თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ბექა ბარქაიამ
მართალია, კომპიუტერული პროგრამების მიერ შექმნილი პოეზია აღარავის უკვირს და ერთმანეთისგან სულ უფრო რთული გასარჩევი ხდება ადამიანის მიერ დაწერილი და კომპიუტერული პროგრამებით გენერირებული ლექსები, მაგრამ არიან პოეტები, რომლებიც ინტენსიურად ექსპერიმენტირებენ არა მაინც და მაინც პოეტური შთაგონების პირობითობის ან მისი დასასრულის ხაზგასასმელად, არამედ – ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენით შექმნილ ახალ კონტექსტში პოეტური ტექსტის აქამდე ნაკლებად აქცენტირებული შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მათ შორის არის იაპონური პოეზიის ახალი თაობის წარმომადგენელი აკირა მიკიტო (დ. 1984), რომელიც თავის თავს იაპონური პოეზიის კლასიკოსთა, ტანიკავა შუნტაროსა (რომელიც ტარიელ ჭანტურიამ გასული საუკუნის 80-იან წლებში თარგმნა ქართულად) და მაკოტო ოოკას მოწაფედ მიიჩნევს. ის ჰაიკუს არაორთოდოქსული, თავისუფალი ფორმის მიმდევარია, იმავდროულად კი ტრადიციული ესთეტიკისა და ლოგიკური ენის შეერთებას ცდილობს.
მიკიტოს პოეზია, ავტორის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში, მაგრამ აუცილებლად ხელით იწერება, ანუ ეს არ არის კომპიუტერული პოეზია გავრცელებული გაგებით, არამედ ტრადიციულ პოეზიაში ლოგიკურ-მათემატიკური ინსტრუმენტების ინტეგრირებით და კომპიუტერული პროგრამების ეპოქის გათვალისწინებით შექმნილი ლირიკაა. აქ საქმე ეხება არა კომპიუტერის მიერ გენერირებულ, ლოგიკურად საზრისიან და შინაარსობრივად უსაზრისო ტროპებს, არამედ – შინაარსობრივადაც და ფორმალურადაც გასაზრისიანებულ ტექსტებს. საქმე ის არის, თუ რა მექანიზმით ხდება მათი ამუშავება. მიკიტოს ხელოვნების ფუნქციონირების სწორედ ეს ასპექტი აინტერესებს. მისთვის ნებისმიერი პოეტური ტექსტი მკითხველში ინდივიდუალური საზრისის მწარმოებელი არაინდივიდუალური მანქანაა, რომელიც გვიბიძგებს, ყურადღება გავამახვილოთ ლექსის ინსტრუმენტულ დანიშნულებაზე.
თვით პოეტი, მიკიტოს აზრით, მხოლოდ კარგი ხელოსანი უნდა იყოს და მკითხველში ემოციური და ინტელექტუალური ტკბობის გამომწვევ პოეტურ-მუსიკალურ ზარდახშებს ამზადებდეს. ავტორის ასეთი ფილოსოფია საქმეში ჩახედულ მკითხველს, ცხადია, ედგარ პოს „ყორნის“ ავტოანალიზს, ფრანგი სიმბოლისტების ესთეტიკას, მაიაკოვსკის ლექსის კეთების აპოლოგიას, მაქს ბენზეს და შტუტტგარტის სკოლის ძიებებს, ექსპერიმენტული პოეზიის უკვე გახალხურებულ ვარიანტებს და უამრავ სხვა მსგავს ტრადიციას გაახსენებს, საჭადრაკო კომბინატორიკაზე რომ აღარაფერი ითქვას. როგორც ამ ტრადიციის ადრეულ ნიმუშებში, იაპონელი ავტორის პოეზიაშიც შთაგონების ფსიქოლოგიასა და ლექსის კეთების ლოგიკას შორის მარადიული კონფლიქტი პროგრამულად შიშვლდება თვით პოეტური არტეფაქტის რეპრეზენტირების პროცესში.
ერთ ინტერვიუში პოეტმა აღნიშნა, რომ ის წერს არა ლექსებს, არამედ – მინიმალისტურ სტრუქტურებს; რომ უკვე დადგა დრო, როცა პოეტებმა ლექსების მიღმა უნდა გადაიხედონ და ის ერთი შეხედვით აბსტრაქტული მთლიანობები გამოიძიონ, რომლებიც ყოველთვის იგულისხმებოდნენ პოეტური ტექსტების უკან და მათ პოეტურ ონტოლოგიას უზრუნველყოფდნენ. მიკიტო აღნიშნავს: „შედით იმ ბაღში, სადაც შთაგონების წარმომქმნელი ლოგიკური სტრუქტურები ხარობენ. ყველა ეს სტრუქტურა ინდივიდუალურ ფორმას, ფერს და მოძრაობის უნარს ფლობს. კომბინატორიკის უკვე დაძველებული და ინერციით შენარჩუნებული ფორმების მიღმა კომბინატორიკის ახალ-ახალი შრეები იმალება. ხოლო თუ მაინც და მაინც შთაგონების კლასიკური და პოსტკლასიკური კანონებით წერას, კოლაჟის თუ ალუზიის, რემინისცენციის თუ მოდიდან გადასული პოსტმოდერნული ილეთების გამოყენებას თავს ვერ ანებებთ, ადექით და უბრალოდ სიამოვნებით იკითხეთ ეს ძველი ტექსტები, მათ გაუთავებელ დუბლირებას კი თავი ანებეთ“.
აღსანიშნავია, რომ მიკიტო თავისი ჰაიკუების თითოეულ ციკლს, სონეტების გვირგვინის ანალოგიით, ჰაიკუების გვირგვინს უწოდებს, რომელშიც, მისივე სიტყვებით, „ერთმანეთს ხვდებიან ენის, ლოგიკის, ფსიქოლოგიის და კოსმიური ლტოლვების ყველაზე უფრო ბნელი და საშიში დემონები და ყველაზე უფრო კაშკაშა ანგელოზები, და მათთვის შთაგონება სიცრუეა, პოეტური ენერგიის, საბედისწერო პოეტური გადაწყვეტილებების სუროგატია და მეტიც არაფერი“. პოეტი ასეთი გვირგვინების აგებისთვის საუკეთესო, ოპტიმალურ თემატურ სქემად ტრიადულ კარკასს მიიჩნევს, თუმცა იგი თავის შემოქმედებაში ბინარული, კვარტეტული და კვინტეტური სქემებითაც ექსპერიმენტირებს.
რაც შეეხება ამა თუ იმ თემით შეკრული და კომბინირებული თითოეული გვირგვინის შემადგენელ ჰაიკუებს, ისინი ერთდროულად ჩაკეტილ, ავტონომიურ მონადებსაც განასახიერებენ და ლოგიკური დერეფნებით ერთმანეთსაც უკავშირდებიან, რათა ერთმანეთი განმარტონ ან უარყონ, დააზუსტონ ან გაამწვავონ. პირველ რიგში კი, ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ ერთმანეთთან დიალოგის მრავალი მიმართულებით დაქსაქსული პროცესით და არა უბრალო ვარიაციებით, არამედ ვეგეტატიური გამრავლების მოულოდნელობებით ტკბობისკენ უბიძგებენ მკითხველს. ამ უკანასკნელს არ უნდა გამოეპაროს მიკიტოს ტექსტების სპეციფიკური იუმორი და თვითირონია, რომელიც განსაკუთრებით იქ შლის ფრთებს, სადაც სერიოზულობა თავის პიკს აღწევს.
ჰაიკუების წინამდებარე ციკლი თარგმნილია გერმანულიდან, გამომცემლობა “ანგკორის” თავაზიანი ნებართვით. თარგმანში ნაცადია ყველა იმ პოეტური ნიუანსის შენარჩუნება (ზოგჯერ გაქართულებაც კი), რომელზეც ჩემმა მეგობარმა იაპონელმა გერმანისტებმა მიმითითეს. მათვე ვუხდი მადლობას ამ ავტორის პოეზიით ჩემი დაინტერესებისთვის.
მთარგმნელი
ღრუბელი და ქალი და ქოლგა
ტემპორალურ-კომბინატორული ანალიზი
1.
როცა ღრუბელი დასავლეთის ძლიერმა ქარმა უკუაქცია,
ქალის თავზემოთ ქოლგა ჰგავდა
გლოვის ნიშნად დაშვებულ ალამს.
2.
ქალს თითქოს რაღაც გაახსენდა
და მეყვსეულად
ღრუბელი ქოლგით მოიგერია.
3.
მძიმე ღრუბელი
თვალს არ აშორებს
ქალის მკლავზე დარწეულ ქოლგას.
4.
როცა ღრუბელი გამოჩნდება,
ქალიც და ქოლგაც
რეალობის გრძნობას კარგავენ.
5.
ქალი
ქოლგის სიმაღლიდან
უღიმის ღრუბელს.
6.
ქალი არ ჩქარობს ქოლგის დაკეცვას:
დაღლილ ღრუბელს
რა ხანია ჩამოეძინა.
7.
ნუთუ მზე იყო,
რასაც ღრუბელს ქალის თვალში უმალავდა
ერთგული ქოლგა?!
8.
ქოლგას არ ეცნო ის ღრუბელი,
რომელიც ქალმა
მაშინვე იცნო.
9.
ქალის ნაბიჯთა სიმსუბუქესთან
ღრუბლის სიმძიმის ჰარმონიას
უზრუნველყოფს გაშლილი ქოლგა.
10.
ღრუბელს
სახლისკენ მიუძღვიან
ქოლგა და ქალი.
11.
ღრუბლის ჩრდილი და ქოლგის ჩრდილი
ქალის ჩრდილმა
ერთურთს წაჰკიდა.
12.
როცა ღრუბელმა
ქოლგიან ქალს თვალი შეავლო,
სულ იოლად გამოიცნო მისი ფიქრის მიმართულება.
13.
როცა ტუია უკან დარჩა,
ღრუბელი მიხვდა:
ქალს ქოლგის ქვეშ მხარი ოდნავ დამძიმებოდა.
14.
ქალმა
ღრუბელთან საპაექროდ
ქოლგას მოუხმო.
15.
ქალის და ღრუბლის ჩუმ დიალოგს
ყურს უგდებს ქოლგა,
ვიდრე სრულად დაიკეცება.
16.
ღრუბელი უფრო ადრე მივიდა
აყვავებული ალუბლის ხესთან,
ქალმა და ქოლგამ პაემანი სადაც დაუთქვეს.
17.
ქალის ხელისგულს
ქოლგა სითბოს უცვლიდა და ასე ფიქრობდა:
“ცვალებადი გული აქვს ღრუბელს”.
18.
ქოლგას ალუბლის ყვავილებმა შეახსენეს
ძველისძველი ჭეშმარიტება:
ქალი ღრუბლით შეიცნობა, ღრუბელი – ქალით.
19.
ქალმა
ღრუბლის გასაგონად
დაკეცა ქოლგა.
20.
ქალმა იხილა:
ტყუპი ძმებივით ჰგავდნენ ერთურთს
ღრუბელი და გაშლილი ქოლგა.
21.
ამჯერადაც ხიდია ქოლგა,
სადაც ერთმანეთს უნდა შეხვდნენ
ქალის მსუბუქი ნაბიჯი და მძიმე ღრუბელი.
22.
ქოლგას არ სურდა გაშლილიყო,
ქალის თვალებში
ღრუბელი რომ აღმოაჩინა.
23.
როცა ქალს ხელში ქოლგა უჭირავს,
მისი გულისთქმა
ნატრობს დარდით აღსავსე ღრუბელს.
24.
ქოლგა ღრუბლისგან
ქალის თვალებს
ერთგულად იცავს.
25.
ნაცნობ სახლს თვალი როცა მოკრა,
ქალმა ისე დაკეცა ქოლგა,
თითქოს საშველად ღრუბელს უხმობდა.
26.
ნაღვლიანი ღრუბელი ხედავს:
სახლის კუთხესთან ქალი უკვე გაუჩინარდა,
ქოლგა – ჯერ არა.
27.
ქალი და ქოლგა
აყვავებული ალუბლის ხესთან
ღრუბელს ელიან.
28.
როცა ღრუბელი
ქოლგამ ავად მოიხსენია,
ქალმა იგი უმალ დაკეცა.
29.
ტუიას ხეს არც ამჯერად გამოპარვია:
ღრუბელს კვალში ჩადგომოდნენ
ქალი და ქოლგა.
30.
გაზაფხულისკენ აჩქარებულ ქალის თვალებში
მოგზაურ ღრუბელს
ისევ ჯიუტად არ იმჩნევს ქოლგა.
31.
ქოლგას და ღრუბელს
ერთადერთი არჩევანი დაუტოვა ქალის სურვილმა:
მათ ერთმანეთს სამუდამო მტრობა შეჰფიცეს.
32.
ღრუბელს ალუბლის ყვავილებმა შეახსენეს
ძველისძველი ჭეშმარიტება:
ქოლგა ქალით შეიცნობა, ქალი კი – ქოლგით.
33.
რას ედავება ქალი ღრუბელს
თავის სიზმარში,
ქოლგის მეტმა არავინ იცის.
34.
როცა ღრუბელმა აყვავებული ალუბლების ხეივანში
ქალის გვერდით მიმავალი ქოლგა შენიშნა,
მის ღიმილში ღიმილი გაკრთა.
35.
ქალმა
ქოლგასთან საპაექროდ
ღრუბელს მოუხმო.
36.
მზერის არიდან გაუქრნენ ღრუბელს
ალუბლის ხესთან მოწრიალე
ქალი და ქოლგა.
37.
დასავლეთის ქარს როცა ებრძვის გაშლილი ქოლგა,
ქალის ღიმილს და მძიმე ღრუბელს
ერთი წონა აქვთ.
38.
ქოლგამ იხილა:
ქალს ის სახლში დარჩენოდა,
რაც ღრუბელმა არ შეიმჩნია.
39.
ქალის ღიმილმა
ქოლგა სწორედ მაშინ გაშალა,
როცა ღრუბელს მის თვალებში ჩახედვა სურდა.
40.
აღელვებული ქალის სუნთქვასთან
შემხვედრი ღრუბლის ჰარმონიას
კვლავ მორჩილად უზრუნველყოფს გაშლილი ქოლგა.
41.
რას ედავება ქოლგა ღრუბელს
მისივ სიზმარში,
ქალის მეტმა არავინ იცის.
42.
ღრუბელი ნატრობს –
დიდხანს დარჩეს ქალის თვალებში,
მაგრამ აქ ქოლგა ფრთებს შლის ღონივრად.
43.
ქალი და ქოლგა
მძიმე ღრუბელს მთისკენ ისე მიაცილებენ,
ვით მასპინძლები – სასურველ სტუმარს.
44.
როცა ქალი თვალს შეავლებს კრიალა ზეცას,
ქოლგის წონა
ღრუბლის წონას აღემატება.
45.
“ქალის მფარველი ანგელოზი რომელია:
ღრუბელი? ქოლგა?” –
ტუიას ხეს მოსვენება დაუკარგა ამაზე ფიქრმა.
46.
ღრუბელს ხილვისთვის დრო არ ეყო:
სახლის კარმა გაიჭრიალა
და გამოვიდნენ ქალი და ქოლგა.
47.
ქალს და ქოლგას
როცა არსად ეჩქარებათ,
ჩქარობს ღრუბელი.
48.
როცა ქალი თვალს უსწორებს ღრუბლის სიმძიმეს,
ქოლგა ფერს იცვლის,
მაგრამ – რომელს ან მერამდენეს?
49.
ყვავილებისგან განძარცული ალუბლის ხესთან
ქალი და ქოლგა ყურს უგდებდნენ
ღრუბლის სიჩუმეს.
50.
მსუბუქ ქოლგას და ღრუბლის სიმძიმეს
ქალის ღიმილი
კიდევ ერთხელ აწონასწორებს.
51.
ქალით და ქოლგით ტკბობის სურვილმა
სულ მცირე ხნით გამოსტაცა
ელჭექს ღრუბელი.
52.
ქალმა
ღრუბლის სიმაღლიდან
დახედა ქოლგას.
53.
ნუთუ მზე იყო,
რაც ქოლგამ ღრუბელს ნიშნისმოგებით
ქალის თვალში გამოუჩინა?!
54.
ქალს ალუბლის ყვავილებმა შეახსენეს
ძველისძველი ჭეშმარიტება:
ქოლგა ღრუბლით შეიცნობა, ღრუბელი – ქოლგით.
55.
ქალის ქოლგაზე გამობმული
ღრუბელი ფიქრობს:
“მე ღრუბელი ვარ?”
56.
დაღლილი ქალი მძიმედ სუნთქავს,
ქოლგა ამშვიდებს.
ღრუბელი ქალაქს ეს-ესაა დაემშვიდობა.
57.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაშლილ ქოლგას უტვირთია
შავი ღრუბლის მთელი სიმძიმე,
რათა ქალმა მოკირწყლული ხეივანი მსუბუქად განვლოს.
58.
ქარით ნაცემ ალუბლის ხესთან,
მძიმე ღრუბელზე დამიზნებული
ქოლგა ქალის გულს დამიზნებია.
59.
“ეს პოეტური ღრუბელი იყო”, – ასე თქვა ქალმა.
“ეს ღრუბელი ჩვენ დავკრძალეთ”, – ასე თქვა ქოლგამ.
“ყველა ღრუბელი ეს ღრუბელია”, – ამბობს პოეტი.
60.
ღრუბელს ღიმილმა უცვალა ფერი,
როცა ქალმა
ქოლგას რაღაც უხმოდ უბრძანა.
61.
როცა სახლიდან
თეთრ ღრუბელთან შესახვედრად გამოდის ქალი,
გულისცემა უჩქარდება დაკეცილ ქოლგას.
62.
ერთგული ქოლგით თანხლებული
ქალი უმზერდა
თავის თვალებში მოგზაურ ღრუბელს.
63.
ამღვრეულ ტბაში
ქალის ქოლგით დაჩხვლეტილი
ღრუბელი გდია.
64.
და
ასე
შემდეგ.
© არილი