ინტერვიუ

ინტერვიუ დავით ქართველიშვილთან – ლიტერატურა როგორც კონკრეტული და როგორც მარადიული აწმყო

ესაუბრა ლექსო დორეული

დავით ქართველიშვილი – თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი – წლების წინ გაქრა ქართული ლიტერატურული პროცესის თვალსაწიერიდან. საკმაოდ ნაყოფიერი და განსხვავებული სამწერლო კარიერის შემდეგ, მოულოდნელად გაუჩინარდა და აღარაფერს აქვეყნებდა. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი აშშ-ში ემიგრაცია იყო. ქართველიშვილი შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ წერა არ შეუწყვეტია – სულ მალე გამომცემლობა პალიტრა L მის ახალ რომანს გამოსცემს და, დიდი ალბათობით, ავტორს საქართველოშიც ვიხილავთ. არილი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ის გაუჩინარების წლებზე, მის ლიტერატურულ ტრანსფორმაციაზე საუბრობს; მკითხველს უზიარებს მომავლის გეგმებს და ახალ იდეებს, ლიტერატურული ჩანაფიქრებს.

საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური ლიტერატურული ცხოვრების შემდეგ საქართველო დატოვეთ. ეს წლების წინ მოხდა. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, რომლებიც შორიდან გიცნობდნენ და თქვენს ტექსტებს კითხულობდნენ, უამრავი მარტივი კითხვა აქვთ: რატომ და სად წავიდა? რა შეიცვალა ამ პერიოდში მის ცხოვრებაში? ლიტერატურას რა ადგილი აქვს მასში? რითაა აშშში დაკავებული? ბოლოს როდის იყო საქართველოში?

– პირველ რიგში, სანამ შეკითხვებზე გიპასუხებდეთ, მსურს პირადად თქვენ, ლექსო, დაგვიანებით მოგილოცოთ ჟურნალ “არილის” თანარედაქტორობა, მივესალმო ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგას, მალხაზ ხარბედიას და ასევე საკუთარ თავს მივულოცო “არილში” ავტორად დაბრუნება. თუ არ ვცდები, ჟურნალში ბოლო პუბლიკაცია 12 წლის წინ მქონდა. კარგია, რომ ვარსებობთ – ჟურნალიც და მეც და ისევ შევხვდით ერთმანეთს, რაც, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იყო, რადგან “არილი” თანამედროვე ლიტერატურის განუყოფელია ნაწილია.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. საქართველო დავტოვე 2011 წლის ბოლოს. ეს უფრო დაუგეგმავად და ქაოსურად მოხდა, ვიდრე წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით. წასვლის სურვილი კონკრეტული მიზეზების გამო მქონდა. ამ მიზეზებს უფრო პირადი შეიძლება ეწოდოს, ვიდრე სოციალური ან პოლიტიკური. ჩემი წასვლა უფრო ისეთი თემაა, ყვითელ პრესასთან რომ უნდა ისაუბროს ადამიანმა, ვიდრე ისეთ სერიოზულ გამოცემასთან, როგორიც “არილია”. რაც შეეხება ლიტერატურას… დიდხანს არ ვიბეჭდებოდი, მაგრამ ერთი წამით არ გამიწყვეტია ლიტერატურული შრომა. ერთი მხრივ, სამხრეთ კალიფორნია, სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ, სრულიად არალიტერატურული სივრცეა, მაგრამ, მეორე მხრივ, მაღალგანვითარებულ ეკონომიკაში მინიმალური ფინანსების მოპოვება არ არის რთული. ვმუშაობ იმდენს, რომ გადასახადები გადავიხადო და მქონდეს თავისუფალი დრო, რომელიც, რა თქმა უნდა, მთლიანად ლიტერატურას ეთმობა. ჩემი არქივის მიხედვით, ჩემი 11 წლიანი მონაგარი ასეთია: 3 რომანი (ერთი მათგანი ინგლისურად არის დაწერილი), ამ სამი რომანიდან ერთი “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები” სექტემბერში გამოიცემა წიგნად. გამომცემელი პალიტრა L-ია. რედაქტორი ჩემი ძველი მეგობარი და შესანიშნავი მწერალი ბესო ხვედელიძეა, ხოლო პროექტის მთავარი რედაქტორი ქ-ნი მაია ალუდაური.

რაც შეეხება სამსახურებს: მიმუშავია ყველა მძიმე ემიგრანტულ სამუშაოზე სარესტორნო ქსელში, გადაზიდვებში, დისტრიბუციაში და ზოგიერთ შედარებით მსუბუქ სამსახურშიც, მაგ. ქალაქის მერიაში. ამ ამბებსაც ყვითელ პრესას შევუნახავ.

საქართველოში ბოლოს 11 წლის წინ ვიყავი, მაგრამ წიგნის პრეზენტაციაზე ვაპირებ ჩამოსვლას (ხეს ვეძებ რომ სამჯერ დავაკაკუნო).

თუ გიფიქრიათ, როგორ შეიცვალა ამ პერიოდის მანძილზე თქვენი ენა? საქართველოში აღარ ცხოვრობთ, მაგრამ ქართულად წერთ. შეიძლება თუ არა ამ გარემოების პრობლემატიზება. ქმნის თუ არა ეს რამე არსებით განსხვავებას?

– კი, რა თქმა უნდა, მიფიქრია. საერთოდ, ემიგრაცია ბევრ რამეზე გაფიქრებს ადამიანს, თუ, რასაკვირველია, ადამიანს უნდა, საერთოდ, დაფიქრება. კონკრეტული პასუხისათვის ოდნავ განზოგადებული შესავალი მჭირდება. ჩემი აზრით, ძირითადად ორი კატეგორიის მწერლები არსებობენ. 1. მწერლები, რომლებიც ამბებით და პერსონაჟებით აზროვნებენ და 2. მწერლები (და მე საკუთარ თავს ამ კატეგორიას მივაკუთვნებ), რომლებიც აზროვნებენ წინადადებებით და სჯერათ, რომ თუ ზუსტი სიტყვები ზუსტი თანმიმდევრობით დალაგდება, ამბავი და პერსონაჟი თავისთავად წარმოიქმნება.

რა თქმა უნდა, აქ საუბარია პრიორიტეტებზე და შინაგან ტენდენციებზე, თორემ რეალურად ყველაფერზე ვცდილობ ვიფიქრო. დაახლოებით 5 წელი კოვიდამდე ინგლისურად ვცდილობდი წერას და ამ გამოცდილებამ ჩემი ქართული ალბათ შეცვალა და თუ ეს ასეა, იმედია – უკეთესობისაკენ.

საერთოდ, ჩემი ენისადმი დამოკიდებულება ასეთია: ენა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მარტივი, უფროსკლასელის ნაწერების იმიტაციას უნდა ქმნიდეს. ასეთი მიდგომა საშუალებას მაძლევს ტექსტის შინაარსი უფრო კომპლექსური, ექსპერიმენტული და ფილოსოფიური გავხადო. არსებობენ ავტორები, რომლებიც პირიქით: განზრახ ართულებენ ენას და ასევე განზრახ ამარტივებენ შინაარსს. ეს, ფაქტობრივად, მონეტის მეორე მხარეა; ლიტერატურული ექსპერიმენტია, თან არც თუ უინტერესო. ამ ყაიდის მწერლები ამ წუთას მახსენდებიან: ივა ფეზუაშვილი და ჯონათან ფრენზენი.

ახლა, დროის ამ გადმოსახედიდან, როგორ იხსენებთ ხოლმე იმ წლებს, როცა ლიტერატურულ კარიერას იწყებდით. მეხსიერების რა ეფექტები, თამაშები და მეტამორფოზები ახლავს წარსულზე ფიქრს? ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვნები აღმოჩნდნენ?

– კვლავ ყვითელი პრესის თემატიკას უნდა დავუბრუნდე და ასე მივიდე მთავარ სათქმელამდე. მე არ გავზრდილვარ მკითხველთა კლუბში. რა თქმა უნდა, სახლში, როგორც შეეფერებოდა იმ დროის მაღალი საშუალო ფენის საბჭოთა ოჯახს, იყო საკმაოდ ნორმალური ბიბლიოთეკა, მაგრამ დიდად წიგნების კითხვით არავინ იწუხებდა თავს, ეს ტიპური იყო იმ დროისათვის. მოკლედ, ბიბლიოთეკა არსებობდა იზოლირებულად. არც მე ვკითხულობდი. ხანდახან გადმოვაწყობდით წიგნებს და ვუცვლიდით მათ თანმიმდევრობას. ეს იყო ჩვენი საოჯახო თერაპიის ნაწილი. მერე ეს ამბავი ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, ერთ დღეს ფეხბურთის თამაშისას ვიღრძე ფეხი და ექიმმა ორკვირიანი შიდაპატიმრობა გამომიწერა. სწორედ ამ დროს გადმოვიღე და წავიკითხე პირველი წიგნი. ვოლტერის “ფილოსოფიური მოთხრობები” და ასე დაიწყო ჩემი და ლიტერატურის ურთიერთობა. ამ დროს 17 წლის ვიყავი. ვოლტერს დღემდე ვკითხულობ, თუმცა ჩემზე ყველაზე დიდი ლიტერატურული გავლენა მაინც ლორენს სტერნმა და სულხან-საბა ორბელიანმა მოახდინეს.

მალევე დავიწყე წერა. ეს უკვე ახალი, დამოუკიდებელი საქართველოა თავისი ახალი და დამოუკიდებელი პრობლემებით. ამ დროს სხვა ბევრი ოჯახივით ჩვენც გავკოტრდით და მე უცებ განვაცხადე, რომ ჩემი იურისტის დიპლომი არაფერში მჭირდება და ერთადერთი, რაც მინდა, წერაა. ფეხზე წამომდგარი აპლოდისმენტებით, რა თქმა უნდა, ამ ამბავს არავინ შეხვედრია.

არსებობს წმინდა ლიტერატურული გავლენები და კავშირები, მაგრამ არსებობს ყოველდღიური ცხოვრების გავლენები, რომლებსაც დიდი ძალა აქვს. ამ მხრივ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლაშა ბუღაძის წიგნი “ყუთი”. თავად ფაქტი, რომ იმავე სივრცეში არსებობდა ჩემი ასაკის ადამიანი, რომელიც წერდა, ეს იყო ძალიან კარგი და შვებისმომგვრელი ფაქტი.

უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ გიჟი არ ვიყავი და თუ მაინც ვიყავი, სხვა გიჟიც არსებობდა. მერე უკვე ძალიან მოკლე დროში აღმოვაჩინე სხვა ავტორებიც.

ბოლო დროს Facebook-ზე გააქტიურდით. საკუთარი თავისგან, შეიძლება ითქვას, ციფრული პერსონაჟიც შექმენით, რომელიც ვიდეოებით ბევრ ადამიანს ახალისებსმგონი, თავადაც კარგად ერთობით, არა?

– ვიდეოები და პოსტები stand-up-ია. ეს ჩემი ძველისძველი ჰობია და არ მინდა, რომ პროფესიად მექცეს. აქაც გამოვდიოდი ხანდახან კლუბებში და თბილისშიც ჩემი ახალი რომანის პრეზენტაციაზეც ვგეგმავ 30 წუთიან სტენდაფ რუტინას (ისევ ხეს ვეძებ, რომ სამჯერ დავაკაკუნო). მასხარა ბავშვობიდან ვარ, თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ. პროცესი, რა თქმა უნდა, მართობს და თუ თქვენც მოგწონთ, ძალიან მიხარია!

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თუ ეცნობით? ახალ სახელებს, ავტორებს, მათ ტექსტებს თუ კითხულობთ. ვინ მიიქცია თქვენი ყურადღება?

– კი, რა თქმა უნდა, ვკითხულობ. ონლაინ ბიბლიოთეკა „საბას“ წევრი ვარ. ამ წუთას მხოლოდ ერთ ავტორზე მინდა გესაუბროთ. ეს ავტორი ნოდარ ლადარიაა. მისი რომანი “ქარის გამორჩევა” სრულიად შემთხვევით წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, ეს არის თანამედროვე ევროპული ხარისხის რომანი, რა თქმა უნდა ტექსტში ყველაფერი არ არის ჩემთვის მისაღები (ასეთი ტექსტი, ზოგადად, რომ არსებობდეს, მაშინ მე აღარც დავწერდი), მაგრამ ვიმეორებ, ეს არის საოცრად პროფესიონალური წიგნი – ენა, არქიტექტონიკა… სამწუხაროა, რომ (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია) ამ წიგნის პუბლიკაციამ ჩუმად ჩაიარა. არადა, წესით საკმაოდ კარგი მასალა უნდა ყოფილიყო ლიტერატორებისათვის.

თქვენი ლიტერატურული რეჟიმი როგორია, სისტემატურად მუშაობთ ტექსტებზე, თუ ფრაგმენტულად, დროგამოშვებით? მომავლის გეგმები როგორია ამ თვალსაზრისით, რომანის დაწერის იდეა ხომ არ გაქვთ?

– დავიწყებ რომანიდან… უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი ახალი რომანი “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები” სექტემბერში დაიბეჭდება, ცოტა თავსაც შევიქებ და ვიტყვი, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ტექსტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც. ეს რომანი ჩემი ცხოვრების ბოლო 11 წლის პრაქტიკული გამოცდილების და ესთეტიკური ძიებების შედეგია. რაც შეეხება სამწერლო პრაქტიკა… მე იმ მწერლების რიცხვს თუ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ჯერ თავში წერს და შემდეგ უკვე თავში დაწერილი გადააქვს ფურცელზე. რა თქმა უნდა, ფურცელზე გადატანის პროცესში რაღაცეები იცვლება, ხანდახან რადიკალურადაც, მაგრამ ერთი რამ უცვლელია – პირველი წინადადება. თავში ზეპირად წერა ლიტერატურის თავდაპირველი ფორმაა, შეიძლება ეს პროცესი წლების მანძილზე გაიწელოს. რაც შეეხება ფურცელზე გადატანას, ეს უკვე დისციპლინის ამბავია და ამ მხრივ ვცდილობ ფლობერის მიმდევარი ვიყო, თუმცა მისი უკიდურესი პედანტიზმი ჩემთვის მაინც უფრო ნევროზის ნაირსახეობაა, ვიდრე აუცილებლობა და ის ჩემთვის უცხოა. არასდროს მიფიქრია მთელი დღე, თუ სად დამესვა მძიმე მხოლოდ იმიტომ, რომ მერე, ღამე ეს ძლივს დასმული მძიმე უბრალოდ წამეშალა, მიუხედავად იმისა, რომ პუნქტუაციისადმი ჩემი, ძალიან სუბიექტური და ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. ვწერ, ძირითადად, შუადღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში. სამსახურებშიც გამიმართლა ამ მხრივ, ძირითადად, საღამოობით და უთენია მიწევდა და მიწევს მუშაობა.

საკუთარი წერის სტილის ტრანსფორმაციას როგორ აღწერდით. საერთოდაც, რომელ ესთეტიკას მიაკუთვნებთ თქვენს ტექსტებს თავად? ზოგჯერ მათი ჟანრული კლასიფიკაცია ჭირს: აბსურდულიც არის, იმიტაციურიც და გროტესკულიც. ხშირად მიმართავთ პაროდიის პოეტიკასაც. მაგრამ მათი საერთო ნიშანი, ალბათ, ვფიქრობ, მაინც ინტერტექსტუალობაა. უამრავი ავტორი, ტექსტი და ხმა იყრის ერთად თავს. ახლა რომელია ის ტექსტები, ავტორები, რომელთა დიალოგშიც თქვენი ტექსტები იწერება?

– ჟანრი ჩემთვის პირობითობაა. მე ვწერ პროზას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში პოეზიისაა და ფილოსოფიის ნაზავია. აქ ისევ ვოლტერს უნდა დავუბრუნდე, ასევე სტერნს, სულხან-საბას. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს განმანათლებლები. ბრიტანული განმანათლებლური რომანი: სტერნი, სვიფტი, ფილდინგი, ასევე ფრანგული განმანათლებლობაც: ვოლტერი, დიდრო. მნიშვნელოვანი ბიძგი იყო თავის დროზე ძველი იაპონური ლიტერატურა: მურასაკი შიკიბუ, სეი სიონაგონი. ცალკე ადგილი აქვთ ესეისტებს – პასკალი, მონტენი. თუ ქართულენოვანი ლიტერატურის ტრადიციით განვიხილავ საკუთარ თავს, მე უფრო ნიკო ლორთქიფანიძის ხაზის გამგრძელებელი ვარ, ვიდრე ჯავახიშვილის ან გამსახურდიასი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი პირობითობაა და სინამდვილეში ჩვენზე არა ავტორები და წიგნები, არამედ ფრაგმენტები და ეპიზოდები ახდენენ გავლენას და ნამდვილი დიალოგიც მათთან გვაქვს.

წერისას მკითხველზე თუ ფიქრობთ? ეკო ამბობდა, ნებისმიერი მწერალი თავად ქმნის მკითხველსო. როგორია, თქვენი წარმოდგენით, თქვენი ტექსტების იდეალური მკითხველი? რა თვისებებსა და უნარებს ფლობს, როგორი ხასიათი და ტემპერამენტი აქვს? 

– მკითხველზე ფიქრს უკვე ტექსტის გადათეთრებისას ვიწყებ, მანამდე ეს სრულიად და მხოლოდ ჩემი სივრცეა. გადათეთრებისას უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ტექსტი, მინდა არ მინდა, პროდუქტია, რომელიც უკვე სხვებმა უნდა მოიხმარონ. ეს ცვლის რაღაცეებს, ძირითადად, ვრცელ ფილოსოფიურ მონოლოგებს ვკუმშავ და ვკვეცავ. იდეალური მკითხველი არ ვიცი. ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემი მიზანი არსებულ, რეალურ მკითხველთან შეხვედრაა მინიმალური ესთეტიკური კომპრომისების ხარჯზე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ჩემი პოტენციური მკითხველის შესახებ, ეს არის ის, რომ მას შეუძლია და სიამოვნებას ანიჭებს ფიქრი და იაზრებს, რომ ხელოვნება ყოველთვის ხელოვნებისთვისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებაში მთავარი ესთეტიკური მხარეა. მოკლედ, იქამდე მივდივართ, რომ ჩემი პოტენციური მკითხველი წიგნიერი ადამიანია. ისე არ გამიგოთ, რომ სპილოს ძვლის კოშკების მშენებელი ვარ და მხოლოდ მორის მეტერლინკს ვკითხულობ, არა. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურა, პირველ რიგში, ესთეტიკური ფენომენია.

მე მგონი, ბორხესი უნდა გიყვარდეთ. ყოველ შემთხვევაში მე ხშირად აღმომიჩენია თქვენს ტექსტებში მისი კვალი. ბორხესი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის დროთა განმვლობაში არა მხოლოდ საკუთარი ტექსტების ავტორად, არამედ მათ მკითხველადაც იქცა, ავტორ-მკითხველად. თქვენ თუ კითხულობთ საკუთარ ტექსტებს, თუ გამოიმუშავეთ მათთან მკითხველის დისტანცია?

– ბორხესი მაინტერესებს როგორც კონცეპტუალისტი და ასევე პოეტი. თუ მაინცდამაინც სამხრეთ ამერიკელ ავტორებში უნდა გამოვარჩიო ვინმე, ეს უფრო მაინც კარპენტერი, კორტასარი და მანუელ სკორსაა. ამ სიის გაგრძელება შეიძლება. რაც შეეხება ბორხესს, ის ჩემთვის უფრო ლიტერატურის თეორეტიკოსია, ხოლო მის კვალზე მეტად ჩემს ტექსტებში ალბათ უფრო სიბრძნე სიცრუისას კვალია და კიდევ ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკოსი” და აღმოსავლური იგავების და ზღაპრების. ბორხესი ინტერპრეტაციების, პაროდირების და გადათამაშების ძალიან გულუხვ შესაძლებლობას იძლევა, ამას ჩემზე ადრე გასული საუკუნის 60-იანი წლების ევროპელი ავტორები მიხვდნენ: კალვინო, პერეკი, რობ-გრიე, ოდნავ მოგვიანებით ამერიკელებიც: ჯონ ბარტი, ჰელერი, უილიამ გედისი, ეს უკანასკნელი უკვე კალიფორნიაში აღმოვაჩინე. ძალიან საინტერესო მწერალია, უფრო სწორად იყო. საკუთარ ტექსტებს ძალიან იშვიათად ვკითხულობ. ამას წინ ჩემი პირველი რომანის “იყო საღამო, იყო დილას“ წაკითხვა ვცადე. ეს რომანი 28 წლისამ დავწერე, ანუ 19 წლის წინ და უცებ კითხვისას ვიგრძენი, როგორი ახალგაზრდა ვიყავი და როგორი თავისებური და განუმეორებელი ხიბლი აქვს ახალგაზრდულ სევდას, როგორი რადიკალურია ახალგაზრდული ფილოსოფიური და ესთეტიკური ძიებები. ეს ის ეტაპია ცხოვრებაში, როდესაც პირად გამოცდილებაზე მეტად ლიტერატრულ კონსტრუქციებს ენდობი. საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა კითხვა მალევე შევწყვიტე.

არილის ამ ნომერში მკითხველი თქვენს მოთხრობას გაეცნობა – „უფროსი კაფკა ანუ ფალსიფიკაციის ესთეტიკური მხარე“. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის შთამბეჭდავი ტექსტი აღმოჩნდა. საიდან მოგივიდათ იდეა, რომ ჰერმან კაფკას „პასუხი“ დაგეწერათ კაფკას იმ ცნობილ წერილზე, რომელიც მის ერთადერთ ადრესატს არ წაუკითხავს?! რა მიმართება აქვს თქვენს მოთხრობას „წერილი მამასთან“? რატომ დაინტერესდით ამ თემით?

– სინამდვილეში კაფკა და მისი “წერილი მამას” მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული სვლაა. ერთი მხრივ, მე ავტობიოგრაფიული მწერალი ვარ, მაგრამ არა სელინის, მილერის ან თუნდაც ნოდარ დუმბაძის ყაიდის. პირიქით, მე მომწონს როდესაც პერსონაჟების უკან ვიმალები, ვანაწილებ მათში ჩემი ბიოგრაფიის ეპიზოდებს. ბიოგრაფიაში არამხოლოდ რუტინულ ფაქტოლოგიას ვგულისხმობ, არამედ: ფიქრებს, ფილოსოფიას. სამხრეთ კალიფორნიაში გადმოსვლის შემდეგ ცხოვრებაში ალბათ პირველად მომეცა ნამდვილი განმარტოების და თვითანალიზის საშუალება. იზოლაცია ამერიკული ცხოვრების ნორმაა და ემიგრანტისთვის ხომ მითუმეტეს. რა თქმა უნდა, თვითანალიზის ეს პროცესი ვერ ჩაივლიდა ბავშვობის გახსენების გარეშე და სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ მშობლებთან ურთიერთობას მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან ვუყურებდი, რაც, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა. ასე დაიწყო ეს მოთხრობა წლების წინ. მინდოდა ჩემი თავი დამენახა ჩემი მშობლების მხრიდან, განსაკუთრებით მამაჩემის მხრიდან, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ ადრე გარდაიცვალა, ისე გამოვიდა, რომ, ძირითადად, ვაწვალე ჩემი ახალგაზრდული შეცდომების გამო და უკან ვერაფერი დავუბრუნე. ფიქრი ფიქრად რჩებოდა, სანამ მე და ჩემი ძველი მეგობარი მალხაზ ხარბედია არ შევხვდით ფეისბუკზე და არ ვისაუბრეთ ჩემი შესაძლო პუბლიკაციის შესახებ “არილში”. სწორედ ამ საუბრის შემდეგ მივუბრუნდი ამ იდეას, მაგრამ რადგან არ მსურდა მოთხრობისათვის სენტიმენტალურ-პლაკატური ფორმის მიცემა, ამიტომ დავიწყე ალტერნატიული, ნაკლებად სწორხაზოვანი გზების ძიება და სწორედ ამ დროს გამახსენდა კაფკა, კერძოდ კი: “წერილი მამას”. ეს წერილი ხომ საშინლად ეგოცენტრულია და დავუშვი, რომ უფროს კაფკას რაღაც ფორმით ამ წერილის არსებობის შესახებ შეეტყო. თუმცა უკვე გითხარით, რომ ფურცელზე გადატანისას ბევრი რამ იცვლება და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოთხრობა სულ სხვანაირად გაიშალა. იმედია, მკითხველი ისიამოვნებს მისი წაკითხვით.

ამბებს, რომლებიც არ მომხდარა, ხშირად ბორხესისეული დამაჯერებლობით აღწერთ. ამით მკითხველის დაბნეულობას იწვევთ. ტექსტსა და რეალობას, წარმოსახვასა და სინამდვილეს შორის ონტოლოგიური ზღვარი ქრება, წაშლამდე ფერმკრთალდება. ხშირად მათი ერთმანეთზე გადაბმის კვალსაც ვერ ვამჩნევთ. შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენთვის ლიტერატურა ალტერნატიული ისტორიაა ან ცხოვრება მხოლოდ ტექსტის ერთ-ერთი სახეობაა? როგორ უყურებთ ლიტერატურისა და რეალობის მიმართების საკითხს?

– ბორხესის დამაჯერებლობა სწორედ მის დაუჯერებლობაშია, მესმის, რომ წინა წინადადება ქოუჩური ფსევდოსიბრძნესავით ჟღერს, მაგრამ რეალობა ასეთია. თუ ჩემი დაუჯერებელი ამბები თქვენ დამაჯერებლად გეჩვენებათ, მაშინ შედეგი მიღწეულია და ჩანაფიქრი განხორციელებული. მალარმეს იდეა – სამყაროს წიგნში მოთავსების შესახებ – გულუბრყვილოა. ჩემი აზრით, არის რაღაცეები, რაშიც ადამიანი არ იცვლება. გრიგოლ რობაქიძე ამას თაურ ფენომენს ეძახდა. ეს იდეა გვხვდება გოეთესთანაც, თუმცა მისი სათავე ანტიკურ საბერძნეთშია საძიებელი. ამ იდეის მიხედვით, არსებობს რაღაც უცვლელი. მაგ. ვაშლის ხე ყოველთვის მოისხამს ვაშლს და არასდროს მსხალს. სარტრს ამის არ სჯეროდა. მასა და კამიუს შორის სწორედ ამ საკითხზე წარმოიშვა დისკუსია, რომელიც, საბოლოო ჯამში, დიდ დავაში და პიროვნულ კონფლიქტში გადაიზარდა. პირადად მე ასეთი უცვლელობის ინდივიდუალურ დონეზეც კი მჯერა და ჩემთვის ამას ვუწოდებ ადამიანის თანდაყოლილ ხასიათსა და მიდრეკილებას. და აი, ამ ხასიათის თუ მიდრეკილების მიხედვით ჩემთვის ყოველთვის ასე იყო და დღემდე ასე რჩება, რომ ლიტერატურა არის დაშვების ხელოვნება და ამ დაშვების თუ აბსტრაჰირების ფუნქცია ესთეტიკური ფორმით არსებული რეალობის გამოხატვაა. ჩემთვის ერთადერთი რეალობა აწმყოა, სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკაა. ასე რომ, ლიტერატურის მთავარი ფუნქცია სწორედ კონკრეტული აწმყოს მარადიულ, უცვლელ აწმყოსთან რეაქციაში შესვლაა.

© არილი

Facebook Comments Box