სახელი, როგორც კულტურის ფაქტორი
© სემიოტიკა
ანდრო ბუაჩიძე
ასოციაციების კონტექსტში
მაია სარიშვილი. ცხადის გადაფარვა (ლექსები). რედაქტორი შოთა იათაშვილი. თბ. “მერანი”, 2002.
მაია სარიშვილის ლექსები რეალობის მეტად უცნაური აღქმით გამოირჩევა, ვთქვათ ის წერს: “თვალები – თონეები, ჩავაკარი ცრემლი ჩვენი არსობისა”. ანდა ასეთი სტრიქონები: “დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი. მინდა ჩავეჭიდო ფიქრს იმ სივრცეზე, სადაც ირწევიან მსუყე ეტლები და მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში… აქ ვეღარ ვსუნთქავ. თითქოს ჟანგბადის ყველა მოლეკულა ქაღალდში სათითაოდ შეახვიეს”.
ცხადია, რომ საქმე გვაქვს უცნაურ მეტაფორიკასთან, რომელიც ასოციაციურმა აზროვნებამ წარმოშვა. იქნებ ეს განსაზღვრება მიახლოებითი და პირობითი იყოს, მაგრამ სამყაროს თავისებურ აღქმას და შესაბამის ხელწერას ხომ რაღაც სახელი უნდა დაერქვას. მე მგონი, ამ შემთხვევაში, სწორედ ასოციაციურობაა ის ნიშანი, რომელიც თავის ირგვლივ იკრებს ლექსწერის სხვა ნიშნებსაც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასოციაციურობა განაპირობებს სხვა სალექსო კომპონენტების თავისებურ წყობასაც. მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას ერთი რამ: უცნაური მეტაფორების მეშვეობით ამოთქმული ასოციაციური აზროვნება ყოველთვის მოითხოვს სიცხადეს, გამჭვირვალებას, სიზუსტეს. სწორედ სიზუსტე უნდა იყოს იმის თავდები, რომ ამა თუ იმ პოეტთან ბუნებრივად იბადება ასოციაციური ხლართი აზროვნებისა. ლექსწერის ეს წესი რთულია, რადგან იმთავითვე გულისხმობს შემოსაზღვრას, საგნობრივ ატრიბუტიკას, გარკვეულ ემპირიკას, რომელიც კონკრეტულს, აღქმადს, ხელშესახებს გახდის ასოციაციას. თავისთავად ასოციაციური დინება გრძნობებისა და განცდებისა, თითქოს ორგანულად ეთავსება მეტაფორულ აზროვნებას, მაგრამ თუ მეტაფორა არაზუსტია, ე.ი. ღრმა შინაგანი ინტუიციით არ არის ნაკარნახევი, მკითხველის შთაბეჭდილება ფერმკრთალდება. პოეტი სცდება სამიზნეს.
როცა მაია სარიშვილი ამბობს: “დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი”, ასოციაცია გამჭვირვალეა და ფრაზა ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე. ასევე მკაფიო ტონალობით და აზრობრივი სინათლითაა აღბეჭდილი სახე: “მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში”. მაგრამ ამ ფონზე და ამავე კონტექსტში ცოტა გაურკვევლად მეჩვენება მეტაფორა: “მსუყე ეტლები”; იქნებ ეპითეტი “მსუყე” აქ არ არის მთლად ზუსტი? არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება: თხრობის ასოციაციური სტილი ყოველთვის ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ რამდენადმე ზუსტი მაინც უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს ლექსის კომპოზიცია, სტრუქტურა, ფარული ფაბულა, რომელიც თითქოს უკუფენილია ტექსტში. მაია სარიშვილის ლექსებიდან მე მოვიყვან ამ თვალსაზრისით სანიმუშო ვარიანტს, სადაც სინათლე და სისადავე ბუნებრივად ერწყმის თვითმყოფად ხელწერას: “რა მაღლა ცხოვრობთ! არ გეშინიათ? ხომ შეიძლება, რომ ღრუბელი შემოვიდეს ღია ფანჯრიდან… ან მზეს თვალებში ჩაეფერთხოს მტვერი, რომელიც ყოველდღე ჩვარით გაგაქვთ ოთახებიდან… თქვენ ქვემოთ ფრენენ ჩიტები და უფრო დაბლა ფრენენ პეპლები, და მთელ სახლში ფეხისწვერებზე დგანან ნივთები, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ, როგორ ყვავილობს ძირს შადრევანი. ან დაინახონ, როგორ იმსხვრევა ბრჭყვიალა მინა პირველ სართულზე… რა მაღლა ცხოვრობთ! ვერ აღწევენ ჩიტები და ბურთები და შადრევნები თქვენს ფანჯრებამდე და მოწყენილი ფარდები ზოგჯერ გარეთ იპარებიან და ფრიალებენ, როგორც ფრთები ოთახების… რა მაღლა ცხოვრობთ!..”
ჩემი აზრით, მაია სარიშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული სირთულე არჩეული გზისა, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს მრავალსიტყვაობას, მოძებნოს ემოციურად და აზრობრივად კონტექსტის შესაფერი ეპითეტი, ნათლად შემოხაზოს მეტაფორა და რაც მთავარია, ბოლომდე შეინარჩუნოს ლექსის დასაწყისში განფენილი სიწრფელის ხარისხი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ყოველგვარი შემოქმედება. და თუკი გარკვეულ სალექსო ფრაგმენტებში პოეტის მცდელობა სასურველი შედეგით არ გვირგვინდება, ეს სულაც არ არის საგანგაშო, რადგან აქაც კი ჩანს მაძიებელი სული, მოუსვენარი შთაგონების ნაკვალევი, აღსარების ამომთქმელი ინტონაცია.
მაია სარიშვილის მცირე ფორმის ლექსები განსაკუთრებით კარგად ავლენს პოეტის საკუთარი ხელწერის დაუფლების პროცესში მიღწეულ სასურველ შედეგებს. აქ ისევ ერთადერთი და შეუნაცვლებელი ეპითეტის ძიებაზე, ლირიკული აქცენტების განაწილებაზე, მინიშნებებზე და ლექსის სტრუქტურული სრულყოფილებისაკენ ლტოლვაზეა საუბარი.
“ერთი მაღალი კაცი ხის კენწეროებს კვნეტს კბილებით, ეს გემრიელი გაზაფხული მე მივასწავლე”. ანდა ვთქვათ ასეთი ლექსი: “ვეფერებოდი ამ ხეთა ნერგებს ოდესღაც. ახლა ცაში ჩაზრდილან ჩემი ხელმონაკიდი კენწეროები…” აქ, ამ მცირე ფორმის განწყობილებისმიერ შტრიხებში უფრო მეტია ნაგულისხმევი, ვიდრე ნათქვამი. აქ იჩენს თავს ფარული სურვილი იმ ნატიფი სიტყვიერი სამოსელის მიგნებისა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად მოერგება სათქმელს.
© “წიგნები – 24 საათი”
***
ჩემს თვრამეტივე მოსწავლეს:
ანას, მიხოს, რობიკოს, ელენეს, დათუნას, თამთას, ნინის, გიორგის, სანდროს, გიგის, ანანოს, ტასოს, ლიკას, ლუკას, ორივე ნიკოლოზს და ორივე მარიამს
დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს.
თითქოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, საით წავიდეთ,
ინერციით მივექანებით.
ორივე ხელით წავფრენივარ რაღაც საქმეებს.
ფეხები კი მიწიდან ამსხლეტია
და ასე საცოდავად და ასე ახალი საგანივით
ვსწავლობ თქვენგან იმ სიხარულს,
რომელიც არსად გამომადგება.
ალბათ შენიშნეთ – ძილი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ,
ძაღლივით დამდევს
და ხან მპოულობს და ხან მკარგავს ამ რყევებისას.
ვერ მიდებენ გულს სერიოზული საქმეებიც –
ათასჯერ დამნომრეს და ჩამომწერეს,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,
ვიდრე ასე ჭასავით ვდგავარ,
ვიდრე დღეები სათლებივით მეთხლაშუნებიან,
რომ ამომაცალონ საიდუმლო,
რომელიც მუდამ უწყალდებათ.
კადრის უკუღმა დატრიალება –
რაიმე დაფშვნილის აღდგენასავით,
ყველა ნატეხი რომ თავის ადგილს უბრუნდება,
ასე უკუღმა ვცხოვრობ თქვენთან
და ფანჯრებს რომ ვხსნი,
თუკი ოდესმე ქვემოთ გადავმხტარვარ,
სათითაოდ უკან ვბრუნდები თქვენთვის.
ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში კი,
თქვენს დაქექილ საშლელებსა და
თქვენს თავმოჭმულ კალმებს შორის
ძალიან საშიში ამბები მიდევს.
გამოვხსნი, დავცქერი, ვახარისხებ.
კარტებს რომ აჭრი, ისე ვთამაშობ.
და რა საოცრად კარგია ასე –
სიგიჟე უჯრაში და ირგვლივ თქვენ –
ვითომ არაფერი…
***
ასე შევეჩვიე დაღლას –
თითქოს ზურგზე ცოცხალი მგელი –
სასკოლო ჩანთასავით უბრალოდ.
ფუნჯივით რბილად შემომდის
მისი ყმუილი ბეჭებში.
დარუხდება და ჩამშვიდდება,
ჩადგება ყველა სხვა ფერი გრიგალივით.
და ჩამოშორდება სახესაც
ღიმილის წნული –
ეს გაიძვერა ბუდე.
ვწერდი:
თითებიც რომ მომყვეს ამ მოქნეულ კარში
და ძვლებიც დამეფშვნას,
გულიც რომ მომყვეს ამ კარებში,
ნაბიჯსაც არ გადავდგამ არსაით-მეთქი.
და მართლაც,
ირგვლივ დღეები გააქვთ და გამოაქვთ.
მე კი ფეხსაც არ ვიცვლი,
დედაც ამ კართან მომიკვდა,
ყველა უცხო ქვეყანაშიც ამ კართან ვიყავი
და ბავშვებიც სწორედ
თქვენს გამოხურულ კართან გავაჩინე.
***
შოთას
ეს კორპუსებიც –
ხეებივით მიწიდან რომ იკვებებიან,
ვეღარ არიან მხოლოდ სახლები.
ბეტონის ფილები და აგურები
ახლა მათი უჯრედებია,
თავიდან თვალით რომ არ ჩანდნენ,
მაგრამ მერე გაუფართოვდათ.
ფრთხილად შევცვალე ყველაფერი, ძალიან ოდნავ.
დავბრიცე წელში გამართული ყველა ოთახი.
გადახრილია აივნისკენ მძიმე კარადა
და მასში ყველა ჩვენი რამე
გადახრილა სულ ოდნავ მარცხნივ.
რა მონდომებით ვცვალე თითქოს,
ძალიან ოდნავ,
მაგრამ გამექცნენ, აყირავდნენ დამჯერე გზები.
ჰაერშიც ისე ულმობელი დაღმართებია,
მოჩვენებები ნაბიჯებს ვერ იმორჩილებენ.
***
ბავშვებს გამოსდით –
თვალს არაფრით ახამხამებენ!
და ეს სასტიკი გულწრფელობაა,
რადგან ხამხამი კადრიდან ჭრის
წამის თუნდაც მეათასედებს,
რომლებიც ერთად რომ შეკრიბო
და გადააბა,
ერთი სიცოცხლე კიდევ გამოვა.
ეს მოვუგვარეთ –
ლეიბებში – მატყლის ნაცვლად –
ტყვიები ყრია.
მათი პატარა ბალიშები
სავსე არის ჯარისკაცთა ოცეულებით.
წვეთებს კანიდან წერილებივით გვიგზავნიან,
ავად არიან,
მაგრამ არ ვიცით ოფლის კითხვა
და გაუშიფრავ ხელნაწერებს ემსგავსებიან
დამლაშებული პირსახოცები.
***
ქალაქი ვერ გრძნობს მცენარეებს
და საზარელი ტყუილია
როცა შიშისაგან
ზოგჯერ ხეები ეკვეთება, როგორც ფეხები.
მცენარეები საკუთარი ნებით არ სულიერდებიან
და ეს მელანქოლიის მწვერვალია,
რადგან მათ
თავად გაიქრეს სისხლძარღვები, ორგანოები
და იმ უფაქიზეს ზღვარზე დადგნენ,
როცა აქა ხარ,
და თან არა ხარ აქ.
***
საბას
ორსული გედის მუცელში
რომ თოთო გედი წარმოიდგინო,
დილა ასეთი უმწეოა და გამჭვირვალე.
ჩვენ კი წირპლივით გვიზის თვალებში სიკვდილი,
წამწამებიდან ფრჩხილებით ვიფხეკთ.
ხანდახან ვფიქრობ:
შხამიანები ხომ არ გამოდგნენ ის სოკოები –
წინსაფრებზე რომ მივიხატეთ საბავშვო ბაღში.
წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენსავით მუნჯები იყვნენ,
შავად იმიტომ გავაფერადეთ.
მაგრამ დედამ
წინსაფრები საპნიან წყალში ჩაალბო და
რომ ამოიღო,
სოკოები აღარსად იყვნენ.
წყალმა ჩაყარა საშიშ მილებში,
მდინარემ კი ზღვაში ჩაკარგა.
ზოგჯერ მგონია,
შეიძლება ჩვენი ბრალია – ჩემი და შენი,
რომ დღესაც კი ავადაა მზე,
რომელიც ამ ზღვაშია ამონავლები.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“