ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

სალვადორ დალი – ერთი გენიოსის დღიური

dali 25b dali

ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

“ერთი გენიოსის დღიური” ჭეშმარიტი მწერლის ნაწარმოებია. ერთადერთი, რასაც რედაქტორის ხელი შეეხო, დალის ორთოგრაფიაა; მოგეხსენებათ, მხატვარი მხოლოდ ჟღერადობით, ფონეტიკური სიზუსტით იმახსოვრებდა სიტყვებს და არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ენაზე წერდა: კატალონიურად, ესპანურად, ფრანგულად თუ ინგლისურად. უცვლელი დარჩა დალის მეტყველებისათვის ნიშნეული ბრწყინვალება, გაზვიადებულობა და ზღვარგადასულობა, ასევე მისი ვერბალიზმი, აკვიატებული იდეები და ზმანებები. ეს ფასდაუდებელი დოკუმენტია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მხატვარ-რევოლუციონერზე, ნაყოფიერი გონების სასწაულებრივ გამონათებებზე და შეუზღუდველ აღმაფრენაზე. ამ გვერდებს, დარწმუნებული ვარ, ერთნაირი გატაცებით გაეცნობიან და გაანალიზებენ, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების დამფასებლები და მძაფრი შეგრძნებების მაძიებლები, ასევე – ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები, ეს გვერდები ხომ იმ ადამიანზე გვესაუბრებიან, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა: “ჩემსა და გიჟს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მე არ ვარ გიჟი”.

 მიშელ დიონი

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტებს დალის მიერ 1955-1960 წლებში დაწერილი დღიურიდან.

1956 წლის 11 მაისი

როგორ წესი, წელიწადში ერთხელ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მაინც გამომეცხადება ხოლმე, რომელიც აუდიენციას მთხოვს, რათა წარმატებული ცხოვრების რეცეპტი დამცინცლოს. ერთ-ერთს, რომელიც ამ დილით მომადგა კარზე, მოვახსენე:

– იმისათვის, რომ საზოგადოებაში მდგრადი და მარად მზარდი პოზიცია მოიპოვოთ, სასურველია, რომ დიდი ნიჭის პატრონი იყოთ. ურიგო არ იქნებოდა ასევე, თუ ადრეული ყრმობის ასაკშივე საზოდაგოებას, რომელზეც ჭკუა გეკეტებათ, ერთი მამა-პაპური, გემრიელი და  ძარღვიანი პანჩური ამოარტყათ; მთლად გადასარევი, თუ მარჯვენა კანჭშიც მისცხებთ. ამ დემარშების წარმატებული განხორციელების შემდეგ იზრუნეთ იმაზე, რომ პირწავარდნილ სნობად გარდაიქმნათ, როგორც თქვენი მონა-მორჩილი, მაგალითად. პირადად მე სნობიზმი ბავშვობიდან მომდგამს. ჯერ კიდევ მაშინ ვიყრიდი მუხლს მაღლა მდგომი სოციალური კლასის წინაშე, რომელიც ჩემს თვალში კონკრეტული ქალბატონის – ურსულა მატასის სახესთან იგივდებოდა. წარმოშობით არგენტინელი იყო  და უგონოდ მიყვარდა მხოლოდ იმიტომ, რომ უზარმაზარ შლაპას ატარებდა. (ჩემს ოჯახში შლაპები სულაც არ იყო მიღებული და დაფასებული). და კიდევ იმიტომ მიყვარდა, რომ ეს მშვენიერება მესამე სართულზე ცხოვრობდა. ბავშვობის მიწურულს ჩემს სნობიზმს უფრო გაუმძაფრდა მადა და მესამე სართულით არ შემოიფარგლა. უფრო და უფრო მაღალი სივრცეებისკენ გაურბოდა თვალი. პარიზს როცა ჩავედი, პირდაპირ ავადმყოფურ აკვიატებად მექცა იმაზე ფიქრი, დამპატიჟებდნენ თუ არა იმ სახლებში, სადაც, მაშინდელი ჩემი მოსაზრებით, ნებისმიერ ფასად უნდა შემეღწია. როგორც კი ნანატრ მოწვევას მივიღებდი, სნობიზმის შემოტევა მყისიერად ჩამიცხრებოდა ხოლმე. აი, ზუსტად ისე, ავადმყოფობა რომ გაგივლით, როგორც კი ექიმი პალატის კარს შემოაღებს და თავს შემოყოფს. მოგვიანებით ზნე მეცვალა და შეგნებულად არ მივდიოდი იმ ადგილებში, სადაც მეძახდნენ. და თუ მივდიოდი, ყოველი მიზეზის გარეშე სკანდალს ვაწყობდი, რათა ჩემი გამოცხადება არავის დარჩენოდა შეუმჩნეველი. შემდეგ კი საპნის ბუშტივით ვქრებოდი. მსურს გამოგიტყდეთ, რომ ჩემთვის, განსაკუთრებით სიურრეალიზმის მძვინვარების ხანაში, სნობიზმი ნამდვილ სტრატეგიად გარდაიქმნა. ალბათ იმიტომ, რომ რენე კრეველის გარდა, მე გახლდით ერთადერთი, რომელიც მაღალ წრეებს ეტანებოდა, ანუ უნიკალური ადამიანი, რომელსაც იქ ეპატიჟებოდნენ და სათანადოდ  მასპინძლობდნენ. სხვა სიურრეალისტები ამ წრეს არ იცნობდნენ და, ცხადია, არც არავინ აგლეჯდა მათ კალთას, გინდა თუ არა, დაგვდე პატივი და გვეწვიეო. მათ საზოგადოებაში მე შემეძლო მოულოდნელად წამოვმხტარიყავი და გამომეცხადებინა: “თქვენთან კარგია, მაგრამ ქალაქში მნიშვნელოვან ვახშამზე მელოდებიან”, – და ჩქარი ნაბიჯებით იქაურობა დამეტოვებინა. დარჩენილები კი იმტვრევდნენ თავს, მაინც სად წავიდა ეს კაციო  და ვარაუდებში იკარგებოდნენ. ზუსტ ინფორმაციას მეორე დღეს შეიტყობდნენ, თუმცა, – რაც ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს, – არა ჩემგან, არამედ – მესამე პირისგან. ფოსინი – ლუსენჟებთან მქონდა ვახშმობის პატივი თუ ვინმე სხვასთან, ისინი აკრძალულ ხილად რომ მიიჩნევდნენ იმიტომ, რომ ამ სიურრეალისტებს მათთან ცხვირსაც არავინ შეაყოფინებდა. როგორც კი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთა კომპანიაში ამოვყოფდი თავს, სნობიზმის ბევრად უფრო დახვეწილ, მე ვიტყოდი, ბევრად უფრო მძაფრ და წვეტიან ნაირსახეობას მივმართავდი. თამამად შემეძლო დამებრეხვებინა: “სამწუხაროდ, ადრე უნდა დაგტოვოთ, მყისვე ყავის შემდეგ, დღეს სიურრეალისტთა ჯგუფთან მაქვს შეხვედრა დაგეგმილი”, – და ვცდილობდი ეს ჯგუფი წარმედგინა, როგორც განდობილთა საიდუმლო საზოგადოება, სადაც შეღწევა ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე არისტოკრატიულ წრეებში თავის შეყოფა ან მათი წრის ნებისმიერ წევრთან დაახლოება. ამ დროს სიურრეალისტები წერილს წერილზე მიგზავნიდნენ, ცხადია, ლანძღვა-გინებით გაძეძგილს, და დაუფარავად აცხადებდნენ, რომ მთელი ამ ეგრეთწოდებული ბომონდის წარმომადგენლები წმინდა წყლის სირები იყვნენ და ამ ქვეყნისა არაფერი გაეგებოდათ – მოკლედ, უმეცარ ნაძირალათა და ავაზაკთა ხროვა! იმხანად ჩემი სნობიზმი მდგომარეობდა იმაში, რომ მოულოდნელად ფეხზე წამომვხტარიყავი და გიჟივით მეთქვა: “სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ, თორემ ბლანჟის მოედანზე დამაგვიანდება სიურრეალისტთა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობაზე”. ვერ წარმოიდგენთ ეფექტს, რომელსაც ჩემი სიტყვები დამსწრე საზოგადოებაზე ახდენდა. მოკლედ, ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ჩემი “ბომონდელები”, რომლებსაც სული ძვრებოდათ ცნობისმოყვარეობისაგან, როცა მივეშურებოდი იქ, სადაც მათთვის ყველა კარი ჩარაზული იყო, სიურრეალისტები კი – მეორეზე. მე კიდევ ყოველთვის აღმოვჩნდებოდი იქ, სადაც წარმოუდგენელი იყო ორივე ბანაკს ერთდროულად მოეყარა თავი. სნობიზმი მდგომარეობს იმაში, რომ იყო იმ ადგილებში, სადაც სხვები ვერ შეძვრებიან, ეს მომენტი მათში არასრულფასოვნების კომპლექსს აღვივებს. ადამიანურ ურთიერთობებში ყოველთვის არსებობს წინაპირობა იმისათვის რომ, შეიმუშაო ისეთი სტრატეგია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაზე დომინირებისა და მისი შენ გემოზე მართვის საშუალებას მოგცემს. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოვაბი თავი სიურრეალიზმთან მიმართებაში. მე სრულიად უუნარო გახლდით, ყველას ჭორებში მიმეღო მონაწილეობა; დანამდვილებით არასდროს ვიცოდი, ვინ ვის იყო გადაკიდებული. კომიკოს ჰარი ლანგდონის მსგავსად, ყოველთვის ისეთ ადგილას ამოვყოფდი თავს, სადაც მე კი არა, ჩემი ჩრდილიც კი არ უნდა ეხილათ. მაგალითად, ბომონების ოჯახი ჩემი და ჩემი ფილმის “ოქროს საუკუნე” გამო ლოპესების ოჯახს გადაემტერა; ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ მათ სწორედ ჩემ გამო არ ეხატებოდათ ერთმანეთი გულზე, არც ესალმებოდნენ და ხვდებოდნენ ერთურთს. მე, დალი, ბაიბურში არ ვიყავი ამ გამოცხადებული ომის შესახებ. მშვიდად, აუღელვებლად ვსტუმრობდი ჯერ ბომონდებს, შემდეგ კი პირდაპირ ლოპესების სახლისკენ ვიღებდი გეზს. საქმის კურსშიც რომ ვყოფილიყავი, მერწმუნეთ, ამ ფუჭ კინკლაობას უმნიშვნელო ყურადღების ღირსადაც არ ჩავთვლიდი. ზუსტად იგივე ამბავი გადამხდა თავს კოკო შანელისა და ელზა შაპარელის გამოც. დაუნდობელი სამოქალაქო ომი გამოუცხადეს ერთმანეთს მოდის სამყაროში გავლენის სფეროების გასაყოფად. ვსაუზმობდი ერთთან, მეორესთან კი ჩაის ვწრუპავდი; საღამოს კი ისევ პირველთან ვახშამს შევექცეოდი. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია იჭვიანობის ბობოქარ სცენებს შობდა. მე გახლავართ იმ უიშვიათეს ადამიანთაგანი, რომელიც ყველაზე პარადოქსულ და ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნულ სამყაროში ბინადრობენ. ხვდებით ალბათ, მე მქონდა სრულიად უნიკალური უფლება, ერთიდან მეორე სივრცეში გადავბარგებულიყავი, როცა ეს ჩემს სულსა და გულს მოეპრიანებოდა. ამ სნობიზმით გახლდით მართული, ანუ ვიყავი ერთგვარი აკვიატებით შეპყრობილი, მეწრიალა ყველას ცხვირწინ ყველაზე დახურულ და მიუდგომელ წრეებში.

ახალგაზრდა მამაკაცი გამოდელდა და თევზივით დაყვლეპილი თვალებით მიმზერდა.

– რამე დარჩა კიდევ თქვენთვის გაუგებარი? – დავინტერესდი.

– თქვენი ულვაში… პირველად როცა გნახეთ, ის  სრულიად განსხვავებული მეჩვენა…

– ჩემი ულვაში მუდმივად მერყეობს, ზედიზედ ორი დღეც კი არ არის ერთნაირი. ახლა მას ერთგვარი დეკადენტური ელფერი დაკრავს, იმიტომ რომ თქვენი მოსვლის დრო ერთი საათით ამერია. ჩემი ულვაში ამ მომენტისთვის სრულიად მოუმზადებელი და დაუმუშავებელია; სულ ახლახანს დააღწიეს თავი სიზმრებისა და ზმანებების სამყაროს.

ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიტყვები დალისთვის სრულიად ბანალურად გამოიყურებოდა და ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის განცდა დამეუფლა, რომელმაც უნიკალური გამოგონებისკენ მიბიძგა.

– დაიცადეთ!

გავიქეცი და ჩემი ულვაშის ბოლოებზე მცენარეული ბოჭკოსგან დამზადებული  ორი ძაფი ჩამოვაკონწიალე.  ბოჭკოებს, მოგეხსენებათ, აქვთ უიშვიათესი თვისება მუდმივად დახვევისა და გადმოხვევისა. დავბრუნდი და ახალგაზრდა მამაკაცს წარვუდგინე ბუნების ეს ფენომენალური სასწაული. ასე და ამგვარად გამოვიგონე – ულვაში – რადარები.

1956 წლის 2 სექტემბერი.

პრინცესა პ-მ დეპეშა გამომიგზავნა. მწერს, ხვალ ჩამოვდივარო. იმედი მაქვს, გადმომცემს ჩინურ ვიოლინო-მასტურბატორს, რომლის საჩუქრად ჩამოტანას ჩინეთში ბოლო მოგზაურობიდან მისი ქმარი, – თავადი! – შემპირდა. სადილის შემდეგ ღია ცის ქვეშ ჩამოვჯექი, რომელიც თითქოსდა მიბიძგებდა, სამყაროს გრანდიოზულობაზე ათასგვარი სისულელე მეროშა. ჩემი ოცნებები კი მთრთოლვარე დანამატით აღჭურვილ ვიოლინოს ვერ გასცდა. ეს წანაზარდი, გნებავთ დანამატი, თავიდან ანუსში უნდა შეაცურო, მაგრამ მისთვის ზედგამოჭრილი ადგილი მაინც ვაგინაა. როგორც კი გამოცდილი მუსიკოსი მას საჭირო ადგილას ბოლომდე გააკვეხებს, იღებს თხემს და მის სიმებზე პროწიალს იწყებს. ნუ გგონიათ, რომ უკრავს იმას, რაც მოეპრიანება. არა, ასე ნამდვილად არ არის.  ხელმძღვანელობს რეპერტუარით, რომელიც საგანგებოდ ხელცქვიტობის სეანსებისთვის არის მოფიქრებული. ვნებით გაჟღენთილი მელოდია მუსიკოსს მყისიერად ითრევს, რასაც შედეგად გამონაზარდის გაშმაგებული და აულაგმავი ვიბრაციები მოჰყვება. მუსიკოსი ახერხებს, რომ ტურფას პარტიტურის ექსტაზის ნოტებთან ერთად გული წაუვიდეს.

ეროტიკულ ზმანებებში ჩაფლული, გაფანტული ყურადღებით ვისმენ სამი ბარსელონელის საუბარს, რომლებსაც, რამდენადაც მე მივხვდი, სფეროების მუსიკა ენით აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებდა. მათ გაიხსენეს მილიონი წლის წინათ ჩამქრალი ვარსკვლავების ისტორიაც, რომელთა ნათებითაც ჩვენ დღემდე ვტკბებით და ასე შემდეგ. ვერაფრით გავიზიარებდი მოლაყბეთა მოჩვენებით და უნიჭოდ გათამაშებულ აღფრთოვანებას, კმაყოფილების შეძახილებს, ამიტომაც მივუბრუნდი მათ და უცერემონიოდ მივახალე: სამყაროში რაც ხდება, სულაც არ მაკვირვებს და ეს ჩემი განცხადება სრული ჭეშმარიტებაა-მეთქი. ამ დროს ერთ-ერთმა ბარსელონელმა, ჩემი გამოსვლით სრულიად შეძრულმა, თქვა:

– ესე იგი ამქვეყნად არაფერი გაკვირვებთ, სწორად გავიგე? კეთილი, ნუ გაიკვირვებთ! მაშინ, მოდით, ერთი რამ წარმოვიდგინოთ. დავუშვათ, შუაღამეა და ჰორიზონტზე ჩნდება სინათლე, რომელიც აისის დადგომას იუწყება; თქვენ ყურადღებით აკვირდებით და ხვდებით, რომ ეს მზეა. არ დაგავიწყდეთ, ეს შუაღამისას ხდება! ახლა მითხარით, ეს მაინც არ გაგაკვირვებთ?

– არა, – ვუპასუხე მშვიდად, – გარწმუნებთ, ამოიწვერებოდა თუ არა მზე, სულაც არ დამაინტერესებდა, გნებავთ შუაღამისას.

ბარსელონელმა მესაათემ შეჰყვირა:

– მე კიდევ გავიკვირვებდი, თანაც ისე, რომ თავი გიჟიც კი მეგონებოდა.

აქ სალვადორ დალიმ დააბრეხვა ერთ-ერთი იმ დამანგრეველ პასუხთაგან, რომელთა საიდუმლოს მხოლოდ ის ფლობს:

– მე კიდევ ვიფიქრებდი, რომ მე კი არ გავგიჟდი, არამედ მზე.

3 სექტემბერი.

პრინცესა კი ჩამოვიდა, მაგრამ ჩინური ანალური ვიოლინო არ ჩამომიტანა. მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ანალური ვიბრაციების გზით ის ყბადაღებული გულისწასვლები  და  შექანებები გამოვიგონე, პერმანენტულმა შიშმა შეიპყრო, თუ რა თვალით შეხედავდნენ მას მებაჟეები, როცა ამ ინსტრუმენტის დანიშნულების შესახებ მოჰყვებოდა. ერთი სიტყვით, ვიოლინო პრინცესამ არ მაღირსა, სამაგიეროდ  სანაცვლოდ ფაიფურის ბატი მომართვა, რომელსაც ჩვენ მაგიდის შუაგულში მივუჩენთ ადგილს. ბატი ზურგზე გამოჭრილი ხუფით იხსნება და იკეტება. პრინცესას ბატის ზნე-ჩვეულებებზე ღვთაებრივ ამბებს ვუყვები; მათი არსებობა კი ამქვეყნად მხოლოდ დალიმ თუ უწყის. ამ დროს თავში სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ფანტაზია მომდის. ვიფიქრე, სულაც არ იქნებოდა ურიგო, თუ მოქანდაკეს, აი, იმას, ფიდიას ტორსს რომ პენისი მიაბა, ბატისთვის კისერი წაეხერხა. სადილის ჟამს ავიყვანდი ცოცხალ ბატს და ფაიფურისაში ჩავსვამდი. ცოცხალი მხოლოდ თავისა და კისრის გამოყოფას შეძლებდა. იმ შემთხვევაში, თუ ბატი ყვირილს მორთავდა, ნისკარტზე ოქროს ღილ-კილოს დავადებდით. ჩემი წარმოსახვა კიდევ უფრო შორს წავიდა. ხომ შეიძლებოდა, ფაიფურის ნაკეთობისთვის მოგვეფიქრებინა ხვრელი, იმ ადგილას, რომელიც ცოცხალი ბატის დაემთხვეოდა? ინახად სხდომის  ერთ-ერთი ყველაზე მელანქოლიური მომენტის დადგომისას, – ეს ის დროა, როცა ორცხობილებს შეექცევიან, – უეცრად ოთახში ერთი საშუალო სიმაღლისა და შეძლების, კიმონოში გამოპრანჭული იაპონელი შემოდის და სავიბრაციო დანამატს ბატს ანუსში გაურჭობს, ამავდროულად საგანგებოდ მოფიქრებულ სადესერტო მუსიკას უკრავს, რისგანაც ბატს რაღაც მომენტში პირდაპირ ყოფით საუბრებში ჩაფლული მეინახეების თვალწინ გული მისდის… მთელი სცენა უჩვეულო კანდელაბრებით განათდება. ვერცხლის მაიმუნების ორ ნახევარს შორის, სენდიჩვის შიგთავსის დარად, ცოცხალ მაიმუნებს გამოვკეტავთ.

მოკლედ, ამ მაიმუნური კანდელაბრების ერთადერთი ნამდვილი და ცოცხალი ნაწილი მათი გახელებული და ამ უნატიფესი ინკვიზიციისგან მოღრეცილი სიფათები იქნება. ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო მოძრაობის შეზღუდულობით გამოწვეული მათი კუდების ქიცინის ცქერაც. პირადად მე ეს სანახაობა ენით აღუწერელ სიამოვნებას მომგვრიდა. სანამ ეს კუდები მაგიდას ეხეთქებიან, მათი პატრონები, ანუ ჩემი სენდვიჩები, ვითარცა ყველაზე სამაგალითო რქადადგმული ქმრები მაიმუნს მიმსგავსებული მთელი მოდგმიდან, ნებსით თუ უნებლიეთ მშვიდად, აუღელვებლად და ღირსეულად სანთლებს დაიჭერენ.

იმავე მომენტში კიდევ ერთმა ახალმა იდეამ გამინათა გონება, როგორც იუპიტერის თვალისმომჭრელმა ბრწყინვალებამ:  რქადადგმული ტრილიონჯერ უფრო გრანდიოზულად და შთამბეჭდავად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა მეფეს – თვით ლომს იმავე კრეტინულ მდგომარეობაში ჩავაყენებდით.

რატომაც არა ვითომ? ავიყვანდი ლომს და “ჰერმესის” ულამაზესი პრიალა ტყავის ღვედებით გავსკვანჩავდი. შემდეგ ამ ღვედებზე ყანის ჩიტებითა და კიდევ ათასი სხვა უგემრიელესი, ლომის საყვარელი სასუსნავით გაძეძგილ ათიოდე გალიას ჩამოვაკონწიალებდი, თანაც ისე, რომ ლომი ვერადროს მისწვდომოდა საკვების ამ უძვირფასეს და დახვეწილ მარაგს, რომლითაც ის ასე ძალუმად იქნებოდა დახუნძლული. სარკეთა თამაშის წყალობით ლომს მუდმივად ექნებოდა მთელი ამ დოვლათის თვალიერების საშუალება. ცხადია, მისი ნერვები ამ მაცდურ სანახაობას ვერ გაუძლებდა. ის უბედური დარდისა და ნერვიულობისგან ჩამოხმებოდა, ჩამოდნებოდა და ერთ დღესაც სულსაც განუტევებდა. სინამდვილეში აგონიას ერთგვარი სახელმძღვანელოს დატვირთვაც ექნებოდა, ერთდროულად მორალური და სუბვერსიული ღირებულების მატარებელი იმათთვის, ვისაც ძალუძს მსგავს დამრიგებლურ და ჭკუისმასწავლებელ სანახაობას თვალმოუწყვეტლივ უცქიროს.

სასურველი იქნებოდა, თუ შიმშილით ჩაძაღლებული ლომის დღეს ყველა პატარა დაბისა და სოფლის მერია ხუთ წელიწადში ერთხელ, ნათლიღებიდან ხუთი დღის შემდეგ იზეიმებდა. ეს, სხვათა შორის, თანამედროვე სამრეწველო ქალაქებსაც წაადგებოდათ ეგრეთ წოდებული “კიბერნეტიკული პროგრამირებების” განხორციელებისას.

4 სექტემბერი.

დღეს ოთხი სექტემბერია (სექტემბერი სექტემბრობს, სამაგიეროდ მთვარეები და ლომები მაისისას წააგავს) ზუსტად ოთხ საათზე დაუჯერებელი რამ მოხდა, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ამაში მაღალი ღმერთის ხელი არ ურევია. ისტორიის წიგნში ლომის გამოსახულებას ვეძებდი, ზუსტად იმ გვერდზე, სადაც ცხოველთა მეფე თავს იწონებდა, შავ არშიაშემოვლებული სამგლოვიარო კონვერტი გადმოვარდა – გავხსენი, რემონ რუსელის (რემონ რუსელი 1877-1933, სიურრეალისტების მიერ ძალიან დაფასებული, ავტორი წიგნებისა “აფრიკული შთაბეჭდილებები”, “დუბლი ორი” “ლოკუს სოლუსი”) სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა, რომლითაც საჩუქრად გაგზავნილი ჩემი ერთ-ერთი წიგნისთვის მადლობას მიხდიდა. რუსელმა, ამ აღიარებულმა ნევროპათმა, სიცოცხლე პალერმოში იმ მომენტში მოისწრაფა, – არადა მე მთელი სულით და გულით მასთან ვიყავი გადაჯაჭვული, – როცა თავად საშინელი სევდა მტანჯავდა, ისეთი გაუსაძლისი, რომ მეგონა, ჭკუიდან გადავდგებოდი. ამის გახსენებაზე გარდასულმა სევდამ შემახსენა თავი, ძლიერმა შეტევამ თხემით ტერფამდე მომიცვა. მუხლებზე დავეცი და ღმერთს მადლობა მოვახსენე ამ გაფრთხილებისთვის.

სანამ მუხლებზე ვიდექი, თვალი ფანჯრისკენ გამექცა და რას ვხედავ: გალას ყვითელი ნავი მოლოს უახლოვდება. სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან, რათა ჩემს საგანძურს გადავხვეოდი. ისე, სინამდვილეში გალაც ხომ ღმერთმა გამომიგზავნა. იმ დღეს ისე ჰგავდა “მეტრო გოლდვინ მეიერის” ემბლემაზე გამოსახულ ფაფარაყრილ ლომს, როგორც არასდროს. აქამდე არასდროს გამჩენია მისი შეჭმის ასეთი მწველი სურვილი. ლომის აგონიის იდეა საპნის ბუშტივით გაქრა. გალას ვთხოვე, სიფათში შემოეფურთხებინა, ხვეწნა არ დამჭირვებია – თხოვნა მყისიერად შემისრულა.

5 სექტემბერი.

უყურადღებობით თავი ისე ძლიერ მივარტყი რაღაცას, კინაღამ თვალები გადმომიცვივდა. მყისვე რამდენჯერმე გადავაფურთხე – გამახსენდა მშობლების რჩევა, თავი თუ რამეს დრუზე, იმწუთასვე გადააფურთხე და დარტყმის შედეგი მალევე გაგიქრებაო. კოპზე თითების ოდნავ მიჭერამ ისეთი საამური მორალური ტკივილები მომგვარა, როგორიც 15 აგვისტოს მელანქოლიურმა რენკლოდებმა (ქლიავის ნაირსახეობა).

6 სექტემბერი.

მანქანით ფიგერასს ჩავედით, სადაც ბაზრობაზე დარტყმებისგან დამცავი ათი შალის კარტუზი შევიძინე. აი, ისეთები, ბავშვებს რომ ახურავენ დაცემისას დარტყმების ამორტიზაციის მიზნით. შინ დაბრუნებულმა ეს კარტუზები სხვადასხვა სიმაღლის სკამებზე განვათავსე, რომლებიც გალას საკუთარი ინიციატივით შეეძინა. ინსტალაციის ლამის ლიტურგიული იერისგან მსუბუქი ერექცია დამეწყო. სახელოსნოში ავედი, რათა მელოცა და მაღალი ღმერთისთვის მადლიერების გრძნობა გამომეხატა. არა, დალი არასდროს გახდება შლეგი! ის, რაც ეს-ეს არის შევქმენი, განა ყველაზე ჰარმონიული არ გამომივიდა ყველა შესაძლო შეხამებიდან? იმათთვის, – მხედველობაში მყავს ფსიქოანალიტიკოსები და მისთანანი, – ვინც სექტემბრის ამ პირველი წმინდათა წმინდა კვირის ბოდვის ტრიუმფული სიბრძნის შესახებ ტომებს გამოაცხობენ, უბრალოდ დავამატებდი, – ცხადია, სამყაროს კიდევ უფრო გასახალისებლად, – რომ ყოველ სკამზე ბატის ბუმბულით გატენილი პატარა ბალიში იდო. უბედურიმც იყოს ის, ვინც თითოეულ ამ ბუმბულში ნამდვილი კიბერნეტიკული ანალური ვიოლინოს, სამერმისო ფიქრების დალინისტური მანქანის პირველსახე ვერ დაინახოს.

7 სექტემბერი.

დღეს კვირაა, ძალიან გვიან გამეღვიძა. ფანჯარაში გავიხედე, ნავიდან შავკანიანი გადმოდიოდა. ერთ-ერთი მათგანი, რომლებმაც სადღაც შემოგარენში დროებითი ბანაკი დასცეს. სულ სისხლში იყო მოსვრილი. ხელში გედი ეჭირა, დაჭრილი და მომაკვდავი. რომელიღაც ტურისტს, რომელსაც უფიქრია, რომ უიშვიათეს ფრინველს გადააწყდა, ჰარპუნით დაეჭირა. სანახაობამ უცნაურად სასიამოვნო სევდით ამავსო. სახლიდან გალა გავარდა სირბილით. ერთი სული ჰქონდა, სანამ გედს გადაეხვეოდა. ამ მომენტში ისეთი გამაყრუებელი ხმაური გაისმა, რომ ყველანი შევკრთით. თურმე გათბობისთვის განკუთვნილი ანთრაციტით დატვირთული მანქანა ამოყირავებულიყო. ეს სატვირთო მანქანა სხვა არაფერია, თუ არა მითის მშობი ნივთიერება – კატალიზატორი. ჩვენს დროს, ცხადია, თუ ყურადღებას არ მოვადუნებთ, იუპიტერის ქმედებებს აუცილებლად შევამჩნევთ სატვირთო მანქანების მოულოდნელ გამოჩენაში. სატვირთო კი საკმაოდ მსხვილი ობიექტია და ძალიან უნდა ეცადოს კაცი, რომ ის ვერ შეამჩნიოს.

8 სექტემბერი.

მეგობრებმა დამირეკეს და გამაფრთხილეს, იტალიის მეფე უმბერტო აპირებს თქვენთან ვიზიტად ჩამოსვლასო. სასწრაფოდ სარდანის ორკესტრი შევუკვეთე. დაე, დაუკრან მის პატივსაცემად, არაფერი მოუვათ. მეფე უმბერტო იქნება პირველი, რომელიც გაივლის ბილკზე, რომელსაც მე საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის ისევ თეთრად გადავაღებვინებ. გზის ორივე მხარეს კი ბროწეულები განლაგდება. სიესტის ჟამს მეფის მომავალ ვიზიტზე ფიქრებში ვიძინებ. შესანიშნავია, მეფე ჩემს ულვაშზე აქეთ-იქეთ ძაფზე ჩამოკონწიალებულ ორ ჟასმინს დაკიდებს.

დაუვიწყარი სიზმარი ვნახე. ფეთქებადი ბროწეულებით ფარშირებული გედი სკდება და უწვრილეს ნაწილაკებად ნაწევრდება. გედის აფეთქებული შიგნეულობის ყოველ ნაწილაკს ვხედავ. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოსდა სტრობოსკოპიულ ფილეს ვუყურებ. თითოეული ბუმბულის ფარფატი პაწაწინა ვიოლინოების გაფრენს მაგონებს.

გაღვიძებულზე მუხლებზე ვიჩოქებ და მადლობას ვწირავ ღვთისმშობელს ამ ეიფორიული ხილვისთვის, რომელიც, ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება, “შარავანდმოსილი” გახდება.

1957 წელი. 9 მაისი.

პორტ ლიგატი.

როგორც კი თვალს გავახელ, მყისვე გალას ყურს ვუკოცნი, რათა ენის წვერით შევიგრძნო კონტურების სისქე იმ პაწაწინა ბორცვისა, რომელიც მის ყურის ბიბილოზე აღმოცენებულა. ამ მომენტში თხემით ტერფამდე შევიგრძნობ ჩემს ნერწყვში გახსნილ პიკასოს. პიკასოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გახლავთ იმ ადამიანთა შორის, რომელთაც ოდესმე გავცნობივარ – ხალი აქვს მარცხენა ყურის ბიბილოზე. ეს ხალი, რომელსაც წენგოსფერი უფრო ეთქმის, ვიდრე ოქროსფერი, მინიმალური სისქისაა და ზუსტად იმავე ადგილას დასკუპებულა, რა ადგილასაც ჩემი ცოლის – გალასი. ის შეიძლება პიკასოს იმ სახელგანთქმული ხალის უღალატო, ზუსტ რეპროდუქციად მივიჩნიოთ. ძალიან ხშირად, როცა პიკასოზე ფიქრები მომეჯარება, გალას მარცხენა ყურის კუთხეში მდებარე ამ პატარა ამობურცულობას ვეფერები. ეს  ახირება ხშირად მომივლის ხოლმე, რადგან პიკასო სწორედ ის კაცია, რომელზეც მამაჩემის შემდეგ ყველაზე ხშირად მიფიქრია. ორივემ, მეტნაკლებად ცხადია, ჩემს ცხოვრებაში  გილიომ ტელის როლი იკისრა. აი, სწორედ ამ ორი ავტორიტეტის წინააღმდეგ აღვივსე გმირული ამბოხით ჩემი ნაზი ყრმობის პერიოდიდან მოყოლებული.

გალას ხსენებული ხალი მისი სხეულის ერთადერთი ცოცხალი ნაწილია, რომლის დაპყრობა მხოლოდ ჩემი ორი თითით შემიძლია. გალას ხალი – ეს პაწაწინა ნაწილაკი რაღაცნაირად სრულიად ირაციონალურად მარწმუნებს მის ფუნქციოლოგიურ უკვდავებაში. მე ის დედაზე, მამაზე, მეტიც, ფულზე უფრო მეტად მიყვარს.

ესპანეთს ყოველთვის ჰქონდა პატივი, სამყაროსთვის ყველაზე ამაღლებული, ყველაზე მძაფრი და მგზნებარე კონტრასტები ეჩუქებინა. მე-20 საუკუნეში ამ კონტრასტებმა ფრთები ორად ორ ადამიანში შეისხა – ეს გახლავთ პიკასო და თქვენი მონა-მორჩილი – სალვადორ დალი.

თანამედროვე მხატვრის ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს: 1. იყო ესპანელი, 2. გერქვას გალა სალვადორ დალი. მე ბედმა ორივე მომართვა ლანგრით, როგორც ამაზე ჩემი საკუთარი სახელი – სალვადორი ნათლად მიუთითებს. ქვეყნიერებას იმისთვის მოვევლინე, რომ თანამედროვე ფერწერა მცონარებისა და სრული ქაოსისგან ვიხსნა. ჩემი გვარი კი დალია, რაც კატალონიურად “სურვილს” ნიშნავს:  მსურდა გვერდით გალა მყოლოდა და მყავს კიდევაც. პიკასოც ესპანელია, მაგრამ გალასგან ბიოლოგიური ჩრდილიღა ერგო მარცხენა ყურზე და მხოლოდ პაბლოდ იწოდება ისე, როგორც პაბლო კაზალსი, როგორც პაპები, მოკლედ რომ ვთქვა, ასეთ სახელს ნებისმიერი ძაღლი და კატა ატარებს.

10 მაისი.

დრო და დრო, მაგრამ ჯიუტი მუდმივობით, ამქვეყნად საკმაოდ ელეგანტურ ანუ ზომიერად მიმზიდველ ქალებსაც გადავეყრები ხოლმე – ქალებს შესანიშნავი, მონსტრულად განვითარებული კუდუსუნის ძვლით. ბოლო წლების განმავლობაში ეს ქალბატონები, როგორც წესი, ჩემი პირადად გაცნობის სურვილით იდაგებიან. რა თქმა უნდა,  ჩვენ შორის მხოლოდ ასეთი ტიპის საუბარი თუ შეიძლება შედგეს:

ქალი-კუდუსუნი:

ბუნებრივია, მე თქვენ მხოლოდ სახელით გიცნობდით.

მე – დალი:

მეც.

ქალი – კუდუსუნი:

ალბათ შეამჩნიეთ, რომ თვალს ვერ გაცილებთ, თქვენ პირდაპირ მომნუსხველი ხართ.

მე – დალი:

მეც.

ქალი – კუდუსუნი:

ო, ნუ იქნებით ფარისეველი. თქვენ არც კი შეგიმჩნევივართ.

მე – დალი:

მე საკუთარ თავზე მოგახსენებდით, ქალბატონო.

ქალი – კუდუსუნი:

საინტერესოა, როგორ ახერხებთ, რომ ეს თქვენი ულვაში მარად ჰაერში იყოს აშვერილი.

მე – დალი:

ინდის ხურმებით!

ქალი – კუდუსუნი:

რა ბრძანეთ?

მე – დალი:

ინდის ხურმებით, დიახ, ინდის ხურმებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამ  ნაყოფს მხოლოდ პალმის ხე ისხამს. დესერტად მხოლოდ ინდის ხურმას ვითხოვ. სიამოვნებით გეახლებით მათ და ბოლოს, სანამ ჯამში თითებს დავიბანდე, მე მათ მსუბუქად ულვაშებზე გადავისვამ ხოლმე. ეს ჟესტი სრულიად საკმარისია ფორმის მისაცემად.

ქალი – კუდუსუნი:

! ! ! !

მე -დალი:

ამ პროცედურას შეიძლება კიდევ ერთი უპირატესობა მიეწეროს. ინდის ხურმის შაქარი ძალუმად იზიდავს ბუზებს.

ქალი – კუდუსუნი:

რა კოშმარია!

მე – დალი:

ვგიჟდები ბუზებზე. თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა მზეზე ვწევარ, სრულიად შიშველი, მოწებებული ბუზებით.

ქალი – კუდუსუნი:

(ჩემი უსერიოზულესი ტონის წყალობით ნათქვამის ავთენტურობაში სრულიად დარწმუნებული) როგორ შეიძლება ეს მოგწონდეთ – ჭუჭყიანი ბუზებით გაწებილი სხეული!

მე – დალი:

მეზიზღება ბინძური ბუზები, მე მხოლოდ სუფთა, მეტიც, სუფთაზე სუფთა ბუზები მიყვარს.

ქალი – კუდუსუნი:

საინტერესოა, როგორ ახერხებთ სუფთა ბუზების ჭუჭყიანი ბუზებისგან გარჩევას?

მე – დალი:

ამის შემჩნევა ადვილზე ადვილია. მბურძგლავს ქალაქელი, – იგივე ეხება სოფლელებსაც, – ყვითელმუცლიანი, მაიონეზისფერი გაბერილი ბუზების დანახვაზე. აი, ისეთებზეც, შავი ფერი რომ გადაჰკრავთ, გეგონება შიშისმომგვრელ ნეკროფილურ საღებავში ამოავლესო. არა, მე მხოლოდ სუფთაზე უფრო სუფთა და ზემხიარული ბუზები თუ მხიბლავს. ყარაბანდულასგან შეკერილ კოპწია ბალანსიაგასეულ კოსტიუმებში მოსილნი, მშრალ ცისარტყელასავით მოციმციმენი, ქარსივით ნათელნი და გამჭვირვალენი; ბუზები ბროწეულის თვალებით, კეთილშობილი ნეაპოლიტანელების მუცლებით. ზუსტად ისეთნი – პატარები, ყვითელმუცლიანები და ულამაზესები – პორტ ლიგატის ზეთისხილის ხეივნებში რომ დაფარფატებენ. იქ, სადაც მხოლოდ გალა და დალი ცხოვრობენ.

ეს გრაციოზული ბუზები ყოველთვის ზეთისხილის ხის ფოთლების ვერცხლისფრად დაფერილ მხარეზე სხდებიან, მზეზე ჟანგისფერი რომ გადაკრავთ, სწორედ ეს ფერები შთააგონებდნენ ბერძენ ფილოსოფოსებს, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მცხუნვარე მზის ქვეშ ბუზებით გაწებილნი ატარებდნენ…

თქვენი მეოცნებე იერ-სახე მაფიქრებინებს, რომ თქვენც ვერ გაუძელით მათ ხიბლს… ამ თემაზე საუბარი რომ დავასრულოთ, მხოლოდ ერთს დავამატებდი. იმ დღეს, როდესაც მედიტაციებისას შემოსეული ბუზებისგან უხერხულად ვიგრძნობ თავს, ეს მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელი იქნება: ჩემმა აზრებმა დაკარგეს პარანოიდული დინების ის სიძლიერე, რომელიც ჩემი გენიის საფირმო ნიშანია. სამაგიეროდ, თუ ბუზების არსებობა საერთოდ ვერ ვიგრძენი, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია და მეც ძალმიძს მისი გონივრული მართვა.

ქალი – კუდუსუნი:

თუ უფრო ღრმად შევხედავთ თქვენს ნათქვამს, თამამად შეიძლება ადამიანმა იქ მისთვის გარკვეული აზრები გამოქექოს. მართალია, რომ ეს ულვაშები თქვენთვის ანტენების როლს ასრულებენ, რომელთა დახმარებით იდეებს იჭერთ?

ამ კითხვის გაგონებაზე ღვთაებრივი დალი ფრთებს შეისხამს, კოსმოსში    აიჭრება და საკუთარ შესაძლებლობებს ბევრად გადააცილებს. გაიხსენებს ყველა ამოჩემებულ თემას და იწყებს ვერმეერისეული ისეთი ნატიფი და დახვეწილი, ფარისევლური, მომაჯადოებელი და გასტრონომიული თვალსაზრისით ისეთი მადის აღმძვრელი მაქმანების ქარგვას, რომ ქალ – კუდუსუნს არაფერი რჩება სამოქმედოდ გარდა იმისა, რომ მყისვე ჰიპერტროფიულ  კუდუსუნად, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, და როგორც თავად მიხვდით ალბათ, ადულტერისრიგით ობიექტად გარდაიქმნას და ჩემეული კიბერნეტიკული ზემოქმედების ქვეშ მოქცეულმა თავის მამრს, თავქარიანი და ქარაფშუტა დაქალისგან მოტყუებულს, რქები დაადგას.

1957 წელი. 11 მაისი.

როცა მასთან შეხვედრის შესახებ გიყვებოდით, უკვე  მოგახსენეთ, რომ ფროიდის თავის ქალა გაჭრილი ვაშლივით წააგავს ბურგუნდიულ ლოკოკინას. (წიგნში “ჩემი საიდუმლო ცხოვრება” დალი კიდევ ერთხელ იხსენებს ერთ ფრიად საჩოთირო კითხვას. მისი მძაგებლები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ ცხრებოდნენ და დუჟმორეული ამტკიცებდნენ, რომ მხატვარი სახელგავარდნილ ფსიქოლოგს არასდროს შეხვედრია. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ფლოი კაულემ თავის წიგნში “დალი, ანუ ერთი დიდი ახირებულის ცხოვრება” ფროიდის ავთენტური წერილის დახმარებით არ დაამტკიცა, რომ ხელოვანი და ექიმი ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში 1938 წლის ზაფხულის დასაწყისში). აქედან გაკეთებული დასკვნა სრულიად აშკარაა და გადახედვას არ ექვემდებარება. თუ სურვილი გაგიჩნდათ, მისი ნააზრევი მიირთვათ, ის ნემსით უნდა ამოჩიჩქნოთ. მხოლოდ ამ მეთოდით თუ შეძლებთ მის მთლიანად ამობრძანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაწყდება და ფუჭი იქნება თქვენი ნებისმიერი ძალისხმევა – საქმეს ბოლომდე ვერც ვერასდროს მიიყვანთ. სხვათა შორის, როცა გონებაში ფროიდის სიკვდილს დავუბრუნდი, კიდევ ერთი დეტალის დამატების სურვილი გამიჩნდა. თუ ბურგუნდიულ ლოკოკინას ნიჟარიდან ამოვაგდებთ, აშკარად დავინახავთ, რომ ის გამაოგნებლად (მავანი და მავანი შეიძლება კონტუზიას ვერ აცდეს) წააგავს ელ გრეკოს ნახატს. და საიდან ეს მსგავსება? იქიდან, რომ ელ გრეკო და ბურგუნდიული ლოკოკინა ის ორი რამაა დედამიწის ზურგზე, რასაც საკუთარი გემო არ გააჩნია. თუ უბრალო გასტრონომიული მოსაზრებით ვიხელმძღვანელებთ, არც ერთი და არც მეორე საშლელზე უფრო ნოყიერი და წვნიანი ნამდვილად არ არის.

უკვე ჩამესმის შემწვარი ლოკოკინების თაყვანისმცემელთა საპროტესტო ყიჟინა. ვატყობ, მომიწევს რამდენიმე ახსნა-განმარტების მიცემა. დავუშვათ, ლოკოკინაც და გრეკოც ყოველგვარ გემოს არიან მოკლებულნი, სამაგიეროდ ისინი ფლობენ უიშვიათეს, თითქმის სასწაულებრივ, – და გვაძლევენ ამით ტკბობის საშუალებას, – თვისებას “ტრანსცენდენტური გემოვნებითი მიმიკრიისა”, ანუ თვისებას, შევისრუტოთ და საკუთარი გამაოგნებელი უგემურობის წყალობით იდეალურად შევერწყათ ყველა საკმაზს, რაც საბოლოო ჯამში მათ მისართმევს და ადვილად მოსანელებელს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ ორივე – გრეკოც და ლოკოკინაც ჯადოსნური მედიატორები გახლავთ წარმოუდგენელი და დაუჯერებელი გემოვნებითი თვისებების შესაჯვარებლად და გასავრცელებლად, ამიტომაც შესაძლებელია შემწვარი ლოკოკინების გრეკოს ტილოების ნებისმიერი მინამატით შეკმაზვა. ნუ გექნებათ იმის შიში, რომ რომელიმე სუნელი ამ საერთო სიმფონიაში ჩაიკარგება და თავის ინდივიდუალურ ჟღერადობას დაკარგავს.

ლოკოკინას საკუთარი გემო რომ ჰქონდეს, განა ადამიანის სასა ოდესმე შეძლებდა ის ჭეშმარიტად პითაგორული სიამტკბილობა შეემეცნებინა, რომელსაც მთვარეული ეიფორიის აგონიის პირამდე მისული ეს მკვდრისფერი კრუასანი   მთელი  ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციას რომ ჩუქნის და რომელსაც ნივრის კბილი ჰქვია? აი, ის ნიორი, რომელიც დამაბრმავებელ სინათლეს ჰფენს შემწვარი ლოკოკინების უსახურ ცის კაბადონს, მოკლებულს უმნიშვნელო დეგუსტატიური ღრუბლის ნაგლეჯსაც კი. ასეთივე ულაზათობით, როგორც შეუკმაზავი ბურგუნდიული ლოკოკინა, გამოირჩევა ელ გრეკოს უმნიშვნელო, საგემოვნო ინდივიდუალობისგან დაცლილი ფერწერაც. მაგრამ ფრთხილად! ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. გრეკო, ზუსტად ისევე, როგორც ლოკოკინა, – დაჯილდოებულია იმ უიშვიათესი ნიჭით, გვაგრძნობინოს, მეტიც – თავაწყვეტილ და აღვირახსნილ წერტილამდე მიიყვანოს ნებისმიერი საკმაზი, სანელებელი თუ სუნელი. როცა იტალიას ტოვებდა, გრეკო ოქროსფრად მოჩითული, უფრო მადისაღმძვრელად მიმზიდველი, სენსუალური, ავხორცული, თქვენ  წარმოიდგინეთ, ცხიმიანი და ჭუჭყიანიც კი გახდა, ვიდრე ნებისმიერი “ვენეციელი ვაჭარი”. როგორც კი ტოლედოს დაბრუნდა, უმალ გაიჟღინთა ესპანური სულისკვეთების ათასგვარი ასკეტურ-მისტიკური შინაარსის სურნელით, სუბსტანციით, მინარევითა და კვინტესენციით.

გრეკო ესპანელებზე უფრო პირწავარდნილ ესპანელად გარდაიქმნა. ამ მაზოხისტს ლოკოკინასებრი სიფათით შესწევს უნარი, იქცეს მიმღებად, სათავსოდ, იმ პასიურ სხეულად, რომელიც მზადაა აიტანოს დიდგვაროვნების ჟინით შეპყრობილი სეფარადელი რაინდებისათვის მიყენებული სტიგმატები. აი, სად უნდა ვეძებოთ წყარო ყველა იმ შავბნელი და ნაცრისფერი კათოლიკური რწმენისთვის ნიშნეული ტონებისა და მებრძოლი სულის მეტალისებრი ბრწყინვალებისა; ის კლებადი მთვარის ფორმის სენიორი აგონიაში ჩავარდნილი ლორკასეული ვერცხლისფერი რომ დაჰკრავს. აი, იმ მთვარის ტოლედოს ქუჩებსა და მისი გრანიტის “მიძინების”  მრავალრიცხოვან ნაკეცებს, ღუნებსა და ხვეულებს, ელ გრეკოს ერ-ერთ ყველაზე წაგრძელებულ სახეს რომ ანათებს; რომელიც თავისი სილუეტითა და მომრგვალებულობით ასე უღმერთოდ წააგავს ბურგუნდიულ გემოზე შეკმაზულ ლოკოკინას, თუ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებით, როგორ იხვევა, იშლება და იწელება ის თქვენი ნემსის წვერს წამოგებული. თქვენ ამ დროს ერთი რამის გაკეთება მოგიწევთ მხოლოდ – გონებაში გადმოატრიალოთ ნახატი და დაუშვათ, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალაა სწორედ ის ძალა, რომელიც მას ზეცისკენ აიტყორცნის.

აი, ასეთი გახლავთ, თუ მას ერთადერთი ვიზუალური გამოსახულების სახით წარმოიდგენთ, მტკიცებულება, რომელიც ჩემს ჯერ კიდევ დაუცველ დისერტაციაში მომყავს  და რომლის თანახმადაც ფროიდი სხვა არაფერია თუ არა “დიდი მისტიკოსი უკუღმა”; მისი დამძიმებული და მატერიალიზმის ათასგვარი წებოვანი სანელებლებით შეკმაზული ტვინი პლანეტის სიღრმეებში დამალული ყველაზე ბინძური კლოაკების მიზიდულობის ზემოქმედებით ნაცვლად იმისა, რომ უსიცოცხლოდ ჩამოწელილიყო,  პირიქით სხვა უფრო თავბრუდამხვევი, ღრუბლებს მიღმა მდებარე ციური უფსკრულებისკენ გადაინაცვლებდა. ეს ტვინი, ვიმეორებ, სიკვდილის ამონიაკით ამყრალებულ ლოკოკინას კი არ დაემსგავსებოდა, არამედ ერთი ერთში რეპროდუცირებულ ელ გრეკოს “მიძინებას”, რომლის შესახებაც რამდენიმე ბწკარით ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

ფროიდის ტვინი, – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გემოიანი და მარილიანი ტვინთაგანი, – უწინარეს ყოვლისა მიწიერი სიკვდილის ლოკოკინაა. სხვათა შორის, სწორედ აქ იმალება ებრაული გენიის მარადიული ტრაგედიის არსი, რომელიც პირველადი მნიშვნელობის ელემენტს ყოველთვის მოკლებულია – სილამაზეს, აუცილებელ პირობას ღმერთის სრულყოფილი შემეცნებისათვის, რომელიც უზენაესი მშვენიერებით უნდა იყოს აღჭურვილი.

როგორც ჩანს, – პირადად მე ეჭვადაც არ მომსვლია თავში, – უბრალო ფანქრით მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შესრულებულ პორტრეტში ერთი ერთში გადმოვეცი ფროიდის მიწიერი სიკვდილი. ჩემი საგანგებო განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ შემესრულებინა ფსიქოანალიზის გენიის წმინდა წყლის მორფოლოგიური ჩანახატი. სულაც არ მიფიქრია ფსიქოლოგის ჩვეულებრივი, სრულიად ბანალური პორტრეტის შექმნაზე. როცა ჩანახატი დავასრულე, შტეფან ცვაიგს, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში მედიატორის როლს ასრულებდა, ვთხოვე, ჩემი ნაამაგარი ფროიდისთვის ეჩვენებინა. და მე მოუთმენლად, შიშითა და ძრწოლით ველოდებოდი იმ შენიშვნებს, რომელიც პატივცემულ ფსიქოლოგს შესაძლოა გამოეთქვა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს პატივმოყვარეობას ფრიად ეამა ის აღფრთოვანების შეძახილი, რომელიც შეხვედრისას მეტრის ბაგეთ მოწყდა.

– ცხოვრებაში არ მინახავს ესპანელის ასეთი სრულყოფილი პროტოტიპი. აი, ვის შეიძლება ფანატიკოსი დაერქვას!

ეს ცვაიგს მოახსენა მას შემდეგ, რაც მთელი ნახევარი საათი გამჭოლი და საშინელი მზერით მბურღა. მიუხედავად ყველაფრისა, ფროიდის პასუხი მე ოთხი თვის შემდეგ შევიტყვე, როდესაც გალას კომპანიაში სადილობისას ისევ  გადავეყარე ცვაიგს და მის მეუღლეს. ეს მოხდა ნიუ-იორკში. ისეთმა მოუთმენლობამ შემიპყრო, რომ ყავას არც კი დაველოდე. ერთი სული მქონდა, შემეტყო, რა რეაქცია ჰქონდა ფროიდს ჩემ მიერ შესრულებული პორტრეტის დანახვაზე.

– ძალიან მოეწონა, – მოკლედ მომიჭრა ცვაიგმა.

მე მაინც არ შევეშვი. ვკითხე, კომენტარები ან რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო შენიშვნა ხომ არ გამოუთქვამს, რომელიც მე ფასდაუდებელ სამსახურს გამიწევდა-მეთქი. ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა, ცვაიგმა პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა, თუ სულ სხვა ფიქრებში იყო გადავარდნილი და ჩემთვის არ სცხელოდა. ფროიდმა “ნაკვთების სინატიფე” ძალიან დაგიფასაო,  მომიგდო დაბნეულმა და მყისიერად მიუბრუნდა თავის აზრს, რომელიც აკვიატებად ქცეოდა: სურდა, ჩვენ ორივენი მის მოსანახულებლად ბრაზილიას ვწვეოდით. მარწმუნებდა, რომ ეს მოგზაურობა ბრწყინვალე და შესანიშნავი იქნებოდა და დიად ცვლილებებს შეიტანდა ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ, ეს სავარაუდო ვოიაჟი და გერმანელების მიერ ებრაელების დევნის აკვიატებული თემა მთავარ ლაიტმოტივად გასდევდა ჩვენს ერთობლივ სადილს სასტუმროს რესტორანში. მისი მონოლოგიდან მხოლოდ ერთ დასკვნას თუ გამოვიტანდი – ბრაზილიაში მოგზაურობა ჩემთვის ჰაერივით აუცილებელი იყო, რათა გადავრჩენილიყავი. ცხადია, მქონდა წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა, – რაც მართალია მართალია, ვერ ვიტან ტროპიკებს, – მაგრამ არაფერი გამომივიდა. მხატვარს არსებობა მხოლოდ ზეთისხილის ნაცრისფერი ხეივნებისა და სიენის წითელ ნიადაგის გარემოცვაში თუ შეუძლია, ვუმტკიცებდი. შიშმა, რომელსაც ნებისმიერი ეგზოტიკა მინერგავდა, ცვაიგს გული ცრემლების წამოსვლამდე აუჩუყა. ჩემი შეცდენა ბრაზილიის გიგანტური პეპლების აღწერით სცადა, რასაც მე კბილების კრაჭუნით ვუპასუხე: ჩემთვის პეპელები ყველგან და ყოველთვის მეტისმეტად დიდია. ცვაიგმა აღარ იცოდა, რა ეღონა. მწუხრიანი, ენით აღუწერელმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა. გაუგებარია, რატომ, მაგრამ რატომღაც ამოიჩემა, სრულ ბედნიერებას შენ და გალა მხოლოდ ბრაზილიაში ეწევითო.

ცვაიგებმა რუდუნებით და დიდი მონდომებით დაწერილი დეტალური მისამართი დაგვიტოვეს. ბოლომდე მგონი მაინც არ მჯერა, რომ ასეთი თავნება და ჯიუტი ვიყავი. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩვენი ჩასვლა ამერიკაში ამ წყვილისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენდა.

ორი თვის მიწურულს ჩვენამდე მოაღწია ცნობამ ცვაიგების  ერთობლივი თვითმკვლელობის შესახებ. ამ საზარელი აქტის ჩადენა მათ სრული ნათელგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და გააზრებულობის მომენტში გადაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს წერილები გაუცვალეს.

მეტისმეტად მსხვილი პეპლები?

სიმართლე ჩემი ნახატის სვე-ბედზე მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა “ხვალინდელი სამყაროს”, ცვაიგის სიკვდილის შემდეგ დაბეჭდილ წიგნს ვკითხულობდი. ფროიდი ვერა და ვერ ეღირსა საკუთარი პორტრეტის ხილვას, ცვაიგმა უღმერთოდ იცრუა. თუმცა მაინც მჯერა, რომ იცრუა საუკეთესო განზრახვებით შეპყრობილმა. მიიჩნევდა, რომ პორტრეტი იყო თავზარდამცემი წინასწარმეტყველება ფსიქოანალიტიკოსის უახლოეს სიკვდილზე. იცოდა რა, რომ ის უკურნებელი კიბოთი იყო სნეული, ადამიანმა უბრალოდ არ ისურვა დიდ მეტრში სრულიად ფუჭი მღელვარება აღეძრა.

მე, დალი, ფროიდს უყოყმანოდ გმირთა კოჰორტას მივაკუთვნებ. შემიძლია განვაცხადო, რომ მან ებრაელ ერს გმირთა პანთეონიდან ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი აწაპნა – მოსე. ფროიდმა უტყუარად დაამტკიცა, რომ მოსე წარმოშობით ეგვიპტელი იყო და მისთვის მიძღვნილი წიგნის პროლოგში – ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ტრაგიკულ ნაშრომში – მკითხველიც კი გააფრთხილა, რომ ეს მხილება მისთვის არა მარტო ყველაზე სანუკვარ, ამბიციურ და ბრწყინვალე მიზანს წარმოადგენს, არამედ ყველაზე კოროზიულსაც.

მორჩა, უკვე აღარ არსებობენ მსხვილი პეპლები!

1958 წელი.

პორტ ლიგატი.

1 სექტემბერი.

შეუძლებელია მსოფლიოს დაძაბული ყურადღება ნახევარ საათზე მეტხანს მიიპყრო. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ეს შევძელი – ოცი უსაშველოდ ხანგრძლივი წლის განმავლობაში, თანაც ყოველდღიურად. ჩემი დევიზი გახლდათ: “დაე, ილაპარაკონ დალიზე, თუნდაც ცუდად”. ნემსის ყუნწში გავძვერი და მივაღწიე იმას, რომ ოცი წლის მანძილზე ჟურნალ-გაზეთებს რეგულარულად ებეჭდათ და ტელეტაიპებით  სრულიად დაუჯერებელი და გასაგიჟებელი ცნობები გადაეცათ.

პარიზი –  დღეს დალი სორბონაში საჯარო ლექციას წაიკითხავს ვერმეერის “მაქმანებიან ქალზე” და მარტორქაზე. მეტრი დაწესებულებაში ყვავილოვანი კომბოსტოს ათასი ქათქათა თავით გაძეძგილი “როლს-როისით” მიბრძანდება.

რომი – პრინცესა პალავიჩინის ჩირაღდნებით გაჩახჩახებულ ბაღში სალვადორ დალი ხელმეორედ დაიბადება – ის რაიმონდო ლულიოს მაგიური ტექსტებით აჭრელებული კუბური კვერცხიდან მოევლინება ქვეყნიერებას და ლათინურ ენაზე ცეცხლოვან სიტყვას წარმოთქვამს.

ვერონა – ესპანეთი, – დალი და გალა ეს-ეს არის ანგელოზებიანი ღვთისმშობლის სავანეში საიდუმლო ლიტურგიული ქორწინებით შეუღლდნენ. “ამიერიდან ჩვენ მთავარანგელოზურ არსებებად მოვიაზრებით,” – განაცხადა დალიმ ცერემონიალის მიწურულს.

ვენეცია – დალი და გალა ცხრამეტრიან გიგანტებად გადაცმულნი ბეისტეგუის სასახლის კიბეზე ჩამოდიან და ხმაურიან ბრბოსთან ერთად ქალაქის მთავარ მოედანზე ცეკვავენ.

პარიზი – მონმარტზე, “მულენ დე ლა გალეტის” პირდაპირ, შეკრებილ საზოგადოებას დალი შაშხანიდან გასროლით ლითოგრაფიულ ქვაზე “დონ კიხოტისთვის” შექმნილ საკუთარ ილუსტრაციებს წარუდგენს. “ჩვეულებისამებრ, – აცხადებს ის, – წისქვილები ფქვილს ქმნიან, მე კიდევ ფქვილით, აგერ თქვენს თვალწინ, წისქვილებს შევქმნი” ამ განცხადების შემდეგ ის მარტორქის ორ რქას ფქვილითა და ტიპოგრაფიული მელნით გაჟღენთილი პურის ყუებით ავსებს, შემდეგ კი მთელი ძალით ლითოგრაფიულ ქვას მიათხლეშს და ამგვარად პუბლიკას დანაპირებს უსრულებს.

მადრიდი – დალი წარმოთქვამს სიტყვას, სადაც პიკასოს ესპანეთში ეპატიჟება, უფრო სწორად სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მოხსენებას შემდეგი განცხადებით იწყებს: “პიკასო ესპანელია და მეც ესპანელი ვარ! პიკასო გენიოსია და მეც გენიოსი ვარ! პიკასო კომუნისტია და მეც… არა!”

გლაზგო – ქალაქის მუნიციპალიტეტმა ეს-ეს არის მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება დალის “წმინდა იოანეს ჯვარცმული ქრისტეს” შეძენის თაობაზე. ნაწარმოებისათვის გადახდილმა თანხამ საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება და გაშმაგებული დებატები გამოიწვია.

ნიცა – დალიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეუდგება ფილმის “განსხეულებული ურიკა”  გადაღებას, სადაც მთავარ პერსონაჟს, რომელსაც ანა მანიანი განასახიერებს, უგონოდ ურიკა შეუყვარდება.

პარიზი – დალი მიუძღოდა პროცესიას, რომელმაც ფლეიტის ფორმის თხუთმეტმეტრიანი პური ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაათრია. საბოლოოდ გიგანტური ბაგეტი ეტუალის თეატრის სცენაზე წამოჭიმეს, სადაც დალიმ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა ჰაიზენბერგის “კოსმიური წებოს” შესახებ.

ბარსელონა – დალიმ და ლუის მიგელ დომინგინმა სიურრეალისტური ტორომახიის – ხართა ჭიდილის მოწყობა  გადაწყვიტეს, რომლის მიწურულს ბალანსიაგას მიერ მოფიქრებულ ინფანტას კაბაში გადაცმულ  ვერტმფრენს მსხვერპლად შეწირული კურო ჰაერში უნდა აეტაცა და წმინდა მონსერატის მთაზე სვავების დასაძიძგნად ჩამოეგდო. ამავდროულად იმპროვიზებულ პარნასზე დომინგინს ლედაში გადაცმული გალასთვის გვირგვინი უნდა დაედგა, რომლის ფეხებთან დედიშობილა დალი კვერცხიდან უნდა ამომძვრალიყო.

ლონდონი – პლანეტარიუმში განხორციელდა პორტ ლიგატის ცის კაბადონზე ვარსკვლავთა აღლუმის რეკონსტრუქცია დალის ამქვეყნად მოვლინების მომენტში. პირადი ფსიქიატრის, დოქტორ რუმგერის ანალიზების შედეგებით აღჭურვილმა დალიმ (დოქტორი პიერ რუმგერი პარიზის სამედიცინო ფაკულტეტიდან გახლავთ, – ყველა სხვა დანარჩენ დამსახურებასთან ერთად, – ავტორია კვლევისა სახელწოდებით “დალინისტური მისტიკა რელიგიურ ისტორიის ფონზე”, რომლის ტექსტს შეგიძლიათ წიგნის დანართში გაეცნოთ) ოფიციალურად განაცხადა, რომ ის და გალა განასახიერებენ კოსმიურ და დიად მითს დიოსკურების-დიდიმების შესახებ (კასტორი და პოლუქსი – გიგანტური ძმები – ზევსისა და ლედას შვილები).

მე და გალა იუპიტერის შვილები ვართ.

ნიუ-იორკი – დალი ოქროს კოსმოსურ სკაფანდრში ჩაცმული საკუთარი “ოვოსიპედით” ნიუ-იორკში დაეშვა – გამჭვირვალე სფერო, საშოს შიგნითა შეგრძნებებით გამოწვეულ ფანტაზიებზე დაფუძნებული გადაადგილების ახალი საშუალება. არასდროს, არასდროს, არასდროს არც ჭარბ რეკლამას, არც ჭარბ ფულს, არც ჭარბ წარმატებასა და ბოლოს არც ჭარბ პოპულარობას არ აღუძრავს ჩემში, წამის მეოთხედი დროის განმავლობაშიც კი, თვითმკვლელობის სურვილი… პირიქით, ჭკუა-გონება მეკეტება ამ ყველაფერზე. სულ ახლახანს ერთი ჩემი ახლობელი, რომელსაც ვერაფრით გაეგო, თუ რატომ არ მაყენებდა ჩემ გარშემო ატეხილი მთელი ეს ხმაური იოტისოდენა ტკივილსაც კი, მაცდურის როლში მომევლინა და მეკითხება:

– ნუთუ ამდენი წარმატებისგან მართლა არ იტანჯები?

– არა!

შემდეგ ტონი იცვალა, თითქოსდა მეხვეწებოდა:

– აი, სულ პატარა ნევროზსაც არ შეუწუხებიხარ? (სახეზე კი თითქოსდა ეწერა: “მიდი, რა, აღიარე, ღმერთი არ გწამს? პატარა ნერვული მოშლილობა, თუნდაც წარბის ატოკება…)

– არა! – ვუპასუხე კატეგორიულად, რის შემდეგაც, ვიცოდი რა მისი უთვალავი სიმდიდრის შესახებ, დავამატე:

– ჩემს გულწრფელობაში ერთი წამითაც ნუ შეიტანთ ეჭვს. აი, მაგალითად, მე მზად ვარ, ახლავე, წარბშეუხრელად თქვენგან 50 ათას დოლარს დავთანხმდე.

მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკაში, ადამიანებს სურთ, ჩაწვდნენ ჩემი არნახული წარმატების საიდუმლოს,  უფრო სწორად, ეზიარონ წარმატების მეთოდს. არადა, ეს მეთოდი ნამდვილად არსებობს და მისი სახელწოდებაა “პარანოდალურ – კრიტიკული  მეთოდი”. მე ის სამი ათეული წლის წინ გამოვიგონე, წარმატებით ვიყენებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გამირკვევია, რაში მდგომარეობს მაინც ის. ზოგადი განსაზღვრებებით თუ შემოვიფარგლებით, ეს უფრო ყველაზე აბსურდული და შლეგური მოვლენებისა და მატერიების უმკაცრესი ლოგიკური სისტემატიზაციაა, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს აკვიატებულ და საშიშ იდეებს საგრძნობლად კრეატიული ხასიათი შესძინოს. ეს მეთოდი მხოლოდ იმ პირობით მუშაობს, თუ ღვთიური წარმოშობის ნაზ ძრავას, ერთგვარ ბირთვს, უფრო სწორად ერთგვარ გალას ფლობთ. გალა კი, მოგეხსენებათ, ერთადერთია მთელ სამყაროში.

ბევრი რომ არ ვიყბედო, მოკლედ მოვჭრი – ჩემი დღიურის მკითხველს შეუძლია დატკბეს ამ საქონლის უფასო ნიმუშით, ანუ თხრობის ერთადერთი დღით, რომელიც წინ უძღოდა ჩემს ბოლო გამგზავრებას. ეს სწორედ ის დღეა, რომელიც მე პარანოიდო-კრიტიკულ მეთოდთან სრულ შესატყვისობაში ვიცხოვრე.

გამთენიისას მესიზმრა, რომ სამყაროს უამრავი თოვლივით ქათქათა თეთრი ექსკრემენტი დავაბერტყე, მსგავსი სუფთა განავალი ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი, ვაღიარებ, მათი წარმოება ენით აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა, თვალი როგორც კი გავახილე გალას ვუთხარი:

– დღეს უამრავი ოქრო გვექნება!

ეს სიზმარი, თუ ფროიდის ფილოსოფიას დავეყრდნობით, ყოველგვარი ეუფემიზმების გარეშე, აშკარად მეტყველებს ჩემს ნათესაურ კავშირზე ოქროს კვერცხების მდებელ ქათამთან, ან ლეგენდარულ ვირთან, რომელიც, თუ კუდს აუწევდნენ, უკანა ხვრელიდან ოქროს მონეტებს აფრქვევდა. რომ არაფერი ვთქვა, დანაეს ღვთაებრივ ოქროს ნახევრად თხელ ფაღარათზე, მეც, რაღა დაგიმალოთ და, მთელი კვირის მანძილზე თავს რეტორტად ვგრძნობდი და ნიუ-იორკიდან გამგზავრების წინა დღეს თავში მშვენიერი პროექტი გამომიცხვა. მოკლედ, გადავწყვიტე, რესტორან “ელ მოროკოს” შამპანურის დარბაზში მეგობართა პატარა ჯგუფისთვის მომეყარა თავი, რომელშიც ქალაქის ოთხი სახელგანთქმული მანეკენი იბრწყინებდა თავიანთი საოცარი სილამაზით, ლამაზმანების იქ ყოფნა უკვე ერთგვარი ანონსი იქნებოდა შესაძლო პარსიფალისა.

შესაძლებლობა ამ პარსიფალის განხორციელებისა, რომლის გეგმასაც დღის ყველა მოვლენის მანძილზე თავში ვაკოწიწებდი, გასაოცრად, თითქმის დაუჯერებლად აღაგზნებდა ჩემში დაგუბებულ ყველა უნარს აქტიური მოქმედებისა, მთელ ჩემს ძალასა და ძალაუფლებას, რომელსაც ყველა გათვლით კულმინაციური წერტილისთვის უნდა მიეღწია და თან ყველა ჩემი პრობლემა გასაოცარი სიმარდითა და სიმარჯვით გადაეწყვიტა, მოკლედ, იმ დღეს ყველას პრუსიელი ჯარისკაცებივით ჩემს დაკრულზე უნდა ეცეკვა.

თორმეტის ნახევარზე სასტუმრო დავტოვე ორი სრულიად კონკრეტული მიზნით: ფილიპ ჰალსმანთან სრულიად ირაციონალური ფოტო უნდა გადამეღო, ხოლო ამერიკელი მილიარდერისა და მეცენატისთვის ჰანტინგტონ ჰარდფორდისათვის ჩემი ტილო “წმინდა ჟაკ კომპოსტელი, ესპანეთის მფარველი” სადილამდე მიმეყიდა. წმინდა წყლის შემთხვევითობის წყალობით ლიფტი მეორე სართულზე გაჩერდა, სადაც ჟურნალისტების ბრბო გამაყრუებელი შეძახილებითა და ტაშის გრიალით მომესალმა. წარმოგიდგენიათ? უკვალოდ წამშლოდა მეხსიერებიდან ადრე დანიშნული კონფერენცია, რომლის დროსაც სუნამოს ახალი ფლაკონის პროექტი უნდა წარმედგინა. ფოტოაპარატების ჩხაკუნის თანხლებით გადმომცეს ჩეკი, რომელიც მათ თვალწინ დავკუჭე და ჟილეტის ჯიბეში ჩავიჩურთე, ცოტა არ იყოს, დავიბენი და აღარ ვიცოდი, რა მომემოქმედა. ისღა დამრჩენოდა, რომ იქვე სათადარიგოდ დამეჯღაბნა კონტრაქტში მითითებული ფლაკონი, რომელიც ხელისმოწერის მომენტიდან ერთხელაც არ გამხსენებია. ერთი სიტყვით, არც ვაციე და არც ვაცხელე, დავიხარე და იატაკიდან ავიღე რომელიღაც ფოტოგრაფის მიერ დაგდებული ნათურა – მოცისფრო, უფრო სწორად ანისის არყისფერი, დიდ და საჩვენებელ თითებს შორის მოვიქციე და დამსწრე საზოგადოებას ვაჩვენე, როგორც ფასდაუდებელი ექსპონატი.

– აი, ეს გახლავთ ჩემი იდეა!

-კი, მაგრამ ის ხომ უნდა გამოისახოს ქაღალდზე?

– ასე განა ათასჯერ უკეთესი არ არის? მთლად გამზადებული? თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მის სკრუპულოზურ რეპროდუცირებაზე იზრუნოთ!

ნათურა მაგიდას მივადე და მსუბუქად დავაწექი. გაისმა ოდნავ გასაგონი ტკაცანი; კი გაბრტყელდა, მაგრამ მთლიანად არ ჩამოქცეულა, ვერტიკალური მდგომარეობა მაინც შეინარჩუნა. პატრონს განვუცხადე, რომ ეს იქნებოდა მომავალი ფლაკონის ოქროს საცობი. ექსტაზში ჩავარდნილ პარფიუმერს ორგაზმი დაეწყო.

– ეს ხომ კოლუმბის კვერცხია! ღმერთო, არ გინდა მსგავსი რამის მოფიქრება? ძვირფასო მეტრო, რა სახელი მოუფიქრეთ სუნამოს, რომელსაც უდავოდ უწერია “ახალ ტალღას” დაუდოს დასაწყისი.

დალი ერთადერთი სიტყვით პასუხობს:

– Flash!

– Flash! Flash! – აიტაცა პუბლიკამ, – Flash!

თავი შარლ ტრენეს სუპერ-შოუში გეგონებოდათ. კართან ისევ დამიჭირეს, რათა კიდევ ერთი კითხვა დაესვათ:

– რა არის მოდა?

– ყველაფერი ის, რაც ძალიან მოკლე ხანში არამოდური შეიძლება გახდეს.

მეხვეწებიან წარმოვთქვა ბოლო ცხელ-ცხელი დალინისტური მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა უნდა ატარონ ქალებმა. პასუხი დაუფიქრებლად მივუგდე, თან ლიფტისკენ დავიძარი.

– ძუძუები ზურგზე!

– და რატომ?

– იმიტომ, რომ ძუძუ შეიცავს თეთრ რძეს, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია ადამიანზე ანგელოზური შთაბეჭდილება მოახდინოს.

– თქვენ მიანიშნებთ ანგელოზების უბიწო სითეთრეზე? – მეკითხებიან.

– მივანიშნებ, ქალის ბეჭებზე…  თუ მათ რძის ორ ჭავლს მივუშვერთ და ერთგვარად დავუგრძელებთ და  შემდეგ მიღებულ შედეგს სტრობოსკოპიურ ფოტოზე აღვბეჭდავთ, მივიღებთ “წვეთებიანი ანგელოზის ფრთებს, ზუსტად ისეთს, როგორსაც მემლინგი თავის დროზე დახატავდა.

ამ ანგელოზური იდეით აღჭურვილი ფილიპ ჰალსმანთან დანიშნულ შეხვედრაზე გავეშურე. გზად მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, ფოტოგრაფიულად აღმედგინა წვეთებისგან შეკოწიწებული ფრთები, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ასე გააღიზიანა და გააოგნა ჩემი წარმოსახვა…

სამწუხაროდ ფილიპ ჰალსმანი არ აღმოჩნდა სათანადოდ აღჭურვილი სტრობოსკოპიული ფოტოების გადასაღებად. მე ფარ-ხმალი მაინც არ დავყარე და იქვე გადავწყვიტე მარქსიზმის კაპილარული(ბეწვა) ისტორიის ფოტოგრაფირება. ამ მიზნით ჩემ მიერ მოფიქრებული წვეთები დროებით დავივიწყე და ჰალსმანს ულვაშებზე თეთრი ქაღალდისგან გამოჭრილი რგოლები ჩამოვაკიდებინე. თითოეულ წრეზე ფოტოგრაფმა ერთი მეორის მიყოლებით პორტრეტები დაადო: წვერიანი და ლომის ფაფრიანი კარლ მარქსის; ენგელსის თითქმის იგივე, მაგრამ შედარებით მწირთმოვანი ატრიბუტიკით; თითქმის მელოტი ლენინი გაქუცული წვერ-ულვაშით; რაც შეეხება სტალინს, აქ თმოვანი საფარი სქელი ულვაშებით შემოვფარგლეთ; მალენკოვი კი პირწმინდად გაპარსული სიფათით წარმოვაჩინეთ. ბოლო წრე, რომელიც მრჩებოდა, რატომღაც სრულიად გაუცნობიერებლად, წინასწარმეტყველურად ხრუშჩოვისთვის შემოვინახე, რომლის თავი ერთი ერთში ჰგავს სავსე მთვარეს.

(*სიმონმა და შუსტერმა, რომლებმაც ჰალსმანის “დალის ულვაშები” დაბეჭდეს, დალის ურჩიეს მომავალში თავი შეეკავებინა ყოველგვარი წინასწარმეტყველებებისგან, რადგან მათ შეუძლებლობასა და არასანდოობას შეეძლო სახელი გაეტეხა და ეჭვის ქვეშ დაეყენებინა სრულყოფილება იმისა, რაც ამ ყველაფერს წინ უძღოდა. დღეს ჰალსმანი იმ დარჩენილ ორ ღერ თმასაც კი იგლიჯავს, განსაკუთრებით რუსეთიდან მობრუნების შემდეგ, სადაც ეს ყბადაღებული ფოტო აღმოჩნდა იმ ფოტოთა შორის, რომელიც “დალის ულვაშებში” მოხვდა და ყველაზე მეტი წარმატებით სარგებლობდა.)

შემდეგ ჰანტინგტონ-ჰარდფორდის რიგიც დადგა. ხელში ის შემონახული ბოლო, ასე ვთქვათ, უსახო, თეთრი წრე მეჭირა, მეორეში კი – ჩემი წმინდა ჟაკის რეპროდუქცია, რომელიც მისთვის უნდა მეჩვენებინა. როგორც კი ლიფტში შევრგე თავი, გამახსენდა, რომ ჰანტინგტონ-ჰარდფორდის ბინიდან ერთი სართულით ზემოთ პრინცი ალი ხანი ცხოვრობდა. ჩემი თანდაყოლილი მოურჯულებელი სნობიზმის გამო, ერთწამიანი ორჭოფობის შემდეგ, წმინდა ჟაკის რეპროდუქცია ლიფტიორს ხელში შევაჩეჩე და თან ვთხოვე, რომ ის ჩემგან პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად საჩუქრად პრინცისთვის გადაეცა. იმწუთასვე რქებდადგმული ქმრის განცდა დამეუფლა. ეს გასაგებიცაა, ჰანტინგტონ-ჰარდფორდის ზღურბლის გადალახვა არა მარტო ცარიელი ხელებით მიწევს, არამედ ცარიელი წრითაც, რომელიც ორმაგად სასაცილოა იმის გამო, რომ ძაფზეა ჩამოკონწიალებული. ნელ-ნელა გემოს ვუღებ შექმნილ აბსურდულ სიტუაციას და საკუთარ თავს ვუჩიჩინებ, რომ ყველაფერი გადასარევად დასრულდება, სინამდვილეში ჩემი პარანოიდო-კრიტიკული მეთოდი შანსს ხელიდან არ უშვებს და ამ აბსურდულ სიტუაციას მყისიერად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს – მას დღის ყველაზე წარმატებულ და ნაყოფიერ ინციდენტად გარდაქმნის. მარქსის კაპიტალი უკვე ახმაურდა ქრისტეფორე კოლუმბის მომავალ დალინისტურ კვერცხში.

ჰანტინგტონ-ჰარდფორდი მეკითხება, წმინდა ჟაკის ფერადი რეპროდუქცია მომიტანეთ თუ არაო. ვუთხარი, რომ ხელცარიელი გამოვეცხადე. მაშინ მეუბნება, შეიძლება თუ არა გალერეაში წავიდეთ, რათა საკუთარი თვალით ვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს დიდი ნახატიო. აი, სწორედ იმ მომენტში ჩემთვის ვიღებ ფრიად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, – არც კი ვიცი რამ მიბიძგა ამისკენ, – წმინდა ჟაკი კანადაში უნდა გაიყიდოს.

– უმჯობესი იქნება, თუ ახალ ტილოს დაგიხატავთ – “ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი სამყაროს აღმოჩენა”.

ამან გაიჟღერა, როგორც ჯადოსნურმა სიტყვამ. ეს მართლაც იყო მაგიური განცხადება! და მართლაც შემთხვევით კი არ ეწერა ჰანტინგტონ-ჰარფორდის სახელობის მომავალ მუზეუმს – Colombus circle – ქრისტეფორე კოლუმბის ერთადერთი ქანდაკების ცხვირწინ აღმოცენება – დამთხვევა, რომელსაც ჩვენ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოვაჩენთ იმ მომენტში, როცა ეს სტრიქონები იწერება, ჩემი მეგობარი – დოქტორი კოლენი მეკითხება, შეამჩნიე, თუ არა პრინცის სახლის ლიფტი Dunnand co-ს მიერ არის დამზადებულიო. არადა სწორედ ლედი დანზე ვფიქრობდი სრულიად გაცნობიერებულად, როცა გონებაში წმინდა ჟაკისთვის შესაძლო კლიენტებს ვეძებდი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ტილო ოდნავ მოგვიანებით ხსენებულმა ქალბატონმა შეიძინა.

დღესაც კი დიდ მადლობას ვუხდი ფილიპ ჰალსმანს იმისათვის, რომ ბოლო თეთრ რგოლში ხრუშჩოვის პორტრეტი არ ჩასვა. ვფიქრობ, სრული უფლება მაქვს ის ჩემს “კოლუმბის წრედ” მოვნათლო. მართლაც, ფილლიპ ჰალსმანი რომ არა, არ არის გამორიცხული, ჩემი კოსმიური ზმანება ქრისტეფორე კოლუმბზე სულაც არ შექმნილიყო. ამასთან ერთად, საბჭოელი ისტორიკოსების მიერ ბოლო დროს აღმოჩენილმა გეოგრაფიულმა რუკებმა გასაოცარი სიზუსტით დაადასტურეს თეზისი, რომელიც მე ჩემს ნახატში წამოვწიე; თეზისმა, არ გამოვრიცხავ, შეიძლება ჩემს ტილოს მისცეს შანსი, რუსეთში გამოიფინოს. აი, სწორედ დღეს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ს.იუროკი, იღლიაში ამოჩრილი ჩემი ტილოს რეპროდუქციით რუსეთში გაემგზავრა, რათა საბჭოელებს სანაცვლოდ კულტურული გაცვლა-გამოცვლა შესთავაზოს. შესანიშნავი პროექტი, რომელმაც მე ჩემი სახელგანთქმული თანამემამულეების ვიქტორიასა – ლოს ანჯელესში მოღვაწეობს – და ანდრეს სეგოვიას გვერდით ღირსეული ადგილი მიმიჩინა… დათქმულ დროზე ხუთი წუთით ადრე ვბრუნდები, რათა გალასთან ერთად მშვიდად ვისადილო, მაგრამ განა დაგაცლიან. ჩამოჯდომაც კი ვერ მოვასწარი, ფალმ ბიჩიდან მირეკავენ: მისტერ უინსტონ გესტი “გვადელუპეს მადონას” მიკვეთავს, ასევე ალექსანდრეს თორმეტი წლის ვაჟიშვილის პორტრეტს, რომელსაც, როგორც მე შევამჩნიე, თმა მუდამ  თახვურად აქვს შეჭრილი, – ისე, ძალიან კი წააგავს წიწილას… მოვრჩი თუ არა საუბარს და დასაჯდომად გავემართე, მეზობელი მაგიდიდან მავანი მიხმობს და მეკითხება ფაბერჟეს სტილში მინანქრით დაფარული კვერცხის დამზადებას ხომ არ დამთანხმდებოდითო. ასევე შევიტყვე, რომ თურმე ვაჟბატონს კვერცხი მარგალიტის შესანახად სდომებია. მე კიდევ ჩემთვის ვარკვევდი – მშიოდა თუ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ერთნაირი წარმატებით შეიძლება ყოფილიყო, როგორც მსუბუქი გულისრევის შეგრძნება, ასევე მუდმივი და მარადმზარდი ეროტიკული ემოციების მოზღვავება პარსიფალზე გაფიქრებისას, რომელიც შუაღამის დამდეგს მელოდა. სადილზე ერთი თოხლო კვერცხისა და რამდენიმე ორცხობილას გარდა არაფრისთვის დამიკარებია პირი. აქაც უნდა შევნიშნო, რომ, როგორც ჩანს, პარანოიდო-კრიტიკულმა მეთოდმა ეფექტური ზეგავლენა მოახდინა მთელ ჩემს ვისცელარულ ბიოქიმიაზე. გაამდიდრა ალბუმინით, რაც ასე აუცილებელია ყველა იმ უხილავი და წარმოსახვითი კვერცხის ჩასახვა-გასაფურჩქნად, რომელსაც მთელი დღე თავს ზემოთ დავატარებდი – მხედველობაში მაქვს ის კვერცხები, რომელიც ასე წააგავს ევკლიდეს კვერცხის სრულყოფილებას და პიერო დე ლა ფრანჩესკამ თავისი მადონას თავზე ჩამოაკონწიალა. ეს კვერცხი ჩემთვის დამოკლეს მახვილად გარდაიქმნა, რომელსაც ტელეპატიურად გადაცემული უსაზღვროდ ნაზი ლომის (მე გალაზე ვლაპარაკობ) ღმუილი თუ აკავებდა, რომ არ ჩამომწყდარიყო ყოველ წამს და ჩემთვის თავი ორად არ გაეპო.

შამპანურის დარბაზის წკვარამში უკვე ციმციმებდა ჩემი შუაღამის ეროტიკული თანამგზავრი – პარსიფალი, რომელზეც გაფიქრება მაიძულებდა სულ უფრო და უფრო სათნო გავმხდარიყავი. იმის შემდეგ რაც პრინცებისა და მილიარდერების ლიფტებში ზემოთ-ქვემოთ ვიწრიალე, ჩემი პატიოსნება და სათნოება მკარნახობდა, სარდაფში ჩავსულიყავი, სადაც ბოშები ბინადრობენ. ქანცგაწყვეტილმა გადავწყვიტე ჩუნგას – ერთ პატარა მოცეკვავე ბოშა გოგონას ვწვეოდი. სხვათა შორის, გრინვიჩ-ვილიჯში წასასვლელად ემზადებოდა, რათა ესპანელი ლტოლვილების წინაშე  ვნების ქარცეცხლი აეგიზგიზებინა.

ამ დროს ატყდა ერთი გნიასი. ფოტოაპარატების ჩხაკუნმა და ობიექტივების ნათებამ პირველად ცხოვრებაში მაფიქრებინა, რომ ეს ფოტორეპორტიორები აუტანელი, საზიზღარი და გულისამრევი ადამიანები არიან. ჩემი და გალას ფოტოზე აღბეჭდვის უსირცხვილო და აულაგმავმა ლტოლვამ გამიჩინა ყველას ერთად გადაყლაპვის სურვილი, რათა მერე მათი ვისცერალური ამორწყევის შესაძლებლობა მომცემოდა. ნაცნობს ვთხოვე, სასტუმროში წავეყვანე. იქ კი ნამდვილად მეშველა. გაწამებული, დახუჭული თვალების სიღრმეში ჯერ კიდევ თეფშზე დაწყობილი კვერცხების ფოსფენები მელანდებოდა. გემოზე ვარწყიე, ამავდროულად ბარაქიანად მოვისაქმე, ამდენი ცხოვრებაში არ დამიხვავებია. ამან, მინდა გითხრათ, დიპლომატიური და ბურიდანოვისეული გაგების პრობლემის წინაშე დამაყენა, რომლის შესახებ ადრე ხოსე მარია სერტმა მომიყვა; თუ მეხსიერება არ მღალატობს, საუბრობდა ტიპზე, რომელიც სახელგანთქმული იყო იმ სიმყრალით, რომელსაც პირიდან აფრქვევდა, თან გამუდმებით აბოყინებდა და საზოგადოებაში ქცევის მართებული წესების დარღვევაში ყველას სჯაბნიდა. ერთხელაც მისთვის მავანს ფრიად ტაქტიანი რჩევა შეუბედავს:

– ბევრად უკეთესი იქნებოდა, მსგავსი ყროლი პირიდან კი არა, სხვა ხვრელიდან გამოგეშვათ.

ცივ ოფლში გახვითქული წამოვწექი, როგორც ალქიმიკოსის ცვრით დაფარული რეტორტა და მოულოდნელად სახეზე გამომესახა ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი და ყველაზე გონივრული ღიმილი, რომელიც გალას ოდესმე უნახავს, მის თვალებში მყისვე აღმოცენდა ერთგვარი იდუმალი მუნჯი კითხვა, რომლის პასუხს, ვფიქრობ, პირველად ცხოვრებაში ის ვერ ხვდებოდა.

– ეს-ეს არის დამეუფლა ფრიად სასიამოვნო განცდა… ამავდროულად ჩემში ვიგრძენი დაუდგრომელი და მჩქეფარე ძალა, რომელიც ნებისმიერი ბანკის აფეთქებას შეგაძლებინებს, თუმცა ყველაფერთან ერთად ნათლად ვხედავდი იმასაც, როგორ ვემშვიდობებოდი მთელ ჩემს ქონებას, – წარმოვთქვი მე.

თუმცა ერთი რამ ცხადზე უცხადესია – გალას ავადმყოფური პედანტობისა და სუფთაზე სუფთა, თითქოსდა ათასჯერ გამოხდილი პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების გარეშეც შემეძლო ფონს გავსულიყავი – არაფრად ჩამეგდო მასში გამჯდარი, თითქმის ამოუძირკვავი ჩვევა დადგენილი ფასების პატივისცემისა და პატიოსანი გზით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ორიათასჯერ მაინც გამეზარდა ჩემი სახელგანთქმული პარანოიდალო-კრიტიკული მეთოდის შედეგები. ამით იმას ვამტკიცებ, რომ ალქიმიური კვერცხის პაროქსიზმული თვისებების წყალობით, ზუსტად ისე, როგორც შუა საუკუნეებში სჯეროდათ, თამამად შეიძლება გონისა და ძვირფასი მეტალების ტრანსმუტაცია.

ჩემი მკურნალი ექიმი, დოქტორი კარბალეირო, – ვერაფერს ვუსაყვედურებ, იმწუთსავე მოვარდა, როგორც კი ჩემი უქეიფობის შესახებ შეიტყო, – მიხსნის, რომ საღ-სალამათი ვარ და ოცდაოთხსაათიანი ინფლუენცას გარდა, არც არაფერი მჭირს. უბრალო “ფლუ,” როგორც ამბობენ ხოლმე. ასე რომ, შემიძლია არ ვინერვიულო და მშვიდად გავემგზავრო ევროპაში, სადაც ეს უმნიშვნელო ციებ-ცხელება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ფრთები შევასხა ჩემს სანუკვარ “კლედანისტურ” (*კლედანიზმი – სექსუალური გარყვნილება, რომლის სახელწოდება სოლანჟ დე კლედას გვარ-სახელისგან წარმოსდგება) ოცნებას. – ოცნებას ყველაზე იდუმალსა და ძვირფასს, რომელიც სრულიად გაუცნობიერებლად თან ერთვოდა დღის განმავლობაში ჩემი წარმოსახვის მიერ შობილ ირაციონალურ მატერიებს და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემმა ასკეტიზმმა და გალასადმი შეურყვნელმა ერთგულებამ აწ და მარადის ტრიუმფული სვლა განაგრძოს. ვაგზავნი ემისარს სტუმრებთან და ვუთვლი, რომ ამ საღამოს მათ გვერდს ვერ დავუმშვენებ შამპანურის დარბაზში. შემდეგ სასწრაფოდ ვარეკვინებ სასტუმროს ადმინისტრაციაში და ვთხოვ, რომ მათ ჩიტის რძეც კი არ დააკლდეთ და მეფურად (მცირეოდენი შეზღუდვებით, ცხადია) მოემსახურონ. ასე და ამგვარად, იქ, სანამ ჩემი შუაღამის პარსიფალი უკვერცხოდ და უკერძოდ ფრთებს ისხამდა, დალი და გალა ანგელოზის ძილით იძინებდნენ…

მეორე დღეს “შეერთებული შტატების” ბორტზე ევროპაში ვბრუნდებოდი, საკუთარ თავს ერთი კონკრეტული კითხვა დავუსვი: მსურს ვიცოდე, დღესდღეობით ვის ძალუძს ერთ დღეში (დღე, რომელიც დილის სიზმარში ნანახი ექსკრემენტული კვერცხის დროებრივ სივრცეს მთლიანად შეერწყა) ჩემი მბოდავი მატერიის უფორმო და ხმაურიანი დრო ჭეშმარიტ და ფასდაუდებელ შემოქმედებად გარდაიქმნას, ვისთვის იქნებოდა საკმარისი ერთადერთი კვერცხის ნათება, რათა საკუთარ უნიკალურ ულვაშზე მარქსიზმის გარდასულ და მომავალ დღეთა მთელი ისტორია ჩამომეკიდა. განა მიაგნებდა ვინმე ამ მაგიურ ნომერს: 77. 758. 469. 312? ციფრს ჯადოსნურს, რომელსაც ძალუძს აბსტრაქტულ და საერთოდ მთელ თანამედროვე ხელოვნებას გზა-კვალი აუბნიოს? იქნებ თქვენ მითხრათ, ვინ შეძლებდა “ქრისტეფორე კოლუმბის კოსმიური ოცნების” – ჩემი ერთ-ერთი გრანდიოზული ტილოს მუზეუმის კედელზე წამოჭიმვას, სამი წლით ადრე, ვიდრე მუზეუმი საერთოდ აშენდებოდა? ვინ, გეკითხებით, მოახერხებდა ერთი ნაშუადღევის მანძილზე გალას ჟასმინის მათრობელა სურნელით გაჟღენთილს, ამდენი ქათქათა კვერცხი შეეგროვებინა, სრულყოფილებითა და სიწმინდით ასე რომ აღემატებიან ყველა ადრე არსებულს და ცხადია აღმატებულნი იქნებიან ყველა იმ კვერცხისა, მომავალში რომ ვიხილავთ, და რაც  მთავარია, შეერია და გაეზავებინა ისინი დალის ყველაზე ცოდვილ აზრებთან და ზმანებებთან? ვინ შეძლებდა, ამდენ აგონიაში ამდენი ეცხოვრა, ამადენ ხანს არ ეჭამა  და მაინც ასე ძალუმად ერწყია, თითქმის არაფრისგან ამდენი შეექმნა? ვისაც ამაზე მეტის გაკეთება ძალუძს, სწორედ მან მესროლოს პირველმა ქვა. დალი უკვე მუხლებზეა დაჩოქილი, რათა ამ დარტყმას მკერდი მიუშვიროს. და თუ ახლა ვინმეს მოუვიდა აზრად ქვა გამომიქანოს, მერწმუნეთ, ის მხოლოდ ფილოსოფიური იქნება.

ახლა უკვე შევეშვათ ამ ამბებს, ავიდეთ უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურებზე და დავკავდეთ  გალას ცოცხალი ბირთვით, ამ უნაზესი და ურბილესი ძრავით, რომელსაც ჩემი პარანოიდო-კრიტიკული მეთოდი მოძრაობაში მოჰყავს და აიძულებს იმუშაოს, – ეს მუშაობა მოულოდნელ მეტამორფოზებს გულისხმობს, რომელიც ამჯერად ჩემი ნიუ-იორკული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ და ყველაზე ამონიაკალურ დღეს ინტელექტუალურ და სულიერ ოქროდ გარდაქმნის. ახლა კი თავად იხილეთ, როგორ მოქმედებს ხსენებული გალარიანული ბირთვი პორტ ლიგატის უკიდურესად ჰომეროსისეული სივრცეების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ანიმისტურ ადგილ-მამულში.

© არილი

Facebook Comments Box