იმდენად მწარეა რეალობა, რომ ჩნდება განცდა: საქართველო დღეს უკვე მითია… და მაინც დიდი ბერძენი მოაზროვნის პერიფრაზს მოვიშველიებ და ჩვენს სამშობლოზე ვიტყვი: ვინც საქართველოში დაიბადა, მისი მოვალეობაა განაგრძოს მარადიული ქართული მითი…
ოთარ ჩხეიძეს მთელი თავისი შემოქმედების რთულ რელიეფზე საკუთარი სამშობლოს ბედი აინტერესებდა, ამ ბედს განიცდიდა. რა ესაქმება მწერალს პოლიტიკასთანო. ეს დემაგოგების მოგონილია. განსაკუთრებით ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის ქვეყნებში ჰქონდა ამ ფორმულას გასაქანი. უცნაურია! ეს ფორმულა აქტუალური გამოდგა ე.წ. დემოკრატიულ საქართველოშიც.
უნიჭიერესი ხალხისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო მსგავსი თემები. შევარცხვინე ისეთი მწერალი, ოფიციოზისგან რომ ითხოვს სამშობლოს სიყვარულის ნებართვას (ნოტარიუსის ფურცელივით). არადა ითხოვდნენ “საშუალოები”, ითხოვდნენ და გადმოგდებული ძვალივით ხრავდნენ კიდეც ამ უფლებას, რადგან “საშუალო მწერლობა” არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ წარმოადგენდა საფრთხეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას ყოველთვის მაღალნიჭიერ და სინდისიერ ხელოვანთა მისასევად იყენებდნენ.
ხშირად პირდაპირ იარაღით კლავდნენ და აკვლევინებდნენ ტალანტებს თავს. მერე ფორმები გაადემოკრატიულეს, დახვეწეს და გამოიგონეს – მაღალი, სტერილური ლიტერატურისათვის დაწვრილმანებაა პოლიტიკაზე ფიქრიო. ჭეშმარიტი ტალანტები მაინც არ წამოეგნენ ანკესს. მაშინ ამ ტალანტების, ამ ერთეულების ნაღვაწს იდეოლოგიურობის სტატუსი მიაკრეს და თავიანთი ჭკუით მხატვრული ღირებულება დაუკარგეს დაქირავებულმა კრიტიკოსებმა.
ეს იყო ერთგვარი “პროფილაქტიკური” დაწოლა. ეს პროფილაქტიკა განსაკუთრებით აგიტაციითა და პროპაგანდით გადაღლილ ქვეყნებში სჭრიდა. თუმცა ლათინურ ამერიკაში სწორედ ამ დათრგუნვის დროს ამოხეთქა მარკესისა და ვარგას ლიოსას ფანტაზიამ.
ოთარ ჩხეიძის უზარმაზარი ტალანტი და ულევი ენერგია ღია ვულკანივით იფრქვეოდა. ვერ იქნა და ვერ გააგრილეს, ვერ დააცხრეს, ვერ აქციეს მკვდარ კრატერად. ოფიციოზმა საიდან არ მოუარა, რით არ მოუარა, მაინც ვერაფერი დააკლო, ვერაფრით მიუდგა და ბოლოს თავი იმით დაიმშვიდა, რომ “ძნელად საკითხავ” “მწერალთა რიგებს მიაკუთვნა. იცოდა რასაც აკეთებდა: “ძნელად საკითხავი” მწერლები იყვნენ ჯოისიც და ფოლკნერიც, სამაგიეროდ, ხალხს არ ყოფნის განათლება და ენერგია ამ “ძნელების” დასაძლევად და გასაგებადო…
მწარედ მოტყუვდნენ. სხვადასხვაგვარი მკითხველი ჰყავდა ხალხის სახით ევროპა-ამერიკასა და საქართველოს. ისე როგორც სხვადასხვაგვარი იყო ამ ქვეყნებში მწერლის მისია და ფუნქცია.
რაც შეეხება სტილს, ოთარ ჩხეიძის სტილი ერთგვარი მედიუმია, გამტარია მზესა და მიწას შორის. ცასავითაა, მზის ენერგიას რომ ფილტრავს და აკავებს. რომ არა ცა, მზის მხურვალება გადაბუგავდა დედამიწას. ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაშიც ასეა. იმდენი საიდუმლო, ისეთი პროცესები და მოვლენები იმალება და კავდება მისი სტილისტიკით, რომ არა ეს ხელწერა, მათი ნიაღვრები წამლეკავი აღმოჩნდებოდა გონებისათვის. ისეთი განცდა რჩება თითქოს ეს მანერა, ეს სტილური წრებრუნვა, აზრის წრიული ტრიალი ფორმის თვალსაზრისით, საკუთარ ხალხის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გამოიგონა და შექმნა ოთარ ჩხეიძემ. აზრებისა და სიტყვების რეფრენული განმეორებებიდან მწერალმა მოახერხა ლაბირინთი შეექმნა და თან ცოდვაში, როგორც ლაბირინთში მდგარი თანამემამულეებისათვის დაენახვებინა ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების უმწეობა და უძლურება.
ოთარ ჩხეიძე, ევროამერიკული ლიტერატურის ასე ღრმა მცოდნე, მიხვდა, რომ ახლოვდებოდა ჟამი გამყინვარებისა, “დიდი სიცარიელისა”. შპენგლერის სიტყვების პერიფრაზირებით ვიტყვი – საქართველოს სულიერი დაზამთრებისა. ოთარ ჩხეიძემ წინასწარმეტყველივით იგრძნო, რომ ევროპასავით ვერც მისი სამშობლო გადაურჩებოდა ამ გამყინვარებას, რომ არც მის სამშობლოს აპატიებდნენ არქაულ განცდას ერთმანეთისას, სისხლისმიერ, ნათესაურ თუ ქრისტიანულ დამოკიდებულებებს. თანამედროვე ცივილიზაციის მღვრიე ნაკადები ჩვენს სამოთხეშიც შემოაღწევდა და უკვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოახდენდა ჩვენი ემოციური, გრძნობისმიერი, ინტელექტუალური თუ სულიერი სამყაროს პოტენციალის გაზონებივით ერთ დონეზე შეკრეჭას.
საქართველოში არ არსებულა პროცესი, მოვლენა თუ ფაქტი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებული, ოთარ ჩხეიძეს თავისი გამორჩეული სიტყვა რომ არ ეთქვა. მან შექმნა მეოცე საუკუნის ქართლის ცხოვრების უწყვეტი ქრონიკა – თავისი 22 რომანით, მოთხრობებით, პიესებით, ნოველებით, ესეისტიკითა და პულიკაცისტიკით, გამოკვლევებით, თარგმანებით ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან. მარტო ჩამოთვლაც კი გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, აკაკისა და ილიას ენერგია გახსენდება და მერე როდის და მერე სად… რამდენადაც შიშის გამაოგნებელი, ყველაფრის გამხევებელი სიჩუმითაა დაწერილი ოთარ ჩხეიძის შედევრი “ბორიაყი”, იმდენად თავაშვებული, აგონიური ტემპითა და ხმაურით მოძრაობს “არტისტული გადატრიალების” დინამიკა და ყველა რომანი რომელიც შემდგომში დაიწერა.
ოთარ ჩხეიძის შემოქმედებითი ტალანტი, სიბრძნე და თავდადება მისთვის ჩვეული სიდარბაისლით უძლებდა მიზანდასახულ ნიაღვრებსა და ქარიშხლებს, სტიქიურობისა და ქაოტურობის გეგმაზომიერ შემოტევებს, რადგან მწერლის მრწამსი და პათოსი დღეს ან გუშინ კი არ გაჩენილა პოლიტიკური თუ სოციალური ამინდების შესატყვისად, არამედ მას ადრეული საუკუნეების სიღრმიდან მომავალი ძლიერი გენეტიკური კოდი და ინტელექტუალური გამოცდილება კვებავდა. ამიტომ ყოველთვის ახერხებდა კალიებივით შემოსეულ დიდ-პატარა საცდურთა და ცდუნებათაგან თავდახსნას. რა ბედნიერებაა, რომ ოთარ ჩხეიძე არასოდეს დამორჩილებია ზერელობის მაუწყებელ ტემპს ცხოვრებისას – დროს გამოდევნებულ ამ პროვინციულ სნობიზმს, როცა ყველა და ყველაფერი მოსწრებაზეა – გაცნობაცა და გადავიწყებაც, სიყვარულიცა და სიძულვილიც, ჩაცმაცა და გახდაც, გამდიდრებაცა და გაღატაკებაც, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, საფლავის ქვაცა და სანთლის დანთებაც დასწრებაზეა.
ბოლო წელიწადნახევარი, მიუხედავად იმისა რომ თავს ევლებოდნენ, იწვა დიდი შემოქმედისა და დიდი ადამიანის მარტოობით გათანგული. ერთი ჭკვიანი კაცის თქმისა არ იყოს – დიდი მარტოობა განხეთქილებაა დახავსებულ სამყაროსთან და ძალის მოკრება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრძოლა როგორც სხვებთან ისე საკუთარ თავთან მოგებული ჰქონდა, მისი “მარტოობის დიალექტიკა” ისევ წინ მიიწევდა და მომავლისთვის ფიქრობდა. მომავლისთვის ფიქრმა და ზრუნვამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთი დიდებული ანდერძი დაუტოვა ნატო ჩხეიძეს: როსტომმა უკვე შეასრულა დანაპირები, დაწერა ბიოგრაფიული რომანი იაკობ გოგებაშვილზე, ახლა ჯერი შენზეა, აბა თქვენ იცით როგორ მოუვლით იაკობ გოგებაშვილის სახელსა და მის კარ-მიდამოს. მოუარეთ გოგებაშვილს…
ასეთ ანდერძებს რახანია აღარ ტოვებენ სამყაროში… ბევრმა შეიძლება ვერც ამ უკანასკნელ სათხოვარს გაუგოს ვერაფერი დღევანდელ საქართველოში. ბროდსკის თქმისა არ იყოს, “თანამედროვე სამყაროში პოეტი ან დევნილია ან აღიარებული. იყო დევნილი, გაცილებით ადვილია – ანუ ადვილია შექმნა სიტუაცია, საიდანაც განგდევნიან, რადგან ნამდვილი აღიარება გაგებას გულისხმობს. საზოგადოება კი პოეტს მხოლოდ აღიარებას სთავაზობს – გაგების გარეშე”.
მე საზოგადოება არა ვარ, მე ვარ ერთი კერძო პირი და ამიტომაც მგონია, რომ გავუგე ჩემს საყვარელ მწერალს.
ჰერმან ჰესე თავის “ბავშვობის ბაღში” ასეთ რამეს ამბობს: “სამშობლო არც იქაა და არც აქ. სამშობლო ან შენშია ან არსად”.
ოთარ ჩხეიძე ბოლო წუთებშიც, დარწმუნებული ვარ, იმ ღვთაებრივი გასხივოსნებით სუნთქავდა, როგორც ბავშვობისდროინდელ ბაღში, და უმწეო ყვავილთან ჩაჩოქილს ვიღაცის სიყვარულითა და ერთგულებით სავსე ხმა ჩაესმოდა – აი, ია.
საკუთარი მამულის, საკუთარი ენისა და სარწმუნოების სიყვარულმა და ერთგულებამ შეაძლებინა ამ დიდ მწერალს ვალმოხდილი წასულიყო ჩვენგან და დაეტოვებინა XX საუკუნის “ქართლის ცხოვრების” უტყუარი, მაღალმხატვრული და მღელვარე ეპოპეა.
- სიტყვა, წარმოთქმული 2007 წლის 18 დეკემბერს, ოთარ ჩხეიძის გარდაცვალების გამო© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ნუგზარ შატაიძე – ორი მოთხრობა
-
ვწეროთ თუ ვიკითხოთ?
მაგდა კალანდაძე
ვწეროთ თუ ვიკითხოთ?თუ წიგნების დაწვაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული მათი წაუკითხაობაა, წიგნების დაწერასა და მათს გამოცემაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ალბათ სისხლის სამართლის რომელიმე მუხლს შეუფარდებდა ცნობილი ფრთიანი ფრაზის ავტორი. თუმცა, ამ შემთხვევაში დამნაშავის აღმოჩენა და შემდეგ ბრალდების წაყენება გაცილებით უფრო ძნელი საქმეა – როგორია, ადამიანს მწერლობაში ბრალი დასდო და შემდეგ დანაშაული დაუმტკიცო. დამნაშავეების ძებნას არც ჩვენ დავიწყებთ, თუმცა კი, დიდია ცდუნება, ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცემული წიგნების მწირი რაოდენობა და არასახარბიელო ხარისხი რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ფაქტორს, ან თუნდაც იურიდიულ პირს, ან კიდევ, ბოლოსდაბოლოს, რომელიმე მითოლოგიურ პერსონაჟს ან წყევლას მაინც გადავაბრალოთ. მაგრამ ზემოთ პასუხისმგებლობა ვახსენე, და ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ პასუხისმგებლობის დოზას ქართული ლიტერატურის საკეთილდღეოდ ყველა თუ გადაინაწილებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მხილებას, პროცესებზე თვალის დევნებასა და ამა თუ იმ ფაქტორის ავკარგიანობის გარკვევას არ დაგზარდებით, დროდადრო ჩვენეულ გამოსავალს და სწორ გზებსაც მივუთითებთ.
მიუხედავად ლიტერატურის ცნების მრავალმნიშვნელიანობისა და აბსტრაქტულობისა, წიგნი საკმაოდ მატერიალისტური ცნებაა, და შესაბამისად, ისეთი სოციალური სექტორისათვის, როგორიც გამომცემლები არიან, მატერიალური დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ამ ასპექტშიც კი, თუ გადავხედავთ საზღვარგარეთული საგამომცემლო ინდუსტრიის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფორმა, რომლითაც ლიტერატურა იყიდება, რომანია. ყურადღებას არ გავამახვილებ ლიტერატურულ პრემიებსა და კონკურსებზე, რომლებიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის პოპულარიზაციას – ამის გარეშეც რომანი მხატვრული ნაწარმოების ის ფორმაა, რომელიც მკითხველის რეცეფციისთვის ყველაზე კარგი აღსაქმელია, ერთგვარი “საინტერესო” და “თავშესაქცევი” ჟანრიცაა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის ხერხემალს ქმნის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერც ლიტერატურული ღირებულებებისა და ტენდენციების განვითარებისა და ვერც კომერციის მხრივ ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სრულ დისონანსშია მსოფლიო მოვლენებთან.
თუ ბოლო ათწლეულს გადავხედავთ, ქართულ ენაზე დაწერილი რომანების რიცხვი თანდათან მცირდება. ვიწროვდება იმ ავტორების სავარაუდო კონტიგენტიც, რომლებისგანაც მკითხველი შესაბამის ლიტერატურულ ტექსტს შეიძლება მოელოდეს. ამ მხრივ საინტერესო დაკვირვების ობიექტია ლიტერატურული პრემია “საბაც”, რომელიც ფაქტობრივად წლის შეჯამებას ახდენს და სხვადასხვა ჟანრში საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტების გამოვლენას ისახავს მიზნად. ნომინაციაში “საუკეთესო რომანი” კონკურსის ხუთწლიანი ისტორიის მანძილზე სამჯერ ერთმა და იმავე ავტორმა – აკა მორჩილაძემ აიღო პრემია. არ ვიწინასწარმეტყველებ, ვისი გახდება წლევანდელი “საბა”, მაგრამ 2007 წელს გამოცემული რომანებიდან ორი არსებითად მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი აკა მორჩილაძეა. აქედან ძნელი მისახვედრი არ არის ის ფაქტი, რატომ ხდება აკა მორჩილაძე იმთავითვე ეგრეთ წოდებული ლონგსელერების ავტორი (მაგ. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” (1995) დღემდე მუდმივად ტირაჟირებადი წიგნია) – მწერალმა ყოველთვის ზუსტად იცის, განსაზღვრული თემატიკა როგორი ჟანრითა და ფორმით მიიტანოს მკითხველამდე, და ამ ცოდნას გარკვეულწილად თვითვალდებულებაც გამოიმუშავებს – აკას შემთხვევაში ამას შეიძლება დავარქვათ პროფესიული ჩვევაც.
“Made in Tiflis” და “ძველი გულებისა და ხმლისა” თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. თუ ერთ შემთხვევაში ავტორი მცირე მოცულობის რომანტიკულ-დეტექტიურ ამბავს გვთავაზობს რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიული ფონითა და ჩვეული სიმბოლოებით, „Maid in Tiflisi“ გაცილებით უფრო მასშტაბურ ნაწარმოებზე აცხადებს პრეტენზიას – თუმცა კი, არც ამ რომანის თემატიკა და პათოსია აკას მკითხველისთვის უცხო – თბილისის ძველი უბნებისა და გაორებული პერსონაჟების სევდა, გაქცევა და დაბრუნება, არარსებული სივრცეები და რეალური შპრიცები, იარაღები, სასმელები… ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა, ერთი და იმავეს დაუსრულებელი ტირაჟირების გამო მკითხველმა მოიბეზროს აკა მორჩილაძე, თუმცა, მე ამ შემთხვევაში მიზეზებს აკას ახალი რომანების ლიტერატურული ღირებულების მიღმა მოვძებნიდი – რეალურად აკა ერთადერთი დანამედროვე ავტორია, ვისი ნაწარმობებიც დღეს მკითხველს მიეწოდება, და ამასთანავე ძალიან ბუნებრივად ჩნდება განსხვავებული სტილისა და ესთეტიკის ტექსტების წაკითხვის მოთხოვნილება. მკითხველი უკვე აკა მორჩილაძის ახალ წიგნებში თავისდაუნებურად სხვა მწერალს ეძებს, არ აკმაყოფილებს ერთი ავტორი. აკა, რა თქმა უნდა, კარგი მწერალია – მაგრამ, სამწუხაროდ, ის ერთია, თავისი ინდივიდუალური სტილითა და ხელწერით.
მორჩილაძისგან განსხვავებით, საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანის სერიით გამოსული „სიტყვები“ (ზაზა თვარაძე). ენობრივი თამაშებითა და ნახევრად ჩვეულებრივი ამბებით ძირეულად განსხვავებული ესთეტიკისა და სიღრმის ტექსტი მივიღეთ, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის სრულიად ახლებურად და არატრადიციულად წაკითხვის საშუალებას გვაძლევს. თავისი ჟანრობრივი მხარით ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა რომანმა – ჯორჯი ვაშატელის „ამბავი ლილე იროელისა“ საყმაწვილო ფანტასტიკაა ქართული მითოლოგიური პერსონაჟებითა და ზღაპრული გმირებით. ნათელისა და ბნელის, კეთილი და ბოროტი ძალების შერკინების თემატიკამ ქართული ხალხური ზღაპრებიდან ამჯერად რომანის ფორმატში გადმოინაცვლა. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცმელობას ეკუთვნის – თუმცა, ეს ფაქტი ვერ გამოგვადგება საერთო დასკვნების გამოსატანად, იმდენად, რამდენადაც გამომცემლობისათვის აკა მორჩილაძეც და საუკეთესო ქართული მცირე რომანის სერიაც ერთგვარი საავტორო პროექტია. რა თქმა უნდა, რომანის გამოსაცემად თითქმის ყველა გამომცემლობების კარი ღიაა, მაგრამ მწერლისათვის მოტივაცია მხოლოდ ორ ყდას შუა მოქცეული საკუთარი ნაშრომის ხილვა ვერ იქნება – შესაბამისი ანაზღაურების გარეშე ძნელია, ასერიგად საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდო. ჯერ-ჯერობით ცოტა ადრეა იმის ილუზიის შექმნა, რომ საქართველოში წიგნის გაყიდვა და დიდი ტირაჟები მწერლისათვის კომერციულად მომგებიანი გახდეს. ამისათვის ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციაა საჭირო, იმ სივრცის შექმნა, სადაც შემდგომ უკვე წიგნი და ავტორი თავის თავს კონკტურენტუნარიან ატმოსფეროში გაყიდიან.
შედარებით მრავალფეროვანი სურათი გვაქვს მცირე პროზის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების კრებულებს მსოფლიო ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან მცირე პროცენტი უჭირავს, და შესაბამისად, მწერლებისთვისაც მხატვრული ტექსტის ეს ფორმა უფრო ლიტერატურული პერიოდიკისთვის გადაგდებული ლუკმაა ხოლმე, ქართულ სინამდვილეში ე.წ. „მოთხრობების მწერლებსაც“ შეხვდებით. მიუხედავად ამისა, გასული წლის მოთხრობების კრებულებს შორის რამდენიმემ მაინც მიიქცია ყურადღება – თუ ფიქრია ყუშიტაშვილის „ქათმის გრიპი“ („დიოგენე“) Pen-მარათონის კონკურსში გამარჯვებული ავტორის ახალი ტექსტებით იზიდავს მკითხველს, დებიუტანტი ავტორის, ირმა ტაველიძის „ავტობიოგრაფია ფრანგულად“ („სიესტა“) თვისებრივად განსხვავდება აქამდე ქართულ პროზაში მომძლავრებული ლიტერატურული ტენდენციებისგან და ორიგინალურ ფორმა-შინაარსს გვთავაზობს. ასევე საინტერესოა ბესო სოლომანაშვილის „ზამორა(სნაიპერა)“ („დიოგენე“), რომელშიც ახლებურადაა დანახული და გადმოცემული მოქმედებების განვითარების ფონი – თაობათა შორის ბრძოლა, ომის ესთეტიკა, და ეს ყველაფერი სახასიათო, ცოცხალი სახეებითა და იუმორის თანხლებით.
წლის ბოლოს შედგა ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის „ესტაფეტას“ („სიეტა“) პრეზენტაციაც, სადაც მწერალმა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობებს მოუყარა თავი. მკითხველებს, რომლებიც უკვე იცნობენ ამ ავტორის ტექსტებს, ახალ კრებულშიც ჩვეული ხელწერა და ხმა ელოდებათ, თუმცა კი მოთხრობების ერთ წიგნად შეკვრა თავად ავტორისთვის შეიძლება ერთი ეტაპის დასასრულიც იყოს და მისგან უფრო საინტერესო ფორმებსა და თემატიკას ველოდეთ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს მოთხრობების რამდენიმე კრებული მზადდებოდა გამოსაცემად, თუმცა, 2007 წლისათვის მათი გამოცემა ვერ მოხერხდა. ამ მხრივ ცოტა არ იყოს, უსისტემოდაა გათვლილი გამომცემლობების მუშაობის პრინციპი – თითქმის მთელი წელი სასკოლო წიგნებისა და სხვადასხვა დაკვეთილი პროექტების განხორციელებას ეთმობა, კომერციულად არამომგებიანი მხატვრული ლიტერატურის ბედი კი თითქმის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხის დონეზე წყდება.
უსისტემობა ეტყობა მთარგმნელობით სფეროსაც. თუ გადავხედავთ ახალ თარგმანებს, გაგვიჭირდება ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა, რა პრინციპის მიხედვით ითარგმნება დღეს საზღვარგარეთული ლიტერატურა. საბოლოო ჯამში კი მაინც იმ დასკვანმდე მივალთ, რომ აქაც ძირითადად ენთუზიაზმზე უწევთ მთარგმნელებს მუშაობა, და შესაბამისად, თარგმნიან თავიანთი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით. გამომცემლობებს არ გააჩნიათ კონკრეტული კონცეფცია, უცხოური ლიტერატურის რა სექტორი უნდა მიაწოდონ ქართველ მკითხველს და იქმნება სრულიად ჭრელი სურათი, რაც დამაბნეველია მკითხველისათვის. გარდა იმისა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარება კონკრეტული გეგმა-პროქტების დამუშავებასა და გაანალიზებას მოითხოვს, უმთავრესია ფინანსებიც, რაც გამომცემელს საშუალებას მისცემს, დაიქირავოს მთარგმნელი. სწორედ ასეთი ორგანიზებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ სამხედრო ლიტერატურის ბიბლიოთეკა გამოიცა. გამოცემის ფინანსური მხარე სამთავრობო სექტორმა უზრუნველყო, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ მას შემდეგ რაც ქართული საგამომცემლო ინდუსტრია საჯარისო ნაწილების სფეციფიკურ ბიბლიოთეკას ამოწურავს, სახელმწიფო ხაზინაში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისთვისაც გამოჩნდება სახსრები.
თუმცა, ამ ფონზე რამდენიმე ახალმა თარგმანმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება – მათ შორისაა 2004 წლის გონკურის პრემიის ლაურეატის, ლორან გოდეს რომანი ‚,სკორტების მზე“ („აგორა“, მთარგმ. ნინო ახვლედიანი) და გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო ნაწარმოები „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ („სიესტა“. მთარგმ. ელზა ახვლედიანი). საინტერესო პროექტი იყო „ემ-ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული წიგნი – თანამედროვე ებრაელი ავტორის, ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებული „ნებროთმა გარეკა“ (მთარგმნელი თამარ ბაბუაძე), რომლის პრეზენტაციაზეც თავად ავტორი მოიწვიეს საქართველოში.
ლიტერატურულ ბაზარზე ბესტსელერების ადგილი თუ რომანებს უჭირავთ, ყველაზე ნაკლებკომერციულად პოეტური კრებულებია მიჩნეული, და ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ პოეტურ კრებულებში საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს იშვიათად გადავაწყდებით. უფრო მეტიც – მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არ გამოსცემს პოეზიას, რის არგუმენტადაც ისევ და ისევ წიგნების დაბალკომერციული ღირებულება მოჰყავს. თუმცა, ქართული პოეზიის ბედი მხოლოდ ერთ გამომცემლობაზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, თუ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ მხრივ დეფიციტია ქართულ ლიტერატურაში, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხების ბრალი არაა. იმ პოეტური კრებულების ბაზისზეც კი, რაც ხელთ გვაქვს, თვალშისაცემია, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პოეზიის ერთ ციკლად ან თემატურ კრებულად გამოცემის ტრადიცია, წიგნის შედგენა ლექსების მხოლოდ ტექნიკურად შეგროვების პროცესს გულისხმობს. ამის საპირისპირო ფაქტია რეზო გეთიაშვილის ლექსების კრებული „არტ-ყვავილები“ („მერიდიანი“), რომელიც თავისთავად კიდევ საერთო თემატური ხაზით გაერთიანებული ლექსების რამდენიმე ციკლს შეიცავს. საყურადღებოა მაია სარიშვილის პოეტური კრებული „მიკროსკოპი“ („ლინკი“), თვისებრივად განსხვავებული და ინდივიდუალური ხელწერის პოეტი პოეზიის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების ობიექტია. ზოგადად კი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პოეტური კრებულების სიმწირის ფონზეც, ლიტერატურული პროცესი პოეზიაში გაცილებით საინტერესო და დინამიურია, ვიდრე პროზაში. უბრალოდ, პროზას ბევრად მეტი მკითხველი ჰყავს და შესაბამისად, ნაკლებ შესამჩნევი ხდება დაბალი ხარისხის ლიტერატურის ტირაჟირება.
სამწუხაროდ, დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს ლიტერატურული კრიტიკა, რაც ხშირად არა მარტო მკითხველისთვის არის ხოლმე ორიენტირი, არამედ ავტორისთვისაც, და რისი პრეროგატივაცაა ლიტერატურული ვექტორების დალაგება. რამდენიმე წლის წინ გამოიცა „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (შემდგ. მალხაზ ხარბედია), რომელმაც ფაქტობრივად შეაჯამა 1990-2004 წლების ქართული პოეზია, მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე მსგავსი პროექტი აღარ შემდგარა, თუ არ ჩავთვლით „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულ კრებულს „ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე“, რომელიც არსებითად განსხვავებულ შინაარსს არ ატარებს. ამ მხირვ საინტერესო მასალა შემოგვთავაზა გია ქარჩხაძის გამომცემლობამ მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიის სახით (შემდგ. თამაზ ვასაძე). წიგნი ბოლო ასწლეულის მანძილზე მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ასახვაა, თუმცა, საინტერესო იქნებოდა ამავე ტიპის პროექტის ფარგლებში უფრო მცირე დროითი მონაკვეთიც განხილულიყო (მაგ. ბოლო ათწლეული). ცოტა არ იყოს, უცნაური კონცეფციის პროექტი განახორციელა გამომცემლობა „დიამ“ მსოფლიო ლიტერატურის რჩეული მოთხრობების სახით (შემდგ. გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი), სადაც უსისტემოდ შერჩეული მსოფლიო ლიტერატურის მცირე პროზის ნიმუშები იყო თავმოყრილი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ტომია გამოსული ხუთტომეულიდან, რომლის ბოლო ნაწილიც ქართულ პროზას მიეძღვნება. მნიშვნელოვანი მოვლენაა „დიოგენესა“ და „ახალი თარგმანების“ ერთობლივი პროექტი – „მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“ ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების გარდა თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების, თეორიაა ახსნილი.
რა გამოვიდა? არ ვწერთ, იმიტომ რომ არავინ კითხულობს (გამომცემლები ამას ალბათ უფრო მარკეტინგთან დაახლოებული ტერმინებით ახსნიდნენ), ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არავინ წერს, და შეკრული წრიდან გამოსავალი არც თუ ისე მარტივი საპოვნია. კვანძი უნდა გაიხსნას, და წრის რომელი ბოლოდან დაიწყება ამ საკრალური კვანძის დაშლა, არავინ იცის. თუმცა, ერთიცაა – წრეს ხომ თავი და ბოლო არ აქვს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
აკაკი ბაქრაძე – სტალინიადა
აკაკი ბაქრაძე
სტალინი
(ჩანაწერები)სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებში, რა თქმა უნდა, პირველად არის სახოტბო ლირიკა, განმადიდებელი, მერე მითოლოგიზირება. ეს არის ჩვენთვის მთავარი, რადგან მითოლოგიზირებას ყოველთვის არ მიმართავს სახოტბო ლირიკა. რაღაც განსაკუთრებული უნდა დაინახოს მწერალმა, რომ მითოლოგიზირება მოხდეს, სულერთია, დადებითი თუ უარყოფითი კუთხით. (სახოტბო ლირიკა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა).
ვალერიან გაფრინდაშვილი – “ოცნება ბელადზე”:“ეს ოცნებაა თვითეულ მხატვრის,
ეს არის ფიქრი ყოველ პოეტის –
ასახონ იგი, ვით თვალი ნატვრის
და შთაგონება მთელ საბჭოეთის” (გვ.19)ანდა შალვა აფხაიძე – “სტალინ”“აზვირთებული დიდი ვნებანი
ეპოქის სვეტო, შენსკენ ილტვიან,
სტალინ, – გრგვინავენ წყალნი და ქვანი,
სტალინზე მთებიც ზღაპრებს იტყვიან”.ნესტორ მანიძე – “სტალინის მზე”“აჭარელი წყალსაც არ სვამს,
რომ სტალინი არ ახსენოს”. (გვ.45)ალიო მაშაშვილი – “სამშობლო ბელადისა”“დაუშრეტელი ცეცხლის დენა ხარ,
ღელვა მზის შუქით განათებული,
გაუტეხელი ქვეყნის ნება ხარ,
ხალხის გენიად დაბადებული” (გვ.48)ილო მოსაშვილი – “ბელადს”“სხვა – სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
მიწაზე დადის – არა აქვს მიწა,
ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:
ზეცაში – მფრინავს, ბრძოლაში – მხედარს,
ვაჟკაცს – ზღვასავით გაშლილ ყანაში,
და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
შენებრ მშობლიურ იავნანაში.
და როცა დილა, მთების ფიწალზე
ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
შენი გულის და ხელის შეხებას.
დგება ბალახი, აცახცახდება,
მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
და შენი სახე ცაზე დახვდება
ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს” (გვ.60)კონსტანტინე ჭიჭინაძე – “სტალინისადმი” (კავკასიონს ადარებს სტალინს, რომელიც “შეჰყუდებია ცას ტიტანივით”)ის კი პიტალო კლდეს აკალოებს,
ამოზიდულან ძარღვები კისრის,
და ზეაწყვეტილ რკინის პალოებს
ზღვების გადაღმა შხუილით ისვრის” (გვ.93)(ამ ლექსში სიტყვების გროვაა და ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ სტალინი რომ მიწიერი არსება არ არის, ეს კი ჩანს).ისინი, ვინც აგინებს, სატანას ადარებენ:გალაკტიონი: პროტაგონისტი, რომელსაც სახელი არ აქვს, მაგრამ აშკარად სტალინი იგულისხმება.უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.
ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.(უთარიღოა)გაშლილო ველო… ტყვიების კოხის…
რაა წამება თქვენთან იობის,
აქ საიდუმლო პატარა ქოხის
საიდუმლოა კაცობრიობის…
ვინ? ამნაირი გამოძახილი
არაფერს ქვეყნად ჯერ არ ჰქონია,
ამას ნამდვილი არ აქვს სახელი,
მისი სახელი ლეგიონია.მარკოზი.V.9. (სოფელი ღადარინელთა. კაცში ჩასახული ეშმაკი განდევნა ღორების კოლტში): “და ჰკითხა მას: რაი არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ” (ლუკა. VIII.30).სახე ნერონის თუ თემურ-ლენგის
კედლით გიღიმის.
ის სიმბოლოა გულწრფელი ჩანგის
გაწყვეტილ სიმის (“საგურამო”) VII, 119“სისხლი”, VII, 165
საშინელია – იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ –
მხეცი! – არც მეტი და არც ნაკლები.
რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გვსრის და მშობლიურ ცხედრებს ეხება.
კმაყოფილი ხარ მათი მორევით.
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
მკვლელი! – ეს არის შენი წოდება.
ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
შენგნით არავის არ უნდა შველა,
შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.
ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება.
სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
მოულოდნელმა ქარმა ახვეტა.
მოღუშულია შენი საკანი.
ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა* * *
სტალინიც მითოლოგიურ ასპექტში გადაყავთ: გ. ლეონიძის “პირს მერცხალი გამოავლეს” და ა.შ. სხვებიც. თავად გ. რობაქიძის “გრაალის მცველში” ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მონობის. აგრეთვე “ჩაკლულ სულში”. ის თავი რომელიც სტალინს ეხება, შეტანილია ესეების კრებულში “მითოსი და დემონი”.* * *
კ. გამსახურდიამ რატომ დაწერა – “ბელადი”.* * *
გ. ლეონიძის “სტალინი, ბავშვობა და ყრმობა”
ეპიგრაფად აქვს: “აქ ჰფლობს ტიტანი
ცეცხლის მიმტანი, –
ცმერთი პრომეთე”. (სოფოკლე)“აქ დააბეს ამირანი,
აქ დაარტყეს რკინის ურო.
სჯობს რომ ვიყო მიჯაჭვული,
ვიდრე მე ღმერთს ვემსახურო!”
გვ. 526 აქ მტაცებელთა იყო სადოღე…* * *
გ. რობაქიძე – “ჩაკლული სული” (თარგმნა ალ. კარტოზიამ). თავი სტალინის ჰოროსკოპი”. აჰრიმანს ადარებს. ესეც აქვს დაწერილი “სტალინი, როგორც აჰრიმანული სული”.
აჰრიმანი სპარსულ მითოლოგიაში ბოროტების უმაღლესი ღვთაებაა. უპირისპირდება აჰურამაზანს (უბრძნესი ღმერთი) – კეთილი საწყისი. ჩვენ არმაზის წინაპარი ორმაზდ.* * *
რამ გამოიწვია სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულება? რატომ არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ სახოტბო ლირიკით?
1921 წლის თებევარლ-მარტში დამარცხებამ სასოწარკვეთილება გამოიწვია ჩვენს ხალხში. 20-იან წლებში დაიწერა ნიკოლო მიწიშვილის – “ფიქრები საქართველოზე” (“ქართული მწერლობა”, 1926 წ.N4-5), სერგი დანელიას – “ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი”, 1927 წ. კონსტანტინე კაპანელის “ქართული სული ესთეტიურ სახეებში”, 1926 წ. და სხვა.ალ. აბაშელი:
“ჩემი თაობის უილაჯობა
დღეს სამარცხვინო დაღად მაჩნია”* * *
საჭირო იყო ენერგიის გამოვლენა:
კინოსცენარისტმა რეზო კვესელავამ გაზეთში “გეიკო-ექსპრესი” (1993 წ.24 მარტი) მოგონება გამოაქვეყნა. ერთ ოჯახში, წვეულებაზე, გიორგი ლეონიძეს უთქვამს:
– რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს სტალინი, ერთი რამ ცხადია: ის გახლავთ ეროვნული ენერგიის უდიდესი გამოვლენა და სწორედ ამ კუთხით იპყრობდა ჩემს ყურადღებას.
ამასვე ამბობს არსებითად კ. გამსახურდიაც:“ბელადი”
“ლიტ.საქართველო”, 1940, 12 იანვარი
“როცა “მთვარის მოტაცება” მოვათავე, ერთი უცნობი მკითხველი გამომესაუბრა ქუჩაში. მითხრა: აკაკი, ვაჟა და ილია მუდამ სტიროდნენ, შენი გმირებიც განწირულნი იღუპებიან. მოდი დაგვიხატე გამარჯვებული გმირები, ისეთნი, რომელთაგანაც ბრძოლა და გაუტეხელობა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა. მაშინ განვიზრახე ეს წიგნი. სტალინის თემა უდიადესია საბჭოთა ლიტერატურის თემატიკაში. მე ვერ ვბედავდი ამ საქმის დაწყებას. მერე ის იყო ჩვენი კულტურის გულისხმიერი მესვეური ამხანაგი ლავრენტი ბერია დამეხმარა და გამაბედვინა ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმისათვის ხელი მომეკიდა.
ამ გიგანტური პიროვნების მხატვრული განსახიერებით მე მინდა ვაჩვენო ჩვენს ახალ თაობას, თუ ვისგან ისწავლონ კეთილშობილი შრომა, თავგანწირული ბრძოლა, სულიერი რაინდობა, ხალხის სიყვარული და ვაჟკაცობა”.* * *
კომუნისტური ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაში და არა მარტო სსრკ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობდა მრავლისმეტყველი ლენინიადა და სტალინიადა. საქართველოში ამას ბერიაც ემატებოდა. ეს ყველასათვის კარგად ცნობილია, ვისაც პოეზია უყვარდა და თვალყურს ადევნებდა მას. განსაკუთრებით გასაკვირი აქ არაფერია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა სახოტბო ლირიკა და იყვნენ კარის პოეტები. არა თუ მეფეებს, ცალკეულ ფეოდალებსაც ჰყავდათ შესხმა-ქების ოსტატები და ხშირად ძალიან ნიჭიერნიც. სახოტბო ლირიკის უმშვენიერესი სტრიქონებია “ვეფხისტყაოსანში” (“თამარს ვაქებდი მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული…”), რომ არაფერი ვთქვათ “თამარიანსა” და “აბდულმესიაზე”. ალექსანდრე პუშკინსაც უძღვნია ამაღლებული სტროფები ალექსანდრე პირველისადმი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიკოლოზ პირველისადმიც კი. თუმცა პოეტს ბევრი არაფერი ჰქონდა სასაყვედურო ხელმწიფისადმი. ნიკოლოზ პირველი ყოველთვის ყურადღებით ეპყრობოდა მას. როცა ალექსანდრე პუშკინი დუელში დაიღუპა, მთელი რუსეთი გააკვირვა მეფის გულუხვობამ პოეტის ოჯახისადმი. პუშკინის სიკვდილის მერე, ციმბირში, მარია ვოლკონსკაიას პეტერბურგიდან ეკატერინა კინდიაკოვა-რაევსკაია წერდა:
“მართლაც ხელმწიფემ უსაზღვროდ ბევრი გააკეთა მათთვის (პუშკინის ოჯახის წევრებისათვის – ა.ბ.). ჯერ ათი ათასი მანეთი მისცა საწყალი პუშკინის დასამარხავად. გადაიხადა ყველა მისი ვალი. დაგირავებული მამული დაიხსნა ვალებისაგან. პენსიით, თერთმეტი ათასი მანეთით, უზრუნველყო მისი ქვრივი და შვილები. როგორც კი მისი ბიჭები იმ ასაკისა გახდებიან, როცა პაჟთა კორპუსში იღებენ, მათ მაშინვე გაამწესებენ იქ” (“ლიტერატურნაია გაზეტა”, 1994, N6).
ეტყობა მათი ურთიერთობა მთლად ისეთი არ იყო, როგორც კომუნისტი ლიტერატურისმცოდნეები გვატყუებდნენ.
არც ევროპელ პოეტებს უთაკილიათ სახოტბო პოეზიის სამსახური. აზიაში ხომ ეს მწერლის უპირველეს მოვალეობად ითვლებოდა.სტალინი
ალბერ კამიუ “მეამბოხე ადამიანში”, სადაც მარკიზ დე სადის შემოქმედებაზე ლაპარაკობს (მსჯელობს), წერს – Сад замышляет покушение на мироздание: “Я ненавижу природу… Я хотел бы ее планы, преградить ей путь, остановить движение светил, сотрясти планеты, плавающие в космических пространствах, уничтожить все, что служит природе, и способствовать всему, что ей вредит, короче говоря, оскорбить природу в ее созданиях, но я не в состоянии этого добиться”.
კამიუ: – “Все разрушать невозможно, всегда обнаруживается остаток”.
– “Быть может, мы смогли бы взять штурмом солнце, отобрать его у Вселенной или же воспользоватся им и устроить мировой пожар. Вот это были бы преступления”.
ეს იქნებოდა დანაშაული, მაგრამ არა საბოლოო დანაშაული. რაღაც კიდევ არის გასკეთებელი და აი აქ ჯალათები მუქარით უყურებენ უკვე ერთმანეთს.
კამიუ: “Они одиноки, и правит им единственный закон – закон силы. Поскольку палачи приняли его, будучи владиками, они уже не могут отвергнуть его даже тогда, когда он оборачивается против них. Всякая власть, всякие силы стремится быть единственным и одинокой”.
. . .
“В таком случае самое грандиозное разрушение совпадает с самым ложным утверждением”.
“მეამბოხე ადამიანში” კამიუ აციტირებს ფრანგ მწერალს (სიურრეალისტი) რაიმონ კენოს (1903-1976), რომელსაც უთქვამს – цель всякой интеллектуальной жизни – стать Богом. ბოდლერსაც იშველიებს – Подлинный святой, – это тот, кто сечет кнутом и убивает народ ради блага народа.
კამიუს არმან ხუგ-ის სიტყვებიც მოჰყავს – несмотря на ницшеанскую атмосферу этих произведений, Бог там еще не умер.
ეს ახალი ეტაპი იქნება, დაკავშირებული ნიცშეს სახელთან.
დოსტოევსკის “все дозволено”, თუ არ არის ღმერთი, სულის უკვდავება, სამართლიანობა… все дозволено-თი იწყებაო თანამედროვე ნიჰილიზმის ისტორია. დოსტოევსკიდან კამიუს გამოჰყავს დასკვნა – Владыки этого мира, после того как оспорена законность его власти, должен быть низвергнут, а его место занять человеком.
საერთო დასკვნა: – Единство мира, не осуществившися с Богом, отныне сделает попитку осуществиться вопреки Богу.
(ირემაშვილის ციტატი – თანაგრძნობა ადამიანისადმი).
სამყარო შეიცვალოს (მარქსი) ახალი ადამიანის შექმნა (ფოიერბახი. კამიუსთან)
“Град божий и град человеческий” (კამიუ. გვ.293).
“ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილი იქნეს” (მარქსი და ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ.I, 1975, გვ.4).* * *
იოსებ ჯუღაშვილი და იოსებ ირემაშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რევოლუციური საქმიანობა რომ დაიწყეს, ერთიც სოციალ-დემოკრატი გახდა და მეორეც, ოღონდ იოსებ ჯუღაშვილი სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკურ ფრთას მიეკედლა, ხოლო ირემაშვილი – მენშევიკურს. მათი მეგობრობა მაინც გრძელდებოდა. შუღლი მერე ჩამოვარდა, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის იმპერიას გამოეყო. მენშევიკი სოციალ-დემოკრატი იოსებ ირემაშვილი საქართველოში დარჩა. დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას შეუდგა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად. იოსებ ჯუღაშვილს კი სხვა გეგმები ჰქონდა. იგი ჯერ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის თავკაცობას უმიზნებდა. მერე, ვინ იცის; მსოფლიო პროლეტარული რევოლუციაც მოეწყო და ამით მსოფლიო იმპერატორობისთვისაც ხელი გამოეკრა.
ორი გორელი ბიჭის გზა სამუდამოდ გაიყარა.
1921 წლის თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო დამარცხდა. იგი ისევ რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. იძულებით იოსებ ირემაშვილიც ემიგრაციაში აღმოჩნდა. დარჩენილი ცხოვრება მან უცხოეთში გაატარა, სიდუხჭირესა, სიღატაკეში და უმიზნო არსებობაში. მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენ ბელადსა და მასწავლებელს ბავშვობის მეგობარი არასოდეს გახსენებია. იოსებ ირემაშვილს კი იოსებ სტალინი არასოდეს დავიწყებია. მუდამ ახსოვდა და ბოღმა ახრჩობდა: დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს დაცემა-დამარცხებას მას აბრალებდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა. 1932 წელს იოსებ ირემაშვილმა გერმანიაში, გერმანულად, პატარა წიგნი გამოსცა – “სტალინი და საქართველოს ტრაგედია”. უკვე სახელწოდება ცხადად მოწმობს, რა განწყობილებით არის წიგნი დაწერილი. მაგრამ მეგობრისადმი ყმაწვილკაცობის სიყვარულმა მაინც გამოჟონა. კერძოდ: 1907 წლის ნოემბერში სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძე გარდაიცვალა. 22 წლის გამოეთხოვა იგი წუთისოფელს. ეკატერინე სვანიძე-ჯუღაშვილი კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ სამგლოვიარო დღეებში ირემაშვილი მეგობარს ერთი წუთითაც არ მოშორებია. როცა სასაფლაოს ეზოში შევედითო, – იხსენებს იოსებ ირემაშვილი, – სტალინი კუბოს მისშტერებოდა. თვალს არ აცილებდაო. მერე მკლავზე დამეყრდნო, ჩემსკენ დაიხარა და მითხრა: “- სოსო, ამ არსებამ შეარბილა ჩემი ქვის გული. იგი მოკვდა და მასთან ერთად, უკანასკნელი თბილი გრძნობა ადამიანთა მიმართ” (“Soso, dieses Wesen hat mein steinernes Herz weich gemacht; Sie ist gestorben und mit ihr letzte warme Gefuehle fuer die Menschen”).სტალინიადა
* * *
პეტრე ჩერკასოვის წიგნში “კარდინალი რიშელიე” მოყვანილია რიშელიეს თანამედროვე პოეტის პოლ სკარონის (Скаррон) სტრიქონები ლექსის – Безгрешный ангел или демон – Судите сами, кем я был.
რიშელიეს ბედს სხვა მხრივაც დაემთხვა სტალინის ბედი.
1793 წლის 5 დეკემბერს, ანუ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის კალენდრის მიხედვით, რესპუბლიკის მეორე წლის 15 ფრიმერს, აზვირთებული ბრბო სორბონის ეკლესიაში შევარდა და რიშელიეს აკლდამას მივარდა. დალეწეს მოქანდაკე ჟირარდონის (Жирардон) ქმნილება – რიშელიეს ქანდაკება. გააღეს აკლდამა, დაგლიჯეს რიშელიეს გვამი და სათამაშოდ მიუგდეს პარიზელ ქუჩის ბიჭებს. ისინი კარდინალის თავს ბურთივით დააგორებდნენ ქუჩებში და სიცილით იჭაჭებოდნენ (იმ დღეს კიდევ 48 საფლავი გაიძარცვა). აბატმა ბაშანმა მოიპარა რიშელიეს თავის ქალა და დამალა. ვიღაც ქვისმთლელმა რიშელიეს მოგლეჯილი (ბეჭდიანი) თითი შეინახა. ასე შეგროვებული ძვლები ყოვლისშემძლე კარდინალისა დიდხანს ინახებოდა ოჯახებში როგორც რელიქვია. მანამ, სანამ, ნაპოლეონ მესამის ბრძანებით, 1866 წელს ეს ნეშთი კარდინალისა არ შეაგროვეს და 15 დეკემბერს ზარზეიმით არ დამარხეს სორბონის უნივერსიტეტის ეკლესიაში (გვ.5-6).
ეს ბრბოს თვისებაა: ცოცხალ დიქტატორს ეთაყვანება, ემონება, მის ნატერფალს კოცნის. მკვდარს კი საფლავიდან თხრის.
ბრბოს მარტო ქუჩის მაწანწალები არ შეადგენენ. ბრბოს ხშირად თანამდებობები უპყრია ხელთ და მაღალ სკამზეა წამოსკუპული. ამ ბრბოსაც იგივე თვისება აქვს, რაც მაწანწალებისას. რიშელიეს ბედი განმეორდა. 1961 წელს სტალინის ცხედარი გამოიტანეს მავზოლეუმიდან და იქვე მეზობლად დაფლეს.
8 წელიწადი უტრიალებდნენ გარშემო მკვდარს და ვერაფერი გაბედეს.
ნაპოლეონი და გოეთე (კ.გამსახურდია – სტალინიადა. ისტორიას არ უყვარს сослагательное наклонение – ასე რომ ყოფილიყო. ჟორესი – როგორი სიტყვა უნდა ეთქვა ლუი XVI ადვოკატს… ეს სასაცილოა.* * *
ისტორიაში არაფერი ხდება შემთხვევით. რაც მოხდა, ის აუცილებელია და ვერც სხვაგვარად მოხდებოდა. ჩვენ მეტნაკლები სიზუსტით შეგვიძლია ავხსნათ რატომ მოხდა. ყველა ისტორიულ ფაქტს შინაგანი კანონზომიერება აქვს.* * *
აშშ-ელი პოეტი ეზრა პაუნდი აღტაცებული იყო მუსოლინით (“Иностранная литература”, 1991 г. N2) ომის დროს იტალიაში ცხოვრობდა და აშშ-ის წინააღმდეგ მოუწოდებდა. ომის მერე დააპატიმრეს. აშშ-ში მოღალატეს ეძახდნენ. ლანძღავდნენ. მერე შეშლილად გამოაცხადეს. 12 წელიწადი იყო ფსიხუშკაში. აშშ-ის ხელისუფლებას ეხვეწებოდა: იაპონიაში მარკარტურს დავეხმარები. მან კონფიციუსის შესახებ არაფერი იცის, უიმისოდ კი იაპონიაში, რას გახდებაო. ფიქრობდა რამდენიმე თვეში ესწავლა ქართული, სტალინს მშობლიურ ენაზე დალაპარაკებოდა და აშშ-ის კონსტიტუციის უპირატესობა დაემტკიცებინა.* * *
მუსოლინი ტომას ჯეფერსონის გამგრძელებლად მიაჩნდა (საინტერესოა ედ.გიორგაძის პარალელი – ჯეფერსონი გამსახურდია). არ უყვარდა აშშ.
არც კნუტ ჰამსუნს უყვარდა აშშ. ისიც ვერ იტანდა. მას ნაციზმი მოსწონდა და თანამშრომლობდა კიდეც.* * *
რობერტ მუზილი “უთვისებო კაცში” პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდზე ამბობს – Мир ведь лишился не только бога, но и черта тоже.
* * * სტალინი (ახსნა)
1. მთავრობის დაკვეთა
2. ეროვნული ენერგიის მაგიერ პიროვნულით აღტაცება
3. მითოლოგიზირება ადამიანის, რაკი ღმერთი უარყოფილი იყო* * *
ისიც, რომ სტალინი ბუში იყო, უკვე მეტყველებს მის მითოლოგიურობაზე. უკვე არ შეიძლება, რომ იგი ნორმალურად დაბადებულიყო. ყველაფერით ნორმალურობას ეწინააღმდეგება იგი.* * *
დიქტატორი. რა აქვთ საერთო
1. კალიგულას და ნერონის თვისებები (სვეტონიუსი)
2. ჩინგისხანი, რომ უმანკოდ ჩაისახა.
“…Все тираны с некоторыми незначительными оттенками вероломства и жестокости похожи друг на друга” (რობესპიერი) – ყველა ტირანი, გარდა ვერაგობისა და სისასტიკის ზოგიერთი უმნიშვნელო ელფერისა, ერთმანეთს ჰგავს (Максиммилиан Робеспьер – Революционная закконность и провосудие, 1959 г. გვ.204).* * *
თემურლენგის წინაპრის ჩინყიზის დაბადებაც ისე მოხდა, როგორც ქრისტესი. დედამისს ქმარი არ ესვა. “იხილეს მსგავსი ნათლისა ხელოვნებათა ბელიარისა”. როცა ყმაწვილი დაიბადა “უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად” (გვ.7. ბერი ეგნატაშვილი – “ახალი ქართლის ცხოვრება”, 1940 წ. ამასვე გვეუბნება “კურიერ იუნესკო”, 1989 წ. ნოემბერი გვ.39. Алан-ка – Отец свет).
Люцифер умер вместе с Богом, и из его праха возник жалкий бес, который и сам уже не видит, куда его несет. (კამიუ, გვ.352).* * *
სტალინის კულტი ქართულ პოეზიაში იმითაც არის გამოწვეული, რომ 20-იან წლებში, დემოკრატიული საქართველოს დამარცხების გამო დიდი ნიჰილიზმი იყო ქართულ მოაზროვნე საზოგადოებაში (იხ.”მწერლობის მოთვინიერება”, “მთვარის მოტაცება”, I, 234-5).
ამ ნიჰილიზმს სტალინის ძალისადმი რწმენით ოპტიმიზმი დაუპირისპირდა (გამსახურდიას სიტყვები). თუ საქართველო უძლურია, სამაგიეროდ, იგი განსაკუთრებულ პიროვნებებს წარმოშობს.* * *
ქართველს მთხლე ბუნება აქვს. თუ სიძნელე შეხვდება, მაშინვე ტყდება და იწყებს წუწუნს – ეს რა ხალხი ვყოფილვართ, ეს რა საზიზღარი ქვეყანაა (თ.კვაჭანტირაძის ნათქვამი), აქ ცხოვრება არა ღირს. ამას მწერლობა უნდა დაპირისპირებოდა, რადგან 1921 წლის დამარცხებისა, დასმენა-დაპატიმრებების შემდეგ საქართველოში საშინელი განწყობილება შეიქნა, ისე როგორც დღეს. ამიტომ გაჩნდა სტალინის დიდება, სამშობლოს დიდება. ამით იყო პასუხი – არ ვართ ცუდი.© “არილი”
-
უმბერტო ეკო – პოპულიზმი, მასმედია, კულტურა და ინტელექტუალები
პოპულიზმი, მასმედია, კულტურა და ინტელექტუალები
ინტერვიუ უმბერტო ეკოსთანთარგმნა მალხაზ ხარბედიამ
– თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმ საშიშროების შესახებ, რაც პოპულიზმის ფართო გავრცელებას მოჰყვება, პოპულიზმმა კი, როგორც ჩანს, უკვე მთელი ევროპა მოიცვა. როგორ ახსნიდით ამ მოვლენას?
– მოდით, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ე.წ. ეროვნული იდეების აღორძინება, კერძოდ კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დაშლის ლოგიკური შედეგია. სამწუხაროა, რომ თანამედროვეობის მორევში საუკუნოვანი ისტორია გვავიწყდება. მე ვთხოვე ჟაკ ლე გოფს (Jacques Le Goff), იგი ერთ-ერთ გამომცემლობაში ევროპის ისტორიის სექციას უძღვება, რომ ავტორებისთვის შეეკვეთა წიგნი, სადაც შეფასდებოდა ამათუიმ იმპერიის ნგრევის შედეგები. ეს იმდენად ყოვლისმომცველი სიუჟეტია, რომ სამწუხაროდ ჯერ ვერავინ გარისკა მისი გაშუქება. არადა ასეთი წიგნი მართლა საფუძველს ჩაუყრიდა თანამედროვე სამყაროს გაგებას. ბალკანური ქვეყნები, მაგალითად, დღემდე იმკიან რომის იმპერიის დაცემის შედეგებს. ახლო აღმოსავლეთზე კი კვლავ აისახება ოტომანთა იმპერიის ნგრევის ნაკვალევი. გავა არაერთი ათწლეული, სანამ საბოლოოდ გაირკვევა საბჭოთა სისტემის კრახის ნეგატიური შედეგები. თანამედროვე დასავლური ნაციონალიზმი თავისი ფესვებით^იმპერიალიზმის ტექტონურ დინამიკაში მიდის. ნგრევის მაპროვოცირებელი დარტყმის შემდეგ, ხშირად საუკუნეები გადის, ვიდრე ნაციონალური “ტექტონური ფილები” სტაბილიზდება და დარტყმის ტალღები მიჩუმდება.
– თქვენს ბოლო წიგნში “კიბორჩხალის სვლა” წერთ, რომ თანამედროვე პოპულიზმს არაფერი აქვს საერთო ხალხთან. რატომ?
– უბრალოდ იმიტომ, რომ ეს “ხალხი” არ არსებობს! ან იგი, უბრალოდ, ენობრივი კაზუსია, რომელიც სინამდვილეში ქვეყნის მთელს მოსახლეობას აღნიშნავს და მისი აზრით მხოლოდ არჩევნების დღეს ინტერესდებიან. თუმცა აქ საუბარი არაიმდენად ხალხზეა, რამდენადაც ელექტორატზე, მარტივ სტატისტიკურ ერთეულზე. პოპულისტი ხალხს კიარ ეყრდნობა, არამედ ადამიანთა ერთობის რაღაც იდეალურ, გამოგონილ პროექციას, რომელიც მთლიანად მხარს უჭერს მის იდეებს. მისი მთავარი ფუნქცია ამ პოპულისტის მოქმედებათა გამართლებაა. თანაც პოპულისტი სისტემატიურად გაურბის ნებისმიერ სერიოზულ შეტაკებას ხალხთან. ბერლუსკონი არასდროს გამოსულა პარლამენტში, მისი გამოსვლები ყოველთვის მედია საშუალებებზე იყო გათვლილი. ინტერესი, რომელსაც ფრანგული მედია საშუალებები იჩენენ “ბერლუსკონის საქმის” მიმართ, პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ცდილობენ, რომ ასეთი რამ მათთანაც არ განმეორდეს. ახლა ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლა სარკოზი და სეგოლენ რუაიალი იბრძოლებენ და მათ მთავარ იარაღად პრესაში წარმოებული ვირტუოზული კამპანია იქცევა და არა ზუსტი და დამაჯერებელი პროგრამა. დაე ბერლუსკონის მაგალითმა ცოტა რამ მაინც ასწავლოს ფრანგებს!
– ინფორმაციის სიჭარბე არ იწვევს თქვენში ნდობას?
– ეს ჰიპერტროფირებული საჯაროობა მაშინ დაიწყო, როცა კენედიმ არჩევნები მოუგო ნიქსონს, ძირითადად არა თავისი აშკარა პოლიტიკური უპირატესობის, არამედ სასიამოვნო გარეგნობის ხარჯზე, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა მისი მოწინააღმდეგის გარეგნობასთან – ნიქსონმა გაპარსვაც კი არ იცოდა! აი ათვლის წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ადრე, სამყაროში, სადაც არ იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხალხს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ თავის ლიდერებთან. ხალხი თავის მეფეს ცხოვრებაში ერთხელ ხედავდა, როცა მეფედ კურთხევის შემდეგ იგი თავის სამფლობელოებს შემოივლიდა და ქვეშევრდომებს კურნავდა. მაგრამ როგორც კი პოლიტიკოსი ხალხში გამოვიდა, იგი მსახიობად იქცა. მართალ პოლიტიკოსს დღეს ძაან გაუჭირდება სისტემას თავი დააღწიოს.
დღეს თავის უახლეს იდეებს პოლიტიკოსები ტელევიზიით წარადგენენ და არა პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ისინი უფრო გააღრმავებდნენ და უკეთესი არგუმენტებით გაამყარებდნენ თავის წინადადებებს. პოლიტიკოსები პრესასთან ურთიერთობას ანიჭებენ უპირატესობას და ამიტომ თავიანთი გამოსვლები და პროგრამები ერთად-ერთ ლოზუნგამდე დაჰყავთ. ასეთი სავარჯიშოები აუცილებლობად იქცა და ამგვარ მეთოდებზე უარის თქმა პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავს. მთელი თავისი პრემიერობის მანძილზე ბერლუსკონი განუწყვეტლივ წინააღმდეგობაში ვარდებოდა და ყოველთვის ავიწყდებოდა წინა დღის დანაპირები. მაგრამ პრესაში დრო ისე სწრაფად მიქრის, რომ ასეთი გულმავიწყობა არავის ადარდებს. სწორედ იმისთვის, რომ ამ ტენდენციას დავპირისპირებოდი, მთელი ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტში დავრჩი, ეს ხომ განსაკუთრებული ადგილია, სადაც ახალგაზრდობას ხელს ვუწყობთ კარგი მეხსიერება, დაკვირვებულობა და ისტორიული ქრონოლოგიის გრძნობა განუვითარდეთ.
– ანუ განუვითარდეთ ისტორიის გრძნობა, რასაც, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ატლანტიკის გადაღმა პატივს არ სცემენ, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორები.
– თანამედროვე ამერიკას არც ისტორიის საზრისი ესმის და არც როლი, რომელიც ლიდერმა-ქვეყანამ უნდა შეასრულოს. “გაეროს” კონფორმიზმმაც უკვე მწვერვალებს მიაღწია და იგი სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას საომარ მოქმედებებს. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის იმპერიის პრესტიჟი ლოკალური კონფლიქტების მეშვეობით დანერგოს (ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე კარგადაა ნაცნობი 19-ე საუკუნიდან). თანამედროვე ამერიკამ ძალიან უკან დაიხია, ძირითადად კი კულტურის მწვავე უკმარისობისა და თავისი სულმოუთქმელობის გამო (ეს ყველაფერი ლუი ფილიპის ხანის ყველა დიდ ევროპულ სახელმწიფოს ახასიათებდა). იდეოლოგიის თვალსაზრისით, ბუშის პერიოდში აშშ-მ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უკან. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, 1940-ში, იაპონელებთან ომის დაწყებამდე, ამერიკის ხელმძღვანელობა ანთროპოლოგ რუთ ბენედიქტს (Ruth Benedict) ეკითხებოდა იაპონელების მენტალური თავისებურებების შესახებ. ახლა ისინი ბრიტანეთის ყოფილი იმპერიის დიდებას გამოკიდებულნი საჭიროდაც არ თვლიან ჭკუა დაეკითხონ ცნობილ აღმოსავლეთმცოდნეებს, სანამ ომს დაიწყებენ ახლო აღმოსავლეთში.
– რითი აიხსნება ეს უკულტურობა?
– ჩვენი ნაკლოვანებებიც ნუ დაგვავიწყდება! აშშ-სთვის დამახასიათებელი ისტორიის გრძნობის დაკარგვა სამწუხაროდ ეპიდემიასავით ვრცელდება ევროპელ ახალგაზრდებს შორის. ჰკითხეთ ახალგაზრდა ინგლისელს, ფრანგს, ან იტალიელს, ვინ იყო მათი სახელმწიფოს მეთაური 1950-იან წლებში… მათ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, განსხვავებით ჩემი თაობის სკოლის მოსწავლეებისგან, რომლებსაც გაცილებით ბევრი რამ ახსოვდათ, რადგან ადრე სკოლა ისტორიას წარმოადგენდა როგორც თაობათა კავშირს. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ეპიდემიის სიმპტომები უნივერსიტეტებშიც კი ჩანს. პრინსტონში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ერთმა ჩემმა კოლეგამ თავისი მსმენელები გააფრთხილა, რომ მის ლექციებზე დასწრებას უკრძალავდა “ფილოსოფიის ისტორიკოსებს” – ამით ყველაფერია ნათქვამი. ამერიკელებს ჰგონიათ, რომ სამყარო არაფრისგან შეიქმნა და მთელი სიტყვიერი მემკვიდრეობა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე, წმინდა ევროპული სიმახინჯეა. ისევე როგორც ისტორიისადმი ჩვენი სიყვარული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელებს უკვე ახლა ემუქრებათ კოლექტიური მეხსიერების გაქრობა. ენციკლოპედიის პრინციპები – ანუ ერთიანი ცოდნა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში ორმაგ როლს თამაშობს: ინარჩუნებს მეხსიერებას და ავრცელებს ისტორიულ ანეკდოტებს, რის შედეგადაც შთამომავლობას მხოლოდ ფაქტები რჩება – აღარ მოქმედებს. ინტერნეტის საუფლომ, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა მოუწესრიგებელი ელემენტების მთელი გროვა, მხოლოდ დააჩქარა ისტორიული პერსპექტივის გაქრობა. თუმცა, ინფორმაციის სიჭარბე ისევე სახიფათოა, როგორც მისი უკმარისობა. ბორხესმა თავის მოთხრობაში “ფუნესი – მეხსიერების სასწაული” აჩვენა, რომ შეიძლება ჰიპერმნეზია მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, რომ გადავსებული მეხსიერება ცხოვრებას აუტანელს ხდის.
– და მაინც, ინტელექტუალური ცხოვრება აშშ-ში საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია!
– მაგრამ ამ ინტელექტუალებს არანაირი გავლენა არა აქვს! ისინი უმცირეს ჯგუფებად არიან დანაწევრებული, რომლებიც უნივერსიტეტის კამპუსების მდიდრულ გეტოებში ცხოვრობენ. დიდტირაჟიანი ამერიკული გაზეთების ფურცლებზე ვერასდროს ნახავთ პროფესორთა კომენტარებს. ხოლო მაშინ, როცა ისინი პოლიტიკაში მიდიან, აკადემიურ საქმიანობას მთლიანად თავს ანებებენ, როგორც ბჟეზინსკი და კისინჯერი. გიუნტერ გრასის გარშემო ატეხილი სკანდალი, რომელიც ერის სინდისად მიაჩნდათ, წარმოუდგენელია აშშ-ში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამერიკაში არც ერთი მოაზროვნე არ ფლობს ამგვარ სტატუსს. ვერ იტყვი, რომ ევროპაში ყოველთვის ითვალისწინებენ ინტელექტუალების მიერ ხელმოწერილ მანიფესტებს, მაგრამ ისინი არც იგნორირებულები არიან.ესაუბრა მარი-ლორ ჟერმონი (Marie-Laure Germon)
“Le Figaro”, 26 სექტემბერი, 2006.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მაია სარიშვილი – სასტიკი პოეზია
დათო გაბუნია
სასტიკი პოეზიამაია სარიშვილი, მიკროსკოპი, ლექსების კრებული, თბ. “Link”, 2007.
“ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია(…)”ამ სიტყვებით იწყება მაია სარიშვილის პოეტური კრებული “მიკროსკოპი” და ალბათ, წიგნის შედგენისას, შემთხვევით არ აარჩიეს ეს ლექსი “გამხსნელად”. ეს გამჭოლი თემა სარიშვილის პოეზიის კონცეპტუალურ ღერძს წარმოაგდენს.
ამ ტექსტებს პოეტის სახელი რომ მოაცილოთ, თვალის ერთი გადავლებითაც ნებისმიერი მკითხველი გეტყვით, რომ ავტორი ქალია. ხოლო კრებულის სათაურს თუ კომპოზიციურ მეტაფორად დავინახავთ, ხელთ ქალურობის ანატომია შეგვრჩება: ავტორი თავის ქალურობას მიკროსკოპში ათვალიერებს, ძალიან ახლოდან უყურებს და ასე უჯრედებამდე დაშლილი სიმართლე ხშირად ალოგიკურ, თითქმის დაუკავშირებელ სახეებად იქცევა. თითქოს ეს მოკლე ლექსები მართლა მიკროსკოპში დანახული უჯრედებია და თუ მათგან დისტანცირებას ვერ მოვახერხებთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ, რადგან რთულია, ერთი უჯრედით წარმოდგენა შეიქმნა მთელ ორგანიზმზე.
ამ ლექსებს ვერ დაახარისხებ პერიოდებად ან თემატურ ციკლებად, რადგან სამოცივეს ერთი მთლიანი ემოცია ჰკრავს, ერთ დიდ პოეტურ ქსოვილად აერთიანებს. უმთავრესი თემა შვილებია – მარადიული წყევლა და კურთხევა, თითქმის ყველა უჯრედის ბირთვი. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მაია სარიშვილის ლექსებში არის ბავშვებთან დაკავშირებული ერთი განმეორებადი მოტივი, რომელიც პოეტის საკუთრებად მიმაჩნია (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეზიაში მისი ანალოგი ნამდვილად არ მეგულება): ლირიკული სუბიექტი აქ ხშირად არის ერთდროულად დედაც და ბავშვიც. ეს ქალი “უნებლიე დედაა”, ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობის ხატებითაა გარემოცული, მაშინ, როცა უკვე თავადაც გამხდარა დედა. “…რაღაც რკალები და ხვეულები / ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, / თოჯინების ცივი ნესტოები – / შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..” ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის დამძიმებულ, მეტად არასაბავშვო განწყობას, რომელიც შვილებისადმი მიძღვნილ ლექსებში ასეთი ეფექტური და ხშირად შოკის მომგვრელიც კია. ბავშვები სასჯელის უმაღლეს ზომად, გაუსაძლისი ტანჯვის წყაროდ იქცევა: “ბავშვების მზერა ასეთია – / თითქოს ქერი მოზიდეს თვალებით. / …და აქედან ამოგვჭამეთო – პირდაპირ თვალებიდან.” კრებულიდან უამრავი მსგავსი ციტატის მოტანა შეიძლება, სადაც “ბავშვურობის” ცნება (ტრადიციული გაგებით) თავდაყირა დგას, ერთგვარ პოეტურ პერვერსიად გადაქცეულა. ასეთი სასტიკი მხატვრული სახეები უცხოა ქართული პოეზიისთვის, სადაც დედაშვილობის მოტივი მეტწილად ამაღლებულ-პათეტიკურ ხასიათს ატარებს და მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სტერეოტიპებს, ერთი ხელის მოსმით, სწორედ ქალი ავტორი ანგრევს.
მაია სარიშვილის ლექსებში ხშირად შეხვდებით გარდაცვლილი დედის სახეს, რომელიც მფარველი ანგელოზის ფუნქციას იძენს. დედისეული გამოცდილების ცოდნა, ალბათ, სწორედ ის გასაღებია, რაც ლოგიკურად ახსნის შვილების მოტივის ორიგინალურობას: ქალი, რომელიც ინტუიტურად ხვდება, რომ საკუთარი დედის ხვედრს ვერსად გაექცევა – (მშობიარობის შესანიშნავი მეტაფორული სცენა ერთ-ერთი ლექსიდან: “…წითელი პიონები მცვივა სხეულიდან / და ამათ გამოჰყავხარ შენ… / ხომ საქარგავ დაფაზე ვარ გადაჭიმული / და მაკივლებენ…”) – ჯერ დათმობს უზრუნველ ბავშვობას, შემდეგ ცოლი გახდება (“უთხარით ჩემს ქმარს,/ რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა…”), შემდეგ კი თავად გააჩენს ბავშვებს და ტრაგიკულ ყოველდღიურობაში ჩაიძირება. ერთი შეხედვით, განსაკუთრებით ორიგინალური ეს თემები არ უნდა იყოს, თუმცა, მაია სარიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ესეცაა: იგი წარმატებით ახერხებს, თავიდან აიცილოს სწორხაზოვნება. ვერსად, ვერცერთ ლექსში მას ვერ დავდებთ ბრალს “ქალურ წუწუნში”, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს სწორედ პროტესტის პოეზიაა. თუმცა, როდესაც პროტესტი სიღრმისეულია და არა ზედაპირული, ის პოეტის ხელში მძლავრ იარაღად იქცევა. ავტორი ემიჯნება ყოფითობას და რეალობის პრიმიტიულ, ორგანზომილებიან ხედვას, სადაც არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და უარყოფითი პოლუსები. მათ შორის მაია სარიშვილის ლექსებში უზარმაზარი სივრცეა, ერთდროულად სისასტიკითა და სიყვარულით სავსე კონტინუუმი, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და მით უმეტეს, არც დასასრული.
თუ პოეტურ გავლენებსაც შევეხებით, უთუოდ უნდა ვახსენოთ სილვია პლათი, რომელსაც მაია სარიშვილმა ერთვარი “ხარკი” გადაუხადა პირდაპირი მიძღვნით. შეიძლება ითქვას, რომ მაია სარიშვილის ლექსები ქართულ პოეტურ სივრცეში პლათის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უშუალო გამოძახილია, თუმცა, ამით არამც და არამც არ კნინდება მათი ორიგინალურობა ან მხატვრული ღირებულება.
და ბოლოს, გარდა მრავალი მხატვრული ღირსებისა, რითაც “მიკროსკოპი” ქართულ პოეზიაში სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ეს კრებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სოციალურ რეალობაშიც – იგი უთუოდ გამოიწვევს ფემინისტ მკვლევართა ინტერესს, როგორც სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და “სასტიკი პასუხი” მიაგო მას. საქართველოში ყბადაღებულმა და საყოველთაო ქილიკის საგნად ქცეულმა “ქალურმა ლიტერატურამ” დიდი ნაბიჯი გადადგა. მაია სარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც არ გაურბის ქალურ გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში და ვინც მას მოყირჭებული სენტიმენტალიზმისგან გათავისუფლებულ, შესანიშნავ მხატვრულ ლიტერატურად აქცევს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ჰერმან ჰესე – კითხვის შესახებ
-
რუსუდან კაიშაური. ლექსები.
მარსიანი“მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს…”
რუსუდან კაიშაური. ლექსები. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.“კავკასიურმა სახლმა” წელს გამოსცა რუსუდან კაიშაურის ლექსების კრებული. ამ პოეტის შემოქმედებას ადრეც ნაწილობრივ ვიცნობდი გაზეთ “ალტერნატივის” ფურცლებიდან, წიგნმა კი უფრო სრული შთაბეჭდილება შემიქმნა მასზე.
ის გამოკვეთილად პერსონალისტური ტიპის პოეტია – საკუთარი, პირადული ყოფა და ამ ყოფის ნიადაგზე აღმოცენებული განცდები გახლავთ მისი შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო. შეიძლება ითქვას, რომ რ. კაიშაურის საუკეთესო ლექსები სხვადასხვა რაკურსით შესრულებული ავტოპორტრეტებია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და მთლიანობაში გამოჰკვეთენ ავტორის პოეტურ ინდივიდუალობას.
რუსუდან კაიშაურს საკმაოდ თამამად შემოაქვს პოეზიაში ყოფითი, არაპოეტური აქსესუარები; მისთვის ესთეტიზმი, ფორმის კულტივირება ნაკლებად დამახასიათებელია, მთავარი აქცენტი სათქმელის სიმძაფრეზე და მკითხველამდე მაქსიმალური გულწრფელობით მიტანაზე არის გადატანილი; რ. კაიშაურის ნაწარმოებთა ღირებულებას აბსტრაქტულ მეტაფორებსა და ასოციაციური ხილვებით კონსტრუირებულ “სხვა რეალობაზე” მეტად განსაზღვრავს მკაფიო აზრი, ლოგიკურად დასრულებული შინაარსი და მისი თანამდევი ემოციური მუხტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსუდან კაიშაურის პოეზია რეალისტურია, მას მყარად უდგას ფეხი მიწაზე და საგნებსა და მოვლენებს აღიქვამს და გვაჩვენებს ისეთად, როგორც სინამდვილეშია. ამის გაბედვა და განხორციელება კი ადვილი როდია ვირტუალური იმიჯებით აღსავსე დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, სადაც ხშირად რეალობა აღარ აღიქმება რეალობად, იმდენად აბერაციული, ნორმიდან გადახრილი გახდა თვითონ ხედვა თუ შემეცნება. რუსუდან კაიშაური წარმატებით ახერხებს საკუთარი განცდის თანაზიარად აქციოს, ააღელვოს მკითხველი. მისი ლექსების ლირიკული გმირი გახლავთ ქალი, რომელსაც ცხოვრებამ მრავალგვარი სატკივარი, საზრუნავი, ტრაგედიაც კი არგუნა წილად, მაგრამ სულიერად ვერ გატეხა და სიცოცხლის ხალისი ვერ ჩაუკლა; პირიქით, იგი გამოიწრთო და გაძლიერდა ცხოვრებასთან ჭიდილში და ეს სიმხნევე, ჭირსა შიგან გამაგრების ნიჭი, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი სტოიციზმი მკითხველსაც გადაედება, მასაც აძლიერებს სულიერად. რ. კაიშაურის ლექსებში გამჟღავნებულია ის შინაგანი ჭიდილი, პოეტის სულში რომ გამართულა ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის: ორივე მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებს, ორივე “გულის სისხლს” ითხოვს მისგან და მას არ ძალუძს რომელიმეს უგანოს, ამიტომ პოეტის გული, რომელიც ასპარეზია ამ უკომპრომისო ჭიდილისა, გამუდმებით მაღალი ძაბვის ველში იმყოფება და მაქსიმალურად იხარჯება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ შვილები, ყოველდღიური ჯაფა, ყოფითი წვრილმანები, რომელთა ზოგად, კრებით სახელად გამოდგება მის ლექსებში მრავალგზის მოხსენიებული “ცოცხი”, მეორე მხრივ კი ოცნების კოშკები, ლაჟვარდები… ერთგან წერს – ქალთევზასავით ვარ, ტანის ნაცვლად ცოცხზე ვდგავარ და “ცოცხზე მდგარი ვპოეტობ ქალი”-ო; ამ რამდენადმე კომიკური იმიჯით პოეტი მკაფიოდ და ემოციურად გამოხატავს თავის პიროვნულ დრამას; სხვა ლექსში კიდევ, ერთგვარი ჰეროიკული შტრიხები ჩნდება ავტოპორტრეტში, თუმცა აქაც არის დაფარული თვითირონია: შვილებზე მზრუნველი დედა თავისთავს ჯერ ბავშვების თავშესაფარ ციხედ წარმოიდგენს, შემდეგ კი – ხმლიან მეციხოვნედ, რომელიც ბავშვების ძილს დარაჯობს: “მეციხოვნე ვარ, ხელში ხმალი მაქვს, ღამით საწოლებს ავუვლ-ჩავუვლი”.
რუსუდან კაიშაური ამ თავისი “ჯიქური” რეალიზმით, გულწრფელობით მრავალთაგან გამოირჩევა დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი სულ ბოლოდროინდელი ლექსებით ის ერთგვარ ხარკს მაინც უხდის ამ პროცესისათვის დამახასიათებელ მოდურ ტენდენციებსაც და არაიშვიათად “ახერხებს” დაემსგავსოს სხვებს; ამ ლექსების წამკითხველი ალბათ უყოყმანოდ მიაკუთვნებს მას “თანამედროვე” პოეტთა რიცხვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც “tour de force”-ა (“ძალის ჩვენება”); ამ გამოთქმას ხშირად იყენებს უილიამ ფოლკნერი, როცა ეხება იმგვარ ნაწარმოებებს (თავისას თუ სხვისას), რომელთაც ღირებულება კი აქვთ, მაგრამ მაინც არ არიან ავტორის უშინაგანესი სამყაროს, მისი ჭეშმარიტი სტიქიის გამომხატველნი. რუსუდან კაიშაურმა ამით დაამტკიცა, რომ მოდურობის პრეტენზიის მქონე უმცროსი კოლეგების მსგავსად წერა მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ის, რითაც რ. კაიშაური არავის ჰგავს, რაც მისი შემოქმედების ბირთვი და ძირითადი მიმართულებაა, შესაძლოა არც ისე “მოდურად” გამოიყურებოდეს მავანთა თვალში.
რუსუდან კაიშაური წერს როგორც ტრადიციულ რითმიან ლექსებს, ასევე ვერლიბრსაც, მის კონვენციურ ლექსებში აქა-იქ იგრძნობა ფორმის დაუხვეწაობა, ტექნიკური ხარვეზები, ვერლიბრში კი ამგვარი ნაკლი თითქმის არ შეიმჩნევა; ეს ალბათ იმიტომ, რომ ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვს ფორმის თვალსაზრისით, ვიდრე “უფორმო” თავისუფალ ლექსს. ზოგჯერ ფრაზას უჭირს მეტრის ჩარჩოებში ჩატევა და ამის გამო მოქნილობა და სიზუსტე აკლია, ზოგან რიტმი მოიკოჭლებს; ალბათ პოეტმა სტილისტური თვალსაზრისით უფრო მკაცრად უნდა გადახედოს თავის პროდუქციას და შეძლებისდაგვარად იზრუნოს ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩემი აზრით, რუსუდან კაიშაური ტრადიციულ ლექსში მაინც უფრო მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს თუნდაც წმინდად მხატვრული თვალსაზრისით, ვიდრე ვერლიბრში. შესაძლოა, შინაგანად უფრო ახლობელი მისთვის მაინც ტრადიციული ლექსია. ვიმედოვნებ, მომავალში პოეტი ამ ფორმას მეტი რუდუნებით მოეკიდება და ოსტატობის უფრო მაღალ ხარისხს გვიჩვენებს თავის ახალ ნაწარმოებებში.© “წიგნები – 24 საათი”
-
შოთა იათაშვილი – პოეზია და სიდიდეები
გამომცემლობა “მერიდიანმა” 2007 წელს რეზო გეთიაშვილის “Artყვავილების” მეორე ვერსია დაბეჭდა. “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული 2004 წლის “Artყვავილების” პირველი ვერსიისაგან იგი თითქოს ბევრი არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ლექსები ამოკლებულია, რაღაც – რა თქმა უნდა დამატებული, და რაც წიგნის პრეზენტაციაზეც ბევრჯერ აღინიშნა – განსხვავებულია ლექსების დალაგების პრინციპიც. მიუხედავად ამისა, ახალ კრებულს მაინც აქვს თავისი თვისობრივი სიახლე, და ეს თვისობრივი სიახლე მისი ბოლოსიტყვაობაა – შეთხზული საყურადღებოდ მოაზროვნე და მჭევრმეტყველი ზაზა შათირიშვილის მიერ – სადაც თანამედროვე ქართული პოეზიის სპექტრში ორი დიდი პოეტის თამამად გამორჩევის გარდა არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის მთელი პოეტური პროცესის კონცეპტუალური ანალიზის მცდელობა. ყოველი ასეთი ლიტერატურული ძალისხმევა გასახარია, მით უმეტეს, თუკი იგი არ მიუყვება გაკვალულ ბილიკებს და ცდილობს ახალი ხედვა დაამკვიდროს. სწორედ ესაა ცოცხალი ლიტერატურული პოლემიკის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა შათირიშვილის ტექსტი რამდენადაც ანალიტიკურია, იმდენადვე ეპატაჟურიცაა, რის გამოც თითქოსდა ბოლომდე სერიოზულად არც უნდა მიუდგე მას, მაგრამ რაკი არცთუ სისხლსავსე ქართულ ლიტერატურულ გარემოში ეს ანალიტიკური ეპატაჟი შედგა, იგი რაღაცნაირად გიბიძგებს, ამ სტატიის მიმართ საკუთარი მოსაზრებები არანაირად არ დამალო და ასევე ღიად გამოხატო.
თავიდანვე, Dდა თუ საჭირო გახდა, ბიბლიაზე ხელის დადებითაც კი უნდა ითქვას, რომ პოლემიკის საბაბი სულაც არაა ის, რომ შოთა იათაშვილი იქ “შეუმდგარ კონცეპტუალისტადაა” გაკვრით ნახსენები საკმაოდ ჭრელ, თუმც ძირითადად შინაგანად ახლობელ ჯგუფთან ერთად. პოლემიკის მიზეზი, – და არავითარ შემთხვევაში საბაბი, – არის ის, რომ იგი, მიუხედავად პოეტობისა (თუ პროზაიკოსობისა – ვინაიდან პროზაიკოსობასაც აქვს მნიშვნელობა ზაზა შათირიშვილის ამ ანალიტიკურ ეპატაჟში) საკმაო ხანია, ანუ დაახლოებით 10 წელია, რაც ქართული ლიტერატურისა და უფრო ხშირად, პოეზიის შესახებ კრიტიკულ წერილებს წერს – ერთი სიტყვით, ცდილობს, იყოს ანალიტიკოსი, თუმც, რამდენად გადასდის ზოგიერთებივით ანალიზი ეპატაჟში, ეს უკვე მკითხველმა უნდა განსაჯოს…
მივადგეთ სათქმელს: ზაზა შათირიშვილის სტატიის ერთ-ერთ მთავარ ტერმინში – მიჯნათაშორისში – ანუ გალაკტიონიდან 90-იანელებამდე მოხვედრილ აბსოლუტურად განსხვავებულ ქართველ პოეტთა გრძელ სიაში (ანა კალანდაძიდან ანდრო ბუაჩიძემდე), ისეთი პოეტიც კი “რიგითია”, როგორიცაა ბესიკ ხარანაული. სტატიის ბოლოს კი “რიგითობას” თავს აღწევს და ბოლო პოეტური კრებული-ტრამპლინიდან შესრულებული ერთი ნახტომით “დიდპოეტობაში” გადადის ის პოეტი, რომელიც ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე “საგულისხმო მიჯნათაშორისი” იყო. ცხადია, ასეთი არაორდინარული ხედვა საინტერესოა, მაგრამ საფუძვლიან შემოწმებასაც საჭიროებს. თუმც შემოწმება ვერანაირად ვერ შედგება, თუკი კარგად არ გავიაზრებთ კრიტიკოსის გლობალურ პოეტურ ხედვას, ესთეტიკას, უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, გაგებას. ზაზა შათირიშვილი პოეზიაში მუდამ სიმბოლისტებს იკვლევდა: ქართულში, რუსულში (ფრიად აქტიურად), თუ არ ვცდები, უცხოენოვანშიც… სიმბოლისტებისშემდგომ პოეზიას იგი ალაგ-ალაგ, ხამუშ-ხამუშ ეხებოდა, ამიტომ ძნელია ითქვას, რომ იგი მიმდინარე ლიტერატურული პროცესის დამკვირვებელი თვალი იყო. ამის პრეტენზია მას არც ჰქონია. ყოველთვის აღიარებდა, რომ რაღაც არ აკმაყოფილებსBთანამედროვე ქართულ პოეზიაში, და ჩემთვის სრულიად გასაგებია ის აღტკინება, რა აღტკინებითაც მან დაწერა ის წერილი, რომელშიც, როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, ხოტბა შეესხა იმ ტიპის პოეტისთვის, რომელსაც დიდი ხანი ელოდა და ძლივს ეღირსა. თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მის ტექსტში თავისთავად იკითხება, რომ ასეთ პოეტს უშუალოდ ის (და შესაძლოა, მისი სამეგობრო) ელოდა, და არა მთელი საქართველო.
ანუ ელოდა, რომ პოეზია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური მოვლენა, კიდევ ერთხელ გაცხადებულიყო, როგორც არტისტიზმისა და მუსიკალობის ერთგვარი ნაჯვარი. რა თქმა უნდა, ათასნაირი პოეზია არსებობს და ზაზას ეს ყველანაირი პოეზია ალბათ წაკითხული, შეფასებული და გადაფასებულიც აქვს, თუმც იდეალი პოეზიისა მისთვის მაინც სიმბოლიზმში იყინება. ესაა მისი გულის პოეზია, სხვა კი ტვინის, გენიტალიებისა თუ სხეულის სხვა ნაწილებისა. სათქმელის თუ ფიქრის ის ინტონაცია, რაც, მაგალითად, ბესიკ ხარანაულს მოაქვს, ეტყობა მის გულს ნაკლებად ხვდება, არადა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სწორედ ხარანაულის, და არა ძველი თუ ახალი სიმბოლისტების კითხვაა მნიშვნელოვანი სულიერი აქტი (ვისაც ხარანაულის პოეზიის ღრმა და სხვადასხვა რაკურსებიდან გაკეთებული ანალიზი აინტერესებს, ვურჩევ, 2005 წლის “ალტერნატივას” ნომრებში წაიკითხოს ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”).
იმას, რასაც მე ცოტა ხნის წინ გული ვუწოდე, ხშირად გემოვნებას არქმევენ და სწორედ ეს იწვევს განაწყენებებს. “როგორ, მე უგემოვნო ვარ, ასეთი ინტელექტუალი, ასეთი კულტუროლოგი?” მახსენდება, ორიოდე წლის წინ, ხანგრძლივი, ცხარე პოლემიკის შემდგომ საბოლოოდ როგორ დავასკვენი და მაშინათვე მოურიდებლად განვუცხადე ერთ-ერთ მსგავს პერსონას, რომ მიუხედავად ყველაფრისა (მათ შორის ერთ-ერთ ქართველ კლასიკოს პოეტზე დაწერილი მონოგრაფიისა), მას არანაირად არ ესმის თანამედროვე პოეზია, და მან ოდნავი სიმორცხვით გამიმხილა, რომ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთივე სიტყვებით შეამკო იგი “მიჯნათაშორისშიც” კი არმოხსენიებულმა საკულტო პოეტმა ლია სტურუამ. ასეთი შეფასებები მენიშნა, და არა იმიტომ, რომ მე და ლია სტურუა მაგრები ვართ, ისინი კი უნიჭოები. არა, – უცებ სულ სხვა რამ დავინახე: თანამედროვე, მოდური ყაიდის მოაზროვნეები, რომელთაც ეტყობა გადატვირთული სააზროვნო პროცესების გამო თავიანთთვის ერთი საკრალური, დასასვენებელი სივრცე აქვთ შემონახული, რომელსაც ეწოდება პოეზია და საიდანაც, რამდენადაც შესაძლებელია, გამოძევებულია სათქმელი და დატოვებულია მხოლოდ თვალის (თუ ყურის) მომჭრელი ხატები, მათემატიკურად ზუსტი ჰარმონია, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალისტური სიგიჟეები და ა.შ. შეიძლება არც თუ ისე იშვიათად, ეს ტექსტები დრამატული ან ტრაგიკულიც კია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოკაზმულია, და სწორედ ეს მოკაზმულობაა ის მაგნიტი, რაც მათ იზიდავთ და რის ტყვეობაშიც ვარდებიან. მსგავსი სიტყვაკაზმულობა (ხანდახან გაპრანჭულობაშიც კი გადასული) დიდ პოეტებში უკვე სულ სხვა სახეს იღებს და თითქმის ყველასთვის მომნუსხველი ხდება, მაგრამ ზაზასნაირ მკითხველში, როგორც ის თავადაც აღნიშნავს, მხოლოდ დიდი პოეტი აღარაა “დიდი”, მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა “დიდი” იყოს. სწორედ ამ გულწრფელი პრიმიტიული პოზიციიდანაა დაწერილი ზაზა შათირიშვილის ბოლოთქმა რეზო გეთიაშვილის წიგნისა, რომელიც მართლაც შესანიშნავად ფლობს იმ პოეტურ უნარებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია… არტისტიზმის ხარისხი ერთმანეთს რომც არ შევადაროთ, იმის შედარებაც იქნება საკმარისი, თუ რის თქმას ახერხებს ერთის ლექსები, და რის – მეორე. ანუ, გეთიაშვილის არტისტიზმი ჰაერში ეკიდება და რჩება ეგზისტენციალური ვიბრაციების გარეშე, გალაკტიონის ფორმალისტური სიგიჟეები კი სწორედ იმიტომ იმკვიდრებს ქართველი ხალხის ცნობიერებაში ადგილს, რომ ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად უნიკალურ ჟღერადობებში ჩასმულ ეგზისტენციებს წარმოადგენს. პოეზიისადმი ამ ვიწრო დამოკიდებულებას კიდევ უფრო აზუსტებს ორი სიტყვაუხვი აბზაცი კიდევ ერთი პოტენციურად დიდი პოეტის, რატი ამაღლობელის მართლაცდა შესანიშნავი პროსოდიული სმენის შესახებ, რამეთუ იგი კვლავაც კრიტიკოსის ცალმხრივ გადახრას აზუსტებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის პოეზიის მიმართ.
ვიცი, ახლავე გაჩნდება პროტესტი: “კრიტიკოსს სულ სხვა რამის გამოკვეთა სურდა, თქვენ კი კვლავაც ის გვაუწყეთ, რომ გალაკტიონს ვერავინ შეედრება… ნაცნობი და მოსაბეზრებელია მსგავსი არგუმენტები…” კი ბატონო, არის ამაში რაღაც მართალი და მე ნამდვილად არ მინდოდა, ზაზას მიერ რუდუნებით შექმნილი დიდი პოეტის ახალი სურათ-ხატი ძველისძველი მეთოდებით გამენადგურებინა, მაგრამ რა ვქნა, როცა ჩემი მიდგომა რეზოს პოეზიისადმი აბსოლუტურად საპირისპიროა: მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რეზომ აქამდე შექმნა, თითქმის ბოლომდე ამოწურა და გააფორმა, როგორც პირველი, მეტად საინტერესო ეტაპი საკუთარი Aშემოქმედებისა, უკვე აღარ იძლევა თვისობრივი წინსვლის საშუალებას, და აქედან გამომდინარე, იმედიანად ველი, თუ როდის ამოხეთქავს მასში რაღაც სხვა, გაჩნდება ახალი ინტონაცია, ახალი თემატიკა, ახალი მიდგომა პოეზიისადმი, და ის გამოცდილება, რაც მასში დაგროვდა, რეზო გეთიაშვილის ახალ, უხილავ თუ ხილულ სიღრმეებში წასულ პოეზიად ტრასფორმირდება. Mმაგრამ ზაზა შათირიშვილის სტატიის გამოისობით ეს ლოდინი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს, ვინაიდან დიდია შანსი, მან “დიდი პოეტის” იმიჯს მიაჯაჭვოს პოეტი და ახალი გზების ძიების წყურვილი ერთი ადგილის საფუძვლიანი ტკეპნით შეუცვალოს.
ბოლოთქმაში დასახელებულია კიდევ ერთი თანამედროვე დიდი პოეტი, – გივი ალხაზიშვილი – რომლის ბოლო პერიოდის კონვენციური ლექსები ჩემი აზრით გაცილებით სათქმელიანია, ვიდრე გეთიაშვილის, თუმც ფორმა აშკარად არაგალაკტიონისებურია, მეტიც, ერთფეროვნად დაბალანსებული, თუმც დიდი ხელოსნობით, ოსტატობით გაკეთებული. ამავე დროს, ლელა სამნიაშვილსაც რომ შევეშვათ, აშკარად ზვიად რატიანზე უფრო სტერილური ქართულით დაწერილი, არადა “ბოლომდე ვერშემდგარი ფრაგმენტირებული 90-იანელების ერთ-ერთი სკოლის” (“ინგლისურენოვანის”) მთავარ ნაკლად ზაზა შათირიშვილი სწორედ სტერილურობას მიიჩნევს. ცხადია, ჩემი ამ დებულების მტკიცება ხანგრძლივ პარალელურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ რაკი ზაზამ უფლება მისცა საკუთარ თავს არგუმენტაციების გარეშე (თუ არ ჩავთვლით რეზო გეთიაშვილის პოეზიის ანალიზს) დაელაგებინა მთელი ნახევარსაუკუნოვანზე მეტი ხნის ქართული პოეზია, ამჯერად მეც მაინცდამაინც ნუ მომთხოვთ გამოწვლილვით ანალიზს, უბრალოდ, ჩემს ადეკვატურ კონტრდებულებად მიიღეთ, რომ გივი ალხაზიშვილი უფრო სტერილურია, ვიდრე ზვიად რატიანი, და თუ ასეა, და თუ სტერილურობა ნაკლია, რანაირადღაა იგი დიდი?
მაგრამ აჯობებს თავიდან მივყვეთ ზაზას ჯგუფებს: პირველი ჯგუფი “ვერშემდგარი “კონცეპტუალისტების ჯგუფია, რომელიც კალამბურსა და უხვსიტყვაობას შორის ირყევა (დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, მამუკა ლეკიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით რობაქიძე, შოთა იათაშვილი და სხვ.)”. კალამბური გასაგებია – ყუბანეიშვილი. ყველაზე მეტად უხვსიტყვაობა დათო ბარბაქაძეს სჩვევია, მაგრამ სხვები? ვერანაირად ვერ ვხვდები, სად უნდა განვათავსოთ, ან რითი გვანან ერთმანეთს დანარჩენები, ან თუნდაც ისინი, “და სხვ.”-ში რომ მოხვდნენ. კი ბატონო, კონცეპტუალისტია დავით ჩიხლაძე, მაგრამ რაის კონცეპტუალისტი დაინახეთ შალვა ბაკურაძეში? და თუ “პოეტურ პოეტებში” მოხვდა ელა გოჩიაშვილი, რომელიც სწორედაც რომ სრულიად სხვანაირად პოეტურია, რატომ არ მოხვდა ამ შემადგენლობაში თუნდაც ხანდისხან სიტყვაუხვი ბაკურაძე? “პოეტური პოეტის” ტავტოლოგიური დეფინიცია გაგა ნახუცრიშვილისადმი ინტუიტიურად გასაგებია, მაგრამ რომელი “პოეტური პოეტია” ნიკა ჯორჯანელი, რომელიც ჯობს თვისობრივად რატიანისა და სამნიაშვილის ჯგუფს უფრო მიაკუთვნო, თუმც იმ განსხვავებით, რომ მასთან “პოეტური კულტურა” ძირითადად, ინგლისურენოვანი კი არა, გერმანულენოვანი და რუსულენოვანი პოეზიიდან მოდის?
იმაზე უკვე აღარაა საუბარი, რომ თანამედროვე პოეტური გარემოს შემქმნელი ზოგიერთი ავტორი საერთოდ არაა დასახელებული – მაგალითად, კარლო კაჭარავა და ზაზა თვარაძე მთელი მათი საოცარი და სამწუხაროდ უკვე დასრულებული შემოქმედებით, ან გიორგი ლობჟანიძე ბოლო პერიოდის ლექსებით, რომლებიც რადიკალიზმის იშვიათად სწორი გაგებით სხვათა ზედაპირული რადიკალიზმისაგან ფრიად გამოირჩევა.Aაქვე უპრიანი იქნება გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრალდება, წაყენებული სამივე მიმართულების პოეტების მიმართ: ის, რომ “ისინი თითქოს არ იცნობენ იმ პოეზიას, […] რომლის ენაზეც წერენ, ან, თუ იცნობენ, – საკმაოდ მცირე დოზებით – იცნობენ მხოლოდ ფრაგმენტებს”. საიდანაც თურმე გამომდინარეობს, რომ “ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.” შორს რომ აღარ წავიდეთ და თითოეულ პოეტს ცალ-ცალკე პოეტური უნარ-ჩვევების ტესტები არ ჩავუტაროთ, ბარემ ისევ “და სხვ.”-ში მოხვედრილი ზაზა თვარაძე გავიხსენოთ, რომლის განუმეორებელი პოეტური სიგიჟე მუდამ კლასიკური ქართული ლიტერატურისა და პოეზიის უბადლო და ღრმა ცოდნას ეყრდნობოდა.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ზაზა შათირიშვილის კონცეფცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა მხოლოდ და მხოლოდ ახალ მილენიუმში დაწერილი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტით” იწყება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა იყო 90-იან წლებში თითქმის მთელი “რეაქტიული კლუბი”, “ანომალიური პოეზია”, ბადრი გუგუშვილი, კარლო კაჭარავა (ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით) და ბევრი სხვა პოეტიც. 21-ე საუკუნეში მას Aახალი, მკვეთრი ინტონაციები შესძინა ნაირა გელაშვილმა, ასევე, დღევანდელი სამოქალაქო პოეტური ლირიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ზურაბ რთველიაშვილი, თუმც ძველ თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს ლირიკა იყო და არის არცთუ გაპრანჭული, ზაზა&company-ს კი სამოქალაქო ლირიკაც კი გაპრანჭული, ანუ უფრო კულტურულად რომ ვთქვათ, უსაზღვროდ ესთეტიზებული სურს და აქედან გამომდინარე, მის საწყისს მხოლოდ რეზოს კარგ, მაგრამ ერთ რიგით ლექსში ხედავს…
და მგონი მივაღწიეთ როგორც იქნა მთავარ შეკითხვას: სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?
შეკითხვა რიტორიკულია, მაგრამ მას ამ წერილში ვერანაირად ვერ ავცდებოდით. საზომებმომარჯვებული პოეტებისა და კრიტიკოსების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, სწორედ ისინი მიაჩოჩებენ ნელი-ნელა უკეთესობისაკენ საკუთარ ეროვნულ პოეზიებს, მაგრამ ეს ჩოჩიალი მაინც პრინციპულად არაფრისმომცემემია, სანამ ახალი პოეტური გულისცემის ბესიკ ხარანაული ან ანდრო ბუაჩიძე არ დაიბადება (რომელი მიჯნათაშორისია ანდრო, როცა მისი კაეშანი სრულიად განსხვავებული ინტონაციის მიუხედავად, მაინც ტერენტი გრანელის კაეშნის გრადაციას უსწორდება უსიტყვოდ?)… და საერთოდ, ავტორი და სათქმელი ბევრია, ხანდისხან გგონია, რომ ვერც აუხვალ და ამის გამო ღონეც გეცლება, პასიური ხდები, მაგრამ რაღაც მომენტში რატომღაც მაინც იჯერებ ხოლმე, რომ მოკლე სიტყვითა და არგუმენტებით გადახუნძვლის გარეშეც შესძლებ იმის თქმას, რაც გულისგულში მოხვდება მკითხველს და ზედმეტ დასაბუთებებს უკვე აღარ მოითხოვს…
და თუკი მართლა ასეა, ჩათვალეთ, რომ ამჯერად მეც სწორედ ასე მოვიქეცი… შევეცადე, მთავარი გამომეთქვა, დანარჩენი, სიდიდეების მილიმეტრული სიზუსტით ზომვა და მსგავსი დამღლელი პროცედურები შემდგომ, მოსალოდნელ პოლემიკას შევატოვე…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
PEN მარათონი – 2002
იასე ესაძე
მეორე გაკვეთილი
ამჯერად ღია ზღვაშიPEN მარათონი – 2002. ლიტერატურული კრებული. თბ., “დიოგენე” 2002.რამდენიმე გაკვეთილი კი არა, ერთიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გვეთქვა – PEN მარათონმა გაამართლა!
შარშან, 15 თებერვლიდან 25 აპრილამდე პირველად საქართველოში გამომცემლობა “დიოგენემ” ჩაატარა უჩვეულო ფორმატის ერთდღიანი ლიტერატურული კონკურსი “PENმარათონი” – 2002. საიდან შემოიჭრა ამგვარი ასპარეზობის გამართვის იდეა – არ ვიცი, მაგრამ ვიცი იმ 660 კალამშემართული ადამიანის სურვილი, რომელთაც თავს იდვეს ალტერნატიული იდეის ხორცშესხმა და დათანხმდნენ, 12 საათის განმავლობაში შეექმნათ ორიგინალური პროზაული ნაწარმოები; მაგრამ სურვილებისა და შესაძლებლობების ამწონმა და შემფასებელმა ჟიურიმ იმ 660-დან (კიდე კაი, რომელიღაცა “ექვსმა” თავი შეიკავა!) ოცდაექვსი ფინალისტი შეარჩია და ბრძოლაც გაიმართა. როგორ გგონიათ, ეს შერკინება რით ჩამოუვარდებოდა იმ ჰეროიზმს, ჩვ.წ.აღ-მდე 490 წელს რომ გამოიჩინეს ელინებმა და დაბა მარათონთან სპარსელები უკუაქციეს? მე თუ მკითხავთ, ყოველგვარი მოიარების გარეშე გეტყვით, რომ – არაფრით! ნამეტან ხუმრობამოჭარბებად თუ ჩამითვლით ამ ნათქვამს, არც იმის თქმას დავიზარებ, რომ “100% KOTTEN”-კლუბის პირობებში, და თანაც გარკვეულ დროით ჩარჩოში, არცთუ ადვილი იყო მხატვრული ფანტაზიის აფრათა აშვება. ეტყობა იმ “ერთი საკლასო ოთახის” ვითარებამაც უკარნახა კონკურსის ორგანიზატორებს, რომ ყოველი ნაწარმოები დაწყებულიყო ფრაზით: “რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა…” აი, ამ სასტარტო სიტყვებით დაიწყო და სცადა – ვინ მწერალმა და ვინ სკრიპტორმა – კონკურენცია გაეწია … რეალობისთვის, რადგან ნებისმიერი ლიტერატურის ამოცანა სწორედ რომ რეალობასთან გაჯიბრებაცაა. “მწერალ-სკრიპტორობაზე” კი იმიტომ მოგახსენეთ, რომ ყველა კონკურსანტის თხზულება, რასაკვირველია, ვერ აღმოჩნდა მხატვრულად ღირებული და ამიტომაც არ მოხვდა “დიოგენეს” მიერ გამოცემულ კრებულში, რომელიც შარშანდელ 25 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე გაიყიდა. კრებული ათი მოთხრობისგან შედგა. ათივე მწერალი მეტ-ნაკლებად ცნობილია, ან, ყოველ შემთხვევაში, დღეს მაინცაა ცნობილი ჩვენი ლიტერატურული სივრცისათვის, მაგრამ აღმოჩენად მაინც გელა ჩქვანავა იქცა. მე პირადად, მანამდე მისი არაფერი წამეკითხა. ასეც ხდება და საკმაოდ ხშირადაც, ხომ შეიძლება კაცი თხზავდეს და წერდეს თავისთვის და გამოქვეყნებას კი ვერ ბედავდეს. ტრადიციულად, საქართველოში კალმოსან კაცს ისეთი ფუნქცია ეკისრებოდა (ღმერთთან ლაპარაკზე რომ აღარა ვთქვათ), რომ, ჩანს, ერთგვარ ტვირთადაც კი აწვა საწერ მაგიდასთან ღამენათევ კაცს და ხალხთან დალაპარაკებას კი ვერ ბედავდა. ამ კონკურსის ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციათაგანი ესეცა მგონია. რომ ვიღაცა წაათამამა და ასპარეზზე გამოიყვანა. აკი ვთქვი, პირველმა გაკვეთილმა გაამართლა-მეთქი. ეს რომ ასეა, გელა ჩქვანავას შემდგომმა მოღვაწეობამაც დაადასტურა, როდესაც მან “არილსა” და “24 საათის” ლიტერატურულ დამატებებში გამოაქვეყნა მოთხრობები: გულწრფელად გითხრათ, გელას პირველი ადგილი კინოთეატრ “ამირანში” გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ერთგვარ ხარკად და კონიუნქტურადაც კი მომეჩვენა, რადგან გელა აფხაზეთიდანაა და მივიჩნიე, რომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჟიურის მხრიდან, მაგრამ ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება იყო და მეტი არაფერი. დაახლოებით იგივეს ვიტყვი მარინა ელბაქიძეზე… უფრო ზუსტად, იგივეს იმ ნაწილში, რასაც კონკურსშემდგომი შემოქმედებითი წარმატება ჰქვია და ამის ნიმუშად გასული წლის “არილის” მესამე ნომერში გამოქვეყნებულ მოთხრობას დავასახელებ, რომელსაც “გაცვლა” ერქვა და რომელმაც ისეთი გემოვნებიანი კრიტიკოსის ყურადღება დაიმსახურა, როგორიც ანდრო ბუაჩიძეა. ანდრომ ისიც კი აღნიშნა, რომ ეს მოთხრობა თავისი მიზანდასახულებით რომანის მასშტატებს უახლოვდებაო. მარინამ პირველ გაკვეთილზე მეორე ადგილი დაიმსახურა და დამსახურებულადაც. რაც შეეხება მესამე ადგილს და თამრი ფხაკაძეს, აქ გაცილებით უფრო ნათელი და ნაცნობია ყველაფერი, რადგან თამრიკო ჩემი მეგობარია და მის შემოქმედებასაც კარგა ხანია თვალს ვადევნებ. “ტვორჩესკი ნატურა” როა, მაშინ დავრწმუნდი, როცა ინტენსიურად ხატავდა ერთი პერიოდი. მერე საბავშვო ლექს-მოთხრობები შეუბერა და სრულიად ლოგიკურად მოვიდა შემდგომი წარმატებებიც. როცა ვინმეზე ვამბობ ხოლმე, – მწერალია-მეთქი, პირველ რიგში, იმას ვგულისხმობ, რომ ბევრსა წერს. ამ აზრით თამრიკო ნამდვილადაა მწერალი. ამ აზრითაც და იმ აზრითაც, რომ არა მხოლოდ პროდუქტიულია, არამედ კარგი მთხრობელია, დიალოგისტია, კარგად ეხვევა პერსონაჟის ტყავში – კარგად სწვდება ფსიქიკას, დამაჯერებლად ალაპარაკებს და, საბოლოო ჯამში, კარგად გველაპარაკება და გვიყვება მწერალი. ამიტომ მიხარია, რომ თამრიკომ თავისი ხმა იპოვა და შესაბამისი რეზონანსიცა აქვს ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში.
შარშანდელმა “PENმარათონმა” შესანიშნავი სამეულის გარდა, კიდევ ერთი ფაქტით აღნიშნა თავისი და მწერლის წარმატება და ეს მწერალი იყო ბესო ხვედელიძე, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ბესოზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან მას წელს საბას პრემიაც გადაეცა, რაც უკვე ბევრისმთქმელია და დასტურია მისი მწერლური შესაძლებლობებისა. რამდენადაც ვიცი, თანამედროვე ლიტერატურული ცხოვრებით დაინტერესებული მკითხველი უახლოეს ხანში ბესო ხვედელიძის რომანებსაც იხილავს და მეც იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტის თქმის საშუალება მოგვიანებით მომეცემა.
სიამოვნებით ვისაუბრებდი კრებულში შემავალ სხვა მწერლებზეც, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ჩამოვთვლი მათ გვარებს, რადგან მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს მათ შემოქმედებას: ბასა ჯანიკაშვილი, ზურაბ ლეჟავა, ბესო სოლომანაშვილი, ზურაბ ლავრელაშვილი, მაკა მიქელაძე და ნინო გუგეშაშვილი… აი, რაც შეეხება ნინო გუგეშაშვილს, მისთვის რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი ყოფილა, რომ “ნისლების მატარებელში ჩაჯდომა” ესწავლა და მინდა ვუსურვო, რომ თავისი მწერლური უნარები უხვად მოეფინოს ლიტერატურული პრესისათვის.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს იყო შარშან; შარშანდელმა პენმატარებელმა უკვე ჩაგვიარა და მე მხოლოდ მისი ბოლო ვაგონის რიტმგაწყვეტილი ხმა შეგახსენეთ…
წელს, წელს რა ვქნათ? მარათონულ დისტანციებს (სპორტში ორმოცდახუთამდე კილომეტრიაო) შეჩვევა სცოდნია და წელსაც ხომ უნდა გავიაროთ?
შარშანდელ მონაწილეთა შთამბეჭდავი რაოდენობა, ალბათ, ენერგიული “რასკრუტკითაც” იყო გამოწვეული, წელს PEN-ის რეკლამა უფრო მოკრძალებულად გვახსენებს თავს. ამის მიზეზი ისიც უნდა იყოს, რომ “PENმარათონი” უკვე ერთი წლისაა, დაბრძენდა, გამოცდილება შეიძინა, თავდაჯერებულობაც იგრძნო, საქმესაც დინჯად მოეკიდა და ყველა ამ ღირსების შესაძენად ერთი გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
მეორე გაკვეთილის მომზადება 2003 წლის 19 მაისიდან 30 მაისამდე მიმდინარეობდა გამომცემლობა “დიოგენეს” ოფისში. პლიუს-მინუს(+-) სამასი პროზაული ნაწარმოები (ან ნაწარმოების ფრაგმენტი – 5 გვერდამდე) წარადგინეს კონკურსანტებმა პირველ ეტაპზე. მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილეთა რიცხვი წელს 23-ით განისაზღვრა და ჟიურიმ ფინალისტებს ორი დღით ადრე აცნობა ამის შესახებ. ყველაზე დიდი სიახლე და სიხალისე ის არის, რომ წელს “PENმარათონმა” 2003-მა თავისი მხატვრულ-შემოქმედებითი ფანტაზიის აფრები შავ ზღვაზე აუშვა. დღეს და ხვალ, ე.ი. 7 ივნისის დღის თორმეტი საათიდან 8 ივნისის დღის 12 საათამდე კონკურსანტები ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან გასულ გემზე “კაპიტანი ლორთქიფანიძე” შექმნიან ერთ ორიგინალურ პროზაულ ნაწარმოებს. კონკურსანტები იმუშავებენ გარკვეულ თემაზე, რომელიც უშუალოდ მარათონის დაწყების წინ დასრულდება. შემდეგ – ისევ ჟიური და შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – მწერლის ოსტატობა. მერე უკვე მღელვარე მოლოდინი 27 ივნისისა, როდესაც კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, ანუ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ათი საუკეთესო საკონკურსო ნაწარმოებისაგან შემდგარი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. შემდეგ… შემდეგ, ალბათ, პირველი და მეორე კრებულის შედარება და დარწმუნება ან ვერდარწმუნება იმაში, რომ გამეორება ცოდნის და წინსვლის დედა და საწინდარია; თუ “დარწმუნება”, მაშინ უკვე მესამე გაკვეთილის მძაფრი მოლოდინი, რადგან ღმერთი სამობითაა; თუ ვერდარწმუნება, მაშინ, ალბათ, იმის აღნიშვნა რეცენზიაში, რომ “მეორე” ყოველთვის არ ნიშნავს “პირველს” მიმატებულს, რომ ხანდახან პირიქითაც ხდება. შემდეგ… შემდეგ, ალბათ, ის, რომ ლიტერატურული ცხოვრება პლიუს-მინუსებისაგან არ შედგება და რომ მთავარი ლიტერატურული მოძრაობა და ლიტერატურული ბიზნეს-პროექტებია, რასაც წარმატებით გეგმავს და ახორციელებს გამომცემლობა “დიოგენე” და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ამაღლებს და პრესტიჟს უქმნის ლიტერატურული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, რაც, თავის მხრივ, ჩვენს გახუნებულ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ელფერს სძენს.
მაშ ასე!
დაველოდოთ გაკვეთილს ზღვაში, ანუ (შემოქმედებით) უსაზღვროებაში!© “წიგნები – 24 საათი”







