პოეზია

მაია სარიშვილი – ლექსები

***
ჩემო საწყალო ლექსებო,
ამსიმძიმე სევდა რომ აგკიდეთ
და სახედრებივით რომ დგახართ
წიგნებში, კომპიუტერებში,
გაზეთებში თუ რვეულებში
და ადგილებიდან რომ არ იძვრით,
ეს ძალიან საშიშ განცდას იწვევს,
ეს აუტანელია.
მე მეგონა, გახვიდოდით ფურცლებიდან
თუ კომპიუტერების ეკრანებიდან,
მეგონა იცოდით გზა –
სადღაც ხომ არის
ტიალი ადგილი ნაგავსაყრელივით,
სადაც სევდის დატოვება შეიძლება.

***
ჩემს თვრამეტივე მოსწავლეს:
ანას, მიხოს, რობიკოს, ელენეს, დათუნას, თამთას, ნინის, გიორგის, სანდროს, გიგის, ანანოს, ტასოს, ლიკას, ლუკას, ორივე ნიკოლოზს და ორივე მარიამს

დაუკვირდით, დღე როგორ ყანყალებს.
თითქოს ჩვენ კი არ ვირჩევთ, საით წავიდეთ,
ინერციით მივექანებით.
ორივე ხელით წავფრენივარ რაღაც საქმეებს.
ფეხები კი მიწიდან ამსხლეტია
და ასე საცოდავად და ასე ახალი საგანივით
ვსწავლობ თქვენგან იმ სიხარულს,
რომელიც არსად გამომადგება.
ალბათ შენიშნეთ – ძილი, რომელსაც ვერასდროს ვასწრებ,
ძაღლივით დამდევს
და ხან მპოულობს და ხან მკარგავს ამ რყევებისას.
ვერ მიდებენ გულს სერიოზული საქმეებიც –
ათასჯერ დამნომრეს და ჩამომწერეს,
მაგრამ არაფერი გამოუვათ,
ვიდრე ასე ჭასავით ვდგავარ,
ვიდრე დღეები სათლებივით მეთხლაშუნებიან,
რომ ამომაცალონ საიდუმლო,
რომელიც მუდამ უწყალდებათ.
კადრის უკუღმა დატრიალება –
რაიმე დაფშვნილის აღდგენასავით,
ყველა ნატეხი რომ თავის ადგილს უბრუნდება,
ასე უკუღმა ვცხოვრობ თქვენთან
და ფანჯრებს რომ ვხსნი,
თუკი ოდესმე ქვემოთ გადავმხტარვარ,
სათითაოდ უკან ვბრუნდები თქვენთვის.
ჩემი მაგიდის ზედა უჯრაში კი,
თქვენს დაქექილ საშლელებსა და
თქვენს თავმოჭმულ კალმებს შორის
ძალიან საშიში ამბები მიდევს.
გამოვხსნი, დავცქერი, ვახარისხებ.
კარტებს რომ აჭრი, ისე ვთამაშობ.
და რა საოცრად კარგია ასე –
სიგიჟე უჯრაში და ირგვლივ თქვენ –
ვითომ არაფერი…

***
ასე შევეჩვიე დაღლას –
თითქოს ზურგზე ცოცხალი მგელი –
სასკოლო ჩანთასავით უბრალოდ.
ფუნჯივით რბილად შემომდის
მისი ყმუილი ბეჭებში.
დარუხდება და ჩამშვიდდება,
ჩადგება ყველა სხვა ფერი გრიგალივით.
და ჩამოშორდება სახესაც
ღიმილის წნული –
ეს გაიძვერა ბუდე.
ვწერდი:
თითებიც რომ მომყვეს ამ მოქნეულ კარში
და ძვლებიც დამეფშვნას,
გულიც რომ მომყვეს ამ კარებში,
ნაბიჯსაც არ გადავდგამ არსაით-მეთქი.
და მართლაც,
ირგვლივ დღეები გააქვთ და გამოაქვთ.
მე კი ფეხსაც არ ვიცვლი,
დედაც ამ კართან მომიკვდა,
ყველა უცხო ქვეყანაშიც ამ კართან ვიყავი
და ბავშვებიც სწორედ
თქვენს გამოხურულ კართან გავაჩინე.

***
შოთას

ეს კორპუსებიც –
ხეებივით მიწიდან რომ იკვებებიან,
ვეღარ არიან მხოლოდ სახლები.
ბეტონის ფილები და აგურები
ახლა მათი უჯრედებია,
თავიდან თვალით რომ არ ჩანდნენ,
მაგრამ მერე გაუფართოვდათ.
ფრთხილად შევცვალე ყველაფერი, ძალიან ოდნავ.
დავბრიცე წელში გამართული ყველა ოთახი.
გადახრილია აივნისკენ მძიმე კარადა
და მასში ყველა ჩვენი რამე
გადახრილა სულ ოდნავ მარცხნივ.
რა მონდომებით ვცვალე თითქოს,
ძალიან ოდნავ,
მაგრამ გამექცნენ, აყირავდნენ დამჯერე გზები.
ჰაერშიც ისე ულმობელი დაღმართებია,
მოჩვენებები ნაბიჯებს ვერ იმორჩილებენ.

***
ბავშვებს გამოსდით –
თვალს არაფრით ახამხამებენ!
და ეს სასტიკი გულწრფელობაა,
რადგან ხამხამი კადრიდან ჭრის
წამის თუნდაც მეათასედებს,
რომლებიც ერთად რომ შეკრიბო
და გადააბა,
ერთი სიცოცხლე კიდევ გამოვა.
ეს მოვუგვარეთ –
ლეიბებში – მატყლის ნაცვლად –
ტყვიები ყრია.
მათი პატარა ბალიშები
სავსე არის ჯარისკაცთა ოცეულებით.
წვეთებს კანიდან წერილებივით გვიგზავნიან,
ავად არიან,
მაგრამ არ ვიცით ოფლის კითხვა
და გაუშიფრავ ხელნაწერებს ემსგავსებიან
დამლაშებული პირსახოცები.

***
ქალაქი ვერ გრძნობს მცენარეებს
და საზარელი ტყუილია
როცა შიშისაგან
ზოგჯერ ხეები ეკვეთება, როგორც ფეხები.
მცენარეები საკუთარი ნებით არ სულიერდებიან
და ეს მელანქოლიის მწვერვალია,
რადგან მათ
თავად გაიქრეს სისხლძარღვები, ორგანოები
და იმ უფაქიზეს ზღვარზე დადგნენ,
როცა აქა ხარ,
და თან არა ხარ აქ.

***
საბას

ორსული გედის მუცელში
რომ თოთო გედი წარმოიდგინო,
დილა ასეთი უმწეოა და გამჭვირვალე.
ჩვენ კი წირპლივით გვიზის თვალებში სიკვდილი,
წამწამებიდან ფრჩხილებით ვიფხეკთ.
ხანდახან ვფიქრობ:
შხამიანები ხომ არ გამოდგნენ ის სოკოები –
წინსაფრებზე რომ მივიხატეთ საბავშვო ბაღში.
წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენსავით მუნჯები იყვნენ,
შავად იმიტომ გავაფერადეთ.
მაგრამ დედამ
წინსაფრები საპნიან წყალში ჩაალბო და
რომ ამოიღო,
სოკოები აღარსად იყვნენ.
წყალმა ჩაყარა საშიშ მილებში,
მდინარემ კი ზღვაში ჩაკარგა.
ზოგჯერ მგონია,
შეიძლება ჩვენი ბრალია – ჩემი და შენი,
რომ დღესაც კი ავადაა მზე,
რომელიც ამ ზღვაშია ამონავლები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box

2 Comments

  • Saba

    არ მეგონა ამას თუ დავწერდი, მაგრამ, მაინც, მომეწონა… არა, მარტო მე კი არ მომეწონა, უბრალოდ, კარგია… არა, მე რომ მოეწონა, ეგ კი არ ნიშნავს, რომ კარგია, არა, უბრალოდაა კარგი და მეც მომეწონა, იმიტომ, რომ კარგია. ბევრი ლამაზი მეტაფორაა ყველა ლექსში, ზოგში მეტად, ზოგში – არც ისე. არა იმიტომ, რომ ჩემი სახელია, მაგრამ, ლექსში “საბას” პირველი რამოდენიმე ხაზი ძალიან ლამაზი და კეთილი იყო. დიდი მადლობა იმის შეხსენებისათვის, რომ ჩემი უმისამართო და ინერციული სკეპთიციზმი, რომელიც ქართველი, თანამედროვე პოეტების მიმართ მიჩნდება ხოლმე ავტომატურად, არასწორია და ბევრს ვკარგავთ ასეთი დამოკიდებულებით. მეტი ასეთი ლექსის დაწერას გისურვებთ, მაია, და უკეთესების დაწერასაც!

    საბა.