კლარის ლისპექტორი ტელევიზიაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ინტერვიუერმა მასთან შეხვედრა ძალიან განიცადა: ფიქრობდა, რომ საქმეს თავი ვერ გაართვა და თავისი ქვეყნის უდიდეს მწერალთან კარგი ინტერვიუ არ შედგა.
1969 წელს კლარის ლისპექტორმა პატარა ინტერვიუ მისცა Última Hora-ს ჟურნალისტს, ნორმა პერეირა რეგოს. ეს ინტერვიუ ჯერ ინგლისურად თარგმნა ბენჯამინ მოზერმა, ახლა კი ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
„ახლა ნაკლებად ქედმაღალი ვარ, ახლა ბევრად ადვილია ჩემთან ურთიერთობა.“
ეს იყო პირველი პასუხი, რომელიც კლარის ლისპექტორისგან მოვისმინე მალევე, მას შემდეგ, რაც მის მისაღებ ოთახში შევაბიჯე და ლამაზი ქალის პატარა პორტრეტი შევნიშნე. ეს თავად კლარისა იყო. დე ჩირიკოს დაეხატა, როცა რომში ცხოვრობდა. მას ისევ ნუშისებრი თვალები ჰქონდა და ძლიერი პირი. მხოლოდ მისი ყვრიმალები შეცვლილიყო – ახლა ნაკლებად იყო გამოკვეთილი, რადგან სახე შევსებოდა. ჩანთიდან ორი წიგნი ამოვიღე მისი ავტოგრაფის მისაღებად.
„პირველი და ბოლო.“
ეს მისი კომენტარი იყო. თან მქონდა ძველი პორტუგალიური გამოცემა წიგნისა „ველურ გულთან ახლოს“ და სრულიად ახლად გამოცემული „სიამოვნებების წიგნი“.
„ვფიქრობ, თქვენი ბოლო წიგნი უფრო ადვილად იკითხება, ვიდრე დანარჩენი შვიდი. აქვს ამას რაიმე ახსნა?“
„აქვს. უფრო ადამიანური გავხდი. წიგნი ამას ირეკლავს.“
წიგნში „ოჯახური კავშირები“ არის ამბავი, რომელზეც ყოველი წაკითხვისას ვტირი ხოლმე. მას ჰქვია „განსაკუთრებულობა“. იქ კლარისა ჰყვება იმ მომენტის შესახებ, როცა თინეიჯერმა გოგონამ, მანამ საკუთარ თავში ჩაკეტილმა და დაძაბულმა, გააცნობიერა, რომ დროა, გაიხსნას.
„თქვენი პერსონაჟი, თხუთმეტი წლის გოგო, ახლა ორმოცი წლის რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავს ისევ „მახინჯად და განსაკუთრებულად” იგრძნობდა?“
„ეს გრძნობა კი არაა, ცოდნაა, რომ შენში რაღაც ისეთი არსებობს, რასაც დიდი ზრუნვა სჭირდება, რადგან ადვილად შეიძლება დაზიანდეს.“
„სიამოვნებების წიგნი უკანასკნელია, ამის შემდეგ წერას არ ვგეგმავ“
„რატომ?“
„ეს რა კითხვაა! იმიტომ, რომ მტკივნეულია.“
შვიდი წლის ასაკში რაღაცების ჩხაპნა დაიწყო, თხუთმეტი წლისამ პირველი რომანი გამოაქვეყნა (შენიშვნა: რეალურად, ოცდასამი წლის იყო). არასოდეს უფიქრია თავი პოეზიაშიც გამოეცადა (შენიშვნა: რეალურად, ახალგაზრდობისას წერდა ლექსებს). 12 წლისა ჩამოვიდა რესიფიდან. რიო-დე ჟანეიროში დიპლომატზე დაქორწინდა და რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობდა. არ ეთანხმება, რომ მისი წერის სტილზე რომელიმე სხვა მწერალს ჰქონდა გავლენა.
„როგორც ხედავთ, ლოურენსს, რომელიც ძალიან მიყვარს, არაფერი აქვს საერთო ჩემს ნაწერებთან.“
„ქეთრინ მენსფილდზე რას იტყვით?“
„არა. მას ინტიმური სტილი აქვს, ყოველდღიური ცხოვრების პატარა მოვლენებს აქცევს ყურადღებას. არა მგონია, მეც ასე ვწერდე.“
ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოჩენილ ყველა ბრაზილიელ მწერალს აქვს წაკითხული ლისპექტორის წიგნები. ზოგიერთს მისი კვალი ეტყობა, ზოგიერთმა კი მისი სტილის გადმოღება სცადა. მის წერის სტილში ნამდვილად არის რაღაც ძალიან პერსონალური, იგი ძალიან ჰგავს თავის წიგნებს. რთული ადამიანია, იუმორის გრძნობის გარეშე, ყოველთვის დაძაბული, ლუსიო კარდოზუს მსგავსად, რომელთანაც მეგობრობდა.
დიდებული რამეა – თავისი ამბების წერისას არასოდეს დაუმალავს, რომ ქალია.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალებს იმისათვის, რომ ამის დამალვა ვცადო.“
კლარისა ლისპექტორს არ უცდია ფემინური გამოცდილებების შენიღბვა. რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაამტკიცა – ბავშვები და ახალგაზრდა ქალებიც კარგი თემებია საწერად. მთავარია, ვინ წერს.
„ხალხი ამბობს, რომ ეს არ იქნება ჩემი ბოლო წიგნი, რადგან იგი ორწერტილით დავასრულე.“
„და დაიწყეთ წერტილით, არა?“
„დიახ, მაგრამ წერტილით იმიტომ დავიწყე წერა, რომ ის ქალი თავისი ცხოვრების შუაგულში გამოვიჭირე, შუა ფიქრში.“
„დიდი ხნის წინ დაწერეთ ეს წიგნი?“
„არა, ერთი წლის წინ.“
„წარსულზე ბევრს ფიქრობთ?“
„მაშინ არა, როცა ვწერ. ყველაფერს ვიგონებ წერისას.“
„და ყოველდღიურ ცხოვრებაში?“
„ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრს ვფიქრობ წარსულზე.“
მთხოვა, რომ მოკლე ინტერვიუ ჩამეწერა. დაღლილი იყო. ახლა მისი ერთ-ერთი რომანის ბოლო წინადადებას ვიხსენებ: „ნებისმიერი ბრძოლიდან თუ გადაღლილობიდან წამოვდგები ისეთი ლამაზი და ძლიერი, როგორიც ახალგაზრდა ცხენია“. ეს რწმენის საქმეა. კლარის, შენი მკითხველები შენგან ისევ ელოდებიან წიგნებს.“
© არილი