
დაბრუნება
ზოგჯერ ღამე მომნუსხველია, სიჩუმე კი რომანტიკული. ზოგჯერ კი, სუსხიანი სიბნელე ნაადრევ ჯოჯოხეთად იქცევა და შემზარავ სიჩუმეში ნერვებს გიშლის თვრამეტივე თავხედი ჩიტი, რომლებიც თავის ენაზე რაღაცას ბურტყუნებს. ჯარისკაცებს ძალიან არ უყვართ ღამე, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ მოულოდნელი შეტევები ღამით იწყება. პოლკოვნიკ გენო ასმავას ეს ამბავი საერთოდ არ ესმოდა და სულ კითხულობდა, თუ ვამბობთ, რომ ყოველღამე დაძაბული ველოდებით მოულოდნელ შეტევას, მოულოდნელი რანაირადღააო?! საერთოდ, გენო ასმავას სხვა მიზეზიც ჰქონდა, რომ ღამე არ ჰყვარებოდა, რადგან ძალიან ეშინოდა ჭინკების სახელად მაცი და რენე. პატარაობისას ბებია უამბობდა ამ ჭინკების ამბებს, დავაძინებო ასე… არადა პირიქით, მას მერე საერთოდ არ ეძინებოდა გენოს და ისე ძალიან არ ეძინებოდა, რომ ღამის შიში და სიძულვილი კიდევ ორმოც წელს გადმოჰყვა და აგერ, შემოდგომის ადრეულ სუსხში, რომელიღაცა კოლხური ტყის რომელიღაცა ხესთან, ორჯერ დაჭრილი და ომში დამარცხებული პოლკოვნიკი ასმავა კვლავაც იმ ორ ბოროტ ჭინკაზე ფიქრობდა, რომლებიც არასდროს ტოვებდნენ მისი სახლის ოთახებს, რომლებშიც შუქი არ ენთო. ლესიჭინესთან ახლოს, წიწვების წვიმაში, გენო ასმავას გარდა კიდევ ნახავდით რამდენიმე ფორმიანს. მწვანე, უკაცრიელ მდელოზე გენერალ ვაჟა მონიავას შეკრებილი ჰყავდა მისი შენაერთის ათი ყველაზე ღონიერი მეომარი. აქ ის მეომრები იყვნენ, რომლებიც ყველაზე მაღლა სწევდნენ ძალიან მძიმე ყუთებს. დაბარებული ჰქონდა მერაბ ვასაძეს მონიავასთვის, ღამის ორ საათზე ვერტმფრენით მოვალ, ჰუმანიტარულ ტვირთს ჩამოვიტან და შენი საუკეთესო ბიჭები დამახვედრეო. ერთი ტანკიც იყო იქ, ვინმე თუ ტვირთზე შეცილებას ეცდებოდა, ომი რომ გაემართათ ვაჟას ბიჭებს. მეომრებს ეხურათ შავი ბერეტები და ეწეოდნენ პრიმას. სიგარა რომ მქონდეს, ჩე გევარა ვიქნებიო მთლად, თქვა გენერალმა მონიავამ. მას რომ ჭაღარა წვერი არ ჰქონდა?! – გამოეხმაურა მეომარი ვალერი ჯაკონია. ოთხმოცი წლის ჩე გევარა, ბიჭო, რომ არ მომკვდარიყო ის… – არ დაიბნა ვაჟა მონიავა. გვიანდებაო ვერტმფრენი, ნერვიულობდა პოლკოვნიკი გენო ასმავა. ჭინკები კიდო მოიპარავდნენ, დაამშვიდა მონიავამ. ასმავას ცოტა ეწყინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. უდიდეს პატივს სცემდა ნატანჯ გენერალს. ჰუმანიტარული ტვირთის გაყოფას სამ ნაწილად აპირებდნენ მონიავა და ვასაძე. ნაწილი დამშეულ ჯარისკაცებთან დარჩებოდა, ნაწილი სამოქალაქო ომით გაუბედურებულ მოსახლეობაში დარიგდებოდა, ნაწილი კი, დიოსკურიაში წავიდოდა, სადაც ბოლო დღეებში, დაუძინებელი მტრები, ექს-პრეზიდენტის გვარდიელები და საბა აბაკელიანის შენაერთი, სისხლის და სიკვდილის ლაბირინთში ერთად შეასკდნენ ტამიშის დესანტს და დროებით მაინც მიხვდნენ, ვინ იყო მტერი. მალე, შუაღამის დაძაბული სიჩუმე ვერტმფრენის გუგუნმა ჩაანაცვლა. ჩაბნელებულ ცაზე გამოჩენილი საფრენი, მითოლოგიურ ურჩხულს მოგაგონებდათ, რომელიც სოფელში მოფრინავდა, რათა მოეტაცა იქაური ბავშვები. მონიავამ და ასმავამ იარაღები შემართეს. ვერტმფრენი დაეშვა. რამდენიმე წუთი არაფერი ისმოდა შიგნიდან. დაიძაბა მონიავა. იფიქრა, კიდევ ხომ არ მიღალატესო. ბოლო ორ წელიწადში მონიავას ცხოვრება ღალატის და პატიების სერიებად იყო დაყოფილი, რომელშიც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოერეოდა მიხვრეტილი მოღალატის იდიოტური ნეკროლოგი. მერაბი, შენ თუ ხარ მანდ, გამოყავი თავი დროულად, თორემ გესვრით აწი და ავაფეთქებთ ვერტალიოტს! – იყვირა მონიავამ. არ იქნება მერაბი, მოკლეს ალბათ, აღარ უნდა ამას ლაპარაკი! – თქვა გენო ასმავამ და იარაღი გადატენა. ვერტმფრენის კარი სასწრაფოდ გაიღო და იქიდან ჭაღარა, მსუქანი კაცი გადმოხტა. რა უნდა ისროლოთ ბიჭო, მაცადეთ ცოტა ხანი, გააფრინეთ თქვენ? – თქვა ხელებაწეულმა. ვაჟა მონიავამ გაიცინა და კაცისკენ წავიდა. შენ თუ ხარ, ხმას ვერ ამოიღებ? – უსაყვედურა გენერალმა მერაბ ვასაძეს და გადაეხვია. რამდენი ტონა ჩამოიტანე ტვირთი? საჭმელია ხომ? – იკითხა მონიავამ. მილიონი და კიდევ მეტი, ვერ შეაფასებ იმდენი… – სერიოზულად უპასუხა მერაბმა. შემდეგ ვერტმფრენის კართან მივიდა. პრეზიდენტი ჩამობრძანდა! მიესალმეთ პრეზიდენტს! – ცრემლმორეულმა შესძახა მერაბ ვასაძემ. ვერტმფრენიდან მაღალი, გამხდარი, ძველ, ყავისფერ პალტოში გამოწყობილი ჭაღარა კაცი ჩამოვიდა. ვაჟა მონიავას ფეხები მოეკვეთა. მისი მიბაძვით, ცალ მუხლზე დადგნენ მისი მებრძოლებიც. პრეზიდენტი მათ შორის მიმავალ ბილიკზე მიდიოდა, ისინი კი ჰაერში ისროდნენ. შემოდგომის უკუნში, ზეცას წითლად მიარღვევდნენ საპატიო ტყვიები. ძალიან უყვარდათ მებრძოლებს პრეზიდენტი. ისე ძალიან, თითქოს მკვდარი იყო. ისინი იდეალისტები იყვნენ და, როგორც წესი, იდეალისტები ასეთ უპირობო ერთგულებას და თავდადებას მკვდრებს ჩუქნიან ხოლმე. შემდეგ პრეზიდენტი მიწაზე დაემხო. ატირებული სახე ბალახსა და მიწაში ჩარგო. უხაროდა რომ ღამე იყო. არ უნდოდა, ვინმეს ცრემლიანი ენახა. თავდავიწყებით კოცნიდა და ყნოსავდა მონატრებული სამშობლოს სხეულს.
იმედი
საქართველოს პრეზიდენტი თვლიდა, რომ სიკვდილი ერთადერთი იდიოტობაა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის დიადი თავგადასავლების ძიებაში. საქართველოს პრეზიდენტს სძულდა სიკვდილი, რადგან სიკვდილის შიში ლაჩრობად არ მიაჩნდა. ბევრი ისეთი რამ შეიძლება გიყვარდეს ცხოვრებაში, რაც სიკვდილის შიშს გაამართლებსო, ფიქრობდა ის. ისე გამოდიოდა, რომ სიკვდილი ზოგჯერ ყველაზე ღირსეულ ვაჟკაცებსაც აიძულებდა უკან დახევას და ამ უკან დახევას, ვერ დაარქმევდი ლაჩრობას. ყოვლად აბურდული და გაუგებარი ამბავი იყო. ლაჩრობა, მაგრამ არც თუ ისე ლაჩრობა… იბნეოდა პრეზიდენტი და სწორედ ამ ლაბირინთში ხვდებოდა, რომ ატანა არ ჰქონდა ყოვლად უაზრო, ურთიერთგამომრიცხავი და სევდიანი იდიოტობისა, რომელსაც სიკვდილს ეძახდნენ. თავად კი, საერთოდ არ ეშინოდა. იმიტომ არ ეშინოდა, რომ გრძნობის ეფექტი პირველ ქმედებაშიაო, ამბობდა. ნამდვილი შიში, ნამდვილი სიხარული, ნამდვილი სიამოვნება, პირველია და მერე უბრალოდ ამასთან მიახლოებული გრძნობები მეორდება, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო და უფრო დასუსტდესო. პრეზიდენტი კი, იმდენჯერ მოკვდა, რომ საერთოდ აღარ აფორიაქებდა შესაძლო მომდევნო სიკვდილი. ის მოკვდა, როცა დედაქალაქის მთავარ ხიდზე, ბატალიონ „სანტა მონტეს“ ბიჭებმა ჩაცხრილეს მისი მანქანა და მისი მომხრეების ავტობუსი. მაშინაც მოკვდა, ერევნიდან ჩრდილოეთ კავკასიისკენ გაფრენილ მის თვითმფრინავს რუსებმა ორი რაკეტა რომ ესროლეს და საოცარი პილოტი უცნაური მანევრებით რომ იცილებდა ამ ცეცხლოვან რგოლებს, თითქოს წრეში ბურთს თამაშობსო. და თუნდაც მაშინ, როცა დისიდენტობისთვის დაკავებულს, სრულიად ახალგაზრდას, თითქმის ბავშვს, საკანში გიურზა შეუსრიალეს და ელოდებოდნენ, როდის გააკეთებდა გველი მათ გასაკეთებელ საქმეს. პრეზიდენტის უშიშრობა სიკვდილთან მიმართებაში ძალიან გაახარებდა მის მამას, რომელიც პატარაობისას ეუბნებოდა, რომ ადამიანის ცხოვრება დიადი მიზნების გარეშე, მცენარის მოსაწყენ ცხოვრებას ჰგავს. დიადი მიზნებისკენ სწრაფვას კი, ხელს შიშები უშლის. სამყაროს მხოლოდ გამბედავი ადამიანები ცვლიან. სწორედ ამიტომ, გამბედავი პრეზიდენტი მოდიოდა ავტომატიან კაცებს შორის, რომლებსაც შავი სათვალეები ეკეთათ. ირგვლივ მისი დაბრუნებით აღტაცებული ათიათასობით ადამიანი ყვიროდა მის სახელს და ელოდა გადამწყვეტ ბრძოლას. პრეზიდენტის გამოჩენამ მათში გააღვიძა ჟინი, რომელიც სამოქალაქო ომის პირველი ეტაპის წაგების შემდეგ მისუსტდა. ბოლო დროს გულში ტრაგიკულ პერსონაჟად ჩადებული პრეზიდენტიც ხელახლა იქცა იმედად და გამარჯვების მასკულინურ სიმბოლოდ. პრეზიდენტი კი, უკან ახვევდა ცხოვრებას და ცდილობდა, ამ ყველაფრისთვის შეეხედა ისე, როგორც შეხედავდა ათი წლის ასაკში. აი, თითქოს ბავშვია, რომელიც შემთხვევით მოხვდა ამ ორომტრიალში. ათი წლისაა, კითხულობს მის საყვარელ გერმანელ და ბრიტანელ ავტორებს, უსმენს შუბერტს… და ხალხი. იარაღიანი ადამიანები მის გარშემო. როგორ ოცნებობდა. როგორ სხვანაირად წარმოედგინა ეს ყველაფერი ათი წლის ასაკში. ისე, როგორც ლუი მეთოთხმეტე ლა როშელში. ახლა იარაღი სულ სხვაგვარია ჩემო ბიჭო, მიმართა პრეზიდენტმა საკუთარ თავს ათი წლის ასაკში. არც ამ გვარდიელთა შორის მოიძებნება უფროსი მეგობარი, სახელად ათოსი, რომელიც ძმასავით მიგიღებს. არა, ეს გვარდიელები სულაც არ არიან ცუდი ბიჭები, მაგრამ ისინი შენში ხედავენ საყრდენს და ავტორიტეტს და საერთოდ ვერ იქნებიან ათოსები, რომლებიც ნატკენ, მგრძნობიარე გულს გაყინული სახით გადაფარავენ. ტრიბუნაზე ვაჟა მონიავა დგას. პრეზიდენტს უხმობს. ხალხს მიმართეო ბატონო პრეზიდენტო, მე სულ არ ვჭირდები მათ, მხედავენ ესენი სულო. პრეზიდენტმა სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბე. ხელები აღმართა. მის ჟესტს ათიათასობით ადამიანი ცრემლებით და შეძახილებით ხვდება. ამ ქალაქში პრეზიდენტი მხოლოდ პრეზიდენტი არაა, ის როკენროლის დიდების დარბაზშიც იკავებს საპატიო ადგილს. ის არის მასკულტურაც და კონტრკულტურაც. პრეზიდენტი ხალხის ზღვას უყურებს. აქა-იქ ზღვიდან მოჩანს კვადრატები, როგორც ბერძნული კუნძულები, ეგეოსის ზღვაში. ეს კვადრატები პრეზიდენტის პორტრეტებია, რომლებიც ადგილობრივებმა სახელმწიფო გადატრიალებისას ამბოხებულ შენაერთებს დაუმალეს. გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას! ჩვენი ჯარები მალე დედაქალაქსაც დაიბრუნებენ! მთელი საქართველო გამოვა, ხუნტას დაამარცხებს და შემდეგ, ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ! – მიმართა ხალხს პრეზიდენტმა. ბევრს სჯეროდა მისი. ზოგს არც სჯეროდა, მაგრამ მისი ერთგული იყო, რადგან არსებობდა პიროვნული სიყვარული მამაცი, ტრაგიკული ადამიანის მიმართ. პრეზიდენტის განწირულობის შეგრძნება კი, აასმაგებდა ამ სიყვარულს და მისთვის თავგანწირვის სურვილს.
სიამაყე
ადრე, ვინმეზე რომ ამბობდნენ ბოზია, მკვლელია, გათახსირებულია… მათ არ ვაგრძნობინებდი, მაგრამ თითქოს სხვაგვარად ვიწყებდი ამ ადამიანების დანახვას და ჩემი ქცევა მათ მიმართ იცვლებოდა. უნდობლობა ჩნდებოდა და შინაგანად გარიყულები ხდებოდნენ ჩემგან. ახლა კი ვხვდები, რომ არ არსებობს ადამიანის ერთგვაროვანი, ზოგადი ქცევა. გარემოებამ შესაძლოა გაიძულოს ერთხელ ბოზობა, ორჯერ მკვლელობა და სამჯერ აფერისტობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მართლა ხარ. ადამიანში ყველაზე ძლიერი შეგრძნება ინსტინქტია. ხშირ შემთხვევაში, ის მორალზე მაღლა დგას. როცა გადარჩენის ინსტინქტი გაიძულებს მორალის დავიწყებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამორალური ხარ. უარესი კი ის არის, რომ შესაძლოა არც ერთხელ, არსად, არასდროს, მაგრამ მაინც დაგაბრალონ, რადგან ასე სჭირდებათ. ასეთი საზოგადოების ბუნება. აქაც, ამერიკაშიც და მალაიზიაშიც კი. აი, შეხედე მიტინგს. ასიათასნი არიან. ნახევარს მაინც უთქვამს, ან დაუჯერებია, რომ ნაცისტი ვარ და ჩემს მებრძოლებს ოსი ბავშვების ამოხოცვა ვუბრძანე. ახლა კი ჩემს სახელს ყვირიან და ერთი სული აქვთ დამინახონ. როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რასაც ხალხი ერთ ადამიანს აბრალებს?! როგორ შეიძლება ასეთ დროს ადამიანთა გულწრფელობა იწამო?! მე აღარ მჯერა. გაგეცინებათ და, ზოგჯერ მათი უფრო მჯერა, ვისზეც ბევრი ვინმე მეუბნება, მაგას არ ენდოთ ბატონო პრეზიდენტოო, არასანდო კაციაო… – ჩაწერა პრეზიდენტმა დღიურში და ქალაქ აიას კულტურის ცენტრის აივანზე გავიდა, სიტყვით გამოსასვლელად.
რამდენნი არიან. ამდენი ადამიანი. ყველა თუ ჩემკენაა, რატომ ვიყავი შარშან ასე მარტო?! – ფიქრობდა პრეზიდენტი.
იმ დღეს, როცა პრეზიდენტის გვარდიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, აია დაიკავა, მთავარ მოედანზე მართლაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ხალხი დაბნეული იყო, აღარ იცოდა რომელი ჯარისთვის გაეცინა და რომელი ხელისუფლებისთვის დაეკრა ტაში. პრეზიდენტის დასავლური ბლიცკრიგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. წინ მხოლოდ დედაქალაქი იყო, რომელსაც ვეღარაფრით დაიცავდა დიოსკურიაში დამარცხებული, ნაფლეთებად ქცეული ამბოხებულთა შენაერთები. უცნაური იყო, მაგრამ პრეზიდენტი, რომელსაც საერთოდ საოცრად გამოსდიოდა მასასთან საუბარი, ახლა, როცა გამარჯვებული იდგა აიას მოსახლეობის წინაშე, ხმას არ იღებდა. მომიტინგეები ელოდნენ მჭექარე ხმით წარმოთქმულ სიტყვას კანონიერი ხელისუფლების აღდგენის და გამარჯვების სიდიადის შესახებ. პრეზიდენტი კი მხოლოდ იღიმოდა, ხალხს ხელს უქნევდა და ფიქრობდა. პრეზიდენტი არ იყო ბედნიერი. მშვენივრად იცოდა, როგორ მოექცნენ დიოსკურები დამარცხებულ ქართველებს. დიოსკურიის სამამულო ომის კონტექსტი, სამოქალაქო ომს მეორეხარისხოვნად აქცევდა და ამორალურ, ანტიპატრიოტულ ელფერს აძლევდა. პრეზიდენტი განრისხებული იყო, რადგან მშვენივრად იცოდა, როგორ შაყირობდნენ რუსები და დიოსკურები ქართველებზე, რომლებმაც მათ წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის ნაცვლად, ერთმანეთის ხოცვა გააგრძელეს.
უეცრად, პრეზიდენტმა, რომელიც საერთოდ არ იყო სიტყვით გამოსვლის ხასიათზე, ხალხის ზღვაში ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი.
ლია… რადგან აქ არის, ისევ ვუყვარვარ. ისევ ისეთია. მე აშკარად უფრო სწრაფად ვბერდები. ისევ აიაში ცხოვრობს. ალბათ, დიდი ხანია გათხოვდა კიდეც. ნეტავ ჩემზე თუ უყვებოდა ქმარსა და შვილებს?! – გაიფიქრა პრეზიდენტმა და გაუხარდა, რომ შორიდან ვერავინ შეამჩნევდა მის თვალებში გაჩენილ ცრემლებს.
ლია ადგილობრივი, არც თუ ცნობილი მწერლის ქალიშვილი იყო. პრეზიდენტი კი კლასიკოსისა. ცამეტისები რომ იყვნენ, ერთად ისვენებდნენ ასურეთში. იმ რეზიდენციაში, რომლითაც მაშინდელი სახელმწიფო მწერლებს ანებივრებდა. იმ ზაფხულს, ლია და პრეზიდენტი შეყვარებულები იყვნენ და ღამ-ღამობით, ჩუმად უყურებდნენ მთვარეს. პრეზიდენტმა ლიას ფირსაკრავის ფირფიტა აჩუქა, რომელზეც გერშვინი იყო ჩაწერილი. ლიამ კი, „სამი მუშკეტერი“ აჩუქა პრეზიდენტს. წიგნი, რომელიც შემდგომში უდიდეს როლს ითამაშებდა მისი, როგორც კაცის ჩამოყალიბებაში. პრეზიდენტში ხომ მუდამ ბჟუტავდა სურვილი, ყოფილიყო მამაცი და კეთილშობილი დარტანიანი, რომელსაც ეყოლებოდა მკაცრი და სამართლიანი ათოსი. ასურეთის შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ. პრეზიდენტს სულ ესიზმრებოდა ლია. სხვადასხვა ასაკის ლია, რომელიც საყვედურობდა, რატომ გაქრი, რატომ აღარ მომძებნეო… ამიტომ პრეზიდენტს სულ ეგონა, რომ ლია ნაწყენი იყო და ძალიან, ძალიან გაუხარდა, როცა მომიტინგეებს შორის დაინახა, ისევ ისეთი თვალებით, მაგრამ სხვანაირი თმით. თმით, რომელიც სინამდვილეში იყო თეთრი და მხოლოდ საღებავი უნარჩუნებდა წარსულის იერსახეს.
ზოგჯერ, პრეზიდენტს მეორე ქალიც ესიზმრებოდა წარსულიდან. ყველა ოქტომბერს და ყველა საჭმელს ამ ქალის სურნელი ჰქონდა პრეზიდენტისთვის. ეს სურნელი, ყოველთვის გულჩვილად აქცევდა და ზოგჯერ ატირებდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ცხოვრების გზაზე პრეზიდენტს უამრავი სიმწარე ჰქონდა გამოვლილი, ოლია კემულარია მისი მთავარი ტკივილი იყო, რადგან მანამდე, არ იცოდა რას ნიშნავდა სიკვდილი და იმისი გააზრება, რომ საყვარელ ადამიანს ვეღარასდროს ნახავდა. ოცი წლის ბიჭი, ორმოცი წლის კაცად აქცია კუბოში დანახული ბებიის სახემ. თუმცა, როცა მარტო რჩებოდა და ატირებული სთხოვდა დაბრუნებას, ზღაპრების მოყოლას და იხსენებდა, როგორ ეხუტებოდა ბებია ქარში, როცა ხის ოდა ხმაურიანად ირწეოდა, უეცრად გაზრდილი პრეზიდენტი ძალიან დიდის ნაცვლად, ძალიან პატარა ხდებოდა. სულ რაღაც, სამი-ოთხი წლისა. ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ოლია კემულარიას მონატრება მოსვენებას არ აძლევდა პრეზიდენტს და ეღიმებოდა, როცა იხსენებდა პირვანდელ ფიქრებს… როგორ ვიცხოვრებ იმ სამყაროში, რომელშიც გავა წლები, ათი, ოცდაათი, ათასი ისეთი წელი, რომელშიც ბებიას ვერ ვნახავო… ორმოცდაათი წელი იცხოვრა ასეთ სამყაროში და ზოგჯერ რცხვენოდა კიდეც ამ გამძლეობის გამო. ფიქრობდა, იქნებ ეს სიყვარულის ღალატიაო. ისიც იცოდა, რომ ოლია კემულარია ერთ წუთს არ იცოცხლებდა თავს, მას რომ რამე მოსვლოდა.
პრეზიდენტო, შენობაში უნდა შემობრუნდეთ, გენერალი ნოვიკოვია იქ… – ყურში ჩასჩურჩულა პრეზიდენტს ვაჟა მონიავამ.
პრეზიდენტი ხალხს დაემშვიდობა და აიას კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზისკენ დაიძრა. თან ახლდნენ უერთგულესი სამხედროები, აჩიკო ესვანჯია და ვაჟა მონიავა. დარბაზის ცენტრში რუსი გენერალი, ნიკიტა ნოვიკოვი იჯდა და მაგნას აბოლებდა. ნოვიკოვმა გენერლობა ავღანეთში მიიღო. თუმცა რადგან ოთხმოცდაცხრა წლიდან საქართველოს მოამაგრეს, ქართული სისხლი ბევრად მეტი ჰქონდა დაღვრილი, ვიდრე ავღანური. ნოვიკოვი იყო ცინიკოსი, უკულტურო და ლოთი, როგორც ყველა რუსი გენერალი.
- სალამი, კანსტანტინოვიჩ. რა ხანია გელით. – თქვა ნოვიკოვმა და წამოდგა.
- რამ შეგაწუხათ? – იკითხა პრეზიდენტმა.
- მე საქმის კაცი ვარ. დიდხანს არ გავწელავ. ასე გადაწყდა. თქვენ აქ უნდა გაჩერდეთ. ეს იქნება თქვენი საქართველო. იქით იმათი საქართველო იქნება. რა გინდათ ქართველებს? ერთი ქვეყანა ხომ გინდოდათ? ახლა ორი გექნებათ. ისე, როგორც კორეაში. არ მოგწონთ კორეა? მე მომწონს. ოღონდ წითელი. ის ამერიკელების პრასტიტუტკები, სირები არიან. – თქვა ნოვიკოვმა და ღრმა ნაფაზი გამოარტყა.
- ეგ ვინ გადაწყვიტა? – იკითხა პრეზიდენტმა და გაიღიმა.
- ჩვენ.
- ვინ თქვენ?
- ჩვენმა პრეზიდენტმა. ქვეყანამ. გენერლებმა. რა ჩემ ყლედ გინდა ჩამოთვლა? რუსეთმა გადაწყვიტა.
- იცი, რატომ ვომობ?
- იმიტომ, რომ ხელისუფლების დაბრუნება გინდა. ჰოდა, გექნება ხელისუფლება.
- არა. როცა ეს ომი დავიწყე, ხელისუფლება არც ვიცოდი რას ნიშნავდა. თოთხმეტი წლის ასაკიდან ვიბრძვი ჩემი იდეების კარნახით.
- ჰოდა, თოთხმეტი წლიდან ხელისუფლება გინდა. ამის თქმას ცდილობ არა?
- არა, ნიკიტა. მე იმიტომ ვომობ, რომ დადგეს დრო, როდესაც თქვენ აქ ვეღარაფერს ვეღარ გადაწყვეტთ. თუ ჩემი ამბოხებული თანამემამულეები მეტყვიან, რომ შენ და შენიანები აქ ვეღარასდროს ვერაფერს გადაწყვეტთ, მე მზად ვარ ჩემით დავუთმო მათ ყველანაირი ხელისუფლება და მეტიც, ჩავბარდე და შუბლში ტყვიაც მომხვდეს.
- გარეკილი გაქვს? რა სირობებს ლაპარაკობ?
- სიტყვები შეარჩიე გადამთიელო ჯარისკაცო, ამ ქვეყნის პრეზიდენტს ელაპარაკები!
- რა ჯანდაბის პრეზიდენტი ხარ? თქვენ პრეზიდენტი ვერ გეყოლებათ. ჩვენი ერთი ობლასწი უფრო დიდია, ვიდრე ეს თქვენი მთების ნაგლეჯი.
- ნიკიტა, შვილები გყავს?
- რა სირად გინდა ჩემი შვილები? კი, მყავს…
- უყვარხარ შვილებს?
- არ გიჟდებიან.
- ჰოდა, წადი, შვილებს თავი შეაყვარე. იქნებ ისე მოიქცე, რომ ცოლსაც აღარ სძულდე და ნაკლებად იქნიო სახლში ხელები. არაყს რომ გადაღვრი და გააცნობიერებ, რომ ვინმეს სჭირდები, ან გჭირდება, შემდეგ ვისაუბროთ ჩემს ქვეყანაზე. კაცი, რომელიც შვილებს არ უყვართ, ვერაფერს გაიგებს თავისუფლების შესახებ. შენ ფუტლიარი ხარ, მე კი ვიოლინო.
- შენი სულელური ქაქანის დრო არ მაქვს. თუ არ გაჩერდები, შენი ბიჭები ხვალ ჩვენს გრადებთან გაარკვევენ ურთიერთობას.
- აქამდე ვინმე სხვასთან ვარკვევდით?! – იკითხა პრეზიდენტმა და კარისკენ დაიძრა.
- ეი, პრეზიდენტო, მი ბანდიტო, პისტოლეტო… ან ისინი, ან შენ თუ დაიძვრებით, ფეხებზე მკიდია რომელი, ადგილზე დაგადუღებთ. მე არც მათი საქართველო მჭირდება და არც შენი. ერთიანი და ძლიერი არაფერი გამოგივათ. მომინდომეს ქვეყანა. ერთმანეთს ამოგაწყვეტინებთ შავტრაკებო. ერთი არ დარჩებით. მორჩილება უნდა ისწავლოთ! ჩვენ გასწავლით მორჩილებას! ზურგი მაქციე არა?! მი პირატო, გასტრალიორო, პრეზიდენტო, პისტალეტოოო!! – ყვიროდა დარბაზში მარტო დარჩენილი, მთვრალი ნოვიკოვი.
ოდა
ბატალიონ „რუხი მგლის“ მებრძოლები ხელებს იმ სახლისგან დარჩენილ ნაკვერჩხალზე ითბობდნენ, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის ბიჭები ჩაწვეს. ის ზამთარი ძალიან ცივი იყო. ყველაფერს იკადრებდა კაცი, ოღონდ დაემარცხებინა გვიანი დეკემბრის ყინვა.
რუსებთან უთანასწორო შეტაკებების შემდეგ, პრეზიდენტი კოლხეთის ტყეებში აჭიანურებდა დამარცხების დაკანონებას. ის არ ემალებოდა სიკვდილს. ის დამარცხებას ემალებოდა. სიკვდილი უკვე არაერთხელ განეცადა. ადამიანი მხოლოდ ერთხელ კვდება. ორჯერ, ათჯერ და ასჯერ ვერავის მოკლავ. ეს მხოლოდ ვიდეო თამაშებშია შესაძლებელი. რაც უფრო გვიან იპოვიდნენ პრეზიდენტს რუსები, ანდაც ამბოხებულები, მით გვიან დადგებოდა დამარცხების სამარცხვინო და ტრაგიკული აქტი. ეს იყო პრეზიდენტის ბოლო ბრძოლა. უფრო სწორად ბოლო თამაში. სასოწარკვეთილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ნერვები დაეგლიჯა მტრებისთვის და ბოლო ტურში მათ საშინლად რთული და დამღლელი დამალობანას თამაში შესთავაზა. აქ, ამ სოფლებსა და ტყეებში, პრეზიდენტს ვერავინ მოუგებდა ამ თამაშს. არაერთხელ უთამაშია და მოუგია ბავშვობაში, მანამ, სანამ ოლია კემულარია მისთვის ღომს აკეთებდა. ბოლო დღეებში პრეზიდენტი ბევრს ფიქრობდა ოლია კემულარიაზე. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამიტომ არ იწყენდა. ახლოვდებოდა წამი, როცა ორმოცდაათი წლის შემდეგ, პირველად უნდა შეხვედროდა. ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი მოეყოლა, რაც ოცი წლის ასაკის შემდეგ უკეთებია. თუმცა შემდეგ ეცინებოდა. მე რა უნდა მოვუყვე, ზემოდან იყურება, ყველაფერი ზეპირად ეცოდინებაო. პრეზიდენტს სჯეროდა ამ შეხვედრის. პრეზიდენტი ძალიან მორწმუნე იყო. მორწმუნე იყო მაშინაც კი, როცა მღვდლებიც კი არ იყვნენ მორწმუნეები. ათეისტური იმპერიის დროებაში ჩუმად სტუმრობდა ეკლესიებს, მერაბთან ერთად.
ომი მხეცებს ჰგავს. ლომებს და ვეფხვებს. კიდევ შტერ კაცებს. შტერი კაცებიც ხომ მხეცები არიან… ომი გლეჯს, ანადგურებს, აბახებს… ომი ძალაუფლებაა. ომი უფლებაა სხვის სიცოცხლეზე. თუმცა ყველაზე დამღუპველი უფლება. უფლება, რომელიც ბოლოს იმასაც მოუღებს ბოლოს, ვინც სხვისი სისხლით იკვებება. მხეცებს მონადირეები, ანდაც უფრო ძლიერი მხეცები ანადგურებენ. შტერ კაცებს კი, საკუთარი ნაშიერები, რომლებიც მამების შემხედვარე, ბევრად შტერ და გამწარებულ კაცებად იქცევიან. ამიტომ არ არსებობენ ომში გამარჯვებულები. ომის დროებით ტრიუმფატორსაც სისხლის მდინარეში ელის განწმენდა… – წერდა პრეზიდენტი დღიურში. შუაღამე იყო. კოცონი ათბობდა და დღიურის ფურცლებსაც უნათებდა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ წელსაც აღნიშნეს ახალი წელი. ანდაც არ გაგიკვირდებათ, რადგან ადამიანებს ყველაზე რთულ დროს სჯერათ ზებუნებრივი სისულელეების. იქნებ პირველი წელი იყოს თავისუფალი საქართველოს ისტორიაში, როცა ომი აღარ იქნება, თქვა პრეზიდენტის მასპინძელმა პირველის ათ წუთზე. მგონი ასე უნდა იყოს, დაეთანხმა პრეზიდენტი და საქართველოს სადღეგრძელო შესვა. ვაჟა მონიავამ სიმღერა წამოიწყო. ყველა აჰყვა ამ სიმღერას. მღეროდა პრეზიდენტიც. მღეროდნენ საქართველოს ჰიმნ „დიდებას“.
ფირუზას გაუმარჯოს სირაძეს, ჩვენ ბიძას, ქვეყნის უსტაბაშს და მერე საქართველოს იასნა, თქვა ბატალიონ „რუხი მგლების“ მებრძოლმა და არყით სავსე მათარა მოიყუდა. ცოტა დაგვიტოვე ოე, ვიყინებით! – მიაძახეს თანამებრძოლებმა. შემდეგ მათარა ჩამოატარეს. ახალ წელს გილოცავთ ძმებო. წელს იმენა ყველა ომი უნდა მორჩეს. დიოსკურია კი წავაგეთ, მარა შევალთ, დედას მოვუტყნავთ და ამ პრეზიდენტსაც დავადუღებთ! – თქვა მეორე მებრძოლმა და დალია.
აწი რა ვქნათ პრეზიდენტო? – უჩურჩულა პრეზიდენტს აჩიკო ესვანჯიამ. აწი უნდა ვიქეიფოთ, ახალი წელი მობრძანდაო, უპასუხა პრეზიდენტმა. თქვენ დროებით გაგიყვანთ ქვეყნიდან, ახალ კონტიგენტს შევკრებ და ხელახლა დავაყაროთ მოღალატეებს! – არ ცხრებოდა ახალგაზრდა გენერალი. თუ ასეა, შორს ნუ წახვალ აჩიკო. აქ ვინცაა ყველას ესროლე შენი, მონიავას და ჩემი თავის გარდა – ღიმილით უპასუხა პრეზიდენტმა ესვანჯიას.
აბაკელიანის კამანდა რატო არ გამოუშვეს ვითომ? გავიყინე ბლია. ირბინე ამ ტყე-ყლეში… – ბრაზობდა ბატალიონ „რუხი მგლის“ მებრძოლი. მაიცა რა შეჩემა, ისედაც ყველაფერს იბრალებენ, ეს გმირობა მაინც მივიწეროთ. თან დედის ტყვნას უპირებს მაგათ ფირუზა. ბევრი ძღნერი ჭამეს ომებში. სახელი გაგვიტეხეს. – დაამშვიდა გაბრაზებული თანამებრძოლმა.
პრეზიდენტის მასპინძლის ცოლმა გიტარა შემოიტანა და მღეროდა „ვა გიორქო მას“. მებრძოლები სუფრიდან წამოდგნენ. ჩვენ წავალთ, თქვენ მოისვენეთ პრეზიდენტოო, თქვეს. მებრძოლები ეზოში გამოვიდნენ. ოდა თითქმის ტყეში იდგა, სოფლისგან შორს. ყინავდა. მებრძოლები სიგარეტის კვამლს ყინვის ორთქლისგან ვერ არჩევდნენ. პრეზიდენტი ოთახში შევიდა. ძილს არ აპირებდა. დღიური ამოიღო.
ოე, მორჩა ნოვი გოდნი პრაზდნიკი, გავდივართ. – იყვირა ბატალიონ „რუხი მგლების“ მეთაურმა.
მუხის ძირში მსხდომი, გაყინული მებრძოლები უხალისოდ წამოიმართნენ.
ერთი კვირის წინ ქორწილი მქონდა და ეხლა რა ძღნერში ვზივარ ბლია… – წუწუნებდა მებრძოლი.
გავედით! – იყვირა მეთაურმა.
ოდა თითქმის ტყეში იდგა, სოფლიდან ძალიან შორს.
ღამე იყო, ბნელი და ცივი.
არსად ჩანდა კოლხური მთვარე, რომელიც პრეზიდენტს ოლღა კემულარიას აგონებდა.
გასროლის ხმა ყველამ გაიგო, მაგრამ არავის დაუნახავს.
© არილი