• რეცენზია

    თამარ ბარბაქაძე – "სონეტი საქართველოში"

    გიორგი ლობჟანიძე
    “ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”
    თამარ ბარბაქაძე “სონეტი საქართველოში”, თბ. “უნივერსალი”, 2008.

    ეს 530-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც წინათქმას, შესავალს, ტევად ბოლოთქმასა და VI ძირითად თავს აერთიანებს, უაღრესად რთული და საინტერესო მყარი სალექსო ფორმის – სონეტის – დამკვიდრებისა და განვითარების სრულ სურათს გვთავაზობს საქართველოში, სადაც მაღალი პოეტური ტრადიციისა და სიტყვასთან, კერძოდ კი პოეტურ სიტყვასთან განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო, ეროვნული ლექსის ბუნებამ უბრალოდ ვერ იგუა ძალიან ბევრი უცხო ფორმა თუ საზომი და, ან საერთოდ არ შემოუტანია, ანდა მალევე უკუაგდო.
    სონეტი კი ფართოდ გავრცელდა ჩვენში და ქართველი პოეტების ერთ-ერთ საყვარელ სალექსო ფორმადაც მოგვევლინა.
    ნაშრომის წინათქმაში თვითონ თამარ ბარბაქაძეც აღნიშნავს, რომ “სონეტი, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმა, თითქმის ორ საუკუნეს ითვლის საქართველოში. შესაბამისად, ხანგრძლივია მისი კვლევის ისტორიაც.
    …ამ ევროპული კანონიკური სალექსო ფორმის თაობაზე პირველი სიტყვა ილია ჭავჭავაძემ თქვა თავის სადებიუტო წერილში “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძე ერისთავის კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა”: “ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”.
    იქვე თამარ ბარბაქაძე მიუთითებს, რომ “1884 წელს ნ. გულაკმა ახსენა დანტეს სონეტი, თბილისში “ვეფხისტყაოსანზე” წაკითხული საჯარო ლექციის დროს, ორიოდე წლის შემდეგ კი ივ. კავთელმა (ჯაჯანაშვილმა) დაახასიათა იგი თავის წერილში, როგორც ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი სახე.
    ნამდვილი თეორია სონეტის მკაცირი კანონების თაობაზე ქართულ მწერლობაში მხოლოდ XX საუკუნის 10-იან წლებში ყალიბდება. იგი უშუალოდ უკავშირდება იმ ქართველი პოეტი-სონეტისტების სახელებს, რომლებიც სონეტებსაც წერდნენ და ამ უცხოური სალექსო ფორმის ვერსიფიკაციული პარამეტრების დადგენა-დაკანონებასაც ცდილობდნენ. სონეტების კვლევა პოეტებმა დაიწყეს, რასაც მოჰყვა ცნობილი პოლემიკა XX საუკუნის ათიან წლებში: 1918 წელს ი. გრიშაშვილის “საიათნოვას” 68-ე გვერდის სქოლიოში გამოთქმულმა შენიშვნამ სონეტის საქართველოში დამკვიდრების თაობაზე იმავე წელს საინტერესო დისკუსია გამოიწვია გაზეთების: “სახალხო საქმისა” და “საქართველოს” ფურცლებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გრ. რობაქიძე, ტ. ტაბიძე, ს. ფაშალიშვილი.
    ამ პოლემიკას მოჰყვა 1919 წელს ჟურნალში “მეოცნებე ნიამორები” დაბეჭდილი ვალერიან გაფრიდაშვილის ესსე “სონეტის პრობლემა”. საბოლოოდ კი ს. გორგაძემ ჩამოაყალიბა სონეტის კანონიკური ფორმის სალექსო პარამეტრები ქართულ პოეზიაში (“ქართული ლექსი”, 1930)”.
    თამარ ბარბაქაძე შენიშნავს: “ამის შემდეგ ქართულ მწერლობაში სონეტი და, შესაბამისად, სონეტის თეორიის ასპექტებისადმი მიმართული კვლევა კვლავ ჩრდილში მოექცა.
    1963 წელს გამოქვეყნდა გ. მიქაძის გამოკვლევა “ქართული სონეტისათვის” და 60-იან წლებში გამიართა დისკუსია სონეტის გარშემო (გ. მიქაძე, ა. ხინთიბიძე). სონეტის კვლევის ისტორიისათვის ასევე მნიშვნელოვანია მ. კიკვიძის ნაშრომები სონეტის თაობაზე.
    80-იანი წლებიდან მკვეთრად გაიზარდა ინტერესი სონეტის მიმართ, როგორც პოეზიაში, ასევე ლექსმოცდნეობაში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ თბილისში ჩატარდა სონეტის ისტორიისა და თეორიის ასპექტებისადმი მიძღვნილი საკავშირო სიმპოზიუმები 1985 და 1988 წლებში, სადაც მოხსენებები წაიკითხეს: დ. თუხარელმა, გ. ბუაჩიძემ, გ. ლებანიძემ, კ. გერასიმოვმა, აკ. ხინთიბიძემ, კ. გიგოლოვმა, თ. ბარბაქაძემ. მათი გამოკვლევები, სიმპოზიუმის მონაწილე სხვა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებთან ერთად, ცალკე კრებულადაც გამოიცა.
    სონეტის დამკვიდრება-განვითარების ისტორია ქართულ მწერლობაში მოკლედ არის გადმოცემული აკ. ხინთიბიძის სალექციო კურსში “ქართული ლექსმცოდნეობა.” (თბილისი, 1992)
    როგორც ამ მოკლე, მაგრამ უაღრესად ტევადი მიმოხილვიდანაც ჩანს, მიუხედავად სონეტის კვლევის დიდი ტრადიციისა, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურში დღემდე არ არსებობდა გამოკვლევა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა სონეტის განვითარების გზა და ასპექტები საქართველოში.
    ეს ხარვეზი სრულად ამოავსო თმარ ბარბაქაძის წინამდებარე ბრწყინვალე შრომამ, რომელმაც მკვლევრის მრავალწლიანი გარჯის საინტერესო შედეგები გაერთიანა.
    ეს არის უაღრესად მასშტაბური წიგნი საკითხის ყველა ასპექტის გაანალიზების თვალსაზრისით და ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა წარმოებდეს მეცნიერული კვლევა ამა თუ იმ პრებლემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა კვლევის ეს მანერა ლექსმოცდნეობაში, პოეზიის ანალიზისას, სადაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალზე ექსპრესიულმა, სუბიექტურმა ნააზრევმა იმძლავრა და არც თუ იშვიათად ესეისტური ნაშრომები (რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ჟანრის მკაცრ ჩარჩოებში), მეცნიერული ანალიზის ნაყოფად საღდება. ასეთი ესეისტები თავს უფლებას აძლევენ გამოტოვონ საკვლევი მასალის მნიშვნელოვანი პერიოდები, თავისი ნება-სურვილის მიხედვით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დააჯგუფონ პოეტები და მათი სრულიად გაუგებარი კლასიფიკაცია შემოგვთავაზონ.
    ეს “ესეისტები” ახლა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით გამახსენდა. კარგი იქნებოდა, ეპატაჟის ცდუნებებს აყოლილებს, ზედაპირიულად მაინც გადაეკითხათ თამარ ბარბაქაძის ძალზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ეგებ იმას მაინც მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს მეცნიერული პასუხისმგებლობა საანალიზოდ არჩეული კონკრეტული საკითხის მისამართით.
    თამარ ბარბაქაძის შემთხვევაში სრულიად აშკარაა, რომ ეს პასუხისმგებლობა უპირველესად გულისხმობს თემის გარშემო არსებული მასალის, თვით უმცირესი დეტალების შეკრებას, დამუშავებასა და გააზრებას, რათა ქრონოლოგიურად მიადევნო თვალი ყველა მნიშვნელოვან ტენდენციას, რათა შემდეგ დასკვნები სწორედ ამის მიხედვით გააკეთო და არა წინასწარი აკვიატებების შესატყვისად.
    თამარ ბარბაქაძის ნაშრომის მხოლოდ გამოქვეყნებული ლიტერატურის სიას რომ გადავხედოთ, რომელიც ქართულ და უცხო ენაზე შექმნილ 300 პუბლიკაციას აერთიანებს, მივხვდებით, როგორი ყურადღებით უმუშავია მკვლევარს, რათა საანალიზო თემის არცერთი ასპექტი არ გამორჩენოდა და მასალისა და მკითხველის მიმართაც პირნათელი დარჩენილიყო. ჩემთვის პირადად სამეცნიერო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმი ისიც არის, რომ მომავალ მკვლევარს, ვინც შემდგომში სონეტის განვითარების შესწავლსა მოჰკიდებს ხელს, თამარ ბარბაქაძის ნაშრომამდე არსებული ვითარების ჩხრეკა აღარ დასჭირდება, რადგან ამ წიგნში უკლებლივ ყველაფერია, რაც კი მანამდე (ანუ აღნიშნულ გამოკვლევამდე) არსებობდა.
    ასეთი სკრუპულოზურობა განაპირობებს მეცნიერული დასკვნების სანდოობას, სადამდეც მკვლევარი მწყობრ, არგუმენტირებულ მსჯელობას მიჰყავს და ამიტომაც ყველა დასკვნას აკადემიური კატეგორიულობით წარმოგვიდგენს.
    მსჯელობის მდინარება საკითხის სინქრონული და დიაქრონული განვითარების ასპექტებს მოიცავს და ქართულ პოეტურ სინამდვილეში სონეტის შექმნის არცერთ მნიშვნელოვან მცდელობას არ გამოტოვებს, რადგან ამ მცდელობებზე უნდა აიგოს ნაშრომი, რომელიც ყველა ტენდენციას სათანადოდ და ამომწურავად შეაფასებს.
    ქართულ სინამდვილემდე კი, ცხადია, მკვლევარი სონეტის, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმის, ისტორიული განვითარების დისკურსის ანალიზს ვერაფრით ასცდებოდა და ამიტომაც ნაშრომის ვრცელ, 24-გვერდიან შესავალში სონეტის ისტორიისა და თეორიის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს გვთავაზობს.
    ამ შესავლიდან ვიგებთ, რომ “ევროპული პოეზიის წიაღში აღმოცენებული სონეტი მალე გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, შეინარჩუნა თავისი მკაცრად დადგენილი კანონები და, შესაბამისად, მოირგო ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ლექსწყობისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი. ტერმინი “სონეტი” (sonetto), როგორც მკვლევარები მიუთითებენ, მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან “sonore” რაც “ხმოვანებას” ნიშნავს. სწორედ სონეტის ჟღერადობას, მის “ხმიერებას” ითვალისწინებს ამ, ქართული პოეზიისათვის იმჟამად უცხო, ახალშემოსული სალექსო ფორმის ერთ-ერთი პირველი განმმარტებელი შალვა დადიანი (“ქუჯი”). 1897 წელს ჟურნ. “მწყემსში” (№21, გვ. 13) დაიბეჭდა მის მიერ “თავისუფლად გადმოღებული” შექსპირის 66-ე სონეტი, რომელსაც სათაურად ჰქონდა “სანოტა” და სქოლიოში ამგვარად იყო ახსნილი: “სასიმღერო სიმები ანუ ჩანგი”. გერმანიაში სონეტს ერთ დროს “კლინგ-გედიხტს” (ზარების, სიმების ჟღერას უწოდებდნენ).
    სონეტი რომ თავდაპირველად სასიყვარულო სიმღერებს ერქვა, ამ ფაქტზე ყურადღებას ამახვილებენ ის მკვლევარები (კლოდ ფუშეტი, ჰენრი ესტიენი), რომლებიც ამ სალექსო ფორმის სამშობლოდ პროვანსს მიიჩნევენ, სადაც ტრუბადურთა შორის გავრცელებული იყო ამგვარი სახელწოდების სიმღერები. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება უნებური დამთხვევაც იყოს და პროვანსული სონეტები უბრალოდ სასიყვარულო სიმღერებია და არა განსაზღვრული წესებით დაწერილი ლექსები.
    უფრო გავრცელებულია აზრი სონეტის იტალიური წარმოშობის თაობაზე.
    სონეტის ისტორიისა და თეორიის თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სონეტის წარმოშობა XIII საუკუნის იტალიასა და ე. წ. “სიცილიურ სკოლას” უკავშირდება. მისი პირველი ავტორი იყო ჯაკომო დი ლენტინო, ხოლო თავის აყვავებას სონეტმა ფრანჩესკო პეტრარკას შემოქმედებაში მიაღწია, რომელმაც 300-მდე სონეტი დაწერა.”
    ამის შემდეგ თამარ ბარბაქაძე, რომელსაც ქართულ სინამდვილეში სალექსო საზომებისა და ლექსის არქიტექტონიკის, მყარი სალექსო ფორმების ცოდნის თვალსაზრისით ცოტა მკვლევარი თუ შეეედრება, სონეტის გარითმვის ყველა არსებული სქემის დაწვრილებით ანალიზს გვთავაზობს და ამასაც დიაქრონული კუთხით წარმოგვიდგენს: სონეტის აგების რა თავდაპირველი მექანიზმები გვხვდებოდა და როგორ შეიცვალა ეს მექანიზმები შემდგომ დროთა ვითარებაში თუ, ხსენებული სალექსო ფორმის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში.
    ამ დაწვრილებით შესავალს კი ბუნებრივად მოსდევს ნაშრომის I-II თავი “სონეტი და ქართული სინამდვილე” და “სონეტის გენეზისი საქართველოში”
    თამარ ბარბაქაძე ნაშრომის ამ ნაწილში სონეტის ქართულ გარემოში დამკვიდრების რთული და საინტერესო პროცესის ისტორიასა და ანალიზს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ “იმ უცხოურ, მყარ სალექსო ფორმათა შორის (იამბიკო, მაჯამა, მუხამბაზი, თეჯნისი, ბაიათი, ტერცინა., ოქტავა, ტრიოლეტი, რონდო და ა. შ), რომელთაც ქართული პოეზიის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ვხვდებით, სონეტი დღეს ყველაზე პოპულარულია. XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში 30-იანი წლებიდან გამოჩნდა თარგმნილი სონეტები, მაგრამ სონეტის საუკუნე საქართველოში ჯერ არ დამდგარიყო. ვიდრე ქვეყანაში არ შეიქმნებოდა შესაბამისი გარემო და ამ მყარი სალექსო ფორმის დამკვიდრებისათვის აუცილებელი პირობები, სონეტი ვერ მოერგებოდა ქართულ სინამდვილეს.”
    ამიტომაც, “საქართველოში სონეტის დამკვიდრება XX საუკუნის 10-ანი წლებიდან იწყება, როცა “ახალი ხელოვნებისათვის” დამახაისიათებელი ორიენტაცია რჩეულებისადმი, მისი არასაყოველთაო ხასიათი განსაკუთრებით აირეკლა “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში. მათი დიდი დამსახურებაა სწორედ ქართულ პოეზიაში სონეტის, როგორც ორიგინალური, გამორჩეული სალექსო ფორმის დამკვიდრებაც.”
    სონეტის გაფორმებას კი წინ უძღვოდა ლიტერატურისმცოდნეთა და კირტიკოსთა შეხედეულებანი და თამარ ბარბაქაძე არცერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას არ გამოტოვებს, რაც კი XIX საუკუნის შუახანებიდან XX საუკუნის ბოლომდე საქართველოში სონეტის შესახებ გამოთქმულა. მკვლევარს კარგად ესმის, რომ სწორედ ამ მოსაზრებებითა და, მეორე მხრივ, თარგმნილი სონეტებით მზადდებოდა ნიადაგი ორიგინალური ქართული სონეტისათვის, რომელიც “დღეს ჩვენთან განსაკუთებით პოპულარულია”.
    ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქართულად სონეტის პირველი თარგმანები, მეცნიერებაში ტადიციულად მიღებული შეხედულებით, გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება. მკვლევარი გ. მიქაძე შენიშნავს, რომ გ. ერისთავს, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეს, ვილნოში გადასახლებისას შეუსწავლია პოლონური ენა და 1836-1838 წლებში უთარგმნია ა. მიცკევიჩის 6 სონეტი. მიუხედავად თარგმანთა არასრულყოფილებისა, გ. მიქაძე სხვა მკვლევარებთან ერთად (გ. აბაშიძე, ლ. ბარნაველი), ამ მოვლენას დიდ მნიშვნლოებას ანიჭებს.”
    თამარ ბარბაქაზე ნაშრომში დაწვრილებით მიმოიხილავს და სკრუპულოზურად სწავლობს სონეტების ამ პირველ ქართულ თარგმანთა და ასევე თითქმის ამავე პერიოდში “ქუჯის” მიერ თარგმნილ შექსპირის 66-ე სონეტის სტილისტიკას, ენასა და ვერსიფიკაციულ თავისებურებებს და ამ მცდელობებს სონეტის დამკვიდრების ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად აფასებს.
    შემდგომ კი, XX საუკუნის 10-ანი წლებიდან ანუ “პირველი ქართველი სონეტისტის”, კოტე მაყაშვილის ნიმუშებიდან მოყოლებული, XX საუკუნის მიწურულამდე შექმნილ თითქმის ყველა სონეტს გამოწვლილივით აანალიზებს.
    მონოგრაფიის შემდგომი (III-V) თავები სწორედ ქრონოლოგიურ პრინციპითაა გადანაწილებული და საკითხის განვითარების ასეთ სურათს წარმოგვიდგენს:
    III თავი – “სონეტი 1900-1930-იან წლებში: ა) იოსებ გრიშაშვილის სონეტები; ბ) ალ. აბაშელის სონეტები; გ) გრიგოლ რობაქიძის სონეტები; დ) პოლემიკა სონეტის გარშემო ე) გალაკტიონ ტაბიძის სონეტები; ვ) ტერენტი გრანელის სონეტები;
    IV თავი – სონეტი “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში ა) პაოლო იაშვილის სონეტები. ბ) ტიციან ტაბიძის სონეტები გ) ვალერიან გაფრიდაშვილის სონეტები დ) კოლაუ ნადირაძის სონეტები ე) შალვა კარმელის სონეტები ვ) რაჟდენ გვეტაძის სონეტები, ზ) შალვა აფხაიძის სონეტები თ) გიორგი ლეონიძის სონეტები;
    V თავი – სონეტი XX საუკუნის 40-90-იან წლებში ა) ლია სტურუას სონეტები, ბ) გენო კალანდიას სონეტები გ) ლადო სეიდიშვილის სონეტები
    ცალკე თავადაა გამოყოფილი ქართულ ლიტარატურაში სხვადასხვა დროს შექმნილი სონეტების ციკლის ე. წ. “სონეტების გვირგვინის” ანალიზი.
    დამეთანხმებით, შინაარსზე უბრალო თვალის გადავლებაც კი საკმაოდ შთამბეჭდავია და კარგად წარმოგვიდგენს იმ ძალისხმევას, რაც თამარ ბარბაქაძეს წლების განმავლობაში გაუწევია ქართული სონეტის ყოველმხრივი შესწავლის თვალსაზრისით. ამიტომაც შევნიშნავდი, რომ ასეთი სანდო ნაშრომი ჩვენს მეცნიერულ სინამდვილეში ცოტა თუ მეგულება, სადაც ასე ერწყმის ერთმანეთს მეცნიერული სიღრმე, კეთილსინდისიერება და კვლევის არაერთი ორიგინალური მეთოდი. ამდენად, შეუძლებელია არ დაეთანხმო სონეტის ქართველი მკვლევარის, გ. მიქაძის მოსაზრებას, რომ “ქართულ სონეტზე მრავალი შრომა დაიწერა. ამ შრომების ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი რომ შევადგინოთ, საკმაოდ ვრცელი ნუსხა გამოვა. ეს გარემოება კი ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს, რომ ქართული სონეტის შესახებ ახლის თქმა მეტად გაძნელდება, მაგრამ თამარ ბარბაქაძემ შეძლო სრულიად ახალი კუთხით მიდგომოდა საანალიზო პრობლემას, შეძლო შრომატევადი და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გადმოეცა თავისი ახალი მონაცემები ქართულ სონეტზე. წიგნის გაცნობა ნათელს ჰფენს, თუ რამდენი რამ არ ვიცოდით ან სრულიად არ ვიცოდით სონეტის თაობაზე.”

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    მილტონ ფრიდმანი – კაპიტალიზმი და თავისუფლება

    შოტა უტიაშვილი
    ბაზარი, როგორც თავისუფლების წყარო
    მილტონ ფრიდმანი. კაპიტალიზმი და თავისუფლება. ქართულად თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ლევან გველესიანმა. რედაქტორი შავლეგ შავერდაშვილი. თბ. “დილის გაზეთი” 2002.

    მილტონ ფრიდმანის წიგნი “კაპიტალიზმი და თავისუფლება” სტენფორდის უნივერსიტეტმა მეოცე საუკუნის ათი საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში შეიტანა. ამ წიგნმა და მისმა ავტორმა უდიდესი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარებაში, არამედ 70-იან წლებში აშშ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაშიც.
    ფრიდმანის ძირითადი თეზისი მარტივია: რაც შეიძლება მეტი პიროვნული თავისუფლება და სახელმწიფოს მხრიდან რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა. ფრიდმანი აღიარებს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს არასრულყოფილი, და მან შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ ეს არ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვის საბაბი, პირიქით. რადგან, ის, ვინც ადამიანს უზღუდავს თავისუფლებას, ანუ მთავრობა, თავად შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი და არასრულყოფილი. ამის უარყოფითი შედეგი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, რაც კერძო ადამიანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მოიტანოს.
    ბაზარი, თავისთავად თავისუფლების წყაროა – თვლის ფრიდმანი, ხოლო მთავრობა – მორჩილებისა. ბაზარი ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, მთავრობა – კონფორმიზმს. ამიტომ, საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელია, რომ მთავრობის გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
    თავისუფალ ბაზარს უდიდესი როლი აკისრია პოლიტიკური თავისუფლების მიღწევაში. ისტორიულად, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი იზრდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.
    თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს კაპიტალიზმის გარეშე, თუმცა, მხოლოდ კაპიტალიზმი არ არის საკმარისი თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის.
    რატომ არის კაპიტალიზმი თავისუფლების წყარო?
    “სანამ უზრუნველყოფილია გაცვლის რეალური თავისუფლება – წერს ფრიდმანი – ეკონომიკის საბაზრო ორგანიზების უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ იგი თავიდან იცილებს ერთი პიროვნების ჩარევას მეორეს საქმიანობის უმეტეს ნაწილში. მომხმარებელი დაცულია მომწოდებლის ძალადობისაგან სხვა მიმწოდებლის არსებობით, რომელთანაც მას ასევე შეუძლია საქმის დაჭერა. გამყიდველი დაცულია მომხმარებლის ძალადობისაგან სხვა მომხმარებლის არსებობით, რომელსაც შეიძლება მიეყიდოს საქონელი. დასაქმებული დაცულია დამსაქმებლის ძალადობისაგან, რადგან შეუძლია სხვა დამსაქმებლის მონახვა და ა.შ. თანაც, ყოველივე ამას ბაზარი ცენტრალური მართვის გარეშე ახერხებს”.
    პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ხელს უწყობს თანასწორობასაც, რადგან იგი ეროვნების, რელიგიის, რასის და ა.შ. მიუხედავად, ყველას აძლევს თავის რჩენის საშუალებას. “როდესაც ჩვენ პურს ვჭამთ, ჩვენთვის სულ ერთია, ვისი მოყვანილია იგი: კომუნისტისა თუ კაპიტალისტის, ზანგისა თუ თეთრკანიანის. ეს გვიჩვენებს, თუ როგორც ახერხებს ბაზარი ეკონომიკური ინტერესების განცალკევებას პოლიტიკური შეხედულებებისაგან და იცავს ადამიანებს ნებისმიერ მიზეზით დისკრიმინაციისაგან, გარდა შრომის ნაყოფიერებისა” -წერს ფრიდმანი.
    თავისუფალ ბაზარს შეუძლია ადამიანი დაიცვას მთავრობის მხრიდან ძალადობისაგან, რადგან იგი ადამიანს საშუალებას აძლევს საარსებო წყაროთი არ იყოს მთავრობაზე დამოკიდებული. თავისუფალი ბაზრის პირობებში სახელმწიფოს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა ძალზე ძვირი უჯდება.
    კიდევ ერთ ფუნდამენტურ განსხვავებას სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, და ამ უკანასკნელის უპირატესობას პირველზე, ფრიდმანი ბაზრის პლურალიზმში ხედავს. პოლიტიკური ძალაუფლების “რაოდენობა” შეზღუდულია – წერს იგი. ქვეყნას არ შეიძლება ჰყავდეს ერთდროულად რამდენიმე ეროვნული ლიდერი. ახალი ლიდერი ისე ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას, თუ იგი ძველს არ წაართვა. მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ახალი მილიონერები თავისუფლად შეიძლება გაჩნდნენ ძველების გაკოტრების გარეშე. ამიტომ, სახელმწიფო მიისწრაფის ტოტალიტარიზმისაკენ, ბაზარი – მრავალფეროვნებისაკენ. ამით სჯობია მეორე პირველს.
    იგივე მიზეზების გამო, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული ერთი პიროვნების ხელში ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების თავმყორა, ან ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.
    “თუკი ერთ ხელში დიდი პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება, მაშინ თავისუფლებას მოსპობა ემუქრება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები, რომელთა ხელთაცაა ეს ხელისუფლება, მის გამოყენებას კეთილი მიზნებით ცდილობენ და ძალაუფლებისაკენ ლტოლვით არ არიან კორუმპირებული, მაშინაც კი იზიდავს ძალაუფლება ადამიანს და სულ სხვა დაღს ასვამს მას”.
    მაგრამ, მთავრობა მაინც აუცილებელია, რადგან არის ფუნქციები, რომელთა შესრულებასაც ბაზარი ვერ შეძლებს. ასეთებია: წესრიგის დამყარება, თავდაცვა, ხელშეკრულებების აღსრულების უზრუნველყოფა და კონკურენციის დაცვა. თუმცა, ასეთი შეზღუდული ფუნქციების მქონე მთავრობაც, შეიძლება ტირანიად გადაიქცეს. ძხელისუფლების საქმიანობის შეზღუდვის სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მის მხარდამჭერთ მეტისმეტად იზიდავთ ძალაუფლების კონცენტრაცია. მათ სწამთ, რომ ამგვარი კონცენტრაცია მათ საშუალებას მისცემდა უფრო ეფექტიანდ განეხორციელებინათ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მათი აზრით, საზოგადოების ინტერესს ემსახურება. მაგრამ, ჯოხს მეორე ბოლოც აქვს და კარგი საქმეების კეთების უფლების მიცემა ცუდი სამეების კეთების უფლებასაც ნიშნავს”.
    ფრიდმანი მისგან თავის დაცვის ორ მექანიზმს გვთავაზობს. პირველი: “ჩვენ ვერ ავიცილებთ მთავრობისათვის გარკვეულ საკითხთა გადაცემას, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, თუ რა სარგებელს და რა ზიანს მოგვიტანს თვითეული საკითხის გადაწყვეტაში მთავობის ჩაბმა”. (მთელი ცხოვრება (ამჟამად იგი 91 წლისაა), ფრიდმანი ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის მომხრე იყო. იგი მოითხოვდა განათლების სისტემის პრივატიზაციას და სასკოლო ვაუჩერების შემოღებას და მხურვალედ უჭერდა მხარს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის კერძო საკუთრებაში გადაცემას. ამ აზრით, იგი რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგად გვევლინება). და მეორე, ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა და ხელისუფლების მაქსიმალური გადაცემა ადგილობრივი მმართველობისადმი.
    “თუკი მთავრობას ძალაუფლება უპყრია ხელთ, სჯობს იგი ადგილობრივს ჰქონდეს, ვიდრე რაიონულს, სჯობს რაიონულს, ვიდრე საშტატოს, სჯობს საშტატოს, ვიდრე ვაშინგტონს. თუკი მე არ მომწონს, რასაც ჩემი ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, სხვა უბანში გადავალ, თუ ჩემი შტატი არ მომწონს, სხვა შტატში გადავსახლდები, მაგრამ აი, თუ ვაშინგტონის პოლიტიკა არ მომწონს მაშინ ცოტა ალტერნატივაღა მრჩება (ფრიდმანის წიგნი 1956 წელს წაკითხული ლექციების კურსს ემყარება, როდესაც სხვა ქვეყნებში მიგრაცია არც ისე ადვილი იყო)”.
    ფრიდმანის ამ თეორიას, დღესაც ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ეკონომისტების მზარდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, მაშინ როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო ერთიან ბაზრად იქცა, სადაც უთანასწორობა უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს (საყოველთაოდ აღიარებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი შეხედულების თანახმად, თუ 30 წლის წინ, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს განვითარებადი ქვეყნების მკვიდრებზე 34-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, დღეს უკვე 70-ჯერ მეტს შოულობენ და ეს განსხვავება მუდმივად იზრდება), რეგულირების ეფექტური მექანიზმების შემოღება აუცილებელია. ზოგი უფრო შორსაც მიდის, და მსოფლიო მთავრობის შექმნას მოითხოვს, რომელიც უთანასწორობისა და უსამართლობის პრობლემებს უფრო უკეთ გადაწყვეტს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი. თუმცა, ისინიც კი აღიარებენ, რომ იდეალურად თავისუფალი ბაზრის ძუხილავი ხელი” უფრო უკეთ იმოქმედებდა, ვიდრე იდეალური მთავრობა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ინტერვიუ

    "არეტე" – სიკეთის სამსახურში

    გამომცემლობა, რომლისთვისაც წამგებიანი ლიტერატურა ფუფუნებაა
    ნანა კობაიძე

    დღევანდელი წერილი ერთობ სასიამოვნო ინფორმაციით მინდა დავიწყო. ქართულ საგამომცემლო სივრცეს კიდევ ერთი ახალი გამომცემლობა შეემატა. დღეს 16 საათზე გამომცემლობა “არეტე” თავის პირველ ნამუშევარს, ბესიკ ხარანაულის ახალ წიგნს (სახელწოდებით – “წიგნი ამბა ბესარიონისა”) წარმოგვიდგენს.
    ახალი გამომცემლობა სამმა თანამოაზრემ – გია დარსალიამ, მალხაზ ხარბედიამ და ვახტანგ მარსაგიშვილმა დაარსა. ამათგან პირველ ორს საზოგადოება შედარებით კარგად იცნობს: გია დარსალია წიგნის მაღაზია “პარნასის” ერთ-ერთი დამაარსებელია, მალხაზ ხარბედია კი წლების განმავლობაში გაზეთ და შემდგომში უკვე ჟურნალ “არილის” ერთ-ერთი მთავარი “დამრტყმელი ძალა” გახლდათ. ბოლო დროს იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრადაც მოგვევლინა. სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს ამბავი გავიგე, არ გამკვირვებია, უფრო გამიხარდა, რადგან ვინც მალხაზს იცნობს, მისთვის ამ ადამიანის გამომცემლის ამპლუაში ხილვა სავსებით ლოგიკურია.
    ახალი გამომცემლობა სიკეთის, სიქველისა და კეთილშობილების თესვას აპირებს – სწორედ ასე ითარგმნება ძველი ბერძნულიდან მისი სახელწოდება. და კიდევ, მალხაზი და გია აპირებენ “არეტეს” თითოეული ახალი წიგნი ისეთივე სრულყოფილი (“არეტეს” სემანტიკურ ველში ეს სიტყვაც შედის) იყოს, როგორც პირველი ორი, რომელთა გამოცემასაც, როგორც თავად თქვეს, გადააკვდნენ. ერთი მათგანი – “წიგნი ამბა ბესარიონისა” – უკვე ვახსენეთ.
    ეს ძალზე საინტერესო წიგნი, რომელიც კრიტიკოსთა და ლიტერატორთა აზრით, სრულიად განსხვავდება ბესიკ ხარანაულის წინა წიგნებისგან, პირველად ჟურნალ “არილში” დაიბეჭდა. გამომცემლები ამ ჟურნალთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავენ: სხვათა შორის, “წიგნი ამბა ბესარიონისა” ხსნის სერიას სახელწოდებით – “არილის ბიბლიოთეკა,” რომელსაც გამომცემლები კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტით გააგრძელებენ. მეორე გამოცემა, რომელსაც “არეტე” გვთავაზობს, გერონტი ქიქოძის “თანამედროვე ჩანაწერებია”. იგი 1988 წელს გამოქვენდა, წიგნის სახით კი პირველად გამოდის. ამდენად, მათთვის, ვინც გერონტი ქიქოძის პიროვნებასა და მის ლიტერატურულ კრიტიკას აფასებს და ვისაც აინტერესებს მისი თვალით დანახული XX საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მისეული ხედვა, ეს გამოცემა მნიშვნელოვანია.
    რა პრიორიტეტები ექნება ახალ გამომცემლობას? უპირველეს ყოვლისა, მაღალმხატვრული ლიტერატურა და შემდეგ – სხვა დანარჩენი. გამომცემლების თქმით, უპირატესობას მიანიჭებენ როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მწერლობას, თარგმანებს და საბავშვო ლიტერატურას. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრ წიგნს გამოსცემენ, მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურა (იგულისხმება ტექსტიც და ილუსტრაციაც) სანთლით საძებარია. “არეტე” პატარა მკითხველს და მათ მშობლებს კლასიკური ტექსტების ახალ თარგმანებს შესთავაზებს. გარდა ამისა, განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ იმ ქართველი ავტორების წარმოჩენასაც, რომლებიც დღესდღეობით ამ სფეროში მუშაობენ.
    მინდა ისევ “არეტეს” “მთავარ თემას” – თარგმანებს დავუბრუნდე და გაგაცნოთ, რას ფიქრობენ გამომცემლობის მესვეურები ამ საკითხზე. გია დარსალიას თქმით, საქართველოში ეს სფერო მოიკოჭლებს, თუმცა, არა ხარისხობრივად, არამედ გამოცემული წიგნების რაოდენობით. რაც შეეხება ხარისხს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბოლო დროს წიგნის თაროებზე არაერთი საინტერესო თარგმანი გამოჩნდა. ეს ლიტერატურულ კონკურს “საბაზეც” დაფიქსირდა: ჟიურის წევრებს სწორედ ამ ნომინაციში გაუჭირდათ ყველაზე მეტად გამარჯვებულის გამოვლენა.
    გია დარსალიამ კიდევ ერთ საინტერესო მომენტზე გაამახვილა ყურადღება – ბოლო დროს ნათარგმნ ლიტერატურაზე მოთხოვნილება საკმაოდ გაიზარდა, სხვათა შორის, ეს რუსულიდან თარგმნილ წიგნებზეც ვრცელდება. “ახალმა თაობამ აღარ იცის რუსული, რომელიც ჩვენთვის მეორე მშობლიურ ენას უტოლდებოდა” – ასე ხსნის ამ ფაქტს გამომცემელი. ეს ყველაფერი დროის მოთხოვნაა და გამომცემლებიც ცდილობენ ამ მოთხოვნას ფეხი აუწყონ.
    “არეტეს” კიდევ ერთი პრიორიტეტი ექნება – პოეზია, რომელსაც შოთა რუსთველისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ქართველ გამომცემელთა უმეტესობა, რბილად რომ ვთქვათ, არ წყალობს. მითი იმის შესახებ, რომ საქართველო პოეტების ქვეყანაა, სადაც ყოველი მეორე ლექსებს წერს, ქართულ წიგნის ბაზარს თუ გადავხედავთ, მითადვე რჩება. თითო-ოროლა გამომცემლობის გარდა, “ოდითგანვე სიბრძნის დარგი” თითქმის იგნორირებულია და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, მალე საქართველოს მთავრობას საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება მოუწევს, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოეზიის ნიმუშების გამოკვრაში გამოიხატება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობა მისი ფრანგი კოლეგების დონეს კარგა ხანს ვერ მიაღწევს, ქართული პოეზიის პოპულარიზაცია ისევ ქართულ გამომცემლობებს მოუწევს. ჰოდა, სწორედ ამას აპირებს “არეტე”. “გარკვეულ ლიტერატურულ წრეებში დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ პოეზიას “არ უმართლებს”. ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვიმაგრებს ზურგს, რათა ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ. ვიცნობთ ადამიანებს, რომელნიც ძალიან კარგ ლექსებს წერენ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ მათ შესახებ ცოტა რამ იცის, ან მხოლოდ ლიტერატურული პერიოდიკიდან იცნობენ მათ შემოქმედებას. სწორედ ასეთების წარმოჩენას აპირებს ჩვენი გამომცემლობა” – თქვა მალხაზ ხარბედიამ.
    როგორი გამომცემლობის შექმნა სურთ მის დამაარსებლებს, ანუ, რა არის ის მთავარი მახასიათებელი, რაც “არეტეს” სხვა გამომცემლობებისგან გამოარჩევს?
    მალხაზის თქმით, ეს არის სტაბილური სერიების სისტემა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქართულ პროზას, პოეზიას, ბიოგრაფიულ გამოცემებს, უახლეს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას. ისინი აპირებენ ბედი ანტიკური და აღმოსავლური ლიტერატურის გამოცემაშიც სცადონ, რადგან უკვე საკმაოდ დაგროვდა თარგმანები, რომლის გამოცემაც შეიძლება.
    ეშინიათ თუ არა კონკურენციის? როგორც გიამ თქვა – არა. “სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმდენი წიგნია გამოსაცემი, რომ დღეს არსებული გამომცემლობები ამხელა ბაზარს ვერ აუვა. ასე რომ ამ სფეროში კონკურენცია რეალურად ჯერ არ არსებობს” – მიიჩნევს იგი.
    როგორ წიგნებს არ გამოსცემს ძარეტე”? გამომცემლების თქმით, ერთადერთი, რის გამოცემასაც ისინი არ დაუშვებენ – იქნება წამგებიანი ლიტერატურა. ასეთი წიგნები გამომცემლისთვის დიდი ფუფუნებაა, რის უფლებასაც თავს ჯერჯერობით ვერ მოვცემთო – მითხრეს გიამ და მალხაზმა. მაღალმხატვრული ლიტერატურა, რომელიც კარგად გაიყიდება – ასეთია მათი მუშაობის დევიზი.
    როგორც უკვე გითხარით, დღეს გამომცემლობა “არეტე” მაღაზია “პარნასში” წარდგება ჩვენს წინაშე, რამდენიმე დღეში კი, თბილისის წიგნის V ფესტივალზე
    მას უკვე გაცილებით ფართო საზოგადოება გაიცნობს. ვუსურვოთ წარმატება სიკეთისკენ მიმავალ გზაზე და რაც მთავარია, ბევრი კარგი წიგნი და უფრო მეტი – ამ წიგნის მყიდველი.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პოლემიკა

    ბაკურ სულაკაური – რეპლიკა

    თქვენი ჟურნალის 2009 წლის იანვრის ნომერში, რედაქტორის სტატიაში, რომელსაც ჰქვია “შეჯამებასავით”, გადმოცემულია რამდენიმე, ჩემი აზრით, საკამათო მოსაზრება.
    ბუნებრივია, შემეძლო ეს ყველაფერი პირადად მეთქვა მალხაზ ხარბედიასათვის და ალბათ იგი დამეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ “ლიტერატურა” ერთადერთი კარგი ლიტერატურული ჟურნალია ქვეყანაში და მის სარედაქციო სტატიაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება შესაძლოა ზოგისათვის ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს, ამიტომ შევეცდები ოფიციალური რეპლიკით შევეხმიანო ამ სტატიას, უფრო სწორად კი მის ორ ფრაგმენტს.
    სტატიის მე-5 აბზაცი ასეთია: “სამწუხაროდ 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი”.
    პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ამ აბზაცში გამოთქმული მოსაზრებები, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია. საერთოდ, არსებობს სუბიექტური მოსაზრებები (ვთქვათ, ასეთი: “შარშან არც ერთი კარგი პოემა არ გამოქვეყნებულა”) და ბუნებრივია ამაზე კამათობენ ხოლმე. ეს კრიტიკოსების საქმეა, რადგან მოსაზრება წიგნის შინაარსს, თვისებრივ პარამეტრს ეხება. როდესაც მოსაზრება რაოდენობრივ პარამეტრებს ეხება (ვთქვათ, ასეთს: “შარშან არც ერთი წიგნი არ გამოცემულა”), ამ დროს ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ და არა – ემოციებს. ზემოთმოყვანილ აბზაცში გამოთქმულია 5 სხვადასხვა მოსაზრება. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
    1. 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალასინამდვილეში, 2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა და, რაც მთავარია, ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც წიგნების საცალო გაყიდვების წერტილების (იქნება ეს წიგნის მაღაზია თუ უბრალო დახლი) რაოდენობა გაორმაგდა. როდესაც ავტორიტეტული ჟურნალი განვლილ წელს აჯამებს, ასეთ ფაქტებს ყურადღება უნდა მიაქციოს. უფრო მეტიც, წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი. მე სპეციალურად ვაკვირდებოდი წიგნის მაღაზიებს იმ დროს და რომ მეგონა, ომის გამო იქ არავინ შევიდოდა, ძალიან შევცდი. მახსოვს, წიგნის გაყიდვები არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც თბილისში პანიკა ატყდა.
    2. მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლდათუ ეს მართალია, მაშინ რატომ გაიზარდა წიგნების გაყიდვები? თანაც ეს გაყიდვები გაიზარდა წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში.
    3. დაცარიელდა [წიგნის] მაღაზიებიამ მოსაზრების მცდარობა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. ამას დაადასტურებს ნებისმიერი, ვინც დადის წიგნის მაღაზიებში. ცნობისათვის: არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა. მოვიყვან ერთ მაგალითს: წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსაში” თუ შარშან თაროებზე ეწყო მაქსიმუმ 10 000 დასახელების წიგნი, 2008 წლის ბოლოს წიგნების რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა. ანალოგიური სიტუაციაა სხვა მაღაზიებშიც.
    4. გაძვირდა ახლად გამოცემული წიგნებიარც ეს მოსაზრება შეესაბამება სინამდვილეს. შარშან წიგნები არ გაძვირებულა. შესაძლოა რომელიმე კონკრეტული წიგნი იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში, განზოგადებაა მცდარი.
    5. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კიარც ეს მოსაზრებაა სწორი. სინამდვილეში სახელმძღვანელოების ბაზარზე ასეთი მდგომარეობა იყო: გამძაფრდა კონკურენცია გამომცემლობებს შორის და ზოგიერთ გამომცემლობას ზოგიერთი პროექტი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა. გარდა ამისა, შარშან ეფექტურად ამუშავდა ნახმარი სახელმძრვანელოების ბაზრობა, რამაც ზოგიერთი წიგნის ტირაჟი მართლაც შეამცირა, მაგრამ სინამდვილეში, ნაყიდი წიგნების მთლიანი რაოდენობა გაიზარდა მეორადი წიგნების ხარჯზე. ამას დაემატა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო პროგრამები, რომლებიც განკუთვნილი იყო სახელმძღვანელოების შესაძენად. ასე რომ, აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც.ბუნებრივია, ქართული წიგნის ბაზარი ჯერ კიდევ შორსაა იდეალური მდგომარეობისაგან, მაგრამ ხასიათდება ძალიან პოზიტიური დინამიკით და ყველაზე სწრაფად განვითარებადი წიგნის ბაზარია მსოფლიოში (ამ თემაზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ).რადგან “ცხელი შოკოლადი” მისი ლიტერატურული დამატებითურთ ერთადერთი ჟურნალია საქართველოში, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, ვისურვებდი, რომ წიგნის ბაზრის შეფასებები მომავალში უფრო კვალიფიციურად გაკეთდეს.რედაქტორის გვერდი ბოლოვდება ასეთი აბზაცით: “საერთოდაც, არ გვაწყენდა მომავალი წელი წიგნის წლად გამოგვეცხადებინა საქართველოში, იქნებ ამით მაინც გაგვეწყვიტა ის უხილავი ძაფები, რომელიც ჯერ კიდევ გვექაჩება ბნელი 90-იანებისაკენ”. კარგი აზრია, მით უმეტეს, რომ წელს 300 წელი უსრულდება საქართველოში დაბეჭდილ პირველ წიგნს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    მალხაზ ხარბედია – ნაკიანი წელი


    ანუ გზა 48 გვერდიდან – 32-მდე

    არ მინდა ეს წერილი მკითხველმა მხოლოდ ბაკურ სულაკაურის რეპლიკაზე პასუხად აღიქვას და არც რაიმე საპოლემიკო ინტრიგა მინდა დავთესო ჩემი გამოხმაურებით. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, კარგად გავერკვეთ საკითხში, გავაცნობიეროთ, თუ რა დაემართა აგვისტოს შემდეგ ქართულ წიგნიერ კულტურას, რა ვითარებაა საგამომცემლო საქმეში, რა ბედი ეწიათ ქართველ მკითხველებს, მწერლებს, ბიბლიოფილებს, ადამიანებს, ვინც ბევრს კითხულობს, და არც ფულს იშურებს კარგი ახალი წიგნისთვის. ამ წერილში, მე ჩემს სიმართლეზე მეტად (რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს სიმართლე, რამდენიმე გამომცემლის სიმართლეს ემყარებოდა) რეალური სურათი მაინტერესებს, რომელიც ვითარებაში უკეთ გარკვევის საშუალებას მოგვცემს.
    ამ სტატიისთვის მასალის შეგროვებამ დიდი ენერგია წაიღო, აქამდე არასდროს დამჭირვებია ციფრებთან მუშაობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სულის მდგომარეობის ნაცვლად, გაყიდვების მაჩვენებლების აღწერა მომიწევდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან წიგნების გაყიდვების საკითხი არც მაინტერესებდა, მე უფრო ომი და მისი შედეგები მიმღვრევდა ხასიათს და რადგან გარშემო კარგს ვერაფერს ვხედავდი, გადავწყვიტე, სვეტიც დროის შესაფერისი დამერთო ნომრისთვის. მაშინ ამას დაემატა ჩემთვის ძალზე ძვირფას საქმიანობაში, წიგნების დაწერა-გამოცემა-წაკითხვაში ჩართული რამდენიმე ადამიანის ჩივილი, რამაც დამაწერინა კიდეც, რომ ომის შემდეგ ბევრი რამე უარესობისკენ შეიცვალა. იქ დახასიათებული სიტუაცია მემგონი ბევრისთვის არ იქნებოდა ახალი ამბავი. ომის გარეშეც ცხადად ჩანს, რომ “ლიტერატურა” ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება და განათლების რეფორმა და სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი გრანტები რომ არა, ნებისმიერ გამომცემლობას ძალიან გაუჭირდებოდა დღევანდელ საქართველოში. ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა რაღაც-რაღაცეები, თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო ჩემს გარშემო გამეფებული უიმედობა და რადიკალური ეკზისტენციალური ცვლილებები მალაპარაკებდა, ცვლილებები, რომლებმაც დიდხანს მოწყვიტა ჩემი მეგობრები საყვარელ საქმიანობას.
    ამასწინად რამდენიმე კოლეგას მივწერე თხოვნით, ერთ აბზაცში ჩაეტიათ ის, თუ რა გავლენა მოახდინა მათზე, როგორც მკითხველზე ომმა. რა შეიცვალა მათი, პროფესიონალი ლიტერატორების ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ. ზოგს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ზოგმა კი საერთოდაც, ვერაფერი დაწერა ლიტერატურაზე, რადგან მთელი ეს ბოლო პერიოდი მის გარეშე მოუწია ცხოვრება. ლაშა ბუღაძისთვის ცხოვრება უკვე ორ ნაწილად გაიყო, იგი მწერდა ამასწინათ: “ჩემს ცხოვრებას ასე ვყოფ: აგვისტოს ომამდე და აგვისტოს მერე. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ ამ ომზე და ასე განვიცდი ამ ომს. ომი საშინელებაა იმიტომაც, რომ მხოლოდ მასზე ხარ კონცენტრირებული. ამ ომმა მე წამართვა წიგნის კითხვის უნარი, გამიქრო მადა, შემიმცირა საურთიერთოდ ასატანი ადამიანების რიცხვი…
    არ ვიცი, ციფრები რას გვეუბნებიან, მე მარტო ის ვიცი, რომ ომი ჩვენც გვინდოდა და მერე ძალიან შეგვეშინდა სიკვდილის. ოღონდ ჩვენ სხვანაირი ომი გვინდოდა. ლამაზი და რიხიანი, ისეთი, როგორიც ჩვენს მილიტარისტულ მუსიკალურ ტელე-კლიპებში იყო. კარგი არაფერი მომხდარა 2008 წლის აგვისტოში. იმ პანიკურ შიშს, რომელიც ამ ომმა დამიტოვა, ჯერჯერობით, არაფერი მიქარწყლებს. მხოლოდ ის მამშვიდებს (ისიც შედარებით), როცა გულწრფელად ვყვები ჩემს შიშებზე. არაადეკვატური ოპტიმისტები კი საშინლად მაფრთხობენ. რატომ არ შეიძლება, რომ დამარცხების გაცნობიერების საშუალება მივცეთ ერთმანეთს? რამდენჯერ წავაგეთ და ყოველთვის იმას ვამბობდით, არ წაგვიგია, წაგვაგებინესო. წავაგეთ! წავაგეთ! ჩვენმა ილუზიებმა წააგეს, ჩვენმა იდიოტურმა სადღეგრძელოებმა წააგეს, ჩვენმა მუქარით მოქნეულმა მუშტებმა წააგეს, ბაქიბუქობამ და ინფანტილიზმმა! ამაზე ფიქრი, ამაზე ჩაფიქრება ადეკვატური მგონია, ყველაფერი დანარჩენი – არა-ადეკვატური და სახიფათო. ომში წაგება მძიმეა, მაგრამ, მგონი, არც მოგებაა კარგი. არ მინდა, რომ ომში მოგებული ქვეყნის მოქალაქე ვიყო. ომი საერთოდ არ მაწყობს – არც მოგებული, არც წაგებული. ამ ომმა ჩემი თავი დამაკარგვინა. მას დღემდე ვაკოწიწებ”.
    საინტერესო დაკვირვებები ჰქონდა დათო პაიჭაძესაც: “როგორ დაეტყო ომის კვალი წიგნის გაყიდვას, ამაზე შემიძლია მხოლოდ სპეკულაციები შემოგთავაზოთ. მოულოდნელი მეჩვენა ბ-ნ ბაკურ სულაკაურის მტკიცება, რომ 2008 წელი ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით; მეუცნაურა ასევე ინფორმაცია, რომ წიგნის მყიდველს ბანკიდან კრედიტის აღება არ ჭირდება, ამიტომ ფინანსური კრიზისი წიგნის გაყიდვებს არ დაეტყო. ხშირად ვსტუმრობ წიგნის მაღაზიებს და შარშან ბოლო ოთხი თვის მანძილზე იქ მოქალაქეთა არც განსაკუთრებული მატება შემიმჩნევია და არც განსაკუთრებული კლება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი გამომცემლობების ერთი ნაწილი მომართულია სახელმძღვანელოთა გამოშვებაზე, რაც მათ ბიზნესს რენტაბელობას ანიჭებს. პოპულარულია საბავშვო გამოცემებიც. საკითხავია, ამ ორი წარმატებული მიმართულების გარდა სხვა აქტივობას – მოზრდილთათვის განკუთვნილი ქართული წიგნების ბეჭდვას, იმპორტირებული წიგნების გაყიდვას თუ მოჰქონდა მოგება? ჩვენი გამომცემლები კერძო და საჯარო საუბრებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ საქართველოში ცოტას კითხულობენ. ვგონებ, სწორედ ეს – კითხვის კულტურა, წიგნის ადგილი ქართულ კულტურაში არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსაზღვრისათვის, როგორ იყიდება წიგნები ამ ქვეყანაში და არა მაინცდამაინც ომი და ფინანსური კრიზისი. რადგან წიგნის ყიდვის საბჭოთა ”ტრადიცია” მოკვდა: წიგნი აღარც სამშვენისია, აღარც ”დაგროვების საშუალება” – დღეს მას მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ იკითხონ.”
    ძალიან მტკივნეული იყო ბოლო თვეები გიორგი ლობჟანიძისთვისაც: “აგვისტოს ომის დროს, წიგნის მაღაზიაში წასვლა კი არა, ოჯახში წლების მანძილზე, რამდენიმე თაობის მიერ შეგროვილ ბიბლიოთეკასაც გულაყრილი, გაუცხოებული შევცქეროდი. ომმა ყველა ღირებულება თავდაყირა დააყენა და ჩემი სასოწარკვეთა პირველ რიგში წიგნებზე გავრცელდა. წიგნებზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს, მთელი თავიანთი სიკარგის მიუხედავად, სამყარო ოდნავ უკეთესი გაეხადათ.
    ეს შეგრძნება დიდხანს გამყვა და მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მოვახერხე, წიგნის მაღაზიებისაკენ მიბრუნება. იქ კი საშინლად გაძვირებული ბეჭდური პროდუქცია დამხვდა. ვიცი, ვინმე შემომედავება: ყველაფერი ძვირდება და რაღა წიგნის ფასები გიკვირსო, მაგრამ წიგნის ფასებზე მეტად ჩვენი ზოგირთი გამომცემლის პოზიცია მაკვირვებს. სხვათა შორის, მწერლობა, რითაც ზოგადად პატიოსანი გამომცემლები ფულს შოულობენ, სულ სხვა რამისთვისაა მოწოდებული: კრიტიკულად გაიაზროს არსებული სინამდვილე და აქტიურად იღვაწოს ამ სინამდვილის გასაუმჯობესებლად”.
    მეც სწორედ ამ სინამდვილეს ვუტრიალებდი გასული წლის ბოლოს და დეკემბერში დაბეჭდილ ჩემს “შემაჯამებელ” სვეტში კონკრეტული ციფრების დასახელება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, რადგან მეგონა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო მკითხველისთვის. ერთი თვის შემდეგ, ბაკურ სულაკაურმა რეპლიკით მიპასუხა, რომელიც, არსებითად ჩემი შენიშვნის ერთ პატარა აბზაცს ეხებოდა: “სამწუხაროდ, 2008-ში წიგნებისთვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი”, რის პასუხადაც ბაკურ სულაკაურმა პუნქტობრივად, სათითაოდ ჩამოაყალიბა კონტრარგუმენტები ხუთივე დებულების გასაბათილებლად. იგი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ 1. “2008 წელს წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა”. 2. “წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში გაიზარდა წიგნის გაყიდვები”. 3. “არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა”. 4. “შარშან წიგნები არ გაძვირებულა”. 5. “აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც”.
    როცა რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, ყოველთვის უნდა ეყრდნობოდე, ციფრებს თუ არა, რეალურ ფაქტებს მაინც. როცა ბაკურ სულაკაური წერს, “2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა”, მინიმუმ 2-3 გამომცემლობის მაგალითი მაინც უნდა მოიყვანოს. ბაკურ სულაკაურს კი თავისი ხუთივე არგუმენტის გასამყარებლად არცერთი ციფრი თუ ფაქტი არ დაუმოწმებია. რა დააშავა მკითხველმა ისეთი, რომ ზედიზედ მეორე ნომერში დაუზუსტებელი ინფორმაცია იკითხოს და სიტყვაზე მენდოს ჯერ მე და შემდეგ ბაკურ სულაკაურს. ჩვენ ხომ არც ერთს არ შეგვიწუხებია სირბილით თავი და ერთი ციფრიც კი არ დაგვიზუსტებია. იქნებ მკითხველს სწორედ ზუსტი პასუხი ურჩევნია ზოგად განსჯებს, იქნებ მისთვის ფაქტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვრით საუბარი ერთი მხრივ პრობლემებზე, მეორე მხრივ კი მიღწევებზე?!
    სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ წერილისთვის მეტი “მერბინა”, მეტი ხელშესახები მასალა მომეძიებინა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, მართლა არნახულად გაიზარდა თუ არა გასულ წელს წიგნებისადმი ინტერესი და მართლა მოახდინა თუ არა ომმა უცნაურად სასიკეთო გავლენა წიგნის მაღაზიებსა თუ გამომცემლობებზე. მე რამდენიმე გამომცემლობას დავუკავშირდი, ასევე ყველაზე დიდ თბილისურ წიგნის მაღაზიებსა და წიგნის გამავრცელებელ სააგენტოებს, რათა დამედგინა განსხვავება ომამდელ და ომისშემდგომ ვითარებასა და ზოგადად, 2007 წელსა და 2008 წელს შორის. აი როგორი შედეგები მივიღეთ.
    აღმოჩნდა, რომ გამომცემლობა “ლოგოს პრესის” საერთო გაყიდვებმა წლის მეორე ნახევარში, წლის პირველ ნახევართან შედარებით (ანუ ომის შემდეგ), ერთი მესამედით იკლო. გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვები 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 55%-ით შემცირდა, ვიდრე იანვარი-მაისის პერიოდში იყო, ხოლო 2007 წელთან შედარებით 2008 წელს გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვებმა 57%-ით იკლო. სხვა სურათი იყო ფასების მხრივ, თუკი 2007 წელს ნაკლები ღირებულების მეტი წიგნი გაიყიდა, 2008 წელს გაიყიდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის წიგნი, რომელიც, შესაბამისად, შარშანდელზე ძვირი ღირდა. ომის შემდეგ, 50-%-იანი ვარდნა ჰქონდა გამომცემლობა “დიოგენესაც”. გაყიდვებმა უმნიშვნელოდ იკლო თავად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშიც”. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 1,4%-ით ნაკლები წიგნი გაიყიდა, ვიდრე 2008 წლის აპრილ-მაისში.
    გაირკვა, რომ აგვისტოს თვე მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა სხვა წლების აგვისტოსთან შედარებით, ანუ, როგორც ბაკურ სულაკაური წერს, “წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი”. მაღაზია “პარნასის” მფლობელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ აგვისტოში ძალიან ცოტამ მოახერხა ქალაქიდან გასვლა და შესაბამისად, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მეტი მყიდველი ჰყავდა წიგნებს. აგვისტოს უცნაურმა “გამოცოცხლებამ” მაინც ვერ დააზღვია მაღაზია “პარნასი” და აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში მაინც 19-20%-იანი კლება აჩვენა სტატისტიკამ, თუმცა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე “პარნასში” 2008 წლის ვაჭრობამ პირიქით, გასულ წელთან შედარებით 31%-ით იმატა. ასევე გამონაკლისი იყო მაღაზია “წიგნის სახლი”, სადაც აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში 5%-ით მოიმატა გაყიდვებმა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოების ხარჯზე, სამაგიეროდ 2008 წლის მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა 2007-სას 5%-ით.
    მაღაზია “სანტა ესპერანსაშიც” უმნიშვნელოდ იმატა ოქტომბერ-ნოემბრის გაყიდვებმა (აპრილ-მაისთან შედარებით) და 3% შეადგინა, სამაგიეროდ 2008 წლის გაყიდვები 17%-ით ჩამოუვარდებოდა გასული წლისას. აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი უცნაურობა, რომელიც ზემოთ გამომცემლობა “ინტელექტის” შემთხვევაშიც გამოჩნდა. კერძოდ ის, რომ 2008-ში “სანტა ესპერანსამ” დაახლოებით 40 000 ლარით მეტი ივაჭრა, არადა გაყიდვები 17%-ით ნაკლები იყო 2007-თან შედარებით, რაც მაღაზიის მენეჯერის აზრით, ქართული თუ შემოტანილი წიგნების გაძვირებით იყო გამოწვეული.
    ძალზე საინტერესო იყო ქვეყნის უმსხვილესი წიგნის გამავრცელებელის (რომელიც ძირითადად რუსულ და სხვა უცხოენოვან გამოცემებზე მუშაობს), “ტაშენის” ოფიციალური წარმომადგენლის, შპს “პრემიერის” მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, 2008-ში, ომამდე, წინა წელთან შედარებით, 50%-ით მეტი ახალი დასახელების წიგნი იყო შემოტანილი, თუმცა კი გაყიდვებს ეს პროცენტული მატება არანაირად არ დატყობია, ანუ მოსალოდნელი 50%-იანი წინსვლა არ შედგა და გაზრდილმა ასორტიმენტმა ვერანაირი გავლენა ვერ იქონია წიგნების გაყიდვაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ “პრემიერის” გაყიდვები ომის შემდგომ საგრძნობლად დაეცა.
    სახელმძღვანელოების მხრივაც სერიოზული პრობლემები იყო. ომის შემდგომ პერიოდში წარმოუდგენლად იკლო არაქართულენოვანი სკოლებისთვის გამოცემული წიგნების გაყიდვამ, “დიოგენეს” მონაცემებით, რუსული სახელმძღვანელოების გაყიდვამ 20-30%-ით იკლო, ხოლო გამომცემლობა “ინტელექტის” მიხედვით, სომხურენოვანი და აზერბაიჯანული სახელმძღვნელოების გასაყიდად განსაზღვრული რაოდენობიდან მხოლოდ 5% შეიძინეს.
    სხვა საკითხია სახელმწიფოს დამოკიდებულება ზოგადად ლიტერატურისადმი (ამაზე ჩვენ ადრეც გვიასაუბრია) მთარგმნელობითი გრანტების, სუბსიდიების, სტიპენდიების, პენსიების, პრემიების სისტემა, შეიძლება ითქვას, სავალალო დღეშია. ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე იყო მცდელობა დაფინანსებულიყო ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმანები, ლიტერატურული პერიოდული გამოცემები, თუმცა პერიოდიკის კონკურსს კულტურის სამინისტრო ძალიან გვიან აცხადებდა ხოლმე, და შესაბამისად ჟურნალების მხოლოდ რამდენიმეთვიანი დაფინანსება ხერხდებოდა. შარშან თარგმანის პროექტიც შეკვეცეს და თუკი სახელმწიფო თავიდან 500 ეკზემპლარის შეძენის ვალდებულებას იღებდა, პროექტის დასასრულს ციფრი 150-მდე ჩამოვიდა და ეს მაშინ, როცა წიგნის გამოცემის საქმე უკვე დასრულებული იყო. ცხადია, მცირე გამომცემლობები, რომლებიც მთლიანად ამ გრანტზე იყვნენ დამოკიდებულნი, წაგებაში დარჩნენ, ბევრი კი შიშობს, რომ 2009 წელს საერთოდაც, შეიძლება გააუქმონ ეს პროექტები.
    ამგვარი შიშები საკმაოდ გახშირდა, აგერ ჩვენი ჟურნალიც უკვე 48 გვერდის ნაცვლად 32 გვერდამდე შემცირდა და გასული წლის ბოლო ნომრის “შეჯამებაში” დაპირებული საინტერესო სიახლეების ნაცვლად, ნაკლული ნომერი უნდა შევთავაზოთ მკითხველს. თუმცა ეს დანაკლისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქართულ ლიტერატურას დააკლდა რამდენიმე დღის წინ. ამ წერილზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებული მქონდა, როცა ნუგზარ შატაიძის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. ნუგზარი რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ. ახლა ძალიან ძნელია მასზე ლაპარაკი და ამაში სამწუხაროდ ვერც ნუგზარის უმდიდრესი ენა დაგვეხმარება. როგორც ჩანს, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ახლიდან გავაცნოთ თანამედროვე მკითხველს სევდიანი მხნეობით სავსე ეს შესანიშნავი მწერალი და საყვარელი ადამიანი. ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჯონ აპდაიკის სიტყვებით რომ ვთქვათ: “დროთა განმავლობაში ბევრი წიგნი ძალიან სწრაფად ყვავილობს და შემდეგ უკვალოდ ქრება, მხოლოდ რჩეული უმცირესობა იშლება აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ და კლასიკად იქცევა”. იმედია ორიოდე თვის შემდეგ, ერთ-ერთ სპეციალურ ნომერში ჩვენც ასე, აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ შევუდგებით ნუგზარის ნაწერების კითხვას და ჩავწვდებით თანამედროვე კლასიკის ნამდვილ გემოს.
    იმედია 32 გვერდი ამ წამოწყებას მაინც ეყოფა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ბათუ დანელია – ლექსები


    გზის გამყვანი

    ჩემი თავიდან უნდა დამეწყო
    გზის გაყვანა და გავსულიყავი
    ისევე ჩემი თავის ბოლოში.

    თურმე ჩემიდან უნდა დამეწყო!
    აი, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან
    და როდისმე გავალ ჩემივ თავის ბოლოში,
    ოღონდ ყველაფრის გავლით, რასაც კი
    თუნდაც ერთხელ მაინც შევეხე:

    მე ვარსკვლავების წინააღმდეგ
    უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია
    და დამარცხება მომიგია…

    მე კარგ სიზმრების სანახავად
    ღამეები გამომიშიგნავს,
    მაგრამ არასდროს ჩავწოლილვარ
    შიგნით, კმაყოფილ წრუწუნასავით…

    სულ გზა გამყავდა და მოვდიოდი,
    ოღონდ საიდან – საკვირველი სწორედ ესაა –
    ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი,
    რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან…

    მე მოვდივარ მარტოობიდან –
    მარტოობა იყო ჩემი
    მიწა ყველაზე მოსავლიანი,
    სადაც ვრგავდი გიგანტ ყვავილებს
    გვირილისხელა დედაჩემისთვის.

    მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი,
    სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ…
    ღამით ჩემს ციცქნა საძინებელში
    შემოდიოდა მთვარის ბაღი თვალუწვდენელი,
    ხელში მარკ ტვენის “ტომ სოიერით”
    და უნახავ და კარგ სიზმრებით
    გაფოთლილი და აყვავებული,
    მაგრამ – მარტო, მარტო ვიყავი!..

    ღამის გუმბათზე უძინარი
    დავდიოდი სიზმრის ფეხებით
    და ჩამოვარდნის არ მშინებია,
    რადგან სად უნდა დავვარდნილიყავ,
    თუ არა ისევ მარტოობის ფაფუკ ლოგინში!

    გზა კი გამყავდა, სულ გამყავდა
    გზა სინათლიდან სიბნელემდე
    და სიკეთიდან ბოროტებამდე,
    რომ მეშველა ვიღაცებისთვის,
    მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი,
    თუ ლონდონიდან ბომბეიმდე
    გვირაბის გათხრას დამაბრალებდენ!

    ჩემი თავიდან უნდა დამეწყო –
    ჩემი თავიდან უნდა გამეყვანა გზა და ჩემივე
    თავის ბოლოში გავსულიყავი.

    და, ჰა, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან.

    პასუხი კითხვაზე: “როდის წერთ?”

    ვწერ, როცა წვიმა სულში გამიარს,
    როცა შორს, თითქოს, მელნის ჩქამია,
    როცა დღე შარვალს აიკარწახებს,
    როცა არც ხურავს ცას და არც აღებს
    ელვა და ღრუბლებს უჩენს ბარძაყებს…
    ვწერ, როცა ფეხქვეშ ვიგრძნობ ნამიან
    მარადისობის მოლს და ვცახცახებ…

    ვწერ, როცა ქარი, თითქოს, ცის კიდეს
    გამოანგრევს და, როგორც რისხვის ტყე,
    გაიფოთლება მსტვენ ამბოხებით
    და ებერება სივრცეს ლოყები,
    ვიდრე დადგება დრო დაოკების…
    ვწერ, როცა კვირტი ხეზე კისკისებს,
    ტაეპებს ვიხვევ და ვითოკები…

    როცა სურნელი თოვლის ქათქათის –
    სულმა თუ იცის, გზებად სად გადის
    და აღარ მყოფნის მე მის საყნოსად
    ნესტოები და, როგორც აკრობატს,
    ცად მსურს ახტომა, ანდა გაქრობა –
    მაშინ ავყავარ გრძნობას კვადრატში
    და ვწერ, ქცეული მიუსაფრობად…

    ვწერ, როცა სევდა ხდება მოსისხლე –
    სულს მივაქროლებ ანგელოსისკენ…
    გულს კი სტრიქონის დანა დაკეპავს…
    ვწერ, როცა გრძნობის პაპანაქებას
    ჩემში სურს ლაშქრის დაბანაკება…
    ვწერ, როცა მთები ღვთის სამოსისფერ
    ნისლს იხურავენ ფაფანაკებად.

    სული და მუსიკა

    რატომ გვიცახცახებს სული აგრერიგად,
    როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით?! –
    უნდა მოგვესმინა მეტი ვაგნერი და
    მეტი მოცარტი და მეტი ბეთჰოვენი.

    ჩვენც რომ გაგვეშიფრა ვარსკვლავთ ფუსფუსი და
    ჩვენც რომ დაგვქნეოდა ხელი სასწაულის –
    ჰანგად დაგვათოვდა ლოცვა კოსმოსიდან,
    სული დაგვრჩებოდა მისგან განსწავლული.

    მერე, სიკვდილისას, აღარ ვიშფოთებდით,
    აღარ მოგვიწევდა შიშით გატაცება… –
    თავთით გვედგებოდა დედა ღვთისმშობელი,
    ხოლო მაცხოვარი პირჯვარს გადაგვწერდა.

    და სულს დაგვიცხრობდა ქნარიც ეოლესი,
    რომ არ გვემწუხარა წასვლის მოლოდინით,
    რადგან, რაც აორტა არის სხეულისთვის,
    იმად ევლინებათ სულებს მელოდია.

    მხოლოდ მუსიკაში სუფევს სასუფევლის
    მსგავსი ატმოსფერო უსათნოესი და –
    ღრუბლებს მიწისათვის წვიმის ნაზუქები
    სწორედ მერწყულივით უნდა მოეზიდათ…

    და ჩვენც აგვამაღლებს ფუგა მონატრების!
    და ჩვენც დაგვამშვენებს ლტოლვის ფორტისიმო!
    ქარის სკერცოებიც, თოვლის სონატებიც,
    წვიმის სიმფონიაც უნდა მოვისმინოთ,

    როგორც ვაგნერზედაც მეტი ვაგნერი და,
    როგორც ბეთჰოვენზეც მეტი ბეთჰოვენი
    და არ დაგვიფრთხება სული აგრერიგად,
    როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით.

    ავტობუსი №39

    გადახურა ცამ მიწა ღრუბლის კრამიტით,
    წვიმის შიშით გამევსო მკერდის განჯინა…
    ავტობუსი (ნომერი ოცდაცხრამეტი)
    მოვიდა და გალუმპვას გადამარჩინა.

    სხვა – ვინ ჯიხურს, ვინ – ქოლგას, ვინ – კაპიუშონს,
    მე – ავტობუსს მივენდე, ბრალი მაგათი,
    რომლებზედაც ცამ წვიმა ისე მიუშვა,
    როგორც ცეცხლზე მეხანძრემ მძლავრი ნაკადი.

    ჩემთვის “ორი” ადგილი სულ აქვს ავტობუსს…
    ფანჯარასთან დავჯექ და ფიქრი დავიწყე.
    შემომესმა შენი ხმა, შენი ნაკვთებიც
    მომაგონდა და ცეცხლი ვიგრძენ ლავიწზე.

    ყველა ქუჩა წვიმაში, როგორც სელაპი
    იწვა, ხოლო ნათურებს სურდათ ანთება,
    ვიღაცები გარბოდნენ – წვიმით სველები,
    ვიღაცები – ხეებქვეშ ჩანდნენ ლანდებად.

    იქნებ სადმე შენც იდექ სოველ კაბაში.
    მეც სოველი ვიყავი – ცრემლით ოღონდაც.
    ავტობუსში ვიჯექი, როგორც კაფეში
    ვმჯდარვარ შენთან, ღვინო კი არვის მოჰქონდა.

    წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან

    ჩემსავით ჩაგრულო, უცნობო მარგარეტ,
    მომწერე ჩელსიდან, რომიდან, პრაღიდან…
    მეც, როცა სიგიჟე მომივლის, ვხარხარებ
    და მჯერა, რომ ჩემში სამყარო აყვირდა.

    ცუდი რამ სრულებით არაა სიგიჟე –
    ის, ზოგჯერ, მოუვლის მოცარტებს, ნიკიშებს…
    ხიდიდან დაგიშვებს, კოცონთან მიგიშვებს,
    ან შიშვლად გატარებს ჭკვიანთა ხრიგინში.

    ფანჯრიდან – ყვავილებს მიცინებს გარგარი.
    ჭერიდან – ჩამომდის ნაკადი გველებად.
    შენ როგორ განიცდი, რასა გრძნობ, მარგარეტ,
    როცა ცას ღრუბლებში უტყდება ხველება.

    მომწყინდა ამდენი კაფსული, აბი და,
    ნეტავი, ვეღირსო სიცოცხლის ეპილოგს!
    მსურს ჩემი ექიმი გავიდეს კაბიდან –
    ამაზე მირტყამს და დამძახის: “დებილო!”

    ქცევით და მოპყრობით მაბრაზებს ექთანიც,
    ათივე თითი რომ მოუჩანს ნემსებად…
    ჭკვიანის ხალათს გიჟ ტანთ იცვამს – ეგ ტანი
    სულ ნაკლულ ბოთლს უგავს და უნდა შევსება.

    შენ უნდა გესტუმრო, გეფერო, გაგათბო –
    ის სითბო სიკვდილის ბოლომდე გეყოფა.
    ჭკვიანებს აშინებთ სიგიჟე – მაგათ ხომ
    არ უწყით, თუ გრძნობის რას ნიშნავს შეფობა…

    მარგარეტ, ძვირფასო, უცნობო მარგარეტ,
    არ მცნობ და რატომღაც მგონია – ვერ მიტან
    და, მაინც, ვიდრე ამ კედლებში ვხარხარებ,
    მომწერე რიგიდან, ოსლოდან, ბერნიდან.

    შინ და გარეთ

    ოთახთა უდაბნო, შავი ზღვა აბაზანის –
    შენია, ვერავინ წაგართმევს ვერასოდეს.
    აქ განვლე-გამოვლე რომიც და ტრაპიზონიც,
    აქ ყოველ კუთხეში სტროფები ტერასობენ.

    დაჯექ და უსმინე “რეკვიემს”, “ტანგეიზერს”,
    ან თარგმნე ბლოკი ან ბროდსკი ან ჰოფმანსტალი,
    ან როლი მოირგე – ხან მონის, ხან კეისრის,
    მათ გატკბონ სამოთხის ბაღნარში ყოფნასავით.

    შინ გინდა იყავი კარუზოც, კუროსავაც –
    შინ ყველა – ჭერის და კედლების ზიარია,
    გარეთ კი, მაშინვე, ყურებში უროსავით
    მოგხვდება ულმობელ ცხოვრების რია-რია.

    მესაფლავე

    ზოგჯერ, სიჩუმეში, უცებ დაგეცემა თავზარად
    ის, რომ მარჩენალი შენი ოჯახისა – მკვდრებია
    და რომ მარკეტებში ბავშვებს ვერაფერზე გაგზავნი,
    თუკი არ დამარხე სხვისი ბაბუა და ბებია… –

    ვინმეს დამარხავ და სახლში ფულიანი ბრუნდები,
    როგორც თივიანი – ბოსელს უბრუნდება მარხილი…
    ასე – ვიღაცების მარხვით გიმაგრდება კუნთები,
    რასაც გირჩევნია იყო საიდუმლოს მმარხველი…

    თუმცა მიწისათვის ცხედრის მიბარება – მადლია,
    მკვდარი იმაზე მეტს სულიერისაგან არც ითხოვს,
    ჩადებ საფლავში და ბელტებს ჭიანსა და მატლიანს
    ისე გადააყრი, თითქოს იფარავდე მარცხისგან…

    მაგრამ ღამღამობით ხშირად წარმოიდგენ სახეებს,
    კუბოს დახურვამდე გაქვალოდებულებს მელნისფრად,
    მაშინ გეჩვენება, რომ შიშს პალტოსავით გახვევენ
    და ძგერს ჭერ-კედელი შენი ცხრაბალიან ღელვისგან.

    ჩიტი ჭადარზე

    სკვერში ჩემ წინ დაჯდა პატრული,
    მისმა მზერამ ყველა გატრუნა,
    მე კი ფიქრიც მიყვარს მხატვრული
    და ეს, მგონი, იცის პატრულმა.

    სკვერში სხედან, დგანან, დადიან,
    თვლიან ხეებს, სკამებს, ჩიტებსაც,
    ისმის ჰანგი, მღერის მატიე,
    მე კი ფიქრი სულშიც მიდევს და

    თავში ხტიან რაღაც რიცხვები,
    თავზე, თითქოს, ვიდგამ ჯიხურებს,
    თითქოს ცირკი ვარ და ვიწყები
    და წინ მჯდომი შიშით მიყურებს.

    სკვერში ფიქრი უდრის კათარსისს,
    როცა ყოფნა გაცლის არაქათს…
    ერთი ჩიტი ცეკვავს ჭადარზე
    და მე ვშიშობ – რამე არა ქნას.

    გრანელი

    “სალხენად, სამღერლად, სალაღოდ არა ვარ მოსული” –
    გავაკარ განცხადება.
    აქ ჩემთვის ოქრო და ბრინჯაო, კოშკი და ბოსელი
    არაფრით განსხვავდება.

    არც ვარდი, არც დაფნა, არც ძეგლი – არც ერთი ამათგან
    არაა თავანკარა,
    აქ, გავჩნდი თუ არა, მყის თვალი სტრიქონმა დამადგა
    და აღარ გამახარა.

    და, რადგან სულ ვწუხვარ, თქვენ ცდილობთ როგორმე მალაღოთ,
    მზელთ ლხენის ტალახებად…
    პოეტებს, ამქვეყნად, მდინარევ, მინდორო, ბალახო,
    არ ძალუძთ გალაღება.

    და ჭურვებს, ლხენისას, ნუ უშენთ პოეტის სადარდელს –
    კურცხალთა ცვრიან თაროს!..
    თუ ავდრის დრო არი, უდროოდ რად უნდა გადარდეს? –
    იავდაროს!

    ანთებული ტყემლები

    დღეს ვერ გეახლებით ამ ნამცხვარს, ამ ჩაის,
    ერთიც და მეორეც ყელზე ვერ გადამივა… –
    ფანჯრებში ანთია ტყემლები ავჭალის,
    მე კი ჯერ აუყვავებელი ატამი ვარ.

    შენ რა ხარ, მითხარი, შინდი თუ ნუში თუ…
    რაცა ხარ – დრო არი პაემნის, შეხვედრების.
    რა მეჩაიება – ოთახის დგუში ვარ
    და კედელს კედლიდან გიჟივით ვეხეთქები.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – თებერვალი

    ზაზა თვარაძე, “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებირვი მოგზაურობა”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2009.

    ელი პატარა გოგონაა, თუმცა ხიფათიანი თავგადასავლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების გამოვლა მას ადრევე მოუხდა. გოგონა მარტოდმარტო გაემართა ომში დაკარგული მამის მოსაძებნად, გზაში კი ბოროტ ჯადოქრებს გადაეყარა, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ელისთვის მამის პოვნაში. თუმცა, პატარა და კეთილი გოგონას დასახმარებლად კეთილმა ჯადოქრებმაც არ დაიშურეს ძალა… “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” სიკეთეზე, სათნოებაზე, ბოროტების სიბნელესა და უძალობაზე უამბობს ბავშვებს, პატარები ხალისით წაიკითხავენ გოგონას ზღაპრულ თავგადასავალს.

    ემილი ბრონტე, “ქარიშხლიანი უღელტეხილი”. მთარგმნელი ასმათ ლეკიაშვილი, რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე” 2008.

    ალბათ არც თუ ისე ბევრი ავტორი მოიძებნება მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, თავისი ერთადერთი წიგნით რომ დაემახსოვრებინა თავი მკითხველისათვის. ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანი “ქარიშხლიანი უღელტეხილი” თამამად ჩაეწერა ბრიტანული ლიტერატურის ყველაზე საყურადღებო ნაწარმოებთა რიგში და დღემდე არც მკითხველთა აღტაცება განელებულა მის მიმართ. რომანი სიყვარულსა და სიძულვილზე, სიკეთესა და სისასტიკეზე – ახლა უკვე ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია გაეცნოს “ქარიშხლიან უღელტეხილს”.

    დავით ქართველიშვილი, “ახალი წიგნი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.

    როგორ იქცევიან მწერლები, როდესაც მათ საკმაოზე მეტად მსუყე თანხის საფასურად არც მეტი, არც ნაკლები, უცხო ადამიანის ავტობიოგრაფიის წერას უკვეთავენ? უძლებენ თუ არა ცდუნებას, ნებისმიერი პირობა მიიღონ დამკვეთისგან სოლიდური თანხის ნაცვლად? როგორ გადმოდიან წიგნის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში, ან პირიქით – როგორ იმკვიდრებენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები თავს წიგნის გმირებად… დავით ქართველიშვილი მკითხველს კიდევ ერთ ახალ რომანს სთავაზობს, მწერლის უკეთ გასაცნობად კი ასევე შეგიძლიათ მისი პირველი რომანი “იყო საღამო, იყო დილა” და მოთხრობების კრებული წაიკითხოთ.

    “სჯანი” (ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი). რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.

    ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, მისი თეორიაც განახლებასა და თანამედროვე მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამას ემსახურება ჟურნალი “სჯანი”. ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტური პრაქტიკები, ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია, კრიტიკული დისკურსი, თარგმანის თეორია, ფოლკლორისტიკის თანამედროვე კვლევები – ეს ის რუბრიკებია, რომლებსაც ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორები განავრცობენ. ჟურნალში ასევე წაიკითხავთ ახალი ქართული თუ უცხოური წიგნების მოკლე მიმოხილვას.

    “თავისუფლების დღიურები 2008”. შემდგენლები მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე. პრაღა-თბილისი. პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა 2009.

    ისტორიას ადამიანები ქმნიან, მათი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი ამა თუ იმ ეპოქის ანარეკლია. ამჯერად 2008 წლის შესახებ “რადიო თავისუფლების” პროექტის ფარგლებში 52 ადამიანის დღიურიდან შეგვექმნება საერთო წარმოდგენა. სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე ადამიანები თავიანთი რამდენიმე ჩვეულებრივი დღის შესახებ გვიამბობენ. წიგნს ასევე თან ერთვის კომპაქტდისკი, რომელზეც 52-ივე დღიურის მცირე ფრაგმენტებია ჩაწერილი. ნინო ანანიაშვილი, დავით გამყრელიძე, იური მეჩეთოვი, დათო ტურაშვილი, ეკა ბესელია, გიორგი ლობჟანიძე, ლევან წულაძე, თინათინ ხიდაშელი და სხვები აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომ 2008 წლის თბილისზე, ქართულ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.

    ჟან-ბატისტ დიუროზელი, “ევროპა. მისი ხალხების ისტორია”. მთარგმნელები გურანდა დათაშვილი, ქეთევან კვანტალიანი, ნინო ლეჟავა. თბ. “ჯისიაი” 2008.

    რა არის ევროპა, საიდან და რატომ შეიქმნა მისი თანამეგობრობა, როგორი იყო ევროპამდელი ადამიანი და საიდან მოვიდა იგი ევროპაში – ეს და კიდევ ბევრი სხვა შეკითხვა დღესდღეობით ხშირად ჩნდება ევროპასთან, როგორც უკვე მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ კულტურულ წარმონაქმნთან, დაკავშირებით. ფრანგი ავტორის, ჟან-ბატისტ დიუროზელის, წიგნიც სწორედ ევროპასა და მის ისტორიას მიმოიხილავს. დიუროზელი დღემდე რამდენიმე ნაშრომის ავტორია, მათს შორის აღსანიშნავია “დიპლომატიის ისტორია 1919 წლიდან დღემდე”, “ევროპა 1915 წლიდან დღემდე” და “კლემანსო”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – თებერვალი

    “მთელის ნაწილი”
    სტივ ტოლცი
    “A Fraction of the Whole”
    Steve Toltz
    576 გვ Spiegel & Grau

    2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის არაერთი საინტერესო ახალი სახე გამოჩნდა, მათს შორისაა სტივ ტოლციც. ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერლის სადებიუტო რომანი ფინალისტთა სიაში მოხვდა. “მთელის ნაწილი” მამა-შვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს; იასპერ დინი ახალგაზრდა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, სამართლიანი და მოწესრიგებული ნატურაა, მარინი კი – იასპერის მამა, შვილისაგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, ცხოვრების წესისა და არაორდინალური წარსულის მქონე ადამიანი. ავტორი თავისებური სტილით, ახლებური ფორმით გვიხატავს პერსონაჟებს, თხრობის ლაღი სტილი და იუმორი არ მოაწყენს მკითხველს.

    “სიკვდილის დაბრკოლება”
    ჟოსე სარამაგუ
    “Death with Interruptions”
    (Translated by Margaret Jull Costa)
    José Saramago.
    238გვ. Harcourt.

    სიკვდილის ფენომენი მრავალმხრივ საინტერესოა – როგორი მიმართება აქვს მასთან სოციუმს, როდესაც მის არესბობას ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე გრძნობს, ან პირიქით – როგორ უყურებს თავად სიკვდილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ან ინდივიდებს მაშინ, როცა მათგან რომელიმეს არჩევაზე ფიქრობს. თემა, რომელიც არაერთი მწერლის შემოქმედების ფოკუსში მოხვედრილა, ამჯერად პორტუგალიელი ნობელიანტის, ჟოსე სარამაგუს ყურადღებას იპყრობს – “სიკვდილის დაბრკოლება” მისი ახალი რომანია, წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება და მთავარი მოქმედი პირიც, არც მეტი, არც ნაკლები – სიკვდილია.

    “ყაყაჩოების ზღვა”
    ამიტავ გოში
    “Sea of Poppies”
    Amitav Ghosh
    515 გვ. Farrar, Straus & Giroux

    ამერიკელი მონის ვაჟი, ფრანგი ბოტანიკოსის ობოლი ქალიშვილი, ოპიუმის მწარმოებელი ინდოელი ფერმერები და ცხოვრება, რომლის შეცვლასაც ამ ცხოვრების პერონაჟები ცდილობენ – ინდოელი მწერლის, ამიტავ გოშის ახალი რომანი “ყაყაჩოების ზღვა” ცხოვრების მორევში ჩათრეულ ადამიანებზე გვიამბობს, მათს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის მცდელობას აღგვიწერს. წიგნი ტრილოგია “Ibis”-ის პირველი ნაწილია და 2008 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა შორის მოხვდა. ამიტავ გოშს კი მკითხველი უკვე იცნობს რომანებით “The Shadow Lines”, “The Calcutta Chromosome”, “The Hungry Tide”.

    “ბარდი: რობერტ ბერნსი, ბიოგრაფია”
    რობერტ კოროუფორდი
    “The Bard: Robert Burns, a Biography “
    Robert Crawford
    466გვ, Cape

    თუ მეტ-ნაკლებად იცნობთ რობერტ ბერნსის ბიოგრაფიას, ალბათ ხვდებით, რომ იოლი არ უნდა იყოს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერა: ძნელია, დაიცვა ზომიერება მის ლექსებზე საუბრისას, თავი აარიდო პათეტიკას, ან ცხოვრებისეული საინტერესო დეტალების რანგში პოეტის სასიყვარულო აფიორები არ წამოწიო წინ. თუმცა, რობერტ კროუფორდმა შეძლო დისტანცირება მოეხდინა შოტლანდიელების კულტურული კერპისგან, და ამით კიდევ უფრო ნათლად დაენახა მისი ადამიანური მხარეები, სისუსტეები, უკეთ გაეცნო პოეტი და თავისი შთაბეჭდილება მკითხველისთვის მიეწოდებინა. ბერნსის ბიოგრაფია მკითხველს შოტლანდიელი პოეტის არაერთ საინტერესო და საყურადღებო დეტალზე გაამახვილებინებს ყურადღებას.

    “გზად გერმანიიდან გერმანიისაკენ (დღიური, 1990)”
    გიუნტერ გრასი
    “Unterwegs von Deutschland nach Deutschland (Tagebuch, 1990)”
    Günter Grass
    258გვ, Steidl

    ალბათ ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო ის ფაქტი, რომ 20 წელიწადზე მეტია, რაც გიუნტერ გრასი თავისი გამომცემლისგან მეტად უცნაურ საჩუქრებს იღებს – წიგნებს ცარიელი ფურცლებით, რომლებსაც მწერალი თავისი ყოველდღიური ჩანაწერებით ავსებს. გრასმა დღიურების წერა 1990 წელს დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების მიმართ საკუთარ თვალთახედვასა და დამოკიდებულებას სწორედ აღნიშნული ცარიელი წიგნების ფურცლებზე აყალიბებდა, და ამჯერად საშუალება მისცა მკითხველს, თავადაც გაეცნოს ნობელიანტი მწერლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ფიქრებსა თუ თვალსაზრისებს.

    “საგანი განსაზღვრული სისწრაფით”
    მარი-დომინიკ ლელივრი
    “Sagan à toute allure”
    Marie-Dominique Lelièvre
    343გვ, Denoël

    “სალამი, სევდავ!”, “გიყვართ ბრამსი?”, და კიდევ არაერთი სახელი გაგვახსენებს ფრანგ ნონკონფორმისტ, სკანდალების მოყვარულ, არაორდინალურ მწერალს, ფრანსუაზ საგანს, ეპოქის ერთ-ერთ კოლორიტულ ფიგურას, რომელიც ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში სხვადასხვანაირად იხატება. ამჯერად მარი-დომინიკ ლელივრი შეეცადა, გაეცოცხლებინა მითები საგანის შესახებ, კიდევ ერთხელ გადაეხედა მისი ბიოგრაფიისათვის და ახლებურად შემოეთავაზებინა ჩვენთვის ფრანგი მწერლის შემოქმედება, მისი ცხოვრება, ურთიერთობები, ემოციები, ესა თუ ის ფაქტები. წიგნი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ამ უცნაური ქალის მეტად საინეტერო პორტრეტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ალეკო ცქიტიშვილი – ჰოროსკოპი


    იანვარი

    მე ვწერ!
    ე. ი. ბედს ვწერ. თუ ჩემს ბედს არა, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ბედს ხომ ვწერ? თუ არა, მაშ, საიდან ჩნდებიან ისინი?
    წეროს მოტანილი სასვენი ნიშნები ჯერ არსად მინახავს. არც ბორშჩისთვის დაჭრილ კომბოსტოში მიპოვია, წერტილი რაა, თუნდაც ერთი კითხვის ნიშანი მაინც. ქარის მოყვანილ პერსონაჟებსაც, ბუნებრივია, ქარი აქამდე წაიყვანდა.
    არა, არა!.. ნამდვილად მე ვწერ!
    ე. ი. ვინ ვარ?
    ჩემს ქვეყანაში ხუთ მილიონამდე მოქალაქეს მხოლოდ ერთი ასტროლოგი ჰყავს – ცაგარელი, რომელიც ზის და ყოველდღიურად თითქმის ხუთი მილიონი ადამიანის ბედს წერს.
    კაცი, რომელიც დაგვცინის.
    წარმოიდგინეთ, თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი ერთი ბედისმწერლის ჭკუაზე დადის. ზოგიერთს საპირფარეშოში შესვლა-გამოსვლაც წინასწარ აქვს დაგეგმილი და კუჭში ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად გადის. ზოგიერთი მოძღვარს ეკითხება, თუკი მამლის წელიწადია, საახალწლო სუფრაზე მიიტანოს თუ არა ქათმის კერძები, ხოლო ცეცხლოვანი ღორის წლის დადგომისას ინტერესდება, შობადღეს ღორის დაკვლა შეიძლება თუ არა. ლამის იქამდე მივიდეს საქმე, ჭეშმარიტი ღმერთი უარჰყონ და მესიად ცაგარელი აღიარონ. მე კი, სიმართლე გითხრათ, ის უფრო მაინტერესებს, ეს კაცი ამდენს როგორ წერს.
    ამ დროის განმავლობაში მეტწილად ოჯახური საქმეებით ვიქნები დაკავებული. შემიძლია, გავაკეთო რემონტი, გავცვალო ბინა, ანდა წამოვიწყო მშენებლობა. არანაკლებ წარმატებული იქნება ჩემი პროფესიული საქმიანობა; მთავარია, წინასწარ შევიმუშავო სამოქმედო გეგმა და ყველაფერი სწორედ ამ გეგმის მიხედვით შევასრულო.
    და აი, მეც ვწერ!
    ე. ი. მეც თავისებურად ასტროლოგი ვარ – ყოველდღიურად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ჰოროსკოპს ვადგენ. თუმცა, ამ უკანასკნელებს ფაქიზად ვეპყრობი, საპირფარეშოში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებასაც ვაძლევ და როდესაც აღსარებაზე მოდიან, არც ვუსმენ, პირდაპირ ვეუბნები: “უფალმა შეგინდოთ!” ზოგჯერ მშურს მათი, განსაკუთრებით იმ დროის განმავლობაში, როცა ოჯახური საქმეებით ვარ დაკავებული. ამ გაჭიანურებულმა რემონტმა ხომ ყველაფერი შეიწირა! ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს რომ არ შეეხსენებინა, საკუთარი დაბადების დღეც დამავიწყდებოდა. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ რემონტი წლევანდელი საბაბია. სინამდვილეში დაბადების დღეს არასოდეს აღვნიშნავ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეგობრები მაძალებენ. ვერ გამიგია, ამ უბადრუკ ცხოვრებაში ფეხის შემობიჯება რატომ უნდა აღინიშნოს ცეკვა-სიმღერით, სანთლებიანი ტორტით და წინაპართა სისხლით დაწინწკლული კალმახების სადღეგრძელოებით?! აი, ცაგარელის დონის ასტროლოგი რომ ვიყო და წინასწარ მქონდეს განჭვრეტილი, რომელ დღეს გარდავიცვლები, საფუძვლიან თადარიგს დავიჭერდი, წელიწადში ერთხელ მეგობრებს სპეციალურად მოვიწვევდი და სათითაოდ ვთხოვდი შენდობას.

    თებერვალი

    ის მუშაობს.
    ეს-ესაა სამუშაო დღის გრაფიკი შეადგინა და კომპიუტერთან მიდგმულ კაქტუსს გადახედა.
    სულ ასეა – ყველა გეგმას და მონახაზს თავდაპირველად კაქტუსთან ათანხმებს, შემდეგ – უფროსთან, ბოლოს – საკუთარ თავთან.
    კაქტუსი ადებს პირველ უხილავ რეზოლუციას მის ყველა წერილს, მოხსენებით ბარათს და ანგარიშს.
    კაქტუსი იწონებს, ან იწუნებს მის იდეებს, აზრებს, შეხედულებებს.
    კაქტუსი ისმენს მის სინანულებს, ცისკრისა და მიმწუხრის ლოცვებს.
    კაქტუსი აცნობს ჰოროსკოპებს პორტალიდან Posta.ge.
    კაქტუსი ანცობს…
    სარისკო წამოწყებები შეიძლება უბედური შემთხვევით დასრულდეს. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება, თუ ყველაზე რთულ სამუშაოს სხვა დროისთვის გადადებს. აგრეთვე, სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანოს გარშემომყოფებთან შეხვედრების ინტენსივობა. უმჯობესია, დაისვენოს და ბინის კეთილმოწყობას მიჰყოს ხელი…
    კაქტუსი ხედავს, რომ გარშემომყოფები, ამ სიტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო გაგებით, იქ არ არსებობენ, თუმცა, იქვე ყოველთვის არის ვიღაც, რომელსაც კაქტუსი გუმანით ხედავს.
    კაქტუსი ხედავს, რომ რთული სამუშაო არ არსებობს, როგორც ასეთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გადადებულია და ეშმაკისაა.
    კაქტუსი ხედავს, რომ ინტერნეტში კატასტროფების თაობაზე გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მონაცემი პირობითია და არ ასახავს დედამიწაზე მომხდარი უბედური შემთხვევების რეალურ სურათს.
    კაქტუსი ხედავს, რომ სასურველია, მან ყველაფერი დაიკიდოს – სამსახურიც, უფროსიც, ბინის კეთილმოწყობაც და საკუთარი თავიც, მაგრამ ამას მხოლოდ კაქტუსი ხედავს.
    მან არ იცის, რომ კაქტუსი ხედავს.
    (ამას რა უჭირს!)
    მან არ იცის, რომ გმირია.
    რა თქმა უნდა, არც ისეთი კაქტუსი არსებობს, რომელიც ყველაფერს ხედავს, ისმენს, აფასებს, ანცობს და კიდევ, რა სისულელეა, მოხსენებით ბარათებს ეკლიან რეზოლუციებს ადებს.
    უბრალოდ, ყველაფერი მარტივადაა – მე ვწერ!
    მან არ იცის, რომ მე ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, რაც მე ვწერ.
    (მანამდე სად იყო?)
    მას არც ევალება იცოდეს, რომ მე ვწერ. მისი მოვალეობაა, არსებობდეს იქ, კაქტუსის გვერდით. იქ ყველაფერი ჩემს ხელშია, როგორც ჯადოსნური კვერცხი, სადაც მისი სულია მოთავსებული და ჩემზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა უბედური შემთხვევა, თუკი ესა თუ ის გმირი სარისკო საქმეს წამოიწყებს.
    (გმირის სული უკვდავია?)
    მე მასზე ვწერ.

    მარტი

    ჩვენ – ბედის მწერლები სიზუსტეზე ნაკლებად ვფიქრობთ, რაკი თვითონ ბედია ზუსტი, მაგრამ ბევრს ვფიქრობთ იმ ფორმულებზე, აბსოლუტური სიზუსტის ამბიციით რომ გვაბრუებენ. მაინც რომელი უფრო ზუსტია – მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, თუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? ჩვენ უპირატესობას პირველს ვანიჭებთ, რომელიც მეორის პათოსს ახშობს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მართლაც არ იცვლება.
    პირადად მე რამდენჯერმე გადავამოწმე!..
    ამის მიუხედავად:
    მე ვიცი, რომ ჩემი და არ არსებობს, მაგრამ არ ვიცი, სად არის ჩემი არარსებული და.
    იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ – ბედის მწერლები გულისხმით ვეძებთ და არა მზერით. იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი საქმის თავისებური ასტროლოგია, სადაც არ ვიცით, როდის არ ვცდებით. ცაგარელი კი გვეუბნება, რომ თუ გვსურს, ყველაფერი მოვასწროთ, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. წარმატება შეხვდება იმ ჩვენთაგანს, ვინც ზუსტი მეცნიერებებით არის დაკავებული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება საინტერესო რამ აღმოვაჩინოთ, გამოვიგონოთ, ან უბრალოდ ორიგინალურად გადავჭრათ რომელიმე პრობლემა. არ არის გამორიცხული, გონება გაგვინათდეს და ცხადად ვიხილოთ, მილიარდი საუკუნის წინ როგორ გაჩნდა ქათამზე ადრე კვერცხი.
    როგორც წესი, ასეთი ორიგინალური აღმოჩენების ყველაზე დიდი შანსი აბაზანაში გვეძლევა, მაგრამ ყველაფერი მაინც მოსწრებაზეა – ვინ უფრო მალე ჩაწვება სახელდახელოდ მომზადებულ წყალში და ჩაფიქრებული აკაკი წერეთელივით ღაწვზე ხელს შემოიდებს. ამ დროს (როგორც წესი) წარმატება აბაზანიდან გადმოსული წყლის მოცულობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თვითონ წარმატებაც ისევე ზუსტია, როგორც მათემატიკა, რომელმაც არ იცის, რომ არაფერი იცის. ელემენტარულად, სიკვდილი არსებობს, ხანძარი არსებობს, გლობალური დათბობა არსებობს – წყალდიდობებით, გვალვებით, შიშით. ამ დროს ორჯერ ორიც კი ოთხი აღარ არის. ხოლო ორი ხანძრისა და ორი წყალდიდობის გადანაცვლებით მიღებულ შედეგს ეკოლოგიური კატასტროფა ეწოდება.
    აი, ასე!..
    !
    მე ვწერ და თითქოს სიტყვა სისხლია – აღარ ჩერდება, ყოველდღე თითქოს ამ სისხლს ვუზიდავ ჩემს პერსონაჟებს – პეშვებით, მაგრამ ხშირად მათგან სხვა ხე იზრდება – არაზუსტი მიმართულებით. მერე და მერე, ჩრდილს რომ მოისხამს, ძნელია, ნებისმიერ ხეს შეელიო. ძნელია, უნაყოფო სისხლის კვალს გაჰყვე, პასუხი აგო.
    და სადა ხარ ამ დროს პატივცემულო ჩვენთაგანო – წარმატებულო, რას აკვირდება შენი მიურულებელი თვალი?
    წერ?

    აპრილი

    ბიძაჩემი გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, არაფერი შეცვლილა-მეთქი. პირიქით, ამ ამბავმა ისევ ჩვენს გმირებზე დამაფიქრა, ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით რომ ვკლავთ ხოლმე.
    წარმოვიდგინე, სიტყვების ტყე-ღრეში დღემდე როგორ დახეტიალობს უთავო მხედარი, რომელსაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა (წარმატებულმა) ვერაგული სიკვდილი მიუსაჯა; მეორემ ჰოროსკოპის ნაცვლად პასეანსს მიმართა, ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს თავი მოაჭრა და ეს თავი უბან-უბან ათრია ქალაქში; მესამემ მოუხელთებელი აბრაგი საკუთარ შვილს მოაკვლევინა, რადგანაც უარესი ვერაფერი მოიფიქრა; მეოთხემ მამა-შვილის კონფლიქტში როლები შეცვალა, შვილს ჯერ მოღალატის იარლიყი მიაკერა, შემდეგ კი სიცოცხლეს მოხუცი მამის ხელით გამოასალმა – ხანჯლით გული გაუპო.
    განა მისი სისხლი ახლა ცას არ შესჩუხჩუხებს?!..
    მეხუთემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ხეზე ასული მოეკლა – მეტი ეგზოტიკურობისათვის; მეექვსემ ისტორიულად არსებული ადამიანი მორიელებს დააკბენინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი საზარელი სიკვდილი არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის აღწერილი; მეშვიდემ გამზრდელს უკარნახა, შუბლში დამბაჩა დაეხალა, როცა ადამიანური ცოდვით დამძიმებული ნამოწაფარის აღსარება მოისმინა; მერვემ გმირი მეზობლის ეზოში გადაიყვანა, იქ ხეზე თოკით ჩამოკიდა და მერე ამას ტრაგედია უგმიროდ უწოდა.
    სიუჟეტი ამართლებს საშუალებას!
    ნაკლებად გვაინტერესებს, თავად როგორ მოვკვდებით.
    არადა, ვინც ჩვენს ბედს წერს, გაცილებით მდიდარი ფანტაზია აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა სიტყვებთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ ვგიჟდებით და სიცოცხლეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვასრულებთ. ეს, ალბათ, სამაგიეროა ჩვენი სასტიკი გადაწყვეტილებების გამო, ზოგჯერ – შურისძიებაც. ყველაზე სამაგალითოდ იმ ჩვენთაგანის სული განიმქრა, რომელიც ამბობდა, რომ ის მოკვდა.
    მე კი მას მუდამ ვგრძნობ, ყველაზე მეტად მაშინ, როცა წერტილის დასმა მიჭირს.
    წერტილი!
    .
    ეს დასასრულის მიკროსამყარო…
    დროა, ვიმხიარულო და ვიზეიმო!
    გასულ თვეებთან შედარებით, თავს ბევრად უკეთ ვიგრძნობ, რაც გარეგნულადაც შემეტყობა. კმაყოფილებას მომგვრის საყვარელი საქმიანობაც და სავსებით შესაძლებელია, რომელიმე თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობაც დავამყარო.
    ბიძაჩემი ხარების დღესასწაულზე დავკრძალეთ. მეორე დღეს აღდგომა დაემთხვა. ასე თქვეს, მისი სული პირდაპირ სამოთხეში მოხვდებაო.

    მაისი

    როგორ შეიძლება, ვიზრუნო მის სულიერ სიმშვიდეზე, როცა მისმა ცხოვრებამ მრავალთა სულები უნდა ააფორიაქოს? შესაძლებელია თუ არა, ჩემი მიზანი იყოს მხოლოდ სრული ჰარმონიის შექმნა – დილის საუზმიდან დაწყებული, ღამის სიზმრებით დასრულებული, სადაც მხოლოდ ლოტოსის ყვავილები გაიშლებიან და წითელკაბიანი პეპლები იფარფატებენ. შესაძლებელია თუ არა, მრავალ გვერდზე გადაიჭიმოს გმირის მშვიდი სული, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ოთახის ფლოსტების ფრატუნს, სტაბილური სამსახურის ქაღალდების სუნს და ყველაფერს, რაც მის აღელვებასთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული.
    შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გმირს ვინ იყიდის? აჯობებს, ისევ ჰოროსკოპს ვენდოთ, რომლის მიხედვითაც ამ დღეებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მის პირად ცხოვრებაში. სულიერ სიმშვიდეს ახალი რომანტიკული თავგადასავალი დაურღვევს. თუმცა, ეჭვიანობის მიზეზით შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. სამსახურში მომხდარი ცვლილებების გამო მისი ეკონომიკური მდგომარეობაც არასტაბილური გახდება.
    აი, ასე! აქ მთელი რომანია – მზა ქარგა, რომელსაც მხოლოდ სული უნდა შთაებეროს – რაც შეიძლება, აფორიაქებული, ყველასაგან დევნილი და ტრაგიკული სული.
    და იგი იტყვის: “მშვიდობით, ჩემო სამსახურო…”
    და კიდევ: “ოჰ, ჩემო ტურფავ!”
    და სიკვდილის წინ ცას ახედავს, სადაც ანგელოზები ბატებივით გადაიფრენენ.
    ხშირად მგონია, რომ ის მე ვარ, ზოგჯერ – ისეთი, როგორიც არ ვარ. თავად განსაჯეთ, მე თუ ვისურვებ, მას შეუძლია, მეშვიდე სართულზე კაქტუსები გაამრავლოს, მე კი სამსახურში ვეფხის ტყავით შემოსილი ვერ გამოვცხადდები. მით უფრო – ახალ სამსახურში, სადაც ნამცხვრების წიგნის მომზადება დამავალეს. სამაგიეროდ, შემიძლია, მის ცოლთან საიდუმლო რომანი გავაბა. სასიყვარულო ბარათებს ყვითელ ფოთლებზე დავწერ ნოემბრის ბაღებში და გავაფრთხილებ, რომ წაკითხვისთანავე დაწვას. ან სულაც დაშიფრულ წერილებს გავუგზავნი – თუნდაც, აი, ამ თაფლაკვერის რეცეპტს, სადაც კვერცხის გულების ათქვეფის შესახებ უწყინარი წინადადებები ყველაზე საშინელ საიდუმლოს დაიტევენ. ხელებს ვიფშვნეტ სიხარულისაგან, როდესაც წარმოვიდგენ კულინარიით გატაცებული მისი ქმარი როგორ შეისწავლის ამ რეცეპტს, მერე გაზქურას 170 გრადუსამდე გააცხელებს, თუნუქის ფირფიტაზე თხილს მოხალავს, წვრილად დაკეპავს და გვერდზე გადადებს. მერე 2 კვერცხის გულს ცილისგან გააცალკევებს და ცილას კარგად ათქვეფს, სანამ დადებულ თოვლს არ დაემსგავსება…
    მერე კი თავზე ლოსის რქები ამოუვა.
    საინტერესოა, ლოსადქცეულ გმირს ეჭვიანობის უნარი თუ აქვს?
    და კიდევ უფრო საინტერესოა, პირიქით თუ შეიძლება მოხდეს – ჩემს ცოლს მოუვიდეს ფოსტით თაფლაკვერის რეცეპტი გმირისგან, რომელიც ზურგს უკან საფლავს გამითხრის.
    მაგრამ…
    ის არ წერს!
    ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ ის არ წერდეს!

    ივნისი

    თუმცა, ყველაფერი ჩემზე მაინც არ არის დამოკიდებული. განსაკუთრებით – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუების, დაგვიანებისა და გაუგებრობის ალბათობა მატულობს. შეიძლება ტექნიკური ხელსაწყოც გამიფუჭდეს. ამიტომ, უნდა ვეცადო, ყველა დეტალი წინასწარ დავგეგმო და გადავამოწმო.
    ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც უთანხმოებაა მოსალოდნელი. ჩემი ცოლი ამტკიცებს, რომ სიამოვნება მარტო ნუგბარის ჭამა არ არის. იმ წიგნში კი, ახალ სამსახურში რომ ჩამაბარეს, შავით თეთრზე წერია, როგორ იკავებენ დიდ ადგილს ნამცხვრები ჩვენს სულიერ სამყაროში. ამ თემაზე ცოლთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან დროის ამ მონაკვეთში დეპრესიის ასაცილებლად აჯობებს, დავისვენო და სიამოვნება არ მოვიკლო. მითუმეტეს, როცა კარგად ვიცი, რომ ჩემი ცოლი სამზარეულოში რეცეპტების წიგნს დემონსტრაციულად არ იყენებს. მისი კულინარიული მიღწევები მთლიანად თვითშემოქმედებაზეა აგებული.
    ჩვენ – ბედის მწერლებს ასეთი ყოფითი დეტალები გვაოცებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც წინასწარ დაწერილი, მრავალჯერ გადამოწმებული რეცეპტი გვგონია და ნებისმიერი თვითშემოქმედება, რაც მსგავსი ზოგადი სქემებიდან ამოვარდება ხოლმე, ნერვიულობის, ხშირად სულიერი აშლილობის მიზეზიც ხდება. ალბათ, აქედანვე ჩნდება ყველანაირი გაუგებრობა და დეპრესია. ერთ დღესაც, შესაძლოა, ჩვეულებრივი ღვეზელიდან ოცდაოთხი შაშვი ამოფრინდეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჩამოშვებული ცხვირები წაგვაცალოს. არადა, როგორ უნდა განვჭვრიტოთ ცოლ-ქმარმა წინასწარ, რომ ღვეზელში ოცდაოთხი შაშვი იქნება ჩაბუდებული? როგორ უნდა გამოვრიცხოთ ბასრი ნისკარტით ცხვირების წაცლის ალბათობა? ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ! ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრება უცხვირპიროდაც შეიძლება, თუკი დარჩენილ წლებს წინასწარ დავგეგმავთ და გადავამოწმებთ!..
    არა, არა, ახლა მეტი სიამოვნებაა საჭირო – იმაზე მეტი, ვიდრე ნამცხვრების წიგნი იწონის! როგორმე ზაფხულს თუ გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს და ცოლმაც სამუდამოდ არ მიმატოვა, ყველანაირ დეპრესიას იოლად დავამარცხებ. მეტ ყურადღებას მივაქცევ ჩემს საუკეთესო გმირს, რათა მხურვალე ვნებებმა გაუაროს. ვატყობ, ხელი ექავება, მაგრამ წერის ნება რომ დავრთო, მერე სხვებიც თავს გამოიდებენ და აქეთ შემომიტევენ. შეიძლება საწოლშიც შემოგვიწვნენ.
    არა, არა, ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ გმირები არ წერდნენ! მით უფრო – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუებისა და დაგვიანების ალბათობა მატულობს. მით უფრო – მას შემდეგ, რაც გაფუჭებულ ჰაერღუმელთან ფურცლის ნახევზე მიჩხაპნილი რეცეპტის ფრაგმენტი აღმოვაჩინე – “ბადრიჯნით, პომიდვრით, ყაბაყით და სხვა მარტივი ინგრედიენტებით თქვენ ნამდვილი შედევრის შექმნა შეგიძლიათ…”
    თვალთ დამიბნელდა!
    როდის მერე დაიწყო ჩემმა ცოლმა შედევრებზე ფიქრი?! აქამდე მეგონა, რომ ის არ წერდა და რაც ყველაზე მთავარია – მასაც არ წერდნენ. ახლა კი, როგორც ირკვევა, ბევრი რამ ხდება ჩემს უკან ისეთი, ასტროლოგებს რომ არასოდეს დასიზმრებიათ.

    ივლისი

    თავს ჯერ კიდევ მოტყუებულად ვგრძნობ. ისიც არ ვიცი, რომელ გმირს შეეძლო, ჩემს ცოლთან რომანი გაება… რომელი რომანიდან გაბედეს?!.. ღალატი თითქმის ყველასგან მოსალოდნელია, რადგანაც ჩვენ მათ ხშირად მსგავსი მუხანათური თვისებებით ვაჯილდოვებთ ხოლმე, გაუგონარ სასიყვარულო სამკუთხედებში ვამწყვდევთ და გარშემო ინტრიგის ბადეებს ვაქსოვთ. სამაგიეროდ, ისინი გვაძლევენ არსებობის საშუალებას და მერე და მერე – უკვდავების უფლებასაც…
    მაინც რომელი რომანიდან?!..
    ღალატი მათი ცხოვრებაა, მაგრამ იქნებ პირიქით – ჩემი ცოლის მახეში გაება რომელიმე?! ერთი წუთით მის ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი – განა ვისურვებდი ქმარს, რომელიც ნამცხვრების წიგნზე მუშაობს და მრავალი საზოგადო ნაკლი აქვს, როცა აგერ, ხელის ერთ გაწვდენაზე, სხვადასხვა ღირსებით აღჭურვილი გმირები არსებობენ?! ცხენებს უბელოდ აგელვებენ და მიზანში ისვრიან, დედამიწის გარშემო მოგზაურობენ და ყველანაირი ხიფათიდან საღ-სალამათნი გამოდიან. მერე რა, რომ ზოგჯერ შიათ და ჩვენი სიტყვების ოკეანეში დაკარგულები ერთმანეთსაც ჭამენ, მათთან მაინც მარადისობის სასიამოვნო ბურუსია და მუდამ გვძლევს ცდუნება, ექსტრემალური დაშვება განვახორციელოთ მოყირჭებული ცხოვრებიდან არარსებულ რომანტიკაში.
    და თუ ჩვენ ვოცნებობთ მათ სამყაროში გადასახლებაზე, რატომ არ შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, აქეთ გადმოვიდნენ და თანაც – პირდაპირ ჩვენი მოწყენილი ცოლების მკლავებში?!
    არაფერს ვიეჭვებდი, მაგრამ იმ საბედისწერო სტრიქონების წაკითხვიდან რამდენიმე დღეში სამზარეულოს მაგიდაზე კარტოფილი, ბადრიჯანი და ყაბაყი შევნიშნე.
    ესე იგი, სწორედ ახლა მეძლევა შანსი, ჩემი ძველი ოცნება განვახორციელო. სასწრაფოდ ყველა საინტერესო პერსონაჟი შინ უნდა მოვიწვიო, სადაც უფრო თამამად შევძლებ, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო და დავქორწინდე!
    დავქორწინდე?!
    სწორედ ასე წერია ბედის დავთარში, სადაც ვარსკვლავები ჩემს თავზე კიაფობენ. მერე რა, რომ კარგა ხანია, დაქორწინებული ვარ?! განა რა დაშავდება, კიდევ ერთხელ რომ დავიდგა თავზე ნეფის გვირგვინი?! ეს საუკეთესო შურისძიება იქნებოდა ჩემს მეორე ნახევარზე – ცოლზე, რომელიც თურმე ჩემივე გმირებს ეარშიყება. თუკი მეც, მისი მეორე ნახევარი, ცალკე სამკუთხედს შევკრავ, სვე-ბედის წინაშეც თანასწორნი ვიქნებით – განახევრებული, მაგრამ განახლებული ბედნიერებით, მღელვარებით, მაგრამ სასიამოვნო საიდუმლოებებით…
    მაგრამ ვისთან?!.. გმირთან?.. რომელთან?.. ისინი ბევრნი არიან – ეს დიდი და პატარა დიასახლისები – ეს დედოფლები და კონკიები – ეს განრისხებულნი და განკიცხულნი. ეს შვლები.
    სამსახური ხომ არ შევიცვალო?
    ალბათ, ასე აჯობებს (თუკი ვინმე ახალ სამუშაოს შემომთავაზებს) – ყელში ამომივიდა ეს ნამცხვრები!

    აგვისტო

    რაკი ამ თვეებს გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს, ამიერიდან ვარსკვლავების ნდობა შეიძლება. ახლა უნდა შევეცადო, მოზღვავებული საქმეებიდან ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოვარჩიო და ბოლომდე მივიყვანო. წინასწარ ვეგუები იმას, რომ ვალსა და პროცენტებს დროულად არ დამიბრუნებენ. სამაგიეროდ, ჩემი სექსუალური მიმზიდველობა გაიზრდება და შესაბამისად, სასიყვარულო ურთიერთობებიც დრამატულობით იქნება გამსჭვალული.
    ალბათ, იმ გმირებსაც უნდა ვენდო, აღსარება რომ არასოდეს უთქვამთ. განსაკუთრებით – მათ, ვისაც სინანული ღრღნით, მაგრამ დუმილში იხარშებიან, როგორც კუპრში. ასე ჰგონიათ, ჯვარსაც რომ ეცვან, საშველი მაინც არ ექნებათ, სადღაც მაინც წაიბორძიკებენ და ყველაფერი თავიდან დასაწყები გაუხდებათ.
    იმ გმირებისგან განსხვავებით, რომლებთანაც ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია, ესენი თითქოს რაღაცას ეძებენ, რაღაც ყოველთვის სტკივათ ისეთი, მათ არსებობას მოურჩენელ დაღს რომ ასვამს. მაინც ჯიუტად აგრძელებენ დუმილს, რომელშიც ამბოხისა და შეთქმულების საფრთხე იგრძნობა. ზოგჯერ მეშინია კიდეც მათი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, უმანკო ჩასახვით არ გაჩენილან – მე ვარ ის ერთადერთი, ვინც მათ გონებას ჭვარტლსა და ბურუსში ამყოფებს, ვინც მათ მარადისობის ლაჟვარდებში უშვებს და საგზლად სიტყვებს ატანს.
    მათ ეს არ იციან და არც ვავალდებულებ, იცოდნენ. წინასწარ ვეგუები იმას, რომ მათი დუმილი ოქროა, რომელიც მე არ მერგება. მითუმეტეს, როცა ზუსტად არ ვიცი – ოქროა თუ კუპრი, საიდანაც პროცენტებს არასოდეს ვისურვებდი.
    სამსახურის შეცვლამ გამომაცოცხლა. ჩემი ახალი უფროსი ფილოსოფიით დაინტერესებული ქალბატონი აღმოჩნდა. ახალი სამუშაო მოულოდნელად შემომთავაზა. თან არ იცის, რომ ვწერ. ან რატომ უნდა იცოდეს? ბედის წერა და სამსახური სულ სხვადასხვა საქმეა – ცა და მიწაა. კაქტუსი მონიტორის გამოსხივებას ბრმა ყვავივით ყლაპავს, მაგრამ აქ, სამსახურის კომპიუტერთან, სიტყვების შრიალი არ მესმის. ამიტომ ყოველთვის შინ ვწერ, ბეგონიასთან.
    სამსახურის შეცვლამ მაინც დადებითად იმოქმედა ჩემზე. სექსუალური მიმზიდველობა ისე გამეზარდა, შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. ასე მგონია, დაღლილი ვარ და რომანში მძინავს. იქ რომელიღაც კონკიას აუზთან სანდალი დარჩენია. მე მას ნოემბრის ბაღებში ვეძებ. თან ყვითელ ფოთლებზე სასიყვარულო ბარათებს ვწერ და ქარში ვფანტავ უმისამართოდ. მთის კალთაზე სასახლე მოჩანს, ტყეში კი – განდეგილ მამათა სავანე. აქ უამრავი გაზელია და ხელთათმანი, რომელიც აუცილებლად დამჭირდება, თუკი მართლა ვისურვებ, სასიყვარულო ურთიერთობებს მეტი დრამატულობა მივანიჭო.
    მაგრამ აჯობებს, გამოვფხიზლდე – აქ ვერ ვწერ. შესაძლოა, ეს ახალი სამსახურის მოზღვავებული საქმეების ბრალია, მაგრამ უფრო მეტად, ალბათ – იმ უცნაური შეგრძნების, როცა ზუსტად არ ვიცი, სად მძინავს – რომანში, თუ რომანს გარეთ.
    ესეც ჩემი სექსუალური მიმზიდველობა!
    როგორც ჩანს, მეც გმირი ვარ.

    სექტემბერი

    მესიზმრება, რომ მას ვესიზმრები. თუმცა, მის პირისპირ არსად ვდგავარ. ის მხოლოდ ჩემს მზერას გრძნობს და თანაც – ყველგან, სადაც კი შეიძლება ყოვლისმჭვრეტელი თვალი იგულისხმებოდეს – მოწმენდილ ცაზე, მოხნულ მიწაზე, ზღვის ზედაპირზე, ხის ფუღუროში, კარის ჭუჭრუტანაში, ოთახის ნათურაში, ყავის ჭიქაში, ლოცვანში, ფულის კუპიურაზე – ყველგან, სადაც მისი გულისხმა აღწევს.
    შეშფოთებულია.
    ბორგავს.
    ჩემი სიზმარიც იქვე გრძელდება, პარალელურად და ახალი აღმოჩენა მაბნევს – იქ, სადაც მოულოდნელად საკუთარი თავი დავლანდე, ზუსტი მეცნიერების კანონებით ვერ ვიმოქმედებ. იქ არსებული დაბრკოლებების გადალახვას სულ სხვა რამ სჭირდება. შესაძლოა – ასტროლოგია, რომლის შთაგონებითაც ის უკვე მიხვდა, რომ ამდენგან აბრიალებული თვალი მხოლოდ მისი სიზმარი არ არის.
    იღვიძებს. საწოლიდან დგება და ჩემს კალამს იღებს.
    ღმერთო, ის წერს! უფრო მეტიც – მწერს: “მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლებების გამო, იძულებული გახდები, გადადო დაგეგმილი მოგზაურობა საზღვარგარეთ. სასიყვარულო ურთიერთობებშიც შეიძლება მეტოქე გამოგიჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში შენი დაუფარავი ხორციელი ვნებები პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს”.
    ჩემი ცოლი, მართლაც, კარგა ხანია, ვეღარ მცნობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. მისთვისაც გაუგებარია, სადა ვარ – რომანში, თუ მის გარეთ. ისიც არ იცის, როდის გამივლის ეს ცეცხლოვანი ვნებები.
    მერე და მერე ვხედავ, რომ თვალი, რომელიც მას მსჭვალავს, მარტო მისთვის აღარაა საშიში. მეც რაღაც დიადი მიპყრობს. ადრეც ვგრძნობდი და ახლა უკვე თვალნათლივ ვხედავ – ეს ის თვალია, რომელიც არასოდეს იხუჭება. ახლაც, როცა გარშემო ჩემი სიზმარია, მას მზე ამოჰყავს და ჩაჰყავს. ვძრწი. ღმერთო, ასე არ მინდოდა. მხოლოდ გმირის სიზმარში მოგზაურობა დავგეგმე და კალმით ხელში დავიძინე, რომ გზადაგზა შთაბეჭდილებები ჩამენიშნა. მინდოდა, გაცნობიერებულად გადამელახა ის საზღვრები, რასაც აქამდე ვაწესებდი.
    აქ კი შენა ხარ!
    თვალი თვალში მაქვს გაყრილი და ვძრწი.
    როგორც ჩანს, სული გამექცა, სიზმრიდან გავიდა და პირდაპირ შენს მზერას მოადგა. ვბორგავ. ვერ ვაზუსტებ, რა მწყურია – ეს მომთენთავი უსაზღვროება, თუ საკუთარ სიზმარში დაბრუნება.
    კიდევ კარგი, საზღვრები არსებობს.
    გმირი ჩემს სასთუმალთან მოდის და შუბლზე ხელს მადებს. ვძრწი. “რა გემართება, ღმერთო, რა გემართება?!” – ჩამესმის მისი მზრუნველი ხმა. საწოლთან კალამი აგდია. ის იღებს და ჩემი ბედის წერას აგრძელებს – “მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებების გამო…”
    არა!!!
    გაბოროტებულმა გავიღვიძე.
    ახლა უკვე ისიც წერს!

    ოქტომბერი

    რამდენიმე დღის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არსად დამინახავს, ყველგან მის აქყოფნას ვგრძნობდი. ამ დაძაბულობას ვერაფერი მოვუხერხე. რაღაცნაირად იმ პერსონაჟებს დავემსგავსე, რომლებიც აღსარებაზე არასოდეს მოსულან. მივხვდი, რომ გადავკვეთე საზღვარი, რომლის იქითაც, წესით, ჩემი დუმილი იწყება. დუმილი კი ადამიანის მარტივი მდგომარეობა არ არის. ამისთვის ძველ დროში ბერები ბავშვობიდან ემზადებოდნენ და დუმილის აღთქმას მას შემდეგ დებდნენ, როცა თვით ღმერთი მისცემდათ ნიშანს. მე კი არც განსაკუთრებულად მოვმზადებულვარ და არც რაიმე ნიშანი მინახავს, თუ არ ჩავთვლით თვალს, რომელმაც ასე დამზაფრა.
    ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვფიქრობდი, რა გზას დავდგომოდი. მერე ბედს შევურიგდი და იძულებული გავხდი, ძველ საქმეებს დავბრუნებოდი. ამოვისუნთქე. სამსახურში განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. მიზნად დავისახე, დამესრულებინა ყველა საქმე და საფუძველი ჩამეყარა ჩემი მომავალი პროფესიული წინსვლისათვის. ცაგარელმაც მაცნობა, რომ ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი მქონდა და მრავალი ახალი ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დამეხმარებოდნენ. თუმცა, მაინც არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს გვერდით ვიღაც იდგა. ამ საკითხზე ერთხელ ფილოსოფიის მოყვარული ჩემი უფროსიც კი შევაწუხე. ვკითხე, ასეთი რამ თუ შეიძლება მოხდეს-მეთქი.
    სათვალის ზემოდან გადმომხედა.
    მგონი, ხვდება, რომ ინტელექტუალი ქალები მომწონს. შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, მაგიდაზე ფურცლები გადააადგილა, მერე ქვედა უჯრაში ჩაიხედა და თავი არც აუწევია, ისე ამოილაპარაკა, მოდი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთო.
    მერე შევეცადე, ცოტა რამ დამეწერა იმის შესახებ, რაც შედარებით მოგვიანებით აქ, აი, ამ ქალაქში უნდა მეთქვა, როცა ყველანი მზად იქნებოდნენ, მოესმინათ ჩემთვის. წარმოვიდგინე კიდეც, რომ ისინი თავდახრილები იდგნენ და სიტყვებსაც ისე გრძნობდნენ, როგორც მახვილს სხეულში. ყველანი: დაბალი კაცი სიგარეტის ნამწვით ხელში, ჩემი სენტიმენტალური მტერი, უფროსი ძმა აპოკალიფსურ ხარებთან ერთად, ზაზუნები ძველი სიზმრის იდუმალებით, პატარამკერდიანი გოგო პენუარის შრიალით, სევდით, მოხუცი მამა, მოხუცი მამა და ყველაზე უღალატო გმირები – მიცვალებულები, რომლებსაც ზურგზე მთელი საიქიო მოეგდოთ და ახლა ჩემს გარშემო შემოჯარულიყვნენ.
    სულ ეს იყო ჩემი ახალი ჩანაფიქრი – ჩუმი – მე უნდა მეწერა, სულერთია – ბეგონიასთან თუ მანდარინთან, ვარსკვლავების დახმარებით თუ მდინარის ნაპირზე კალმახივით გარიყულს, ლაყუჩახეულს.
    მაგრამ…
    რა დამემართა?
    რა დაემუქრა ჩემს პროფესიულ წინსვლას?
    სად არის ღმერთი, როდესაც მკვდრები ჩემს გვერდით დგანან?
    ?
    ღამეა.
    მთვარე არ არის გარეთ.
    ვარსკვლავებიც არ ანათებენ.
    მას, ვინც ასე მიყვარს, ძინავს. მე და ბეგონია მის სუნთქვას ვისმენთ და ვისრუტავთ, როგორც ჟანგბადს. მერე სისხლშია. ყველა კაპილარს დაივლის და გულამდე აღწევს. თითქოს ყველაფერს ის განსაზღვრავს – ამ სიტყვების და სასვენი ნიშნების ბედსაც, მაგრამ ალბათ, კიდევ არსებობს ვიღაც, ვინც, მაგალითად, ამ ჟანგბადს მაწვდის.
    და ვეღარ ვიგებ, სინამდვილეში ვინ წერს…

    ნოემბერი

    დიდი ხანია, მინდა, მოგწერო, მაგრამ აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. თუკი ჩემი წერილი მოგივა, ჩათვალე, რომ ბარიერი საბოლოოდ გადავლახე. სათქმელი კი ბევრი არაფერი მაქვს. უბრალოდ, მინდა, დარწმუნდე – ამ სასწორების, თხის რქების, ვერძებისა და კუროების მიღმა მე მართლა ვარსებობ. ბედის ირონიაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს თვითონაც არ მჯეროდა. მეგონა, მხოლოდ მცირე დეტალი ვიყავი იმ უსასრულო სამყაროსი, რომელსაც შენ ქმნი. სხვები აქ დღემდე ასე ფიქრობენ და თრთიან, თუკი გონებაში თავიანთი დამოუკიდებელი არსებობის შესახებ აზრი გაუელვებთ; თუკი შეამჩნევენ, რომ სინამდვილეში სამყარო ნებისმიერი ჩვენგანიდან იწყება და არა იმ წერტილებიდან, რომელსაც უხვად გვთავაზობ.
    წუხელ შენს სიტყვებს ვსწავლობდი – ჩემი ბედი რითაც განსაზღვრე. ახლა, როცა საკუთარი საიდუმლოებები მაქვს და ვიცი, აქედან როგორ გავაღწიო, ყველაფერი მეადვილება. ბევრი რამ მაინტერესებს ისეთი, რაც ამ სიტყვების უკან დგას. ჰოროსკოპების კითხვაც ვისწავლე და მჯერა, თუკი შორეულ ქვეყნებში ვიმოგზაურებ, კიდევ უფრო ბევრ სიახლეს შევიტყობ და შესაძლოა, საზღვარგარეთ სამსახურიც ვიპოვო. ვიცი, რომ წარმატება მელის კულინარიაში, შოუ-ბიზნესსა და პოლიტიკაში. ხოლო ხელოვნება, მუსიკა და გართობა არა მხოლოდ სიამოვნებას მომგვრის, არამედ კარგ შემოსავალსაც მომიტანს.
    ამ ყველაფერს, ნეტავ, რატომ გვიმალავდი?
    რატომ იყო ეს ჩვენგან დაფარული?
    უცნაურია ის სიყვარული, შენგან რომ მოდის – ბოლო წერტილამდე საკვირველი, განყენებული – თითქოს მარტოობას გაურბიხარ, მაგრამ სინამდვილეში მუდამ ჩვენსკენ ამისამართებ, თავიდან რომ მოიცილო. ჩვენ კი აქედან ვერ გამოვდივართ. არც კი ვფიქრობთ, კარი თუ არის, რომ გაიღოს და მერე ზღურბლზე გადმოვაბიჯოთ.
    გრძნობ, როგორ ვზივარ მთვარის პირისპირ?!
    თუმცა, მთვარე არ არის გარეთ. ფანჯრებში კი მიყოლებით ქრება სინათლე.
    გრძობ, როგორ ვფიქრობ ცისკენ მზირალი?!
    აქაც ღამეა – ის დრო, როცა მილიონობით წიგნი დაიხურა და ჩვენ ერთმანეთზე მიჯრით ვეწყობით. ვერ გავურბივართ ბედის მიერ მოძღვნილ სიჩუმეს, ფურცლებს შორის ამოლესილ უჰაერობას. არც არავინ დარდობს ამაზე, ვიდრე ოდესმე ჩვენს ფეხებთან ანგელოზი არ დაეცემა.
    შენამდე გზა მან მომასწავლა. მითხრა, რომ გასაღები ფიქრის ჯაჭვია, ანუ – ფიქრი, ბევრი ფიქრი და მტკიცე რწმენა, რომ სადღაც მაინც უთუოდ არის ბოლო წერტილი.
    და ახლა ვფიქრობ – სიყვარული თუ აღებს ამ კარს?
    თუ შემიძლია, გამოსვლა და იმ ჟანგბადის გაზიარება, შენ რომ გაბრუებს?… ან ჩემი სისხლი თუ გაჟივდება?…
    აქედან ვხედავ, როგორ ჩაგთვლიმა.
    ვხედავ გარშემო მიჯრით მძინარ ადამიანებს.
    მათ აღარ ესმით ღრუბლებს უკან დამალული მთვარის მუსიკა.
    არ დაიძინო!..

    რატომ აღარ წერ?!

    დეკემბერი

    ეს პერიოდი არასახარბიელოა ჩემი კარიერისა და კეთილდღეობისათვის, ამიტომ სასურველია, მინიმუმამდე დავიყვანო გარშემომყოფებთან შეხვედრები და რაიმე ინდივიდუალურ, შემოქმედებით საქმიანობას მივყო ხელი. მახსოვდეს – ჩემი იდეები უნდა დაღვინდეს, სანამ მათ სხვა ადამიანებს გავუზიარებ.* ღამით, როცა მძინავს, თავზე ქუდი უნდა მეხუროს. დაღვინების პროცესს სითბო სჭირდება, სითბო თუ არა, ზომიერი ტემპერატურა მაინც. სასურველია, ფანჯარაში მინა ჩავსვა, რადგან ცელოფანი დეკემბრის ქარს ვეღარ აკავებს. მახსოვდეს – დეკემბრის ქარი მარტის ქარივით კი არ ცერცეტობს, ჰოროსკოპის საპირისპიროდ ქრის და დიდი ჭკუაც აქვს. ხშირად საკვამურიდან ღუმელში ძვრება და ოთახში კვამლის თაიგულს აგდებს…
    სიყვარულს მიხსნის?!..
    ამ კითხვების მართვა უნდა ვისწავლო!.. საკუთარი კეთილდღეობაც კითხვა-პასუხს შორის ვიპოვო და სადღაც იქვე მოვიწყო ჩემი სახარბიელო კარიერა. მახსოვდეს – არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს. ამას ჩემი უფროსიც ამბობს და მავალებს, გამუდმებით ვიფიქრო პასუხებზე. გარშემომყოფებიც დამიდასტურებენ, როგორი დიდი შეჯიბრი მაქვს მათთან, ვინც მხოლოდ კითხვებზე ფიქრობს. ამიტომ სასურველია, მათ ჩრდილში ვიდგე ფოთოლცვენის დასრულებამდე, ვიდრე ხეები ჩრდილებს ტკეპნიან. მერე პასუხებს პერიოდი შემომთავაზებს. პერიოდი იზრუნებს, ვიყო სულგრძელი, შევხვდე აქტიურ ადამიანებს, დღენიადაგ ჰალსტუხებით რომ ანათებენ.
    იქნებ აქ არ ვარ?..
    ყველა კითხვა სათანადოდ უნდა აღვნუსხო. მახსოვდეს – ეს ცდა არ უნდა გაცდეს ჩემს სამუშაო მაგიდას, უჯრებს. შინ სხვა საქმეა – წიგნები, ჩაი, ბეგონია, სარკმელი, ღამე – გულისყურით უნდა ვუსმინო მოზღვავებული სიტყვების შრიალს. ყველა სიტყვა ღმერთის სახლია, ზოგი – ქოხი, ზოგი – სასახლე, ზოგიც – მიწური, ხოლო მე, ძესა კაცისასა (მახსოვდეს) საკუთარი მიწურიც არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს სიტყვები, მოცემული და მათში ვცხოვრობ. ვცდილობ, ვაშენო ქალაქები – ხელი მივყო მეტად თავხედურ შემოქმედებით საქმიანობას.
    ვარქიტექტორობ?..
    ეს წელი ისე მიილია, თითქოს არც იყო (უკან მიხედვაც უნდა ვისწავლო). ვწერ: ჰორიზონტმა ვერ ჩაიბა მატარებელი და ჩაიარა. წარსული არ გვცნობს! მაგრამ ამაზე არაფერს ამბობს თვით პოეზია – ყველაზე ზუსტი მეცნიერება. ვწერ: ყოველი ქუჩის ბოლოს მომარჯვებული კვერთხებით დგანან პატრიარქები. ვწერ: ქარი სად ქრის, ჩემო არარსებულო დაო?..
    ვწერ: წერტილი
    ,
    ყველა წერტილი ასე მძიმეა.
    მე ვწერ?

    2006-08 წწ.

    * ტექსტში გამოყენებულია ფრაგმენტები მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზებიდან თხის რქებისათვის 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    დალილა ბედიანიძე – ლექსები

    გასაღები

    დამეკარგა ლექსის გასაღები
    და ლექსს, როგორც აუღებელ ციხე-სიმაგრეს,
    ირგვლივ ვურბენ და ამაოდ ვცდილობ,
    შესასვლელი მოვუნახო.
    გონებას ნისლის ბოქლომი ადევს,
    ჩაკეტილია და წყვდიადში გამოხვეული.
    დამეკარგა ლექსის გასაღები.
    სიტყვები აღარ ჰგვანან ჯარისკაცებს,
    რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან და
    ბრძოლის ველზე – დაწერილ ფურცელზე
    ყიჟინით გადარბიან.
    სული ამევსო მკვდარი სიტყვებით
    და დაემგვანა საძმო სასაფლაოს.
    დამეკარგა ლექსის გასაღები.
    ვეღარ შევდივარ ლექსში, როგორც
    აუღებელ ციხე-სიმაგრეში.
    განელდა ლექსის კოცონი და ისე შემცივდა,
    თითქოს არასდროს არ მენახოს ცეცხლი, ანდა – მზე.
    ვეღარ შევდივარ ლექსში, როგორც შინ
    და ვჩურჩულებ: “სეზამ, გაიღე!”

    ალვის ხე

    მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
    მე ვარ ალვის ხე,
    რომელმაც ჭერი აანგრია და მიისწრაფვის ზეცისაკენ
    შეუზღუდავი თავისუფლებით.
    ფესვები მიდგას წინაპართა საფლავებში,
    კენწეროთი კი მზის გაღმა ვაღწევ
    და ჩემი ტანი სავსეა მზით და
    მდუღარე სისხლით.
    მე ვიდგები ცისა და მიწის შემაერთავად,
    სანამ არ მოვა შურიანი და ბოროტი ვინმე
    და არ დამჩეხავს ცულით
    შეშად გადასაქცევად,
    რომ გაათბოს ცოლი და შვილი.
    მას არაფერი გაეგება ციურ ამბების
    და მისი ჭერი დაბალია და
    სახურავზე მზე არ ჯდება,
    რადგან ეშინია, რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს
    და არ მოკლას, როგორც ფასკუნჯი
    მშიერ ოჯახის გამოსაკვებად.
    მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
    მე ვარ ალვის ხე ქალად ქცეული
    და თუ მომჭრიან, ოქროს შიბი წავა ცისაკენ
    და ღმერთი იტყვის “მომიკლეს შვილი”.

    ჩემი ქარი

    ჩემია ჩუმი ქარი,
    ჩემს გულში რომ იბადება
    და უსიტყვო სიმღერად გადმოხეთქავს,
    ამათრთოლებს, როგორც ნორჩ ფოთოლს,
    რომელსაც წინ მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა აქვს.
    ჩემშია ჩუმი ზღვა, ჩემს გულში რომ იბადება,
    რომელიც ცრემლებად გადმოხეთქავს ჩემგან
    და მე შევცურავ სიმღარაში, როგორც ზღვაში
    და ზღვის მიღმა მელოდება უდაბური ნაპირი უდაბნოსი,
    სადაც ქვიშის ნამცეცები გაქვავებული ცრემლებივით ყრია.
    ჩემშია ჩუმი მზე,
    ჩემს გულში რომ იბადება
    და ჩემგან გადმოხეთქავს ყოველ დილით,
    ხან ღრუბლებს გაღმა და ხან გამოღმა
    და ღამ-ღამობით ჩემში იბუდებს,
    ჩემში იძინებს, რომ დილაობით ახალი ძალით
    მოაწყდეს თვალებს.
    ჩემშია ჩემი ჩუმი ქარი,
    ჩემი უსიტყვო სიმღერა და
    მენდელსონის მელოდიებს აღვიძებს ჩემში,
    როგორც ბავშვობას, მუსიკის სკოლას, ტოლებთან თამაშს,
    როგორც ცხოვრების რეპეტიციას…
    და ვლაპარაკობ ქარის ენაზე,
    რომ მუნჯ ქალაქში არ დავიკარგო
    და არ დავმუნჯდე.

    შაკიკი

    როცა შაკიკის ჟანგისფერი საცეცები
    თავზე დიადემასავით შემომეხვევიან
    და ბროწეულის ყვავილებივით გაიშლებიან,
    მე ვიხედები სარკეში –
    მინდა, დავინახო ჩემი ტკივილი,
    ხელით შევეხო და მოვიგლიჯო.
    შაკიკის ფესვები ჩემი ტვინით და სისხლით საზრდოობენ
    და ჩემი თვალებიდან ტკივილი მოჟონავს,
    როგორც გაბზარული ფუჟერებიდან – შამპანური.
    მე ვარ მთვრალი, მთვრალი ტკივილით.
    ზოგჯერ შაკიკი დამასვენებს და აღარ მიტევს.
    შეტევასა და შეტევას შორის გონს მოვეგები,
    თვალში გამოვიხედავ
    და ბუტბუტით ვკითხულობ ლექსებს – შელოცვებს,
    რომელთაც ჩემი რწმენით უნდა მიშველონ.
    მშველიან კიდევაც.
    შაკიკს შელოცვისა ეშინია და წყნარდება,
    მაგრამ როგორც კი გავჩუმდები,
    ახალი ძალით შემომიტევს და თვალს მიბნელებს.
    შაკიკის ჟანგისფერი საცეცები მეხვევიან მტკივან თავზე
    და ჟანგისფერი მეჩვენება მთელი სამყარო.
    თუ მიშველის, ლექსი მიშველის – ლექსად შელოცვა,
    რომელიც შაკიკთან ერთად გადმომეცა მემკვიდრეობით.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“