პოეზია

გიორგი ჩუთლაშვილი – წინააღმდეგობა. მოუთმენლობა. და სხვა ლექსები

giorgi chutlashcili-343
წინააღმდეგობა. მოუთმენლობა.
1
საკუთარ მხრებზე ვდგებოდი
და  აფორიაქებული ვენარცხებოდი
საკუთარ თავს.
ეს არ იყო თავისუფალი ვარდნა,
ეს,  ძალიან მოსაწყენი  საქმე იყო, მითუმეტეს
მაშინ, თუ დაცემამდე დრო ხანგრძლივდებოდა…

2
საკუთარ მხრებზე დავდიოდი, ხან
ცალი ფეხით, ხან ორით და გზა არ მყოფნიდა,
მაგრამ მაინც  მივფოფხავდი.
სანამ დავუშვებდი მხრებს,
დღეებივით
მივიზლაზნებოდი,
ნელა და დაკვირვებით,
თან ზურგს ვაქცევდი
საკუთარ სიკვდილს და ვიბრალებდი.
მლაშე წყალს ვსვამდი, სოდიანსაც
და გულში ნათქვამ სიტყვებს ვარღვევდი
უნებლიეთ, როგორც მარხვას.
ჩემს მისამართს და ტელეფონის ნომერს
კი ყველგან ვწერდი:
წყალზე, მიწაზე, რიყის ქვაზე.
გამვლელ-გამომვლელიც მე ვიყავი
და ქვაფენილიც,
ხორბლის ყანაც, ბაღის ბავშვიც
და მიტოვებული ნესტიანი სახლიც…

3
დრო კი არა, მე ვერ ვითმენდი
და ქრონიკული დაავადების მსგავსად
მიმწვავდებოდა საკუთარი თავი,
მაგრამ  ვეწინააღმდეგებოდი.
თან  მაჯებივით  მექავებოდა
სურვილი,
რომ ჩემი  სხეულისგან
მოშორებით დავცემულიყავი
მხრებში გაშლილი…

მშრალი თევზის წონასწორობა

წყლიდან გაუფრთხილებლად ამომიყვანეს
და ახლა ღელავენ, რომ
ამაზე კრინტი არ დავძრა.
ცივ მიწაზე არ წამოვწვე.
ღამე ვარსკვლავებს არ ვუყურო.
დილით ვინმე არ შევიყვარო.
საღამოს ვინმე არ შევიძულო.
ღრუბლის ფსკერზე ჩემი ცოდვები
არ ამოტივტივდეს
თვითმფრინავივით
და ძლიერი ქარის საშიშროება
არ ვიგრძნო.
ჩემი მზერა ვიღაცის მიწამ
არ ჩაყლაპოს.
მოულოდნელად, არ გავცივდე
და სიზმრების ანთება არ დამემართოს.
შუბლზე ნაოჭები არ გამიჩნდეს
და ნაოჭებს შორის მზე არ ჩავიდეს
სამუდამოდ…
კისრიდან ოფლის ნაცვლად
ათასერთი სიცოცხლე არ მოვიწმინდო
და უცებ სიმსუბუქე არ ვიგრძნო.
ჭვავის პურიდან ნამცეცები არ ამოვძირკვო
და ზამთრის ბეწვი არ მიმეკროს მარჯვენა
ხელის საჩვენებელ თითზე,
მარცხენა ხელით კი ჰაერი არ ჩავხუთო.
ჭიქა წყლით არ ავავსო და
თავი არ დავიხრჩო სხვის  ჭიქაში,
ან, ონკანის წყალმა არ წამიღოს
გაურკვეველი მიმართულებით…

წყლიდან გაუფრთხილებლად ამომიყვანეს
და მიუხედავად იმისა, რომ მათი სახეები
შმიტის ,,ნოეს შვილივით“ მახსოვს,
თავს ვიმაგრებ და ამის შესახებ
არაფერს ვამბობ…

მეტაფორებით გამოწვეული საფრთხე
ჩვენ ვკითხულობდით:
პოსტმოდერნისტულ ტექსტებს,
ფილოსოფიურ ნაშრომებს,
თვეში ერთხელ კი, რომაულ პოეზიას
და ძნელად, მაგრამ მაინც
მეტაფორებს გამოვიმუშავებდით…
მეტაფორები თუ  ბასრი აღმოჩნდებოდა,
მაშინვე  პურის და ძეხვის ჭრას ვიწყებდით
(პური და ძეხვი სულ გვქონდა,
ბასრი მეტაფორებისგან განსხვავებით),
თან ღიმილს ვაპარებდით
მისაღები ოთახის კუთხეში მდგარი სკამისკენ,
საიდანაც ანგელოზის ნუგეშს ველოდებოდით.
შემთხვევით შემორჩენილ დროში,
პურით და ძეხვით  დაპურებულები
ამ მეტაფორებით ყელსაც ვჭრიდით ერთმანეთს,
მაგრამ ეს არ იყო მტკივნეული და არც რომანტიკული,
ჩვენ ისევ ისე ვაგრძელებდით ხიბლში ყოფნას
და კაცობრიობის პირით მთქნარებას…
მეტაფორებით ყელგამოღადრულები
ახალშესვენებულ საფრთხეს,
ზედ ლოდებს ვადებდით
და გამომშრალი წინათგრძნობით:
,,რომ ბევრი ადამიანის ტანჯვა გადარჩება
და ტანჯვა ადამიანს საბოლოოდ იწამებს“
ცრემლივით ვღვრიდით ამ ცხოვრებას
თვალებიდან და ერთმანეთის
კალთებში ვაგუბებდით და
ვამღვრევდით.
მერე ჩაწითლებული თვალებით
ვუყურებდით ერთმანეთს და
მეტაფორებით გამოწვეულ
საფრთხეებს განვიხილავდით…

მკვლელობა ბრუკლინის სასტუმროში
1
13 ნოემბერი.
მოუქნელი, დამღლელი დღეების შემდეგ,
ბრუკლინის ერთ-ერთ იაფფასიან სასტუმროში გავჩერდი,
მეცხრე სართულის 49-ე ნომერში
(სასტუმროს ნომერი მყუდრო ჩანდა,
რომ არა მეზობელი ნომრიდან ძაღლის ყეფის
და  ფირსაკრავის მაღალი ხმა).
ბარგი ამოვალაგე,
დოსტოევკის წიგნი  ,,დანაშაული და სასჯელი“
საწოლზე მივაგდე და  წყლის
გადასავლებად  სააბაზანოში შევედი…

2
სასტუმროს ლიფტში ვეჩეხებოდი
ყოველ საღამოს.
პირველი სართულიდან მეცხრე
სართულამდეც
ერთად ვმგზავრობდით…
მართა ერქვა
და სამართლიანიც იყო
რომ მართა ერქვა…
როგორც მივხვდი
სუნამოს არ ხმარობდა,
ხმამაღლა სუნთქავდა და
სულ შავი პალტოთი დადიოდა.
ღიმილი არასდროს არ შემინიშნავს
მის სახეზე, მაგრამ
ერთხელ ბილი ჰოლიდეის გრამფირფიტა
შევამჩნიე ხელში, რაღაც ქაღალდებთან
ერთად ეჭირა და ლიფტის კედელს ისე ეყრდნობოდა,
როგორც ჯაზმუსიკა ეყრდნობა
იმპროვიზაციას…
მართა დღეგამოშვებით მესალმებოდა
ლიფტში, თან ისე ჩუმად,
თითქოს რაღაც საიდუმლოს მიზიარებდა.
ჩანთა ყოველთვის ჟურნალ-გაზეთებით
და საქაღალდეებით ჰქონდა
სავსე და სულ აღელვებული
უყურებდა ლიფტის კარს
გაღებამდე…

3
13 თებერვალი. ,,დანაშაული სასტუმროში“
მართას სასტუმროს ფოიეში ესროლეს.
ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი,
თავდამსხმელი მიმალულია…
4
15 თებერვალი.
ექიმებმა მართას გადარჩენა ვერ შეძლეს
ის საოპერაციოში გარდაიცვალა.
აღელვებული მართა,
სამართებელივით
თხელტუჩებიანი მართა…
ამბობენ:
ჟურნალისტი იყოო,
ღრმადმორწმუნეც იყოო.
კეთილთვისებიანი
სიმსივნეც ჰქონია მკერდზე.
თურმე ქოთნის ყვავილები
და ჯაზი უყვარდა.
თბილისიდან ყოფილა,
ბრუკლინში ჟურნალისტურ
გამოძიებას აწარმოებდა და…
ალბათ ახლაც თვალები ეხუჭება,
მძიმე ფეხსაცმელები აცვია და
ღია ცის ქვეშ ,,პირადი“ ლიფტის ღილაკს
თითს აჭერს და სადღაც
ასასვლელად  ემზადება,
ახალი გამოძიების ჩასატარებლად…
მე კი ცოცხალი ვარ ჯერჯერობით
და მართას სიკვდილის შემდეგ
ლიფტით აღარ ვმგზავრობ.
მეცხრე სართულამდე
ყოველდღე
ფეხით ავდივარ
და კიბეებზე ასვლისას
ჩემს ახლა რომანზე ვფიქრობ,
რომელსაც ,,მკვლელობა
ბრუკლინის სასტუმროში“
დავარქვი.

© არილი

Facebook Comments Box