დავით გაბუნია – საყვარელ მწერალთან ურთიერთობის შესავალი – ინტერვიუ ერლენდ ლუსთან

erlend loe

ზაზა დავითაშვილის და მაკა გოგალაძის ფოტოები

უხერხული გრძნობაა, როცა შენს საყვარელ მწერალს ხვდები. აი, რა უნდა უთხრა – გაიკრიჭო სულელურად და ვაიმე, როგორ მიყვარს თქვენი წიგნები? იმან რა უნდა გითხრას – საპასუხოდ გაიკრიჭოს და დიდი მადლობაო, თუ რა? ამიტომაც ერთხელ საკუთარი ნებით ვთქვი უარი ლონდონში თანამედროვე დრამატურგიაში ჩემი კერპის, მარტინ კრიმპის გაცნობაზე – არადა, შემეძლო. ამჯერად კი ნორვეგიელმა კერპმა ჩამომაკითხა თბილისში.

2005 წელს წავიკითხე პირველად ერლენდ ლუს პირველი რომანი „ქალის ტყვეობაში“ და იმ დღიდან მოყოლებული მშურდა ამ კაცის – არა, შური ის სიტყვა არ არის, ვეცდები, დავაზუსტო: ხომ გაგჩენიათ შეგრძნება, რომ ამ კონკრეტულ წიგნს ხელს სიამოვნებით მოაწერდით – ჰოდა, მეც ასე დამემართა, მომინდა ასეთი წიგნის დაწერა – უშინაარსო ცხოვრებასთან ამაოდ მებრძოლ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც უკვე ბრძოლაც მობეზრებია და ყოველდღიურობაში იძირება. ოღონდ, ტრაგიზმისთვის აქ სივრცე აღარ რჩება, ტრაგედიის თავიც არა აქვს ამ თანამედროვე ადამიანს. როგორი ნაცნობი შეგრძნება და თემაა ჩემთვის. ჰოდა, კი არ შემშურდა, არამედ, მომინდა ასე წერა მეც. მერე მივაყოლე კიდევ რამდენიმე წიგნი – მსოფლიო ჰიტი „ნაივური. სუპერი“, „ფაქტები ფინეთის ცხოვრებიდან“, „ექსპედიცია ლ“ – ამათაც გამიმყარეს აზრი, რომ საჩემო მწერალს გადავაწყდი. შეიძლება არც მთლად საუკეთესოს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ პირდაპირ და უშუალოდ ჩემთან მოლაპარაკეს – ნამდვილად.

გავიდა 9 წელი და სრულიად მოულოდნელად მირეკავს ჩემი მეგობარი, მაშო სამადაშვილი და მთავაზობს, არ გინდა, ერლენდ ლუს თარჯიმნობა გაუწიო თბილისში მკითხველებთან შეხვედრის დროსო? ამოტივტივდა სასიამოვნო მოგონებები – გადმოვიღე თაროდან მისი წიგნები, გადავხედე. იმისთვისაც მოვემზადე, ზემოთ რომ უხერხულობა ვახსენე, ეგეთ მდგომარეობაში თავი არ ჩამეგდო. თარჯიმნობის გარდა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა მთხოვეს, იქნებ ერლენდი, მისი შვიდი წლის შვილი და დედა ერთი დღით ჩაიბარო და ქალაქში გაასეირნოო. მოკლედ, ფრიად საპასუხისმგებლო საქმისთვის მოვემზადე. სასტუმროში რომ მივაკითხე მეტეხის აღმართზე, თავი მართლა მისი წიგნის პერსონაჟი მეგონა – რომანში „ფაქტები ფინეთის ცხოვრებიდან“ – ახალგაზრდა ნორვეგიელ დიზაინერს ფინეთის საელჩო ფინეთის ტურისტულ ბუკლეტს უკვეთავს და ეს კაცი ცდილობს, კლიშეებისგან შემდგარი ტურისტული ტექსტი შეაკოწიწოს, დიდად სასაცილო საკითხავია – ლუსთვის დამახასიათებელი უაღრესად არაპოლიტკორექტული იუმორით სავსე. ჰოდა, პირველი რაც ვუთხარი ჩემს „ტურისტებს“ ეს იყო: წაკითხული მაქვს თქვენი წიგნი და რა ვქნა, როგორ მოგიყვეთ თბილისის შესახებ ისე, რომ ტურისტული ჰაიდბუქის ენას ავცდე-მეთქი. გაეცინა. მერე შვედურადაც დაველაპარაკე (შვედური და ნორვეგული ენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და კომუნიკაცია არ არის ძნელი) და ამით ხომ მთლად მოვიგე მისი გული – ცოლი მყავს შვედიო. ერთი სიტყვით, ინგლისურ-შვედურ ენაზე დავიწყე ხოხბისა და გორგასლის ამბებით და ერთი სიამოვნება იყო იმის მოსმენა, თავის 7 წლის ბავშვს როგორ უთარგმნიდა ერლენდი ამ ყველაფერს ნორვეგიულად. მეგონა, საქართველოზე წერდა ახალ წიგნს თავისი განუმეორებელი, მინიმალურ გამომსახველობამდე დაყვანილი, „ნაივური“ ენით. კი გავიფიქრე, აი, თურმე „ნაივური.სუპერი“ როგორ დაწერა – ამბებს ყვები ისე, რომ 7 წლის ბავშვმა გაიგოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები საბავშვო სულაც არაა. მოყოლისას დროდადრო ვჩერდებოდი და ვთხოვდი, თუ ძალიან გავუტიე, იქნებ შემაწყვეტინო-მეთქი. შენც არ მომიკვდე, უდიდესი ინტერესით მისმენდა მთელი ოჯახი (ერლენდი, დედამისი და ბავშვი) – და უხერხულობის გრძნობაც სადღაც გაქრა – როცა არ იცი, რაზე ელაპარაკო საყვარელ მწერალს.

შიგადაშიგ მაინც გავაპარებდი რაიმე ციტატის მსგავსს მისი წიგნებიდან, იმის მისანიშნებლად, რომ ტურისტებისთვის გამიზნულ ენაზე განზრახ ვლაპარაკობდი და ხშირად სულაც არ მომწონდა ჩემივე სიტყვები; ემანდ, არ გეგონოს, გულწრფელად მჯერა ამ პატრიოტიზმით შეკმაზული სენტენციების-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა, კარგად ვხვდები, რასაც გულისხმობო. ცხადია, ყველა ტურისტული სეირნობა ჭამა-სმას აუცილებლად უნდა მოიცავდეს და მეც, რა თქმა უნდა, ქართულ სამზარეულოს მივეძალე. არ მოვყვები დეტალურად, როგორ შეირცხვინა თავი ხინკლის ხელით ჭამაში და მხოლოდ მესამე ცდიდან მიაღწია დამაკმაყოფილებელ შედეგს; იმასაც გაკვრით ვახსენებ, მეგრულმა სეპარატიზმმა რომ მძლია ხაჭაპურის არჩევანში და ტარხუნის ლიმონათზე როგორ იხალისა 7 წლის ლუმ, ბეტმენის სასმელს გავსო. გასტრონომიული ნაწილი წარმატებით მოვილიეთ და მწერალთა სახლს მივაშურეთ, მაჩაბელზე. აი, აქ კი აენთო თვალები ჩვენს სტუმარს, ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა, ჩვენი დიადი გეგმების შესახებ მოისმინა, აღფრთოვანდა, სარემონტო ზედა სართულებზეც იძრომიალა და ასეთ სახლში თუ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამა გექნებათ, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობასო, მანამდე კი ერთი სათხოვარი მაქვს და უარი არ მითხრა, სადმე ახლოს სათამაშოების მაღაზია თუ არის, წამიყვანე, ბავშვს საჩუქარს დავპირდიო.

მართლა უცნაური გრძნობაა, როცა ერლენდ ლუსთან ერთად სათამაშოების მაღაზიაში „ლეგოს“ კონსტრუქტორებს არჩევ 7 წლის ბიჭისთვის. ვისაც „ნაივური.სუპერი“ წაუკითხავს (გირჩევთ, არ ინანებთ!) ადვილად მიმიხვდება, რომ თავი მართლა წიგნის პერსონაჟი მეგონა. საბოლოოდ ყველანი კმაყოფილები დავრჩით – სეირნობით დაღლილი პატარა და დიდი ლუები სასტუმროსკენ გავისტუმრე, მეორე დღეს დიტო გოგოლაშვილის საიმედო ხელში ვტოვებდი. მე კი ორი დღის შემდგომ მკითხველებთან შეხვედრისა და „არილისთვის“ ჩასაწერი ინტერვიუსთვის მოსამზადებლად წავედი.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ერლენდს თან ფოტოაპარატი ჰქონდა და სულ აჩხაკუნებდა – ამასწინათ კი მეილზე ფოტოებიც გამომიგზავნა. აი, ასეა – თავიდან იმას ფიქრობ, საყვარელ მწერალს როგორ ელაპარაკო და ბოლოს იმით ამთავრებ, რომ მისი გადაღებული საკუთარი გაკრეჭილი სახე გიყურებს კომპიუტერის მონიტორიდან. ერთი სიტყვით, უკვე ვიცი – საყვარელი მწერლების არ უნდა მეშინოდეს.

 =================================================

erlend loe1

მწერალი, სცენარისტი, ველოსიპედისტი, ძმა და სამი ბიჭის მამა

ინტერვიუ ერლენდ ლუსთან

ერლენდ ლუ – Erlend Loe (დ. 1969) ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, რომანისტი, მაისის ბოლოს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის სტუმარი იყო. მისი მეორე რომანი „ნაივური.სუპერი“ (1996) გამოსვლისთანავე გასცდა ნაციონალური ბესტსელერის მასშტაბს და რამდენიმე ათეულ ენაზე ითარგმნა. ქართული გამოცემისთვის რომანი ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008). ერლენდ ლუს რომანები განსაკუთრებული, მწერლისთვის საფირმო ნიშნად ქცეული ირონიით გამოირჩევა.  ქართულ ენაზე გამოსაცემად მზადდება ლუს კიდევ ერთი პოპულარული რომანი „დოპლერი“ (2004).

არილი: ქართველი მკითხველი თქვენი ყველაზე პოპულარული რომანით, „ნაივური.სუპერი“ გიცნობთ.  როგორ ახსნით ამ წიგნის ფენომენალურ წარმატებას?

ერლენდ ლუ: ეს ჩემი რიგით მეორე რომანია, როცა „ნაივურ.სუპერს“ ვწერდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ ჩემი თაობის ნორვეგიელებს მოეწონებოდათ და აუცილებლად გააკრიტიკებდნენ აკადემიური წრეები, ლიტერატურის სპეციალისტები. მეგონა, ლიტერატურულ ისტებლიშმენტს ეს ენა ზედმეტად ბავშვურად მოეჩვენებოდა. თუმცა წიგნმა დიდი წარმატება მოიპოვა, მაგრამ ამის ახსნა არ შემიძლია. ძალიან მარტივად ვიტყვი, შენს დროში უნდა იცხოვრო, აღწერო შენი დრო და მერე ბედნიერი დამთხვევის წყალობით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კარგი წიგნი გამოგივიდეს და მკითხველებსაც მოეწონოთ. თუ ცდილობ, დაწერო ის, რაც ყველას მოეწონება – იმთავითვე შეცდომას უშვებ. კიდევ ვიტყვი, რომ  90-იანი წლების სკანდინავიური ახალგაზრდული კულტურა გაჯერებული იყო ირონიით, სკეპტიციზმით. ჩემი იუმორი მაშინაც  ირონიული იყო და ახლაც ასეთია, ყოველთვის ვცდილობ, გვერდიდან შევხედო მოვლენებს. თუმცა, ერთხელაც მივხვდი, რომ ჩემს თაობას რაღაც უფრო მეტი ჰქონდა, ეს არ იყო მხოლოდ ირონიული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ჩვენ სხვა გრძნობები, სხვა ემოციები გვამოძრავებდა. ამან დამაწერინა ეს რომანი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე. შეიძლება ითქვას, ამ წიგნმა ლიტერატურაში კარი გამიღო.

არილი:  როცა „ნაივური.სუპერი“ პირველად წავიკითხე, შეგრძნება გამიჩნდა, რომ ამ წიგნის მთავარ გმირს ვიცნობდი – თითქოს სადღაც მენახა. ხომ არ არის ეს კაცი „გაზრდილი“ ჰოლდენ კოლფილდი? ან იქნებ პიტერ პენია? თუ გრძნობდით ან გულისხმობდით ამ კავშირებს, როცა წიგნს წერდით?

ე.ლ.: „თამაში ჭვავის ყანაში“ მრავალჯერ მაქვს წაკითხული და, ცხადია, კავშირი არსებობს. თუმცა ასე პირდაპირ ვერ ვიტყოდი – როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, ბევრად ახალგაზრდა ვიყავი. ცხადია, მხიბლავდა 50-იან-60-იან წლებში დაწყებული ახალგაზრდული ამბოხის იდეა, მაგრამ „ნაივური.სუპერის“ გმირი შორსაა ამ მეამბოხის შარავანდედისგან, ის სულაც არ არის მაგარი ტიპი 1950-იანი წლების ამერიკული კინოდან. ის უფრო ბავშვია – ასე რომ, განსხვავება აშკარაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კრიზისის განცდა ჩემს გმირსაც აქვს. რაც შეეხება პიტერ პენს – 90-იანი წლების სკანდინავიაში მართლაც არსებობდა ერთგვარი „პიტერ პენული“ კულტურა – ბევრი იყო ახალგაზრდა, რომელსაც თითქოს არ სურდა გაზრდილიყო. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება საუკუნის ბოლოს დიდი პოლიტიკური და რელიგიური იდეალების კოლაფსს – ადამიანებს საყრდენი გამოეცალათ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. სწორედ ასეთი ადამიანია „ნაივური.სუპერის“ გმირი. კიდევ ხშირად მეკითხებიან, რამდენად მგავს ეს გმირი მე – და როდესაც იგებენ, რომ ეს არ არის ავტობიოგრაფიული წიგნი, ცოტა იმედგაცრუებულები რჩებიან. მე ამით კმაყოფილი ვარ, რადგან მიზნად მქონდა დასახული, მკითხველებს მოსჩვენებოდათ, რომ წიგნი ნამდვილ ამბებს აღწერს. მთავარია, ეს ილუზია შექმნა – რომ საკუთარ თავზე წერ და სრულიად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, წიგნში აღწერილი ამბები მართლა ავტობიოგრაფიულია თუ მთლიანად გამონაგონი.

არილი:  ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის წიგნი წამიკითხავს, თუმცა, პირველი, ვინც მახსენდება, შიელ ასკილდსენი და მისი ცნობილი მოთხრობაა, „თომას ფ.-ის ბოლო ჩანაწერები კაცობრიობას“. ასკილდსენის გმირი მოხუცია, რომელსაც ადამიანები სძულს და მარტო ყოფნას არაფერი ურჩევნია. თქვენი გმირების ასოციალურობა რამდენად ეწერება თანამედროვე ნორვეგიული ლიტერატურის ტენდენციებში – არის თუ არა ეს ერთგვარი საერთო თემა? ადამიანის ასოციალურობა.

ე.ლ.: მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიულ ლიტერატურას ბევრს ვკითხულობ, თავს ვერ დავდებ, რომ ლიტერატურის ისტორიკოსის სიზუსტით შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ჩემი წიგნები საერთო ნორვეგიულ სურათში კარგად ეწერება. ასკილდსენს მთელი ახალგაზრდობა ვკითხულობდი და ძალიან მომწონდა მისი უშავესი იუმორი, ცხოვრების პირქუში ხედვა. რამდენჯერმე შევხვედრივარ კიდეც, გადასარევი კაცია – თითქმის სულ ჩუმადაა, მაგრამ როცა ლაპარაკობს, აუცილებლად ყურადღებით უსმენ. წარმოუდგენელი პერფექციონისტია. ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ერთ საათს ხარჯავს წერაში, მაგრამ შემდეგ სამ საათს მუშაობს, რომ დაწერილიდან ყველაფერი წაშალოს და საბოლოოდ ერთადერთი სრულყოფილი წინადადება მიიღოს. მე ამ მხრივ ძალიან განვსხვავდები მისგან. რაც შეეხება უშუალო გავლენას, არსებობდა ასეთი ნორვეგიული პოპჯგუფი deLillos, და თუ ვინმეს მადარებენ, სწორედ მათი სიმღერების ტექსტებია – მათ ჰქონდათ ასეთივე ნაივური მიდგომა სერიოზული საკითხების მიმართ. 1980-იან წლებში და 90-იანების დასაწყისში ასევე იყვნენ მწერლები, რომელთაც „ნეონაივისტებს“ ეძახდნენ, რა თქმა უნდა, მათ გავლენასაც განვიცდი. ამიტომაც, რასაც მე ვწერდი, ცხადია, არ იყო სუფთა ფურცლიდან დაწყება – ჩემს გარემოს და წინამორბედებს ძალიან კარგად ვიცნობდი.

არილი: სხვა წიგნებზეც ვისაუბროთ – თქვენ რომანი „ექსპედიცია ლ“ – დასცინის პატრიოტიზმს, მის დეკონსტრუქციას ახდენს. ამ ძალიან სასაცილო წიგნში გამასხარავებულია „სასახელო ნორვეგიელის“ სახე, რას ნიშნავს იყო ნორვეგიელი. ამისათვის არასოდეს გაუკრიტიკებიხართ?

ე.ლ.: არა, რადგან ჩემს თაობას ძალიან კარგად ესმის ამის საჭიროება. ცხადია, ყველა კულტურაში ასეა – უფროსი თაობა გასწავლის, რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია და ა.შ. ყოველ 17 მაისს, ნორვეგიის ეროვნულ დღესასწაულზე, გამოვდივართ ქუჩებში და ვაფრიალებთ ნორვეგიის დროშებს, ბავშვები გამოგვყავს. ერთხელ, ბავშვობაში, ბიძაჩემმა დამიყვირა, დროშა მაღლა ასწიე – მიწას არ შეეხოსო – ამის უფლება არა გაქვს. თუმცა ჩემთვის ეს ღირებულებები არაა საკრალური – ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ სიყვარული სხვადასხვანაირი არსებობს. ვიღაცას დაძაბულად უყვარს თავისი ქვეყანა, მე კი მშვიდად მიყვარს და არ არის საჭირო ამ პატრიოტულ თამაშებში ჩართვა. არ არის აუცილებელი გაუთავებლად იამაყო ამუნდსენით, ჰეიერდალით – ეს ის ხალხია, რომლებმაც ასახელეს ნორვეგია – მსოფლიო რუკაზე ადგილი მოუნიშნეს – ჩემთვის ასეთი სახის პატრიოტიზმი საეჭვო ღირებულებაა, ამიტომ დაცინვასაც არ ვერიდები. საბედნიეროდ, ამას ნორვეგიელების დიდი ნაწილი ხვდება. საჭიროა პატრიოტიზმის გრადუსის დაბლა დაწევა, მისი დამიწება. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდი ამ რომანში.

არილი: თქვენი კიდევ ერთი წიგნი „ფაქტები ფინეთის ცხოვრებიდან“ – ძალიან გამორჩეული რომანია – საკმაოდ არაპოლიტკორექტულად მოიხსენიებს ფინეთს. თუ ნორვეგიელებმა თვითირონია გაპატიეს, როგორი იყო ფინელების რეაქცია?

ე.ლ.: ფინელებიც საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად აღიქვამენ ეროვნულობის საკითხს, მათაც დიდი დოზით ახასიათებთ თვითირონიულობა, ამიტომ წიგნს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ფინეთშიც. ასე რომ, ბორატის და ყაზახეთის ამბავი არ განმეორებულა. საინტერესოა ისიც, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყაზახეთშიც მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, ასეთი იუმორი უნივერსალურია და თუ ეცდები, აკრძალო, აუცილებლად დამარცხდები. თუკი მოახერხებ, აღიარო, რომ მართლა სასაცილოა, მაშინ ვინ იცის, იქნებ მოგეწონოს კიდეც. ფინეთსა და ნორვეგიას ბევრი რამ გვაქვს საერთო – ორივე ქვეყანა „უფროს ძმად“ აღიქვამდა შვედეთს,  ახლა თავისუფალი ქვეყნები ვართ და ამ თავისუფლებას ძალიან ვაფასებთ. ამას გარდა, ნორვეგიელებსა და ფინელებს კარგად გვესმის სიჩუმის ფასი – სიჩუმე სულაც არ არის საშიში.

არილი: ქართულ ენაზე აქამდე თქვენი მხოლოდ ერთი წიგნი „ნაივური.სუპერი“ გვაქვს, მალე იგეგმება კიდევ ერთი რომანის, „დოპლერის“ გამოცემა, სადაც მთავარი გმირს მობეზრდება ადამიანთა შორის ცხოვრება და ტყეში გადაბარგდება…

ე.ლ.: „ნაივური.სუპერის“ შემდეგ „დოპლერი“ ჩემი ყველაზე პოპულარული რომანია. დოპლერი რომანის მთავარი გმირის გვარია; ეს კაცი, ოჯახის მამაა, რომელიც არაფრით არა მგავს მე. იგი ერთხელაც აღმოაჩენს, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეიმეცნა, ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან ელოდნენ და საერთოდ, მეტისმეტად იდეალურია. ამიტომაც ღიად აცხადებს, რომ ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრება მობეზრდა, არ უყვარს ხალხი, არ მოსწონს რასაც ადამიანები ამბობენ და აკეთებენ. იღებს გადაწყვეტილებას, მიატოვოს ჩვეული ცხოვრება, მარტო ყოფნა უნდება. ამით ცდილობს თავის დაცვას საზოგადოებისგან და თან, საზოგადოებასაც იცავს თავისი უარყოფითი აზრებისგან. შემეძლო, ეს პერსონაჟი „ფსიქოლოგთან მიმეყვანა“, მაგრამ მაშინ ხომ მოსაწყენ წიგნს მივიღებდით, მე კი მოსაწყენი წიგნები არ მიყვარს. ამიტომ ბუნებაში გადავასახლე – რაც ფრიად პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო. თანაც, ოსლოში, ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა ტყე – ათ-თხუთმეტ წუთში ფეხით მიხვალ ტყემდე. დოპლერმაც აქ დასცა თავისი კარავი – ეს ისეთი ადგილია, სადაც შემთხვევით ვერავინ მოხვდება, თვითონ გმირს კი შესაძლებლობა აქვს, ქალაქს გადმოხედოს, ყველაფერი აკონტროლოს. ასე რომ, თუ ოსლოს მცხოვრებლებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყოველდღიურობის ნაწილია – ძაღლს ასეირნებენ ტყეში, ან დარბიან ხოლმე – აქამდე არავის მოაფიქრდა, ამ ტყეში კარვის გაშლა და საცხოვრებლად გადმოსვლა. ერთი სიტყვით, კაცი გაექცევა თავის ორ შვილსა და ფეხმძიმე ცოლს და ამერიკელი ინდიელივით ცხოვრებას იწყებს, ოღონდ ოსლოს მახლობლად. მოშიებული კაცი ცხენირემს მოკლავს, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ცხოველს პატარა ნაშიერიც ჰყოლია. რას არ ცდილობს, რომ ეს პატარა ცხენირემი თავიდან მოიშოროს, მაგრამ ცხოველი არაფრით არ შორდება, და საბოლოოდ მისი საუკეთესო მეგობარი ხდება. მოკლედ რომ დავახასიათო ეს წიგნი, ასე ვიტყვი: ეს არის კაცისა და პატარა ცხენირმის მეგობრობის ამბავი, რომელიც მიზანთროპული და ცივილიზაციის საწინააღმდეგო იდეებითაა გაჟღენთილი. ამ წიგნის დაწერიდან უკვე ათი წელი გავიდა, მაგრამ მასთან დაკაშირებულ ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით. წინა კვირას ავიღე ჩემი სხვადასხვა წიგნების 100 ეგზემპლარი, ლითონის ყუთში მოვათავსე და იმ ტყეში დავტოვე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც „დოპლერის“ გმირი ცხოვრობს რომანში. მერე ტვიტერზე დავწერე ყუთის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები და ტექსტი: აქა და აქ აწყვია ჩემი წიგნები და შეგიძლიათ, წაიღოთ, ნუ მოგერიდებათ-მეთქი. უნდა გითხრათ, არც ისე ადვილი საპოვნელია ის ადგილი. მეგონა, რამდენიმე კვირა დასჭირდებოდათ, მაგრამ ორ დღეში ყუთი სრულიად დაცარიელებული დამხვდა. მოკლედ, ეს მეთოდი მოვიგონე და ახალ წიგნს როცა დავწერ, იმასაც ასე გავავრცელებ.

არილი: ტვიტერის ანგარიშზე მითითებული გაქვთ, რომ ხართ „მწერალი, სცენარისტი, ველოსიპედისტი, ძმა და სამი ბიჭის მამა“. ამ იდენტობათაგან რომელია მთავარი?

ე.ლ.: ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამათგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანია: მამა და მწერალი. ორივეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის; წერა ის საქმიანობაა, რისგანაც სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვიტყოდი: მირჩევნია, მომავალში ჩემზე თქვან, კარგი მამა იყოო. შორეულ პერსპექტივაში ეს უფრო მნიშვნელოვანია.

არილი:  ველოსიპედისტზე რას იტყვით? იმის გარდა, რომ ფეხზე ველოსიპედის ტატუ გაქვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში  აღნიშნეთ, რომ დეპრესიული, დაღლილი და თავგაბეზრებული კაცები ხშირად ირჩევენ ამ გზას, მიდიან ველოსიპედით სასეირნოდ და ან სარბენად, იმის ნაცვლად, რომ ვინმეს დაელაპარაკონ.

ე.ლ.: ნორვეგიაში ნამდვილად ასეა. ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენთან ფსიქოთერაპევტთან სიარულის კულტურა ნაკლებადაა განვითარებული. ცხადია, ფსიქოთერაპევტები ნორვეგიაშიც არიან, მაგრამ ნორვეგიელი კაცები ამ მხრივ ფინელ კაცებს ვგავართ – ჩვენთვის არც ისე იოლია, ვიღაცას საკუთარ პრობლემებზე ველაპარაკოთ, და იქნებ, არცაა საჭირო. თუ უბრალოდ შეგიძლია, წახვიდე, მაგრად გაოფლიანდე და დაიღალო, ირბინო, ველოსიპედით ისეირნო, თხილამურებით ისრიალო, ეს ხომ გაცილებით ადვილია და შედეგი ზუსტად იგივე გაქვს. ოსლოს იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, მრავლად ნახავთ კაცებს (ქალებიც არ აკლებენ), რომლებიც ტყეში დარბიან ან ველოსიპედით სეირნობენ. ერთი შეხედვით, არაფერი ამაში ცუდი არ არის, მაგრამ თან ერთგვარი პანიკის გამომხატველია. მაშინ, როცა არაფერში მყარად დარწმუნებული არა ხარ, ის მაინც იცი ზუსტად, რომ შეგიძლია საკუთარი სხეული დაღალო და მერე მშვიდად და ღრმად დაიძინო.

ესაუბრა დავით გაბუნია

© “არილი