ლალი ციპი მიხაელი – ლექსები

Lali_Tsipi_Michaeli

ლალი-ციპი მიხაელი (Lali Tsipi Michaeli) დაიბადა 1964 წლის 20 მარტს საქართველოში, სენაკის რაიონში. 7 წლის გახლდათ, როცა მისი ოჯახი სხვა ებრაელებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. ამ „გადასვლას“ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატარა ლალიზე, რომ უკვე მოზრდილმა თავისი ერთ-ერთი უმძაფრესი ცხოვრებისეული ემოცია საოცრად შთამბეჭდავად გადმოსცა ლექსით „მატარებელი“ (ლექსის ქართული თარგმანი იხილეთ ქვემოთ).

ლალი მიხაელმა დაამთავრა ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიტერატურის ფაკულტეტი და დღეს თავად ასწავლის ენასა და ლიტერატურას  ბენ გურიონის უნივერსიტეტში. იგი 5 პოეტური კრებულის ავტორია და უძღვება ლიტერატურულ პროექტს სახელწოდებით „ვიდეო არტ პოეტიკა“, რომელშიც  კითხულობს  საკუთარ და მსოფლიო პოეტურ ნაწარმოებებს. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ისრაელის ყველაზე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში, ის არის მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე. ლალი-ციპი მიხაელი ერთ დროს რამდენიმე წელი საქართველოშიც ცხოვრობდა და გახლდათ ივრითის ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი ჩვენს ქვეყანაში. მისი ლექსები თარგმნილია 12 ენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა ქართველი ქმარი და ჰყავს ქართველი ვაჟიშვილი, ლალი-ციპი მიხაელს ქართულ ლიტერატურულ წრეებში ფაქტობრივად არ იცნობენ. ქვემოთ მოცემული 10 ლექსი მოკრძალებული მცდელობაა, გავაცნოთ ქართველ მკითხველს ჩვენი წიაღიდან აღმოცენებული სრულიად განსხვავებული, ამავე დროს, ძალიან ახლობელი პოეტი, რომელსაც თავის დიდ ქვეყანაში რევოლუციონერ, ყველაზე ლაღ და ქარივით თავისუფალ პოეტად მიიჩნევენ. ცნობილმა ისრაელელმა კრიტიკოსმა, გაბრიელ მოკედმა ლალის თელ-ავივის ეროტიკულ-ქალაქური პოეზიის სახე შეარქვა, თავად კი თავს ე.წ. რეზისტენტული პოეზიის მიმდევარს და ერთგულ გამგრძელებელს უწოდებს.

 

ალმოდებული დამხატე

 

ალმოდებული დამხატე

ვითარცა რომი

ცეცხლი მეკიდოს თმებში ნესტოებიდან პირის ღრუდან მდიოდეს კამლი

იწვოდეს ციხე

კისრიდან ქვევით

ბუღი სდიოდეს ბორცვებს

 

გატკეპნილ

მტვრიან გზებს

გაშლილ მკლავებს

როგორც მტევნები

ესხას წიგნები

 

ჩემი თეძო მუცელი

მეფური დარდი

სამეფო ტახტი

მინდვრად დაღვრილი ნაკადულები

და სიყვარულის ფართო ველები

მინავლული ნაკვერჩხლები ჩემი მუხლების და ბარძაყების

 

წინ დახვედრილი ჩემი სირცხვილი

დამიხატე

დაბადების ნიშანი ჩემი

მზადყოფნაში მდგარი ხბორები

ფეხები

ტერფები

მხედრობა მეფის

 

ჟანგბადივით აალდება სახელი ჩემი

ძარღვებს მომსკდარი ყველა ფიქრი თავისუფლდება

ჩემი ფერფლიდან ჩემი არსი ამოიფრქვევა

ალმოდებული დამხატე

მეკიდოს ცეცხლი

 

სხეული

 

ვიცი ვარ სული და მაქვს სხეული

ვიცი ვარ სული და მაქვს სკამი

ვიცი ვარ სული მაქვს იატაკი

მარჯვენა კედელი მარცხენა კედელი

კედელი წინა და უკანა კედელი

ვიცი ჩემ ფეხქვეშ ხის იატაკია თავს ზემოთ ჭერია მაღალი

ვიცი მაქვს სკამი მაქვს ადგილი საფლავის ქვაც მაქვს

რისთვის დამჭირდა ამის მტკიცება

მოეგე გონს გონს მოეგე

ვიწყებ თავიდან

მაქვს მაგიდა მაქვს სკამი მაქვს სხეული

მაინც ვარ სული

დავმოგზაურობ სხეულზე

რომელიც არც კი ვიცი რა არის ჩემი

სად მე სად ის

ან რაში მჭირდება

ნაპატივები ეს სხეული

შიგ ჩამძვრალი რისთვის ვიღვწი ასე გულდაგულ

სულისათვის

სხეული სულისათვის

სხეული

 

სიყვარულის შემდეგ ყოველ ჯერზე

 

სიყვარულის შემდეგ ყოველ ჯერზე პირში შენი თმის ღერი მრჩება

შენამდე მოსასვლელად დიზენგოფს ვკვეთ ბენ გურიონით

რაბინის მოედნიდან ნათან ზაჰზე და იბნ გვიროლზე

მერე მეფე დავითთან ვუხვევ მარჯვნივ და მდუმარების ბაღთან

კიბით ავდივარ ლიფტამდე

რომლის კარი იღება როგორც მერსედესის

და შენი მკლავების გზატკეცილებით მიმაქროლებს…

სხვათა შორის, გახსოვს, მანქანაში როგორ გირწყიე?

ეს იყო სიყვარული.

 

მატარებელი

 

შვიდი წლის ვიყავ როცა ისრაელის ემიგრანტმა

მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად

დავტოვე საქართველო.

რკინიგზის სადგურზე ერთი მიმართულებით აღებული ბილეთის

განცდით ვიდექით.

იყო მოსკოვიც მაგრამ ვიდრე ვენის ზღაპრულ სასტუმროში

დღესა და ღამეს გავატარებდით

ერთი მატარებლიც გამოვიცვალეთ.

ხოლო იქიდან თვითმფრინავით ისრაელში დავეშვით -

სხვა პლანეტაზე. იდგა 1972 წლის შუა იანვარი.

და მას შემდეგ მატარებელი ჩემში განშორების

სიმბოლოდ იქცა. თვითანალიზის. სხვა ცხოვრების. კარგვის.

აღარას ვამბობ ვაგონ-ეტაპთა იმ კოლექტიურ მახსოვრობაზე

„ებრაული დეენემი“ რომ ჰქვია ჩემთვის კი იგივეა რაც

წანწალის მიგრაციის ადამიანთა სევდის სიმბოლო – მატარებელი

თუნდაც სულ ახალი სხვა რელსებზე მორბენალი

კაცობრიობის თანამედროვე პირმშო – „ნონ-სტოპ“ მატარებელი

როცა მოგონებათა ამ მორევში ჩაძირვას ვცდილობ

უკან მომდევენ ჩემი ცხოვრების მატარებლის კოლაჟები

და არა მარტო ცხოვრებიდან დოკუმენტური ფილმებიდან

ნახატებიდან ხელოვნების საგანძურიდან.

მატარებელი იქცა ცნებად – „მატარებლობა“

და მე არ ვიცი ვის ვეკუთვნი.

 

სიკვდილის გზა

 

ჩემი ცხოვრების ყველა ბზარში

ბუდობს სიკვდილი

რა მაკლია

წმინდა ენაზე “შენი მსახური”

რაც აჭრიალებს მუხლებს

სიცოცხლისგან დაცლილ დედამიწას ამუხრუჭებს

მწყურვალს სიკვდილის ენით ებაასება

წვდიადიდან ჩასისინებს შავბნელ სტრიქონებს

ისეთი მშვიდი

ჯერ არ იცის

რა არის შიში.

 

კაფე „ბაჩოში“

 

საღამოს „მფრინავ ხანჯალთა სახლის“ ყურების შემდეგ

კინგ ჯორჯზე „ბაჩოს“ კაფეში ვისხედით

ასეთი პოეტური ფილმი ჯერ არ მინახავს-მეთქი

ვთქვი

და სასიყვარულო სამკუთხედის მორევში ჩავეშვი

რაც სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა

ამ თმააკრეჭილი მიმტანი ქალის გადამკიდე

 

განსაკუთრებული ხარ-მეთქი

ვუთხარი

და შენცო

მიპასუხა

 

და ქმარყოფილი გამახსენდა… სასამართლოს და სამართალს ფუძე აქვს ერთი

თანადგომის ნიშნად ხელს მომიჭერდა მხოლოდ ნიშნად

თვალებიდან მომწყდარი ცრემლი

იმ მიმტანის მოტანილ

ჟასმინის ჩაიში

ჩაიძირა

 

ალბათ სულაც ამ ქალმა მომგვარა ცრემლი

 

ისე ჰგავდა ქართველ ქრისტიან ქალს თბილისური ლუდხანიდან

მითხარი

ბალიშებში ჩაჯექიო

 

მერე დასძინე ერეზმა დარეკა და შენ არ გიკითხაო

სიტყვაც

არ დასცდენია

შენზეო

მითხარი

 

გიპასუხე

მეც სულ მასზე ვფიქრობდი-მეთქი

 

მერე ვთქვი ორენმა დარეკა-თქო

 

შენ პოეტი ქალის ბურუსით მოსილი სიკვდილის ამბავი მიამბე

თითს ვინც დაუქნევდა ყველას რომ მისდევდა

იქ, ეილათში

 

გაფრენილ სიტყვას ვერ დაიჭერ

ჰოდა ნურც ეცდები

 

თავისუფლებას ვღიღინებდი

მაინც არ აფრინდა პეპელა

 

ცხოვრება არის ბორდელი

 

ცხოვრება არის ბორდელი

თქვა და „დიზელის“ ჯინსის

დუქანი ათსანტიმეტრიანი ელვით შეიკრა.

 

რამდენი უნდა იცოდვილო

ლაყე კვერცხის სუნმა გული რომ არ აგირიოს;

რამდენჯერ უნდა ჩაქრეს და აინთოს შუქი

სუნთქვებს შორის

ყველა კონტაქტი რომ გაითიშოს?

 

ცხოვრება არის ბორდელი.

 

ლურჯ სახლთან

 

ლურჯ სახლთან იდგა სიჩუმე და ექვსშეკელიანი

ესპრესოს აპარატი

ჩემი მუცლის მონოტონურ გვრემას

ფელინის კადრებით რომ აყუჩებდა

ხოლო მანამდე

ჩვენ გვქონდა სექსი

გვერდით ნომერში სხვა წყვილიც იგივეს აკეთებდა

ქალი აშკარად აღმერთებდა იმ კაცის პენისს.

 

და როცა ჭუჭყიანი სასტუმროს ჭერზე სიჩუმე დაიხატა

ფელინი დაიწყო ისევ – შუაღამე და უკაცრიელი ქუჩიდან

ხაჭოს ბრიკეტებით სავსე ჩანთით გადმოდის კაცი

და ჩვენც იქა ვართ

ჩვენი ყოფნის ახალ ვერსიაში

და აღარ მეცინება

ღმერთის არსებობის

შენს კვანტურ თეორიაზე.

 

ლეგენდა სხეულზე

 

მაშ, წავედი

ეს მოხდა მაშინ, როცა

ჩემი პირის ღრუ გაიხსნა

ცარიელი დარბაზის წინ

ორბიტაზე, რომელსაც არა აქვს ყური

ყვირილი მოვრთე

 

და როცა ეს მოხდა

გაითიშა სმენის ყველა აპარატი

მთლიანად დადუმდა სამყარო

სახეზე თეთრი სიჩუმე აიკრა დედამიწამ

ისეთი

თეთრი

ნაზავი

 

შენ რომ იცი,

პატარძლის კაბასავით კი არა

ბუტოს მოცეკვავის სამოსელივით

თეთრ სელში შერეული სულის ნაწილი

კირით შეღებილი სახე და

ყურის ნიჟარიდან ჩამოღვრილი სისხლის წვეთი

ეს მოხდა დაცლილი სამყაროს წინ

და იცი რას ვგრძნობ, როცა დარბაზი ცარიელია?

იცი რა ძალა აქვს იქიდან მოვარდნილ ექოს?

 

თუ სამყარო არ დადუმდა

ყურებს დაუსკდება ბარაბანები

ამიტომ არის რომ

არსაიდან ისმის ხმა

არსით პასუხი

სიცოცხლის კაფსულაში

დგახარ ეული

გახსნილი სხეულში

 

თელ-ავივის სკეჩები

 

თელ – ავივი

აქ საყვარელიც ვერ გელევა

ერთხელ მაინც წავა ის

და დარჩებით შენ და თელ-ავივი

 

იცნობ

ფეხებგაღუნულ სითის

ტანწერწეტა მეტროპილიებს ზედ რომ არ უყურებს

შენი ნატურაა

პირველი კონტურიდან სრულყოფილებამდე

რომელმაც დაგტოვა ტილოს მიღმა

რათა უმზირო მხოლოდ ვერასდროს შეახო ხელი

აფეთქებული კვირტი

და პანოს ზღუდე.

© არილი