ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

დიმიტრის ცეკურასი – გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ან ლიტერატურა სიგიჟის საპირისპიროა

ბერძნულიდან თარგმნეს ანინა გოგოხიამ და სალომე გვენცაძემ

Α

სანამ ჩვენს მთავარ თემას – გურამ დოჩანაშვილსა და მის ლიტერატურულ მარგალიტს, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – შევეხებოდეთ, მსურს, ორიოდე სიტყვა ზოგადად ლიტერატურის შესახებ მოგახსენოთ. ორიოდე სიტყვა, რომელიც, შესაძლოა, ორიგინალურობით არ გამოირჩეოდეს, თუმცა, ვფიქრობ, შეძლებს უკვე ცნობილი ამბების შეხსენებას.

დღევანდელ მსოფლიოში, ყოველმხრივ მშფოთვარე კაცობრიობისთვის, სავარაუდოდ, თავისთავად ცხადი ამბების შეხსენება, ალბათ, უპირველესი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, თუ გვინდა, შფოთვა ეტაპობრივად გარდაიქმნას სიმშვიდედ.

მაშ ასე: როგორც ცნობილია, სამყაროში არსებობს სიკეთე, მაგრამ არსებობს ბოროტებაც, არსებობს სილამაზე, მაგრამ არსებობს სიმახინჯეც, არსებობს სამართლიანობა, მაგრამ არსებობს უსამართლობაც და ა.შ. მთელი სამყარო მუდამ ამ, ძალიან ხშირად, ბუნდოვანი საპირისპირო ცნებების, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების არქეტიპულ საწყისზე იყო აგებული. ხელოვნების როლი, მისი ყველა გამოვლინებით – და ალბათ, უფრო მეტად ლიტერატურაში – თავიდანვე სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ წინააღმდეგობებზე დაკვირვება. არა მათი განსჯა, რადგან ხელოვნება, არსებითად, არ გახლავთ ზემოდან განმსჯელი, არამედ ხელოვნება ამ წინააღმდეგობებს აკვირდება და სიბრძნის მეშვეობით აღწერს მათ და ამგვარად ქმნის ადამიანის სულის მარადიულ ძეგლს.

სიტყვა „სულს“ (ψυχή) აქ მისი პლატონისეული მნიშვნელობით ვიყენებ, რომლის თანახმადაც მას მიეწერება სხეულის, ასევე გულისა და გონების ფუნქციაც, რომლებიც ერთად მოქმედებენ. ან, უფრო ზუსტად, ერთმანეთის პარალელულად და განუყოფლად თანაარსებობენ.   

იმის გარდა, რაც თავისთავად იგულისხმება, რომ ლიტერატურას შესწევს ძალა, გააერთიანოს განსხვავებული კულტურები და განსხვავებული ადამიანები მთელ მსოფლიოში, დააახლოვოს – ან სცადოს დააახლოვოს – ერთმანეთთან დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, მასკულინური და ფემინური, ზეციური და მიწიერი, მარცხენა და მარჯვენა, მსხვერპლი და მოძალადე, აზრი და მისი სრულიად საწინააღმდეგო და ა.შ., და ყველაფერ ამას ახერხებს მისი უნიკალური ინსტრუმენტის მეშვეობით, იმ მუდამ დაუოკებელი და მუდმივად დროში განვითარებადი საჩუქრით, რომელიც ადამიანს ერგო წილად და რომელსაც ეწოდება ენა, ამ ყველაფრის გარდა, ლიტერატურა, ვფიქრობ, სიგიჟის საპირისპიროა.

სიგიჟის ან იმ მდგომარეობისა, რომელსაც ხშირად ზედაპირულად, ვუწოდებთ და ვნათლავთ სიგიჟედ.

ვეცდები უფრო ნათლად გამოვხატო აზრი და ჰიპოთეზას ერთ ბერძნულ ტექსტზე დაყრდნობით გამოვთქვამ. ბერძნული ტექსტის მოხმობა არ არის კავშირში ჩემს წარმომავლობასთან (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანის წარმომავლობა, ასე თუ ისე, განმსაზღვრელია ჩვენი განვითარებისთვის, იგი კვლავ რჩება სრულიად შემთხვევით მოვლენად), არამედ მას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ბუნებასა და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, რომლებიც ამ ტექსტში, ჩემი აზრით, უმაღლესი ფორმით გახლავთ წარმოჩენილი.

   მოდი, გადავიდეთ იმ ჰიპოთეზაზე, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი.

დავუშვათ, რომ დღეს ინტერნეტიდან ვიგებთ ინფორმაციას, რომ ვიღაც კლავს მამას და საკუთარ დედაზე ქორწინდება, და არა მხოლოდ ქორწინდება, არამედ ოთხი შვილიც კი შეეძინებათ.

ვგონებ, ყველანი შევძრწუნდებით და ხმამაღლა ვიტყვით ან ჩუმად ვიფიქრებთ, რომ არა, არ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს. სავარაუდოდ, ასევე ყველა ერთად – ფაქტის გააზრებისა და გაანალიზების გარეშე, ანუ დაუფიქრებლად, დავიწყებთ ამ ადამიანის გაკიცხვას და უარეს შემთხვევაში კი ვისურვებთ მის სიკვდილით დასჯას სამართლიანობის ნიშნად.

ასე ხდება „რეალურ ცხოვრებაში“.

ხოლო, როცა მსგავსი მოვლენის შესახებ ვკითხულობთ სოფოკლეს პოეზიაში, ჩვენში რაღაც შეიძვრება, ჩვენში რაღაც შეიცვლება.  

და რამდენადაც ისევ აღშფოთება იქნება ჩვენი პირველი რეაქცია, მიუხედავად ყველაფრისა, გაგვიჩნდება ეჭვი, რომ დიახ, ასეთი ამბები სრულებით შესაძლებელია მოხდეს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პირველი აღშფოთება ადგილს დაუთმობს ამ სიგიჟის, ამ პარანოიდული მოვლენის გააზრების მცდელობას.

და ეს, ჩემი აზრით, წარმოადგენს ადამიანური ცივილიზაციისათვის უზარმაზარ ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, შევთანხმდებით, რომ ადამიანური ცივილიზაცია ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, გაგებას, ანუ დაახლოების მცდელობას.

და რა მოხდა, რომ აზრი შევიცვალეთ?

განმსაზღვრელი როლი შეასრულა პოეტურმა ხერხმა, პოეტის ოსტატობამ, რომელიც არ შეშინდა, არ იორჭოფა აღეწერა „სიგიჟე“, არამედ ის დაინახა, მიიღო და გარდაქმნა არა რაიმე „არასიგიჟედ“, არამედ „კვლევის, ანუ ცოდნის მასალად“, იმ სიტყვების მეშვეობით, რომლებიც გამოიყენა ამ საკითხზე ჩვენთან სასაუბროდ.

რაღაც ამგვარს ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ლიტერატურა სიგიჟის საპირისპიროა, რომ ლიტერატურა ის ადგილია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად იხრჩობა, იკვებება და არსებობს კიდეც გიჟური ამბების შიგნითაც და მეშვეობითაც, საბოლოოდ, გვაჩვევს მათ არა იმიტომ, რომ ისინი სრულიად ლოგიკურ ამბებად მივიღოთ, არამედ გვამზადებს იმისთვის, რომ შეიძლება ჩვენც შევეჯახოთ ამ ყველაფერს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.

და როცა ლიტერატურის დიდაქტიკურ ფუნქციაზე ვსაუბრობ, ყოველთვის მხედველობაში მსგავსი რამ მაქვს – ზოგჯერ ლიტერატურა ადამიანს რაღაც შემაძრწუნებელს წარმოუსახავს; და, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს ჩვენ გვაშინებს, ამით შესაძლებელი ხდება შემდგომში მსგავსი რამ თავიდან ავირიდოთ, რადგან ლიტერატურა ამ შემაძრწუნებლის არსებობის შესახებ გვაფრთხილებს.

და ლიტერატურა გვაფრთხილებს არა უხეშად, არამედ იმ საუკეთესო საშუალების გამოყენებით, რასაც დამუშავებული თხრობა ეწოდება. ლიტერატურა სამყაროს შესახებ „გადამასხვაფერებელი“ და კალეიდოსკოპური თხრობა გახლავთ. და ამ თხრობას უამრავი ხერხი აქვს: ლექსის, რომანის, მოთხრობის, პიესის სახით.

წერის ყველა ფორმა სხვა არაფერია, თუ არა თხრობა.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ლიტერატურა ასევე პოლიტიკური აქტია მაშინაც კი, როდესაც ის არ საუბრობს რაიმე აშკარად პოლიტიკურზე დღევანდელი გაგებით.

ლიტერატურა პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს, რადგან არცერთი პერსონაჟი, არცერთი პირი, რაც არ უნდა მარტო იყოს ნაწარმოებში, საბოლოო ჯამში საკუთარ თავს არ ესაუბრება. ის ყოველთვის სხვას ელაპარაკება, სხვას მიმართავს, რათა სანატრელი ზიარება შედგეს. ლიტერატურაში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, არსებითად არ არსებობს მონოლოგი, მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციის მიზნით, მრავალი ტექსტი ან ტექსტის ფრაგმენტი მონოლოგად ხასიათდება.

ამგვარად, სიტყვა, ლოგოსი გარდაიქმნება მოწოდებად, რომელსაც სურს, რომ აუცილებლად შეისმინონ. სასწრაფო მოწოდებად. თუ დავეთანხმებით აზრს, რომ ადამიანის მთავარ მახასიათებელს, მის განმასხვავებელ ნიშანს სხვა დანარჩენი არსებებისაგან, წარმოადგენს ლოგოსი, სიტყვა, მაშინ ლიტერატურა სხვა არაფერია, თუ არა ის ადგილი, სადაც ლოგოსი, ანუ ადამიანი, შეძლებს განუწყვეტლივ განვითარდეს და მუდმივად განახლდეს.  

B

            ახლა კი მთავარ თემას დავუბრუნდეთ.

            გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ – ეს ლიტერატურისადმი მიძღვნილი ჰიმნია. თუმცა არა ისეთი ლიტერატურისადმი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვგულისხმობთ, როცა წარმოვთქვამთ სიტყვას „ლიტერატურა“, არამედ ლიტერატურისადმი, რომელიც ერთი უკიდურესად ზღვრული წერტილის შემდეგ იმდენად ავტონომიური, დამოუკიდებელი ხდება, რომ ეს უკვე აღარაა ლიტერატურა თავისთავად, არამედ ეს გახლავთ სხვა გზა, მთელი სამყაროს აღქმის განსხვავებული ხედვა, და შესაბამისად, თავად ადამიანის არსებობისაც.

            „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ არსობრივად პოლიტიკური ტექსტია. რატომ პოლიტიკური? ძალიან უბრალო მიზეზის, ორი განსხვავებული სამყაროს კონფლიქტის გამო – ერთი მხრივ, ე.წ. სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი თავისი თანაშემწით, ხოლო, მეორე მხრივ, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ასევე თავისი თანაშემწით, ასე რომ, ორი განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების მოწმეები ვხდებით. აქეთ – სახელმწიფოს ცივი და სწორხაზოვანი ლოგიკა, მოქალაქეებისთვის გამზადებული სტანდარტული და უსახო კითხვარებით, და მეორე მხარეს – სამყაროს მრავალშრიანი ანალიზი, რომელსაც ლიტერატურა გვთავაზობს.

            ნაწარმოების ოთხი პერსონაჟი, ჩემი აზრით, არა ხასიათებს, არამედ ადამიანის ტიპებს წარმოადგენს. როცა ვიყენებთ სიტყვას „ხასიათი“, ვგულისხმობთ ადამიანის ხასიათის თვისებების მრავალფეროვნებას. ამ ნაწარმოებში კი ოთხივე პერსონაჟს მხოლოდ თითო-თითო თვისება გააჩნია, რაც მათ სიმბოლოებად აქცევს, კონკრეტული სივრცისა და დროის მიღმა. პერსონაჟთა სწორედ ეს სიმბოლური განზომილება ანიჭებს ნაწარმოებს უკვდავებას. ყოველთვის და ყველგან იარსებებს ხელმძღვანელი და ყოველთვის და ყველგან იქნება წიგნებში ჩაფლული ადამიანი. ყოველ დაბადებას თან ახლავს მისი ტყუპისცალი მტერი, წერს იორღოს ხიმონასი[1].

            „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ის ნაწარმოებია, რომელიც მთელი არსებით ეწინააღმდეგება ჟანრობრივ კლასიფიკაციას და ამ თვალსაზრისით, წარმოადგენს სამაგალითო ნიმუშს იმისა, თუ როგორ ახერხებს მწერალი ამავე ნაწარმოებში ჩააქსოვოს ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი. ერთადერთი კლასიფიკაცია, რომელსაც ის შეიძლება დაექვემდებაროს, იქნებოდა „მოთხრობა თეატრისთვის“. კითხულობ ამ მოთხრობას და ისე, რომ ვერც კი ხვდები, მოთხრობა შენ თვალწინ პიესად ცოცხლდება. მთხრობელის ტექსტი, ცოცხალი დიალოგები, მონათხრობი დიალოგები, რომლებშიც კიდევ სხვა მონათხრობი ტექსტები გვხვდება, თხრობის სხვადასხვა ხერხის უამრავი მაგალითი. და ეს ყველაფერი ისე, რომ ერთი წუთითაც არ იკარგება ყბადაღებული ტექსტის მთლიანობა. ესაა ტექსტი, რომელშიც სიტყვა მართლაც მდინარესავით მოედინება და ის უიშვიათესი შემთხვევა, როცა ეს გამოთქმა ზუსტად თავის ადგილზეა.

            ამ ყველაფერთან ერთად, აქ გვაქვს ფრაზები, რომლებიც ფილოსოფიური აზრის კვინტესენციად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე, ფრაზები, რომლებიც წმინდა პოეზიაა. და ხშირად, ეს ორი რამ ერთდროულად გვხვდება. „დაძინებამდე, არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით…“

            „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად, ასევე ლიტერატურის შესახებ ტექსტია. არის ისეთი მონაკვეთები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ლიტერატურის თეორიის სახელმძღვანელოში შევიტანოთ. ასევე, არის ჩანართები, რომლებიც ლინგვისტიკის გაკვეთილად გამოდგება, უფრო ზუსტად, ტექსტის ლინგვისტიკისა. „თქვენი გაკვირვება სამართლიანია, ეთანხმება რესპოდენტი – არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად კარცერი და სად ლუქსი, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა“. მოთხრობის ენა მარტივი და რთულია ერთდროულად. სიმარტივედ ის არაორაზროვანი ლექსიკა მიმაჩნია, რომელსაც დოჩანაშვილი იყენებს, ლექსიკა, რომელიც მკითხველს ეჭვს არ უტოვებს იმის თაობაზე, თუ რისი თქმა სურდა ავტორს. მისი რთული ენა კი, ძირითადად, მის გრძელ ფრაზებს და აბზაცებს უკავშირდება, რაც, თუმცა, არასდროს არის გაუგებარი ან შემაწუხებელი. დოჩანაშვილის პროზაში ხშირად გვხვდება თანწყობილი წინადადებები, მისი თხრობის სახეობრივ სტრუქტურასთან ერთად და თავბრუდამხვევ ეფექტს ქმნის. ოღონდ სრულიად მოწესრიგებული თავბრუსხვევისა. ეს თავბრუსხვევა გამოწვეულია ავტორის სურვილით, ყველაფრის თქმა მოასწროს. მისი ორი, უკიდურესად საინტერესო ნეოლოგიზმი კი („ჩამომალაბორანტეს“, „გავაუმცროსმეციერთანამშრომლეთ“), რომლებსაც ტექსტში ვხვდებით, მინდა აღვნიშნო, რომ მთარგმნელისთვის ჭეშმარიტი გამოწვევაა.

            „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ნებისმიერი მკითხველისთვის განკუთვნილი ნაწარმოებია; იმ ადამიანით დაწყებული, რომელსაც არაფერი წაუკითხავს, გამოცდილი მკითხველით დამთავრებული. თავისუფლად შეიძლება ლიტერატურის საფუძვლების შესასწავლად მისი გამოყენება, ასევე, პროფესიულ ლიტერატურად შედარებითი ლინგვისტიკის შემსწავლელთათვის. აუცილებელი წიგნია შემოქმედებითი წერის სემინარებისთვის. მე პირადად, განზრახული მაქვს ბერძნულად გამოცემის შემდეგ, ის აუცილებლად ჩავრთო ჩემს ლექციებში. სრულ აღფრთოვანებას იწვევს, თუ როგორ მიიღწევა ეს ოქროს შუალედი მწერლის მიერ. ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ მწერალმა ამას მიაღწია სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი მიზანი არ დაუსახავს და ეს სრულიად თავისთავად გამოვიდა, როგორც ყველაფერი ნამდვილი და არა ყალბი.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, სხვა ყველაფერთან ერთად, ინტერტექსტუალობის უმაღლესი ხარისხის ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მრავალგან ახსენებს სხვადასხვა მწერალსა თუ ნაწარმოებს (ფლობერს, ტოლსტოის, სტენდალს, ლიოსას, კორტასარს), მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდები. პირველ რიგში, სერვანტესსა და „დონ კიხოტზე“. ვფიქრობ, რომ ის ხერხი, რომლითაც დოჩანაშვილი გამოყოფს ამ წიგნს, არსობრივად, განსაკუთრებული პატივის მიგებაა პირველი „თანამედროვე რომანისათვის“. ასევე, აქ არის ინტერტექსტუალურობის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ მოიხსენიება, ვეჭვობ, რომ მთელ ნაწარმოებს მიჰყვება. საუბარი მაქვს მოთხრობაში პლატონისეულ ექოზე, რომელიც ეხება მის მოძღვრებას გრძნობადი და გონებისმიერი სამყაროების შესახებ და იდეების თეორიას.

            „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დღეს რომ გამოქვეყნებულიყო, შეიძლება დასმულიყო საკითხი ავტორის „უკიდურეს“ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწარმოებში იძულებითი განათლების პროცესს ეხება. კარცერ-ლუქსები? ნუთუ შესაძლებელია კარცერ-ლუქსებზე ვისაუბროთ? იკითხავდა მავანი დღევანდელ „პოლიტკორექტულ“ ეპოქაში. ეს საკითხი, რომლის პროვოცირებასაც იწვევს ნაწარმოები, თავისთავად ცხადია, რომ დადებით ნიშნად მიმაჩნია, ვინაიდან ეს მოთხრობა თავად გახლავთ განათლების აუცილებელი ნაწილი. რამდენი ხელოვნური ინტელექტიც არ უნდა არსებობდეს, განათლების არსი ხომ ყოველთვის ჰუმანისტური იქნება. „ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს“. ხოლო კითხვა, რომელიც დოჩანაშვილის მიერ შემოთავაზებულია, როგორც ადამიანის განათლების ქვაკუთხედი, დავამატებდი, რომ ლიტერატურის ქვაკუთხედიცაა. ლიტერატურის წერა ლიტერატურის განუწყვეტელი კითხვის გარეშე, მიმაჩნია, რომ შეუძლებელია.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ამ ტექსტს ვკითხულობდი და ვიკვლევდი, ვცდილობდი რაიმე უარყოფითი დეტალი აღმომეჩინა. მე ვერ ვიპოვე ვერცერთი. არისტოტელესეული ოქროს შუალედი ტექსტს თავიდან ბოლომდე გასდევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს არაფერი ზედმეტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ასევე არ აკლია არაფერი, რისი დამატებაც საჭირო ინებოდა.

“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” გახლავთ ნაწარმოები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ “სევდიან” შემთხვევებს აღწერს (სევდიანი შემთხვევები გამოუვალი შემთხვევებია), არ არის სევდიანი ნაწარმოები. ეს არ არის „ჩაკეტილი და ინტროვერტული“ ნაწარმოები. ეს არის ოპტიმისტური ტექსტი, რომელშიც მამოძრავებელი ძალა აშკარად სიკეთის მხარესაა.

მოთხრობის ბოლო სცენა უაღრესად კინემატოგრაფიულია. რომ შემეძლოს, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს ნაწარმოები ემირ კუსტურიცას ხელში მოხვედრილიყო. არ ძალმიძს ავხსნა ლოგიკურად, თუ რატომ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის იდეალური რეჟისორი იქნებოდა ამ ნაწარმოების ფილმად გადაღების შემთხვევაში.

            მთავარ გმირს ყველა მიზეზი გააჩნია იმისთვის, რომ გაგიჟდეს – თავის ფოტოატელიეში, თითქოს მტრულ, ჩინოვნიკურ გარემოშია ჩაკეტილი, თავის თანაშემწესთან, კლიმთან ერთად. მაგრამ ის არ გიჟდება, რადგან აქვს ლიტერატურა, რომელიც სიგიჟის საპირისპიროა, ლიტერატურა – როგორც წამალი, ხელოვნების განმკურნებელი ძალა.

            ყველაფერი ზემოხსენებული, ვფიქრობ, უფლებას გვაძლევს დოჩანაშვილის ნაწარმოები არ მივაკუთვნოთ მხოლოდ ქართულ ლიტერატურას. ეს არის ქართულ ენაზე დაწერილი ნაწარმოები, ენაზე, რომლის შესახებაც საჯაროდ მინდა განვაცხადო და ვაღიარო, რომ შეყვარებული ვარ, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქართული ლიტერატურის კუთვნილება. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მსოფლიო ლიტერატურას ეკუთვნის.


[1] იორღოს ხიმონასი (1938 – 2000) – ცნობილი ბერძენი მწერალი, პროზაიკოსი.

© არილი

Facebook Comments Box