• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი”

    გამოვიდა ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდის” მეორე გამოცემა। მარიამ ქსოვრელის
    მიერ თარგმნილი XX საუკუნის ეს კლასიკური ნაწარმოები გამომცემლობა “სიესტამ” დაბეჭდა.
    ჰესეს პროზას პირველად სკოლის წლებში გავეცანი. პირველი წიგნებიც მახსოვს – სოლომონ აპტის მიერ რუსულად თარგმნილი “ტრამალის მგელი”, ლურჯი, უხეში გარეკანით, თეთრი, თხელყდიანი “მოხილვა დილის ქვეყნისა”, ქართულ ენაზე და ასევე ქართულად – “დამსვენებელი”, სადაც “ტრამალის მგელიც” იყო შესული.
    ჰესეს მთავარი რომანის, “თამაში რიოში მარგალითებით” და კიდევ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სხვადასხვა დროს თითქმის მთელი ჰესე ოთარგმნა ქართულად: ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა “დამსვენებელი” და “ტრამალის მგელი”, რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ “მოხილვა დილის ქვეყნისა”, დალი ფანჯიკიძემ ჰესეს ესეები, მაია მირიანაშვილმა “დემიანი” და “ავგუსტუსი” (“ავგუსტუსი” ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმაც თარგმნა). სხვადასხვა დროს ჰესე გადმოაქართულეს ასევე გიორგი მაჭუტაძემ, ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა, სოსო პაიჭაძემ, რუსუდან ბეჟაშვილმა, კოკო გამსახურდიამ და სხვებმა. ეგ კიარა, მეც კი მაქვს ჰესეს ერთიორი ესე თარგმნილი, ოღონდ, სამწუხაროდ დედნის ენიდან არა.
    ჰერმან ჰესეს შემოქმედებაში ჩვენი, ქართველი მკითხველის მეგზური რა თქმა უნდა რეზო ყარალაშვილი იყო, მისი თანაავტორობით თარგმნილი წიგნების გარდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომენტარები, რომლებსაც არამხოლოდ ქართულ, არამედ რუსული გამოცემებისთვისაც ამზადებდა ხოლმე ბატონი ბუბა, წინასიტყვაობები, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ჰესეს შესახებ და რაც მთავარია, მისი ორი უმთავრესი წიგნი – 1980 წელს თბილისში გამოცემული “ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები” და მონოგრაფია “ჰერმან ჰესეს რომანის სამყარო”, რუსულ ენაზე (1984).
    დღევანდელი ჩვენი წიგნის, ანუ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელიც, მარიამ ქსოვრელი, რა თქმა უნდა, ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე იყო:
    “ასეთი თემა მომცა ბატონმა ბუბამ დასაწერად – “სონატის ფორმა ნარცისსა და გოლდმუნდში” (მაშინ ხელოვნებათმცოდნეობაზეც ვსწავლობდი, სადაც მუსიკის თეორიაც ისწავლებოდა…) და წიგნები მომცა დასამუშავებლად… “ნარცისი და გოლდმუნდი” ეს არის რომანი, რომელსაც გარკვეული აგებულება აქვს, არქიტექტონიკა, ანუ გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული…”.
    ეს წიგნი მეორედ გამოვიდა ქართულ ენაზე, პირველად იგი ბუბა ყარალაშვილის ვაჟმა, ოთარ ყარალაშვილმა გამოსცა 2001 წელს, 8 წლის შემდეგ კი ისევ გაჩნდა აუცილებლობა წიგნი ხელმეორედ დასტამბულიყო, შედარებით დიდი ტირაჟით (სხვათა შორის, არ იქნება ურიგო, თუკი რომელიმე გამომცემლობა “ტრამალის მგელის” ხელახალ გამოცემასაც მოაბამს თავს).
    ჰერმან ჰესეს სახელი, როგორც აღვნიშნე, კარგადაა ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული ნობელის გარდა თავის დროზე მას გოეთესა და გოტფრიდ კელერის პრემიები აქვს მიღებული, 1955 წელს კი 78 წლის მწერალს გერმანელ წიგნით მოვაჭრეთა პრესტიჟული, მშვიდობის პრემია მიენიჭა, რომლითაც სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ: ალბერტ შვაიცერი, მარტინ ბუბერი, კარლ იასპერსი, ასტრიდ ლინდგრენი, იეჰუდი მენუხინი, სიუზენ სონტაგი, ორჰან ფამუქი და მრავალი სხვ.
    “ნარცისი და გოლდმუნდი” ჰესემ 1930 წელს დაიწერა და იგი მწერლის შედარებით გვიანი პერიოდის რომანად ითვლება. ამ ნაწარმოების შემდეგ ჰესემ მხოლოდ ორი მოზრდილი წიგნი შექმნა, “მოხილვა დილის ქვეყნისა” (1932) და “თამაში რიოში მარგალიტებით” (1943). რომანი გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, იგი მაშინვე ითარგმნა ნიდერლანდურად, პოლონურად, იტალიურად. ინგლისური თარგმანის ერთ-ერთი ინიციატორი კი, როგორც ბუბა ყარალაშვილი აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში, თომას მანი ყოფილა. თომას მანსვე ეკუთვნის რომანის ძალზე ზუსტი დახასიათება. იგი ჰერმან ჰესეს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნავდა:
    “შვაბი ლირიკოსისა და იდილიკოსის დამოკიდებულება ვენის ეროტოლოგიური სიღრმის ფსიქოლოგიის სფეროსადმი, იმ სახით, როგორც იგი გამოიკვეთა “ნარცისსა და გოლდმუნდში” – ამ, სიწმინდისა და ორიგინალობის თვალსაზრისით მართლაცდა განუმეორებელ რომანში, – წარმოადგენს სულიერ პარადოქსს, რომელსაც არაჩვეულებრივი მიმზიდველობა გააჩნია”.
    რომანი ნამდვილად მიმზიდველია, იგი განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და თუკი ალღო არ მღალატობს, ეს რიტმი ქართულ თარგმანშიც კარგად იკითხება, აქაც მოჩანს დროისა და თხრობის ის მდინარება, რომელიც “ნარცისსა და გოლდმუნდს” ჰესეს სხვა წიგნებისგანაც გამოარჩევს და ზოგადად ლიტერატურის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მას.
    წიგნს მთარგმნელმა მარიამ ქსოვრელმა “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში” მუშაობისას მიაკვლია:
    “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში ველოდებოდი წიგნს, რომელსაც სათარგმნად გადმომცემდნენ. მახსოვს ერთ ოთახში ვიყავით ზურაბ ჭავჭავაძე, ბატონი ლევან ბრეგაძე და მე. და ლევან ბრეგაძემ მითხრა მაშინ, მე უკვე დავიწყე “ნარცისისა და გოლდმუნდის: თარგმნა, რამდენიმე თავი უკვე გაკეთებული მაქვს და მოდი ერთად ვიმუშავოთ ამ ნაწარმოებზეო. მე გაგატან ამ თავებს, შენ იმუშავე, განაგრძე შემდეგი თავების თარგმნა და ასე, ერთობლივად შევასრულოთ ეს სამუშაოო. მაგრამ სამწუხაროდ მერე ისე მოხდა, რომ ბატონ ლევანს ოჯახური მდგომარეობა შეეცვალა, მეუღლე გარდაეცვალა, მთელი მისი ყურადღება ბავშვების აღზრდაზე იყო გადასული. ამიტომ მე მარტო მომიხდა ამ წიგნზე მუშაობა”.
    ეს რომანი, XX საუკუნის კლასიკური ე.წ. აღზრდის რომანია, აქ მთავარმა გმირმა, გოლდმუნდმა, თავისი ცხოვრების გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც სავსეა ცოდვებით. ამ გზის დასაწყისთან ნარცისი დგას, ახალგაზრდა ბერი, გოლდმუნდის თვალისამხელი, და ასევე ნარცისია ის ადამიანი, ვისთანაც დაბრუნდება გოლდმუნდი განვლილი ცხოვრების შემდეგ, სწორედ “ნარცისის “თერაპიული” ჩარევის შედეგია ის, რომ რაც სხვა შემთხვევაში განუკურნებელი სენის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, იქცევა უშრეტ შემოქმედებით ძალად, რომელიც გოლდმუნდის მთელ ხელოვნებას ასაზრდოებს და სამყაროს იდუმალებასთან აკავშირებს მას” (რეზო ყარალაშვილი).
    გარდა გოლდმუნდისა, წიგნში, უფრო სწორად კი ამ წიგნით, სხვებიც იზრდებიან, ისინი ვინც ყურადღებით კითხულობენ წიგნს. იზრდებიან მთარგმნელებიც. მაგალითად, ზოგი ციხეში იზრდება, ზოგი გაჭირვებაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარგმნისას იზრდებიან:
    “თხუთმეტი წლის წინ ჩემში ჯერ ის გამოცდილებები არ იყო, რაც აქ არის თავმოყრილი. თარგმნისას თან ვსწავლობდი, ვსწავლობდი ცნებებს, იმ სამყაროს, ძალზე საინტერესო სამყაროს, რაც წიგნში იყო”.
    ამჯერად მარიამ ქსოვრელი ჰესეს უმთავრეს წიგნზე მუშაობს, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – კრიტიკა და რეცენზიები

    თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
    ეს ორი წიგნი იმ დიდი ხარვეზის ამოვსების მცდელობაა, რაც ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და რეცენზირების კულტურაში გაჩნდა. ამ წიგნებში ერთგან კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
    თამაზ ვასაძის კრებული “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” 30 წლის მანძილზე დაწერილ სტატიებს უყრის თავს, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მოიცავს, დავით გურამიშვილიდან დაწყებული – ბესიკ ხარანაულითა და ჯემალ ქარჩხაძით დამთავრებული. წიგნის რედაქტორის, ლიტერატურათმცოდნე მაკა ელბაქიძის აზრით შემთხვევითი არ არის, რომ წიგნი დავით გურამიშვილით იწყება, რადგან მისი სიტყვით, არც რუსთველამდე და არც რუსთველის შემდეგ “ისე მკაფიოდ და ზედმიწევნით არსად არ ცხადდება ჭეშმარიტების ძიების თუ მისი ხელახლა აღმოჩენის წყურვილი, როგორც “დავითიანში””:
    “სწორედ დავით გურამიშვილის მიერ გავლებულ კვალს, და ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, გაჰყვება შემდეგ მთელი მომდევნო პერიოდის ქართული მწერლობა. და მე შევეცდები თემატურად დავალაგო თამაზ ვასაძის მიერ წარმოდგენილი მასალა და სწორედ ამ ხაზს მივყვე. ვთქვათ, ბარათაშვილი გაჰყვება ამ ხაზს თავისი ფილოსოფიური ლირიკით, ილია ჭავჭავაძე თავისი რაციონალიზმითა და განმანათლებლური სულისკვეთებით, აკაკი წერეთელი თავისი ზნეობრივი გაკვეთილებით, ვაჟა ფშაველა თავისი ჰუმანიზმით, დავით კლდიაშვილი – ტრაგიკომიკურობით, ვასილ ბარნოვი სპეციფიკური ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლხედვით, ნიკო ლორთქიფანიძე თავისი განუმეორებელი პოეტიკით, მიხეილ ჯავახიშვილი ტრაგიკომიკურობით და გროტესკულობით, ლეო ქიაჩელი რომანტიკული ესთეტიკით, გერონტი ქიქოძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი ობიექტურობით, დაკვირვებისა და ანალიზის იშვიათი სიმახვილით, გლიგოლ რობაქიძე ინტელექტუალიზმის წინ წამოწევით, გალაკტიონი პოეტური მეს სრული ინტიმიზაციით, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე – სიცოცხლის ვნებიანი სიყვარულით, გურამ რჩეულიშვილს თავად თამაზ ვასაძე ასე ახასიათებს – ვნებად ქცეული აზრი თუ აზრად ქცეული ვნება, ბესიკ ხარანაული – აზრის სილაღით და ჯემალ ქარჩხაძე რეალობის კრიტიკულ-ანალიტიკური ხედვით”.
    მაკა ელბაქიძის ეს ჩამონათვალი სრული არ არის, წიგნში სხვა ავტორებსა და თემებსაც ნახავთ:
    “შემთხვევითი არ არის ისიც, რომ თამაზ ვასაძე თავის წიგნს ამთავრებს ორი ძალიან საინტერესო თავით. ერთი ეს არის “ეროვნული და დასავლური”, და მეორე “ილიას ფორმულა ჩვენს დროში”. ეს ორი თავი ერთგვარად სისტემატიზაციას ახდენს იმ ყველაფრისას რაც წიგნის წინა ნაწილებში ითქვა და ეს ალბათ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დასავლური ფასეულობების ძალიან ფართოდ წინ წამოწევა მოხდა ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ნიჰილისტურად უდგება ამ საკითხს და ხშირად გაიგონებთ, რომ დასავლური ფასეულობები სპობს ეროვნულ კულტურებს, რომ შეიძლება ჩვენი კულტურა მასკულტურაში გაითქვიფოს და ა.შ., მაგრამ თამაზ ვასაძის წიგნში არის ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ამ ავტორთან, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, და ეს ეხება ფაქტობრივად მთელს ქართულ ლიტერატურას, არის ერთი უწყვეტი ხაზი. ეს არის ადამიანის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, თავისი პიროვნული თავისუფლებისაკენ, და ეს არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი (რადგან ჩევნ ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ) მისწრაფება, რომ სამყარო უკეთესად აქციონ, გააუმჯობესონ, გარდაქმნან იგი”.
    სოსო ტაბუცაძის რეცენზიები უმთავრესად ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. გაზეთ “24 საათის” ლიტერატრულ დამატებაში, გაზეთ “კალმასობაში”. საქართველოში ძალზე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ავტორი თავის რეცენზიებს უყრის თავს. ასეთი მაგალითები ბოლო წლებში სულ რამდენიმე მახსენდება:
    “ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ გაგებით და იმ შეგნებით, როგორაც გვესმის ჩვენ დღეს და რასაც ჰქვია ლიტერატურული კრიტიკა, დღეს არ არსებობს, და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა საბჭოურ სივრცეში რაც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, ეს იყო იარაღი, რასაკვირველია, იდეოლოგიური იარაღი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ საბჭოური იდეოლოგიის ინსტრუმენტს, არამედ მეორე მხრივ ეროვნული იდეოლოგიის ინსტრუმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ ერთის კლასიკოსად წარმოვიდგინოთ 20-იანი წლების კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე, და მისი წიგნი, უკვე იშვიათობად ქცეული. ვისაც უნახავს, მან იცის, რომ ეს წიგნი პირდაპირ იარაღია… და მეორე მხრივ, უკვე ჩვენს დროში, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით…”.
    სოსო ტაბუცაძის აზრით, კრიტიკა რომ არ არსებობს, ეს არცაა გასაკვირი. მისი სიტყვით, კრიტიკის დაბადება თუ აღორძინება პირველ რიგში რეცენზირების კულტურის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი და იმ კრიტიკის ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, დღეს რეცენზიამ დაიკავა. ტრადიციულ ქართულ კრიტიკას კი იგი რუსული ტრადიციიდან იწყებს, კერძოდ ბელინსკიდან, რომლის გამგრძელებელი ილია იყო ჩვენთან. ეს კრიტიკა კი სოსო ტაბუცაძის აზრით ძალიან განსხვავდება ფრანგული ან ბრიტანული ტრადიციისგან, ტომას ელიოტისგან, როლან ბარტისგან და ა.შ.:
    “ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ, როცა კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ღრმად და კარგად დავმარხოთ ის საბჭოური კრიტიკა, ანუ უნდა დავივიწყოთ ეს და უნდა დაიბადოს ახალი”.
    ახალი კრიტიკის დაბადება არც ისე ადვილია, მითუმეტეს უახლოესი და უმძიმესი წარსულის ღრმად დამარხვამ არამგონია ამაში ხელი შეგვიწყოს.
    © radiotavisupleba.ge
  • პოეზია

    ზაზა თვარაძე – ოდა რუსთაველს

    წარმოვიდგინოთ, რუსთაველი რომ იყოს ახლა,
    ახლა, ჩვენს დროში, ჩვენს ასაკში,
    ჯერაც არ ჰქონდეს დაწერილი თავის პოემა
    “ვეფხისტყაოსნად” რომ იწოდება,
    ამჟამად წერდეს,
    წერდეს წერას ატანილივით.
    წარმოვიდგინოთ, რუსთაველი ერთ მშვენიერ დღეს
    რედაქციაში რომ შემოვიდეს
    (რა გაცვეთილი წარმოდგენაა!) –
    რედაქციაში ყველანი იქ იმყოფებიან:
    თვით რედაქტორი, მოადგილე, პ/მგ მდივანი…
    ერთი სიტყვით – ორიოდ კაცი.
    შემოდის შოთა. ძველი ნაცნობი.
    კაცი უსიტყვო,
    კაცი გაცვეთილ პიჯაკიანი,
    ოდნავ მჭმუნვარე,
    ხელში პაპკით,
    გულის ჯიბეში კი – საბუთებით.
    პაპკაში უდევს ის ძვირფასი ხელნაწერები,
    რომელთა ფასიც ჯერ არვინ უწყის…
    – ვაჰ! ბარო შოთა! შემოდი, ძმაო!
    – სალამი ბიჭებს! –
    პასუხობს შოთა ხელის აწევით –
    რას საქმიანობთ?!
    – არაფერს. აგერ ცოტა ღვინო და პურმარილი…
    გარეთ ისევ ჭარმაგი დღეა,
    რედაქციის მყუდრო ეზოში
    ძველი ჭადრები შრიალებენ –
    მათ შორის იქნებ ერთი მაინც
    შოთას ხნის იყოს –
    არავინ უწყის,
    არც თვითონ შოთამ.
    – დაჯე, შოთიკ, გვითხარი რამე!
    – დღეს ბოტანიკურ ბაღში ვიყავი,
    რა სამოთხეა… და ა.შ.
    ჩვეულებრივი ლაპარაკი,
    რამე-რუმე,
    მთისა, ბარისა…
    შოთა გადაკრავს,
    მერე დგება, დაეთხოვება:
    – დროებით, ძმებო,
    ხვალ შევხვდებით, ანდა ხვალზეით…
    და იგი მიდის.
    – კაი ბიჭია, რას იტყვი, სოსო – ამბობს მავანი.
    – კაი ბიჭია, მარა ცოტა ამპარტავანი!
    ამპარტავანი როგორც…
    (გვარს არ დავასახელებ)
    – ცოტა შტერია, პა მოემუ – ამბობს მავანი.
    – ისე, მაგარი ნაკითხია!
    – ნაკითხი კია, ვერ წაართმევ.
    – ჰმ! უცებ რო ადგე და წაართვა…
    ამ დროს შემოდის მბეჭდავი ლიზა
    – სოომთ, გენაცვალე? – და ა.შ.
    იმხანად შოთა უკვე სახლშია –
    იქვე, ვერაზე,
    ააღწევს თავის მესამე სართულს,
    შეაღებს, შევა,
    რთავს ტელევიზორს
    და ის-ისაა
    თავდავიწყებით უნდა მიუჯდეს
    მეორე არხის გადაცემებს,
    რომ აზრად მოსდის:
    ამას თუ იზამს, იმ წუთიდან
    უკვე აღარ იქნება შოთა!
    ამიტომ წამსვე, როგორც კი ჩართავს,
    ისევ გამორთავს,
    პაპკას დადებს,
    ტანთ გამოიცვლის და მიუჯდება
    თავის მორყეულ საწერ მაგიდას
    რომელიც ხშირად
    სასადილო მაგიდის როლსაც თამაშობს,
    გაშლის ქაღალდებს და აგრძელებს
    შეწყვეტილ წერას,
    წერას, რომელსაც სამუდამოდ აუტანია…
    უცებ დედამისს უყურო ფინჯნით
    ყავა შემოაქვს
    – ნუ მიშლი, დედი!
    ეს შეძახილი დედის გულისთვის მტკივნეულია
    (ეჰ, რა ქნას ქალმა!)
    შოთა დაწვდება თავის კალმისტარს
    (პასტა აქვს ძველი, თითქმის დაღრღნილი,
    პლასტმასის, რუხი)
    და წერს: მიწურვილ იყო ზაფხული…
    შეჩერდება, შუბლს მოისრისავს
    “რა ზაფხული, რისი ზაფხული! კაი, თუ ძმა ხარ!”
    ეტყვის თავისთავს,
    ზაფხული ხომ ჯერ არ დამდგარა!
    გარეთ, ვერაზე გაზაფხულია,
    ვერისუბანში ნელა ბინდდება,
    ქუჩიდან ისმის ახალგაზრდების და მოხუცების
    ზმანება-ხმები,
    მაგრამ ეს ხმები შოთას სმენას უკვე არ სწვდება,
    რადგანაც იგი პოემის წერას აუტანია.
    დაწერს: მიწურვილ იყო ზაფხული,
    ქვეყნით ამოსვლა… ჰმ… ჰმ… მწვანისა…
    კვლავ შეჩერდება. მოუკიდებს სიგარეტ 80-ს
    და რატომღაც ციფრი 80
    მის თავში იწვევს მეყვსეულ ელდას:
    “ოთხმოცი! – ფიქრობს –
    ოთხმოცს ოთხმოცი – ას სამოცია,
    იქაც ამდენი – სამას სამოცი,
    ათჯერ ოთხმოცი რაღა იქნება? –
    მთელი რვაასი!
    რვაასი წელი!”…
    ფიქრობს იგი მონუსხულივით.
    უცნაურია, რამ მოაგონა ეს უმეტყველო, ფუჭი თარიღი?!
    “რვაასი წელი, რვაასი წელი – ეს… ეს ხომ მთელი
    ნახევარი საუკუნეა!” –
    იფიქრებს შოთა და თავის ფიქრზე ჩაეცინება,
    სურს, რომ დაწეროს: “რვაასი წელი”,
    უკვე წერს კიდეც:
    რვაასი წელი, რვაასი წელი, რვაასი უკვე გასული წელი…
    მაგრამ აქ რაღაც აგონდება და თავს გააქნევს.
    თავის გაქნევას ერთვის ბუზის
    მკვეთრი ზუზუნი
    და ამ ზუზუნზე აგონდება წუხელღამით ნანახი ფილმი
    სახელად ლაქა.
    “არ იყო ცუდი! – ფიქრობს სიამით – ნეტა იმ ქიშოს
    ბოლობოლო რა დაემართა,
    რითი დასრულდა ის ისტორია?”
    სამწუხაროა – ფილმის ბოლოს სინათლე ჩაქრა.
    სინათლე ჩაქრა, სინათლე ჩაქრა,
    მხატვრული ფილმი სახელად ლაქა…
    “ეჰ, რა რითმაა!” – გაიფიქრებს ის დანანებით
    და კვლავ გაწყვეტილ სამუშაოს მიუბრუნდება:
    ქვეყნით ამოსვლა, ნუ, ვთქვათ, მწვანისა.
    რა ერითმება სიტყვას “მწვანისა”?
    იქნებ “დანისლა”?
    მაგრამ ერთხელ ხომ უკვე დანისლა
    იმ შავმა ნისლმა
    მაღალი მთები პოსტსაბჭოურ დაღესტანისა!…
    მახლას! ჯანდაბას!
    რამე სხვა ვცადოთ:
    “ქვეყნით”, “მწვანისა”… და, ვთქვათ, “მწვანილსა”…
    ეს მდაბიოა!
    მაშინ – განივლთა…
    არქაულია!
    იქნებ – “ხანდისხან”?!
    მგონი მოაჯდა!
    ქვეყნით ამოსვლა, ნუ, ვთქვათ, მწვანისა,
    წვიმა უშენდა, ნუ, ვთქვათ, ხანდისხან,
    ქუხდა, გრგვინავდა გაუსაძლისად
    და უეცრადა…
    აქ აზრი წყდება,
    რადგან ელვა,
    როგორც ელვა ციდან ნასხლეტი,
    შოთას გონებას რაღაც ჯადო დაეპატრონა
    და ელვასავით აკაშკაშდა უცნობი სიტყვა
    “სარატანისა”.
    “ეს სარატანი რა ჯანდაბაა?!” – იფიქრა წამით,
    სულ ერთი წამით,
    მაგრამ მაშინვე ეს ერთი წამიც
    არარაობას გადააბარა
    და შეშლილივით დააცხრა ფურცელს:
    მიწურვილ იყო ზაფხული
    ქვეყნით ამოსვლა მწვანისა,
    ვარდის ფურცლობის ნიშანი
    დრო მათი პაემანისა,
    ეტლის ცვალება მზისაგან
    შეჯდომა სარატანისა,
    სულთ-ქნა, რა ნახა ყვაყილნი
    მან უნახავმან ხანისა,
    აგრგვინდა ცა და ღრუბელნი
    ცროდეს ბროლისა ცვარითა,
    ვარდთა აკოცა ბაგითა
    მითვე ვარდისა დარითა…………….
    აქ ისევ შედგა.
    უჰ!
    გაეჭედა!
    რადგან სიტყვებზე “ცა და ღრუბელნი”
    გაახსენდა უცებ ვრუბელი,
    ვრუბელი და მისი დემონი
    რომელშიც ცოტა ანგელოზია.
    ეს კიდევ რაა!
    მოაგონდა: “არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
    ისე გხატავდა თამარს ვრუბელი”…
    და სიტყვა “თამარს”
    რაღაც სევდა დაადგა ბაკმად,
    მერე რატომღაც (თუმც რაღა რატომ):
    “შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
    მომაგონდები”… და ა.შ.
    “მე აქ რა მინდა?! – გაიფიქრა მოულოდნელად –
    მე აქ რა მინდა? ამ ქვეყანაში?!”…
    შეძრწუნებულმა მიმოიხედა
    და თვალწინ ისევ ისე დაუდგა:
    მე აქ რა მინდა,
    საქართველოში,
    რისთვის, ძვირფასო,
    რისთვის, ნუგეშო?!…
    ჭიქას დაწვდა.
    ყავა გადაკრა.
    მოუკიდა ჩამქრალ სიგარეტს
    და ისევ თავის ხელნაწერებს დაასო თვალი,
    სადაც ეწერა: აგრგვინდა ცა და
    ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარით…
    ანაზდად შეცბა
    რადგან ისევ
    რაღაც ბუნდოვნად თვალთ მოებლანდა,
    რაღაც ოდესღაც ნანახი და დავიწყებული,
    თითქოს ეს უკვე ოდესღაც იყო
    (დეჟავუს განცდა. ხომ განგიცდიათ ბავშვობაში და ა.შ.),
    თვალწინ დაუდგა ამ ცოტა ხნის წინ გადაკითხული
    გამოკვლევა რუსთველოლოგ მ. თავდიშვილის
    (ჩვენი მურმანის)
    “ვეფხისტყაოსნის დაფანტული სტროფები”,
    სადაც ეწერა შავით თეთრზე, რომ წვიმის მოსვლა
    რენესანსის იმ ნეტარ დროში
    ღმერთის წყალობად იაზრებოდა…
    მაშ მით უმეტეს!
    მით უმეტეს შესაძლო არის
    ჩაიწეროს აქ ეს სიტყვები
    რომ აგრგვინდა ცა
    და რომ ღრუბელნი
    ცროდეს ბროლისა, თუნდაც, ცვარითა!
    ეს ეპიზოდი ხომ იმ დროს ხდება, როს ავთანდილი
    თითქმის შემთხვევით
    დაკარგულ ქალის ადგილსამყოფელს მიაკვლევს ბოლოს!
    და ასე შემდეგ!
    და ასე შემდეგ!
    ვიდრე თვით ბოლო სტრიქონებისა,
    როდესაც შიგან მათს საბრძანისსა
    კრავი და მგელი ერთადა სძოვდეს!….
    მაშ გავაგრძელოთ:
    უკვე ჩამოწვა ვერაზე ბინდი,
    უკვე ანთებენ ელექტროლამპებს,
    ცაზე ღრუბელი ლანდივით მიდის,
    ქარი ცაცხვებში სინანულს ანთხევს,
    ქუჩიდან ისმის ხმა მოხუცების
    ხელის კანკალით შინ რომ მიდიან,
    ყომარბაზები და ოხუნჯები
    ჩაცუცქდებიან საცა ბინდია,
    ქალაქი ცოცხლობს ათასი წელი,
    ისევ ისეა, ვით გამოცანა,
    იწვის სანთელი
    და ქარვისფერი
    ნათელი
    ღამის გულს გამოქარვავს,
    დაღლილი კაცი იცდის ოთახში,
    დაღლილი კაცი – უცხო, ეული,
    სიცოცხლე მიდის ისევ მოცდაში,
    და აბედივით ხმება სხეული,
    შეუძლებელი, შეუძლებელი,
    შეუძლებელი არის ცხოვრება,
    ამღვრეული და შეუცნობელი,
    დავიწყებული დაუხსომებლად,
    მოდის ხსოვნაში სიტყვები: ბავშვი,
    ბზა, სახარება, სხივი, ჭიშკარი…
    და ეძებს კაცი გაწყვეტილ კავშირს
    როცა ცრის წვიმა, როცა ქრის ქარი…
    ო, მეგობარო, წავიდეთ ქარში,
    წამოდი, ქარში ერთად ვიაროთ
    სადაც სიბნელე დარბაზებს გაშლის
    და ზღაპრის სკივრზე კვარი კიაფობს,
    დავაგდოთ ჩვენი უჟმური ბინა,
    თვალი შევავლოთ სხვა ჰორიზონტებს,
    გავყვეთ უცნაურ ვარსკვლავის ბრწყინვას
    უკუნეთიდან რომ მოგვიწოდებს,
    წამომყე, წამო, გავუყვეთ შორ გზებს
    სადაც სავსეა ცა ვარსკვლავებით,
    ვიხეტიალოთ ამ მიწის ზურგზე
    აღმოსავლეთით და დასავლეთით,
    ეგებ მივაგნოთ ამქვეყნად ალაგს
    სადაც მშობელი მიგველის ჩვენი –
    მშობლური, ტკბილი, მოწყალე –
    მამა,
    ცა წყალობისა მთოველი, მფენი,
    წამო ვიაროთ ათასი წელი,
    თან გავიყოლოთ ეს გამოცანა –
    რომ კვლავაც ბნელში ჩანდეს ნათელი
    და სიბნელიდან ნათლის მოტანა.