პროზა

დიმიტრი წიკლაური – ხელისმომკიდე

1.

ნამდვილი პოეტი მეჯლისზეც სევდიანია. სიტყვაძუნწობით მუდმივ შთაგონებაში მყოფს ჰგავს. წერას რომ შეწყვეტს, ფიქრს განაგრძობს, მაგრამ სათქმელს სრულყოფილებამდე მაინც ვერ ხვეწს. ციცქნა ლექსებს მზის გულზე თხზავს, გეგონება მნათობები კარნახობენო, უგრძეს პოემებს კი ხეივნის ჩრდილში, რახან ხანგრძლივ სიცხეს ვერ ჰგუობს. გზაჯვარედინიც წიგნს აგონებს, ფართო ქუჩები მნიშვნელოვან სტრიქონებს, ხოლო ვიწრო ჩიხები უმნიშვნელოს. მონოტონურ შრომას აზროვნებას არჩევს, მაგრამ რადგან ფიქრები არ ჩანს, უსაქმურად მიიჩნევენ. ღამე მშფოთვარე სიზმრები ტანჯავს, თანაც ყველა ძილგამფრთხალმა მის ფანჯრებთან უნდა ჩაიაროს და ცხოვრება უშვერი სიტყვებით შეამკოს. ეს ძირს გართხმულთა ჩვევაა. ნატანჯი კაცი ხომ ათასგვარი ოხრობით დაფარულ მღვრიე ფსკერს იმ ქმედებით შეიგრძნობს, დაშვებას რომ წყვეტს და წმინდანადაც რომ შერაცხონ, ფრესკად ფსკერზე გამოსახავენ.

იგი ხშირი სტუმარია ბიბლიოთეკის, რომლის გასწვრივაც ცხოველთა ბაზარი მდებარეობს, ზოო. მაღაზიებითა და ვეტ. აფთიაქებით წარმოდგენილი. უკვირს, იქ რომ გაცილებით მეტი ხალხი ტრიალებს, ვიდრე სამკითხველოში იყრის თავს, სადაც მსოფლიო სიბრძნის საგანძური ინახება. წიგნის მოლოდინში ფანჯარაში იყურება. შენობის სახურავზე განთავსებული ანტენები ეშმაკის რქებივით გაშვერილა, თითქოს თვითონ მიმალულან, რქებს კი ვერაფერი მოუხერხესო. ძალიან თუ დაუგვიანეს, კეკლუც თანამშრომელს დაადგება თავზე, თმაში სადაფის სამაგრი რომ უციმციმებს. შეკითხვაზე, რა გნებავთო, ლამის დასჭექოს, ალაზნის ლოქო და ციკანი, რა მენდომებაო, მაგრამ ხელს წიგნისკენ იშვერს, როგორც იქნა რომ აღირსეს და გადაფურცვლით ისეთ შრიალს ატეხს, თითქოს ფოთოლნარში ქარი შეჭრილიყოს. მისთვის საინტერესო თარიღთან ყოვნდება, სიტყვებს მუყაითად ჩაჰკირკიტებს. დიდხანს და ყოყმანით ირჯება, გეგონება, საკვოიაჟში იქექებაო. სათვალის მინებს რუხი ჩვრით აპრიალებს, ტექსტს კი თვალს არ აშორებს. ჰაერში მტვერიც შესამჩნევია. მცირე ნაწილაკები შუშაბანდიდან შემოჭრილ სხივებში თაბაშირისფრად ციმციმებს. ცოტა ხნით შეისვენებს და ირგვლივ მიმოიხედავს. სამკითხველოს გრძელ მაგიდას ჭრიალი გააქვს. ზედ  სქემები აწყვია ფერადი ილუსტრაციებით. დიდრონი შეკვრები სქელ ტომებს მოიცავს. განსახილველი თემა გარდასულ ეპოქას ეხება. იმ პერიოდის დეტალებში გარკვევა სურს, რათა გამონაგონი ნამდვილს დაამსგავსოს, მერე ჯადოსნურ სიტყვებს უხმოს, ქარავანივით განალაგოს, ნააზრევი დააქუცმაცოს და თითოეულ მათგანს საპალნედ აჰკიდოს.

ბიბლიოთეკის დაკეტვამდე იქ დაჰყოფს. გარეთ რომ გამოვა, მდინარის ნაპირს ჩაუყვება. შესაძლოა მონეტასაც დასწვდეს, ლამპიონის შუქზე რომ გაიელვებს. ხურდა ფულს ყოველთვის ალალბედზე სიარულისას პოულობს. რახან ნაყოფიერად იმუშავა, თავს დალევის ნებას რთავს. ამისთვის ნაპოვნი არ ეყოფა და დამატება მოუწევს. მდინარის გასწვრივ დინჯი მოხუცები სეირნობენ ზოზინით. საღამოს ჰაერს ხარბად სუნთქავენ დამჭლევებული ფილტვებით. ჟანგბადით მდიდარ ულუფებს ხველებით ნთქავენ, გაუთავებელი ოხვრა კი ჭრიჭინებს ამსგავსებთ, მომაბეზრებლად რომ კუთავენ გაღმა-გამოღმა, ჭალების მთელ გაყოლებაზე, თითქოს მწერები მდინარის ყურისწამღები ხმაურის გამოჯავრებას ცდილობენო. პოეტი გზას ზლაზვნით განაგრძობს, გეგონება, იმდენხანს უნდა იაროს, სანამ საკუთარ თავს არ გადააწყდება. თან სევდიან მეფეზე ფიქრობს, მთვარის შუქზე მშობლიურ სამეფოს რომ ემშვიდობება.

მერე ამინდი ფუჭდება. ბრჭყვიალა ვარსკვლავები ორბიტიდან წყდება და სივრცეში იჩეხება, თითქოს ხელოსნები გვირგვინის თვლებს ქანჩით აძრობენო. მალე იმდენად ცოტა ვარსკვლავიღა ჭიატებს, გეგონება, სიმდიდრის სკივრში განძით სავსე ტომრების ჩაპირქვავებისას მცირე ნაწილი ძირს დაპნეოდეთ და შლამში ნარჩენებს გაებრწყინოს. ზეცა გახსნილ კარიერს ჰგავს, ზედ ფერფლი რომ დასტრიალებს. ცა პერიოდულობით ნათდება. ელვას გრგვინვა ისე მოსდევს, თითქოს ჯერ ულამაზესი ცოლი აღებდეს ჭიშკარს, შინ შესულმა ვეება ჭაღი სასწრაფოდ რომ ააბრდღვიალოს, უკან კი მძიმე ჩემოდნებით დატვირთული ქმარი ზანტად მოჰყვებოდეს, ბედზე მომჩივანი და ბუზღუნა, მეუღლის გაბრაზებას მეხის დაცემად რომ აღიქვამს. ამიტომაც გაუთავებელ წუწუნსა და  ჩივილს ჯავრის მშვიდობიან გამხელად მიიჩნევს და შუბლზე წურწურით ჩამოსულ ოფლს სანიაღვრე ჭებთან იმშრალებს.

პოეტი მანამ შეასწრებს ლუდხანაში, სადაც ყოველი ჩქამისა და ბგერის დამხშობი მუსიკა ჩაურთავთ, სანამ ცივი წვიმა კოკისპირულში გადაიზრდება. სცენაზე შუქი ითიშება და ელექტრომექანიკოსს სტვენით უხმობენ, ფაზას ისეთი მონდომებით რომ უტრიალებს, თითქოს პოეტი ხვეწსო ფრაზას. სინათლის აღდგენა მთვრალ სახეებს მაშხალასავით გაანათებს. პოეტი, თავისი შეშლილი მზერით, ნაპრალს შეფარებულ კაცს ჰგავს, გადადარებას რომ აღარ უცდის, გეგონება, სამუდამოდ აქ უნდა დასახლდესო. უცებ ზღურბლზე ძველ მეგობარს შენიშნავს, მეტსახელად ლოთს, სავაჭრო დახლთან რომ მუშაობს, სასმელების ბაზრობაზე. დალევას იქ დამაჩვიესო, იმართლებს თავს, მაგრამ სკოლაშიც ლოთს ეძახდნენ. იგი მონდომებით იფერთხავს საწვიმარს და მბრწყინავი წვეთები ციმციმით ცვივა იატაკზე. პოეტს ლუდხანაში მისი გამოჩენა შეეცხადებინა, იგივე იქნებოდა, აეროპორტის თავზე თვითმფრინავის დანახვა გაკჰვირვებოდა.

2.

– გამარჯობა! – ისეთი მოწიწებით მიესალმა ლოთი, თითქოს გენერალს გადაჰყროდეს.

– ლოთობას ვერ შეეშვი? – ჰკითხა პოეტმა. თუმცა ლოთი ნასვამი არ იყო. აშკარად გამოსწორების გზას ადგა. სასმლის შესაღების ოსტატს საკუთარ თავზე ბევრი არაფერი ჰქონდა სათქმელი, პოეტი კი ისედაც არაფერს იტყოდა, თავისი ამბები ლეგენდებს რომ მიანდო, საუკეთესო შემმოსავებს.

– ლოთს ვინც მეძახის, თვითონ ჩემზე მეტსა სვამს! – საყვედურით აღნიშნა ლოთმა.

– იქნებ მეც? – ნიშნისმოგებით მიუგო პოეტმა, ალალი მზერა კამათში გამარჯვებულ მოდავეს რომ მიუგავდა.

– შენ სხვა ცხოვრება გაქვს. განწყობას ჩივილით არ შებღალავ და წარმატებით დატკბები. ჩემი გრძნობები კი დამზაფვრელია, როგორც სიკვდილის სიახლოვეს ჩავლა. სიმშვიდე კარგა ხნის წინ დავკარგე. სადაც არაფერი მესაქმებოდა, ხათრმა მომახვედრა.

– თავს ნუ იმართლებ! ალკოჰოლს ეტანებოდე, ეს ნიშნავს, რომ შეშლილთან თანხმობაში ცხოვრობდე, დღის წესრიგს ის გიდგენდეს. სცადე მაინც, ათასი წამალია გამოგონილი!

– წამალს საკუთარი სიმწარე ვერ დაუძლევია, კაცს რას ახეირებს, თუმცა საქმეზე გადავიდეთ, რაც არ უნდა იყოს, დილიდან გეძებ. კარგია, რომ გნახე!

– რამე მოხდა?

– უბრალო ადამიანებს მოაზროვნეებზე ზრუნვა გვმართებს, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა მოგაგნოთ. ეს კი ლაბირინთში შეღწევის ტოლფასია. ძნელ საქმეს ხართ შეჭიდებულნი. განა ადვილია ექოთა ყურისგდება. სტრიქონთა სიღრმეში ჩაწვდომა ფსკერის მოხილვას ჰგავს, რითმა კი უმთავრეს მიგნებად მიგაჩნიათ. კაპტოპრილის ნაცვლად კარტოფილი ჩაგესმით. ჩემისთანებისთვის სად გცალიათ. რჩევაც რომ შემეძლოს, განა ყურს დამიგდებთ! – ენად გაიკრიფა ლოთი.  

– ვინ გიშლის, მირჩიე!

– რეალობაში ფანტაზიის არევით ასლის ნაცვლად ილუსტრაციას ვიღებთ. წერა გარკვეულ წესრიგს გულისხმობს, მსგავსად სმისა, ღრეობაში რომ არ გადაიზარდოს და სადღეგრძელოები ფუტურო სიტყვებად არ იქცეს. სჯობს არ დაწერო, ვიდრე წაშლა მოგიწიოს, – ლოთმა პოეტი ისე მრავალმნიშვნელოვნად დამოძღვრა, თითქოს ბევრი ეფიქროს, – თუმცა ამის სათქმელად არ მოვსულვარ. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მოგაკითხე!

– ამოღერღე, რა გაწუხებს?

– გვერდში დგომა მჭირდება, მაგრამ ჯერ საჭმელი შევუკვეთოთ. ხომ იცი, სამყაროს მამოძრავებელი ძალა შიმშილის გრძნობაა. მსოფლიო სევდის ფუნდამენტურ მიზეზზე დროული ზრუნვა გვმართებს. დილით სამშენებლო ნაგავს ვაკვირდებოდი. დინგით მიმდგარი ღორი ღორღშიც საკვებს ჩიჩქნიდა. გლახაკები ურნებში ელემენტარულ საკვებს დაეძებდნენ… – მეტი მაგალითის მოყვანა ვეღარ მოასწრო, რადგან მიმტანი დაადგათ თავზე. ლოთმა ჯიქურ მიახალა, რა გაქვთო, თითქოს მენიუს თავისი ნებით თუ არ გაამხელდა, დააფქვევინებდა. ამისთვის ბევრი მეთოდი გააჩნდა. მერე ლუდი და ქაბაბი შეუკვეთა, და კიდევ ერთი ბოთლი არაყი. დახლის თავზე განჯინა დაემაგრებინათ, რომელსაც ხელით ვერ სწვდებოდა და წკირით აღებდა. არყები იქ ელაგა. ერთი ბოთლი ჩამოიღო და სამზარეულოში გავიდა შეკვეთის მოსაგვარებლად.

– მინდა, რომ ჩემი ხელისმომკიდე იყო! – თავისი გულისთქმა მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღმოთქვა ლოთმა, თუმცა კონკრეტულად არავინ უხსენებია. მერე ერთხანს გაჩუმდა და სხვა თემები მიმოიხილა. მშობლებსაც გადასწვდა, მკაცრად გვზრდიდნენ და არა დროის შესაბამისადო.

– იქნებ სწორედ მაგ სიმკაცრემ განაპირობა, იმ წლებს ცოცხალი რომ გადავურჩით?! პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალულნი კალაპოტში გვაქცევდნენ, როცა ნაპირიდან გადავდიოდით. თუ იცინოდნენ, გულითადად და თუ ტიროდნენ, გულამოსკვნით. პედაგოგებზეც იგივე ითქმის. დამქაშებივით დაგვყვებოდნენ, თითქოს ჩვენი დარაზმვით ერთიანი ლაშქრის შექმნა გადაეწყვიტათ. ახლა კი მარტონი დავრჩით ჩვენივე უბადრუკობის ამარა!

ერთხანს ორივენი მოგონებებმა წაიღო. ძველი ამბები გაახსენდათ.

– დღევანდელ დღეს ვშობილვარ! – პათეტიკურად წარმოთქვა ლოთმა – მაგრამ არ აღვნიშნავ. ისეთი ბებერი ვარ, დაბადების დღის სუფრა რომ გავშალო, ტორტზე ძვირი სანთლები დამიჯდება!

– აი, ხომ გაშალე!

– ეს რა სუფრაა, ცოლს რომ მოვიყვან, სუფრას იქ განახებ! – აღუთქვა მტკიცედ.

– ბებერი ვარო, დაგიჩემებია, დაოჯახება კი განგიზრახავს! – გაეღიმა პოეტს.

– მირჩევნია, ბებერს ვგავდე, ვიდრე გოგონებმა ახალგაზრდად აღმიქვან და ცდუნდნენ!

– რამხელა ჰუმანიზმია! – გადაიხარხარა პოეტმა, თითქოს მის საქციელს აღეფრთოვანებინოს.

-ცხოვრება ისედაც ათასგვარ საფიქრალს აღძრავს. რა საჭიროა ზედმეტი ფუფუნება. სიამტკბილობის აყოლა საზრუნავის მატებას გულისხმობს. ყოველი ათვლა ცვლილებით იწყება და ცხოვრებასთან თანხმობას არღვევს. შენ ამას ძნელად შეიმეცნებ, რადგან ბუნებამ იდუმალი ნიჭით დაგაჯილდოვა. ყველა პირობა შეგექმნა გაზულუქებისთვის. თავმდაბლობას რის ვაი-ვაგლახით თუ შეინარჩუნებ. არადა, რაღაც პერიოდი მარტო დარჩენა სჯობს საკუთარ თავში გასარკვევად! – მერე ერთხანს რაღაცის გახსენებას შეეცადა ლოთი, მაგრამ მეხსიერების სიღრმეებში ხელის ფათური მღვრიე ფსკერზე ნივთის ამაო ძებნას ჰგავდა და ხელი ჩაიქნია.

– მაინც რას გულისხმობ?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი წარსულში დარჩა!

– თუ ქალზე ფიქრობ, ასაკს ნუღარ უჩივი! – ურჩია პოეტმა – მაინც ვინ არის, ვიცნობ?

– როგორ არ იცნობ! მარიშა, ჩვენი კლასელი, ყოველთვის მთელი არსებით რომ მიყვარდა. სხვასთან სრულყოფილ ცხოვრებას ვერასდროს შევძლებდი!

– მარიშა ხომ დიდი ხნის წინ გათხოვდა?!

– ჰო, იმდენად დიდი ხნის წინ, რომ უკვე დიდი ხანია დაქვრივდა კიდეც. ხელი მინდა ვთხოვო და თანხმობის შემთხვევაში ჯვარსაც დავიწერთ. ასეთია ჩემი გეგმა, რომელიც მარტომ მოვიფიქრე. რას იტყვი?

– რა გითხრა. იმდენად გენიალური გეგმაა, მაშინვე მივხვდი, მარტომ რომ მოიფიქრე! ყოველ შემთხვევაში შენ გვერდით მიგულე!

სანამ ლოთი პოეტს თავისი სიყვარულის შესახებ უამბობდა, გარეთ სტიქია მძვინვარებდა, თითქოს მის მონათხრობს შესაბამის ფონს უქმნისო. სამყარო აქვე იყო, ფანჯრებს გადაღმა, შემოგარენის პირქუშ კონტურებს დღაბნიდა და ქარიშხლის ხმაური რომ არა, მგლების ყმუილიც გაისმებოდა. ტოტები ღვარცოფს წყევლასავით იგერიებდნენ. ტყვიისფერმა ღრუბლებმა ვარსკვლავები გადაფარა, თითქოს სანთლები ჩააქრესო სულის შებერვით. უკანასკნელი შემოკვრის ხმაც მიილია გაბზარულ სივრცეში და გონგის თეფშივით ბრტყელი მთვარეც გაქრა. დეკორაციები ნისლის დაძენძილმა ფთილებმა დაჩრდილეს. ისედაც არ ჩანდნენ, სიბნელემ კი სულ მთლად დარია ხელი. ლამპიონებით დაწინწკლული გზა ბუნდოვნად კრთოდა, თითქოს მიდამო რუხი შალითით შეფუთესო. მაგრამ ზღუდეთა საიდუმლო გნიასი დიდხანს ვერ გასტანდა. წვიმასთან ერთად დარდსა და საწუხარს მოიოხებდა და ამომავალი მზის ფონზე მოჯაყჯაყე საზიდრებით გაქელილ უდაბნოს მიაშურებდა, მომიჯნავე სილის ბორცვებითა და ყვითელი ნახჭებით წარმოდგენილს. მკაცრ ცხოვრებას ხომ იმისთვის ირჩევენ, თავი მარტოობას რომ მიუძღვნან, სავალი ლამპით გაინათონ, მუქშუშიანი ჩირაღდნით, ზუსტად იმდენ სინათლეს რომ დააფრქვევს, გზა როგორმე რომ გაიკვლიონ და არც მტრის ყურადღებას იქცევდნენ. ქარი ბუმბერაზ ხეებს ატოკებდა, თითქოს კამათში უნდა აიყოლიოსო. ვეება მთები, რისხვის მეწყრით გამომხატველნი, ცხრათავიან დევებსა ჰგავდნენ, ჯეელ ბორცვებს კი თვალსაჩინო მაგალითად მიაჩნდათ, რომელთა მაჯისცემაც ხევებში გაისმოდა, როგორც ლაყბობით დაღლილი ზღვისა ნაპირთან შეხლისას, კლდეები წინ რომ აღსდგომოდნენ, თქვენი ძალაუფლება აქეთ აღარ ვრცელდებაო. ნაფლეთებად ქცეული ქაფი უსასოობას გამოხატავდა, როგორც შუქურას მუქარა მდგომარეობს უმისობაში, რომლის მნიშვნელობას წყვდიადში ხვდებიან, ჩრდილში შეყუჟული საგნების შეხმატკბილების მიზეზი რომ გამხდარა.

ლუდხანიდან როდის-როდის გამოვიდნენ. წვიმას გადაეღო. გუბეები ვარსკვლავებს ირეკლავდა და სპეც. ეფექტებისთვის შექმნილ დეკორაციებს დამსგავსებოდა. კიბესთან გლახაკს გადაეჩეხნენ, მოწყალებას ბრძანების კილოთი რომ ითხოვდა, მაგრამ კლასელებს აღარაფერი დარჩენოდათ და მხოლოდ სიტყვიერად თანაუგრძნეს. ის კი იმდენად ღატაკი გახლდათ, სისასტიკე აღარ ძალუძდა და მხოლოდ ამოოხვრით შემოიფარგლა:

– რა კარგ დროს ვკვდები, ცხოვრება მაინც აღარ ღირს! – ხვნეშით ჩაიქნია ხელი და მათ უტიფრად მიჩნეულ სახეებს საყვედურით გახედა, თქვენღა გელოდით და, როგორც ჩანს, ამაოდო. მეტი არაფერი უთქვამს. ტანჯვა ხომ სამხილებლადაა და გოლიათიც იმიტომ გმინავს, ხეირიანად ტირილიც რომ არ ძალუძს. მათხოვრის უხეშ შესამოსელს გამოხარშვაც არ უშველიდა, მან კი მხოლოდ ჩამოიფერთხა და ნაცრისფერი შენობისკენ გასწია. თუმცა მისმა ნათქვამმა სხვა პერსპექტივებით გულანთებულ ლოთს განწყობა ვერ შეუცვალა. დიადი ბედნიერებისკენ სწრაფვა თურმე უხილავ ბერკეტებს ეფუძნება და სანამ პოეტს დილისთვის შეხვედრის ადგილს დაუთქვამდა, აღტაცებით ჩასჩურჩულა:

– ჩეხეთში წავალთ, თურმე ისეთი ლამაზი ყოფილა, პრაღას პირღიამ უნდა უყურო!

3.

გამთენიის სიცივემ ფოთლები შეათრთოლა. მღვრიე ტბორი ჭავლებად აალიცლიცა. ტალახის ზვინს წუხანდელმა ნაწვიმარმა ერთგვარი ბზინვარება შესძინა. ლოთი პოეტს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და შესჩივლა:.

– ცუდად მეძინა, ხილვებმა არ მომასვენეს!

– რამე გესიზმრა?

– კაციჭამიების ბუნაგი, რომელსაც გვერდით ჩავუარე და ცოცხალი მხოლოდ იმ მიზეზით გადავრჩი, ურჩხულებს ღრმად რომ ჩასძინებოდათ. ადამიანებს ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდათ, კაციჭამიები მუდამ ფხიზლობენო. მათზე მამაცად მიმიჩნიეს, ანდა სულაც მათ მოგზავნილად. როგორ გადარჩიო, მხრებს იჩეჩდნენ. მე ხომ ბუნაგის არსებობა არც კი ვუწყოდი. რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ?

– არაფერს! კოშმარები ძილმა გახარჯა, რეალობა სიამეს მოგფენს! – დაამშვიდა პოეტმა.

ავტოვაგზალზე ბლომად ხალხი ირეოდა. ისინი თავყრილობებით გადაქანცვას ნაჩვევნი იყვნენ და აღტყინებულ ხმებს ყურს არ უგდებდნენ. იმათი კი უკვირდათ, ინფლაციის მიმართ დიდ ინტერესს რომ იჩენდნენ. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან რომ ტრიალებდნენ, ინდუსტრიის მსახურებას კი ისე დაეუძლურებინათ, ღონე სულმთლად გამოსცლოდათ, ტალღა თავის შემადგენელ ნაწილად რომ აღგიქვამს და ნაპირს შეგახეთქებს. სამყაროს უკიდეგანობა მზად არის, გშთანთქას. ამ დროს კი ფულის უბადრუკ ნიშნებს ჩაფრენილხარ, ვითომ გამოსავალი გეპოვოს.

ლოთმა ჯიხურში თაიგული იყიდა და ეჭვით დახედა, ვაითუ გზაში დაჭკნესო. თუმცა ყვავილები შეფერილობით ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. დანიშნულების ადგილს ავტობუსი მალე მიადგებოდა. სოფელი ისე ახლო იყო ქალაქთან, მისი ზოგიერთი უბანიც კი უფრო შორს მდებარეობდა. აქეთ არც ეწვიმა. მტვრიან ორღობეებში საარსებო მოთხოვნების დაძლევით გალეული ადამიანები ტრიალებდნენ. სამოსელიც მკრთალად უბზინავდათ, სიცხეს რომ გაეხუნებინა. ამ ფონზე დაოსებული ჭილყვავებიც უღონოდ ყაშყაშებდნენ. ფოთლები ყვაოდა, ნაყოფი კი მკვახე იყო.  

გზაჯვარედინის მერხზე მათ წინ მიმავალი კაცი ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა. თურმე ერთი ავტობუსით ემგზავრათ, მაგრამ ერთმანეთი არ შეუნიშნავთ.

– ზიბერ! შენ ხარ?! რა ქარმა გადმოგაგდო? – შეიცხადა ლოთმა, თითქოს თვითონ სულ ატალახებული ჰქონოდა იქაურობა.

ზიბერა შეკრთა და მოსულებს შეაჩერდა.

– მაშ, დაბრუნდი? მე კი ქალაქში მგონიხარ! – თქვა პოეტმა.

– ღმერთმა დამიფაროს, ძლივს გავაღწიე აქედან! – ყოყმანით გაასავსავა ხელები ზიბერამ და ისინი ერთად რომ დაინახა, სახეზე გაკვირვება აღებეჭდა, – რა ხდება? რამ შეგყარათ? კლასის შეკრება გვაქვს?

– ვინღა დავრჩით, რომ შევიკრიბოთ? – ხელი ჩაიქნია პოეტმა.

– მართლაც! – დანაღვლიანდა ზიბერა.

– მაინც რა გაგჭირვებია, აქ რომ ჩამომჯდარხარ? – ჩააცივდა ლოთი.

– დიდი ხანია არ ვყოფილვარ! აქეთ ბიძაშვილები ცხოვრობენ, იქით მამიდაშვილები, – მხრები აიჩეჩა ზიბერამ – ვერ გადამიწყვეტია, პირველად ვის მივაკითხო. ხომ იცი, არაფერი იმალება და ჯერ იქ რომ მივიდე, ამათ ეწყინებათ, აქ კი, იმათ!

– ნეტა შენ, მოგცლია! – ყველა შეშლილი ერთად რამ შეგვყარაო ამ სოფელში, დანაღვლიანდა ლოთი. უბანში, სადაც ისინი იზრდებოდნენ, მომჭირნეობა ჩვევად ჰქონდათ. თუ ვინმეს რაიმე ზედმეტი გააჩნდა, მხოლოდ დანაზოგის ხარჯზე. მაღაზიის დახლებზე თითო-ოროლა დასახელების პროდუქტი თუ ელაგა, ისიც ორიოდე. ვიწრო ეზოები ღობის ნაცვლად ხეშეშ ხეებს გაემიჯნათ დალეწილი ვარჯებითა და ტოტებით. წარსულს ისე ჩაეარა, როგორც მძვინვარე ქარიშხალს, აწმყო კი წყნარ დაისს დამგვანებოდა. ფერები ერთმანეთს ერწყმოდნენ და მათ იდუმალ ერთობას ფოთლების შრიალი ახმოვანებდა. აქა-იქ გვირილა გაიელვებდა თეთრად, თითქოს ქაფი მოაფრქვიესო.

მერე მათ გზა განაგრძეს და როცა ჩაფიქრებული ზიბერა თვალს მიეფარა, მარიშას ეზოც გამოჩნდა. ოჯახის სტუმართმოყვარეობა ბაღის ხეებიდან იწყებოდა, ტოტებით ღობეს რომ გადაჰყრდნობოდნენ და ნაყოფის უმეტესობა გზაზე ცვიოდა. მხოლოდ ერთი ხე იდგა განმარტოებით, გაშავებული მერქნით გახმობა რომ დაეწყო, ლოგინად ჩავარდნილი სნეულივით გამოიყურებოდა, ფრინველთა გალობასაც მოღუშული რომ უსმენს და ყვავების ჩხავილად აღიქვამს. ეზოს სიმყუდროვეს სხვადასხვა ზომის ძელით შეკოწიწებული ღობე ქმნიდა, თითქოს სიმარტოვე მოესაზღვრათ. რძისფრად შეღებილი მესრები ძვლებს ჰგავდა, ხოლო ფანჯრები შეშუპებულ თვალებს, ცრემლი დიდი ხნის წინ რომ შეშრობოდა. ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში უცნობი ქალი ნებივრობდა, ზეაპყრობილი თვალებით ტოტებს შესჩერებოდა და ზოგან შემჭკნარი ფოთლების ხილვას დაემწუხრებინა. სტუმრების დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა და დოინჯშემორტყმული ჩადგა ზღურბლთან. ზოგადად, პარმაღები სევდიან ხალხს ეკუთვნის, მაგრამ იგი წინკართან ისე მრისხანედ აიტუზა, თითქოს მათ შემოსაშვებად საშვი უნდა დაეშვათ, როგორც საპასუხისმგებლო დაწესებულებებშია მიღებული. მოსულები ერთხანს დუმდნენ, მაგრამ ორღობეში ყურყუტი მოჰბეზრდათ და სიჩუმე დაარღვიეს:

– თქვენ სტუმრად ხართ?

– მე აქ ვცხოვრობ!

– სახლი მარიშამ მოგყიდათ?

– ბანკმა, რომელშიც მარიშას ვალი დაედო და ჩამოართვეს! – გაუმხილა ქალმა, რახან დაასკვნა, რომ არაფერს ედავებოდნენ.

– თვითონ მარიშა სადღაა?

– ქალაქში გადავიდა ქირით მოხუცებულ დედასთან ერთად. მეცამეტე ქარხნის კერძო დასახლებასთან, ქოხმახებში!

– ზუსტ მისამართს ვერ გვეტყვით?

– ერთხელ კი ვარ ნამყოფი საბუთების თაობაზე. მახსოვს, ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედით, ნაცრისფერ ბანერებთან. ავტობუსის ნომერი აღარ მახსოვს. რაღაც დაფხავებული ტრანსპორტი იყო, ძველი ეპოქის ნაშთი, უკომფორტო!

– კომფორტული ტრანსპორტი ისაა, რომელსაც სახლთან მივყავართ! – შთაგონებით თქვა პოეტმა.

ლოთმა ქალს ყვავილები შეაჩეჩა, თითქოს მისთვის ეყიდა. რომ გაბრუნდნენ, გზაჯვარედინზე ზიბერა აღარ დახვდათ. ეტყობა, რაღაც გადაწყვეტილება მაინც მიეღო. უკან იგივე ავტობუსს გამოჰყვნენ, გზაში კი ხმა არ გაუღიათ. მხოლოდ ერთხელ მიმართა პოეტმა, როგორ ფიქრობ, ზიბერა ჯერ ვის მიადგებოდაო.

– რა ვიცი, ჯანდაბას მაგისი თავი! – უპასუხა ლოთმა, უხასიათობა აშკარად რომ დასჩემებოდა.

შუადღისას უკვე მეცამეტე ქარხანასთან იდგნენ და მარიშას სახლს კითხვა-კითხვით ეძებდნენ. ზედ მოედანზე მდებარე  მოპირკეთებული შენობა ისე ნატიფად გამოიყურებოდა, გეგონება ოდესღაც ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ დიდოსტატთა გუნდს, მოწინავე არქიტექტორთა თანხლებით, გეზი ეცვალათ და აქეთ შემოევლოთ. ყოველივე მთლიანობაში კოშმარულ დასახლებას ჰგავდა, განლაგებას ინჩიბინჩს რომ ვერ გაუგებდი. პირქუშად აღმართული რუხი კორპუსები ხეობას ქმნიდნენ. მცხოვრებნიც ხეობელებს ჰგავდნენ, ღამ-ღამობით ჭოტების ჭარტალს რომ უგდებდნენ ყურს, როგორც უსიერი ტყის თანმდევ ხმებს. კერძო სახლები კორპუსთა ჩრდილში მოყუჩებულიყვნენ. კედლები ალიზისა რომ ჰქონდა, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდებოდა. სანახებზე ეტყობოდა, აქაურები ჭვავით რომ იკვებებოდნენ. სამეურნეო აღჭურვილობაც ხისა ექნებოდათ. თავიანთ ხვედრს ოხვრით გამოხატავდნენ და წილად კაპიკებით გამოკვება რგებოდათ. სადღესასწაულო კერძად წიწიბურას მიიჩნევდნენ, გეგონება საზეიმო ტორტი ყოფილიყოს. ასეთ დღეებში თავს უფლებას აძლევდნენ, ქვაბიდან ჩვეულებრივზე მეტი ულუფა გადაეღოთ. აქაურობა სხვებს ეკუთვნოდა. წარსული ნისლებს დაენთქა, მომავალი კი დახშულ წინკარს დამსგავსებოდა. მარიშა თავს უცხოდ იგრძნობდა. მისი ახალი სახლი სასაფლაოს გასწვრივ აღმოჩნდა. იქ ჩავლისას მღვდელი შენიშნეს, ერთ-ერთ საფლავზე საცეცხლურს რომ აკმევდა და გარდაცვლილთა სულებს იხსენიებდა. ძველი დიალექტით წარმოთქმულ ლოცვის სიტყვებს საკმევლის სურნელი დაჰკრავდა. სასულიერო პირი ცეცხლის დარაჯს ჰგავდა, ხოლო, დაუწერელი კანონის თანახმად, ვინც ცეცხლს ყარაულობდა, არ უნდა ჩასძინებოდა. დაქანცული მზერით მიღმიერს ჭვრეტდა, გეგონება, საიქიოს დანახვას ცდილობსო. ლოცვით გარდასულ სულებს ესარჩლებოდა, რადგან მკვდრისთვის ცოცხალიც მკვდარია, ხოლო ცოცხლისთვის მკვდარიც ცოცხალი. მესაფლავენიც გაფაციცებით უსმენდნენ. მცირეოდენი ღვაწლი ხომ მათაც გააჩნდათ. უხეში ხელებით გისოსებს დაჰყრდნობოდნენ, თითქოს საყოველთაო აღდგომის ჟამი დამდგარიყო და დაზაფრულნი წამომხტარიყვნენ საკუთარი საფლავებიდან. აკაციის წვრილ ტოტებში ბეღურების ჟღურტული გაისმოდა, როგორც ქონდრისკაცთა გლოვა გოლიათის დაკრძალვისას. ყრუ ბგერები მინდვრით მოსაზღვრულ სივრცეს ეფინებოდა, გეგონება თვალსაწიერს მგლების ხროვა შესევიაო და უპატრონო ძაღლების ყეფაც დაკარგული მოდგმის უსასოო ყმუილს გამოხატავდა. მტვრიან შარაზე ძროხები ძოვდნენ და ჩრდილს მხოლოდ იმისთვის ეძებდნენ, განგაშის გარეშე რომ ეცოხნათ. ხის სამჭედლო სიმყუდროვეს მოეცვა. ხეების მიღმა კი, ბიაზივით გაპობილი ციდან სინათლე მოჩქეფდა, თითქოს ზეთი იღვრებაო უყაირათოდ.

სახლში მხოლოდ დედამისი დახვდათ. ოთახის სიღრმეში შანდალს მისჯდომოდა, გეგონება სითბოს ეფიცხება, ცივი ძვლები რომ გაითბოსო. აღარც სურვილთა აყოლა შეეძლო, აღარც გამარჯვების ყიჟინით აღტყინება. მიზნისკენ სწრაფვას ქარაშოტივით ჩაევლო, საუბარი ჩურჩულად ჰქცეოდა და თუ ვინმე მოუხმობდა, ისეთი შეგრძნება შეიპყრობდა, თითქოს საყელოზე მოქაჩეს და კუთხეში მიყუჟულს სცენისკენ უბიძგესო. ასეთი თავმდაბლობა ღირსეულ წინაპართა გამოისობით გააჩნდა, ჯიბგირობას მოჯამაგირეობა რომ არჩიეს და საქმეს ჩოჩვა-ჩოჩვით აჯახირებდნენ, ხოლო სიბერის ბაქანზე მდგარმა ზედმიწევნით იცოდა, შემდეგი გაჩერება რომ სიკვდილი იყო. სახეზე ორივე ეცნობოდა, მაგრამ მათი ვინაობა ვერაფრით გაიხსენა. როცა აუხსნეს, მარიშას სანახავად მოსულიყვნენ, დოქით ღვინო გამოიტანა და თეფშები გააწყო. მერე გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა, სტუმრები სკამებზე დასხა და გულითადად სთხოვა, დალოდებოდნენ. მარიშა მალე გამოჩნდებაო, აღუთქვა და საათს დახედა. ლოთმა მეგობარი გარეთ გაიხმო. მიზეზად თქვა, პაპიროსს მოვწევთო, სინამდვილეში არცერთი არ ეწეოდა. აქ მოწიეთო, ნება დართო მარიშას დედამ, მაგრამ იუარეს.

– იქნებ არც ღირდეს მარიშას დალოდება, აბა, რა თავში სახლელად ვჭირდები. ცხოვრება ისედაც გაუთავებელი მითქმა-მოთქმაა. ჭორებს დაუყრიან! – გაენდო მეგობარს.

– შენა რა, დილანდელივით სიზმარს მიყვები? სანამ გზას არ დაადგები, ცხოვრება დაუგეგმავად მიმდინარეობს. მომავალს ხაზგასმით ვინ გეტყვის. გზის გაკვლევა რიფებში მიმდინარეობს, წახნაგებს კი რა გამოლევს. მაგრამ შენი ხომ უნდა სცადო. რახან მოვედით, ბოლომდე ვიყოთ! – აკადემიურად დაარიგა პოეტმა, უმნიშვნელოდ არაფერს რომ არ თვლიდა და არც დაუდევრად გადაწყვეტდა რამეს, საზრუნავებს რომც ემატა.

– ხედავთ, სახლი რას გვიგავს! – ჩიფჩიფით შესჩივლა დედაბერმა შემოსულებს, – თანაც ჩვენი არცაა. ფული რომ გვქონდეს, შევისყიდდით, ძვირს არ აფასებს. ქირას ჩემი პენსიაც ჰყოფნის, მარიშას ხელფასი კი პროდუქტებსა და წამლებში მიგვდის. ეჰ, სოფელი მაინც გვიჯობდა. შეჩვეულნი ვიყავით!

მერე იქიდან წამოსვლის ამბავი უამბო, ქონება ბანკმა აღგვიწერაო.

– ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, მაგრამ ყოველი წვრილმანი აღნუსხეს. მეზობელ კაცს უხმეს მოწმედ, კვირაში ექვსი დღე  გრძელ რელსებს მაზუთით რომ პოხავდა. რისთვის დაიბარეს, ვერც ხვდებოდა. ჩვენ გამოსარჩლებას არც გაიფიქრებდა, თუმცა ცნობისწადილი კი აღსძვროდა. როცა წავიდნენ, სიხარულს ვეღარ მალავდა. მხოლოდ ყალბი შფოთი გამოხატა. ეგონა, ერთად გაგვაქანებდნენ სასამართლოში. იმ შენობაში ადრე ყოფილა ნამყოფი. მარმარილოს კიბეები ცის საფეხურებს ჰგავსო, თქვა. ზედ ვარსკვლავ-გოგონები მოხდენილი მიხვრა-მოხვრით ადი-ჩადიანო. ისეთი თვალწარმტაცნი არიანო, მათ მიერ გამოცხადებულ სასჯელსაც კი, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს, ნეტარ ღიმილს შევაგებებდიო. მოკლედ, ენად გაიკრიფა, მარიშას კი თვალს არ აშორებდა.

ამაზე ლოთმა კოპები შეკრა, თუმცა დედაბრის ყურისგდება განაგრძო.

– ბინა კი დავკარგეთ, მაგრამ ღვთის სიმართლეში ეჭვი არასოდეს შემიტანია. ეშმაკი რაც უფრო ღრმა უფსკრულში ჩაგვიძახებს, მით უფრო ძვირფას მარგალიტს ვიპოვით ღვთისკენ გაწვდილი ხელებით!

როცა გაჩუმდა, ლოთმა იქაურობას მოავლო თვალი. ჭერი მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო. ეტყობა წვიმის დროს ნასვრეტებიდან წყალი ბევრგან ჩამოდიოდა დაბზარული კრამიტების მიზეზით. აბლაბუდებით მოხატული სხვენი ჭადრაკის დაფას ჰგავდა გადახვეტილი ფიგურებით. მისაღები ტლანქად და უგემოვნოდ მოეწყოთ. გასწვრივ რუხი კომოდი იდგა, რომლის სიმძიმეზე ხშირი ხოხიალით გადაჩხაპნილი პარკეტიც მეტყველებდა. გრძელი დერეფანი ეზოს ემიჯნებოდა. გაჭიმულ თოკზე აუკრეფავი სარეცხი გუშინდელ წვიმას გაეჟღინთა. გრძელი ტილოები ტომსიკებივით ეკიდა, თითქოს შიგნით რაღაცები ჩაეწყოთ. ეტყობა დედა-შვილი სიდუხჭირეს იმდენად გაებეჩავებინა, მის დაძლევაზე აღარც ფიქრობდნენ. დილაობით ხილფაფით გადიოდნენ იოლას და ჩაის ნაყენს აყოლებდნენ. ახალგაზრდას ხელი ჩაექნია, მოხუცს კი გულმავიწყობა დასჩემებოდა, რაც გამოყრუებულ სახლში მოსაწყენ ცხოვრებას განეპირობებინა. ხის ძელს მომცრო ნაჭდევები აჩნდა, თითქოს ლეკვებს დაეღრღნათ კბილების ასალესად, მაგრამ ყეფა მხოლოდ მეზობელი ეზოებიდან მოისმოდა. ეზო-კარი სევდას მოეცვა, რომელსაც მარიშას გამოჩენა თუ გაფანტავდა. სამკერვალო ქალაქის მეორე მხარეს ყოფილა. როდის როდის წინკართან ხმაური გაიგონეს და ფეხზე წამოდგნენ. უცებ მარიშა გამოჩნდა, მოულოდნელობისაგან თვალები რომ აენთო და სახეზე სიხარული აღებეჭდა.

– როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა! – გადაეხვია ორივეს.

– ჩვენც გაგვიხარდა! – თქვა პოეტმა და ლოთზე მიუთითა, – ამას განსაკუთრებით!

მაგრამ ლოთი ხმას არ იღებდა, თავი მკაცრად ჩაექინდრა და იატაკს ჩასჩერებოდა.

– ჩვენებიდან არავინ გინახავთ? – მხიარულად განაგრძო მარიშამ.

– ზიბერა ვნახეთ, ნათესავების სანახავად მიიჩქაროდა. გული ამოვარდნას ჰქონდა!

მარიშა კიდევ რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ ლოთმა შეაწყვეტინა.

– მარიშა! ჩვენ აქ საქმეზე მოვედით!

– რა საქმეზე?

– მინდოდა მეთქვა, ძველებურად რომ მიყვარხარ!

გაგონილზე დედაბერმა ყურები ცქვიტა, მარიშამ კი კისკისი მორთო.

– ბავშვობის გრძნობამ აღარ გაგიარა?

– ის, რაც მარადიულია, როგორ გამივლიდა?!

– რა სერიოზული ხარ!

– ამაზე სერიოზული არასდროს ვყოფილვარ!

– არ შეეშვა! – ჩურჩულით წააქეზა სასიდედრომ, საქმის ასეთ შემობრუნებას რომ არ ელოდა, – დააძალე, თორემ დარჩება ჩემსავით მარტო!

– ეს დედაჩემის ნაქონი ბეჭედია! – თქვა ლოთმა და ჯიბიდან ოქროს რგოლი ამოაძვრინა. ფერზე ეტყობოდა, ბაჯაღლო რომ იყო. ბეჭედი რატომღაც მარიშას დედას მიაწოდა, სასიძოს გულწრფელობაში რომ დარწმუნებულიყო. პოეტმა დრო იხელთა და განზე გადგა:

– მოილაპარაკეთ! მითუმეტეს, რომ ამ კაცს ლოთის მხოლოდ სახელი დარჩა, თორემ თვითონ სიფხიზლის ნიმუშია, მე კი მანამ მღვდელს ვნახავ. აქეთობას რომ მოვდიოდით, იქ შევნიშნე, – ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა, – გულითადი ვინმე ჩანს!

მოხუცმა ბეჭედი მარიშას გადასცა და თავშალი შეისწორა, მღვდელთან მეც წამოვალო. პარმაღთანაც არ იყვნენ მისულნი, ლოთმა რომ გასძახა, დაგვიცადეთ, ჩვენც მოგყვებითო. ეტყობა მარიშა დათანხმდა, რახან დედამისის თვალებში სიხარულის ცეცხლი გიზგიზებდა, თორემ ამ ასაკში რაიმე ცვლილების შეტანა ცხოვრებაში მორიგი დაღლილობის მიზეზად მიაჩნდა. ისინი ჟრიამულით მიადგნენ სასაფლაოს, რომლის შუაგულშიც ტაძარი იყო აღმართული. მხოლოდ პოეტი გადახედავდა ხოლმე წარწერებიან დაფებს და გარდასულ ცხოვრებათა ეპიზოდების წარმოსახვას ცდილობდა. როცა მღვდლის წინაშე წარდგნენ და მოსვლის მიზეზი აუხსნეს, მან გულითადად დალოცა.

– ქანცი გამწყვიტა პანაშვიდების გადახდამ, ქორწილს ვნატრობდი და აგერ, თქვენც გამოჩნდით!

სარკმლიდან ჩიტების ჭიკჭიკი გაისმა.

– ზეიმი ბუნებრივი მდგომარეობაა! – აღტაცებით აღნიშნა მღვდელმა, მერე კი პოეტს მიმართა, -ხელისმომკიდე ალბათ შენ ხარ!

თანხმობის შემდეგ მესანთლეს გასძახა, გულმოდგინედ რომ ზელავდა ცვილს, პატარძალს შენ დაუდექიო მეჯვარედ. მერე ერთი სანთელი დაგრიხა და ლოთს ბეჭდის ნაცვლად მიაწოდა.

– სანამ ნამდვილს შეიძენდე! – ჩასჩურჩულა მან.

– რას იტყვი? როგორი წყვილია? – პოეტი მოწონების ნიშნად გამოელაპარაკა მარიშას დედას.

– თვალებს არ ვუჯერებ, – უპასუხა მან – ეს რა ბედნიერი დღე გამითენდა!

როცა ჯვრისწერის რიტუალი დასრულდა, მღვდელმა იქადაგა, მორწმუნეობა იმას ნიშნავს, ცხოვრება გმირობად აქციოო. მერე დაიშალნენ. ქალები შინ წავიდნენ სუფრის გასაწყობად, კაცებმა კი მარკეტისკენ გაემართნენ. იქიდან ცელოფნის სავსე პარკები გამოიტანეს. მთელი ხარჯი ლოთს გაეღო.

– ჯეროვნად მომზადებულხარ! – შეაქო პოეტმა.

– ამისთვის ვაგროვებდი! – თვალი ჩაუკრა ლოთმა, – ფულს ჯიბე უყვარს, ჯიბეს კი ხელის გაკვრა!

იმ დღეს მართლაც ისეთი მდიდრული სუფრა გაიშალა, მთელი ცხოვრება რომ ემახსოვრებოდათ…

4.

ამ ამბებიდან კარგა ხნის შემდეგ, პოეტი ბიბლიოთეკიდან რომ გამოდიოდა, სადაც ისტორიული დეტალის დასაზუსტებლად იყო მისული, ქუჩაში ლოთს გადაეყარა.

– აბა, როგორ მოეწყეთ? – ჰკითხა მან.

– რა გვიშავს! იქ ვარჩიეთ ცხოვრება. ჩემი ბინა გავყიდე და იმ ფულით ის ქოხი გამოვისყიდე. ქირას აღარ ვიხდით და ფული გვეზოგება. პრაღაში მინდა ვიმოგზაუროთ. მეცამეტე ქარხნის ერთ-ერთ საამქროში სამკერვალო გახსნეს, სადაც მარიშა გადმოვიდა სამუშაოდ. მეც იქ მოვეწყე დარაჯად, სასმელების ბაზარს კი შევეშვი. ოთხ დღეში ერთხელ მიწევს მორიგეობა. ქვეყნის დრო მრჩება. ჰოდა ნაკვეთში ვსაქმიანობ. ნარგავებს ვრწყავ, მეურნეობა მინდა ავაღორძინო. ახლაც შაბიამნის საყიდლად ჩამოვედი, შესაწამლად მჭირდება.

– მოკლედ, ბედს არ უჩივი!

– პირიქით, ტორტის საუკეთესო ნაჭერი ამ სიბერეში შემხვდა!

– მოხარული ვარ შენ გამო, ძმობილო!

– შემოგვიარე, როცა შეძლებ!

– რაღაცას ვწერ. როცა მოვრჩები, შემოგივლით!

– ხელისმომკიდეც ასეთი უნდა, – დაიჩივლა ლოთმა – კალამს ვერ გააშვებინებ ხელიდან. ისე იქნებ ჩვენი ამბავიც გამოგადგეს სიუჟეტად!

– არა მგონია, სხვა თემას ვუტრიალებ!

ერთმანეთს რომ დაემშვიდობნენ, პოეტმა გაიფიქრა, ადამიანმა თავის ადგილს თუ ვერ მიაგნო, დედამიწა გალიად ექცევაო. მორჩა ბავშვობის ოქროს ხანა, ბრჭყვიალა ნამცეციც კი მზესავით რომ ახარებდათ. თუმცა ლოთმა მაინც შეძლო ძვირფასი ანარეკლის შენარჩუნება, ხოლო პოეტის შეგრძნებები გაჩეხილ ტყეს დაემსგავსა. რაღაც დიადის ძიებაში დაკარგა ის, რაც ეკუთვნოდა. სჯეროდა, თუკი მიწა სურდა, ზეცაში უნდა ეომა, ხოლო თუკი ზეცა – მიწაზე. მან ჯერ ზემოთ აიხედა, თითქოს თვალწინ კაბადონი განეხვნაო, მერე კი ასფალტს დააშტერდა, გეგონება ქვესკნელის ხმები გაეგონოს. მან ზედმიწევნით იცოდა, რომ  შინ მიბრუნებული სარკმელს გამოხურავდა სიმყუდროვის შესაქმნელად და ლამპასთან მოკალათდებოდა. ერთს კი გაიფიქრებდა, ღობე-ყორეს ვედებიო, მაგრამ სიმხნევეს მოიკრებდა და სათვალეს შეისწორებდა. ის ხომ კალამთან რჩებოდა და მეფეების ცხოვრებაზე წერდა პოემებს.

© არილი

Facebook Comments Box