ენდი უორჰოლი – სახელგანთქმულობა

warhol4

ნაწყვეტი წიგნიდან „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“

ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა

: იმ ხალხს რა უნდოდა?

: ჩემი ჩაწერა. ამას ისე იზამენ, თითქოს ვმღეროდე და არა ვლაპარაკობდე.

: შენიდეილი ნიუსისრეკლამა მაგრად  მომწონს. ერთი თხუთმეტჯერ მინახავს.

 

ერთი კომპანია ახლახან ჩემი აურის ყიდვით დაინტერესდა. ჩემი ნამუშევრები არ უნდოდათ. იმეორებდნენ, შენი აურა გვინდაო. ვერაფრით მივხვდი, მაინც რა სურდათ. მაგრამ დიდი ფულის გადახდას კი აპირებდნენ ამაში. ამიტომ ვიფიქრე, თუ ვინმე ამდენის გადახდას აპირებს, ისიც უნდა გავარკვიო, რაში-მეთქი. მგონი აურა არის ის, რასაც სხვები ხედავენ. ეგ რაღაც მხოლოდ სხვას შეუძლია აღიქვას. თან მხოლოდ იმ ხალხის აურას თუ შეამჩნევ, რომლებსაც კარგად არ იცნობ ან საერთოდ არა.

იმ დღეს ჩემი ოფისის თანამშრომლებთან ერთად ვსადილობდი. ესენი, ჩემი ოფისის ხალხი, ნაგავივით მექცევა, იმიტომ რომ მიცნობენ და ყოველდღე მხედავენ. იქ კი ვიღაცას თან ჩემთვის უცნობი მეგობარი მოეყვანა და მაგ ყმაწვილს ვერც კი დაეჯერებინა, ჩემთან ერთად რომ სადილობდა. სხვები მე მხედავდნენ, ის კი -მხოლოდ ჩემს აურას.

ქუჩაში რომ უცხო ვინმეს დაინახავ, იმის აურას შეამჩნევ. მაგრამ გააღებს თუ არა პირს, ეგ აურაც გაქრება. როგორც ჩანს, აურას პირის გაღებამდე ინარჩუნებ.

ყველაზე სახელგანთქმულები ის ადამიანები არიან, რომელთა სახელებიც მაღაზიებს ჰქვიათ. აი, იმ ხალხის მართლა მშურს. მაგალითად, მარშალ ფილდის.

სახელგანთქმულობა არც ისე მნიშვნელოვანია. მე რომ სახელგანთქმული არ ვყოფილიყავი, ენდი უორჰოლობის გამო არავინ დამახლიდა ტყვიას. შესაძლოა ჯარში დავჭრილიყავი. ან იქნებ მსუქანი მასწავლებელიც კი ვყოფილიყავი, რას გაიგებ, აბა?! მაგრამ სახელგანთქმულობა იმით არის კარგი, რომ ჟურნალებში სულ შენს ნაცნობებზე წერენ, თითოეულ გვერდზე. მომწონს ეგეთების კითხვა. სახელგანთქმულობის მთავარი უპირატესობაც ეგაა. 

რა მაბნევს იცით?! რეალურად ვის ეკუთვნის ახალი ამბები? თავში ყოველთვის მიტრიალებდა ის აზრი, რომ თუ შენი სახელი ახალ ამბებშია მოხსენიებული, მაშინ ამაში უნდა გიხდიდნენ კიდეც. ეს ხომ შენი სიახლეებია, ისინი კი იღებენ და თავიანთ პროდუქტად ასაღებენ. მერე გაყვედრიან კიდეც, გეხმარებიო. მართლებიც არიან, მაგრამ მაინც, სახელგანთქმული ხალხი თავის ცხოვრებისეულ სიახლეებს საიდუმლოდ რომ ინახავდეს, ახალი ამბების რუბრიკაში არაფერი იქნებოდა ახალი. ალბათ, ერთმანეთს უნდა ვუხადოთ. ჯერ ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ ამ ამბავში.

ყველაზე ცუდი, ყველაზე ღვარძლიანი მიმოხილვა, რაც კი ჩემზე წამიკითხავს, ჟურნალ „ტაიმში“ ჩემი დაჭრის შემდეგ გამოქვეყნდა.

თითქმის ყველა ინტერვიუ წინასწარაა მოფიქრებული, როგორც მივხვდი. ჟურნალისტებმა იქამდე იციან, რა უნდათ რომ შენზე დაწერონ და შენ შესახებ რა აზრისა არიან, ვიდრე დაელაპარაკებოდე, ამიტომ შენთან ინტერვიუს აღებისას მხოლოდ სიტყვებსა და ფაქტებს ეძებენ იმ ამბის ზურგის გასამაგრებლად, რისი დაწერაც უკვე განუზრახავთ. ვერასდროს მიხვდები, ვინ როგორ სტატიას დაწერს შენზე. ყველაზე სასიამოვნო და მომღიმარ ჟურნალისტებს შეუძლიათ ყველაზე ღვარძლიანი სტატია შეთითხნონ, ისინი კი, ვისაც გგონია, რომ ეზიზღები, ზოგჯერ ყველაზე მხიარულ, ყველაზე კარგ სტატიას მოგიძღვნიან. ჟურნალისტების შეცნობა უფრო რთულია, ვიდრე პოლიტიკოსებისა.

როცა ვინმე ძალიან ცუდ სტატიას წერს, ყოველთვის ვატარებ ამას, რადგან ვინ დაგიჯერებს, რომ თქვა, ეს სიმართლე არ არისო?

ჩემზე ამბობდნენ, მედიისთვის თავგზის არევას ცდილობსო, რადგან ერთ გაზეთს ერთ ავტობიოგრაფიულ ცნობებს ვაწვდიდი, მეორეს გაზეთს კი – სხვაგვარ ცნობებს. მომწონდა სხვადასხვა ჟურნალისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება, ამით თითქოს თვალყურს ადევნებ სხვებს, იგებ სად ეცნობიან ინფორმაციას. იმით, თუ რა იცოდნენ ჩემ შესახებ, ყოველთვის ვხვდებოდი, ვინ რა ჟურნალ-გაზეთს კითხულობდა. ზოგჯერ ძალიან სასაცილო ინფორმაციას შენ შესახებ წლების შემდეგ გახსენებენ. აი, ვთქვათ, ჟურნალისტი გეუბნება, ერთხელ გითქვამთ, რომ ლეფრაკ სიტი სამყაროში ყველაზე ლამაზი ადგილიაო. ამ დროს ვხვდები, რომ მას ოდესღაც „არქიტექტურული ფორუმისთვის“ მიცემული ჩემი ინტერვიუ წაუკითხავს.

სწორ ადგილას განთავსებულ სწორ ამბავს შეუძლია თვეების, ზოგჯერ კი წლების მანძილზე, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოგაქციოს. 12 წელი სასურსათო მაღაზია „გრისტიდიზის“  გვერდით ვცხოვრობდი და ყოველ დღე შევდიოდი იქ, ვიღებდი რაც მომესურვებოდა – ეგ რიტუალი მისწორდებოდა. ერთხელ „ნიუ-იორკ-პოსტი“ გამოვიდა ყდაზე ჩემი, მონიკა ვან ვურენისა და რუდოლფ ნურიევის ფერადი ფოტოთი.  მერე კი, როცა იმ მაღაზიაში ისევ შევედი, საწყობის თანამშრომელმა ბიჭებმა ყვირილი დაიწყეს – „აი, ისიც, ხომ გეუბნებოდით, ის არის-მეთქი“. მეტჯერ იქ შესვლის სურვილი არ გამჩენია. აი, მას შემდეგ კი, რაც ჩემი ფოტო ჟურნალ „ტაიმში“ დაიბეჭდა, ერთი კვირა ძაღლს პარკში ვერ ვასეირნებდი, რადგან ხალხი ჩემკენ იშვერდა თითებს.

გასულ წლამდე იტალიაში საერთოდ არაფერს წარმოვადგენდი. სავარაუდოდ, გერმანიასა და ინგლისში რამე მაინც სმენიათ ჩემ შესახებ, ამიტომ ამ ქვეყნებში აღარ მივემგზავრები ხოლმე – აი, იტალიაში კი ჩემი სახელის დამარცვლაც არ შეეძლოთ. ბოლოს ჟურნალმა L’Uomo Vogue გაიგო, როგორ იწერება ჩემი სახელი ერთი ჩვენი სუპერსტარისგან, რომელმაც ერთ მათ ფოტოგრაფთან დაიწყო სიარული – ალბათ საწოლში ილაპარაკეს ამაზე – ასეა თუ ისე, მან ამ ჟურნალს ისიც  გააგებინა, როგორ იწერება ჩემი სახელი, ჩემი ფილმებიც ჩამოუთვალა, ნამუშევრების ფოტოებიც მიაწოდა და ახლა უკვე იტალიაშიც იციან ჩემზე. ერთ ძალიან პატარა ქალაქში, ბოისანოშიც კი ვიყავი, რივიერას მარცხენა მხარეს, და ერთხელ აპერიტივს რომ ვსვამდი გაზეთების კიოსკების რიგში, ერთი ყმაწვილი, სტუდენტი ბიჭი, მომიახლოვდა და მითხრა – „ეი, ენდი, ჰოლო  ვუდლონი როგორ გყავს?“ შოკირებული ვიყავი. ინგლისურად ხუთიოდე სიტყვა იცოდა სულ და მათ შორის ოთხი ესენი იყო – ხორცი, ნაგავი, სიცხე და დალესანდრო, მაგრამ ის სათვალავში არცაა ჩასაგდები, რადგან იტალიელია.

ყოველთვის მიზიდავდნენ ტოქშოუების წამყვანები. ერთმა ნაცნობმა მითხრა, შევხედავ თუ არა ჟურნალისტს ტელეეკრანზე, მაშინვე ვხვდები საიდან არის, სად სწავლობდა და რა აღმსარებლობისააო. ამისთვის მხოლოდ ის კმარა, ვნახო რა ტიპის სტუმრები ჰყავს მოწვეული გადაცემაში და რა შეკითხვებს უსვამს მათო. მეც მინდა ყველაფერს ვიგებდე ადამიანებზე ტელეეკრანზე მათთვის ერთი თვალის შევლებით – მინდა ვხვდებოდე, რა აწუხებთ. წარმოიდგინე, აბა, ტოქშოუს რომ უყურებ და მაშინვე ხვდები ასეთ რამეებს – „აი, ამის პრობლემა იმაშია, რომ ლამაზმანობა სურს“, „იმის პრობლემა კი იმაშია, რომ მდიდრები ეზიზღება“, „ამის პრობლემა ისაა, რომ უნდა საბრალო გამოჩნდეს“, „იმის პრობლემა კი ისაა, რომ ინტელიგენტობა მოესურვა”.

და იქნებ ისიც გამერკვია – რატომ არ აქვს არცერთი პრობლემა დინა შორს?

ასევე ისიც გამახარებდა, ტელეეკრანზე ადამიანის თვალების ფერი რომ გამერჩია ერთი შეხედვით, ფერად ტელევიზორზეც კი მიჭირს ეს.

ზოგი ადამიანი სატელევიზიო ჯადოს ფლობს – კამერა გამოირთვება თუ არა, ისინიც გამოირთვებიან,  მაგრამ საკმარისია კამერა ჩაირთოს, მაშინვე ჩაირთვებიან თვითონაც. ვიდრე ეთერი დაიწყებოდეს, ცახცახებენ და ოფლი ასხამთ, ცახცახებენ და ოფლი ასხამთ რეკლამის დროსაც, და ცახცახებენ და ოფლი ასხამთ ეთერის დასრულების შემდეგაც, მაგრამ როცა კამერა მათკენაა მიმართული, მშვიდები და თავდაჯერებულები არიან. კამერა რთავს და თიშავს მათ.

მე არასდროს ვითიშები, რადგან არც არასდროს ვირთვები. უბრალოდ ვზივარ იქ და ვიმეორებ -  „ახლა გული წამივა. ვიცი რომ გული წამივა. ჯერ გული არ წამსვლია? აი ახლა წამივა გული“. პირდაპირი ეთერის დროს, ვერასდროს წარმომიდგენია, რა შეიძლება მკითხონ, ვერც ის წარმომიდგენია, რა შეიძლება წამოვაყრანტალო, მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს თავში – „ნუთუ ეს პირდაპირი ეთერია? მართლა? არა, მაშინ ნამდვილად გული წამივა. აი, ახლა წამივა გული“. აი, ეგაა პირდაპირ ეთერში ჩემი ქვეცნობიერის სტრიმი. ჩანაწერი კი სულ სხვანაირია ხოლმე.

ყოველთვის მეგონა, რომ ტოქშოუების წამყვანები და ტელევიზიის სხვა თანამშრომლები ვერასდროს გაიგებენ, რა არის ეგრე ნერვიულობა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ზოგიერთ მათგანს შესაძლოა აწუხებდეს იმავე სახის პრობლემები – აი, ვთქვათ, ყოველ წუთს შეიძლება ფიქრობდნენ ასე – „აი, ამას გავაფუჭებ, აი, ეს არ გამომივა, აი, ეს დამავიწყდება. ჯერ საზაფხულო სახლი უნდა ვახსენო ისტ ჰემპტონში, მერე პარკ ავენიუ, მერე საუნა“. ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ვიდრე ისინი „ახლა გული წამივას“ თავიანთ ვერსიას იმეორებენ, როგორღაც იმასაც ახერხებენ, თავიანთი სატელევიზიო ჯადოს მეშვეობით, გონებაში სადღაც შენახული ინფორმაცია გაიხსენონ და წარმოთქვან.

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩაირთვება თუ არა კამერა, წარმოდგენას იწყებენ. კამერასთან მუშაობა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ერთხელ ტელევიზორში ვუყურებდი ახალგაზრდა მსახიობს, რომელმაც „ემი“ მიიღო. ავიდა სცენაზე, მერე შემოტრიალდა და თავისი მსახიობური ნიჭით წამოიწყო ლაპარაკი – „მადლობას ვუხდი ჩემს ცოლს, ჩემი ცოლის წყალობით …“ ზეიმობდა რა. იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მაგარია ამ ადამიანისთვის ეგეთი ჯილდოს მიღება, ის მხოლოდ აუდიტორიის წინ ირთვება და, ალბათ, როცა ეს შანსი ეძლევა, თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ ფიქრობს – „ნებისმიერ რამეს შევძლებ, ნებისმიერ რამეს“.

ასე მგონია, ყველას აქვს თავისი დრო და ადგილი, სადაც ისინი ჩაირთვებიან ხოლმე. მე სად ვირთვები?

მე მაშინ ვირთვები, როცა ვითიშები და დასაძინებლად ვწვები. აი, ეგაა ჩემი ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელსაც მუდამ მოველი.

კარგი შემსრულებლები ინფორმაციის კარგი შემნახველები არიან, მათ შეუძლიათ როგორც ემოციების წაბაძვა, ასევე ლაპარაკის მანერისა თუ გარეგნობის. ისინი ამ ინფორმაციის ჩაწერასა და შენახვას ხმისა და გამოსახულების ჩამწერ მოწყობილობებზე უკეთ ახერხებენ. კარგ შემსრულებლებს აქვთ უნარი, დაიმახსოვრონ ყველაფერი და როცა დასჭირდებათ გამოიყენონ. მათ შეუძლიათ შესაბამის სიტუაციაში ბუნებრივად წარმოთქვან საჭირო ფრაზა, რადგან მათ ეს სცენა უკვე სადღაც უნახავთ და გონების რომელიღაც თაროზე შემოუდვიათ შესანახად. ისიც იციან, რა თქვან და ისიც – როგორ.

მე მხოლოდ დილეტანტი ან ცუდი შემსრულებლები მომწონს, რადგან მათში სიყალბე არაა. აი, პროფესიონალი შემსრულებელი კი არასდროს მომეწონება.

ყველა პროფესიონალი შემსრულებელი, რომელიც მე მინახავს, ყოველ შოუზე ყველაფერს ზუსტად იმეორებს. მათ კარგად იციან, როდის და რაზე გაეცინება მაყურებელს. მე კი ის მომწონს, ყველაფერი ყოველ ჯერზე რომ სხვადასხვაგვარადაა. ამიტომ მიყვარს მოყვარული და ცუდი შემსრულებლები – ვერასდროს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რის შემდეგ რას მოიმოქმედებენ.

ჯეკი კურტისი პიესებს წერდა და მეორე ავენიუზე დგამდა, და ყოველ ღამით სპექტაკლი სხვადასხვანაირი გამოდიოდა – განა მხოლოდ ტექსტი იცვლებოდა,  შინაარსიც კი. მხოლოდ სპექტაკლის სათაური რჩებოდა უცვლელი. ორ ადამიანს შოუ სხვადასხვა საღამოს რომ ენახა და ამაზე ელაპარაკა, მიხვდებოდნენ, ამ ორ შოუს საერთო რომ არაფერი ჰქონდა. ეს სპექტაკლები ევოლუციური იყო, რადგან პიესა გამუდმებით იცვლებოდა.

ვიცი რაცაა პროფესიონალების უპირატესობა, ისინი ყველაფერს სწორად ასრულებენ, საჭირო დროს და არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ. მათი შესრულება იმდენად ბუნებრივად გეჩვენება, რომ ის სასაცილო ფრაზა, ახლა რომ წარმოთქვეს, იმპროვიზებული გგონია. მაგრამ მეორე საღამოს ისევ მოდიხარ შოუს სანახავად, ისინი კი ზუსტად იმას იმეორებენ, რაც წინა საღამოს იმპროვიზაცია გეგონა.

მსახიობის შერჩევისას ყოველთვის როლისთვის შეუფერებელ ადამიანს ავირჩევ. არ შემიძლია როლზე სწორად შერჩეული მსახიობი დავამტკიცო. ეგ მეტისმეტი იქნებოდა. გარდა ამისა, არცერთი მსახიობი არ არის ყველა როლისთვის სრულიად შესაფერისი  და თუ იმას ვერ იპოვი, ვინც სრულიად შესაფერისია რამესთვის, ჯობს სრულიად შეუფერებელი ვინმეთი დაკმაყოფილდე. ასე შეიძლება მართლა რამეს გამოჰკრა ხელი.

შეუფერებელი ადამიანები ყოველთვის მისაღებად მიმაჩნდა. და თან, როდესაც როლისთვის შესაფერისი უამრავი ადამიანი გახვევია თავს, რომელიმეს გამორჩევა ძალიან რთულია, ამიტომ ყველაზე მარტივი ცუდი მსახიობის არჩევაა. მე კი ყოველთვის უმარტივეს არჩევანს ვაკეთებ. რადგან ჩემთვის საუკეთესო ნიშნავს უმარტივესს.

ამას წინათ რაღაც ხმის აპარატურისთვის ვაკეთებდი რეკლამას და ვერ ვაიძულე თავი მათ რაც სურდათ, ის გამემეორებინა.

როდესაც ფილმში ელიზაბეტ ტეილორთან ერთად აეროპორტის თანამშრომელი ვითამაშე, დაახლოებით ამდაგვარი რამ უნდა მეთქვა: „მოდი, წავიდეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს“. პირიდან კი მხოლოდ ეს ამომდიოდა – „წამოდით, გოგონებო“. მაგრამ იტალიაში ყველაფრის დუბლირებას მაინც მოგვიანებით ახდენენ, ამიტომ რაც არ უნდა თქვა, საბოლოოდ მაინც იმას გათქმევინებენ, რაც მათ სურდათ.

ერთხელ სონი ლისტონთან ერთად გადამიღეს რეკლამაში. ამას გავიძახდი: „თუ ეგ გაქვს, თავიც მოიწონე“. მომწონდა კიდეც ეგ ფრაზა. მაგრამ მოგვიანებით ჩემი ხმის დუბლირება მოხდა, აი, სონი ლისტონისა კი არა.

ზოგი ამბობს, რომ ჩვენზე შთაბეჭდილებას მხოლოდ ის სახელოვანი ადამიანები ახდენენ, რომლებზეც ბავშვობიდან გვსმენია, ან იქამდე ძალიან დიდი ხნით ადრე, ვიდრე გავიცნობდით. ამბობენ, რომ თუ ვინმეს გაიცნობ, მერე კი გაირკვევა, რომ ის გერმანიაში უმდიდრესი, სახელოვანი ადამიანი ყოფილა, სულ არ გაოცდები, რადგან არასდროს მასზე ფიქრში დრო არ დაგიხარჯავს. აი, მე კი სხვანაირად ვარ, სახელგანთქმულ ადამიანებთან შეხვედრა არაფრად მიმაჩნია, რადგან ყველაზე მარტივია მათი გაცნობა.  ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ჩემზე იმათთან შეხვედრა ახდენს, რომლებსაც მეგონა არასდროს გავიცნობდი – რომლებთან ლაპარაკზეც კი ვერასდროს ვიოცნებებდი. აი, მაგალითად, კეიტ სმიტთან, ლესისთან, პალომა პიკასოს დედასთან, ნიქსონთან, მეიმი ეიზენჰაუერთან, ტაბ ჰანტერთან და ჩარლი ჩაპლინთან.

ბავშვობაში, როდესაც საწოლში ვიწექი და ვხატავდი, რადიოთი სულ ვუსმენდი სიმღერას The Singing Lady. მერე კი 1972 წელს ერთ წვეულებაზე ნიუ-იორკში გამაცნეს ქალი და მითხრეს, ის ასრულებდა  The Singing Lady-სო. გავოგნდი. ვერ დამეჯერებინა, რომ მართლა გავიცანი ის ქალი, რადგან ამაზე არც კი მიოცნებია. უბრალოდ მივიჩნიე, რომ ეს შეუძლებელი იყო. როცა იმას გაიცნობ ვისთან შეხვედრაზეც არასდროს გიოცნებია, ეგაა საოცრება, რადგან მის შესახებ არაფერი წარმოგიდგენია და არც იმედი გიცრუვდება.

ზოგი ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ერთ კონკრეტულ სახელოვან ადამიანზე ფიქრში ატარებს. აირჩევენ ვინმე სახელოვანს და მერე მთელი ცხოვრება ფიქრობენ მასზე, ვისაც არც კი იცნობენ და შესაძლოა, არც კი უნახავთ. თუ რომელიმე სახელოვან ადამიანს ჰკითხავთ, რა სახის წერილებს იღებენ, გაიგებთ, რომ ყოველი მათგანით ვინმე ერთი თაყვანისმცემელი მაინც არის შეპყრობილი და გამუდმებით უგზავნის წერილებს. რა უცნაურია, რომ ვიღაც გამუდმებით შენზე ფიქრობს.

მე ყოველთვის გიჟები მწერენ. მგონი,  გიჟების მისამართების რომელიმე წიგნში ვარ შეყვანილი.

ყოველთვის ვდარდობ გიჟებზე, რადგან მათ შეუძლიათ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ გაიმეორონ თავიანთი ქმედება და ეგონოთ, რომ სრულიად ახალ რამეს აკეთებენ. მე 1968 წელს დამჭრეს, ასე, რომ ეგ 1968 წლის ვერსია იყო. მაგრამ ხშირად მიფიქრია – „იქნებ, 1970 წელს ვინმეს ისევ მოუნდეს ჩემთვის სროლა?“ ეგ თაყვანისმცემლის სხვა ტიპი იქნება.

ადრე თაყვანისმცემლები რომელიმე მსახიობს მთლიანად აღმერთებდნენ.  ამოირჩევდნენ რომელიმე კინოვარსკვლავს და ყველაფერი მოსწონდათ მისი. დღეს თაყვანისცემის სხვადასხვა ეტაპებია. ახლა თაყვანისმცემლებს ვარსკვლავის ნაწილ-ნაწილ გაღმერთებაც შეუძლიათ. დღეს ისინი ერთ სფეროში აღმერთებენ ვინმეს და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას სხვა სფეროში რას აკეთებს. როკვარსკვლავი შესაძლოა ყიდდეს მილიონობით ჩანაწერს, მაგრამ თუ ცუდ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს.

ახლა უკვე სხვებიც ხდებიან ვარსკვლავები, აი, თუნდაც სპორტსმენები (ზოგჯერ, როდესაც ოლიმპიურ თამაშებს ვუყურებ, ვფიქრობ – რა იქნებოდა, მიზანი რეკორდის არდამყარება რომ ყოფილიყო? გაირბენდა ვინმე 2.2-ით, სხვა ვინმე 2.1-ით, მომდევნო 2.0-ით, 1.9-ით და ა.შ. ვიდრე 0.0-ს არ მიაღწევდნენ. და როდემდე გასტანდა ასე? ან მერე რაღას იზამდნენ?).

დღეს თუ ვარსკვლავი ხარ, თუ გინდა ყალთაბანდიც იყავი. შეგიძლია წერო წიგნები, გამოხვიდე ტელევიზიით, მისცე ინტერვიუები – სახელოვანი თუ გახდები, არავის დააინტერესებს ყალთაბანდობ თუ არა, რადგან უბრალო ადამიანებს ყველაზე მეტად ვარსკვლავები სურთ.

დიდ ფულზე მუშაობამ შეიძლება თვითშეფასება დაგიმდაბლოს. როდესაც ჟურნალებისთვის ფეხსაცმელებს ვხატავდი, თითოეულ ფეხსაცმელში გარკვეული ოდენობის თანხას მიხდიდნენ, ამიტომ გადავითვლდი ხოლმე ამ ფეხსაცმელებს იმის გასაგებად, რამხელა ანაზღაურება გამოვიმუშავე. ფეხსაცმლის ნახატების რაოდენობით ვირჩენდი თავს – როცა მათ ვითვლიდი, ვიცოდი რამდენი ფული მქონდა.

მოდელები ძალიან უხეშები არიან, რადგან მათ საათობრივად უხდიან. რვასაათიანი სამუშაო დღის მერე სახლში რომ ბრუნდებიან, ჰგონიათ, ისევ უნდა უხდიდეთ ვინმე. კინოვარსკვლავები მილიონობით დოლარს სრულიად არაფერში იღებენ, მერე კი, თუ ვინმე სთხოვთ, რამე არაფრის სანაცვლოდ გააკეთონ, გიჟდებიან. დარწმუნებული არიან, რომ ვინმეს თუ გამოელაპარაკებიან სასურსათო მაღაზიაში, საათში 50 დოლარი უნდა აიღონ.

ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რა არის შენი პროდუქტი და თავი არ უნდა მიგაჩნდეს პროდუქტად. მსახიობმა მის მიერ შესრულებული როლები უნდა გადაითვალოს, მოდელმა – თავისი ფოტოები, მწერალმა – სიტყვები, მხატვარმა – ნახატები, რომ ყოველთვის იცოდნენ, რა ღირს მათი პროდუქტი და იმაზე ფიქრს არ გადაჰყვნენ, რომ თავად არიან პროდუქტი, და არც თავიანთი სახელგანთქმულობა ან აურა გადააყოლონ ამას.

© “არილი