პროზა

ირაკლი სამსონაძე – ტრულაილა და აპრილის ქარები

samsonadze 11

ნაწყვეტი რომანიდან

მოსაღამოვებულისაკენ რესტორნის მხარბეჭიანმა, ღიპწამოგდებულმა ადმინისტრატორმა მერაბ კა…ვამ თავისი თეთრი ჟიგული, სახელმწიფო ნომრით ГРУ55-55, იმ კაბინეტთან გააჩერა, სადაც ტრულაილა და მისი მეგობრები ისხდნენ.

ოთახიდან მოგუდულად აღწევდა ხმა, გოგონას შავ თვალებს უმღეროდნენ.

მერაბ კა…ვამ საქარე მინის სარკეში მოძებნა უკანა საბარგულზე მჯდომი ხანდაზმული ქალის თვალები.

– კარს მე გავაღებ, ქარია, – თქვა ადმინისტრატორმა.

ქალბატონმა სარკეში გაუსწორა მზერა მერაბ კა…ვას და რომელიღაც სიშორიდან, რომელიღაც გამტკბარი გარინდებიდან სასიამოვნო ხმით წაუმღერასავით:

– “ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის”…

– ბატონო? – იკითხა ადმინისტრატორმა.

– არაფერი, არაფერი, ჩემთვის, ისე – იყო პასუხი.

ასაკთან შედარებით ეს ტანმორჩილი ქალი უფრო ახალგაზრდულად, ამავე დროს მოვლილად გამოიყურებოდა: მხრებამდე ცემული თმა შინდისფრად შეეღება; ოდნავ, სულ ოდნავ გადაესვა ღია შინდისფერი პომადა ტუჩებზე, ოდნავ, სულ ოდნავ დაეგრძელებინა თვალის ჭრილი ტუშით, შემჭკნარ ღაწვებზეც ოდნავ შეეფრქვია ფერუმარილი; შავი, თეთრკანტიანი შლაპა ეხურა, შავ კაბას ყელთან და სახელოებთან თეთრი, ნაქარგი ქუბა უმშვენებდა, თეთრი პორტმონე და შავი მარაო შემოეწყო კალთაზე, თეატრისთვის გამზადებული მანდილოსნის იერი ჰქონდა.

ადმინისტრატორმა საკეტი გამოსწია, შესაშური სიჩქარით გადაზიდა მუცელი, რამაც ქარშეხლილ მანქანაში მეტი ტორტმანი გამოიწვია, წარმოიზნიქა, წამოდგა და ელვისისუწრაფესად მოიჯახუნა კარი; ქალბატონის კარს მიეხალა შემდეგ, გააღო, სახელურს ჩაეჭიდა, თავისუფალი ხელი შესთავაზა. ქალმა მარაო და პორტმონე ამოიიღლიავა, მამაკაცის გამოწვდილ მარჯვენას დაეყრდნო, მეორე ხელით შლაპა დაიმაგრა თავზე და მანქანიდან გადაბარგდა.

იქვე იყვნენ, სულ ორ ნაბიჯზე კაბინეტიდან. როდესაც ოთახში შეაღწიეს, სუფრის წევრები ჯერ კიდევ მღეროდნენ. შექეიფიანებული, ღვინისგან წამონთებული მათი საახეები ნაკლებად თუ აფიქრებინებდა ვინმეს, ამ თავყრილობის მიზეზი ქელეხი რომ იყო.

– ოო, ლამარიე! ლამარიე, შე ძველო! – წამოიშალნენ მამაკაცები, ქალი გადაკოცნეს, მხატვარი გერა ნი…ძე ხელზე ემთხვია მას, ხოლო წარბამ, იმ წარბამ, რომელიც ასეთი გაცეცხლებით შეხვდა ლამარიეს მოპატიჟებას, თავაზიანად ჩამოართვა ქალს თეთრკანტიანი შლაპა და მხატვარი გერა ნი…ძის ბერეტის გვერდით მოათავსა, საკიდზე; ასეა, ღვინოს თუ მიეძალე, იმასაც უნდა შეეგუო, რომ თავის ჭკუაზე გატარებს. ისმოდა შეძახილები: “დედა, დედა, რაფერ გაწიწკვებულა”, “შეხედე, გათხოვებას აპირებს მგონი”, – და ასე შემდეგ და მისთანანი, ლამარიე კი ხან ერთს ახედავდა, ხან – მეორეს და გრძნობააშლილი ხმით იმეორებდა: – ბიჭებო, ბიჭებო…

ბოლოს და ბოლოს დალაგდნენ, სუფრას შემოუსხდნენ, ლამარიე ტრულაილას პირისპირ, მაგიდის მეორე თავში დაბრძანდა, პორტმონე შეხსნა, ჯიბის სარკე ამოიღო, ლოყები შეისრუტა, შესაბამისად, ტუჩებიც წამოპრუწა და ასე შეითვალიერა პირსახე.

ადმინისტრატორი ტრულაილას მიუახლოვდა, კრძალვით შეეხო მხარზე, მიმართა:

– ბატონო დიმიტრი, გავალ მე, საქმეს მივხედავ.

– ჩამოჯექი, გადასარევი ღვინოა, – შეიპატიჟა ტრულაილამ.

– რიონის პირას ახალი რესტორნის გახსნას ვაპირებთ, კაცი მყავს დაბარებული, დავილაპარაკებ იმასთან და მერე… – თქვა ადმინისტრატორმა და კარისკენ გაემართა.

– დიდი მადლობა გარჯისათვის, შემოგვხედე, საქმეს რომ მოილევ, – დაადევნა ტრულაილამ.

მერაბ კა…ვა ოთახიდან გასვლას აპირებდა, ლამარიეს ხმა რომ გაისმა:

– “ალუბლები ისევ ჰქრიან –

სევდიანნი სიონი,

და სახელად რიონს ჰქვიან

ისევ იგი რიონი”.

– ბატონო? – ქალისკენ იბრუნა პირი მერაბ კა…ვამ.

ლამარიე ვარცხნილობას ათვალიერებდა ახლა, მაგრამ, რატომღაც, მაინც ისრუტავდა ლოყებს. ადმინისტრატორის მზერა იგრძნო, თვალი არიდა სარკეს.

– მე მითხარით რამე? – ჰკითხა მერაბ კა…ვას.

– არაფერი, არაფერი, კარგად გნახეთ, გაამოთ, – დაიბარა ადმინისტრატორმა და ოთახიდან გავიდა.

ქალმა მხრები აიჩეჩა, სარკეს მიუბრუნდა, იკითხა თანაც:

– რას ვზეიმობთ?

– ზეიმის რა მოგახსენო, – მძიმედ წამოიწყო ტრულაილამ, – ქელეხია, უნდა გვითამადო.

სარკე პორტმონეს დაუბრუნდა, ლამარიე ტრულაილას მიაცქერდა:

– ვისი ქელეხია? – იკითხა მან.

– ჩემი საოხრის, – თქვა როყიოდ ბაგეგახსნილმა ტრულაილამ.

ხელი თითქოსდა თავისდაუნებურად, განკერძოებულად დაიძრა მარაოსკენ, ქალმა რამდენჯერმე შეაქან-შემოაქანა გაშლილი მარაო, ჰაერი მოისულდგმულა, შემდეგ დაკეცა, მაგიდაზე დადო და ისევ იკითხა:

– ჰა?

– ჰო, არ მოგესმა, შენგანაა დაგზაკვალიანებული, ბოლოგზაზეც შენ უნდა გაააცილო, – თქვა ტრულაილამ.

ლამარიემ სუფრის წევრები შეათვალიერა. უღიმოდნენ.

– მე რომ თეატრში ვაპირებდი წასვლას? – უთხრა ლამარიემ ვიღაცას ამათგან – არცერთს, ოთახის რომელიღაც წერტილი ამოეჩემებინა, იმას მიმართავდა.

– რომელ თეატრში? – დაინტერესდა მხატვარი გერა ნი…ძე.

– ლადო მესხიშვილის სახელობის, – თქვა ლამარიემ; ისევ იქ იყო, იმ უხილავთან საუბრობდა.

– აფიშას მოვკარი თვალი, პრემიერაა, მგონი, – თქვა მხატვარმა.

– კი, – თქვა ქალმა, – “ალუბლის ბაღი”, ჩეხოვის, ბიჭები არ მინახავს-მეთქი რახანია და წამოვედი, აქ ქელეხი ყოფილა თურმე.

– აბა, აბა, – თავი გადააქნია ბიჭოიამ, – შავ დღეში ვართ, – თქვა და გაიღიმა.

რაღაც ისეთს ელოდნენ ლამარიესგან, რაც ღვინით გაბრუებულ ატმოსფეროს ორთქმავალივით დაძრავდა, აქცევდა ოხუნჯობად, სიცილად, მხრებისა და მუცლის თუხთუხად აწყვეტილ ხარხარში; იმ ხარისხის რეაქციას ელოდნენ და უსიტყვოდ თხოულობდნენ კიდეც, რაც უძრაობას ამოძრავებდა და უდარდელობის რამდენიმე საათს წაიყოლიებდა ერთიმეორეზე ჩაბმული ვაგონებივით. ქალმა იგრძნო ეს მოლოდინი; გაბრუებული მზერა ერთხელაც შეახო მათ გამაძღარ ღიმილს და თავი ჩახარა. ცოტა ხანს გაირინდა ასე – ეულად თავჩარგული, მერე ნელა, ძალიან ნელა ამომართა სისხლმოწოლილი, მოცრემლილი თვალები; მარცხენა თვალის კუთხე ოდნავ, სულ ოდნავ გადღაბნოდა ტუშით და ეს ერთი ბეწო შავი ლაქა გუგებში ჩამდგარ სველ სიწითლეს უფრო საჩინოს, ცხადს, საზარელს ხდიდა.

მამაკაცები გახევდნენ, ღიმილი კი არ შეაცივდათ, შეაშრათ სახეზე.

ლამარიემ ამოჩემებული წერტილი მოძებნა, იმას თუU გაუღიმა, ამათ – არა, მასვე თუ სთხოვა. – არ დამისხამ?

წარბამ ჩამოუსხა.

ქალმა მოზომილად, აუჩქარებლად მოსვა ღვინო, ერთ ყლუპს მეორე მიაყოლა, შემდეგ ბოლომდე ჩაცალა სასმისი და ფიქრში დაკარგულმა, უცხოდ გაფანტულმა თქვა:

– მე რომ ღვინოს არ ვსვამ…

მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს, ტრულაილა ლამარიეს აკვირდებოდა. ნანობდა ახლა, თავისი რომ გაატანა და ეს ქალი მოაყვანინა ადმინისტრატორს, ანკი, რა რჯიდა, რად აიხირა? თუმცა, ასეა ხოლმე, – ზედმეტი მონდომება ხშირად გაკარგვინებს ბუნებრიობას, სილაღედ ჩაფიქრებულს იმ სიცეტედ გიქცევს, ტვირთად რომ დაგაწვება მხრებზე. “კოლორიტი, კოლორიტულობა, მგონი, დავიღალე”, – იფიქრა ტრულაილამ და შელურჯებულ საღამოს გახედა, სადაც ტირიფის შექლიავისფრებული სხეული წრიალებდა.

ლამარიეს ხმამ გამოაბრუნა აქეთ, სუფრისაკენ:

– კეთილი, ჩემო ბატონო, – თქვა მან, – რადგან ასე გადაწყვიტეთ, ვიქნები თამადა.

დამშვიდებული მოეჩვენა ლამარიე, მაგრამ ის ლაქა, ტუშის ის ერთი ბეწო ნადღაბნი ყურადღებას იქცევდა თავისკენ, გაუთვალისწინებელის, არასასიამოვნოს მოლოდინს აჩენდა.

– ასე, შე ქალო, შენ თუ არა, სხვა – ვინ? – შესცინა ბიჭოიამ.

არ გაუხედავს ბიჭოიასაკენ, ტრულაილას მიმართა:

– როდის მიიცვალა? – იკითხა ლამარიემ სეროიოზული, საქმიანი გამომეტყველებით, დაახლოებით ისე, ექიმები რომ კითხულობენ პაციენტის ამბავს, ექიმები – პაციენტისას, ანდა, კრიმინალისტები – ცხედრისას.

– რა მნიშვნელობა აქვს, – უგერგილოდ უპასუხა ტრულაილამ.

– რა იცი, იქნებ არც ისე მკვდარია, – ივარაუდა ლამარიემ; კაცი ვერ გაიგებდა, ხუმრობდა თუ არა, ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ მსჯელობდა ხმამაღლა – ეს იყო და ეს.

– ეჰ, – ამოთქვა ტრულაილამ.

– ხომ გითხარი, შავ დღეში ვართ-თქვა, – გაიკრიჭა ბიჭოია.

– არ დაიდარდო, – ჩაილაპარაკა ლამარიემ თავისთვის, განმარტოებულად.

–    ამნაირად უსამძიმრებენ ახლა? – იკითხა წარბამ.

ქალმა წარბას ამოხედა:

– არა, – თქვა მან, – ფილმია ასეთი, იქაც მომაკდავი კაცის ქელეხია, მაგრამ იქ კაცზეა ლაპარაკი, ადამიანზე; ამ მოცემულ ვითარებაში სხვა სურათს ვაწყდებით, რაც სიმპტომატურიცაა და ბევრზე და ბევრზე ღაღადებს.

– ღაღადებსო? დედა, რა სიტყვაა! რაზე ღაღადებს, გამაგებიეთ, რაზე? – სახე გაებადრა ბიჭოიას.

ლამარიეს არც ამჯერად მიუქცევია მისთვის ყურადღება, გაიხედა იქით,M სადღაც, ამათ მიღმა და თქვა. – არ დამისხამ?

მხატვარმა გერა ნი…ძემ შეუვსო ჭიქა.

– სად გასწავლეს ასეთი ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი, საინტერესოა ძალიან, – თქვა პარტიულმა ფუნქციონერმა, თონის პური გამოციცქნა, ცერა და შუა თითებით შესორსლა ნერვიულად.

– კულტსაგანმანათლებლო დავამთავრე დაუსწრებლად, თბილისში, – მიმართა ლამარიემ ამოჩემებულ წერტილს, კიაზო ბა…იას – არა.

– უყურე შენ, – თქვა პარტიულმა ფუნქციონერმა და მობურთავებული პური მაგიდაზე, თავისი თეფშის ქვეშ შეაგორა, სიგარეტს გაუკიდა მერე.

– რაზე ღაღადებსო, რაიო? – საოხუნჯოდ აღერღილი ბიჭოია ყურადღების მიქცევას ცდილობდა, მოახერხა კიდეც, ლამარიემ ბიჭოიასკენ იბრუნა პირი, მის გუგეებს კვლავაც დაბრუნებოდა სველი სიწითლე.

– ღაღადებს, კი, ღაღადებს, – ჩუმად თქვა ლამრიემ, ტრულაილას გამოხედა, დაძაბული სიმი აუტოკდა სახეზეც, ხმაშიც: – მოზიარე ვარ მწუხარების, ცვლილებებისათვის გაემზადე, ჟამი ახლოა! – თქვა ქალმა, მოწყურებულად შესვა ღვინო, ჭიქა ხმაურით ჩამოდგა მაგიდაზე და გამჭოლი მზერა ჩამოურიგა სუფრის თითოეულ წევრს.

ტრულაილას მოეჩვენა, რომ ქარის ანასხლეტი შემოიჭრა ოთახში, ლამარიეს ჩაუსახლდა გულგვამში და ახლა მისი თვალებიდან ეძებდა გამოსავალს, რათა გამოთავისუფლებულიყო, გამონთებულიყო, თავის ნებაზე აბორიალებულიყო, ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა და ამით შეურაცხყოფილი იქ, ლამარიეს თვალებში ატრიალებდა ქარბორბალას.

“გაგიჟდა?”– იფიქრა ტრულაილამ, – “კი, კი, აქვე გაგიჟდა, სახელდახელოდ, ჩემი გამოისობით”, – იფიქრა ესეც და შეეშინდა ლოდისა, რომელიც გულს დაუმძიმებდა; ლამარიესიც შეეშინდა, რადგან ასეთი ლამარიე არ ენახა და ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა; ეს სხვა ლამარიე იყო – გაუგებარი, შეუცნობელი, უცხო და სახიფათო, – “ჰო, სახიფათო, როგორც ხანძარი ქარში”, – იფიქრა ტრულაილამ.

ის ლამარიე, კი, ის, ის შავთვალება კნაჭა ლამარიე – ბაბუა-ბებიას ანაბარა დარჩენილი ის გოგო, ვისაც მამა გარდაცვლოდა, დედა კი სოფლელ კაცს გაჰყოლოდა ცოლად და ქმართან გადაბარგებული, ვერ თუ არ იხედებოდა ქუთაისისკენ, მაგრამ არც ქალიშვილს ახედებდა სოფლისკენ, ის ლამარიე, ის – სიყვარულსა და სითბოს დანატრებული ლამარიე ცისფერთვალება შაკოიაზე ისეთ ლექსებს წერდა თავის დღიურში, სადაც ლამის ყველა სტრიქონი შორისდებული-“ოო”-თი იწყებოდა და სადაც ლამის ყველა სტრიქონში იყო ნახსენები სიტყვა – “სიყვარული”; ჰოდა, ის მოსულელო თუ გასასულელებლად გამზადებული ლამარიე, რა გასაკვირია, შაკოიასნაირ ბიჭს გაებახებინა, შემდეგ ზურგი ექცია მისთვის, მაგრამ ეს არ ეკმარა და ხმაც დაეგდო ქალქში – სულელიაო, მომცემიაო, იძლევაო და იქნებ იყო კიდეც ასეთი, რადგან ნაადრევად შეიცნო მამაკაცი, ნაადრევად მიიჩნია, რომ ქალია უკვე, მაგრამ, როგორც ჩანს, ლამარიეს სხეულს ლამარიეს სულთან სჭირდებოდა თავის მართლება, ამიტომაც თხოულობდა ლამარიე სათავისოდ სულ მცირე ტყუილს და ამათგან პირველად ბიჭოიამ გაიკვლია ლამარიემდე გზა, გაერთო ერთხანს, ტრულაილა დაარიგა შემდეგ: – მიდი ბიჯო, მიდი, კინოში წეიყვანე, ხელი გადახვიე, რაფერც შეყვარებულებმა იციან, ისე, მერე შენია, ჰო, მიყვარხარო, უთხარი, არ დეიზარო; და რას დაიზარებდა, როგორ დაიზარებდა როცა სული უკაწკაწებდა ქალის სურვილით, როცა მზად იყო, კაბაწამოცმული ჯოხიც ეხმარა, ამ მოსულელო ლამარიეს კი სიტყვა – “მიყვარხარ” ჭრიდა თურმე და აკი გაჭრა კიდეც და – ჰე ლამარიე, ჰე, ასთე მაქნევიე ახლა! ასთე გინდა? მინდა, ლამარიე მინდა ახლა ასთე, ლამარიე! გიყვარვარ? მიყვარხარ, ლამარიე, მიყვარხარ! კაი, თუ გიყვარვარ, მოდი, ასთე! და – ჰუუ, ჰუუ, ჰუუ, რა კაია ასთე, რაფერ მაწობა ხურუში, როცა ასთე, ლამარიესთან, ლამარიეს სახლის გადაღმა, იმ მიტოვებული, გამოყრუებული სახლის სარდაფში, ლამარიეს გამოყრუებული ბაბუ-ბებიის ცხვირწინ, და ჰუუ, ლამარიე, ჰუუ, ჰუუ, ლამარიე, და აჰ! – და ეს ხიფათი, ლამარიეს იოლად გაცურების შესაძლებლობა და ისიც, რომ ლამარიე ყველაფერზე მზადაა შენთვის – ისთე იქნება, თუ ასთე, იმნაირად, თუ ამნაირად, რამდენიმე კვირის მანძილზე ცეცხლს უნთებდა მის ვნებას, მაგრამ მერე დაცხრა, მოილია, მოიბალახა და მერე სხვა გამოჩნდა, მერე კიდევ სხვა და როცა მოსაღამოვებულზე გადაეყარა კინოსთან, ჰკითხა ლამარიემ: – აღარ გიყვარვარ? და ამანაც უპასუხა: – არა, ლამარიე, აღარ მიყვარხარ, და ლამარიეც მშვიდად, შეგუებულად, გულგრილადაც კი ამბობს. კაი, აბა, თუ აღარ გიყვარვარ, წაი შენ გზაზე, – გეგონება, მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ნიშნავსო ლამარიესთვის რაღაც მაგიურსა და ზებუნებრივს, და თუ ეს სიტყვა არსებობს, მაშინ შეიძლება, თუ არ არსებობს, რას გახდები, “წაი შენ გზაზე”, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, თითქოს არც ყოფილაო არაფერი, მაგრამ იგივე სიტყვა ამათთვის გასაღებია მხოლოდ, რათა შეაღწიონ ლამარიეში, და ოჰ, ლამარიე, ოჰ, ჩემო მოსულელო ლამარიე, მე კი წავალ, მაგრამ კიაზომ რა ქნას და ახლა კიაზოს ასწავლი: – “კიაზო, ბიჯო, მომცემია უეჭველი, კინოში წეიყვანე, ხელი გადახვიე, რაფერც შეყვარებულებმა იციან, ისე, მიყვარხარ-თქვა, უთხარი, არ დეიზარო, და არ დაიზარებდა, როგორ დაზიარებდა კიაზო, როცა აქვე, მათ უბანში არსებობდა ლამარიე, სხეულით ქალი, ასაკით ჯერ კიდევ გოგო, მოწოდებით სულელი, ვინც ვერ, ან ჯიუტად არ სწავლობდა ჭკუას, ვინც, შეიძლება ითქვას, სიყვარულში იყო შეყვარებული, ანდა, ვისაც თავი დაეჯერებინა, რომ უზენაეს იდეას ემსახურებოდა და ამისთვის თავისი სხეული გაარიგა თავისსავე სულთან, სინამდვილეში კი იოლად მისადგომ ძუკნად იქცა; ჰოდა, რანაირად არ ესარგებლა ამით კიაზოს, მაგრამ ჰარიფობით მოუვიდა თუ გულჩვილობით, გაუხანგრძლივდა ლამარიესთან ურთიერთობა, შეუყვარდა ლამარიე, და ის იყო მიზეზი, რაც ასე აღიზიანებდა ახლა, ის, ის, ის მოგონება ასორსლინებდა პურს ასე ნერვიულად, მაგრამ შეუძახა წარბამ კიაზოს: “ცოლად ხომ არ გინდა დაისვაო” და მერე წარბაც ეწია თავისას და მხოლოდ გერა ნი…ძე დატოვა ლამარიემ გულნაკლული, და როცა წარბამ კითხა გერას, სიყვარული თუ აუხსენიო, – კიო, – მიუგო გერამ, – ავუხსენი, მარა სხვა ყვარებია ახლაო, და – რაიო? – წარბამ, – შე ჩანჩურა, შენო, – თითიც დაიტრიალა საფეთქელთან, – შენ, ბიჯო, სრულ ჭკუაზე თუUხარ, ვერ შეაქანჯარე, ხელი ვერ შემოკარიო?! – და ახლა, ახლა, ახლა მიხვდა, ახლა გააცნობიერა, რომ მაშინ, იმ შორეულ სიყმაწვილეში, სწორედ ამგვარად მოიქცა წარბა, ძალა იხმარა ლამარიაზე და ის, ის იყო მიზეზი, ასე რომ გაცეცხლდა ლამარიეს ხსენებაზე, რადგან ცოდვა-მადლისა ყველას გაეგება, განსაკუთრებით კი ამათ ასაკში, როცა არც ისე შორია დასასრულამდე და აი, ახლა, ამდენი წლის შემდეგ, სხვა ლამარიე დაინახა და არა ის, – ყმაწვილკაცობისხურუშთაგან ერთი ხურუში, ყმაწვილკაცობისთავგადასავალთაგან ერთი თავგადასავალი, ყმაწვილკაცობაში აკრეფილი გამოცდილებიდან ერთი გამოცდილება, ვინც, თითქოსდა, არც კი იყო ადამიანი, ვისაც ამათი ჟინის მოსაკლავად მიეღო ქალის სახე, გასაცემი გაეცა და თანაც, არავის ამადლიდა თავს, არავის აწუხებდა, ერთ სიტყვას თხოულობდა მხოლოდ და თუკი ამ სიტყვასაც არ გაიმეტებდა, არც მაშინ დაგამუნათებდა: – აღარ გიყვარვარ? კაი, თუ აღარ გიყვარვარ, წაი შენ გზაზეო”, – ასე იოლად ჩამოგშორდებოდა და მართლაც რა იოლი და მოსახერხებელია ასეთი ლამარიეს სიყვარული, რა მარტივად მისავიწყებელია ეს მოსულელო ლამარიე, რომელიც მიივიწყეს კიდეც, როცა ქალაქიდან გაქრა ლამარიე, მხოლოდ საოხუნჯოდ შემოინახეს მეხსიერებაში, როგორც ძველი, ნაცადი ანეკდოტი, ათასში ერთხელ რომ გაგახსენებს თავს და იმასაც არ ჰყვები ბოლომდე, მიანიშნებ რაღაცა ეპიზოდს, დეტალს, გაიღიმებ და იქვე ივიწყებ მორიგ გახსენებამდე, მაგრამ გამოჩნდა ლამარიე, მერე ისევ გამოჩნდა ქალაქში, თეატრთან გადააწყდა, როცა მანქანით ელოდებოდი ვიღაცას, – მოდიოდა, მოიპუწკებოდა, უცნაური შლაპა ეხურა, ეს არა, სხვა, და შესცინა სახეში, – რავა ხარ, ლამარიე, რას შობიო? იმან კი: გამარჯობა, დიმიტრი, როგორ ბრძანდებიო, და – რაის დიმიტრი, რაის ვბრძანდები, რა უცხოსავით მელაპარაკებიო, – ეს რომ უთხარი, უხერხულად გაეღიმა ლამარიეს, შეცდომის გამოსწორებას დაეჩქარაო თითქოს, სასწრაფოდ მოგმართა ძველებურად – დიტოიათი, ბიჭების ამბავიც მოიკითხა, – კარგად არიან ბიჭები, შევიყაროთ ერთხელ, გავიხსენოთ ახალგაზრდობაო, – თქვი, მაგრამ ბიჭების ხსენებაზე გაგეფიქრა: “ეს სულელია, რომელ ბიჭებს კითხულობს, წაკლა ეს”, – და დააკვირდა ლამარიეს, ვინც თვალაკიაფებით ამბობდა: – კი, კი, კაი იქნება, თუ შევხვდებით, ჩემთან შევიყაროთ თუნდაც, ხაჭაპურებსაც დაგიცხობთო, – და იქ კი ისევ ის ლამარიე, მოსულელო და უპრობლემო, წუთიერი და იოლად ჩამოსაშორებელი; აკი ჩამოიშორე კიდეც, საათზე დაიხედე, რა დრო გასულაო, – თქვი, გაუღიმე, ჩაჯექი მანქანაში და ქალს, ვინც მამაკაცად გაქცია, ისე გაეცალე, არც მის ოჯახზე გიკითხავს რამე, არც სამსახურზე, მაგრამ განა იმიტომ, რომ უგულო ხარ, არა, არა, თვითონ ლამარიეა რაღაცნაირი – მალემოსალევი, უპატრონო, გამოღამებული სახლის სარდაფში ჩარჩენილი შენთვის, სადაც სიტყვებსაც და ურთიერთობასაც ერთი დანიშნულება ჰქონდა მხოლოდ, ხორცი გაერიგებინა სულთან და ამ ვირეშმაკული გარიგების შედეგად მოეკლა ხორცის წადილი; ლამარიე ხომ ყოველთვის ზედმეტი ტვირთი იყო ფიქრისთვის, – ანდა, რატომ შეიწუხებდით თავს, როცა თავად არასოდეს შეუწუხებიხართ, მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვს, და, აი, ლამარიეც მოგადგა სათხოვარზე – მაშინაც დიმიტრიო, მოგმართა, მაგრამ შეცბა უცებ, თავადვე გამოასწორა, დიტოიათი, – დაამატა საჩქაროდ, ხელთჩანთიდან დიპლომი ამოიღო, – შტატების შემცირებაა თეატრში, ქვეყანა ხალხს იცნობ, იქნებ ბიბლიოთეკაში გამიხერხო ადგილი. და ის შენი გაოცება გახსოვს, – რა გინდოდა, გოგო, თეატრში, მსახიობობდიო? – ჰკითხე; თეატრის მუზეუმში მუშაობდა თურმე, როგორც თვითონ გითხრა, პოეზია და მემუარული ლიტერატურა ჰყვარებია განსაკუთრებით და ესეც სიახლე იყო შენთვის, მაგრამ არა ხარ უგულო, არა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მართლა მოინდომე და როცა ეს საქმე გაახერხე, კმაყოფილება იგრძენი, ჰოდა, მოვიდა შენთან, მადლობა გადაგიხადა, გალაკტიონის ორტომეული მოგართვა, წასვლისას ისევ მოიკითხა ბიჭები და შენც ძველებურად გაგეფიქრა: “რაის ბიჭებს კითხულობს ეს წაკლა, მაგრამ დღეს კი, დღეს, სწორედ ამ ბიჭებთან მოიპატიჟე ლამარიე, რათა უფრო დასამახსოვრებელი გაგეხადა შენი საოხრის ქელეხი, დაიჟინე, შენიც გაიტანე და ის ლამარიე, ის, აქ რომ შემოდგა ფეხი და გრნობამორეული ხმით რომ იმეორებდა – ბიჭებო, ბიჭებოო, ძველი, ნაცნობი ლამარიე იყო, და ისიც ძველი და ნაცნობი ლამარიე იყო, ლოყებშეწრუპვით რომ ითვალიერებდა სარკეში პირსახეს, მაგრამ მერე ქარბორბალა დაუტრიალდა ამ ქალს თვალებში და სხვა ლამარიე დაინახე და აერიდე მის მზერას.

“ისევ მიყურებს, ისევ? რას აკეთებს? – იფიქრა ფანჯრისკენ პირმიქცეულმა ტრულაილამ, – “ერთი მაგისიც”, – გული მოუვიდა თავის თავზე, გახედა.

ლამარიე ნიგვზიან მხალს შეექცეოდა.

ვმღეროდით მშვენივრად, – თქვა წარბამ, ამით მიანიშნა, ყველაფერი შენი ბრალიაო.

“იქნებ არაა გიჟი, მიირთმევს კერძს, არის თავისთვის”, – იფიქრა ტრულაილამ.

– რა სადღეგრძელო გვიბრძანე? – მიმართა ქალს.

– ცვლილებების, აუცილებელი ცვლილებების, – თქვა ლამარიემ და ხაჭაპურს მისწვდა.

“უთხრას ვინმემ, ტუში რომ გადღაბვნია თვალთან, ანდა, მე რატომ არ ვეუბნები”? – იფიქრა ტრულაილამ.

– გაუმარჯოს წარმოთქმულს, – დაზუსტებისა და განვრცობის გარეშე გამოაცხადა წარბამ, ტრულაილას დასანახად ამოისუნთქა ღრმად, შემდეგ შესვა.

შესვეს სხვებმაც.

ოფიციანტმა მწვადი შემოამატა სუფრას, თეფშები და საფერფლეები გამოცვალა, მხატვარმა გერა ნი…ძემ შამფური დააცერა ლამარიეს თეფშზე, მოკეცილი პურით ჩაუცურა ორი ნაჭერი, ლამარიემ თბილად გაუღიმა ვიღაცას, ამათგან – არც ერთს, რამდენიმე ლუკმად დაანაწევრა მწვადი, გასინჯა, მხატვარს გამოხედა, ახლა მას გაუღიმა.

– გემრიელია ძალიან, გმადლობთ, – თქვა ლამარიემ, წამით გაყუჩდა და ისევ თქვა: – მაგრამ, ხორცს რომ არ ვჭამ…

“გიჟი იყო, ანდა, აქ გაგიჟდა, მაგრად მივქარე”, – იფიქრა ტრულაილამ.

– გაშრა ყელი! – გამოაცხადა ბიჭოიამ.

– კეთილი, – თქვა ლამარიემ, იდაყვი დააყრდნო მაგიდას, ჭიქა შემართა.

“არა, არა, მგონი, არაა გიჟი”, – იფიქრა ტრულაილამ.

– ბუნებაში არაფერი ქრება უკვალოდ, – წამიერი გარინდების შემდეგ წამოიწყო ქალმა, – შემოდგომაზე ფოთოლი წყდება ხის ტოტს, მიწაზე ეშვება ფარფატით, დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა…

“აუჰ”, – იფიქრა ტრულაილამ.

– ძალიანაც ნუ დაუმძიმებ, თავისი გაჭირვებია, – გაიცინა ბიჭოიამ.

– არაა ასე? არ იქცევა ნეშომპალად? – იკითხა ლამარიემ.

– წიწვოვან, მარადმწვანე ხეებზე ვერ იტყვი მაგას, – მკერდზე დაიკრა მჯიღი სახეგაბადრულმა ბიჭოიამ.

– როგორ შეიძლება ხე იყოს მარადმწვანე, როცა მარადიული არაფერია, ისიც იქცევა ნეშომპალად. ნეშომპალა, ეს ხომ ხვედრია ერთგვარი, – თქვა ქალმა, ისევ გაირინდა, შემდეგ იკითხა: – სად გავჩერდი?

– ნეშომპალაზე გაჩერდი, – შეახსენა წარბამ და ტრულაილას გამოხედა.

– ჰო, – თქვა ლამარიემ, – ნეშომპალა…

“ოჰ, შენი დედას”… – გულში შეუკურთხა ტრულაილამ ლამარიეს, – “დაგვცინის ეს ქალი, ყველას დაგვცინის უეჭველი”.

– ის ნეშომპალაა სწორედ, – წამოიღო ლამარიემ აუჩქარებლად, მაგრამ ტრულაილამ გააწყვეტინა:

– ე, გოგო, რა გამიტრაკე საქმე ამ ნეშომპალით, თქვი ადამიანური სადღეგრძელო…

– თამადა ვარ, თუ არა ვარ თამადა? – იკითხა ლამარიემ მშვიდად, გაწონასწორებულად.

– მართალია ქალბატონი, – ნიშნისმოგებით გამოხედა წარბამ ტრულაილას. ქალს მიუტრიალდა შემდეგ, – დიახ, ნეშომპალაო, ესე იგი…

– ჰო, ის ნეშომპალაა სწორედ, მიწას რომ ანოყიერებს, – თქვა ლამარიემ, წამით გაყუჩდა, თვალები აუკიაფდა, – ტყემ მოისხა ფოთოლი, – წაუმღერასავით ლამარიემ, ნეშომპალით გამდიდრებული ნიადაგი ახალ ყლორტს გამოაღებინებს ხეს, რომელიც ნეშომპალადვე იქცევა დროთა განმავლობაში და ასე, სამყაროს დასასრულამდე, – თქვა ქალმა და ღვინო მოსვა.

– გაუმარჯოს წარმოთქმულს, – ამჯერადაც არ განუვრცია სადღეგრძელო წარბას. ბიჭოიამ და კიაზომ უსიტყვოდ შესვეს, მაგრამ მხატვარ გერა ნი…ძესაც წამოუკიაფდა თვალები:

– მე რომ მკითხოს კაცმა, შესანიშნავი სადღეგრძელოა: “ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის”, გაზაფხულს გაუმარჯოს, – დაასკვნა მხატვარმა და შესვა.

– გაზაფხულის სადღეგრძელო იყო ვითომ? – იკითხა ბიჭოიამ, – პირველად შევესწარი ქელეხში გაზაფხულის სადღეგრძელოს.

– და ამნაირ ქელეხს რამდენჯერ შესწრებიხარ? – მიმართა წარბამ ბიჭოიას.

– ეგეც მართალია, – თქვა ბიჭოიამ, – უფალმა თამადამ ცოტა მონდომებულად რომ განგვიმარტოს სადღეგრძელო, არ იქნება ურიგო.

– ვეთანხმები ბიჭოიას, – თქვა პარტიულმა ფუნქციონერმა, – თემას ნუ ავცდებით, მაგისტრალურ ხაზს მივყვეთ.

– ჰო, – სახე დაისევდიანა ბიჭოიამ, – მარა, ვეღარ არის მაინცდამაინც მაგისტრალური, – ტრულაილასკენ გადააქნია თავი, – მეიკაკვა, მეიკაკვა, – თქვა და გაიცინა.

როცა სიცილი ჩაცხრა, ლამარიემ თქვა: აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი” გეცოდინებათ რასაკვირველია, იქ ერთი თამაშია აღწერილი, ტირილობია ჰქვია, ხომ გახსოვთ?

– კი, რავა არ მახსოვს, მარა გამახსენო იქნებ ერთხელაც, – თქვა ბიჭოიამ.

– ცოცხალი კაცის გამოტირებით ერთობოდნენ გლეხები, ფიჩხის კონას გადააფარებდნენ ნაბადს და ტიროდნენ, მერე იცინოდნენ.

– ეს რო ცოცხალია, ისე მოიქცეს ჩვენი მტერი, – ჩაიფხუკუნა ბიჭოიამ.

–        თანაც, რას გვიბრძანებ, ჩვენ რას გადავაფაროთ ნაბადი, სტაფილოს? – ჩაიღიმა წარბამ.

– სტაფილოს ფერი არ მომწონს, ცინცხლად ყვითელია და ჭყეტელა, მიმჭკნარი ბადრიჯანი აჯობებდა, – გაიცინა ბიჭოიამ.

– ჩვენი ქელეხის თემასთან ტირილობიას თამაშია ახლოს, სადღეგრძელოს თქმას რა უნდა, – თქვა ლამარიემ.

– ჰოდა, გვიბრძანე რამე ისეთი, გულს რომ მოებღაუჭოს, – დოქს შეავლო ხელი ბიჭოიამ.

– კეთილი, – თქვა ლამარიემ და ამოჩემებულ წერტილს გაუშტერა თვალი.

“გიჟია, კი”, – იფიქრა ტრულაილამ.

– წინასწარმეტყველებისა გჯერათ? – მიმართა ლამარიემ ვიღაცას, ამათგან – არც ერთს.

“ჰო, გიჟია”, – დაბეჯითებით იფიქრა ტრულაილამ.

– მე მჯერა, – თქვა ქალმა, – ნიშნებისაც მჯერა. იოანეს გამოცხადებაში წერია, “ვიხილე სხვა მიწა და სხვა ცა”-ო, ე. ი. რაზე ღაღადებს წინასწარმეტყველი?

– ეს სიტყვა შემშლის ჭკუიდან! რაო, რაზე ღაღადებსო? – თქვა ბიჭოიამ.

– რაზე და იმაზე, რომ დიდი კატაკლიზმების შემდეგ სამყარო სახეს იცვლის.

– ტრულაილას მისავათებულ მდგომარეობას ნუ დავამთხვევთ სამყაროს სახეცვლილებას, ვიყოთ ერთხანს, ვისუნთქოთ ჰაერი, – თქვა წარბამ.

– თანაც, ითქვა უკვე ცვლილებების სადღეგრძელო, რატომ ითქვა, ის არ ვიცი, მარა, რომ ითქვა – ცხადია, – განაცხადა პარტიულმა ფუნქციონერმა.

– აჰ, ითქვა? სამწუხაროა… – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ლამარიემ და ღვინო მოსვა.

“არც გიჟი, არც დაგცინის, ერეკება თავისთვის, სულელია”, – იფიქრა ტრულაილამ.

– სხვათა შორის, ძალიან მალე სსრკ აღარ იარსებებს, – მიმართა ლამარიემ ამოჩემებულ წერტილს.

“გიჟია, გიჟი” – იფიქრა ტრულაილამ.

– ლამარიე, კარგად ხარ? – ჰკითხა პარტიულმა ფუნქციონერმა ქალს.

– კი, კარგად ვარ, ცუდად რატომ უნდა ვიყო? – თქვა ლამარიემ.

– რა ვიცი, – თქვა პარტიულმა ფუნქციონერმა, – აბა, რა შუაში იყო ახლა სსრკ?

– უჰ, რას ვმღეროდით, – ჩაილაპარაკა წარბამ.

– ნოსტრადამუსის ერთ-ერთი კატრენი ღაღადებს ამაზე, – თქვა ლამარიემ და ისევ მოსვა ღვინო.

– რაიო, რაიო, რა ღაღადებსო? – ჩაეძია ბიჭოია.

– კატრენი, კატრენი, – თქვა ლამარიემ, – იგავური ფორმით წერდა; მე ამოვიცანი და გავშიფრე.

“აქ არ გაგიჟებულა, რომ მოვიდა, უკვე იყო გიჟი, იმათ იციან ამნაირი ლაპარაკი, გიჟებმა”, – იფიქრა ტრულაილამ.

– ჩვენც გაგვიშიფრო იქნება, – არ მოეშვა ბიჭოია.

– 73 წლის და შვიდი თვის თავზე არსებობას შეწყვეტსო; ჩემი გათვლებით, 1991 წლის აგვისტოს არ უნდა გადაცდეს.

– მოგვჭამა, აბა, ჭირი სსრკ-მ?

– კი, ამ ამბავს წყალი არ გაუვა, წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება, – თქვა ლამარიემ.

– ერთი რამე გამაგებიეთ, – თქვა წარბამ, – რა ხდება აქ? სსრკ-ს პანაშვიდია თუ ტრულაილას სირის ქელეხი? მაპატიეთ, მარა ვერ ვიტყოდი ახლა სხვანაირად…

– ვინ ბრძანდებოდა ეგ შენი ნოსტრადამუსი? – ჰკითხა ლამარიეს პარტიულმა ფუნქციონერმა.

– მეგონა, იცოდით, – თქვა ლამარიემ.

– ვიცი, რავა არ ვიცი, მარა, ამომივარდა თავიდან, – გაიკრიჭა ბიჭოია.

–         ალქიმიკოსი და წინასწარმეტყველი იყო ასეთი, XVI საუკუნეში ცხოვრობდა.

პარტიულმა ფუნქციონერმა ჩაიცინა:

– და იმ სიშორიდან იწინასწარმეტყველა სსრკ-ს დაშლა? ვინ დაშლისო, ისიც ხომ არ იწინასწარმეტყველა, შემთხვევით?

– არა, ეგ არ წერია კატრენში, მაგრამ მე ჩემებურად გავშიფრე, – თქვა ლამარიემ.

“აუჰ, რას ურიკინებს”, – იფიქრა ტრულაილამ.

– რა გაშიფრე? – ჰკითხა ქალს.

– თვითონ ესენი დაშლიან სისტემას, – კიაზო ბა…იასკენ გადააქნია ლამარიემ თავი, – მერე სხვა ძალებიც ჩაერევა და ამით აღსრულდება წინასწარმეტყველება. მე ამ დღეს შევესწრები, ვგრძნობ…

– ესე იგი, მე დავშლი სსრკ-ს? – მიაცქერდა პარტიული ფუნქციონერი ლამარიეს, – რანაირად დავშლი? რატომ დავშლი?

– რატომ და, ფული რომ იშოვეთ და იდეოლოგიის გამო თქვენს გემოზე ვერ ხარჯავთ, პატარა მიზეზია? – კიაზოს მიმართა ქალმა უშფოთველად, წყნარად, მიამიტურად…

“უყურე შენ ამას, შეიძლება გიჟიცაა, შეიძლება სულელიც, მარა…” – იფიქრა ტრულაილამ.

– ეს ინტრიგანია – ვიღაცაა, რა ფული ვიშოვე, სად მაქვს ფული, – თქვა კიაზო ბა…იამ, ერთხელაც გამოციცქნა პური, შესორსლა, თავის თეფშზე მიაგდო.

– ფულიც გაქვთ და გამავლობაც, აკრობატებივით დგახართ ერთიმეორეზე; ერთი ესაა, ტანჯულა, ეს, – მხატვრისაკენ გადააქნია ლამარიემ თავი.

“შეიძლება მართლა ინტრიგანია, რა იცი”, – იფიქრა ტრულაილამ.

– რა დალია ამ ქალმა ასეთი? ლამარიე მელაპარაკება თუ მოგზავნილია, ვინცაა?! – სახეზე წამოწითლდა პარტიული ფუნქციონერი.

ლამარიეს წამისწამში აევსო თვალები სველი სიწითლით.

“ასე, ერთ წამში როგორ გიჟდება და როგორ წყნარდება”, – იფიქრა ტრულაილამ.

– ლამარიე ვარ, ლამარიე, ღვინო მომეძალა და ახლა მეტირება, – თქვა ქალმა, ხელისგულები აიფარა თვალებზე, ერთხანს ასე იყო, ხელები რომ ჩამოსწია, ორივე ყვრიმალი გასვროდა ტუშით; სამაგიეროდ, აღარ ტიროდა, პირიქით, უღიმოდა ვიღაცას, ამათგან – არც ერთს, სხვას, ამათ მიღმა მყოფსა და უხილავს, მას თუ მიმართა, მას თუ სთხოვა: – ვითამაშოთ, რა, ტირილობია, შევიცხადოთ მიცვალებული!..

“არაა გიჟი, არც დაგვცინის, საცოდავია და მთვრალი” – იფიქრა ტრულაილამ, გული მოუსაწყლდა ამ ქალზე და უთხრა: ლამარიე, სახე გაგედღაბნა, სააბაზანო აქვეა; ე, იქ მობრძანდი! – მიუთითა სააბაზანოს კარისაკენ.

– უი, მომიკვდეს თავი, – შეფუცხუნდა ლამარიე, პორტმონე შეხსნა, ჩაიხედა სარკეში, – ახლავე, ახლავე, – თქვა და სააბაზანოსაკენ გაეჩქარა. ოდნავ ერეოდა ფეხი.

– ეს გინდოდა? – მიმართა წარბამ ტრულაილას, როცა სააბაზანოში დაიგულა ქალი.

– რაცაა – ისაა, – თქვა ტრულაილამ, – ჩვენ ჩვენი ვთქვათ, გაშრა ყელი; ღმერთო, შენ გვიშველე!

შესვეს ჩუმად, ჩაფიქრებულად.

ადმინისტრატორმა მერაბ კა…ვამ შემორგო თავი, თავს ტანიც მოაყოლა, უშველებელი იყო, პირმოთნედ სახეგაბადრული:

– წასასვლელი დამირჩა, ბატონო დიმიტრი, თქვენს უნახავად ვერ წავიდოდი, – თქვა ადმინისტრატორმა.

– კაი კაცი ხარ, – შეაქო ტრულაილამ, – დაილოცე და მიბრძანდი.

მერაბ კა… ვამ დაახლოებით სამი წუთი ილაპარაკა ქალაქზე და აქ დამსწრე რჩეულ საზოგადოებაზე, სასმისი ბოლომდე დაცალა, ერთხანს გაირინდა და მოწონების ნიშნად თქვა: – იფ! ახლა ამათი ჯერი დადგა, ფეხზე წამოუდგნენ შემოსწრებულს, დალოცეს, როგორც სამაგალითო ახალგაზრდა კაცი.

პარტიულმა ფუნქციონერმა კიაზო ბა…იამ პიჯაკის შიდა უბიდან წიგნაკი და ოქროსკალმიანი კალმისტარი ამოიღო, რაღაც ჩაწერა წიგნაკში, ფურცელი ამოხია და ადმინისტრატორს გაუწოდა:

– ჩემი მძღოლი იქნება ამ ნომერზე, უთხარი, საათში – საათნახევარში აქ იყოს.

– ახლავე დავრეკავ, – მიუგო ადმინისტრატორმა, კარისკენ გაეშურა და ის იყო, სახელურს შეავლო ხელი, რომ სააბაზანოდან გამოსული ლამარიეს ხმა გაისმა.

– გეთაყვა, გეთაყვა!

– დიახ, – ადმინისტრატორი მთელი სხეულით შემობრუნდა ქალბატონისკენ.

– რამე გექნებათ ისეთი… თუნდაც, ჯოხი… – თქვა ქალმა.

– ბატონო? – დაიბნა ადმინისტრატორი.

– ჯოხი, ჯოხი… ერთგვარი…

– რანაირი ჯოხი? – იკითხა ადმინისტრატორმა.

– იყოს მომცრო, ჯანდაბას, მაგრამ სიმპათიური იყოს, – თქვა ლამარიემ.

– სიმპათიური ჯოხი? – ისევ იკითხა ადმინისტრატორმა მერაბ კა…ვამ.

– ჰო, სიმპათიური ჯოხი და ნაჭერი რამე, თუ შეიძლება შავი, ან, იმ ბატონის პიჯაკისფერი, მუქი ლურჯი.

ტრულაილამ თავისდაუნებურად დაიხედა პიჯაკზე, მე დამცინის ეს დედააფეთქებულიო, – იფიქრა და ადმინისტრატორს მიმართა შემდეგ:

– კაი, ჩემო მერაბ, აღარ შეგაწუხებთ…

– კეთილი, ბატონო, გაამოთ, – ადმინისტრატორმა ფრთხილი მზერა გააპარა ქალბატონისკენ, კარი გამოაღო და გავიდა.

ლამარიემ პარტიული ფუნქციონერის ხელში შერჩენილი კალმისტარი შენიშნა, მიუახლოვდა კიაზო ბა…იას, კალმისტარს დააცქერდა:

– ოქროსკალმიანია? – ჰკითხა ლამარიემ კიაზოს.

– კი, ოქროსკალმიანია, – თქვა კიაზომ, ისიც დაბნეული ჩანდა.

– მათხოვე, რა, – თქვა ლამარიემ და კალმისტარი ჩამოართვა. თავისი სკამისკენ გაემართა, თვალს არ აშორებდა კალმისტარს.

– რად გინდა? – მიადევნა კიაზომ.

– ეს იყოს ის, – თქვა ლამარიემ.

– რა? – ვერ მიხვდა კიაზო.

– რაც უნდა დავიტიროთ, – თქვა ქალმა, – მოვხაზე გონებაში შეცხადების გეგმა, ეს ივარგებს… ზედგამოჭრილია ამ საქმისათვის…

– რა საქმისათვის, რა უნდა ამ ქალს? – მიმოიხედა კიაზომ.

– მოტირალი ქალების მოწვევაც შეიძლება, თუ მაინცდამაინც, – თქვა ბიჭოიამ.

– რა საჭიროა, აქ არა ვარ? – თქვა ლამარიემ.

პარტიულმა ფუნქციონერმა სახე გაიმკაცრა და თქვა:

– მაგ კალმისტრით ლენინის ორდენზე წარსადგენი კანდიდატების სიას მოვაწერე დღეს ხელი.

– არ ვთქვი, ზედგამოჭრილია-მეთქი? – სახე გაუნათდა ლამარიეს, – უყვართ კერპებს ოქრო და მავზოლეუმები, – გაახალგაზრდავებული, გახალისებული, სრულიად ფხიზელი ჩანდა ახლა; სახეგაცისკროვნებულმა განაცხადა. – იმისთანას შევიცხადებ, შეცხადების უნახავს გაგხდით.

კიაზო ბა…იამ ნიკაპთან წაჭერილი ჰალსტუხი შეიღეღა:

– გამორიცხულია, – თქვა კიაზომ, – ეს ამბავი არ დაიმალება ქალაქში, მოხსნას არ მაკმარებენ, ციმბირს მომატოვებინებენ უკან…

– კაი ახლა, კიაზო, აღარაა ის დრო, გავხალისდეთ! მიდი, ლამარიე, მიდი, მე აქ ვარ, მოგყობი ტირილში, – გაიცინა ბიჭოიამ.

– ჰო, – თქვა ლამარიემ, ერთხელაც დააცქერდა კალმისტარს და ისევ თქვა: – ზუსტად ეს მჭირდებოდა, ესეც ლენინია ერთგვარი…

– ბოდიში მომითხოვია ამ სიტყვებზე, მარა გამაგებინოთ იქნებ კარგად, რა გამოდის ახლა, ესე იგი ტრულაილას “მიჩმორებული” სირია ლენინი? – იკითხა წარბამ.

– კი, – თქვა ლამარიემ, – ერთგვარად, კი…

– აუჰ, – ხელი ხელს შემოჰკრა ბიჭოიამ, – ჩვენ ბადრიჯნის დატირებას ვაპირებდით, ეს გენაცვალე, ხალხთა ბელადი ყოფილა თურმე…

– ბელადი – არა, კერპი, – გაუსწორა ლამარიემ, – მაგრამ რა გადავაფაროთ ამ კერპს?

– მე რომ მკითხოს კაცმა, – თქვა მხატვარმა გერა ნი…ძემ, – თანთულის გაუთოებული ცხვირსახოცი ივარგებდა მაგ საქმისთვის, თავისი წილი საჭირისუფლო თანთულსაც ეკუთვნის ამ მწუხარებაში.

ტრულაილას ბაგე გაეხსნა, თამაშის იშტაზე მოვიდა, ლამარიეს მარაოსკენ გაიშვირა თითი და თქვა:

– შენი მარაო გადააფარე, თუ მაინცდამაინც…

– კარგი აზრია, – თქვა ლამარიემ, მარაო გაშალა, იდაყვები მაგიდას დააყრდნო, მარჯვენა ხელში გაშლილი მარაო ეჭირა, მარცხენაში – პარტიული ფუნქციონერის კალმისტარი, ხან ერთ გახედავდა, ხან – მეორეს, იღიმებოდა თანაც.

– დაუბორიე გაჭირვებულს, დაუბორიე, იქნება მოხდეს სასწაული, სული მოიბრუნოს, – გაიცინა ბიჭოიამ.

ლამარიემ მარაო შემოუქნია კალმისტარს.

– არ შობა აფერს? – იკითხა ბიჭოიამ.

– უგრძნობია, რაფერც ლენინი მავზოლეუმში, – გაიცინა ლამარიემ.

– საცოდავი ეგ, უბედური, შავ დღეზე გაჩენილი… – აჰყვა სიცილში ბიჭოიაც.

– მომეცი კალმისტარი! – ხელი გაიწვდინა პარტიულმა ფუნქციონერმა ქალისკენ.

– კაი, რა, კიაზო, შეხედე, რა სათუთად ეპყრობა, ეჰ… – სიცილში მომდგარი ცრემლი ცხვირსახოცით ამოიმშრალა ბიჭოიამ.

კიაზო წამოდგა, ბიჭოიას მიმართა:

– შენ მეუბნები მაგას? გათენებული არ იქნება, რომ მთელ ქალაქს გააგებინებ, რაც აქ ხდება; რას მიბრძანებ მერე, როგორ ვარჩინო ცოლ-შვილი?

– ე, ბიჭო, “პერესტროიკაა”, – ჩაერთო ტრულაილა, – დაჯექი, თუ ძმაი ხარ!

– ამნაირი “პერესტროიკა” არ იცის პარტიამ, მომეცი კალმისტარი! – მეტი დაბეჯითება გაირია ხმაში კიაზომ.

– აღარაა მაგი კალმისტარი და დადე ახლა საჯდომი სკამზე, – უთხრა წარბამ პარტიულ ფუნქციონერს.

– მაშინ, გავალ, რაც გინდათ, ის გიქნიათ უჩემოდ, – თქვა კიაზო ბა…იამ, მაგრამ, არ გასულა ოთახიდან, ჩამოჯდა სკამზე და ფანჯრისკენ გაიხედა.

– რას გვთავაზობ, ლამარიე, რაფერ აპირებ შეცხადებას? – მიმართა წარბამ ქალს.

– მაგიდის შუაწელი გამითავისუფლეთ, მერე გაგაცნობთ ჩემს გეგმას, – თქვა ლამარიემ.

თეფშები მისწი-მოსწიეს, მაგიდის შუაწელი გამოათავისუფლეს. პარტიული ფუნქციონერი არ მონაწილეობდა ამ ფაციფუცში, თუმც მასაც ლამარიესაკენ ეჭირა ცალი თვალი.

ლამარიე წამოდგა, მაგიდის შუაწელისკენ დაიძრა, გამოთავისუფლებულ ადგილზე დაასვენა კალმისტარი, ხელი გადაუსვა, სანახევროდ შეხსნილი მარაო გადააფარა შემდეგ.

– შეხედე, შეხედე, როგორ ყვარებია, უბედური ეგა, საბრალო… – გაიცინა ბიჭოიამ.

– ჩუ, ბიჭოია, აქ კერპი დაემხო, მივაგოთ პატივი, – თქვა ლამარიემ.

– კაცო, – წამოიწყო წარბამ, – გამაგებიეთ, ბოლოს და ბოლოს, სსრკ-ს პანაშვიდია, ლენინს ვგლოვობთ მავზოლეუმში, კერპის დამხობას, თუ…

– ყველაფერს ერთად, წარბა, დამიჯერე, ყველაფერს ერთად… – გააწყვეტინა ლამარიემ წარბას, თვალს არ აშორებდა ოქროსკალმიან კალმისტარს, რომელსაც სანახევროდ ფარავდა თავისი შავი მარაო: – მე დავიწყებდი ასე, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ ლამარიემ, – დაეცა, ვეღარ დგება, გართხმულა!

– უჰ, ნამეტანი კაია! – მოიწონა ბიჭოიამ.

– მერე, მერე, – დაინტერესდა წარბა.

– ვინ მოთქვამს და გოდებს ამის თაობაზე, ისიც ხომ უნდა აღინიშნოს, – თქვა ლამარიემ, – ასეთ გაგრძელებას გთავაზობთ, – დაეცა, ვეღარ დგება, გართხმულა, ისმინეთ გოდება ამ კერპის პირველმხევალისა, ლამარიესი!

– ჩემი საოხრის ქელეხში რომ მეგულებოდეს ამისთანა დამტირებული, აქვე ვარ წამჭრელი… – გამოაცხადა ბიჭოიამ.

– ჩუ, ბიჭოია, ვფიქრობ, – თქვა ლამარიემ, ერთი წრე შემოუარა მაგიდას და წამოიწყო: – მართალია, დაეცა, გართხმულა და ვეღარ დგება, მაგრამ ერთ დროს ხომ დაიბადა? ამიტომ, ასე განვაგრძოთ: – შენს მოვლინებას ყიჟინით შეხვდნენ, თქვეს, – რა კარგია, იგი იშვა, აბა, ყანწები!

– მე რომ მკითხოს კაცმა, – თქვა მხატვარმა გერა ნი…ძემ, – თოფის გასროლაც უნდა შევიტანოთ მაგ ტაეპში; ტრულაილა რომ დაიბადა, კოწია ბიძია აუცილებლად გაისროდა თოფს.

– კეთილი, – თქვა ლამარიემ და მეორე წრეზე დაიძრა, – შენიშვნა მიღებულია, მარტივად გადავწყვეტ ამ პრობლემას, შენს მოვლინებას ყიჟინით შეხვდნენ, თოფი დასჭექეს, თქვეს – რა კარგია, იგი იშვა, აბა, ყანწები!

– შეაერთე, აბა, შეაერთე, რაფერ ჟღერს, – იკითხა ბიჭოიამ.

– მოიცა, ბიჭოია, ნუ ჩქარობ, მოვლენათა რიგი დავაწყოთ ჯერ, – თითი შემართა ლამარიემ.

იმ პედაგოგს ჰგავდა, აუჩქარებელ მიმოსვლაში რომ ხსნის გაკვეთილს. მესამე წრეს ურტყამდა მაგიდას, მამაკაცები მოწაფეებივით ისხდნენ, თვალს აყოლებდნენ ქალს.

– თუ მოვლენა გვაინტერესებს, – თქვა წარბამ, – ნათესავი და მოკეთე, ხომ მოიკითხავდა ოჯახს.

– ყოჩაღ, კარგია! – შეაქო ლამარიემ წარბა და იქვე წამოიწყო: – გარსშემოგერტყნენ, განაცხადეს – დაგვანახეთ, დაგვანახეთ, რათა ვირწმუნოთ, გული ავივსოთ, სიხარულით და აღტაცებით!

– დამზრინა ტანში, – თქვა ბიჭოიამ, – რა პერსპექტივა ჰქონდა მაშინ და უნაიროდ, უდროოდ დაეცა ეს გაჭირვებული, საცოდავი ეს…

– წინადადება შემომაქვს, – დაეცა, ვეღარ დგება და გართხმულა, რეფრენად ვაქციოთ შეცხადებაში, – თქვა ლამარიემ.

– რაიო, რაიო, რად ვაქციოთო? – იკითხა ბიჭოიამ.

– რეფრენად, რეფრენად, – ჩაილაპარაკა ლამარიემ, მაგრამ არაფერი განუმარტავს ბიჭოიასათვის, მეოთხე წრეს ურტყამდა მაგიდას, დროდადრო გამოხედავდა ხოლმე კალმისტარსა და მარაოს, გეგონება, იქიდან შთაგონებას ექაჩებაო, ამჯერადაც მიაცქერდა, შეყოვნდა, თქვა: დაანახეს, – ჰოი, საოცრებავ! საარაკოა, საარაკო, დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე! – გაქებდნენ მათი ბაგეები ხარბი ჩურჩულით.

– ხარბი ჩურჩული რა უბედურებაა, – ამოიდგა ენა პარტიულმა ფუნქციონერმა.

– არსებობს ასეთი ჩურჩული, კიაზო, – თქვა ლამარიემ, – კერპთან მიმართებაში უხდება ხარბი ჩურჩული.

– რატოა ჩემი კალმისტარი კერპი, ეს გამაგებია და… – თქვა კიაზომ.

– ჩუ, კიაზო, ჩუ! – თითი შემართა ლამარიემ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, კიაზოს ზურგსუკან აღმოჩნდა, ისე ჩამოადო ხელი მხარზე, მასწავლებელმა რომ იციან ბავშვის დასამშვიდებლად, მისი ყურადღების მისაქცევად, – ჩუ, – ჩაილაპარაკა ისევ და მეხუთე წრეზე შემდგარმა თქვა: – კერპს მსხვერპლი სჭირდება; ჩემი აზრით, თვითონ დიტოიაა ამ კერპის მსხვერპლი, მარა ჩვენ სხვანაირად შევიცხადოთ.

“ეს გიჟია, ძალიან Gგიჟია”, – იფიქრა ტრულაილამ.

– არ ვარ, დიტოია, გიჟი, – თქვა ლამარიემ და გამჭოლი მზერა მიაბჯინა ტრულაილას.

“ვაი” – იფიქრა ტრულაილამ, “გულთამხილველია”?

– არც გულთამხილავი ვარ, – თქვა ლამარიემ; ნელა, აუჩარებლად მიაუხლოვდა ტრულაილას, მასაც ჩამოადო მხარზე ხელი, თქვა – ჩუ, და მსვლელობა განაგრძო.

“ღმერთო, შენ მიშველე”, – იფიქრა ტრულაილამ, თვალს ვერ აშორებდა ქალს, რომელიც წრეებს ურტყამდა მაგიდას და მის მსვლელობაში იგრძნობოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სამზადისი.

“ალბათ ასე იწყება ქარი”, – იფიქრა ტრულაილამ.

– ჰოი და ვაი, წარმავალობავ სოფლისაო, რიგიანად არც კი გვახსოვს, იყავ თუU არა; მართლა იყოო? – ვეკითხებით საკუთარ თავს, პასუხი არ გვაქვს, – თქვა ლამარიემ და ისევ თქვა, დაახლოებით ვიცი, ვცადოთ, შევკრიბოთ.

– ის სიტყვა ამიხსენი, თუ ქალი ხარ, რაიო, რეფრენიო? – თქვა ბიჭოიამ.

– ჩუ, ბიჭოია, ჩუ, – მიუგო ლამარიემ, მაგიდის შუაწელთან შეჩერდა, იატაკს ჩააცქერდა, თანდათან ამომართა თვალები, კალმისტარსა და მარაოზე მობოჭა მზერა და ცრემლებგამშრალი ხაფი ხმით დაიწყო:

1. დაეცა, ვეღარ დგება, გართხმულა! ისმინეთ გოდება ამ კერპის პირველმხევალისა, ლამარიესი!

2. შენს მოვლინებას ყიჟინით შეხვდნენ, თოფი დასჭექეს, თქვეს – რა კარგია, იგი იშვა, აბა, ყანწები!

3. გარსშემოგერტყნენ, განაცხადეს – დაგვანახეთ, დაგვანახეთ, რათა ვირწმუნოთ, გული ავივსოთ სიხარულით და აღტაცებით!

4. დაანახეს, – ჰოი, საოცრებავ!

5. საარაკოა, სარაკო, დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე! – გაქებდნენ მათი ბაგეები ხარბი ჩურჩულით.

6. ნასუქი ხბო და ნასუქი ვერძი შემოგწირეს, ღვინო გიკმიეს!

7. იზრდებოდი; მოიწადინე, შეეცნოთ შენი ბრექი, მძლეთამძლეობა.

8. ჰოი და ვაი, ლამარიე, იგი დაეცა, ვეღარ დგება, უსუსურად გართხმულა, ვგოდებ და ვშიშობ, ჰოი, ჰოი!

9. რა ჰქნას ფუტკარმა ნესტრის გარეშე? ტარშეტეხილმა ორშიმომ რა ჰქნას? ქვევრის ყელთან მიუგდიათ საბრალობლად ხახაგამშრალი!

  1. ჰოი და ვაი, ლამარიე, იგი დაეცა, ვეღარ დგება, უსუსურად გართხმულა! პარტმუშაკის ოქროსკალმიან კალმისტრად იქცა, მელანი გაშრობია!
  2. ჰოი და ვაი, წარმავალობავ სოფლისაო; რიგიანად არც კი გვახსოვს, იყავ თუ არა; მართლა იყოო? – ვეკითხებით საკუთარ თავს, პასუხი არ გვაქვს.
  3. დაეცა, ვეღარ დგება, გართხმულა… – თქვა ლამარიემ და კალმისტარზე მიბჯენილი მზერა სუფრის წევრებისკენ მიმართა.

“დაუტრიალდა ქარბორბალა, დაუტრიალდა, რა ძალა აწვება თვალებში ამ ქალს”, – იფიქრა ტრულაილამ.

მონუსხულები მისჩერებოდენენ ლამარიეს, ბიჭოიამ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ უეცრად სულ სხვა ხმა ამოიზიდა ლამარიედან – მუქარით სავსე, შებოხებულიც თითქოს, შეშლილობის ზღვარზე მოსული: – ჩუუ-მეთქი, ბიჭოია, ჩუუ, თვარა, გიხმარე ახლა აქვე, ამ მაგიდაზე!

გაისუსნენ.

ტრულაილამ ამჯერადაც აარიდა თვალი ლამარიეს მზერას და როცა მისკენ გახედვა გაბედა, თავის სკამზე მჯდომი იხილა. ლამარიე ამოჩემებულ წერტილს უცქერდა, მას თუ მიმართა, ამათგან – არც ერთს და მის ხმაში აღარ იყო მუქარა, მაგრამ მაინც გნუსხავდა ეს ხმა, იქნებ იმიტომაც, რომ სრულ სიჩუმეში დაიძრა და დაიწყო ლამარიემ იქ, იმ წერტილთან და: მოიშორეო, თუ გიყვარვარ, მოიშორეო და მიყვარდა და კი-მეთქი, ჰო, მარა რაფერ-მეთქი, მასწავლე, და კიო, – მითხრა, გავიკითხე უკვე და კიო, გასწავლიო, ნაცარწმენდილი არ გაგიგიაო? რაა-მეთქი ნაცარწმენდილი და ამიხსნა, მაკოცა თანაც და მიდიო, შენ იცი ახლაო და მივადექი ბუხარს, გამოვკრიფე ნაცარი, ჩავყარე ტაშტში, გავცერი ბებიაჩემის წვრილ საცერში, რაც გამოვარჩიე, მაწვნის ქილაში ჩავყარე, დავასხი წყალი, ავურიე სტოლის კოვზით, ვურიე და ვურიე, დავლიე ის მოჟამული, უგემური ის, სასაზე მრჩებოდა, მაზიდებდა იმის გემოზე, მარა მაინც დავლიე და დავჯექი ჯორკოზე, ველოდები – რა იქნება, არ ვფიქრობ არაფერზე, ველოდები და გული მაქვს დამძიმებული – არაფერს ვგრძნობ სხვას, ველოდები, ვარ ჩემთვის და ბაბუა ახველებს მეზობელ ოთახში, მეძახის ბაბუა – ლამარიე! ლამარიე! ჰო, ბაბუ, ჰო, – ვპასუხობ, ვდგები და მივდივარ ბაბუასთან, წევს ბაბუა ტახტზე, წითელ მუთაქაზე უდევს თავი, თვითონაც წამოწითლებულია სახეზე, თმა თეთრი აქვს, სახე – წითელი, ხველებისგან, ალბათ, ახველებს ისევ, მანიშნებს – საბანი შემომიკეცეო, შემოვუკეცე საბანი, ვაკოცე შუბლზე, ცხელი მომეჩვენა იმისი წითელი შუბლი და ვეკითხები: – სიცხე გაქვს, ბაბუ-თქვა, ჩაიქნია ხელი, წამოახველა, წამოვედი აქეთ, მომყობა ბაბუას წამოხურებული წითელი შუბლი, ტუჩებზე მომყობა, შევიხოცე ტუჩები ხელით, არა, ვერა, იქაა ბაბუას წამოხურებული წითელი შუბლი, ჩემს ტუჩებზეა, რატომ ვაკოცე-თქვა, ვფიქრობ, მარა ძილის წინ ვკოცნიდი შუბლზე, ასე მიმაჩვია და ვაკოცე და რომ მომყობა? – არ მანებებს თავს, შევიხოცე მაჯით, შენც არ მომიკვდე, ისევ იქაა, ტუჩებზეა, ჯანდაბას შენი თავი-თქვა და დავწექი და ვიცი უკვე, იმოქმედებს, მარა, როდის და რანაირად იმოქმედებს, არ ვიცი, ვწევარ ჩემთვის და ველოდები, მარა მაწუხებს ის, რაც ჩემს ტუჩებზეა და წამოვდექი, ჩამოვედი ქვემოთ, პირსაბანთან, ავიღე კბილის ჯაგრისი, ვიხეხავ ტუჩებს, მიხურს უფრო, რო ვიხეხავ, ვიგრილებ წყლით, ისევ ვიხეხავ და ვიგრილებ და წამოვედი, ავყევი კიბეს, წამოვწექი და ველოდები, როის დაიწყება, მზად უნდა დავხვდე – ვიცი და ველოდები და ვარ ჩემთვის, არ ვგრძნობ არაფერს, გული მაქვს ცოტა დამძიმებული და ტუჩები მიხურს ბაბუას წითელი, წამოხურებული შუბლით, სხვა – არაფერი თითქოს, მარა ტუჩები კი მიხურს. Dდა აღავღავდა მეზობლის ძაღლი, მურიე ერქვა, ღავღავებს მურიე, უყეფს ვიღაცას, მურიეს ღავღავს მოვუსმენ და სხვაზე არაფერზე ვიფიქრებ-თქვა, გავივლე გულში, მარა მობეზრდა იმასაც, მიჩუმდა და მურიესთან ერთად ყველაფერი მიჩუმდა იმ ღამეში, ვწევარ ჩემთვის და ველოდები, როის დაიწყება, მარა ტუჩები მიხურს და ისაა, რომ მაწუხებს, წამოვდექი საწოლიდან, მივედი ფანჯარასთან, გავხედე მთვარეს, თეთრი იყო, სანახევროდ მიჩურთული იმ ღამეში, მოსაწყენი მთვარე იყო რაღაცნაირი, ვდგავარ ფანჯარასთან და მებერება ტუჩები, ბეჩა, სადამდე შეიძლება გაიბეროს-თქვა, – ვფიქრობ, არ იშლის თავისას, იბერება და იბერება, და უცებ გასკდა მარა გარედან კი არ გასკდა, შიგნით ჩამეღვარა სხეულში, გულს ჩაყვა ჯერ და მუცელსაც ჩაყვა და გამოდის ჩემგან მდინარესავით, ჰო, ფეხებშუა გამდის წითელი მდინარესავით, ვდგავარ ხიდივით, ასე, ჰო, ხიდივით ვდგავარ და ჩემგან გამოდის წითელი, სველი, მოაქვს ხორცივით შეკრული წითელ-წითელი რაცხა მოაქვს და არ ვიცი რაა ის რაცხა და მინდა, რო დავიხარო და ავიღო, მარა ვერ ვიხრები, და რატომ ვერ ვიხრები-თქვა, ვფიქრობ, მართლა ხიდი ვარ-თქვა, წითელ მდინარეზე გადებული ხიდი-თქვა – ვფიქრობ, იქით კიდე ის მთვარე სანახევროდ მიჩურთულა იმ ღამეში, მოსაწყენი მთვარეა რაღაცნაირი, მარა მთვარეა მაინც, თეთრია ასე თუ ისე და ვუყურებ მთვარეს და აღარ მინდა ქვემოთ დავიხედო, ვიცი ისედაც, რომ წითელ მდინარეზე გადებული ხიდი ვარ და მთვარეს ვუცქერ და ისიც ვიცი, რო წაიღო უკვე ის, მდინარემ წაიღო და ვერ დავიხარე და ვერ ავიღე, იმიტომ, რომ ხიდი ვარ და როის იყო, ხიდი იხრებოდა და წყალწაღებულს შველოდა, ჰოდა, მოვიდა ნანულიე, იქამდეც კი უნდა მოსულიყო, მარა, რაც მთავარია, მოვიდა და ვიშვიშებს ნანულიე – გასულელდი, გოგო, ვერ დამელოდე, შე შეჩვენებულო, და კაი, ნანულიე, – ვეუბნები, კაი, დავწობი ახლა და მივყავარ საწოლთან და მირბის და მორბის, არის ერთ ამბავში, ვედროთი ეზიდება წყალს, ვწევარ და ვფიქრობ, – ბებიამ არ გაიგოს, ჩუმად, ნანულიე, ჩუმად, ნანულიე, ბებიამ არ გაიგოს, მარა მახსენდება, რომ არაა ბებია სახლში, თავის ძმასთან წავიდა ბებია სოფელში, ის რომ ჩამოვა მოთავებული ინება ყველაფერი, მარა ეს ღამე უნდა გავატანო როგორმე და აღავღავდა მურიე ისევ და ვატყობ – მამშვიდებს მურიეს ყეფა, იღავღავოს და იყოს, ნანულიეც აქაა და მურიეც, ის დედაკაცი არაა აქ, დაჩეკა წიწილები, მე – ვითომ არ ვარ, ქმარს არ უნდა აწყენიოს, გეგონება, ისაა მისი პირველი მამაკაცი, ის, მისი ქმარი, მე არ ვარ საერთოდ – არც კი დავბადებულვარ, მაგრამ, რომ არ დავბადებულიყავი, შაკოია – ტრაკი როგორ მეყვარებოდა, ჰოდა, მოიშორეო იმ ტრაკმა, მოიშორე, მოიშორე, თუ გიყვარვარ, მოიშორეო და მიყვარდა და მოვიშორე და აღარც ამყოლია მერე და ჩემთვის მინდოდა, ჩემთვის, სხვისი შემწუხებელი არ ვიყავი, მარა სიყვარულით მინდოდა ჩასახულიყო და აღარ ჩაისახა, იმიტომ, რომ ხიდი ვიყავი იმ ღამეში, გაყვა წითელ მდინარეს და ვერ დავიხარე და ფეხმძიმეს რომ დავინახავდი, მომეწურებოდა გული, მომეწურებოდა, რატომ ვერ დავიხარე-თქვა მაშინ, გამეფიქრებოდა ასეთი სიაბდლე, მარა ეს მერე, მერე, რომ გადავრჩი და გამოვატანე ის ღამე და კიდე ორი დღე და ორი ღამე რომ გამოვატანე, და რომ გამოვიხედე თვალში, მერე დამჩემდა ის, – ფეხმძიმე ქალზე თვალის მიშტერება და იმედიც რაღაცნაირი, იქნება ამყვეს-თქვა, იქნებ, მარა არ ამყოლია და ნანულიე მეჩურჩულება, ნანულიე, – უჩივლე, გოგო, უჩივლე. ვის უჩივლო, და ვუჩივლო-მეთქი? მარა არ ჩერდება ნანულიე და იმეორებს და იმეორებს, – დამიჯერე შენ მე, უჩივლე, გოგო, უჩივლეო, და – ჩუუ, ნანულიე, ჩუუ, რომ გკუზავდა და აღარ გკუზავს, ის ბოღმა გალაპარაკებს-თქვა და მიდის ნანულიე გაბუტული, მიდის და წავიდა და მოკვდა საწყალი, გაიგებდით.

ქალი გაყუჩდა. ერთხანს ასე იყო, შემდეგ თქვა:

– სად დამაბრუნეთ ამ თქვენი ქელეხით; ან მე რას მერჩოდით, ან საკუთარ თავს, აღარ მინდა მე თქვენთან, – წამოდგა, – ჩემგან შეცხადებულია შენი საოხრე, დიტოია, თქვენც შეცხადებული ხართ, ყველა; იმიტომ, რომ ის ხართ, ის! – თითი გაიშვირა ლამარიემ ოქროსკალმიანი კალმისტრისკენ, შემდეგ მხატვარ გერა ნი…ძეს ჩამოადო მხარზე ხელი, – ამათზე მეტად შენ მახსოვხარ, რომ იცოდე, ჩანჩურა, შენ… – პორტმონე ამოიიღლიავა, მაგიდის შუა წელს მიუახლოვდა, მარაო აიღო და კარისკენ გაემართა, გზად თქვა: – აღარ მინდა მე თქვენთან, წავედი, – კარი გაიხურა, წავიდა.

მხატვარი გერა ნი…ძე გამოერკვა პირველად, წამოდგა, ბერეტი დაიხურა, ლამარიეს ქუდს მისწვდა, ოთახიდან გაეჩქარა.

ტრულაილამ ფანჯარას გახედა. ჩაქვესკნელებულ ღამეში ტირიფი აღარ ჩანდა. რაღაც კრთებოდა, მიგიზგიზებდა თეთრად, ლამარიეს თეთრი ქუბა და თეთრკანტიანი ქუდი, ალბათ.

– ეს რა იყო, – სული ჩაიბრუნა წარბამ, – დაგვსვა ტრაკებად ამ ბოზმა.

– უბედური ქალია, – თქვა პარტიულმა ფუნქციონერმა, – შევსვათ ერთი სტაქანი, ცუდად ვარ…

– ის შაკოია დიდი ბინძური კაცი იყო, – თქვა წარბამ, – ფუფლოვშიკი და აფერისტი… ადლერში მოკლეს.

– აიღე შენი კალმისტარი, კიაზო, დამთავრდა ქელეხი, ისღა დაგვრჩენია, ვიქეიფოთ, – თქვა ტრულაილამ.

კიაზო ბა…ია კალმისტარს მისწვდა, უბისკენ წაიღო.

– გაფრთხილდი, კიაზო, ნუ მიითბობ მაინცდამაინც, რა იცი, რა ხდება, არ გაისროლოს… – თქვა ბიჭოიამ.

გაეღიმათ მძიმედ, მაგრამ მაინც გაეღიმათ.

კარი გაიღო, ოფიციანტმა ლანგარი შემოიტანა, ლანგარზე ხავერდის შავი ნაჭერი და სალამური იყო შემოდებული.

– მერაბმა დამავალა, აი, მოგართვით, – თქვა ოფიციანტმა.

– ეს რაა? – გაუკვირდა ტრულაილას.

– ვერ მიხვდი, რაცაა? – მიმართა ტრულაილას ბიჭოიამ, – სიმპათიური ჯოხი და გადასაფარებლი; ჩასტვინე, ბიძიკო, ჩასტვინე, ხმა გამაგებიე მაგ სალამურის, – ოფიაციანტს მიუტრიალდა ბიჭოია.

ოფიციანტმა უარი ვერ შეკადრა მუშტარს, დაბნეული ღიმილით ჩაბერა სალამურს.

ტკბილხმოვანიც ყოფილა და არ ვიცოდით, ეჰ… – თქვა ბიჭოიამ და გაიცინა.

დაახლოებით ნახევარ საათში მოადგა რესტორანს შავი 24-ი, სახელმწიფო ნომრით, ГРУ88-88; დიდხანს ესენიც არ შეყოვნებულან, ლამარიესგან ჩატოვებულმა სიმძიმემ ვეღარ აქეიფათ, რომ გამოდიოდნენ, წარბამ ერთხელაც იკითხა: – ეს რა იყო?

– ქარი, – უპასუხა ტრულაილამ, – ქარი…

– ჰა? – ვერ გაუგო მეგობარს წარბამ.

– ქარი… – გაიმეორა ტრულაილამ, – გიჟი მარტი მოტრიალდა აპრილის ქარებში.

– რატომ? – დაიბნა წარბა.

– ნასესხებია, – თქვა ტრულაილამ.

– ააა, – თქვა წარბამ და მერე ისევ თქვა: ლამარიე გიჟია?

– არა, – თქვა ტრულაილამ, – ანდა, არ ვიცი, – თქვა შემდეგ.

ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც გიჟი, ანდა, ამათ თვალწინ გაგიჟდა, ან იქნებ არ იყო გიჟი ლამარიე, – ესეც არავინ იცის, ცხადი ისაა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში, იმ სისხლიან ცხრა აპრილამდე დააკავეს სამართალდამცავმა ორგანოებმა პროკლამაციების გაკვრისთვის, წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს ჯერ, ამის შემდეგ ფსიქიატრიულში უკრეს თავი, სადაც 1991 წლის 21 აგვისტომდე, ანუ იმ დღემდე დაჰყო, როცა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სსრკ, როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვეტდა და როცა ეს წინასწარმეტყველება ახდა, უცაბედად გარდაიცვალა ლამარიე, გეგონება, ისიც წინასწარმეტყველების ნაწილი იყოო.

© “არილი

Facebook Comments Box