• რეცენზია

    აგოტა კრისტოფი – საერთო რვეული.

    სოსო ტაბუცაძე
    შეჯიბრი ყოფნაში
    აგოტა კრისტოფი. საერთო რვეული. თარგმანი მედეა ზუბალაშვილისა. ყდის დიზაინი სოფიო კინწურაშვილისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2001.

    საქართველოში ლიტერატურის ფართო მკითხველისათვის აგოტა კრისტოფი უცნობი სახელია. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე უცნობი იყო იგი ევროპელი მკითხველისთვისაც, ვიდრე 1986 წელს, უნგრული წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნებდა რომანს, რომელიც კრიტიკოსებმა მეოცე ასწლეულის “ყველაზე ულმობელ წიგნად” მონათლეს და რომელსაც, ფრანგ კრიტიკოსთა მოწმობით, ლიტერატურაში აფეთქების ეფექტი ჰქონდა.
    ამ კალამბურული გვარ-სახელის მქონე მწერლის თხზულება “Le Crand Cahier” – “სქელი” თუ “საერთო რვეული” (ქართული თარგმანის ავტორმა, ქალბატონმა მედეა ზუბადალაშვილმა ეს უკანასკნელი ვერსია არჩია) – თხუთმეტი წლის შემდეგ ჩვენშიაც გამოქვეყნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაა და არა მწერლის ან გამომცემლის, მით უფრო რომ სოფიო კინწურაშვილის მიერ შესრულებული ყდის დიზაინიც ძალზე მიმზიდველსა ხდის თაროზე შემოდებულ “საერთო რვეულს”, რომლის ავტორის გვარ-სახელიც ყველას ფსევდონიმი ჰგონია. თუ მაინც ფრანგ კრიტიკოსთა მიერ ხაზგასმულ “ულმობლობას” გავიხსენებ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ იგი არა მხოლოდ გვარ-სახელის კალამბურულობით, არამედ “ულმობლობითაც” მიაგავს თავშესაქცევი დეტექტივების ვირტუოზულ მთხზველ ლედის – აგატა კრისტის, რომელმაც მწერლური მოღვაწეობა ჰოსპიტალის აფთიაქში მუშაობისას, წამლების ჩამორიგების შემდეგ მორჩენილ თავისუფალ დროს გასართობი სიუჟეტების წერით დაიწყო. აგოტა კრისტოფმა კი სადაგი ყოფის გარდათქმა “ტექსტთან ახლო” არჩია და შეურევნელი რეალობა და “შიშველი სიმართლე” ასახა. ასეა დანახული რომანის გმირების მიერ ის სამყარო, რომელსაც მწერალი პერსონაჟების თვალთახედვით აღწერს. აღწერილის ქარგა კი ასეთია: ომი დასასრულს უახლოვდება, დედაქალაქიდან პატარა საზღვრისპირა ქალაქში დედას ტყუპი ვაჟიშვილი ჩამოჰყავს. დიდ ქალაქს ბომბავენ, შიმშილობაა. აქ კი ბებია ცხოვრობს, რომელსაც ყველა “კუდიანს” ეძახის, რადგან, როგორც ამბობენ, საკუთარი ქმარი მოუწამლავს. ამ ამბის შემდეგ ქალიშვილი აქ აღარ გამოჩენილა. ვერ იტანს დედას, მაგრამ გაჭირვებამ კვლავ მასთან მიიყვანა. ათი წლის შემდეგ დედასა და ქალიშვილს შორის გამართულ დიალოგს ფანჯარასთან ჩაცუცქული ბიჭებიც ისმენენ და მათთვის უკვე ნათელი ხდება, თუ სად მოხვდნენ. ბებია იტოვებს შვილიშვილებს იმ პირობით, რომ ბიჭებს თავის ყოველდღიურ მძიმე საქმიანობაში მოიხმარს და ამუშავებს: “დამაცადეთ, გაგაგებინებთ, რა სიმწრის ფასად მოიპოვება ეს ყველაფერი”. ბებიის ამ მუქარაზე ბიჭების რეაქციაც შესაბამისია: “ჩვენ ბებიას ენას ვუყოფთ. ის … ხმამაღლა ხითხითებს, თან თეძოებზე ხელებს იტყაპუნებს”. დედა გაბრუნდება, ხოლო ბებია-შვილიშვილების ასეთი “სიამტკბილობით” დაწყებული ურთიერთობა ამავე ნოტაზე გაგრძელდება ქვეყნიერების ამ ყურეში, სადაც ომის ჯერ მხოლოდ ექო აღწევს…
    ტყუპების შემდგომი ყოფა არის ერთგვარი შესავალი ტანჯვის ანესთეზიაში ანუ რაღაცნაირი მზადება უფრო მძიმე და აუტანელი ცხოვრებისათვის. ამიტომ შემთხვევით არ მიწოდებია მათთვის გმირები, რადგან ისინი მართლა ასეთები არიან: ითმენენ, უძლებენ, წინააღმდეგობებს გადალახავენ და ამ გულგრილ და თანაგრძნობისგან განძარცვულ გარემოს თავის კოლოსალურ ნებისყოფას უპირისპირებენ:
    “ბებია ხშირად გვცემს – ხელით იქნება, ცოცხითა თუ სველი ტილოთი. ყურებითა და თმებითაც ხშირად გვითრევს.
    ვერ გაგვიგია რატომ, მაგრამ სხვებიც არ გვაკლებენ ცემა-ტყეპასა და პანღურს”. ამ ყველაფერს ხომ გაძლება უნდა და ბიჭებიც გამძლეობაში იწყებენ ვარჯიშს. ეს კი ასე გამოიყურება: “გადავწყვიტეთ სხეული ისე გავიკაჟოთ, რომ ტკივილი უცრემლოდ გადავიტანოთ.
    თავდაპირველად ერთმანეთს ვცემთ და ვჟეჟავთ.
    შიშვლები ვართ და ერთმანეთს ქამრით კარგად ვახურებთ.
    ხელი ცეცხლზე გვიჭირავს, დანით ბარძაყს, ხელსა და მკერდს ვისერავთ და ზედ არაყს ვისხამთ, თან ერთთავად ვიმეორებთ:
    – არა მტკივა!
    მალე მართლაც დავკარგეთ ტკივილის შეგრძნება”.
    ასე მოუღლელი სიბეჯითით აგრძელებენ ბიჭები ვარჯიშებს “შიმშილში”, “მათხოვრობაში”, “სისასტიკეში”, “ლანძღვა-გინების ატანაში”, “გრძნობათა წრთობაში” და ყველა იმ მოსალოდნელ უბედურებაში, რასაც მათ სასტიკი ცხოვრება უმზადებს.
    “უბედურება” ვახსენეთ და ეს მხოლოდ ჩვენეული შეფასებაა, ხოლო მათთვის ყველაფერი უკვე რიგით მოვლენად აღიქმება. და, საერთოდ, ამ რომანში შეფასებათა და რაიმეგვარ მორალურ რეფლექსიათა ნატამალიც არ არის. აქ ყველაფერი ისეა აღბეჭდილი, როგორც ხდება ანუ როგორც ბიჭები ხედავენ და იწერენ საერთო რვეულში. “კარგი” და “ცუდი”, “სიკეთე” და “უკეთურობა” და სხვა რაიმე გრამატიკული, ომონიმური ფორმები თუ ცხოვრებისეული ოპოზიციები სრულიად ზედმეტია აგოტა კრისტოფის ენისათვის. აქ წამლად ვერ იპოვით ეპითეტს, მეტაფორას ან ფრაზეოლოგიურ კონსტრუქციას; მოვლენებთან რაიმეგვარ ემოციურ მიმართებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ აგოტას შემოქმედებას (ყოველ შემთხვევაში, “საერთო რვეულის” მიხედვით, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია) მე ვუწოდებდი “უნაშთო პროზას”, რადგან აქ სიტყვა და ქმედება ერთმანეთს ფარავს, ერთმანეთს უდრის და ერთიერთზეა. ენა თავისი რესურსის მინიმუმს ავლენს და მხოლოდ მაშუალის ფუნქცია აკისრია. ეს ფუნქცია კი შეურევნელი სიმართლის ასახვას გულისხმობს და მწერლისა და მისი გმირების (ისინი ხომ ერთდროულად წერენ!) შემოქმედებითი მეთოდიც ეს არის. აი, რა წერია ტყუპების რვეულში: “თხზულება უნდა იყოს მართალი, უნდა აღვწეროთ რა ხდება, რას ვხედავთ, რა გვესმის და რას ვაკეთებთ.
    მაგალითად, არ შეიძლება დავწეროთ “ბებია კუდიანს ჰგავს”, მაგრამ შეიძლება დავწეროთ ასე: “ხალხი ბებიას კუდიანს ეძახის”.
    არ შეიძლება დავწეროთ “პატარა ქალაქი ძალიან ლამაზია”; ხომ შეიძლება პატარა ქალაქი ჩვენ გველამაზებოდეს და სხვას არ მოსწონდეს”.
    მოწონება გრძნობის გამომჟღავნებაა და იგი სრულიად ზედმეტი მარაგია თავისი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო. მოწონება მიჯაჭვულობასაც ნიშნავს, ისევე, როგორც სიზუსტესა და ობიექტურობას მოკლებული სიტყვა “სიყვარული” და ამიტომ ერიდებიან ბიჭები გრძნობათა აღმნიშვნელ სიტყვებს: “ყოველთვის ჯობს მოერიდო მას და უბრალოდ აღწერო საგნები, მოვლენები, ადამიანები და საკუთარი თავი – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიჰყვე ფაქტების მიუკერძოებელ გადმოცემას”. ეს არის ძმების კრედო და მწერლის პოზიცია. მოკლედ რომ ვთქვათ, აგოტა კრისტოფმა შექმნა ერთი გაბმული მეტატექსტი, რომლის კითხვის დაწყება თუ შეძელით, დასრულება უკვე თქვენზე აღარ იქნება დამოკიდებული, რადგან მწერალი ისეთ მოვლენებში გაგხვევთ, რომ ტექსტის თამაშის პირობებს ბოლომდე ვერ დააღწევთ თავს.
    დაწყებით კი, როგორც უკვე ვთქვით, “წიგნიც” და “რვეულიც” ამ პატარა ქალაქში ჩამოსვლით იწყება: “მთელი ღამე ვმგზავრობდით. დედას თვალები დასწითლებია. მას ვეება ყუთი მოაქვს, ჩვენ კი, ორ ბიჭს პატარ-პატარა ჩემოდნები… მოგვაქვს აგრეთვე მამისეული სქელი ლექსიკონი. ხელები მალ-მალე გვეღლება და ლექსიკონიც რიგრიგობით მოგვაქვს”. შემდეგ ამ ლექსიკონს ბებიის სახლის სხვენზე ნაპოვნი ბიბლიაც ემატება და ბიჭების სწავლა-განათლების სტრატეგიაც ამ წიგნებს უკავშირდება: “ლექსიკონი გვჭირდება მართლწერისათვის, სიტყვათა მნიშვნელობის შესასწავლად და კიდევ იმისათვის, რომ შევისწავლოთ ახალი სიტყვები, სინონიმები და ანტონიმები.
    ბიბლიას ვიყენებთ ხმამაღალი კითხვის გაკვეთილებისათვის, კარნახისა და ტექსტების დაზეპირებისათვის”. ბიჭებისთვის წმინდა წიგნებს სხვა ფუნქცია არა აქვთ. მათ მხოლოდ პრაქტიკული მხარე აინტერესებთ. ის, რაც ყოველდღიურობაში გამოადგებათ და “საერთო რვეულის” შევსებაში დაეხმარებათ. სხვა დანარჩენი ფარისევლობად ესახებათ. მღვდლის შეკითხვაზე, – კითხვა თუ მაინც იცითო, – ბიჭები ცქვიტად უპასუხებენ: “- ჩვენ ყველაფერი ეს ვიცით, ბატონო. ბიბლია გვაქვს, და ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც უკვე წავიკითხეთ… ზოგიერთი თავი ზეპირადაც ვიცით.
    – თქვენ აბა ათი მცნებაც გეცოდინებათ. იცავთ კი მას?
    – არა, ბატონო, არ ვიცავთ. და არც არავინ იცავს. ნათქვამია, “არა კაც კლაო”, მაგრამ ყველა მარტო იმას ცდილობს, რომ მოკლას”. განიარაღებული მღვდელი ვერაფერს უპასუხებს და “- რას იზამ, ომიაო” – ჩაილაპარაკებს; მაგრამ ბიჭებს კიდევ უფრო “პრაქტიკული”, ისტორიასა და გეოგრაფიაზე დაწერილი წიგნები აინტერესებთ. “- მოგონილ კი არა, ნამდვილ ამბებზე დაწერილი წიგნებიო” – აზუსტებენ თავის ინტერესებს და მღვდელიც თავისი ბიბლიოთეკიდან ამგვარი წიგნების შერჩევას სამომავლოდ პირდება. ტყუპი ძმის ამგვარ პრაქტიკულ ზრახვათა შორის განსაკუთრებული ადგილი საერთო რვეულის ჩანაწერებს ეთმობა, რადგან სწამთ, რომ, – ადამიანი იმისთვის იბადება, რათა წიგნი დაწეროს… არა აქვს მნიშვნელობა, გენიალური თუ საშუალო; მაგრამ ვინც არაფერს დაწერს – დაკარგული ადამიანია; მან მხოლოდ განვლო დედამიწაზე და კვალი არ დატოვა. ბიჭებიც სწორედ ამ კვალისათვის იღვწიან რუდუნებით და ავსებენ და ავსებენ საერთო რვეულს და ამავე ტელეგრაფული სტილით იწერება აგოტას წიგნიც. იგი ცდილობს სიმართლის მოთხრობას არა იმდენად ომსა და საბჭოთა ოკუპაციაზე, რამდენადაც ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ძვრებზე, რომელსაც ეს ისტორიული რეალიები მხოლოდ ფონად ევლინება. ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ რომანში ვერ აღმოაჩენთ ვერც ერთ გეოგრაფიულ პუნქტსა და დასახელებას. უნგრეთის დედაქალაქი მხოლოდ “დიდი ქალაქია”, ხოლო ავსტრიის საზღვარზე მდებარე ქალაქი, სადაც ბიჭები ჩამოიყვანეს – “პატარა ქალაქი”; “უცხოელი ოფიცერი” – გერმანელია, ხოლო “ახალი უცხოელები” – რუსები.
    მოვლენათა კალეიდოსკოპურ ცვალებადობაში ტყუპები სრულიად თავისებურ ზნეობრივ ნორმებს გამოიმუშავებენ. სკაუტების მსგავსად, ვარჯიშთა მათ მიერ შექმნილი კომპლექსები ისეთ იმუნურ უნარებს უყალიბებთ, რომ ძნელად თუ რამე გამოიყვანს მათ წონასწორობიდან: ყველაზე დიდი შოკი კურდღლისტუჩასა და მათი ძაღლის “სექსუალურ თამაშს” უნდა გამოეწვია, მაგრამ კრისტოფის გმირები არამიწიერი სიმშვიდით შეჰყურებენ რომანის ამ ყველაზე უჩვეულო და ამიტომაც შთამბეჭდავ სცენას; ეგ კი არა, იქით ამხნევებენ უსიყვარულობით გატანჯულ (“მარტო ცხოველებს ვუყვარვარ”) კურდღლისტუჩას: – ჩვენ არასოდეს არავის არაფერს ვუყვებით. შეგიძლია გვენდო.
    უფროსი ბავშვები პატარებს ჩაგრავენ. ადგილობრივებს დედები ჰყავთ ქომაგად. ტყუპებს გამომსარჩლებელი არა ჰყავთ: “ჩვენც ვიარაღდებით: ქვებს ისე ვამტვრევთ, რომ ბასრი პირი ჰქონდეს, წინდას ვტენით სილითა და წვრილი კენჭებით. გვაქვს სამართებელიც – იგი სხვენში კომოდში, ბიბლიის გვერდით ვიპოვეთ. საკმარისია სამართებელი ამოვიღოთ, რომ დიდი ბიჭებიც გარბიან”. ბიჭებს სამართებელი არ აუმოქმედებიათ, მაგრამ მათი “სისასტიკის ვარჯიშების” მცოდნე მკითხველმა უკვე იცის, რომ იარაღი, თუკი საქმემ მოითხოვა, საიმედო ხელს უპყრია.
    – გოჭის ან ქათმის დაკვლა როცა მოგინდეთ, გვითხარით, ჩვენ დაგიკლავთ ხოლმეო, – ემუდარებიან ბიჭები ბებიას.
    “- რაო, ეს საქმე მოგწონთ თუ რა?
    – არა, ბები, სწორედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს, გვინდა შევეჩვიოთ”. და ბიჭებიც ეჩვევიან. იწყებენ თევზების თავის გაჩეჩქვით, გადადიან “საჭმელად განდევნილ ცხოველებზე” – ქათმებზე, კურდღლებზე, იხვებზე. მერე ისეთი ცხოველების ხოცვას იწყებენ, “რომელთა დახოცვასაც აზრი არა აქვს. ვიჭერთ ბაყაყებს, ვაჭედებთ ფიცრის ნატეხზე და ვუფატრავთ მუცელს, ვიჭერთ პეპლებს და ქინძისთავით მუყაოზე ვაბნევთ.
    ერთხელაც ჩვენს წითურ კატას ვკიდებთ ხეზე. ჰკიდია, ჰკიდია და ნელ-ნელა ისე გაიწელა, რომ უზომოდ დაგრძელდა. კატა იკრუნჩხება და იგრიხება. მოძრაობას რომ წყვეტს, თოკს ვჭრით. კატა ბალახებზე გაჭიმული უგრძნობლად წევს, მაგრამ მერე უეცრად წამოხტება და გაიქცევა”.
    კრისტოფის გმირები არც სამრევლო ეკლესიის მღვდლის შანტაჟს ერიდებიან, რათა ცოტაოდენი ფული წასცინცქლონ და გაჭირვებულ კურდღლისტუჩასა და ლოგინად ჩავარდნილ დედამისს შეეწიონ. საჭიროების შემთხვევაში აპურებენ მათ, მაგრამ იმავე “საჭიროებისას” სიკვდილს მონატრულ კურდღლისტუჩას დედას (თვით კურდღლისტუჩას საბჭოთა ჯარისკაცებთან ორგიისას ამოხდა სული) ყელს გამოჭრიან და ტვირთად ქცეული სიცოცხლისაგან ათავისუფლებენ: “ჩვენ მას სამართებლით ყელს ვჭრით, მერე არმიის სატვირთო მანქანიდან ბენზინს ვიღებთ, ვასხამთ მკვდარსაც და სახლის კედლებსაც, ცეცხლს ვუკიდებთ და შინ მივდივართ”. ასე გულგრილად მოქმედებენ კრისტოფის გმირები და ისინი არასოდეს განიცდიან სიბრალულის მსგავს რაიმე განცდას; სინდისის ქენჯნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და მაინც საოცარი რამ ხდება: ტყუპ ძმებს ვერ შეიძულებ. პირიქით კი შეიძლება მოხდეს… ან უფრო სწორი იქნება, თუ ისევე “სულერთიად” წაიკითხავ წიგნს, როგორც კრისტოფის გმირები ცხოვრობენ.
    დაბოლოს, ჩემ მიერ არცთუ მწყობრად განსჯილი აგოტა კრისტოფის “საერთო რვეულის” პასაჟები თამაშად და მღერად მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც ტყუპები რომანის ბოლოს სჩადიან.
    ამაზე კი შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას…
    “ყველაზე ულმობელი წიგნიო” – კრიტიკოსებმა.
    მგონი, არ უნდა ცდებოდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    ზაზა ბერიშვილი: საქართველოში წიგნის ფასი გაუმართლებლად მაღალია

    ნანა კობაიძე
    ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბატონი ზაზა ბერიშვილია, გამომცემელი, რომლის საქმიანობის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინათ მხოლოდ მისმა მეგობრებმა და პარტნიორთა ვიწრო წრემ იცოდა. ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პროექტის შემდეგ კი იგი ფართო საზოგადოების სერიოზული ინტერესის ობიექტად იქცა. რატომ, ქვემოთ შეიტყობთ.
    ზაზა ბერიშვილს გამომცემლობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. არც ირგვლივ ჰყოლია ვინმე, ვისი მაგალითიც ამ საქმიანობისკენ უბიძგებდა. პროფესიით ექიმია და მის ოჯახშიც ძირითადად ამ სფეროს წარმომადგენლები ჭარბობენ. თუმცა, როგორც ხუმრობით იხსენებს, ყოფილა ვინმე თავადი ნიჟარაძე, რომელიც მას დედის მხრიდან ენათესავება და 1800 წელს პირველი ქართული სტამბის ზედახედველად დაუნიშნავთ. ეს იყო და ეს. თავად მისი საექიმო კარიერა თავიდანვე მკვეთრად იყო განსაზღვრული. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი თერაპევტის სპეციალობით. 1989 წელს კიევში საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა, თუმცა, შემდგომი საქმიანობა სრულიად სხვა მიმართულებით წარმართა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ექიმებს უჭირთ და ოჯახში ვიღაცას პურის ფულიც ხომ უნდა შემოეტანაო – “განმარტა” საკუთარი არჩევანი. თუმცა, მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა – ზაზა ბერიშვილს ძალიან უყვარს კითხვა. სანამ საკუთარ გამომცემლობას დააარსებდა, ბევრი ეტაპი გაიარა, ისწავლა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ისეთ ადამიანს, როგორიც ის არის, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საკუთარი გამომცემლობა, თავად განესაზღვრა, რას გამოსცემდა და როგორ. 1998 წელს ჩანაფიქრი რეალურად განახორციელა. ასე შეიქმნა გამომცემლობა “სანი,” რომელიც თავდაპირველად სხვის შეკვეთებს ასრულებდა. ისევე, როგორც ბევრი სხვა გამომცემლობა, ბეჭდავდნენ ყველაფერს, რასაც შესთავაზებდნენ – ღია ბარათებსაც და მხატვრულ ლიტერატურასაც. გარკვეული პრიორიტეტები გაცილებით გვიან გამოიკვეთა. დღესდღეობით ზაზა ბერიშვილი “სანის” საქმიანობას წარმატებულად მიიჩნევს, იმიტომ, რომ შეუძლია გამოსცეს იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც ძალიან უყვარს.
    ზემოთ მოგახსენეთ, რომ “სანის” რამდენიმე საინტერესო პროექტმა გაუთქვა სახელი, ეს პროექტები სამომავლოდ გამომცემლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება. ყველაფერი გურამ დოჩანაშვილთან ნაცნობობით დაიწყო, რომელიც ზაზა ბერიშვილის საყვარელი მწერალია. გაცნობისთანავე შესთავაზა, რომ გამოსცემდა ნებისმიერ ნაწამოებს, რომელსაც ბატონი გურამი ისურვებდა. არჩევანი ძმები კეჟერაძეების ამბებზე შეჩერდა და ასე გამოიცა პირველი პროექტი, რომელშიც დოჩანაშვილის 5 მოთხრობა შევიდა. ამას მოჰყვა “ვატერპოლო,” ამის შემდეგ კი ბატონმა ზაზამ გარისკა და “სამოსელი პირველიც” გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. ეს გამოცემა რიგით მეოთხეა. მესამე გამოცემიდან 10 წელზე მეტი გავიდა. ზაზა ბერიშვილი გაკვირვებულია, რატომ არავის მოუვიდა აზრად მისი ხელახალი დასტამბვა. ეს წიგნი ხომ იმ ნაწარმოებთა რიცხვში შედის, რომელიც ძალიან უყვარს მკითხველს. “სხვათა შორის, “სამოსელი პირველის” გამოცემა ძალიან გამიიოლდა, რადგან წიგნზე მომუშავე პერსონალი უანგაროდ აკეთებდა საქმეს, ისინი ბედნიერნი იყვნენ ამ პროქტის განხორციელებით. ერთადერთი პრობლემა ქაღალდის შეძენა იყო” – მითხრა ბატონმა ზაზამ. მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გურამ დოჩანაშვილს უკავშირდება, მინიმალურ საგამომცემლო ხარჯებს მოითხოვდა. “5 მოთხრობის” პრეზენტაციისთვის დარბაზს ვეძებდი. ჩვეულებრივ, მისი დაქირავება საკმაოდ ძვირია. დავრეკე საჯარო ბიბლიოთეკაში. დარბზის ფასი რომ ვიკითხე, შეიცხადეს, რას ამბობთ, გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაციაში ფულს როგორ გამოგართმევთო – იხსენებს ზაზა ბერიშვილი.
    არცთუ დიდი ხნის წინათ, კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი კიდევ ერთი პროექტი მოექცა. ეს გახლდათ რეზო გაბრიაძის ახალი რომანის – “ქუთაისი ქალაქია” – პრეზენტაცია და უკვე ცნობილი – “შერეკილების” ხელახალი გამოცემა. ამ გამოცემათა ისტორია ასეთია: დაახლოებით ერთი წლის წინათ საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ ერთ-ერთ მიღებაზე ფრანგებმა რეზო გაბრიაძეს წარუდგინეს გამომცემელი ზაზა ბერიშვილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მათთან. ამ შეხვედრისას გაირკვა, რომ ბატონ რეზოს ჰქონდა გარკვეული იდეები, მაგრამ ვერ იპოვა გამომცემელი, რომელიც მათ ზუსტად განახორციელებდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს და გადაწყდა, რომ გაბრიაძის ახალ რომანს სწორედ ზაზა ბერიშვილი გამოსცემდა. “ბატონი რეზოს წიგნის გამოცემა ნებისმიერი გამომცემლობისთვის დიდი პატივი იქნებოდა. როგორც ჩანს, მას ჩვენი გამომცმლობის მუშაობის მთავარი პრინციპი მოეწონა – ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი პროექტებიდან მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ისინი ორ მთავარ მიზანს ემსახურება – ავტორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მკითხველისთვის ხელმისაწვდომ ფასს” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა. სხვათა შორის, ჩემს რესპოდენტთაგან იგი პირველია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში წიგნის ფასები გაუმართლებლად მაღალია. “რეალურად წიგნის გამოცემა არ ჯდება ისე ძვირი, რომ ამხელა ფასი დავადოთ – ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს. მსოფლიოში წიგნი არსად არის იაფი, მაგრამ იქ მოსახლეობას იმხელა ანაზღაურება აქვს, რომ მაღალი ფასი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა წიგნში ძალიან ძვირს ვერ გადაიხდის. ზოგჯერ მათი ფასი გაუმართლებლად მაღალიც კი არის. ეს თბილისელი ტაქსის მძღოლების ამბავს მაგონებს: მოგეხსენებათ, თბილისში ორნაირი მძღოლები არიან – ერთნი მთელ დღეს სადგურთან დგანან და 50-ლარიან კლიენტს ელიან, მეორე კატეგორია განუწყვეტლივ დარბის ქალაქში და სამლარიანი მგზავრიც მიჰყავს და ლარიანიც. ერთი სიტყვით, ოჯახს ორივე არჩენს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ჩვენი გამომცემლებიც დაახლოებით ასე იქცევიან, ზოგს ურჩევნია 500 წიგნი გამოსცეს და 10 ლარად გაყიდოს. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია, მირჩევნია 1000 ეგზემპლარი გამოვცე და 2-3 ლარი დავადო, რადგან მინდა, რომ ჩემი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იყიდოს.” – ამბობს ზაზა ბერიშვილი და ძნელია, არ დაეთანხმო. სამომავლოდ იგი კიდევ რამდენიმე საინტერესო წიგნის გამოცემას აპირებს. სულ მალე მკითხველი იხილავს ოთარ ჭილაძის პოემებისა და ლექსების კრებულს, რომელიც ასევე დიდი ხანია, არ დასტამბულა და გოდერძი ჩოხელის კრებულს, რომელშიც მისი ახალი ნაწარმოებები შევა. “სანი” ახალგაზრდა საინტერესო ავტორებთანაც აპირებს თანამშრომლობას, შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურაც, მაგრამ ბატონმა ზაზამ მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. სამაგიეროდ, ერთი ახალი პროექტის შესახებ პირველი განცხადება ჩვენთვის გააკეთა. მისი თქმით, გაზაფხულზე პატარა მკითხველები ეგზიუპერის უკვდავ ქმნილებას, “პატარა უფლისწულს” იხილავენ, რომელსაც “სანი” ცივილიზებული გზით, ანუ საავტორო უფლებების სრული დაცვით გამოსცემს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს წიგნი საქართველოში რამდენჯერმე გამოიცა, თუმცა, პირატულად. “სანიმ” ამ წიგნის საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობა “გალიმარს” მიმართა. საფრანგეთში ამ ქმნილებას ეროვნულ განძთან აიგივებენ და მის საავტორო უფლებებსაც სიფრთხილით ეკიდებიან. “ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ და პასუხიც კი არ გაგვცეს” – იხსენებს გამომცემელი. შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ რჩევისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართა. საბედნიეროდ, იქ უკვე იცნობდნენ ზაზა ბერიშვილს, რეკომენდაციაც გაუწიეს და საავტორო უფლებების შეძენაშიც დაეხმარნენ. ამ გამომცემლობის მიწვევით ოქტომბრის დასაწყისში ბატონი ზაზა საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ბევრ სამომავლო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. “გალიმარი” დაინტერესებულია, რომ მისი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნები ისეთ პატარა ქვეყანაში გამოვიდეს, როგორიც საქართველოა. ისინი თანამედროვე ქართული მწერლობითაც დაინტერესდნენ. ზაზა ბერიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ურთიერთობა ორივე მხარისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. ფრანგული შთაბეჭდილებებიდან ბატონმა ზაზამ ერთი საინტერესო ფაქტი გვიამბო. თურმე, ბოლო დროს საფრანგეთში ძალზე დაეცა მოსახლეობის დაინტერესება პოეზიით. იმისათვის, რომ ხალხი გახდეს უფრო ემოციური და ნაკლებ პრაგმატული, საფრანგეთის მთავრობამ ასეთ ხერხს მიმართა – მეტროს ვაგონებში გამოაკრა ნაწყვეტები პოეზიიდან, რომელსაც ყოველ კვირა ცვლიან. ერთ დღეს ვაგონში შესულმა ქართველმა გამომცემელმა მისდა გასაოცრად კედელზე ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისას” ნაწყვეტები აღმოაჩინა – ქართულ და ფრანგულ ენებზე. საფრანგეთის მთავრობა ზრუნავს არა მხოლოდ ფრანგული, არამედ უცხოური პოეზიის პოპულარიზაციისთვისაც. “რა თქმა უნდა, იმის წარმოდგენა, რომ დღეს საქართველოში ვინმე ლიტერატურის პოპულარიზაციით დაინტერესდება, ილუზიაა, უბრალოდ, ეს არის შესანიშნავი მაგალითი, რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა კარგად ვიცხოვრებთ” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა.
    გამომცემლობა “სანის” სამომავლო საქმიანობა კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს. ეს არის უცხოური ბესტსელერების გამოცემა ქართულად. უახლოეს მომავალში გამოსცემენ ფრანგი ავტორის, ვენსან რავალეკის ბესტსელერს, რომელსაც მთელი საფრანგეთი კითხულობს. ბატონ ზაზას ეს პროექტი, ცოტა არ იყოს, აშინებს, რადგან ფიქრობს, რომ ამ წიგნს საზოგადოებაში ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც თავის დროზე გადაცემა “ფსიქოს,” თუმცა, გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მისი თქმით, ეს ნაწარმოები არ არის განკუთვნილი ფართო მასისთვის, იგი იმ კატეგორიის მკითხველს დააინტერესებს, რომელსაც უნდა გაიგოს, რას კითხულობენ დღეს საფრანგეთში. “დაგეგმილია კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა. ეს არის ასევე ფრანგი ავტორის, უელბეკის ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები,” რომელსაც გიორგი ეკიზაშვილი თარგმნის. საქართველოში მომავალ საფრანგეთის კულტურის ატაშეს ეს წიგნი პრეზენტაციიდან სამი კვირის შემდეგ თურქეთის აეროპორტში თურქულად ნათარგმნი უნახავს, იგი რუსულადაც თარგმნეს. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” – გვითხრა ბატონმა ზაზამ. ერთი სიტყვით, გეგმები ბევრია, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს რესპონდენტს წარმატება ვუსურვოთ, რადგან მისი წარმატება ქართველი მკითხველის ბევრი ახალი წიგნით მომარაგებას ნიშნავს.

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”