პოეზია,  პოეზია (თარგმანი)

ჯონ კინსელა – პაციფისტის მხარდაჭერა ყველას, ვისაც საქართველოში რეპრესიები შეეხო

თარგმნა და შესავალი დაურთო დალილა გოგიამ

ავსტრალიელი პოეტი, აქტივისტი,  ჯონ კინსელა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროტესტს, გმობს პროტესტის მონაწილეთა უკანონო პატიმრობას და მხარდაჭერას უცხადებს სინდისის პატიმრებს.

ეს ლექსი მან ქართველი პოეტების ლექსების – ზვიად რატიანის „მამები“, ლელა კურტანიძის „საქმე: საქართველო“ და გიორგი შონიას „თაობა“ – წაკითხვის შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა მებრძოლის და ცნობილი მოვლენების ძალადობის მსხვერპლთა სოლიდარობის ნიშნად დაწერა.

ზვიად რატიანის ცნობილი ლექსი „მამები“ (1998) აღწერს 1990-იანი წლების, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებულ, ძალადობითა და უსამართლობით სავსე საქართველოში მშრომელი, პატიოსანი, ოჯახისა და სამშობლოს მოყვარული „მამების“ თაობის განწირულ, დაუცველ, უუფლებო მდგომარეობას. დღეს, როცა ზვიად რატიანი თავად წარმოადგენს „მამების“ თაობას,  ქვეყანა,  „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროპული კურსის ოფიციალურად უარყოფის შემდეგ, ნელ-ნელა მოექცა იზოლაციაში, გაჩნდა მორალური კრიზისი, ხოლო ადამიანის უფლებების დარღვევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.  ამ ფონზე, ლექსი „მამები“ გარკვეულწილად სამშობლოს შესახებ წინასწარმეტყველურ ტექსტად  აღიქმება, რომელიც ყოველ ახალ, „ზედა ეშელონებისგან“ დისტანცირებულ  „მამებისა“ და „შვილების“ თაობას ერთგვარ მოჯადოებულ წრეში აქცევს – იმავე მეთოდებით ებრძვის, იმავენაირად წირავს დასაღუპად. 

 ლელა კურტანიძე მშვიდობიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და არაერთხელ გამოცადა ძალადობა პოლიციისა და სპეციალური დანაყოფების მხრიდან, წყლის ჭავლისა თუ მომწამვლელი გაზის დამანგრეველი ძალა. შეიძლება ითქვას, ლექსი „საქმე: საქართველო“ ქვეყნის პრო-ევროპული ნაწილის სახელით,  ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული კურსიდან გადახვევასა და მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ძალადობის გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.  

დღევანდელი მოვლენების ფონზე, გიორგი შონიას ლექსი „თაობა“, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ე. წ. „განათლების რეფორმის“ კონტექსტში, ქართველი ახალგაზრდების მანიფესტად იკითხება.  ყველას გვესმის, რომ „განათლების რეფორმა“ რეალურად წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – საუნივერსიტეტო სფეროს გამანადგურებელ მექანიზმსა და უარს დასავლურ საგანმანათლებლო სისტემაზე. ლექსი „თაობა“ სწორედ ამგვარი „რეფორმისა“ და, საერთოდ, დასავლურ სამყაროსგან იზოლაციის პირობებში,  ახალგაზრდების ბუნდოვან, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულ  მომავალს წინასწარმეტყველებს.

ჯონ კინსელას ლექსთან ერთად “არილი” აქვეყნებს ზვიად რატიანის, ლელა კურტანიძისა და გიორგი შონიას ლექსებსაც, რომლებსაც მკითხველი მეტ-ნაკლებად უკვე იცნობს, მაგრამ ამ პუბლიკაციის კონტექსტში გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ისინი.

ჯონ კინსელა

პაციფისტის მხარდაჭერა ყველას,

ვისაც საქართველოში რეპრესიები შეეხო

მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში,

მაგრამ მინახავს როგორ აღძრავს

მისტიკურ და პრაგმატულ გრძნობებს

მთებისა და ხეობების სურათები,

როგორ ფენს შუქს ოჯახების

კომფორტსა და დაძაბულობას,

როგორ იქცევა დაშორება

ქალაქსა და სოფელს შორის

ზოგჯერ სირთულედ, ზოგჯერ კი შვებად.

მე მესმის საუბრები, რომელიც ვერ მოხვდა

გლობალურ საინფორმაციო გამოშვებებში

და მათ შერჩევით, დელეგირებულ, მიკერძოებულ

ამბებში. მე მესმის დამუხტული ხმები,

რომლებიც მოდის

მრავალი ქუჩიდან, სახლიდან, სამუშაო

ადგილიდან, პარკიდან –

ალმოდებული ბრაზისა და იმედგაცრუებისგან,

თუმცა ერთმანეთს შეწყობილი, შთაგონებული.

მათი პოლიფონია მიჰყვება

ელექტროგადამცემ ხაზებს და ფოთლებს,

ადგილების და ხალხის ქორო

ერთიანდება ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე.

ზღვის მეორე ნაპირიდან აღწევს

სიცხადე ნისლში –

გადარჩენილი ფრაგმენტები

ერთმანეთს ერწყმის

და ერევა წმინდა ადგილებს.

ტანჯვის ხაზები გაჭიმულა ციხეებიდან:

მე მათ ვიცნობ, ვისაც სტკივა, მაგრამ არ ჩანან –

მათ ხმას ახშობენ.

თქვენი ხმა ისმის, ხალხო,

ჩვენ გვესმის თქვენი.

ამ ლექსს გიგზავნით,

როგორც იმედს, როგორც თილისმას,

რათა დაგიცვათ

და დაგანახოთ –

განვიცდით და

გული შეგვტკივა.

ლელა კურტანიძე

საქმე: საქართველო

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაული

კვალიფიცირებულია სისხლის სამართლის

144¹ და 144³ მუხლებით.

ამ დანაშაულს ჰყავს

კონკრეტული განმხორციელებელი პირები,

რომელთა რიცხვი,

შესაძლოა იყოს გაცილებით მეტი,

ვიდრე თვითონ საქართველოს

მოსახლეობა.

ყოველ შემთხვევაში

ჩემი ტანჯვის ვიწრო სარკმლიდან

მწვალებელთა უზარმაზარი რიგი მოჩანს.

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან ყოველდღიურად ვუყურებ,

როგორ იწრიტება სისხლისგან

მშობლობაწართმეული ჩემი სამშობლო.

დიახ, მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან ვხედავ,

როგორ იბრძვის ცოტა ბევრისთვის,

ბევრი კი დუმს.

ჰოდა, მე მსხვერპლი ვარ,

რადგან სიმშვიდის ნაცვლად

ყოველდღიურად ვგრძნობ ბრაზს,

ტკივილს,

შფოთვას და წყენას,

რაც შეუსაბამოა ჩემს ბუნებასთან,

რომელსაც სურს სიყვარული,

ჰარმონია,

მიტევება.

მე იმიტომაც ვარ მსხვერპლი,

რომ ყოველდღიურად მაყურებინებთ,

როგორ დუღს ღარიბებით სავსე ქუჩა,

თქვენ მაყურებინებთ,

როგორ ბრუნდება

გაწბილებული მოხუცი აფთიაქიდან,

მაღაზიის რიგიდან,

თქვენ მაიძულებთ

ფრთხილად ვიარო ქუჩაში,

რათა არ წამოვედო

მოწყალებისთვის გაშვერილი ხელების

უსასრულო წყებას

ან უპატრონოდ

ძველმანებში მიძინებულ ძაღლებს.

თქვენ მაიძულებთ დავივიწყო,

რომ არსებობს პირადი მომავალი,

რომ შესაძლოა აკეთო

საყვარელი საქმე მშვიდად,

გამორთო ტელეფონი,

განმარტოვდე პროფესიულ ოაზისში,

დატკბე აღმოჩენის სიხარულით.

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან მაიძულებთ ვიფიქრო,

რომ არაფერში ვარ საკმარისი:

რომ ვარ არასაკმარისად მხარდამჭერი

მეგობარი,

არასაკმარისად გამძლე,

არასაკმარისად გამჭრიახი,

არასაკმარისად სტრატეგი,

არასაკმარისად თავგანწირული

თანამებრძოლი,

არასაკმარისად წინდახედული,

არასაკმარისად სოლიდარული.

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან მაიძულებთ ნორმად მივიღო

ყოველგვარი არანორმალური:

დაჭერები,

ჯარიმები,

ცემა და შეურაცხყოფა,

საბოტაჟი,

დისკრიმინაცია,

უგრძნობლობა,

დევნა თავისუფალი სიტყვის,

განსხვავებული აზრის,

კვლევის და შემეცნების.

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან მაიძულებთ

ვიკითხო წიგნები დიქტატურაზე,

ტოტალიტარიზმზე,

და ეს ყველაფერი

საკუთარ ქვეყანას დავუკავშირო.

მე ვარ წამების და

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,

რადგან მე ვერ ვიღებ სათანადო ზრუნვას

მსხვერპლობის გამო,

რადგან ირგვლივ ყველა წამების და

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია

და იძულებული ვარ

ჩუმად დავითმინო ჩემი ჭრილობები.

მე ვარ წამების

და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი

და ამაში ყველაზე ადამიანური

ალბათ სიტყვა “არაადამიანურია”,

ნეგატივის მეშვეობით დანახული

საკუთარი არსებობა,

ადამიანობის ხაზგასმის

სამართლებრივი გარანტი,

ყოველ შემთხვევაში დღეს,

უფრო სწორად, ჯერჯერობით.

გიორგი შონია

თაობა

მე ვწერ ამ ლექსს მთელი თაობის სახელით,

ვინც მიიღო უმაღლესი განათლება,

ვინც იყო გამორჩეული ან არც თუ ისე

გამორჩეული სტუდენტი,

ვისაც საკუთარი პრინციპების დაცვისთვის უკან

არასდროს დაუხევია,

ვისაც არასოდეს დაუსხამს წყალი საზოგადოებრივი

სტატუსის მოსაპოვებელ წისქვილზე,

ვინც გრანდიოზული მომავლის იმედით

უყურებდა ხვალინდელ დღეს.

მთელი თაობა, რომელსაც აღარ სჯერა

საარჩევნო დაპირებების.

პოლიტიკოსებმა ამოწურეს ყოველგვარი

სოციალური კაპიტალი.

ისინი გვპირდებიან გაზრდილ ხელფასებს,

პენსიებს და უამრავ სამუშაო ადგილს.

მე კი უკანასკნელ ძალას ვიკრებ, ვიაზრებ სიტუაციის

აბსურდულობას

და ვიწყებ მორიგი ლექსის წერას.

მე ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჩემს ზემოთ,

მორალურად მდგრად პრინციპებს ჩემში,

მოსაბეზრებელ წინასაარჩევნო ვიდეო რგოლებსა

და სპეტაკსახიანი პოლიტიკოსების უზარმაზარ

ბილბორდებს

ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

ეს უკვე იყო, თან ძალიან ბევრჯერ,

მოსაბეზრებელი დეჟავუ, რომელიც იმედის უკანასკნელ

უმწეო ფესვებს კლავს ჩვენში.

სახელმწიფო არ არის დაინტერესებული შენი ბედით,

ხელისუფლება არასოდეს გამოგიწვდის

დახმარების ხელს,

კერძო კომპანიები კი აუტანელ სამუშაო გრაფიკს

და მონურ ანაზღაურებას გვთავაზობენ.

ჩვენ არ გვიცავს „შრომის კოდექსი“,

ბაზარი კი ვერაფერს არეგულირებს.

ჩვენ წლობით ვიმყოფებით ჩაკეტილ წრეში, რომლისგან

გაღწევა შეუძლებელია.

ჩვენ ნონკონფორმისტი სუპერ გმირი გვჭირდება –

სპაიდერმენი,

ან, თუნდაც, ტაილერ დერდენი,

რომელიც მთელ საბანკო სისტემას და საკრედიტო

ისტორიას გაანადგურებს.

შენ მარტო ხარ,

შენ ვერ იხდი გადასახადებს, მაშასადამე არ არსებობ.

შენ არ შეგიძლია, წვლილი შეიტანო ქვეყნის

აღმშენებლობაში.

შენ არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს.

შენი გადარჩენისთვის არ ილოცებს პატრიარქი,

შენ ცივი ზამთარი და მორიგი სიკვდილი გელოდება

თებერვლის ნაცრისფერ დილას, გარეუბნის ავტობუსების

რიგით გაჩერებაზე.

ზვიად რატიანი

მამები

 1.

როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი

           ახალთახალი პრესის მოტანას, ისინი ბრაზობდნენ.

ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში

           და ხტოდნენ, ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით,

როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს

            მეტოქის კარში ათავსებდა.

ზამთრისდილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს

და, მოტორის გახურებამდე, მოთმინებით აბოლებდნენ პირველ

            ღერ კოსმოსს,

ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ

            თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ

            ქალაქს.

ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის

            თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად, ღირსეულად

            ისხდნენ ხელფასზე.

ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს.

ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს.

ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების

             მხრებზე

და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.

მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა

              მოწამლული –

საწყალი მამები.

საწყალი მამები, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ

              ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ

და ახლა, როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია,

ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც

              შეუცვალეს ნომრები,

ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც

             შეუცვალეს სახელები,

იხდიან მგზავრობის საფასურს,  ფულს, რომელსაც შეუცვალეს

             ფორმა და ფერი

და სამსახურებში, რომლებსაც სახეები, კერძოდ – პროფილები

             შეუცვალეს, მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ,

რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები

             ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად

და რომელმაც, მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა.

             და ახლა, როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია,

ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ, და კიდევ უფრო

             ისეთები, ვიდრე წლების წინ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი,

             სახლებისაკენ მოაბიჯებენ,

ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ,

იმდროინდელი ჯემპრებით და შარვლებით და ფეხსაცმელებით,

რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის

              მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ

              მძიმე სხეულებს.

მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები

სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით,

              და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები,

და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო,

როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების

             ცხოველებს სჩვევიათ, როცა პირველად მოხვდებიან

             ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ,

როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც,

             ერთნაირად უელმდება გამოხედვა და ერთნაირად ეშინია –

             ვეფხვსაც, კურდღელსაც;

და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს, ისე მამებიც,

            ჩვენი მამები, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით

და ასე, მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან

            გამოღვიძებას;

მაგრამ სიზმრისთვის სულერთია, მამაპაპური ძილისათვის

            მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე,

მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს, და რაკი დაიწყო,

            გრძელდება სიზმარი

და არც ის ადარდებს, თუ მომართული მაღვიძარა, სადაცაა,

           აწკრიალდება.

და წვანან მამები, სიბნელეში, პირით კედლისკენ,

ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ,

და ვეღარ ბედავენ, იფიქრონ წარსულზე,

რომელიც ასე, ძილისწინობით, წაღმა–უკუღმა იმდენჯერ

               ფურცლეს,

რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს,

ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა,

ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის,

ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ

შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის

              არ იყოს, აღარ ჩანს.

და წვანან მამები, სიბნელეში, პირით  კედლისკენ,

რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს

და თქვან  რაც უნდათ, ვინც უნდათ – აგინონ, ამოანთხიონ

            მთელი ბოღმა – აღარ შერჩათ კედლებს ყურები,

მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები,

პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები,

და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,

როცა მათი სურვილები, საქმეები, საზრუნავები

შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით

და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ,

            სცენის სიღრმისკენ, საწოლებისკენ ისე მშვიდად

            მიირწეოდნენ;

როცა იწვნენ, სიბნელეში, პირით – ხვალისკენ

და კალენდარული ძილით იძინებდნენ.

ახლა კი, როცა ყველაფერი შეცვლილია,

როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცვლილია, რომ ხსოვნამ

           შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია,

როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა,

როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი

           გადაიტანა, რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა

           სიტყვა სამშობლომ,

როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა

           უეჭველი გიჟების რიცხვი

და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი,

           საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეექვსე

           გრძნობა,

ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა

           დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი

           წარმოედგინათ

და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც

          ვუთხარით; ხოლო ჩვენ ვუთხარით,

რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა

          ენგრიათ,

რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები,

რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა

და თანაც ჩვენთვის, თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი

           სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ,

და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომღაც

           ითაკილეს შეპასუხება

და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია,

როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები

            თავ-თავიანთი გაზეთებით,

როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური

           საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით,

როცა გაყიდული მანქანების მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ

            ჟანგიანი საბარგულები,

როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი

და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ,

დაიჩაგრნენ, დაიჩაგრნენ  ჩვენი მამები,

და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები,

ჩვენი  მამები – და არა ნავთობის,

ჩვენი – და არა თამბაქოს მამები,

და არა ტრიბუნის, და არა ეკრანის, და არა ომის და ტურიზმის

             მამები,

რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე, ხალხის

            გულებში, ქვის ობელისკებზე,

არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში,

ჩვენს მყუდრო სახლებში –

საწყალი მამები.

2.

და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო,

რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული,

და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში.

და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი

           რვეულის ფურცლები,

და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში,

და როგორც  ბავშვები, ჯიუტად იცდიან,

როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ

           დადებული,

რაღაცის უკან ჩავარდნილი

ფერადი ფანქრები.

© არილი

Facebook Comments Box