პოეზია

რატი ამაღლობელი – ოქტომბრის ანგელოსი და სხვ. ლექსები

maglobeli-rati-98

* * *

დროდადრო ჩემში იღვიძებს კაცი,

ბოლომდე არც კი…

 

აქაურობა, სივრცე, დროება –

ეუცხოება.

 

მანდობს დაფარულს, სიზმრებს ლექსებად

მიწერს, მეხსნება.

 

და თუ ვნებდები ყოფის დინებას –

ღრმად ეძინება.

 

საღამო

საღამო – ნაკლები სინათლე

და მეტი განწყობა შიგნიდან.

სვლა შენი განცდების წინანდელ

დაბურულ ლაბირინთში გინდა.

 

საღამო – ფოთლების სიმწვანე,

ქუჩები – ჯადოქრის შეხვედრა,

უეცრად სუნთქვას რომ გიმწვავებს –

შეხედავ და  თავბრუ გეხვევა.

 

საღამო  კანკალებს ჩრდილებით,

ცირცელის მარცვლები დაცვივდა,

აივნებს მოუსხდნენ ჩიტები

მაცნენი სულთა გარდაცვლილთა.

 

ფოსფოროსი

სუროთი დაბურულ ეზოს მიაგენი სიღრმეში, შენს შიგნით,

ეზო აშრიალდა საღამოს ბაღისებრ, შენ შეკრთი, შეშინდი.

 

ეზოდან ეზოში გაყავხარ ბილიკებს, ბაღების ლაბირინთს,

იქ, ძველი, ნაცნობი აჩრდილი შორიდან გიხმობს და გაგირბის.

 

სიღრმეებს შეყევი თრთოლვით და მაღალი თაღების ოვალი

ვარსკვლავთა ციმციმში გაფითრდა, ათრთოლდა გზა შუქ-ჩრდილოვანი.

 

აქ, წესით მუხის ქვეშ ოდესღაც ფიცრული რამ იდგა მერხივით,

რომელზეც იჯექი, იწექი, თმა-ხშირი გარს გერტყა ხეხილი.

 

არ იცი – ხეების უკნიდან ქარია ფოთლებში გაჩრილი,

თუ შენი მშობლების, ან სულაც ბავშვობის მეგობრის აჩრდილი.

 

მათი მონატრების სიმძაფრით სულ უფრო სიღრმეში ეშვები,

აღვიძებ სიყვარულს, მისი ფრთის ყოველგან შემღწევი, შემშვები

 

შუქით გსურს გაფანტო კუთვნილი ქვესკნელის ბურუსი გოროზი,

ინათოს, დაბრუნდეს ნათლის ანგელოსი ცაზე – ფოსფოროსი.

 

ყვავილთა სული

ბინდდება. ველურ ყვავილებს  მინდვრის

სული ამოსდით ჩამავალ მზისკენ,

ყვავილთა სული ვარსკვლავეთს მკვიდრობს,

ყვავილთა სული იქიდან გვიმზერს.

 

ბინდდება. ხსოვნაც ცა არი, ჰპოვე

ამ ცის მნათობთა ამოალება,

თვალები ცაზე ვარსკვლავებს ძოვენ,

რომ ჩვენს შინაგან იქცნენ თვალებად.

 

ბინდდება. ფიქრის საზღვართან მიხვალ,

სად სივრცე დროდ და დრო იქცა სივრცედ,

სივრცის იქით კი ვარსკვლავებს მიღმა

იგრძენი ვიღაც და იქაც გიგრძნეს.

 

ლოგოსი

მინდვრად ბალახის, ქვაზე ხავსის, კედელზე სუროს

ზრდის და ამოსვლის ძალას მალავს და მათში ცურავს

 

სიტყვის უთქმელი შიდა მხარე და გარეთ მწყურვალ

თვალთათვის უმალ ხილულქმნილი განკაცდა სრულად.

 

სიტყვა, რომელმაც სიმაღლეთა პირველსამყოფლის

წიაღნი განვლნა, ცანი განვლნა და იაკობის

 

კიბით დაეშვა იესეს ხის მწიფე ნაყოფზე –

ღმერთი კაცის და კაცი ღმერთის წიაღ ამყოფა.

 

ხსოვნის სკნელებში მოგონების შუქით გათოვდა,

სიტყვა განივრცო,  გავარსკვლავდა, გა-ცა-მნათობდა.

 

ამ ვარსკვლავეთის ცანი მოსცა კაცის შინაგანს,

კაცს – ცის სიღრმეში, ცის სიღრმეს კი – კაცში ინახავს.

 

მოედოს ფიქრის ვრცელ მოედანს, აზრის ასპარეზს

ცა-მთოვარ-მთიებ-მუშთარ-მარიხ-ზუალ-ასპიროზ.

 

მზის სიღრმეთაგნ ხმა არათუ მოდის აქ ექოდ,

არამედ თავად, მიღმა ცათა, ზოდიაქოთა

 

გამოუთქმელი ღმრთეებრივი სიტყვა გამოთქვა,

ვარდი გაშალა. ქრისტე აღდგა. ლოდი გაგორდა…

 

მზის სული

აგვისტოს საღამოს გვიანდელ

ზღვებზე რომ ბზინავდა – სინათლეს,

დარდი და წუხილი წინა დღის

უამბე, მიანდე.

 

მიყვარხარ, საღამოს ვეება

ზღვაში ჩამავალო მზეო, მე…

დღეების ფერხულში შევები,

ღამეებს შიგნიდან ვეომე.

ცხრა ზღვაში, ცხრა მთაში ჩასულო;

დავივლი ბნელ კალთებს ღამეთა,

გიპოვნი წარსულში ჩაწურულს,

იქიდან ამენთე.

 

ამო და ამენთე მზეო, შინ…

მწეო და ჩემო ზე ამწეო –

ნათლის მწდე წყვდიადში შეუშვი,

აქციოს სამზეოდ.

 

ოქტომბრის ანგელოსი

პერსეფონე

აგრილდა. ფრთები სექტემბერმაც მოკეცა, ბაღებს

ოქტომბრის მცველი ანგელოსი შიგნიდან აღებს.

 

ბაღში ფაქიზ და გამჭვირვალე სინათლის ფარდაგს

გაფენს და ირგვლივ ფოთოლ-ცვენის მასშტაბებს ადგენს.

 

აგრილდა. უკვე ეს ზაფხულიც ჩემშია, შიგნით:

სინათლედ, სითბოდ, ფურცელ-ფურცელ გადაშლილ წიგნად

 

წევს და საკუთარ თავს მაკითხებს ხსოვნის ხის ჩრდილში.

დღემ იკლო. ღამემ მოიმატა, სიბნელის შიშით

 

თუ მოიწყინეს მიპყრობილმა გარეთ თვალებმა,

თქვი: მე ვარ შიგნით ზაფხული და მზის მხურვალება.

 

ქამმერდე

სოსო მეშველიანს

ოქტომბრის ტყეში

ჭრელდება ნეშო

და შრება შეშა

მეტყევის მოგრო-

ვებული,

რომელსაც შეშლის

(თვალი თუ მოკრა)

ტყის-ჭინკა-გოგო,

ჩანს, არ გამოგო-

ნებული.

 

ვინც მიხვრა-მოხვრას,

ვნებიან ოხვრას

და ძახილს არც თუ

მსუბუქად მაცდურს

გაუძლებს,

ოქტომბრის ტყეში,

მის ოკრო-ბოკრო

ბორცვებზე მზიდან

დაღვრილი ოქრო

ფიქრის  აუზებს

აუვსებს.

 

დემეტრა

ცივი

ნოემბრის წვიმა –

ცვივა

დემეტრას ცრემლი

მძივად.

ზევიდან ქვევით

ქტონებში მძირავს

შავეთის  მძიმე

ქანები, ქვები –

ქვესკნელის გზებით

გძებნი და მივე-

ქანები ქვევით.

 

ექოა ხმების –

არი აქ ვინმე

ჩემი

ნუგეშისმცემი?

 

ნოემბრის ტყის ანგელოსი

გავიდა ზაფხული,

ხსოვნას გადაბარდა.

ბუჩქები ალპური –

დეკა და კატაბარდა

გადაბარდნა.

 

ვუსინჯავ თანდათან

ამინდებს გემოს და

ახალი ცვლა დადგა

ცაში ანგელოსთა.

 

სამხრეთით მოვარდნენ ქარები,

ძაღლების ყეფით და ყიჟინით,

დაფხრიწეს ფერადი ალმები,

ჩქარობენ,

სიმშვიდის შიში აქვთ.

 

ყეფენ და ყვლეფენ

ტყეებს ხშირფოთლოვანს,

სიმშვიდის შიში აქვთ.

 

ტყეებს ჭრელფოთლოვანს,

რომელშიც მოთოვა –

ამ ცაცხვით, იმ შინდით

მოიცავს სიმშვიდე.

 

აქ ვპოვე მგლოვიარ

ტაძრის რამ ნანგრევი,

რომელშიც მგონია

შევალ და გავქრები.

 

ჯვარცმა თოვლში

მზე ჩადის მთაში…

ცის ფერადოვან

ფარდაგთა მცვეთი

მზე ჩადის თვალში,

მის ბროლში, ლალში

და სისხლის წვეთი –

დენადი ცეცხლი,

თხევადი ალი

ეცემა თოვლზე

წყვილ-წყვილ და

წყვეტილ

მძივების ვარდნით

და ყვავილ-ყვავილ

იშლება ვარდად,

წითლდება თეთრი

სივრცე და არ ვლილ

უღრანში მდედრი

წარსული

ბარდნის.

 

პაემანი

თქვენ გარდაცვლილები

სიზმრის სარკმლით

მოდიხართ ჩემში.

როდესაც მისი

შედარებით ნათელი შრიდან

ძილის მეორე, მესამე

დაფარულ სიღრმეში ვეშვები,

ვვარდები –

იქ მისაფრდებით,

მელოდებით

და მიმძაფრდებით.

 

თქვენ, გარდაცვლილები

მოდიხართ –

ჩემში იკრიბებით,

როგორც ტაძარში –

მის კან-ქვეშა კატაკომბებში

და მეც თქვენი მოგონების

ნანგრევები ვარ,

სადაც ნებივრობთ,

როცა კედლებზე ზვერავთ

ფრესკებად

თქვენს განვლილ დღეთა

ანარეკლებს, სურათ-ხატებებს

და უნებურად

 

ჩემში იხსნებით,

ჩემში იხსენებთ დედამიწას,

მის სასრულ წარსულს

და დრო-ჟამიერს,

რომელიც დათმეთ,

ან ჯერ რომ არ თმობთ

სრულებით,

ერთმანეთს ვათბობთ

სულებით

და განვისვენებთ

ურთიერთში,

ანუ ვივსებით

ისევე –

 

მე,

თქვენგან განცდილ

უჟამობით,

ახალ მიზნებით,

რასაც ისახავთ

ცის რუკაზე,

რასაც მისდევთ და

რასაც მისდევდით

მზისკენ, ღვთის ნებით –

თქვენი თვალებით

ვუმზერ იმ გზებს,

მაგ მზით ვიგზნები.

 

ამთრის ბაღის ანგელოსი

აგვისტოებით, მაისებით, შემოდგომებით

ბაღი საუბრობს იგივეზე, შენ მონდომებით

 

ბაღს უვლი და მეც შენი ბაღი მoყვარს ზამთრობით:

თოვლით, აუზით გაყინულით, ერთი ნათურით

 

მბჟუტავი ბაღი სიმშვიდეზე როცა საუბრობს –

შენი სარკმლისკენ მოელვარე თვალი გაურბის.

 

შენც ყინვით დამსკდარ ტუჩს მიადებ სარკმლის მინაზე

და მოსჩანს ბაღი საშობაოდ გამთბარ ბინაში.

 

თოვლზე ფეხის ხმით, შეღებისას ჭიშკრის ჭრიალით,

ძაღლების ყეფით, ჩიტის ფრთების ფრთხილი ფრთხიალით,

 

თოვლს რომ იბერტყავს, ვარსკვლავების იალკიალით

ბაღი გარედან შენი ფიქრის შიგნით იელვებს.

 

საშობაო

უფროსებისთვის

თოვლის ბაბუა გადაცმული ქრისტეა, ღამე

მოქმედებს წმინდა ნიკოლოზის ხანდაზმულ სახით,

ცხრა ცის სიღრმიდან ნახტომს გაშლის ირემი ცხრავე

და შეებმება მისი ძღვენის უხილავ მარხილს.

 

თმენა, იმედი, მოწყალება, სიმდაბლე, რწმენა,

თავისუფლება, თანაგრძნობა, სურვილთა ძლევა,

მსხვერპლად გაღება, ერთგულება, სიმტკიცე, ნდობა,

მშვიდობისყოფა, თავდადება, შორსმჭვრეტელობა.

 

ყველა ეს ნიჭი უსაზღვრო და აურაცხელი

შენია, ხსოვნის ბნელ სარდაფში ნუ კეტავ გროვად.

ახედე ზეცას – ვარსკვლავების ბაბუაწვერას

ქრისტე უბერავს სულს და ასე იწყება თოვა.

© არილი

Facebook Comments Box