-
-
ახალი წიგნები (თებერვალი, 2009)
“მთელის ნაწილი”
სტივ ტოლცი
“A Fraction of the Whole”
Steve Toltz
576 გვ Spiegel & Grau
2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის არაერთი საინტერესო ახალი სახე გამოჩნდა, მათს შორისაა სტივ ტოლციც. ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერლის სადებიუტო რომანი ფინალისტთა სიაში მოხვდა. “მთელის ნაწილი” მამა-შვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს; იასპერ დინი ახალგაზრდა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, სამართლიანი და მოწესრიგებული ნატურაა, მარინი კი – იასპერის მამა, შვილისაგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, ცხოვრების წესისა და არაორდინალური წარსულის მქონე ადამიანი. ავტორი თავისებური სტილით, ახლებური ფორმით გვიხატავს პერსონაჟებს, თხრობის ლაღი სტილი და იუმორი არ მოაწყენს მკითხველს.
“სიკვდილის დაბრკოლება”
ხოსე სარამაგო
“Death with Interruptions”
(Translated by Margaret Jull Costa)
José Saramago.
238გვ. Harcourt.
სიკვდილის ფენომენი მრავალმხრივ საინტერესოა – როგორი მიმართება აქვს მასთან სოციუმს, როდესაც მის არესბობას ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე გრძნობს, ან პირიქით – როგორ უყურებს თავად სიკვდილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ან ინდივიდებს მაშინ, როცა მათგან რომელიმეს არჩევაზე ფიქრობს. თემა, რომელიც არაერთი მწერლის შემოქმედების ფოკუსში მოხვედრილა, ამჯერად პორტუგალიელი ნობელიანტის, ხოსე სარამაგოს ყურადღებას იპყრობს – “სიკვდილის დაბრკოლება” მისი ახალი რომანია, წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება და მთავარი მოქმედი პირიც, არც მეტი, არც ნაკლები – სიკვდილია.
“ყაყაჩოების ზღვა”
ამიტავ გოში
“Sea of Poppies”
Amitav Ghosh
515 გვ. Farrar, Straus & Giroux
ამერიკელი მონის ვაჟი, ფრანგი ბოტანიკოსის ობოლი ქალიშვილი, ოპიუმის მწარმოებელი ინდოელი ფერმერები და ცხოვრება, რომლის შეცვლასაც ამ ცხოვრების პერონაჟები ცდილობენ – ინდოელი მწერლის, ამიტავ გოშის ახალი რომანი “ყაყაჩოების ზღვა” არსებულ მოცემულობაში ჩათრეულ ადამიანებზე გვიამბობს, მათს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის მცდელობას აღგვიწერს. წიგნი ტრილოგია “Ibis”-ის პირველი ნაწილია და 2008 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა შორის მოხვდა. ამიტავ გოშს კი მკითხველი უკვე იცნობს რომანებით “The Shadow Lines”, “The Calcutta Chromosome”, “The Hungry Tide”.
“ბარდი: რობერტ ბარნსი, ბიოგრაფია”
რობერტ კოროუფორდი
“The Bard: Robert Burns, a Biography “
Robert Crawford
466გვ, Cape
თუ მეტ-ნაკლებად იცნობთ რობერტ ბარნსის ბიოგრაფიას, ალბათ ხვდებით, რომ იოლი არ უნდა იყოს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერა: ძნელია, დაიცვა ზომიერება მის ლექსებზე საუბრისას, თავი აარიდო პათეტიკას, ან ცხოვრებისეული საინტერესო დეტალების რანგში პოეტის სასიყვარულო აფიორები არ წამოწიო წინ. თუმცა, რობერტ კროუფორდმა შეძლო დისტანცირება მოეხდინა შოტლანდიელების კულტურული კერპისგან, და ამით კიდევ უფრო ნათლად დაენახა მისი ადამიანური მხარეები, სისუსტეები, უკეთ გაეცნო პოეტი და თავისი შთაბეჭდილება მკითხველისთვის მიეწოდებინა. ბარნსის ბიოგრაფია მკითხველს შოტლანდიელი პოეტის არაერთ საინტერესო და საყურადღებო დეტალზე გაამახვილებინებს ყურადღებას.
“გზად გერმანიიდან გერმანიისაკენ (დღიური, 1990)”
გუინტერ გრასი
“Unterwegs von Deutschland nach Deutschland (Tagebuch, 1990)”
Günter Grass
258გვ, Steidl
ალბათ ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო ის ფაქტი, რომ 20 წელიწადზე მეტია, რაც გაუნტერ გრასი თავისი გამომცემლისგან მეტად უცნაურ საჩუქრებს იღებს – წიგნებს ცარიელი ფურცლებით, რომლებსაც მწერალი თავისი ყოველდღიური ჩანაწერებით ავსებს. გრასმა დღიურების წერა 1990 წელს დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების მიმართ საკუთარ თვალთახედვასა და დამოკიდებულებას სწორედ აღნიშნული ცარიელი წიგნების ფურცლებზე აყალიბებდა, და ამჯერად საშუალება მისცა მკითხველს, თავადაც გაეცნოს ნობელიანტი მწერლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ფიქრებსა თუ თვალსაზრისებს.
“საგანი განსაზღვრული სისწრაფით”
მარი-დომინიკ ლელივრი
“Sagan à toute allure”
Marie-Dominique Lelièvre
343გვ, Denoël
“სალამი, სევდავ!”, “გიყვართ ბრამსი?”, და კიდევ არაერთი სახელი გაგვახსენებს ფრანგ ნონკონფორმისტ, სკანდალების მოყვარულ, არაორდინალურ მწერალს, ფრანსუაზ საგანს, ეპოქის ერთ-ერთ კოლორიტულ ფიგურას, რომელიც ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში სხვადასხვანაირად იხატება. ამჯერად მარი-დომინიკ ლელივრი შეეცადა, გაეცოცხლებინა მითები საგანის შესახებ, კიდევ ერთხელ გადაეხედა მისი ბიოგრაფიისათვის და ახლებურად შემოეთავაზებინა ჩვენთვის ფრანგი მწერლის შემოქმედება, მისი ცხოვრება, ურთიერთობები, ემოციები, ესა თუ ის ფაქტები. წიგნი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ამ უცნაური ქალის მეტად საინეტერო პორტრეტს.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (თებერვალი, 2009)
ზაზა თვარაძე, “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებირვი მოგზაურობა”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
ელი პატარა გოგონაა, თუმცა ხიფათიანი თავგადასავლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების გამოვლა მას ადრევე მოუხდა. გოგონა მარტოდმარტო გაემართა ომში დაკარგული მამის მოსაძებნად, გზაში კი ბოროტ ჯადოქრებს გადაეყარა, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ელისთვის მამის პოვნაში. თუმცა, პატარა და კეთილი გოგონას დასახმარებლად კეთილმა ჯადოქრებმაც არ დაიშურეს ძალა… “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” სიკეთეზე, სათნოებაზე, ბოროტების სიბნელესა და უძალობაზე უამბობს ბავშვებს, პატარები ხალისით წაიკითხავენ გოგონას ზღაპრულ თავგადასავალს.
ემილი ბრონტე, “ქარიშხლიანი უღელტეხილი”. მთარგმნელი ასმათ ლეკიაშვილი, რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე” 2008.
ალბათ არც თუ ისე ბევრი ავტორი მოიძებნება მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, თავისი ერთადერთი წიგნით რომ დაემახსოვრებინა თავი მკითხველისათვის. ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანი “ქარიშხლიანი უღელტეხილი” კი თამამად ჩაეწერა ბრიტანული ლიტერატურის ყველაზე საყურადღებო ნაწარმოებთა რიგში და დღემდე არც მკითხველთა აღტაცება განელებულა მის მიმართ. რომანი სიყვარულსა და სიძულვილზე, სიკეთესა და სისასტიკეზე – ახლა უკვე ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია გაეცნოს “ქარიშხლიან უღელტეხილს”.
დავით ქართველიშვილი, “ახალი წიგნი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
როგორ იქცევიან მწერლები, როდესაც მათ საკმაოზე მეტად მსუყე თანხის საფასურად არც მეტი, არც ნაკლები, უცხო ადამიანის ავტობიოგრაფიის წერას უკვეთავენ? უძლებენ თუ არა ცდუნებას, ნებისმიერი პირობა მიიღონ დამკვეთისგან სოლიდური თანხის ნაცვლად? როგორ გადმოდიან წიგნის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში, ან პირიქით – როგორ იმკვიდრებენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები თავს წიგნის გმირებად… დავით ქართველიშვილი მკითხველს კიდევ ერთ ახალ რომანს სთავაზობს, მწერლის უკეთ გასაცნობად კი ასევე შეგიძლიათ მისი პირველი რომანი “იყო საღამო, იყო დილა” და მოთხრობების კრებული წაიკითხოთ.
“სჯანი” (ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი). რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.
ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, მისი თეორიაც განახლებასა და თანამედროვე მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამას ემსახურება ჟურნალი “სჯანი”. ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტური პრაქტიკები, ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია, კრიტიკული დისკურსი, თარგმანის თეორია, ფოლკლორისტიკის თანამედროვე კვლევები – ეს ის რუბრიკებია, რომლებსაც ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორები განავრცობენ. ჟურნალში ასევე წაიკითხავთ ახალი ქართული თუ უცხოური წიგნების მოკლე მიმოხილვას.
“თავისუფლების დღიურები 2008”. შემდგენლები მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე. პრაღა-თბილისი. პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა 2009.
ისტორიას ადამიანები ქმნიან, მათი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი ამა თუ იმ ეპოქის ანარეკლია. ამჯერად 2008 წლის შესახებ “რადიო თავისუფლების” პროექტის ფარგლებში 52 ადამიანის დღიურიდან შეგვექმნება საერთო წარმოდგენა. სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე ადამიანები თავიანთი რამდენიმე ჩვეულებრივი დღის შესახებ გვიამბობენ. წიგნს ასევე თან ერთვის კომპაქტდისკი, რომელზეც 52-ივე დღიურის მცირე ფრაგმენტებია ჩაწერილი. ნინო ანანიაშვილი, დავით გამყრელიძე, იური მეჩეთოვი, დათო ტურაშვილი, ეკა ბესელია, გიორგი ლობჟანიძე, ლევან წულაძე, თინათინ ხიდაშელი და სხვები აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომ 2008 წლის თბილისზე, ქართულ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.
ჟან-ბატისტ დიუროზელი, “ევროპა. მისი ხალხების ისტორია”. მთარგმნელები გურანდა დათაშვილი, ქეთევან კვანტალიანი, ნინო ლეჟავა. თბ. “ჯისიაი” 2008.
რა არის ევროპა, საიდან და რატომ შეიქმნა მისი თანამეგობრობა, როგორი იყო ევროპამდელი ადამიანი და საიდან მოვიდა იგი ევროპაში – ეს და კიდევ ბევრი სხვა შეკითხვა დღესდღეობით ხშირად ჩნდება ევროპასთან, როგორც უკვე მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ კულტურულ წარმონაქმნთან, დაკავშირებით. ფრანგი ავტორის, ჟან-ბატისტ დიუროზელის, წიგნიც სწორედ ევროპასა და მის ისტორიას მიმოიხილავს. დიუროზელი დღემდე რამდენიმე ნაშრომის ავტორია, მათს შორის აღსანიშნავია “დიპლომატიის ისტორია 1919 წლიდან დღემდე”, “ევროპა 1915 წლიდან დღემდე” და “კლემანსო”.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მამუკა დოლიძე
ბნელი და ნათელი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბნელი ნათელს შეერია გეოფიზიკური აქტის შედეგად, ბერმუდის სამკუთხედის კუნძულზე. კუნძული იგი მატერიკთან სავაჭრო ქსელით აღმოჩნდა დაკავშირებული და გამორიცხული არაა, კოსმიური წყვდიადი ეგზოტიკას დახარბებული ბიზნესის გზით შემოიჭრა ცივილიზებულ სამყაროში. გამოძიებამ ეჭვი იმაზეც აიღო, რომ ბნელით მოცული ხომალდი გზად დააყაჩაღეს, რის გამოც კონტრაბანდით წამოღებულ წყვდიადს აგრესიაც შეემატა. აგრესია ყველაზე უკეთ დიდ ქალაქში გავრცელდა. ზამთარი ეშხში შევიდა. კომპიუტერს ვირუსი შეეყარა და გამოძიებას შიშველი ხელებით მოუწია ბნელს შეფარულ აგრესიასთან ბრძოლა. “იუსტასმა” დარეკა ოთხმოცდამეორე ქუჩიდან – “ცენტრალურ პარკში მოძებნეთ ის, ვისაც ეძებთო”. გამოძიება წითელ-ყვითელი ყმუილით იქით გაქანდა; სწორედ ამ დროს სამძებრო კანტორაში შუქი ჩაქრა და ვიდრე მოპარულ სინათლეს ჩართავდნენ, მაგიდიდან საძიებელი მასალა აორთქლდა. მოტყუებულ გამოძიებას ახლა არაფრიდან უნდა შეექმნა საქმე. რკინის ლოგიკა კი გააჩნდა, მაგრამ საწყისი მონაცემები აღარ ჰქონდა. ამიტომ გამოძიებამ კამათელი გააგორა და ალალბედზე გადადგა პირველი ნაბიჯი. შემთხვევით შერჩეულმა გზამ უმალ მოიხვეჭა უპირატესობა კვლევის სხვა შესაძლებლობათა მიმართ. ამან ძიების დანარჩენ ალბათობათა აღშფოთება გამოიწვია. საჩივარიც კი შეთხზეს არჩევნებში შემთხვევითი გზის გამარჯვების გამო, მაგრამ სასამართლომ უარყო მათი პროტესტი, რადგან გამოძიება უკვე დაადგა ბედ-იღბალზე გადაშლილ გზას. ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად გამომდინარეობდა წინამორბედისაგან და ცხადია კანონის კომპეტენციაში შედიოდა.
კონტრაბანდით შემოტანილ აგრესიასაც აზრი ძიების ამ გზისა და მეთოდის ძალით მიეცა. ამასობაში “იუსტასმა” მეორედ დარეკა, “78-ე ქუჩის 45-ე სართულზე სისხლი დაიღვრებაო”. ვიდრე ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, სისხლმა მართლაც გამოჟონა 45-ე სართულიდან. შემტვრეულ ბინაში იპოვეს მკვდარი სული, ფულით დატენილი ქისა და სამკაულებით სავსე ლარნაკი. როგორც ჩანს, მკვლელობა მომხდარა მკვლელობის გულისთვის და არა გაძარცვის მიზნით; ანუ გამოძიება შეეფეთა სისხლსმოწყურებულ, მანიაკალურ აგრესიას, დანაშაულს დანაშაულისთვის რომ ჩადიოდა და კაცისკვლას რაღაც თავისთავად ღირებულებად თვლიდა. არავითარი წინაპირობა და შემდგომი კვალი მსგავს სისასტიკეს არ გააჩნდა. არ არსებობდა მკვლელობის არანაირი მოტივი და მსხვერპლიც სრულიად შემთხვევითი შეიძლება ყოფილიყო. ქალაქის მთელ სივრცეში უსახურად განფენილი აგრესია როდის, რომელ წერტილში იფეთქებდა, ეშმაკმა უწყოდა. გამოძიება იმასაც გრძნობდა, თვითონაც მიზანში იყო ამოღებული და ამიტომ ვეღარ თამაშობდა საქმის მიმართ კვლევის სუბიექტის როლს. გაქცეულსა და მდევარს შორის ზღვარი წაიშალა, თვით მონადირეზეც ნადირობდნენ! კრიმინალურ ხელოვნებაში სუბიექტისა და ობიექტის აღრევა “იუსტასის” მესამე ზარმაც დაამოწმა: “თავდასხმა თქვენს კანტორაზე მზადდება და ცხენი შეკაზმული გყავდეთო”. არადა, სად ეშოვათ ცხენი ამ მანქანებად ქცეულ ქალაქში? გამოძიებამ იპოდრომს მიმართა, მაგრამ დირექტორი ვირზე შეჯდა: “ყველა ცხენი აღრიცხვაზეა, ერთ მონოლითურ კოლექტივს შეადგენს და ერთიც რომ დააკლდეს, ჯირითობას პეწი დაეკარგებაო”. გამოძიება იძულებული შეიქნა “იუსტასის” გაფრთხილება გადატანითი მნიშვნელობით გაეგო და ქალაქში ცხენების ძებნის ნაცვლად გაქცევის სხვა საშუალებებზე ეზრუნა. კერძოდ, გამოიძახეს ვერტმფრენი; კანტორის წინ აღაშენეს ზღუდე, ასაფრენ მოედნამდე კი გვირაბი გათხარეს; ამასობაში აგრესია უკვე შეიპარა მტრის ბანაკში და ერთ მშვენიერ დღეს სიძულვილმა გამოძიების გულში იფეთქა! ჩხუბი ატყდა არაფრის გამო. მგონი ერთმა მეორეს ჭიქაში ჩაუფერფლა, თუ პირიქით. აგორდა სიტყვა, დაიწყო შეხლა-შემოხლა. ციხე შიგნიდან ტყდებაო და მილეწ-მოლეწეს კანტორის კედლები, მოარღვიეს ზღუდენი. აღმავლობის ნაცვლად დეკადანსის გზას დაადგა საძიებელ აგრესიად ქცეული გამოძიება. თუმცა, ფერფლი ჭიქაში თვითრღვევის მხოლოდ საბაბი გახლდათ. ნამდვილი მიზეზი იმ შავბნელი ქალაქის ჯურღმულებში იმალებოდა, გარს რომ ერტყა გამოძიებას და თავისი პირქუში მზერით უსიამოვნო ნალექს სტოვებდა მის გულში. ავკაცობის ეს ზოგადსაკაცობრიო ფონი, როგორც ერთიანი სუბსტანცია, უშრეტად ასაზრდოებდა აგრესიის ფაქტობრივ სამყაროს. ამ სამყაროში არსებობდა ყველა; ვინც იძიებდა და ვინც იძებნებოდა. მსხვერპლი, მკვლელი და მეძებარი განურჩევლად ერწყმოდა ერთმანეთს. ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა, ჯოჯოხეთის მარადჩაუქრობელ ცეცხლზე. ყოველი გახსნილი საქმე, ახალ გაუხსნელ საქმეს აჩენდა, რადგან დანაშაულის ფესვი მკვლელისთვისაც და მეძებრისთვისაც ერთნაირად მიუწვდომელი იყო. აგრესიის უზოგადესი სუბსტანცია არსებობდა დანაშაულის ფაქტებს მიღმა, ვით ამ ფაქტების მუდმივი გამომწვევი და მასაზრდოებელი. აი, რატომ მოყვა მკვდარ სულს 78-ე ქუჩაზე, ავტოკატასტროფა 127-ე ტრასაზე; ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ტრაგედიის ახსნას თითქო თავის თავშივე მოიცავდა. მოხდა უეცარ ფაქტორთა ავბედითი დამთხვევა; მძღოლს ყურადღება გაეფანტა, მოსახვევის ჯებირი მორყეული აღმოჩნდა, ფერდობი კი ისე იყო დაქანებული, რომ გადარჩა ყველა, უკან მჯდომი მეძებრის გარდა, ალჩუზე დამჯდარი ავტობუსის ძირში რომ მოექცა.
უბედური შემთხვევის მიზეზობრივი ახსნა ვერ ცხადყოფდა, რატომ შეწყდა ასე უაზროდ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც იქნებ სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე გასცდა დანაშაულის ფაქტობრივ სივრცეს და ავკაცობის ზოგადი სათავისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ამ დიდ მისიასაც რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლე თავისთავად, ვით ღვთის საჩუქარი, აშკარად აღემატებოდა უეცარი სიკვდილის გამომწვევ შემთხვევათა ჯამს. უაზრო იყო სიცოცხლის შეწყვეტის ფაქტობრივი ახსნა. გამოძიებას აინტერესებდა, თუ რატომ და არა როგორ ჩაქრა მისი ერთ-ერთი პერსონაჟის მზერა. იქნებ იმიტომ, რომ ხილულის მიღმა იხედებოდა და იმას ხედავდა, რისი დანახვის ღირსიც არ იყო? არადა, მხოლოდ თვალსაწიერს იქით შეიძლებოდა ქაოსურად მიმობნეულ ბოროტებათა ერთიანი ძირის განჭვრეტა. ხილული ფაქტების სივრცეში ხომ ყოველივე შემთხვევით ხდებოდა! შემთხვევითი იყო აგრესიის აკვიატებული იდეის გამოვლენის გზა; წინასწარგანზრახულიც რომ ყოფილიყო დანაშაული, მთელი ლოგიკური ჯაჭვი განზრახვიდან მის აღსრულებამდე, ჰაერში ეკიდა, არაფრიდან გამომდინარეობდა და არანაირ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარებოდა.
“იუსტასმა” გამოთქვა ეჭვი; საქმე, რომელიც აორთქლდა ჩაბნელებული კანტორიდან, შეეხებოდა არა ნივთმტკიცებებს აგრესიის ექსპორტის შესახებ, არამედ შეადგენდა მისი მეტაფიზიკური არსებობის საფუძვლებს. “იუსტასი” ამჯერად ფილოსოფიაში გადაიჭრა და გამოძიებაც სულგანაბული უსმენდა მას. თუმცა საქმის მოსპობაში მთქმელსაც და გამგონესაც ერთნაირად მიუძღოდა ბრალი, დამნაშავე არც ერთი იყო. “იუსტასი”, ბნელით მოცული აგენტი, თვითონაც შეუცნობელ ძალთა კარნახით მოქმედებდა. გამოძიებაც, იმავე ძალთა უკუღმართი ზემოქმედებით, საჭირო დროს გაიფანტა და გათითოკაცდა. ერთადერთი, ვინც დაინახა როგორ გაქრა საქმე, იმ დღიდან ფიქრებს მიეცა და ბოლოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
გამოძიების ხელთ მხოლოდ შიშველი ფაქტები აღმოჩნდა. ფაქტი იყო ისიც, რომ ზღვარი წამდაუწუმ მერყეობდა მაძიებელსა და საძიებელს შუა, ანუ გამოძიება გარედან კი არ აკვირდებოდა დანაშაულს, არამედ, როგორც მისი თანამონაწილე და თვითონაც დამნაშავე, უშუალოდ შეიცნობდა მას. ასეთი მიდგომა საგრძნობლად აფართოებდა ძიების შესაძლებლობებს, მაგრამ გამძაფრებული სინდისის ქეჯნის გამო ვერ ბედავდა მათ განხორციელებას, რადგან გამომძიებელი საკუთარ თავს ასამართლებდა და აქედან გამომდინარე, დამნაშავეს ამართლებდა.
ამიტომ, როცა აგრესიის ქალაქმა თვითმკვლელობის ზღვარს მიაღწია, გამოძიებამ კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა საკუთარ სულში. მის მეხსიერებაში ამოტივტივდა არეულ-დარეული წარსულის ფრაგმენტები. ამ ეპიზოდებში აღწერითი ელემენტი სჭარბობდა სააზროვნო ინფორმაციას, მაგრამ წარსულის ეს საოცრად გაფაქიზებული ხედვა არ იყო მხოლოდ სურათი, ის განსჯას, გამოძიებას და ახსნას ითხოვდა.
როცა ზედმიწევნით ზუსტად გახსენდება ოთახის ბნელში რელიეფურად გამოკვეთილი კედელი, ფანჯრიდან დაცემული და ზედ გადასრიალებული მანქანის ჩრდილი, გრძნობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვობის მოგონება. რომ შეუძლებელია ასე წვრილად გახსოვდეს ის ოთახი, ის ფანჯარა, ის ჩრდილთა თეატრი კედელზე. აღქმის ის შეუცნობელი საამო მდგომარეობა, როცა მოთამაშე ჩრდილი წარიტაცებს თვალს და ძილის ბურანში ითრევს… იქნებ, არც იყო ეს ასე; იქნებ, წარსული აუხდენელ ოცნებათა ქიმერაა, რომელსაც მას ცხოვრების ობობა-ქსელში გახლართული და ფრთამოკვეთილი აწმყო მიაწერს?
გამოძიება ვერ სცემდა ამ კითხვას პასუხს. ის მხოლოდ შეიგრძნობდა, რომ მოგონებათა ტალღა თვალს კი არ ატკბობდა, აზრს აღვიძებდა. გარდასულს კი არ უბრუნდებოდა ეს აზრი, წუთიერებას აჩერებდა და უსასრულოდ აფართოებდა. ცხოვრება იყო წუთი არა ხანმოკლეობის გამო, არამედ დროის დინებიდან ცოცხალივით ამოვარდნილი და ცაში შემხტარი წუთიერების ძალით. რა იყო ფაქტების სამყარო მის წინაშე? ჩრდილთა თეატრი. ნამდვილი ცხოვრების გზა მეხსიერების ცოცხლად შერჩენილ წუთებზე გადიოდა.
გამოძიებამ ეს სურათები სამკაულივით აკინძა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მეხსიერებაში ცოცხლად აღიბეჭდა მხოლოდ კომბინირებული, გრძნობისა და გონების თანაავტორობით შექმნილი სურათები. ამიტომ გაკვეთილებს გამოპარული ქუჩა და მთაწმინდის მზით სავსე აღმართი გულსაც ანათებდა და გონებასაც. მწერალთა პანთეონიდან სათამაშო სახლებად ქცეული ქალაქი, წინგადაშლილი ცხოვრების მოლოდინით იყო სავსე. ეს მოლოდინი იქიდან აქეთ კი არ იყო მომართული, პირიქით, აქედან იქით იყო უკუფენილი და მისი სევდანარევი, ოდნავ შემღვრეული სიხარული, ამავე დროს სინანულიც აღმოჩნდა ცხოვრების ჩარჩოში ვერჩატეულ ოცნებათა გამო.
სწორედ ეს შეუსაბამობა სურვილებსა და ცხოვრებას შორის სცნო ექსპერტიზამ დანაშაულის ერთ-ერთ სათავედ. აქედან იწყებოდა სულის ამბოხება სხეულის მიმართ; სულის, რომელიც იყო ჩაკლული და არა მკვდარი, დაუშრეტელ სიბრაზედ გარდასახული თავდავიწყების წყვდიადში. ეს ზღვარდაუდებელი სიბრაზე ბევრად აღემატებოდა მის ფაქტობრივ გამომწვევ მიზეზებსა და მიზნებს და როგორც განუსაზღვრელი და შემთხვევითი, ბედისწერა უფრო იყო, ვიდრე განზრახ დანაშაული. გამოძიებას შეექმნა რწმენა, რომ ყოველ ტრაგიკულ ფაქტში შემთხვევითობა სჭარბობდა მოვლენათა მიზეზობრივ კავშირებს და შეუძლებელი იქნებოდა ამ ფაქტის განჭვრეტა და ახსნა თუ არ შევხედავდით მას, როგორც ბედის განჩინებას არასწორი ცხოვრების გამო. თითქოს არ იყო კაცი დამნაშავე იმაში, რომ შემთხვევით აღმოჩნდა იმ საბედისწერო ავტობუსის სწორედ იმ ავბედით სკამზე, მაგრამ თუ ჩავუფიქრდებით, ის თავისი ცხოვრებით სწორედ ამისკენ მიდიოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ავტოკატასტროფა მოუღებდა მას ბოლოს, თუ გამოუცნობი პათოლოგია სხეულის ბიოქიმიაში; ყველა შემთხვევაში განაჩენის სისრულეში მოყვანასთან გვექნებოდა საქმე, რომელიც თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს.
ამიტომ, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტრაგედიის ფარულ მიზეზთა ძიებას აზრი მსჯავრის დადებამდე ჰქონდა, ვიდრე არსებობდა ამ მიზეზთა აღმოფხვრის თავისუფლება; ვიდრე ეს მიზეზები კი არ მიზეზობდნენ, გამაფრთხილებელი ნიშნებივით ჰაერში ეკიდნენ.
მაშინ ქალაქიც სხვანაირი იყო. სხვა სული ტრიალებდა მის ნათელ-ბნელ ქუჩებში. ნაჩვრეტებიანი ყველის მძაფრი სუნი ტრამვაით მგზავრობდა პროსპექტის გასწვრივ, ქვემოთ, ქაშვეთის ბაღის გაჩერებამდე. იქ ერწყმოდა ბაღის ათასფერი სურნელებით შეზავებულ ჰაერს და ჩანთაში ჩადებული ბუტერბროდის მოლოდინი სხვა გემოს აძლევდა თამაშით სავსე სიმწვანეს. ცხოვრებაში ახლადფეხშედგმულ გამოძიებას იქ უნდა ეპოვნა შეცდომის სათავე; იქ, სადაც ფეხს იდგამდა პირველი გრძნობა, სადაც უხვად შეკმაზულ, სიგემრიელით განთქმულ, ლამის შესაჭმელ თბილისურ ჰაერს ჯერ ვერ ამღვრევდა ბენზინის ნისლი. იქ, თავდაპირველი ბაღის წიაღში ცხოვრება მხოლოდ ეთამაშებოდა იმ გზას, რომელსაც მერე უკვე ვეღარ გადაუხვევდა. ეს იყო ეჭვის, ფიქრის, გამოძიების გზა, ბაღს გველივით შემოხვეული და ქალაქს აბლაბუდასავით მოდებული. გამოძიებამ ვერ დაადგინა, გულს როდის შეუძვრა და შემოეტმასნა ეს ეჭვი, როდის შეიმოსა ფიქრის სამოსელით ბედნიერი ცხოვრება. როგორ იქცა პირველი სიყვარული, ვერთქმის, გაუბედაობის, ღამენათევი ფიქრის სიმბოლოდ. და აქ გამოძიება ჩიხში მოექცა: ბაღის ბილიკმა ვერ წაიყვანა დასმული შეკითხვიდან პასუხისაკენ. ცხოვრება ჩადგა სტრიქონებს შორის. დაიმსხვრა ტალღა, ფიქრს რომ მიარწევდა ბნელიდან ნათელში. შეწყვეტილმა ძიებამ ვეღარ იყვავილა, ვერ გამოისხა სულის მასაზრდოებული ნაყოფი. სხვა საზრუნავმა გადაკვეთა და გაახმო მისი ფესვები და მისი მკვდარი, გახევებული მასალა გამოძიებას ტვირთად დააწვა. ადამიანმა იგრძნო ეს გულს შემოწოლილი სიმძიმე, განიცადა თავისი ცხოვრების შეუსაბამობა საკუთარ თავთან, მაგრამ სწორედ ამ შეუსაბამობამ, ამ სინანულმა, როგორც ახალმა ტალღამ, ახალი ბიძგი მისცა შეწყვეტილ საქმეს. და აქ გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ბავშვობა თავისთავად არაფერია ზედ ფარულად წაფენილი ცხოვრებისგან ნოსტალგიური გამორჩევის გარეშე; რომ ათასფერი შესაძლებლობებით გაშლილი სიცოცხლის სათავე, აუხდენელ სურვილთა გამო ხდება ასეთი იდუმალი და მიმზიდველი, რომ სული ითხოვს ამ იდუმალებას, ამ ეფემერას, რომ წარსული დაძრას დროის რეალური წერტილიდან და იმ ოცნებებით შეავსოს, ამქვეყნად რომ ვერა და ვერ მოუძებნა ადგილი. როცა უკანმოხედვა შორეულ მოგონებაში გადადის, როცა გახსენდება ის, რაც ვერ თქვი და ვერ აისრულე, უნდა შეიგრძნო ეს არა როგორც ცხოვრების აგრესია ოცნების მიმართ, არამედ როგორც თამაში მიუწვდომელთან, როგორც დასტური, რომ არა ხარ მხოლოდ ის, რასაც იტყვი და მიაღწევ, არამედ ხარ ის, რასაც ვერ იტყვი და რაც ასე მიუწვდომლად ესახება შენს ამქვეყნიურ არსებას.
აი, ასეთი აღმოჩენა გააკეთა გამოძიებამ, საძიებელი საქმის გარშემო, საკუთარ გრძნობათა ექსპერტიზის საფუძველზე.
© “არილი”
-
ზურაბ ლეჟავა
კარსმომდგარი არაჰიგიენური ბედნიერება
მიიკვლევდა ნესტიან თავისუფლებაში გზას ენადაშანთული, შერცხვენილი, მონუსხული და სულგაყინული ზარღრა, იგივე ვიქტორ ნაზრაძე. ნესტიან, სუსხიან, არასტუმართმოყვარე თავისუფლებას კი ჯიუტად არ სურდა ბედისწერიდან ამოვარდნილი, უადგილო, უსამშობლო, უნათესაო, უმოყვარო და უმეგობრო კაცის თავის წიაღში მიღება, მისი შეკედლება და დაბინავება. აკვიატებული ავი ფიქრივით, უტიფარ ქარად შემოუბერავდა ხოლმე სუსხიანი თავისუფლება მომხდურს, ღიად დარჩენილ მის ბაგეებში შეძრომას ლამობდა და როცა ამას ახერხებდა, გაგულისებული, უაზროთვალება საიქიოს ბოროტი ჩიტივით უკორტნიდა დაშანთულ ენას. ვიქტორ ნაზრაძე თავისას ფიქრობდა და არ იცოდა სად წასულიყო, ვისთვის მიემართა, რადგან სულგაყიდულს აღარ ჰყავდა არავინ და არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის და 25 მანეთის გარდა. მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, ან იქნებ სწორედ ამიტომაც, ზარღრა თავს დაჯერებულად გრძნობდა და ამდენი ხნის ნანატრი თავისუფლება სურდა მოვლენოდა არა ნესტიან ქარად, ჩაბნელებულ ქუჩად, არა სიბნელეში მოთარეშე, ურჩ მანქანებად, ბინძურ წყლის წვეთებს რომ აფრქვევდნენ გუბეებში გაშლიგინებისას, არამედ სითბოდ, ჭერად, სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად.
– მე გაიძულებ შენ შემეგებო სითბოდ და ჭერად, – ეუბნებოდა იგი მტრულად შემართულ თავისუფლებას და მუშტს უღერებდა მას, – სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად! გაიძულებ! გაიძულებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს!!!
– ვერ მაიძულებ! ვერ მაიძულებ! – პასუხობდა სისინით თავისუფლება და თავისი გათოშილი თითებით გარყვნილად უწეწავდა თმას.
– გაიძულებ, ოღონდ ჯერ რეზინის ჩაქუჩს ვიყიდი, უკიდურესი შემთხვევისათვის! ჯერ ვიყიდი რეზინის ჩაქუჩს, შემდეგ კი გაიძულებ! გაიძულებ! – ჯიუტად იმეორებდა ვიქტორი.
გზას იგი ქალაქის ცენტრისაკენ, ანუ ეშმაკის ბუნაგისკენ მიყავდა და ზარღრაც მიყვებოდა გზის მიერ შემოთავაზებულ დამღუპველ მარშრუტს, გზაც ხომ თავისუფლების ნაწილი იყო და წესით არც მისი ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ არა ზარღრასთვის – არა, რადგან ამიერიდან ყოველი მისი გზა ჯოჯოხეთისკენ, მოუსავლეთში მიემართებოდა.
– ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდა ქარი.
– ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდნენ ხეები.
– ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდნენ ბუჩქები.
– შევხვდებით! შევხვდებით! შევხვდებით! – სისინებდა მიდამო.
რკინიგზის ვაგზალი და მასთან მიმდებარე ვრცელი ტერიტორია ხალხით იყო სავსე. ისინი მწერებივით ირეოდნენ იქ და რაღაცას თავისას ფუსფუსებდნენ. ვიქტორი ჯერ ბაზრობაზე შევიდა და რიგებს დაუყვა. მის მზერას უნებურად მიიპყრობდა ხოლმე დახლებზე გამოტანილი და დახვავებული უცხო საქონელი, მაგრამ ის მაინც თავისას ეძებდა – რეზინის ჩაქუჩს. ბოლოს როგორც იქნა, რკინეულობის განყოფილებაში იპოვა და 4 მანეთად შეიძინა კარგი, მძიმე, ხისტარიანი რეზინის ჩაქუჩი. მან იგი ხელში შეათამაშა, ქამარში გაირჭო, პიჯაკის კალთით სათუთად დაფარა და თავისი უთავბოლო გზა გააგრძელა.
ვიქტორი შორიდან უცქერდა მეძავთა ჯგუფს და მათში თავისთვის საცოლეს ეძებდა. ვაგზლის მეძავები ქალაქში ყველაზე იაფფასიანებად ითვლებოდნენ, თუმცა ისინიც ასაკის, გარეგნობის და შესაბამისად, ფასების თანახმად, ცალ-ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. იყვნენ მათ შორის ისეთები, რომელთაც, ალბათ არათუ ნორმალური ადამიანი, არამედ ყველაზე უფრო ხურუშიანი მაიმუნიც არ გაეკარებოდა, მაგრამ იყვნენ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობისაც, რომლებიც შედარებით ძვირნი ღირდნენ. ერთი სიტყვით, ბოზები იყვნენ დაახლოებით სამი ძირითადი კატეგორისა – მეტნაკლებად ნორმალურები, ნახევრად ბანძები და ბანძები. ვიქტორი ჯერ შედარებით ნორმალურთა ჯგუფს მიუახლოვდა და ფასები იკითხა:
– გამარჯობათ გოგოებო! – მიესალმა ის მეძავებს.
– გაგიმარჯოს! – მიუგეს მათ.
– რომელია თქვენში გასათხოვარი?! –
– ყველანი გასათხოვრები ვართ, – გასცა პასუხი ერთ-ერთმა და ღიმილით გადახედა დანარჩენებს.
ისინი არ იყვნენ ჩვეულნი ამგვარ მიმართვას. გამოცოცხლდნენ.
– მე რომელი გამომყვებით ცოლად? –
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.
– რომელსაც შენ ხელს დაადებ, – უპასუხა ერთ-ერთმა.
– მერე ცელქები ხართ?! – ღიმილითვე გაუსწორა თვალი ვიქტორმა თავის მოსაუბრეს და თან ახლოს მდგომ, ცოტათი მორცხვ და ცოტათი ლამაზ ცუგრუმელას ხელი წაატანა ძუძუზე. ცუგრუმელამ თავი დაიძვრინა, უფრო სწორად კი ძუძუ დაიძვრინა.
– ე-ე-ე, ჯერ დადე, – დაიფხუკუნა ცუგრუმელამ მორცხვად, – ამას უყურე ერთი! – და ვიქტორს ალერსით უბიძგა.
არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად თავიანთი ურცხვი პროფესიისა, ბუნებით არიან მორცხვნი, ისევე, როგორც ზოგჯერ უსათნოესი პროფესიის ადამიანები არიან აშკარად ურცხვნი. რატომ ხდება ასე – ალბათ იმიტომ, რომ ბუნებაში წესრიგთან ერთად უწესრიგობაც სუფევს, საგნები კი არ არიან ყოველთვის სამართლიანად განლაგებულნი.
– რამდენი დავდო ჩემო ცუგრუმელავ? – კითხა ვიქტორმა.
– ერთი საათი ოცი მანეთი! – იყო სხარტი პასუხი.
ვიქტორმა კისერი მოიქექა – ძვირია!
– სულაც არა, – იყო მოხდენილი და ალბათ დაზეპირებული პასუხი, როგორც ჩანს კლიენტები ხშირად ძვირობდნენ ფასებს და ბოზებსაც შემუშავებული ჰქონდათ მოხდენილი პასუხი – “სულაც არა!”
– გადავიხდი ოცს, ოღონდ მე შენ დილამდე მჭირდები, – უთხრა ვიქტორმა ცუგრუმელას და კიდევ ერთხელ წაატანა ნაღმივით მკვრივ ძუძუზე ხელი.
– ა-ა-რა შენი ჭირიმე! – იუარა ცუგრუმელამ – დილამდე 50 დაგიჯდება, – კიდევ ერთხელ დაიძვრინა ძუძუ და გვერდზე გახტა.
– მე სულ 21 მანეთი მაქვს, ოცს შენ მოგცემ, მანეთი მე დამრჩება.
– ა-ა-რა შენ შემოგევლე! –
– მაშინ შენ წამოდი, – შესთავაზა ვიქტორმა მეორეს, მიწისქვეშა გადასასვლელის შემაღლებულ ზღუდეზე მჯდომ ნაცრისფერებში გამოწყობილ, ასაკით ცოტათი უფროსს, მგლისთვალა მეძავს და ხელი გაიშვირა მისკენ, თუმცა ხელის ძუძუზე წავლება ვერ შებედა. ეს სერიოზული ჩანდა – მგლისთვალა.
– ჩვენ ჩვენი ფასი გვაქვს, თუ გეძვირება, მაშინ სხვებთან მიდი! – ურჩია მგლისთვალამ.
აქ ვიქტორმა დასვა ცოტა არამართებული, როყიო შეკითხვა, რომ იტყვიან ჩაიჭრა და შედეგიც მაშინვე იგემა:
– აბა, რომლები არიან იაფები? –
გოგოებმა სიცილით და კისკისით დაუწყეს მითითება ისეთებზე, რომელნიც შესაძლოა არც იყვნენ ალბათ მეძავები, რადგან მათკენ მართლა არ გაიხედავდა არცერთი ხურუშიანი მაიმუნი და თუ მათ მაინც ვიღაც ეკარებოდა, ეს უკვე, ალბათ, იყო უტყუარი მანიაკალური ამბავი. ხომ არსებობენ პათოლოგიური ადამიანები, რომლებსაც ნორმალურ ქალთან სექსს, მძორთან სექსი ურჩევნიათ. ჰოდა ის მძორიც იდო იქ და თავის კლიენტს ელოდებოდა. გოგოები არ ცხრებოდნენ, თითებს იშვერდნენ და რიგრიგობით სთავაზობდნენ ვიქტორს ყველაზე იაფიანებს.
– აი ეს კი უფასოდაც მოგცემს, – მიუთითა ვიქტორს ცუგრუმელამ, ვიქტორისდაჭირად შემთხვევით აქვე მიმავალ ჰერმაფროდიტზე.
– ბანჯგვლაეთერო მოდი აქ! – დაუძახა მან ჰერმაფროდიტს.
ბანჯგვლაეთერო – ასე ერქვა ჰერმაფროდიტს, მას ზურგზე დიდი პოლიეთილენის ტომარა ეკიდა, რომელიც პლასტმასის ბოთლებით იყო სავსე. ჰერმაფროდიტი ამ ბოთლებს ვაგზლის ტერიტორიაზე აგროვებდა, მერე აბარებდა და ამით ცხოვრობდა. საოცარია, მაგრამ მას პროსტიტუციიდანაც ჰქონდა მცირედი შემოსავალი. ალბათ ეთერომ ბავშვობისას მენინგიტი გადაიტანა, ან შესაძლოა დებილიზმის მსუბუქ სტადიაში იყო, ან კიდევ რაღაც, იმიტომ, რომ ჩანდა, აშკარად ჩანდა მასში გონებრივი სიჩლუნგის ნიშნები. ეთეროს ჰქონდა კაცისებური თავი ხშირი ჭაღარაშერეული წვერ-ულვაშით და ქალისებური ტანი ძუძუებით და თეძოებით. ის იყო ძალიან კოჭლი (თანდაყოლილი სიკოჭლით კოჭლი), ეცვა კაცის ძველი პიჯაკი და ლაქებიანი, გახვრეტილი შარვალი – ბინძური ძონძები.
გოგოები ბანჯგვლაეთეროს უბოროტოდ ეხუმრებოდნენ, თითით ვიქტორზე მიუთითებდნენ, ეკითხებოდნენ ცოლად თუ გაყვებიო. ეთერო იშმუშნებოდა და თანხმობის ნიშნად მორცხვად უკრავდა კვერს, თან ალერსიან მზერას აპარებდა სასიძოსაკენ უნდობლად. გოგოებს ეს აკისკისებდათ და არც ვიქტორს აბრაზებდა სხვათა შორის.
– წამოხვალ?! წამომყვები?! გიყვარვარ ეთერი?! – ეკითხებოდა მას ვიქტორი თანაგრძნობითა და ღიმილით.
ეთერი პასუხობდა: – ჰო-ო-ო!
– მისცემ უფასოდ ეთო? – კისკისით ეხუმრებოდნენ გოგოები.
– უ-უფასოდ? არა-ა-ა! –
– მაშ რამდენათა! – მის კილოკავზე უქცევდა ვიქტორი, – მაშ რამდენათა!
– ხუთ მანეთათა! ხუთ მანეთათა! –
მერე ვიქტორმა საჯდომზე მოუთათუნა ბანჯგვლაეთეროს ხელი, კარგი გოგო ხარო უთხრა, თავი დაუკრა ბოზებს და სხვებს, უფრო იაფიანებს მიუბრუნდა.
აღმოჩნდა, რომ ამ სუსხიან საღამოს სითბოს, ჭერის, სასმელ-საჭმელის და ტიტველა ქალის ყიდვა თურმე პრობლემატური ყოფილა. არ ყოფილა საკმარისი 21 მანეთი ამქვეყნიური ბედნიერების საყიდლად. ბოზები თავისას ითხოვდნენ, ზარღრას კი არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის, 21 მანეთის და ახლად ნაყიდი რეზინის ჩაქუჩის გარდა.
ზარღრა დაფიქრდა. ის მოულოდნელად იმ ხასიათზე დადგა, როცა ადამიანი გაწბილებას იწყებს. მან პირი მომუწა, ქამარში გარჭობილ საკმაოდ მძიმე რეზინის ჩაქუჩის ხის ტარს თითები მოუჭირა და ის იყო ცხოვრებისათვის წარბქვეშიდან უნდა შეეხედა, რომ მოულოდნელად მისკენ მიმართული დამთრგუნველი ყურადღება იგრძნო, მოტრიალდა და გაოგნდა.
მის წინაშე, პირდაპირ შუა ქუჩაში, დიდი, ბრგე, თავისთავში ღრმად დაჯერებული, კაცნახევარა ეშმაკი იდგა. სწორედ ისეთი, როგორსაც მას ხატავენ! ბალნიანი, ტლანქჩლიქიანი, შავდინგა და რქოსანი, თანაც რაღაცნაირად გამორჩეული, ელიტარული, არარიგითი ეშმაკი, არამედ არისტოკრატი და ჯენტლმენი ჯოჯოხეთისა. მარჯვენა ხელში მას ეპყრა უბადლო ნიმუში ხელოვნებისა – სამკბილა კვერთხი, ხოლო მარცხენაში მოკრძალების ღირს, იდუმალებით მოცულ, გიშრის უცხო კრიალოსანს ატრიალებდა.
– ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! – გადაიხარხარა ეშმაკმა, – მე ღორმენი ვარ შენი მოძღვარი, ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! აბა წამოდი! წამო! წამოდი! გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!!
ვიქტორი მონუსხულივით აედევნა ღორმენს, მას ის მხოლოდ სახენაცვალი ჰყავდა ნანახი სულისმყიდველი ზედამხედველისა და ციხის უფროსის სახით და ახლა, ამდენ ხალხში, ვაგზლის გაჩახჩახებულ მოედანზე ასე აშკარად აბსოლუტში მისმა ხილვამ ელდა ჰკრა და თავზარი დასცა.
– ქორწინება გადაგიწყვეტია შვილო ჩემო, ოჯახის შექმნა განგიზრახავს? – ღიმილით გაუყარა ხელმკლავი ღორმენმა ზარღრას.
– დიახ უწმინდურო მამაო, ოღონდ ხანმოკლე, მოკლევადიანის. –
– ხა-ხა-ხა – გულღიად გაიცინა ღორმენმა – მერედა ამას აბა რა სჯობს, რაც შეეხება ქორწინების ხანმოკლეობას, ეს შენ შვილო ჩემო ნუ შეგაცბუნებს. განა ყველაფერი წარმავალი არ არის ამ ქვეყნად, და ან არის საერთოდ რაიმე ჩვენი წვალების გარდა მუდმივი? ყველაფერი წარმავალია და ხანმოკლე! ცოცხალი არსება ხომ დაბადებასაც ვერ ასწრებს, როდესაც უკვე იწყებს სიკვდილს! შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასარკვევი ჩემო ბიჭუნი!
ზარღრა და მისი მოძღვარი პირდაპირ ბოზების “სტაიანკაზე” დატასაობდნენ ხელკავგაყრილნი და დარბაისლურად მასლაათობდენ. ღორმენი ამჟამად მხოლოდ თავისი მორჩილისათვის იყო აბსოლუტში, ხოლო იქმყოფმეჩხერკბილება ბრბოს კარგადმოვლილი ორმოცდაათიოდე წლის, წარმოსადგენი ჯენტლმენის სახით ევლინებოდა – ჯენტლმენისა, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა, რომ დალეული ჰქონდა ცოტაოდენი ღვინო, ის ხავერდოვნად ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა.
– მშვენიერი მარგალიტები, ზღვის ლოკოკინათა სხეულში რომ ყალიბდებიან, სინამდვილეში ავადმყოფობაა მათი. ეს ავადმყოფობა ცდილობს გაფართოვდეს და მთელს ლოკოკინას მოედოს, ლოკოკინა კი თავის მხრივ ავიწროებს და ზღუდავს ავადმყოფობას, ამიტომ გამოდის მარგალიტი ასეთი მკვრივი, ასეთი ლამაზი, ასეთი იდუმალებით მოცული, მასში ხომ ამდენი განცდაა. ეს საბრალო ლოკოკინას ტკივილები და განცდებია – ლოკოკინისა, რომელიც თავის წუხილებს მარგალიტად აქცევს, ინახავს თავის სხეულში და მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს დაიმარტოხელებს, წვება ზღვის ფსკერზე, ხსნის თავის ნიჟარას და ტკბება მარგალიტად ქცეული საკუთარი ტკივილების სილამაზის ცქერით.
მხოლოდ ეშმაკმა უწყის მარგალიტად ქცეული, სათუთად შენახული ტკივილის ჭეშმარიტი ფასი და ამიტომაც მზაკვრულად და მალვით ტკივილს უნერგავს ის თავის რჩეულთ, რათა შემდეგ ჯოჯოხეთში მათი მისვლისას, ბანჯგვლიანი ხელით უხეშად პირი გაუღოს და შიგნეულიდან გულისფანცქალით ამოუგლიჯოს ერთ წვეთ ცრემლად ქცეული ტანჯვის, წვალების, ბოღმის და უიმედობის პატიოსანი მარცვალი. ძვირფასი საჩუქარი მბრძანებელთათვის, მბრძანებელთა მბრძანებელთათვის და მბრძანებელთა მბრძანებელთა მბრძანებელთათვის მუდმივი საჩუქარი მბრძანებელთათვის, რამეთუ ბოროტებას საზღვარი არ აქვს ამ ქვეყნად, ისევე, როგორც მბრძანებელთა მბრძანებლობას უკუნითი უკუნისამდე!
ესენი იშვიათად დაყვებიან ბინაში კლიენტს, რადგან ამ საბრალოებმა არ იციან, რომ მათი ფანჯრიდან გადმოგდება, მათივე სახლიდან გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი სახლის ფანჯრიდან. ისინი, როგორც უმეტესობა ამ ცოდვილ მიწაზე, წყეულნი არიან და მათი უბადრუკი, არაფრის ცხოვრებაც არაფერს არ აძლევს მათ სიცოცხლის შენარჩუნების და წვალების გარდა, შემოსავალიც თითქოს არა აქვთ მცირედი, მაგრამ ის მაინც თვალსა და ხელს შუა უქრებათ, რადგან ყველაფერი მიაქვს საჭმელს, სასმელს, დედილოებს, დაქალებს, ალფონსებს და ზნეობრივ პოლიციას. ისინი რეგულარულად ყლაპავენ აბებს, იკეთებენ ნემსებს ვენერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, არ უწვებიან და ზოგჯერ ქვეშიდანაც გამოუძვრებიან ხოლმე კლიენტს, ზედმეტად დამუწუკებულ სხეულიანს, ან ზედმეტად მყრალს. მათ ორგანიზმს ერთგვარი იმუნიტეტიც აქვს გამომუშავებული, მაგრამ გახსოვდეს, ზოგიერთ მათგანს, რჩეულთ მათ შორის, სადღაც ღრმად, უწმინდურ სიღრმეში აქვთ ჩაკირული, ჩაგლესილი, მოშუშებული და პირშეკრული, მკვრივი ლორწოვანი აპკით დაცული ნახველის მსგავსი ლორწოვანი გროვა. ეს გროვა მათი უკურნებელი სენია, სენი რომელიც, როგორც ლოკოკინა ებრძვით მათ და რომელსაც, თავის მხრივ, ლოკოკინებივით ებრძვიან ისინი, რაც გამოიხატება ბატონებში – ბატონებში, რომლებიც დროდადრო წითელ ღუდუდებად გამოყრით ხოლმე მათ, შემდეგ კი ბატონები ისევ შოშმინდებიან. აი, ასე ყალიბდება მათში სიბრძნისა და სისპეტაკის პატიოსანი მარცვლები.
ქუდი მოიხადეთ და მოიდრიკეთ ქედი, როცა მოხვდებით მეძავებს შორის ძაღლიშვილებო!!!
ამ სიტყვების შემდეგ ღორმენმა იქ მყოფ უწმინდურ ბრბოს, როგორც მოძღვარმა სამწყსოს, თვალი მოავლო და ბატონკაცური კეთილგანწყობით ზარღრას დარბაისლურად ჰკითხა:
– რა, არ იძლევიან ეს ბოზები იაფად?
– არ იძლევიან ამათი! – გულდაწყვეტით ჩაიქნია ხელი ზარღრამ.
– მოგცემენ, შვილო ჩემო, მოგცემენ! – მხიარულად ლაპარაკობდა ღორმენი.
ის არ იყო ვირთხისმაგვარი კიკიმორი, არც ბოროტუნი, ან ანცი, არ იყო ის, აგრეთვე, მუხისთავკუნძა ქაჯი, ის ელიტარული ეშმა და ჯენტლმენი იყო ჯოჯოხეთისა. ღორმენს უყვარდა ხუმრობა და ამით იყო საშიში. ის ხუმრობის მეშვეობით რწყმედდა უმანკო სულებს.
– უბრალოდ, ალბათ არ გამოინახა შენი ტოლი და სწორი! ეძიე – უძიე შვილო ჩემო შენი ბედი, შესაძლოა ის აქ არის, შენს გვერდით?
– ფული არ მყოფნის მამაო, თორემ ბედის მეტი რა არის, – წაიბუზღუნა ზარღრამ.
– მერე შენც ეშმაკური ხრიკი იხმარე, – ურჩია ღორმენმა, – ხომ ხედავ სასტუმროს, ამათ ან ამ სასტუმროში დაყავთ თავიანთი კლიენტები, ან კიდევ პატარ-პატარა იაფიან აბანოებში, აქვე შორიახლოს, სასტუმროში წასვლას არ გირჩევ, იქ დედილო ყვირილს ატეხავს. აი, აბანოში კი სხვა საქმეა, იქ შენ ბოზთან ერთად შეიკეტები ერთი საათით, მერე რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დაჰყოფ. მეაბანოვე არასოდეს არ ატეხავს ყვირილს, იმის გამო, რომ ზნეობრივი პოლიციის მოსვლას მოერიდება. არ კითხავენ ქალი და კაცი ერთად რატომ შეუშვიო? რასაკვირველია, იგივეს დედილოსაც კითხავენ სასტუმროში, მაგრამ დედილო თავს გაიმართლებს იმით, რომ არ იცოდა რისთვის შედიოდნენ. მეაბანოვე კი ამით თავს ვერ გაიმართლებს. აქედან ორას მეტრში პატარა აბანოა, იქ მე ვმუშაობ მეაბანოვედ და სერგო მქვია. უბრალოდ, დიდი ხანია მაგ სახეცვალებაში ვარ და აღარც კი მახსოვს, რომ ღორმენი ვარ, თუ მოხვალ და გამახსენებ, კარგს იზამ. შენი ნაცნობი კაჭიჭი და ჩონთაც მანდ მუშაობენ ცეცხლფარეშებად, რა თქმა უნდა, სახეცვალებაში! ისე, რომ მოდი! თუ კარგ პატარძალს მოიყვან, შეიძლება მეც ვიხმარო, არც ბიჭებს არ აწყენთ. სულ უკიდურეს შემთხვევაში, თუ იქ არ დაგხვდი, ან ვაითუ ვერ გავიხსენე, ღორმენი რომ ვარ, ან თუ შენ ვერ გიცანი და დავუშვათ წყალი გამოგირთე, შენ მაინც იხტიბარი არ გაიტეხო. საქვაბე შიგვეა და არ გაიყინები, იქ მუდამ ისეთი სითბოა, რომ თავი ჯოჯოხეთში გეგონება. ეს რომ უთხრა, ღორმენმა თავის მორჩილს თვალი ჩაუკრა.
– შეიძლება გკითხოთ მამაო ღორმენ? – მოწიწებითა და მადლიერებით მიმართა ვიქტორმა მოძღვარს.
– ბრძანე შვილო ჩემო! – უპასუხა ღორმენმა ზარღრას.
– მამაო ღორმენ, თქვენ ეს წუთია ბრძანეთ, რომ აბანოშიაც მუშაობთ პარალელურად და აბა რაღა გახსოვთ, თუ საკუთარი ვინაობა არა?! –
ღორმენმა ხელი მოხვია ვიქტორს მხარზე, განწყობილება გამოიცვალა და თქვა:
– ეჰ, ზარღრა, ზარღრა, ჩვენ ჩვენი უსასრულო ტანჯვის პროცესში ზოგჯერ გვავიწყდება საკუთარი მეც. – მერე იქ შეკრებილ მეჩხერკბილება ბრბოს გადახედა და განაგრძო, – აბა შეხედე ამათ, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამათ ახსოვთ თუ ვინ იყვნენ ისინი ადრე, ან თუ გგონია, რომ მათ იციან, ვინ არიან ისინი დღეს!
ზარღრამ მოწიწებით დახარა თავი.
– ახლა კი უნდა წავიდე ზარღრა, – ისევ მხნედ და ისევ ხალისიანად წარმოთქვა ღორმენმა, – წასვლის წინ კი ერთი მითხარი – შენ ჩემს ნათქვამში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?!
ზარღრამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ხელები ორატორულად გაშალა ფართოდ, გულღიად გაიღიმა და დაიძახა ომახიანად:
– გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!! –
კმაყოფილების ღრუტუნი აღმოხდა ღორმენს. არ მოელოდა ის ამგვარ ქცევას მორჩილისაგან. დარბაისლურად გაშალა სამკაპისა და კრიალოსნის მპყრობელი ხელები ფართოდ და ზარღრა შვილივით ჩაიკრა გულში. უნდა ითქვას, რომ ზარღრამ თავისი ხმამაღალი შეძახილით, იქმყოფთა შორის კმაყოფილება გამოიწვია. მოძღვარმა და მორჩილმა ერთხელ კიდევ გაიტასავეს ხელკავგაყრილებმა ჩათლახებს შორის. კლიენტებიც და ბოზებიც მოწიწებით უთმობდნენ მათ გზას, რადგანაც გრძნობდნენ ღორმენის უხილავ ძალას. მორჩილი და მისი მოძღვარი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ განშორებისას ერთმანეთს. ღორმენი წავიდა, წასვლის წინ, კარგ ხასიათზე მყოფმა თავს კიდევ ერთი პატარა ანცობის უფლება მისცა: მან იქვე მიმავალ უცნობ ქალიშვილს, არამეძავს, არამედ უბრალოდ გამვლელს ქვეშიდან ამოჰკრა კურტუმოში ხელი, იმგვარად, რომ ჰაერშიც კი შეახტუნა და თან ისე ძლიერად მოუჭირა კაუჩუკის გავაზე, რომ საწყალ გოგონას კინაღამ მოაგლიჯა ტრაკი, რითაც აღტაცებაში მოიყვანა იქმყოფი მეჩხერკბილება ბრბო.
ზარღრას ღორმენის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ის გამხნევდა, გამხიარულდა და შეუდგა საქორწინო სამზადისს. ჩავიდა საღამოს ბაზარში, იყიდა 4 ცალი პრეზერვატივი, საჭმელ-სასმელი იაფად, ოცი მანეთისა, ერთი ქეციანი მანეთიანი ჯიბეში ჩაიტოვა საჯიშედ და ასე სანოვაგით დატვირთული მიადგა ბოზების “სტაიანკას”. ეს ყველაფერი ართობდა ზარღრას, ართობდა და აცინებდა, იწვევდა მასში სხვებისათვის უხილავ ხარხარს. დამცინავი თავისუფლებაც კი შეცბუნებული იყო მომხდურის გაუგონარი საქციელით, რადგან ის მას პირიქით დასცინოდა, და თუ თავისუფლება ევლინებოდა ვიქტორს არასასურველი ფორმით, ის უარესად ამახინჯებდა მას. მანჭიაობის მოყვარულ თავისუფლებას ის კიდევ უფრო ამახინჯებდა.
– აბა ვინ მოდის აბანოში, ერთი საათი 20 მანეთი – სთავაზობდა ვიქტორი პირობებს მეძავთა ჯგუფებს.
ზოგიერთები თანხმდებოდნენ, მაგრამ გასამრჯელოს ითხოვდნენ წინასწარ, ვინაიდან ვაგზლის ბოზების კლიენტურა არ იყო საიმედო ხალხი. გარდა ამისა, ეჭვს ბადებს სანოვაგით სავსე დიდი ცელოფნის პარკი, რომელიც აბანოში სრულებით არ იყო საჭირო. მეძავები გრძნობდნენ, რომ ვიქტორი რაღაც სხვას, მათ მიერ გაუთვალისწინებელს გეგმავდა და ეს ასეც იყო, მას ხომ ერთი ქეციანი მანეთიანის მეტი ფული არ ჰქონდა.
ბოზები მოულოდნელად მოსულმა მთვრალმა ზნეობრივმა პოლიციელმა დაფანტა დედის გინებით, პანღურის რტყმევითა და რეზინის ხელჯოხის ქნევით, შემდეგ კი დაცარიელებული “სტაიანკის” შუაგულში ბარბაცით დადგა, კაბურიდან უზარმაზარი რევოლვერი ამოიღო და გამარჯვების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
– წადით აქედან, წადით! – დაიღრიალა მან.
– მორჩა ხორცით ვაჭრობა, წადით! – ყვიროდა ის.
პოლიციელი ახლა კლიენტებს უყვიროდა და ხელში რევოლვერს ატრიალებდა. კლიენტებმაც ნელ-ნელა დაიწყეს და მალე “სტაიანკაზე” თითქმის აღარავინ დარჩა. ვიქტორიც მოერიდა პოლიციელს, უკან დაიხია თავისი პარკით და ზურგით მის უკან მდგომ და განგების ძალით მის მომლოდინე ბანჯგვლაეთეროს მიაწყდა.
– აი ტიტველა ქალიც! – თავის ფიქრებში დასცინა მოქალაქე ვიქტორ ნაზრაძემ საკუთარ თავს.
– წამოხვალ ჩემთან აბანოში? – ჰკითხა მან ბანჯგვლაეთეროს დუმაზე ხელის წავლებით, – შენ იქ დაიბან ტანს, გაიპარსავ, თუ საჭიროა ზოგან დუსტსაც მოიყრი და მერე მე და შენ დილამდე ვისიამოვნებთ ორთქლსა და ქაფში, – ეუბნებოდა გაგიჟებული ვიქტორი ბანჯგვლაეთეროს, – მერე კი დილით მოგცემ ორმოცდაათ კაპიკს და იყავი კარგად! ჯოჯოხეთში შევხვდებით! მოდიხარ?! –
– ჰო-ო-ო!!!
ვიქტორ ნაზრაძემ ბინძურ კისერში წაავლო ბანჯგვლა ეთეროს უხეშად ხელი და პატარა უსუფთაო ვაგზლის აბანოსკენ გაუტია დასაქორწინებლად. ასე კისერში ხელწავლებული მიჰყავდა ნეფეს თავისი კოჭლი, ჭაღარა, წვერულვაშიანი, უსუფთაო დედოფალი. დედოფალს ზურგზე ეკიდა ვაგზლის ტერიტორიაზე შეგროვებული პლასტმასის ბოთლებით სავსე ტომარა, რომლის წართმევასა და გადაგდებასაც უშედეგოდ ცდილობდა ნეფე. ნეფეს, თავის მხრივ, ხელში ეჭირა ცელოფნის დიდი პარკი, რომელშიც იდო საქორწილო საჭმელ-სასმელი, 4 ცალი პრეზერვატივი და მძიმე, ხისტარიანი ჩაქუჩი.
იყო სუსხი. ციოდა.© “არილი“
-
ამირან გომართელი
-
ნოდარ კაკაბაძე
შოთა რუსთველი და ვოლფრამ ეშენბახელი _ რამდენიმე ტიპოლოგიური პარალელი და ანალოგია
“მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა”
შოთა რუსთველი
“მეჯნუნს უწოდებენ – არ მინდა ვთქვა, რომ ის ნამდვილი შმაგია.
ნუ განმიკითხავთ,
თავი მეჯნუნად რომ მომაქვს”.
გოეთე, დასავლურ-აღმოსავლური დივანი
(პწკარედული თარგმანი)
“გული ვიჯეროთ ტირილით! ეს სირცხვილი არ არის,
მტირალი მამაკაცები ჯაბანნი არ არიან”.
გოეთე, იქვე.
როგორც ცნობილია, ქართული სიტყვა “მიჯნური”, რომელიც აღნიშნავს შეყვარებულს, მეტრფეს, სატრფოს, სიყვარულით გაშმაგებულს, არაბული “მეჯნუნი”-დანაა ნაწარმოები.
…ზუსტად არ ვიცით, როდის დაიბადა და როდის გარდაიცვალა შოთა რუსთველი. ასევე უცნობია ვოლფრამ ეშენბახელის ცხოვრების ზუსტი თარიღები. მაგრამ მაინც შეიძლება მიახლოებით ვივარაუდოთ, რომ ისინი თანამედროვენი იყვნენ: შოთას უნდა ეცოცხლა XII საუკუნის 70-იან წლებში და უნდა გარდაცვლილიყო XIII საუკუნის I ნახევარში. როგორც ცნობილია, ვოლფრამის ცხოვრების მიახლოებითი თარიღებია: 1170-1220. შოთას “ვეფხისტყაოსანი” 1189 და 1207 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი, ხოლო “პარციფალი” 1200 წლის სიახლოვეს უნდა იყოს დაწყებული და დაახლოებით 1210 წელს – დასრულებული.
საქართველოში ცნობილია ორი ადგილი, რუსთავის სახელით რომ არის შესული ისტორიაში. ასევეა რამდენიმე გეოგრაფიული საკუთარი სახელი: ეშენბახი (ანსბახთან მდებარე ფრანკული ობერ-ეშენბახია განსაკუთრებით დაკავშირებული ვოლფრამის სახელთან, ამჟამად ვოლფრამს ეშენბახი ჰქვია). რუსთველიცა და ფონ ეშენბახიც სახელები კი არაა, არამედ ზედწოდებები. უპირატესად რუსთველოლოგები იქითკენ იხრებიან, რომ შოთა მესხეთის რუსთავიდან იყო. ასევე უფრო სარწმუნო ჩანს შუა ფრანკონიიდან ვოლფრამის ჩამომავლობა.
…”ვეფხისტყაოსანიცა” და “პარციფალიც” ქრისტიანული ადრეული შუა საუკუნეების ეპიკური ლიტერატურის, სარაინდო რომანის ორი უმაღლესი მწვერვალია.
ჩვენი დაკვირვებით, შოთაცა და ვოლფრამიც სტადიალურ-ტიპოლოგიური თვალსაზრისით პარალელური, ადეკვატური, ანალოგიური ფენომენებია, რომლებიც კულტურის, ლიტერატურის, საზოგადოების განვითარების მიახლოებით ერთსა და იმავე საფეხურებს წარმოადგენენ. “ფაქტია, რომ იმ დროს ევროპაში გაბატონებული ფეოდალური სისტემა მსგავსი იყო ქართულისა … გასაოცარია თვით ტერმინების იდენტურობა, რომელნიც იმდროინდელ სოციალურ ვითარებებსა და ურთიერთობებს დასავლეთ ევროპასა და საქართველოში აღნიშნავდნენ. იმდროინდელი ქართული და დასავლეთევროპული სარაინდო ინსტიტუტები და საკარო ცხოვრება უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მსგავსი და იმავდროული ქართული ლიტერატურა იმავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, როგორითაც პროვანსული და გერმანული. ამიტომაც “ვეფხისტყაოსნის” ევროპელი მკითხველი ნაკლებად გაიხსენებს აღმოსავლელ პოეტებს, უმალ პროვანსელ ტრუბადურებსა და გერმანელ მინეზენგერებს მოიგონებს, იმ ორიენტალური სამკაულების მიუხედავად, რომელთაც ქართულ სარაინდო რომანში ვპოულობთ. რაინდული მსახურება, ვასალის ერთგულება პატრონისადმი, – რაინდთა ფენა, ქალის გაღმერთება, მიჯნურობა და ერთგულება მისდამი, მისი შეუწყვეტელი მსახურება, როგორც უმაღლესი პატრონისადმი – მეფისადმი, მეგობრობა და სიყვარული თავის გაწირვამდე, მეგობრისათვის, ძმადნაფიცისათვის და შეყვარებულისათვის – ეს ყოველივე რუსთველის “ვეფხისტყაოსანში” ისევეა ხოტბაშესხმული, როგორც ამას დასავლეთ ევროპაში ტრუბადურებისა და მინეზენგერების შემოქმედებაში ვხვდებით” (იხ.მიხეილ წერეთელი, შესავალი წერილი “ვეფხისტყაოსნის” წერეთლისეული პროზაული გერმანული თარგმანისათვის;
“ვეფხისტყაოსანი” და “პარციფალი” (აგრეთვე ნაწილობრივ “ვილეჰალმიც” – ვოლფრამის მეორე, დაუმთავრებელი ეპოსი – იწერებოდა 1211 და 1218 წლებს შორის), ერთი მხრით, წარმოადგენენ შემაჯამებელ თხზულებებს, რომელნიც ერთგვარად და გარკვეულწილად აჯამებენ და აგვირგვინებენ ადრეული ქრისტიანული შუა საუკუნეების ქრისტიანულ კულტურასა და ლიტერატურას და, მეორე მხრით, და, ამავე დროს, გამოხატავენ სარაინდო კულტურის პირობითობისა და ყავლგასულობის (დრომოჭმულობის) დაძლევა-ნეგაციის ტენდენციასა და სიმპტომებს. და მაინც ისინი აყენებენ ადრეული შუა საუკუნეების ბოლო ფაზის ქრისტიანული კულტურის იდეალებს. ორივე რომანი დებს ხიდს ადრეულ შუა საუკუნეებსა და ადრეულ რენესანსს შორის – ორივე უახლოვდება პრერენესანსს, უფრო მეტიც, ორივე თხზულება პრერენესანსის ელემენტებსა და ტენდენციებს გამოხატავს (პრერენესანსი სარაინდო კულტურის წიაღში იღებს სათავეს).
შოთა და ვოლფრამი – ორივენი უმღერიან და ხოტბას ასხამენ ცოლ-ქმრულ სიყვარულს, ტრადიციული სარაინდო მიჯნურობის საპირისპიროდ (ტრუბადურული და მინეზენგერული ლირიკა ამ მხრივ საპირისპირო სურათს გვიჩვენებს). ორივე ავტორის სიყვარულის თეორიასა და პრაქტიკაში ნათესაური ელემენტები და სიმპტომები დაიძებნება.
მაშასადამე, შოთაცა და ვოლფრამიც სარაინდო მსახურებისა და მიჯნურობის ინსტიტუტის რეფორმატორები არიან (გაუთხოვარი ქალწულისა და მისი მიჯნურის საბოლოო ცოლ-ქმრული იდეალი ტრუბადურულ-მინეზენგერული პოეზიის გათხოვილი ბანოვანის თაყვანების საპირისპიროდ. შოთაცა და ვოლფრამიც პრინციპულად ცვლიან მიჯნურობის შინაარსს. იცვლება სიყვარულის ობიექტი: სხვისი ცოლის, კეთილშობილი, დიდგვაროვანი პატრონის მეუღლის ადგილს იკავებს ქალწული, რომელიც გულწრფელად უყვარს რაინდს და რომელთანაც ჰარმონიული ქორწინებაა მისი საბოლოო მიზანი).
შოთაცა და ვოლფრამიც სარაინდო მიჯნურობას მეტნაკლებად მაქსიმალურად, თითქმის მთლიანად ათავისუფლებენ ზედმეტი პირობითობისა და გარეგნულ ფორმალობათაგან (“პარციფალში” არაერთხელაა ნაჩვენები დრომოჭმული სარაინდო ეტიკეტის ზოგიერთი წესის უაზრობა და დამღუპველობა, რაინდის საქციელი თავისუფლდება თვითმიზნურ გმირობასა და ფათერაკებზე გამოდევნებისაგან. რაინდობა თანდათან ძლევს თავისი განვითარების ახალგაზრდულ, დაუდგრომელ, უგონო, ანგარიშმიუცემელ ფაზას და გადადის რაინდის საქციელის ზნეობრივი შინაარსითა და მიზნებით შევსებისა და გამსჭვალვის ფაზაზე).
…”ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი მთავარი გმირი ავთანდილი არაბია, უბადლო მიჯნური (მეჯნუნი), იდეალური შეყვარებული რაინდი – გავიხსენოთ ტაეპი “ვეფხისტყაოსნიდან”: “მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა”. ვოლფრამის მეორე ეპოსში – “ვილეჰალმში” უპირატესად და მაინცდამაინც არაბები არიან იდეალური მიჯნურები, იდეალური აშიკნი.
…საერთო აქვს ორივე პოეტს თავისებური ჰუმანიზმი თუ ჰუმანიტეტი, ადამიანის შეფარდებითი თავისთავადობა და დამოუკიდებლობა საეკლესიო-ფეოდალური ტაბუებისაგან.
ორივეგან სიყვარული იღებს მეტნაკლებ სეკულარიზებულ ხასიათს: სიყვარული სეკულარიზებულია, გასაეროებულია, ერთგვარად ემანსიპირებულია კლერიკალურ-სქოლასტიკურ პირობითობათაგან და ფორმალობათაგან. ეს არის ერთგვარი პრერენესანსული სეკულარიზაცია. ორივე პოეტს ახასიათებს ამქვეყნიურობა და სიცოცხლით ტკბობა.
…როგორც ცნობილია, და ამ საკითხს აქვე უნდა შევეხოთ, შუა საუკუნების ქრისტიანული კულტურისა და ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი იყო ერთგვარი დუალიზმი, წინააღმდეგობა-დაძაბულობა ამქვეყნიურობასა და იმქვეყნიურობას, ქვეყნით ტკბობასა და ასკეზას, საეროსა და სასულიეროს, მატერიალურსა და სულიერს, სენსუალისტურსა და სპირიტუალისტურს, მშვენიერებასა და ცოდვილებას შორის.
სარაინდო კულტურა ცდილობდა მოერიგებინა, ჰარმონიაში მოეყვანა, ხიდი გაედო ამ პოლუსებს შორის. მაგრამ ლიტერატურაში ეს შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში ისე სრულქმნილად ვერავინ შეძლო, როგორც შოთამ და ვოლფრამმა. მათ შემოქმედებაში მიღწეულია სინთეზი-ჰარმონია ამქვეყნიურობასა და იმქვეყნიურობას, სოფელსა და ზესთასოფელს, ჰუმანუმსა და დივინუმს, მიწასა და ზეცას შორის. ამით შეუდარებლად აღემატებიან თანამედროვეებს შოთა – ქრისტიანულ აღმოსავლეთში, ხოლო ვოლფრამი – ქრისტიანულ დასავლეთში. მაგრამ, მე ვფიქრობ, აქ შოთა ვოლფრამსაც აღემატება.
…როგორც “ვეფხისტყაოსანში”, ასევე “პარციფალში” ვხვდებით უტოპიურ ვიზიონს (ხილვას):
“ვეფხისტყაოსნის” ეპილოგის წინ ბოლო სტროფი ასე იკითხება:
“ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს;
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს;
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს”.
ვოლფრამისეული გრაალის სამეფო ანდა გრაალის კოშკი დასახლებულია ზეკონფესიური და ზეეროვნული თემით (საზოგადოებით), სადაც ყველანი, მეფის გარდა, თანასწორუფლებიანნი, თანაბარ პირობებში ჩაყენებულნი არიან: მათი სოციალური, ქონებრივი, ეკონომიკური და ა.შ. სტატუსი ერთნაირია.
“ვეფხისტყაოსნის” უტოპიური სურათი თითქმის ციტატაა ბიბლიიდან: “დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედა დათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას (ესაია წინასწარმეტყველი, 11,6-7).
ალბათ, ეს არის პოეტის ოცნება სოციალურ, ეკონომიკურ და საერთოდ ყოველგვარ ჰარმონიაზე, რაც ბიბლიურ იდილიას ემთხვევა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ შოთა თავის უტოპიურ ვიზიონში ენერგიულად სვამს სოციალურ, ეკონომიკურ და ა.შ. აქცენტებს, უფრო მეტად, ვიდრე ბიბლია (ბიბლიაში არ ფიგურირებენ ქვრივ-ოხრები, ობლები, მათხოვრები, კრიმინალური ელემენტები – შოთას “ავის მქმნელნი” – და ა.შ.).
“პარციფალის” უტოპია ნახევრად რელიგიურია, ნახევრად სეკულარული. “ვეფხისტყაოსანში” უტოპია წმინდად სეკულარულია, თუმცა ორივეგან აქცენტი დასმულია სააქაოზე.
ისე ვოლფრამი თავის უტოპიას, თავის ნატვრის ქვეყანას, იდეალურ სახელმწიფოს დაწვრილებით, კონკრეტულად, ფართოდ, მრავლისმომცველად და, შეიძლება ითქვას, თვითმიზნურად აღწერს, რადგან ეს თვითონ ნაწარმოების შინაარსითა და მასალითაა განსაზღვრული (იმთავითვე ვოლფრამს მიზნად აქვს დასახული უტოპიური გრაალის სახელმწიფოს ჩვენება).
“ვეფხისტყაოსანში” თვალში საცემია ქრისტიან მღვდელმსახურთა სრული უგულებელყოფა – ესეც თავის მხრით მასალის სპეციფიკითაა განსაზღვრული: ფორმალურად არაქრისტიანულ სამყაროში რა ესაქმებოდათ ქრისტიან მღვდელმსახურებს? მაგრამ საქმე ისაა, რომ “ვეფხისტყაოსანში” საერთოდ იშვიათი გამონაკლისია სასულიერო პირთა გამოჩენა: ინდოელ ტარიელს ნესტანის პირველად ნახვისას ქალის სილამაზით დაბნედილს გული წაუვა და მას გარს დაეხვევიან… მაჰმადიანი მღვდელმსახურნი:
“სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან;
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;
მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან”. (351)
“მუყრნი და მულიმნი” სასულიერო პირებია, ხოლო “მუსაფი” ყურანია. საინტერესოა, რომ აქ აშკარაა ავტორისეული დისტანცირება და ირონია: “არ ვიცი რას ჩმახვიდიან”.
“ვეფხისტყაოსნის” გმირებსა და ღმერთს შორის ფაქტიურად არავინ დგას, მათ თითქოს შუამავლები არ სჭირდებათ. მათ ღმერთთან უშუალო კავშირ-მიმართება აქვთ.
შოთასა და ვოლფრამის სუბსტანციური, არსობრივი ქრისტიანობის მიუხედავად, მათი რელიგიური რწმენა საეკლესიო რიტუალების, ქრისტიანული ინსტიტუტების გარეშეა წარმოდგენილი. ორივე გაურბის საეკლესიო სიმბოლიკას. არსად არ ჩანს, თქვენ წარმოიდგინეთ, მინიშნება ჯვარზეც კი, ამ მთავარ ქრისტიანულ სიმბოლოზე, არც ღვთისმშობლის კულტი არ ფიგურირებს. და ეს ყველაფერი ხდება ღვთისმშობლის საყოველთაო განდიდების ეპოქაში და ჯვაროსნულ ლაშქრობათა ხანაში. ერთი სიტყვით, ხაზგასმით და კატეგორიულად შეიძლება განვაცხადოთ, რომ შოთა რუსთველის სიღრმისეული, არსობრივი ქრისტიანული რწმენა არ არის გამოხატული ეკლესიური და რიტუალური ფორმალობების დონეზე.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ შოთას პერსონაჟები ყველანი ფორმალურად არაქართველები და არაქრისტიანები (სხვა რელიგიების, როგორც წესი, ისლამური რელიგიის წარმომადგენლები) არიან. ვოლფრამის გმირები ქრისტიანები და მაჰმადიანები (როგორც წესი, სარკინოზები, სარაცინები, არაბები) არიან: (განსაკუთრებით ჭარბად არიან წარმოდგენილნი ისინი ვოლფრამის მეორე რომანში “ვილეჰალმი”) – “წარმართები”, ფაქტიურად არაბები (სარკინოზები, სარაცინელნი), ე.ი. მაჰმადიანები.
მეორე მხრივ, აშკარაა ორივე პოეტის კავშირი ქრისტიანულ მისტიკასთან: “ვეფხისტყაოსანში” ფსევდო-დიონისე არეოპაგელის გავლენას ადასტურებენ, რომელიც მიჩნეულია ევროპული ქრისტიანული მისტიკის ფუძემდებლად, ხოლო “პარციფალში” უეჭველია ბერნარ კლერვოელის ზემოქმედება, რომელიც ფსევდო-დიონისეს მიმდევარი გახლდათ.
…ორივე ეპოსში ცენტრში დგას ადამიანი, ადამიანური, ჰუმანუმი და ნაკლებად დივინუმი.
ვოლფრამი “პარციფალის” პროლოგში დაახლოებით შემდეგს გვიმხელს:
– მე რომ მომენდომებინა თქვენთვის ზედმიწევნით ამეხსნა, თუ რა არის ადამიანი, მაშინ ამისთვის გრძელი ტრაქტატი დამჭირდებოდა. ამის ნაცვლად მოისმინეთ ქვემორე ამბავი –
ორივე სარაინდო რომანში საქმე ეხება ადამიანს, ადამიანებს. – ორივე ავტორი სვამს საკითხს, განიხილავს თემას: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორია ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრება, რა არის ზნეობრივი, რაში მდგომარეობს ადამიანის დანიშნულება, მისი ბედნიერება და ა.შ.
ორივე ნაწარმოებში წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის პირადი ღირსებები და პიროვნული უპირატესობანი, მისი თავისთავადობა და ქმედებისუნარიანობა. ადამიანისათვის ქრისტიანობა არ უნდა იყოს გარეგნული, ფორმალური, რიტუალური ქმედება – ეს უნდა იყოს ადამიანის შინაგანი, იმანენტური თვისება, თუნდაც ეს ადამიანი ფორმალურად არც ეკუთვნოდეს ქრისტიანуლ თემს (საზოგადოებას, ორგანიზაციას). ამის მაგალითებია: “ვეფხისტყაოსანში” ავთანდილი, ტარიელი, ფრიდონი და სხვები; “პარციფალში” უბადლო რაინდი, ფორმალურად მაჰმადიანი – ფაირეფიცი, პარციფალის ძმა (საერთო მამა ჰყავდათ). ვოლფრამის მეორე რომანში კეთილშობილურ, ღირსეულ, “ქრისტიანულ” საქმეებს სჩადიან მაჰმადიანი ჩაუქი რაინდებიც – “შინაგანი ქრისტიანები” და არა მხოლოდ ქრისტიანული საზოგადოების (თემის) წევრები.
შოთასა და ვოლფრამისათვის ნიშანდობლივია უდიდესი რჯულთშემწყნარებლობა, ტოლერანცია. მათი რომანები მთლიანად თავისუფალია ეროვნული, ეთნიური, რასიული და რელიგიური ცრურწმენებისაგან.
მათი თხზულებების მკითხველებისათვის აბსოლუტურად განურჩეველია, განუსხვავებელია, თუ რომელ ეროვნებას მიეკუთვნება ესა თუ ის გმირი. პარციფალი რომ ვალისელია (waleis), ვილეჰალმი (გიიომ) – ფრანგი, ანაბელე (გიბურგ) არაბი ქალი (სარკინოზი, სარაცინელი), რენვარტიც არაბია (სარკინოზი), ტარიელი ინდოელი, ხოლო ავთანდილი – არაბი და ა.შ. ეს მკითხველებისათვის არავითარ როლს არ თამაშობს, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არანაირად არ განსაზღვრავს რომელიმე მათგანის უპირატესობას ანდა არასრულფასოვნებას.
…ორივე პოეტმა თავიანთ შთამომავლებსა და მკვლევარებს გაუხსნელი საიდუმლო, თავსატეხი გაუჩინა.
როგორც ცნობილია, ვოლფრამი თავისი “პარციფალის” მთავარ წყაროდ არაერთხელ ასახელებს ვინმე კიოტს; ერთგან პოეტი ახსენებს “პოეზიის განთქმულ ოსტატ კიოტს”, რომელმაც ტოლედოში (ze Tolet) შემთხვევით თითქოს მიაკვლია “პარციფალის” პირველწყაროს არაბულ ხელნაწერს (“წარმართულად ნაწერს”, ანუ არაბულად ნაწერს – “in heidenischen schrifte”). მეორეგან “პარციფალში” ვკითხულობთ: კიოტი პროვანსელია. მან პარციფალის ეს ამბავი იპოვა არაბულად ჩაწერილი, რაც ფრანგულად თარგმნა და რაც, თუ კი ძალა მეყოფა, მე მინდა გერმანულად გარდავთქვა (heidenisch geschrieben “წარმართულად ჩაწერილი” უდრის არაბულად ჩაწერილს). მაშასადამე, კიოტმა არაბული ტექსტი თარგმნა ფრანგულად, ხოლო ვოლფრამმა კიოტის ფრანგული თარგმანი გერმანულად გადმოიტანა.
როგორც ქართველმა მკითხველებმა იციან, “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში ვხვდებით შემდეგ სტროფს:
“ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელიხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები”. (9)
ვოლფრამის სპეციალისტები ხანგრძლივად ეძებდნენ პროვანსელ პოეტს, სახელად კიოტ-ს, მაგრამ დღემდე ვერც კიოტს და ვერც აქამდე უცნობი პერსევალის თუ პარციფალის ანდა გრაალის რომანის კვალს ვერ მიაგნეს. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ და სარწმუნო ვარაუდადაა მიჩნეული: ვოლფრამს სურდა დედანთან (ე.ი. კრეტიენ დე ტრუას “პერსევალთან”) მრავალი გადახვევა და განსხვავება, თავისი დამოუკიდებლობა და თავისთავადობა კიოტით გაემართლებინა, რადგან იმდროინდელი მსმენელი თუ მკითხველი ავტორისაგან “სიმართლეს”, “ნამდვილ ამბავს”, ტრადიციით გამაგრებულ სიუჟეტს მოითხოვდა – მაშასადამე, მითითება “მოწმეზე” – კიოტზე, რომელმაც თითქოს პარციფალის (პერსევალის) ამბავი რიგიანად (“წესიერად”, “სწორად”, შეუცვლელად) გადმოგვცა, ლიტერატურული მისტიფიკაციის ერთ-ერთი მაგალითია, რომლის მსგავსი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიამ ცოტა არ იცის.
ანალოგიურად აიხსნება აგრეთვე წყაროს საკითხი შოთას შემთხვევაშიც, თუმცა საერთოდ არ არის ცნობილი “ვეფხისტყაოსნის” არც ერთი წყარო, იმ დროს, როცა ვოლფრამი, რაც უნდა იყოს, სულ ცოტა კრეტიენ დე ტრუას უნდა ეყრდნობოდეს.
ამაოდ ეძებდნენ შთამომავალნი და შოთას მკვლევარნი სპარსულ წყაროს. აქაც დგას საკითხი: ჰქონდა თუ არა რუსთველს ხელთ რომელიღაც სპარსული წყარო? თუ: მითითება სპარსულ წყაროზეც ტიპიური ლიტერატურული მისტიფიკაციაა?! როგორც ჩანს, შუა საუკუნეების საქართველოშიც მკითხველი ავტორისაგან მოითხოვდა “სინამდვილეს” (“ნამდვილობას”, “ჭეშმარიტებას”), რაც დამყარებული უნდა ყოფილიყო ავთენტურ დედანზე და რაც თავის მხრით გამაგრებული უნდა ყოფილიყო რომელიმე ძველი გადმოცემით (ტრადიციით).
…ორივე პოეტი თავიანთ ნაწარმოებს ერთ ქალს (ბანოვანს, მანდილოსანს) უძღვნის.
შოთა რუსთველი არაორჭოფულად, ღიად, თაყვანს სცემს როგორც თავის შთამაგონებელსა და მუზას თამარ მეფეს. ვოლფრამი მკითხველებს არ უმხელს თავისი სათაყვანო ქალის ვინაობას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს იყო მისი მეუღლე.
შოთა წერს “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში:
“ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა ღაწვ-ბადახშ-თმა-გიშერისა,
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შე-რისა,
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი-შერისა.
თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული.
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული” (3-4).
“პარციფალის” ბოლო ტაეპები დაახლოებით პწკარედულად და პროზაულად ასე შეიძლება ითარგმნოს: – კეთილშობილი და ჭკვიანი ქალები ამ ნაწარმოების დასრულების შემდეგ პატივს მომაგებენ, და ქალი, რომლისთვისაც დავწერე იგი, ჩემთვის კეთილი მადლობის სიტყვას არ დაიშურებს.
…ეს ყველაფერი, ცხადია, მხოლოდ მოკლედ, უაღრესად შეკუმშულად და თეზისების სახით გადმოცემული პარალელები და ანალოგიებია შოთასა და ვოლფრამის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, რომელნიც შეიძლება გავამრავლოთ და გავაღრმავოთ.
© “არილი”
-
ლევან ბრეგაძე – ორი ფინალი
-
ლელა სამნიაშვილი
* * *
სოფლებად ქცეულ სატახტოებში
დარჩენილებს – უხილავი ქმნილებები
გვინთებენ და გვიქრობენ დღემდე –
სინათლეს. როცა სინათლე მოდის –
უკანასკნელი დიზაინის კაბებში,
ზურგზე მიკერებული – ახალთახალი,
ცვილითა და ბუმბულებით შეთხზული ფრთებით –
ეკრანებიდან გვიღიმიან თეთრკბილება
ლამაზმანები; როცა სინათლე მიდის –
ვანთებთ – ძველი და მზისგან დამდნარი
ფრთების ცვილის სანთლებს; აბაზანებში –
ძილის წინ – ძველი გულმოდგინებით
ვიხეხავთ კბილებს. და მე კი მაინც –
უკვე მეოთხე გვერდითი კბილი
ამოვიღე, – არა ფოტომოდელის მსგავსად –
რომ ყვრიმალები უკეთ დამაჩნდეს, –
არამედ, შენი ტყუპისცალი ვარ –
სტივი, – ასეთი ახალგაზრდა და უკბილო
და არ ვიცი რას დავაბრალო –
მურაბებს თუ გუდასტვირის ხმას –
რომ დაგვაბედა ორივე – სიტკბოს სიყვარულიც,
კბილის ტკივილიც; სიყვარული და
ტკივილი – ჩვენი ტყუპისცალი
და ბებერი და უკბილო სამშობლოების.
* * *
უცხო ყოფილა –
ჩემი ძმობილი –
თრობისთვის – ყველა სუფრის სტუმარი;
და მეც – სულელი! –
სულ ვაძალებდი –
ლექსის ღვინოს და ლექსის პურმარილს.
მუტანტები
შავი მერცხლები, თეთრი გულის
გარეშე – შავი და ვეება მერცხლები –
გასულ ზაფხულს მოფრინდნენ
ქალაქში. მყისვე – ყველაზე დიდი
შენობის თაღებს მიაწყდნენ.
ქროდნენ შეუჩერებლად. აშენებდნენ
შავ ბუდეებს. ააშენეს სტალინის
ძეგლის ზურგსუკან. მიწით გადალესეს
შენობის ყველა ბზარი. ტალახის
ნამცეცებით ამოავსეს ჰაერი. ძეგლი –
მათი სიშავით შეშფოთებულ
გამვლელებს – მშვიდი, კმაყოფილი
გადმოჰყურებდა. სახელმწიფო
მოხელეები ცდილობდნენ სწრაფად
გადმოსულიყვნენ მანქანებიდან,
სწრაფი ნაბიჯით აევლოთ კიბე
და კარსუკან მიმალულიყვნენ.
ხოლო მერცხლები – მთელი ზაფხული
ტრიალებდნენ საფრთხედ ჰაერში
და ზაფხული ისე გავიდა –
თავს არ დასხმიან არავის,
მხოლოდ – ქუჩებში და ბაღებში –
ხშირად ვპოულობდით – მკვდარ
ჩიტებს – მკვდარ, ჩვეულებრივ
პატარა და თეთრგულა მერცხლებს.
* * *
ბორჯომის პარკში – ცის კრიალა
ზოლს ავსებენ ტკბილი ღრუბლები –
ბამბის ფერადი ნაყინები:
“ყვითელი თუ ვარდისფერი?”
პატარა გოგო – ვარდისფერს ირჩევს
და კარუსელის ბილეთების გამყიდველი ქალი –
ვიღაც მტირალა ბიჭის
გვერდით სვამს, უხსნის:
“პაპა ძალიან მაღალია,
მიწაზე უნდა დარჩეს” და ის კი –
ვარდისფერი ღრუბელით ხელში –
მაისურებს, საქანელებს, ფიჭვებს დაჰყურებს.
მტირალა ბიჭი არ ჩუმდება.
ვარდისფერ ღრუბელს უწვდის –
აჩუმებს. ამ სიმაღლიდან
ყველაზე მეტად – პაპის დანახვა უხარია
და ხელს უქნევს: დამელოდე,
არსად წახვიდე. საკმარისია – ის –
ვინც გიყვარს – თვალს მიეფაროს
და სამოთხეც – შენიანად – შენს გარშემო –
უცხოდ, ავად დატრიალდება.
ის იღვიძებს: ზრდასრული და
ბამბის ნაყინს გადაჩვეული.
მამამისის რადიოში უყურადებს
ხალხის ამბავს, – საკუთარ სისხლს რომ
ჰყიდიან, რომ ბავშვებისათვის
თბილი პური იყიდონ. ვისი
ღვთაებრივი ძარღვებისაკენ მიედინება
ამდენი სისხლი?! ან რამდენი
დონორია კიდევ საჭირო – რომ ამოავსოს,
წამით მაინც აგრძნობინოს ეს ტკივილი,
ეს სურვილი – თბილი პურისა?!
სამყარო უცხოდ და საშიშად ტრიალებს.
უკვირს – მტირალა ბიჭი –
ვარდისფერი ღრუბელით ხელში –
როგორ სწრაფად ჩუმდება და მიწაზე – თვალით –
არვის ეძებს; ეუბნება:
“აქ კარგია. კიდევ ვიქროლოთ!”
* * *
მომთაბარეთა ტომის შვილებო,
არ გაიშლება თქვენი თმა – ლაღად;
სხვისი მიწისთვის მარად მშივრები –
მუზარადებით შუბლებს იდაღავთ;
ჩვენ ერთგულების ღმერთი გვყავს, თქვენთვის –
ოქროთი – მხოლოდ ფერფლს ასწონიან –
აწმყოში – თქვენი ომის ღმერთები,
წარსულიც – ფერფლის თანასწორია;
და მომავალსაც – თუ გაუსწორებთ –
მახვილს, – ვერ შეძლებს თვალი – იგივეს:
იქით – ოქროთი აუწონავი –
კვლავ ჩვენი პურის ყანა ბიბინებს.
© “არილი“
-
არნოლდ ბენეტი
როგორ იწერება რომანები
ცნობილი ინგლისელი მწერალი (1867-1931), გამოცემული ჰქონდა რამდენიმე რომანი, მოთხრობებისა და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიების კრებულები (“სიმართლე ავტორის შესახებ” – 1903, “ლიტერატურული გემოვნება” – 1909).ინგლისურიდან თარგმნა მანანა ბეზარაშვილმა
I
რომანისტი სწორედ ის ადამიანია, რომელიც საოცარი სიმძაფრით აღიქვამს ცხოვრებას და უჩნდება დაუოკებელი მოთხოვნილება, სხვასაც გაუზიაროს თავისი ღრმა შთაბეჭდილებები. იგი ამას მხატვრული პროზის მეშვეობით ახერხებს, რადგან სწორედ ის მიაჩნია თავისი გრძნობების გამოხატვის ყველაზე ქმედითუნარიან ფორმად. ვით სხვა ხელოვანთ, მასაც არ ძალუძს იყოს ჩუმად და დაკმაყოფილდეს იმით, რომ მისთვის ცხადი შეიქნა ისეთი რამ, რაც სხვებისთვის ჯერაც ბინდით არის მოსილი. რომანისტს ერთი სული აქვს ყველას გაუზიაროს თავისი აღმოჩენა, ხმამაღლა გამოაცხადოს, მას სურს ბოლომდე თქვას თავისი სათქმელი და არც გაემტყუნება – უაღრესად საოცარი და ამაღელვებელია ის, რაც მან იცის! სხვა ხელოვანთაგან რომანისტი მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება: ყველაზე მეტად მას იზიდავს ადამიანის არსი, ესოდენ შეუცნობელი და არსებობის სისტემა მთლიანად. ცხადია, თავად რომანისტიც მარტივიდან რთულისაკენ ევოლუციის შედეგია. რომანისტის მარტივ ფორმას თქვენ ყველგან შეგიძლიათ გადააწყდეთ ახლაც კი – იქნება ეს ქუჩა, კაფე თუ კლუბი: ის ნაცნობ-მეგობრების წრეში ცდილობს განმარტოს ცხოვრების მისეული ხედვა, მაგრამ მისი დასკვნები ბუნდოვანი და ტლანქია.
ამგვარი რომანისტები ხელოვნების დაბალ საფეხურზე დგანან, მაგრამ ამავდროულად ისინი და მათ მიერ ამორჩეული ჟანრი წარმოადგენს რომანის საფუძველს. სწორედ მათგან იწყება ის ჯადოსნური კიბე, რომელსაც ავყავართ უდიდეს მწერლებამდე: ამ მწერალთა თვალსაწიერი კი იმდენად ყოვლისმომცველი, რთული და დიადია, რომ ყოველივეს სათანადოდ გამოსახატავად მხოლოდ რომანის ტრადიციული ფორმა თუ გამოდგება; ბუმბერაზმა მწერლებმა იმდენად სრულქმნეს თავისი ოსტატობა, რომ რომანი ჯერაც რჩება ხელოვნების უდიადეს ჟანრად.
სრულიად არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ რომანი საუკეთესოა ხელოვნების ტრადიციულ ფორმათაგან. არც ის მაინტერესებს, თუ რომელი ჟანრი (თუკი არსებობს ასეთი) სჯობს რომანს. შარტრის ტაძარი, ზოგიერთი ბერძნული ქანდაკება და მოცარტის “დონ-ჟუანი” ყოველთვის მიმაჩნდა საუკეთესოდ, რაც კი შექმნილა ამ ქვეყნად, რასაკვირველია, შექსპირისა და ნიჟინსკის ჩათვლით. და მიუხედავად ამისა, სრულიად მართებული მტკიცებაა, რომ ჭეშმარიტი პირველობა ეკუთვნის ისეთ ლიტერატურულ ფორმას, როგორიცაა მხატვრული პროზა (თანამედროვე ეპიკური პოეზიაც კი ყველაფერს მხატვრულ პროზას უნდა უმადლოდეს). რომანს აქვს და მუდამ ექნება ყოვლისმომცველი მასშტაბურობის უპირატესობა. წმ.პეტრეს ტაძარი რომში წვრილმანია ტოლსტოის “ომსა და მშვიდობასთან” შედარებით და არა მგონია ჩვენ გეოლოგიურ ეპოქაში ვინმეს გაუჩნდეს სურვილი ეპიკური პოემის წაკითხვისა, გინდაც ის მოცულობით გაცილებით ნაკლები იყოს “ომსა და მშვიდობაზე” (და განა ვინმე დაწერს ახლა ასეთ პოემას?).
დიდი ხანია ნათელია, რომ რომანისტები (დრამატურგების ჩათვლით, რომლებიც რომანისტების ნაირსახეობას წარმოადგენენ) პირიდან ლუკმას აცლიან სხვა ხელოვანთ. ფერმწერებში ფართოდ არის გავრცელებული ბრაკონიერობა, კომპოზიტორებში – მით უფრო, მაგრამ ფერმწერებისა და კომპოზიტორების ოინები არაფერია რომანისტების სიხარბესთან შედარებით. და თუკი ფერმწერებისა და კომპოზიტორების ამგვარი უტიფრობა ყოველთვის იწვევდა გაღიზიანებას, რომანისტების ბრაკონიერობა, კოლონიზაცია და ანექსია დაუსჯელი რჩებოდა. ძნელად თუ მოიძებნება ცხოვრების რომელიმე საინტერესო ასპექტი – დაწყებული პეიზაჟიდან ვიდრე სოციოლოგიამდე – რომელიც არ იყოს ასახული მხატვრულ პროზაში. ერთი თვალის გადავლებაც კი სრულიად საკმარისია რომანის განვითარებისა და წინსვლის დასანახად. ემილ ზოლას “ჟერმინალის” შემდგომაც ამ ჟანრს არ შეუჩერებია გიგანტური ნაბიჯებით სვლა ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. ბოლო 15 წლის განმავლობაში რომანი კიდევ უფრო განვითარდა და თუკი იგი იმ ფერს მიიღებდა, რომლითაც ბრიტანეთის სამფლობელონი აღინიშნება მსოფლიო რუკაზე, მოკლე ხანში მთელი რუკა წითელი ფერით დაიფარებოდა. რა ადგილიც არ უნდა მივაკუთვნოთ რომანს ფორმათა იერარქიაში, ამჟამად მასავით ემოციონალურად ცხოვრებას ვერცერთი ჟანრი ვერ გადმოსცემს. რომანი არის და კიდევ დიდხანს დარჩება იმ ფორმად, რომელსაც ფართო თვალსაწიერის ხელოვანნი კვლავ და კვლავ მიუბრუნდებიან, რადგან იგი მეტ შესაძლებლობებს იძლევა და გაცილებით ადვილად აკმაყოფილებს შემოქმედის მოთხოვნებს; უფრო მეტიც; თუ რომანი შეინარჩუნებს განვითარების ამჟამინდელ ტემპს და პროგრესის გზით წარიმართება, იგი კვლავ მიაღწევს იმ ბრწყინვალე მწვერვალს, რომელზედაც იგი აიყვანა და დატოვა ბუმბერაზმა ბალზაკმა 1850 წელს. ასე რომ, საკითხი რომანის რანგის თაობაზედ ამოწურულად მიმაჩნია.II
რომანისტს ორი უმთავრესი თვისება უნდა გააჩნდეს: პირველი – მშვენიერების გრძნობა, ურომლისოდაც შემოქმედი ვერ იარსებებს. ყოველი ხელოვანი ასე თუ ისე დაჯილდოებულია ამ გრძნობით, სწორედ ამიტომ არის ის ხელოვანი. შემოქმედი ადამიანი ქმნის ინსტინქტურად და ვერანაირი ინსტინქტი ვერ აიძულებს მას გამოიყენოს მასალა, რომელიც არ იზიდავს; ეს უდავოდ ასეა. ისიც უეჭველია, რომ რანაირ ცხოვრებასაც არ უნდა ასახავდეს რომანისტი, იგი შეყვარებული და მოხიბლულია – ე.ი. მან ამ ცხოვრებაში რაღაც მშვენიერი დაინახა. სილამაზე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ მწერალმა შეძლო შეენიშნა იგი, ნამდვილად დაენახა ის სილამაზე, რომელიც მის (და კიდევ რამდენიმე ახირებული ადამიანის) გარდა შეიძლება ვერავის ვერასდროს შეენიშნა. თუ რომანს ინტერესით წავიკითხავთ, სისულელე იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ მის ავტორს არ გააჩნია სილამაზის გრძნობა (თვით ის ფაქტი, რომ წიგნმა დაგაინტერესათ, ნათელი დასტურია ამგვარი კრიტიკის უსუსურობისა და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რეცენზენტის მცდარობაში, როცა მას, მაგალითად, ასეთი დასკვნა გამოაქვს: “მავანმა შთამбეჭდავი ნაწარმოები შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, მას წერა არ ხელეწიფება”. მაგრამ მავანმა ხომ შექმნა ეს ნაწარმოები და თანაც ისე, რომ ჩაწვდა რეცენზენტის სულს!). ჭკვიანი კაცი ამ შემთხვევაში უბრალოდ აღიარებდა, რომ იგი სილამაზეს სხვაგვარად აღიქვამს და არა ისე, როგორც ხსენებული შემოქმედი.
ყველა თვითმყოფად რომანისტს ყოველთვის, როგორც წესი, ბრალს სდებენ სილამაზის გრძნობის არქონაში, მაგრამ იგივე საყვედურს იშვიათად თუ გაიგონებთ საშუალო რომანისტების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი ბრალდება უსაფუძვლოა: მე არ ვგულისხმობ ისეთ მწერლებს, როგორიცაა, მაგალითად, ზოლა – იგი არასოდეს ვარდებოდა უკიდურესობაში, არამედ ვთქვათ, ჯორჯ გისინგი, ნამდვილი ექსტრემისტი, რომელსაც უნარი ჰქონდა, როგორც ახლა აღიარებენ, შეენიშნა უხილავი სილამაზე არსებობის ისეთ ფორმებშიც კი, რომელთაც სხვა შემოქმედნი არც ეხებოდნენ. ანდა ავიღოთ კიდევ უფრო უკიდურესი შემთხვევა – მწერალი ჟორის ჰიუისმანსი; არც ერთ წიგნს არ გამოუწვევია იმდენი ბრალდება სიმახინჯის ასახვისათვის, როგორც მის რომანს “ოჯახური კერა” და ნარკვევებს “ყველაფერზედ”. ამ ნაწარმოებებში მთელი ბოღმით არის წარმოჩენილი ყოველდღიური ყოფის უფერულობა და უგვანობა. ამავე დროს ამ წიგნებს ისეთი ხიბლი აქვს, რომ ყოველთვის მიიპყრობს მკითხველთა ყურადღებას მაშინაც კი, როცა მისივე “ტაძარი” შეიძლება არც არავის გაახსენდეს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ჰიუისმანსი, როგორადაც არ უნდა გვიმტკიცებდეს საპირისპიროს, არ იყოს მოხიბლული იმ უხილავი სილამაზით, რომელსაც ის აღწერს.
მეორე მთავარი თვისება, რომელსაც უნდა ფლობდეს რომანისტი და ხელოვანი საერთოდ, გახლავთ სიმძაფრე, რომლითაც ის ხედავს ამა თუ იმ მოვლენას. ამ თვისების გარეშე ხელოვანს არ გაუჩნდება სურვილი, საჯაროდ გული გადაგიშალოთ; მისი ხილვები არ იქნება მისთვის ისე შემაწუხებელი, რომ თქვენც გაგიზიაროთ. ყოველი გრძნობა, რომელსაც ადამიანი განიცდის ნებისმიერი წიგნის კითხვისას, მწერალს თავად აქვს განცდილი მკითხველზე ადრე და უფრო ინტენსიურადაც. ხშირად გაიგონებთ, რომ მკითხველი, რომელიც ძლიერ განიცდის წიგნის გმირების ბედუკუღმართობას, აღშფოთებულია მწერლის ულმობლობით. ამგვარ ხალხს არანაირი წარმოდგენა არა აქვს მხატვრული შემოქმედების პროცესზე.III
ჩვენ განვიხილეთ რომანისტისთვის აუცილებელი ორი თვისება – სილამაზის გრძნობა და ხედვის სიმძაფრე; ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ გრძნობას, რომელიც ასევე სავალდებულოა შემოქმედისათვის; იგი პრაქტიკულად ზემოთ მოხსენიებული თვისებების მაგივრობას სწევს, ხოლო მისმა არქონამ შეიძლება არარად აქციოს ორივე გრძნობა. ეს გახლავთ სულის სინატიფე. დიდ რომანისტს სულიც დიდი უნდა ჰქონდეს. იგი უნდა იყოს გულისხმიერი, მგრძნობიარე, ვაჟკაცური, პატიოსანი, ოდნავ ირონიული, ნაზი, სამართლიანი და შემწყნარებელი. ასეთი მწერალი უნდა ესწრაფოდეს იდეალს, მაგრამ მუდამ ახსოვდეს, თუ რა არასრულყოფილია ის მიწიერი სამყარო, სადაც ცხოვრობს. მთავარია, საღ აზრს დაეყრდნოს; მოკლედ, უნდა იყოს კეთილშობილი. სხვაგვარად მწერალი ვერ მიაღწევს მწვერვალს. მისი სულის არსი – აი, რა არის გადამწყვეტი წიგნის ყველა გვერდსა და ყოველ წამს; აი, ის სარკე, რომელშიც მწერალი ხედავს სამყაროს. სხვა თვისებები მეორეხარისხოვანია და არ იმსახურებს ყურადღებას. ინგლისელ რომანისტებში ფილდინგს ბადალი არ ჰყავს, რადგანაც ვერავინ შეედრება სულის სიდიადესა და კეთილშობილებაში. მის წიგნებს ახლაც აღფრთოვანებით კითხულობენ, რადგან ყველა გვერდზე მკითხველი გრძნობს მწერლის პიროვნების დიდბუნოვანებას და მწერლური ტექნიკის ვერანაირი განვითარება ვერ დააკარგინებს ფილდინგს მის კუთვნილ ადგილს ინგლისურ ლიტერატურაში; მის მყარ პოზიციას არაფერი ემუქრება, სანამ ლიტერატურაში არ გამოჩნდება უფრო კეთილშობილი სულის მწერალი. დიკენსის დიდება შელახულია საზოგადოებაში ფეხმოკიდებული შეხედულებით მისი სულის, ცოტა არ იყოს, ზედმეტი უხამსობის შესახებ და იმ თვალსაზრისით, რომ მწერალს არ ეყო ვაჟკაცობა, ბოლომდე გაესწორებინა თვალი სიმართლისთვის. ცხოვრების მისეული აღქმაც უხეშადაა მიჩნეული. იგივე შეიძლება ითქვას თეკერეიზეც, რომლის სულიც არ აღმოჩნდა ისეთი ყოვლისმომცველი, როგორიც შეეფერებოდა ამ ბუმბერაზ პიროვნებას; მას უამრავი ნაკლი ჰქონდა, რაც წინ ეღობება უკვდავებას.
უაღრესად მიჭირს ამის თქმა და ეს სახიფათოც კი შეიძლება იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხელოვანთათვის ფორმა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც უნდა გამოვტყდე, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ლიტერატურულ ტექნიკას. რასაკვირველია, ვაფასებ კარგ ფორმას და მუდამ ვიღვწოდი, რომ მას ინგლისში მეტი პატივისცემით მოპყრობოდნენ, მაგრამ ახლა თვალნათლივ ვრწმუნდები, რომ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის ისტორია საპირისპიროს ღაღადებს. ჩემი დაკვირვებით, თუ არ ჩავთვლით ტურგენევს, სხვა არც ერთი ცნობილი რომანისტი, ან არ ფიქრობდა ფორმაზე, ან ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ უცხოურ რომანებს ფორმის უფრო ფაქიზი გრძნობა გააჩნიათ, ვიდრე საუკეთესო ინგლისურ ნაწარმოებებს. ამ მხრივ ბალზაკს უამრავი შეცოდება აქვს; ის ცალკეულ ფრაზასაც ვერ ართმევდა წესიერად თავს, რომ არაფერი ვთქვათ მთელი ნაწარმოების ფორმაზე. საყოველთაოდ ცნობილია ბუმბერაზი რომანისტის – სტენდალის უარყოფითი დამოკიდებულება ფორმის მიმართ; მას თავის შედევრში შეიძლება ასეთი ფრაზა დაეწერა: “ჰო, მართლა, ადრე უნდა მეცნობებინა თქვენთვის, რომ ჰერცოგინია…”! და დოსტოევსკი? ის ხომ გაცილებით დიდია ბალზაკზეც და სტენდალზეც, მაგრამ მისი უბადლო და განსაცვიფრებელი “ძმები კარამაზოვები” სინამდვილეში ხომ საოცრად უფორმო და ნაჩქარევად ჩამომტვრეული ოქროს ზოდია! დაუსწრებელი კურსების ნებისმიერი პედაგოგისთვის, რომელიც ასწავლის მხატვრული ნაწარმოებების შექმნას, ოცი გაკვეთილი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ სტუდენტებისათვის მიეთითებინა დოსტოევსკის ენის გაუმართაობასა და ხარვეზებზე. რა განაჩენს გამოუტანდა ფლობერი ამ რომანს გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ? ან რა მნიშვნელობა ექნებოდა მის განაჩენს? ანდა თუ ავიღებთ უფრო საშუალო დონის მაგალითს: ლიტერატურული ტექნიკის მხრივ განსვენებული “მარკ რეზერფორდი” მუდამ მოუხეშავი დილეტანტი იყო, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მისთვის, უაღრესად მიმზიდველი რომანისტი ყოფილიყო მკითხველისათვის. როცა ვეცნობით დიდი ფორმალისტების – გი დე მოპასანისა და ფლობერის შემოქმედებას, განა შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ბრწყინვალე ლიტერატურული ტექნიკა რამეში ეხმარება მათ, ან ოდნავ მაინც გამოისყიდის მათი სულის სისუსტეებს? ორივე თავისი საქმის დიდოსტატია, მაგრამ ნელ-ნელა მეორეხარისხოვანი მწერლების რიგში გადადიან. ვინაიდან ადამიანის ბუნება ისეთია, როგორიც არის, ხოლო მოპასანის წიგნები ეროტიკითაა გაჟღენთილი, ისინი მუდამ გამოიწვევენ მკითხველთა ინტერესს, მაგრამ მოპასანმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი; უამრავი ღირსების მიუხედავად, აღარავინ მიიჩნევს მას პირველხარისხოვან მწერლად. ხოლო რაც შეეხება ფლობერის ჩამოგდებას მაღალი მწერლობის კვარცხლბეკიდან, ეს მართლაც შეიძლება ჩაითვალოს საოცარ მოვლენად თანამედროვე ფრანგულ კრიტიკაში. ახლა ირკვევა, რომ თურმე ფლობერის სული არამც თუ კეთილშობილი, პირიქით – ულმობელი და ცოტა არ იყოს, ანემიური იყო. “ბუვარი და პეკუშე” დასტურია იმისა, რომ ფლობერი ვეღარ ამჩნევდა ადამიანთა სამყაროს არასრულყოფილებას და ცდომილებაში ჩავარდა, თითქოსდა სულ სხვა პლანეტაზე იყო დაბადებული. მისი ფორმალური ტექნიკის ბრწყინვალება გაფერმკრთალდა და უგუნურნი ამ ბრწყინვალებასაც ნაკლად უთვლიან მწერალს. ფლობერის კეთილშობილება ადამიანური მოღვაწეობის მხოლოდ ერთ ვიწრო სფეროშია ჯერჯერობით უეჭველი – ეს არის ლიტერატურული ტექნიკა. მისი წერილებიც ხომ სწორედ ლიტერატურული ტექნიკის საკითხებს ეხება და ამჟამად მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებად გვევლინება, რადგან უამრავი შემოქმედისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ასე რომ, მე კვლავ ვუბრუნდები იმას, რომ შემოქმედისათვის უმნიშვნელოვანეს თვისებად (გარდა უკვე აღნიშნული ორი თვისებისა) მიმაჩნია მისი სულის არსი. მხოლოდ იგი და არა სხვა რამ, უჩენს მას მეგობრებსა და მტრებს, ლიტერატურული ტექნიკა კი ერთობ უმნიშვნელო და წარმავალია. ვიმეორებ, რომ ამის თქმა ჩემთვის არ იყო იოლი.
რატომღაც სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მხატვრულ პროზაში მომუშავე უდიდესი მწერლები თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, მარადიულ დილეტანტებად რჩებიან; ყოველ დიდ ხელოვანში, შესაძლებელია, დილეტანტი იმალებოდეს. არ ვიცი аსე რად ხდება – იქნებ საკუთარი სიძლიერით აღფრთოვანებულთ აღარ სურთ თვინიერად დაემორჩილონ სისტემატური განათლების მძიმე წესებს და მომაბეზრებელი სავარჯიშოებით მეტ სრულყოფილებას მიაღწიონ იმ სფეროში, რაც მათთვის მეორეხარისხოვანია. ყველასათვის ცნობილია, რომ არც ერთი დიდი შემოქმედი არ იყო ერუდირებული მეცნიერი. დიდ ხელოვანს სულ სხვა მიზნები გააჩნია; ყველა შემოქმედი, დიდი იქნება ის თუ პატარა, გულის სიღრმეში გრძნობს, რომ ხელოვნებაში ბევრია ხელოვნურობა, რომელსაც ბადებს შემოქმედებითი გატაცების დაუოკებელი წყურვილი და სრულიად ბუნებრივი სურვილი იმისა, რომ ერთი და იგივე რამდენჯერმე – სამჯერ, შვიდჯერ, ათჯერ – არ გადააკეთოს. აქ მაგალითად შექსპირის დასახელება შეიძლება, რომელიც ერთობ გულგრილი იყო გამომსახველობითი სინატიფის მიმართ და რომლის მეთოდებიც ფლობერს ნამდვილად არ მოეწონებოდა. მართლაც, კაცი რომ დაუკვირდეს, შექსპირის დილეტანტიზმი ამ ბოლო წლებში უფრო ნათლად გამოიკვეთა, მაგრამ ეს გარემოება თითქოს არავის აწუხებს. ფლობერი რომ დიდი შემოქმედი ყოფილიყო, გაცილებით დიდი დილეტანტი იქნებოდა.(c) „არილი“


