პროზა

ალეკო ცქიტიშვილი – ჰოროსკოპი


იანვარი

მე ვწერ!
ე. ი. ბედს ვწერ. თუ ჩემს ბედს არა, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ბედს ხომ ვწერ? თუ არა, მაშ, საიდან ჩნდებიან ისინი?
წეროს მოტანილი სასვენი ნიშნები ჯერ არსად მინახავს. არც ბორშჩისთვის დაჭრილ კომბოსტოში მიპოვია, წერტილი რაა, თუნდაც ერთი კითხვის ნიშანი მაინც. ქარის მოყვანილ პერსონაჟებსაც, ბუნებრივია, ქარი აქამდე წაიყვანდა.
არა, არა!.. ნამდვილად მე ვწერ!
ე. ი. ვინ ვარ?
ჩემს ქვეყანაში ხუთ მილიონამდე მოქალაქეს მხოლოდ ერთი ასტროლოგი ჰყავს – ცაგარელი, რომელიც ზის და ყოველდღიურად თითქმის ხუთი მილიონი ადამიანის ბედს წერს.
კაცი, რომელიც დაგვცინის.
წარმოიდგინეთ, თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი ერთი ბედისმწერლის ჭკუაზე დადის. ზოგიერთს საპირფარეშოში შესვლა-გამოსვლაც წინასწარ აქვს დაგეგმილი და კუჭში ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად გადის. ზოგიერთი მოძღვარს ეკითხება, თუკი მამლის წელიწადია, საახალწლო სუფრაზე მიიტანოს თუ არა ქათმის კერძები, ხოლო ცეცხლოვანი ღორის წლის დადგომისას ინტერესდება, შობადღეს ღორის დაკვლა შეიძლება თუ არა. ლამის იქამდე მივიდეს საქმე, ჭეშმარიტი ღმერთი უარჰყონ და მესიად ცაგარელი აღიარონ. მე კი, სიმართლე გითხრათ, ის უფრო მაინტერესებს, ეს კაცი ამდენს როგორ წერს.
ამ დროის განმავლობაში მეტწილად ოჯახური საქმეებით ვიქნები დაკავებული. შემიძლია, გავაკეთო რემონტი, გავცვალო ბინა, ანდა წამოვიწყო მშენებლობა. არანაკლებ წარმატებული იქნება ჩემი პროფესიული საქმიანობა; მთავარია, წინასწარ შევიმუშავო სამოქმედო გეგმა და ყველაფერი სწორედ ამ გეგმის მიხედვით შევასრულო.
და აი, მეც ვწერ!
ე. ი. მეც თავისებურად ასტროლოგი ვარ – ყოველდღიურად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ჰოროსკოპს ვადგენ. თუმცა, ამ უკანასკნელებს ფაქიზად ვეპყრობი, საპირფარეშოში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებასაც ვაძლევ და როდესაც აღსარებაზე მოდიან, არც ვუსმენ, პირდაპირ ვეუბნები: “უფალმა შეგინდოთ!” ზოგჯერ მშურს მათი, განსაკუთრებით იმ დროის განმავლობაში, როცა ოჯახური საქმეებით ვარ დაკავებული. ამ გაჭიანურებულმა რემონტმა ხომ ყველაფერი შეიწირა! ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს რომ არ შეეხსენებინა, საკუთარი დაბადების დღეც დამავიწყდებოდა. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ რემონტი წლევანდელი საბაბია. სინამდვილეში დაბადების დღეს არასოდეს აღვნიშნავ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეგობრები მაძალებენ. ვერ გამიგია, ამ უბადრუკ ცხოვრებაში ფეხის შემობიჯება რატომ უნდა აღინიშნოს ცეკვა-სიმღერით, სანთლებიანი ტორტით და წინაპართა სისხლით დაწინწკლული კალმახების სადღეგრძელოებით?! აი, ცაგარელის დონის ასტროლოგი რომ ვიყო და წინასწარ მქონდეს განჭვრეტილი, რომელ დღეს გარდავიცვლები, საფუძვლიან თადარიგს დავიჭერდი, წელიწადში ერთხელ მეგობრებს სპეციალურად მოვიწვევდი და სათითაოდ ვთხოვდი შენდობას.

თებერვალი

ის მუშაობს.
ეს-ესაა სამუშაო დღის გრაფიკი შეადგინა და კომპიუტერთან მიდგმულ კაქტუსს გადახედა.
სულ ასეა – ყველა გეგმას და მონახაზს თავდაპირველად კაქტუსთან ათანხმებს, შემდეგ – უფროსთან, ბოლოს – საკუთარ თავთან.
კაქტუსი ადებს პირველ უხილავ რეზოლუციას მის ყველა წერილს, მოხსენებით ბარათს და ანგარიშს.
კაქტუსი იწონებს, ან იწუნებს მის იდეებს, აზრებს, შეხედულებებს.
კაქტუსი ისმენს მის სინანულებს, ცისკრისა და მიმწუხრის ლოცვებს.
კაქტუსი აცნობს ჰოროსკოპებს პორტალიდან Posta.ge.
კაქტუსი ანცობს…
სარისკო წამოწყებები შეიძლება უბედური შემთხვევით დასრულდეს. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება, თუ ყველაზე რთულ სამუშაოს სხვა დროისთვის გადადებს. აგრეთვე, სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანოს გარშემომყოფებთან შეხვედრების ინტენსივობა. უმჯობესია, დაისვენოს და ბინის კეთილმოწყობას მიჰყოს ხელი…
კაქტუსი ხედავს, რომ გარშემომყოფები, ამ სიტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო გაგებით, იქ არ არსებობენ, თუმცა, იქვე ყოველთვის არის ვიღაც, რომელსაც კაქტუსი გუმანით ხედავს.
კაქტუსი ხედავს, რომ რთული სამუშაო არ არსებობს, როგორც ასეთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გადადებულია და ეშმაკისაა.
კაქტუსი ხედავს, რომ ინტერნეტში კატასტროფების თაობაზე გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მონაცემი პირობითია და არ ასახავს დედამიწაზე მომხდარი უბედური შემთხვევების რეალურ სურათს.
კაქტუსი ხედავს, რომ სასურველია, მან ყველაფერი დაიკიდოს – სამსახურიც, უფროსიც, ბინის კეთილმოწყობაც და საკუთარი თავიც, მაგრამ ამას მხოლოდ კაქტუსი ხედავს.
მან არ იცის, რომ კაქტუსი ხედავს.
(ამას რა უჭირს!)
მან არ იცის, რომ გმირია.
რა თქმა უნდა, არც ისეთი კაქტუსი არსებობს, რომელიც ყველაფერს ხედავს, ისმენს, აფასებს, ანცობს და კიდევ, რა სისულელეა, მოხსენებით ბარათებს ეკლიან რეზოლუციებს ადებს.
უბრალოდ, ყველაფერი მარტივადაა – მე ვწერ!
მან არ იცის, რომ მე ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, რაც მე ვწერ.
(მანამდე სად იყო?)
მას არც ევალება იცოდეს, რომ მე ვწერ. მისი მოვალეობაა, არსებობდეს იქ, კაქტუსის გვერდით. იქ ყველაფერი ჩემს ხელშია, როგორც ჯადოსნური კვერცხი, სადაც მისი სულია მოთავსებული და ჩემზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა უბედური შემთხვევა, თუკი ესა თუ ის გმირი სარისკო საქმეს წამოიწყებს.
(გმირის სული უკვდავია?)
მე მასზე ვწერ.

მარტი

ჩვენ – ბედის მწერლები სიზუსტეზე ნაკლებად ვფიქრობთ, რაკი თვითონ ბედია ზუსტი, მაგრამ ბევრს ვფიქრობთ იმ ფორმულებზე, აბსოლუტური სიზუსტის ამბიციით რომ გვაბრუებენ. მაინც რომელი უფრო ზუსტია – მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, თუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? ჩვენ უპირატესობას პირველს ვანიჭებთ, რომელიც მეორის პათოსს ახშობს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მართლაც არ იცვლება.
პირადად მე რამდენჯერმე გადავამოწმე!..
ამის მიუხედავად:
მე ვიცი, რომ ჩემი და არ არსებობს, მაგრამ არ ვიცი, სად არის ჩემი არარსებული და.
იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ – ბედის მწერლები გულისხმით ვეძებთ და არა მზერით. იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი საქმის თავისებური ასტროლოგია, სადაც არ ვიცით, როდის არ ვცდებით. ცაგარელი კი გვეუბნება, რომ თუ გვსურს, ყველაფერი მოვასწროთ, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. წარმატება შეხვდება იმ ჩვენთაგანს, ვინც ზუსტი მეცნიერებებით არის დაკავებული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება საინტერესო რამ აღმოვაჩინოთ, გამოვიგონოთ, ან უბრალოდ ორიგინალურად გადავჭრათ რომელიმე პრობლემა. არ არის გამორიცხული, გონება გაგვინათდეს და ცხადად ვიხილოთ, მილიარდი საუკუნის წინ როგორ გაჩნდა ქათამზე ადრე კვერცხი.
როგორც წესი, ასეთი ორიგინალური აღმოჩენების ყველაზე დიდი შანსი აბაზანაში გვეძლევა, მაგრამ ყველაფერი მაინც მოსწრებაზეა – ვინ უფრო მალე ჩაწვება სახელდახელოდ მომზადებულ წყალში და ჩაფიქრებული აკაკი წერეთელივით ღაწვზე ხელს შემოიდებს. ამ დროს (როგორც წესი) წარმატება აბაზანიდან გადმოსული წყლის მოცულობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თვითონ წარმატებაც ისევე ზუსტია, როგორც მათემატიკა, რომელმაც არ იცის, რომ არაფერი იცის. ელემენტარულად, სიკვდილი არსებობს, ხანძარი არსებობს, გლობალური დათბობა არსებობს – წყალდიდობებით, გვალვებით, შიშით. ამ დროს ორჯერ ორიც კი ოთხი აღარ არის. ხოლო ორი ხანძრისა და ორი წყალდიდობის გადანაცვლებით მიღებულ შედეგს ეკოლოგიური კატასტროფა ეწოდება.
აი, ასე!..
!
მე ვწერ და თითქოს სიტყვა სისხლია – აღარ ჩერდება, ყოველდღე თითქოს ამ სისხლს ვუზიდავ ჩემს პერსონაჟებს – პეშვებით, მაგრამ ხშირად მათგან სხვა ხე იზრდება – არაზუსტი მიმართულებით. მერე და მერე, ჩრდილს რომ მოისხამს, ძნელია, ნებისმიერ ხეს შეელიო. ძნელია, უნაყოფო სისხლის კვალს გაჰყვე, პასუხი აგო.
და სადა ხარ ამ დროს პატივცემულო ჩვენთაგანო – წარმატებულო, რას აკვირდება შენი მიურულებელი თვალი?
წერ?

აპრილი

ბიძაჩემი გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, არაფერი შეცვლილა-მეთქი. პირიქით, ამ ამბავმა ისევ ჩვენს გმირებზე დამაფიქრა, ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით რომ ვკლავთ ხოლმე.
წარმოვიდგინე, სიტყვების ტყე-ღრეში დღემდე როგორ დახეტიალობს უთავო მხედარი, რომელსაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა (წარმატებულმა) ვერაგული სიკვდილი მიუსაჯა; მეორემ ჰოროსკოპის ნაცვლად პასეანსს მიმართა, ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს თავი მოაჭრა და ეს თავი უბან-უბან ათრია ქალაქში; მესამემ მოუხელთებელი აბრაგი საკუთარ შვილს მოაკვლევინა, რადგანაც უარესი ვერაფერი მოიფიქრა; მეოთხემ მამა-შვილის კონფლიქტში როლები შეცვალა, შვილს ჯერ მოღალატის იარლიყი მიაკერა, შემდეგ კი სიცოცხლეს მოხუცი მამის ხელით გამოასალმა – ხანჯლით გული გაუპო.
განა მისი სისხლი ახლა ცას არ შესჩუხჩუხებს?!..
მეხუთემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ხეზე ასული მოეკლა – მეტი ეგზოტიკურობისათვის; მეექვსემ ისტორიულად არსებული ადამიანი მორიელებს დააკბენინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი საზარელი სიკვდილი არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის აღწერილი; მეშვიდემ გამზრდელს უკარნახა, შუბლში დამბაჩა დაეხალა, როცა ადამიანური ცოდვით დამძიმებული ნამოწაფარის აღსარება მოისმინა; მერვემ გმირი მეზობლის ეზოში გადაიყვანა, იქ ხეზე თოკით ჩამოკიდა და მერე ამას ტრაგედია უგმიროდ უწოდა.
სიუჟეტი ამართლებს საშუალებას!
ნაკლებად გვაინტერესებს, თავად როგორ მოვკვდებით.
არადა, ვინც ჩვენს ბედს წერს, გაცილებით მდიდარი ფანტაზია აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა სიტყვებთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ ვგიჟდებით და სიცოცხლეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვასრულებთ. ეს, ალბათ, სამაგიეროა ჩვენი სასტიკი გადაწყვეტილებების გამო, ზოგჯერ – შურისძიებაც. ყველაზე სამაგალითოდ იმ ჩვენთაგანის სული განიმქრა, რომელიც ამბობდა, რომ ის მოკვდა.
მე კი მას მუდამ ვგრძნობ, ყველაზე მეტად მაშინ, როცა წერტილის დასმა მიჭირს.
წერტილი!
.
ეს დასასრულის მიკროსამყარო…
დროა, ვიმხიარულო და ვიზეიმო!
გასულ თვეებთან შედარებით, თავს ბევრად უკეთ ვიგრძნობ, რაც გარეგნულადაც შემეტყობა. კმაყოფილებას მომგვრის საყვარელი საქმიანობაც და სავსებით შესაძლებელია, რომელიმე თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობაც დავამყარო.
ბიძაჩემი ხარების დღესასწაულზე დავკრძალეთ. მეორე დღეს აღდგომა დაემთხვა. ასე თქვეს, მისი სული პირდაპირ სამოთხეში მოხვდებაო.

მაისი

როგორ შეიძლება, ვიზრუნო მის სულიერ სიმშვიდეზე, როცა მისმა ცხოვრებამ მრავალთა სულები უნდა ააფორიაქოს? შესაძლებელია თუ არა, ჩემი მიზანი იყოს მხოლოდ სრული ჰარმონიის შექმნა – დილის საუზმიდან დაწყებული, ღამის სიზმრებით დასრულებული, სადაც მხოლოდ ლოტოსის ყვავილები გაიშლებიან და წითელკაბიანი პეპლები იფარფატებენ. შესაძლებელია თუ არა, მრავალ გვერდზე გადაიჭიმოს გმირის მშვიდი სული, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ოთახის ფლოსტების ფრატუნს, სტაბილური სამსახურის ქაღალდების სუნს და ყველაფერს, რაც მის აღელვებასთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული.
შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გმირს ვინ იყიდის? აჯობებს, ისევ ჰოროსკოპს ვენდოთ, რომლის მიხედვითაც ამ დღეებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მის პირად ცხოვრებაში. სულიერ სიმშვიდეს ახალი რომანტიკული თავგადასავალი დაურღვევს. თუმცა, ეჭვიანობის მიზეზით შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. სამსახურში მომხდარი ცვლილებების გამო მისი ეკონომიკური მდგომარეობაც არასტაბილური გახდება.
აი, ასე! აქ მთელი რომანია – მზა ქარგა, რომელსაც მხოლოდ სული უნდა შთაებეროს – რაც შეიძლება, აფორიაქებული, ყველასაგან დევნილი და ტრაგიკული სული.
და იგი იტყვის: “მშვიდობით, ჩემო სამსახურო…”
და კიდევ: “ოჰ, ჩემო ტურფავ!”
და სიკვდილის წინ ცას ახედავს, სადაც ანგელოზები ბატებივით გადაიფრენენ.
ხშირად მგონია, რომ ის მე ვარ, ზოგჯერ – ისეთი, როგორიც არ ვარ. თავად განსაჯეთ, მე თუ ვისურვებ, მას შეუძლია, მეშვიდე სართულზე კაქტუსები გაამრავლოს, მე კი სამსახურში ვეფხის ტყავით შემოსილი ვერ გამოვცხადდები. მით უფრო – ახალ სამსახურში, სადაც ნამცხვრების წიგნის მომზადება დამავალეს. სამაგიეროდ, შემიძლია, მის ცოლთან საიდუმლო რომანი გავაბა. სასიყვარულო ბარათებს ყვითელ ფოთლებზე დავწერ ნოემბრის ბაღებში და გავაფრთხილებ, რომ წაკითხვისთანავე დაწვას. ან სულაც დაშიფრულ წერილებს გავუგზავნი – თუნდაც, აი, ამ თაფლაკვერის რეცეპტს, სადაც კვერცხის გულების ათქვეფის შესახებ უწყინარი წინადადებები ყველაზე საშინელ საიდუმლოს დაიტევენ. ხელებს ვიფშვნეტ სიხარულისაგან, როდესაც წარმოვიდგენ კულინარიით გატაცებული მისი ქმარი როგორ შეისწავლის ამ რეცეპტს, მერე გაზქურას 170 გრადუსამდე გააცხელებს, თუნუქის ფირფიტაზე თხილს მოხალავს, წვრილად დაკეპავს და გვერდზე გადადებს. მერე 2 კვერცხის გულს ცილისგან გააცალკევებს და ცილას კარგად ათქვეფს, სანამ დადებულ თოვლს არ დაემსგავსება…
მერე კი თავზე ლოსის რქები ამოუვა.
საინტერესოა, ლოსადქცეულ გმირს ეჭვიანობის უნარი თუ აქვს?
და კიდევ უფრო საინტერესოა, პირიქით თუ შეიძლება მოხდეს – ჩემს ცოლს მოუვიდეს ფოსტით თაფლაკვერის რეცეპტი გმირისგან, რომელიც ზურგს უკან საფლავს გამითხრის.
მაგრამ…
ის არ წერს!
ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ ის არ წერდეს!

ივნისი

თუმცა, ყველაფერი ჩემზე მაინც არ არის დამოკიდებული. განსაკუთრებით – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუების, დაგვიანებისა და გაუგებრობის ალბათობა მატულობს. შეიძლება ტექნიკური ხელსაწყოც გამიფუჭდეს. ამიტომ, უნდა ვეცადო, ყველა დეტალი წინასწარ დავგეგმო და გადავამოწმო.
ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც უთანხმოებაა მოსალოდნელი. ჩემი ცოლი ამტკიცებს, რომ სიამოვნება მარტო ნუგბარის ჭამა არ არის. იმ წიგნში კი, ახალ სამსახურში რომ ჩამაბარეს, შავით თეთრზე წერია, როგორ იკავებენ დიდ ადგილს ნამცხვრები ჩვენს სულიერ სამყაროში. ამ თემაზე ცოლთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან დროის ამ მონაკვეთში დეპრესიის ასაცილებლად აჯობებს, დავისვენო და სიამოვნება არ მოვიკლო. მითუმეტეს, როცა კარგად ვიცი, რომ ჩემი ცოლი სამზარეულოში რეცეპტების წიგნს დემონსტრაციულად არ იყენებს. მისი კულინარიული მიღწევები მთლიანად თვითშემოქმედებაზეა აგებული.
ჩვენ – ბედის მწერლებს ასეთი ყოფითი დეტალები გვაოცებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც წინასწარ დაწერილი, მრავალჯერ გადამოწმებული რეცეპტი გვგონია და ნებისმიერი თვითშემოქმედება, რაც მსგავსი ზოგადი სქემებიდან ამოვარდება ხოლმე, ნერვიულობის, ხშირად სულიერი აშლილობის მიზეზიც ხდება. ალბათ, აქედანვე ჩნდება ყველანაირი გაუგებრობა და დეპრესია. ერთ დღესაც, შესაძლოა, ჩვეულებრივი ღვეზელიდან ოცდაოთხი შაშვი ამოფრინდეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჩამოშვებული ცხვირები წაგვაცალოს. არადა, როგორ უნდა განვჭვრიტოთ ცოლ-ქმარმა წინასწარ, რომ ღვეზელში ოცდაოთხი შაშვი იქნება ჩაბუდებული? როგორ უნდა გამოვრიცხოთ ბასრი ნისკარტით ცხვირების წაცლის ალბათობა? ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ! ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრება უცხვირპიროდაც შეიძლება, თუკი დარჩენილ წლებს წინასწარ დავგეგმავთ და გადავამოწმებთ!..
არა, არა, ახლა მეტი სიამოვნებაა საჭირო – იმაზე მეტი, ვიდრე ნამცხვრების წიგნი იწონის! როგორმე ზაფხულს თუ გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს და ცოლმაც სამუდამოდ არ მიმატოვა, ყველანაირ დეპრესიას იოლად დავამარცხებ. მეტ ყურადღებას მივაქცევ ჩემს საუკეთესო გმირს, რათა მხურვალე ვნებებმა გაუაროს. ვატყობ, ხელი ექავება, მაგრამ წერის ნება რომ დავრთო, მერე სხვებიც თავს გამოიდებენ და აქეთ შემომიტევენ. შეიძლება საწოლშიც შემოგვიწვნენ.
არა, არა, ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ გმირები არ წერდნენ! მით უფრო – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუებისა და დაგვიანების ალბათობა მატულობს. მით უფრო – მას შემდეგ, რაც გაფუჭებულ ჰაერღუმელთან ფურცლის ნახევზე მიჩხაპნილი რეცეპტის ფრაგმენტი აღმოვაჩინე – “ბადრიჯნით, პომიდვრით, ყაბაყით და სხვა მარტივი ინგრედიენტებით თქვენ ნამდვილი შედევრის შექმნა შეგიძლიათ…”
თვალთ დამიბნელდა!
როდის მერე დაიწყო ჩემმა ცოლმა შედევრებზე ფიქრი?! აქამდე მეგონა, რომ ის არ წერდა და რაც ყველაზე მთავარია – მასაც არ წერდნენ. ახლა კი, როგორც ირკვევა, ბევრი რამ ხდება ჩემს უკან ისეთი, ასტროლოგებს რომ არასოდეს დასიზმრებიათ.

ივლისი

თავს ჯერ კიდევ მოტყუებულად ვგრძნობ. ისიც არ ვიცი, რომელ გმირს შეეძლო, ჩემს ცოლთან რომანი გაება… რომელი რომანიდან გაბედეს?!.. ღალატი თითქმის ყველასგან მოსალოდნელია, რადგანაც ჩვენ მათ ხშირად მსგავსი მუხანათური თვისებებით ვაჯილდოვებთ ხოლმე, გაუგონარ სასიყვარულო სამკუთხედებში ვამწყვდევთ და გარშემო ინტრიგის ბადეებს ვაქსოვთ. სამაგიეროდ, ისინი გვაძლევენ არსებობის საშუალებას და მერე და მერე – უკვდავების უფლებასაც…
მაინც რომელი რომანიდან?!..
ღალატი მათი ცხოვრებაა, მაგრამ იქნებ პირიქით – ჩემი ცოლის მახეში გაება რომელიმე?! ერთი წუთით მის ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი – განა ვისურვებდი ქმარს, რომელიც ნამცხვრების წიგნზე მუშაობს და მრავალი საზოგადო ნაკლი აქვს, როცა აგერ, ხელის ერთ გაწვდენაზე, სხვადასხვა ღირსებით აღჭურვილი გმირები არსებობენ?! ცხენებს უბელოდ აგელვებენ და მიზანში ისვრიან, დედამიწის გარშემო მოგზაურობენ და ყველანაირი ხიფათიდან საღ-სალამათნი გამოდიან. მერე რა, რომ ზოგჯერ შიათ და ჩვენი სიტყვების ოკეანეში დაკარგულები ერთმანეთსაც ჭამენ, მათთან მაინც მარადისობის სასიამოვნო ბურუსია და მუდამ გვძლევს ცდუნება, ექსტრემალური დაშვება განვახორციელოთ მოყირჭებული ცხოვრებიდან არარსებულ რომანტიკაში.
და თუ ჩვენ ვოცნებობთ მათ სამყაროში გადასახლებაზე, რატომ არ შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, აქეთ გადმოვიდნენ და თანაც – პირდაპირ ჩვენი მოწყენილი ცოლების მკლავებში?!
არაფერს ვიეჭვებდი, მაგრამ იმ საბედისწერო სტრიქონების წაკითხვიდან რამდენიმე დღეში სამზარეულოს მაგიდაზე კარტოფილი, ბადრიჯანი და ყაბაყი შევნიშნე.
ესე იგი, სწორედ ახლა მეძლევა შანსი, ჩემი ძველი ოცნება განვახორციელო. სასწრაფოდ ყველა საინტერესო პერსონაჟი შინ უნდა მოვიწვიო, სადაც უფრო თამამად შევძლებ, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო და დავქორწინდე!
დავქორწინდე?!
სწორედ ასე წერია ბედის დავთარში, სადაც ვარსკვლავები ჩემს თავზე კიაფობენ. მერე რა, რომ კარგა ხანია, დაქორწინებული ვარ?! განა რა დაშავდება, კიდევ ერთხელ რომ დავიდგა თავზე ნეფის გვირგვინი?! ეს საუკეთესო შურისძიება იქნებოდა ჩემს მეორე ნახევარზე – ცოლზე, რომელიც თურმე ჩემივე გმირებს ეარშიყება. თუკი მეც, მისი მეორე ნახევარი, ცალკე სამკუთხედს შევკრავ, სვე-ბედის წინაშეც თანასწორნი ვიქნებით – განახევრებული, მაგრამ განახლებული ბედნიერებით, მღელვარებით, მაგრამ სასიამოვნო საიდუმლოებებით…
მაგრამ ვისთან?!.. გმირთან?.. რომელთან?.. ისინი ბევრნი არიან – ეს დიდი და პატარა დიასახლისები – ეს დედოფლები და კონკიები – ეს განრისხებულნი და განკიცხულნი. ეს შვლები.
სამსახური ხომ არ შევიცვალო?
ალბათ, ასე აჯობებს (თუკი ვინმე ახალ სამუშაოს შემომთავაზებს) – ყელში ამომივიდა ეს ნამცხვრები!

აგვისტო

რაკი ამ თვეებს გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს, ამიერიდან ვარსკვლავების ნდობა შეიძლება. ახლა უნდა შევეცადო, მოზღვავებული საქმეებიდან ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოვარჩიო და ბოლომდე მივიყვანო. წინასწარ ვეგუები იმას, რომ ვალსა და პროცენტებს დროულად არ დამიბრუნებენ. სამაგიეროდ, ჩემი სექსუალური მიმზიდველობა გაიზრდება და შესაბამისად, სასიყვარულო ურთიერთობებიც დრამატულობით იქნება გამსჭვალული.
ალბათ, იმ გმირებსაც უნდა ვენდო, აღსარება რომ არასოდეს უთქვამთ. განსაკუთრებით – მათ, ვისაც სინანული ღრღნით, მაგრამ დუმილში იხარშებიან, როგორც კუპრში. ასე ჰგონიათ, ჯვარსაც რომ ეცვან, საშველი მაინც არ ექნებათ, სადღაც მაინც წაიბორძიკებენ და ყველაფერი თავიდან დასაწყები გაუხდებათ.
იმ გმირებისგან განსხვავებით, რომლებთანაც ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია, ესენი თითქოს რაღაცას ეძებენ, რაღაც ყოველთვის სტკივათ ისეთი, მათ არსებობას მოურჩენელ დაღს რომ ასვამს. მაინც ჯიუტად აგრძელებენ დუმილს, რომელშიც ამბოხისა და შეთქმულების საფრთხე იგრძნობა. ზოგჯერ მეშინია კიდეც მათი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, უმანკო ჩასახვით არ გაჩენილან – მე ვარ ის ერთადერთი, ვინც მათ გონებას ჭვარტლსა და ბურუსში ამყოფებს, ვინც მათ მარადისობის ლაჟვარდებში უშვებს და საგზლად სიტყვებს ატანს.
მათ ეს არ იციან და არც ვავალდებულებ, იცოდნენ. წინასწარ ვეგუები იმას, რომ მათი დუმილი ოქროა, რომელიც მე არ მერგება. მითუმეტეს, როცა ზუსტად არ ვიცი – ოქროა თუ კუპრი, საიდანაც პროცენტებს არასოდეს ვისურვებდი.
სამსახურის შეცვლამ გამომაცოცხლა. ჩემი ახალი უფროსი ფილოსოფიით დაინტერესებული ქალბატონი აღმოჩნდა. ახალი სამუშაო მოულოდნელად შემომთავაზა. თან არ იცის, რომ ვწერ. ან რატომ უნდა იცოდეს? ბედის წერა და სამსახური სულ სხვადასხვა საქმეა – ცა და მიწაა. კაქტუსი მონიტორის გამოსხივებას ბრმა ყვავივით ყლაპავს, მაგრამ აქ, სამსახურის კომპიუტერთან, სიტყვების შრიალი არ მესმის. ამიტომ ყოველთვის შინ ვწერ, ბეგონიასთან.
სამსახურის შეცვლამ მაინც დადებითად იმოქმედა ჩემზე. სექსუალური მიმზიდველობა ისე გამეზარდა, შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. ასე მგონია, დაღლილი ვარ და რომანში მძინავს. იქ რომელიღაც კონკიას აუზთან სანდალი დარჩენია. მე მას ნოემბრის ბაღებში ვეძებ. თან ყვითელ ფოთლებზე სასიყვარულო ბარათებს ვწერ და ქარში ვფანტავ უმისამართოდ. მთის კალთაზე სასახლე მოჩანს, ტყეში კი – განდეგილ მამათა სავანე. აქ უამრავი გაზელია და ხელთათმანი, რომელიც აუცილებლად დამჭირდება, თუკი მართლა ვისურვებ, სასიყვარულო ურთიერთობებს მეტი დრამატულობა მივანიჭო.
მაგრამ აჯობებს, გამოვფხიზლდე – აქ ვერ ვწერ. შესაძლოა, ეს ახალი სამსახურის მოზღვავებული საქმეების ბრალია, მაგრამ უფრო მეტად, ალბათ – იმ უცნაური შეგრძნების, როცა ზუსტად არ ვიცი, სად მძინავს – რომანში, თუ რომანს გარეთ.
ესეც ჩემი სექსუალური მიმზიდველობა!
როგორც ჩანს, მეც გმირი ვარ.

სექტემბერი

მესიზმრება, რომ მას ვესიზმრები. თუმცა, მის პირისპირ არსად ვდგავარ. ის მხოლოდ ჩემს მზერას გრძნობს და თანაც – ყველგან, სადაც კი შეიძლება ყოვლისმჭვრეტელი თვალი იგულისხმებოდეს – მოწმენდილ ცაზე, მოხნულ მიწაზე, ზღვის ზედაპირზე, ხის ფუღუროში, კარის ჭუჭრუტანაში, ოთახის ნათურაში, ყავის ჭიქაში, ლოცვანში, ფულის კუპიურაზე – ყველგან, სადაც მისი გულისხმა აღწევს.
შეშფოთებულია.
ბორგავს.
ჩემი სიზმარიც იქვე გრძელდება, პარალელურად და ახალი აღმოჩენა მაბნევს – იქ, სადაც მოულოდნელად საკუთარი თავი დავლანდე, ზუსტი მეცნიერების კანონებით ვერ ვიმოქმედებ. იქ არსებული დაბრკოლებების გადალახვას სულ სხვა რამ სჭირდება. შესაძლოა – ასტროლოგია, რომლის შთაგონებითაც ის უკვე მიხვდა, რომ ამდენგან აბრიალებული თვალი მხოლოდ მისი სიზმარი არ არის.
იღვიძებს. საწოლიდან დგება და ჩემს კალამს იღებს.
ღმერთო, ის წერს! უფრო მეტიც – მწერს: “მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლებების გამო, იძულებული გახდები, გადადო დაგეგმილი მოგზაურობა საზღვარგარეთ. სასიყვარულო ურთიერთობებშიც შეიძლება მეტოქე გამოგიჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში შენი დაუფარავი ხორციელი ვნებები პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს”.
ჩემი ცოლი, მართლაც, კარგა ხანია, ვეღარ მცნობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. მისთვისაც გაუგებარია, სადა ვარ – რომანში, თუ მის გარეთ. ისიც არ იცის, როდის გამივლის ეს ცეცხლოვანი ვნებები.
მერე და მერე ვხედავ, რომ თვალი, რომელიც მას მსჭვალავს, მარტო მისთვის აღარაა საშიში. მეც რაღაც დიადი მიპყრობს. ადრეც ვგრძნობდი და ახლა უკვე თვალნათლივ ვხედავ – ეს ის თვალია, რომელიც არასოდეს იხუჭება. ახლაც, როცა გარშემო ჩემი სიზმარია, მას მზე ამოჰყავს და ჩაჰყავს. ვძრწი. ღმერთო, ასე არ მინდოდა. მხოლოდ გმირის სიზმარში მოგზაურობა დავგეგმე და კალმით ხელში დავიძინე, რომ გზადაგზა შთაბეჭდილებები ჩამენიშნა. მინდოდა, გაცნობიერებულად გადამელახა ის საზღვრები, რასაც აქამდე ვაწესებდი.
აქ კი შენა ხარ!
თვალი თვალში მაქვს გაყრილი და ვძრწი.
როგორც ჩანს, სული გამექცა, სიზმრიდან გავიდა და პირდაპირ შენს მზერას მოადგა. ვბორგავ. ვერ ვაზუსტებ, რა მწყურია – ეს მომთენთავი უსაზღვროება, თუ საკუთარ სიზმარში დაბრუნება.
კიდევ კარგი, საზღვრები არსებობს.
გმირი ჩემს სასთუმალთან მოდის და შუბლზე ხელს მადებს. ვძრწი. “რა გემართება, ღმერთო, რა გემართება?!” – ჩამესმის მისი მზრუნველი ხმა. საწოლთან კალამი აგდია. ის იღებს და ჩემი ბედის წერას აგრძელებს – “მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებების გამო…”
არა!!!
გაბოროტებულმა გავიღვიძე.
ახლა უკვე ისიც წერს!

ოქტომბერი

რამდენიმე დღის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არსად დამინახავს, ყველგან მის აქყოფნას ვგრძნობდი. ამ დაძაბულობას ვერაფერი მოვუხერხე. რაღაცნაირად იმ პერსონაჟებს დავემსგავსე, რომლებიც აღსარებაზე არასოდეს მოსულან. მივხვდი, რომ გადავკვეთე საზღვარი, რომლის იქითაც, წესით, ჩემი დუმილი იწყება. დუმილი კი ადამიანის მარტივი მდგომარეობა არ არის. ამისთვის ძველ დროში ბერები ბავშვობიდან ემზადებოდნენ და დუმილის აღთქმას მას შემდეგ დებდნენ, როცა თვით ღმერთი მისცემდათ ნიშანს. მე კი არც განსაკუთრებულად მოვმზადებულვარ და არც რაიმე ნიშანი მინახავს, თუ არ ჩავთვლით თვალს, რომელმაც ასე დამზაფრა.
ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვფიქრობდი, რა გზას დავდგომოდი. მერე ბედს შევურიგდი და იძულებული გავხდი, ძველ საქმეებს დავბრუნებოდი. ამოვისუნთქე. სამსახურში განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. მიზნად დავისახე, დამესრულებინა ყველა საქმე და საფუძველი ჩამეყარა ჩემი მომავალი პროფესიული წინსვლისათვის. ცაგარელმაც მაცნობა, რომ ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი მქონდა და მრავალი ახალი ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დამეხმარებოდნენ. თუმცა, მაინც არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს გვერდით ვიღაც იდგა. ამ საკითხზე ერთხელ ფილოსოფიის მოყვარული ჩემი უფროსიც კი შევაწუხე. ვკითხე, ასეთი რამ თუ შეიძლება მოხდეს-მეთქი.
სათვალის ზემოდან გადმომხედა.
მგონი, ხვდება, რომ ინტელექტუალი ქალები მომწონს. შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, მაგიდაზე ფურცლები გადააადგილა, მერე ქვედა უჯრაში ჩაიხედა და თავი არც აუწევია, ისე ამოილაპარაკა, მოდი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთო.
მერე შევეცადე, ცოტა რამ დამეწერა იმის შესახებ, რაც შედარებით მოგვიანებით აქ, აი, ამ ქალაქში უნდა მეთქვა, როცა ყველანი მზად იქნებოდნენ, მოესმინათ ჩემთვის. წარმოვიდგინე კიდეც, რომ ისინი თავდახრილები იდგნენ და სიტყვებსაც ისე გრძნობდნენ, როგორც მახვილს სხეულში. ყველანი: დაბალი კაცი სიგარეტის ნამწვით ხელში, ჩემი სენტიმენტალური მტერი, უფროსი ძმა აპოკალიფსურ ხარებთან ერთად, ზაზუნები ძველი სიზმრის იდუმალებით, პატარამკერდიანი გოგო პენუარის შრიალით, სევდით, მოხუცი მამა, მოხუცი მამა და ყველაზე უღალატო გმირები – მიცვალებულები, რომლებსაც ზურგზე მთელი საიქიო მოეგდოთ და ახლა ჩემს გარშემო შემოჯარულიყვნენ.
სულ ეს იყო ჩემი ახალი ჩანაფიქრი – ჩუმი – მე უნდა მეწერა, სულერთია – ბეგონიასთან თუ მანდარინთან, ვარსკვლავების დახმარებით თუ მდინარის ნაპირზე კალმახივით გარიყულს, ლაყუჩახეულს.
მაგრამ…
რა დამემართა?
რა დაემუქრა ჩემს პროფესიულ წინსვლას?
სად არის ღმერთი, როდესაც მკვდრები ჩემს გვერდით დგანან?
?
ღამეა.
მთვარე არ არის გარეთ.
ვარსკვლავებიც არ ანათებენ.
მას, ვინც ასე მიყვარს, ძინავს. მე და ბეგონია მის სუნთქვას ვისმენთ და ვისრუტავთ, როგორც ჟანგბადს. მერე სისხლშია. ყველა კაპილარს დაივლის და გულამდე აღწევს. თითქოს ყველაფერს ის განსაზღვრავს – ამ სიტყვების და სასვენი ნიშნების ბედსაც, მაგრამ ალბათ, კიდევ არსებობს ვიღაც, ვინც, მაგალითად, ამ ჟანგბადს მაწვდის.
და ვეღარ ვიგებ, სინამდვილეში ვინ წერს…

ნოემბერი

დიდი ხანია, მინდა, მოგწერო, მაგრამ აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. თუკი ჩემი წერილი მოგივა, ჩათვალე, რომ ბარიერი საბოლოოდ გადავლახე. სათქმელი კი ბევრი არაფერი მაქვს. უბრალოდ, მინდა, დარწმუნდე – ამ სასწორების, თხის რქების, ვერძებისა და კუროების მიღმა მე მართლა ვარსებობ. ბედის ირონიაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს თვითონაც არ მჯეროდა. მეგონა, მხოლოდ მცირე დეტალი ვიყავი იმ უსასრულო სამყაროსი, რომელსაც შენ ქმნი. სხვები აქ დღემდე ასე ფიქრობენ და თრთიან, თუკი გონებაში თავიანთი დამოუკიდებელი არსებობის შესახებ აზრი გაუელვებთ; თუკი შეამჩნევენ, რომ სინამდვილეში სამყარო ნებისმიერი ჩვენგანიდან იწყება და არა იმ წერტილებიდან, რომელსაც უხვად გვთავაზობ.
წუხელ შენს სიტყვებს ვსწავლობდი – ჩემი ბედი რითაც განსაზღვრე. ახლა, როცა საკუთარი საიდუმლოებები მაქვს და ვიცი, აქედან როგორ გავაღწიო, ყველაფერი მეადვილება. ბევრი რამ მაინტერესებს ისეთი, რაც ამ სიტყვების უკან დგას. ჰოროსკოპების კითხვაც ვისწავლე და მჯერა, თუკი შორეულ ქვეყნებში ვიმოგზაურებ, კიდევ უფრო ბევრ სიახლეს შევიტყობ და შესაძლოა, საზღვარგარეთ სამსახურიც ვიპოვო. ვიცი, რომ წარმატება მელის კულინარიაში, შოუ-ბიზნესსა და პოლიტიკაში. ხოლო ხელოვნება, მუსიკა და გართობა არა მხოლოდ სიამოვნებას მომგვრის, არამედ კარგ შემოსავალსაც მომიტანს.
ამ ყველაფერს, ნეტავ, რატომ გვიმალავდი?
რატომ იყო ეს ჩვენგან დაფარული?
უცნაურია ის სიყვარული, შენგან რომ მოდის – ბოლო წერტილამდე საკვირველი, განყენებული – თითქოს მარტოობას გაურბიხარ, მაგრამ სინამდვილეში მუდამ ჩვენსკენ ამისამართებ, თავიდან რომ მოიცილო. ჩვენ კი აქედან ვერ გამოვდივართ. არც კი ვფიქრობთ, კარი თუ არის, რომ გაიღოს და მერე ზღურბლზე გადმოვაბიჯოთ.
გრძნობ, როგორ ვზივარ მთვარის პირისპირ?!
თუმცა, მთვარე არ არის გარეთ. ფანჯრებში კი მიყოლებით ქრება სინათლე.
გრძობ, როგორ ვფიქრობ ცისკენ მზირალი?!
აქაც ღამეა – ის დრო, როცა მილიონობით წიგნი დაიხურა და ჩვენ ერთმანეთზე მიჯრით ვეწყობით. ვერ გავურბივართ ბედის მიერ მოძღვნილ სიჩუმეს, ფურცლებს შორის ამოლესილ უჰაერობას. არც არავინ დარდობს ამაზე, ვიდრე ოდესმე ჩვენს ფეხებთან ანგელოზი არ დაეცემა.
შენამდე გზა მან მომასწავლა. მითხრა, რომ გასაღები ფიქრის ჯაჭვია, ანუ – ფიქრი, ბევრი ფიქრი და მტკიცე რწმენა, რომ სადღაც მაინც უთუოდ არის ბოლო წერტილი.
და ახლა ვფიქრობ – სიყვარული თუ აღებს ამ კარს?
თუ შემიძლია, გამოსვლა და იმ ჟანგბადის გაზიარება, შენ რომ გაბრუებს?… ან ჩემი სისხლი თუ გაჟივდება?…
აქედან ვხედავ, როგორ ჩაგთვლიმა.
ვხედავ გარშემო მიჯრით მძინარ ადამიანებს.
მათ აღარ ესმით ღრუბლებს უკან დამალული მთვარის მუსიკა.
არ დაიძინო!..

რატომ აღარ წერ?!

დეკემბერი

ეს პერიოდი არასახარბიელოა ჩემი კარიერისა და კეთილდღეობისათვის, ამიტომ სასურველია, მინიმუმამდე დავიყვანო გარშემომყოფებთან შეხვედრები და რაიმე ინდივიდუალურ, შემოქმედებით საქმიანობას მივყო ხელი. მახსოვდეს – ჩემი იდეები უნდა დაღვინდეს, სანამ მათ სხვა ადამიანებს გავუზიარებ.* ღამით, როცა მძინავს, თავზე ქუდი უნდა მეხუროს. დაღვინების პროცესს სითბო სჭირდება, სითბო თუ არა, ზომიერი ტემპერატურა მაინც. სასურველია, ფანჯარაში მინა ჩავსვა, რადგან ცელოფანი დეკემბრის ქარს ვეღარ აკავებს. მახსოვდეს – დეკემბრის ქარი მარტის ქარივით კი არ ცერცეტობს, ჰოროსკოპის საპირისპიროდ ქრის და დიდი ჭკუაც აქვს. ხშირად საკვამურიდან ღუმელში ძვრება და ოთახში კვამლის თაიგულს აგდებს…
სიყვარულს მიხსნის?!..
ამ კითხვების მართვა უნდა ვისწავლო!.. საკუთარი კეთილდღეობაც კითხვა-პასუხს შორის ვიპოვო და სადღაც იქვე მოვიწყო ჩემი სახარბიელო კარიერა. მახსოვდეს – არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს. ამას ჩემი უფროსიც ამბობს და მავალებს, გამუდმებით ვიფიქრო პასუხებზე. გარშემომყოფებიც დამიდასტურებენ, როგორი დიდი შეჯიბრი მაქვს მათთან, ვინც მხოლოდ კითხვებზე ფიქრობს. ამიტომ სასურველია, მათ ჩრდილში ვიდგე ფოთოლცვენის დასრულებამდე, ვიდრე ხეები ჩრდილებს ტკეპნიან. მერე პასუხებს პერიოდი შემომთავაზებს. პერიოდი იზრუნებს, ვიყო სულგრძელი, შევხვდე აქტიურ ადამიანებს, დღენიადაგ ჰალსტუხებით რომ ანათებენ.
იქნებ აქ არ ვარ?..
ყველა კითხვა სათანადოდ უნდა აღვნუსხო. მახსოვდეს – ეს ცდა არ უნდა გაცდეს ჩემს სამუშაო მაგიდას, უჯრებს. შინ სხვა საქმეა – წიგნები, ჩაი, ბეგონია, სარკმელი, ღამე – გულისყურით უნდა ვუსმინო მოზღვავებული სიტყვების შრიალს. ყველა სიტყვა ღმერთის სახლია, ზოგი – ქოხი, ზოგი – სასახლე, ზოგიც – მიწური, ხოლო მე, ძესა კაცისასა (მახსოვდეს) საკუთარი მიწურიც არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს სიტყვები, მოცემული და მათში ვცხოვრობ. ვცდილობ, ვაშენო ქალაქები – ხელი მივყო მეტად თავხედურ შემოქმედებით საქმიანობას.
ვარქიტექტორობ?..
ეს წელი ისე მიილია, თითქოს არც იყო (უკან მიხედვაც უნდა ვისწავლო). ვწერ: ჰორიზონტმა ვერ ჩაიბა მატარებელი და ჩაიარა. წარსული არ გვცნობს! მაგრამ ამაზე არაფერს ამბობს თვით პოეზია – ყველაზე ზუსტი მეცნიერება. ვწერ: ყოველი ქუჩის ბოლოს მომარჯვებული კვერთხებით დგანან პატრიარქები. ვწერ: ქარი სად ქრის, ჩემო არარსებულო დაო?..
ვწერ: წერტილი
,
ყველა წერტილი ასე მძიმეა.
მე ვწერ?

2006-08 წწ.

* ტექსტში გამოყენებულია ფრაგმენტები მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზებიდან თხის რქებისათვის 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box