• პროზა

    ზაალ სამადაშვილი

    ერთი პასუხის ამბავი

    ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”

    სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, – რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა…

    * * *
    ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო. ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე…
    მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს…
    ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას…
    ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი. ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს…
    იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით…
    მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი. ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა…
    ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა…
    ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, – რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, – ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა. ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება…
    ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, – ვინ ხარ შენ?!. გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.
    ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, – ადამიანი ვარ!

    ***
    კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, – ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, – ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა. გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, – ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის…
    კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ…

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ინტერვიუ

    ნანა კობაიძე

    პირველი ქართული წიგნიბუსი _ ქოხი ბორბლებზე

    თუ დღეს თბილისის ქუჩებში წიგნის პლაკატებით გაფორმებულ ყვითელ ავტობუსს დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. და თუ საპატიო მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ წასულხართ წიგნის ბაზრობაზე (რომელიც 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გასტანს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”), შეგიძლიათ წიგნიბუსში შეხვიდეთ და შეიძინოთ ან დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. წიგნიბუსი – ასე დაარქვა ამ იდეის ავტორმა, მწერალმა და რეჟისორმა მიხეილ ანთაძემ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიობუსის ქართველ ნათესავს, რომელიც თბილისის მეშვიდე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დღეებში მოემსახურება თბილისელებს. ამის შემდეგ მისი მარშრუტი ლაგოდეხში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ვისთვის როგორ), ჯერჯერობით მხოლოდ ამ რაიონის მკითხველები ისარგებლებენ ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ბიბლიოთეკით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ასეთი წიგნის ქოხები, როგორც მას ბატონმა მიხეილმა უწოდა, მთელს საქართველოში ივლის და ყველაზე მიყრუებულ სოფლებში რაღაც საოცრებით გადარჩენილ მკითხველებს გაახარებს.

    – პირველი ბიბლიობუსი თბილისში ორიოდე წლის წინათ გამოჩნდა. საფრანგეთის საელჩომ და დიუმას ცენტრმა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყვეს, სადაც მხოლოდ ფრანგული ლიტერატურა განათავსეს. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბუსი ცოტა განსხვავებულია. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ბიბლიობუსი?
    – ეს იდეა მე არ გამომიგონია – მოძრავი ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვა ზომის, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ბიბლიობუსს ნახავთ. ევროპასა და ამერიკაში ასეთ ბუსებს სპეციალურად ამზადებენ ცნობილი საავტომობილო ფირმები. განვითარებულ ქვეყნებში ეს კულტურა არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს იდგამს ფეხს. შარშან ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” გამოაცხადა რეგიონული მიმართულების კონკურსი რაიონული ბიბლიოთეკებისთვის. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონებში ივლიდა. კინემატოგრაფისტი ვარ და “ლიხტვაგენისა” და “კამერვაგენის” ანალოგიით თავიდან “ვაგენბუსი” დავარქვი, მერე გავიგე, რომ მთელს მსოფლიოში მას “ბიბლიობუსი” ჰქვია. თუმცა, მე ქართული შესატყვისი ვამჯობინე და საბოლოოდ “წიგნიბუსი” ვუწოდე. ვფიქრობ, რომ მრავალფუნქციური ნივთი შევქმენი, რომლის ძირითადი დანიშნულება წიგნის პროპაგანდაა. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში იგი ლაგოდეხის რაიონის სოფლებს მოემსახურება და სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციას შეითავსებს. მოგეხსენებათ, დღეს რეგიონებში ბიბილიოთეკების სისტემა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა. რამდენადაც ვიცი, მთელს საქართველოში წიგნის მაღაზიები მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, ქუთაისშიც კი არ არის. არადა, მოსახლეობა დანატრებულია წიგნს. ჩვენში ესმოდათ წიგნის ფასი. საქართველოში ყველაზე ღარიბ ოჯახშიც რომ შესულიყავით, წიგნისთვის განკუთვნილ პატარა კუთხეს მაინც ნახავდით. ახლაც კი მახსოვს ამ წიგნების სპეციფიური სუნი. დღეს ადამიანები წიგნს ვეღარ ყიდულობენ და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ გაწყდეს მკითხველის კავშირი წიგნთან, ლიტერატურასთან. ამ შემთხვევაში წიგნიბუსს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება: ჩაალაგებ სპეციალურ ვაგონში 1000-დან 1500-მდე წიგნს და ნებისმიერ, ყველაზე მიყრუებულ სოფელსაც კი მიაკითხავ. მას თავისი ბიბლიოთეკარი ეყოლება, რომელიც იქვე ჩაწერს მსურველებ, გაატანს წიგნებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიაკითხავს და ჩაიბარებს.
    – წიგნიბუსის მრავალფუნქციონალურობა ახსენეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმებით შეიძლება მისი გამოყენება?
    – წიგნიბუსი არის მისაბმელი ვაგონი, რომელშიც დამონტაჟებულია თაროები და განათება. დანარჩენი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მოარული წიგნის მაღაზია და სხვათა შორის, ლაგოდეხში წასვლამდე სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. მოგეხსენებათ, 26 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ იქ მისვლას, სწორედ ჩვენი წიგნიბუსი დაეხმარება. იგი თბილისის სხვადასხვა უბანში ივლის და მოსახლეობას ადგილზე მისცემს სასურველი გამოცემის შეძენის საშუალებას. მოკლედ, ეს იქნება წიგნის ბაზრობის მოძრავი ფილიალი. ერთი სიტყვით, გაჩნდა წიგნის პატარა სახლი თუ ქოხი – ბორბლებზე. ეს ქოხი მწერლებისთვის რეგიონებთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალებაა. შეუძლიათ თავიანთი ახალგამოცემული წიგნების პრეზენტაცია არა მხოლოდ თბილისში, რაიონებსა და სოფლებშიც გამართონ. მერწმუნეთ, მოსახლეობაში არის ამის მოთხოვნილება. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში არსებობს წიგნის კულტურა, თუმცა მისი მატარებელი ძირითადად უფროსი თაობაა. ასეთი აქციები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იქნება და ხელს შუწყობს იმას, რომ მკითხველ თაობებს შორის ძაფი არ გაწყდეს.
    – თქვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. წლების წინათ თქვენ ზღაპრის თეატრი შექმენით, აკეთებდით საბავშვო ჩანართს “დილის გაზეთში,” როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესოა და ხარისხიანი დღევანდელ წიგნის ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურა?
    – სხვათა შორის, წიგნიბუსის და ზღაპრის თეატრის პრინციპი მსგავსია. ორივე მოარული ტიპისაა. 10 წლის წინათ, როდესაც საქართველოში ზღაპარი არავის აინტერესებდა და თოფების გრიალშო ცხოვრობდნენ, ჩვენი მსახიობები ჩანთაში ალაგებდნენ რეკვიზიტებს და სკოლებს და საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ. პატარა ადამიანებისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ზღაპარი. ამ 10 წელიწადში იმდენი ლიტერატურული მასალა დამიგროვდა, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც “დილის გაზეთმა” მისი გამოქვეყნების საშუალება მომცა. ჩვენი მასალა გაზეთის 19 ნომერს ეყო. შემდეგ პატარა ავტორებიც გამოჩნდნენ. სულ ზღაპრის გაზეთის 85 ნომერი გამოვიდა და “დილის გაზეთი” რომ არ დახურულიყო, ისიც განაგრძობდა არსებობას.
    – რა მოვლენაა თანამედროვე ზღაპარი და დარჩა თუ არა მისთვის ადგილი ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში?
    – გლობალურ-მსოფლმხედველობრივად რომ გიპასუხოთ, ზღაპარი კაცობრიობის მომავალია. გიგი თევზაძეს აქვს ძალზე საინტერესო წიგნი “ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა,” სადაც ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული თქვენი შეკითხვის პასუხი. იგი წერს, რომ ჩვენი ცივილიზაცია თავისი აზროვნებით ტექნოლოგიურია, ანუ სასრულია. ამ აზროვნების ფარგლებში კაცობრიობამ იცის, რომ სამყარო რაღაც წერტილიდან დაიწყო და სადღაც უნდა დასრულდეს. ხსნა, გამოსავალი სწორედ ზღაპარია. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის ზღაპარი, ცნობილი ვორონეჟელი მანიაკის შემთხვევა მახსენდება. ეს კაცი ადამიანებს კლავდა და ხარშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედამისი სასამართლოში მუშაობდა და პატარაობისას ზღაპრების ნაცვლად სასამართლოს საქმეებს უყვებოდა. ეს არის რეალური ფაქტი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ზღაპრის იგნორირებამ. სწორედ ზღაპარი ხდის ადამიანს ადამიანად.
    – თანამედროვე ზღაპარზე რას იტყვით?
    – ზღაპარი ყოველთვის იწერება. გასულ საუკუნესაც ჰყავდა თავისი დიდი მეზღაპრეები. საკმარისია ასტრიდ ლინდგრენი და მეთიუ ბარი გავიხსენოთ. ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაშიც კეთდება რაღაც-რაღაცეები, თუმცა, სასურველია ჩვენმა მწერლებმა უფრო მეტი წერონ ბავშვებისთვის.
    – თავად მწერლები აღიარებენ, რომ ბავშვებისთვის წერა ყველზე რთულია.
    – რასაკვირველია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი გამომცემლები მშვენიერ საბავშვო წიგნებს აკეთებენ, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალია, ფასები მთლად ხელმისაწვდომი არ არის – ეს საერთო ბაზრის კონიუნქტურაა, მაგრამ მშობელი, რომელსაც ესმის ზღაპრის და ფერადი ილუსტრაციის მნიშვნელობა, ყველაფერს მოიკლებს საბავშვო წიგნის შესაძენად.
    – თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვისაუბროთ. თქვენი, როგორც მკითხველის და შემფასებლის აზრი – სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
    – შესაძლოა მიკერძოებად ჩამეთვალოს, რადგან თავადაც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მწერლობა აქტიურია და ამ სფეროში ძირითადად პოზიტიური ამბები ხდება. მშვენიერი სტიმულატორია ისიც, რომ საგამომცემლო საქმე ამოქმედდა, წიგნის ბიზნესი დადგა ფეხზე, წიგნის ფესტივალი იმართება. სამივე თაობაში (პირობითად სამ თაობად დავყოფდი თანამედროვე მწერლობას – ჩვენი მამების, რომელნიც დღესაც წერენ და უკვე კლასიკოსებად მოიხსენიებიან, მათ შორის გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, ჩვენი და ჩვენი შვილების, რომელიც საკმაოდ სერიოზული თაობაა) ერთიანი პროცესი მიმდინარეობს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საინფორმაციო არხები გაიხსნა. იაპონურად ან ესპანურად დაწერილი კარგი ნაწარმოები ძალიან მალე აღწევს ჩვენამდე. საგრძნობლად გაიზარდა ინფორმაციის სისწრაფე. საბჭოთა პერიოდთან შედარებით ისეთი ნახტომია, როგორიც “პენტიუმ-1”-სა და “პენტიუმ-5”-შ შორის. მსოფლიო ლიტერატურის პულსაცია საქართველოშიც იგრძნობა და ბევრი რამით გამოიხატება. მაგალითად, გაჩნდა მიდრეკილება მეტი თავისუფლებისკენ, ფანტაზიისკენ.
    – “ფენტეზის” ჟანრს გულისხმობთ?
    – არა მხოლოდ ჟანრს, არამედ მასში არსებულ მსოფლმხედველობას. არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. არ ვიცი, ლიტერატურათმცოდნეები რას ეძახიან, მე “პენ-კლუბიზაციას” დავარქმევ. ეს გულისხმობს, რომ პენ-კლუბის მიერ დეკლარირებული პრინციპები მწერლებისთვის საყოველთაო და სავალდებულო ხდება. იგივე, პირობითად ვუწოდოთ “ტარანტინოზაცია,” ანუ ტარანტინოს ხედვა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებზე, არამედ მწერლებზე და ყველაზე მეტად, ახალგაზრდობაზე. ამავე დროს, მთელს მსოფლიოში ანტიკოსმოპოლიტური ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ხაზი ესმება იმას, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს უეროვნებო. იგი მიბმულია კონკრეტულ ენასთან, ამიტომ თითოეული ენის ღირებულება, იმის მიუხედავად, რამდენი კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე, ძალიან დიდია. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს კოსმოპოლიტი მწერალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ქართული ლიტერატურა კარგად მონაწილეობს. თვალს ვადევნებ თითქმის ყველაფერს, რაც დღეს იწერება და უმეტესობა მომწონს. არ მომწონს გარკვეული სნობიზმი, რაც ამას ახლავს. ვგულისხმობ მწერლების თავმომწონეობას ამ ყველაფრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტერატორები გარკვეულ პიარ-ჯგუფებს ქმნიან. ჩემთვის თავად მწერლის პრომოუშენის ფაქტი უკვე გამაღიზიანებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მწერალი ამისთვის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ განუწყვეტლივ ყვითელი პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანზეა. ვფიქრობ, თავად მასმედიაც სცოდავს, როდესაც მწერალს უკეთებს რეკლამას. ეს შეიძლება ესტრადის მომღერალს წაადგეს, მაგრამ მწერლის შემთხვევაში გამაღიზიანებელია. არ შეიძლება მწერალი გახდეს ტელეარხის სახე.
    – რამდენადაც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახალი წიგნი გამოდის.
    – ახალი არ არის. ესაა მცირე რომანი “ცოფი,” რომელსაც ბაკურ სულაკაური გამოსცემს “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის” სერიით. სულ ეს სერია 18 ტომად არის ჩაფიქრებული, ხუთი უკვე გამოიცა. “ცოფი” პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა “მნათობში”. მერე “მერანმა” გამოსცა 1996-ში. უკვე ის პერიოდი იყო, წიგნებისთვის რომ აღარავის ეცალა და მცირე ტირაჟით, 200 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლაც, პირველ ჯერზე 250 ცალი გამოდის, ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი.

    © “წიგნები _ 24 საათი”

  • რეცენზია

    ნუგზარ მუზაშვილი

    რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!

    1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “LINK”, 2004.

    “გავიბითურეთ სამშობლო,
    მართლაც სამოთხის სადარი.
    სხვა საქართველო კი არა,
    თვით საქართველო სად არი?!”

    ვ.კოტეტიშვილი

    1.

    ახალი წიგნების თვალიერება თუ გიყვართ, თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიის” უცნაურად ჭრელი გარეკანი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს სხვადასხვაფრად გადღაბნილი ლაქები სამხედრო კამუფლაჟი იყო.
    სტერეოტიპებს ყველგან და ყველაფერში შეიძლება გადააწყდეთ. ეტყობა, ლექსისა და უხეში სამხედრო ძალის სიმბოლოს ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ანდაზადქცეული ერთი მოარული გამოთქმაც ხომ არსებობს – როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო. მაგრამ ასე არ ყოფილა. როცა ქვემეხები ქუხან, მუზები კი არ დუმან, უბრალოდ, ატეხილ აურზაურში, მათი ხმა მხოლოდ კარგი სმენის პატრონებსღა ესმით.
    ანთოლოგია 1990 – 2004 წლებში დაწერილი ლექსებითაა შედგენილი და ალბათ, პირველ რიგში, იმ ცუდი სმენის პატრონებს მიემართებათ, რომელთაც ამ თოთხმეტწლიან ქაოსში, ძარცვა-გლეჯასა და კაცის კვლაში მუზების ხმა არათუ არ გაუგონიათ, მათი არსებობაც კი გადაავიწყდაათ.

    2.

    ანთოლოგია მნიშვნელოვანი წიგნია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს გახლავთ საერთოდ პირველი საავტორო ანთოლოგია ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. ანუ კრებულში შესული ავტორები და მათი ლექსები მთლიანად შემდგენლის გემოვნებითაა შერჩეული. ეს ის თემაა, რომელზედაც იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, რამდენი პოეზიის მოყვარულიც არსებობს ამქვეყნად. ამიტომ ზედმეტი დავა და წვრილმანი კირკიტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ანთოლოგია ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ავტორმა შემოგვთავაზა.
    კრებული იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უკანასკნელი საბედისწერო თოთხმეტი წლის განმავლობაში მწირ ლიტერატურულ პრესასა და ავტორთა მცირეტირაჟიან კრებულებში მიმოფანტული და ტონობით მაკულატურაში ჩამხრჩვალი ლექსები კვლავ გამოაქვს დღის სინათლეზე და სიცოცხლეს უბრუნებს.
    თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
    ის, რის გამოც მართლაც ღირს ამ ანთოლოგიაზე სპეციალური ფიქრი და საუბარი, სულ სხვა, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც თანაბრად ეხებათ როგორც პოეტებს, ისე მათ მკითხველებსაც.
    საქმე ის გახლავთ, რომ გასულ საუკუნეში მრავალთა მიერ მრავალგზის სიამაყით გამეორებული აზრი – საქართველო პოეტების ქვეყანააო, – სრულიადაც არ იყო გადაჭარბებული. მართალია, არ ვიცი, საამაყო რა იყო ამაში, მაგრამ საქართველო არა მარტო პოეტების ქვეყანა გახლდათ, მისი უგვირგვინო მეფეებიც პოეტები იყვნენ. პოეტები განსაზღვრავდნენ ჩვენს ფასეულობებს, ოცნებებს, მთლიანად ჩვენს ცნობიერებას. ელვის სისწრაფით იყიდებოდა უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული პოეტური კრებულები, რაც ევროპის ყველაზე სერიოზული კულტურის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებსაც კი ძალიან აოცებდათ. მაგრამ ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე რაღაც ძალზე უცნაური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება მისი ბოლომდე გაცნობიერება უმრავლესობას გაუჭირდეს კიდეც.
    მალხაზ ხარბედიას თქმით, “წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გალაკტიონის სიტყვით, “საქართველომ პოეტისაგან და პოეტმა საქართველოსგან ისესხა მანერა საუბრის, მანერა სულის დაქანების, მანერა ბრძოლის”, როცა საქართველო ისისხლხორცებდა “პოეტის გემოვნებას, მის ჩვეულებებს, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს”.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ თოთხმეტ წელიწადში პოეტსა და საქართველოს შორის განხეთქილება მოხდა. პოეტმა და მისმა სიტყვამ დაკარგა ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მას ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ეკავა ქართულ კულტურულ სივრცეში. უცნაურია, მაგრამ ძალზე მყიფე აღმოჩნდა ის, რაც უმტკიცესი გვეგონა. მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხელის ერთი დაკვრით, ყოველგვარი ძალა და გავლენა დაკარგა იმ სპეციფიკურმა ქართულმა პოეტურმა დისკურსმა, რომლის შედევრებსაც ქმნიდნენ თავის დროზე მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე…
    ამ გასაოცარი გადატრიალების, ამ ეპოქალური მეტამორფოზის მიზეზები ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენებში უნდა ვეძებოთ. ანთოლოგიამ ეს ყველაფერი სარკესავით აირეკლა.

    3.

    “გამოვიარე დრო უჟამური,
    ცეცხლში გაჰქონდა წიგნებს ბრიალი,
    მიწას არ ერქვა უკვე მამული
    და ძეხორციელს – ადამიანი”

    a. სულაკაური

    სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ იმ დროს გამოცემული პოეტური კრებულების მხატვრებს აზრადაც არ მოსდიოდათ სამხედრო სიმბოლიკა წიგნის გარეკანზეც გაეტანათ. იმიტომ რომ, ის ომი, მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და ჩვენგან გაღებული დიდი მსხვერპლისა, მაინც არ იყო ჩვენი ომი.
    ის სხვათა ომი იყო.
    იმ ხალხების ომი იყო, რომელთა წიაღში მიმდინარე პროცესები მთელ მსოფლიოზე ახდენენ ხოლმე ზეგავლენას.
    ჩვენი ომი მხოლოდ ჩვენია. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ვფიქრობ, მხოლოდ ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ომი, რადგან იგი საქართველის დამოუკიდებლობიდან დაიბადა.
    ამქვეყნად, ისევე როგორც ყველა ომს, ჩვენსასაც ორი მხარე აღმოაჩნდა. საქართველოში ჯერ ხილულმა ომმა იფეთქა მთელი თავისი ქაოტურობით, უთავბოლობით, ყოყოჩობით, ღალატით, ძარცვა-გლეჯით, დარდიმანდობით, უბადრუკობითა და მარცხით, რამაც სასტიკი სიცხადით დაგვანახა, რომ ომი ჯერ საკუთარ თავთან უნდა გაგვემართა, ჯერ შინაგანი, უხილავი ომი უნდა გადაგვეხადა, რადგან მხოლოდ ამ ომში მიღწეული გამარჯვების შემდეგ შეიძლება ხილულ ომებში გამარჯვება. მაგრამ ქვეყანამ ეს არ იცოდა, არავინ არ იცოდა, წარმოდგენა არავის ჰქონდა, სინამდვილეში როგორი იყო.
    მე–20 საუკუნის მიწურულს მოულოდნელად საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილმა საქართველომ იგრძნო, რომ ქართული კულტურა და განსაკუთრებით მისი ხერხემალი – ქართული პოეზია, ძირითადად ცრუ იმედებითა და ილუზიებით კვებავდა. ქართული პოეტური დისკურსისათვის დამახასიათებელი “რომანტიკული პატრიოტიზმი” (გ. ქიქოძე), თვითგანდიდება, ნარცისიზმში გადაზრდილი ყოველივე ქართულის წრეგადასული ხოტბა-დიდება, ცუდად დამთავრდა როგორც ქვეყნის, ისე მისი პოეზიისთვის.
    თავისუფლებამ, როგორც მას ეს სჩვევია, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში ფესვგადგმული ამგვარი წარმოდგენების რეალურობა შეამოწმა.
    შედეგი?
    ქვა ქვაზე აღარ დარჩა.
    ეს იყო უდიდესი იმედის გაცრუება, უდიდესი კატასტროფა.
    ეს განცდა დაედო საფუძვლად მანამდე წარმოუდგენელ აქტს – ვერის ბაღში, სადღაც ჭადრაკის სასახლის სიახლოვეს, ხალხმა ქართველი მწერლებისა და პოეტების წიგნები დაწვა.
    ამ ბარბაროსულმა სცენამ ტელევიზორის ეკრანებზეც გაიელვა. იწვოდა მანამდე ამავე ხალხის მიერ თითქმის ღმერთკაცებად და ღმერთქალებად შერაცხილი ადამიანების წიგნები. და თუკი განვლილი თოთხმეტი წლის უბედურებამ ოდნავ მაინც გვასწავლა რამე, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად ამ აქტის მთელი ვანდალიზმისა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
    ეს იყო დასასრული.
    ხილულად თუ დიადი საბჭოეთი ინგრეოდა, უხილავად ჩვენს კულტურულ სივრცეში ქართული პოეზიის ჰიპერბოლიზებული დისკურსის ერთპიროვნული ბატონობა ითვლიდა უკანასკნელ დღეებს. საქართველომ უარი თქვა პოეტის ალერსის, მისი სასიყვარულო სიტყვების შესისხლხორცებაზე. რაც გასულ საუკუნეში ტრადიციული პოეზიის პათეტიკური ენის დამცველებს არაპოეტურად თუ არაქართულად მიაჩნდათ, დღეს სწორედ ის გახდა წარმმართველი.

    4.

    ახალ დროებას ყველაზე მეტი ტკივილი, ცხადია, იმ თაობის პოეტებისთვის უნდა მიეყენებინა, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიედ, მთელი თავისი არაორდინალური ნიჭი ჩვენში გაბატონებული პოეტური დისკურსის ძალისა და გავლენის გამყარება-გაძლიერებას შეალიეს.
    თავის დროზე ვისი გული არ შეუძრავს ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ქმნილებებს? ჩვენში ვის შეუძლია თქვას, რომ მის ცნობიერებაზე არასდროს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ პოეტების ხშირად მართლაც ჯადოქრულ სტრიქონებს? პოეტური სიტყვის დამფასებლებს დღესაც გვახსოვს და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება მათი არა ერთი და ორი ლექსი, მაგრამ ახალმა დროებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
    “ნელი სათქმელია, ვინ როგორ გაიცნობიერა ამ კატასტროფის მიზეზები, მაგრამ ანთოლოგიაში შესული უფროსი თაობის პოეტების ლექსებში აშკარად იგრძნობა დაბნეულობა, ტკივილი, გამწარებული სიბერისა და მოახლოებული სიკვდილის მწარე განცდა. ყველაზე უკეთ ეს ყველაფერი და ისიც, რისი მოხელთებაც ასე ძნელია პოეტურ ქმნილებაში, გრიგოლ აბაშიძემ გამოხატა თავის შედევრში “არყოფნისაკენ!”, რომელიც მხცოვანმა პოეტმა სწორედ გარდაცვალების წელს შექმნა.

    5.

    “ვერ გავფრინდები თუ სრულიად არ უარგყავი,
    ოთახის კედლებს ვერ გასცდება ჩემი ღავღავი…”

    გ. ალხაზიშვილი

    თავის დროზე ქართულ კულტურას შეეძლო მიეღო დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელი თვითრეფლექსიის დაუძლეველი სურვილი, თვით ყველაზე უსიამოვნო სიმართლისათვის თვალის გასწორების შინაგანი მზაობა. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამგვარ მზაობას თავისი სივრცე გააჩნდა, უკვე მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან, იგი ცეცხლითა და მახვილით იდევნება კულტურიდან. სწორედ ამ დროიდან იწყება საკმაოდ უცნაური სიმბიოზის ჩამოყალიბება – ჩვენებური ნარცისიზმი სწრაფად სინთეზირდება საბჭოურ დისკურსთან და მთელ კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად ბატონდება.
    მაგრამ 60-იანი წლებიდან საკმაოდ სტიქიურად იწყება საპირისპირო პროცესი – ეროვნული შინაგანად ემიჯნება და უპირისპირდება საბჭოურ დისკურსს. ამიტომ 60-იანი წლები ქართული პოეზიისთვის (და არა მარტო მისთვის) თავისებური ოქროს ხანა იყო. პოეზიისა და პოეტების ზეგავლენამ ქართულ საზოგადოებაზე ამ დროს მართლაც აპოგეას მიაღწია. ეს იყო დრო, როცა საქართველო მართლაც ისისხლხორცებდა პოეტის გემოვნებას, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს. მაგრამ როგორც საზოგადოდ ალერსსა და სასიყვარულო სიტყვებს სჩვევია, ყოველივე ამან, სამწუხაროდ, მეტისმეტად არარაციონალური, მეტისმეტად თვითგანდიდებითი ფორმები მიიღო.
    საინტერესოა, რომ ამავე პერიოდის ქართულ კულტურაში აქა-იქ, ზოგჯერ საკმაოდ ძნელად საცნობი ფორმებით, თავს იჩენს შედარებით რაციონალისტური მცდელობანიც. მე მგონი, პოეზიაში ამ მოვლენამ თავი იჩინა, პირველ რიგში, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში გამოკვეთილი ირონიულ-პაროდიული ნაკადის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებას მაშინ არავითარი განსაკუთრებული ხმაური არ გამოუწვევია. ეტყობა, ეს ამბავი განიხილებოდა როგორც რაღაც ასატანი პოეტური უცნაურობა, როგორც თავისებური პოეტური იუმორი, პლუს სხვადასხვა ვერსიფიკაციული ორიგინალობები, რაც გაბატონებულ დისკურსს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
    სამაგიეროდ, ქართულ პოეზიაში რომანტიკული პატრიოტიზმის ადეპტები მართლა ძალიან გააღიზიანა ოდნავ მოგვიანებით გამოჩენილმა ბესიკ ხარანაულისა და ლია სტურუას შემოქმედებამ. ვერლიბრი ქართული პოეზიისთვის უცხო, მიუღებელ და დასაგმობ მოვლენად გამოცხადდა.
    სხვათა შორის, 70-იანი წლებიდანვე კომპარტიის ახალი ხელმძღვანელი ძალზე ენერგიულად იწყებს ეროვნული და საბჭოთა დისკურსების ხელახალი დაახლოებისა და ახალი სიმბიოზის შექმნისათვის ბრძოლას. ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, ცხადია, მატერიალურად მეტად მომგებიანი იყო და ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას. ბედის ირონია თუ კანონზომიერება კი ის გახლავთ, რომ უხვად კომპენსირებადი ეს ტვირთი ძირითადად ისევ რომანტიკოსმა პატრიოტებმა ზიდეს. მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი სერიოზული პოეტი, ვისაც ნამდვილად სჯეროდა ხსენებული სინთეზის საჭიროება და აუცილებლობა, შოთა ნიშნიანიძე იყო. მას შეეძლო თანაბრად ძლიერი ლექსები შეექმნა როგორც კომუნისტურ, ისე ეროვნულ თემატიკაზე და დიდი ზეგავლენა მოხდინა ადამიანებზე.
    ასეთ ვითარებაში თავისუფალი ლექსი მართლაც მეტისმეტად უცხო და მიუღებელ ფორმად უნდა გამოჩენილიყო როგორც ეროვნული, ისე კომუნისტური დისკურსებისათვის. სინამდვილეში ვერლიბრი ერთსაც უქნიდა საშიშროებას და მეორესაც, რადგან ეს გახლავთ ფორმა, რომელიც სწორედ თავისი არაპათეტიკურობით, დამიწებულობითა და თვითრეფლექსიისაკენ გამუდმებული სწრაფვით ხასათდება.

    6.

    “რა ფასად გავყიდო ლექსი,
    რომელსაც თითები ოდნავ რომ მოვუჭირო,
    სისხლი გამოუვა ჩემი”

    რ. კაიშაური

    ქართულ პოეზიაში რაციონალიზმის ნაკადი მხოლოდ ირონიულ- პაროდიული სტილისტიკითა და ვერლიბრის ფორმით არ გამოვლენილა. თავად 60-იანელთა წიაღში, მიხეილ ქვლივიძის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, დავით წერედიანისა და სხვა ნიჭიერი პოეტების შემოქმედებაში ტრადიციული მოტივების გვერდით თავს იჩენს ერთგვარი ინტელექტუალური ლექსი. მაგრამ ძირითადად კონვენციური ლექსის ფორმით გამოხატული, მოაზროვნე ადამიანისათვის დამახასიათებელი რთული განცდებისა და ასოციაციების სამყარო, ძალიან კარგ მკითხველს გულისხმობს, რაც ჩვენში უმრავლესობა არასოდეს ყოფილა. ამიტომ ასეთი ლექსი კამერულ მოვლენად რჩება.
    თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ისეთი პოეტებისთვის, როგორებიც არიან გივი ალხაზიშვილი, თედო ბექიშვილი, ჯარჯი ფხოველი, დავით მჭედლური და სხვები, სწორედ ამ კუთხით ემუშავათ და მრავალი საინტერესო მიგნებაც შეეთავაზებინათ მკითხველისათვის, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერლიბრის გარშემო ატეხილ აურზაურში ეს ყველაფერი თითქმის ყურადღების მიღმა დარჩა.
    იგივე შეიძლება ითქვას იმ თაობაზე, რომელსაც მამუკა სალუქვაძე, თემურ ჩხეტიანი, ანდრო ბუაჩიძე, ნუგზარ ზაზანაშვილი, რუსუდან კაიშაური, ზაზა თვარაძე, ელა გოჩიაშვილი და სხვები წარმოადგენენ.
    ეს გარემოება გულდასაწყვეტი კია, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ არის. რომანტიკული პატრიოტიზმითა და პათეტიკით გაჯერებულ კულტურულ სივრცეში, რეფლექსიის მძაფრი სურვილით განმსჭვალული, მაგრამ თავისი ფორმით ძირითადად კონვენციური ლექსი, ცხადია, უღიმღამო მოვლენად უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მასებს ვერც აღაფრთოვანებდა და ვერც აღაშფოთებდა. მაგრამ ვინა თქვა, რომ მე-20 საუკუნეში მაინცდამაინც ის არის კარგი ლექსი, რომელსაც მასები მღერიან? დასავლეთში პოეტმა დიდი ხნის წინ დაკარგა სახალხო ტრიბუნისა თუ ტრუბადურის ფუნქცია, სერიოზული პოეზია განწირულია ყოველთვის კამერულ მოვლენად დარჩეს.
    მაგრამ ჩვენი 70-იანელებისა თუ 80-იანელების კამერულობა მხოლოდ მათი პოეზიის სიღრმესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ისინი ჯერ პატრიოტული ლირიკის მგზნებარებით შექმნილი მაღალი ძაბვის ფონზე ჩანდნენ ზედმეტად ცივები, ხოლო მოგვიანებით თავისუფალი ლექსის აშკარად გამოხატული “არაპოეტური” ფორმებით გამოწვეულ ხმაურსა და აყალმაყალში გამოჩნდნენ ნაკლებად გამაღიზიანებლები.
    შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ტიპიური ქართული გაუგებრობა, როცა რაიმე მოვლენის ფასეულობა მოწმდება არა მის არსში წვდომით, არამედ მისგან გამოწვეული ხმაურის კოეფიციენტით. დრო ყველაფერს უკეთესად დაალაგებს.

    7.

    “აქა ვდგავარ
    და სხვაგვარადაც ძალმიძს.”

    ჯ. ტიკარაძე

    ანთოლოგიიდან კარგად ჩანს, რომ თავისუფლებამ ნიჭიერსაც და უნიჭოსაც დააკარგვინა წაკითხვის ღირსი და თვალებში ნაცრის შემყრელი მგზნებარე პატრიოტული ლექსების წერის ხალისი.
    მაგრამ ანთოლოგიიდან ისიც კარგად ჩანს, რომ სწორედ თავისუფლებამა და მასთან დაკავშირებულმა რადიკალურმა კულტურულმა გადატრიალებამ აქამდე უპირველესი მნიშვნელობის ქართული პოეზია კამერულ მოვლენად აქცია. დღეს კამერულად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტიპის ლექსი. ახლა თუ რამე იწერება, პროფესიონალი ლიტერატორების წრეს იშვიათად სცილდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ტრაგედია. რასაკვირველია, მომავალში მკითხველი მოიმატებს, მაგრამ, არა მგონია, ოდესმე პოეტობა ისევ სარფიან საქმედ, ხოლო პოეზია საერთო-საყოველთაო მოვლენად იქცეს. გასაგებია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საერთო-საყოველთაო ხდება სატელევიზიო ტაშ-ფანდურა, იგივე შოუ, ლუდი “ყაზბეგი” ან კბილის პასტა “ქოლგეიტი”, მაგრამ რატომ უნდა იყოს მასობრივი პოეზია?!
    დღეს მორალისტები ბევრს წუწუნებენ პოეზიაში მომრავლებულ სკაბრეზულ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე. ნაწილობრივ ეს ანთოლოგიაშიც აისახა, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია. რაც უფრო ზეაწეული და პათეტიკური იყო ჩვენში დაფასებული პოეზიის ენა, რაც უფრო ფარისევლური იქნება ჩვენებური ობივატელის მორალი, მით უფრო დამიწებულ და ვულგარულ ენაზეც კი იმეტყველებს თანამედროვე პოეტთა უმრავლესობა, მაგრამ ეს გარდამავალი მოვლენაა.
    ირონიულ-პაროდიული ლირიკის პატრიარქი ტარიელ ჭანტურია კვლავაც გვანებივრებს თავისი ახალ-ახალი ქმნილებებით, მაგრამ მისი სტილისტიკა მართლაც უკიდურესობამდე მიიყვანა კოტე ყუბანეიშვილმა. მისთვის დამახასიათებელი მაგარ-მაგარი გამოთქმების, “კოტესტროფების”, “კოტეკლიზმებისა” და ერთობ არტისტული საჯარო გამოსვლების გამოისობით, დღეს იგი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოეტადაც ჩაითვალოს.
    მაგრამ ირონიულ-პაროდიული სტილისტიკა ვითარდება არა მარტო “სივრცეში”, არამედ “სიღრმეშიც”. ამ უკანასკნელის კარგი ნიმუში მგონია ჯუანშერ ტიკარაძის “ბებერი ჭრიჭინას სენტენციები”.

    8.

    “თუ მართლა გიყვარდა, დამარხე.
    თუ მართლა გიყვარდა, ნუღარ ამოთხრი”.

    ელა გოჩიაშვილი

    ანთოლოგია გვიდასტურებს, რომ დღეს საქართველოში ვერლიბრის ნამდვილი ბუმია. ცხადია, ზოგს გამოსდის, ზოგსაც – ვერა, მაგრამ ახლა თავისუფალ ლექსს წერს ყველა ან თითქმის ყველა. ასე რომ, ბესიკ ხარანაული ლამის საკულტო ფიგურად იქცა.
    როგორც ჩანს, ახალ პოეზიაში იმდენად მძაფრია წარსულთან გამიჯვნის სურვილი, რომ კონვენციური ლექსის წერა ძველმოდურობადაც კი აღიქმება, ხოლო მისი საკმაოდ რთული ტექნიკის ათვისება – ზედმეტ გარჯად. ეს ამბავი ძალიან ჰგავს ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებას, რადგან გარდა იმისა, რომ კონვენციურ ლექსს ნამდვილად არაფერი დაუშავებია, არც მისი შესაძლებობებია ალბათ ბოლომდე ამოწურული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მომავალში კიდევ რა მოხდება, ეგ ღმერთმა იცის.
    თუმცა თავისუფალი ლექსის პოპუlარობის ასეთი არნახული ზრდის უმთავრესი მიზეზი ძნელი დასანახი არ არის. განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ჩვენს კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად გაბატონებული დისკურსისათვის დამახასიათებელი აშკარად ჰიპერბოლიზებული პიეტეტი ყოველივე ქართულისადმი და აქედან შობილი ნარცისიზმი, სამშობლოს მზნებარე სიყვარულით ვერ გამართლდება. სამშობლო მხოლოდ იმათ არ უყვართ, ვინც ამ გრძნობის სისტემატურ დეკლამირებასა და აფიშირებას ახდენს. ჩვენი კულტურის ამგვარი ტრაგიკული ცალმხრივობის მიზეზების კვლევა სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა ერთი რამ აქვე შეიძლება ითქვას: ცალმხრივობა რაციონალიზმისა და, საერთოდ, რეფლექსიის სასტიკი დეფიციტის პირობებში გახდა შესაძლებელი. მაგრამ თავისუფლება ვერავითარ ცალმხრივობას ვერ იტანს და მით უფრო ასეთ ფუნდამენტურ საქმეში. არ ვიცი, ამას ვინ როგორ იცნობიერებს, მაგრამ დღეს სწორედ ამიტომ გახდა უმთავრესი რეფლექსია ანუ ის, რაც ასე ძალიან გვაკლდა.
    მათ შორის, პოეზიაშიც.
    თავისუფალი ლექსი კი თითქოს სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი, თავისი არალოზუნგურობით, თავისი თხრობითი კილოთი, თავისი “არაპოეტური” თემებით. თავისუფალი ლექსის თემა შეიძლება გახდეს როგორც კარტოფილის ამოღება (ბესიკ ხარანაული), ასევე, ვთქვათ, ყოვლად ჩვეულებრივი კოვზები (ნუგზარ ზაზანაშვილი) ან მეტეოროლოგიის გამიჯვნა პოეზიისაგან (შოთა იათაშვილი) თავისი შესანიშნავი შედეგებითურთ.
    ერთი სიტყვით, ქართულ პოეზიაში დღეს სწორედ იმ ლექსის გამარჯვებას ვხედავთ, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ვაი-ვიშითა და წვერთაგლეჯით იწუნებდნენ ჩვენებური ნარცისიზმის ადეპტები.
    არადა ერთ რამეში მართლები აღმოჩნდნენ: სანთლითაც რომ ეძებოთ, ვერც ნინო დარბაისელთან, ვერც მაია სარიშვილთან ან ზვიად რატიანთან, ვერც გიორგი ლობჟანიძესთან ან ლელა სამნიაშვილთან ერთ სტრიქონსაც ვერ იპოვით, თავმოყვარე თამადამ რომ გამოიყენოს სადღეგრძელოს გზნების ასაწევად და სუფრის წევრთა გულების ასაჩქროლებლად.
    მაგრამ ეს თამადების პრობლემაა.
    სხვამხრივ ყველაფერი რიგზეა.
    ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მალხაზ ხარბედიას საავტორო ანთოლოგიაში ჩაიხედოს.

    © “წიგნები _ 24 საათი”

  • რეცენზია

    რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!

    1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “LINK”, 2004.

    “გავიბითურეთ სამშობლო,
    მართლაც სამოთხის სადარი.
    სხვა საქართველო კი არა,
    თვით საქართველო სად არი?!”

    ვ. კოტეტიშვილი