პროზა

ლაშა ბუღაძე – სამნი ქალაქში

lasha bugadze1111

სამნი ქალაქში” მეორე ტექსტია, რომელიც პროექტისთვის Citibooks დავწერე. პროექტის იდეა ისაა, რომ მწერლებმა სხვა და სხვა ქალაქების შესახებ წერონ მოთხრობები. ეს ამბავი ბელგიურ ტურნაუტში ხდება, სადაც თითქმის ერთი თვე ვიცხოვრე. “სამნი ქალაქში” (ისევე, როგორც მეორე მოთხრობა თბილისის შესახებ) გამომცემლობა deBurenმა გამოსცა ფლამანდიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ქართულად იბეჭდება პირველად.

                     ლ. .   

1.                 

 

შოკია: მაკა რომაელი ლეგიონერი აღმოჩნდა! აი ფილმებში რომ მყავს ნანახი, ისეთი. სახე არ უჩანს, თავზე არაფერი ახურავს, მელოტი ტიპია. ვიცოდი, რომ კაცი იქნებოდა, რა მიხვედრა ამას უნდოდა :) ძალიან შორს ჩავიდა. მეოთხე დღეა, მარტო ლიმნიან წყალს სვამს. მე პრინციპში კარგად ვარ. ცოტა მოწყენილი ვიყავი, ბევრი არაფერი ხდება, ჩუმი ქალაქია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანიაუამრავი დრო მაქვს ფიქრისთვის. შემდეგი კურსი ზეგ აქვს. არ დაწერო ამაზე.

         გიგი და მაკა უკვე მეორე წელია ბელგიაში ცხოვრობენ. გიგი მხატვარია, მაკა – კლასიკური გრანტიჭამია, რომელიც რაღაც უცნაური და გამოუმჟღავნებელი პროექტების წყალობით დადის ევროპაში და ქმარსაც თან დაათრევს. გიგი ექვსი თვეა, აღარ ხატავს (“დროებითი პაუზა მაქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემთვის”), მაკა წუწუნებს: “არტპროექტებს აღარ აფინანსებენ”. როცა ერთი წლის წინ ვნახე მეჰელენში, შვიდ-რვა საათს ატარებდა თავის სტუდიაში და შინ ფერმკრთალი, მშიერი და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. ერთხელ ვკითხე, რაზე მუშაობ-მეთქი და ბუნდოვნად მიპასუხა: სივრცეს ვიკვლევ ობიექტებს შორისო…

მახსოვს, მაკას ავადმყოფური იერი ჰქონდა და ჩემი ზრდილობიანი შეშფოთება გიგისთანაც გამოვთქვი (ამათ თუ სულ ბოდიშებით არ ელაპარაკე, აუცილებლად გაგებუტებიან).

– გადის ხოლმე და ფერსაც ამიტომ კარგავს, – თქვა გიგიმ.

– სად გადის? – დავიბენი.

– ტანიდან. რა სად.

მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სიფერმკრთალე უჭმელობის ბრალი იყო – რამდენჯერაც არ ვნახე, სულ ცხელ ლიმნიან წყალს სვამდა, ჭამით კი მოხარშულ კომბოსტოს.

– იმიტომაც არ ვჭამთ, რომ არ დავმძიმდეთ, – ამიხსნა გიგიმ, თუმცა, სიმართლე გამხელილი სჯობს, თვითონ ნამდვილად არ მჯდარა ლიმნიანი წყლისა და მოხარშული კომბოსტოს მარხვაზე. მართალია, თავს ღირსეულად იკავებდა მაკას თანდასწრებით, მაგრამ ერთხელ, როცა ძეხვი აღმოაჩინა ჩემს მაცივარში, არც დაფიქრებულა, უჭოჭმანოდ გადასანსლა. ამ დროს, რომ გეკითხა, ვეგეტარიანელი იყო.

– ხორცი როგორ უნდა ჭამო, გული არ გერევა? – მეჩხუბებოდა ცოლის თანდასწრებით.

“მედიტატიური ვარჯიშებით” ჯერ კიდევ შვეიცარიულ ცუგში ცხოვრების დროს დაინტერესებულან (მაკა დაინტერესდა, თორემ გიგის რა შეეძლო), სადაც მორიგი გრანტით მოუწიათ ყოფნა. მაკა ინტერნეტში წაწყდომია ვიღაც შენიღბული და ტაქტიანი დემაგოგის აგნოსტიკურ და მსუბუქად ეზოთერულ ლექცია-სავარჯიშოებს და მალე მის აქტიურ მხარდამჭერ-მსმენელად ქცეულა. მთელი წელი უვლიათ ამ კაცის პრივატულ, ნახევრად პრივატულ და სრულიად არაპრივატულ საჯარო ლექციებზე (130 ფრანკი წელიწადში) და ლანჩის პატივიც რგებიათ მასთან ერთად ხუთჯერ თუ ექვსჯერ. “ანათებს ტიპი, – გული გადამიშალა გიგიმ, – აშკარად ხედავ, როგორ უშვებს პოზიტიურ ბიოენერგიას”, თუმცა, როცა დიდი ყოყმანის შემდეგ, გურუს ფოტო მაჩვენა საიტზე, მანათობელი ღვთაების მაგივრად, ერთი ხილულად მოაფერისტო იერის მქონე, ოქროსფრად თმაშეღებილი ბერიკაციღა შემრჩა… მაგრამ რა ვიცი, იქნებ საიტი იყო უხარისხო.

მაკას წარმატებული ვარჯიშებისა და “სულიერი წინსვლის” შესახებ გიგი დეტალურად მაწვდიდა ცნობებს, რადგან ჩემს მეტი ფაქტობრივად არც არავინ ყავდა, ვინც ზურგს უკან არ დასცინებდა.

მაგრამ, მგონი, ახლა სწორედ ამას ვშვრები… ამ დროს, მართლა არ ვაპირებდი გიგიზე და მაკაზე წერას. და, პრინციპში, არც ახლა ვაპირებ.

ამ მელანქოლიურ ბელგიურ ქალაქში ჩემი აბსტრაქტული პროფესიის გამო მოვხვდი და ძალიან მინდოდა, ეს სიმშვიდე ახალი მოთხრობის დასაწერად გამომეყენებინა. ყველაფერი მქონდა ამისთვის: ბრაბანტის ჰერცოგთა სასახლე (სავარაუდოდ, თავისი ლოენგრინით და ელზათი), ოთახი სხვენში, მაგიდა, დღიური სარჩო, ნათურა, საწოლი, ინდივიდუალური მაცივარი და საზიარო ტუალეტი, საიდანაც პირველივე ღამეს შემომესმა მეზობლის მოულოდნელი კუჭგახსნილობის შედეგად წარმოქმნილი მგრგვინავი ქარების ხმა. რა უნდა გვექნა, თხელი კედლები იყო, მაგრამ არ დავმალავ, შურისძიების საშუალება მეც არაერთხელ მომეცა…

ჩემმა მასპინძლებმა ყველაფერი იღონეს, რათა თავი მშვიდად, კომფორტულად და მწერლურად მეგრძნო. მაგრამ როგორც არ ვეცადე, ერთი წინადადებაც ვერ გამოვადნე. მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გიგისთვის არ უნდა შემეტყობინებინა ჩემი აქ ჩამოსვლის ამბავი (ერთი საათიც არ უნდა მეჰელენიდან ტურნაუტამდე ჩამოსვლას). თუმცა ჩემმა გიჟურმა ქვეყანამაც საკმარისად მანერვიულა – ჩემი წამოსვლის წინ უკვე პიკისთვის მიეღწია წინასაარჩევნო ისტერიკას და პოლიტიკისგან აგზნებულ მოსახლეობას ბრძოლის ველად ექცია ინტერნეტ-პორტალები. შუადღისას ჩემმა მასპინძელმა შემომიარა და დეტალურად ამიხსნა, როგორ უნდა მეცხოვრა ამ ქალაქში; სად მეჭამა, სად მექირავებინა ველოსიპედი (თუკი გადავწყვეტდი), სად დამელია ბელგიური ლუდი და რომელი გასაღებით გამეღო ჩემი Begiijnhofი. ჰო, იმ უცნაურ და დამაფიქრებლად ლამაზ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, ღამის თორმეტ საათზე იკეტებოდა ჭიშკარი. გასაღები რომ დამკარგვოდა, სხვა ჩაუკეტავი ქუჩის მოძებნა გახდებოდა საჭირო.

მთავარი შეცდომაც სწორედ ჩამოსვლის დღეს დავუშვი… გიგიმ მაშინვე მოითხოვა ჩემი სადგომის ზუსტი მისამართი და მორიგი ცნობა გამომიგზავნა მაკას სულიერი მდგომარეობის შესახებ:

 

მანდ როგორ მოხვდი? ყოჩაღ! ჩვენ მაგრა ვართ…! სერიოზულ აზარტში ვარმაკა ისე აღწერს, რომ, იცი, ვინ გამოდის?  veni vidi vici… აზრობ? “გურუამბობს ამას. გუშინ ვესკაიპეთ. ანუ ჩვეულებრივი ლეგიონერი კი არაგაგიჟებული ვარმაგარი გასართობია. ცოტა გამოვცოცხლდითხვალზეგ მოგადგები.

         აჰა, ასეც ვიცოდი, მაკა ნაკლებს არც იმსახურებდა! არათუ გიგი, არამედ უკვე გურუც კი ეჭვობდა, რომ მაკამ “ერთ-ერთი უმძიმესი მედიტაციის მეშვეობით” მიაგნო თავის ყველაზე მნიშვნელოვან ინკარნაციას… გამოიცნო, ვინ ყოფილა წინა ცხოვრებაში.

მეტი რა გინდათ!

არა, არა, არ დავწერ ამათზე…

2.

დილით ეკლესიის ზარებმა გამაღვიძეს და ერთბაშად ვერც მივხვდი, სად ვიღვიძებდი… ასე, ალბათ, მარტო სამოთხეში აღვიძებენ მაკასნაირებს!

ჩემს დაკეტილ ქუჩაზე ერთი დიდი ეკლესია და მუხის ფუღუროში შეშენებული (“პირველქრისტიანული”) სამლოცველო აღმოვაჩინე, თუმცა ჩემი იქ ყოფნის დროს არსად შემხვედრია ცოცხალი მლოცველი…

ჯამში, ტურნაუტში ოც კაცზე მეტი არც მინახავს… ცარიელი ავტობუსები დადიოდნენ ქუჩაში. გაჩერებებზე არავინ იდგა, ავტობუსი კი მაინც ჩერდებოდა და მერე მომდევნო უკაცრიელი გაჩერებისკენ მიირწეოდა – გეგონებოდა, სულები გადაჰყავდა…

ხომ ვთქვი, სამოთხეში მოვხვდი-მეთქი!

ზარები, ბრაბანტის ჰერცოგის კუშტი ციხესიმაგრე, ცარიელი ავტობუსები, უხმაუროდ მოსიარულე ოცი კაცი…

თუმცა როგორც ჩემმა მეგობარმა მიამბო, ერთ ჩრდილო-ევროპულ ქალაქში ტურნაუტზე უცნაური მდგომარეობა ყოფილა: აქ მძღოლი მაინც ზის ავტობუსში, იქ კი მძღოლიც არ ყავს ტრამვაის; დგახარ (უფრო სწორად, შესაძლოა არც დგახარ) გაჩერებაზე, მოდის სრულიად თავისუფალი (უმძღოლო) ტრამვაი, ჩერდება, კარს გიღებს, ადიხარ (უფრო სწორად, არც ადიხარ) და ცარიელ, ჩუმ და მოწესრიგებულ ქუჩებს მიუყვები…

აქაურებმა კი, როგორც ჩანს, თავიანთ მთავრობებს მიაწვდინეს ხმა:

“ხელები შორს მძღოლებისაგან! მძღოლი მაინც იჯდეს ამ წყეულ ავტობუსში, ვის რას უშავებს!”

3.

ჰო, ვიფიქრე, ცარიელ და მდუმარე ქალაქზე დავწერ.

მაგრამ მახსოვს, შინ მობრუნებული დიდხანს ვუყურებდი ჩემი კომპიუტერის თეთრ გვერდს და ვერაფრით მოვიფიქრე, რა და როგორ უნდა დამეწყო.

მერე ხელი ჩავიქნიე და ქართულ სოციალურ პორტალებს ჩავხედე, საიდანაც ფიზიკურად შემომესმა აქტიური ადამიანების ისტერიული ქაქანი…

ორსაათიანი უაზრო და აბსოლუტურად არასაჭირო ძილის შემდეგ, ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტე…        დერეფანში ჩემი მეზობელი (აი, ის, ვისთანაც საპირფარეშოს ვიყოფდი) შემომხვდა და, გეგონება მისი ბრალი ყოფილიყო, თხელი კედლების გამო მომიხადა ბოდიში.

– ყველაფერი ისმის, – თქვა.

მართალია, ყველაფერი გვესმოდა, მაგრამ უშუალოდ და პირველად სწორედ ახლა შევეჩეხეთ ერთმანეთს. პოეტი და მთარგმნელი ყოფილა და ჩემი არ იყოს, ისიც ტურნაუტზე აპირებდა დაწერას. ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე და წონაც შთამბეჭდავი ჰქონდა.

ლორამ (ასე ერქვა) თავის საღამოზე დამპატიჟა, რომელიც ორ დღეში უნდა გამართულიყო ჩვენი ქუჩის ეკლესიაში.

– ქუჩას ჩავკეტავთ და გავერთობით, – ბრძანა.

რა მოხდებოდა, მსუქანი არ ყოფილიყო! რომანი, სამწუხაროდ, წონამ გამორიცხა! ჰო, რა ვქნა, ამ მხრივ სნობი ვარ – პუტკუნას შებმას, ვიცი, ვერ შევძლებ. თან დარწმუნებული ვარ, ლორას ჩემნაირი მთხლე არც ეყოფიდა, ემიგრანტების მუშა-ჯგუფის გამოძახება გახდებოდა საჭირო…

ჩაკეტილ ქუჩას გამოვცდი თუ არა, მობილურმა დამირეკა.

– აქ ვარ და ვერ გაგნებ, – ამომძახა გიგიმ.

ჩამოსულა.

ძლივს ავუხსენი (წესიერად არც მე ვიცოდი, როგორ უნდა მოეგნო ჩემი დაკეტილი Bეგიჯნჰოფისთვის). ცოტა ხანში კი მის აწოწილ სილუეტს მოვკარი თვალი – კალიასავით მოხტოდა.

– ძალიან მაგარია აქ, – შორიდანვე დამიყვირა.

უცნაურია, მაგრამ გაწუწული იყო.

– სადგურთან წვიმდა, – მითხრა, – აქ ასეა, როცა ცენტრში წვიმს, გარეუბანში მზეა.

მარჯვენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა.

– რა გჭირს? – ვკითხე.

– სად? ა… არაფერი, – ამიქნია ხელი, – ქოლგა მოვირტყი…

– მაკა რა უყავი?

– მაკა… მეჰელენშია. ისვენებს…

– როგორაა?

– კარგად.

– რა გაირკვა, კეისარია?

– ჰაა ეხლა.

– არ ვშაყირობ, დედა მომიკვდეს…

– აქ რანაირად მოხვდი?

– უნდა ვწერო.

– თბილისში ვერ წერ?

– ტურნაუტზე უნდა ვწერო.

– მერე თბილისში ვერ დაწერდი?

– თბილისში თბილისზე ვწერ. კანონია ასეთი.

– აპარტამენტი გაქვს?

– სად?

– აქ?

– კი, რა იყო?

– ორსაწოლიანი?

– არა, ერთი…

– ტახტიც არა?

– ჩემთან რჩები?

– არ შეიძლება?

– რა ვიცი. რაღაც სავარძელი მაქვს. თუ არა და, ჩემ მეზობელთან შეგაგდებ. კანფეტივით გოგოა.

– ეჩალიჩები უკვე?

– წვალებით…

– აბა, ეგრე რას დაწერ…

გასეირნება არ გამოვიდა. ძალიან სველი იყო. ჩაის დალევა სახლში გადავწყვიტეთ.

პირველ სართულზე მცხოვრებთ ფართოდ გადაეწიათ ფარდები, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთგან ტელევიზორიც კი ჰქონდათ ჩართული, ცოცხალი მაყურებელი არც აქ შემინიშნავს.

– მე რომ ტურნაუტის მერიაში მემუშავა, ამ ბინებში და ავტობუსებში ზრდილობის გამო მაინც გავაბნევდი ცვილის ბებოებს, – ვუთხარი გიგის.

– შენ შენ ბებოებს მიხედე, – გაეცინა გიგის, – ამათზე ნუ ნერვიულობ, მშვენივრად უვლიან თავიანთ ცოცხლებს… აქ ხალხი არ კვდება. ას წლამდე დგანან. ამ დროს, საერთოდ არ სვამენ წამლებს. ჩვენთან პირიქით, იჭყიპებიან და მაგით კვდებიან.

– ჩანთა არ გაქვს? ჩემი ჩოთქით აპირებ კბილის გამოხეხვას? – ვკითხე, – თუ არ იხეხავთ აქეთ…

– ჯიბეში მიდევს, ნუ ღელავ.

ლორა მაინცდამაინც სამზარეულოში დაგვიხვდა, ამ დროს, ვიფიქრე, გიგის ავაგდებ… არ გამოვიდა.

ერთმანეთი გავაცანი და ჭიქები გადმოვიღე.

– აუ, ახლა არ ეგონოს, რომ გეი ვარ და საყვარელი მოვიყვანე, – ვუთხარი გიგის.

– და ეგონოს, რა. ამ ჩემ ფეხებს.

არ მომჩვენებია, გაღიზიანებული და შეცბუნებული ჩანდა (ეს ჩალურჯებული თვალიც მეტისმეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა), თუმცა არაფერი მიკითხავს. ვიცოდი, თუ მოსაყოლი ჰქონდა რამე, თვითონვე მომიყვებოდა. რა გაუჩერდებოდა ენაზე.

– არჩევნებია თქვენს ქვეყანაში? – მკითხა ლორამ.

– კი. დღეს.

– ჰო, გაზეთში ეწერა…

– საქართველო მუსლიმანური ქვეყანაა თუ ქრისტიანული?

– უმეტესად, მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ, თუმცა მუსლიმანებიც გვყავს, – ვუთხარი.

– თქვენი ენა რუსულია?

– არა, – ეწყინა გიგის, – ქართული. დამწერლობაც კი ორიგინალური გვაქვს.

– სტალინი ქართველი იყო?

– სტალინი, კი… და მედეაც, – დავაყოლე რატომღაც.

– რომელი მედეა? – გაუკვირდა გიგის.

– კოლხი, კაცო…

– ა, ჰო, – გაახსენდა ლორას, – კარგი კომპანიაა, – გაიცინა.

– რაღა ეგ უთხარი? – ჩაი მოსვა გიგიმ.

– აბა, მღვდელი თევდორე ამას არ ეცოდინება…

წესით, ზრდილობის გამო ჩვენც უნდა დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ რატომღაც ამაზე არ მიფიქრია, მასაც მალევე მობეზრდა ჩვენი დაკითხვა, მაცივრიდან ორი ცალი მწვანე ვაშლი გამოიღო, ბოდიში მოგვიხადა და ღიმილნარევი მთქნარებით დაგვშორდა.

– ხო მაგარი გოგოა? – გავუღიმე გიგის.

– რა გოგო, – მითხრა, – კაცია, მგონი.

მეგონა, მის იერს გულისხმობს. თურმე, არა…

– ლესბია? – ვკითხე.

– არა, რა ლესბი, შეიძლება კაცია. აქ ბევრია ასეთი. ქალებივით იცვამენ. სად აქვთ ქალებს მაგხელა ხორხი! არანაირად არ უნდა ენდო პირველ შთაბეჭდილებას. დააკვირდი.

აქ კი მართალი იყო. თუმცა ლორას ხორხის შესახებ კამათს მაინც მოვერიდე. თან, პრინციპში, ვეღარც მოვასწრებდი.

4.

როგორ უნდა მოიქცე, როცა ტელეფონი რეკავს? ან უნდა უპასუხო, ან არა. მოძრაობითაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა გამოძრავდე: ან ძველ პოზაში დარჩე, ან ყურთან მიიტანო, ან უკან, ჯიბეში ჩაიტენო ტელეფონი. მაგრამ გიგიმ რაღაც აკრობატულად აიქნია ხელები, წამოხტა, დაჯდა და სახეგაწითლებულმა მომჩურჩულა:

– მაკაა.

– ჰო, რა იყო, – დავფრთხი.

– არ ვიღებ, – ისევ ახტა და ტელეფონი მომაჩეჩა, – აიღე, ნუ!

– მე? – გამიკვირდა.

– მე არ ვიღებ! – დაუყვირა ტელეფონს.

– მაკაა? – ვეღარ გავიგე, რა ხდებოდა.

ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა.

– რატომ არ უპასუხე? – ვკითხე.

გიგი სკამზე დაჯდა.

– ვიჩხუბეთ, – თქვა.

მე ინსტინქტურად შევხედე ჩალურჯებულ თვალზე.

– არა, ეს ქოლგაა, – მიხვდა.

ტელეფონმა ისევ დარეკა.

– მაკაა? – ადგა.

ეკრანზე “მია” დაიწერა.

– ვიღაც მიაა, – ვთქვი.

– მაკაა. ეგრე მყავს შეყვანილი.

– რატო?

– რა რატო! ეგრე ვეძახი, აიღე…

– ავიღო?

– არა…

– უპასუხე, კაცო, დამანებე თავი! – გავბრაზდი.

გიგიმ ლოყებზე აიფარა ხელები და დაიმანჭა. ვხედავდი, როგორ ჭოჭმანობდა. ვიფიქრე, მარტო დავტოვებ. უცებ გამოვედი.

– რა? – მომესმა მისი ხმა. აუღია…

– აქაა, – მომეწია კიბეზე, – სადგურში, აქ ჩამომადგა…

– რა ხდება, გიგი?

– არა, – დაიყვირა, – წავიდეს, მკიდია!

– ჩუ! – ზევით ავიხედე; ლორას გაღვიძებაღა მაკლდა, – ჩვენ სადგურშია?

– ხო! ამ დროს, წესით, დიაზეპამი უნდა ჰქონოდა დალეული…

ბოდავდა?

– რა ვქნა, მითხარი? – ვკითხე.

– მოვა, ალბათ…

– მაკა? იცის მისამართი?

– იცის… მაილი გამიქექა.

– ვისი?

– რა ვისი? ჩემი!

– მე ნუ გამლახავთ, შენი ჭირიმე! – შევეცადე გახუმრება.

გიგიმ მლოცველივით შეატყუპა ხელები.

– მაპატიე, გეხვეწები… ძალიან მრცხვენია. აგიხსნი მერე… გამაგიჟა უბრალოდ. გინახივარ ოდესმე ასეთი?

– კარგი, კაცო, დამშვიდდი…

– ამ დროს, სერიოზულად მომენატრე… ემოციურად აბსოლუტურად სხვანაირი განწყობით მინდოდა ჩამოსვლა… რეალურად საერთოდ სხვა მდგომარეობაში ვარ… ძალიან მაგარ… არ გჯერა ეხლა…

– მჯერა, გიგი, ოღონდ ნუ გააღვიძებ ამ ქალს…

– კაცია ეგ…

– ნუ, რაცაა…

– ბოდიში, რა… მეთქი, შენთან დავისვენებ… არ შემერგო…

ჩემს ოთახში ავბრუნდით.

კიბეს და იატაკს, ჯინაზე, არასდროს უჭრიალია ასე ნერვებისმომშლელად…

გიგი ოთახში შესვლისთანავე გაწვა საწოლზე – თითქოს სეანსზე მოსულიყო ფსიქოლოგთან. თუკი მაკა მართლაც ტურნაუტის სადგურზე იყო, წესით, მაქსიმუმ, ოც წუთში უნდა მოსულიყო ჩემამდე, თუმცა არ ჩანდა.

– ვერ წყვეტს, მოვიდეს თუ არა, – თქვა გიგიმ, – იმიტომ, რომ რცხვენია. ეშინია ჩემი… რაღაც მხრივ. მაგრამ ამას ჯობდა, საერთოდ არ ჩამოსულიყო. უნდა მაცალოს…

– რაზე იჩხუბეთ? – შიშით ვკითხე. ვიფიქრე, ახლა ჩემზეც არ გაბრაზდეს, რა შენი საქმეაო.

– ჩემ მაილში შეძვრა, ხომ გითხარი… და აიჩემა, რომ აქ საყვარელი მყავს.

– სად?

– აქ, ტურნაუტში.

– რანაირად?

– მე რა ვიცი! ავადმყოფია!

– მართლა გყავს?

– რა საყვარელი, რა სისულელეა!

– აბა, რატომ აიჩემა?

– კითხე. მესიჯი ვნახეო.

– ვისი?

– ჩემი საყვარლის.

– როგორ?

– ტელეფონიც გამიქექა.

– და გქონდა რამე?

– არა, ბიჭო, საიდან!

– აბა, რა მესიჯი ნახა?

– არ არსებობს არანაირი მესიჯი! მეუბნება, რომ როცა წაიკითხა, არაფერი მითხრა… შოკში ჩავარდა და ორი დღე ამაზე ფიქრობდა. მაგრამ როცა ამის თქმა და, ნუ, ნივთმტკიცებულებების დადება გადაწყვიტა, მე უკვე მოვასწრე მესიჯის გაქრობა. მერე მაილშიც შეძვრა და წაიკითხა, რომ ტურნაუტში ვაპირებდი წამოსვლას, ხოდა დაასკვნა, რომ აქ მყავს საყვარელი.

– კაცო, მე არ მწერდი მაგ წერილებს? ეგ არ ნახა?

– არ ჯერა, რომ შენ მწერ.

– როგორ?

– აი, ეგრე. ეგ არგუმენტი არ მოქმედებს. აფრენს. გონია, რომ შენ ხარ ჩემი საყვარელი.

– მე?

– შენ კი არა, ვინც შენი სახელით მწერს.

– უიმე…

– მრცხვენია, დედას გეფიცები…

– და შენ იმეილში როგორ შეძვრა? პასვორდი გაგიტეხა?

– რა გამიტეხა, ზეპირად ვიცით ერთმანეთის პასვორდები. რატომ უნდა ვმალოთ.

– ეგაა, ბიჭო, მედიტაციები? კლავთ, თურმე, ერთმანეთს…

– სულ ამოვარდა კალაპოტიდან. გააგიჟა ის ხალხი… ლექციებზეც აღარ დავდივართ. ტრაკი არ ეყო… ამ დროს, სად გავიდა… და უცებ ეს… შეეშინდა უფრო ღრმად შესვლის და ბანალური კონფლიქტი ამოაგდო. ამაზე კონცენტრირდა. ჩაიჯვა, ნუ, ამ მხრივ… სუსტია…

უცებ ჩემი ქუჩის ეკლესიის ზარმა დარეკა.

გიგიმ ტელეფონს დახედა.

– თორმეტის ნახევარია, – თქვა.

– უკან ხომ არ წავიდოდა?

– არა, მანერვიულებს, თავისი ჭკუით… ღამეა, უცხო ქალაქშია და იცის, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო, ავფორიაქდები… მაგრამ მე არ ვინერვიულებ. ძალიან კარგად ვარ. ნოლი კრიმინალია აქეთ.

– ჰო, სამასი კაცი უზით ციხეში.

– საიდან იცი?

– დავგუგლე.

– რატომ?

– ინფორმაციას ვაგროვებ ამ ქალაქზე.

– ბანდიტებზე წერ?

– არ ვიცი ჯერ…

– მოიცა, – წამოჯდა უცებ, – ქუჩის ჭიშკარი რომელზე გეკეტება?

– თორმეტზე, – გამახსენდა.

– ხოდა გარეთ დგას, ალბათ…

– დარეკავდა…

– იქნებ დაუჯდა…

– ჩავალ, კაცო…

– არა…

– რა არა…

გიგი ისევ საწოლზე მიწვა. მე დერეფანში გამოვედი. კიბე აუტანლად აჭრიალდა (“ლორა, გთხოვ, ნუ დამწყევლი!”), თუმცა გიგიც გამომყვა.

– კარი არ მოხურო, – დავუყვირე, – გასაღები არ მაქვს და უკან ვეღარ შევალთ.

– ა, ბოდიში, – თქვა და შებრუნდა.

ქუჩაზე გამოვედი. ჩაკეტილ ჭიშკართან არავინ იდგა. ტურნაუტს ამაყად და უშფოთველად ეძინა.

– მაკა! – დავიძახე.

პასუხი არავის გაუცია. ცრიდა.

ჯანდაბა! რას მერჩოდნენ, ყოფილიყვნენ თავის მეჰელენში, აქაური გიჟებიღა მაკლდა!

სახლში ავბრუნდი.

გიგი კიბეზე შემეფეთა.

– სადაა? – მკითხა.

– მე რა ვიცი, – ავიჩეჩე მხრები, – არაა იქ.

– ტელეფონი გამორთო, – თქვა, – მანერვიულებს, ხომ გეუბნები! სადისტია.

მართლა ნერვიულობდა.

– უქნია ასე? – ვკითხე.

– რა?

– ჯინაზე გამოურთავს ტელეფონი?

– რა ვიცი… შეიძლება მე ვერ ვხვდებოდი და ეგ ჯინაზე იყო.

– ესე იგი, გამოჩნდება, ნუ.

– გამოჩნდება, კი… მაგრამ უცხო ქალაქია მაინც… ბრუსელში ბევრი მანიაკია, აქ არა მგონია…

– გინდა სადგურში წავიდეთ?

– არა. ეგღა მაკლია, – თქვა მტკიცედ.

ოც წუთში სადგურში ვიყავით. ველოსიპედით მივედით. მე უკან მოვუჯექი და აუტანლად გავიტანჯე – ფეხები დამეჟეჟა. გიგი აგრესიულად ატრიალებდა პედლებს. თუმცა მაკას ვერც სადგურში მივაგენით.

მერე შანტPეიტერკერკისკენ მიმავალ, მაღაზიებით დახუნძლულ ქუჩას ავუყევით და დიდ მოედანზე გავედით. ველოსიპედი ქვაფენილზე არახრახდა. ეკლესის საათზე შუაღამე დადგა.

– ეხლა კვახად გადავიქცევი, – გავიხუმრე.

გიგიმ ციხესიმაგრისკენ შეუხვია და ორჯერ შემოუარა პატარა არხში ჩადგმულ სასახლეს.

ორი წლის წინ აქ ცხრამეტი წლის გოგო დამხრჩვალა და მამამისსაც ყოველ დღე მოქონდა ახალ-ახალი ყვავილები. ამ ამბის გახსენებამ ცუდ ხასიათზე დამაყენა. ხომ შეიძლებოდა, ეს არანორმალური მაკაც წყალში ჩამხტარიყო? რა იცი… მაშინვე “ობიექტებს შორის სივრცეს ვიკვლევ” გამახსენდა…

– მთვრალი ხომ არ იყო? – ვკითხე.

– ვინ, მაკა? გაგიჟდი, არ სვამს ეგ…

ჰო, მაკა მარტო ლიმნიან წყალს სვამდა, ეგ კი მახსოვდა, მაგრამ იქნებ გაბრაზებულ გულზე დაელია.

– მაინც ამანერვიულა, ეხლა სინდისი უნდა მქენჯნიდეს, – აწუწუნდა გიგი, – ხომ ვხვდები, რომ სპეციალურად შვება, მაგრამ, იცი, რეები მომდის თავში? რომ ვიღაცამ გაიტაცა, ან შეათრია სადგურთან და გააუპატიურა… ნეტა ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს აქ? იდეაში, მშვიდი ქალაქი უნდა იყოს… არა?

მერამდენედ თქვა…

პოლიციაში მისვლის შეთავაზება არც მიფიქრია – მეთქი, საერთოდ გარეკავს; დაიჯერებს, რომ საქმე მართლა სერიოზულადაა. ამიტომ ისევ სახლში მისვლა შევთავაზე.

– ჩართავს, – ვთქვი, – აგერ ნახავ. მიაღწია მიზანს, ავნერვიულდით და ეხლა ბოდიშს მოვიხდით.

– რაზე?

– რაზეც უნდა. მე მოვუხდი, ბატონო, ბოდიშს, ვეტყვი, რომ ყველაფერი დამთავრებულია ჩვენს შორის.

გიგის არ გაუცინია. თუმცა ველოსიპედი მაინც ჩემი დაკეტილი Begiijnhofისკენ დაძრა.

გაწუწული მაკა ჭიშკართან დაგვიხვდა.

 

5.

გიგის ხმა არ ამოუღია. მე გადაკოცნა დავუპირე მის ცოლს.

– სველი ვარ, – შეკრთა.

არა უშავს. ჩვენც სველები ვიყავით. მაინც გადავკოცნე. ცივი ლოყა ჰქონდა. ისედაც ძვალი და ტყავი იყო და ახლა მთლად სასკოლო ჩონჩხს დამსგავსებოდა.

– სადგურში ვიყავით, – ვუთხარი, – ვინერვიულეთ. ტელეფონი გამოგერთო?

ვინ მექაჩებოდა ენაზე!

– ჩემთან არავის დაურეკავს, – თქვა მკაცრად.

მე გიგის გავხედე.

არ უნდა შემეხედა…

– ოცჯერ დაგირეკე, ვის ატყუებ! – აყვირდა.

– ჩჩ, – პირზე ავაფარე ხელი.

– ჩემთან არავის დაურეკავს, – გაიმეორა მაკამ.

– როგორ? აბა, ეს რაა, ეს, – ტელეფონი ამოიღო გიგიმ.

მე ჭიშკარს ვეცი და ძლივს მოვძებნე გასაღების შესარჭობი. მაკა შემოსვლას არ ჩქარობდა – მგონი, არც უნდოდა. ქუჩა ჭრიალით გაიღო. მაკას ლურჯად გაუნათდა სახე – გიგიმ ლამისაა ცხვირზე მიადო ეკრანი. ძლივს შემოვაგდე ქუჩაზე. სანამ ველოსიპედს ვაბამდი, ჩურჩულით დაცხეს ერთმანეთს. მარტო მაკას “არა”, “ხმას დაუწიე” და “არ მაინტერესებს” გავიგონე.

ვიფიქრე, სამზარეულოში დავტოვებ და ზევით ავალ.

– ჩაი აქააა, იქით ყავა, – მივუთითე კარადაზე.

– ძალიან მრცხვენია შენი, – ნაძალადევად გამიღიმა მაკამ, – ვერც გამოგკითხე, რა გინდა აქ?

– ჩემ ნაშას არჩენს, – თვალი ჩამიკრა გიგიმ, – გამოუყვანე, რომ დაწყნარდეს…

მაკამ საყვედურით შეხედა; მიხვდა, რომ გიგის ჩემთვის მოეყოლა მათი კონფლიქტის მიზეზის შესახებ და, ალბათ, ეწყინა.

მე თავი გავიდებილე, ვითომ ვერ გავიგონე გიგის ნათქვამი…

– ის არ მოუყევი, როგორ იმასაჟებ ყვერებს დილაობით? – ცივად გაუღიმა.

– რა? – გაწითლდა გიგი.

სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი.

– არა, ჯერ მოგიყვეს, – შემომხედა მაკამ, – ყველაფერს გიყვება და ეს რატომ არ მოგიყვა?

– ძალიან სასაცილოა, – თქვა გიგიმ.

– ხალხო, უნდა დავწვე, უკაცრავად, – გავუღიმე მაკას, – როცა მოგინდებათ, ამოდით და დაწექით. ტახტი მაქვს. გიგი თუ ინებებს, მე შემომიგორდეს.

არავის გაუცინია.

– მეც ვწვები, რა მინდა აქ, – წამოდგა გიგი.

– სად წვები, შენ გიჟი ხომ არა ხარ! – დავუბღვირე.

მაკამ მკლავზე მომკიდა ხელი:

– მე გიხდი ბოდიშს, სულ არ მინდოდა ასე…

– იცი, როგორ ინერვიულა! – ვიფიქრე, გიგის შევაცოდებ, – მოკვდა, ნუ… ახლა გებრიქება, თორემ გული გაუსკდა, გამორთული რომ გქონდა…

– მე არ მქონდა გამორთული, ვიღაც სხვას ურეკავდა, – გამოსცრა მაკამ.

გიგიმ ისევ თავისი ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან.

– აბა, ეს რა არის! ეს რა ჯანდაბაა? ვისი ნომერია! ვისი ნომერია! მია ვინ ჩემი ფეხებია! მია ვინაა!

– მე არ ვარ გიჟი, – თვალები დაეხუჭა მაკას, მაგრამ, მივხვდი, მე მომმართავდა, – უბრალოდ, არ მინდა რომ მატყუოს.

– არ გატუებს, მაკა! – ბოლოს და ბოლოს, მეც გავბრაზდი.

– რას არ მატყუებს, შენ რა იცი! – აიმაღლა ხმა, – თქვას და წავიდეს, ეყოს გამბედაობა.

– სად წავიდე, სად! ­- გიგიმ იატაკზე დააგდო ტელეფონი.

– სადაც გელოდებიან, იქ წადი!

– მე ეს არ მეხება, უკაცრავად, მე არ უნდა მასმენინებდეთ ამ ყველაფერს, – გავიწიე კარისკენ.

– შენ გონიხარ ჩემი საყვარელი, – გადაიხარხარა გიგიმ.

– კარგ ხასიათზე ხარ? – უწივლა მაკამ, – მოასწარი ყვერების დაზელვა?

გიგის ხმა ჩაუწყდა სიბრაზისაგან:

– უზრდელი ხარ!

მაკამ ფეხი გაკრა სკამს:

– მე რა ვარ, ჩემი პრობლემაა! შენ რა ხარ! დემაგოგი, ეგოისტი! ვის დასდევ აქ? რატომ გამოვარდი დღეს საღამოს?

– მაკა, გამაგდებენ აქედან, სირცხვილია, – მივიხურე კარი.

ნეტა ლორა მომეტყუებინა და არ მეთქვა, რომ ქართველი ვარ – სამუდამოდ შეიძულებდა ჩემს საწყალ სამი ათასწლოვან სამშობლოს!

– ინვალიდი მოტყნა ამან, – შემომყვირა მაკამ, – ანგელოზი ნუ გგონია. ყველაფერი ვიცი.

– რა? – წესიერად ვერც გავიგონე, რა მითხრა.

– დაგახრჩობ, – გიგიმ მაკასკენ გაიშვირა ხელები.

ვაი, დედა…

რა უნდა მექნა? შუაში შევხტი.

გიგიმ, პრინციპში, მაკას, პრაქტიკულად კი მე შემომაფურთხა და სამზარეულოდან გავარდა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ გაკიდება გადავწყვიტე.

გიგი ქუჩაზე გაიქცა.

– გიგი! – დავუძახე.

დაუჯერებელი იყო, მაგრამ კატასავით მოქნილად ახტა ღობეზე და უცებ გადაძვრა. დაწევას, მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა. მით უმეტეს, ჩემი დაბეჟილი ფეხებით.

ახლა რა, მაკასთან ერთად უნდა მეძებნა?

ნეტა იცოდეთ, როგორ არ მინდოდა უკან შებრუნება…

მეთქი, შევალ, ჩემს ოთახში ავუშვებ და მე თვითონ სამზარეულოში დავიძინებ სკამებზე, ხვალ კი ბოდიშს მოვუხდი ლორას. ესენი სულ ფეხებზე მკიდიან!

მაკა ჩაის ადუღებდა. დამშვიდებულიყო.

– გაგაგიჟეთ, არა? – გამიღიმა.

– მე არა, – ვთქვი, – ლორა, – და უცებ ენაზე ვიკბინე; მეთქი, მორჩა, ახლა აფეთქდება (“ლორა + გიგი = აჰა, ესე იგი, მართალი ვყოფილვარ”) და შიშით ავბლუყუნდი, – ჩემი მეზობელია, ნაღდად არაა მაგის ნაშა და არც ჩემი. ხვალ გაჩვენებ…

– ვიცი, კაცო, ოჰ! – გაეცინა მაკას, – ტყუილა ვატრაკებ…

ვიფიქრე, მომესმა.

– ირბენს და მოვა, ნუ ღელავ, – თქვა.

– მაგარი ნერვები გაქვთ, გენაცვალე, მშურს თქვენი…

მაკამ ჩაი დაისხა და მაგიდას მიუჯდა.

– ვართობ, ნუ. რა ვქნა, აბა! სხვანაირად იწყენს აქ, მე მთელი დღე გარეთ ვარ, ეგ სახლში ზის და არაფერს აკეთებს. მეცოდება…

ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა…

– ნუ მიყურებ, როგორც გიჟს, – გაიცინა, – პატარა სკანდალები თუ არ მოვუწყე, მინიმუმ, სამ თვეში ერთხელ, დეპრესიაში ვარდება. ცოცხლდება, ნუ, ასე… თორემ თევზივითაა, ხომ იცნობ?

– ვინაა თევზივით? – დავაღე პირი.

– არ ილაპარაკო ახლა ამაზე…

– რა უნდა ვილაპარაკო, გოგო, დავიბენი…

– რა დაიბენი? ექვსი წელია აქეთ ვართ, კაფეში ვერ გადის უჩემოდ. თან ზარმაცია, ხატვაც ეზარება. ვერ ერთობა აქ… მერე სოფელში ვცხოვრობდით, მაგარ რეზიდენციაში, მაგრამ, ნუ, მოიწყინა ძალიან. ცხვრები და ზანზალაკები, მეტი არაფერი… მე ვმუშაობ და ეს მიყურებს. ცუგში მყავდა წელიწადნახევარი… იცი, ცუგი სადაა? შვეიცარიის ქვემო სვანეთი… მარტო ნაკელის სუნი დგას. ერთადერთი მოვლენა ეს სუნია… მეთქი, მეჰელენში გაერთობა, ანტვერპენია ორ ნაბიჯში, მაგრამ ვერ ერთობა ვერც აქ, წუწუნებს: ფული არა მაქვს, ფული არა მაქვს… დღეში ოც ევროს ვაძლევდი, ახლა ცოტა შევუმცირე, მეც გავიჭედე, ხო იცი, რა სიტუაციაა? ფსიქოლოგთანაც ვიყავით…

– და რა ჭირს, მაკა, ვერ გავიგე…F

– არაფერი. როგორ აგიხსნა. იწყენს, ნუ. ვერც სულიერი თერაპიის კურსში მოახერხა ჩართვა. ლექციებზე დამყვება, მაგრამ ვარჯიშებს ვერ აკეთებს… მე ვვარჯიშობ.

– ანუ არ გაგიქექავს მაგის ტელეფონი?

– რა ტელეფონი! რაში მაინტერესებს!

– არ ყავს ნაშა?

– რისი თავი აქვს, ბიჭო, ძალიან წესიერია! ჯერერთი, არ მოუნდება და რომც მოუნდეს, შერცხვება…

– ეგეთი ანგელოზიც არაა, – ვიფიქრე, ცოტათი მაინც მოვუშლი ნერვებს. მინდოდა შემემოწმებინა, მაშაყირებს თუ არა. მაგრამ ვერ მოვუშალე, უბრალოდ ოდნავ დავასერიოზულე:

– არა, – თქვა მტკიცედ, – ანგელოზია. მართლა.

არ შევკამათებივარ…

– არ მოუტყნავს ინვალიდი? – ვკითხე.

– არა, რა ინვალიდი, – გაეცინა, – უცებ მოვიფიქრე. არ იყო გენიალური?

– კი, – ავიჩეჩე მხრები.

ის შემოფურთხება რაღა იყო? ასეთი გართობა არ გამიგია…

– არც ყვერებს იზელს დილაობით?

– ა, ამას შვება, კი, – ისევ გამკაცრდა, – ოღონდ ეს სავარჯიშოა. არ ვხუმრობ, ნუ გეღიმება. Eნერგიეს კონცენტრირება ხდება ჯირკვლებში და დილაობით იზელს. რელაქსაციისთვის არის კარგი.

– შენ რომ იზელ თუ სხვა გიზელს? – ჩავეკითხე. ვაიმე, რეებს ვისმენდი…

– არა, შენ თვითონ, სხვა… უკვე სხვა რამეა, ნუ შაყირობ. სერიოზული რამეა. უნდა გააკეთო შენც.

– ვითომ?

– აუცილებლად. მე რომ მქონდეს, სიამოვნებით ვცდიდი.

– გრანტებს იძლევიან ამაზე?

– რაზე?

– არაფერზე, დაიკიდე. ტყუილა გკითხე…

– და შენ რატომ ხარ აქ?

– მოთხრობა უნდა დავწერო ტურნაუტზე.

– არ დაწერო ჩვენზე.

– არა, კაცო, რა სისულელეა… მაგრამ ისე… მაგარია… ასეთი არაფერი გამიგია… ნეტა მართლა რომ გაუჩნდეს საყვარელი, რას იზამ?

– არ გაუჩნდება, სანამ გაუჩნდება, დავუბლოკავ.

– როგორ?

– მაქვს ჩემი მეთოდები.

– ვა!

– დიახ.

– და ხელს არ გიშლის ეს გიჟობები?

– რაში?

– ნუ, რა ვიცი, მუშაობაში… მედიტაციებში…

– ა, კი. ცხადია. მაგრამ რა ვქნა. მართლა ცოდოა ხოლმე… საყვარელია. ხომ ნახე, როგორ მეძებდა? უნდა მისცე ადამიანს საშუალება, კარგი თვისებები გამოავლინოს… იქაც მირჩიეს. ძალიან ყურადღებიანი ხელმძღვანელი გვყავს.

– ვიცი, გიგიმ მანახა ფოტო.

– ჰო… ბევრს ქონია მსგავსი პრობლემები. განსაკუთრებით, სამხრეთიდან ჩამოსულ ხალხს.

– და ხომ შეიძლება, შეზიზღდე?

– არ შევზიზღდები. ხვდება, რომ მიყვარს. აქ ქალი არ გამოგეკიდება ერთი ქალაქიდან მეორეში. ნუ, გიგის მაინც, ყოველ შემთხვევაში.

– და თვალი?

– რა?

– ჩალურჯებული აქვს…

– ჰო, ბურთი მოხვდა, თურქი მეზობელი გვყავს და იმისმა ბავშვმა ესროლა…

ამ დროს, გიგიმ მითხრა, ქოლგა მოვირტყიო. თუმცა აღარ ჩავძიებივარ…

– მაგ ბავშვს მაინც ეთამაშოს ხოლმე, გახალისდება, – ვთქვი.

– ეზარება… თორემ მე ვეთამაშებოდი, რა პრობლემაა, ფეხბურთის თამაშს რა უნდა!

6.

მე ტახტზე მოვთავსდი, მაკას ჩემი საწოლი დავუთმე. აგზნებული ვიყავი, კარგა ხანს ვერ დავიძინე…

დილით მისი მესიჯი დამხვდა:

ათასი ბოდიში გუშინდელის გამო. გიგი მეჰელენშია. მომწერა. არ ინერვიულო. შემოგვიარე. თუ აგვიტან.   

აჰა, ესე იგი, ის არანორმალური გუშინვე წასულა…

სად უნდა შემეარა! მადლობა, მეყო…

ლორა სამზარეულოში დამიხვდა.

– გუშინ არ დაგაძინეთ, არა? – შიშით ვკითხე.

– არა, არაფერი გამიგია, – მითხრა.

ზრდილობიანი გოგო იყო. ეჭვი მაქვს, არ შეიმჩნია. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავიზღვიე თავი:

– ჩემი მეგობრები იყვნენ… იტალიელები. ვერ გავაჩუმე… ხო იცი, ხმამაღალი ხალხია…

ჰო, რა მექნა, ეს ხმაური იტალიელებს შევტენე. ქართველებს ისედაც თავზე საყრელად გვაქვს პრობლემები – ლორაღა გვაკლდა; ჯობდა, იტალიელებზე აშლოდა ნერვები!

იმ დღეს, მის ლექსებს მოვუსმინე და აღტაცებულმა ვუკარი ტაში.

– მართლა მოგეწონა? – მკითხა.

– კი, ძალიან…

– შენ ხომ ფლამანდიური არ იცი?

– რიტმი ვიგრძენი.

არ შეიძლებოდა, დიეტაზე დამჯდარიყო აქ წამოსვლის წინ? საყვარელი გოგო ჩანდა. რაღაცას გავახერხებდით… თუმცა ამ ეტაპზე მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. “8-9 კილოგრამი, ლორა, მეტი არა”. ისე კი, რაღაც ადამის ვაშლის მსგავსი მართლაც შევუნიშნე, თუმცა უცებ მოვაშორე თვალი… აჰ, ბელგიური სტრესებისთვის მაკა და გიგიც მეყოფოდა.

ეს წერილი ტურნაუტიდან წამოსვლის წინა დღეს მივიღე:

გაგაგიჟეთ, მაგრამ ვიცი, გამიგებ და მაპატიებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ზოგჯერ საჭიროა ამ ფორმით რაღაცნაირი კათარზისის გავლა. ეს ძალიან მაგარია და ძალიან სწორია. ძალიან გზრდის ასეთი რამეები. ეხლა დავმშვიდდით და მაგრა ვართ. რაღაც იდეები მაქვს და ესკიზის დონეზე ვაპირებ ჩახატვას. ამან ბოდიშები მიხადა და მეც ვუხადე, იმიტომ რომ სწორია ასე. ეს სერიოზული თვისებაა, როცა შეგიძლია ბოდიშები უხადო საყვარელ ადამიანს, იმიტომ რომ რეალურად აქ არც არავინ გვყავს ერთმანეთის მეტი. ჩემი ბოდიშები მაკას ჭირდება, თორემ სხვას რად უნდა! იმ კვირიდან ისევ აგრძელებს სავარჯიშო თერაპიის კურსს. შენ მეზობელს ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრადთუ გინდა ჩვენც მივწერთ? არ ტეხავს. იქნებ შემოიარო თბილისში წასვლამდე?

         ჯერ ვიფიქრე, ზრდილობიან პასუხს მივწერ, მაგრამ მერე მაინც წამძლია სულმა…

არა უშავს, თუ ეწყინებოდა. ცოტას გაერთობოდა…

SOS! უკვე ვეღარ ვხვდები, ვინ მწერს გიგის მაილიდანგიგი თუ მაკა? გამარკვიეთ, ნუ მანერვიულებთ, ცოდო ვარ!

         გიგის, როგორც მოსალოდნელი იყო, ეწყინა: “ჰო, მაკა ვარ”, მომწერა. მეტი არაფერი.

რა ვიცი. იქნებ მართლა მაკა იყო!

მთელი ერთი თვე არაფერი გამიგია მისგან. მერე ისევ გამოჩნდა. ისევ “გურუზე”, მაკას მედიტაციებზე და კეისარზე მიყვებოდა.

ეს წერილი გუშინწინ გამომიგზავნა:

არ ყოფილა კეისარი :))) გურუ გვებაზრა სკაიპში. ოღონდ უფრო საინტერესო სურათია: შეიძლება უბრალო ჯარისკაცი ან გლეხი იყო ერთერთ წინა ინკარნაციაში და კეისარი დაუნახავს. შეიძლება, საერთოდ, შორიდანაც. შეიძლება ახლოდან. ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობახოდა იმდენად ძლიერი ყოფილა ეს შთაბეჭდილება, რომ ამ დიდმა ინდივიდუალობამ უშუალოდ მისი ცხოვრებაგადაფარადა საკუთარი თავი კი არ შერჩამეხსიერებაში“, არამედ ისტორიული ფიგურა, რომელიც ფიზიკურად ნახა. ასეთი რამეები თურმე ხშირად ხდება: ბევრს მოსვლია. ტიპს ნიუტონი ან ნაპოლეონი გონია თავი და, ამ დროს, უბრალოდ ან ქუჩაში შეხვედრია ან მაგის არმიაში მსახურობდაარაა სიგიჟე? მეთქი, ცოლი ჩესარე მყავს :))) თურმე, მარტო შორიდან მოუკრავს თვალიდაწერე ამაზე!

         ჰო, დავწერ, აბა რას ვიზამ. ვიცი, გიგის ეწყინება, ამას რომ წაიკითხავს, მაგრამ თუ არ ეწყინა და არ გაბრაზდა, ვერც გაერთობა.

ასე გვჯერა “იტალიელებს”.

ისე, რა ეტყობათ ამათ მოწყენილების! მოწყენილი მე ვარ…

© “არილი