პორტრეტი,  პროზა

ნინო თარხნიშვილის ფანჯრიდან

ათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

სულ სამი ფანჯარა მქონდა. პირველში 23 წელი ვიცხოვრე. მეორეში – 12. აი, იმ ფანჯარაში, საიდანაც ახლა ამ ნაძვებს და წითელი აგურის სახლებს ვუყურებ, რვა წელია ვცხოვრობ. მიყვარს თუ არა მესამე ფანჯარა? გულწრფელად გითხრა? რავი, არა. უფრო ზუსტად, ალბათ მიყვარს კიდეც, მაგრამ ისე არა, როგორც ის ორი.

ამ ფანჯარაში ძირითადად დაღლილი ვიცქირები ხოლმე. ცქერაც არ ჰქვია, უფრო თვალის გაშტერება. რაღაც მომენტში, ფერები ერთმანეთს რომ ერევა, ნაძვები და წითელი აგური ერთმანეთში იზილება და ბოლოს, უფორმო და უფერო მასად იქცევა სივრცე. სმენას კი მოაქვს შორიდან ძაღლის ყეფა, ჩვილის ტირილი, ბავშვების ხმაური, ქალის სიცილი, ზაფხულობით ჭურჭლის წკარუნი, მოხუცის ხველა, ალაგ აჯაფსანდლის და ალაგ დარიჩინის სურნელი. აქ არავის ვიცნობ, თითქმის არავის – მხოლოდ ზრდილობიანი გამარჯობით ვიცნობ და კიდევ ლიფტში უხერხული დუმილით, რომელიც ძლივს გასაგონი „კარგად ბრძანდებოდეთ“-ით სრულდება.

პირველი ფანჯარა მიყვარდა და ის ალვის ხე, შემოდგომობით ოქროს რომ ყრიდა ძირში და გაზაფხულობით, შეფოთვლამდე – „ჭიაყელებს“. ის ალვის ხე მიყვარდა, ზამთარში ნეკნებამოყრილ, მაღალ და გამხდარ მოხუცს რომ ემსგავსებოდა და იმისი აწოწილი ტანი ვეღარ ეფარებოდა წინა კორპუსს, ხუთსართულიან „ხრუშოვკას“, სადაც მეხუთე სართულზე ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და როცა ცუდი ამინდი იდგა და დედები ეზოში არ გვიშვებდნენ,  ფანჯრებიდან ვთამაშობდით – თოჯინებით, ჯამ-ჭურჭლით. 60 მეტრი მაინც აშორებდა ჩვენს ფანჯრებს, მაგრამ სულ არ გვიშლიდა ეს მანძილი ხელს, რომ ისე გვეთამაშა, თითქოს ერთი მაგიდის ქვეშ ვისხედით. არ ვიყავი მაშინ ისეთი ბეცი, როგორიც დღეს ვარ, ვხედავდი ჩემი მეგობრის ყველა მიმიკას, ყველა ჟესტს და ვუბრუნებდი საპასუხოდ ხან ხელის ქნევას, ხან თავის, ხან ჩემი თოჯინას დაძინებას და ხან პლასტმასის ქვაბში კოვზის რაკუნს.

კიდევ ის ჭადარი მიყვარდა, ერთ დღეს ჩემმა მეზობელმა, თენგიზამ, სახლიდან ტელეფონი რომ გადმოაგდო და ამ ჭადარს ჩამოეკონწიალა. რატომ გადმოაგდო თენგიზამ ფანჯრიდან ტელეფონი? დარწმუნებული ვარ, იფიქრე, ალბათ ვიღაცამ ნერვები მოუშალა და გასტყორცნა ფანჯრიდან ტელეფონიო. ნწ. მოკლედ, ერთ დღეს, შესძახეს თენგიზას ქვევიდან მეზობლებმა, შემთხვევით, ტელეფონის ზედმეტი აპარატი ხომ არ გაქვსო. კიო, მაქვსო, გადმოსძახა და არც მეტი და არც ნაკლები, მერვე სართულიდან გადაუგდო წითელი, ბარაბნიანი ტელეფონი. ტელეფონი ჭადარს დაეკიდა შავი, ზამბარასავით დახვეული შნურით. ხან ქვები ესროლეს ტელეფონს მეზობლებმა, ხან გირჩები, ხან იქვე მოთამაშე ბიჭების ბურთი, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს და დაიშალნენ. წლები გავიდა. ტელეფონის პატრონი მოკვდა. ის წითელი, ბარაბნიანი ტელეფონი კი ისევ ჰკიდია ჭადარზე. რა ქარმა არ გადაუარა, რა წვიმამ, რა თოვლმა. ჭადარი და ტელეფონი კი ჯიუტად ებღაუჭებიან ერთმანეთს.

მეორე ფანჯარა, სადაც 12 წელი ვიცხოვრე, თითქმის ისე მიყვარდა, როგორც პირველი. არ ვიცი, იქნებ, უფრო მეტადაც. იმ ფანჯრის წინ, სარეცხის თოკებზე, 12 წელი შრებოდა ტანსაცმელი მხოლოდ სამისთვის.

ახლა, როცა რვა წელია აღარ ვცხოვრობ იმ სახლში, ხშირად მივდივარ მის ფანჯრებთან, თითქოს რამეს ვაშავებდეო, მწვანე ფიჭვის უკან ვდგები და ვბუტბუტებ გულში: ფარდა ჩამოუკიდიათ, ჭაღი აუნთიათ, რაფაზე ყვავილი შემოუდგამთ. ვცდილობ, უფრო ღრმად შევიჭყიტო ჩემი სახლის ძველ ფანჯრებში და დავინახო მოსიარულე ჩრდილები მათი, ვინც ახლა ჩემს სახლში ალბათ ვახშმობენ, თამაშობენ, ტელევიზორს უყურებენ… და მერე წარმოვიდგენ, თითქოს ისევ იქ ვცხოვრობ, ჩემებთან ერთად და ისინი კი არა, მე ვამზადებ საღამოს ჩაის, მე ვფენ სარეცხს იმ თოკებზე, რომლებზეც ჩემი გოგოს კაბები გაიზარდნენ.

ამ ფანჯარაში, რომელსაც ფოტოზე ხედავ, ძირითადად დაღლილი ვიყურები ხოლმე. ა, თუ გითხარი ეგ უკვე. მიყვარს? იცი, კი, მგონი, მიყვარს. გასულ ზამთარში, შეღამებულზე, თოვა რომ დაიწყო, გამოვაღე ფანჯარა და აი, ფოტოს მარცხენა მხარეს, ლამპიონს ხომ ხედავ, დონ კიხოტის ქუდივით, ჰოდა, უცებ აინთო ეს ლამპიონი, თითქოს მელოდებოდა და მის ქვეშ, ცერად არეული ფიფქები საგანგებოდ, ჩემი ბეცი თვალების დასანახად გააბრდღვიალა.

100 წელიც რომ ვიცოცხლო, ვეღარასდროს დავივიწყებ ლამპიონს, რომელიც ჩემი ფანჯრის ქვეშ აინთო. 

© არილი

Facebook Comments Box