითად, როდესაც იონა ხატავდა და ტელეფონი დარეკავდა “სხვა ბავშვით დაკავებული ლუიზა, წამსვე შვილს აიტაცებდა და აქლოშინებული მივარდებოდა ტელეფონს, მაგრამ გვიანღა, – იონას უკვე მოესწრო ცალი ხელით (უმცროსი) ბავშვი მკერდზე ყავდა მიხუტებული, მეორეში ფუნჯი და ყურმილი ეკავა და ვიღაცისგან მეგობრულ საუზმეზე მიპატიჟებას იღებდა”. წარმატებამ იონას ბევრი მეგობრები გაუჩინა, სტუმრები თითქოს უყვარს კიდეც, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარს. შემდეგ შეგირდებიც გამოუჩნდნენ, მათთან ურთიერთობა თითქოს მოსწონს, მაგრამ უცებ ისე ხდება, რომ ისინი აქეთ დაუწყებენ ჭკუის სწავლებას. იონა გამუდმებით ხატავს, გარდა ხატვისა “სხვა ყველაფერი ერთნაირად საინტერესოც და მოსაბეზრებელიც ეჩვენება”, მაგრამ ეს საინტერესოც და მოსაბეზრებელიც თანდათან მისი ცხოვრების, ანუ ხატვის პროცესის განუყოფელი, მუდამ თანმდევი ნაწილი ხდება და ბოლოს იონას ვარსკვლავს, მის სამეფოს მთლიანად ისრუტავს. მისი საარსებო სივრცე ნელ-ნელა იწურება და ვიწროვდება. დასასრულს იგი ისე პატარავდება, რომ მხოლოდ თეთრ ტილოზე გაურკვეველი ხელით მიწერილ წარწერად რჩება.
    “ვინც ღმერთს მორალური განსჯისათვის მოიხმობს, ის მას საკუთარ თავში კლავს.” წერს კამიუ თავის ერთ-ერთ რომანში. იგი მორწმუნე ქრისტიანი არასდროს ყოფილა (ამას “რენეგატის” მძიმე თავგადასავლის მსუბუქი პაროდიაც ადასტურებს). თუმცა, ეს სულაც არ უშლის მას ხელს იმაში, რომ მაღალი მორალური ღირებულებების ადამიანები მისი მოთხრობების გმირები იყვნენ. შეიძლება მათ მიერ ჩადენილი საქციელი პრაქტიკული შედეგის თვალსაზრისით აბსურდულიც კი იყოს, როგორც ეს სკოლის მასწავლებლის დარიუს შემთხვევაში ხდება (“სტუმარი”), მაგრამ ეს ქმედებები თავისთავადი მორალური ღირებულებაა, რომელსაც სიტუაციის აბსურდულობა სულაც არ აკნინებს. კამიუს გმირები ცხოვრობენ მდუმარედ (თუნდაც “მუნჯებ”-ში) – არ ფიქრობენ იმაზე თუ რა არის ბედნიერება, არ ეძებენ ცხოვრების აზრს, არ სვამენ კითხვებს. უბრალოდ, ხანდახან რეალობასა და მათ მიერ ჩადენილ საქციელს შორის შეუსაბამობა აჩენს ხოლმე რაიმე შეკითხვას. მაგრამ ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, სხვა თუ არაფერი bon ton ვერ იქნებოდა.
    “გადასახლება და სამეფოს” მოთხრობათა გმირები განსაკუთრებული სულიერი ვნებათაღელვითა და დიდი ემოციებით არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, მათი მიმართებები გარემოსა და ამ გარემოს შემავსებელ საგნებთან საოცრად დამუხტულია. ამ მიმართებების გამო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექსტში გარემოს ქსოვილი ძალიან მჭიდროა – სახელი და ზმნა, საგანი და ქმედება განუწყვეტელ ინტენსიურ ურთიერთობაში არიან. ზოგან ეს ინტენსიურობა იმდენად მძაფრია, რომ გარემო მოთხრობის პერსონაჟადაც კი შიძლება აღიქვა.
    ასეთი ტექსტის თარგმნა, დამეთანხმებით, ერთობ ძნელია. მაგრამ, ჩემი აზრით ქართული თარგმანი ამ სირთულეს წარმატებით ძლევს და კამიუს თხრობის დახვეწილ სტილს და მოთხრობათა შინაგან რიტმს კარგად გადმოგვცემს. მკითხველს მხოლოდ ზოგან, ისიც ძალიან იშვიათად თუ შეეშლება ხელი გარემოსა და ადამიანების ურთიერთქმედების ადეკვატურ აღქმაში: მოთხრობაში “მოღალატე ცოლი” ჟანინის სულიერ სამყაროზე გავლენას სწორედ ის სივრცე ახდენს, რომელშიც იგი უეცრად მოხვდება. ზემოქმედება ავტობუსშივე, თავშეხვეულ არაბ მამაკაცებთან გვერდით ყოფნით იწყება და შემდეგ ყოველ ახალ ადგილას მოხვედრისას გმირისათვის დადებითი ან უარყოფითი ემოციების მოგვრით ძლიერდება. არაბი, რომელიც ცოლ-ქმარმა ქალაქის მოედანზე ნახა, შთაბეჭდილებათა ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია: “მოედნის ბოლოდან მათკენ ვიღაც არაბი მოდიოდა. კაცი მაღალი და აღნაგი იყო, ცისფერი მოსასხამი ემოსა და ყვითელი, რბილი წაღები ეცვა. ხელთათმანები ემოსა და მზედაკრულ, არწივისებურ სახეზე ამაყი და გამომწვევი მზერა დასთამაშებდა”. ამ კაცის მიმართ რამოდენიმე წინადადების შემდეგ ზმნა მოიზლაზნებოდას (გვ.24) ხმარება ამაყი არაბის აღქმის ეფექტს აშკარად ანელებს. მოთხრობისათვის გადამწყვეტია ჟანინისა და გალავანს იქით მდებარე სივრცის პირველი შეხვედრა. ცოლ-ქმარს შორის არსებული სულიერი გაუცხოება ამ მომენტში კულმინაციას აღწევს: “გალავანზე გადაზნექილი ჟანინი თვალს ვერ აშორებდა მის წინ გადაჭიმულ სიცარიელეს. გვერდით მარსელი ფუსფუსებდა. მას სციოდა და ქვევით ჩასვლა უნდოდა.” (გვ. 26.) მარსელი გალავანზე ალბათ მოუსვენრად იდგა. მართალია ფუსფუსი ქართულ ენაში მოუსვენარ მოძრაობას აღნიშნავს, მაგრამ ეს სიტყვა მაინც რაიმე საქმის კეთებასთან, ძირითადად კი ოჯახში მოტრიალე დიასახლისებთან ასოცირდება. გალავანზე მდგომი მარსელი ვერანაირი საქმით ვერ დაკავდებოდა. ჩემი აზრით, მისი მოქმედების გამოსახატავად ზმნა წრიალი ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა და სრულიად უადგილოდ სახლში მოფუსფუსე დიასახლისებთან ასოციაციებს არ გაგვიჩენდა. წამების საშინელების ოდნავ პაროდირებულ, მაგრამ ამავე დროს საოცრად იმპრესიულად დახატულ სცენას მოთხრობაში “რენეგატი” სიტყვა ვაი-ვიში (გვ.48) ნამდვილად არ უხდება. როცა ასე გაწამებენ, შეიძლება ღრიალებდე, ყვიროდე, ხაოდე, მაგრამ არა ვაი-ვიშობდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტში ამგვარი სემანტიკური უზუსტობები მინიმალურია.
    P.S. დაბოლოს, სიტყვების არე და ფერნანდა ნათესაობით ბრუნვაში არესა და ფერნანდის-ად მოხსენიება ალბათ კორექტურულ უზუსტობას უნდა დავაბრალოთ. გამოტოვებული და შეცდომით დაბეჭდილი ასოები სხვა ადგილებშიც გვხვდება. რას იზამ, სამწუხაროდ, მე ჯერ არ შემხვედრია ისეთი ქართული გამომცემლობა, რომლის მიერ გამოცემულ ტექსტებში კორექტურული შეცდომები არ გაპარულიყოს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გიორგი მირზაშვილი – "მარშრუტი №48"


    ანდრო ბუაჩიძე
    მოძრაობა წრეში
    გიორგი მირზაშვილი. “მარშრუტი №48”. შემდგენელი და წინათქმის ავტორი ნინო დარბაისელი, რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი. თბ., 2003

    პოეტურ სუბსტანციაში პროზაული რეალიების შეტანა თანამედროვე ლიტერატურის განუყრელი თვისებრივი ნიშანია. პოეტური და პროზაული ელემენტების ეს ალქიმია, განზავების ეს უწყვეტი პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დოზირებასაც გულისხმობს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება…
    გიორგი მირზაშვილი ლექსების კრებულში “მარშრუტი №48” შიშვლად, პოეტურ აქსესუარში თითქმის განუზავებლად წარმოაჩენს ყოფითობის ნიშნით აღბეჭდილ, პროზაულ მასალას. ეს წიგნი ვრცელი რეესტრია იმ ატრიბუტიკისა, რომლითაც ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი მზერა, ჩვენი გული და გონებაა სავსე. გიორგი მირზაშვილი თითქოს ერთ ვიწრო წრეში ტრიალებს და ეს წრე გატენილია უკვე ნაცნობი ნივთებით, საგნებით, მელოდიებით, სიტყვებით, ადამიანებით. “მარშრუტი” მრავალფეროვანი კოლაჟია, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ნამსხვრევებისგან შეკოწიწებული. ეს საკმაოდ ფართო ტილოა, მრავალფიგურიანი კომპოზიციაა, რომლის შუაგულშიც ავტორის მჭიდრო და დახშული სივრცით გარშემოწერილი ფსიქიკაა მოქცეული. ამ ფსიქიკას თითქოს ყოველდღიურობის მონოტონური ხმა ბურღავს.
    გიორგი მირზაშვილი საგანგებოდ უსვამს ხაზს გაუხშოებული ჰაერით სავსე წრის სივიწროვეს. სივიწროვეში მრავალი საგანი ბრუნავს, მაგრამ ისინი წრიულად ბრუნავენ, ე.ი. ჩვენი თვალსაწიერის შიგნით ტრიალებენ და გარკვეული დროითი ინტერვალის შემდეგ ჩვენივე მხედველობის არეში ექცევიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირგვლივ ტოტალური ერთგვაროვნებაა გამეფებული და ჩვენი ფიზიკური და სულიერი ყოფა საზღვრებშია მოქცეული. საზღვრებს მიღმა გასვლა არ ხერხდება. ამ მხატვრულ და მსოფლმხედველობრივ ეფექტზეა აგებული გიორგი მირზაშვილის ლექსების კრებული “მარშრუტი №48”.
    რას ნიშნავს ყოველივე ეს? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შინაგანად ჯერ კიდევ არა ვართ თავისუფლები და საბჭოთა სტერეოტიპები აფერხებს ჩვენს წარმოსახვას? ჩემი აზრით, სწორედ ეს თვალსაზრისია უკუფენილი გიორგი მირზაშვილის ლირიკულ ნააზრევში. აქვე ჩნდება ირონიული რაკურსიც.
    გიორგი მირზაშვილის ირონია იმ უცნაურმა სიმბიოზმა წარმოშვა, რომელიც პოსტსაბჭოთა “ნამსხვრევებისგან” არის შედგენილი. ქალაქის ფაქტურა, ახალი საგნობრივი სამყარო, ფირნიშები, ქუჩები, სხვაგვარად სტრუქტურირებული სივრცე, მაღაზიები და ჯიხურები, ცხოვრების განახლებული რიტმი და მელოდია, ფერი და სურნელი, სივრცე და სინათლე – ყველაფერი პოეზიის საგნად იქცა, ყველაფერმა წიგნიერ ქვეყნიერებაში გადაინაცვლა. “ფირნიში “ავტოსკოლა”. დები იშხნელები. ჟინჟლავს. ასფალტი. ბაზრობა – ტლაპო. ნახმარი “ფორდი” – ტაქსი – კატაფალკი. “დინამოს” სტადიონი. თურქული პროდუქცია. რიგი საელჩოსთან, რუხი “გოსკინპრომი”. მთელი პლეხანოვი მყუდრო უბანია. ფოსტამტი. კედლები, ჭიშკრები, თაღები”. “სასტუმრო “საქართველო”, აფთიაქი “ავერსი”, ყველაზე დაბალი ფასები, პრეზერვატივი “სიკო”, შემდეგი გაჩერება ლაღიძის წყლებთან, მეტრო “რუსთაველი”, ძეგლი რუსთაველის, “მაკდონალდსი”. ჰოთ-დოგი, ხაჭაპური, ღვეზელი სოკოთი, ბორჯომი, სპრაიტი, ფანტა და პეპსი, ოტელი “მერანი”, არაყი “გომი”, “ნოტები”, “სონი”, მთავრობის სახლი”… “ჰალსტუხი, ბენდენა, სოდომიტების პარნასი, პედოფილები, ტრანსვესტიტები, ნიმფომანები, კონფორმისტები, ვირთხები ოფისების, ანემიური კავშირები, ჯინის და ტონიკის წრუპვა…”
    ეს ნაწყვეტები სხვადასხვა ლექსებიდან არის ამოკრეფილი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთი ლექსის ციტირებას ვახდენდეთ. ასეა მთელ წიგნში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი წიგნი ერთი ვრცელი პოემაა, ერთი სულიერი თავგადასავლის პერიპეტიებია, საგანთა და მოვლენათა ხედის ერთი რაკურსია. ლექსების თანმიმდევრული წყობა დასრულებულ და გამოკვეთილ მთლიანობას უნდა ქმნიდეს. ამგვარი მთლიანობა ხშირ შემთხვევაში თავისებურ ფაბულას, უხილავ განწყობილებისმიერ ქვედინებებს, გამჭოლ მედიტაციურობას უნდა ითავსებდეს თავის შიგნით. ეს ნიშნები შეიმჩნევა გიორგი მირზაშვილის წიგნშიც და ყოველივე ამასთან ერთად ასოციაციური აზროვნებაც იკვეთება.
    გიორგი მირზაშვილი მხატვარია და მისი სიტყვიერ-საგნობრივი ანტურაჟი ხან ნატურმორტებს ქმნის, ხან პეიზაჟებს. მაგრამ არის ფრაგმენტები, სადაც სხვადასხვა სიტყვა თუ საგანი თავის სემანტიკურ ველში სხვადასხვა სიტყვებს და საგნებს იქცევს, იქსელება ასოციაციური ხლართი, რომელიც ზოგჯერ მთელი ლექსის სივრცეს იკავებს. “თონე. რკინიგზა. მტვერი. ქარხანა. ბუფეტი სკოლის, დაფა, მერხები. ზურგჩანთა, ზარი, მასტიკა, ნახერხი, სამელნე, დღიური, შატალო, რვეული, მშობელთა კრება, მშობელთა აქტივი. სხდომა პარლამენტის. კიტრი, პომიდორი, ქინძი, რეჰანი, ძმარი და ზეთი, სვანური მარილი, ხახვი, ნიორი, სპორტის ამბები, მატჩი ფეხბურთის” და ა.შ.
    წიგნის წინასიტყვაობაში (ნ. დარბაისელი) მითითებულია XX საუკუნის 20-იანი და 60-იანი წლების ის ავტორები, რომელთა ნაწერებიც რაღაც ნიშნით ირეკლება გიორგი მირზაშვილის ლექსებში. ყოველგვარი გამოცდილების გაზიარება უმეტესწილად ნაწილობრივ ხდება, კონკრეტული დროის ესთეტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. გიორგი მირზაშვილმაც გამოიყენა საგანთა ჩამონათვალის ის ხერხი, რომელიც 10-იანი და 20-იანი წლების ქართულ პოეზიაში ნამდვილად იყო. 60-იან წლებში შოთა ჩანტლაძემ ამ გამოცდილებაში სკეპსისი და ირონიული შტრიხები შეიტანა. ეს გამოცდილებაც გარკვეულწილად გათვალისწინებულია “მარშრუტის” ავტორის მიერ, მაგრამ გიორგი მირზაშვილის “ნახელავი” მაინც სხვა ნიშნებს ამჟღავნებს. წიგნის წინასიტყვაობაში გაკრთება სიტყვა “ნეონატურალიზმი”. ეს სიტყვა-ცნება, მე მგონი, სხვა პირობით თუ მიახლოებით სიტყვა-ცნებებს შორის ყველაზე უფრო ზუსტად გამოხატავს “მარშრუტის” მხატვრულ თავისებურებას თუ თავისთავადობას. ავტორი აცოცხლებს ნატურას, მას უშუალოდ ნატურიდან შეაქვს ტექსტში უხეში პროზაული შტრიხები. ამ შტრიხების თანმიმდევრობაში ზოგჯერ ირონია, ღიმილი ან სევდა გამოსჭვივის, უმეტესწილად კი ამავე ტექსტში ნატურის ცივი გულგრილობა ირეკლება.
    ყოფით-ცხოვრებისეული რეალიების, პროზაული მასალების შეტანას ქართულ პოეზიაში თანმიმდევრული ხასიათი აქვს. ამგვარი რეალიები უფრო ხელშესახებია, კონკრეტულ-დროით ატმოსფეროს ქმნის ლექსში, აფართოებს პოეტურ თვალსაწიერს.
    ვფიქრობ, რომ შედარებით ახალი თაობის პოეტებმა საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს როგორც კონვენციურ, ისე თავისუფალ ლექსში ამ სიახლის დამკვიდრება. უკვე ტენდენციად ქცეული ნოვაციის რეცეპტი არ არსებობს. პროზაული რეალობის განფენა თუ განზავება პოეტურ სუბსტანციაში ინდივიდუალური ხელწერის, ცალკეული მიგნებების, ხშირად თამამი ექსპერიმენტების მეშვეობითაც ხორციელდება. ამავე ზოგადი ხასიათის ტენდენციას არცთუ იშვიათად ავანგარდის ან მოდერნის სახელით ნათლავენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის არსებითი. არსებითია ისე მოხდეს პროზაულ-პოეტური ელემენტების ერთმანეთში აღრევა, რომ პოეზიამ არ დაკარგოს პოეტური სახე და არ იქცეს ჩვეულებრივ პროზად. ერთი რამ გასათვალისწინებელია: პოეზიის სახე მთელი XX საუკუნის მანძილზე იცვლიდა გამომეტყველებას. ვფიქრობ, არ გამოდგა მთლად სწორი სენტენცია იმის თაობაზე, რომ ოსვენციმის შემდეგ ლექსები აღარ იწერება. ლექსები იწერება, მაგრამ სხვაგვარი. ფაშიზმის და ბოლშევიზმის შემდეგ, ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ კვლავაც იწერება ლექსები, სადაც ამ იმპერიის ნამსხვრევებია აღბეჭდილი. გიორგი მირზაშვილმაც ეს ნამსხვრევები აღბეჭდა თავის პოეტურ შემოქმედებაში.
    კრებულის ბოლოს დართული ჩანაწერები თავისებურად აგრძელებს ვრცელ ლექსებს. ისევ ქალაქის პანორამა, ისევ თბილისი, ისევ ნაცნობი სახეები და ადგილები: “მელიქ-აზარიანცის სახლი – მთელი სამყარო, ქვის ფასადი, ნაცრისფერი, მოჟამული, მაგრამ იმედის მომცემი; მაღალჭერიანი ბინები, ბნელი სადარბაზოები, ჰორელიეფები, ერკერები, მტვერი, სიმყარე, სადარბაზოების ფანჯრების ჰაეროვნება, სახურავები, ლურჯი ცა, თეთრი ღრუბლების ნაგლეჯები, წვიმა, მოახლოებული ჭექა-ქუხილი, მტვრის მძაფრი სუნი, განათებული ცა, ალვების კენწეროები, ელბაქიძის დაღმართი, მოზაიკა კუთხის კედელზე, საპარიკმახერო” და ა.შ. – მარშრუტი ¹48 თავის წრიულ სვლას აგრძელებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა

    ოლესია თავაძე – სევდიანი ჩანაწერები

    ამ პატარა წიგნს ვუძღვნი
    რუსიკო ხუნწარიას – მუსიკოსს, უცნაურ
    ქალს – ყველა ჩვენთაგანის მაგივრად,
    ტკივილის თანაგანცდით შეპყრობილს.

    ლ ა ბ რ ა დ ო რ ი

    ახალგაზრდა, ტკბილი ოჯახი გაიყარა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა… ქონება, დიდძალი არა, მაგრამ თავისთვის მოასწრეს, ზომიერად მოაქუჩეს: დებეტი, კრედიტი, ბანკი, სესხი – ისე რო გასაყოფი შეექმნათ. ქალმა თავისი არაფერი არ დატოვა, საზიაროც არ დასთმო – ყველაფერი გამოისყიდა ქმარყოფილისაგან; ფულზე მორიგდნენ. შვილი არ ჰყავდათ, ძაღლი ჰყავდათ, თეთრი ლაბრადორი, “Cынуля”-ს ეძახდნენ. “სინულია”, ერთი იყო, მშვიდობიანად რო შერჩა ქმარს. ქალმა სამაგიერო თეთრი ლაბრადორი უცხოეთიდან გამოიწერა.
    რა დაარქვა, არ ვიცი. არც ის ვიცი – ძუ არის თუ ხვადი.

    ო ბ ო ბ ა

    ძაბრისებურად ქსელით დაგრაგნილ ღრმულში დიდი ობობა ცხოვრობს. გაირინდა, შია, გაუმართლა: ჭკუამხიარული კალია გაება მახეში. ობობამ დააყოვნა, სკუპ-სკუპით გამოვიდა ძაბრიდან, კალიას დაახტა და ადგილზევე გააშეშა.
    ვუყურებ, ჩაი გამიცივდა, მუსიკა შეწყდა. რადიოდან დიქტორის მხიარული ხმა მომესმა: – უცხოეთში დიდი სანახაობა გაიხსნა, ახლა ყველას შეუძლია დაესწროს ატრაქციონს – ელექტროსკამზე სიკვდილმისჯილის განაჩენის აღსრულებას (ადამიანის ფიტულია, რა თქმა უნდა!). დიდძალი ტურისტი მიაწყდა სანახაობას.
    მე მარტო ვარ. არის თუ არა ჩვენს შორის რაიმე განსხვავება?

    ჩ ი ტ ე ბ ი

    მარტოსული მოხუცი, ოთახში გამომწყვდეული, თავს კითხვით და ხატვით ირთობდა. ოთახის ფანჯარა კი მისი ბუნების კარი იყო. ყოველდღე საგულდაგულოდ პურს ფშვნიდა და რაფაზე ჩიტებს აჭმევდა. გვერდით ოთახში
    ბიჭი ულამაზეს არაბულ ენას სწავლობდა, ნისკარტის რაფაზე კაკუნს გაიგებდა, ყურს დაუგდებდა და არაბულად იტყოდა – “ხუბზ ლი ტუიურ” – პური ჩიტებისთვის.
    დიდი ხანია მოხუცი აღარ არის, ბიჭს არაბული დაავიწყდა, ჩიტები კი ისევ მოფრინავენ.
    როდესაც პურის ნამცეცებს ვუყრი, ჩურჩულით ვიმეორებ – ხუბზ ლი ტუიურ.

    თ ე ვ ზ ი

    ლამაზი, ჯიშიანი ქალი თავის პატარა გოგო-ბიჭს სადილს უმზადებდა, ლამაზად მოძრაობდა სამზარეულოს სივრცეში, საქმიანობის მოსაწყენი ყოველდღიურობა სანახაობად აქცია. ტარიანი ტაფა მსუბუქად შედგა ცეცხლზე, მაგიდას მიუბრუნდა, პარკიდან თევზები გადმოყარა. თევზები მკვახედ დაეცნენ მაგიდაზე. ქირურგიული მოძრაობით დიდი დანა მოიმარჯვა და, ის იყო გამოფატრვა დაიწყო, რომ თევზები აფართხალდნენ. წუთით შეკრთა, წუთით თევზებიც შეკრთენ და ნელ-ნელა უკლეს ფართხალს.
    ყოველთვის მოინახება ერთი, უფრო არათევზი, უფრო ცოცხალი. იმ ერთმა სულის ღაფვას მძლავრად კუდის ქნევა მოაყოლა, გაიზნიქა, შეხტა და ქალს ხელიდან გაუსხლტა. ქალის უცაბედ დაბნეულობას იერიში მოჰყვა – კუდში სტაცა, მეორე ხელი დანის პირს ჩაავლო და ტარი ურტყა პირდაფჩენილ თავში. თევზი მძლავრად იბრძოდა, პირს დიდად, ჩქარ-ჩქარა აბჩენდა და ყოველი თავში ჩარტყმის მერე უფრო მწარდებოდა. ქალიც ეშხში შევიდა და ისეთი გამეტებით ურტყამდა დანის ტარს თავში, თევზს კბილები რო ჰქონოდა, დააყრევინებდა. ქალმა დარტყმის სიჩქარეს და სიძლიერეს უმატა, გახურდა და ხელებში ჩამკვდარ თევზს უკვე ისე, სიხარულით ურტყამდა.
    შუადღე იყო, ბავშვებს ეძინათ.

    უ ტ ი ფ ა რ ი ძ ა ღ ლ ი

    ქუჩაში ნაპოვნი ძაღლი სოფელში წაიყვანეს. სოფლის ნათესაობამ, დიდი აღრფთოვანებითო, ვერ იტყვი, – სხვა რა გზა გვაქვსო, დავიტოვებთო. მაგრამ, როდესაც უტიფარმა ძაღლმა ქათმების დევნა დაიწყო, სიტუაცია დაიძაბა: ქალაქელები იმას აწვებოდნენ, შეიგნებსო; სოფლელები დიდად იმედიანად არ იყვნენ. ამასობაში ძაღლმა ტყუილად დევნას ქათმების ცოცხლად ჭამა ამჯობინა. ცალფეხზე მოფართხალე ქათამმა და ძაღლის ბუნტყლიანმა ცხვირმა სოფლელები ცივ უარზე დააყენა: – თქვენ რო წახვალთ, მაინც მოვკლავთო. მოსაკლავად ცოდვა იყო, ისევ თბილისში ჩამოიყვანეს, მარტოხელა, ცოლგაქცეული ძმაკაცი გააბრიყვეს, და იმას აქეთ ეგ ძაღლი ოპერის თეატრის უკან ცხოვრობს, ცოლყოფილის ლოგინზე წევს, ცოლყოფილისსავე სახელი ჰქვია და სასეირნოდ ოპერის ბაღში დადის.
    უცნაურია, ზოგჯერ უტიფრობა სიკეთით როგორ მოგიბრუნდება. აბა, ქათმები ცოცხლად არ ეჭამა, რა ცხოვრება ექნებოდა?!

    ც ხ ე ნ ი “გ ა ნ ძ ი”

    მხედარი, განძს რო ეკადრებოდა, ისეთი ჰყავდა. გურული ფირალივით შეიარაღებული, ამერიკელი კოვბოივით დაზმანული, ვერელივით ამპარტავანი. განძი დოღის “არაბი” ცისფერსისხლიანი იყო, ბალახს არ ძოვდა, შვრია უნდა მიგერთმია, სწორზე უნდა ევლო. მხედარმა ეს ყველაფერი კი იცოდა, მაგრამ თუშეთში მიმავალი, თუშურ ცხენზე ხომ არ დაჯდებოდა? განძმაც, სანამ შვრია იყო – ჭამა, სანამ ვაკე იყო – იარა. ომალოში ვაი-ვაგლახით ავიდა. სული მოითქვა. ახლა თუშები ატყდნენ:
    – აბა, რა დოღის ცხენია, თუ ვერ ირბინა!
    – შევაჯიბროთ!
    – ჩვენ ცხენებს ჯანით ვერ აჯობებს!
    იმდენი ქნეს, დოღი გამართეს. განძმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, არც თავი შეირცხვინა, არც მხედარი. უკანა გზაზე კი ბალახის გაჭირვებით ძოვამ და ციცაბომ თავისი ქნა, ქანცგამოლეულს ქანობზე ფეხი დაუცდა, წვივში გადაუტყდა და კოვბოის ორლულიანმა იქვე ხევში დააგორა.
    განძის თავლაში ახლა სხვა “არაბი” დგას. მხედარმა გუდაურში “როსინიოლების” თხილამურებზე დგომა არჩია.

    უ კ უ დ ო კ ა ტ ა

    თბილისის დიდ ეზოში კუდიანებში უკუდო კატა “ქურდად იჯდა” – ძაღლს და მამაძაღლს, ყველას ეშინოდა უკუდოსთან საქმის დაჭერა, სუყველასთან “ვერხით” იყო. ერთადერთი ქალი ჰყავდა ამოჩემებული, იმას ენდობოდა, იმას აკითხავდა, იმისას ჭამდა, იმის კარადაში ყრიდა კნუტებს, თუ არ გაუჭირდებოდა, იმასაც ზედმეტად არ აწუხებდა.
    ერთხელაც ეზოში ხმა დაირხა – უკუდოს ამპარტავნობამ უწია, ვიღაცამ ლებან-ლებან დაშალა და ნაკუწ-ნაკუწ სისხლის გუბეში გდიაო. ქალს ეს ამბავი რომ მიუვიდა, – მაგის შემხედვარე არა ვარო, ჩემი გული მაგას ვერ გაუძლებსო.
    და რა გულმა გაუძლო, როდესაც მეორე დღეს სისხლში ამოვლებული უკუდო კატა თავის კარებთან ნახა მოთრეული. ეგრევე ექიმთან გააქანა, ეგების გადარჩესო. ექიმმა უკუდო შეათვალიერა და ქალბატონს მოახსენა:
    – იღლიაში ერთი ნაკაწრი აქვს, ეგ სისხლი კი თავისი არ არის. ვისაც ამან სისხლი ადინა, იმას მიხედეთ, თუ მიუსწრებთო.
    უკუდო მოსულიერდა, თვითონ კი სული ვის გააფრთხობინა, თქმაც რომ შეეძლოს, ვერ ათქმევინებდი.

    წ ყ ლ ი ს კ უ

    ერთი წყლის კუ გვყავდა, მოწყენილი გვეჩვენა და საამხანაგოდ თავისნაირი მოვუყვანეთ. კვერცხის ოდენებიც არ იყვნენ, დედალ-მამალს ვერ გაარჩევდი და,
    თუ არ შეუღლდებოდნენ, გვეგონა, იმეგობრებდნენ მაინც.
    რა ვერ გაიყვეს, რითი ვერ მორიგდნენ, რომ ერთხელაც აკვარიუმში ისევ ერთი კუ დაგვხვდა. მეორე ვეძებეთ ყველა კუთხე-კუნჭულში, ბოლოს აივნის ღია კარებს გუმანით თვალი გავაყოლეთ, აივანზეც არ იყო, უიმედოდ მეოთხე სართულიდან გადავიხედეთ, და, საოცრება, რამ დაგვანახა?! გადარჩა! ამოვიყვანეთ, დავაბრუნეთ, აკვარიუმში წყალი დავაკელით, ამოსვლა რომ გასჭირვებოდა.
    შენც არ მოგიკვდეს ჩემი თავი! მეორედაც და მესამედაც იგივე – გაიპარა, აივნიდან გადახტა, ვიპოვეთ, დავაბრუნეთ. მერე ვიფიქრეთ – ეს თვითმკვლელობის ხერხია თუ გართობა, ერთხელაც ცუდად მოგვიბრუნდება და გავაჩუქეთ.
    ისევ ის ერთი კუ დაგვრჩა, მშვიდი და მეოცნებე.
    მეორეს ამბავს აღარ ვკითხულობთ, გული არ გვატკინოს.

    ბ უ

    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ანუ იყო და არა იყო რა. წარმოიდგინეთ: ზაფხულის ღამე, სოფელი, ოდა სახლი, ოთახი მიწისპირა ღია ფანჯრით, ფანჯარაზე მიბჯენილი მაგიდა, ზედ გაწყობილი მწირი ვახშამით, მაგიდის თავზე მბჟუტავი შუქი, მაგიდასთან ორნი – სულერთია ვინ. ყველაფერი მარტივია და პროზაული. და უცებ, ღია ფანჯრის ღამის სიჩუმიდან, ფეხების ბაკა-ბუკით, პატარა, დაბღვერილი ბუ შემოდის, რაფაზე ჩერდება, დაჭყეტილ თვალებს აბრიალებს და ამრეზით უყურებს ორ პირდაფჩენილ არსებას.
    სუფრაზე შემოსწრებულს ჩვენში ლუკმას უყოფენ, მაგრამ ყველი-პურის დანახვაზე სტუმარმა ფეხების ბაკუნს მოუმატა, კიდევ უფრო გაიფხორა და ფურთხება დაიწყო. რა გვექნა, თავი მოგვეჭრებოდა, სად იყო და სად არა, გვერდით კედელზე დიდი მწვანე კალია რომ არ დაგვენახა. კალიის ბედიც ეგ იყო. ბუმ დიდად არ იუარა, პირი დააბჩინა და დიდი დამადლებით მიირთვა. მერე ისევ უხასიათოდ ზურგი შეგვაქცია და ბაკა-ბუკით გაგვეცალა.
    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ორნი ვიყავით და ერთმანეთს დავემოწმებით, რომ იყო, ნამდვილად.

    მ ტ რ ე დ ი

    ჩემს ტკბილ მეგობარს მტრედები უყვარდა და ჰყავდა კიდევაც. ფოსტის მტრედები იყვნენ, ნასწავლი ამბის მიტან-მოტანაში. წყნეთის ბაღში, სამტრედეში ცხოვრობდნენ და თბილისთან სატელეფონო ხაზის მაგივრობას გვიწევდნენ. რამდენჯერ, სახლში დაბრუნებულებს, ფეხზე გამობმული ბარათი მოუტანიათ. “მოვდივარ”, “გაჩერებაზე დამხვდი”, “გადაეცი, ვერ მოვალ”… საქმიანი გზავნილები იყო უმეტესად. ერთხელაც, გულჩვილობისას, სასიყვარული წერილი გამომიგზავნა. მაგრამ, არც ის მტრედი მოფრინდა, არც ის წერილი.
    – იშვიათია, ხდება ხოლმე, ასეული კილომეტრების სიშორიდან ბრუნდებიან, ალბათ რაღაც მოუვიდა, – თავს იმართლებდა გაწბილებული მწრთვნელ-მიჯნური.
    რაღაცის ნიშანი ხომ არ იყო, რომელსაც უნდა მიუყურადო….
    ჩვენს სიყვარულსაც რაღაც მოუვიდა.

    დ ე დ ა – ღ ო რ ი

    სიცოცხლის გაჩენა ამ ქვეყანაზე დიდი სასწაული რომ არის, ამაზე კი არავინ
    არ დაობს. მისი მსგავსი სასწაული არც რამეა არც არსად. თუ შესწრებიხარ, – ნისკარტით როგორ ძვრება ჭრელი კვერცხიდან ბარტყი, თუ შეგიმჩნევია ცოცხალმშობი თევზის ელვისებური გაჩენა, თუ გინახია ფარაში მიმავალ ცხვარს როგორ უვარდება ბატკანი, თუ გინახია კვიცის, ჩოჩორის ან ბოჩოლას მოსვლა ამ ქვეყანაზე, თუ კატის ან ძაღლის გაჩენა გინახია, თუ ბავშვის მოვლინებას დასწრებიხარ, ნამდვილი სასწაულის მომსწრე ყოფილხარ!
    ქალაქელი ბევრ ვერაფერს დაიტრაბახებს, სოფელში კი სასწაული ყოველ ნაბიჯზეა.
    ერთხელ სოფელში გოჭების გაჩენას შევესწარი. უზარმაზარი თეთრი დედა-ღორი, აპრეხილცხვირიანი, ჩამოყრილი ძარღვიანი ყურებით, დაგრაგნილი კუდით, ერთი ბეწო ჩლიქებზე ძლივს იდგა, სამშობიაროდ ვიწრო ბოსელში იყო
    შემწყვდეული. პირველი გოჭის გაჩენაზე, შიშმა ამიტანა, – ამ სივიწროვეში გაჭედილ
    დედა-ღორს, ქვეშ დავარდნილი გოჭი არ შემოეჭყლეტოდა. ყოველი გოჭის მომატებაზე ბორგავდა და წრიალებდა. ასე თორმეტი გოჭი გააჩინა, თავისნაირი თეთრები, ვარდისფერყურიანები. მეცამეტე, ნაბოლარა, ჭრელი იყო.
    ბღავილში და ბორგვაში ფეხი დაადგა კი არა, ბალერინას უნაზესი მოძრაობით არიდებდა ჩლიქს მოჭყვიტინე გოჭებს. მეცამეტეს გაჩენაზე შვებით ამოიღრუტუნა, ფრთხილად გაწვა იატაკზე და ცამეტივე დინგით ძუძუების ირგვლივ შემოილაგა.
    არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე სიცოცხლის გაჩენაზე დიდი სასწაული! არაფერი!


    ქ ა თ ა მ ი

    – ჩემი ჭრელა, ჩემს ოჯახს მირჩევნია, – იტყოდა ხოლმე კაცი. ჭრელა დედალი ქათამი იყო და ჩვენს სახლში, მეხუთე სართულზე, პატიოსნად ცხოვრობდა. მის პატრონს დაკვლა დააგვიანდა და ამასობაში ასე ძალიან შეუყვარდა, თუ ჭრელა მართლაც სასწაული ქათამი იყო, ვერ გეტყვით. იმასაც ვერ გაიგებდი, კაცი ოჯახს რას ერჩოდა. რომელი ოჯახი აიტანს ბინაში მოკაკანე დედალს. მარტო კაკანს რა უჭირს, დიდიან-პატარიანად დღენიადაგ სკლინტების წმენდაში იყვნენ, ფულის იმედი თუ გაამხნევებდათ (ჩიტის სკლინტმა ფული იცისო), მაგრამ არც ფული ჩანდა და არც ოქროს კვერცხი. მერე ეჭვი აიღეს, ეგების ქათამი ჩიტებში არ გადისო, და სულ წახდნენ. დიასახლისის მოთმინებას ბოლო რომ მოეღო, სადილად საყვარელ მეუღლეს ჭრელას ბულიონი დაახვედრა.
    – ჭრელა! – იკივლა კაცმა.
    ვერაფრით ვერ დააჯერეს – ჭრელა აივნიდან გაგვიფრინდაო. ისეთი ჩხუბი ატეხა, ისეთი აყალ-მაყალი…
    ისე, რა იყო დაუჯერებელი ჭრელას გაფრენაში, თუ პირისგემოთი ცნობდა თავის “სატრფოს”?..

    მ გ ა ლ ო ბ ე ლ ი ჩ ი ტ ე ბ ი

    დიდი ხნის წინ, მთაწმინდაზე ცხოვრობდა ღვაწლმოსილი მუსიკის პედაგოგი, კონსერვატორიის პროფესორი, დიდად პატივცემული ქალბატონი.
    მისი სიყვარული მუსიკისადმი უსაზღვრო იყო. უსაზღვრო იყო მისი სიყვარული ცხოველებისადმი. მშიერს და ავადმყოფს გულგრილად ვერ ჩაუვლიდა – დიდძალ საჭმელს ყიდულობდა, თავისი ხელით აჭმევდა და უვლიდა. როცა არ ეცალა, უბნის ბიჭებს დარაზმავდა, ბიჭები დადიოდნენ მის მაგივრად ეზო-ეზო და ლეკვებსა და კნუტებს პატრონობდნენ. პროფესორობა რომ არა, ჩვენში ბევრ ჯანმრთელსა და გონიერს ქალბატონი თვალში არ მოუვიდოდა და სასაცილოდაც არ ეყოფოდა. ცოტა სასაცილო, ალბათ, ერთ მანგლისელ კაცსაც ეგონა. ქალბატონი ზაფხულობით მანგლისში ისვენებდა და ამ მოხუცი კაცის სახლში ქირით ჩერდებოდა. სახლის პატრონს კიდევ ერთი შემოსავლის წყაროც ჰქონდა – მგალობელ ჩიტებს იჭერდა და ბაზარში ყიდდა. ქალბატონი კი მუდამ გალიის საკეტს ხსნიდა და ჩიტებს ცაში უშვებდა, მერე კი ზარალის ფულს ერთი ათად უხდიდა. ნაწყენი არავინ რჩებოდა.
    მაგრამ ასეთი განუზომელი სიკეთეც კი არ იხსნის ადამიანს აღსასრულისაგან. დადგა დღე გამოთხოვებისა… ქალბატონის სახლში მისმა გამოზრდილებმა, საქვეყნოდ აღიარებულმა მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. დიდ ოთახში, თავახდილ როიალთან, ერთმანეთს ენაცვლებვოდნენ მისი ტიტულოვანი მოწაფეები და ჟღერდა მუსიკა. მთელი თბილისის ნარჩევი საზოგადოება ნაკადად მოედინებოდა ქალბატონთან პატივის მისაგებად. და, რაოდენ შეუფერებელი უნდა ყოფილიყო ამ დიდებული საზოგადოებისთვის სოფლელი კაცი, გაზუნტლული კახური ქუდით, დიდი კოლოფით ხელში, რომ როიალთან მჯდომმა ვირტუოზმა პიანისტმა დაკვრა შეწყვიტა და გაკვირვებით ახედა. ყველას გზააბნეული ეგონა.
    მოხუცმა არც ვინაობა გაამხილა, არც უკან დაიხია, განსვენებულთან მივიდა, კოლოფს ჭილოფი ახადა, სახურავი ახსნა და ქალბატონის თავზე მგალობელი ჩიტები აფართხალდნენ.
    ღვთაებრივ მუსიკას ჩიტების ჟრიამული და ფრთების თრითინი შეერწყა და სივრცეში განილია…

    შ ი ნ ა ბ ე რ ა ძ ა ღ ლ ი

    თეთრი ძაღლი პასკი კოხტაა და “ქალური”, მაგრამ უკვე ასაკს გადაცდენილი შინაბერაა. ხელი კი შეეწყო, საკადრისი ზომა-წონის “ოჯახის ბიჭს” ურიგებდნენ, მაგრამ ამაოდ. ვნება არცერთს არ აწუხებდა. სამაგიეროდ ორი ახმახი ძაღლი ამშვენებს მის ბიოგრაფიას: პირველს კუცმანა ერქვა, აშკარად უჯიშო იყო, მაგრამ ისეთი სიმწრით იბრძოდა “სატრფოს” დასათრევად, რომ სამმეტრიან ღობეზე ძვრებოდა – დაუჯერებელს გაგაკეთებინებს სიყვარული. პასკი კი ყრუ იყო და მუნჯი. მეორეს თოლია ერქვა, კავკასიურ ნაგაზობას აბრალებდნენ, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ “ქალს” აქეთ იწუნებდა. რას არ შვებოდა საბრალო პასკი,
    რას ხვანცალებდა! კავკასიელი ყაზილარი ზრდილობიანი კი იყო, მაგრამ ლტოლვის მაგვარი არაფერი ეტყობოდა.
    ასე, წუნიაობაში, შინაბერად დარჩა თეთრი პასკუალინა.
    უპასუხო, ცალმხრივი სიყვარული ჩვენშიც რა ხშირია.

    შ ვ ე ლ ი

    სანამ სოფელი დაფუძნდებოდა, ჩვენს ოდას ვინ არ აკითხავდა: კურდღლები, მელიები, ტურები – მრავლად იყვნენ. შაშვები და კოდალები კი დღესაც შემოგვრჩნენ. ერთადერთი, ეულად შველი მოდიოდა – შორიახლოს აჩრდილივით, ფრთხალად გაირინდებოდა და ისევ ქრებოდა. ნელი-ნელ ყველა გაიკრიფა და არც შველის გაუჩინარებას გაუკვირვებივართ.
    მერე მითხრეს, ის შველი ჩემი მეგობრის მამას მოუკლავს.
    ნეტავი არ იყოს მართალი.

    ს ა მ ფ ე ხ ა ძ ა ღ ლ ი

    ქალაქში, ჩვენი სახლის ეზოში რა ძაღლს არ ნახავთ, პატრონივით გაპრანჭულს: თავმომწონედ დასეირნობენ ცისფერი პუდელები, მოჩითული დალმატინები, გარგლისფერი სპანიელები, იდიოტი პიტბულები… ძალიან თავმომწონე ძაღლებს “ძიძები” ასეირნებენ. ამ ნარჩევ საზოგადოებაში ერთადერთი ძაღლია ყოვლად უჯიშო, უიმედოდ შავი, და ისიც სამფეხა. ოთხი ფეხის მაგივრად ოთხი წვინტლიანი პატრონი ჰყავს, ოთხი პატარა და-ძმა. არც ძიძა ჰყავს, თავსაც ვერაფრით მოიწონებს, მაგრამ ჩვენს ეზოში ყველაზე ლამაზი წითელი ყელსაბამი უკეთია, ბრჭყვიალა კოპლებით.

    ჭ უ კ ე ბ ი

    ბაზარში, რო იტყვიან, გაგანია სიცხეში, მწვანილის, ბოლოკის, ბადრიჯნის, კიტრისა და პამიდვრის რიგში უაზროდ გამოჩრილი გალია იდგა, შიგ მისვენებული იხვების “ნამატით”. ჭუკები ერთმანეთის კისრებზე თავმიყრილები იწვნენ და თვალებს ნაბავდნენ.
    – გაიარეთ, გაიარეთ, არ გააღვიძოთ, ემ საათში ვაჭამე და ძლივას დავაძინე!
    აქ დასაძინებლად თუ გასაყიდად მოიყვანა, – ვიფიქრე, პატრონს ავხედე. ჭუკებს, მზეზე გარუჯული, შრომაში დაბერებული, ჯმუხი შუა ხნის კაცი ყიდდა.

    ბ ა ტ კ ა ნ ი

    ქალაქელები სამშობლოს მიწა-წყლის სანახავად პატარა ავტობუსით ვარძიაში მიდიოდნენ. თანამგზავრების ერთფეროვნებას ჩერჩეტი ბატკანი და ბეღურისხელა ქალბატონი ასხვაფერებდა. გზა გრძელი იყო, ხან ამბავს მოყვნენ, ხან წაუძინეს, ხან კი ბატკანს ართობდნენ: სასაცილო ბანტი შეაბეს, “ჩორტიკა” შეარქვეს და გასეირნებისას ერთმანეთს ეცილებოდნენ, საბელს ვინ დაიჭერდა.
    ვარძიაც მოინახულეს, გვარიანადაც მოშივდათ. საგზალი ამოალაგეს, კოცონი დაანთეს და მსხვერპლშეწირვის დროც დადგა. ის იყო, ბატკანს ბანტი შეხსნეს, რომ ბეღურისხელა ქალბატონმა იაზრა რაშია საქმე, და არნახული ენერგიითა და ხერხებითQ ჩაშალა მხიარული ღონისძიება.
    ნეტავი გამაგებინა, გზაში რას ფიქრობდა, – ბატკანი თამარ მეფის ფრესკის სანახავად მიჰყავდათ?

    ზ ღ ა რ ბ ი

    უშფოთველი დღე იყო. თბილისში, ვერაზე, საბავშვო ბაღის შენობის წინ, ქუჩაში დიდი შავი მანქანები იდგა. საბავშვო ბაღის წინ, დიდი შავი მანქანების გარდა, დიდი სანაგვე ბუნკერიც იდგა, ირგვლივ მიზანს აცდენილი ნაგვით სავსე პარკებით. იქვე, სანაგვესთან, ქუჩაში, ასფალტზე, გულაღმა, პატარა ზღარბი ეგდო. ოთხივე თათი და პატარა ცხვირი ცისკენ ჰქონდა აღმართული. ზედ დიდი ბუზი დასტრიალებდა.

    მ ე ო რ ე ბ ა ტ კ ა ნ ი

    მეორე ბატკნის ამბავი გითხრათ. პატარა და-ძმას დედ-მამამ თეთრი ბატკანი მოუყვანა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი იგივე პროგრამით განვითარდა: სიხარული, ბანტის შებმა, ცეკვა-თამაში, გასეირნება, რაღა თქმა უნდა – სახელის შერქმევა (ამ შემთხვევაში – ცუნცულიკა) და, ბოლოს, ჩაქაფული ან ხაშლამა (ამ შემთხვევაში – ჩაქაფული). აბა ქალაქის ბინაში დუმიან ცხვარს ხომ არ გამოზრდიდნენ?! მოკლედ, ჩაქაფულის ჭამისას, დედ-მამა ბავშვებს ზღაპარს უყვება:
    – იცით, ბავშვებო, ჩვენს ცუნცულიკას დედიკო მოენატრა, დიდი გზა გავიარეთ,
    ყაზბეგში ჩავიყვანეთ, მეცხვარე მოვნახეთ, ცუნცულიკა დაუტოვეთ, მწყემსს ფული ვაჩუქეთ, კარგად რომ მოუაროს და სამაგიეროდ სხვა ბატკანი გამოგვატანეს საჩაქაფულოდ.
    ბავშვებმა ყურადღებით უსმინეს, და მერე, თვითონ ცუნცულიკებმა, ერთხმად განაცხადეს:
    – გაგიჟებულხართ, რამდენი გივლიათ, რამდენი გიწვალიათ, აქ არ გყავდათ ეგ ცუნცულიკა, ფულის ხარჯვას დაგეკლათ და მოგეთავებინათ საქმეო.
    – რა საღად მოაზროვნე თაობა გვეზრდება, – ამოიოხრეს ბედნიერმა მშობლებმა…

    ჯ უ ჯ ა გ ო ჭ ი

    ჯუჯა გოჭი თუ გინახავთ? თავის ტოლებში ყველა უკვე ან გაიზარდა, ან გაიყიდა, ან შეიჭამა. ამ უდღეურს გაზრდა ხომ არ უწერია, გაყიდვით კი – ფერ-ხორცით მოაწონებ ვისმეს, თუ ნერწყვს მოგადენინებს?
    ერთი ხეირია – იჯექი და უყურე, სანაშენე ღორებს ფეხებში როგორ ებლანდება; ღობე არ არის, რო არ შეძვრეს, ხვრელი – რო არ შეეტიოს; არც უღელი შველის, არც დაბმა, იმხელაზე ჭყვიტინებს. გონი და საზრისი თავის სამყოფი აქვს, ბევრი არც რკო და სალაფავი ჭირდება.
    არის და იქნებოდა ეგრე, მუდამ გოჭი, მუდამ ახალგაზრდა, მუდამ უბერებელი,
    მგელსაც რომ ადამიანივით არჩევანი ჰქონოდა…

    კ რ ა ზ ა ნ ე ბ ი

    მდელოზე, ბალახებში, დიდ ღრმულს წავაწყდით, დიდი კარდალის ზომის. ბალახებს შორის, აქა-იქ ფიჭები იყო მიმოფანტული. ღრმულს კედლებს ირგვლივ შემოშენებული ფიჭა შერჩენოდა, ფიჭის სახურავი კი ამოტრიალებული განზე ეგდო. ჩავიხედეთ. ღრმულში, არეულობაში, სამიოდე კრაზანა უაზროდ დაბოდიალობდა, ხან აფრინდებოდნენ და ისევ დაკარგულებივით ნანგრევებში ტრიალებდნენ. შემზარავი იყო დარბეული სამყოფელი. რამდენ კრაზანას უნდა ეშრომა, რომ ასე, ფიჭებით შემოეშენებინათ და დაეხურათ თავიანთი “Qქალაქი”, და ვიღაცამ, ნებით თუ უნებლიეთ, ნაქალაქევად აქცია.
    შემზარავი იყო და ტრაღიკულიც, თუ ჩვენებურ უბედურებას მიამსგავსებდი…

    დ ა ი ლ ა პ უ

    წყნეთში, ფუფუნებაში (აბა როგორ!) ერთი მოვლილი კავკასიური ნაგაზი ცხოვრობდა. თავისი ცხოვრების შესაფერს ბევრს ვერაფერს ახერხებდა, ერთი იცოდა მხოლოდ – “Дай лапу”-ს ეტყოდნენ და “ლაპუს” გაძლევდა. ასე შერჩა კიდევაც “დაილაპუ” ზედმეტ სახელად. სამწუხაროდ, სხვა არაფერი იცოდა, არც ჭკუის, არც სწავლა-განათლების არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაგისთვის ხელი არაფერს შეუშლია და პატრონმა იჩალიჩა თუ დაილაპუს დრო დადგა, დაილაპუ კინოში გაიჩითა – ფილმში გადაიღეს: თამაშობდა, ახოვანად მიდი-მოდიოდა და “დაილაპუს” რო იტყოდნენ, თათს იწვდიდა. წყნეთში, უბანში დიდად პოპულარული გახდა, პატივისცემა შეიფერა, ფერ-ხორცი კიდევ უფრო შეისხა. მაგრამ ისევ დაილაპუდ დარჩა, მისი ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვდა…

    ზ ა ზ უ ნ ა

    როდესაც რაღაცას წერ, პირველად ვისაც აკითხებ, ის შემთხვევითი არასდროს არ არის. შემთხვევითი არც ფერმკრთალი გოგონა იყო. გულისყურით კითხულობდა. ყოველ ამოხედვაზე თვალებში ვუყურებდი – რას ფიქრობდა. უცებ წამოიძახა:
    – უფრო საშინელი ამბავი ვიცი! ოღონდ ვერ მოგიყვები, გახსენებაც არ შემიძლია!
    მერე კი თავი ვერ შეიკავა და აკანკალებული ხმით ზაზუნას ამბავი მომიყვა:
    – ეზოში, ბიჭები ბადმინტონს… ზაზუნათი… ცოცხალი ზაზუნათი… თამაშობდნენ! ზაზუნას აბურთავებდნენ! ჩოგანის ყოველ დარტყმაზე სუსტი კრუსუნი ისმოდა. როდესაც ზაზუნას ბოლო ამოკვნესა მიჩუმდა, დაღლილმა სპორტსმენებმა, ზაზუნას კუდზე ბაწარი მიაბეს და ცეცხლზე ნელა დაწვეს.
    ამ ამბის მოყოლა, ფერმკრთალი გოგონასი არ იყოს, მეც გამიჭირდა, მაგრამ არ მომეყოლა, არ შემეძლო.

    პ ა ტ ა რ ა ც ი ყ ვ ი

    ქალაქის ქუჩაში ერთი ბეწო ციყვი გამვლელს აეკიდა – ფეხდაფეხ მისდევდა. კაცმა მოიხედა და დასაჭერად ხელი წაატანა. ციყვი განზე გახტა. ახლა სხვამ დაუპირა დაჭერა და ხელი სტაცა. ციყვმა კბილი მოსდო და ამასაც დაუსხლტა.
    – ასე არა, დაჭერა ასე არ უნდა, – სთქვა ამის შემხედვარე მოსეირნე კაცმა და
    ციყვს გაშლილი ხელი მშვიდად გაუწოდა. პატარა თავისით შეხტა ხელისგულზე, სითბო იგრძნო, მოკალათდა და იქვე ჩაეძინა.
    დღესაც ეს თბილი ხელები უვლიან, თავისთან აცხოვრებენ და კოკო დაარქვეს.

    მ წ ე ვ ა რ ი

    ტახებზე მონადირე ორი მწევრიდან, ერთი ისე დაშავდა, ისე დაგლიჯა ტახმა, რომ მონადირეებმა, – მაინც მოკვდებაო, – სახლში აღარ დააბრუნეს და იქვე ტყეში დატოვეს.
    ერთი კვირის თავზე, სანადიროდ წასულებს, თავიანთი მწევარი უკანა გზაზე მოლასლასე შეხვდათ.
    უეჭველია, გაიკვირვებდნენ. დააპურეს, მოათბეს, თან გაიყოლეს. მაგრამ ნადირობისას ვეღარ დააკავეს, გაექცათ და ამჯერად კი ნამდვილად შეაკვდა თავის მოსისხლე მტერს.

    კ ნ უ ტ ე ბ ი

    – როგორი გადაყოლა იცით ქართველმა დედებმა, ჯარია, დიდი ამბავი, ვის არ მოუხდია, – მიუბრუნდა მძღოლი ჩანთებით დახუნძლულ ქალს.
    ქართველმა დედამ ხმა არ ამოიღო, გული უჩქაროდა – მანქანა საჯარისო ნაწილს უახლოვდებოდა, შვილი დაინახა.
    აწოწილს, სამხედრო ფორმიდან ხელ-ფეხი ამოჩრილი ჰქონდა, გალუმპული კნუტების გროვას გულში იხუტებდა და შიშველ ხელებზე ჩამონადენ წყალს ცრემლების ღვარი ემატებოდა.
    …კნუტები დასახრჩობად ზემდეგის კიკინებიან გოგონას გუბეში ჩაუყრია.
    – კი გყოლიათ მისახედი, – ჩაილაპარაკა მძღოლმა და დაბნეულად მიმოიხედა.

    ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი

    მშვიდობიან დროს, ამისთანა ფიქრები ცოტა ნაძალადევი, ყურით მოთრეული გგონია.
    და, აი, ომსაც მოვესწარით. იმერული ოდის თავზე ძალზე დაბლა ხუთმა ვერტმფრენმა გუგუნით გადაიფრინა. ავტომატის კაკანი გაისმა. ზედ ყურთან, დიდი, შემფრთხალი ფრინველის ფრთის ნიავი ვიგრძენი. ამდენი წელია ჩემს ბაღში ამხელა ჩიტი თვალით არ მინახია. თურმე… და ის ფიქრები, მშვიდობიან დროს ნაძალადევი რომ გგონია, მართებულად დამიბრუნდა.
    ჩვენს მიერ, ჩვენივე, ადამიანების ატეხილი ომების დროს, ვინმეს თუ მოუცლია ყოვლად უდანაშაულო ჩვენი თანამაცხოვრებლების მსხვერპლი დაეთვალა: რამდენი ფრინველი, ბელი თუ შველი, რამდენი შინაური თუ გარეული…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“