ესაუბრა ლექსო დორეული
2021 წლის “საბას” პრემიის მე-19 დაჯილდოება ჩატარდა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდა.
ჟიურის წევრი დავით გაბუნია დაგვთანხმდა, ფინალისტებისა და გამარჯვებულების შერჩევის პროცესზე ესაუბრა და არც არაკომფორტული კითხვებისთვის პასუხის გაცემას მოერიდა:
“საბაზე” იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ბოლომდე არ ეთანხმებით?
ნებისმიერ ჟიურიში მუშაობა ჩემთვის ყოველთვის ნიშნავს „შიდა სამზარეულოს“ დეტალების გარეთ არგატანას. თუ ერთად ვმუშაობთ, ეს აუცილებლად გულისხმობს საფუძვლიან მსჯელობას, დისკუსიებს და ა.შ. რომელთა შედეგადაც ან მე ვიცვლი აზრს, ან სხვას ვაცვლევინებ. ამიტომაც, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა დანარჩენ წვერთან ერთად მეც ვაწერ ხელს. საბედნიეროდ, აქამდე სულ ისე ხდებოდა, რომ პრინციპული შეუთავსებლობა და კონფლიქტი არ მომსვლია. შარშანდელი „საბას“ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ერთი ესაა, მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, მოკლე სიები გაცილებით მოკლე იქნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ნომინაციებშიც კი, სადაც სია ისედაც მოკლე იყო.
რისი თქმა შეგიძლიათ ნუგზარ ზაზანაშვილის საოცარ პოეტურ წიგნზე “წავა, წავა, წავა, წავა”? ერთსულოვანი იყო ჟიური, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა? როგორია პირადად თქვენი შთაბეჭდილებები ამ წიგნის შესახებ.
წლევანდელმა ჟიურიმ მუშაობა სწორედ პოეზიის ნომინაციაში წარდგენილი წიგნებით დაიწყო, ამიტომ გადაწყვეტილება ნუგზარ ზაზანაშვილის გამარჯვების შესახებ ბევრად ადრე და იოლად მივიღეთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ზემოთ კი ვახსენე, სამზარეულო გარეთ არ გამომაქვს-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მიწყენენ კოლეგები, თუ გავამხელ, რომ ზაზანაშვილისთვის პრემიის გადაცემას ყველა წევრი მაშინვე დაეთანხმა. მართალია, პოეზიაში მოკლე სიას დიდი გარჩევა და ერთმანეთის გადარწმუნება მოჰყვა, მაგრამ გამარჯვებულთან დაკავშირებით ორი აზრი ნამდვილად არ არსებობდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. და წარმოიდგინეთ, როგორ დავიზაფრეთ, როცა ბატონი ნუგზარის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. ვინც არ ვიცნობდით მას პირადად, გეგმებს ვაწყობდით, როგორ გავიცნობდით, დაველაპარაკებოდით, ჩვენს აღფრთოვანებას გავუზიარებდით, ცოტათი მაინც გავახარებდით.
ამ კრებულის კითხვა გვიან ღამით დავიწყე და ვეღარ გავჩერდი, უცნაური რამეა პოეტური კრებულის ასე კითხვა, რომანი ხომ არაა?! გზადაგზა იმდენად მიტევდა აღფრთოვანება, მინდოდა, ოჯახის წევრები გამეღვიძებინა და მათთვისაც ხმამაღლა წამეკითხა ეს ლექსები. ყველა სიტყვა, ყველა შეფასება, რომელიც ამ კრებულთან დაკავშირებით მომდის თავში, პათეტიკურად მეჩვენება და არასაკმარისად; თითქოს მეშინია, რომ აჭყლოპინებული მოზარდივით აზრებს ვერ მოვუყრი თავს და საკადრისად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ეს იყო ლირიკული რომანიც, სევდიანი სიხარულით და სიმშვიდით სავსე მედიტაციაც, ეს ლექსები ჟანრების მიჯნაზეა, ესეისტიკის, მცირე პროზის, სადა და გამჭვირვალე პოეტური ფორმების ნაზავია. ლამის საბავშვომდე გამარტივებული რითმები უცებ ფილოსოფიური სიღრმით იცვლება. გაუთავებლად შეიძლება ამ წიგნზე ლაპარაკი. და სრულიად ეგოისტურად მიხარია, რომ იმ ჟიურის წევრი ვიყავი, რომელმაც იგი წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დაასახელა. ასევე ეგოისტურად დამენანა ავტორის გარდაცვალება – როგორ მინდოდა ჩამოჯდომა და მასთან ლაპარაკი. იშვიათად დამმართვია ასე – როგორც იმ ცნობილი ამერიკული რომანის ახალგაზრდა გმირს – ტექსტი წავიკითხე და ავტორის გაცნობა მომინდა. აი, მაინც ვერ გავცდი აღფრთოვანებულ ჭყლოპინს, მაგრამ ერთსაც დავამატებ: ვკითხულობდი წიგნს და ვფიქრობდი, მეც მინდა ასე ვწერდე, მაგრამ ვერ ვწერ.
კრიტიკის ნომინაციაში პრემია გაიყო. თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ არცერთი გამარჯვებული ტექსტი ჟანრულად ლიტერატურულ კრიტიკას არ მიეკუთვნება. ერთი ცალსახად სამეცნიერო ნაშრომია, მეორე კი – სახელმძღვანელო. ამაზე რას იტყოდით?
ორივე წიგნი ძალიან სერიოზული ლიტერატურათმცოდნეების უზარმაზარი შრომის შედეგია. ორივე წარმოადგენს ორიგინალური მიგნებების, დაკვირვებების ფართო სპექტრს და არა, ვთქვათ, რაიმე მეორადს და მხოლოდ არსებული სამეცნიერო ცოდნის გადამუშავებას. ალბათ, ეს იყო მთავარი საფუძველი ამ გადაწყვეტილებისთვის – მეტი მეცნიერება, მეტი „მეთოდი“ არ აწყენს ქართულ ლიტერატურულ კრიტიკას და ლიტერატურათმცოდნეობას, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ძალიან სცოდავდა ამ მიმართულებით და ძირითადად პოლიტიკურ კონიუნქტურას ემორჩილებოდა (საბჭოთა დროს) და მერე კი, პოსტსაბჭოთა პერიოდში, ამ უდიდესი დანაკლისის ამოვსებას ნაჩქარევად ცდილობდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ დავაჯილდოვეთ ლიტერატურის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მკვლევარი და თუნდაც „კრიტიკის“ ვიწრო განმარტებაში მათი ნამუშევრები არ ჯდებოდეს, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ხარისხზე ნამდვილად ვერავინ შემოგვედავება, ვინც ნანა ტრაპაიძისა და ნინო დიანოსაშვილის წიგნებს წაიკითხავს.
რჩება განცდა, რომ ბოლო დროს კონკურსებზე ჟიური ზოგჯერ უბრალოდ გაურბის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას და თითქმის მუდმივად მიმართავს პრემიის გაყოფას. ეს უკვე პრაქტიკად დამკვიდრდა. ასე იყო წლევანდელი საბას რამდენიმე ნომინაციის შემთხვევაშიც. რამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ნომინაციაში ერთი გამარჯვებული ვერ გამოავლინეთ?
დავაზუსტოთ ფაქტები: რამდენიმე ნომინაციაში არა, ფორმალურად პრემია ამჯერად გაიყო მხოლოდ ორ ნომინაციაში, საუკეთესო დებიუტსა და კრიტიკაში. კრიტიკაზე უკვე ვთქვით, დებიუტს რაც შეეხება, აქ ყველაფერი მარტივი ლოგიკით აიხსნება. დებიუტი პოლიჟანრული ნომინაციაა, აქ ერთმანეთს „ეჯიბრებიან“ სრულიად განსხვავებული ლიტერატურული გვარები და ჟანრები. რთულია, ერთ გამარჯვებულზე შეჯერდე, როდესაც განსახილველად წინ გიდევს ხუთასგვერდიანი რომანი, პოეტური კრებული, თარგმანი… რა რას და რა ნიშნით უნდა შეადარო, თუ მიგაჩნია, რომ თავის ჟანრში წიგნი კარგია? ნანა აბულაძისა და ირინე ტაბაღუასთვის პრემიის გაყოფა ამან გამოიწვია. ერთი საინტერესო დამწყები რომანისტია, მეორე – ძალიან მძაფრი, უკომპრომისო ხმის პატრონი პოეტი. თან დებიუტი მაინც საავანსო ნომინაციაა – ვხედავთ ახალ ავტორებს და ვცდილობთ, წავახალისოთ. იმედი მაქვს, რომ ორივე გაამართლებს ამ მოლოდინს.
თარგმანში პრემია არ გაყოფილა. ჩვენ მივმართეთ „საბას“ ორგანიზატორებს თხოვნით, დაემატებინათ კიდევ ერთი, ცალკე პრემია ამ ნომინაციისათვის, მათაც დააკმაყოფილეს ეს თხოვნა. რომ არ დაეკმაყოფილებინათ, გადაწყვეტილება სხვანაირი იქნებოდა. თანაც, თარგმანი ის ნომინაციაა, რომელიც ტრადიციულად ყველაზე ვრცელ „მოკლე სიას“ შეადგენს ხოლმე. ყველაზე მეტი წიგნი სწორედ აქ გროვდება, ყველა სხვა ნომინაცია რომ შეკრიბოთ, თარგმანი მაინც აჭარბებს რაოდენობით. და ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთი კი არა, სამი ან ოთხი ნამუშევარია ბრწყინვალე, რომელიც ყველანაირ პრემიას და შექებას იმსახურებს.
რაც შეეხება ბიძინა მაყაშვილისა და ივა ფეზუაშვილისთვის გადაცემულ პრემიებს, ეს წლევანდელი სიახლე იყო. „საბას“ ახალი პარტნიორები გამოუჩნდა, რომელთაც მოინდომეს კონკრეტულად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობის გააზრება დაეფასებინათ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომელ ჟანრში იქნებოდა წიგნი დაწერილი. შეიძლება, ამანაც შეგიქმნათ შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი პრემია გაიყო და ჟიური შეეცადა, არავისთვის არ ეწყენინებინა. ვფიქრობ, პირიქით, ძალიან ბევრს ვაწყენინეთ, სწორედ იმიტომ, რომ პრინციპულები აღმოვჩნდით. სატელევიზიო თუ სოციალურ მედიაში მოწყობილი ღია და ფარული ისტერიკებიც მოწმობს ამას.
გიორგი კაკაბაძის “რისი თქმაც მინდა” და ლევან ბრეგაძის “პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში” – ორი, ვფიქრობ, საკმაოდ გამოცდილი ავტორის ტექსტი. რატომ ვერ მოგხიბლათ საკმარისად, რა იყო მიზეზები, რის გამოც მათ სხვა წიგნები არჩიეთ?
როგორ გგონიათ, რომ ვერ მოვეხიბლეთ, მოკლე სიაში იქნებოდნენ? კრიტიკის ნომინაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხი (ზემოთ) ამ კითხვასაც უპასუხებს, გარკვეულწილად. უბრალოდ, შეფასდა და დაფასდა წარმოდგენილი ნამუშევრების მასშტაბი და არა ის, რომ ბატონებს კაკაბაძესა და ბრეგაძეს ვინმემ რაიმე დაუწუნა.
გიორგი სოსიაშვილმა საკმაოდ დიდი კონკურენცია დაძლია და მისი წიგნი ალეკო შუღლაძის და რუსუდან რუხაძის კრებულებს ამჯობინეთ. ფართო მკითხველი შესაძლოა არ იცნობდეს ამ ავტორის ტექსტებს, რა შეიძლება ითქვას მის შესახებ მკითხველისთვის.
გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული სასიამოვნო მოულოდნელობა იყო პირადად ჩემთვის. სამწუხაროა, რომ წიგნის დისტრიბუციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია და პატარა, არამეინსტრიმული გამომცემლობების წიგნები ხშირად ვერ აღწევს მაღაზიათა ქსელებში. აქ თავად გორის უნივერსიტეტის გამომცემლობასაც შეიძლება საყვედური ვუთხრათ, შეეძლოთ, ეზრუნათ ამაზე, რომ წიგნი ციფრულად მაინც გამოჩენილიყო სადმე, თუკი ბეჭდური ვერსიის გავრცელება ვერ ხერხდება. არც ახლაა გვიანი. იქნებ მოინდომონ და მოახერხონ. ბოლოს და ბოლოს, არ აინტერესებთ წიგნის გაყიდვა? დარწმუნებული ვარ, „საბას“ ლაურეატობის გამო მაინც მოისურვებს ბევრი ამ მოთხრობების წაკითხვას. ალბათ, ამიტომ იყო ეს გამარჯვება ასეთი მოულოდნელი, რადგან მკითხველთა ფართო წრე სოსიაშვილს არ იცნობს, ალეკო შუღლაძის და რუსუდან რუხაძისგან განსხვავებით. ეს არის ქართული მოთხრობის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილი ტექსტები, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი ეყოლებოდა, უკეთესი მარკეტინგი რომ ჰქონოდათ გამომცემლებს. ვფიქრობ, აქაც კარგად გამოჩნდა ჟიურის პრინციპულობა – ჩვენთვის გაცილებით იოლი იქნებოდა, უფრო აღიარებულ ავტორებზე შეგვეჩერებინა არჩევანი (მით უმეტეს, რომ რუხაძისა და შუღლაძის მოთხრობები ნამდვილად არაა დასაწუნი) და პრემია უფრო ნაცნობი (და თან – ცნობილი) ავტორისთვის გადაგვეცა. ძალიან მინდა, იმ ხალხს ჩავხედო თვალებში, გამუდმებით კლანურობა და შეთქმულებები რომ ელანდება ხოლმე. ახლა სად არიან? გაიმარჯვა წიგნმა, რომელიც, ჩვენი აზრით, უკეთესი იყო. ეს არის და ეს.
ზოგადად ეს ნომინაცია ხშირად არის ხოლმე ყველაზე სუსტი წერტილი. გადახედეთ წინა წლების მონაცემებს და დამეთანხმებით. უბრალოდ, ამ სისუსტის აღიარება ცოცხალი თავით არავის არ უნდა (დრამატურგიის სისუსტეზე თამამად ლაპარაკობენ, ეგ ხომ ლიტერატურის არასასურველი გერია, დაბალი ღობეა და „მოსულა“ მისი ლანძღვა); არადა, მართლა გამორჩეული, მთლიანობაში საინტერესო, გამართული და კარგად შედგენილი მოთხრობების კრებული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გამოიცა, მე ალბათ, სულ ხუთი მახსენდება. ან ცოტა მეტი. კარგი მოთხრობების მწერალი ზოგადად ცოტაა. ჩვენთან ბევრი ავტორი ხანდახან წერს მოთხრობებს, რახან რომანისთვის ძალა, ენერგია ან დრო არ ჰყოფნის და შუალედებში უშვებს ნაძალადევ კრებულებს, ამ დროიდან ამ დრომდე დაწერილ უღიმღამო ტექსტებს ჩაყრის ხოლმე ორყდასშუა და მორჩა. სიმართლე გითხრათ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კრებულების გამოშვების მიზანი ხშირად სწორედ პრემიის მოპოვებაა. არა, ამხანაგებო, არ გამოვა ასე. მოთხრობა არაა ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ხალტურას აიტანს.
როგორ გგონიათ, რაზე მეტყველებს ის, რომ პიესის ნომინაციაში წარმოდგენილი ორივე ტექსტი მედეაზეა?
არა მგონია, რაიმე განსაკუთრებულზე მეტყველებდეს, თუ ამ ორივე პიესას ყურადღებით წავიკითხავთ, ასეთი რამ გამოდის:
– ლაშა ბუღაძეს მედეას მითი ფორმისთვის სჭირდება, მოქმედება თანამედროვე საბერძნეთში გადმოაქვს, საიდანაც მედეა უნდა გამოაძევონ, როგორც არალეგალური მიგრანტი. ეს ტექსტი პრინციპულად თანამედროვეა და რემინისცენცია აქ უბრალოდ საფარველია, გარეგნული ფორმაა, რომელიც არსებითად პოლიტიკურ, სოციალური აქცენტებით დატვირთულ ამბავს გარნირად მოჰყვება. დღევანდელი ევროპის მიგრაციული პოლიტიკის კრიტიკისთვის მედეას ამბის მორგება ბუღაძეს ნამდვილად ოსტატურად გამოუვიდა და ეს არც იყო გასაკვირი. ზოგადად, ლაშა ბუღაძისადმი, სამწუხაროდ, ისეთი აკვიატებული დამოკიდებულებები შემხვედრია ჩვენს საზოგადოებაში, სახტად დავრჩენილვარ. კარგა გვარიანად ნაკითხ ადამიანებსაც კი ემართებათ ხანდახან, რომ მის უდავო ლიტერატურულ ოსტატობას ვერ ამჩნევენ – ან საერთოდ არ კითხულობენ და უბრალოდ ილანძღებიან. სამწუხაროა. სხვას ვერაფერს ვიტყვი – თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში ასე კარგად ფორმას ვერცერთი ავტორი ვერ ფლობს. სხვა არ ვიცი და დრამის თეორიაში მაინც ნამდვილად დამეჯერება. ასე რომ, დამიჯერეთ.
პაატა ციკოლია კი სულ სხვა გზით მიდის – ეს არის ბრიტანული 90-იანი წლების ე.წ. in-yer-face theatre („სახეში მოხლილი თეატრი“, ასე ვთარგმნოთ) საუკეთესო ტრადიციების ათვისება და ორგანულად გამოყენება. ტექსტი სასტიკია და იმაზე ბევრად სასტიკი, ვიდრე შეჩვეულები ვართ. ციკოლია ჩვენში ყბადაღებულ მედეას მიერ შვილების მოკვლა-არმოკვლის პრობლემას ძალიან შორს სცდება და ბევრად უფრო ღრმად შედის მითში. რა ხდებოდა მანამდე, სანამ მედეა კოლხეთიდან გაიქცეოდა. და დამიჯერეთ, რასაც ეს ავტორი აკეთებს, ბევრად უფრო შეგაძრწუნებთ, ვიდრე ბანალური შვილების დახოცვაა. ნარატიული ჩანართებით, ეპიზაციის სხვადასხვა ხერხების გამოყენებით და სხვა ფორმალური მახასიათებლებითაც ეს პიესა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ზოგადად, პაატა ციკოლია, როგორც ავტორი და რეჟისორი, ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე მისი ყველა გამოქვეყნებული ტექსტი წაკითხული მაქვს და მომწონს, მაგრამ ამჯერად თავის თავსაც კი აჯობა.
მიუხედავად იმისა, რომ მოკლე სიაში ორი მედეა „გვყავდა“, მათ ბევრი არაფერი ჰქონდათ საერთო. სამწუხაროდ, ნომინაცია ამჯერადაც მცირერიცხოვანი იყო. ალბათ, ყველაზე მეტად მე (რახან თვითონაც დრამატურგი ვარ) გამახარებდა ამ სიაში ოთხი, ხუთი და მეტი პიესის ნახვა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. (სხვათა შორის, კიდევ ერთი ტექსტი იყო მედეას შესახებ, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბათუმელი ავტორის, რომელიც, იმედია, ახლო მომავალში აგვალაპარაკებს თავის შესაძლებლობებზე და შეიძლება, გვანანებინოს კიდეც, რომ მოკლე სიაში ვერ აღმოჩნდა. ეს მხოლოდ გამიხარდება. სხვა ყურადღების მიღმა არაფერი დარჩენილა, რასაც ოდნავი ღირებულება მაინც ჰქონდა).
წლის საუკეთესო რომანის მოკლე სიის მიღმა დარჩა ბექა ქურხულის წიგნი, რომელმაც თავისუფალი ლიტერას პრემია მიიღო. ასევე თეონა დოლენჯაშვილის “ჩიტი არ გამოფრინდება”. ამან ავტორების გაღიზიანება გამოიწვია. რა აზრის ხართ ამ ტექსტებზე, მართლა ასეთი ცუდია, რომ მათი მოკლე სიაში მოხვედრა უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა?
დავიწყოთ იმით, რომ არა მხოლოდ ეს ორი ავტორი, არამედ კიდევ ბევრი სხვა რომანიც ვერ აღმოჩნდა მოკლე სიაში და მათ შორის იყო ისეთებიც, რომლებიც ქურხულისა და დოლენჯაშვილის წიგნებს ათწილად მერჩივნა. უბრალოდ, თქვენც მხოლოდ იმიტომ სვამთ ამ კითხვას და ფართო საზოგადოებამაც იმიტომ იცის ამის შესახებ, რომ აღნიშნულმა სუბიექტებმა სრულიად სამარცხვინო დემარში მოაწყვეს ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში. იყო ჟიურის წევრებისთვის დედის გინება (პირდაპირი გაგებით და არც ისე შესაშური მწერლური ოსტატობით, უნდა ითქვას. უკეთაც შეეძლო), ყურით მოთრეული სკანდალური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ქ-ნ დოლენჯაშვილს, მაგალითად, ვიღაც მისი ღირსშესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო „ბლოკავს“ და ასევე მთავარი პრეტენზია, რომ ჟიური ტექსტებს არ კითხულობს და წაუკითხავად იწუნებს. ცხადია, დაჩაგრული ადამიანის მხარდაჭერის სურვილი ბევრს უჩნდება, მედიაც დახარბებულია სკანდალებს და მეტი რაღა გვინდა – ატყდა ერთი ვაიუშველებელი და გაწიე-გამატარე. რომელიც ისევე მალე ჩაცხრა, როგორც აღმოცენდა. გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ ქვეყანაში, ვიდრე ვიღაც მწერლების უსაგნო და უსაფუძვლო, თვითსიბრალულზე აღმოცენებული გოდება.
ახლა რაც შეეხება ავტორების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს. ორივეს ვეტყვი დაბეჯითებით, რომ „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრი იმ მცირერიცხოვანი ადამიანების სიაში ვართ, ვინც მათი წიგნები მთლიანად წაიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ დროის გაცილებით სასიამოვნოდ გატარების უამრავი სხვა საშუალება გვქონდა. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ სწორედ მთლიანად და ყურადღებით წაკითხვის გამო ვერ მოხვდა მათი ოპუსები მოკლე სიაში და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანი რაიმე სახის წინასწარი აკვიატების მსხვერპლი შეიქნა. არა, ამხანაგებო, ნუ გგონიათ, რომ სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს და დღე და ღამე იმას ფიქრობს ვინმე, როგორმე ქურხულს ან დოლენჯაშვილს უმტროს. არა მგონია, ზრდასრულ ადამიანს არ შეეძლოს იმის დაშვება, რომ მისი ტექსტი, შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს. და თუ აქამდე ეს აზრად არ მოსვლიათ, ვეტყვი, რომ არა უშავს. ხდება ხოლმე. გული არ გაიტეხოთ. ვიღაცას ძალიან არ მოეწონება, ვიღაცას – პირიქით („თავისუფალი ლიტერა“ ამის დადასტურებაა), ყველა ქოთანს თავისი სახურავი აქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ორი ზრდასრული ადამიანის, მით უმეტეს – მწერლის, ფეხების ბაკუნი, არიქა, ჩვენი წიგნები რატომ არ მოგეწონათო, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა.
ცუდი და კარგი ის კატეგორიებია, რომლებითაც მეგობრებთან, ემოციური შეფასებისას ვსარგებლობ. ამიტომ ასე არ ვიტყოდი. არა, არცერთი ეს რომანი არ იყო ცუდი. ისინი უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. ვერც ენის ფლობის, მწერლური ოსტატობის, არქიტექტონიკის და ვერც იდეური თვალსაზრისით. მართალია, ორივე ბოლომდე მხოლოდ იმიტომ წავიკითხე, რომ ჟიურის წევრი ვიყავი და მევალებოდა (სხვა შემთხვევაში ამას არ ვიზამდი და პირველი 20 გვერდის წაკითხვით შემოვიფარგლებოდი), და ჩემმა გონებამ ტვინის სადღაც შორეულ კუნჭულში შეხვეტა ეს ტექსტები, როგორც უკიდურესად ტრავმატული გამოცდილება და მათ დავიწყებას წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც ვიტყვი. პირველი, რაც ორივე ტექსტს აერთიანებს, ეს არის ენობრივი ქსოვილის აბსოლუტური გაუმართავობა – მარტივად რომ ვთქვათ, ცუდი ნაწერი, ცუდი ენა. ოღონდ – ეს ცუდი სამწერლო ენა ორივეს სხვადასხვანაირი აქვს. ბ-ნი ქურხულის შემთხვევაში ეს არის უსისტემოდ, გაუაზრებლად ახორხლილი სიტყვები, მოუხეშავი და უხეირო ეპითეტები, მოუქნელი ფრაზები, ენობრივი კლიშეების სიუხვე. ამ უკანასკნელში მას ნამდვილად წარმატებით ეცილება ქ-ნი დოლენჯაშვილის სამწერლო ენა, კლიშეებისგან აქ ლამის სუნთქვა შეეკვრება მკითხველს, თუმცა, ეს ავტორი აშკარად ცდილობს, ენა რაფინირებული ჰქონდეს, მაგრამ ამ პროცესში ხელთ სრულიად ხელოვნური, ბრტყელ-ბრტყელი სენტიმენტალიზმით გაჯერებული უაზრო წინადადებების კორიანტელი გვრჩება, განსაკუთრებით კი იმ ეპიზოდებში, სადაც მწერალი პერსონაჟების განცდებს აღწერს. ორივე მწერლის ენა შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ ერთი ბარბარიზმით, რომლის ზუსტი შესატყვისი ქართულად ვერ გავიხსენე და ამისთვის ბოდიშს ვიხდი – „ლიტერატურშჩინა“. ქურხულის ფსევდო-ორიენტალიზმი და ფსევდო-ისტორიზმი სრულიად უინტერესო და არაფრისმთქმელ ტექსტს აგებს, ვითომ ისტორიული ნახტომები დროში წიგნის წამკითხველისგან მართლაც ჯოჯოხეთურ ნებისყოფას მოითხოვს. ეს უსაშველოდ გაწელილი რომანი კარგი და გამოცდილი რედაქტორი ხელში გვარიანად დაიფერთხებოდა და ხელთ შეგვრჩებოდა დაახლოებით ასი გვერდი, მართალია, საეჭვო ხარისხის, მაგრამ მაინც წასაკითხი წიგნი. დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია, ძალადბრუტალური მაჩიზმი, უაღრესად ცუდად დაწერილი სექსის სცენები და ვითომ ეგზოტიკა ვისაც მოსწონს, იკითხოს, კი ბატონო. მაგრამ ამისთვის ტექსტი ჯერ ტექსტად უნდა ვარგოდეს. დოლენჯაშვილი კი უსაშველოდ მანიპულირებს „მომგებიანი“ თემატიკით – თითქოს პირველაღმომჩენი იყოს იმისა, რომ ომი, თურმე ნუ იტყვით და, საშინელებაა და ყველაზე დაუცველებს, ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს საზარელ მდგომარეობაში აგდებს. ავტორი ისე ცდილობს ომის საშინელებები დაგვიხატოს, რომ ვერც კი იაზრებს, როგორ ამლაშებს ამასობაში. თავი ცუდი ადამიანი მეგონა, როცა მის მიერ აღწერილ სიმხეცეებზე მეცინებოდა კითხვისას, მაგრამ მერე მივხვდი, მე სულაც არა ვარ ცუდი და უემოციო ადამიანი, უბრალოდ, ამდენი სიყალბე, ამდენი ეფექტისთვის ჩაჩრილი „საზარელი“ დეტალი მხოლოდ პრიმიტიული მანიპულაციაა და ამას მწერლობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს ორი რომანი მამაკაცურობის და ქალურობის (ავტორთა სქესის შესაბამისად) ორ პოლუსზე იმყოფება, ოღონდ ამ განსხვავებულობის მიუხედავად, ორივე ხელოვნური, კლიშეებში ჩამოსხმული პლასტმასის ნაკეთობაა და არა – კარგი ლიტერატურული ტექსტი.
რა იყო ის მიზეზები, რის გამოც თარგმანის შთამბეჭდავი მოკლე სიიდან ეს ორი ავტორი, ანი კოპალიანი და გიორგი ლობჟანიძე გამოარჩიეთ?
როგორც უკვე ვთქვი, ამ შემთხვევაში პრემია არ გაყოფილა, არამედ გაიცა ორი დამოუკიდებელი „საბა“. თუ მკითხველს ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს ლობჟანიძის და კოპალიანის თარგმანებში, ვფიქრობ, კითხვა არც გაუჩნდებოდა, რატომ მიიჩნია ჟიურიმ ისინი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად. ლობჟანიძის „არსთა მესნევიზე“ ჟიურის წევრმა, შესანიშნავმა მთარგმნელმა, თამარ ჯაფარიძემ თქვა ძალიან კარგად – ეს იმ მასშტაბის სამუშაოა, რასაც ერთი ადამიანი კი არა, მთელი ინსტიტუტი უნდა აკეთებდესო. და სრულებით ვეთანხმები. გიორგი ლობჟანიძეს, ნიჭიერებასთან ერთად, აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება – საოცრად ახირებული ადამიანია, ფანატიკურადაც კი. ჰოდა, ასე აიხირა და წარმოუდგენელ სირთულეს შეეჭიდა. მით უმეტეს, რომ არ ჩერდება, „მესნევის“ მეორე წიგნი უკვე გამოსულია და კიდევ აგრძელებს მუშაობას. ამ მასშტაბს ძნელად თუ ვინმე შეედრება – აქ უკვე წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა სხვა დანარჩენი მთარგმნელი, რომელიც მის კონკურენტად მოიაზრება იმავე ნომინაციაში, როცა საქმე გვაქვს ამხელა მნიშვნელობის ლიტერატურული ძეგლის ასეთი ხარისხის თარგმანთან. მახსენდება, უხსოვარ დროს მეც კი ვიყავი „საბას“ მოკლე სიაში, ერთი ბულვარული, სასაცილო შვედური რომანის თარგმანისთვის, იმ წელს ბაჩანა ბრეგვაძემ „მომიგო“. როცა ამას ვწერ, ვიკრიჭები თან, მაგრამ აქ „სმაილს“ ხომ ვერ დავსვამ, ამიტომ ვაზუსტებ. ეს ისე, სხვათა შორის გამახსენდა.
ანი კოპალიანის ელიოტი კი სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა. ვისაც „კატების წიგნი“ დედანში წაუკითხავს, ალბათ, სასაცილოდ არ ეყოფოდა ნებისმიერი მთარგმნელის პრეტენზია, ოდესმე ეს რომელიმე სხვა ენაზე ეთარგმნა. დიდი პოეტის დიდი „მაიმუნობა“, ვითომ სახუმარო, მაგრამ ურთულესად სათარგმნი და ჩახლართული ტექსტები. შემოსული წიგნების სიაში რომ დავინახე, თვალებს არ დავუჯერე, ძალიან სკეპტიკურად განვეწყვე თავიდან და კრიტიკულად ვკითხულობდი, მაგრამ ორი-სამი ლექსის წაკითხვის შემდეგ უკვე ყველანაირი ეჭვი გაქრა. მერე დედანი გადმოვიღე თაროდან, გვერდით დავიდე და ასე ვკითხულობდი და ყოველ ჯერზე ხელახლა მაკვირვებდა მთარგმნელის ოსტატობა. ანი კოპალიანმა თითქმის შეუძლებელი თითქმის ბოლომდე შეძლო. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში დედანთან შედარებამ ითამაშა დიდი როლი. ერთია, როცა კითხულობ ტექსტს ქართულ თარგმანში და ის თავისთავად კარგია, მაგრამ მეორეა, როცა დედანს ადარებ და რწმუნდები, რომ მასთან მიმართებაშიც არ სცოდავს.
ისე, სხვათა შორის, ორივე პრემია ამ შემთხვევაში პოეტური თარგმანებისთვის გაიცა. ესეც სხვათა შორის აღვნიშნე, სალაპარაკოდ კი არა.
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მიუხედავად სიგრძისა, თარგმანის მოკლე სიაში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი მთარგმნელის ნამუშევარი. სრულიად გააზრებულად და პრინციპულად. როგორც ჩანს, მთარგმნელები რომანისტებთან შედარებით მოკრძალებული ხალხია, ტელევიზიებში არ გაჰკივიან, არ წაგვიკითხეს და ისე დაგვჩაგრესო. არც დედას იგინებიან, უფრო ფართო ლექსიკური მარაგი აქვთ საჯარო გამოსვლებისას.
რა გამოცდილება იყო საბას ჟიურიში ყოფნა, რით იყო ეს საქმე თქვენთვის სასარგებლო და მიმზიდველი, ზოგადად, რა როლს აკისრებთ კონკურსებს ლიტერატურისთვის?
სასარგებლო არ ვიცი, რამდენად იყო, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა კი ნამდვილად ვიგრძენი. შუა გზაზე ოდნავ ვინანე კიდეც (წელს განსაკუთრებით ბევრი მომივიდა, „საბას“ გარდა დიდი პოლონური დრამატურგიული კონკურსის ჟიურიშიც ვიყავი, სადაც სვეტლანა ალექსიევიჩი იყო თავმჯდომარე), უმადური საქმეა, შენ თავს მოიკლავ, ამდენს წაიკითხავ, იმსჯელებ, იწვალებ და გადაწყვეტილებას მიიღებ, მერე მოგადგება ლიტერატურასთან ბუნდოვნად დაკავშირებული ვინმე ტლუ და დედას გაგინებს… აი, რა უნდა გრჯიდეს ადამიანს, რომ ეს ყველაფერი მოგინდეს? მაგრამ სარგებელი მაინც არის (ჰონორარის გარდა, რასაკვირველია) და ეს სარგებელი ასეთია: ერთბაშად, ძალიან ინტენსიურად ყვინთავ შენსავე მშობლიურ ლიტერატურაში, ძალიან ცხადი წარმოდგენა გექმნება ყველასა და ყველაფერზე, რა მდგომარეობაში ახლა ენა, საით ვითარდება, რას წერენ და როგორ წერენ შენი თანამედროვეები. სხვა შემთხვევაში ამდენს ვერასოდეს (უფრო – არასოდეს) წავიკითხავდი. არ შეიძლება, ამან სარგებელი არ მოუტანოს ჟიურის წევრ ავტორს. ძალიან საინტერესო დასკვნები გამოვიტანე და, სხვათა შორის, კარგად გადავხედე იმ ტექსტს, რასაც ახლა ვწერ.
ზოგადად, კონკურსების მესიანისტური ფუნქციის მე არ მჯერა. მხოლოდ კონკურსი ლიტერატურულ პროცესს ვერ ააყვავებს, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ „ხმაურს“ იწვევს წიგნებთან დაკავშირებით. რას ვიზამთ, ხმაური საჭირო და აუცილებელია. მთავარია, მისი სწორად წარმართვა ვიცოდეთ, თორემ გასულ ზაფხულს ეკრანებიდან არ ჩამოდიოდა ხალხი, მაგრამ რა ხეირი? წაიკითხა მათი წიგნები ვინმემ? ეს ნახევრად ხუმრობით, სერიოზულად კი იმას ვიტყვი, რომ თითოეული ინიციატივა მნიშვნელოვანია, ყველაზე პატარაც და შეუმჩნეველიც კი, პრემია იქნება ეს, სტიპენდიები, რეზიდენციები თუ სხვა. ამ გაძაღლებულ ქვეყანაში წერით თავს ვერ გაიტან ქალი და ნებისმიერი ასეთი „გვერდითი“ სტიმული მნიშვნელოვანი ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონკურსი ლიტერატურული პროცესის აუცილებელი თანამგზავრია, მაგრამ არამც და არამც – თვითონ ძირითადი პროცესი.
© არილი