კლოდ ლევი-სტროსი – მშობელი, საშვილოსნოს გამათხოვებელი და სოციალური მემკვიდრეობითობა

claude-levi-strauss

ანთროპოლოგია თანამედროვე სამყაროს პრობლემათა წინაშე

ფრაგმენტი წიგნიდან

ფრანგულიდან თარგმნა ელენე ლადარიამ

ფრაგმენტი კლოდ ლევი-სტროსის მოხსენებიდან „სამი დიდი თანამედროვე პრობლემა: სექსუალობა, ეკონომიკური განვითარება და მითოსური აზროვნება“, რომელიც ერთ-ერთია მის მიერ 1986 წელს ტოკიოში წაკითხული სამი მოხსენებიდან. სამივე მოხსენება 2011 წელს გამოიცა კრებულად, „ანთროპოლოგია თანამედროვე სამყაროს პრობლემათა წინაშე“.

LEVI-STRAUSS Claude. L’anthropologie face aux problèmes du monde moderne. Editions du Seuil. Paris, 2011. pp. 63-75.

 

მშობელი, საშვილოსნოს გამათხოვებელი და სოციალური მემკვიდრეობითობა

უპირველესი აუცილებლობა, რომლის წინაშეც ადამიანური საზოგადოებები დგებიან, რეპროდუქცია, ანუ დროის მდინარებაში თავის შენარჩუნებაა. შესაბამისად, ყოველი საზოგადოება საჭიროებს მემკვიდრეობითობის წესს, რომლითაც ჯგუფის ყოველი ახალი წევრის მიკუთვნებულობა განისაზღვრება, –  ნათესაურ სისტემას, რომლითაც ნათესავთა, თანამოსისხლეთა და ალიანსში მყოფთა კლასიფიკაცია ხდება. ამასთან, საზოგადოებისთვის აუცილებელია ის წესები, რომლებიც საქორწინო ალიანსთა მოდალობებთან ერთად იმასაც განსაზღვრავს, თუ ვისი შერთვა შეიძლება და ვისი – არა.  გარდა ამისა, ყოველ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სტერილურობასთან გამკლავების მექანიზმებიც.

რაც შეეხება დასავლურ საზოგადოებებს, აქ სწორედ სტერილურობასთან გამკლავების საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც რეპროდუქციის დამხმარე თუ მისი ხელოვნურად გამოწვევის საშუალებები აღმოაჩინეს. არ ვიცი, რა ვითარებაა ამ მხრივ იაპონიაში. ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში კი ყველა ამაზე ბჭობს და საგანგებო კომისიებიც კი შეიქმნა შესაბამისი განხილვებისათვის, რომლებსაც, თავის მხრივ, საპარლამენტო ასამბლეები, პრესა და საზოგადოებრივი აზრიც ეხმიანება.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე უფრო ზუსტად? უკვე შესაძლებელია – ზოგიერთი პროცედურის შემთხვევაში კი მალე გახდება შესაძლებელი – რომ გარკვეულ მეთოდთა მეშვეობით ბავშვი გაუჩნდეს წყვილს, რომლის ერთი ან ორივე წევრი სტერილურია: ხელოვნური განაყოფიერება, საკვერცხის დონორობა, საშვილოსნოს თხოვება ან ლოკალიზება, ემბრიონის გაყინვა, in vitro განაყოფიერება ქმრის ან სხვა მამაკაცის სპერმატოზოიდებით, ან ცოლის ან სხვა ქალის კვერცხუჯრედით.

ამგვარ მანიპულაციათა შედეგად დაბადებულ ბავშვებს, ჩვეულებისამებრ,  შესაძლოა ჰყავდეთ ერთი მამა და ერთი დედა ან ერთი დედა და ორი მამა, ორი დედა და ერთი მამა, ორი დედა და ორი მამა, სამი დედა და ერთი მამა, ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა მშობელი იგივე მამაკაცი არაა, ვინც მამა, ქალთაგან კი სამის ჩარევა ხდება აუცილებელი – კვერცხუჯრედის გამცემის, საშვილოსნოს გამათხოვებელისა და მომავალში ბავშვის ლეგალური დედისა -სამი დედა და ორი მამაც კი.

ყველაფერი ამით არ მთავრდება, რადგან ისეთ ვითარებასაც შეიძლება შევეჯახოთ, როცა ქალი თავისი დაღუპული ქმრის გაყინული სპერმით განაყოფიერებას ითხოვს,  ან ორი ჰომოსექსუალი ქალი ითხოვს შესაძლებლობას იყოლიონ ბავშვი, რომელიც წარმოიშობა ქალთაგან ერთ-ერთის ისეთი კვერცხუჯრედიდან, რომელიც ანონიმური დონორის მიერ ხელოვნურად განაყოფიერდება და მაშინვე  მეორე ქალის საშვილოსნოში გადაინერგება. ასევე, რატომ არ შეიძლება, რომ დიდი დიდი-ბაბუის გაყინული სპერმით განაყოფიერდეს საუკუნის შემდეგ მისი შვილთაშვილის შვილი; ამ შემთხვევაში ბავშვი დედამისის დიდი ბიძა და საკუთარი დიდი ბაბუის ძმა იქნება.

აქედან გამომდინარე, ისმება კითხვები, რომლებიც ორი რიგისაა: ზოგი იურიდიული, ზოგიც – ფსიქოლოგიური და მორალური.

პირველი რიგის საკითხებთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ინგლისის სამართალში სოციალური მამობა იურიდიული ფიქციის სახითაც კი არ არსებობს და, მაშასადამე, შესაძლებელია, რომ სპერმის მიმცემმა კანონიერად მოითხოვოს ბავშვი, ანდა მისი რჩენის ვალდებულების წინაშე  დადგეს. საფრანგეთში, პირიქით, ნაპოლეონის კოდექსი – ერთგული ძველი ანდაზისა „Pater is est quem nuptiae demonstrant“ – ადგენს, რომ ბავშვის კანონიერი მამა დედის ქმარია. თუმცა ფრანგული კანონმდებლობა წინააღმდეგობრივია, რადგან 1972 წელს მიღებული კანონი ნათესავთა ძებნის ქმედებას ნებადართულად აცხადებს. ამიტომ გაუგებარია, რა ტიპის კავშირს აქვს უპირატესობა – სოციალურს თუ ბიოლოგიურს.

ფაქტია, რომ თანამედროვე საზოგადოებებში მემკვიდრეობითობის ბიოლოგიური კავშირიდან გამომდინარეობის იდეა სძლევს მემკვიდრეობითობის როგორც სოციალური კავშირის იდეას. მაგრამ, მაშინ, რა მოვუხერხოთ საკითხებს, წამოჭრილთ ისეთი ხელოვნურად ხელშეწყობილი რეპროდუქციის საფუძველზე, რომლის შემთხვევაშიც, სწორედაც, კანონიერი მამა აღარ არის ბავშვის მშობელი,  დედას კი, ამ სიტყვის სოციალური და მორალური გაგებით, არც კვერცხუჯრედი ეკუთვნის და, შესაძლოა, არც საშვილოსნო, რომელშიც მუცლადყოფნა ხორციელდება?!

მეორე  მხრივ, როგორი უნდა იყოს ამიერიდან ერთმანეთისგან გამიჯნული სოციალური და ბიოლოგიური მშობლების უფლებები და მოვალეობები? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საშვილოსნოში სრულყოფილად ვერ  ჩამოყალიბდა, წყვილი კი, რომელმაც ეს სერვისი ითხოვა, მასზე უარს აცხადებს? ანდა პირიქით, იმ შემთხვევაში, თუ ქმრის სპერმით განაყოფიერებული ქალი განზრახვას შეიცვლის და ბავშვის თავისთან, როგორც ერთადერთ პატრონთან დატოვებას დაიჟინებს.

ერთ სიტყვით, როგორც კი რომელიმე ეს პრაქტიკა შესაძლებელი ხდება, მაშინვე ისმის კითხვა იმის შესახებ, უნდა იქნეს თუ არა დაშვებული მათი თავისუფლად გამოყენება? იქნებ კანონმა ზოგი მათგანი უნდა დაუშვას, ზოგი კი აკრძალოს? ინგლისში უარნოკის კომისიამ (თავმჯდომარის გვარიდან გამომდინარე) საშვილოსნოს გათხოვების აკრძალვის რეკომენდაცია გასცა, დაეყრდნო რა გენეტიკურ, ფიზიოლოგიურ და სოციალურ დედობრიობათა შორის განსხვავებას და მიიჩნია რა, რომ ამ სამიდან სწორედ ფიზიოლოგიური დედობაა ის შემთხვევა, როცა ყველაზე უფრო ინტიმური კავშირი იბმება დედასა და ბავშვს შორის. თუ საფრანგეთის მოსაზრების თანახმად ხელოვნურად ხელშეწყობილი რეპროდუქცია უმეტესწილად დასაშვებია შეუღლებული წყვილის სტერილურობის პრობლემის გადასაჭრელად, მიდგომა თავშეკავებული ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე თავისუფალ კავშირში მყოფ წყვილს ეხება, ანდა ქალს, რომელსაც სურს, რომ თავისი გარდაცვლილი ქმრის გაყინული სპერმით განაყოფიერდეს. ეს მიდგომა გამოხატულად ნეგატიურ ელფერს იძენს, როცა წყვილს ბავშვის გაჩენა ქალის მენოპაუზის შემდეგ სურს, ან თუ ამის მსურველი მარტოხელა ქალი ან ჰომოსექსუალთა წყვილია.

რაც შეეხება ფსიქოლოგიური და მორალური რიგის საკითხებს, ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა,  როგორც ჩანს, გამჭვირვალობას უკავშირდება. ანონიმური უნდა იყოს თუ არა სპერმის ან კვერცხუჯრედის დონაცია ან საშვილოსნოს გათხოვება იმ შემთხვევაში, როცა სოციალურ მშობლებს და, შემდგომში, თვით ბავშვსაც აქვთ უფლება შეიტყონ მონაწილე პირთა ვინაობა? შვედეთმა უარი თქვა ანონიმურობაზე; ინგლისური ტენდენციაც, ვგონებ, ამისკენაა მიდრეკილი; საფრანგეთში კი განწყობებიც და კანონიც საპირისპირო მხარისკენ  იხრება. თუმცა ის ქვეყნებიც კი, რომლებიც გამჭვირვალობას უშვებენ, როგორც ჩანს, რეპროდუქციისა და სექსუალობის — ან, თუ გნებავთ, სენსუალობის – ერთმანეთისგან დისოციაციის საჭიროებაში დანარჩენ ქვეყნებს ეთანხმებიან. მართლაც,  ყველაზე უფრო მარტივი მაგალითით რომ შემოვიფარგლოთ, ზოგი მოსაზრების თანახმად სპერმის დონაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის ლაბორატორიაში და ექიმის ჩარევით ხორციელდება: ხელოვნური მეთოდით, რომელიც დონორსა და მიმღებს შორის ყოველგვარ პიროვნულ კავშირს, ემოციურ და ეროტიკულ ზიარებას გამორიცხავს. არადა, საყოველთაო [კვლევის] მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ სპერმის თუ კვერცხუჯრედის დონაციისას ანონიმურობაა მთავარი საზრუნავი; ის ცხადყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება არ ხდება, იმაზე უფრო ხშირად მიმართავენ ამ სერვისის “შიდასაოჯახო” გამოყენებას, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ამის სამაგალითოდ ბალზაკის ერთ დაუსრულებელ რომანს მოვიყვან,  რომლის წერაც მან 1843 წელს წამოიწყო, იმ დროს,  როცა სოციალური ცრურწმენები გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელ საფრანგეთშია. ეს ზედმიწევნით დოკუმენტური რომანი, საგულისხმო სათაურით – „წვრილბურჟუები“, იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ შეთანხმდა მეგობართა ორი, ერთი ნაყოფიერი და მეორე სტერილური წყვილი: ნაყოფიერმა ქალმა საკუთარ თავზე აიღო სტერილური ქალის ქმრისაგან ბავშვის გაჩენა. გოგონას, რომელიც ამ კავშირის შედეგად გაჩნდა, ერთ შენობაში მცხოვრები ორივე ოჯახი ერთნაირი სითბოთი ევლებოდა თავს, მათ გარემოცვაში კი ყველა მშვენივრად იცნობდა გარემოებებს.

როგორც ვთქვი, ბიოლოგიის განვითარებით მიღწეულმა მიხმარებული რეპროდუქციის ახალმა ტექნოლოგიებმა თანამედროვე აზროვნებას თავგზა აურია. ჩვენი სამართლებრივი იდეები, ჩვენი მორალური და ფილოსოფიური რწმენები უძლური გამოდგა სოციალური წესრიგის შენარჩუნების ამ არსებით სფეროში წარმოქმნილი ახალი ვითარებებისათვის პასუხის გასაცემად. როგორ განვსაზღვროთ ბიოლოგიურ ნათესაობასა და სოციალურ ფილიაციას შორის აწ უკვე დისოცირებული მიმართება? რა მორალურ და სოციალურ შედეგებს გამოიღებს სექსუალობისა და რეპროდუქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა? უნდა ვაღიაროთ თუ არა „მარტოხელა“ ინდივიდის რეპროდუქციული უფლება? არის თუ არა ბავშვის უფლება ხელი მიუწვდებოდეს თავისი წინამორბედის ეთნიკური წარმომავლობისა და გენეტიკური ჯანმრთელობის შესახებ ძირითად ინფორმაციაზე? რა ზომითა და რა ფარგლებში შეგვიძლია გადავუხვიოთ ბიოლოგიურ წესებს, რომელთა უმრავლესობასაც რელიგიები კვლავაც ღვთაებრივ დადგენილებებად აცხადებენ?

 

ხელოვნური რეპროდუქცია: ქალწულები და ჰომოსექსუალთა წყვილები

ამ პრობლემებთან დაკავშირებით ანთროპოლოგებს სათქმელი ბევრი აქვთ, რადგან საზოგადოებებმა, რომლებსაც ისინი შეისწავლიან, უკვე წამოჭრეს ეს საკითხები და გარკვეულ პასუხებსაც გვთავაზობენ. რაღა თქმა უნდა, ამ საზოგადოებებისთვის უცნობია ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიები, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის ამოღება, ტრანსფერი, იმპლანტაცია თუ გაყინვა. მიუხედავად ამისა, მათ ამის ეკვივალენტური ფორმულები წარმოისახეს და პრაქტიკადაც აქციეს, სულ მცირე, იურიდიული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაინც. ნება მიბოძეთ, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ.

დონორის მეშვეობით განაყოფიერების ეკვივალენტს აფრიკაში, ბურკინა ფასოს სამოებში ვპოულობთ,  რომლებიც ჩემმა კოლეგამ და კოლეჟ დე ფრანსში ჩემმა მემკვიდრემ,  ქალბატონმა ფრანსუაზ ერიტიე-ოჟემ შეისწავლა. ამ საზოგადოებაში ყოველი გოგონა საკმაოდ მცირე ასაკში ქორწინდება. მაგრამ მანამ, სანამ ქმართან საცხოვრებლად გადავა, მან, სულ მცირე, სამი წლის მანძილზე მაინც უნდა იყოლიოს მის მიერვე არჩეული და ყველას მიერ ასეთად აღიარებული საყვარელი. გოგონა ქმარს საყვარელთან კავშირის შედეგად გაჩენილ პირველ ბავშვს მიჰგვრის, რომელიც კანონიერი კავშირის პირველშობილად მიიჩნევა. თავის მხრივ მამაკაცს რამდენიმე ლეგიტიმური ცოლის ყოლა შეუძლია; თუმცა იმ შემთხვევაში,  თუ რომელიმემ მიატოვა,  ის იმ ბავშვების კანონიერ მამობასაც შეინარჩუნებს, რომლებსაც ცოლყოფილები  მომავალში სხვებთან გააჩენენ. აფრიკის სხვა პოპულაციებშიც აქვს ქმარს ყველა მომავალ ბავშვზე უფლება იმ პირობით, თუ ეს უფლება ყოველი მშობიარობის შემდგომ განახლდება post partum პირველი სქესობრივი კავშირის საშუალებით. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს იმას, თუ რომელი მამაკაცი გახდება მომავალი ბავშვის კანონიერი მამა. უნაყოფო ცოლის მყოლ მამაკაცს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლია შეუთანხმდეს ნაყოფიერ ქალს იმისათვის, რომ მან ეს მამაკაცი [მამად] განსაზღვროს. ამ შემთხვევაში, კანონიერი ქმარი განაყოფიერების დონორი ხდება, ქალი კი, გამოდის, საკუთარ მუცელს სხვა მამაკაცს ან უშვილო წყვილს ათხოვებს. ამიტომ არც საფრანგეთისათვის მწვავე საკითხი ისმება იმის შესახებ, საშვილოსნოს გამათხოვებელმა  სანაცვლოდ გასამრჯელო უნდა აიღოს თუ არა..

ბრაზილიაში, ტუპი-კავაიბებთან, რომლებსაც 1938 წელს ვეწვიე, მამაკაცს შეუძლია ერთდროულად ან თანმიმდევრობით იქორწინოს რამდენიმე დაზე, ან დედასა და მის წინა ქორწინებაში დაბადებულ ქალიშვილზე. ეს ქალები ერთობლივად ზრდიან თავიანთ ბავშვებს და, ჩემი დაკვირვებით, ყურადღებას არ აქცევენ იმას, ბავშვი, რომელზეც ესა თუ ის ქალი ზრუნავს, მისია თუ ქმრის სხვა ცოლისა. ამის სიმეტრიული ვითარებაა ტიბეტში, სადაც რამდენიმე ძმას ერთი საერთო ცოლი ჰყავთ. ყველა ბავშვი უფროს ძმას მიეწერება. მას ისინი მამას უწოდებენ, დანარჩენ ქმრებს კი – ბიძებს. მოყვანილ შემთხვევებში ინდივიდუალური მამობა და დედობა ან გაურკვეველია, ან ანგარიშგაუწეველი.

დავუბრუნდეთ აფრიკას, სადაც სუდანელი ნუერები უნაყოფო ქალს მამაკაცს უიგივებენ. “მამის მხრიდან ბიძის” სტატუსით ეს ქალი ძღვნად იღებს “პატარძლის საფასურს” (ინგლისურად — „bride price“), რომელსაც მისი ძმისშვილის ქორწილში იხდიან; შემდეგ კი ამ ფულად საცოლეს ყიდულობს, რომელიც მას ვინმე – ხშირად უცხოელი – მამაკაცის ფასიანი მომსახურების მეშვეობით ბავშვს გაუჩენს. ნიგერიელ იორუბებში მდიდარ ქალებსაც შეუძლიათ იყიდონ ცოლები, რომლებსაც მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დაჭერისკენ უბიძგებენ. დაბადების შემდეგ ბავშვებს ეს, ლეგალური „ქმრის“ [ფუნქციით აღჭურვილი] ქალები ეპატრონებიან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალური მშობლები ბავშვების თავისთან დატოვებას მოინდომებენ, გვარიანი თანხის გადახდა მოუწევთ.

ყველა განხილულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქალთა ისეთ წყვილებთან, რომლებსაც, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, ჩვენ ჰომოსექსუალებს ვუწოდებთ. ისინი მიხმარებულ რეპროდუქციას მიმართავენ ბავშვების საყოლად, რომლებსაც ქალთაგან ერთ-ერთი კანონიერ მამად, მეორე კი ბიოლოგიურ დედად ეკუთვნის.

გარდა ამისა, დამწერლობის არმქონე საზოგადოებები იცნობენ ეკვივალენტს post mortem განაყოფიერებისა, რომელსაც ფრანგული სასამართლო კრძალავს; ინგლისში კი უარნოკის კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ კანონმა გამორიცხოს მამის შთამომავლობიდან და მემკვიდრეობიდან ყველა ის ბავშვი, რომელსაც დედის მუცელში ჩანასახის სახით არ უარსებია ქმრის გარდაცვალების მომენტისთვის. არადა, ათასწლეულების განმავლობაში (ჯერ კიდევ ადრეულ ებრაელებთან) დადასტურებულად არსებული ინსტიტუტი “ლევირატი” უმცროს ძმას ნებას რთავდა და ხანდახან აკისრებდა კიდევაც, თავისი გარდაცვლილი ძმის სახელით გაეგრძელებინა გამრავლება. როცა სუდანელ ნუერებში, რომლებიც უკვე ვახსენე, უცოლო ან უშთამომავლო კაცი გარდაიცვლებოდა, მის რომელიმე ახლო ნათესავს უფლება ეძლეოდა გარდაცვლილის საქონლიდან იმდენი სული წაეყვანა, რამდენიც ცოლის საყიდლად ეყოფოდა. ეს, ნუერელთა თქმით, “მოჩვენებითი ქორწინება” მას გარდაცვლილის სახელით გამრავლების უფლებას აძლევდა, რაკი სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იყო უზრუნველყოფილი მემკვიდრეობის (filiation) წარმომქმნელი ქორწინების საფასური.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ მოყვანილ ყველა მაგალითში ბავშვის ოჯახური და სოციალური სტატუსის განსაზღვრა კანონიერი მამის გავლით ხდება (მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი ქალია), ბავშვმა თავისი მშობლების ვინაობა იცის და მათთან ემოციური კავშირიც აქვს. ჩვენი შიშების საპირისპიროდ, გამჭვირვალობა სულაც არ იწვევს ბავშვში კონფლიქტს იმის გამო, რომ მისი ბიოლოგიური მშობელი და მისი სოციალური მამა სხვადასხვა ინდივიდია.

ეს საზოგადოებები არც იმის მსგავს შიშს განიცდიან, რომელსაც ჩვენში გარდაცვლილი ქმრის ან, თეორიულად, თუნდაც შორეული წინაპრის გაყინული სპერმით განაყოფიერება იწვევს: ბევრი მათგანისთვის ბავშვი წინაპრის რეინკარნაციაა, რომელსაც მასში გაცოცხლება აურჩევია. ნუერების “მოჩვენებითი ქორწინება” კი დამატებით მოქნილობას ამჟღავნებს, როცა გარდაცვლილის ჩამნაცვლებელი ძმა თავისი სახელით ჩასახვას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში, გარდაცვლილის სახელზე დაბადებულ ვაჟს (რომელსაც, შესაბამისად, მისივე ბიოლოგიური მამა საკუთარ ძმისშვილად განიხილავს) შეუძლია მსგავსი საქციელით გადაუხადოს ამაგი თავის ბიოლოგიურ მამას. ხოლო რამდენადაც ამ შემთხვევაში ასეთი  მშობელი საკუთარი კანონიერი მამის ძმაა, ამიტომ ბავშვები, რომელსაც ის გააჩენს, კანონიერად მისივე ბიძაშვილები იქნებიან.

უკლებლად ყველა ეს ფორმულა თანამედროვე ტექნიკათა წინმსწრებ მეტაფორულ სურათს გვთავაზობს. აღმოვაჩენთ, რომ ბიოლოგიურ რეპროდუქციასა და სოციალურ მამობას შორის კონფლიქტი, რომელიც ამხელა უხერხულობას იწვევს ჩვენში, სრულებით არ არსებობს საზოგადოებებში, რომლებსაც ანთროპოლოგები სწავლობენ. ეს საზოგადოებები უპირატესობას ცალსახად ანიჭებენ სოციალურს, ისე რომ ეს ორი ასპექტი კოლიზიაში არ მოდის არც ჯგუფის იდეოლოგიის დონეზე და არც ინდივიდთა გონებაში.

ამ პრობლემებზე დიდხანს შევჩერდი, რადგან ვფიქრობ, ისინი კარგად წარმოაჩენს იმას, თუ რა სახის სარგებელს შეიძლება მოელოდეს თანამედროვე საზოგადოება ანთროპოლოგიური კვლევებისაგან. ანთროპოლოგი იმისთვის არ არის მოწოდებული, რომ თავის თანამედროვეებს ამა თუ იმ ეგზოტიკური პოპულაციის იდეებისა და ჩვეულებების გადაღება შესთავაზოს. ჩვენი წვლილი გაცილებით უფრო მოკრძალებულია და ორი მიმართულებით მოქმედებს. უპირველეს ყოვლისა  ანთროპოლოგი გვაჩვენებს, რომ ის, რაც ჩვენ “ბუნებრივად” და საგანთა წესრიგზე დაფუძნებულად მიგვაჩნია, ჩვენი კულტურისათვის დამახასიათებელ შეზღუდვებსა და მენტალურ ჩვევებზე დაიყვანება. ანთროპოლოგია თვალსაფრის ახსნასა და იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ და რატომ შეუძლიათ სხვა საზოგადოებებს მარტივად და თავისთავადად მიაჩნდეთ ჩვეულებები, რომლებიც ჩვენ წარმოუდგენლად და სკანდალურად გვეჩვენება.

მეორე მხრივ, საქმე ისაა, რომ ჩვენ მიერ შეგროვებული ფაქტები ძალიან ფართო საკაცობრიო გამოცდილებას წარმოაჩენს; ის იმ ათასობით საზოგადოებისგან მომდინარეობს, რომლებიც საუკუნეებით, ხანდახან კი ათასწლეულებით ენაცვლებოდა ერთმანეთს დროში და რომლებიც დასახლებული მიწის მთელ ზედაპირზეა გადანაწილებული. ამიტომ ჩვენ იმის გამოაშკარავებასაც ვუწყობთ ხელს, რაც ადამიანური ბუნების “უნივერსალიებად” შეგვიძლია განვიხილოთ და, აქედან გამომდინარე, ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჯერჯერობით სუსტად გამოკვეთილი ევოლუციური პროცესები, რომელთა წინასწარვე დევიაციად და გარყვნილებად შერაცხვა შეცდომა იქნებოდა.

ხელოვნურად ხელშეწყობილი რეპროდუქციის ირგვლივ მიმდინარე დიდი დებატების მიზანი იმის გარკვევაა, მიზანშეწონილია თუ არა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება და რას ან რა თვალსაზრისით უნდა შეეხოს ისინი. სხვადასხვა კომისიებსა და ზოგიერთი ქვეყნის სახელმწიფო აპარატის მიერ შექმნილ ორგანიზმებში წევრებად საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენლები, იურისტები, ექიმები, სოციოლოგები და ხანდახან ანთროპოლოგებიც შედიან. თვალშისაცემია, რომ ანთროპოლოგებს ყველგან ერთი და იგივე მისწრაფება გამოარჩევთ: წინააღმდეგნი არიან დაჩქარებულად ხდებოდეს კანონების შემოღება, აკრძალვებისა და ნებართვების დადგენა.

სულსწრაფი იურისტებისა და მორალისტებისათვის ანთროპოლოგებს ლიბერალიზმისა და სიფრთხილისკენ მოსაწოდებელად ბევრი რჩევა ეთქმით. ისინი ხაზს უსვამენ, რომ იმ პრაქტიკებსა და მისწრაფებებსაც კი, რომლებიც ყველაზე უფრო დიდ შოკს აყენებს საზოგადოებრივ აზრს – იქნება ეს ქალწულებისათვის, დაუქორწინებელი და ქვრივი ქალებისათვის თუ ჰომოსექსუალთა წყვილებისათვის გამიზნული მიხმარებული რეპროდუქცია – ეკვივალენტები მოეპოვება სხვა საზოგადოებებში, რომლებიც ამ ყველაფერს მშვენივრად იტანენ.

ანთროპოლოგების სურვილია, რომ მოვლენები თვითდინებაზე მივუშვათ, რომ ოჯახურ და სოციალურ სტრუქტურათა შექმნა თუ მოკვეთა ცალკეული საზოგადოების შინაგან ლოგიკას მივანდოთ: ეს სტრუქტურები ან თვითონვე გამოიჩენენ სიცოცხლისუნარიანობას, ან წინააღმდეგობებს შექმნიან, რომელთა გადაულახაობასაც კვლავაც მხოლოდ პრაქტიკა დაადასტურებს.

© “არილი