თარგმანი

ჰაინერ მიულერი – ნახატის აღწერა

გერმანულიდან თარგმნა გიორგი ჯამბურიამ

ლანდშაფტი სტეპსა და სავანას შორის, ცა პრუსიულად ლურჯი, ზედ ორი უზარმაზარი ღრუბელი ცურავს, ერთმანეთში თითქოს მავთულებით გადახლართული, ყოველ შემთხვევაში, რაღაც უცნობი არქიტექტურის, მარცხენა – ცოტათი უფრო მოზრდილი – შეიძლება სათამაშო ცხოველი იყოს, გასართობი პარკიდან გამოქცეული, საბელ-ან-ლაგამ-აწყვეტილი ან ანტარქტიკის ერთი ნაგლეჯი მშობლიური მხარისკენ რომ მიფრინავს, ჰორიზონტზე ბრტყელი, უმწვერვალო მთათა სისტემა, მარჯვნივ ლანდშაფტში ხე, უფრო ახლოდან დაკვირვებისას ერთი კი არა – სამი სხვადასხვა სიმაღლის ხეა, სოკოს ფორმის, ვარჯ-მიბჯენილი, შეიძლება სამივე ერთი ფესვიდანაც კი იზრდებოდეს, სახლი – წინა პლანზე უფრო ინდუსტრიული პროდუქტია, ვიდრე ხელით ნაგები, სავარაუდოდ ბეტონი: ერთი ფანჯარა, ერთი კარი, სახურავს ხის ხშირი ფოთლები ფარავს, ხე სახლის წინ იზრდება, სახლს სიმაღლეში ასწრებს, ის სხვა ჯიშს ეკუთვნის, არ ენათესავება უკანა პლანზე მდგარ ხეების ჯგუფს, მისი ხილი, ერთი შეხედვით, იჭმევა კიდეც ან გამოდგება საწამლავად სტუმრებისათვის, შუშის თასი ბაღის მაგიდაზე, ნახევრად ჯერ კიდევ ტოტების ჩრდილში, შიგ ექვსი თუ შვიდი ლიმონის მსგავსი ხილი აგდია, მაგიდის ადგილმდებარეობის მიხედვით, თვითონ მაგიდა უხეშად ხელნაკეთია, გადაჯვარედინებულ ფეხებად არყის ხეების დაუჩეხავი ვარჯები, შეიძლება დავასკვნათ, რომ მზე, ან რაც არ უნდა იყოს, ამ ადგილს რომ ანათებს, ნახატის მომენტში ზენიტში დგას, შეიძლება მზე აქ მუდამ და ყოველთვის ასე დგას, დამტკიცება, რომ ის საერთოდ ოდესმე მოძრაობს, ნახატის მიხედვით შეუძლებელია, და ღრუბლებიც, თუ ეს ღრუბლებია, ცურავენ, ალბათ, მხოლოდ საკუთარ ადგილზე, მავთულხლართებით მიმაგრებულნი ლაქებიან ლურჯ ფიცარზე, რომელსაც ცას სრულიად თვითნებურად ვუწოდებთ, ხის ერთ-ერთ ტოტზე ჩიტი ჩამომჯდარა, ფოთლები მის იდენტობას გვიმალავს, შეიძლება სვავია ან ფარშევანგი, ან სვავი ფარშევანგის თავით, ჩიტს მზერა და ნისკარტი იმ ქალისაკენ მიუმართავს, ნახატის მთელ მარჯვენა ნაწილს რომ იპყრობს, თავი მთიან ჰორიზონტს ორ ნაწილად ყოფს, ფაქიზი სახე, ძალიან ახალგაზრდა, წაგრძელებული ცხვირი, წარბებს შორის ჩალურჯებული ადგილი, შეიძლება მუშტის დარტყმისგან, მზერა მიწაზე დაბჯენილი, გეგონება რაღაც ნანახის დავიწყება სურს ანდაც რაიმეს თვალს არიდებსო, გრძელი და სწორი თმა, ქერა ან ღია მონაცრისფრო, მჭახე სინათლე ფერის გამოცნობის შანსს არ გვიტოვებს, სამოსი – გრძელი, დაძონძილი ქურქი, აშკარად უფრო განიერი მხრებისთვის შეკერილი, გადაცმული გაცრეცილ, თხელ პერანგზე, ალბათ ტილოსი იქნება, ერთ ადგილას გამორღვეული, ზედმეტად ფართო, მარჯვენა სახელოდან მოჩანს ძალიან ფაქიზი მკლავი, ხელის მტევანი გულზე ანუ მკერდის მარცხენა მხარეს უდევს, თავდაცვის ჟესტია თუ ნიშანი ყრუ-მუნჯთა ენაზე, თავდაცვა ნაცნობ შიშს მიემართება, მუშტის დარტყმა დანის გაყრა შეჯახება უკვე მომხდარია, ტყვია უკვე ნასროლია, სისხლი აღარ სდის ჭრილობას, გამეორება სიცარიელეში იკარგება, იქ, სადაც აღარ არის შიშის ადგილი, ქალის სახე წაკითხვადი ხდება, თუ სწორია მეორე ვარაუდი, ვირთხის სახე, მღრღნელების ანგელოზი, ყბები სიტყვების გვამებს ფქვავენ, ენის ნაგავს, ქურქის მარჯვენა სახელო ნაკუწებადაა ქცეული, თითქოს ავარიის ან რაღაც მჭრელით თავდასხმის შედეგად, ცხოველი იყო თუ მანქანა, უცნაურია, მკლავი უვნებლად გადარჩენილა, თუ ქურქის სახელოზე ყავისფერი ლაქები მართლაც და გამხმარი სისხლია და მარჯვენა გრძელთითება ხელის ჟესტი მარცხენა მხარში საზარელ ტკივილს ნიშნავს, მკლავი სახელოდან ასე უღონოდ იმიტომ ჩამოკიდებულა, რომ მოტეხილია, თუ მძიმე ჭრილობისგან გაშეშებული, მკლავს ხელის მტევანი ნახატის ჩარჩოსგან მოჭრილი აქვს, ხელის მტევანი შეიძლება ბრჭყალები იყოს ან (სავარაუდოდ, შავად სისხლმიმხმარი) კორძი, ანდაც კაუჭი, ქალი მუხლებამდე სიცარიელეში დგას, ნახატის ჩარჩოს მიერ ამპუტირებული, ან შეიძლება ქალიც ისე ამოიზრდება მიწიდან, როგორც კაცი გამოდის სახლიდან ან ქალი მიწაში უჩინარდება, ისევე როგორც კაცი სახლის კარებში, ვიდრე ის ერთი შეუჩერებელი მოძრაობა არ დაიწყება, ჩარჩოს რომ ააფეთქებს, გაფრენა – ფესვების წვენს, მიწის ბელტებს და მიწისქვეშა წყლებს რომ წვიმად მოავლენს, მზერასა და მზერას შორის რომ გამოჩნდება, როდესაც თვალი მნახველი ყოვლის ერთ დახამხამებაში დაიხუჭება ნახატის თავზე, ქალს და ხეს შორის ფართოდ გაღებული ის ერთადერთი დიდი ფანჯარა, ფარდა შიგნიდან გარეთ ფრიალებს, ეტყობა ქარიშხალი სახლიდან მოდის, ხეებში ქარის ნატამალი არ იგრძნობა, ანდაც ქარიშხალს ქალი იზიდავს, ან გამოიძახებს მხოლოდ ჟესტით და საკუთარი შესახედაობით, გამოიძახებს ქარიშხალს, რომელიც მას ბუხრის ფერფლში მიძინებული ელოდა, რა ან ვინ დაწვეს ბუხარში, ბავშვი, სხვა ქალი, საყვარელი, თუ ფერფლი სინამდვილეში ისევ ამ ქალისავე ნახატიდან გამქრალი ნარჩენებია, სხეული სასაფლაოს მარაგიდან ნაქირავები, კაცი გაღებულ კარებში, მარჯვენა ფეხით ნახევრად ჯერ კიდევ ზღურბლზე, მარცხენა ფეხით უკვე მყარად დგას ყავისფერ, აქა-იქ ბალახის ნაგლეჯებიან მიწაზე, რომელიც უცნობი მზის სხივებში ხმება, კაცს მარჯვენა მკლავი გაუშლია და მონადირის მოქნილობით ჩაუბღუჯავს იქ, სადაც ფრთებს გლეჯენ, ჩიტი, მარცხენა ხელი, რომელზეც უზარმაზარი თითები მრუდედ ჩამოკონწიალებულა, ეფერება სიკვდილის შიშისგან აჯაგრულ ბუმბულს, ჩიტის ნისკარტი ნახატის დამკვირვებლისთვის ყრუ კივილად გადახსნილა, იგი ყრუდ რჩება მეორე ჩიტისთვისაც ხეზე, ეტყობა მას სხვა ჩიტები არ აინტერესებს, მისი მონათესავის ჩონჩხს, შავად შემოფარგლული შიდა კედლიდან, რომელიც ოთხკუთხა ფანჯარაში მოჩანს, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იღიმის, მისი ნაბიჯები მსუბუქია, საცეკვაო სვლას მოგაგონებს, შეუძლებელია იმის გარკვევა ხედავს თუ არა კაცი ქალს, შეიძლება ბრმაც კი იყოს, მისი ღიმილი ბრმის სიფრთხილეა, ფეხებით ხედავს, ყოველი ქვა, რომელსაც მისი ნაბიჯი ხვდება, მასვე დასცინის, ანდაც იქნებ ეს მკვლელის ღიმილია, მკვლელის, რომელიც საკუთარი საქმის აღსასრულებლად მიემართება, ნეტავ რა უნდა მოხდეს გადაჯვარედინებულ ფეხებიან მაგიდასთან, სავსე ხილის თასით და გადაყირავებული, დამსხვრეული ღვინის ჭიქით, რომელშიც რაღაც შავი სითხის ნარჩენები ჩაგუბებულა, სითხე მაგიდაზე გადაღვრილა, მაგიდის კიდიდან წვეთავს და ვრცელ გუბედ გროვდება მიწაზე, მაგიდის წინ მდგარ მაღალსაზურგიან სკამს ერთი თავისებურება აქვს: მისი ოთხივე ფეხი სადღაც შუაში ერთმანეთს მავთულებითაა გადაბმული, თითქოს ჩამოშლისაგან იცავს, მეორე სკამი ალბათ ვიღაცამ მოისროლა, მარჯვნივ აგდია ხის უკანა ჩრდილში, საზურგე მოტეხილი აქვს, მავთულის ბადეს მხოლოდ Z-ის ფორმაღა შერჩენია, აღარანაირი ოთხკუთხედი, ისიც შეიძლება, რომ ვინმემ სკამის უფრო გამაგრება სცადა, რა ტვირთს უნდა დაელეწა სკამი, ან რამ მოაყანყალა ასე მეორე, იქნებ მკვლელობამ ან ველურმა სექსუალურმა აქტმა, ანდაც ორთავემ, სკამზე კაცი, კაცზე ქალი, კაცის ასო ქალის საშოში, ქალს ჯერ კიდევ საფლავის მიწა ამძიმებს, იმ საფლავისა, რომელსაც თავი დააღწია, რათა კაცს ხლებოდა სტუმრად, ქალის ქურქი მიწისქვეშა წყლებით გაჟღენთილა, წყალი წურწურით იღვრება მიწაზე, ქალის მოძრაობა ჯერ ნაზი ქანაობაა, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერი ჭენება, იქამდე ვიდრე კაცს ორგაზმი სკამის საზურგეს არ მიახეთქებს, საზურგე ხმაურით გადატყდება, ქალი ზურგით მაგიდის კიდეს მიეხლება, ღვინის ჭიქას გადააყირავებს, ხილით სავსე თასი მაგიდაზე დაგორდება, როდესაც ქალი სხეულს წინ გადაისვრის, ქალის მკლავები კაცის კისერზე შემოხვეული, კაცის მკლავები ქალის სხეულზე ქურქქვეშ, ერთმანეთს ყელში ასობენ კბილებს, მაგიდის კიდესთან თავს წაქცევისგან შეიკავებენ, ანდაც ქალია სკამზე, კაცი მის ზურგს უკან, ქალისთვის ხელები ყელზე შემოუჭდია, ისე რომ ცერა თითები მისწვდნენ ერთმანეთს, თავიდან ყველაფერი უწყინარ თამაშს ჰგავს, და მერე კაცის თითები ყულფად იქცევა, ქალი სკამის საზურგეს დაეყრდნობა და წელში გასწორდება, მისი ფრჩხილები კაცს მკლავების კუნთებში ჩაესობა, ქალს ყელზე და შუბლზე ძარღვები ებერება, საფეთქლებში სისხლი აწვება, სახე უწითლდება და შემდეგ ულურჯდება, მაგიდის ზედაპირს აკანკალებულ ფეხებს ურტყამს, ღვინის ჭიქა ყირავდება, ხილის თასი მაგიდაზე ცურვას იწყებს, მკვლელი კი ამ დროს წრეს ბოლომდე კრავს, ცერა ცერაზე, თითი – თითზე, იქამდე, ვიდრე ქალს უსულო მკლავები არ ჩამოუვარდება და ხორხის ან კისრის მალების ერთი ჩუმი გატკაცუნება საქმის დასასრულს არ გვაუწყებს, შეიძლება სკამის საზურგე მკვდრის წონას ვერ გაუძლებს, როდესაც კაცი მოკლულს ხელს შეუშვებს და საზურგეც გადატყდება, ან ქალი წინ გადავარდება, გაწითლებული და გალურჯებული სახით პირდაპირ ღვინის ჭიქას დაეცემა, საიდანაც მუქი სითხე, სისხლი თუ ღვინო, მიწისკენ გზას გაიკვლევს ან, იქნებ, ეს გაცრეცილი ჩრდილი ქალის ნიკაპქვეშ სინამდვილეში დანის ჭრილობაა, მუქი ხაზები გამოჭრილ ყელს მიმხმარი სისხლი, სახეზე მარცხნივ ჩამოშლილ თმასაც სისხლის შხეფები მიხმობია, სახლის ზღურბლზე მდგარი მკვლელი ცაციაა, მისი დანა მარჯვნიდან მარცხნივ წერს, მალე ალბათ ისევ დაჭირდება, დანა მონადირის სამოსს გამობერავს, როდესაც დამსხვრეული ჭიქა ისევ ნატეხ-ნატეხ შეწებდება, ქალი მაგიდას მოშორდება, კისერზე იარა გამთელდება, ანდაც იქნებ ყველაფერს ქალი დაიწყებს, მწყურვალი ანგელოზი, ჩიტის კისერს კბილებით გადახსნის და არტერიებიდან შავად მჩქეფარე სისხლით შეავსებს ჭიქას, მკვდართა საკვები, დანა ჩიტისთვის არ არის  განკუთვნილი, კაცს სახეზე თითქმის თვალებამდე მიწის ფერი დასდებია, შუბლი და ის ხელი, რომელსაც ვხედავთ, ფურცელივით თეთრია, მეორე ხელს ჩიტი ჩაუბღუჯავს და ბუმბულებში იკარგება, ეტყობა გარეთ მუშაობისას მუდამ ხელთათმანს ატარებს ხოლმე, ნეტავ ნახატის ამ მომენტში რატომ არ უკეთია და თავზე რაღაც ქუდის მსგავსი, იმ გავარვარებული ციური სხეულისგან რომ იცავს, რომელიც ამ ლანდშაფტს მჭახე სხივებს ფენს და ფერებს აფერმკრთალებს, რა შეიძლება კაცის საქმე იყოს, ყოველ დღე მკვდრეთით აღმდგარი ქალის ყოველდღიურად მოკვლას თუ არ ჩავთვლით, ამ ლანდშაფტში, ცხოველები მხოლოდ მაღლა ცაზე ღრუბლებად გვევლინება და მათ ვერცერთი ხელი ვერ მისწვდება, ჩიტი ხეზე უკანასკნელი რეზერვია, ხელი მას ჯერ მიიტყუებს და შემდეგ დაიჭერს, ბალახის მოსხიპვას აზრი ეკარგება, მზე, ან რამდენიმე მზის ერთობლიობა, ბალახს უმოწყალოდ ახმობს და შაშრავს, ჩიტიან ხეს ერთბაშად წყდება ყველა ნაყოფი, მკვლელის დაგრეხილმა თითებმა მთიან ჰორიზონტს ალბათ ლითონის ბადე შემოაწნა, რომლიდანაც მხოლოდ ერთი ფურცელივით თეთრი მთის მრგვალი თავიღა ამოჩრილა დაუცველად, ლითონის ბადე თავდაცვაა ქვათაცვენისგან, რომელსაც მიწის გულში მკვდრების ლაშქრობა გამოიწვევს, ფარული მაჯისცემა იმ პლანეტისა, რომელსაც ეს ნახატი გულისხმობს, თავდაცვა, რომელიც, ალბათ, რაღაც დროს გასტანს, იქამდე მაინც, ვიდრე სასაფლაოების ზრდა უკანასკნელ ზღვარს არ მიაღწევს, ზღურბლზე მდგარი სავარაუდო მკვლელის მცირე წონით და უცბად მონელებული ჩიტით რომ შეივსება, რომლის ჩონჩხისთვისაც უკვე გამოყოფილია კედელში ადგილი, ანდაც მოძრაობა მიმართულებას შეიცვლის, როგორც კი მკვდართა რიცხვი ბოლომდე შეივსება, სასაფლაოებიდან წამომდგარი ბრბო აღდგომის ქარიშხლად გადაიქცევა, რომელიც მთებიდან გველებს გამოყრის, ან იქნებ ეს ფარულად მაცქერალი ქალი, პირი რომ საწრუპავს მიუგავს, სინამდვილეში ქვესკნელიდან მოვლენილი მატა ჰარია, ჯაშუში, რომელიც უცხო გარემოს სწავლობს, გარემოს, რომელზედაც მალე დიდი მანევრი აღსრულდება და შიმშილისგან დაძაბუნებული ძვლები კვლავ ხორცით შეიმოსება, ხორცი კი კანით, კანი – ვენებით და არტერიებით დაისერება, რომელნიც სისხლს პირდაპირ მიწიდან შესვამენ, არარაში გამქრალი ნაწლავები უკან დაბრუნდება, ან იქნებ ანგელოზი კაბის ქვეშ უსიცოცხლო ფიტულია, რადგან მიწისქვეშ სახორცე დახლი ისე დაიმცრო, რომ მეტ სხეულს ქირად ვეღარ იძლევა, შუა თითი, ციური პოლიციის წინააღმდეგ მკვდრებს ქარში რომ აღუმართავთ, იქნებ ქალი სინამდვილეში წინამძღოლია, ქარის პატარძალი, აღდგომის ყველა ბუნებრივ მტერს ხორციდან იმ ქარს რომ გამოაცლის, რომელშიც ისინი დასახლებულან, ქარი ქარიშხლად გადაიქცევა და ხაფანგს დაუბერავს, ფარდის ისარი ქალისკენაა მიმართული, იქნებ მკვლელი თავადაც მხოლოდ მკვდარია სხვის სამსახურში, ჩიტის მოსპობა მისი (ფარული) მისიაა, მოცეკვავის დაუდევარი ნაბიჯები საქმის მოახლოებულ აღსასრულს გვამცნობს, იქნებ ქალიც უკვე მიწაში დაბრუნებას ლამობს, ქარიშხლით ორსული, აღდგომის თესლად გადმოღვრილი აფეთქებული კიდურებიდან, ძვლებიდან, ძვლის ტვინიდან და დამსხვრეული სხეულებიდან, ნაგლეჯებს შორის ქარის მარაგი მონიშნავს მანძილს, და ამ ნაგლეჯებიდან შემდეგ, როდესაც სასუნთქი ჰაერის მიგრაცია დაიწყება და მიწისძვრა მას პლანეტის კანში ააფეთქებს, ყველაფერი კვლავ თავიდან აღდგება, ვარსკვლავს მისივე მკვდრები გაანაყოფიერებენ, პირველი ნიშანი მავთულებით გადაბმული ღრუბლებია, ან სინამდვილეში მავთულებით კი არა – არამედ ნერვებით, ნერვებით, რომლებიც ძვლებს მუდამ წინ უსწრებს, ჰო, ანდაც ობობას ქსელებად ქცეული ძვლის ტვინით, რომელიც რაღაცით იმ მცენარეს ჰგავს, აშკარად უფესვოს, ბუნგალოს რომ შეცოცებულა და შიდა ოთახი თითქმის ჭერამდე დაუპყრია, ან სკამების ფეხებში აბურდული მავთულები, ან ის რკინის ბადე მთიან ჰორიზონტს მიწაზე რომ იჭერს, ან შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, რკინის ბადე მხოლოდ უგუნებო ფუნჯის დაუდევრობა, რომელიც მთებს უხეიროდ დასმული შტრიხებით ყოველგვარ პლასტიკას უკარგავს, თუმცა შეიძლება კომპოზიციის თვითნებობა სინამდვილეში გეგმის ნაწილია, ხე ლანგარზე დგას, ფესვებმოკვეთილი, სხვა ჯიშის ხეები უკანა პლანზე განსაკუთრებით გრძელღეროიანი სოკოებია, იმ კლიმატური ზონის შვილები, ხეებს რომ არ ცნობს, როგორ მოხვდა ბეტონის ბლოკი ამგვარ ლანდშაფტში, არსად ტრანსპორტის ან მანქანის კვალი არ ჩანს, ხომ გითხარი აღარ მობრუნდე-მეთქი, რაც მოკვდა – მოკვდა, არანაირი თრევის ან ხახუნის კვალი, მიწიდან ამოიზარდა, ციდან ჩამოვარდა, თუ იმ ჰაერიდან ჩამოეშვა მხოლოდ მკვდრებისთვის რომ გამოდგება სასუნთქად, ჩამოეშვა იმ მკლავის მიერ ზეცად წოდებული მიღმიერის რომელიღაც წერტილიდან რომ იმართება, იქნებ მთათა სისტემა სამუზეუმო ექსპონატია, მიწისქვეშა საგამოფენო სივრციდან გამოთხოვილი, იქიდან, სადაც ამიერიდან მთათა სისტემები შეინახება, რადგან ისინი თავიანთ მშობლიურ ადგილებში ანგელოზებს ფრენაში ხელს უშლის, იქნებ მთელი ნახატი ერთი ექსპერიმენტის მონახაზია, ჩანახატის სიტლანქე და დაუდევრობა ალბათ გამოსაცდელი ცხოველების მიმართ ზიზღის ბრალია, კაცი, ჩიტი, ქალი, სისხლის ტუმბო, სიკვდილი ჩვენი არსობისა, კაცი ქალის და ჩიტის წინააღმდეგ, ქალი კაცის და ჩიტის წინააღმდეგ, ჩიტი კაცის და ქალის წინააღმდეგ, პლანეტას საწვავით კვებავს, სისხლია მელანი, სიცოცხლის თეთრ ფურცელს რომ ფერებით ღებავს, როგორც კი ხორცი აღდგება, ზეცასაც გადათეთრება ემუქრება, იძებნება: ხარვეზი პროცესში, რაღაც სხვა მუდმივ გამეორებაში, ნაპრალი მარადისობაში, ის იქნებადა მხსნელი შეცდომა: მკვლელის დაბნეული მზერა, როდესაც ის სკამზე ჩამომჯდარი მსხვერპლის ყელს თითებით ან დანის ალესილი პირით ამოწმებს, მზერა ხის ფოთლებში ჩიტზე, ლანდშაფტის სიცარიელეში, ყოყმანი დანის დასმამდე, თვალის დახუჭვა სისხლის შხეფებზე, ქალის სიცილი, რომელიც ყელზე მობჯენილ თითებს ერთი წამით მოადუნებს, დანიან ხელს ააკანკალებს, ჩიტის თავდასხმა, რომელსაც დანის პრიალა პირი თვალს მოჭრის და ჩიტიც კაცს თავის ქალაზე დააცხრება, ნისკარტს ორჯერ ჩაასობს, მარცხნივ და მარჯვნივ, ბრმის ღრიალი და თავბრუსხვევა, სისხლის ფურთხება ქარიშხლის მორევში, ქალის სხეულს რომ დაეძებს, შიში, რომ შეცდომა თვალების დახამხამების დროს მოხდება, რომ დროში სათვალთვალო ჭრილი სწორედ მზერასა და მზერას შორის გაიხსნება, იმედი დანის პირზე ცოცხლობს, სულ უფრო და უფრო მეტ სიფრთხილეს რომ ითხოვს და უკანასკნელი ღონის მილევამდე ჰაერში ტრიალებს, მეხის გავარდნას ჰგავს შეძრწუნება, როდესაც საშინელებაში რწმუნდები: მკვლელობა სქესის ცვლილებას ნიშნავს, უცხოდ საკუთარ სხეულში, თავად დანაა ჭრილობა, კისერი არის ნაჯახი, ეს ყალბი მეთვალყურეობაც ხომ გეგმის ნაწილია, ნახატს რომ ფერებს სწოვს, ნეტავ რომელ ხელსაწყოს ამაგრია ლინზა, რომელი თვალის ფოსოშია ეს ბადურა გადაჭიმული, ვინ ან რა სვამს კითხვებს ნახატის შესახებ, ცხოვრება სარკეში, მე ვარ კაცი მოცეკვავის ნაბიჯით, ჩემი სამარე მისი სახეა, მე ვარ ქალი ყელზე იარით, მარჯვნივ და მარცხნივ ხელებში ორად გაჭრილი ჩიტი, ტუჩებზე სისხლი, მე ვარ ჩიტი, რომელიც ნისკარტს ფუნჯივით გაიქნევს და მიანიშნებს მკვლელს გზას ღამეში, მე გაყინული ქარიშხალი.

ავტორის შენიშვნა:

ნახატის აღწერა შეიძლება წაკითხულ იქნას, როგორც ალკესტისის გადათამაშება, რომელიც ნო-თეატრ კუმასაკას, ოდისეას მეთერთმეტე სიმღერას და ჰიჩკოკის ჩიტებს ციტირებს. ტექსტი აღწერს ლანდშაფტს სიკვდილის მიღმა. ნებისმიერი მოქმედების წარმოდგენა დასაშვებია, რადგან შედეგები წარსულად იქცა. მეხსიერების აფეთქება სიკვდილის პირას მყოფ დრამატულ სტრუქტურაში.     

© არილი

Facebook Comments Box