პოეზია

თეა თოფურია – “როგორც არ უნდა მოინდომო…” და სხვ. ლექსები

tea topuria 4897

***                      

როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც ძნელია,

დარჩე ზუსტად იმდენი, კონკრეტულ საგნებს ეყო.

ზამთრის მოკლე დღეც ვერ ვიცხოვრე ისე,

მხოლოდ საქმის ვყოფილიყავი.

ყოველ ჯერზე ძველი მაისურივით იწელება ფიქრი,

იქ გაშიშვლებს, სადაც გრცხვენია

და იმას ფარავს, რაც არავის აინტერესებს.

ეს ღრუბელი თვითმფრინავის ზოლზე,

როგორც თოკებზე გაწოლილი თეთრი კატა,

ეს მდინარე – ისეთი მდორე, ხანდახან  წყალი აღმა მიდის

და ათასი სხვა სისულელე,

ერთ ღიმილსაც კი ვერ ეყო,

ისე იკარგება, როგორც სითბო უკარო სახლში,

სადაც ყველა, ვინც დიდები ვართ,

ვინც, ჩუტყვავილა, წითურა და სიყვარული გადავიტანეთ,

ყინვაში ვდგავართ

და ადგილზე ვხტივართ გადასარჩენად.

***

რა სასაცილოა ჩემი მცდელობა,

თავი მიწაზე შევიკავო.

რა არ მოვიგონე:

კარგი სამსახური, ნიჭი, ტკბილი ნამცხვრები…

პატარა ბავშვივით ვაჩეჩებ საკუთარ თავს შოკოლადებს –

აი, ნახე, ვინ გაჭმევს ამას საიქიოში,

ვინ მოგცემს ხელფასს,

იქ არ არის მაღაზიები, ახალი კაბის შესაძენად ვერ ჩამოუვლი,

მეგობრებთან ვერ გადარეკავ,

ვეღარ ჩახვალ ვეღარც შენს ზღვაზე,

წლების მერე სამშობლოს რომ დაგიბრუნებენ,

ვეღარც დაწერ, რაც დაწერე ეგღა იქნება…

 

ჩემი თავი კი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი და გატანჯული…

ჩემი სიშტერე არც კი ართობს.

როდის გახდა ასეთი შეუვალი?

რომელი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა?

რომელი ჭრილობა გაუმიზეზდა ასე უსაშველოდ,

ბავშვობის, ომის, სიყვარულის?…

რომელს სდის დღემდე ჩირქი და სისხლი,

არ ხორცდება, თითქოს ყოველ მზის ჩასვლაზე,

ვიღაც მოდის და შხამს ასხავს,

ბლომად, დაუნდობლად.

 

მე კი ვდგავარ და ათას ბრჭყვიალა ნივთს ცხვირწინ ვუტრიალებ,

საიქიო რომ გადმოვწონო –

ნახე, ლამაზია, იქ არ გექნება, მაინც აქეთ სჯობს…

როდის გავხდი ასეთი მშიშარა?!

საკუთარ თავს ბოლო ბრძოლაში ვერ მივყვები.

***

როგორ მეგონა ამ ცხოვრებას,

მიწისძვრასავით რომ დაგვატყდა და აგვაყანყალა,

ყველა თუ არა, ზოგი მაინც გამოასწრებდა.

აჰა, სიმართლე – ერთადერთი გადარჩენილი ვარ.

ზრიალით ჩამოვარდნილი ჭაღი,

კლავიშებივით ჩაცვენილი საფეხურები,

ან ისინი, გასასვლელში რომ ერთმანეთს აწყდებოდნენ,

ნუთუ ყველა?

ნუთუ ვერც ერთი?

თუნდაც კოჭლი, თუნდაც უხელო,

თუნდაც შიშისგან შერყეული,

ამ ბოლავარდნილ მიწაზე რომ დარბოდეს და ღრიალებდეს.

ნიავი კი ისევ ნიავია…

ტანსაცმელს ვიხდი,

თუკი ვინმეს გადავეყარე,

ისიც ცოცხალი და შიშველი იქნება.

***

მაშინ რომ მეცვა ის ფეხსაცმელები იმავე ზაფხულს დაიხა,
მაისურმა წელი ძლივს გაძლო,
ქვედაკაბა შარშან გადავაგდე…
ამბავი კი ისეთი ახალი და ცხადია,
თითქოს ახლახანს მოხდა კი არა,
ჯერ არც მომხდარა.

***

ფანჯარა მაინც დამეხურა,

პირველი სართულია, ქურდი არ გადმოძვრეს.

კარი თუა ჩაკეტილი, ძაღლს მაინც ღვიძავს?

ვის გაუგია, ასე მოწყვეტით მიგდება და

ძილის წინ დაძინება.

ადრე ვოცნებობდი ძილის წინ,

ახლა მარილი აღარ მიყვება,

გემო გაუვიდა დიდხანს ნაღეჭი საჭმელივით,

არაფრით ახდა.

სადღაც შორს ლივლივებს სახლი,

ასეთი არა – ერთ ოთახში რომ ყველაფერს ვატევ.

ის სახლი დიდია, არეული.

იქ ქმარი და შვილები არიან.

როცა ჯერ კიდევ ვოცნებობდი, კარგები იყვნენ.

დღეს ვერა და დარჩა სახლი ხალხის გარეშე.

ერთი მაგათიც!

რა გამოვიდა,

ცხოვრება შევალიე და არც არსებობენ.

***

ეს დარდი – როგორც ფეხსაცმლის შიგნით გახეული წინდა,

სხვა რომ ვერ ხედავს და შენ იცი.

როგორც დილის მაღვიძარა,

სიჩუმეში ერთბაშად რომ აკივლდება,

როგორც ლეიკოზი, ყველაზე მთავარს, სისხლს რომ აშრობს,

ადგილის დარდია.

სად ხვდებიან  ერთმანეთს ჩემნაირები?

ისეთები,  ტანჯვით რომ ცხოვრობენ და სულს მშვიდად ლევენ.

ორი წუთით გავაჩერებდი, ჩავიხუტებდი:

„ნუთუ მართლა არსებობ, ნუთუ მართლა?

ახლა მშვიდად ვიცოცხლებ,

და ტანჯვით მოვკვდები“.

***

აი, კიდევ დღე, რომელშიც არაფერი მოხდება.

თითქოს მშიერი ნასუფრალთან დაგსვეს

და ეხლა ეძებ,

იქნებ, რომელიმე ძვალს ხორცი შერჩა,

სუფრას ნამცხვრის ნამცეცები,

ან სულაც რამე მთელი გადაურჩათ,

მლაშე იყო და დაიწუნეს,

სხვებს არ უყვარდათ.

როგორც მერცხალი,

ტალახს, ბეწვს, ღეროს რომ აგროვებს

და ბუდეს იგებს,

შენც ყველაფერს გამოიყენებ.

უგემურ დღეს დატკბობა უნდა,

უნდა იშრომო.

***

ერთხელ მე გადავკვეთ ხაზს, შენ დარჩები,

აი ასე, ჰეკლბერ ფინივით უდარდელი

და არავის ეცოდინება,

ვის მხარეს იყო მეტი სიმართლე,

ვინ იყო უფრო ნამდვილი,

შენ თუ ჩვენ – ვინც ერთ ღამეს

უბოდიშოდ წამოგვყარეს ანგელოზებმა

და ყველაზე რთული გზებით,

კინწისკვრით გაგვრეკეს სამოთხისკენ.

***

ეს დღე, როგორც სხეულში ჩარჩენილი ტყვია,

ხანდახან თავს მახსენებს,

უფრო ხშირად თავისთვისაა.

ბაგაზე დაბმული ხარივით

არსადა მაქვს წასასვლელი.

ჩემს მოტანილ თივასვე ვცოხნი,

აქვე დავწვები და დავიძინებ –

თუნდაც ღამე გაორმაგდეს, კარაქივით გასქელდეს

ტანზე გადაისვან მძინარე ადამიანებმა,

უძილობა შეეყაროთ და იბორიალონ,

ზღვამდე მივიდნენ და თევზები გამორეკონ,

წყალზე გაიარონ,

სადაც ჩავლენ, თქვან, სიყვარული ჩარჩა ფილტვებში…

მე კი ის დღე გამახსენდეს,

ერთხელ სული მუხლებს რომ ასცდა

და საკუთარ თავს გამოვედევნე.

© არილი

Facebook Comments Box