ესე,  კრიტიკა,  რეპორტაჟი

ნიკი თარხან–მოურავი – ქართული წიგნები ინგლისურად ანუ ოკეანეში ცურვის პირველი გაკვეთილი

london aka lasha zura

ბოუკერის (Bowker) 2004 წლის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ბიბლიოთეკების მონაცემებს ეყრდნობოდა, ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნების მხოლოდ 3% წარმოადგენდა თარგმნილ ლიტერატურას, რაც დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია გერმანულ და ოთხჯერ ნაკლები საფრანგეთის ბაზრების მაჩვენებლებზე. არაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებზე, სადაც თარგმნილი ლიტერატურა გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიცემა, ვიდრე ეროვნული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანგაშო სტატისტიკის გამოქვეყნებას ინგლისურენოვანი გამომცემლების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, სურათი მაინც არ შეცვლილა და ინგლისურენოვანი ბაზარი უცხოელი ავტორებისათვის ახლაც ყველაზე რთულად შესაღწევ სივრცედ ითვლება და იმავდროულად ყველაზე სასურველადაც  –  თუ გავითვალისწინებთ ინგლისური ენის გავრცელების საზღვრებს და შესაბამისად, მკითხველთა რაოდენობას.

„დალქი არქაივ პრესი“ ერთ-ერთი იმ გამომცემლობათაგანია, რომელიც მუდმივად ემიჯნება საგამომცემლო ინდუსტრიაში გაბატონებულ კომერციულ კანონებს და ყოველწლიურად 40-მდე უცნობი (უცხოელი მკითხველისთვის უცნობი, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში პოპულარული) ავტორის წიგნებს  სთავაზობს ინგლისურენოვან მკითხველს. წელს ამ სიაში ქართველი ავტორებიც მოხვდნენ – 8 აპრილს ლონდონში ოთხი ქართული რომანის ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა: აკა მორჩილაძის ‘მოგზაურობა ყარაბაღში’, ზაზა ბურჭულაძის ‘ადიბასი’, ლაშა ბუღაძის ‘ლიტერატურული ექსპრესი’ და ზურაბ ქარუმიძის Dagny or a Love Feast, რომელიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა.

თარგმანის გამოცემის ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები შეიძლება ჩაითვალოს: მთარგმნელის ჰონორარის გარდა, ესაა რედაქტირებისა და მარკეტინგის გაორმაგებული ბიუჯეტი. ამას ადასტურებს „დალქი არქაივ პრესის“ 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელშიც ინგლისურენოვანი გამომცემლების რედაქტორები და მარკეტოლოგები იღებდნენ მონაწილეობას. თავად „დალქი არქაივ პრესი“ დამოუკიდებელი, არაკომერციული გამომცემლობაა, რომელსაც რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია აფინანსებს. სხვადასხვა უცხოურ პროექტებისათვის იგი პარალელურად ადგილობრივ უწყებებშიც იძიებს თანხებს.

ბოლო წლებში ინტერესი ქართული ლიტერატურის მიმართ დასავლეთში საგრძნობლად გაიზარდა. ერთი მხრივ, ეს განაპირობა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა, წიგნის ბაზრის ზრდამ საქართველოში და ა.შ., ხოლო მეორე მხრივ ამას ხელი შეუწყო კულტურის სამინისტროს ინიციატივამ, დაეფინანსებინა ქართული წიგნების უცხოენოვანი თარგმანები. წელს გერმანულ ენაზე გამოიცა ბესო ხვედელიძისა და ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებულები, რასაც წინ უძღვოდა თამთა მელაშვილის რომანის გერმანული თარგმანის გამოცემა, რომელიც პრესტიჟული ახალგაზრდული ლიტერატურული პრემიითაც  დაჯილდოვდა.

ოთხი ქართული რომანის გამოცემა ინგლისურად მხოლოდ ნაწილია იმ გეგმისა, რომლის შესრულებაც დაისახა მიზნად „დალქი არქაივ პრესმა“. მომავალ წელს ლაშა ბუღაძეს, ზაზა ბურჭულაძეს, ზურაბ ქარუმიძეს და აკა მორჩილაძეს დაემატება ოთხი ახალი ავტორი. პროექტის საბოლოო მიზანი 20 წიგნისგან შემდგარი ქართული ლიტერატურის სერიის გამოცემაა. ინგლისურენოვან გამოცემებს ნაწილობრივ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული წიგნის ფონდი დააფინანსებს.

პირველი ოთხი წიგნი 1700-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და უკვე გაყიდვაშია. ცხადია, ეს ტირაჟი ძალიან მცირეა ინგლისურენოვანი ბაზრისთვის, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოთხივე ავტორი სრულიად უცნობია ბრიტანელი და ამერიკელი მკითხველისთვის.

რამდენიმე წლის წინ, როცა ინგლისური თარგმანი ჯერ კიდევ ძალიან შორეულ პერსპექტივად ჩანდა, ზაზა ბურჭულაძემ მითხრა:  ინგლისურენოვანი წიგნის ბაზარი ოკენესავითაა –  ერთი მხრივ, ძალიან დიდ ასპარეზს გიხსნის, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან საშიშია, რადგან თუ ცურვა კარგად არ იცი, დაიხრჩობიო.

თანამედროვე სამყაროში წიგნის გამოცემა აღარ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მთავარი ამოცანა გამომცემლებისათვის წიგნის გაყიდვაა, იქნება ეს ფიზიკური თუ ელექტრონული სახით. სწორედ ამას მიაქვს გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე ფიზიკურ ბეჭდვას (მით უმეტეს, ელექტრონული წიგნის შექმნას), განსაკუთრებით მაშინ, თუკი ავტორი უცნობია. შესწევს თუ არა უნარი „დალქი არქაივ პრესს,“ გაუკეთოს რეკლამა ახალ გამოცემებს? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა გამომცემლობისთვის თითქმის არ არსებობს ფინანსური რისკი, რომელიც მას აიძულებდა, მთელი ძალებით ჩართულიყო სარეკლამო კამპანიაში.

ხშირად საქართველოში წიგნის რეკლამა ნეგატიურად აღიქმება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული წიგნის ბაზარი გაცილებით პატარაა, ვიდრე ნებისმიერი დასავლეთევროპული ბაზარი და წიგნი წარმატებული ყოველგვარი რეკლამის გარეშეც შეიძლება გახდეს, თუკი გამომცემელი მის დროულ დისტრიბუციას მოახდენს წიგნის მაღაზიებში. დასავლურ ბაზარზე სარეკლამო კამპანიას გაცილებით ადრე იწყებენ, ვიდრე წიგნი მაღაზიის თაროზე შემოიდება. რეკლამააუცილებელია, რომ წიგნს ეს ადგილი მაღაზიაში ან ნებისმიერი გავრცელების პოპულარულ ზონაში გარანტირებული ჰქონდეს, სხვანაირად  ის შეიძლება ვერასდროს გასცდეს საწყობის კედლებს.  სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი მედიასთან ურთიერთობაა. გამომცემელი მედიის წარმომადგენლებს წინასწარ უგზავნის ე.წ. სანიმუშო ეგზემპლარს, რომელიც სპეციალურად სარეკლამო კამპანიისთვის მზადდება. გამომცემელმა წიგნის გამოცემამდე უკვე იცის, რომელი გაზეთი, ჟურნალი ან სხვა მედიასაშუალება გამოეხმაურება მის გამოცემას, ამიტომაც, როგორც წესი, გამოცემიდან პირველივე კვირაში უკვე შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად წარმატებული იქნება მისი წიგნი  და რამდენი მკითხველი ეყოლება. თუ გამომცემელს არ აქვს რესურსი, ამგვარად მოემსახუროს ავტორს, იგი სრულყოფილ გამომცემლობად ვერც ჩაითვლება და აღარაფერი განასხვავებს ე.წ. “სამიზდატისაგან”.

„დალქი არქაივ პრესს“ თარგმნილი ლიტერატურის გამოცემის დიდი ტრადიცია აქვს და მუდმივად ჰყავს ახალი თარგმანის მომლოდინე  მკითხველი.სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის სახლი გარეუბანში, რომელთანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის, მაგრამ დაინტერესებული პირი აუცილებლად დაიქირავებს ტაქსს იქ მისასვლელად. გარდა ამისა, ქართული წიგნების ინგლისურ ენაზე გამოცემა ზრდის შესაძლებლობას, სხვა უცხოენოვანი გამომცემლები  მეტად დაინტერესდნენ ამ ნაწარმოებებით, რომლებზეც უბრალოდ მანამდე ხელი არ მიუწვდებოდათ.მათთვის ნაკლებადცნობილ  ენაზე დაწერილი ლიტერატურის შემთხვევაში  ყოველთვის არსებობს ამისი დიდი ალბათობა. ამიტომ ხანდახან საკმარისია რომელიმე ერთ პოპულარულ ენაზე ითარგმნოს წიგნი, რომ მაშინვე გზა ეხსნება სხვა ქვეყნების ბაზარზეც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველთა წრის გაზრდა ყოველთვის ზრდის მწერლის მოტივაციას – ზურაბ ქარუმიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რომანის არა მშობლიურ ენაზე შექმნა სათქმელის გლობალურად გამოთქმის სურვილმა უბიძგა.

ინგლისურ ენაზე გამოცემა კი ნამდვილად ნიშნავს მკითხველთა გლობალურ წრის წინაშე გამოსვლას, ამ ენის მასშტაბიდან გამომდინარე. ინგლისური ენა მსოფლიოში მესამე ყველაზე გავრცელებული ენაა, რომელსაც წინ უსწრებენ ჩინური და ესპანური ენები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ  ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ჩინურად და ესპანურად მოლაპარაკეთა რიცხვს. ინგლისური ენის პროფესორი დავიდ კრისტალი თავის ნაშრომში „ინგლისური როგორც გლობალური ენა“ ირწმუნება, რომ მსოფლიოს ერთი მეოთხედი ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობს და კითხულობს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

შესაბამისად, ინგლისურენოვანი წიგნის ბაზარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. წიგნის ბაზრის სიდიდეს, ერთი მხრივ, ენის გავრცელება განაპირობებს და, მეორე მხრივ, განათლება და კითხვის მოთხოვნილება. ციფრებში რომ გამოვხატოთ ეს მონაცემები, დიდ ბრიტანეთში წელიწადში დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათასამდე დასახელების წიგნი გამოიცემა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 350 ათასამდეც შეიძლება ავიდეს.  გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისური ენა თარგმნილ ლიტერატურაშიც დომინირებს. სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ჰეილბორნი ირწმუნება, რომ გამოცემული უცხოური ლიტერატურის 60% ინგლისურიდან თარგმანს უკავია. ფინანსურ გრაფაში რომ გადავიტანოთ, წიგნების გაყიდვების შემოსავლების 30% თარგმანის გაყიდვებიდან შესდის დიდ ბრიტანეთს.

ინგლისურენოვან გამომცემელს, ცხადია, აქვს თარგმანის სახსრები, თუკი წიგნის თარგმნას გადაწყვეტს, მაგრამ, სამაგიეროდ, არა აქვს დრო, რომელიც ამ თარგმნას უნდა დაეთმოს და შემდეგ მის რეკლამას, რაც უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე თარგმანის ტექნიკური შესრულება. შესაბამისად, უპირატესობა ყოველთვის ისეთ ნაწარმოებს ენიჭება, რომელსაც არ ახლავს დამატებითი ხარჯი, მით უმეტეს, როცა არჩევანი მართლაც უზარმაზარია.

ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთი შესაძლებლობების პირობებში,  წიგნის ინდუსტრია ინგლისში უფრო მეტად კომერციულია, ვიდრე თუნდაც საფრანგეთში ან გერმანიაში. მწერლობაც გაცილებით შემოსავლიანი საქმეა,  ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ‘გარდიანის’ ავტორი ალექს კლარკი თავის სტატიაში „რედაქტირების დაკარგული ხელოვნება“ საუბრობს ერთ სამწუხარო ბოლოდროინდელ ტენდენციაზე, რომელიც  ინგლისურენოვანი წიგნის ბაზარზე შეინიშნება. მისი დაკვირვებით, საგამომცემლო კომპანიებში ან ლიტერატურულ სააგენტოებში რედაქტორები მარკეტოლოგებმა და პიარის სპეციალისტემა  ჩაანაცვლეს. ისინი  უკვე ტექსტის დახვეწასა და განვითარებაშიც იღებენ მონაწილეობას. შედეგად ეს ტექსტები ნელ-ნელა ჯგუფური მუშაობის შედეგი ხდება და ინდივიდუალობას უკარგავს ავტორებს – განსაკუთრებით დამწყებებს.

გარდა ტექტსტზე მუშაობისა, გაყიდვებისა და მარკეტინგის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები წიგნის დიზაინისა და ფორმატის შერჩევაშიც. მხატვრული პროზა ძირითადად სამ ფორმატში გამოიცემა, სქელყდიან გამოცემას მოჰყვება თხელყდიანი, შემდეგ კი ე.წ. ‘მასობრივი თხელყდიანი’ გამოცემა. სამივე ფორმატს ფასი და წიგნის ყდის დიზაინი განასხვავებს. მასობრივი გამოცემა ყველაზე იაფია და ყდის დიზაინით სარეკლამო ბანერს უფრო ჰგავს.

პირადად მე ოთხივე წიგნის ყდის დიზაინი მომწონს. განსაკუთრებით მიმზიდველად ზაზა ბურჭულაძის „ადიბასი“ და ზურაბ ქარუმიძის Dagny or a Love Feast გამოიყურება, თუმცა ოთხივე  სერიისთვის დამახასიათებელი ერთი შაბლონითაა შექმნილი.  საერთოდ, კარგად შესრულებული ყდის დიზაინი  წიგნის მიმართ გამომცემლის დამოკიდებულებასაც გამოხატავს.

დაბოლოს, ორი სიტყვით წიგნების პრეზენტაციას შესახებ:

სამწუხაროდ,  ზაზა ბურჭულაძე  ვერ დაესწრო პრეზენტაციას, რომელსაც უძღვებოდა გამომცემელი ჯონ ო’ბრაიანი. მან ავტორებთან ერთად მიმოიხილა საქართველოს კულტურული და ისტორიული კონტექსტი, რაც პირველ რიგში უცხოენოვანი მკითხველისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო. თუმცა სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ მოწვეული სტუმრების უმრავლესობა საქართველოდან იყო. ლონდონის წიგნის ბაზრობა, რომლის ფარგლებში მოეწყო განმეორებითი პრეზენტაცია მეორე დღეს, საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მოვლენაა მსოფლიოში, მხატვრული პროზის თვალსაზრისით კი რიგით მეორეა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. ასევე დასანანია, რომ  ქართველი გამომცემლების მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა ბაზრობას, მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველო ამ ბაზრობაზე უფრო დიდი სტენდით წარდგა. რადგან წინ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გველის, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო საგამომცემლო პროცესებში და გააღრმავოს საქმიანი ურთიერთობები დაინტერესებულ პირებთან, ლონდონის წიგნის ბაზრობა კი ამისი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა.

წერილის დასასრულს მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ქართველ ავტორს, რომელიც საერთაშორისო ასპერეზზე ახლა იმკვიდრებს თავს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნამდვილად ადასტურებს, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო.

© “არილი

Facebook Comments Box