-
-
ზურაბ რთველიაშვილი
* * *
მითხარი, როგორ არ მოგწონვარ? მე ვშიშობ შენთვის!
შენთვის მოვუშვებ მეჩხერ წვერებს საკადრის ღამით,
შენთვის ვიკისრებ მძიმე ღიპის ტარებას ჩუმად,
შენთვის ოქროს ჯაჭვს დავიკიდებ კისერზე ნელა.მითხარი, როგორ მივიწებო შენი სხეული?
როგორ ავაწყო შესაფერი შენთვის სიმღერა?
მითხარი, სად გყავს ვაგინიდან გამოქცეული
პატარა კაცი, რომ ჰკიოდა ცოტა ხნის უკან.მითხარი, თითქოს მე ვიყავი გიჟი მეხანძრე,
რომ სააღლუმო ორგიების ვაქრობდი კოცნებს.
მითხარი მაშინ, რატომ ზვერავ ფრთხილად ამ ანძას,
მითხარი, რისთვის არ უკითხავ მას ღამის ლოცვებს…© “არილი”
-
ანდრო ბუაჩიძე
წუხილი ლექსების გამო
ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით
ადრე შეთხზულო ჩემო ლექსებო,
ვარსკვლავი თქვენს თავს რომ მკარნახობდა,
მთის კორტოხებზე უნდა ვეძებო.და თქვენ თვითონაც ზურგი მაქციეთ,
განათებული ელნათურებით,
ელნათურები სხივებს ისროდნენ,
როგორც ბადეებს მებადურები.ვაიმე, როგორ მეუცხოებით
დავიწყებულო ჩემო ლექსებო,
მე ყელამდე ვარ სავსე ცხოვრებით
და აღარც მინდა სადმე გეძებოთ.არადა, როგორ გწერდით კედლებზე
ხელმიბჯენილი და მოწყენილი,
თითქოს კარნახით მეწერებოდა
უკანასკნელი ღამის წერილი.ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით –
როგორც ტოვებენ შვილებს მშობლები
ან მშობლებს ტოვებს შვილი უძღები…
თანდათანობით ჩვენც დავშორდებით.სად არ ვიარე, ჩემო ლექსებო,
სად არა მდევდა ბედი მდევარი,
შუაღამისას ჩემო შემსწრენო
და ჩემთან ერთად ღამის მთევარნო.ვაიმე, როგორ გაგიუცხოვდით,
სხვა ცხოვრებაში მოვხვდი ვითომდა,
არადა, ჩემს ჩრდილს თქვენ მიუძღოდით
და კვალში გდევდით მეც ხომ თვითონაც.სად აღარ გწერდით – მთებზე, ბოძებზე,
ქარის ნაფლეთზე, რკინის კავებზე,
ჯერ ხომ დაგკარგეთ, მერე მოგძებნეთ,
ვერმიგნებულსაც ისევ დავეძებ.თქვენც ასე რატომ გამინაპირეთ,
როგორც უბირი დანის მლესავი,
ტყავი გადამძვრა, ტყავი ცხრაპირი,
ვიდრე თქვენს სიტყვებს ამოვკემსავდი.ვაიმე, როგორ გამიუცხოვდით,
როგორ მომედო მეც სარეველა,
მეგულებოდით, ჩემო ლექსებო
ჩემივე ჯავრის უხმო მთრეველად.ახლა რაღა ვქნა, ალბათ ერთმანეთს
ათასში ერთხელ თუ შევეყრებით,
და შემოდგომის ფართო ფოთლებით
სავსეა ბაღში გრძელი მერხები.* * *
შენ ალბათ გიკვირს: რა დააშავე,
შენს მყუდრო კუთხეს რომ ვერ მიაგენ
და წყნეთის ქვემოთ ქარი ნარშავებს
სულ დაუდევრად აფორიაქებს.რა ვრცელია და უკიდეგანო
სივრცე, რომლითაც მზერა ივსება,
ხსნა არ იქნება თვითონ შენგანაც,
ამას ხომ ხვდები უკვე ისედაც.გადახვალ ხიდზე, სადაც მდინარე
ვერე კვლავ ისევ ისე მიღელავს,
და ხედავ მწუხრის მსუბუქ მინარევს,
შენ საითაც კი არ გაიხედავ.შენ საითაც კი არ გაიხედავ
ყველგან იდგება წყნარი ფერდობი
არ გენდობიან, კარი იღება
და იხურება, შენც არ ენდობი.ცხოვრებას მოაქვს თავის ზვირთები
მოაქვს ფოთოლი, ხავსი, ნაფოტი
და გავიწყდება წყნარი კირთებით
რასაც ფიქრობდი და არ ამბობდი.და გავიწყდება, დაგვიწყებია,
დაგვიწყებია უკვე მწარედაც
როცა ჩრდილები წყნარად წვებიან
ცხოვრებაც წყნარი მოჩანს გარედან.რატომ დადიხარ, როგორც სალოსი,
ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერ ნასვამი
და ვარსკვლავების ტანისამოსი
რატომ გაცვია შენც იმათსავით.შენ ალბათ გიკვირს, რა დააშავე,
რასაც ეძებდი, რომ ვერ მიაგენ,
ირგვლივ ლაყბობენ და ხორცს ხარშავენ
და კითხულობენ: პასუხს ვინ აგებს?* * *
ეს სახლი, როგორც ძველი რვეული,
ეს სახლი ანდა სახლის კედელი
გაცვეთილია და შემღვრეული
და აღარსაით არგამხედველი.
სად გაიკრიფნენ ის მოსახლენი
დიდხანს შემყურე ერთი ნათურის,
და როდის შეწყდა ყეფა ძაღლების
ამ სიწყნარეში გადახლართული.
ეს ბინა, როგორც ძველი რვეული,
ეს ბინა, ანდა ბინის კედელი,
გაცვეთილია და შემღვრეული
და სუყველაფრის გადამკეტველი.
რა უნდა მოხდეს, ერთმა ვარსკვლავმა,
რომ გაანათოს ძველი სარკმელი,
ვინც ჩანს ნეტავი, ვინ განასხვავა
იმისგან, ვინც კი არ ჩანს გარკვევით.
ეს ქუჩა როგორც ძველი რვეული,
ეს ქუჩა ანდა ქუჩის მხვეტელი,
გაცვეთილია და დარღვეული
და უკვე სხვაგან გადამხედველი.* * *
გზაზე ლიცლიცებს ერთი ნათურა
სააქაოა, ხვდები ცეცებით,
სინამდვილეში ამოწვართულა
შენც თითქოს იმის ცახცახს ეძებდიდა ხედავ გვერდით ადამიანებს
გადაფენილებს გზებზე ჩრდილებად,
ბრმებმა ხევი რომ გადაიარეს
და ტანი ძლივს რომ ემორჩილებათ.უცნაურია, საით მიდიხარ,
არ გიფიქრია ალბათ ამაზე,
ბრკიალა სხივი სხლტება ბინდიდან
და კვეთს ჰაერში მრუდე ალმასებს.უცნაურია, არ გიფიქრია
იმაზე, რაზეც უნდა გეფიქრა,
თითქოს საღათას ძილად მიგვრილხარ,
ვეღარ დაგცალდა, თითქოს ვერ იქნა –ვერ ამოხვედი მწარე სიზმრიდან,
ვერ მოისრულე სიზმრის ნარჩენი,
თითქოს ის ბლანტი შუქი გიზიდავს,
რომლის ცქერასაც თვალებს აჩვევდი.აქაც სმაა და აქაც ჭამაა,
ენაგეთია ეს თუ ერგნეთი,
და რა დავა აქვს ნეტავ ჯამაათს,
რა რჯით ქელეხის შემდეგ შეკრებილთ?გზაზე ლიცლიცებს ერთი ნათურა,
მეც თითქოს იმის ცახცახს ვეძებდი,
სინამდვილეში ამოწვართულა…
და მივლასლასებ ხელის ცეცებით.© “არილი”
-
ბირუტე იონუშკაიტე
ნაცრისფერი ქალი
ბირუტე იონუშკაიტე დაიბადა 1959 წელს პოლონეთში, ლიტველი მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლა 1978 წელს დაამთავრა და იმავე წელს ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ პოლონეთში დაბრუნდა და ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო თანამშრომლობა.
მისი პირველი მოთხრობები 1986 წელს დაიბეჭდა. არის მოთხრობების ორი კრებულისა და ორი რომანის ავტორი. მიღებული აქვს ორი ლიტერატურული პრემია.ლიტვურიდან თარგმნა ნუცა კავსაძემ
ეს ქალი ყოველდღე მხვდებოდა. დილაობით სამსახურში მიმავალს, შესვენებაზე – ყავის დასალევად გასულსა თუ კვირა დღეს – ქალაქის ქუჩებში უსაქმოდ მოხეტიალეს.
პატარა, მოქნილი, სხარტი, წრუწუნასავით ერთიანად ნაცრისფერი იყო. ზოგჯერ მიჭირდა მისი ფილაქანისაგან გამორჩევა, ისე ერწყმოდა მის ფერს. მხრებზე ხელოვნურად დახვეული თმის ნაცრისფერი კულულები ეფინა. შუბლზე წინამო ჩამოფშეკოდა.
თავჩაღუნული დადიოდა. ალბათ ამიტომაც გადანაცრისფერებულ, უსიცოცხლო სახეზე ცხვირი, ტუჩები თუ თვალები მძიმედ დაშვებოდა. მამაკაცები გვერდს ისე უვლიდენ, ვერც კი ამჩნევდნენ. და თუ ვინმე, ფიქრებში წასული, უნებურად გაჰკრავდა მხარს, აზრადაც არ მოსდიოდა მოებოდიშებინა ან ზრდილობის გულისთვის მაინც მოეხედა უკან. დრო და დრო ავედევნებოდი ხოლმე, რომ გამეგო, ასეთი რა სჭირდა?
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალი იყო. ნორმალური სიმაღლის, მოქნილი, სწორფეხებიანი. არც ლამაზი და არც უშნო. არც ძონძებში გამოწყობილი, არც ზედმეტად გადაპრანჭული. ატარებდა მშვიდი, ნაზი ფერის ტანსაცმელს. ზაფხულში კი გაუხდელად ეცვა მოთეთრო-მონაცრისფერო ბლუზა და მუქი ლურჯი ქვედატანი. ჭრელი ტანსაცმელი, მგონი, საერთოდ არ ჰქონდა.
ერთხელაც ქალაქის ცენტრში, გაზეთების ჯიხურთან შევნიშნე, პატარა სკვერში, სადაც თავს იყრიდა ქალაქის უსაქმურთა “ბანდა”. აქ ყოველთვის ნახავდით ორ-სამ ლოთს, რომლებიც ერთმანეთს ლოშნიდნენ, მზესუმზირის ჩენჩოს გადაფურთხებაში გაწაფულ ძველ ბიჭებს, რომელთაც თავზე კეპიანი ქუდები დაეკოსებინათ; რკინის კნოპებიან ქურთუკებში გამოწყობილ, ჭუჭყიანი ჯინსის სუნით აქოთებულ პანკებს და ზომაზე მეტად დახატულ, თმაგაწეწილ გოგონებს.
ის ნაცრისფერ ბეღურასავით შემკრთალი და შეშინებული დახტოდა სკვერის მუდმივ სტუმრებს შორის. რა უნდოდა აქ? ქალაქში არც თუ დიდად სახელგანთქმულ ადგილას? გადავწყვიტე, იქვე, შორიახლო, ავტობუსის გაჩერებაზე დავმდგარიყავი და ბოლოს და ბოლოს გამეგო რაიმე ნაცრისფერ ქალზე, რომლის ყოველდღე ხილვასაც მივეჩვიე ქალაქის მღელვარე ქუჩებში.
სანამ ჩემთვის ვთხზავდი ათასნაირ ისტორიებს, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ქალის წინ ორმეტრიანი ოყრაყი აღიმართა. მაისური ცისფერ, სპორტულ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. გრძელი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, ფართო მხრებზე დიდი ხნის შეუკრეჭავი თავი კომბოსტოსავით უქანავებდა. თვალებჩასისხლიანებული, დაკიდებული ულვაშებით ბულდოგს ჩამოჰგავდა. ის კი არ ლაპარაკობდა, თავს აქნევდა და ყეფდა… ამ… ამ… ამ. ქალი ოდნავ გახსნილი, უფერო ბაგეებით წყნარად და მშვიდად აძლევდა პასუხს.
ცნობისმოყვარეობამ მძლია. მივუახლოვდი, ცალი თვალით გაზეთების ჯიხურს ვათვალიერებდი, მეორეთი – იმ უცნაურ წყვილს, ნაცრისფერ წრუწუნასა და ლუდის ბარში გამობრუჟულ ლომს, ვუთვალთვალებდი. სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა, ჰაერს ეპოტინებოდა და ქანაობდა. წრუწუნა ცდილობდა, როგორმე ხელი წაევლო და ადგილიდან დაეძრა. მის ნაზ, ჰაეროვან გარეგნობაში ვედრება იხატებოდა. გოლიათი ისევ ირწეოდა, აქეთ-იქით იხრებოდა და ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს გაბრაზდა, ხელების ქნევას მოჰყვა და ახლა მარტო მე კი არა, მოშორებით გაჩერებაზე მდგარი მგზავრებიც კი შეაშფოთა იქიდან რუსულ ენაზე დაძრული გინების ნიაღვარმა. რუსულ ენაში ყველაზე პოპულარულ ადგილას ლანძღვა-გინებით გაგზავნილი ქალის ირგვლივ ცნობისმოყვარეებმა შეკრეს წრე: გნიასითა და ხორხოცით მოგროვდნენ პანკები, დაიძრნენ ქალაქის “უმუშევრები”, 07, 09, 08 მარკის “ჟიგულის” პატრონები, სენსაციის მოყვარული, დახატული გოგონები. “ნორმალურები” კი ქუჩაში ისე მიმოდიოდნენ, თითქოს ვერც ამჩნევდნენ და ვერც ხედავდნენ, რა ხდებოდა. მაგრამ ყველა ვერ უძლებდა ცდუნებას. ცოტა ხნით მაინც ჩერდებოდა და შესცქეროდა წყვილს, რომელიც საჯაროდ არკვევდა ურთიერთობას. მე ქალაქში ახალი ჩამოსული ვიყავი, თითქმის არავის ვიცნობდი, დიდად არც აქაურ ამბებს დაგიდევდით, სამაგიეროდ ქალაქელები იძიებდნენ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვინაობა, ბაბუის ბაბუიდან მამაჩემამდე, ძირის ძირობამდე გამოკვლეული ჰქონდათ. ახლაც ყველანი იმ წყვილს შეჰყურებდნენ. ზოგი თვალებდაჭყეტილი, ზოგი ამრეზით. ზოგიერთი კი, აშკარად მოხიბლული მამაკაცური მსუყე გინებით, ვითომც აქ არაფერიო, არხეინად მიაბიჯებდა თავის გზაზე.
ბოლოს ქალი შეტრიალდა, ერთხელ კიდევ ესროლა სევდიანი, მავედრებელი მზერა კაცს და ნელი ნაბიჯით გაშორდა. კაცმა გინება შეწყვიტა და რაღაცის ბურდღუნით უკან გაჰყვა. გამიკვირდა! თვალებს არ ვუჯერებდი. ასე დამშორდნენ: ჯერ ქალი, ნელი, მომლოდინე ნაბიჯებით, მერე ღვინით გამსკდარი ოყრაყი, რომელიც გაბრაზებული იფურთხებოდა და ნაბიჯის აჩქარებას არ აპირებდა. სულმა წამძლია და ავედევნე. მთელი ძველი უბანი გავიარეთ. საკუთარი სახლებით ჩარიგებულ ქუჩას მივადექით. ცოტა ხნის შემდეგ ქალი ქვის ორსართულიან სახლთან შეჩერდა. ოყრაყიც მიჩანჩალდა.
– მოიცა, რამუნელის, ახლავე! – უთხრა ქალმა, ეზოს კარი შეაღო და იქვე მიმაგრებულ ღილაკს თითი დააჭირა. ამ დროს კი კარებზე გადაკიდებული რამუნელისი მანამ ქანაობდა, სანამ გრძნობა არ დაკარგა და ძირს არ გაიშხლართა. უწმაწური გინების კორიანტელი დაცემის ხმამ შთანთქა. და ასე ცემენტის ბორდიურზე ჩაკეცილი, ზურგით მოღიავებულ კარს მიყრდნობილი დარჩა. სახლიდან შუა ხნის ჭაღარა ქალი გამოვიდა.
– ღმერთო, ღმერთო! – ამოთქვა ქალმა, ხელები ბეღურას ფრთებივით დაიქნია და რამუნელისის გვერდით ჩამოჯდა. ნაცრისფერი ქალიც მას მიჰყვა. ისინი ცდილობდნენ, ფეხზე წამოეყენებინათ კაცი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. როგორც იქნა, მიზანს მიაღწიეს. მაშინ უფროსმა წელზე მოხვია ხელი და მშვიდი საუბრით შინისკენ წაიყვანა. კიბეზე ასვლაში წრუწუნაც დაეხმარა, მაგრამ შინ არ შეჰყოლია. კარი გამოიხურა, სახლის უკან გავიდა და კედელში ჩამაგრებული ონკანი მოუშვა. ისე დიდხანს იბანდა ხელებს, თითქოს დაავიწყდა, რას აკეთებდა. მერე სველი ხელისგულები ისვა და ისვა სახესა და თმებზე, ბოლოს წელში გასწორდა და კარგად მოვლილ ფერად ყვავილებს შორის გაკვალულ ბილიკზე მოკლე, სხარტი ნაბიჯებით წინ და უკან სიარულს მოჰყვა. უცებ გადავწყვიტე, მივალ და ვეტყვი: “სულელო, შე სულელო, რას შვრები? ეს როგორ შეიძლება? ამ გამოლენჩებულ ლოთის გამო თავს როგორ იტანჯავ? იმიტომ, რომ შუა ქალაქში სახალხოდ გაგინოს? მერე სახლამდე რომ ათრიო და დედიკოს მზრუნველობით ჩააბარო? აუცილებლად, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. უნდა დავარიგო, თვალები ავუხილო. ახალგაზრდა ქალია, ჯერ კიდევ არა უშავს რა… ის კი მოჩვენებასავით მთლად გადანაცრისფერებული დადის. გაგონილა?! აუცილებლად ვეტყვი: “ჩვენ რა, სხვანაირად ვცხოვრობთ? მიმოიხედე. ყველა მეორე ქალი ლოთის გვერდით წევს… “არა, ასე მკაცრად არა”… – “ყველა მეორე ქალი მსმელის გვერდით წევს”.. არა, არა ღირს, ორივე ერთი ოხერია… “ხო, ყველა ასეა, მაგრამ ისინი შენსავით ცხვირჩამოშვებულები არ დადიან. პირიქით, იმასაც ახერხებენ, ფეხის ფრჩხილები მოიწესრიგონ. შენ რაღა დაგემართა? რიგიანი ტანსაცმლის ყიდვა არ შეგიძლია?.. დაივარცხნე, დაიხატე, თავი მაღლა და… მიდი! კაფეშიც შეიარე, არც კინო დაიკლო და არც თეატრი. რისთვის ცხოვრობ, იმისთვის, რომ ამ ლოთს სდიო კუდში? ბარემ ბაწარში გაყავი თავი. მე შენ გეტყვი, დიდი დანაკარგი იქნება! მიმოიხედე, უკეთესის პოვნა არ შეიძლება? არა, მაინც რა ჩაიდინე, ჰა. მოაბრძანე, დედიკოს ჩააბარე და ერთგული ძაღლივით ზღურბლზე დაძრწი: “გამოუშვებს თუ არ გამოუშვებს?.. საბრალო, შე საბრალო, შენა…” ხო, იმასაც ვეტყვი… ფიქრი კარის ხმაურმა გამაწყვეტინა. მოხუცმა ქალმა კიბე ჩამოიარა, წრუწუნას მიუახლოვდა, მისი ხელები ხელისგულებში მოიმწყვდია და:
– გმადლობთ, შვილო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. – წრუწუნას პაწია ხელებს არ უშვებდა: – შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, – თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. – სხვას არავის უჯერებს. არც მე, არც ლორეტას. თუმცა, ლორეტა მაინც არ წავიდოდა მის მოსაყვანად… შენ, მხოლოდ შენა ხარ ჩემი მშველელი… – მადლიერი მზერა ისევ მიაპყრო წრუწუნას.
– რას ბრძანებთ, რისთვის მიხდით მადლობას, მე რა შუაში ვარ. ნუ ტირით, – წრუწუნამ როგორც იქნა ხელები გაითავისუფლა და მოხუცს მხარზე გადაუსვა. – თუ კიდევ დაგჭირდით, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად მოვალ. ღმერთმა ქნას, აღარ დაგჭირდეთ.
– მადლობა ღმერთს, შვილო, რომ მაშინვე ჩაიძინა და მეზობლის აუდრიუსივით ლეწვა-მტვრევას არ მოჰყვა. გმადლობთ, გმადლობთ, ემა, – უთხრა და ხელის ზურგზე გადაუსვა ხელი. მერე შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.
ემამ კარი გამოიხურა და ჩემსკენ გადმოუხვია. არც გავნძრეულვარ. როგორც ვიყავი ხეს ამოფარებული, ასევე გავშეშდი. წეღანდელი ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება სადღაც გაქრა. ქალი კი ჩემს წინ იდგა და… დედაო ღვთისავ, ის სულაც არ იყო ნაცრისფერი. დიდი, ღრმა, უსაზღვროდ ლურჯი თვალები ისეთი სინაზით, სითბოთი და სიყვარულით მიმზერდნენ, რომ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და დავრჩი ასე ყბამოღრეცილი.
– მოხდა რაიმე? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ისე შეწუხებული ჩანხართ… – ოდნავ შეატოკა ბაგეები. თვალებიდან დაძრულმა სინათლემ სახეზე თბილი ნიავივით გადამიარა. მსგავსი სხივიანი თვალები ჩემს ცხოვრებაში არ მენახა. – არ მოგერიდოთ, მითხარით თუ გიჭირთ რაიმე. იქნებ შემიძლია დახმარება.
ხმა რომ ვერ ამომაღებინა, კიდევ ერთხელ შემომანათა თავისი სხივიანი თვალები, რომელშიც სიკეთე და ღვთიური სიმტკიცე აღბეჭდოდა. მისი თბილი მზერა ჯერ სახეზე მომელამუნა, მერე მთელ სხეულზე დამიარა. ერთ წუთს კიდევ შეჩერდა, პასუხი რომ არ გავეცი, დახარა უფერო, გრძელი წამწამებით შემორკალული თვალები და გამშორდა: პატარა, კოხტა, მოქნილი, ნაცრისფერი… ცოტაც და მხედველობიდან დამეკარგა, ისე შეერწყა მასავით ნაცრისფერ ფილაქანს.© “არილი”
-
შოთა იათაშვილი
ჩემი სიზმარი კვდებოდა და
ცოცხლდებოდა ჩემი ხორცი.
დედაჩემის ჭკნობადი ხელით
იღებოდა ფანჯარა
გაზაფხულის მიმართულებით და
ჩიტის ჭიკჭიკი შემოდიოდა
ჩემს ცოცხალ-მკვდარ ამ სიზმარ-ხორცში.გაუგებარი იყო,
რა საით მიისწრაფვოდა,
და მაინც,
ამ მისწრაფებათა სიზუსტეში
ძნელი იყო შეტანა ეჭვის.იშლებოდა ჩემი ოცივე თითი და ცდილობდა
შეხებოდა მიწისა და ცის ზედაპირებს.
ხამხამებდა ჩემი ორივე თვალი და
წონასწორობას ეძებდა
დანახვადსა და დაუნახავს შორის.ხოლო ერთადერთზე ერთადერთი გული
ოცნებობდა მეორე გულზე მაშინაც კი,
როცა ის მეორე
გვერდით უცემდა სწორედ.სიზმარი კი –
სიზმარი კვდებოდა კვლავინდებურად,
ოღონდ რაც დრო გადიოდა,
სულ უფრო და უფრო ვერ ცოცხლდებოდა
ფლაშე სხეული ჩემი,
რომლისკენაც გაზაფხული მუყაითად
აღებდა ფანჯრებს და
ბროუნის მოძრაობასავით უშვებდა
მილიონამდე ჩიტის ჭიკჭიკს.ბუმბული, კონვერტი, თოვლი…
ზურგით მიეყრდნო ჩიტის ზურგს,
თანაც ცაში.
ჩიტი ფრთებს ამოძრავებდა,
ის – ორ დასტად გაყოფილ
შეყვარებულების წერილებს.
მარჯვენა ხელით – სასიხარულოებს,
მარცხენათი – სევდიანებს.
ჩიტი ზურგსუკნიდან ეჟღურტულებოდა:
ასეთ წონასწორობას
ჩემი ფრთებიც კი ვერ იცავენო…
ის პასუხობდა:
უბრალოდ, შენ ფრთები უფრო დაგეღალა,
ვიდრე მე ბარათებიო…ასე ისხდნენ ლურჯ მინდორზე
პირშექცეულები და ზურგგამთლიანებულები,
უმზერდნენ იქვე მობალახე ღრუბლებს და
ანგელოზებს, ზამთრისთვის ორმ ცელავდნენ ცის ბალახს…
ორი ფრთა და წერილების ორი დასტა
მოზომილად მოძრაობდა და მხოლოდ ხანდახან
ცვიოდა თოვლის დამატებად დედამიწაზე
ღერა-ღერა ბუმბული და კონვერტი…მე, ამ ამბის მთხრობელმა,
სწორედ დღეს მივიღე ეს იშვიათი კორესპონდენციები
და შევეცადე, მათ ჭეშმარიტ,
და არა შემთხვევით ადრესატად წარმომედგინა თავი,
სანამ ისინი, ფანტელებს შორის არეულნი,
საბოლოოდ დამადნებოდნენ თავზე…უმცროსკლასელის სასთუმალი
დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
ჩემი სათამაშო ცხენი მესიზმრა, რომელსაც ვუთხარი:
მოვა დრო, როცა შენგან მხოლოდ ჩლიქი დარჩება
და ჩემგან მხოლოდ მენჯი,
ხოლო იმ ზონდისთვის, რომელიც დღეს სკოლაში გადამაყლაპეს,
აღარ იარსებებს გზა, ჩემს სხეულში სამოგზაუროდ.დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
თმა მოხუცივით გამითეთრდა იმ ცარცისაგან,
რომლითაც ქართულის მასწავლებელი
დღეს სკოლაში მაწერინებდა ზმნებს:
“ამოვარდნა, გადმოყუდება, გაყურსვა, დახრა…”
და მავალებდა მათ უღლებას დაუსრულებლად,
თითქმის სიკვდილამდე.დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
გამახსენდა მეორე, ოდნავ უფრო პატარა, ვარდისფერი ბალიში,
რომლითაც დღეს ნინო ცომაია შლიდა
მის მიერ გამოყვანილ არითმეტიკის ამოცანებს
და მომინდა,
ეს ბალიში მიეტყუპებინა ჩემი ბალიშისთვის
და თავისი ბაფთიანი თავი ჩამოედო ზედ.ჩვენი საკლასო ოთახის ფანჯრის რაფაზე
კაკტუსები ალაგია და მორიგეები ყოველ დილით რწყავენ მათ.
ჩვენი სკოლა წითელი კრამიტითაა გადახურული და
ამითი განსხვავდება სხვა, ბრტყელსახურავიანი, რუხი სკოლებისგან.
ზარი როცა ირეკება,
ყველანი გამოვრბივართ და ვცდილობთ,
ერთმანეთს დავასწროთ მოაჯირზე შეხტომა და ჩამოსრიალება.
ყველაზე უცნაური მასწავლებელი კი ხატვის მასწავლებელია,
რომელიც, თუ ფანქარი ან ცარცი არ უჭირავს ხელში,
აუცილებლად კრიალოსანს მარცვლავს და
თავისთვის ბუტბუტებს რაღაცას.სწორედ მას მოვუყვები მე ხვალ,
თუ რა უცნაური შეგრძნებები დამეუფლა,
როცა დაფის საწმენდ ბალიშზე დავდე თავი და
ხან სათამაშო ცხენს ველაპარაკებოდი და
ხან ნინო ცომაიას ვნატრულობდი ჩემს გვერდით.ვინ იცის, იქნებ ჩემმა ხატვის მასწავლებელმა
ქარბორბალას, სერვისის და მსგავსი სისულელეების ნაცვლად,
დაფის საწმენდ ბალიშზე დადებული თავების
დახატვა მასწავლოს.© “არილი”
-
შოთა იათაშვილი
-
დავით ზურაბიშვილი
თავისუფლების საფრთხობელა
(იეღოვას მოწმეები, როგორც თავისუფლების ინდიკატორი)
სექტანტობის მოძალების გამო ისე ხშირად და ისე ემოციურად გამოხატავენ შეშფოთებას არა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, არამედ საერო ხელისუფლების, ოპოზიციისა და ინტელიგენციის იერარქები, გაუცნობიერებელ ადამიანს შესაძლოა მართლაც ეგონოს, რომ ქვეყანას რაღაც უბედურება ემუქრება. არადა, თუკი რაიმე უბედურების მსგავსი ხდება საქართველოში, ეს სწორედ ანტისექტანტური ისტერიაა. ისტერია, რომელიც მართლმადიდებლობისა და ქართველობის სახელით მიმდინარეობს, მაგრამ მამოძრავებელი მოტივები სულ სხვაა. ეს ის კლასიკური შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რა გზაა არჩეული, არამედ იმას, რაც ამ გზის არჩევისკენ გიბიძგებს.
იეღოვას მოწმეთა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
ანტისექტანტური აჟიოტაჟის მთავარი “ბოროტი,” რაღა თქმა უნდა, იეღოვას მოწმეთა სექტაა. მათ მიმართ ყველაზე ხშირია ბრალდებები, მათზე ბევრი იწერება პრესაში, მათ შესახებ ბევრს ლაპარაკობენ ტრიბუნიდან. და რამდენადაც ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმართაც პრაქტიკულად იგივე ბრალდებები გამოიყენება ამიტომ მართებული იქნება, თუ ანტისექტანტური კამპანიის საკითხს სწორედ ანტიიეღოვისტური კამპანიის ჭრილში განვიხილავთ.
მაინც, რაა ასეთი იეღოველები საქართველოსთვის და რაა დღევანდელი საქართველო იეღოველებთან მიმართებაში? რაშია პრობლემის არსი?
არის აზრი, რომ პრობლემა თვით ამ სექტის არსებობაა საქართველოში და ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია. ძალიან მოკლედ, იეღოველ სექტანტთა პრობლემის წარმოდგენა შეგვიძლია დავახასიათოთ გურამ შარაძის ცნობილი სარჩელის ფორმულირებით, სადაც იეღოვას მოწმეების საქმიანობა დახასიათებული იყო, როგორც ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი.
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ეს უწმინდური ტრიადა შვიდ მომაკვდინებელ ცოდვად ჩამოყალიბდება. კერძოდ, ამ სექტის მიმართ სისტემატურად და სხვადასხვა ვარიაციით მეორდება შემდეგი ბრალდებები:
იეღოველთა სწავლება არასწორია. ისინი უარყოფენ წინაპართა რჯულს და ამით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მამა-პაპათა თავდადებულ ბრძოლას სარწმუნოების სიწმინდისთვის.
ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან
შემოაქვთ და ავრცელებენ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ პროპაგანდისტულ ლიტერატურას
აქტიურად ცდილობენ გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ჩათრევას სექტაში.
შემოგზავნილები არიან და სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ
არ მიდიან ჯარში
უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე
ეს არის სრული ჩამონათვალი იმ არგუმენტებისა, რასაც გამოთქვამენ ხოლმე იეღოვას მოწმეების ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის დასასაბუთებლად. არცერთი ბარალდებით მეტი და არცერთი ბრალდებით ნაკლები. მხოლოდ და მხოლოდ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე ერთნი ითხოვენ სექტის საქმიანობის შეზღუდვას, ზოგიერთები კი საერთოდ აკრძალვას.სანამ უფრო დაწვრილებით შევეხებოდეთ ანტიიეღოვისტური (და საერთოდ ანტისექტანტური) კამპანიის არსს, სათითაოდ განვიხილოთ წარმოდგენილი ბრალდებები.
ცოდვა პირველი: რჯულისმიერი
დავიწყოთ ანტიმართლმადიდებლურით. რას ნიშნავს ეს? თუ აქ იგულისხმება ისეთი სწავლება, რომელიც რელიგიურ მოძღვრებებს შორის მარტო (ან განსაკუთრებით) მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმართაა აგრესიული, ასეთი რელიგია და სექტა არც ბუნებაში არსებობს და არც საქართველოში. ხოლო თუ ანტიმართლმადიდებლობაში იგულისხმება ის, რომ იეღოვას მოწმეების რელიგიური წარმოდგენები არ ემთხვევა მართლმადიდებლურს, მაშინ ამ ლოგიკით საერთოდ ყველა სხვა რელიგიის მიმდევართა აკრძალვა ან შეზღუდვა უნდა მოვითხოვოთ, რამდენადაც მართლმადიდებლური აღმსარებლობის პოზიციიდან ყველა სხვა რელიგია “არასწორია.”
რაც შეეხება სახელოვან წინაპრებთან, ქართველებს ომის გადახდა ყველაზე ხშირად მუსლიმების (არაბები, სპარსელები, თურქები) წინააღმდეგ უხდებოდათ, ხოლო ყველაზე ცხარე ღვთისმეტყველურ დებატებს გრიგორიანელ სომხებთან მართავდნენ. ამიტომ თუკი ვინმეს ეჩვენება, რომ წინაპართა სისხლი უხმობს, აგერ დაერიოს სომხებს და აზერბაიჯანელებს, ან წავიდეს და პუტინის ბიჭებს მიეხმაროს ჩეჩენი მოსახლეობის ჟლეტვაში. ჩვენი წინაპრები ხომ ჩრდილოეთ კავკასიაშიც იბრძოდნენ, პუტინის წინაპრებთან ერთად.
ცოდვა მეორე: ფინანსური
ჩვენს სამართალდამცავებში შემორჩენილია ერთი რუდიმენტულ ტენდენცია: რახან იყო დრო, როდესაც საზღვარგარეთიდან დაფინანსება საზღვარგარეთული ფულით სერიოზული დანაშაული იყო, ახლაც, დიდის ამბით გვამცნობენ ხოლმე, რომ ამა და ამ დაკავებულის ბინიდან ამოღებულ იქნა უცხოური ვალუტა. რატომ ამოიღეს და რისთვის, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ფულის არაქართული წარმომავლობა. ზუსტად იგივეა, როცა იეღოველების უცხოეთიდან დაფინანსებაზე ლაპარაკობენ.
როდემდე გაგრძელდება ესეგვარი აბსურდი, არავინ იცის. საზღვარგარეთიდან დაფინანსება კრიმინალი არ არის., მდიდარი და შეძლებული იეღოველი კი საქართველოში ჯერ არავის უნახავს და მხოლოდ ლეგენდები დადის გულუბრყვილო მართლმადიდებელი მრევლის ფულით (მოქრთამვით) გაიეღოველებაზე.A
გავრცელებული ჭორის მიუხედავად, არანაირი განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები ამ სექტას არ გააჩნია. მდიდრებიც და კორუმპირებულებიც საქართველოში ძირითადად სულ ეკლესიაში მონათლული ქართველები არიან. აბა, სიგარეტის და ნავთობის ბიზნესში იეღოველებს არავინ აჭაჭანებს, მინისტრი არა გვყავს იეღოვას მოწმე და დეპუტატი. არც გამგებელი გამიგია მაგათი საძმოდან, არც ქალაქის მერი, არც დეპარტამენტის თავმჯდომარე და არც გუბერნატორი. თუკი ვინმე იეღოველებს უერთდება, ეს ფულის გულისთვის არ ხდება და ეს ძალიან კარგად იცის იმან, ვინც ყველაზე მეტს ყვირის იეღოვური კაპიტალის ექსპანსიაზე.
ცოდვა მესამე: პოლიგრაფიული
არანაკლებ აბსურდულია და იდიოტიზმის ზღვარამდე მიდის იეღოველთა სიმდიდრისა და სხვა შავბნელ საქმეთა დასტურად ისეთი არგუმენტის მოყვანა, როგორიცაა “მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ლიტერატურის შემოტანა და გავრცელება.”L
ჯერ ერთი, მადლობა ღმერთს, ეს კრიმინალად არ ითვლება და არც უნდა ითვლებოდეს. რაც შეეხება შემოტანილი ლიტერატურის “მაღალ პოლიგრაფიული დონეს,” რომელიც ისე აღინიშნება, თითქოს რაღაც სამხილზე იყოს ლაპარაკი, ამა სიტყვისა წარმომთქმელმა დროა იცოდეს: დაბალ პოლიგრაფიულ დონეზე წიგნი მარტო საქართველოში იბეჭდება და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც შიმშილი და ინფექცია მძვინვარებს. ის, რასაც ჩვენთან “მაღალ პოლიგრაფიულ დონეს” უწოდებენ, განვითარებულ (და ბევრ არცთუ ძლიერ განვითარებულ) სახელმწიფოებში ჩვეულებრივი სტანდარტია.
ცოდვა მეოთხე: მოქმედებითი
იეღოველთა აქტიურობა პოტენციური ძმის საძმოში გადმობირების მიზნით, მათი მომაბეზრებელი სტუმრობები მთელ მსოფლიოში ცნობილია. ამის გამო ისინი ბევრს არ უყვარს, მაგრამ სიმპატია-ანტიპატია ერთია და, სულ სხვაა, როცა სახელმწიფოს მიმართავ: არიქა გვიშველე რამე, თორემ ყველას გაგვაიეღოველებენო!
პროპაგანდა და მისიონერული საქმიანობა ნებისმიერი რელიგიისთვის დამახასიათებელია. უშუალოდ იეღოვას მოწმეთა მხრიდან არასოდეს ჰქონია ადგილი არანაირ ძალადობას, მათი მორალური კრედო უკიდურესად კონსერვატიულია და არავის არასდროს სმენია რამე იეღოველთა გარყვნილებაზე. მოითხოვო რომელიმე აღმსარებლობის შეზღუდვა იმის გამო, რომ მისი მიმდევრები კარდაკარ დადიან და ხალხთან სისტემატური ლაპარაკი არ ეზარებათ – ან ფაშისტი უნდა იყო, ან კომუნისტი. “აირჩიე, ქართველო ერო!”
ცოდვა მეხუთე: აგენტურული
ელემენტარულად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ იეღოვას მოწმეები უცხოური სპეცსამსახურის დავალებებს ასრულებენ, რადგან სექტის მისიონერთა ანკეტები თურმე საეჭვოდ წააგავს სპეცსამსახურის დოსიეებს.
აქ მე ლაპარაკი არა მაქვს იმ პარანოიკებზე, ვინც სერიოზულად ამტკიცებს, რომ საქართველოს გარყვნა-გათახსირება ამერიკის (მასონების) პოლიტიკაა და ამ მიზნით შემოგვისიეს სექტანტები. მათთან კამათს აზრი არა აქვს. ხოლო ვისაც ოდნავ მაინც შერჩა საღი აზრი, სანამ მსგავს რამეს იტყვის, ერთ კითხვას უპასუხოს: ისეთი რა სამხედრო-სტრატეგიული თუ კომერციული ინფორმაცია უნდა მოიპოვონ იეღოვას მოწმეთა მეშვეობით საქართველოში გინდ ამერიკის “ცერეუმ,” გინდ ინგლისის “ინტელიჯენს სერვისმა,” გინდ საფრანგეთის “მეორე ბიურომ,” გინდ რუსეთის “ფეესბემ” გინდ ისრაელის “მოსადმა” და გინდ რომელიც გნებავთ ქვეყნის სპეცსამსახურმა?
რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ისეთი, ნებისმიერმა მოქალაქემ რომ არ იცოდეს? ნებისმიერი უბნის ბირჟაზე გეტყვიან რომელი ყაჩაღი ჩინოვნიკი ვის წილშია. ახლა, ატომურ ბომბს თუ ვამზადებთ ჩუმჩუმად, ან გენური ინჟინერიაში ვატარებთ აკრძალულ ექსპერიმენტებს, არა მგონია ამის გასარკვევად იეღოვას მოწმეები დაჭირდეს ვინმეს.
ანკეტები კი, როგორც ასეთი, ყველა ერთმანეთს ჰგავს. ეს ისე, სხვათა შორის..
ცოდვა მეექვსე: პაციფისტური
თავისთავად ძალზე საინტერესოა, რომ ისინი, ვინც იეღოვას მოწმეებს სატანის მოციქულებად მიიჩნევენ, ჯარში წასვლაზე თუ მიდგა საქმე, რატომღაც დაუოკებელი სურვილით აღინთებიან, როგორმე ტანკში ჩასვან ეს ღვთის პირიდან გადავარდნილები და ავტომატი მისცენ ხელში. არგუმენტი: ხომ შეიძლება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით ქართველებმა მასიურად დაიწყონ გაიეღოველება? რა ეშველება მაშინ ჩვენს სარწმუნოებას და ვინღა დაიცავს სამშობლოს?
ამისთანა “რკინის არგუმენტის” გაგონებაზე კაცს სრული უმწეობის განცდა გეუფლება. რა გინდა რომ თქვა? როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ: სისულელის წინაშე თვით ღმერთებიც უძლურნი არიან.
არადა თუკი სამხედრო სამსახურში ვინმეს წასვლა არ უნდა, ამისთვის იეღოვას მოწმეობა სულაც არ არის საჭირო. მომქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ (ნებისმიერ!) ადამიანს შეუძლია ნებისმიერი (ნებისმიერი!) მსოფლმხედველობრივი მოტივით არ წავიდეს ჯარში და მოითხოვოს ალტერნატიული სამსახური. სახელმწიფო ვალდებულია მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუკი აქამდე ვერ მოხერხდა ალტერნატიული სამსახურის შექმნა, ეს ხალხის ბრალი არაა. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და შექმნას. ხელს არავინ უშლის. ისე, ჯარში წასვლაზე არც მართლმადიდებელი ქართველები იკლავენ თავს. და საერთოდ, ეს სულ სხვა პრობლემაა და რელიგია აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
აქვე მინდა ერთი კითხვა დავსვა: საერთოდ შეიძლება კი იმ კაცის რელიგიურობაზე ლაპარაკი, ვინც საკუთარ მრწამსს უარყოფს, ოღონდ ჯარში არ წავიდეს? თუმცა ასეთი წვრილმანები რა მოსატანია, როცა საქმე ქართველთა სულის ხსნას ეხება? არ უნდათ და ძალად ვაცხონებთ! აკი წერილ არს:
******** ***** ******* ************ * ***!
ცოდვა მეშვიდე: სისხლისმიერი
ასევე სრული აბსურდია ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა სისხლის გადაუსხმელობის გამო. ჯარში წასვლისა არ იყოს, აქაც იეღოველების ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად ისინი წუხან, ვინც მათ არსებობასაც კი დანაშაულად მიიჩნევს.
რელიგია ამ შემთხვევაშიც არაფერ შუაშია. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ისე საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს: ნებისმიერი სახის ოპერაციაზე აუცილებელია პაციენტის, ან თუ უგონოდაა, მისი ახლობელის თანხმობა. თუ პაციენტი არასრულწლოვანია, მაშინ მშობლის ან მეურვის თანხმობაა საჭირო. თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება გონდაკარგული პაციენტის ახლობლის მოძებნა, ექიმს შეუძლია ოპერაციის ჩატარება.
ასევე, თუ მშობელს არ უნდა, მაგრამ ექიმი დარწმუნებულია, რომ ოპერაციის გარეშე არასრუწლოვანი პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, ექიმი მიმართავს სასამართლოს, ხოლო ექსტრემალურ ვითარებაში კი მოქმედებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს არის და ეს.
სასარგებლოა ვიცოდეთ
ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია. და თუკი ეროვნულ-აპოკალიფსური რიტორიკის გარეშე წარმოდგენილ ამ არგუმენტებს დავუმატებთ იმასაც, რომ იეღოვას მოწმეების რაოდენობა საქართველოში ქვეყნის მოსახლეობის სულ რაღაც 1%-საც (!!!) კი არ შეადგენს, თითქოს ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, ცხადი უნდა გახდეს: ამხელა ამბავის ატეხვა “იეღოვისტური საფრთხის” გარშემო აშკარად გადაჭარბებულია. უფრო მეტიც: არავითარი ამგვარი “საფრთხე” არ არსებობს და მთელი ეს აურზაური სულ სხვა სიმპტომებზე მიუთითებს.
სანამ ამ სიმპტომებს შევეხებოდე, ვიღაც შარიანმა (უკაცრავად უნებლიე კალამბურისთვის! დ. ზ.) სექტანტობის პროპაგანდა რომ არ დამწამოს, აუცილებლად მიმაჩნია გავიხსენოთ რამდენიმე ბანალური, მაგრამ ჩვენი უკუღმართი დროებისთვის აქტუალური აქსიომა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სინდისის თავისუფლებას და დაუშვებლად მიიჩნევს რელიგიური პროპაგანდის შეზღუდვას. კონსტიტუციაში მკაფიოდაა მითითებული, რომ დასჯადია მხოლოდ ისეთი მოწოდება, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლის ჩამოგდებას, აგრეთვე კონსტიტუციური წყობის ძალადობით დამხობას.
N.B. ჩემის აზრით, კონსტიტუციის ფორმულირებები ცოტა დაზუსტებას კი მოითხოვს, რადგან დასჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი მოწოდება, რომელიც შეიცავს რეალური ქმედების საფრთხეს. თორემ ასე, თვეობით პენსიის მომლოდინე მოხუცი რომ ხელისუფლებას შეუკურთხებს ტროლეიბუსში: ყველანი დასახვრეტები არიანო, მასაც შეიძლება მიუყენო ძალადობით დამხობისკენ მოწოდება.
ბ) არსებობის და თავისუფალი გამოხატვის უფლება აქვს არა მარტო ისეთ აზრს (იდეას, დოქტრინას, სწავლებას), რომელიც მე მომწონს და ჩემთვის მისაღებია, არამედ ისეთსაც, რომელიც სრულებით არ მომწონს და აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის სიტყვის თავისუფლების პრინციპის ანაბანა. შესაძლოა, ვიღაცისთვის თავად ეს პრინციპია პრინციპულად მიუღებელი, როგორც იყო, ვთქვათ, საბჭოთა კავშირში ანდა ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ როდესაც სახელმწიფო აღიარებს სიტყვის თავისუფლებას, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებას, იგი უბრალოდ ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პიროვნების უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. დასჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ ქმედება და არა მოსაზრება.
გ) როდესაც აღიარებ სხვის უფლებას თავისუფლად გამოხატოს შენთვის მიუღებელი რელიგიური შეხედულებები, ამით, პირველ რიგში, იცავ საკუთარი შეხედულებების შეუზღუდავად გამოხატვის უფლებას. წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ცივილურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი
წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე. წ. ჰოტენტოტურ ლოგიკასთან. ეს ტერმინი წარმოიშვა მას შემდეგ. რაც ამ აფრიკული ტომის წარმომადგენელმა შეკითხვაზე, რა არის სიკეთე და ბოროტება, უპასუხა: ბოროტებაა, როდესაც მეზობელი შემომივარდება სახლში, გამლახავს, გამძარცვავს და ცოლს გამიუპატიურებს, ხოლო სიკეთე ისაა, როდესაც მე შევუვარდები მეზობელს, ვცემ, გავძარცვავ და მის ცოლს გავაუპატიურებ.
როგორც ჩანს, ანტისექტანტური კამპანიის ჩვენებური მესვეურები ამ ლოგიკაზე მაგრად დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ. ეს, რასაკვირველია, მათი უბედურებაა, მაგრამ არა მარტო მათი.
დაკარგული სახელმწიფოს ძიებაში
აქ ბუნებრივად ისმის კითხვა: კი, მაგრამ სად არის სახელმწიფო? რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რათა დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, დაიცვას კანონი?
საქმეც ის არის, რომ ანტიიეღოვური კამპანია, თავისი არსით, არა მარტო და არა იმდენად ერთი მარგინალური, მცირერიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ არ ეზარება კარდაკარ სიარული და “საგუშაგო კოშკის” უფასოდ დარიგება. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა, ხოლო ტენდენცია საგანგაშო.
დავიწყოთ იმით, თუ როგორია სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხში (ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას, მგონი სადაო არ არის). ჩამოვთვალოთ მხოლოდ ფაქტები. სულ რამდენიმე ფაქტი.
ა) დეპუტატი გურამ შარაძე, პოლიტიკოსი, რომელიც დაუფარავად ეწევა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას: მიზანმიმართულად აღვივებს კონფლიქტს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, არ ერიდება ცილისწამებასა და სიცრუეს, არათუ ისჯება, არამედ ინიშნება სპეციალურად მისთვის მოგონილ თანამდებობაზე.
ბ) ეკლესიიდან განკვეთილი ხუცესი, ე. წ. გლდანის ეპარქიის წინამძღვარი, ბასილი მკალავიშვილი და მისი მრევლი სისტემატურად არბევს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შეკრებებს. ფანატიკოსთა ბრბო სამლოცველოში უვარდება რელიგიურ უმცირესობებს, აყენებენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამისთვის არათუ არავინ ისჯება, არამედ პირიქით: გლდანის რაიონის პოლიცია ღიად და აშკარად მფარველობს ანაფორიან ხულიგნებს. სასამართლოც ყოველთვის მოძალადეების მხარეზეა.
გ) სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალ და დაბალ ჩინოსანი მოხელეები არაერთხელ გამოსულან და საჯაროდ განუცხადებიათ, რომ სახელმწიფო წინ უნდა აღუდგეს სექტების მოძალებას. ახლახან “ომონის” მიერ სასტიკად იქნა დარბეული იეღოვას მოწმეთა შეკრება ზუგდიდის რაიონში, სადაც ეს რელიგიური ორგანიზაცია კონგრესის ჩატარებას აპირებდა.
დ) არცერთ მაღალი თანამდებობის პირს, არჩეულს თუ დანიშნულს, არცერთხელ არ გამოუთქვამს თუნდაც უღიმღამო პროტესტი არც შარაძის ანტიკონსტიტუციურ ქმედებების, არც ბასილისტთა ხროვის ექსტრემიზმის გამო.მარტო ამ ჩამონათვალიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს რელიგიური ექსტრემიზმის აღსაკვეთად. უფრო პირიქით: ხელს უწყობს ექსტრემისტული განწყობილების გაღვივებას.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ? ასეთი ანტისექტანტური ექსტრემიზმს ხომ სხვა არაფერი შედეგი არ მოაქვს გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, წამებულის იმიჯს უქმნის დევნილ ჯგუფებს, მეორეს მხრივ კი ხელყოფს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს. მაშ, რატომ არ ასრულებს ქართული სახელმწიფო იმ ვალდებულებებს, რაც მას აღებული აქვს საკუთარი ხალხის და მთელი მსოფლიოს წინაშე?
კონფორმისტი, ანუ პრაგმატიზმი ქართულად
საქმე ისაა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლება ან ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს, ან ცდილობს ითამაშოს საზოგადოების განწყობაზე, ან ორივეს ერთად აკეთებს. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ფაქტორი, პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი უბედურება.არა იმდენად პოსტსაბჭოური, არამედ ჯერ კიდევ დიდწილად საბჭოური ქართული საზოგადოების უბედურება ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიტანთ პლურალიზმს. უცხო სიტყვაა, ძნელად გამოსათქმელი და კიდევ უფრო ძნელად გასათავისებელი. ტრადიციული ქართული ტოლერანტიზმით და მეიდანზე მეჩეთ-სინაგოგა-ეკლესიის თანაარსებობით თავმოწონება მხოლოდ შირმაა. რეალურად კი ქართული საზოგადოებში მძლავრობს განსხვავებულის (აზრის, სწავლების, მოძღვრების) აუტანლობა და შეუწყნარებლობა.
მოვიყვანოთ კიდევ რამდენიმე ფაქტი:
ა) საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საპატრიარქოს სახით, მართალია სიტყვიერად ემიჯნება მკალავიშვილის ექსტრემისტებს, სამაგიეროდ ღიად უჭერს მხარს გურამ შარაძეს და პირდაპირ მოითხოვს სექტების აკრძალვას ან შეზღუდვას.
ბ) გურამ შარაძის, ბასილი მკალავიშვილის და ძმათა მისთა საწინააღმდეგოდ კრინტიც არასდროს დაუძრავს არცერთ (sic!) ოპოზიციურ პარტიას. სამაგიეროდ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი (მაგალითად, ირინა სარიშვილი) ხმამაღლა ლაპარაკობს სექტების მომრავლების მითიურ საფრთხეზე.
გ) ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომელთა აზრს ხელისუფლება ანგარიშს უწევს, ან დაუფარავად მხარს უჭერენ ანტისექტანტურ ვაკხანალიას, ან ჩუმად არიან. თითო-ოროლა გამონაკლისი საერთო სურათს არ ცვლის.
დ) ქართულ მასმედიაში აშკარად ჭარბობს ფსევდონეიტრალური დაუბალანსებელი და მიკერძოებული, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ექსტრემისტული და შოვინისტური პუბლიკაციები.
ასე, რომ თუ საზოგადოების განწყობაზე ვილაპარაკებთ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვით. ელემენტარული საღი აზრის დეფიციტი, ზნეობრივ კრიტერიუმთა სრული აღრევა, ბუნებრივად განაპირობებს ხელისუფლების კონფორმიზმს. ბოლოს და ბოლოს, მთავრობაში და პარლამენტშიც ქართველები ზიან. ხელისუფლება (იგულისხმება როგორც პრეზიდენტი, ისე პარლამენტი და მთავრობა) მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით დეკლარირებული პრინციპების დაცვა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სექტანტების (და სექტანტობის) დაცვასთან იგივდება, არაპოპულარული და წამგებიანია. ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულია. ქართულად პრაგმატული, რაღა თქმა უნდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული კონფორმიზმი.
ქართველთა შიში თავისუფლების წინაშე.
სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ჩვენთან ადამიანი შეიძლება იყოს სრულიად კორუმპირებული, იმავდროულად გარყვნილი, მატყუარა, გადამგდები და მას არანაირი პრობლემები არ შეექმნება არც პირად ცხოვრებაში, არც კარიერაში. მაგრამ საკმარისია ვინმეს სიტყვა დასცდეს ნაცემ-დარბეულ იეღოველთა დასაცავად, რომ ის ლამის ერის მტრად გამოცხადდება. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში სინდისის თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე თავს არავინ გამოიდებს. იქ ორი თავი არავის აქვს.
დღევანდელი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით საქატრთველოში ყველა უკმაყოფილოა. ის კი ნაკლებად გვესმის, რომ ჩვენი თავის უბოროტესი მტრები ჩვენ თვითონა ვართ: არასოდეს არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ ექიმი, აქაოდა იეღოველი პაციენტი სისხლს არ ისხამსო, გურამ შარაძეს უხმობს. საზოგადოება, სადაც იგივე გურამ შარაძე და მათი მსგავსნი ავტორიტეტებს წარმოადგენენ, განწირულია იმ ყოფისთვის, რომელშიაც დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა, სადაც სინდისის თავისუფლების პრინციპების დაცვა უფრო უტეხს სახელს ხელისუფლებას, ვიდრე მოსახლეობის დაუფარავი ძარცვა-გლეჯა, ვერც თავისუფლებას ეღირსება და ვერც კეთილდღეობას.
სტაბილური კეთილდღეობის საფუძველი პიროვნების თავისუფლება და საზოგადოების მყარი მორალური პრინციპებია. პლურალიზმი, განსხვავებულთა თანაარსებობა, თავისუფლების უცილობელი ატრიბუტია. თუ გინდა იყო თავისუფალი, ცხოვრობდე თავისუფალ საზოგადოებაში და გქონდეს თვითგამოხატვის, თვითდადგენის, თვითდამკვიდრების სრული შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას, მათ შორის იეღოველებასაც..
მაგრამ ჩვენ, ქართველებს, უბრალოდ გვეშინია თავისუფლების, რადგან არავითარი მყარი მორალური პრინციპები ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არ გვჯერა საკუთარი თავის – არ გვჯერა არც საკუთარი რწმენის, არც სინდისის, არც პატრიოტიზმის. არ გვჯერა, რადგან გულის სიღრმეში კარგად ვიცით, რაოდენ გახრწნილები ვართ და გვესმის, რომ თავისუფლების პირობებში, ღია და გახსნილ საზოგადოებაში ეს ძალიან კარგად გამოჩნდება. უკვე ჩანს კიდეც.
და ჩვენ არ გვინდა დავინახოთ საკუთარი მანკიერება, არ გვინდა გავაცნობიეროთ პრობლემები და შევეცადოთ მათ გადაჭრას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ, გვეიმედებოდეს, რომ ოდესღაც ყველაფერი თავისით მოგვარდება და ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან. ოღონდ მანამდე გვჭირდება მტერი, რომელიც ვერაგია და ძლიერი, რომელიც ემუქრება ჩვენს მეობას, ჩვენს არსებობას. მხოლოდ ასეთი მტერი შეიძლება იყოს ჩვენი გახრწნილების, უზნეობისა და ამორალურობის გამართლება.
და როდესაც ასეთი მტერი არ არსებობს, ჩვენს მას ვიგონებთ. ეს ვისთვის ამერიკაა, ვისთვის მასონები, ვისთვის გოგი გვახარიას “ფსიქო,” მაგრამ ყველაზე “გემრიელი” მტერი, რა თქმა უნდა იეღოველებია. მით უმეტეს, რომ ისინი შემაწუხებლად აქტიურები არიან: ქუჩაში გაჩერებენ, “საგუშაგო კოშკს” გჩრიან წასაკითხად. თან დიდი ძალმოსილებითაც არ გამოირჩევიან – ჩხუბი მაგათმა არ იციან, სროლა და საქმის ქურდულად გარჩევა. დაცხეთ, დაჰკარით!..
და ანტიეროვნული სექტანტობის შემაძრწუნებელი აჩრდილი, რომელიც ავისმომასწავებლად დაძრწის საქართველოში და ლამის აპოკალიფსური მხეცის სახებად წარმოგვიდგენენ, სინამდვილეში მართლაც რომ აჩრდილია. ლანდი, ფანტომი, ილუზია, გამოხმობილი ჩვენი შერყვნილი მენტალიტეტიდან და დაბადებული ჩვენივე მთვლემარე გონების მიერ, რადგან მთვლემარე გონება, როგორც ცნობილია, მუდამ რაღაც ურჩხულებს ბადებს.
აი, ასე ვცხოვრობთ. ამბავში და გაგებაში…
(c) „არილი”
-
ელის ბ. ტოკლასი – გერტრუდ სტაინის ავტობიოგრაფია
-
ახალი ამბები (ნოემბერი, 2008)
-
ახალი წიგნები (ნოემბერი, 2008)