ლექსი პროზად – მცირე ანთოლოგია

leqsi prozad33

პუბლიკაცია მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო დალილა გოგიამ

მე-19 საუკუნის საფრანგეთში პოეტებმა ალოიზიუს ბერტრანმა და შარლ ბოდლერმა  დიდი წინააღმდეგობისა და კრიტიკის მიუხედავად, პოეზიის ახალი ქვეჟანრი დაამკვიდრეს. ლექსი პროზად, ანუ პოეტური პროზა (prose poem) არის ლექსი, რომელსაც აქვს პროზის ფორმა – ის არის არა სტრიქონებად დაყოფილი და გარითმული, არამედ ერთიანი ტექსტი, გაჯერებული პოეზიისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით. ვერლიბრისა და რიტმული პროზისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია რითმა, რიტმი თუ მეტრი.

იმ დროისთვის, ეს იყო  ამბოხი იმ დროისთვის/მაშინდელი გაბატონებული კლასიკური ლექსის ფორმისა და კონცეფციის  წინააღმდეგ.  ამ მიმართულებით პირველი პოეტური კრებულია ალოიზიუს ბერტრანის 1841 წელს გამოცემული Gaspard de la Nuit, რასაც მოჰყვა  შარლ ბოდლერის სახელგანთქმული Le Spleen de Paris.

„…ჰკითხე სიოს, ტალღას, ვარსკვლავს, ფრინველს, საათს, ყველაფერს რაც დაფრინავს, ყველაფერს, რაც კვნესის, ყველაფერს, რაც ბრუნავს, ყველაფერს, რაც მღერის, ყველაფერს, რაც ლაპარაკობს, ჰკითხე, რომელი საათია და ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, სააათი გიპასუხებენ: „თრობის საათია!…“  ნაწყვეტი შარლ ბოდლერის ლექსიდან „დათვერი“.

ლექსი პროზად, ანუ პოეტური პროზა, პოეზიის ეს ახალი ფორმა, როგორც ინოვაცია, მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პოპულარული გახდა. მანამდეც და მერეც მას მიმართავდნენ რაბინდრანათ თაგორი, ნოვალისი, ედგარ ალან პო, რაინერ მარია რილკე, ხორხე ლუის ბორხესი, პაბლო ნერუდა, უილიამ კარლოს უილიამსი, ალენ გინსბერგი, ბობ დილანი, ჯეკ კერუაკი, და ა.შ.   უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ პოეტები არ წერენ პოეტურ პროზას, პროზაულ ნაწარმოებებში პოეტური პროზის პასაჟებს იყენებდნენ ოსკარ ვაილდი, ივან ტურგენევი, ფრანც კაფკა, ჰანს კრისტიან ანდერსენი და მრავალი სხვა.

თანამედროვე პოეტური პროზის ფორმა და მოცულობა განსაზღვრული არ არის. ის შეიძლება იყოს სულ ორიოდე წინადადება ან რამდენიმე გვერდი. დროსთან ერთად შეიცვალა მიდგომები, ფორმები, კონცეფცია, ზოგადად, გაფართოვდა ლექსი პროზად, როგორც ლექსის ცნება, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის დღესაც ალტერნატიულ გზას ნიშნავს. როგორც ცნობილი ამერიკელი პოეტი, ჩარლზ სიმიკი ამბობს: „პოეტები პოეტურ პროზას წერენ იმიტომ, რომ ისინი პოეზიისა და პროზის საუკეთესო თვისებებს იღებენ,  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც თავიდან მისმა შემქმნელებმა ჩაიფიქრეს, ის დღესაც ამბოხია“.

ლექსი პროზად  ხშირად იწყება აბსურდული წინადადებით, მეორდება ერთი და იგივე სიტყვები,  ფრაზები,   წინადადებები, შესაძლოა შეგვხვდეს უსიუჟეტო კომპოზიცია, საერთოდ არ ფიგურირებდეს პერსონაჟი, სამაგიეროდ ტექსტი გაჯერებულია უცნაური, ან, სულაც შეშლილი ლოგიკით, შავი იუმორით, პარადოქსებით, უხვად გამოიყენება წრიული ნარატივი, ალეგორია, სიზმარი, მეტაფორა, სიურრეალისტური ამბები, თუმცა არ არის აუცილებელი, ამბავი დაიწყოს და დასრულდეს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ლექსს პროზად წერენ, ალბათ ისაა, რომ ავტორები იკვლევდნენ საზღვარს პროზასა  და პოეზიას შორის. ამასთან, მათ სურთ შექმნან მხატვრული სახეებისა და მოვლენების მოულოდნელი, იმპულსური, თუ პარადოქსული შეჯახება, ლექსი, სავსე წინააღმდეგობებითა და შეუსაბამობებით.

თანამედროვე ამერიკული პოეტური პროზის ცნობილი წარმომადგენლები არიან ჩარლზ სიმიკი, ჯეიმს თეიტი, რასელ ედსონი, ჯეიმს რაიტი, ფრენკ ოჰარა, ფრანც რაიტი, და ა.შ.

დღეს პოეტური პროზის მრავალი ანთოლოგია გამოდის, მათ შორის აღსანიშნავია:

New and Selected Prose Poems and Great American Prose Poems: From Poe to the Present;

The study of the form in The American Prose Poem: Poetic Form and the Boundries of Genre;

The Field Guide to Prose Poetry: Contemporary Poets in Discussion and Practice;

The House of Your Dream: An International Collection of Prose Poetry;

Models of the Universe: An Anthology of the Prose Poem და ..

 

ტომას სტერნზ ელიოტი

1888 –  1965

ისტერიკა

ის იცინოდა, და ვიცოდი, რომ ეს სიცილი ისე მითრევდა,

რომ მეც მისი ნაწილი ვხდებოდი, ვიდრე მისი კბილები

შემთხვევით ვარსკვლავებად არ იქცნენ, რომლებსაც მწყობრში

სიარული შეუძლიათ. მე მისრუტავდა მისი წამიერი სულის ხუთვები,

მიწოვდა მისი ყოველი სულის მოთქმა და საბოლოოდ დავიკარგე

მისი ყელის, უჩინარი კუნთების  ფეთქვისაგან მთლიანად

დაჟეჟილ, უკუნ მღვიმეებში. ხნიერი მიმტანი,

ხელების კანკალით, მაგრამ სწრაფად შლიდა თეთრ-ვარდისფერ

უჯრულა სუფრას ჟანგისფერ-მწვანე რკინის მაგიდაზე

და თან იმეორებდა: „თუ ქალბატონი და ბატონი

ჩაის დალევას ბაღში ინებებენ… თუ ქალბატონი და ბატონი

ჩაის დალევას ბაღში ინებებენ…“ და მივხვდი,

რომ თუ როგორმე მისი ძუძუების რხევას გავაჩერებდი,

იმ საღამოს ფრაგმენტების შეკოწიწება კიდევ შეიძლებოდა

და მთელი ყურადღება ამ მიზნის

ზედმიწევნით ფაქიზად მიღწევაზე გადავიტანე.

ერნესტ ჰემინგუეი

1899 – 1961

მონპარნასი

ამ უბანში ცნობილი ადამიანები თავს არ იკლავენ.

არცერთი  წარმატებული თვითმკვლელობა.

ჩინელი ბიჭი თავს იკლავს და კვდება.

(მის სახელზე მოსულ წერილებს ისევ იმ ყუთში ყრიან, რომელსაც „დომე“ აწერია.)

ნორვეგიელი ბიჭი თავს იკლავს და კვდება.

(არავინ იცის, სად გაქრა მეორე ნორვეგიელი ბიჭი.)

მოდელი მკვდარი იპოვეს

ლოგინში, მარტო, თანაც ძალიან მკვდარი.

(ამ ფაქტმა ლამის გაუსაძლისი პრობლემები შეუქმნა კონსიერჟს)

ზეითუნის ზეთი, კვერცხის ცილა, მდოგვი და წყალი, საპნის ქაფი

და კუჭის გამორეცხვები იცავს  ცნობილ ადამიანებს.

ყოველ საღამოს ცნობილი ადამიანები ამ კაფეში დადიან.

მარკ სტრენდი

1934 – 2014

რეანიმაციის განყოფილება მზის ჩასვლის ფონზე

გადამდგარმა მეთაურმა მოიწყინა. მის ოთახში, კოშკში, ციოდა. ციოდა ოთახში დერეფნის მეორე ბოლოშიც, და სხვა ოთახებშიც. საერთოდ, რატომ იყიდა ეს კოშკი, როცა სხვა, უფრო იაფი და თბილი კოშკებიც იყიდებოდა?  მაგრამ მას ეს კოშკი მოეწონა -  ქვის გვირაბები, ჭიშკარი; გაყინულ თხრილსაც კი, რომელზეც, ერთ დღეს ციგურებითაც ისრიალებდა, თავისი პეწი ჰქონდა.  მეთაურმა ბრენდი დაისხა და სიგარას მოუკიდა, შეეცადა, სხვა რამეზე ეფიქრა – ბევრი გამარჯვება უნახავს, მებრძოლების სიმამაცეც, -  მაგრამ ახლა მისი აზრები მორევივით ბრუნავდა, ხან იქით მიაწყდებოდა, ხან აქეთ, როგორც ქარი დაძრწის ერთი ცარიელი ქალაქიდან მეორე ცარიელ ქალაქში.

უღრუბლო დღე სექტემბრის ნათელში

კაცი ხის ქვეშ დგას და იქვე, ახლოს, სახლს უყურებს. ის მკლავებს ჩიტივით აფართხალებს, ალბათ ვიღაცას, ვისაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ნიშანს აძლევს, შეეძლო ეყვირა კიდეც, მაგრამ, რადგან არ გვესმის, ალბათ არ ყვირის. ახლა, ქარი ხეებს აცახცახებს და ბალახს მიწასთან ასწორებს. კაცი მუხლებზე ეცემა და მიწას მუშტებს ურტყამს. ძაღლი მოდის და მის გვერდით ჯდება, კაცი ფეხზე დგება და კიდევ ერთხელ აფართხალებს მკლავებს. ის კაცი რას აკეთებს, მე არ მეხება. მისი სასოწარკვეთილება ჩემი სასოწარკვეთილება არ არის. მე არ ვდგავარ ხის ქვეშ, არ ვუყურებ სახლს. მე არ მყავს ძაღლი.

სიმშვიდე სახლში

გინდა, კარგად დაათვალიერო საკუთარი თავი. სარკის წინ დგები, იხდი პიჯაკს, იხსნი პერანგს, იხსნი ქამარს, იხსნი შარვალს. იხდი ფეხსაცმელს და წინდებს, იშიშვლებ ფეხებს. იშორებ საცვალს. ბოლოს, უყურებ სარკეს. და ჰა, ინებე, შენ

იქ არ ხარ.

შუაღამის კლუბი

დიდი ხანია, ნიჭიერი ადამიანები, გვარწმუნებენ, რომ სურთ

იმისთვის უყვარდეთ, რასაც რეალურად წარმოადგენენ, და

რაშიც არ უნდა მიაღწიონ სრულყოფილებას,  მაინც, შეღამებისას,

ზუსტად ჩვენსავით დაუცველები არიან, მთელი ღამე

მუშაობენ ოთახებში, სადაც ცივა და გაბმულია მთვარის შუქის ქსელი;

მართალია, დღისით, ზოგჯერ თავის მანქანებს მიყრდნობილები

ოქროსფერ, სევდიან, უსიცოცხლო მდელოებს აშტერდებიან,

მაგრამ ისინი, ძირითადად,  მოკუზული სხედან სიბნელეში,

ფეხები უდევთ იატაკზე, ხელები მაგიდაზე, პერანგი კი, გულს ზემოთ,

სისხლით აქვთ მოსვრილი.

მოხუცი ნოსტალგია

ის დრო, რომელიც  წარმოსახვითი მომავლით  ნეტარებაში გავიდა,

მოლოდინში,  რომ ოდესმე სიყვარულისა და სურვილის დინება ისე

გაგიტაცებს, რომ სამუდამოდ შეგცვლის და დაგარწმუნებს, რომ შენს

გარშემო სამყაროს უმცირესი ნაწილიც კი დამუხტულია

დაუჯერებელი ბრწყინვალებით;  ჰო, და კიდევ, ნატვრაში, რომ ვიღაც

ახედავს ხეებს და ათრთოლდება ზემოდან გადმოღვრილი, ერთმანეთთან

ქარით განშორებული, ოქროს ფოთლიანი, ფერწასული ორნამენტების

მდინარის ხილვით და უთვალავი ჩიტის მელოდიური

ჭიკჭიკით; მთელი ის დრო, ამხელა და ამდენი ხნის წინანდელი, ისევ დაბრუნდება,

მაგრამ ცოტა ხნით, ისე, როგორც ციცინათელები  ზაფხულის

ღამის სურნელოვან ხვატში.

შემთხვევა, რომლის შესახებაც მეტი არაფერია სათქმელი

ტაქსით ქალაქის ცენტრში მივდიოდი პრინცთან ერთად, რომელიც  ინტერვიუზე დამთანხმდა იმ პირობით, რომ არც მისი ქვეყნის, და არც თავად მის სახელს არ ვახსენებდი. განმიმარტა, რომ ორივეს არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ და მათთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე დუმდნენ. პრინცი მაღალი იყო და გრძელი ცხვირი ჰქონდა, რომლის ქვეშაც პატარა ულვაშებს მალავდა. ღია ლურჯი, გაღეღილი პერანგი და კრემისფერი შარვალი ეცვა. „ჰობი არ მაქვს“. ამიხსნა მან. „ჩემი ერთადერთი ინტერესია სექსი, კაცთან, ან ქალთან, ახალგაზრდასთან, ან არც ისე ახალგაზრდასთან, მთავარია, სასურველი შედეგი მივიღო – მოტივტივე კუნძულზე თეთრი ტრუფელების სურნელი, ან ჩაშაქრული იის გემო უნდა ვიგრძნო. ნება მიბოძეთ, ახლავე გაჩვენოთ, რისი თქმა მინდა“. როცა ის ვნახე, ვნახე, რამხელა იყო და რას სჩადიოდა, გაქანებული ტაქსიდან წივილ-კივილით ჩამოვხტი.

რასელ ედსონი

1935 – 2014

ბუზის სიკვდილი

ოდესღაც ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც ბუზად შეინიღბა და იქვე, უბანში გაფრინდა თავისი წინწკლების დასატოვებლად.

მგონი, რამე უნდა ქნას, არა? – უთხრა ვიღაცამ ვიღაცას.

აბა რა! ვიღაც სხვამ უპასუხა.

აქ რა ხდება, რა ხმაურია? უთხრა ვიღაცამ სულ სხვა ვიღაცას.

ვინ ხმაურობს? უბრალოდ ის ვთქვი, რომ თუ ის კაცი კედელს არ მოშორდება, პოლიცია ესვრის და ჩამოაგდებს.

ჰო, ეგ კი, მართალია. რა ჯობია, მკვდარ ბუზს.

მიყვარს მკვდარი ბუზები, ისინი მახსენებენ ინდივიდებს, რომლებიც თავის ბედისწერას შეხვდნენ…

ემილუს წაშლა

მამა ვეებერთელა საშლელით შლის საკუთარ ქალიშვილს. როცა საქმეს ასრულებს, კედელზე მხოლოდ  წითელი ლაქა რჩება.

მისი ცოლი ამბობს, სად არის ემილუ?

ის შეცდომაა, და წავშალე.

და მისი საყვარელი ნივთები სად გაქრა? ეკითხება ცოლი.

ისინიც წავშალე.

და მისი ლამაზი ტანსაცმელი?

წავშალე მისი კარადა, მისი კაბები, მოკეტე და აღარ ახსენო ემილუ. მომეცი თავი, ემილუს ამოგიშლი.

ქმარი საშლელს შუბლზე უსვამს და ქალს ნელ-ნელა ავიწყდება.

მმმმმმმმმ, ნეტავ, რა დაემართა ემილუს? ამბობს ის.

არასოდეს მსმენია მისი სახელი, ამბობს ქმარი.

და შენ? ამბობს ქალი, შენ ვინ ხარ? შენ არ ხარ ემილუ, არა? როგორც მახსოვს, შენ არ უნდა იყო ემილუ, რომელიც აღარ მახსოვს.

რა თქმა უნდა, არა, ემილუ გოგო იყო, და მე ვგავარ გოგოს?

…. არ ვიცი,  აღარ ვიცი, რა როგორი უნდა იყოს…

შორეული პატრონების მარიონეტები

პიანისტს ესიზმრება, რომ  საავარიო-სამაშველო კომპანია ქირაობს მას, რომ   საკუთარი თითებით გაანადგუროს პიანინო.

და აი, პიანინოს საავარიო კონცერტის დღეს, როცა იცვამს, პიანისტი ფანჯარაზე პეპელას ხედავს. ნეტავ, პოლიციას ხომ არ უნდა გამოვუძახოო, ფიქრობს. შემდეგ ფიქრობს, ნეტავ ეს პეპელა მარიონეტი ხომ არაა, თავისი პატრონი რომ მართავს ზემოდანო.

უცებ, ყველაფერი მშვიდდება.  ტირილს იწყებს.

სხვა პეპელა ავიწროებს პირველ პეპელას. პოლიციას ხომ არ გამოვუძახოო, ისევ ფიქრობს.

თუმცა, იქნებ ორივე მარიონეტი-პეპელაა? დარწმუნებულია, რომ ასეა, და მათი პატრონები არიან ერთმანეთის მტრები და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან,  რომელი პეპელა შეავიწროებს მეორეს უფრო მეტად.

და ეს მის ფანჯარაზე ხდება. კოსმიური გეგმა კი ასეთია: შორეული პატრონები მანიპულირებენ ჩინით უფრო დაბალი პატრონებით, რომლებიც, თავის მხრივ, ერთი ბეწო პეპლის პატრონები არიან, და ახლა პიანისტით მანიპულირებენ. მთელ სამყაროში სიმებია გაბმული!

უცებ, ყველაფერი მშვიდდება; უცნაური სინათლეა… რაღაც მოუვიდა სინათლეს!

ტირილს იწყებს.

 ძილი

იყო ერთი კაცი, რომელმაც არ იცოდა, სწორად როგორ უნდა დაეძინა და მთელი ღამე  თავს უღიმღამო, არაპროფესიონალურ ძილში აკანტურებდა. ისეთი ძილით ეძინა, რომელმაც დაქანცა და გამოფიტა.

კაცმა ძილის სახელმძღვანელოს წაკითხვა გადაწყვიტა, მაგრამ  წიგნმა უბრალოდ, ძილი მოჰგვარა, ზუსტად იგივე ძილი, რომლითაც ეძინა ხოლმე, და რომელმაც დაქანცა…

ძილის ოსტატი სჭირდებოდა, ისეთი, რომელიც ღამეს შოლტითა და სკამით დისციპლინას მიაჩვევდა და ცეცხლმოკიდებულ რგოლშიც კი გადაახტუნებდა. ისეთი ვინმე უნდა ეპოვა, ვინც ვეფხვებს პაწაწინა  პედესტალზე ჯდომასა და მთქნარებას აიძულებს….

კონკიას ცხოვრება სასახლეში

როცა კონკია პრინცს ცოლად გაჰყვა, მან ყურადღება წვრილმანებს მიაპყრო, და თავის ბროლის ფეხსაცმელს გამადიდებელ შუშად იყენებდა.

მეფის კარზე მას ფორთოხლის ნაფცქვენები და თევზის ფარფლები ეცვა, რომელსაც სასახლის უკან პოულობდა.

როგორ  მიშლი ნერვებს, თქვა პრინცმა.

მაგრამ კონკია არ ჩერდებოდა და თავისი ბროლის  ფეხსაცმლით რაღაცეებს აკვირდებოდა.

არ გესმის? თქვა პრინცმა

კონკიას პირი ღია რჩებოდა, როცა თავისი ბროლის  ფეხსაცმლით რაღაცეებს აკვირდებოდა.

არ გესმის? არ გესმის? არ გესმის? ყვიროდა პრინცი.

სასიყვარულო ბარათი

ძვირფასო,

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია წარმოსახვითი შესაძლებლობა, რომელიც, რა თქმა უნდა,  დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ასეთი შესაძლებლობა ბუნებაში მართლაც არსებობს: ჩიტები, და სხვა არსებები, ისეთ პოზებში მინახავს, რომლებსაც კაცები და ქალები უნდა იყენებდნენ… მე ჩემი თავი თქვენთან ერთად ისეთ პოზებში წარმოვიდგინე, სადაც ფრენა საჭირო არაა, მხოლოდ იმის გამო, რომ სხეულის ბუნებრივი შესაძლებლობა ჰორიზონტალურ საყრდენს გულისხმობს…

რადგან კაცები ერთი ბეწო ფურცლებზე ფერებითა და ხაზებით თვალუწვდენელ მიწას ქმნიან, მე, თქვენი სხეულის ზედაპირზე უფრო მეტი წარმოვიდგინე და მთელი სამყარო დავატიე…

დიახ, მაინტერესებს თქვენი მკერდი… მაინტერესებს… მშია არის ზუსტი სიტყვა, რომ ნახო, შეეხო, გასინჯო… მაინტერესებს, თქვენი ხელები როგორ გახდის ტანსაცმელს თქვენს სხეულს.

მაინტერესებს თქვენი აზრი: ჩემ წინ გაიხდით? თუ მომანიჭებთ აუწერელ ნეტარებას, თავად გაგხადოთ?

იმისათვის, რომ ჩემი პენისი თქვენს ვაგინაში მქონდეს, თქვენი სიყვარული  დამჭირდება;  ვიცი, ჩემს ბილწ, გამაგრებულ სურვილს თქვენს ტკბილ სხეულში არ მიიღებთ, ამის გარეშე კი, არ გექნებათ ჩემი შეყვარების მიზეზი, თუ სიყვარულს საერთოდ აქვს მიზეზი, ვერ გეტყვით….

თქვენი თაყვანისმცემელი

ავტომობილი

აი, კაცი დაქორწინდა ავტომობილზე.

მაგრამ, მე იმის თქმა მინდა, – თქვა მამამისმა, -რომ  ავტომანქანა არაა ადამიანი, რაღაც სხვაა.

მაგალითად, შეადარე დედაშენს. ხედავ, როგორ განსხვავდებიან? ეგ უფრო ფართოა, არა? ამას გარდა, დედაშენს თმაც სხვანაირად აქვს დაყენებული.

უნდა ეცადო, ამ სამყაროში ისეთი რამ იპოვო, რაც დედაშენს ჰგავს.

მე უკვე მყავს დედა, და არაა საკმარისი, რომ ის ჰგავს დედას? აუცილებელია, ბევრი დედა მოვაგროვო?

ვინც დედაჩემს ჰგავს, ყველა ხანშიშესული ქალია, და ვერანაირ ემოციას და სურვილს ვერ აღძრავს. თქვა ვაჟმა.

ვერც ავტომობილი. – თქვა მამამ.

ვაჟი მამას მანქანის გასაღებს უჩვენებს. აი, ნახე, ეს განსაკუთრებული პენისია და მანქანას ზუსტად იმავეს უკეთებს, რასაც კაცი ქალს; მერე მანქანა აჩენს ადგილს, რომელიც ამ ადგილიდან ძალიან შორსაა, თან კილომეტრებს ლეკვებივით ყრის.

და მე  ბაბუა გავხდები? თქვა მამამ,

შენ გახდები ის, სადაც ხარ, როცა მე შორს ვარ.

მამა და დედა უყურებენ, ავტომობილი,  წარწერით ახალადაქორწინებულები, გზაზე თანდათან როგორც პატარავდება.

მკერდი

ერთ ღამეს, ქალის მკერდი შევიდა კაცის ოთახში

და თავის ტყუპისცალზე დაიწყო ლაპარაკი.

მისი და ისე, მისი და ასე.

ბოლოს, კაცმა თქვა: კი, მაგრამ, შენზე რას იტყვი, საყვარელო მკერდო?

და მკერდმა მთელი ღამე თავის თავზე ლაპარაკში გაატარა.

ზუსტად იმავეს იმეორებდა, რაც თავის ტყუპისცალზე თქვა: მე ასე,

მე ისე.

ბოლოს, კაცმა ძუძუს თავზე აკოცა და თქვა, როგორ ვწუხვარ, და

ჩაეძინა…

ჩარლზ სიმიკი

დ. 1938

ბედნიერების მაგიური კვლევა

მსოფლიოში ყველაზე პატარა თეატრში პურის ნამცეცები ლაპარაკობენ.

ეს მისტიკური პიესაა დაკარგული სამოთხის შესახებ. ოდესღაც აქ იყო

სამზარეულო, სადაც მაგიდაზე  ნამცეცები დარჩა. ფანჯრიდან ჩანდა

ახალგაზრდა დედა, რომელიც ღობესთან იდგა და მეზობელს ელაპარაკებოდა.

მას სციოდა და კაბას  უფრო და უფრო მჭიდროდ იხვევდა ტანზე.

ცაში ღრუბლები ცურავდნენ მაშინაც, როცა თავი უკან გადააგდო

და გაიცინა. იქ, სადაც სიტყვები ძალას კარგავს, არსებობს მყარი მაგიდა.

ნამცეცები გიცქერენ შენ, როცა შენ უცქერ მათ. უცნობი შენში და

უცნობი მათში ერთმანეთს იზიდავენ. ის უცნობები ჰგვანან

საიდუმლო საყვარლებს, რომლებიც თავს რაღაც, უცნაურად  და

გადაჭარბებულად ბედნიერად გრძნობენ.

* * *

ქუჩაში შემთხვევით პოეტ მარკ სტრენდს გადავეყარე. მან მაშინვე მოახერხა ჩემი გაოცება – თავზე დადგა და ღვინო ისე დალია. პირი დავაღე. წვეთიც არ დაუღვრია. ეს ის ღვინო იყო, თავის ელჩ მამინაცვალს რომ მოჰპარა 1948-ში. „ეს ისაა, რასაც სუბიექტური რეალობა ქვია?“ ვკითხე მე.

წლების შემდეგ იმავე სტრენდმა კეჩუას ენიდან თარგმნა ცნობილი ლექსი კაცზე, რომელმაც მწვანე ბოთლში ოქროსფრთიანი ბუზი გაზარდა. ერთი ამას შეხედეთ!

***

მე ნაპოლეონის უკანასკნელი ჯარისკაცი ვარ. თითქმის ორასი წელი გავიდა, მაგრამ მე ისევ მოსკოვს ვტოვებ. გზაზე არყის ხეებია ჩამწკრივებული და ტალახი მუხლებამდე მწვდება. ცალთვალა ქალი ცდილობს ქათამი მომყიდოს, მე კი ტანსაცმელიც კი არ მაცვია.

გერმანელები ერთი გზით მიდიან, მე მეორეთი. რუსები  სულ სხვა გზით მიდიან და ისევ ხელს გვიქნევენ. მე ხმალი მაქვს და თმის შესაჭრელად გამომადგება. თმა უკვე ოთხი ფუტის სიგრძის გამეზარდა.

***

ქალაქი დაეცა. ჩვენ მივედით შეშლილი კაცის დახატული სახლის ფანჯარასთან, ჩამავალი მზე ამაოების მიტოვებულ მანქანებს ანათებდა. „მახსოვს,“ თქვა ვიღაცამ, „ანტიკურ დროს როგორ გადააქცევდნენ ხოლმე მგელს ადამიანად და მერე ლექციებს უტარებდნენ ადამიანური გულის შესახებ“.

***

მას თავის რომანში პერსონაჟები აერია. სულ დაავიწყდა, ვინ ვინ იყო, ვინ რას წარმოადგენდა. მკვდარი ქალი სადილზე გამოცხადდა. მეძველმანე უღრანი ტყიდან ჩინურ ხალათში გამოწყობილი გამოვიდა. იმ დღეს, როცა მკვლელი ელექტროსკამზე უნდა დაესვათ, მან ყვავილები იყიდა ვიღაც რიტასთვის, რომელიც ნაწნავებიანი, სქელსათვალიანი ათი წლის გოგონა აღმოჩნდა…  და ა.შ.

ჩემ გამო თითიც არ გაუნძრევია. როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, მე ვბერდებოდი და სულ უფრო და უფრო ვჭირვეულობდი, იმ მივარდნილ ქალაქში, რომელსაც ის ყოველთვის აღწერდა, როგორც „მკვდარს“ და „ახლოს არაფერთან“.

***

მამაჩემს უყვარდა ანდრე ბრეტონის უცნაური წიგნები. ის ჭიქა ღვინით ადღეგრძელებდა იმ შორეულ საღამოებს, „როცა პეპლები ერთ გრძელ უწყვეტ ძაფს ქმნიდნენ“. ან, როცა მე და მამა მოსაფსმელად სახლის უკან მინდორში გავიდოდით, მეტყოდა: „აი,ბინოკლები უსინათლო თვალებისთვის“.  დაქირავებულ სახლში ვცხოვრობდით, სადაც მოხუცებისა და მათი ძაღლების სუნი იდგა.

„აკრძალული ხილის სურნელით გაჟღენთილი უფსკრულის თავზე ფარფატი“. შებოლილ ძეხვს რიგრიგობით ვჭრიდით. „მე მიყვარს ამერიკა“, ხშირად ამბობდა.  მილიონი დოლარის შოვნას იმ ნივთების წარმოებით ვაპირებდით, რომელსაც სიზმარში წინა ღამით ვხედავდით.

***

მე ბოშებმა მომიტაცეს. ჩემმა მშობლებმა დამიბრუნეს.

შემდეგ, ბოშებმა ისევ გამიტაცეს. ისევ დამიბრუნეს.

ასე გაგრძელდა კარგა ხანს.

ერთ წუთს რომ ქარავანს მივყვებოდი და ახალი დედის შავ ძუძუს ვწოვდი,

მეორე წუთს, გრძელ სასადილო მაგიდასთან ვერცხლის კოვზით ვსაუზმობდი.

გაზაფხულის პირველ დღეს ჩემი ერთი მამა აბაზანაში მღეროდა, მეორე კი

ცოცხალ ბეღურას ტროპიკული ჩიტის ფერებში ღებავდა.

***

„ყველამ იცის  ჩემი და დოქტორი ფროიდის ამბავი“, – ამბობს ბაბუაჩემი.

„ჩვენ ერთი მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი ერთი და იგივე შავი ფეხსაცმელი გვიყვარდა.

სამწუხაროდ, მაღაზია ყოველთვის დაკეტილი იყო და სულ ეკიდა პატარა აბრა წარწერით: „ბლექების ოჯახში გარდაცვლილია“. ან „ლანჩის მერე დავბრუნდები“ და რამდენი ხანიც არ უნდა დავლოდებოდი, არავინ მოდიოდა.

ერთხელ წავასწარი, დოქტორი ფროიდი რა უსირცხვილოდ ეტრფოდა იმ ფეხსაცმელს. ერთმანეთს  მრისხანედ შევხედეთ და ჩვენს გზას გავუყევით.

მას მერე აღარასოდეს მინახავს“.

***

ვიღაც ჩემს კართან მოფლატუნდა ბუზღუნით:

ჩვენს ბატს ხარშავენ.

რა უცნაურია. მე უკვე დანა-ჩანგალი მოვიმარჯვე.  გულისპირზე ხელსახოციც ავიფარე. თუმცა, თეფში ჯერ ცარიელი მაქვს.

და მაინც, ის ვიღაც კართან ისევ ბუზღუნებს იმ ჰიპოთეტიკურ, სავარაუდოდ მოხარშულ ბატზე, რომელიც, როგორც ამტკიცებს,  საზიაროდ გვყავს.

***

უამრავ ადამიანს ასეირნებენ მფრინავი თეფშებით.

ალბათ, ამას ვერ დაიჯერებთ, რადგან უთვალავი თეთრი ეკლესიაა

თქვენ ირგვლივ,  კვირაობით ხალხით გადაჭედილი.

***

ქვა უხარისხო სარკეა. ბუნდოვნად აჩვენებს. შენ ხარ ბუნდოვანი,

თუ თავად ის, ვინ იცის?  სიჩუმეში შენი გული ჭრიჭინებს.

***

რუსი კანიბალები ინგლისელ კანიბალებზე უარესები არიან?

აბა რა, ინგლისელები  გულს გიჭამენ, რუსები – სულს. „სული უდაბნოს მირაჟია“ . ვუთხარი ანა ალექსანდროვნას. თუმცა მან მაინც განაგრძო ჩემი სულის ჭამა.

„შემწვარი ბატი არ გიყვართ, ან მოლუსკების პატარა პრიალა კისრები თავისსავე წვენში?“ ვეკითხები მე.  ის კი მუცელზე ხელს იტყაპუნებს და მაგიდის მეორე ბოლოდან ეშმაკურად მიღიმის.

***

ო, კუდიანებო, ო, სიღატაკევ! ის ორნი ალმაცერად მიყურებდნენ ჩიტის გალიის გისოსებიდან, რომელსაც მხრებით ვატარებდი, და ჩემი კისრის დიამეტრს ზომავდნენ…

ისინი, წიგნიდან გადმოსული კუდიანებისთვის მეტისმეტად ახალგაზრდები და ელეგანტურები იყვნენ, ღრმად ამოჭრილი სადღესასწაულო კაბები და შავი, ზოლიანი წინდები ეცვათ, ტუჩებზე სქლად ესვათ წითელი პომადა.

დიდგულიანი ხეები მათ ფოთლებს ჩურჩულით სთავაზობდნენ დახვეულ გზაზე, რომელსაც გაუყვნენ და თვალს მოეფარნენ.

მე კი დავრჩი ჩემი გალიით, იდიოტური ჯამით, კიდევ უფრო აბსურდული  ამაოების სარკით, და ძლივს გასაგონად მოწკრიალე ვერცხლის ეჟვნით.

***

ოდესღაც ვიცოდი, მერე დამავიწყდა. თითქოს, მინდორში ჩამეძინა და გაღვიძებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემ ირგვლივ ტყე ატეხილიყო.

„ეჭვი არაფერში შეიტანო, ყველაფრის გჯეროდეს“. ეს იყო მეტაფიზიკის დედააზრი ჩემი მეგობრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა მის ცოლთან ერთად გაიქცა. შემდეგი ოცი წელი, ის ყოველდღე  ყიდულობდა ცოლისთვის ერთ ვარდს და  იჯდა და ამინდზე ესაუბრებოდა.

მე რული მერეოდა ჩრდილში  და მესიზმრებოდა, რომ მოშრიალე ხეები ჩემი უამრავი მე იყო და ყველანი ერთდროულად  მელაპარაკებოდნენ საკუთარ თავზე ისე, რომ ერთი სიტყვაც არ მესმოდა. მშვენიერი  მისტერია, ჩემი ცოლი, ჩვენი ურთიერთგაგების ზღვარზე იდგა. ყოველთვის ზღვარზე! დაფიქრდით ამაზე!

ჩემი მეგობრის ცარიელ სახლში ყველა ფანჯარაში ენთო სინათლე. მის ირგვლივ მრავლდებოდნენ მუქი ხეები.

***

უმნიშვნელო პოეტების დრო მოდის. მშვიდობით უიტმენ,

დიკინსონ, ფროსტ. მოგესალმებით მათ, ვისი სახელიც არასოდეს გაცდება

ოჯახს, და ალბათ, სადილის შემდეგ მძიმე წითელ ღვინოზე

შემორჩენილ ერთი-ორ ახლო მეგობარს… ბავშვები წუწუნებენ, რომ

ხმაურობ და ძილს უფრთხობ, როცა მათ ოთახში შედიხარ და კარადაში

გადამალულ ძველ ლექსებს ეძებ, თან შიშობ, ცოლმა ნაგავს ხომ არ გააყოლა.

თოვს, ამბობს ვიღაც და ღამეს გაჰყურებს. შემდეგ შენკენ ტრიალდება,

შენ ამ დროს სახე გიწითლდება, რაღაცნაირად, ამაღლებულად, თუ

თეატრალურად ემზადები არეულ-დარეული სასიყვარულო ლექსის

წასაკითხად, რომლის ბოლო სტროფიც (შენთვის უცნობი)

უკვალოდაა  დაკარგული.

ალექსანდერ რისტოვიჩის მიხედვით

 

მარგარეტ ეტვუდი

დ. 1939

ქალების რომანები

1.

კაცების რომანები კაცებზეა დაწერილი. ქალების რომანებიც კაცებზეა დაწერილი, მაგრამ სხვა კუთხით.  შეიძლება მოიძებნოს კაცების რომანები, სადაც ქალი არ ჭაჭანებს, ალბათ, სახლის მეპატრონის, ან ცხენის გარდა, მაგრამ ვერ იპოვით  ქალის რომანს კაცის გარეშე. ზოგჯერ კაცები თავიანთ რომანებში ქალებს უშვებენ, მაგრამ აუცილებლად დააკლებენ ისეთ ნაწილებს, როგორიცაა, მაგალითად, თავი ან ხელები. ქალების რომანებსაც აკლია კაცის ნაწილები. ზოგჯერ ეს ნაწილები მოიცავს ჭიპიდან მუხლამდე მონაკვეთს, ზოგჯერ ეს იუმორის გრძნობის გამო ხდება. რთულია იუმორის გრძნობის შენარჩუნება მოსასხამში, ქარიშხალში, კამათის დროს. ქალები, როგორც წესი, არ წერენ კაცების საყვარელ რომანებს, მაშინ, როცა კაცებმა სახელი გაითქვეს ქალების საყვარელი რომანების წერით. ზოგიერთებს ეს უცნაურად ეჩვენებათ.

2.

მიყვარს ისეთი რომანების კითხვა, სადაც კაბა  მოკრძალებით შრიალებს მთავარი გმირის მკერდზე, თუ, მოკრძალებული მკერდი შრიალებს კაბის ქვეშ. ასეა თუ ისე,  კაბა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს, მკერდიც, შრიალიც, და, რაც მთავარია, მოკრძალება. მოკრძალება უპირველეს ყოვლისა, ისევე, როგორც ნისლი, სადაც სულ ოდნავ იკვეთება პეიზაჟის კონტურები. ვარდისფერი გაელვება წყვდიადში, სუნთქვის ხმა და იატაკზე გასრიალებული ატლასი რაზე მიუთითებს? არა უშავს. ვამბობ მე. არა, არა უშავს.

3.

კაცებს მკაცრი და ძლიერი პერსონაჟები მოსწონთ: მკაცრი კაცებთან და ძლიერი ქალებთან. ზოგჯერ მთავარი გმირი ქალთან სირბილეს იჩენს, რაც ყოველთვის შეცდომაა. ქალებს არ უყვართ ძლიერი  და მკაცრი ქალი პერსონაჟები. ისინი მკაცრები და რბილები უნდა იყვნენ. ამას ლინგვისტურ სირთულემდე მივყავართ. ბოლო რომანებში მხოლოდ მცრემარცვლიანი კაცები შემხვდნენ, მართალია, ისევ დომინანტები, მაგრამ ძალიან მალე იკარგებოდნენ ბაგისმიერი მრავალმარცვლიანობის მკლავებში და აბლაბუდის სინაზით ჩურჩულებდნენ: ძვირფასო, ძვირფასო.

4.

კაცების რომანებში აღწერილია გზა ძალაუფლებისაკენ. მკვლელობა და ა.შ., ან გამარჯვება და ასეთი რამეები. იგივე ხდება ქალების რომანებშიც, ოღონდ, მეთოდებია სხვადასხვა. კაცების რომანებში, კაცები, ქალის, ან ქალების, და ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთდროულად იღვწიან. ეს ტრაბახია და არა მეთოდი. ქალების რომანებში, კაცის მოპოვებით, ძალაუფლებასაც მოიპოვებ. კაცია ძალაუფლება. მაგრამ აქ სექსი ვერ  გიშველის, კაცს უნდა უყვარდე. როგორ გგონიათ, რა საჭიროა მთელი ეს დაჩოქებები ქალის ფაშფაშა კაბის კალთასთან, სპარსულ ხალიჩაზე,  სხვების თანდასწრებით?  როცა  დეკორაცია არ არსებობს, ვერბალიზაციაც საკმარისია. სიყვარული. შენ, მანდ, შეგიძლია უკვე წამოდგე, ნუ გეშინია, სიყვარულს არ მოუკვლიხარ. თუ უკვე მოგკლა?

5.

სურვილი აღარ მაქვს, ნაღვლიანი რამეები ვიკითხო. არც არაფერი ძალადობრივი, ან შემაწუხებელი, მსგავსი აღარაფერი. არავითარი დასაფლავება წიგნის ბოლოს, თუმცა, შუაში კიდევ შეიძლება. თუ სიკვდილი აუცილებელია, მაშინ მკვდრეთით აღდგომაც უნდა იყოს, ან, სამოთხე მაინც, ხომ უნდა ვიცოდეთ, იქ რა ხდება. დეპრესია და გაჭირვება მათთვისაა, ვისაც ჯერ ოცდახუთი არ შესრულებია. ისინი აიტანენ, მოეწონებათ კიდეც, და თანაც,  საკმაოდ დიდი დრო აქვთ. მაგრამ რეალური ცხოვრება ცუდად გექცევა: თუ ხელს დიდხანს არ გაუშვებ, სახეზე დაგაყრის და გონებაც დაგისუსტდება. დაბრმავდები. მე ბედნიერება მინდა, თანაც გარანტირებული, ირგვლივ მხოლოდ სიხარული,  გადასაფარებლები, რომლებზეც მედდები და პატარძლებია ამოქარგული, ჭკვიანი გოგოები, მაგრამ არც მეტისმეტად ჭკვიანები,  კარგი კბილებითა და შიგნეულობით და თანაბარი ზომის ძუძუებით, და არავითარი ჭარბი თმით, ვიღაც, ვისაც ენდობი, რომელმაც იცის, სადაა ბინტები და დოლბანდები, და იმ პერსონაჟს, იმ პოტენციურ გარყვნილსა და მკვლელს, მოწესრიგებულ, მდიდარ მემამულედ აქცევს, სუფთა ფრჩხილებითა და სწორი ლექსიკით: ყოველთვის – აი, რა უნდა თქვას. მუდამ. მე აღარ მინდა ვიკითხო წიგნები, რომლებიც არ მთავრდება სიტყვით მუდამ.  მე მინდა, თვალებს შორის ხელი გადამისვან, ოღონდ მხოლოდ ერთი მიმართულებით.

6.

ზოგი ამბობს, რომ ქალის რომანი არის რაღაც, სადაც არაა  პოლიტიკა. ზოგი ამბობს, რომ ეს არის რაღაც, რაც ურთიერთობებებს ეხება. ზოგი ამბობს, რომ ამ რაღაცაში უამრავი ოპერაციაა. სამედიცინოს ვგულისხმობ. ზოგი ამბობს, რომ ის რაღაც არ მოიცავს დღევანდელი დღის პანორამულ ხედვას. რაც შემეხება მე, ისეთი რამ მინდა, რასაც ჟურნალების მაგიდაზე დატოვებ და დიდად არ ინაღვლებ, თუ ბავშვები გადაშლიან. და  გგონიათ, რომ ეს არაა რეალური საზომი? ცდებით.

7.

მას გარეული ფრინველის დამფრთხალი თვალები ჰქონდა. ასეთ წინადადებას ჭკუიდან გადავყავარ. როგორ მინდა, ასეთი წინადადებების წერა უხერხულობის განცდის გარეშე შემეძლოს. როგორ მინდა, უხერხულობის განცდის გარეშე შემეძლოს მათი კითხვა. ვიცი, ეს ორი მარტივი რამ რომ შემეძლოს,  ჩემთვის დედამიწაზე გამოყოფილ დროს ხავერდში შეფუთული მარგალიტივით გავატარებდი. მას გარეული ფრინველის დამფრთხალი თვალები ჰქონდა. კი, მაგრამ, რომლის?  ალბათ, ჭოტის, ან გუგულის. განსხვავება დიდია. საკუთარი წარმოსახვის ასეთი ზუსტი გამოხატვა საჭირო აღარაა. როცა ვინმე წაიკითხავს: ქურციკივით სხეული, აუცილებლად გაახსენდება ნაწლავური პარაზიტები და ზოოპარკები და სიმყრალე.

ქალს გააფთრებული მხეცის გამოხედვა ჰქონდა, ვკითხულობ წიგნში: წიგნს გვერდზე უხალისოდ ვდებ, ცერა თითი კი ისევ იმ ემოციურ ადგილას მიდევს. სადაცაა, კაცი მკლავებში მომწყვდეულ ქალს  გასრესს, ქალის ტუჩებს თავისი ცხელი, ხარბი, მყარი, მომთხოვნი ტუჩებით აწვება,  ქალის დაჭყლეტილი მკერდი კაბიდან კი ხტება, მაგრამ მე უკვე კონცენტრირება მიჭირს. მეტაფორა ქეჩოთი გაურკვევლობისკენ მიმათრევს და წინ მთელ ედემის ბაღს მიშლის. მაჩვები, სინდიოფალები, ტახები და სკუნსები, თავისი მგლოვიარე, თუ ღვარძლიანი, თუ ავი, თუ სათუთი თუ სევდიანი თუ ღორული თუ მზაკვრული გამოხედვით. აგონია, როცა ვხედავ, რომ რომანტიკული ჟრუანტელი ისე თრთის, როგორც შავფრთიანი პეპელა, რომელიც სადღაც, გადამწიფებულ ატამში ჩაეფლო და ვერ გადაყლაპა, თუ ვერ გააგორა. კი, მაგრამ რომელი ატამი? ვებუტბუტები უტყვ ჰაერს. რომელი პეპელა?

რაიმონდ ჩანდლერზე შეყვარებული

რა ბედნიერება იქნებოდა რომანი რაიმონდ ჩანდლერთან! არა დაჩეხილი სხეულების, ან დამარინადებული პოლიციელების, ან ექსცენტრიკული სექსის, არამედ ავეჯის სიყვარულის გამო. მან იცოდა, რომ ავეჯი სუნთქავს, გრძნობს, არა ისე, როგორც ჩვენ, არამედ, უფრო დახშულად, ისე, როგორც ჟღერს სიტყვა გადასაკვრელიმასალა, თავისი შმორისა და მტვრის ნახევარტონებით,  ძველ ქსოვილზე მზის სხივით განათებული თაიგულით,  ან ოფისის სკამების საზურგეზე გადაცრეცილი ტყავით. მახსენდება მისი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი, ცივი, უსხეულო ქალების თვალებივით  მქრქალი ცისფერი სატინით გადაკრული, სიმრგვალეებში გაცვეთილი ტახტები, გული ისე ნელა რომ უცემთ, როგორც ნიანგებს ზამთრის ძილის დროს. მახსენდება მისი ზოზინა საფოსტო ეტლები და ავსული ბალიშები…  მან ყველაფერი იცოდა გაზონების, მწვანე სახლების და მანქანების ინტერიერის შესახებაც.

აი, როგორ წარიმართებოდა ჩვენი რომანი: შევხვდებოდით რომელიმე სასტუმროში, ან მოტელში, ძვირფასსა თუ იაფასიანში. შევიდოდით ნომერში, ჩავკეტავდით კარს და ავეჯის კვლევას დავიწყებდით,  ფარდებს დავათვალიერებდით, სურათის, ვითომ ოქროთი მოვარაყებულ  ჩარჩოებსა და აბაზანაში, წებოვანი თუ გაკრიალებული ნიჟარის აქა-იქ ამოტეხილი მინანქარის, თუ ნამდვილი მარმარილოს პირს ხელს გავაყოლებდით; ხალიჩებზე დარჩენილი სიგარეტის,  დაღვრილი ჯინის, ნაჩქარევი სექსის, ინგლისიდან იმპორტირებული, ოვალური, გამჭირვალე საპნის მძაფრ სურნელს ჩავისუნთქავდით თუ სხვა რამეს, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა  არ ექნებოდა. მნიშვნელოვანი იქნებოდა მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება ავეჯთან და ავეჯის პასუხი ჩვენდამი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავეჯს ჩავისუნთქავდით, შევეხებოდით, გავეხახუნებოდით, შევისრუტავდით და ზედ გადავუფრენდით, მე და ჩანდლერი ერთმანეთს მკლავებში მოვიმწყვდევდით და საწოლზე  (სამეფო ზომის? ატმისფერი? ჭრიალა? ოთხბოძიანი? მოჩითულსაბნიანი? ღია მწვანე ხაოიანზეწრიანი?) დავეცემოდით, უკვე მზად, ერთმანეთის ზუსტად იგივენაირად გამოსაკვლევად.

რობერტ ჰასი

დ. 1941

ამბავი სხეულის შესახებ

ახალგაზრდა კომპოზიტორი იმ ზაფხულს ხელოვანთა ბანაკში მუშაობდა.

ქალს ერთი კვირა შორიდან უყურებდა -  იაპონელი მხატვარი იყო, ასე,

სამოც წლამდე, – და გრძნობდა, რომ უყვარდა. მას მოსწონდა

ქალის ნახატები. ქალი ისე ნატიფად ხატავდა, როგორც საკუთარ სხეულს დაატარებდა, ხელებს ამოძრავებდა, მას უყურებდა, იცინოდა, თუ მის

შეკითხვებზე პასუხს ეძებდა.

ერთ ღამეს, როცა კონცერტიდან ბრუნდებოდნენ, ისინი ქალის კოტეჯთან

მივიდნენ და ქალი მიუბრუნდა და თქვა, „მგონი, ჩემთან დაწოლა გინდათ.

მეც მინდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ორმაგი მასტექტომია გამიკეთეს“ . და

როცა მან ვერ გაიგო, „ორივე ძუძუ დავკარგე“. ის ციალი, რომელსაც ის მუცლისა

და გულმკერდის ღრუში დაატარებდა,  მუსიკის მსგავსი, მაშინვე  ჩაქრა, მაგრამ

მაინც მოახერხა და ქალს პირდაპირ შეხედა, როცა თქვა, „ძალიან ვწუხვარ. მგონი

ვერ შევძლებ“. ის თავისი კოტეჯისკენ გაემართა და დილით, ნახა, რომ მის კართან

თასი იდგა. თასში ჩანდა ვარდის ფურცლები, მაგრამ როცა ხელში

აიღო, ვარდის ფურცლები მხოლოდ ზედაპირზე აღმოჩნდა, მის ქვეშ კი,  -

ქალმა ალბათ თავისი ოთახის კუთხეებში მოაგროვა – მკვდარი ბუზები.

 

ჯეიმს თეიტი

1943 – 2015

არასწორი გზა სახლისკენ

მთელი ღამე მიჰყვებოდა კარი მდინარეს.

ცდილობდა, თავისი წინა ცხოვრებიდან სასიამოვნო

მომენტები გაეხსენებინა: როგორ ეყრდნობოდნენ

შეყვარებულები, საათობით კოცნიდნენ ერთმანეთს და

იმ ცნობილ სიტყვებს ჩურჩულებდნენ. მოგვიანებით,

უხეში სიტყვებიც გაჩნდა, ფეხსაცმელსაც ესროდნენ და

აჯახუნებდნენ კიდეც. ათასობით წასვლა-მოსვლა,

დილით ადრე და გვიან ღამით. წლები და წლები.

იმდენი გეგმა ჰქონდათ, რომ კონებად კრავდნენ.

კარი ძილში კუნძულივით ნანაობდა,

მთვარემ სულ ოდნავ გადაატრიალა სახელური,

თითები დაეწვა და გაიქცა. კარმა არაფერი თქვა

და ძილი შეიბრუნა. ალბათ ესაა, რისი თქმაც უნდათ

პატარა თევზებს და დანარჩენებს.

სადღაც შორს, ზარი გაისმა, და გაისროლეს.

კარზე კაკუნია

ისინი მეკითხებიან, ქვეყნის დასასრულზე თუ

მიფიქრია. და მე კი ვამბობ: „შემოდით, შემოდით,

ვისაუზმოთ ღვთის გულისათვის“.  ორი-სამი ლუკმის

მერე სიკვდილის მერე ცხოვრებაზე იწყებენ ლაპარაკს.

„უი“. ვამბობ მე. „იმ მუხლუხოს ხედავთ?“ შემდეგ სულის

ხსნაზე საუბრობენ და იმ რჩეულებზე, რომლებიც უფლის

გვერდით სხედან. „რას აკეთებენ,“ ვეკითხები მე. უბრალოდ სხედან?“

გულანთებული ზომბებით ვარ გარშემორტყმული. „მოდით, ლიმონის ღვეზელი

ვჭამოთ, გუშინ ძაღლის #3 საცხობში ვიყიდე. მაგრამ მათ ჩემს

სულზე უნდათ გასაუბრება. უკვე თვალები მებლიტება  და პეპლები მელანდება.

„ხომ არ წაგვეძინა,  ბატონებო? მე ძალიან მეძინება“. ვამბობ. დგებიან

და მიდიან. კარს აღებენ და ჩემი მეზობლისკენ მიემართებიან.

შავი ღრუბლები გროვდება მათ ზემოთ და თავად,

აღსასრულის გარეშე, ვერაფერს ხედავენ.

ენე კარსონი

დ. 1950

მოკლე საუბრები:

ჰედონიზმის შესახებ

სილამაზე სასოწარკვეთილებაში მაგდებს. უკვე

აღარ მანაღვლებს, რატომ. უბრალოდ გაქცევა მინდება.

როცა ქალაქ პარიზს ვუყურებ, სურვილი მკლავს,

ფეხები შემოვახვიო. როცა ვხედავ,

როგორ ცეკვავ, ცივ, თვალუწვდენელ

სივრცეში ვხვდები, როგორც მეზღვაური,

მკვდარ, გაშლილ ზღვაში. ატამივით მრგვალი

სურვილები ჩემში მთელი ღამე ყვავის და

იმათ, რომელიც ძირს ცვივა, აღარ ვაგროვებ.

მოკლე საუბრები:

იმაზე, თუ სად ვიმოგზაუროთ

მე ვიმოგზაურე ადგილის ნამსხვრევებში.

ვნახე სამი ნახევრადღია ჭიშკარი და მომძვრალი

ღობე.  სხვა რამის ნამსხვრევი

არ მინახავს. ადგილი მივიდა იქ და კატასტროფა

განიცადა. იქ დარჩა ადგილის

კატასტროფის ადგილი. სინათლე დაეცა მასზე.

მოკლე საუბრები:

Le Bonheur D’Etre Bien Aimée -ს შესახებ

დღე დღეს მისდევს, და, როგორც კი ვიღვიძებ, შენზე

ვფიქრობ, ალბათ ვიღაცამ ჰაერში ჩიტების ხმები

ჩამოკიდა, სამკაულივით.

მოკლე საუბრები:

უკან-უკან სიარულის შესახებ

დედა უკან-უკან სიარულს გვიკრძალავდა. ასე

მკვდრები დადიანო, გვეუბნებოდა. საიდან მოიტანა? ალბათ

არასწორად თარგმნა.  მკვდრები, საერთოდ,

უკან-უკან კი არა, ჩვენს უკან დადიან. მართალია, ფილტვები

არ აქვთ, და ვერ დაგვიძახებენ, მაგრამ ძალიან უყვართ,

როცა უკან ვიხედებით. უმეტესობა  სიყვარულის

მსხვერპლია.

მოკლე საუბრები:

დეფლორაციის შესახებ

ცხოვრებაში არც ისე ბევრს ვმოძრაობთ.

შესვლა, წასვლა, საიდუმლოში შეღწევა

ოხვრის ხიდის გადავლა, და როცა შენ პატივი

ამყარე, ეს პატივის აყრა მოძრაობაში ვნახე.

ეს მოხდა ვენეციაში. ამას ხმის იოგების დასიება

სცოდნია, მე მოვედე მთელ ვენეციას, ხიდებს ზემოთ და ხიდებს

ქვემოთ, მაგრამ უკვე წასული დამხვდი. საღამოს,

შენს ძმას დავურეკე, მან კი, რა მოგივიდა ხმაზე?

მკითხა.

ფრანც რაიტი

1953 –  2015

დანის პირი

თუ დიდხანს ვუყურებ, დადგება წამი, როცა  მის სახელს ვეღარ გავიხსენებ,

ესაა მდგომარეობა, როცა ადვილად ჩნდება ჭრილობა, ზუსტად ისე, თითქოს

რაღაც უნებურად წამოგცდაო, როცა შესაძლებელია, წყლის ჭიქაში სისხლის

ერთი წვეთი აზვირთდეს, ხავერდოვანი აფეთქებით აყვავდეს და გაიშალოს

უფერო, უგემო, და უმიზეზო შიშად, რომელშიც ვიღვიძებ.

სახლი შობაზე

თხუთმეტი წლის შემდეგ ქალაქის ციხის ბებერი მცველი ისევ პოსტზეა, მაგრამ

სამწუხაროდ, ტვინი ძველებურად აღარ უჭრის და არასწორ მიმართულებებს აძლევს.

დავრეკე, მითხარი, რას ფიქრობ? თვალის დახამხამებაში მანქანას დაუჯერებლად პატარა, ჩაბნელებული სახლის წინ ვაჩერებ. თითს ფოთლებში ჩამალულ ზარს ვაჭერ. არაფერი. რამდენიმე საათი გარს ვუვლი სახლს, და, ვერ ვიტან როცა მე გეუბნები ამას, მაგრამ სახლში, ზანესვილში, არავინაა. იქ ჩემი მტვრიანი კბილის ჯაგრისი მელოდება, მტვრისგან დაბინდულ სარკეში კი ჩემი ყმაწვილობის სახე მელის. ახლა, უკვე უნდა შევაწუხო მტვრის ნატიფი თოვლი, რომელიც უკვე წლებია განუწყვეტლივ ეცემა ჩემს საბანსა და თმაზე, ჩავიცვა მტვრით დაფარული ტანსაცმელი, უხმოდ ვიარო ჩამშვიდებულ ჰოლში და კიბეზე ჩემი სამუდამო მთვარეული ნაფეხურები დავტოვო.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ხვალვე. მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად მივალ. ჩავალ და

მამას გვერდით მივუჯდები. მოხუც მამას, რომელიც მკაცრად საუბრობს და იქ არასოდეს ყოფილა. წავალ, დავჯდები და შევჭამ ერთ თეფშ მტვერს, და სხვა ყველაფერს.

იმაგო

ზრდასრული მწერი

ჩემი საკნიდან  ღრუბელი, ტყეში გახრწნილი ძაღლი და ა.შ.,  მოჩანდა, როცა დიდი

ხნის წინ მიტოვებულ აღსარებას მივუბრუნდი. ამ დროს ჩემი ხელი უკვე ისე შორს

იყო წასული, რომ პატარა, უთმო ობობას ჰგავდა. თვალის კუთხიდან ვაკვირდებოდი,

ფურცელს ფურცელზე როგორ ავსებდა. წერდა საფოსტო მარკის ზომის რვეულში და

ისეთი პაწაწინა ასოებით, რომ ვერავინ წაიკითხავდა. ზემოთ ავიხედე, საკნის გისოსები

ოქროდ ქცეულიყო. და ვიდრე დამავიწყდება, მინდა პირველმა მივულოცო ყველას,

ვისაც აქამდე თვითმკვლელობა არ ჩაუდენია. შენიღბულო და შუქჩამქრალო ადამიანებო, სამყარო ვერასოდეს გაიგებს თქვენს სახელებს, არასოდეს ეცოდინება, რა ვალშია

თქვენთან, ან როგორ დაიტანჯეთ, რა უდრტვინველად გაიღეთ ყველაზე ძვირფასი,

ის, რაც ყველას გაერთიანებთ – შეგრძნება, რომ  ყველასგან აბსოლუტურად

განსხვავებული ხართ – ის გაქრა, როგორც კი სექსუალური სიმწიფე და ფრთები შეიძინა.

ეს მშვენივრად იცოდით, მაგრამ არავისთვის გითქვამთ.  ჩვენ სიკვდილს სიცოცხლეს

ვეძახდით და სიცოცხლეს სიკვდილს.

თქვენ იხილეთ სხვა სამყარო, და ის ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ეს სამყარო.

აი, ამას კი ყველას ეუბნებოდით, ვიდრე ვიღაცამ ზრდილობიანად გაჩუმება არ

გთხოვათ. და ამინდი? – ამინდს იმ სიტყვებით ვეღარ აღწერთ, რაც აქამდე იცოდით.

ალისფერი შიშები ჩემს მოკრძალებულ დაკრძალვაზე ჩასამწკრივებლად

ემზადებოდნენ და თავისუფლად ფუთფუთებენ ჩემს სხეულში. შემდეგ, ამინდი

გაქრა. ვერ აღგიწერთ ეს რა ბედნიერებაა. ამ დროს მე გარიჟრაჟის ვარსკვლავებს ვუყურებდი.  დღისითაც და ღამითაც მათ გავცქერი, რადგან მგონია, რომ ისინი ახალგაზრდავდებიან, როცა მე ვკვდები.  ერთხელ მოდით და მითხარით, რას

ფიქრობთ ამაზე. წამების, მაგალითად საშინელი ღუტუნის დროს, მგონია, რომ

მართლა კარგი კვერცხი ვარ ცხელ წყალში. ოჯახური ეპიგრაფი  უხეშად რომ ავხსნა,

ამბობს - აპრილის ჯადოქრებს მაისის ქარბუქი მოაქვთ. ერთ დღეს, საკუთარი თავის განსახიერების ფუჭი, მაგრამ უფრო მონდომებული მცდელობის  შემდეგ, ჩვენც

გაგვიგებენ. მაგრამ, ფუქსავატობის დრო არაა ახლა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ

მნიშვნელოვან, ძილისწინა სამკურნალო  კოცნაზე ვსაუბრობთ. ამ დროს, ტრადიციულად, გამოკეტილები ვართ საგიჟეთში, რომელიც თავისი სახელოვანი ჯგუფითაა ცნობილი.

თუმცა, ამ ბოლო დროს,  მარად უცვლელმა, სამთავრობო სტრუქტურების საიდუმლო სოციალისტურმა ელემენტებმა  იზრუნეს და როგორც ჩანს,  ჰუმანურობის მარცვალმა

მიაღწია იმათთანაც კი, ვინც ოდესღაც წმინდა დარბაზებს ჩვენი განავლით და

ნარწყევით სვრიდა.

აი, რას ვგულისხმობ:

იქ გატარებული შედარებით ცოტა ხნის შემდეგ, ჩვენ გვათავისუფლებენ შეშლილი

ექიმების, ან სხვათა ლოცვის თანხლებით, (რომელიც წარმოადგენს მათი შვებისა და

ზიზღის ნარევს) და  თვალით საიდუმლოდ გვანიშნებენ, რომ მილვაუკის ნებისმიერ კინოთეატრში მთელი წელი უფასოდ  შეგვიშვებენ. ჩვენ გვიყვარს თავშეყრა ყოველდღე,

ავდარსა თუ დარში, და ცოფიანებივით ვიკრიბებით პიკნიკზე, იმ მაღალი, არამყარი,

სანთლისშუქიანი ფიჭვების ქვეშ, სადაც ვერც ჩრჩილი აღწევს,  ვერც ჟანგი, და ვერც კივილი,  ვყვებით უწმაწურ ამბებს და ერთმანეთს უღმრთო გარყვნილების ზღვარზე

ვატარებთ.  ყველანი ვიღებთ ჩვენს მშვენიერ ინექციას ოკეანის ძალიან მშრალი

მარტინიდან, რომელიც ვერმუტის ორი წვეთის ფასია დავიწყებულ სიზმარში.

© არილი