
ღრმა 80-იანი წლებია, პრიალა ჟურნალი იმდენად იშვიათი რამაა, რომ თავისთავად უძვირფასეს განძად გეჩვენება — სულ ერთია, რა თემატიკისაა, მთავარია, შიგნით დიდი და ხარისხიანი ფოტოები იყოს. მე ასეთი ბევრი მაქვს, უფრო სწორად, მამიდაჩემ დოდოს (რომელსაც სტალინისტმა ბაბუაჩემმა სვეტლანა კი დაარქვა, მაგრამ მაინც ყველა დოდოს ეძახდა ერისქალობაში), წლობით ნაგროვები პოლონური ჟურნალი KINO. ჯერ არათუ პოლონურად, ქართულადაც კი არ ვიცი კითხვა და ისე, ტყუილად და საათობით ვათვალიერებ ამ ჟურნალებს, არ მბეზრდება. აქ რაღაც სხვანაირი სამყაროა, სხვა ხალხია, გამოუცნობი ამბები ხდება. ერთი კაცი მომწონს განსაკუთრებით — უცნაური სახე აქვს, ერთხელ თუ მოკრავ თვალს, შეუძლებელია, დაგავიწყდეს ან ვინმეში შეგეშალოს. გავა წლები და საჭირო სიტყვას ვისწავლი — „მეტყველი“ სახე — ჰო, ზუსტად ასეთია, მეტყველი და არა უბრალოდ ლამაზი ან სექსუალური. ამ კაცის ფოტოებს ხშირად ვუბრუნდები, დამახსოვრებული მაქვს, რომელ ნომრებშია. სახელს, ცხადია, ვერ ვკითხულობ, კითხვა ხომ მშობლიურ ენაზეც არ ვიცი ჯერ. და კიდევ ერთი ქალია, ამ ქალის თან მეშინია, თან მნუსხავს — თვალები აქვს შემაშინებლად ლამაზი, უკან გადაწეული და გადაპრიალებული ქერა თმა. ეს ქალიც ასეთია — ლამაზთან ერთად ძალიან „მეტყველი“. ამასაც ზუსტად ისევე ერგება ეს სიტყვა, რომელსაც წლების მერე აღმოვაჩენ.
ეს ჟურნალები მარტო ჩემია. ქალმა რომ თქვას, ჩვენი დიდი სახლის რომელიღაც შორეულ კუთხეში დახვავებულებს არც არავინ მეცილება. ჩემი უფროსი ძმა სულ სხვაგან ეძებს გასართობს, ცოტაც და პორნოკარტებს იშოვის საიდანღაც და მეც (და, ალბათ, თვითონაც) საშვილიშვილო კომპლექსებს ამკიდებენ არარეალურად დიდპენისიანი პორნოვარსკვლავები. არ არის ეს ჩემი ტერიტორია. ჩემი პოლონური ჟურნალების სამყარო სულ სხვანაირია. აქ ახლოდან უყურებ სახეებს და არა გენიტალიებს, სქელ და უჩვეულოდ ხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილ სევდიან, ტრაგიკულ, დაღლილ და ჰო, რაც მთავარია, მეტყველ სახეებს.
კაცს წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი და ინტელექტუალობაზე დაუსაბუთებელი პრეტენზიების მქონე ვნახავ ტელევიზორში. ასეთი ფილმია, ბნელი და სევდიანი, შობის ღამეს ცოლიან კაცთან ყოფილი საყვარელი ქალი მოდის და სთხოვს, ჩემი დაკარგული ქმარი მაპოვნინე, მეშინია, რაიმე ხომ არ შეემთხვაო. ესეც ხათრს ვერ უტეხს და ვარშავის გაყინულ და ცარიელ ქუჩებში უაზროდ დაქრიან წინ და უკან კარგა ხნის წინ წასული ან სულაც არარსებული ვითომკაცის ძიებაში. ზუსტად ის „მეტყველი“ სახეა დოდოს ჟურნალებიდან. სახელად თურმე დანიელ ოლბრიხსკი ჰქვია.
იმ დღეებში კიდევ ერთი ფილმი გადის ტელევიზორში, ქალი ეკითხება ექიმს, გადარჩება თუ არა ჩემი მომაკვდავი ქმარი, იმიტომ, რომ ორსულად ვარ სხვა კაცისგან და თუ ქმარი გადარჩება, აბორტს გავიკეთებ, თუ ვერ გადარჩება, მაშინ ბავშვს გავაჩენო… ეს ქალი კრისტინა იანდაა, შემაშინებლად ლამაზი თვალებით და გადასლეკილი ქერა თმით.
ესენი ჩემი ბავშვობის ნაცნობები არიან და ისე მიხარია, რომ ახლა უკვე მათი სახელებიც ვიცი: დანიელი და კრისტინა.
დოდოს ჟურნალები რაღაც დროს მორიგმა რემონტმა შეიწირა, ალბათ, ხელს გააყოლეს და გადაყარეს, როგორც მაკულატურა. ის ორი სახე კი მაინც ისე ცხადად მახსოვს, თან უკვე სახელებიც მეხმარება დამახსოვრებაში. ჟურნალებს ვინღა დაეძებს. ეს სახეები გაცოცხლდნენ — კინოში გადაინაცვლეს. იმ ორი ფილმის გარდა, კიდევ სხვებიც გადის, რაღაც საერთო აქვთ ამ ფილმებს, ვიღაც უცნაური ტიპები დაიძურწებიან ფილმიდან ფილმში და მთავარ პერსონაჟებს აკვირდებიან. და კიდევ ერთი ახალი პოლონური სახელი იწერება ჩემს მეხსიერებაში — ოღონდ, ეს უფრო ძნელი გამოსათქმელია: ქშიშტოფ კისლოვსკი (როგორც პოლონურის მცოდნეებმა მითხრეს, თურმე, ასე ყოფილა სწორი, არადა, მთელი ცხოვრება კიშლიოვსკის ვეძახდი). ამ კაცის სახე არ ვიცი. ალბათ, იმ გამქრალ ჟურნალებში ესეც იქნებოდა, მაგრამ მაშინ რას მივხვდებოდი. სახელს ვერ წავიკითხავდი და დანიელივით ლამაზი ეს არ ყოფილა. აქ პირიქით მოხდა — ჯერ სახელი დავიმახსოვრე და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვნახე ფოტოსურათი. ამ კაცის სახე სულ სხვანაირი იყო, ნამდვილად არ ჰგავდა დანიელს. არც მომეწონა და არც დავიწუნე. გამაღიზიანა. ნერვები მომიშალა. ალბათ, იმიტომ, რომ შემშურდა. კი, ნამდვილად და დაუფარავად, მთელი არსებით შემშურდა მისი. როგორ იღებდა ასეთ ფილმებს? მეგონა, პირდაპირ მე მელაპარაკებოდა, მეგრელ თინეიჯერს, 90-იანი წლების აწ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში.
წარმოიდგინეთ: პატარა ფოსტალიონი ბიჭი უთვალთვალებს მეზობელ ლამაზ, მასზე გვარიანად უფროს ქალს; აწოწილი ახალგაზრდა ბიჭი უმიზეზოდ კლავს ტაქსისტს და მერე სიკვდილით სჯიან; სასაცილო ძმები ცდილობენ შერეკილი მამის დანატოვარი მარკების კოლექცია გაყიდონ; სასრიალოდ წასულ პატარა ბიჭს ყინული ჩაუტყდება და იხრჩობა; თეატრალურის სტუდენტი გოგონა და მამამისი ერთმანეთს ატირებენ და სიყვარულში ეჯიბრებიან…. რომელი ერთი გავიხსენო. ასე მგონია, ეს რთულსახელიანი და ჯერჯერობით უსახო კაცი მე ვარ. უფრო სწორად, მე ვიქნები, როცა გავიზრდები.
კიდევ ცოტაც და უკვე როცა სამფერა ტრილოგიის პირველი ფილმი, „ლურჯი“ ვნახე, ეს ჩემი სურვილები ნამდვილ შეპყრობილობად გადაიქცა. დაუჯერებელია, როგორ ახერხებდა ვიღაც ქშიშტოფი ზუსტად იმ ამბების და ზუსტად ისე მოყოლას, როგორადაც მე მოვინდომებდი, როცა გავიზრდებოდი?
მალე „ლურჯს“ „თეთრი“ დაემატა და ხან ერთი უფრო მიყვარდა, ხან მეორე. ხან მელანქოლია, ხან სარკაზმი, წინ და უკან დავდიოდი, ვერ გადამეწყვიტა, რომელი იყო უფრო „ჩემი“ ფილმი. მთელი ათი წელი (ან იქნებ, მეტიც) ვერსად ვერ ვშოულობდი „წითელს“ — არსად, არც ერთ გაქირავებაში არ ჰქონდათ ეს ვიდეოკასეტა, გასაწყვეტი ტელევიზიებიც არ აჩვენებდნენ. წარმოიდგინეთ, ტრილოგია სიგიჟემდე მიყვარდა ისე, რომ დასასრული არ ვიცოდი. მაგრამ, სამაგიეროდ, რამხელა წამლეკავი ნეტარება იყო, როცა სოკოებივით მომრავლებული კერძო ტელევიზიებიდან რომელიღაცამ ბოლოს და ბოლოს აჩვენა „წითელი“! მთელი ერთი კვირა გაოგნებული დავდიოდი. როგორ დაუშვა სამყარომ ეს უსამართლობა? მე, კისლოვსკის ასეთ ფანს და ლამის რეინკარნაციას, ამდენი წელი არ მქონდა ეს გენიალური ფინალი ნანახი?
აქ ძალიან უნდა გადავხტე წინ. ისე მოხდა, რომ კინოს ნაცვლად თეატრს დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება და კისლოვსკად გახდომა გაურკვეველი მომავლისთვის გადაიდო. ან სულაც გაუქმდა. გავიზარდე და ის გამოვიდა ჩემგან, რაც გამოვიდა. რას გააწყობ. ეგაა.
მაგრამ თურმე მოიცა, ჯერ სადა ხარ. ცოტაც მოიცადე, დოდო მამიდას საგანძურის ელვარებაში გაზრდილო დავით!
სამეფო უბნის თეატრში პოლონელებთან გავაბით კავშირი, ბევრი კარგი ავტორის პიესები ვთარგმნეთ, ვიკითხეთ, ვუჩვენეთ სპექტაკლების ჩანაწერები, მოწვეული პოლონელი სტუმრები მაყურებელს შევახვედრეთ და ა.შ. მათ შორის ერთი გამორჩეული კაცი იყო, ტანად უჩვეულოდ მაღალი (ისევ ჩემი კომპლექსები — უმალ სხვაზე ვიტყვი, რომ „უჩვეულოდ“ მაღალია, ვიდრე საკუთარ სიდაბლეს ვაღიარებ!) ვოიტეკ ფარუგა. მისი ისეთი კარგი სპექტაკლის ჩანაწერი ვნახეთ, რომ ერთხმად ვთქვით: ამან ჩვენთან რაიმე უნდა დადგას. და მე, როგორც თეატრის ლიტნაწილის გამგეს (კი, ასეთი რამ მართლა არსებობს), დამევალა, ნიადაგი მომესინჯა, დავლაპარაკებოდი — რას დადგამდა, რამე რომ ყოფილიყო, საქართველოში. თან გონებაში 5-6 ვარიანტი მქონდა შემზადებული შესაგებებლად, მაგრამ მეგრული ზრდილობა მოითხოვდა, ჯერ სტუმრისთვის მომესმინა. და ამ ჩვენმა მაღალმა ვოიტეკმა პირდაპირ მითხრა:
„მე ზუსტად ვიცი, რისი დადგმაც მინდა. შენ შეიძლება არ გსმენია, მაგრამ იყო ასეთი პოლონელი რეჟისორი, ქშიშტოფ კისლოვსკი, რომელმაც 80-იან წლებში გადაიღო სატელევიზიო სერიალი „დეკალოგი“. ათი ფილმია, თითო მცნების მიხედვით… გაგიგია?“
მგონი, გავწითლდი მაშინ. ჯერ ერთი, აღვშფოთდი: რას ჰქვია, გამიგია? ნეტა თუ იცი, ვის ელაპარაკები, ბიჭო?! და კიდევ, აღვფრთოვანდი: „დეკალოგზე“ ვიმუშავებ, ნუთუ ეს მართლა ხდება? ამდენი წლის შემდეგ.
მთელი ის ზაფხული ვჭერით და ვკერეთ „დეკალოგი“, რომ როგორმე ორმოქმედებიან, დაახლოებით სამსაათიან სპექტაკლად გვექცია. კუს ტბის მზეს მიფიცხებულები ათი დღე ერთად ვმუშაობდით მე და ვოიტეკი. მერე მარტო დავრჩი და გავაგრძელე და ყოველ ჯერზე, როცა ამ საქმისთვის სპეციალურად ნაყიდ ბლოკნოტს ვშლიდი, ბავშვობის გაუშიფრავი პოლონური „იეროგლიფები“ მახსენდებოდა და უცნობი პოლონელი მსახიობების თვალები.
2019 წლის ბოლოს „დეკალოგის“ პრემიერა გვქონდა სამეფო უბნის თეატრში. მაყურებლების უკან მე აქეთ ვაწყდებოდი კულისებს ნერვიულობისგან, ვოიტეკი იქით, მეორე მხარეს იყო მოსასულიერებელი. მისთვის სულ სხვა პასუხისმგებლობა იყო ეროვნული საგანძურის დადგმა უცხო ქვეყანაში, უცხო ენაზე, სულ სხვა კულტურაში. მე კიდევ ყოველი სცენა ბავშვობასთან მაბრუნებდა. ალბათ, ასეთი მთლიანად და ერთიანად „ჩემი“ არც ერთი სხვა, მართლა საკუთარი პიესა ან ტექსტი არ ყოფილა ჩემთვის.
ჩვენი „დეკალოგი“ სხვანაირი იყო — ოლბრიხსკი და იანდა შეიკვეცნენ ამ ვერსიაში. რას ვიზამთ, ყველაფერს ვერ ჩავატევდით. მთავარ ღერძად კი ის ეპიზოდი იქცა, ეთიკის პროფესორ ქალს თავისი წარსულისთვის თვალის გასწორება რომ მოუწევს, როცა ომის დროს მის მიერ მიტოვებული ებრაელი გოგონა მოულოდნელად დაადგება თავზე და პასუხს მოსთხოვს წარსული შეცოდებებისთვის.
აქცენტების გადათამაშება, ეპიზოდების სხვა თანმიმდევრობით დალაგება, ზოგის შემოკლება ან ადაპტირება, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ როცა ასეთ დიდ ავტორთან გაქვს საქმე, თან ხელ-ფეხი გეხსნება. იმდენი შრე აქვს დედანს, რომელსაც გინდა, იმას წამოსწევ წინ ადაპტაციაში, ახალი წაკითხვის, ახლებურად გააზრების საშუალებას სულ იძლევა. „დეკალოგის“ მექანიკური კოპირება თეატრის სცენაზე თავიდანვე განწირული იქნებოდა. ვის ეჯიბრები? კისლოვსკის? იმაში, რაც უკვე გააკეთა სულ სხვა სახელოვნებო მედიუმის ენაზე? არა, ჩვენ მისგან ავიღეთ შთაგონება და ვეცადეთ, პერსპექტივა შეგვეცვალა, ერთგვარად თავიდან „დაგვემონტაჟებინა“ ეს ყველაფერი. მონტაჟი კიდევ, მოგეხსენებათ, თითქმის მთავარია კინოში (მთლად მთავარი თუ არა) და თეატრის დრამატურგიაშიც, სხვათა შორის.
მერე ვოიტეკმა „დეკალოგის“ იგივე ადაპტაცია ვარშავაში, თეატრ ნაროდოვიშიც დადგა. სპექტაკლი ახლაც რეპერტუარშია და აბა, თუ ბიჭი ხარ, სცადე და ბილეთი იშოვე.
რამდენიმე წლის შემდეგ კისლოვსკიმ ისევ ამოყვინთა ჩემთან. ქალაქ ბიდგოშჩის თეატრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ამასობაში უჩვეულოდ მაღალი ვოიტეკი გამხდარიყო, კისლოვსკის დოკუმენტური ფილმების მოტივებზე პიესის დაწერა შემომთავაზა. აქ კიდევ ერთი, ჩემთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ავტორი აღმოვაჩინე. თურმე როგორი დოკუმენტალისტი ყოფილა ეს რთულსახელიანი კაცი! დაუჯერებელი, სულისშემხუთველი სახეებით პოლონელი მუშების, ექიმების, კლერკების, მშენებლების, ფეიქრების… ცხოვრებიდან.
ორი პაწაწინა სცენა ორი სხვადასხვა ფილმიდან გახდა ჩემთვის შთაგონების მთავარი წყარო და მომავალი პიესის ხერხემალი:
პირველი: ქარხნის დაღუპული მუშის ქვრივი მოჰყავთ დირექტორთან ოფიციალურ შეხვედრაზე. მოკრძალებული, უბრალო ქალია, არ იცის, რა უყოს ამდენ ყურადღებას, ერთი სული აქვს, აქედან წავიდეს, საცოდავად უხდის მადლობას ყველას, ვინც თანაგრძნობას უცხადებს.
მეორე: საფეიქრო ფაბრიკის დამსახურებული მუშა ქალი პენსიაზე გადის და თანამშრომლები და უფროსობა დიდი ზარ-ზეიმით აცილებენ. ამ ქალის მზერაში იმდენი სევდაა — რა მოელის ამიერიდან? რა უნდა აკეთოს? მთელი ცხოვრება ამ ერთ დღემდე დავიდა — ყველანი თითო მიხაკს ჩუქნიან და მასთან ერთად ტირიან და იცინიან.
ასე გაჩნდა ბიდგოშჩის თეატრში ქართულ-პოლონური სპექტაკლი „არაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ“ — რომელიც რეჟისორმა დათა თავაძემ დადგა.
აგერ უკვე 44 წლის გავხდი, იმ ჟურნალების თვალიერებიდან რამდენი წელი გავიდა, დათვლა გამიჭირდება, და კისლოვსკიმ ასე „გამჭოლ“, სიუჟეტურ ხაზად გაიარა ჩემს ცხოვრებაში. ეს სიუჟეტი ჯერ არ დამთავრებულა. სულ რაღაც ერთი თვის წინ იმავე მაღალმა კაცმა წერილი მომწერა, რამე რომ იყოს, „სამი ფერის“ სასცენო ადაპტაციას გამიკეთებო? როგორ ფიქრობთ, რას ვუპასუხებდი? ახლა საწოლთან მიდევს „სამი ფერის“ ინგლისური გამოცემა და მალე სიზმრებშიც ეგ პერსონაჟები შემომიძვრებიან.
როცა მოზარდებს შემოქმედებით წერას ვასწავლი, სულ ვაფრთხილებ, რომ მხოლოდ პირად განცდებზე არ წერონ, არ ჩათვალონ, რომ რაც თვითონ განუცდიათ, იმავე ხარისხით ააღელვებს მკითხველსაც. და ყოველ ჯერზე მე თვითონ მეშლება და ამ წესს ბოლომდე ვერ ვიცავ. ამ წერილშიც ეს შეცდომა დავუშვი. ლამის მთელი რომანი დამჭირდება იმ ემოციის აღსაწერად, რაც დამმართა ამ ბოლო წერილმა. ბავშვობაში ნაფიქრი: როცა გავიზრდები, კისლოვსკი უნდა გამოვიდე-მეთქი, ასე მომიტრიალდა. რას ეძახიან თანამედროვე მჩხიბავ-გურუ-ქოუჩები ამას?
თუ არ მეშლება, მანიფესტაციას, ჰო?
© არილი