პოეზია

თემურ ჩხეტიანი – გაავლე სწორი ხაზი და სხვა ლექსები



გაავლე სწორი ხაზი


გაავლე სწორი ხაზი
ზედა ნაწილში ფურცლის;
გაავლე სწორი ხაზი
ქვედა ნაწილში ფურცლის.
მერე:
დაუშვი სწორი ხაზი
ზემოდან ქვემოთ – მარცხნივ;
მერე:
დაუშვი სწორი ხაზი
ზემოდან ქვემოთ – მარჯვნივ.

და მერე:
გაავლე სწორი ხაზი
სულ პირველ ხაზიდან ქვემოთ;
და მერე:
დაუშვი სწორი ხაზი
ჰო,
შუაწერტილიდან…

მგონი, სარკმელი დაიხატა…
ჰო, სარკმელია!..

ვსხედვართ ან ვდგავართ:
ვუყურებთ,
ვუყურებთ…
შიგნით ვართ და გარეთ ვიყურებით?
თუ გარეთ ვართ
და გვინდა დავინახოთ,
რა ხდება შიგნით?..

ვდგავართ ან ვსხედვართ:
ვუყურებთ,
ვუყურებთ…

დრო კი მიდის და ბინდდება,
ბინდდება…
და დროა, გავწიოთ ფარდა,
დროა, ავანთოთ შუქი!..

ერთხელ, დედამიწაზე

როცა აქედან წავალ,
არ წავალ ძალიან შორს –
მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლის იქით,
უბრალოდ, დინჯად გავუყვები შარას უსასრულოს –
ისევ მარტო და ხელჯოხით მავალი.

იმ გზაზეც ბევრი ჩამიქროლებს
და იქაც ალბათ ვერავინ შემამჩნევს –
სად ეცლებათ გალაქტიკებს მიღმა მიმფრინავებს?-
იქაც ხომ ყველას უნდა გადაასწრონ,
იქაც ხომ თავისი უნდა გაისწორონ…

იმ გზაზეც ბევრი ჩამიქროლებს,
მაგრამ იქნება ვინმე,
ვინც მგზავრს მგზავრად წამომეწევა;
შეჩერდება და მომაჩერდება:
– შენ ხარო? – მკითხავს.

მე თავს დავუქნევ…
მერე ერთმანეთს გადავეხვევით.
მერე ცოტას წავისაუბრებთ
და სევდიანი ღიმილით გავიხსენებთ:
ერთხელ, დედამიწაზე…

პინგვინები

მსოფლიოს ყველა კონტინენტზე იწერება ლექსები,
ყველა კონტინენტზე არიან პოეტები – უამრავნი, მრავალნაირნი
და წერენ, ამბობენ ლექსებს…

ერთადერთი, ანტარქტიდა დუმს!..
მაგრამ შეუძლებელია, იქაც არ იყოს პოეზია,
რომ იქაც არ ბინადრობდნენ პოეტები.

შეხედეთ ამ ულამაზეს პინგვინებს:
როგორ დაგოგმანებენ,
როგორ ეგურგურებიან ერთმანეთს,
ანუ როგორ უყვართ მათ ერთმანეთი!..

და, სადაც ასეთი სიყვარულია,
განა შეიძლება, იქ პოეზია არ იყოს?
განა შეიძლება, იქ ლექსები არ იწერებოდეს?
განა შეიძლება, მათაც არ ჰყავდეთ თავიანთი პოეტები?..

მოგვიტევეთ, ძმებო პინგვინებო,
რომ ჯერ კიდევ არ გვესმის თქვენი,
რომ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ თქვენს პოეზიას.
რა ვქნათ?
დანარჩენ სამყაროში ისევ დიდი გაწამაწიაა,
ისევ დიდი პრობლემებია,
ისევ დიდი ტკივილებია,
ისევ ბევრი სიმწარეა…

თანაც, ზაფხულია და ცხელა!..

შიმშილი

მერამდენეა ეს დაბრუნება?
მერამდენედ: ეს მარტოსახლი,
ეს სიჩუმე, ეს ნესტის სუნი
და ძვირფასი აჩრდილები
მაგიდასთან თუ კარადებთან?..

თვალს გაუსწორებ
და უსიტყვო საყვედურად ჩანს  მტვერი და აბლაბუდები,
ცხადია, ესეც –
ხვიფლშემოჭმული ასანთის კოლოფი
ფანჯრის რაფაზე.

მ ა რ ი ა მ ო ბ ა

                              ია ჯინჭარაძეს

ნუ გეშინიათ სიკვდილისა:
მე მარადმწვანედ დავინახე,
სხვამ მზესავით ააკაშკაშა…

და მისი წასვლა-მიძინებაც
დიდი ხნის წინათ,
ისევ სინათლედ გვეფინება
მხრებზე და სულში.

შემოდგომის ბუნიობა

დღეები, ღამეები – ტოლნი,
ერთხანს მხარდამხარ ივლიან
ფოთოლცვენაში.

***

როგორ გვეხუმრები, ღმერთო:

ამ უზარმაზარ ვარსკვლავებს

ნამცეცებად რომ გვაყრი თავზე.

 ***

სულ ვცდილობდი, რომ

ჩუმი ვყოფილიყავ,

ჩემი გვარი კი

მაინც ჭახანით გაისმოდა.

ლოდი

რა ვქნა, სიზიფე?-

შენზე ძლიერი მექაჩება

ქვემოთ… ნახვამდის!

© არილი

Facebook Comments Box