პროზა

დიმიტრი წიკლაური – ვალენტის  შვებულება

1.

ძველდაბაში თითქმის მისულები იყვნენ, ძრავა რომ გაფუჭდა. მძღოლმა დაიჩემა, კარგა ხანს მოგვიწევსო დგომა, თუმცა გაგვიმართლა, ეს ამბავი ზედ პროფილაქტიკასთან რომ შეგვემთხვაო. ჯანდაბას ასეთი გამართლება, ავტობუსი ექვსი საათის განმავლობაში მიინჯღრეოდა ოღროჩოღრო გზაზე, რათა აგარაკი, საითაც მიეშურებოდნენ, მგზავრებს კიდევ უფრო დიდებულად მოსჩვენებოდათ.

ვალენტის მოგრძო, ყვითელი ჩემოდანი ფერხთით ედო, საბარგულში განზრახ არ მოათავსებინა, თუმცა წუხდებოდა. სამაგიეროდ გული მშვიდად ჰქონდა. მძღოლის მოგრძო სარკეში ავტობუსის მთელი ინტერიერი მოჩანდა. რამ შეგვყარა ერთად ამდენი სხვადასხვა ხვედრის ადამიანი, გაიფიქრა მან. მგზავრები მართლაც უცნაურად გამოიყურებოდნენ. ფაშფაშა ქალები კალათებით და სათვალიანი, მოუსვენარი მოხუცები, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც კომბინეზონში გამოწყობილი წვერებიანი კაცი არ მოსდიოდა თვალში, წამდაუწუმ ჯიბეს რომ იმოწმებდა, გეგონებოდა მჭიდი ედო. რაც არ უნდა ჰქონოდა, სად უნდა დაჰკარგვოდა, ელვაშესაკრავით ჰქონდა დამაგრებული. ფანჯრისკენ ბიჭი იჯდა დაღვრემილი სახით, მშობლების მაგივრობას სოციალური დახმარება რომ უწევს. ვალენტის წამოსვლა დილითვე უნდოდა, მაგრამ ავტობუსმა ფეხად გაასწრო. დასტვენას რომ შეეცადა, საწყალობელი ბგერები თვითონაც ძლივს გაიგონა. ისე დაბერდა, სტვენა ვერ ისწავლა. რამდენ სამგზავრო მანქანას ჩამორჩენილა, მის თვალწინ რომ დაძრულა სწორედ. იძულებული გახდა, შემდეგს გამოჰყოლოდა.

მგზავრებიდან, ვალენტის ჩათვლით, ბევრს სტკიოდა თავი. ამის მიზეზი შემდეგში მდგომარეობდა – ავტობუსში, ზედ შუა კარებთან, ვერტიკალური მილი იყო დამონტაჟებული მომცრო გამონაშვერებით. ყოველმა მეორე მგზავრმა ამოსვლისას ამ მილს თავი რეხვა, მძღოლი კი ამშვიდებდა, ეს დამატებითი უსაფრთხოებისთვის მოვიფიქრეთო, იმ შემთხვევისთვისო, მგზავრობის დროს მოულოდნელად კარები რომ გაიღოსო. დაზარალებული მგზავრები მძღოლს შეჩერებოდნენ, მაგრამ მისი ახსნა-განმარტებიდან ინჩი-ბინჩი არ ესმოდათ, რადგან თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდათ. ტკივილს მდუმარედ ითმენდნენ და თავიანთ სკამებზე რომ ჩამოსხდებოდნენ, ერთმანეთს დაზიანებულ თავებს უჩვენებდნენ. ვალენტიმ კიდევ ერთხელ ინანა, თავის დროზე სტვენა რომ არ ისწავლა, ციტრამონი დალია, რომელიც მუდამ ჯიბით დაჰქონდა და აბები სხვებსაც გაუნაწილა. გზაში თუ მგზავრი შეემატებოდათ, ციტრამონის აბი მისაწოდებლად წინასწარ ჰქონდა გამზადებული. ზოგიერთები ნიძლავსაც დებდნენ, თავს მიარტყამს თუ არ მიარტყამსო, მაგრამ ესეც მობეზრდათ, მთელი გზა ტანჯვაში და მოწყენილობაში განვლეს, ბოლოს კი ძრავაც გაუფუჭდათ უმოწყალოდ დათარსულებს.

პროფილაქტიკა ერთი შეხედვით გარნიზონს ჰგავდა მიჯრით განლაგებული ფარეხებით. შეკეთების პროცესი გაჯანჯლებულ სხდომას დაემსგავსა, რომელიც მხოლოდ იმიტომ ტარდება ხოლმე, განრიგით რახან უწევს. ვულკანიზაციასთან ტალახით გაზეპილი ნაფეხურები ისე გაქვავებულიყო, მაზუთით სავსე ცისტერნაც ვერ გადატკეპნიდა. ჩაშავებული ავზები შემოღობილ ტერიტორიაზე სხვა ხარახურასთან ერთად ეყარა. ჭაობიანი მხარე ჩანდა, ქინქლები და კოღოები მოსვენებას რომ არ მოგცემენ. ჭავლების მომცრო წრეებით თუ შენიშნავდი მწერების ფრთხიალს წყლის ზედაპირზე. ვალენტის რეზინის შლანგები მახრჩობელა გველებად ესახებოდა, ხოლო შუადღის მზე მინავლულ ნაკვერჩხლად. არხში ისედაც ბინძური წყალი მიედინებოდა, მუშები კი დასვრილ სათლებს ზედ აცლიდნენ, ბარემ მღვრიეა და ჩვენც მივუშვათ ჭუჭყიანი ნაკადებიო. ეტყობა, ასეთ რამეებს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას. მდიდრებს არ ბაძავდნენ, სიმყრალე პარფიუმერული სურნელებით გადაეფარათ. დაქცეული ზეთი ლაქებად მრავალგან აჩნდა ისედაც გაშავებულ და ადგილ-ადგილ ამოტეხილ ასფალტს. რა საჭირო იყო ზედმეტად თავის გამოდება, მომსვლელი ისედაც არ ელეოდათ. ჰაერში ნაცარი ფარფატებდა ჩავლილი ცეცხლის მოგონებად. ჩამქრალი ნაკოცონარი დაზინზლულ ღველფად ქცეულიყო. შორიახლო, საღებავისგან გათეთრებულ გუბეს, ორთქლი რომ ასდიოდა, ღორები დრუნჩით მიდგომოდნენ, თითქოს თბილ რძეს სვლეპენო და გამდინარე წყლის ზედაპირიც გულისამრევად ჭუჭყიანი ჩანდა. ეტყობა, აქ მომუშავე პერსონალის ბედს უზენაესი გამრიგენი ყველაზე უვარგისი უროებით ჭედდნენ და გრდემლსაც გრდემლი აღარ ეთქმოდა. ისინი მანქანის საწვავზე და მუხრუჭის სარქველებზე გაცილებით მეტად დარდობდნენ, ვიდრე იმქვეყნად თავიანთ ხვედრზე, თითქოს მარადიულები ყოფილიყვნენ. თუმცა ალალი ხალხი ჩანდა, კარიერის თვალუწვდენელი კიბის საწყის საფეხურებზე ამძვრალნი მყისვე რომ იწყებენ უკან გამობრუნებას. ვალენტის ადამიანებიც და ტექნიკაც მარტივი უყვარდა, მსგავსად უბრალო ნათურებისა, უცებ რომ მიახრახნი, ინოვაციურ გამოგონებებს გაურბოდა, რომელთა ინსტრუქციის წაკითხვაც კი მთელ დავიდარაბას გადაგყრის.

ცოტა ხანში ვალენტის მოუსვენრობა დაეტყო. მერე ჩემოდანი ძირს ჩამოიღო, დარჩენილ გზას ფეხით განვაგრძობო. შენი საქმის შენ იციო, დიდად არ შეწუხებულა მძღოლი, ისე, მოკლეებზე თუ ივლი, ორი კილომეტრიც არ უნდა იყოსო დარჩენილი, ტყეზე მიუთითა. გზის ახსნაში სხვა მუშებიც ჩაერთვნენ, მაგრამ ვალენტი იმათსას ვერაფერს იგებდა, ხმოვნებს ყლაპავდნენ და ყრუ თანხმოვნებიღა ჩაესმოდა, თითქოს ძველ შუმერთა სხდომას ესწრებოდა. მუსაიფში პაუზებს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხაპასხუპით ლაპარაკს, ღრმა აზროვნების შთაბეჭდილებას მაინც დატოვებს. ავტობუსში ერთხელაც შეიხედა, სკამიდან წამოდგომისას, ხურდები ხომ არ ჩამეპნაო. მერე მძღოლს ცივად გამოემშვიდობა, რადგან უმნიშვნელო ურთიერთობებს დიდად არ განიცდიდა. მცირე საიდუმლოებანი ადამიანს თუ ნაღველს მატებს, დიდი საიდუმლოებანი გულჩათხრობილს ხდის, ვალენტი კი სევდიანი კაცი იყო. რამდენჯერაც რეალობიდან გაქცევა სცადა, იმდენჯერ ეს გაქცევა ექცა რეალობად. სასაცილოდ გამოიყურებოდა შუაგულ ტყეში მიმავალი ვეება, ყვითელი ჩემოდნით. მზერა ისეთი დაღლილი ჰქონდა, მაშინვე შეატყობდი, ნჯღრევა-ნჯღრევით მომავალ ავტობუსით რომ ემგზავრა. ირგვლივ ყველაფერი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ყოველი მორიგი შთაბეჭდილება წინას ავიწყებდა და უკანასკნელი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა. შორიახლო ცხენი შენიშნა, ნესტოები კვიცთან მიეტანა და დაბალ ხმაზე ჭიხვინებდა. კვიციც ისეთი ინტერესით უსმენდა, თითქოს რაღაც ძველსა და მნიშვნელოვან ცხენურ ამბებზე უამბობენო. სადღაც შორს, ჩავლილი მატარებლის ხმაზე ორივენი დაფრთხნენ და ტყის სიღრმეს მიაშურეს. ხავერდოვანი ხარაჩოები და ციცაბო დეკორაციები ერთმანეთს ცვლიდა, სიმჭიდროვის მიზეზი კი გვიმრები გახლდათ, ჩრდილებს რომ წარმოშობდა ფართო ფოთლებით, თითქოს შეზღუდვებს აწესებსო. იქნებ ჯობდა, ვალენტი წყალსატევთან მისულიყო და ვინმესთვის გზის შესახებ გამოეკითხა, მაგრამ არავის გადაწყდომია. მთელი შემოგარენი სევდიან სიმარტოვეს მოეცვა და კლდის ნაშალი ფერდობიც ჩამონგრეულ სასახლეს ჰგავდა, თავზე ფერადი პეპლები რომ დაფარფატებდნენ, ხბორები წკარუნა ეჟვნებს აჟღარუნებდნენ, ხოლო სანახები ღერღილის ისეთ მწირ მოსავალს წარმოაჩენდნენ, თითქოს უნაყოფო მიწამ ორიოდე სიტყვა ძლივს ამოღერღაო. მერე როგორც იქნა ძველდაბას მიაღწია და ბინების გამქირავებელ პუნქტს ესტუმრა. სახლის მეპატრონეები ჭადრების ჩრდილში ისხდნენ და ჭადრაკს თამაშობდნენ. ერთ მათგანს, რომელმაც თავისი ბინა ძალიან უქო, ეთამაშა კიდეც, მერე ბინის ფასზე მოურიგდა და როცა ჩემოდანს დაავლო ხელი, მაშინღა შენიშნა, თითებზე სახელურის ფორმა ნაჭდევებად რომ დამჩნეოდა. ზღვა ხელის გაწვდენაზე გვაქვსო, უკანასკნელი კოზირიც დაახეთქა სახლის მეპატრონემ და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით წაუძღვა ვალენტის. სახლს რომ მიადგნენ, მიღრეცილ-მოღრეცილი კიბეებით აქოშინდნენ მეორე სართულზე და სანამ სხვენთან მდებარე ოთახს მიუახლოვდებოდნენ, იმდენი ბრუნი გააკეთეს, დარეტიანებული ვალენტი კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა. ცოტას დავისვენებო, ხელსახოცით შუბლი შეიმშრალა.

გარეთა კედელი ნარეცხ წყალს გაეშავებინა, საკვამური მილები მთელ ჩაყოლებაზე იყო გამოჩრილი და საწვიმრიდანაც რუხი შეფერილობის წყალი ჟონავდა, გეგონებოდა ჭვარტლი და მური იფილტრებაო. ოთახებში ყვავილები ბევრგან ელაგა, ლარნაკებშიც ეწყო და იისფერ კოლბებშიც. ჩახჩახა ჭაღიდან არეკლილი სხივები მეტ ელფერს მატებდა მათ სიფერადეს. შროშნები ჭარბობდა, რადგან კეთილსურნელოვან ედელვაისებს მთებში კრეფდნენ და მოლიპული გზებით ჩამოჰქონდათ. და რამდენადაც ძნელი იყო მოსაპოვებლად, იმდენად მეტად ფასობდა მისი სილამაზე. ყვავილების სიფაქიზის მიუხედავად, დიასახლისი უჟმური ქალი აღმოჩნდა.

-გაიცანით, ჩემი ცოლია, ვალენტინა, ეს კი ჩვენი მდგმური იქნება – ვალენტი! – თქვა მამასახლისმა.

-ჩემ ქმარს ჯერ ამ სახლში ნორმალური არავინ მოუყვანია, სად გპოულობთ ნეტავ? – მკვახედ განაცხადა ქალმა, მაგრამ ვალენტის სადღაც ესიამოვნა კიდეც, ეჭვმიტანილებში მარტო რომ არ დასახელდა და დანარჩენი მდგმურების გაცნობის სურვილი აღეძრა.

-ან ეგ ჩემოდანი საიდანღა მოათრიეთ? – განაგრძობდა ქალი – ისეთი ჭყეტელა ფერისაა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაბომბვებში მოყოლილი ექსპონატი გეგონება…  ცოლი მაინც არა გყავთ, მარტო რომ გვესტუმრეთ, გირჩევდათ რამეს.

-არა, არა მყავს!

-ქვრივი ხართ?

-არა! არც მყოლია!

-მაშ კისერს ვინ გპარსავთ?

-დალაქი! – საიდუმლოდ ამოღერღა ვალენტიმ და მხრები აიჩეჩა. აყოლა არ ღირდა ნერვების მოშლად. თან სახლის მეპატრონემაც ანიშნა, ყურადღებას ნუ მიაქცევო. ოთახის დათვალიერებით ისეთი კმაყოფილება გამოხატა, ვაჭარი რომ ამაყობს შენაძენით. ბინას ყველა საჭირო ატრიბუტი გააჩნდა – კარადა, ლოგინი, მაგიდა, ორიოდე სკამი და ფართო ფანჯარა, ვერაფერს დაუწუნებდი. მხოლოდ ოთხი დღით მინდა, თქვა ვალენტიმ და ბინის ქირა წინასწარ გადაუხადა. მერე ერთხანს ტანსაცმელს კარადაში აწყობდა, ხოლო თავი მარტო რომ დაიგულა, ფული შუაზე გაყო, ნახევარი თანხა ჩემოდანში ჩამალა და ლოგინის ქვეშ ღრმად შეჩურთა. თან ბუტბუტებდა, ათასი ჯიბგირი დადის, ფრთხილად უნდა ვიყოო. ტანსაცმელი ამინდის მიხედვით განაცალკევა. ბინის მფლობელი იმედოვნებდა, დილით გამოიდარებსო, მაგრამ ისევ მოღრუბლულად გათენდა და დიასახლისიც მხნე დოინჯით ზღურბლთან გამოეჯგიმა.

-ბედი გქონიათ! მაგ ოთახს იშვიათად ვაქირავებთ, მაგრამ შეგვატყობინეს, რომ წელს შვილიშვილი ვერ ჩამოჰყავთ! – მიახალა როყიოდ და მკაცრად გააცნო მოძრაობის ინსტრუქცია:

-სახლში ზღვის ფლოსტებით ნუ ივლით, სანაპიროს ქვიშა რომ არ შემოზიდოთ! ხელებს ნიჩბებივით ნუ იქნევთ სიარულისას, ეს ვაზა ჩინური ფაიფურისაა, რომ გამოედოთ, სახლის გაყიდვა მოგიწევთ, თუ გაგაჩნიათ საერთოდ!

-გამაჩნია! წამოსვლის წინ გავარემონტე სწორედ! – მაკლერის შემართებით გააპროტესტა ვალენტიმ, მაგრამ ვალენტინა ყურს არ უგდებდა და თავისას მიერეკებოდა – ხელები რომ უძრავად გქონდეთ და ისე იაროთ, არა? რა უცნაური მანერა გაქვთ, სად დაეჩვიეთ? ეტყობა, თავიდანვე არასწორად დაგაყენეს ფეხზე! ან ეს რა სამართალია, შენც ვალენტი გერქვას და მეც ვალენტინა?

ასე ჩაიარა დილამ.

-წვიმების გამო ამინდს გვიწუნებთ?! – მიედავა მორიგი გადაწყდომისას.

-საიდან მოიტანეთ? – აღმოხდა ვალენტის.

-რა ვიცი, სახე კი ჩამოგტირით! – ფაშფაშა მხრები აიჩეჩა ქალმა – ზღვის ტალღები იოდს გამოყოფს, ნაპირის გასწვრივ გევლოთ და ღრმად გესუნთქათ ამდენ ლაპარაკს!

ვალენტის ხმა არ გაუღია, მხოლოდ მშვიდობიანი ინტერესით ჰკითხა შემრიგებლური ტონით – დასათვალიერებლად რაიმე ღირშესანიშნაობა ხომ არ გაქვთო დასახლებაში, რამაც დიასახლისის მორიგი აღშფოთება გამოიწვია:

-ძალიან გთხოვთ, თქვენს ბრიყვულ აზრებს თავზე ნუ მოგვახვევთ, თქვენამდეც მშვენივრად ვცხოვრობდით და არც თქვენს მერე გაგვიჭირდება! თქვენი მდგმურობა ჩვენ მდგომარეობას მნიშვნელოვანს არაფერს მატებს! ღირშესანიშნაობის მეტი კი რა გვაქვს, ყოველი ჩვენთაგანი ღირშესანიშნავია, მინდა გითხრათ!

შეკამათება მამასახლისმაც გაიგონა. როგორ უძლებდა ეს თვინიერი კაცი თავის კაპას ცოლს, თითქოს გვერდიგვერდ ეცხოვროს ომსა და მშვიდობას. კიდევ კარგი, ცოლი არ მოვიყვანე, გაიფიქრა ვალენტიმ, არიან ადამიანები, რომელთანაც არაფერი გინდა გქონდეს საერთო, მაგრამ ყოველდღიურობა გაიძულებს იურთიერთო.

-ნუ მიაქცევთ ყურადღებას! – დაამშვიდა მამასახლისმა – ზღვის მარილიანი ანაორთქლი მასზე დამთრგუნველად მოქმედებს!

-ეს ანაორთქლი ზაფხულობითაა? – დაინტერესდა ვალენტი.

-მუდმივად, თორმეტივე თვეს წელიწადში!

იმ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ იქ იყო, მამასახლისს ასჯერ მაინც მოუწია ამ სიტყვების გამეორება, ყურადღებას ნუ მიაქცევთო და ასჯერვე სულელური ღიმილით განუმარტავდა, გჯეროდეთ, კეთილი გული აქვსო. ავი ხასიათის მიუხედავად, მოსწონდა ვალენტინა, მისი დანახვისას აღტაცებას ვერ მალავდა, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთულ უტკბეს კანფეტად აღიქვამდა.

-იქით მხარეს რა არის? – თემა გადაიტანა ვალენტიმ, რომელიც ყველაზე მეტად კამათს ერიდებოდა.

-ძირითადად ჭაობი!

-რამხელა ადგილი იკარგება უქმად!

-ძველები ამბობდნენ, მაქეთ მოჩვენებები სახლობენო, დარაბების ჭრიალიც კი გულს მიხეთქავდა!

-რატომ, აქაც არიან მოჩვენებები?

-არა, რას ამბობთ, ჩემმა ცოლმა ლამის მდგმურებიც გააქციოს და მოჩვენებებს გააჩერებს?! – აღმოხდა მამასახლისს – თქვენ რას საქმიანობთ?

-კვლევებს ვწერ! – თქვა მოჩვენებების საკითხით დამშვიდებულმა ვალენტიმ.

-ალბათ წიგნებიც გექნებათ გამოცემული!

-მაქვს!

-როგორი წიგნებია?

-მაგარყდიანი… გავიგე წელს შვილიშვილი ვერ ჩამოჰყავთო! – თემა კვლავ გადაიტანა ვალენტიმ.

-ჰო, ვერ ჩამოჰყავთ! გადაყვნენ მის აღზრდას, თან ფორტეპიანოს კურსებზე დაჰყავთ, ფაქიზი სმენა განუვითარდესო, თან ცეკვებზე დაატარებენ – აღმოსავლურ, დასავლურ, ევროპულ, ადგილობრივ და კიდევ ვინ მოსთვლის. ერთხელ მის კონცერტსაც დავესწარი, ფადიშაჰების ხანა გეგონებოდა, გოგონები მაქმანებში იყვნენ გამოწყობილნი, თითქოს მფრინავ ხალიჩებს მოჰყვნენო. სცენაზე ცეცხლის წვიმები ცვიოდა. ნიჭიერი თაობა მოდის, განსაკუთრებით ჩემი შვილიშვილი – განაგრძო მიკერძოებით – ერთხელ ასე იკითხა, ზანგები ღამით დაიბადნენ და ჩვენ კი დღისითო? ერთი სიტყვით ძალიან დაკვირვებულია!

-წყნარი ბავშვი იქნება!

-პირიქით, საშინლად ცელქია!

წინამდებარე სახლის აივანზე მოხუცები ისხდნენ, ზღვიდან მონაბერ ნიავს სახეს უშვერდნენ და უშველებელ სივრცეს შეჩერებოდნენ. პრიალა მოაჯირები ლამპიონის შუქზე ირეკლებოდა. პეიზაჟებმა რუხ ბინდბუნდში გადაინაცვლეს. მნათობები ჭაობის თავზე აენთნენ, ალბათ მოჩვენებებისთვის, იმათაც რომ ეჯერათ გული. ხეების იქით შორეული პლანეტები ციმციმებდნენ, თითქოს დედამიწელებს ატყობინებდნენ, აქ უკეთესი ამინდები გვიდგასო. სახლები ძირითადად ორსართულიანი იყო და ისეთი მჭიდრო განლაგება ჰქონდათ, გეგონებოდა, ერთმანეთს ეყუდებიანო. მათ შორის არსებული ვიწრო სივრცეები კაფეებით ამოევსოთ, ზედ ქვაფენილზე განლაგებული მაგიდებით და მაღალსაზურგიანი სკამებით, ხოლო თავზე ვეება სტაფილოსფერი ქოლგები კაპიუშონებივით ჰქონდათ გადმომხობილი, თეთრად შეფერადებული კოპლებით. მკაფიოდ ისმოდა, კაფეტერიის მენეჯერი მზარეულს როგორ უჯავრდებოდა:

-აწითლებული სახე რატომ გაქვს, გეძინა?

-რას ამბობთ, სადაც საჭმელია, იქ რა დამაძინებს, გავცივდი!

-იმიტომაც გაცივდი, რომ ფეხშიშველს გეძინა!   – თავისას არ იშლიდა მენეჯერი.

მერე მთავარი მომმარაგებელი გამოლანძღა, მარილი იმისთვისაა, რომ უნდა გაიხსნას, ქვამარილი ხომ არ ჩამოფხიკე ნაჯახით? ეს შენ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებსო. ის კი პასუხად ბურტყუნებდა, თემას ცვლიდა, რაღაცეების განთავსებისთვის დამატებით ადგილს მოითხოვდა, მომავალში ფართი დაგვჭირდებაო. მენეჯერი სასტიკ უარზე იყო, რის მომავალი, ჩვენ აწმყოსათვის ვზრუნავთ, ზედმეტია ყოველი საგანი, რომელსაც არ ვიყენებთო. ირგვლივ მართლაც ბევრი გამოუსადეგარი ნივთი ეყარა.

აივნის მეორე მხარეს, ძველი შენობის მომიჯნავედ, ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი მოჩანდა. იქით გახედვაც კი სინანულის მომგვრელი იყო. შორს, სივრცეში, პატარა ხმაურს დიდი ხმაური ახშობდა, მერე მიწყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა, თუმცა არც ის გასტანდა დიდხანს. ღამით ხრიგინით ჩაივლიდნენ ძველდაბის შორიახლოს უგრძესი სავაჭრო ეშელონები.

2.

შვებულების ამბავი დიდხანს გაეწელა ვალენტის, მანამ კი უმუშევრობამ გასტანა ასევე დიდხანს. დროს გაწელვა სჩვევია, ადამიანებს კი მოუთმენლობა. ხშირად ადგილს, რომელსაც სთავაზობდნენ, ვინმეს ჩანაცვლებას გულისხმობდა, ეს კი არ უნდოდა. ადრე, აკადემიაში როცა მუშაობდა, უმნიშვნელო ლექციების კურსს ატარებდა, კვირაში ხუთ საათს. დასწრება თითქმის ნულოვანი ჰქონდა, სასოებით თუ შემოეხეტებოდა სესიებით გადაღლილი რომელიმე საშუალო მოსწრების სტუდენტი დასაძინებლად, ლექცია იქნებ ხმადაბლა წაგეკითხათო, მუდარით აღსავსე მზერით. არადა ვალენტის მშრალი მიმოხილვით ფონს გასვლა არ უყვარდა, დეტალებს და წვრილმანებს ზედმიწევნით განიხილავდა, როგორც თავის საგანზე ფანატიკურად შეყვარებულ ლექტორს შეჰფერის. აკადემიის შენობა ვეება სკას ჰგავდა, ხოლო შიდააკადემიური ფუსფუსი ფუტკრების ბზუილს, თითქოს თაფლის ზოდებს აგროვებდნენ. ხუთი საათი კვირაში დაცინვა იყო. მეტი ერგებოდა, რაც მოსვენებას უკარგავდა და პარალელურად სამუშაოს ძებნას აიძულებდა, მაგრამ ძლიერნი ამა სოფლისანი ადამიანების დაცინვას განაგრძობდნენ, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ, ეს ქვეყანა დაცინვის ობიექტებს კი არ ეკუთვნის, არამედ იმათ, ვინც დასცინისო. დამცინავთა რიგებს დანარჩენები ისე ერიდებოდნენ, როგორც ეშმაკთა საბუდარს, მოჩვენებითი ქცევების გამომუშავებით რომ ცდილობენ, უბრალო კაცი ათას დავიდარაბას გადაჰყარონ.

ვალენტი გასაუბრებაზე რამდენჯერმე დაიბარეს. ერთგან მისი მონაცემებით კმაყოფილება გამოთქვეს, დერეფანში დაალოდინეს პასუხისთვის. კედლებზე გამოფენილი რეპროდუქციები, მოოქრული ჩარჩოებით, ძირითადად ზღვის თემებით იყო გამსჭვალული და ისეთი განცდა გეუფლებოდა, თითქოს ღელვის მერე ნაპირზე გამოირიყე. რეპროდუქციებს დიდი საფასური არ გააჩნდა, მაგრამ განწყობას კი საუცხოოს ქმნიდა. ველური სილამაზით აღბეჭდილი პეიზაჟები თვალს გტაცებდა. დერეფანი უგრძესი იყო. თითო სართულზე სამი განყოფილება განეთავსებინათ, რომელთაც, შესაბამისად, სამი საპირფარეშო ჰქონდა. თითოეულს თავისი დამლაგებელი ჰყავდა, გრძელი ჯაგრისებით ჯადოქრებს რომ ჰგავდნენ და სხვა განყოფილების თანამშრომლებს მათი დაქვემდებარების ტუალეტებში არ უშვებდნენ, იმუქრებოდნენ, ბოქლომით დავკეტავთო. ხშირად საქმე გაწევამდეც მიდიოდა. შენობას პირველად ვინც სტუმრობდა, ეს დამლაგებლები გაფიცულები ეგონათ, პროტესტის ამ ფორმით გამომხატავნი, და შიშისგან ხმას არ იღებდნენ. ოღონდაც შარში არ გავებათო და, ყველაფერს დაითმენდნენ გატანჯულ სახეებით. გარეთ კი, დღის სინათლეზე, მტვერი ისე ციმციმებდა, თითქოს უნდა შეგემტვრია, შიგნით რომ აღმოჩენილიყავი. მთავარი გამსაუბრებელი დიდი მიზნებით გამსჭვალული კაცი აღმოჩნდა. ექიმად რომ ემუშავა, მიმართულების სისწორეში დასარწმუნელად, ალბათ საკუთარ ტყავზე ჩაიტარებდა საცდელ ექსპერიმენტებს, მაგრამ სავალალოდ, ვალენტიმ საშინელი ცემინება იცოდა, ექვს-შვიდჯერ ზედიზედ. ჰოდა, მოსაცდელში ცემინება აუტყდა და შეშინებული თანამშრომლები დერეფანში გამოცვივდნენ.

-რა ხმა იყო? – იკითხა გარეთ გამოვარდნილმა პასუხისმგებელმა პირმა.(პ.პ.)

-ვაკანსიაზე მოსულმა დააცემინა! – აუხსნეს ერთსულოვნად, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

-მეგონა ჭერი ჩამოინგრა! – თქვა პ.პ-მ. – მაგას ვერ მივიღებთ!

-მონაცემები დამაკმაყოფილებელი აქვს! – უგულოდ გამოესარჩლნენ.

-შენობა ისედაც ავარიულია, კატეგორიულად ვერ მივიღებთ! – გაჯიუტდა პ.პ.

შინ რომ დაბრუნდა, ვალენტი დიდხანს მისჩერებოდა სარკეში საკუთარ ცხვირს საყვედურით აღსავსე მზერით. ამ მიზეზით სამუშაოს დაკარგვა გაგონილა? ცხოვრება უგრძესი ჩიხია, სადაც კაცმა არ იცის, რა გამოუხტება, მაგრამ იმ მიზეზით, რომ გზას მაინც ვაგრძელებთ, გვგონია, რომ სადღაც გაგვიყვანს. რახან დავიბადე, რაიმე მნიშვნელოვანიც უნდა შევქმნა, დაბეჯითებით ამტკიცებდა ვალენტი. გულგატეხილობამ მხოლოდ მაშინ მოიცვა, როცა თავისი მსგავსი და ხელმოცარული სხვაც ბევრი აღმოაჩინა. უმეტესობა სასმელს მისძალებოდა, რომ განელებული ცეცხლის წვა ნაკლებ მტკივნეულად განეცადათ. ყოველდღიურობა თვალუწვდენელ ტრამალებს ჰგავდა, ერთ დროს მჩქეფარე ნაკადულები მის მდელოებზე დაჭაობებულ ტბორებად რომ ქცეულიყო და ხმაურსაც ეკლო. არადა, მანამ ვალენტის ამ სამყაროში საკუთარი თავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ეგონა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ უმისოდაც მშვენივრად თენდებ-ღამდებოდა, ცხოვრებაზე გული აიყარა. მარტო გამკლავება შეუძლებელია, ხოლო ვინც გამოგექომაგება, თავის გავლენაში მოგიქცევს.

ახლობლებმა სამსახურის თემაზე ორი ნაცნობი გაუხერხეს. ერთმა რაღაც მიზეზები მიკიბ-მოკიბა, საპენსიო ცნობა მოსთხოვა, აქაოდა, ბებერი ჩანხარო. რა ცნობასა მთხოვ? აღშფოთდა ვალენტი, პენსია რომ მქონოდა, განა სამუშაოს ძებნას დავიწყებდი?

-მეორესთან სცადე! – დაიჟინეს ახლობლებმა.

ნეხვის გროვას საიდანაც გინდა მიადექი, რა მნიშვნელობა ექნება ამას? ვალენტის საბუთების შეგროვებამ ისედაც ქანცი გაუწყვიტა, მაგრამ ხათრით მეორესთანაც გამოცხადდა. განცხადება თავისი სიტყვებით დაწერა, ბლანკის სტანდარტული ტექსტით არ უსარგებლია. ფურცელზე პოეტური ეპითეტებით გამსჭვალული ბარბაცა წინადადებები მძიმე ეშელონებივით ჩაალაგა, არსებით სახელებს ეპოლეტები უბრჭყვიალებდა, ხოლო ზმნები ისეთი გმირული და პათეტიკური ელფერით შემოსა, თითქოს ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები ეს-ესაა ჰოსპიტლიდან გამოწერესო. განცხადების მოტივაცია მოეწონათ და ვალენტი სამსახურში მიიღეს. იგი არქივში გაანაწილეს, სადაც ხელფასი ორნახევარჯერ მეტი ექნებოდა ლექტორობასთან შედარებით, მაგრამ უფროსების შემყურე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. ამიტომაც მორჩილი ხასიათი ჩამოუყალიბდა. არადა, ბილიკები ხომ უგზოუკვლობამ გაკვალა, ჰოდა, აჯობებდა, თავიდანვე თავისი გზა და სავალი ენახა, დავიდარაბის ატეხვად ღირდა.

როდის-როდის შვებულებასაც შეჰპირდნენ, თუმცა ამისთვის მივლინებით უნდა წასულიყო ცენტრალური არქივის რომელიმე ფილიალში. იქნებ ჩემ მაგივრად შენ წასულიყავი, სთხოვა ლავრენტიმ, არქივის მუდმივმა წევრმა, რომელიც მივლინებით ხურმეთში გაენაწილებინათ. საგზური მაქვს, განაგრძობდა ხვეწნას, ცოლ-შვილი მინდა დავასვენო და მეც მათთან ერთადო. ვალენტი დათანხმდა, მაგრამ შემდგომ ლავრენტის ზედაც აღარ შეუხედავს. ეტყობა, იმ ფაქტმა, რომ ვალენტის დახმარება დასჭირდა, მის თავმოყვარეობაზე ცუდად იმოქმედა. დირექციის რეაქცია, როცა მოახსენეს, მივლინებით ვალენტი წავაო, ამგვარი იყო:

-ლავრენტი წავა თუ ვალენტი, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ვინმე მივავლინოთ!

ეს ნათქვამი ანდაზად იქცა – მაგალითად, თუ იკითხავდნენ, სამკითხველოს კატალოგით ისარგებლებთ თუ ბიბლიოთეკისო, ასე პასუხობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, მივლინებით ლავრენტი წავა თუ ვალენტიო. ხურმეთის შესახებ ბევრი არაფერი სმენოდა, გარდა იმისა, რომ შორს მდებარეობდა და საკუთარი ინიციატივით იქ წასვლის სურვილი არავის გამოუთქვამს. ვალენტი უმნიშვნელო და წვრილმან საკითხებსაც პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და სანამ საქმეს არ გაასრულებდა, გული ამოვარდნას ჰქონდა, ამიტომაც მივლინებაში ერთგვარი სიხარულითაც კი გაემგზავრა. რა უნდა დამართნოდა, ბედზე რომ დაეჩივლა. წასვლის წინ ფინანსურ განყოფილებაში გამოცხადდა, სადაც მკაცრად ახედ-ჩახედეს, ეტყობა, დიდად არ მოუვიდათ თვალში. მაგრამ ვალენტი ასეთ დამოკიდებულებას შეჩვეული იყო, მხოლოდ თავისას ითხოვდა, მივლინების ფულს და სამგზავრო ბილეთს, საშემოსავლოს დაუკავებდნენ თუ არა, ამის გაანალიზების თავი სად ჰქონდა. როგორც იქნა ყველაფერი მოგვარდა.

ხურმეთის არქივის წარმომადგენელი სულაც ეზოში დახვდა, საცხოვრებელი სახლი არქივის გვერდით ჰქონია, სამეურნეო მიზნით არქივის ტერიტორიას იყენებდა და ახლაც სამკუთხა ჭურჭლით ნარგავებს რწყავდა. იმ დღის საქმიანობა ამით ამოიწურა, რადგან ვალენტის ყავით გამასპინძლება შესთავაზა. გული კი წყდებოდა, მორწყვა რომ მისი მიზეზით შეწყვიტა.

-ნახირი და ნახშირი! აი მთელი ჩემი დავიდარაბა! – წარმოთქვა მან და თავი იქითკენ გადაიქნია, სადაც ნახშირის გორებთან ორიოდე ძროხა გამომშრალ ბალახს ძოვდა.

-ეტყობა, თქვენ მხარეში ბევრი ხურმა ხარობს? – თქვა ვალენტიმ.

-ხურმა? საერთოდ არ ხარობს! დასახლებაში ვაჭრებს ჩამოჰქონდათ და როგორც არქივის წყაროები იუწყებიან, საკმაოდ ბლომად ეყიდებოდათ, ეს სახელიც იმათ გვიწოდეს!

-რა უცნაურია, გიწოდონ ის, რის ნაკლებობასაც განიცდი! – თქვა ვალენტიმ. – ეს იგივეა, მთელი ცხოვრება სერიოზულობაში გაატარო, მეტსახელად კი ხუმარა შეგარქვან, რადგან ამგვარ ეპოქაში სერიოზულობა მიიჩნიონ სწორედ უმაღლეს ხუმრობად!

-ხუმარა… ხურმა… რა მნიშვნელობა აქვს ამას! – ხელი ჩაიქნია არქივის წარმომადგენელმა.

ხურმეთი საკმაოდ მოზრდილი დაბა აღმოჩნდა, დაფხავებული სახლების უგრძესი მწკრივით. სახლების მაგივრად ასოები რომ ყოფილიყო, მთელი ტექსტი ნაჯღაბნს დაემსგავსებოდა. ზოგიერთ ქუჩაზე მხოლოდ ატელიები იყო განლაგებული, ზოგიერთზე – მხოლოდ  საპარიკმახეროები და ა.შ. ქუჩებსაც ამის მიხედვით ერქვა სახელები. ცენტრალურ პროსპექტზე ტრამვაის ხაზი ეგო. სამუშაოს დამთავრებისას ქუჩაში გამოცვენილი ხალხი ძირითადად ამით მგზავრობდა. ტრამვაი ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შხეფებად მიამტვრევდა წვიმას ხრჭიალა ბორბლებით, ხოლო მოსახვევებში, რომელიც წამდაუწუმ გამოჩნდებოდა ხოლმე, ცეცხლის ნაპერწკლები ცვიოდა. ვატმანი ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს რომელიღაც მივიწყებულ მელოდიას ღიღინებსო.

არქივის კუთვნილი ერთადერთი მოსასვენებელი ოთახი ფერდობზე აეგოთ. ეტყობა, თავიდან რაღაც ორიგინალური ჩაიფიქრეს, მაგრამ გადაწყვეტილება სისრულეში ვერ მოიყვანეს და ხელი ჩაიქნიეს. შენობას ყველაფერი დამრეცი და დაგრეხილი ჰქონდა. ვალენტი სკამიდან ცურდებოდა დაქანების გამო და იძულებული იყო, თავი ფეხებით შეემაგრებინა. წერის დროს იატაკს ებჯინებოდა ქუსლებით, პრეისტორიული კალამი კი თითებიდან უსხლტებოდა, თითქოს ზეთით გაპოხესო. საწოლი აქეთ-იქიდან ისეთი დაფერდებული იყო, როგორმე მაინც რომ ჩაგძინებოდა, დილით უთუოდ იატაკზე გაგეღვიძებოდა ლეიბთან ერთად. შენობას შედარებით ბრტყელი იატაკი ჰქონდა, რომელსაც აქა-იქ პარკეტი ამოჩროდა, რათა დაქანების გამო ესა თუ ის მომწყდარი საგანი შეეჩერებინა, კედელს რომ არ მიხეთქებოდა.

ვალენტიმ ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შედგენა გადაწყვიტა, რათა საკითხები სისტემაში მოეყვანა, მაგრამ არქივის წარმომადგენელი ნერვიული ტიპი გახლდათ. ამას ბევრი დრო დასჭირდებაო, დაიჩემა. ვალენტის სტუმრობა ისედაც რეჟიმში ყოფნას აიძულებდა და ერჩივნა მისგან მალე დაეღწია თავი. წამლების ყუთი, წნევის აპარატი, რენტგენის სურათის ასლი და თერმომეტრი, მოკლედ მთელი აღჭურვილობა, მუდამ თან დაჰქონდა, ხოლო როცა შინ იყო, ერთთავად სამედიცინო ენციკლოპედიებში იქექებოდა. დაავადებათა მთელი ნუსხა გადაეკითხა, სიმპტომურ ნიშნებშიც ჩინებულად ერკვეოდა და დიაგნოზიც მედიცინის ბაკალავრის დონეზე შეეძლო დაედგინა. ეგ არის, პაპიროსს თავს ვერ ანებებდა და აივანზე გასული ზედ ქათქათა თეთრეულზე აფერფლებდა. თან უმიზნოდ მოყიალე გამვლელების თვალიერებით იყო დაკავებული და თავის გონებაში დიაგნოზს უსვამდა. ზოგიერთ მათგანს დღეში რამდენჯერმე ჩაუვლია არქივის წინ და უკვე იმდენად ნაცნობი იყო, ლამის არის მისალმებოდა. გარეგნობაც უცნაური ჰქონდა – ცხვირი და წამწამები აპრეხილი, შუბლი და საფეთქლები კი ფრიალო კლდესავით დაქანებული. მაშინვე მიხვდებოდი, ამ მხარის აბორიგენი რომ იყო. ხელნაწერებში ისე იქექებოდა, როგორც ოქროს მაძიებელი მდინარის შლამში და თუ რაიმე ახალ ინფორმაციას წააწყდებოდა, სიხარულს ვერ მალავდა, მაგრამ ვალენტის ისე მოაჩვენებდა, თითქოს ახლახან კი არ მიეგნოს, დაბადებიდან სცოდნოდა ამის შესახებ. ცოტა ხანს როგორმე გავუძლებო, სიმხნევე მოიკრიბა ვალენტიმ. სამაგიეროდ ხომ შვებულება ელოდა, სიმშვიდე დაღლილობით უნდა გამოიმუშავო. სამსახურის საათებში ერთთავად საქმეებში იყო ჩაფლული იმგვარი შემართებით, თერძი რომ ძაფის გამონასკვას ცდილობს. საკითხისადმი მიდგომას და ჯადოსნურ ხელწერას, რაც სხვებისგან განასხვავებდა, თითქოს სხვა განზომილებაში გადაჰყავდა.

-ერთ დღეში ვერაფერს მოასწრებ! – მრავალმნიშვნელოვნად გამოუტყდა მასპინძელი ვალენტის, თითქოს ცხოვრების მთავარ გამოცდილებას უზიარებსო.

-ჰო, ორი დღე მაინც უნდა! – დაუდასტურა ვალენტიმ, რაც მან დაცივნვად მიიჩნია, მაგრამ მკვახე პასუხისგან თავი შეიკავა. ვალენტიმ სრული ორი კვირა მოანდომა ნაშრომის დაწერას, რომელიც ბრწყინვალე გამოუვიდა, ამის გამო ხურმეთიდან დაბრუნებული დიდად არ შეუქიათ, ნანატრი შვებულება კი აღირსეს. ძირითადი დრო ყოფითი პრობლემების მოგვარებას მოახმარა, დაქირავებულ ხელოსანს ოთახის კედლები თეთრად გადააღებინა. შემაწუხებელ მწერებს ბუზსაკლავით ზედვე ასრესდა ხოლმე და შავი წერტილებით ისე იყო დასვრილი, სტუმრის მიღების ერიდებოდა. პლინტუსები თვითონვე გააპრიალა, იატაკი საპნიანი წყლით მორეცხა და კარი გამოიხურა. წინასწარ უხაროდა, აგარაკიდან ჩამოსულს სუფთა სახლი რომ დახვდებოდა. მას შვებულების ოთხი დღეღა რჩებოდა, როდესაც ძველდაბას მიაშურა და, როგორც აღვნიშნეთ, ამინდიც ვერ დახვდა ხეირიანი. ამიტომაც შეშმუშნული და საყელოაქაჩული გადიოდა გარეთ. იქნებ ჯობდა სხვაგან წასულიყო, მაგრამ ცხოვრება არასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორსაც გონებაში წარმოიდგენდა და არც შვებულება ნიშნავდა სამუდამოდ თავის დაღწევას. ეს დროებით სულის მოთქმას ჰგავდა, სიჩუმეში განმარტოებას.

-იწვიმებს! – ჩაიჩიფჩიფა ვალენტიმ და საწვიმარს გადასწვდა. პირველივე დღეს გული იჯერა ქუჩებში სიარულით. ერთხანს ქოლგის ქვეშ შეყუჟულ სასიამოვნო წყვილს აედევნა, რუხ პიჯაკში გამოწყობილ, ლამაზი ცოლით გაამაყებულ კაცს შოლტივით ქალი მოჰყვებოდა, ცირკის ცხენივით აღკაზმული. ახალგაზრდები ბორცვებზე ლაღად სეირნობდნენ, ბებრები ვაკე ადგილებს ეტანებოდნენ ქოშინით, ვალენტის კი მეეზოვესთან გაება ბაასი.

-ერთი ძველი ტელევიზორი მაქვს, ჩართვისას კარგა ხანს ციმციმებს, სანამ ეკრანი გამოჩნდება, და გამორთვისასაც კარგა ხანს ციმციმებს, სანამ ეკრანი გაქრება. ეს ციმციმი დამჩემდა თვალწინ. დაბალი წნევა გექნებაო, ექიმებმა დაიჟინეს, არადა, ვიცი, ეკრანის ნათურის ბრალია! – ენად გაიკრიფა მეეზოვე.

-როდის იყიდე?

-კარგა ხნის წინ!

-შეცვლას არ აპირებ?

-რატომ? კარგა ხანს გამიძლებს კიდევ, უფრო ცოცხის საკითხი მაფიქრებს!

-ცოცხს რაღა ჭირს?

-წვიმაში ფუჭდება!

-შენც ახალი მოატანინე!

-კრიზისი აქვთ, ცოცხებს ზოოპარკის ბეჰემოტს აჭმევენ, რადგან იქაც კრიზისი ჰქონიათ!

-ეგ ვინ გითხრა, ვერ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე!

-მეც ეგრე მგონია, ცოცხი როგორ უნდა შეჭამოს ბეჰემოტმა? – მხრები აიჩეჩა მეეზოვემ, ვალენტის კი ახალი საკაცობრიო საფიქრალი გამოუჩნდა – ბეჰემოტის კვება. მან მარილის მთებში ჩაპირქვავებულ ღრუბლებს ნაღვლიანად გახედა, ასეთი ხასიათი ჰქონდა, როცა სიხარული ეუფლებოდა, მყისვე წუხილი იპყრობდა. აღფრთოვანებით არასოდეს ფურცლავდა ხოლმე ჟურნალებს ფერად ილუსტრაციებით, რადგან მალევე ბეზრდებოდა. ირგვლივ იმდენი რამ ხდებოდა, რა საჭირო იყო ახალი ამბების შეთითხვნა. კითხვაზე ამომწურავ პასუხს რომ გაიგებდა, მყისვე ახალი კითხვა უჩნდებოდა.

მომდევნო დილას ვალენტი სანაპიროს დაუყვა და მდინარეს მიადგა, რომელიც უკიდეგანო ზღვისთვის ხმელეთისგან მირთმეულ ძღვენის ხელში შეჩეჩებას ჰგავდა. ვალენტი  გატრიალდა, ახლა მეორე მხარეს დავათვალიერებო. კარგა ხნის სიარულის შემდეგ იქაც მდინარეს მიადგა, რომელიც სისხლის გადასხმის პროცესს მიამგვანა, ტალღები კი დაჭრილის ბორგვას. ვალენტი თითქოს კუნძულზე იყო. სანაპირო მობეზრდა და უკან ჭადრების ქუჩით გამობრუნდა. ერთ დაფხავებულ ქოხთან ქალი შენიშნა, ბინას რომ აქირავებდა. ქმარ-შვილი მეთევზეები ჰყოლია და სულ მოლოდინში იყო – შუადღისას მდგმურების, ღამე მებადურების. მწვანედ გაღებილ ძელსკამებთან წითელი ქვიშა ეყარა და ფერადი ნათურები ენთო. იქაურობა ათასფრად ელვარებდა. შეჭრილი კონცხი სევდით გაჰყურებდა უკიდეგანო წყალს, რადგან გვერდით თავისიანები არ ეგულებოდა, უკან გამოხედვა კი არ სჩვეოდა. იქნებ ჯობდა, ბინა აქეთ ამეღო, გაიფიქრა ვალენტიმ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. სიხარულის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა. მისი გული მდიდრული დარბაზის ჩამქრალ ჭაღს დამსგავსებოდა, ინტერიერის ბრწყინვალება წყვდიადს რომ დაენთქა. გახსენებებს სევდა მოჰქონდა. ახლაღა მიუხვდა მოხუცებულ მამას, სააბაზანოს კარებს რატომ არ კეტავდა შხაპის მიღებისას. შიშობდა, რამე არ მოსვლოდა და ოჯახის წევრებს შემტვრევა არ დასჭირვებოდათ. მამის დასაფლავების დღეს მხოლოდ ჩიტებსა და თვითმფრინავებს გაჰყურებდა ვალენტი. ჟღალსა და მოღრუბლულ ცას უპასუხო ალერსით დაღლილი იერი აღბეჭდოდა. აღაპის სუფრა ეზოში გაშალა. ბაზრის მზიდავებს მძიმე კალოშები წამოეცვათ და ჩლახუნით მიაბიჯებდნენ, თითქოს უმადურობის გამო სათანადოდ დაისაჯნენო და წვრილმანები და ვაი-ვიში ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად ქცეოდათ. ვალენტი გულდამძიმებული ფიქრობდა განვლილ ამბებზე. მამის გარდაცვალების შემდეგ გულანთებულ ხალხს ვეღარსად აწყდებოდა, თითქოს სხვაგან გადასახლდნენო და ხელები, რომელთა მეშვეობითაც ოდესღაც მთების გადადგმას აპირებდა, სიცარიელეში გაეშვირა. იგი თვლიდა, რომ არასწორად იცხოვრა, ბევრი დრო გაფლანგა უქმად, მაგრამ აღარაფრის შეცვლა არ შეეძლო. დაუდევრობა ხასიათში ჰქონდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. გაახსენდა, მამა რომ არიგებდა, კარებს ღია ნუ ტოვებ და შუქს ანთებულსო. ნარჩენების გადაყრაც ავიწყდებოდა, რადგან წვრილმანად მიაჩნდა. ყველაზე მეტად მამამისი იმას განიცდიდა, ვალენტი ოჯახს რომ არ ქმნიდა. მას შემდეგ, რაც თავის მოწოდებაზე უარი თქვა, გული აღარაფერზე მისდიოდა. არადა, რაც გააჩნდა, ყველაფერი წყალობა იყო, თავისად არც აღიქვამდა. მოთხოვნილებები ბევრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა უსიხარულობის მიზეზს. კინოფილმს თვალებდაჭყეტილი უყურებდა ხოლმე, რადგან ცდილობდა, ყოველ ეპიზოდში იმაზე მეტი ამოეკითხა, ვიდრე რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. მას ბევრი რამ არ მოსწონდა, მაგრამ ეუბნებოდნენ, კარგიაო, ეს შენ ვერ ერკვევიო. ალბათ ასეცაა, ფიქრობდა ვალენტი, შეუძლებელია, მე მართალი ვიყო, ამდენი ხალხი კი ცდებოდესო. მას ყველა ეპოქალურმა მოვლენამ გვერდი აუარა და სავანედ ჩრდილი დაუწესა, რაც რეალობის განცდას კიდევ უფრო უმძაფრებდა. ნუგეშად ისღა დარჩენოდა, რომ ყოველი ადამიანი თავისი თავისთვის ცენტრალური ფიგურაა და სულაც არ არის საჭირო, საზოგადოება განსაზღვრავდეს ასე. საქაღალდეებში ქექვას ფიქრი უჯობდა, სხვა რომ არაფერი, დრო მაინც გაჰყავდა. თუმცა არც საქაღალდეები აკლდა დიდად. ეცინებოდა, ქუჩის ბანერებზე რომელიღაც პარტიის რეკლამას რომ ნახავდა. ისტორიაზე თავისი წარმოდგენა ჰქონდა, სახელის მოხვეჭას ჯობს, კაცმა ცხოვრება უცნობად განვლოსო, რადგან ვინც ისტორიას შერჩა, ჩამოუკრეფავ ნაყოფს დაემსგავსა, რომელიც ტოტებზევე შეჭკნაო. როგორც კი მსოფლიო ამბები განვითარდა, ვალენტი სრულ გაუგებრობაში აღმოჩნდა. შფოთიანი ხალხია პოლიტიკოსები, ფიქრობდა იგი, სიმართლეს ვერ ქაჩავენ და ხალხს პათეტიკური მიმართვებით ნუსხავენ. მათი პატიოსნება იმაში მდგომარეობდა, რომ მხოლოდ იმ მიზეზით უნდოდათ მოსვლა მთავრობაში, მათზე უარესები რომ არ მოსულიყვნენ. ათასეული წლები ყალიბდებოდა საზოგადოება, რომელიც ყოველ მეამბოხეს სურდა შეეცვალა. განა ქვეყანა იმიტომ უნდა გადააკეთო, უარესი რომ მიიღო? პროფესიონალები გაქრნენ, როგორც თავის დროზე სოციალისტებმა განდევნეს სპეციალისტები და რა გამოვიდა? ვალენტი ისეთ მთავრობას ელოდა, უყოყმანოდ რომ გასცემდა განკარგულებებს. ეროვნულობა ჯვრის ზიდვად მიაჩნდა და არა სამზარეულოს მენიუდ. თუმცა მჯიღის ცემაც ეუხერხულებოდა იმ უსაშველო ციცაბოებთან, რომელსაც მისი სამშობლო შედგომოდა. მოსწონდა ღამის ქალაქი, უზარმაზარი ფიგურების მუზეუმს რომ ჰგავდა, ცვილისგან გამოძერწილი გამვლელებით და მათი წაგრძელებული ჩრდილებით, შემოფლეთილი ბანერებითა და ლაპლაპა ბორდიურებით, რომლის გასწვრივაც ნაქცევი წყალი სანიაღვრე ჭებში იწრიტებოდა, მაგრამ ამდენი საკაცობრიო დარდისგან ვალენტის თავი ტკიოდა, თუმცა არც ეს აღელვებდა დიდად. ციტრამონი მეყსეულად შველოდა, რომელიც ცენტრალურ აფთიაქებში ყველაზე იაფფასიანი მედიკამენტი იყო. მზის ჩასვლას ზღურბლთან ხვდებოდა, მზე როგორც კი ჩავიდოდა, სახლის კარს შეაღებდა და ლოგინში შეწვებოდა,  სხივები ჰორიზონტზე აბრეშუმის კაშკაშა ძაფებივით მცირე ხანს ისევ ეფინა ხოლმე და არც ვალენტი იძინებდა მეყსეულად. მას ადრევე აუცრუვდა გული ცხოვრებაზე, რომელსაც ისე განაგრძობდა, ცეცხლი რომ ჩაქრება და ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ ელავს.

3.

მთელი მომდევნო დღეები ქალაქის ქუჩებს კვეთდა. ცენტრალურ პროსპექტზე ისე დააბიჯებდა, როგორც წმინდად მცხოვრები ბერი საცდურებს შორის. საღამოს ზღვისკენ გაემართა და ნაპირზე დიდხანს იხეტიალა. წარმტაცი მხარეა, გაიფიქრა მან, ვერაფერს იტყვი. გალერეებში კეთილშობილი ხალხი დაიარება და მთელ დღეს ასეა, გაუთავებლად. ყველანი ზღვისკენ ისწრაფვიან, ბავშვები კი გარბიან, თუმცა ბანაობა ეკრძალებათ უამინდობის გამო. მიუხედავად წვიმისა, ცდილობდა გარეთ ყოფილიყო, ვიდრე დიასახლისის მკვახე საყვედურებისთვის ესმინა. ტროტუარებზე აღმოცენებულ კაფეებში ყავას უკვეთავდა და სველ ბორდიურებს დაჰყურებდა, ციმციმით რომ ირეკლავდნენ ლამპიონების ბრჭყვიალა შუქს. შვებულების მეოთხე დღეს რესტორნის სტუმრობა გადაწყვიტა. ჩამობურული ხეივანი ჩამობერებულ ბანოვანებს აგონებდა, ფოთლები – ურიცხვ მარაოებს. ვალენტი ზღურბლთან შედგა, რადგან თავისუფალი ადგილი ვერსად შენიშნა. მიმტანს ტუჩები აებზუა და ცხვირი აეპრიხა, ატუზული ვალენტი კი დგომას განაგრძობდა. შორიახლო ბანოვანებს მოჰკრა თვალი, სწორედ ისეთებს, მშვენიერ ხეებს რომ ამგვანებდა, მაგრამ ამას როგორ ეტყოდა გარდასული დროის ჩუქურთმებს, არქაულად რომ გამოთქვამდნენ უმნიშვნელო აზრსაც კი, სიბერეს უკვე რომ შედგომოდნენ, მაგრამ ახალგაზრდობას ეპოტინებოდნენ და არავინ მიაჩნდათ თავის ტოლად და სწორად. ვალენტი რომ შენიშნეს, უბრალო ჩრდილად აღიქვეს ალბათ და დამცინავი მზერით გააბიაბრუეს:

-არის მასში რაღაც პირველქმნილი, ხმაც სტიქიების გადამფარავი და ჟღერადი ექნება, ზღვით თუ მოვიდოდა, ძველებური იალქნიანი ნავით, ნაპირთან დიდებული ეტლი ელოდა, და ახლაც, აღკაზმული რაშები რესტორნის შესასვლელთან ფრუტუნებენ! – თქვა ერთმა ვალენტის გასაგონად, რასაც დანარჩენთა ელეგანტური სიცილი მოჰყვა, სწორედ ისეთი სიცილი, უპირატესობის აღმნიშვნელი რომ იყო. ვალენტი კი ცივ კედელს უილაჯოდ მიყრდნობოდა და დიდხანს აღარ შორდებოდა, თითქოს რწმენის სიმხურვალეს განიცდისო. სინამდვილეში ყურყუტით დროს წელავდა, რადგან ვერ გადაეწყვიტა, დარჩენილიყო თუ წასულიყო, რასაც ბანოვანები უთუოდ უკანდახევად მიიჩნევდნენ. ვერაფერს გრძნობდა ისეთს, რაც გულს მოუფონებდა, თითქოს ცხოვრება საყრდენ კედელს უმალავდა, რადგან დარწმუნებული არ იყო, თუკი ვალენტი მას მიადგებოდა, ზედ აღბეჭდილი საიდუმლო ფრესკების გადაფხეკას არ შეუდგებოდა. სწორედ ამ დროს მაწანწალა შენიშნა, კიბის საფეხურზე მჯდარი და უხერხულობა რომ გაეფანტა, გულითადად გამოელაპარაკა, სადმე ძველი ლუდხანა ხომ არ გეგულებაო, აქედან ცოტა მოშორებითაა, საუკეთესო ლუდი იხარშება, დღეში თითო-ოროლა კაცი თუ შედის, რაც მეპატრონეს ლუდხანის გაუქმებას გადააფიქრებინებს ხოლმეო, გაეპასუხა მაწანწალა.

-ხალვათობა მირჩევნია! – დაიბუბუნა ძალამოკრეფილმა ვალენტიმ.

ლუდხანას რომ მიადგნენ, ძველი იატაკი ისე აჭრიალდა, გეგონებოდა ათასწლოვან სარკოფაგში მიცვალებული გაცოცხლდაო. სტუმრიანობის ხარისხზე ის ფაქტი მეტყველებდა, რომ  თითოეული მაგიდის ზედაპირს შავ წერტილებად აჩნდა ნამწვავები, რამაც სახლის კედლები გაახსენა გარემონტებამდე. მერე მაწანწალას გამოელაპარაკა. უყვარდა უცხო ადამიანებთან საუბარი, მაგრამ ზედმეტი გულახდილობაც სიყალბედ მიაჩნდა, იმ დღეს კი ძალიან გამოიდო თავი. მიმტანს ლუდი და მჟავეული მოატანინა, შემწვარი კარტოფილი და დაშაშხული ხორცი კი ბლომად შეუკვეთა. მაწანწალა ლუდს ეძალებოდა, ძვლები გამჭოლმა ქარმა დაუზრო, ბუზღუნით კი თავს არავის გააბეზრებდა. მისი ცხოვრება ფონის ძებნას ჰგავდა, ხმაში ხვნეშა გარეოდა, თითქოს ხრეშიან გზას მიუყვებაო. ყოყმანიც ამიტომ დასჩემებოდა. ვალენტის კი მსმენელი ჭირდებოდა, უნდოდა თავისი ცხოვრება პოსტულატების სახით ჩამოეყალიბებინა, სიტყვების გამოგონება არ დასჭირდებოდა, ძველიც საკმარისი იქნებოდა. ფილოლოგი ხომ არ იყო, ახალი მიგნებებით  გაემდიდრებინა ენა. უბრალოდ, მისთვის ძვირფას რაღაცეებს სურდა, შეხებოდა. ყველაფერს, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ყოველთვის მოგრძო ბლოკნოტში ინიშნავდა. გამოცდილებას, რომელიც წვეთ-წვეთ აგროვა, კაცობრიობის მონაპოვარად აღიქვამდა. საჭირო აზრები წითლად ჰქონდა გახაზული. იმ დღეს გადაწყვიტა, ჩამთვრალიყო და გული გადაეშალა მაწანწალასთვის, რომელიც ეფოდ გაეცნო. რა უცნაური სახელია, გაიფიქრა ვალენტიმ და თხრობა წყვეტილ-წყვეტილ წამოიწყო, ფრაგმენტ-ფრაგმენტ…

-არ მინდა, ყველაფერი ცუდად იყოს, მე კი ისე წარმოვაჩენდე, თითქოს კარგად არის. ბავშვობაში ბოროტი მეზობლები მწყევლიდნენ. ვშიშობდი, რომელიმე ახდებოდა და ცხოვრების მხიარული გაგრძელება მიჭირდა, თვალები ლამფის მკრთალ შუქზე წიგნების კითხვამ ამომიღამა. მხიარულებას ყოველთვის გავურბოდი, კაცი ზედმეტად რომ მხიარულობს, ასე მგონია, რაღაც მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებული და მის გადაფარვას ცდილობს. ჩემი ცხოვრება გრძელვადიანი პრობლემა იყო და თავს იმიტომ კი არ ვიცავდი, დიდი წარმოდგენა მქონოდა, სიმართლის მხარეზე ვიდექი!

მერე მაწანწალას ანიშნა, მართლაც მშვენიერი ლუდია ჰქონიათო, მას კი ხმა არ გაუღია და ვალენტიმ მოყოლა განაგრძო:

-ქალიც მყვარებია, კამკამა და კრიალა თვალებით, მაგრამ ყველაზე ძნელად ხომ იმას ჰპოვებ, რაც ცხვირწინა გაქვს, სინამდვილეს კი სხვა სცენაზე გაჰყავხარ. როცა კაცი გულისსწორს კარგავს, ცხოვრებას თავისი ოცნებების სასაფლაოზე აგრძელებს. ვისაც ეს განუცდია, მიმიხვდება, რასაც ვგულისხმობ. მე კლდოვანი გული მაქვს, აქ ვინც ჩავარდა, სამუდამოდ დაივანა! – ვალენტი გაიჭიმა და უბადრუკი მუჭი ბრგე მკერდის ნაცვლად მოჩვარულ ნეკნზე მიიბრაგუნა, რის გამოც ყრუ და საწყალობელი ხმა ძლივს გაისმა – როცა  დაკარგულ წლებს ვიხსენებ, გული ამომიჯდება ხოლმე. რა ჰაიჰარად მოვეპყარი ჩემ ცხოვრებას. გულში სიხარულის ნატამალსაც ვეღარ ვგრძნობ. ბავშვობა მინდვრებზე ნავარდს ჰგავს, ნიავთან თრობას, სიბერე უღრან ტყეში სიარულს, მოლიპულ ბილიკებზე ფორთხვას, გაუმდნარი თოვლი ქვად რომ ქცეულა, ყინულით დაფარული ხეშეში კუნძები კი ფეხებში გედება. მე ჭკვიანი ვარ, მაგრამ ამას არავის ვუზიარებ, დაე სულელის შთაბეჭდილება დავტოვო. დრო თიხის ასწლოვან დოქებს ამსხვრევს და, მით უმეტეს, რა მოუვა ადამიანთა ურთიერთობებს, რამდენ ბზარს დაამჩნევს ცხოვრება, რომელიც გამოცდილი აუდიტორია, ყოველთვის მიგითითებს შეცდომებზე, მაგრამ არასოდეს გიჩვენებს სწორ გზას. მე იმ წლებში დავიბადე, აღორძინების ხანა ჩავლილი რომ იყო, შემდგომ აღორძინებას კი მაშინ ვარაუდობდნენ, ღრმა სიბერე რომ მიწევდა. წინასწარ ვგრძნობდი, სიცოცხლე უღიმღამო მგზავრობასავით გასტანდა. მახინჯი მხარეების მძაფრი აღქმა ღირებულებების მნიშვნელობას უარყოფს. მშობლები, სანამ ცოცხლები იყვნენ, იმედიან მზერას ფუჭად მაპყრობდნენ, აღარავისთვის ვიქნებოდი სამაგალითო. ლამობდნენ, ჩემთვის ენერგია შთაებერათ, მაგრამ ჩემი ძალა მხოლოდ იმისთვისღა მყოფნიდა, როგორღაც მეცხოვრა. ვიმედოვნებდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, უთუოდ განმეორდებოდა, ანშლაგით ჩავლილ სპექტაკლებს ხომ ხელახლა დგამენ სცენაზე, ცვლილებები კი გულს გვწყვეტს, მაგრამ განა ჩვენი დროც ცვლილებებმა არ განაპირობა?! და ჩვენც ცვლილებებმა არ დაგვბადა?! პრაქტიკული კაცი ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ბუნების შეცდომად მიიჩნევს და გარიყავს. წარმატებულს რომ ჰკითხო, ბედნიერება ჯობს თუ მათემატიკის შესწავლაო, ნიშნისმოგებით გიპასუხებს, რა თქმა უნდა, მათემატიკის შესწავლა ჯობსო, მის გარეშე განა შესაძლებელი იქნებოდაო ბედნიერება? ასე ვებმებით იმ ორომტრიალში, რომელშიც თვითონ ტრიალებენ, ასე გვიბიძგებენ ჩიხისკენ, სადაც თავადვე დაივანეს და ასეთმა უვარგისმა დამოკიდებულებამ განმსჭვალა მთელი საზოგადოება. ამაოდ მიხმობენ ძველი ლანდშაფტები, ცხოვრება გამოტოვებული დეტალებია, რომლებიც უფსკრულებად მექცა, და არა გამჟღავნებული და უსიხარულო დღეები. მე დავადგინე, დაკარგული ნივთის საძებნად ზღვაში კი არ უნდა შეცურო, გამორიყვას უნდა დაელოდო.  მე ჭვრეტით და აზრების განზოგადებით გაბეზრებული ფილოსოფოსი ვარ, ვეღარაფრით რომ ვერ ინაზღაურებს დაკარგულ დროს. ყიჟინა მთქნარებამ შეცვალა და თვალებში ნუღარ მიყურებთ, რადგან იმ კაცის გამოხედვა შემზარავია, ვინც ვერ ნახა გამოსავალი. ბედნიერება მანამ არსებობს, სანამ ნამდვილ გრძნობებს მოვალეობანი ჩაანაცვლებენ. აღარცა მჯერა, სამყაროში, რაიმეს თუ გადავაწყდები დიდბუნოვანსა და წარუშლელი შთაბეჭდილებების აღმძვრელს. სანახაობა ჩემთვის აღარაა. საუკეთესო ეპიზოდებს კულისებიდან ვაკვირდები, სადაც არტისტები ზურგშექცევით დგანან, სცენა კი სტეპივით უკაცრიელია. ადამიანი რასაც თავის გარშემო ქმნის, იმ იდეებით იმსჭვალება. ჩემთვის გაუგებარია სამყარო თავისი დიადი მიღწევებით, რადგან საზოგადოება დიდ მნიშვნელობას იმას კი არ ანიჭებს, ვინ ხარ სინამდვილეში, არამედ იმას, რად წარმოგაჩენს ეს სინამდვილე. კაცს თუ ბოროტების ჩადენა განუზრახავს, მიზეზს ყოველთვის გამოძებნის და რაც უფრო ნაკლები სიმართლე გაჟღერდება მის ნათქვამში, მით უფრო ეცდება, ღრიალით გადაფაროს, რადგან სიყალბე იმდენად მატულობს, რამდენადაც კლებულობს გულწრფელობა, ხოლო ვინც ყველაზე მეტად აშავებს, ყველაზე ოსტატურადაც ნიღბავს… ეჰ, ადამიანებზე გული იმდენჯერ გამტეხია, მორიგი გაბზარვის ხმა აღარც გაისმება!

ვალენტი, თითქოს დენზე შეაერთესო, ისე ემოციურად ლაპარაკობდა და იძულებული ხდებოდა, დაორთქლილი სათვალეები წამდაუწუმ მოეხსნა და სახელოს სარჩულით გაეპრიალებინა. მდუმარე ეფოს ელვარე მზერა ჩაქრობოდა, მუჭში ხელსახოცი ჩაებღუჯა და კათხის ყოველი მოყუდებისას სიამოვნებით აწკლაპუნებდა ტუჩებს. ვალენტის სახეს არიდებდა, რასაც იგი თავმდაბლობაში უთვლიდა. ჩემ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ღრუბელივით ისრუტავს, ასეთ მსმენელს აუდიტორიაშიც არ ვღირსებივარო, ფიქრობდა ვალენტი, მაგრამ სინამდვილეში მაწანწალა მზად იყო, ყბედობისთვის საათობით ესმინა, სანამ ლუდის გადაყლურწვის საშუალება ექნებოდა.

-აი, შენ, ეფო! რომელ დაჯგუფებას ეკუთვნი? – ისევ განაგრძო ვალენტიმ, – მხარს აგიბამ! მიყვარს შენისთანა უბრალო ხალხი! ზოგს წყვდიადი სამალავად აქვს, ზოგს სამოქმედოდ! ამ ქვეყნად ყველას სიმყუდროვის მოწყობა უნდა, ოღონდაც თავისთვის, ასე ვთქვათ კომფორტი სიბერისთვის. მე კი ვერაფერს მივაღწიე, მთელი ჩემი ქონება ერთ მომცრო სკივრში ჩაეტევა. თუმცა ეს არც მიძებნია. ცხოვრება არ არის, თუმცა ცხოვრება გეგონება; არ წვიმს, მაგრამ თითქოს წვიმს… იმ დღეს ეს ლექსი დავწერე! – ვალენტიმ ჯიბიდან დაჭმუჭნილი ფურცელი ამოაძვრინა და კითხვა დაიწყო:

თბილი თვეებიც ისე გადიან,

ვით თებერვლები, ანდა მარტები,

ცხოვრება დიდი კომპრომატია

პატარ-პატარა კომპრომატებით…

ვალენტიმ კითხვა შეწყვიტა და ეფოს თვალებში ჩახედა, მაგრამ მაწანწალა დუმილს არ ღალატობდა, მის მზერაში კი ვერაფერს ამოიკითხავდი. უცებ აიყარა გული ვალენტიმ და ხმა აღარ გაუღია. წამოსვლისას მიმტანს უხმო და ფული გადაუხადა, თვლის დროს რკინის მონეტა ძირს დავარდა წკარუნით, რომელსაც ეფო მყისვე დასწვდა და გადამხდელს მიაწოდა. როგორ ზრუნავს ჩემზე, გაიფიქრა ვალენტიმ, ზედმეტად კაპიკიც არ უნდა რომ დავკარგო, როგორი მზრუნველობით შემომყურებს, სანამ ჯიბეში ჩავიდებდე ამ ფულს.

-შენ გქონდეს! – შესთავაზა ვალენტიმ, მაგრამ ეფომ უარი განაცხადა.

-ასე იყოს, ეფო! – თქვა ვალენტიმ და საფულე დაანახა, თუმცა მონეტა პირდაპირ ჯიბეში ჩაიგდო სხვა მონეტებთან ერთად. მერე საფულეც იქ ჩაიდო. ძალიან მთვრალი იყო. გარეთ გამოსვლისას ვარსკვლავებს ახედა.

-ხვალ დარი იქნება! – თქვა მან – როგორი ყურადღებით მოგვჩერებიან ვარსკვლავები! ან იქნებ სულაც საოპერაციოს ნათურებია! დედამიწა ავადაა, მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა!

-აი, თქვენ, ამდენ სიბრძნეს ფლობთ! სიხარულზე კი, ამბობთ, არ გამაჩნიაო! – როგორც იქნა ამოღერღა ეფომ.

ვალენტი ერთხანს დუმდა და ბოლოს დამაგვირგვინებელი სიბრძნე გამოთქვა:

-ჰო, ასეა, ეფო, ცხოვრება არასდროს არ გაიოლდება, შენ უნდა გაძლიერდე!

გარეთ გამოსულებმა ღამის სიგრილეში კარგა ხანს იარეს, მერე ერთ მიყრუებულ მერხზე ჩამოსხდნენ, ათას საფიქრალს რომ მისცემოდნენ. ეფომ აიტეხა, ზეცა მოვრთოთო, ბავშვივით ცმუკავდა. მერე სადღაც გაშპა, ფეიერვერკისთვის მაშხალებს ვიშოვი და მოვალო. ვალენტის ჩაეღიმა, შორეული ათინათები კი ზანტად განაგრძობდნენ ციმციმს…

4.

ვალენტი გაღვიძებისთანავე მიხვდა, რომ გაძარცვეს. ბაღის მერხზე ჩასძინებოდა, ხოლო სიზმარში ცეცხლმოდებულ არქივს ხედავდა, რომლის ალზე მშვიდად ითბობდა ხელებს. მას გულის ჯიბე ამოცარიელებული ჰქონდა. ქურდს ყველაფერი წაეღო, გარდა დაჭმუჭნულ ფურცელზე დაწერილი ლექსისა, ეტყობა, პოეზიას დიდად არ წყალობდა. ცნობიერება ერთბაშად მორუხო ფერში გაეხვა, მაგრამ აღარაფერი შეეძლო, გარდა საკუთარი უძლურების გამოვლენისა. მოჭუტული თვალები სწორხაზოვან ჭრილად ექცა. ასეთი რამ პირველად შეემთხვა და გალახულ ფინიას ჰგავდა. ნუთუ ეს ეფომ ჩაიდინა, გაიფიქრა მან და სასოწარკვეთილი ფეხზე წამოდგა. ამდენი რამ ვილაპარაკეთ, ის კი ფულს დახარბდა, უკანასკნელ კაპიკებამდე ამოუკრეფია. სახელსაც მოიგონებდა, რომ ვერ მიმეგნო, ეგონა ძებნას დავუწყებდი. ალბათ თავიდანვე გადაწყვიტა ჩემი გაქურდვა. ლუდხანასაც კი ისეთ მიუვალ ლაბირინთში მივაშურეთ, გზაც არ დამხსომებია. მონეტაზეც ხომ დაიჟინა, საფულეში ჩამედო, არ ამოგივარდესო. თანაც იმიტომ მეტყოდა უარს, მთელი ფულის წაღებას აპირებდა და ბარემ ესეც იქ დებულიყო!

ვალენტი ზღვისკენ გაემართა, იქიდან ადვილად გავიგნებო გზას. ორიოდე ძაღლმა აქეთ-იქიდან შეუყეფა, ან ერთმანეთს გადაუყეფეს, მაგათსას რას გაიგებდი. ძაღლი თუ ყეფას ატეხს, განა ამაში გამვლელია დამნაშავე? ამ აღმოჩენამ ხასიათზე მოიყვანა. რა ჭკვიანურად მოვიქეცი, ნაწილი ფულისა ჩემოდანში რომ გადავინახე, შორსმჭვრეტელობა გამოვიჩინე! ისეთი არაფერი მომხდარა, სიმხნევე დავკარგო, გამოუტყდა თავს, ხოლო შინ რომ დაბრუნდა, ამის შესახებ სახლის მეპატრონესთან კრინტიც არ დაუძრავს.

-ალბათ ზღვაზე სეინობდით… რა ცუდია, წასვლა რომ გადაწყვიტეთ, ხედავთ, როგორი მზიანი დარი დადგა! – შეიცხადა მან. უცებ სასტუმრო ოთახში ტელეფონი აწკრიალდა. მამასახლისი ყურმილს დაწვდა, მცირე ხანში კი ყიჟინა მორთო:

-ვალენტინა! ვალენტინა! რა ბედნიერებაა! შვილიშვილი ჩამოგვდის! მატარებელი უკვე ძველდაბას უახლოვდება! თურმე გადაიფიქრეს! – მერე ვალენტის მიუბრუნდა – რა კარგია რომ მიდიხართ! ჩვენს შვილიშვილს ეს ოთახი ყველაზე მეტად უყვარს! ეგ ერთადერთი გვყავს! მზე და მთვარე მასზე ამოგვდის! რაც შეიძლება ვანებივრებთ, ხომ გესმით… ვალენტინა! ვალენტინა!

უნდა გენახათ, ეს ფაშფაშა ქალი როგორ დაბზრიალდა. ცოლ-ქმარმა ერთსულოვნად იწყო ქვედა თაროებიდან ჭურჭლის გადაწყობა ზედა თაროებზე. ყოველი მსხვრევადი ნივთი თვალთახედვის არეს მოაშორეს, ვაზა კი ფართო მაგიდის შუაგულში გადააადგილეს. მძიმე ნივთებს თავი ერთად მოუყარეს, ზეწარში გამოკრეს და მაგიდის ქვეშ რაც შეიძლება ღრმად შეჩურთეს. ბავშვი მშვიდობიანად გავისტუმროთ და მერე ყველაფერს დავაბინავებთო. მერე სარკეები ჩამოხსნეს და კარადის თავზე შემოაწყეს სქელ ნაჭრებში გახვეული, მხოლოდ ერთი დატოვეს ადგილზე, რომელიც ისეთი გაბზარული იყო, საკუთარი თავი რომ ამოგეცნო, დიდხანს და დაკვირვებით უნდა გემზირა ნიკაპით მარჯვენა ხელზე დაყრდნობილს და ღრმად ჩაფიქრებულს. მისი გატეხვა მხოლოდ წაადგებოდათ, მიზეზი ექნებოდათ ახლის ყიდვისა. სახლს რომ მორჩნენ, ეზოში გადაინაცვლეს და ახლა იქ მოაშორეს თვალასაწიერს ყოველი მსხვრევადი ნივთი თუ საგანი, რაც გატეხვას ექვემდებარებოდა. მათი მოქმედება პარტიზანული მოძრაობის თავდაცვით მანევრს ჰგავდა მასშტაბური თავდასხმის მოლოდინში და არა საზეიმო აღლუმს. მოკლედ მთელ ამბებში იყვნენ, ვალენტიმ ოთახს რომ მიაშურა და ცხელი შხაპი მიიღო. გარეთ ისეთი მზე ამოსულიყო, თითქოს დედამიწას ოქროს სამკაული მოერგო. ერთბაშად მტვრის უთვალავი ნაწილაკი გამოჩნდა, სხივებზე ოქროს ნარჩენებივით მბზინავი. ვალენტიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და თავისი ძველი ჩემოდნით სასტუმრო ოთახში გამობრძანდა. თუმცა დრო კიდევ ჰქონდა, მაგრამ რადგან ბავშვის მოსვლამდე იქაურობა უნდა მიელაგებინათ, გაენიავებინათ,  ბალიშისპირები დაზეწრები გამოეცვალათ, ხელი რომ არ შეეშალა, ოთახი ადრე მიატოვა.

-რა კარგია, რომ ბრუნდებით თქვენ გარემონტებულ სახლში და რა ბედნიერებაა, ეს ჩემოდანი თვალში რომ აღარ შემეჩხირება, ბარემ ქუჩაში გაგედგათ ბორდიურზე, განა ვინმე წაიღებს ამ უგვან ნივთს და საშინელი უგემოვნებობის ზეიმს? – მიახალა ქალბატონმა და თავის ქმარს მიუბრუნდა – გესმის, ბედოვლათო, აქ აღარასოდეს მოიყვანო ყვითელჩემოდნიანი მდგმური!

მერე ისევ ვალენტის გახედა და კიდევ რაღაც სიტყვები მიაყოლა, მგონი, ასე თქვა, ჯანდაბამდე გზა გქონიაო, მაგრამ ვალენტის ეს არ გაუგონია. მზიან ამინდში, რა თქმა უნდა ზღვის მარილიანი ანაორთქლი მეტი იქნებოდა, ან იქნებ ეს არაფერ შუაში იყო და ნევროზი სულაც შვილიშვილმა დამართა?

-ბავშვი რომ მოვა, საჭმელი ვაჭამოთ და მერე ჰაერზე ასეირნე, მშვენიერი დარია! – მიმართა ქმარს – მე მანამ ავეჯს მივალაგებ, ლეიბებს გამოვამზეურებ და ოთახს გავანიავებ, ათასი ბაქტერია დაგროვდებოდა! – თქვა დიასახლისმა და ისევ ვალენტის გადახედა – წინასწარ ვგრძნობდი, როგორც კი ყვითელ ჩემოდანს აქაურობას მოაცილებდნენ, ამინდიც გამოვიდოდა!

-ტაქსის გამოძახება არ დაგჭირდებათ! – მშვიდობიანად ახარა მამასახლისმა – შვილიშვილს მისი მომვლელი-გადია მოგვიყვანს და ბარემ იმ მანქანასვე გაჰყვებით! მანამ ცოტაოდენი დრო გვაქვს და ჭადრაკი ხომ არ გვეთამაშა?

მამასახლისი თითქოს იმისთვის დასდევდა ბრაზიან ცოლს, რომელიც თავის უკან მუდამ უდაბნოს ტოვებდა, ზედ ზეთისხილები რომ დაერგო და მშვიდობა დაემყარებინა. ვალენტი ამ ერთგულებას უფასებდა. სანამ დაფაზე ფიგურებს ალაგებდნენ, ვალენტინამ მათ საბერტყი ჯოხით ჩაუარა. ქმარს მრისხანე მზერა შეავლო, თითქოს ეუბნებოდა, რომ წააგო, სახლიდან გაგაძევებო. მერე მეორე სართულზე ავიდა და ლეიბის ბერტყვას მოჰყვა. დარტყმების ყრუ და სასტიკი ხმა ბუბუნით აღწევდა სასტუმრო ოთახამდე.

-ეგ ქალი რინგზე ივარგებდა! – ჩაიბუტბუტა ვალენტიმ, მაგრამ ლამის ენაზე იკბინა, როცა კიბის საფეხურების ჭრიალი შემოესმა და ცხვირწინ დიასახლისი აესვეტა.

-ლეიბი ჩამივარდა! – მიმართა ქმარს – გადი და მოიტანე მაგ თამაშს, მე მანამ დაფას ვუყარაულებ, რომელიმე ფიგურა არ მოგპაროს ამან! – საბერტყი ჯოხი ვალენტის ზედ ცხვირთან მიუტანა, ქმარი კი ფაცხაფუცხით გავარდა გარეთ.

-აგებ? – ჰკითხა მარტო დარჩენილ ვალენტის.

-მე მგონი ვიგებ, ორი პაიკით მეტი მყავს და პოზიციურადაც უკეთესი მდგომარეობა მაქვს. დააკვირდით მარცხენა ფლანგს! აქ ისეთი მახე დავუგე, არა მგონია თავი გაართვას! – წინ გაშვერილი საჩვენებელი თითით, ვაგლახ, ვალენტიმ დეტალურად მიმოიხილა თავისი ურყევი პოზიციები.

-ჯობს გაისეირნო! – დაუყვავა ქალმა და მარჯვენა ხელით დაფა გადახვეტა – ჩემ ქმარს ვეტყვი, რომ დანებდი! თუ გკითხა, შენც ასე უპასუხე, ერთი პირი რომ გვქონდეს!

ვალენტი ჩემოდანს ჩაეჭიდა და ზღურბლთან ლეიბამოიღლიავებულ მამასახლისს შეეფეთა.

-გადავწყვიტე, გარეთ დავიცადო! – მიმართა მკვახედ.

ვალენტი ტაქსს მორჩილად ელოდა, როცა მამასახლისიც გვერდით ამოუდგა და გზას ერთად შეაჩერდნენ. მანქანა მართლაც მალე გამოჩნდა. ნელი სვლით შედგა კაიბჭესთან და კარიც გაიღო…

იქიდან კი ნამდვილი პიროვნება გადმოვიდა, ცეროდენა პრინცი, მდუმარე და დამცინავი ღიმილით, სახლ-კარს მეფურად რომ გადახედა, თითქოს წინაპრების მიერ გაწეული სამუშაოების აქტივ-პასივებს აფასებსო. მისი მახვილი მზერა ნათლად ამჩნევდა სუსტ წერტილებს და კმაყოფილებას ვერ მალავდა, ხოლო მასთან მოლაპარაკებას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი თავად დაუჯდებოდა ეს ჭკუაში. მას ფეხდაფეხ ფაშფაშა ქალი გადმოჰყვა ჩახლეჩილი ხმით და ისიც ადვილი გამოსაცნობი იყო, ხმა რა მიზეზითაც ჩახლეჩოდა. მათ დანახვაზე ბებია-ბაბუა ჯერ ხელების ფშვნეტას მოჰყვა, მერე თვალების, სანამ სიხარულით სათანადოდ არ განიმსჭვალნენ და ბოლოს ტირილი მორთეს. მოკლედ მთელი დინამიკა სისრულეში მოიყვანეს და შვილიშვილს დიდი ჟრიამულით გადაეხვივნენ…

და შვებულების უკანასკნელ დღეს მიხვდა ვალენტი მთელი თავისი უგუნებობის მიზეზს. აი, რა აკლდა მის ხანგრძლივ და უსიხარულო ცხოვრებას, აი, რისთვის უნდა ეზრუნა ყველაზე მეტად… სიცოცხლის გაგრძელება, რომელსაც დიდი გულისყურით მოუსმენდა და თვითონაც გულწრფელად გაუზიარებდა თავისი ხანგრძლივი დაკვირვების ცხოვრებისეულ ამბებს. რისთვის ჭირდებოდა თავისი უბადრუკი სამსახური, მივლინების და შვებულების ფული, ან თუნდაც ის ბინა, სადაც თეთრად გადაღებილი, მაგრამ უტყვი კედლები ელოდა. იგი ჯაჭვის უკანასკნელი რგოლივით იყო ამაო დროების სივრცეში გამოკიდული, დამშრალი ჭის გრძელი და ჭრიალა ოწინარის დაგრეხილ თოკზე მიბმული სათლივით ეულად მოყანყალე…

ვალენტიმ ჩემოდანი უკანა სკამზე უხალისოდ მოათავსა, მერე  წინა კარები გამოაღო და კიდევ ერთხელ გახედა სახლისკენ მიმავალ ონავარ ბიჭს, რომელიც ოთახის შიგნით შეიკარგა თუ არა, მსხვრევის ხმა გაისმა, ეტყობა ჩინური ფაიფურის ვაზას მისდგა, ტკბილადმოუბარ ვალენტინას ესოდენ რომ ეძვირფასებოდა. ვალენტის გაეღიმა, წამით ისევ შეიცადა, იქნებ ამ საყვარელ არსებას კიდევ ერთხელ მოვკრაო თვალი ფანჯარაში.

-აღარ წავიდეთ, უფროსო! -საყვედურით ამოხედა მძღოლმა.  ვალენტი იძულებული გახდა, მანქანაში ჩამჯდარიყო და მატარებლის სადგურისკენ დაძრულიყვნენ…

© არილი

Facebook Comments Box