
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
ოცდახუთი ასწლეული დასჭირდა, ერთად მოსათვლელი ოცდახუთი ასწლეული, ანუ დაახლოებით ასი თაობა იმას, რომ ეს ფაქტი თვალნათლივ დასანახი და უდავო სიზუსტით გამორჩეული გამხდარიყო, აი, რა დრო დასჭირდა ამსიშორემდე, ჩვენს დროებამდე მოსაღწევად, თუმცა ესეც შეგვეძლო გვეთქვა: დაახლოებით ოცდახუთი ასწლეული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოძღვრება წამხდარიყო, ჩაშრეტილიყო, მისი მთავარი გზავნილი კი ბუნდოვანი და ამოყირავებული სახით გვჩვენებოდა, რამდენადაც მცდარი განმარტებებისა და გაუგებრობების უწყვეტმა ჯაჭვმა თავდაპირველი აზრის სრული და შეუქცევადი განადგურება განაპირობა, ისიც კი შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამ ყველაფერს სულ ასი კაცი დასჭირდა, იმ პირველიანად, რომელმაც გაიგო და გაგებული შთამომავლობას გადასცა, და ასეულის ბოლო კაციანად, ვინც გადაჭრით თქვა უარი ცოდნის თვალმიუწვდომელ სამფლობელოზე, ფაქტის გათვალისწინებით, ანუ ისე მოხდა, რომ ვიღაცამ – განსხვავებული მოსაზრებით – მოახერხა და ადამიანის გონებისთვის მისაწვდომი სამყარო შექმნა ამ უძიროდ ღრმა ცოდნის დამახინჯების საფუძველზე, რამდენადაც არა მხოლოდ შეუძლებელი იყო თავდაპირველი მოძღვრების აღდგენა, არამედ არც აღარავის სურდა სცოდნოდა, რა დაიკარგა, იმიტომ, რომ ასე მოხდა, ასი კაცი, ასი თაობა, ოცდახუთი ასეული წელი და დავივიწყეთ, რა ნაყოფი გამოეღო მსოფლიოს ყველაზე თვითმყოფი ფილოსოფოსის ფიქრებს, რას ღაღადებდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 450-380 წლებსა თუ 563-483 წლებში, იზიპათანას ირმების პარკისა და კუშინაგარის მიდამოებში, სულ ასი კაცი დასჭირდა, რომ ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, უმცირესი წარმოდგენაც აღარ გვქონოდა იმაზე, რომ ფაქტი ერთდროულად ქმნის და ანადგურებს საკუთარ თავს, რომ სიტყვები და იდეები ვერაფერს ამბობენ სამყაროზე – უკიდეგანო კოსმოსზე, ეგრეთ წოდებული თვალსაჩინო ფაქტების დამტევზე – და მტკიცებითაც რა მტკიცდება, სრულყოფილი და ბრწყინვალე არაფერი, მეორე მხრივ კი, იმ დროისთვის, როცა მსოფლიოს მამოძრავებელი მექანიზმი წერილობით აღიწერა, ეს, უდავოდ, ერთხელ და სამუდამოდ გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან, გაქრა საბოლოოდ, შეუქცევადად, თუმცა არა ფაქტებისა თუ სინამდვილის ნაკლებობის გამო, არამედ რაღაც პრიმიტიული სულიერი მდგომარეობის მისაღწევად, ყველაზე ადვილად დასანახ ბილიკზე დასადგომად, რათა კაცის გონებისთვის მისაწვდომ სამყაროზე კონტროლის დამყარება მოგვეხერხებინა და ამგვარად, ბუნების სამფლობელოში უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობა მოგვეპოვებინა, ეს დავიწყება გარდაუვალი გახდა, მეტი არაფერი იყო საჭირო, ერთადერთ აუცილებელ პირობად ეს უარყოფა გამოჩნდა ვიწრო წინკარში იმ ვეება სივრცისა, რომელშიც ნელა უნდა გაშლილიყო და გადაშლილიყო ფიქრის უგრძესი ჯაჭვი, და ჩვენ, წარმოუდგენლად რთული სამყაროს შემეცნებაზე უარის თქმით, ახლა უკვე შეგვეძლო სიცოცხლე მარად მარტივი, ბრიყვული და უმოწყალო ლოგიკის ტყუილად მბორგავ ტალღებში გაგვეტარებინა, ამგვარად დაგვედო სათავე ადამიანის რეფლექსური ყოფისთვის, რაღაც უბადრუკ გაუგებრობას – მიზეზშედეგობრიობის მექანიზმის არასწორად აღქმას რომ დაემყარებოდა, გამოგვერჩია მომნუსხველად მარტივი სახელმძღვანელო პრინციპი, დაფუძნებული ფაქტი-რეაქცია-ფაქტისა თუ უფრო სიმპტომი-რეაქცია-ფაქტის კორელაციურ სისტემაზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს სულაც არ უშლის, სინამდვილეში იმის პირობასაც კი იძლევა, რომ კანონის მოქმედებას ხელი არაფერმა შეუშალოს, მით უფრო ამ არსებამ, რომელმაც ამდენს უნდა გაართვას თავი, თუმცა არა ყველაფერს – მან, ვისაც ბრმად დაუჩემებია, თითქოს ბოლოს და ბოლოს ინტელექტი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც საგნების უღრმესი ურთიერთკავშირის ხედვის უნარი დაუჩლუნგდა, რომელიც უსარგებლოდ კი მიიჩნია და მოიშორა, მაგრამ ერთობ საკვირველად, ის ისევ აგრძელებს ზებუნებრივ ზემოქმედებას; ამგვარად, ჭეშმარიტი ინტელექტის მმართველი ძალისგან ნებით განძარცვულმა, საკუთარი ხელით მიყენებული ჭრილობისგან დაჭიანებულმა, ქედმაღლობის ჭაობში განრთხმულმა იმ ცოდნის გამო, რომელიც არასდროს ყოფილა ცოდნა, თუ არა ცოდნა ბრიყვისა, თავისი როლის ხელშეუხებლობას მუდმივად რომ უბრუნდება, ანუ იმად ყოფნისას, ვინც არის, თავისი არსებობისას, და ამ გონმიუწვდომელ საიდუმლოებაში იმად გახდომისასაც, ვინც ყველა შემთხვევაში გახდებოდა ერთმანეთთან თითქმის დაუკავშირებელი ტრილიონობით ფაქტის კონტექსტში, რომელიც არის და არც არის.
სულ რაღაც ოცდახუთი ასწლეული და აღარავინ დარჩა, ვისაც სრულად ეცოდინებოდა, რაც ასეულის მეორე წევრმა გაიგონა ერთხელ ირმების პარკსა და კუშინაგარში, აზრის თავდაპირველი ჯაჭვის თითოეული რგოლი საზარელ შეცდომად გადაიქცა, ტექსტების თითოეული ნაწილი მცდარია, კომენტარების თითოეული ნაწილი მცდარია, ისევე, როგორც თითოეული ნაწილი შესწორებული და სახეშეცვლილი ვარიანტებისა, განმარტებებისა და გამოწვლილვით შემოწმებული ვარიანტებისა, მხოლოდ შეცდომებია და სხვა არაფერი, შეცდომა შეცდომაზეა დაშვებული, ისე, რომ ცინიზმის უგუნურებისა და შეშლილობისგან ერთადერთი რამ თუ გვიცავს, ერთადერთი რამ თუ გვაძლევს რწმენას, სუსტ სიოზე სუსტს, რა და ის, რომ თითოეულ მოვლენაში, გამოწვეულსა და არსებულში, იგრძნობა, რომ ოდესღაც მართლაც არსებობდა თავდაპირველი მოძღვრება და რომ სამყარო, კოსმოსი, უსამანო ვარსკვლავეთი, სხვა სიტყვებით, უმცირესი რაღაცაც და ყველაფერიც, როგორღაც, თავისთვის, მუნჯურად ჯერ კიდევ არსებობს – ეს წამით მაინც ხდება საგრძნობი, მიუხედავად იმისა, თუ ზუსტად რა არის სამყარო, კოსმოსი და უსამანო ვარსკვლავეთი; ჩვენგან სავსებით განუყოფელია ეს გრძნობა – რომ ყველგან და ყოველთვის ფაქტები მთელი თავისი შეუღწევადობითა და მოუხელთებლობითაა, მეტიც, ტრილიონობით და ტრილიონობით ფაქტი იწყებს არსებობას დროის მდუმარებაში, ეჭვის განუწყვეტელი გაელვებები კი ამ გრძნობას, რასაკვირველია, ვერაფერს აკლებს, მაგალითად, სადაც ახლა გაზაფხულია, საგაზაფხულო კვირტები გამოდის და რაც უნდა ამწვანდეს, მწვანდება – ამას წამიერად ვგრძნობთ, იმაზე დაუფიქრებლად, თუ მაინც რა არის კვირტი, სიმწვანე და გაზაფხული; აი, აქ ვართ ახლა, სრულიად დაბნეულები და მიტოვებულები, ის დავკარგეთ, ვინც ყველაფერს ნათელს მოფენდა, ვინც ოდესღაც გასაგები გაიგო, ჩვენ კი აქეთ გამოგვრეკეს, უიმისოდ – უბრალოდ რომ ვიყოთ, როგორც გაზაფხული და კვირტები და მთელი ეს სიმწვანე, აქ, უდიდეს გაუგებრობაში იმისა, თუ რას ნიშნავს, რომ ეს უდავოდ გაზაფხულია, კვირტებით და რაღაცებით, რაც სადაცაა, ამწვანდება, და ამდენად, გამოსაცდელი უშუალოდ უნდა გამოიცადოს, ანუ უნდა იყოს შესაძლებლობა უშუალო დაპირისპირებისა და გამოცდილებისა, ან, უფრო ზუსტად, აი, რა შესაძლებლობა – ვიდგეთ გაზაფხულზე იქ, სადაც გაზაფხულია, და ვაკვირდებოდეთ კვირტებსა და ყველაფერს, რაც მწვანდება, ვიდგეთ და ვიდგეთ იქ, როცა გაზაფხული დადგა და ჩვენც ვიდგეთ და ამას ვაკვირდებოდეთ საზარელ, დამანგრეველ უშუალობაში თავამოყოფილები, მიტოვებულები, რომ თავს თავად მივხედოთ, გულში ჩაბუდებული საზარელი ეჭვით: დადგება დრო და ვნახავთ, როგორ შეიძლება, რომ მთელ ამ არსებობასა და არსებებთან, ამ ტრილიონობით და ტრილიონობით ფაქტთან თანადროულად საერთოდ არაფერიც არ არსებობდეს.
იქნებ მართლაც სულ ასი კაცი იყო, სწორედ ამდენი დასჭირდა, და მცირე იმედიც კი არაა, რომ ასმეერთეც იქნება, რადგან გაუგებრობებსა და მცდარ განმარტებებსა და არასწორ იდეებზე დამყარებული ცხოვრება უნდა დამთავრდეს, ისევე, როგორც გაზაფხული უნდა დამთავრდეს, კვირტების გამოტანა და ამწვანება უნდა დამთავრდეს, და ყველაფერი ისეთივე გაუგებარი დარჩება, როგორიც იყო უხსოვარი დროის სათავეშივე, გზაზე ყოველგვარი იმედის გარეშე, და თვით ეს დასასრულიც ვერაფერს მოფენს ნათელს, რამდენადაც ვისაც სიტყვა უნდა მოეტანა, უკვე მოიტანა – ოდესღაც – მაგრამ ვერავინ მიხვდა, რა იღაღადა: განაგდეთ განსჯა და განაგდეთ საზრისი, განაგდეთ წყურვილი სურვილისა და ყოველგვარი ტანჯვაო; არავინ იყო ამის ჭეშმარიტად გამგები და გამთავისებელი, არადა, სწორედ ეს უნდა ექნათ მაშინ, 380 თუ 438 წლის შემდეგ, უნდა გაეთავისებინათ, რისი გაგებაც კი იყო შესაძლებელი ფილოსოფოსთა ასკეტი მეფისწულის სიტყვებიდან, და ეპოვათ ფორმა, სრულად ახალი ფორმა, ამ სულისშემძვრელი აღელვებულობის გამოსახატავად, და არ უნდა გადაედოთ ეგრეთ წოდებული გააზრებისთვის, არ უნდა მოესროლათ იქით, საითაც ეგრეთ წოდებული ინტერპრეტაციებია, არ უნდა დაეტოვებინათ გონების იმედად, რომელიც სხვას რას იზამდა – მყისიერად გაანადგურებდა, თავისთვის შეინახავდა ან რელიგიის საუფლომდე ჩამოაქვეითებდა, რა მნიშვნელობა აქვს, რა გზას აირჩევდა გონება მეფისწულისეული გზავნილის გასაცამტვერებლად, ეს იყო სიბრმავე დღისით და მზისით, გონებამ გზავნილი წარსტაცა ადრესატს, ჰოდა, ახლა, სავარაუდოდ, სადღაც გზავნილია ჩვენთვის, მაშინ, როცა საზარელი, უკურნებელი სიბრმავეა და იმ ასის შემდეგ არავინ გამოჩენილა, ვინც, სულ მცირე, აღიარებდა, რომ რაც სხვა ადამიანისთვის განისაზღვრა, სინამდვილეში იმ სხვამდე მიღწევას ვერასდროს შეძლებს, ჰოდა, ახლა მხოლოდ სიტყვები დარჩა კიდევ ერთი ოცდახუთი ასწლეულისთვის, ადამიანების სიტყვები, რომლებიც ვერც ვერაფერში გამოდგება, როგორც აქამდე ვერ გამოდგა, რადგან მათ არა მხოლოდ ვერ გაშიფრეს, რაც ტრილიონობით და ტრილიონობით ფაქტის ხელუხლებ სიწმინდეში იყო ჩაწერილი და ისევ ჩაწერილია, არა მხოლოდ იმ გზიდან გადაგვახვევინეს, რომელზეც წინ უნდა გაგვძღოლოდნენ, იმისთვისაც კი ვერ გამოდგნენ და ვერც ვერასდროს გამოდგებიან, რომ ჭეშმარიტად გვანუგეშონ დანაკარგის გამო, უკან, იმ ერთთან დასაბრუნებელი გზის არარსებობის გამო, გაფრთხილებითაც კი ვერ გაგვაფრთხილებენ – რომ დიდი ყურადღებით უნდა მოვისმინოთ, რაც პირიდან ამოვა, თუ საერთოდ ამოვა რამე, რადგან რაც ითქმება – ერთხელ და მხოლოდ ერთხელ.
© არილი