• პროზა

    ბესო ხვედელიძე

    რუსთაველი შოთა

    დეზერტირების ბაზრის ხსოვნას

    გამომცემლობაში შოთას დახვდა ბევრი შეუხედავი ქალი, არცერთი მამაკაცი, უჯრებიანი მაგიდები, ზედ კომპიუტერები და კომპიუტერებთან კაქტუსები. “მაღალ მთიანეთში დღემდე შემორჩენილი წარმართული კულტურის ნიმუშები, მათ შორის ფალოსის კულტის ნაშთები…” – უცაბედად მოუფრიალდა შოთას თავში ამდენი კაქტუსის შემხედვარეს სადღაც ამოკითხულის დაუსრულებელი ნაკუწი და ძალიან სხვაგან რომ არ გაეტია ფიქრით, უბრალოდ ხმამაღლა თქვა:
    -უფროსი მანახეთ. სალამი!
    უწესრიგოდ აწრიალდნენ შეუხედავი ქალები – ზოგმა თავზე გადაისვა ხელი, რამდენიმემ ფარდა გაასწორა, ორი მათგანიც დიდი ოთახიდან კიდევ უფრო იქით გამავალ თეთრ კარში შეიძურწა, უმეტესობა კი ფეხზე დადგა. შოთაც იდგა დასტით ხელში და პასუხს მორჩილად ელოდა. პასუხივით იყო – თეთრი კარი რომ გაიღო და იქიდან გამოსძახეს: “აქეთ მობრძანდით…”
    შევიდა თუ არა, ორი ბუზანკალივით ქალი გავის ბრეცვით გაშპა ოთახიდან და გამომცემელს შოთა ერთი-ერთზე შერჩა.
    შეხედა თუ არა თვალებში, აშკარად დაინახა შოთამ (და არა მიხვდა), თუ რა სიშლეგით რბიოდნენ გამომცემლის თავში სიტყვები: “საგადასახადო”, “სანეპიდსადგური”, “ფინ-პოლიცია” და “ინსპექცია”, მაგრამ მაინც თვალის მალი ფახულით განიდევნა ეს უხერხული ხედვითი შეგრძნება და დასტა მაგიდაზე დაასვენა:
    -მოთხრობებია, წიგნად მინდა შევკრა… – თქვა და მერეღა ჩამოართვა გამომცემელს ხელი.
    -ვისი? – ოთხასოიანი კითხვა ისეთი დანაწევრებით ამოთქვა გამომცემელმა, თითქოსდა წელიწადის ოთხ დროს მყისიერად და ველურად გაეშლიგინა მის სხეულში.
    -ჩემი.
    გამომცემლის ხელისგულიდან სწრაფად გადმონაწილებულმა ბიო-იმპულსებმა შოთას მაშინვე აგრძნობინეს, რომ ზემოთგაჟღერებული ფრაზის გამო გამომცემლის თვალში ერთბაშად დამცირდა, თუმცა არც ეს შეგრძნება გაუჩერებია დიდხანს თავისთან. გამომცემელმა აქტიურობა იწყო – შოთა კი იდგა და განაჩენივით რაღაცას ელოდა.

    ***
    – მე ქალაქ რუსთავში, მეტალურგების დასახლებაში, ცხრასართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, დასა და დისშვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენი მშობლები წარჩინებული მეტალურგები იყვნენ და ეს ბინა თავის დროზე სამსახურიდან მიიღეს. ჩვეულებრივი ოროთახიანია – “ხრუშჩოვკას” რომ ეძახიან. ჩემ დას ქმარი აფხაზეთში დაეღუპა. კაი ბიჭი იყო ვალოდა. მაღალი და ხმელი. პროფესიით – მღებავი. თავისი საქმე ხუთიანზე იცოდა და გულიანი სიცილიც კარგად გამოსდიოდა. ერთი ბიძინა დარჩათ, რომელიც ახლა თხუთმეტი წლისაა და ძალიან უნდა, რომ გამოვიდეს ფეხბურთელი, თან ძალიან მაგარი ფეხბურთელი, ყველაზე ცოტა – ლიტმანენივით მაინც, ამიტომ დილიდან დაღამებამდე ვარჯიშზეა. აქვე დადის – “აზოტის” გვერდით მდებარე სტადიონზე გახსნილ სექციაში. პირდებიან, რომ მალე დიდი გუნდის სარეზერვოში გადაიყვანენ და ჩვენც იმედის თვალით შევყურებთ ბიძინას. სახლში მუდამ დაღლილი და მოშიებული ბრუნდება. დამ კაი კერძები იცის. ყოფილი პროფკავშირების საერთო სასადილოს სამზარეულოშიი მუშაობს და იქიდანაც ამოაქვს ხოლმე თავისი კუთვნილი საჭმლის წილი. მე კიდევ ყოველ დილით თბილისში მიწევს გამგზავრება. დეზერტირების ბაზარში, უკანა მხარეს რომ ოთახებია, იქ ვარ – სკამიც მიდგას და საკანცელარიო მაგიდაც. ერთი შეხედვით იოლი და ადვილი სამსახური მაქვს: ბაზარში გასაყიდად გასატან უთავფეხო, გაპუტულ ქათმებს ვარტყამ ფერდზე რიგრიგობით ბეჭედს. მერე აღვრიცხავ და ჟურნალში ვატარებ. ესაა მთელი ჩემი იქაური საქმე და ზუსტად ამაში მიხდიან ჯამაგირს, თუმცა მაინც ვგრძნობ, რომ ჩემი მოწოდება სულ სხვაა. ამას აქამდეც სულ ვგრძნობდი, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობდი – ახლა კი დანამდვილებით ვიცი. ზუსტად რომ მივმხდარიყავი, ამაში ჩემი და დამეხმარა: მან ჩემს ნაწერებს მიაგნო და წაიკითხა. მხოლოდ წაკითხვა იყოს, კიდევ რა უჭირს: თან მოიწონა და მირჩია – წიგნად შემეკრა, ანუ გამომეცა.
    თავიდან ძალიან დავფრთხი. მაგ მიმართულებით არასდროს მეფიქრა. სამი საათი რომ მეჩიჩინა, მერეღა დავფიქრდი.
    ბოლოს დამარწმუნა.
    ნაკითხი გოგოა ჩემი და. ბავშვობიდან ეგეთი იყო – აქაურ ბიბლიოთეკაში ჩაწერილი. სულ წიგნებში ჰქონდა ცხვირი ჩარგული და მეც გადმომდო. ჰოდა, მეც რაღა დამრჩენოდა – ჩავიძირე და ჩავიძირე.

    ***
    გამომცემლებთან იქამდე აბა საიდან ექნებოდა საქმე… ეს ვიღაც ეგეთი კი თან წეროს ჰგავდა: წაწვეტებული ჰქონდა სახე მეტისმეტად და ორპირში აფრიალებული თაბახის ფურცელივის ფარატინა და მსუბუქი იყო, და თან კიდევ – ბუს – სათვალე ეკეთა სქლად მოჩარჩოებული და სქელშუშიანი.
    “მიფრინავენ ფრინველები შორს…” – გაახსენდა შოთას უნებურად, თუმცა მაშინვე მოთოკა, ანუ შიდვე დაიგუბა მღვრიე ფიქრთ-წანწკარი და სპეციალურად სულ სხვა გაიფიქრა, ტელევიზორიდან გამოყოლილი: “ბიო-ორნიტოლოგიურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ წერო და ბუ ყველაზე ჭკვიანი ფრინველებია ფრინველთა შორის… სადღაც ბრძენებიც კი…”
    გამომცემელს კი ნატიფთითება ხელები პედანტური სიზუსტით გაუთოებული შარვლის ჯიბეებში ეწყო და სამ კვადრატულ არშინ ფართში უთავბოლოდ წრიალებდა – თან ისე კრიახებდა, თითქოს მის წინ ბარემ მინიმუმ თორმეტი კაცი მსხდარ-მდგარიყო ყურდაცქვეტილი და პირ-თვალ-დაჭყეტილი.
    “მოთხრობებია, წიგნად მინდა შევკრა”, – დაუდო შოთამ კაბინეტში შესვლისთანავე ორი თითის სიმსხო თაბახის ფურცლების დასტა პრიალა მაგიდაზე, და მხოლოდ მერეღა ჩამოართვა კოჟრიანი ხელი.
    -ვისი?
    -ჩემი.
    გამომცემელმა ამის გაგონებაზე შოთას მეტად უცნაურად, თვალისმოწკურვით შემოხედა, ცოტა ხანს მზერაგაციებულმა უყურა, მერე დასტა აიღო, ჯერ თავფურცელს დახედა, ჩააცივდა, ბოლოს დასტას ცერა თითით ბანქოსავით კრეჭი უყო.
    -აქამდე არსად დაბეჭდილხართ… – ამოთქვა დარწმუნებით.
    -აბა სად?.. – თავი უარის ნიშნად გააქნია შოთამ და ბაზრის ქათმები გაახსენდა, აღრიცხვისას მელნიან ბეჭედს რომ ასვამდა ფრთასთან ახლოს.
    ქათმები მასთან უთავფეხონი მოდიოდნენ (მოჰქონდათ) – მხოლოდ ტანებით, შოთა კი აბეჭდავდა და აბეჭდავდა. თან ითვლიდა. ყველას რომ მოუვლიდა, გაქერცლილ ჟურნალში რაოდენობას აღნუსხავდა და უკან გაატანდა, მერეღა იცლიდა: გამოსწევდა ქვედა უჯრას, ამოიღებდა კალამს და წერდა. წერდა უბრალო ადამიანებზე, ვისთანაც კი ცხოვრებაში ჰქონდა საქმე, ვისაც იცნობდა და გულშემატკივრობდა. წერდა გაუქმებული ანგარიშფაქტურების უკანა გვერდებზე. გვერდებს რომაულად ნომრავდა. დაწერილს სახლში წაიღებდა, აგროვებდა – სადღაც თვის თავზე ყველას გადაიკითხავდა. რომელიც მოეწონებოდა – სტეპლერით შეკრავდა; დაწუნებული საპირფარეშოში შეჰქონდა. ბლომად რომ დაუგროვდა, სადღაც სამ კილომდე, დამ უთხრა:
    -წაიღე, შოთა, შეკარ წიგნად… მადლია.
    -შენ რა იცი მადლის? – გაღიზიანდა უცებ შოთა.
    დამ უყურა, უყურა და თქვა:
    -მადლისგანაა სიტყვა მადლობა.
    -დიდი ამბავი…
    -ჰოდა, მაშ დაატკბე, ვინც ეგ ნიჭი მოგცა და არ დაგამადლა.
    საღამოსკენ მოთხრობების გადარჩევა იწყეს. იქიდან ერთი კვირის თავზე კი, გამომცემლის წინ მდგომს, უცებ მოეჩვენა, რომ თავად იმ უთავფეხო ქათმებიდან ერთ-ერთი იყო, ანუ ცოტაც და მხარზე მელნისფრად ვარგისიანობის ბეჭედს დააბეჭდავდნენ, აღრიცხავდნენ, ჟურნალში გაატარებდნენ და გასაყიდად ბაზარზე გააგდებდნენ.
    -უნდა იცოდეთ, შოთა, რომ გამოცემლობის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არაფერში გვაწყობს საზოგადოებისთვის უცნობი ავტორების წიგნად ბეჭდვა?.. ასეთია საგამომცემლო თამაშის მთავარი წესი და კანონი…
    “საიდან უნდა ვიცოდე?” – შეეკითხა თავს შოთა, თქმით კი სულ სხვა თქვა:
    -იქნებ წაგეკითხათ მაინც…
    გამომცემელმა დამცინავად გაუღიმა.
    -თვით სრულყოფილება და გენიალურობაც რომ აღმოჩნდეს, შოთა, იმ ავტორის წიგნს, რომელსაც არავინ იცნობს, საგამომცემლო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამისად, არ ეყოლება მკითხველი… ანუ…
    -ვინ იცის…
    -სტატისტიკამ, ჩემო კარგო… – გაღიზიანდა გამომცემელი. – ბოლო-ბოლო ამ საქმეში ვართ ოცი წელია… იშვიათ გამონაკლისებზე აქცენტის გაკეთება კი ამ სიტუაციაში ფრიად სარისკოა… საერთოდ კი, ჯობს ჯერ პერიოდიკაში გამოქვეყნდეთ, გაგიცნოთ მკითხველმა, დაღვინდეთ, მერე გამოჩნდება – ღირს თუ არა, მოთხრობების წიგნად დასტამბვა… ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, თქვენ ჯერ არავინ არ ხართ…
    კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა.
    -და მთელი დეზერტირები ეყოფა? – იკითხა უცებ შოთამ.
    -რა ბრძანეთ? – შეკრთა გამომცემელი.
    -მთელმა დეზერტირებმა რომ იყიდონ…
    -ვიინ? – ძალიან დაბნეული იყო გამომცემელი.
    -დეზერტირებმა.
    -ჯარისკაცებმა?
    -ჯარისკაცებმა არა… – ჩაეცინა შოთას თავისთვის. – სადაა მაგდენი დეზერტირი… ბაზრის გამყიდვლებზე ვამბობ…
    -რატომ? – კვლავ ვერაფერს ხვდებოდა გამომცემელი.
    შოთამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
    -იქ ყველა მიცნობს.

    ***
    -სად მაქვს ნებისყოფა… არ მაქვს. რომ წამოვედი იმ ბუზანკლებიანი გამომცემლობიდან, ერთი პირობა ვფიქრობდი, მაგრად დავლევ, გავილეშები და ერთს ვიმღერებ-მეთქი. კი არ მინდოდა, მაგრამ ჯინაზე ვაპირებდი. ვის ჯინაზე? რავი – ასეთი ცხოვრების, ალბათ; ცხოვრების, სადაც ბევრი რამ წინასწარ გადაწყვეტილია ვიღაც ტვინშეშუპებულების მიერ, ანდა რაღა ბევრი – ბარემ ყველაფერი.
    წიგნად შესაკრავი მოთხრობების დასტა იღლიაში მქონდა ამოჩრილი და განიერ გამზირს მივუყვებოდი. ისიც ვიფიქრე – მდინარესთან ჩავალ, ამ ნაწერებისგან ქაღალდის გემებს გავაკეთებ და წყალს გავატან-მეთქი, მაგრამ ეგ აზრი არ მომეწონა. დამენანასავით მოთხრობები. მე შენ გეტყვი და – ხელახლა დავწერ იგივეს, ანდა მახსოვს რო აქ რა სწერია? წერა ჩემთვის რაღაცის მოშორებასავითაა – უფრო კორძის, ანდა გამოღებული ნაყოფის. მოკლედ, მსხმოიარე ხესავით ვარ, და როგორც ჩემი და ამბობს: მუდამ ორპირი მაქვს თავში.
    დეზერტირებში ავედი. ივანე ვნახე.
    -რაო, შოთა – გბეჭდამენ?
    ხელი ჩავიქნიე და დასტა მაგიდაზე დავაგდე. ივანესაც თავისებურად ჩაეცინა.
    ივანესაც ბეჭედი უჭირავს ჩემსავით, ოღონდ ის გოჭებსა ბეჭდავს. უცნაური კაცია ივანე. ვაქრისტიანებ ამ რჯულძაღლებსო – ამბობს გოჭზე ბეჭდის დარტყმისას. თან ღრმადმორწმუნეა და ყველაფერში, რაც კი ირგვლივ ხდება და ტრიალებს, უზენაესის ნებას ხედავს. “ეშმაკი გვაცდუნებს – ღმერთი გვსჯისო” – იცის ხოლმე დახეთქება, ისიც ყველაზე მოულოდნელ მომენტებში. ბეჭდის ყოველ დარტყმაზე “ამინ”-ს იძახის და საერთოდაც გულიანი კაცია.
    უნდა დავლიო-მეთქი და, მაშ რა ჯანდაბა უნდა ქნაო…
    თვითონვე ამოიღო ერთი ბოთლი არაყი მაგიდის ქვემოდან. მალე მოვრჩები და მეც შემოგეხიდებიო… შენ კიდევ, რა მექელეხესავით იყურები, წადი ხელები დაიბანე… იმათ უარი გითხრეს, დაიკიდე – მალევე მოგეშვებაო.
    -არც წაიკითხეს, ივან… არც დაიტოვეს… უკან გამომატანეს…
    -რათა?
    -შენო არავინ ხარო…
    -ერიჰა… ეგ რა სიტყვაა? – აიმრიზა ივანე.
    -ეგრე მითხრეს და…
    -რქები ჰქონდა?
    -არ დავკვირვებივარ…
    -მაშ ჩლიქები მაინც ექნებოდა… კაცმა ეგეთი როგორ უნდა გითხრას?! – ფეხზე წამოდგა ივანე და ჭუჭყიანი წინსაფარი შეიხსნა. – წამო, მანახე ერთი, ვინც ეგ გითხრა… მეც ვეტყვი სიტყვას…
    -კაი ახლა, ივან… დაჯე…
    -დაჯე კი არა, წამო-მეთქი!
    -გალსტუკი უკეთია, ივან…
    -დავკიდებ მაგ გალსტუკის ლურსმანზე… თან შევაქანავებ…
    -დაჯე ივან, დაჯე… სხვაგან მივალ…
    -სხვაგან… სხვაგანაც რო იგივე გითხრან?
    -კიდევ სხვაგან მივალ…
    -და იქაც რომა?
    -არ ყოფილა სამართალი ქვეყნად…
    -ეჰა… სადაური კაცი ხარ შენ შოთა, ჰა?
    -რუსთაველი.

    ***
    მარტო მივიდა ივანე ბუზანკლებიან გამომცემლობაში. ხელში არაფერი ეჭირა.
    გამომცემლობაში, შოთასი არ იყოს, ივანესაც დახვდა ისევ ბევრი შეუხედავი ქალი, არცერთი მამაკაცი, უჯრებიანი მაგიდები, ზედ კომპიუტერები, კომპიუტერებთან კაქტუსები. “მაღალ მთიანეთში დღემდე შემორჩენილი წარმართული კულტურის ნიმუშები – მათ შორის ფალოსის კულტის ნაშთები…” – სულ არ მოფრენია ივანეს თავში შოთასავით, არამედ ამდენი კაქტუსის შემხედვარეს უბრალოდ გაეფიქრა: “რამდენი ქალია ამქვეყნად, თლა ქალი რომ ვერ არი…” და შოთასავით ძალიან სხვაგან რომ არ გაეტია ფიქრით, უბრალოდ ხმამაღლა თქვა, ოღონდ სხვანაირად:
    -უფროსი მაიყვათ. ბარო!
    და მაინც ისევ უწესრიგოდ აწრიალდნენ შეუხედავი ქალები. ზოგმა კვლავ თავზე გადაისვა ხელი, რამდენიმემ ტრადიციულად ფარდა გაასწორა, ორნიც ისევ ამ დიდი ოთახიდან კიდევ უფრო იქით გამავალ თეთრ კარში შეიძურწნენ – უმეტესობა ისევ ფეხზე დადგა. ივანეც ჯიქურ იდგა და პასუხს ელოდა.
    კვლავ პასუხივით იყო – თეთრი კარი რომ გაიღო და იქიდან გამოსძახეს: “აქეთ მობრძანდით…”
    შეაბიჯა თუ არა, ორი ბუზანკალივით ქალი ძველებურად გაშპა ოთახიდან და ივანეც გამომცემელს ერთი-ერთზე შერჩა.
    შეხედა თუ არა თვალებში, აშკარად დაინახა ივანემ (და არა მიხვდა), თუ რა სიშლეგით რბიოდნენ გამომცემლის თავში სიტყვები: “ქურდები”, “შავები”, “პესპრედელი” და “კრიშა”. მაინც თვალის მალი ფახულით განიდევნა ივანემაც ეს უხერხული ხედვითი შეგრძნება და ხელისგული მაგიდაზე დაასვენა:
    -რუსთაველ შოთას იცნობ? – იკითხა და გამომცემლის გამოწვდილ ნაზ ხელისგულს ამრეზით დახედა.
    -რა ბრძანეთ? – დაიბნა გამომცემელი და ხელი უკან შიშით წაიღო.
    ივანემ პასუხად ჯიბიდან გოჭების საბეჭდი ბეჭედი ამოიღო და ზედ დააორთქლა. მერეღა თქვა:
    -რუსთაველ შოთას-მეთქი!
    გამომცემლის მზერამ ივანეს მაშინვე აგრძნობინა, რომ ზემოთთქმულის გამო გამომცემელი თვალისდახამხამებაში დამცირდა და დაკნინდა, თუმცა ეს შეგრძნება ივანეს თავისთან დიდხანს სულ არ გაუჩერებია.
    -დიდ რუსთველს ვინ არ იცნობს? – აბორგდა გამომცემელი ადგილზე და სქლად მოჩარჩოებული, დაორთქლილი სათვალის ზემოდან ტელეფონს გახედა.
    -ფინთ თვალისცეცებას მორჩი, ჯიგარო… – აიმრიზა ივანე და ბეჭედს კიდევ ერთხელ დააორთქლა. – და ეხლა ხელათ გაგადიდრუსთველებ…
    -რა ბრძანეთ? – სულ გადაფითრდა გამომცემელი და კარისკენ წაიწვდინა გრძელი კისერი. – ასმათ!! დარეჯან!! ფატი!! გადარეკეთ ახლავე პატრულში! – მხოლოდ ამის დაყვირებაღა მოასწრო, ვინაიდან დანარჩენი უცებ მოხდა – ივანემ ორი თითი ჩასჭიდა ყელში და მაღლა ასწია, მერე ბეჭედს კიდევ ერთხელ დააორთქლა და შუბლში გაუქანა.

    ***
    ივანეს ხულიგნობისთვის სამი თვე მისცეს. რა თქმა უნდა, ჩემი გულისთვის. დღემდე მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ და ეს სასამართლოზე არც დამიმალავს, მაგრამ ივანე მაინც არ დაინდეს. სამი თვეო……ბევრია რო? თან შუბლზე გოჭების ბეჭდის დასმისთვის… როგორც ივანემ პროცესზე თქვა – “გაქრისტიანებისთვის”… მე ეგეთებში ვერ ვერკვევი. აბა სად მე და სად სამართალი… ჰოდა, კი მიწევს ეს ბოლო ხანები “პერედაჩებით” სირბილი. თან ივანეს თხოვნით ჩემი ის ნაწერებიც დამაქვს და ხმამაღლა ვუკითხავ. ის თვალდახუჭული მისმენს, არაფერს ამბობს – უბრალოდ თავს აქნევს მძიმედ და განშორებისას თვალს მიკრავს, რაც ნიშანივითაა, რომ შემდეგ მისვლაზე ისევ ნაწერებით უნდა მივიდე და ივანეს კიდევ ერთი მოთხრობა წავუკითხო. და ეგრე ბოლომდე. ვიდრე სამი თვე გაილევა. რაღა დარჩა რო? ბევრი აღარაფერი. უცებ გაივლის ეს დროც, ივანეც გამოვა და კი ვიჯდებით ისევ ერთ ოთახში: მე ქათმებისკენ, ივანე – გოჭებისკენ. ჯერჯერობით, ივანეს მაგივრად გოჭებსაც მე ვბეჭდავ დეზერტირებში და ბეჭდვის ყოველი მოქნევისას უცნაური ჟრუანტელი მივლის სხეულში. თან ამ ბოლო დროს სულ ეკლესიის ზარების ხმა ჩამესმის ყურში და ხანდახან ვფიქრობ, რომ ვგიჟდები. ივანეს ვუთხარი და ჩაეცინა: გიჟდები კი არა, ცოცხლდებიო. მოკლედ, ორ საქმეს ერთდროულად ვერევი – ქათმებსაც და გოჭებსაც. ჩემი ნაწერები კიდევ, გადავაქსეროქსე და ასლები ბაზრის ყველა განყოფილებაში ჩამოვარიგე:
    ყველებში, ხორცებში, თევზებში, სუნელებში, მწვანილებში, ხილებში, ყვავილებში და ფქვილებში უკვე კარგად მიცნობენ. მე რა – ჩემ ნაწერებს იცნობენ და მათი წყალობით – მეც.
    რომ ჩამოვივლი, ჩურჩული ატყდება ხოლმე – “რუსთაველი მოდის, შოთაო”, და მეც ვამაყდები, მთელი ძალით ვისუნთქავ აქაურ ჭრელ ჰაერს და უკვე ვიცი, რომ მთელი დეზერტირები სხვანაირად მიცნობს – განა როგორც ქათმების ან გოჭების მბეჭდავს – ეგ ცოტაა!
    როგორც მწერალს, როგორც რუსთაველ შოთას…

    (c) “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    მაგდა კალანდაძე

    ჯადოსნური პორტალი


    ა. ა. მილნი, ”ვინი პუჰი”, ”სახლი ვინის ტყეში”. მთარგმნელი ლამარა თურმანიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ. ”დიოგენე” 2006.

    მახსოვს, დილის რადიოინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა ერთ-ერთ იმჟამად მარგინალ პოეტს – ლექსების წერა რა ასაკში დაიწყეთ და ვინმეს გავლენა თუ გქონდათო. პასუხი კიდევ უფრო ნათლად მახსოვს – პირველი ლექსი ვინი პუჰის პოეტური ტალანტის გავლენით დავწერე და მერეც ლექსწერის მისეულ მეთოდს მივმართავდიო – პასუხს კორეპონდენტ-რეპონდენტის თავაზიანი სიცილი მოჰყვა.
    იმ ასაკში ვიყავი, რუსულის მასწავლებლები ო’ჰენრის და დრაიზერის კითხვას რომ აძალებენ ბავშვებს, მაგრამ ვინი პუხის თავგადასავალი არათუ წაკითხული არ მქონდა, უშუქობა-უდენობის გადამკიდე მულტფილმისთვისაც არ მომეკრა თვალი. მაშინ ვაფრინე დედა ბიბლიოთეკაში და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორ კვირაში პირველი ლექსი გამოვაცხვე. იშვიათია წიგნი, რომელსაც ამხელა გავლენა მოეხდინოს ე.წ. ”კოლექტიურ ქვეცნობიერზე” – მახსოვს, როგორ ღიღინებდნენ ვინი პუჰის სიმღერას ლეონოვის ხმის წაბაძვით, ან რა ხალისით ვრცელდებოდა ანეკდოტები ვინი პუხსა და გოჭუნაზე – ბორის ზახოდერისეულმა თარგმანმა და საბჭოთა მულტფილმმა გაბერილი, ღორმუცელა, ნახერხით თავგამოტენილი დათუნია საკულტოდ აქცია.
    უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამშობლოში (ინგლისი) და სხვა არასაბჭოთა ქვეყნებში ვინი პუჰი და მისი მეგობრები ჩვეულებრივ, ბავშვებში უფრო იყო პოპულარული და ალან მილნის საბავშვო წიგნს უფროსებისგან ამხელა გაფეტიშება და პერსონაჟებთან თვითიდენტიფიკაცია არ მოჰყოლია. წიგნის ილუსტრაციებიც (ერნსტ შეპარდი) და დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების გმირებიც უპრეტენზიობით და ინფანტილურობით განსხვავდებიან ჩვენთვის კარგად ცნობილი თვითკმაყოფილი ვინისგან, მშიშარა გოჭუნასა თუ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იო-იოსგან.
    სწორედ ორიგინალის მიხედვითა შედგენილი ვინი პუხის პირველი ქართული თარგმანიც. პირველი წიგნი – ”ვინი პუჰი” ინგლისში 1926 წელს გამოიცა და მას მალე დათუნიას ახალი თავგადასავლები – ”სახლი ვინის ტყეში” (1928) მოჰყვა. წიგნები ათი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბისგან შედგება, რომლებსაც ა. მილნი თავისი პატარა ბიჭის, ქრისტოფერ რობინისთვის იგონებდა. მოქმედების ადგილი უღრანი ტყეა – ერთგვარი პორტალი, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, იუმორით, მზრუნველობითა და სიხალასით დამუხტულ ატმოსფეროში, სადაც თავად ქრისტოფერ რობინი, მისი მეგობარი დათუნია, გოჭუნა, კურდღელი, ჭოტი და სხვა პერსონაჟები ცხოვრობენ.
    ქართულ თარგმანში ამ პერსონაჟების ხასიათებს არაერთგან სცდება მათივე ფრაზეოლოგია და ხშირად შინაარსთანაც შეუსაბამოა. მაგალითად, კურდღლის ხვრელში გაჭედილი, აბუზღუნებული ვინი არასოდეს იტყოდა: ”რაკი ასეა, ნუგეში მცეს ამ მწარე დღეში ჩავარდნილ, საცოდავ დათუნიას”, არც თაფლზე სანადიროდ ჰაერში გამოკიდებული წაიღიღნებდა სახელდახელოდ შექმნილ თავის სულელურ სიმღერას ასეთი სიტყვათწყობით: ”მხიბლავს ზეცის მყუდროება, მოლივლივე ლურჯი ფერი”. მსგავსი შემთხვევები ტექსტს საერთო რიტმიდან აგდებს და მკითხველსაც ხელიდან უსხლტება პერსონაჟის გარშემო შექმნილი განწყობა. იკარგება მთლიანობა და ირღვევა ნაწარმოების ის საშუალო ტემპერატურა, რაც მას ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს. ცოტა არ იყოს, დამაბნია გოჭუნას სახელმაც – ვინის განუყრელ მეგობარს წიგნის ქართულ თარგმანში რატომღაც ”დრუნჩა” (ინგ. Piglet) ჰქვია, არადა ქართული საბავშვო ლიტერატურიდან დრუნჩა დღემდე დათვთან ასოცირდება (”დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო თაფლისა…”).
    ”ვინი პუხი” ის წიგნია, რომელზე მუშაობის დროსაც მთარგმნელი აუცილებლად გადააწყდება სირთულეს, გახდეს წიგნის თანაავტორი და შემდეგ სხვა ენაზე დაწეროს იგი; თვითონვე შექმნას პერსონაჟები – დიდი მოაზროვნე და პოეტი, ღორმუცელა დათვი, რომელსაც ნახერხით აქვს თავი გამოტენილი და თავის ბრიყვულ ფილოსოფიას პრიმიტიული, სასაცილო ლექსიკით აყალიბებს, პრეტენზიული, მშიშარა და ფაცი-ფუცა გოჭი, გამოუსწორებელი პესიმისტი, სკეპტიკოსი იო-იო, დინჯი და მეოჯახე კურდღელი, უღრანი ტყის ბინადრების ავტორიტეტი, დამცველი და ერთგული მეგობარი ქრისტოფერ რობინი, და რაც მთავარია, მთარგმნელმა ტექსტს უნდა შეუნარჩუნოს ის მიამიტური განწყობა და ხასიათი, რომელიც ყველა ამ პერსონაჟს აერთიანებს. გულუბრყვილობა და ნაივურობა – სწორედ ეს არის ა. მილნის ორივე წიგნის ემოციური ფონი, რაც გაიძულებს, გაგეღიმოს ვინის მუქთახორობასა და მუცლის მონობაზე, ჭოტის ძალადნაკითხობაზე, გოჭუნას დაუდევრობასა და იო-იოს უკმეხობაზე; მიამიტურობაა ვინი პუხის ტყის ის ძირითადი მუხტი, რასაც წიგნის კითხვის დროს ამ სამყაროდან გავყავართ და თავს პატარა ცხოველების გვერდით მყუდროდ და დაცულად გვაგრძნობინებს. თუმცა, ისევე როგორც ყველა კარგ წიგნს, ვინი პუხის თავგადასავალსაც ერთი ნაკლი აქვს – ბოლოს ისიც მთავრდება. მაგრამ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ავტორი არ გვიშვებს უღრანი ტყიდან – მართალია, ვინი პუხი და ქრისტოფერ რობინი ხელიხელჩაკიდებულები მიდიან მათი საყვარელი ადგილიდან და თავგადასავლებიც ამით მთავრდება, მაგრამ რჩება ჯადოსნური პორტალი, რომელიც ყოველთვის, როცა კი მოგვინდება, უკან დაგვაბრუნებს ვინის ტყეში და მისი მორიგი სულელური ჩანაფიქრის განხორციელების მომსწრეს გაგვხდის: ”ორივენი წავიდნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ და რაც არ უნდა შეემთხვეთ გზაში, აქ, ამ მოჯადოებულ ადგილას, ამ გორაკზე შეფენილ ტყეში პატარა ბიჭი მაინც ყოველთვის ითამაშებს თავის დათუნიასთან ერთად.”

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)


    ზაზა თვარაძე, “სიტყვები” (სერია “ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი”). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    თუ აქამდე არასდროს გინახავთ ცოცხალი სიტყვები, არ გეჯერათ მათი არსებობის და ვერც კი წარმოგედგინათ, როგორ გამოიყურებიან ისინი, ახლა ისღა დაგრჩენიათ, ზაზა თვარაძის ახალი რომანი გადაშალოთ და ყურადღებით დააკვირდეთ თითოეულ სიტყვას – მერე უკვე თვენზეა, ჰაერში მოტივტივე სხეულებს კვამლს მიამგვანებთ, საპნის ბუშტს, ნისლის ნაფლეთებს თუ რამე სხვა ფორმას მოუძებნით თქვენს გარშემო მოფარფატე ცოცხალ ორგანიზმებს, სხეულებს, რომლებიც ისევე სუნთქავენ, იკვებებიან ჰაერით, როგორც – თქვენ. ალბათ არც მეზობელი ქუჩების ბინებზე შეგიმჩნევიათ წარწერა – “სანეტარო კანტორა”, უფრო მეტიც – არც კი გიძებნიათ ის ადგილი, სადაც ფულზე ნეტარება იყიდება. ჯერ-ჯერობით მხოლოდ წიგნის მაღაზიები შემიძლია გირჩიოთ – იქ ზაზა თვარაძის “სიტყვებს” მოგყდიან. მერე კი უფრო დიდი ნეტარებისკენ წიგნის კითხვისას თავად გაიგნებთ გზას.

    ბესო სოლომანაშვილი, “ზამორა (სნაიპერა)”. (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე” 2007.

    ომი რომ გასართობი საქმიანობა არაა და არც თუ ისე სახალისო თამაშია, ამის მიხვედრას არც განსაკუთრებული გამჭრიახობა სჭირდება, არც საამისო ასაკი და მით უმეტეს, არც იმ მწარე დანაკარგის საკუთარ თავზე გამოცდა, რაც ომის სისასტიკეს მოაქვს თან. თუმცა, თაობები მაინც სხვადასხვანაირად აფასებენ მოვლენებს და ხშირად ერთი და იგივე საგანი განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. ხანდახან ისეც ხდება, რომ შვილიშვილებს პაპის პაპათა ცოდვები აეკიდებათ ხოლმე, და მერე ყველა ამ ისტორიას ან ფოტოფირი აფიქსირებს, ან ვინმე ჟამთააღმწერელი, ან კიდევ, უბრალოდ, მწერალი იყენებს სათავისოდ. ბესო სოლომანაშვილის წიგნიც სწორედ ამ უკანასკნელის გამოვლინებაა – ორიგინალური, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ავტორის მოთხრობები კიდევ ერთი საინტერესო და საყურადღებო მოვლენაა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.

    ოთარ ჭილაძე, “რკინის თეატრი” (რომანი). მეოთხე გამოცემა. თბ. “არეტე” 2007.

    ხშირად ადამიანები არ აღიარებენ შემოთავაზებულ ნორმებს და წინ აღუდგებიან ხოლმე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ აზროვნებას, თუნდაც ეს პროტესტი უახლოესი ადამიანების დაკარგვის ფასად ექცეთ. მერე ეს დანაკარგი აძლიერებთ, აძლიერებთ, ისე, რომ უძვირფასესის დამკარგავები მაინც მდიდრები ხდებიან – რაც თვალს აკლდება, სულს ემატებაო. ვერაფერს იტყვი – იყო ძე წარსულისა და მამა მომავლისა, მართლაც რომ საპატიო ტვირთია… არანაკლებ დიდი პატივია, იყო ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერალი, კლასიკად აღიარებული ნაწარმოებების ავტორი. ალბათ, უკვე მიხვდით – საუბარი ოთარ ჭილაძეზეა, მისი “რკინის თეატრის” ახალი გამოცემა კი ისევ ელოდება წიგნის მაღაზიებში ერთგულ მკითხველს.

    ლაშა გახარია, “100 ლექსი”. (ლექსები). შემდგენელი როზა ბერიკაშვილი. თბ. „ინტელექტი“ 2007.

    მიწაზე დაწერილი და შემდეგ ცაში გადათეთრებული ლექსები, გულში აყვავებული და მერე იქიდან ხელებით ამოყვანილი სიტყვები, ნასათუთარი ენა, რითმებად და რიტმებად ფურცლებზე გადატანილი – ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებს ლაშა გახარიას ლექსების კრებულში ელით. “100 ლექსში” ორიგინალური პოეტიკის, განსხვავებული სტილისა და თვითმყოფადი ფორმის ნაწარმოებებია თავმოყრილი – “ტანზელექსებშემოშენებული” ავტორის ყელში “ლექსად ამოსული მეტასტაზები”. წიგნი პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელ პოეტს, ახალბედა მკითხველები კი ლაშა გახარიას სახელთან ერთად ლექსწერის მისეულ, ორიგინალურ და განსხვავებულ ფორმას ეზიარებიან.

    პიერ გრიპარი, “ბროკას ქუჩის ზღაპრები”. (ზღაპრები). მთარგმნელი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი. თბ. “აგორა” 2007.

    როცა გარშემო ბავშვები გეხვევიან და ზღაპრების მოყოლას გთხოვენ, შენ კი პატარა ონავრების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აღარც პერო-ანდერსენი-გრიმების მარაგი გყოფნის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხური თქმულებებიც ამოწურე, სხვა რაღა დაგრჩენია – თავად უნდა გამოიგონო მხიარული, ჯადოსნური ამბები და პატარები გაახალისო. მერე კი ეს სახელდახელოდ გამოძერწილი ზღაპრები ერთ წიგნად შეკრა და შენი ფანტაზიის ნაყოფი კიდევ უფრო მეტ პატარას გაუზიარო. ასე შეიქმნა პიერ გრიპარის მხიარული თავგადასავლები წყვილ ფეხსაცმელზე, მუტფრის ქუჩის ჯადოქარზე, ყოვლისმცოდნე თოჯინა – სკუბიდუსა თუ ონკანის ფერიაზე. უფრო მეტიც – ონკანის ფერიამ თურმე თვითონაც მოინდომა მეზღაპრეობა, მაგრამ ჯადოსნური ფორმულა დაეშალა და, ახლა წიგნის ბოლოს მიმალული, ბავშვებისგან დახმარებას ელოდება. “ბროკას ქუჩის ზღაპრები” კიდევ ერთი საბავშვო წიგნია ქართულ ენაზე, რომელსაც პატარები ხალისით წაიკითხავენ.

    ალექსანდრე სულხანიშვილი, “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”. თბ. “არტანუჯი”, 2007.

    1921 წელს რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციას მტრის მხრიდან საშინელი რეპრესიები მოჰყვა. დაიწყო საუკეთესო მამულიშვილების დახვრეტა, დევნა, გადასახლება, ქვეყნის დაწიოკება. ქართველი ერის ერთადერთი გამოსავალი პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება იყო, რისთვის მზადებაც ქართველებმა რუსების შემოსვლის დღიდან დაიწყეს. საქმეს სათავეში პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ჩაუდგა, ხოლო ამ წიგნის ავტორი – ალექსანდრე სულხანიშვილი რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი თანამებრძოლი გახლდათ. “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” სწორედ “შეფიცულთა” რაზმის ბრძოლაზე მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. მოგონებები იმ ცოცხალ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობითაა აგებული, რომლის მონაწილეც თავად წიგნის ავტორი გამხდარა, და ამდენად, ა. სულხანიშვლის ჩანაწერები ქართველი მკითხველისთვის ისტორიულ წყაროდაც ძვირფასია.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • პროზა

    ზაალ სამადაშვილი

    ერთი პასუხის ამბავი

    ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”


    სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, – რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა…

    * * *
    ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო. ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე…
    მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს…
    ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას…
    ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი. ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს…
    იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით…
    მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი. ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა…
    ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა…
    ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, – რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, – ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა. ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება…
    ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, – ვინ ხარ შენ?!. გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.
    ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, – ადამიანი ვარ!

    ***
    კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, – ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, – ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო – “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა. გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, – ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის…
    კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ…

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ინტერვიუ

    ნანა კობაიძე

    პირველი ქართული წიგნიბუსი _ ქოხი ბორბლებზე

    თუ დღეს თბილისის ქუჩებში წიგნის პლაკატებით გაფორმებულ ყვითელ ავტობუსს დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. და თუ საპატიო მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ წასულხართ წიგნის ბაზრობაზე (რომელიც 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გასტანს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”), შეგიძლიათ წიგნიბუსში შეხვიდეთ და შეიძინოთ ან დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. წიგნიბუსი – ასე დაარქვა ამ იდეის ავტორმა, მწერალმა და რეჟისორმა მიხეილ ანთაძემ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიობუსის ქართველ ნათესავს, რომელიც თბილისის მეშვიდე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დღეებში მოემსახურება თბილისელებს. ამის შემდეგ მისი მარშრუტი ლაგოდეხში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ვისთვის როგორ), ჯერჯერობით მხოლოდ ამ რაიონის მკითხველები ისარგებლებენ ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ბიბლიოთეკით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ასეთი წიგნის ქოხები, როგორც მას ბატონმა მიხეილმა უწოდა, მთელს საქართველოში ივლის და ყველაზე მიყრუებულ სოფლებში რაღაც საოცრებით გადარჩენილ მკითხველებს გაახარებს.

    – პირველი ბიბლიობუსი თბილისში ორიოდე წლის წინათ გამოჩნდა. საფრანგეთის საელჩომ და დიუმას ცენტრმა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყვეს, სადაც მხოლოდ ფრანგული ლიტერატურა განათავსეს. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბუსი ცოტა განსხვავებულია. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ბიბლიობუსი?
    – ეს იდეა მე არ გამომიგონია – მოძრავი ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვა ზომის, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ბიბლიობუსს ნახავთ. ევროპასა და ამერიკაში ასეთ ბუსებს სპეციალურად ამზადებენ ცნობილი საავტომობილო ფირმები. განვითარებულ ქვეყნებში ეს კულტურა არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს იდგამს ფეხს. შარშან ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” გამოაცხადა რეგიონული მიმართულების კონკურსი რაიონული ბიბლიოთეკებისთვის. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონებში ივლიდა. კინემატოგრაფისტი ვარ და “ლიხტვაგენისა” და “კამერვაგენის” ანალოგიით თავიდან “ვაგენბუსი” დავარქვი, მერე გავიგე, რომ მთელს მსოფლიოში მას “ბიბლიობუსი” ჰქვია. თუმცა, მე ქართული შესატყვისი ვამჯობინე და საბოლოოდ “წიგნიბუსი” ვუწოდე. ვფიქრობ, რომ მრავალფუნქციური ნივთი შევქმენი, რომლის ძირითადი დანიშნულება წიგნის პროპაგანდაა. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში იგი ლაგოდეხის რაიონის სოფლებს მოემსახურება და სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციას შეითავსებს. მოგეხსენებათ, დღეს რეგიონებში ბიბილიოთეკების სისტემა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა. რამდენადაც ვიცი, მთელს საქართველოში წიგნის მაღაზიები მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, ქუთაისშიც კი არ არის. არადა, მოსახლეობა დანატრებულია წიგნს. ჩვენში ესმოდათ წიგნის ფასი. საქართველოში ყველაზე ღარიბ ოჯახშიც რომ შესულიყავით, წიგნისთვის განკუთვნილ პატარა კუთხეს მაინც ნახავდით. ახლაც კი მახსოვს ამ წიგნების სპეციფიური სუნი. დღეს ადამიანები წიგნს ვეღარ ყიდულობენ და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ გაწყდეს მკითხველის კავშირი წიგნთან, ლიტერატურასთან. ამ შემთხვევაში წიგნიბუსს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება: ჩაალაგებ სპეციალურ ვაგონში 1000-დან 1500-მდე წიგნს და ნებისმიერ, ყველაზე მიყრუებულ სოფელსაც კი მიაკითხავ. მას თავისი ბიბლიოთეკარი ეყოლება, რომელიც იქვე ჩაწერს მსურველებ, გაატანს წიგნებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიაკითხავს და ჩაიბარებს.
    – წიგნიბუსის მრავალფუნქციონალურობა ახსენეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმებით შეიძლება მისი გამოყენება?
    – წიგნიბუსი არის მისაბმელი ვაგონი, რომელშიც დამონტაჟებულია თაროები და განათება. დანარჩენი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მოარული წიგნის მაღაზია და სხვათა შორის, ლაგოდეხში წასვლამდე სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. მოგეხსენებათ, 26 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ იქ მისვლას, სწორედ ჩვენი წიგნიბუსი დაეხმარება. იგი თბილისის სხვადასხვა უბანში ივლის და მოსახლეობას ადგილზე მისცემს სასურველი გამოცემის შეძენის საშუალებას. მოკლედ, ეს იქნება წიგნის ბაზრობის მოძრავი ფილიალი. ერთი სიტყვით, გაჩნდა წიგნის პატარა სახლი თუ ქოხი – ბორბლებზე. ეს ქოხი მწერლებისთვის რეგიონებთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალებაა. შეუძლიათ თავიანთი ახალგამოცემული წიგნების პრეზენტაცია არა მხოლოდ თბილისში, რაიონებსა და სოფლებშიც გამართონ. მერწმუნეთ, მოსახლეობაში არის ამის მოთხოვნილება. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში არსებობს წიგნის კულტურა, თუმცა მისი მატარებელი ძირითადად უფროსი თაობაა. ასეთი აქციები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იქნება და ხელს შუწყობს იმას, რომ მკითხველ თაობებს შორის ძაფი არ გაწყდეს.
    – თქვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. წლების წინათ თქვენ ზღაპრის თეატრი შექმენით, აკეთებდით საბავშვო ჩანართს “დილის გაზეთში,” როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესოა და ხარისხიანი დღევანდელ წიგნის ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურა?
    – სხვათა შორის, წიგნიბუსის და ზღაპრის თეატრის პრინციპი მსგავსია. ორივე მოარული ტიპისაა. 10 წლის წინათ, როდესაც საქართველოში ზღაპარი არავის აინტერესებდა და თოფების გრიალშო ცხოვრობდნენ, ჩვენი მსახიობები ჩანთაში ალაგებდნენ რეკვიზიტებს და სკოლებს და საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ. პატარა ადამიანებისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ზღაპარი. ამ 10 წელიწადში იმდენი ლიტერატურული მასალა დამიგროვდა, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც “დილის გაზეთმა” მისი გამოქვეყნების საშუალება მომცა. ჩვენი მასალა გაზეთის 19 ნომერს ეყო. შემდეგ პატარა ავტორებიც გამოჩნდნენ. სულ ზღაპრის გაზეთის 85 ნომერი გამოვიდა და “დილის გაზეთი” რომ არ დახურულიყო, ისიც განაგრძობდა არსებობას.
    – რა მოვლენაა თანამედროვე ზღაპარი და დარჩა თუ არა მისთვის ადგილი ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში?
    – გლობალურ-მსოფლმხედველობრივად რომ გიპასუხოთ, ზღაპარი კაცობრიობის მომავალია. გიგი თევზაძეს აქვს ძალზე საინტერესო წიგნი “ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა,” სადაც ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული თქვენი შეკითხვის პასუხი. იგი წერს, რომ ჩვენი ცივილიზაცია თავისი აზროვნებით ტექნოლოგიურია, ანუ სასრულია. ამ აზროვნების ფარგლებში კაცობრიობამ იცის, რომ სამყარო რაღაც წერტილიდან დაიწყო და სადღაც უნდა დასრულდეს. ხსნა, გამოსავალი სწორედ ზღაპარია. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის ზღაპარი, ცნობილი ვორონეჟელი მანიაკის შემთხვევა მახსენდება. ეს კაცი ადამიანებს კლავდა და ხარშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედამისი სასამართლოში მუშაობდა და პატარაობისას ზღაპრების ნაცვლად სასამართლოს საქმეებს უყვებოდა. ეს არის რეალური ფაქტი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ზღაპრის იგნორირებამ. სწორედ ზღაპარი ხდის ადამიანს ადამიანად.
    – თანამედროვე ზღაპარზე რას იტყვით?
    – ზღაპარი ყოველთვის იწერება. გასულ საუკუნესაც ჰყავდა თავისი დიდი მეზღაპრეები. საკმარისია ასტრიდ ლინდგრენი და მეთიუ ბარი გავიხსენოთ. ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაშიც კეთდება რაღაც-რაღაცეები, თუმცა, სასურველია ჩვენმა მწერლებმა უფრო მეტი წერონ ბავშვებისთვის.
    – თავად მწერლები აღიარებენ, რომ ბავშვებისთვის წერა ყველზე რთულია.
    – რასაკვირველია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი გამომცემლები მშვენიერ საბავშვო წიგნებს აკეთებენ, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალია, ფასები მთლად ხელმისაწვდომი არ არის – ეს საერთო ბაზრის კონიუნქტურაა, მაგრამ მშობელი, რომელსაც ესმის ზღაპრის და ფერადი ილუსტრაციის მნიშვნელობა, ყველაფერს მოიკლებს საბავშვო წიგნის შესაძენად.
    – თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვისაუბროთ. თქვენი, როგორც მკითხველის და შემფასებლის აზრი – სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
    – შესაძლოა მიკერძოებად ჩამეთვალოს, რადგან თავადაც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მწერლობა აქტიურია და ამ სფეროში ძირითადად პოზიტიური ამბები ხდება. მშვენიერი სტიმულატორია ისიც, რომ საგამომცემლო საქმე ამოქმედდა, წიგნის ბიზნესი დადგა ფეხზე, წიგნის ფესტივალი იმართება. სამივე თაობაში (პირობითად სამ თაობად დავყოფდი თანამედროვე მწერლობას – ჩვენი მამების, რომელნიც დღესაც წერენ და უკვე კლასიკოსებად მოიხსენიებიან, მათ შორის გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, ჩვენი და ჩვენი შვილების, რომელიც საკმაოდ სერიოზული თაობაა) ერთიანი პროცესი მიმდინარეობს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საინფორმაციო არხები გაიხსნა. იაპონურად ან ესპანურად დაწერილი კარგი ნაწარმოები ძალიან მალე აღწევს ჩვენამდე. საგრძნობლად გაიზარდა ინფორმაციის სისწრაფე. საბჭოთა პერიოდთან შედარებით ისეთი ნახტომია, როგორიც “პენტიუმ-1”-სა და “პენტიუმ-5”-შ შორის. მსოფლიო ლიტერატურის პულსაცია საქართველოშიც იგრძნობა და ბევრი რამით გამოიხატება. მაგალითად, გაჩნდა მიდრეკილება მეტი თავისუფლებისკენ, ფანტაზიისკენ.
    – “ფენტეზის” ჟანრს გულისხმობთ?
    – არა მხოლოდ ჟანრს, არამედ მასში არსებულ მსოფლმხედველობას. არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. არ ვიცი, ლიტერატურათმცოდნეები რას ეძახიან, მე “პენ-კლუბიზაციას” დავარქმევ. ეს გულისხმობს, რომ პენ-კლუბის მიერ დეკლარირებული პრინციპები მწერლებისთვის საყოველთაო და სავალდებულო ხდება. იგივე, პირობითად ვუწოდოთ “ტარანტინოზაცია,” ანუ ტარანტინოს ხედვა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებზე, არამედ მწერლებზე და ყველაზე მეტად, ახალგაზრდობაზე. ამავე დროს, მთელს მსოფლიოში ანტიკოსმოპოლიტური ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ხაზი ესმება იმას, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს უეროვნებო. იგი მიბმულია კონკრეტულ ენასთან, ამიტომ თითოეული ენის ღირებულება, იმის მიუხედავად, რამდენი კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე, ძალიან დიდია. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს კოსმოპოლიტი მწერალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ქართული ლიტერატურა კარგად მონაწილეობს. თვალს ვადევნებ თითქმის ყველაფერს, რაც დღეს იწერება და უმეტესობა მომწონს. არ მომწონს გარკვეული სნობიზმი, რაც ამას ახლავს. ვგულისხმობ მწერლების თავმომწონეობას ამ ყველაფრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტერატორები გარკვეულ პიარ-ჯგუფებს ქმნიან. ჩემთვის თავად მწერლის პრომოუშენის ფაქტი უკვე გამაღიზიანებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მწერალი ამისთვის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ განუწყვეტლივ ყვითელი პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანზეა. ვფიქრობ, თავად მასმედიაც სცოდავს, როდესაც მწერალს უკეთებს რეკლამას. ეს შეიძლება ესტრადის მომღერალს წაადგეს, მაგრამ მწერლის შემთხვევაში გამაღიზიანებელია. არ შეიძლება მწერალი გახდეს ტელეარხის სახე.
    – რამდენადაც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახალი წიგნი გამოდის.
    – ახალი არ არის. ესაა მცირე რომანი “ცოფი,” რომელსაც ბაკურ სულაკაური გამოსცემს “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის” სერიით. სულ ეს სერია 18 ტომად არის ჩაფიქრებული, ხუთი უკვე გამოიცა. “ცოფი” პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა “მნათობში”. მერე “მერანმა” გამოსცა 1996-ში. უკვე ის პერიოდი იყო, წიგნებისთვის რომ აღარავის ეცალა და მცირე ტირაჟით, 200 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლაც, პირველ ჯერზე 250 ცალი გამოდის, ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი.


    © “წიგნები _ 24 საათი”