პროზა

ნიკოლას მაჩაბელი – ბოროტების გზა

machabeli nikolas 344

ეძღვნება თამთას

I

ამას ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მიმტანი სერიოზულად მომეწონებოდა. ფილმებში და სერიალებში დატრიალებული ეს ბანალური სცენები, კლიენტისა და მიმტანის რომანი მუდამ სასაცილოდ მეჩვენებოდა. მართალია, არაერთხელ შევხვედრივარ მომხიბვლელ მიმტანს, თუმცა სერიოზულად არავის წავფლირტავებივარ და გულშიც არავინ ჩამვარდნია, და ერთ დღეს გამომეცხადა თამთა.

ყველაფერი 3-4 თვის წინ დაიწყო, როცა ჩემს იმდროინდელ შეყვარებულთან ერთად ოპერის გვერდით, ლაღიძის ქუჩაზე ახალგახსნილ „ჩაის სახლისკენ“ გავეშურე. ჩემი შეყვარებული „შოკოლადის ბლინებზე“ ანძრევდა, მე კი ბავარიული პიტნა მევასებოდა და ტორტანელო, მაკარონში ჩადებული ლორი უგემრიელესი სოუსით. ჩემს შეყვარებულს ტრადიციულად მენსტრუაცია ჰქონდა, წუწუნებდა და ტვინს ჭამდა, არაფრით არ წყნარდებოდა, ხომ გახსოვთ ერთი ღადაობა, რა განსხვავებაა ტერორისტსა და მენსტრუაციან ქალს შორის? ტერორისტთან მოლაპარაკება შეიძლება, მენსტრუაციან ქალთან შეუძლებელია. მოკლედ, აი, ასეთ ხასიათზეა ჩემი შეყვარებული და უცნობმა მიმტანმა (იმ წამს პირველად დავინახე) შეკვეთილი ბლინები რომ მოიტანა, ეს ჩემი შეყვარებული ცოტა ხნით გაჩუმდა. გულში ვლოცავ ამ მიმტანს, მაგრამ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ვფიქრობ, როგორ დავაწყნარო ჩემი გოგო.  ასე თუ ისე, გადავურჩით აფეთქებას და “ჩაის სახლიდან” გასვლისას ჩემმა შეყვარებულმა ამ ჩვენს მიმტანს მადლობა გადაუხადა, მე კი უკეთ დავინახე მაღალი, გამხდარი და კვანტფეხებიანი გოგონა.

დღეები გავიდა და მორიგი ანომალიური შეტევების შემდეგ მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით. ბუნებრივია, ახლა იფიქრებთ, რომ შემთხვევით გადავაწყდები ამ მიმტანს, ან სპეციალურად დავაწვები „ჩაის სახლისკენ“? არა, შეყვარებულის მერე ორ კვირაში ერთი სირბანგლა გამოჩნდა, რომელმაც ჯერ იყო და ინტერვიუზე დამიბარა, მერე განმიცხადა, აგიყვანეო და მისი ასისტენტი გავხდი, ბოლოს საერთოდ უცნაური ზარი გაისმა, შენს სახლთან ვარო და ამოვალო. ეს ზარი იყო და ჩავთვალე, რომ ამ სირბანგლას ჩემთან წერაობა უნდოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდა, ერთი იმას არ მეუბნებოდა, მოდი, ჩემი წვრილი და შეკუმშული ფეხები გადამიწიე და იქნებ რამენაირად გაქაჩო ჩემი ვიწრო საშოო. ნუ, მე როგორც გოიმი გოიმთა შორის ავხტი და ვეპატიჟებოდი ჩემს სირბანგლას ხან სად, ხან სად. და აი, ისევ დადგა „ჩაის სახლის“ დრო. აზიურ კუპეში ფეხმორთხმით დავსხედით და შევუკვეთეთ, გამოიცანით, რა? ჰო, ჰო, ამასაც “შოკოლადიანი ბლინები” ევასებოდა. ამ გოგოებს ერთნაირი გემოვნება რატომ ჰქონდათ ამას ვერ ვხვდებოდი, ასე როგორ ჰგავდნენ ეს ჩემისები ერთმანეთს. მაშინ მეორედ ვნახე თამთა, თამთა, უკვე ნაცნობი მიმტანი, ნაცნობი სიარულის მანერით, წიწკვა ტანით, კვანტფეხებიანი. იმ დღეს კარგად შევხედე სახეზეც, ერთი უბრალო, უფერული სახით, ბოშა კანით, დაღლილი და სევდიანი თვალებით იყურებოდა ჩემი მიმტანი. რომ დამინახა მიცნო, ეს იყო პირველი ნაცნობობა.

მეორე გოგოს მესამე მოჰყვა, და ასე ჩემი მიმტანისთვის მუდამ ცვლად გოგოებიანი კლიენტი გავიჩითე, ფამილარული. მესამე მისვლაზე უკვე ქერათმიან, ჩემზე ასაკით 4–5 წლით დიდ გოგოსთან ერთად ვეწვიე. ჩემი ქერა მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის იყო, უფრო 35–40 წლის დამა ქალების სტილზე იცვამდა და იქცეოდა. მესამესთან ერთად „ჩაის სახლში“ უკვე აღვნიშნე თამთას სინორჩე, თუ როგორ ლამაზად მიარწევდა სხეულს, კვანტფეხებიანი. ქერათმიანმა პარტნიორმა სხვებივით “შოკოლადის ბლინები” შეუკვეთა, ჩემი სახე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ შეკვეთისას. მე და თამთას ერთმანეთზე თვალის გაკიდება შესამჩნევი იყო, ქერამ განმიცხადა, ამ მიმტანს მე მოვწონვარ, აქეთ ჩემს გამო იყურებაო. ლამის ნიძლავი დავუდეთ ერთმანეთს, რომ თამთა ლესბოსელი არ იყო. მერე მოგეხსენებათ ქერების ამბავი, ჩაძიებები, ქართული დედა-პაპური გაჭედვის ფორმები.

არ დადგა ჩვენი დაახლოების დრო? არამც და არამც, მერე იყო უკვე ორ გოგოსთან ერთად სტუმრობა „ჩაის სახლში“. მე უკვე გულში ვღადაობდი, “ჩაის სახლი” პროცენტებს უნდა მიხდიდეს, რაც მე აქ კლიენტი მიმყავს-მეთქი. იმ დღეს შევუკვეთე ჩემი საყვარელი ჩაი ბეილისით და კარამელით, სენდვიჩთან ერთად. გოგოებთან ერთად რაღაცაზე ვიცინი, რომ თამთა მოადგა ჩვენს მაგიდას, მოადგა და ექსპრომტად მკლავზე ვტაცე ხელი და პულსი გავუსინჯე, დამჯერი ბავშვივით თავჩაქინდრული გაჩერდა და მელოდა. მისი პულსის ცემა პატარა ანკარა წყაროსავით ჩქეფდა, ჯერ მესიამოვნა რბილ და თბილ კანზე შეხება, მერე კი ხელი ვუშვი და ამაზრზენი იგნორით, ვითომც არაფერი ყოფილიყოს, გავაგრძელე საუბარი გოგოებთან, თამთა დაბნეული გაგვშორდა. ეს იყო ჩემი პირველი მწარე კბენა თამთასთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ მასაც შევემჩნიე.

და იყო მეხუთე სტუმრობა „ჩაის სახლში“. სამი მწერალი, მე, მსუქანი შოთა და ბესო იტალიურ კუპეში დავსხედით და ლიტერატურაზე ვბაასობთ, ბიჭებს შევპირდი, რომ ჩემს საყვარელ ბეილისიან ჩაის გავასინჯებდი. თამთა ჩვენს მაგიდას ემსახურება, მოდის და მეუბნება:

– თქვენი საყვარელი სენდვიჩი და ბეილისი? – შევიცხადე.

– აჰ, გამარჯობათ (აგდებული ტონით), საიდან იცით?

– წინაზე იყავით.

– უკაცრავად, არ მახსოვხართ, ეს გოგონა კი მახსოვს. მეორე მიმტანს ვუღიმი ნაგლად. – აწი თქვენც მეცოდინებით. ისევ თამთას მივმართავ ირონიულად. ბიჭები ღადაობენ, ვიცინით, ჩემი ირონიის ზენიტში ვარ, ვაი, რომ მალე დაგცემენ, ნიკოლას.

ჩემი მიმტანის გულში, ალბათ, ამპარტავანი და ბურჟუა, დამპალი ბიჭი გავიჩითე. ჩემი ქედმაღლობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველა ირონია და ინდიფერენტულობა ჩემი მიმტანის მიმართ საშინელ სინანულად და სასტიკი სამაგიეროებით დამიბრუნდა.

II

უცხოეთიდან ახალჩამოსული ვიყავი, ხშირად მიწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციებზე გამოსვლა. მხოლოდ, გთხოვთ, შარვალ-კოსტუმიან მეცნიერს ნუ წარმოიდგენთ,  რადგან ეს იყო ყველაზე არამეცნიერის სტუმრობა კონფერენციებზე. არა, არა, არც თვითმართველობის როჟად არ წარმომიდგინოთ, მათ მუდამ ვაგინებდი, სჯობს უფრო მეამბოხე, მორევოლუციონერო, ფლიდ ინტელექტუალად და კვაზიავანწიურისტად დახატოთ ჩემი პერსონაჟი, მეცნიერების დაწაფების წყურვილით შეპყრობილი.

მოკლედ, ჩვენს ამბავს მივუბრუნდეთ, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, რომ რესპუბლიკის მოედანზე გზა გადავჭერი და მექანიკურად პეროვსკაიას მხარეს გავიხედე, შემრჩა უხერხულად მომღიმარი ჩემი მიმტანი, ჩემი თაამთა. ქართულ ფილმებში რომ არის ხოლმე გულიანი მიმართვა “ჩემი თაამთა”. მივესალმეთ ერთმანეთს, ხელი გავუყარე და ერთ გზას ვადგავართ, ზებრაზე უნდა გადავიდეთ, რომ ტაქსისტი გზას არ გვითმობს. კიდევ ერთხელ მომიწევს აღნიშვნა, რომ უცხოეთიდან ახალდაბრუნებული ვარ, სადაც მხიბლავდა მძღოლების გულთბილი ღიმილი და გზის დათმობა, აქ კი, მშობლიურ ქალაქში, პირველივე დღეს მოულოდნელად ეს ტაქსისტი ჩემს ევროპულ შეგრძნებებს აცამტვერებს. აცამტვერებს და ვჭედავ, ვუჭედავ ტაქსის მძღოლს, რომ ზებრაზე მოქალაქე უნდა გაატაროს, ტაქსისტიც არ ჩერდება, ვყვირი, ბოლოს კი გინებით და ხელების ქნევით ვტრიალდები. თამთა დაბნეულია. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ გზას და ახლობელი ადამიანებივით ვსაუბრობთ. ყველაფერი ბუნებრივად მიედინება, ყველაფერი თავისთავად ეწყობა, თითქოს, დიდი ხნის ნაცნობები ვართ. მე მას მეგობართან ვაცილებ მთაწმინდაზე. თამთა იღიმის და ეს რაღაცას ნიშნავს ჩემთვის.

ჩვენი პირველი მოულოდნელი შეხვედრა და პრაივიტ სეირნობა იყო ორი კვირის წინ, პარასკევ საღამოს. პარასკევს შაბათი მოჰყვა, შაბათს კვირა და ჩვენ უკვე დაგეგმილად ყოველ ღამე ვხვდებით ერთმანეთს. გამიმართლა იმაში, რომ თამთა ჩემთან ახლოს ცხოვრობდა ტაშკენტის ქუჩაზე, ამიტომ ჯერ  დავსეირნობთ პეკინის ქუჩაზე, ვაჟაზე, კანდელაკზე, შარტავაზე, ვუვლით გარს საბურთალოს უბნებს და მერე ჩემს ეზოში, ბუდაპეშტზე ვსხდებით. იქ ვაგრძელებთ საუბარს ღამის 2-3 საათამდე, თამთა კი პერიოდულად სიგარეტს აფუილებს. თამთა როცა ეწევა, ე.ი. სამსახურის პრობლემებზე მეწუწუნება, მიყვება როგორ დაიღალა მენეჯერის უსამართლო მითითებებით, მეუბნება რომ ემოციურია, ფსიქიკურად არც ისე გაწონასწორებულია. მის დასამშვიდებლად ჩემს ამბებს ვთხზავ ხოლმე, რომელიც უფრო რადიკალურია, და ჩემი მოსმენის შემდეგ მშვიდდება. მიზანს ადვილად ვაღწევ, უკეთ ხდება. ფეხით დავდივართ ღამის თბილისში, მარტის სიცივეა, მაგრამ ჩვენ არ გვცივა, ჩვენ ერთმანეთის ამბები, ერთმანეთის ამოცნობა გვართობს.

სოციალურ ქსელშიც გვაქვს მიმოწერა, სადაც მეკითხება, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი ვარ. ამ კითხვას ვერ ვიტან, ვიცი, რომ გადახედავს თავისას და შეადარებს, რამდენად შევეწყობით ერთმანეთს. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ყოველთვის ამართლებს, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ასტროლოგიას უფრო ძალუძს ქალ-ვაჟურ ურთიერთობებში დაგაკვალიანოს და დაგეხმაროს, ვიდრე ქრისტიანობას და ეს ნერვებს მიშლის. მიტყდება, რომ ასეთია ჩემი ღმერთი. თუ ყველა საკითხში შეუძლია დაგმოძღვროს, აი, გოგოს შებმაზე ქრისტე არაფერს გვეუბნება, ქალის სიყვარულში ვერაფერ გამოსავალს ვერ გთავაზობს, მარტო დაითმინე, მოითმინე და შეიკავე. მე და თამთას ზოდიაქოს ნიშნები არ ეწყობიან ერთმანეთს. ასტროლოგია ყოველთვის ამართლებს.

ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ თამთა გერმანიაში აპირებს წასვლას, უახლოეს მომავალში, Au-pair-ის პროგრამით ბეიბისითერად გაემგზავრება დოიჩლანდში ვიღაც გერმანელის ბავშვის მოსავლელად. აქ ძალიან უჭირს ცხოვრება, ამიტომ გადაწყვიტა გერმანიაში მრავალრიცხოვან ქართველი გოგოების კასტას შეუერთდეს, კასტას, რომელიც საქართველოში იბადება, შემდეგ კი გერმანიაში ბეიბისითერებად გარბის. როგორც წესი, შემდეგ იქ რჩებიან, ვითომ სასწავლებლად, საბოლოოდ კი ადგილობრივს ააგდებენ და ვიღაც ჰანსს ან ჰაინრიხს დარჩება ახალგაზრდა, ფაფუკი და მშობლიური Georgian სილამაზე. ეს გოგონები ქრებიან ქართული რეალობიდან, საქართველოს ბიუჯეტს კი ახსოვს მათი გადმორიცხვები, ოჯახებს დასდევთ მათი მოგონება, რეალურად კი ეს გოგოები აღარ არსებობენ. საქართველოს ეროვნული ბანკი, ალბათ, ლოცულობს, რაც შეიძლება მეტი ასეთი გოგო დაიბადოს, რაც შეიძლება მეტი აღარ დაბრუნდეს უკან, ევროები კი რიცხონ და რიცხონ მოხუც და გაჭირვებულ მშობლებთან. 90-იან წლებში დაბადებული ამ გოგოების ბედი, რომლებიც ბეიბისითერები ხდებიან და მერე ქრებიან, არავის ადარდებს, არც მედიას, არც სოციალურ ქსელებს, არც მთავრობას, ყველა ივიწყებს მათ იმის იმედით, რომ ისინი იქ უკეთესად არიან. არადა, ვინ იცის რამდენი უცხო და საზარელი ამბის გადატანა უწევთ მარტო. უცხოეთში გაქცევის ეს უმარტივესი გზა ძალიან პოპულარულია, 90-იან წლებში დაბადებული გოგოების ნახევარი ბეიბისითერობის გზას ადგას, ეს გადინება თავის დროზე რაღაცას გვეტყვის, ვგრძნობ, ვგრძნობ, რადგან მომავლის მჭვრეტელი მწერალი ვარ.

თამთას ერთხელ სახლთან მივადექი „დომინოს“ პიცებით და ჩემს ეზოში წამოვიყვანე. ის უკვე სხვანაირად იქცევა, უკვე აქტიურად მეპრანჭება, ბავშვურად თამაშობს. მინდა ყოველ წამს გულში ჩავიხუტო, ვერ ვიკავებ თავს და კომპლიმენტებითაც ვავსებ, ვარქმევ უამრავ მოსაფერებელ სახელს, რომლებზეც ჯერ ცხვირს იბზუებს, მერე კი ეჩვევა და სიამოვნებს. განვიხილავთ Lana del Rey-ს ბოლო კლიპს, სადაც ლანა ცდილობს სხეულის უჩვეულო ფორმების სილამაზე დაგვანახოს. ვსაუბრობთ კინოზეც, მას ვუდი ალენი უყვარს, მე კი ვერ ვიტან ამ ამერიკელ ბებრუხანას და უბერებელი ფრანგი ბესონი მევასება. პიცას ვჭამთ, კუჭი მშვიდადაა, ანუ ყველაფერი კარგადაა, არანაირი დაძაბულობა, ყველაფერი ბუნებრივად მიდის.

ერთ ღამეს ქრიზანთემებს ვყიდულობ სადღეღამისო ყვავილების მაღაზიაში, ძალიან უბრალოს, თეთრ, აკვირტებულ გვირილების მსგავს ყვავილს და თამთას სადარბაზოსთან ვხვდები. ყვავილები მოსწონს, თვალები უცეკვავს, იღიმის და თავის მოუსვენარ თავს მიქიცინებს, თავის მუქ შავ თვალებს მკვლელი მზერით მაჭერს პირდაპირ გულზე, მირტყამს ფეხებს ანცი ბავშვივით და რაც მთავარია, ჩლიფინებს, თოთო ბავშვის ხმაზე მესაუბრება, აზრებს ვერ აბამს. ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ შეიძლება არ გიჟდება ჩემზე, მაგრამ აშკარაა, რომ მოსწონს ჩემთან ერთად ყოფნა, მასზე დადებითად ვმოქმედებ, ის ჩემ თვალწინ იცვლება, აღარ ჰგავს იმ მიმტანს, რომელიც დაჩაგრულია და თავდახრილი. ჩემს მიზანს ვაღწევ, თამთა ჩემთან იცვლება, თამამდება, თავისუფლდება, გამბედავი ხდება. კინოკადრებივითაა ჩვენი ღამის სეირნობები, თავი მარჩელო მასტროიანი მგონია ვისკონტის “თეთრ ღამეებში”, ვიწყებ მცდელობას, შევცვალო დოსტოევსკის ტრაგიკული ამბავი, სხვა დროსა და სხვა სივრცეში. იქნებ აქ, თბილისის ქუჩებში, მაინც არ ატირდეს მასტროიანის გმირი და იქნებ აქ მაინც არ დატოვოს მშვენიერმა გოგონამ ერთგული იტალიელი.

ზედიზედ რამდენიმე საღამოს შემდეგ თამთაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. როგორც წესი, ურთიერთობის დაწყებაზე უფრო რთული ურთიერთობის შენარჩუნებაა. მთავარია როგორ და რა ფორმით ინარჩუნებ ურთიერთობას. გაცნობა და ტრალი-ვალი სივის გაზიარებას ჰგავს და ადვილია. კიდევ უფრო ადვილი გზაა გაქცევა, ერთი ხელის ჩაქნევა, დაკიდება. მოკლედ, დამიჯერეთ, მთავარია როგორ ინარჩუნებ, თორემ დაწყება და დასრულება არაფერია.

მე კი, როგორც წესი, დაწყებულ ურთიერთობებს ძალიან ცუდად ვინარჩუნებ. გოგოები ძალიან მალე კარგავენ ჩემდამი ინტერესს. ამიტომ ვცდილობ ჩემი მიმტანი არ შევაწუხო და გარკვეული ინტერვალებით შევეხმიანო, ყოველდღიური მომაბეზრებელი არ გავხდე, არ ვიჩქარო.

ერთ ღამეს „ამო რამეში” გავედით, მე როგორც ამპარტავანი და ბურჟუა, ღვინოს ვუკვეთ, ის კი როგორც დაღლილი და სევდიანი პლებეი – ჩაის. „ამო რამეში“ არავინ არაა, ჩართულია სასიამოვნო მუსიკა, ვეუბნები რომ ვიცეკვოთ, უარზეა. ვეუბნები, რომ ცეკვა სხეულის, და მაშასადამე, სულის თერაპიაა, ისევ უარზეა. ისევ არ ვცეკვავთ, მე კი ვოცნებობ ცეკვაზე და ვუყვები, როგორი მოუხელთებელი მოცეკვავე ვარ, ვუყვები, თუ როგორ გარბიან გოგოები, როცა ცეკვას ვიწყებ მათ თვალწინ. თამთას ეღიმება. მერე ვეუბნები, რომ სელფები გადაიღოს, ან ორივემ გადავიღოთ, უარზეა; ვეუბნები, რომ თეატრში წავიდეთ, მპასუხობს, რომ ვერ მოიცლის. ყველაფერზე უარს მეუბნება, მეფიქრება, რომ მოწყინდა და მობეზრდა. „ამო რამედან“ გამოვდივართ, თოვლის მქრქალი ფანტელები ცვივა, შუა მარტის თვეში, თამთას უხარია, ისევ ბავშვივით იღიმის, ჩემი მიმტანი უკვე ჩემი დედოფალია, ისე ვზრუნავ მასზე. ვარ ძაან გულწრფელი, ეს კი ჩემი გამოსირებული ბავშვობის ძმაკაცის ბრალია, ერთხელ რომ ვკითხე რჩევა, ბრძნული აზრი დადო, თუ გოგო გულით მოგეწონება, მასთან გულწრფელი უნდა იყოო, არაფერი არ უნდა დამალოო, და თუ გაგიგებს, ეგ არისო. მეც ასე ვიქცევი, თამთას ვეუბნები, რომ ვწუხვარ, თუ ოდნავ მოიწყინა ჩემთან, მაპატიოს ჩემი ბანალური შეთავაზებები, ჩემი ბრალია ასეთი უინტერესო რომ ვარ, და ამ წინადადებით თამთასთვის აზრს ვკარგავ. ის ოთხშაბათი ისევ თამთას მიცილებით მთავრდება. ღვინით ცოტა გაბრუებული დამშვიდობებისას ვაჩერებ, ორივე ხელით ვიჭერ მის თავს, ჯერ ერთ ლოყას ვეამბორები, მერე კი მეორეს, ის კი გაბადრული ოდნავ შემკრთალი დგას და ბრწყინავს. მე მგონია, რომ ეს უსაყვარლესი მომენტია, რომანწიკაა, მეგობრები ამ ამბის მოსმენისას „კარმას გამორთავენ“ ისე ჩათბებიან, რომელიმე ძაან აქტიური შეიძლება ჩასველდეს კიდეც, ან საშო გაათავებს, ან პენისი დაღვრის თბილ სითხეს.

და ეს ყველაფერი ერთ საღამოსაც, ჩვენი პირველი შეხვედრიდან ორი კვირის თავზე მოულოდნელად სრულდება.

III

ჩანართი ფრანგულის რვეულიდან, დაწერილი ჩაის სახლში, ქიაჩელზე

„ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც ასე ვიქცეოდი, არ ვიცი რატომ ან როგორ, ფეხები თავისით მიდიოდნენ, საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებიან, რომ მშიშარა არ ვარ, რომ შემიძლია რეალობას თვალი გავუსწორო.

ვიცი რომ ძალიან შეგაწუხე, დღეს სამჯერ დაგირეკე, სამჯერ მომიშორე ტრალი-ვალი, ტრალი-ვალი, ტრალი-ვალი. შეიძლება არც მიშორებდი, უბრალოდ ისეთი დაღლილი იყავი, ჩემო მიმტანო, რომ არაფრის თავი არ გქონდა, არის კიდევ ვერსია, რომ მოგაბეზრე თავი, მიუხედავად იმისა, რომ მახსოვს შენი სიტყვები, „ნერვებს მიშლი, არ მაწუხებ“.

ფაქტი სახეზეა, დღეს საშინელი დღე იქნება. მოვედი ქიაჩელზე „ჩაის სახლში“ და შენ აქ არ ხარ. რატომ მომატყუე? არ გახსოვარ? ხომ მითხარი აქ ვიქნებიო?

მე უკვე გავიზარდე, მე უკვე შევეჩვიე ამ ყოველივეს, ამ თავის არიდებებს და მოშორებებს, ღმერთის უპასუხისმგებლობას ჩემს წარუმატებელ ურთიერთობებში, და თუ არა ის, ღმერთი, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩემს გულგატეხვებზე? ღმერთს ვაკისრებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს გულისგატეხვებზე. თუ გინდათ ზუსტად მოგიყვებით ყველაფერს, რაც კი მოხდება, მე ვიცი ყველაფერი როგორ მოხდება, უბრალოდ ყოველთვის ყველაფერს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ შენ, ჩემო მიმტანო, საერთოდ აღარ გამოჩნდები ჩემს ცხოვრებაში, ვგრძნობ რომ ყოველი ჩემი შემდგომი ნაბიჯი განწირულია, უარი ელის ყველაფერს, შეხვედრას, ზარს, მესიჯს, ყველაფერს დააიგნორებ, იმიტომ, რომ ასე იქნება.

მე კი როგორ მომწონდა შენი „კარქი, კარქი“, შენი ბურდღუნები, შენი თლიფინები, მონუსხული ვარ შენი დაულაგებელი წინადადებებით, ბენტერობით, შენი სხეულის გნიასით, ხელების და ფეხების იხტიბარით, კვანტფეხებიანო, შავი გრძელი კარმენიტა თმით და შენი თუთისფერი ტუჩებით.

სად ხარ ჩემო? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ მოხდა ყველაფერი ასე? და რატომ დასრულდა?“

ამ ჩანაწერს ჩვენი პირველი შეხვედრიდან ორი კვირის თავზე „ჩაის სახლში“ ვწერ ქიაჩელზე, ჯერ არაფერი არაა მომხდარი, თუმცა მე აშკარად ვგრძნობ, რომ წინ მწარე საღამო მელის.

თამთამ მითხრა, რომ ქიაჩელზე იქნებოდა, მეც ავედი იქ. თამთას გარდა ყველა რჯულის მიმტანი ტრიალებდა, ის კი არ დამხვდა. მარტო დავჯექი ფანჯარასთან ორსკამიან მაგიდაზე, ვიყურებოდი ქუჩაში, პეროვსკაიას დასაწყისი და რესპუბლიკის მოედანი გადაშლილიყო ჩემ თვალწინ. ვწერდი იმ ჩანაწერს და მივირთმევდი ბრაუნის ნამცხვარს. შეხედეთ, სუფთა კლასიკური კინოა, ახალგაზრდა მწერალი ზის კაფეში მეორე სართულზე და წერს მიმტან სატრფოზე, თბილისური საღამო კი გარეთ მოძრაობს. ვგრძნობდი გულდაწყვეტას, ვგრძნობდი სევდას, მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი, თან სერიოზული არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი წინ მელოდა, მე კი უკვე ყველაფრისთვის ვემზადებოდი, მსურდა ყველაფერი მალე გამეგო, მალე მენახა რა მოხდებოდა, მუღამში ვიყავი, საკუთარი ამბის ეშხში შევედი.

იმ წერილის დაწერის მერე ვერ მოვისვენე და ჩემს მიმტანს ფეისზე მივწერე, მიპასუხა და შეხვედრაზეც დამთანხმდა. როგორც ამიხსნა, მეორე „ჩაის სახლში“  წასულა, ოპერასთან, და ამიტომ არ დამიხვდა ქიაჩელზე.

შევხვდით იმელის შენობასთან, თამთა ყველაზე ლამაზი, უცხო და საინტერესო მეჩვენა იმ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, ლურჯი კაშნე მოეგდო გრძელ კისერზე, შავი კარმენიტა თმა გაეშალა და შავი პალტო ჩაეცვა, რომ დამინახა ისევ აცანცარდა.

ერთად რომ დავუყევით გზას, ორივე ვცქმუტავდით, ლოყებზე ვეთათუნებოდი, ცხვირზე ვეპუსებოდი, კისერში ვაკოცე, ისიც მიღიმოდა, არანაირი აგრესია, არანაირი ირონია, ვიწრო ქუჩებმა ვერის ბაღის გადასახედ ხიდთან მიგვიყვანა. თამთა პირველად ხედავდა იქაურობას. ჩვენ წინ ჩანდა ღამის თბილისი, მტკვრის სანაპიროები, მანქანების ბრიალი, შორს – სამება, პრეზიდენტის სასახლე, მარჯანიშვილის თეატრი და გალაკტიონის ხიდი. ყველაფერი ერთმანეთში ისე იყო ჩასმული, ისეთი ლამაზი იყო, ჩემი მიმტანი კი ქალაქის ფონზე დახტუნავდა, კვანტფეხება. როცა დაიღალა, სკამზე ჩამოვჯექით, ცოტა ანერვიულდა, ხანდახან თვალებს ისტერიულად აპაჭუნებდა.

თამთამ ცას ახედა და ვარსკვლავები და მთვარე შერჩა ხელში, დაიწყო ისევ ჩლიფინი და დიფდიფი, თავისი თიანეთის შესახებ, თუ რა ლამაზია და რა კარგია ზაფხული სოფელში მოჭედილი ცის ქვეშ, იჯდა ცისშემყურე და პატარა მეოცნებე  ბოშა იყო, ჩემი ნომადი, ჩემი კარმენიტა იყო იქ ვერის ბაღში. ყველაფერი შეიცვალა ვერის ბაღიდან რომ გამოვედით.

კოსტავაზე ფეხით ჩამოვდივართ და მე თავად არ ვიცი რატომ, როგორ, თამაშით და მეგობრულად, საყვარლობითაც კი, სრულიად უვნოდ მუხლით ტაკოზე წავკარი, პატარა პანჩურივით.

–        ეს რა ქენი? მეორედ აღარ ქნა. მომესმა სიცივისგან კაშნეპირაფარებული თამთასგან. მე კი თამაშს ვაგრძელებ, ეშხში შევდივარ:

–        მეორედაც სიამოვნებით ამოგარტყამ პანჩურს.

– რაა? რატომ აკეთებ ამას? მიტრიალდება უკვე კაშნეჩამოწეული შეშლილი სახით, ხელს ზევით წევს და მეუბნება:

–  არა, ნიკოლას, ვსიო, მე წავალ ცალკე, შენ წახვალ ცალკე. მიდის სამანქანო გზის ნაწილთან და ტაქსს აჩერებს. დაბნეული გადავუდგები, ისიც მიძალიანდება.

–        კი მაგრამ, რატომ მიკეთებ ამას? რატომ უნდა დამტოვო აქ მარტო?

–        არ გეკაიფები, ნიკოლას, ჯობს დავიშალოთ, რატომ ამომარტყი პანჩური? – აპ, აპ, ვსიო.

როგორც იქნა შევაჩერე, ვეუბნები, რომ ერთად წავიდეთ, მთანხმდება. ამასობაში სამი ტაქსი ერთმანეთს მოადგა, ვეუბნები, რომ წავიდნენ ეს ტაქსები, რომ ჩამომიყენა აქ და მხოლოდ შემდეგ წყნარად წავიდეთ, ვუხდი ბოდიშსაც და ვცდილობ ავუხსნა, რომ არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, თამთა ხან ისტერიულად იცინის, ხან მეუბნება, რომ არ აინტერესებს რატომ ამოვარტყი, ნელ-ნელა ვმშვიდდებით.

შემდეგ თამთა ჩემს თვალწინ ტაქსს აჩერებს, სადაც უხმოდ ვსხდებით, მთელი გზა ვერ ვიღებ ხმას, უხმოდ ვარ, გაოგნებული და გულგატეხილი, მივყვები მორჩილი ძაღლივით. სახლთან ვეუბნები, რომ ის მტოვებდა შუა ქუჩაში და ჩვენი ამბიდან გადიოდა.

–  რაა? რა ჩვენი ამბიდან? მიყურებს გაოცებული თამთა.

–  ორი კვირაა, თითქმის ყოველ ღამე ვხვდებით, დაგავიწყდა?

–  მერე რა, ნიკოლას, ე.ი. მეგობრები ვართ.

–  ჩემთვის რომატიკული იყო ეს შეხვედრები.

–  რაა? რომანტიკული? დამცინის. – მე ადამიანებს რთულად ვეჩვევი.

–   მე კი ადვილად.

–  ჰოდა ძალიან ცუდი შენთვის, მეუბნება თამთა და მარიგებს. – მე ახლა არ ვარ მზად ურთიერთობისთვის, მე სხვა მიყვარს, გხვდები შენ და ძალით ვცდილობ გემეგობრო, მაგრამ შენ მოგწონვარ და არ გინდა მეგობრობა. მე კიდევ არ შემიძლია ასე. საერთოდ ნუ მაწონებ თავს, არ მინდა, იყავი ბუნებრივი, არც ყვავილები, არც შოკოლადები, არაფერი არაა საჭირო.

–  კი მაგრამ, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, მე ამას ძალით არ ვაკეთებ. ე.ი. მე რომ გეფერებოდი და კისერში გკოცნიდი, შენ სხვაზე ფიქრობდი? მიყურებს საშინელი სახით.

–  ჰო, მე სხვა მიყვარს და ეს შენ იცი კარგად, (როგორც “თეთრ ღამეებშია”, ლამისაა მასტროიანის როლი შევასრულო) ჩვენ ძაან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ნიკოლას.

მე გულში ვფიქრობ, მაგრამ თამთას სიტყვას არ ვეუბნები, ვფიქრობ, რაც უფრო განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მით უფრო კარგია, ვაანალიზებ, რომ თამთამ ეს პანჩურის მომენტი გამოიყენა და ის, რაც დიდი ხანია უნდოდა ეთქვა, ახლა მითხრა. ოდნავ მეცოდება კიდეც, თუ ჩემს ფერებას და კოცნებს ასე იტანდა სხვაზე ოცნებით. ვფიქრობ იმასაც, რომ ურთიერთობას მზადყოფნა, სივრცე და დრო არ ექვემდებარება, ურთიერთობისთვის არ უნდა შეემზადო და არც უნდა დააიგნორო, ვთვლი, რომ სიყვარული უსივრცო და უდროოა, ყველაზე მეამბოხე, ყველაზე უადგილო და არაადეკვატურია. სიყვარულის ფორმა კი ჩვენ მიერ ყალიბდება. მაგრამ თამთას სხვა უყვარს, რას უნდა გავხდე? როგორ დავამსხვრევ სხვის ხატს, როგორ ვაჯობებ უცნობს, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ არა მარტო მიატოვა ჩემი თამთა, არამედ მიატოვა და თან პლიუს მეც მართმევს.

გული საშინლად მაქვს გატეხილი, ვგრძნობ, რომ იქ კოსტავას იმ იმპულსურ აფეთქების წამს თამთამ შუა ქუჩაში დამტოვა, და მე მხოლოდ ძალით შევაჩერე, ფიზიკურად აქ ვარ, მაგრამ სულიერად მე იქ ვარ დარჩენილი, ისევ კოსტავას ქუჩაზე ვგდივარ და ვიყინები.

გულგატეხილი ვარ იმის გამოც, რომ თურმე ეს ერთი კვირა ძალით ურთიერთობდა ჩემთან, იღიმოდა, ხალისობდა, თან როგორ გულიანად და მერე სხვაზე ფიქრობდა და სხვაზე დარდით იკლავდა თავს. I am so broken hearted; u cannot imagine my waitress…– როდის შევხვდებით? ვეკითხები.

–        აღარ შევხვდებით. აზრი აღარ აქვს, მე ხომ ვიცი ჩემი ხასიათი, არა?

–        აღარ შევხვდებით?

–        ჰო, ასე ჯობს, მადლობა ყველაფრისთვის, მკოცნის ჩემი კარმენიტა, მე ბოლოჯერ ვეხები მის დალალებს, და მეც მადლობას ამოვილუღლუღებ. ცა სერიოზულ ამბავს აპირებს, წვიმა იწყება, მთელი გზა სახლამდე წვიმს. მე თავჩაქინდრული და გაოცებული მივუყვები გზას. ვფიქრობ განვლილს, განცდილს, ცრემლები არ მაწვება, ციდან რომ ცვივა წვიმის წვეთები, ეგენია შეღავათი ახლა და იმიტომ, სიბრაზე არ მერევა, ინდიფერენტულობა არ მაამპატავანებს, ხომ ისედაც ყველაფერი ვიცოდი? მხოლოდ ეს საზიზღარი გულგატეხილობა მსდევს თან. საკუთარ თავს ვეუბნები:

–        შენ არავის არ მოსწონხარ, შენ არასდროს არ მოწონხარ იმ გოგოებს, ვინც შენ მოგწონს, შენ მოსაბეზრებელი და უინტერესო ბიჭი ხარ, შენ ხელმოცარული და ბანძი ახალგზარდა ხარ, მუდამ განწირული იქნები და შენი როლი მუდამ ლუზერობაა… გაიხსენე, შენ! კლიენტი, რომელიც ასეთი პრივილეგიებით და თავაწეული ტოვებდი კაფეს, მიმტანისთვის კი ხურდებსაც კი ყრიდი მაგიდაზე, აი, შენ, არარაობა ხარ, შენ დაგადეს და გაგამასხარავეს, ერთი კვირა ძალით გიტანდნენ და მაინც ვერ აგიტანეს.

ასე იგებიან ჩემი კომპლექსები, ასე ვშორდები მე ხალხს, ასე ვშორდები მე ადამიანებს, ასე ვხდები ასოციალური და მარტოსული, ასე ვბოროტდები.

თამთას არც ვლანძღავ, არც ვადიდებ, არც ვაძაგებ, არც ვწყევლი, აღარც ვნატრობ, და აღარც ვლოცულობ, აღარც ვადანაშაულებ, ვიცი, რომ ყველაფერი მისი წყალობითაა, მისი წყალობითაა, რომ ჩემი კომპლექსებით უშველებელ ციხესიმაგრეს ვაგებ, რა უნდა ვუქნა თამთას? ვერც შევეხები, ვეღარც დავურეკავ, ვერც მივწერ, ვერც ვერსად დავუხვდები, ვერც მოვეფერები, ვერც კისერში ვეღარ ვაკოცებ, ვერც ლოყებს ვეღარ მივეპუსები, ვერც ტკბილ სიტყვებს ვეღარ ვეტყვი, ამიტომ რა? რა და თამთას ვყინავ, ადგილზე, დროსა და სივრცეში ვყინავ, ერთ დიდ ყინულის ყუთში ვამწყვდევ, იყინება თამთას მკლავები, თამთას თმები, მისი ბოშური დალალები, იყინება თამთას თუთისფერი ტუჩები, ვყინავ მის მუდამ სევდიან, ნაღვლიან და მოქანცულ თვალებს, ვყინავ თამთას გრძელ ფეხებს, კვანტფეხებას. ყველაფერს ვაქცევ დიდ ყინულის ყუთში.

IV

წერილი გერმანიის სავიზო განყოფილებას თბილისში:

“ძვირფასო ბატონო/ქალბატონო

გწერთ აპლიკანტ თამთა … -ს შესახებ (დაბადებული ამა და ამ რიცხვში, თიანეთში)

მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური ფონი აქვს. თვეების განმავლობაში იტანჯებოდა სხვადასხვა ნევროზული დაავადებებით. ჩემი რეკომენდაციაა შეწყვიტოთ სავიზო პროცედურები, აგრეთვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მას განზრახული აქვს სამუდამოდ დარჩენა გერმანიაში.

გთხოვთ, ნუ მომწერთ დამატებითი დეტალების შესახებ, რადგან ეს საიდუმლოა.

ანონიმისგან”

ეს იმეილი წუთებია გავგზავნე გერმანიის საკონსულოს თბილისის ოფისში, სავიზო განყოფილებაში. იმეილის გაგზავნის შემდეგ ათასგვარმა შიშმა დამიარა. იმეილში მოვუწოდებ კონსულს და მოხელეებს არ ჩაურტყან ვიზა თამთას, მეტიც, მას ბრალს ვდებ სიგიჟესა და ფსიქოლოგიურ არამდგრადობაში. ვხვდები, რომ დიდი ბოროტება ჩავიდინე, ვხვდები, რომ ამ იმეილმა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მომიტანოს. ვნანობ და არ ვიცი ვის ვუთხრა, ან როგორ ვუთხრა, დაე, იცოდე, შენ, თუ რა ჩავიდინე, სულ რაღაც წუთებია. არანაირი გამართლება არ მექნება რეალურ ცხოვრებაში, აქ კი, აქ ჩემს ნოველაში შენს წინ მე ვინანიებ ყოველივეს, წელში მოხრილი ვდგავარ კომპიუტერში გახსნილი ამ მაილის წინაშე და აღსარებას გაბარებ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ჩემს მაილს? პირველი, რაც ყველაზე ძალიან მინდა ახლა მოხდეს, არის ის, რომ სრულიად დააიგნორონ, დააიგნორონ და თამთა გაუდგეს გზას ბეიბისითერობისკენ. მეორე, რა ვერსიაც გამიჩნდა, არის ის, რომ, ჰა, ჰა, დამატებითი საბუთები მოსთხოვონ ჩემს მიმტანს და მან ყველაფერი პირნათლად წარადგინოს. აი, შემდეგი ვერსიები კი ჯოჯოხეთია, შემდეგი ვერსიებია: პირდაპირ უარი რომ ჩაურტყან და დაბლოკონ ეს საცოდავი გოგო, და მაშინ? და მაშინ რა მოხდება? გაგიჟდება თამთა? ტირილით მოკვდება? აქ ჩემთან ხომ მაინც დარჩება? თავი რომ მოიკლას? მკვდარი მეყოლება აქ? და რო გაგიჟდეს? ან იქნებ შეეგუოს ყველაფერს და ახალი გაჭირვების, ახალი ტანჯვის გზას დაადგეს. მე გამომივა რამე? მე შევძლებ მასთან ყოფნას?

დაბოლოს, რომ გაიგოს თამთამ, რომ ეს საბედისწერო მაილი მე მივიწერე გერმანიის საკონსულოში, მაშინ რა მოხდება? მე დამიხვდება სადმე მოსაკლავად? დაე, მომკლას მისმა ხელებმა, დამახრჩოს, მისმა მკლავებმა შემიწირონ. იქნებ ყველაფერი სხვანაირად იყოს, გადაიტანოს, ნელ-ნელა დაავიწყდეს, ნელ-ნელა მეც შემიყვაროს, მეც შემნიშნოს, ნელ-ნელა მეც აღმოვჩნდე ბედნიერი, მაგრამ ვიქნები კი ბედნიერი მის გვერდით, როცა ასეთი რამ გავუკეთე? ერთ დღესაც გავუმჟღავნებ, რომ ყველაფერი მე გავუკეთე, ყველაფერი ჩემმა გაავებულმა, გაბოროტებულმა და სასოწარკვეთილმა ხელებმა გააკეთეს. რისი სახელით? სიყვარულის სახელით? გამიგებს? მაპატიებს? სიგიჟის ჰაერი ტრიალებს ოთახში, არ ვიცი რა შედეგები მოჰყვება ჩემს ამაზრზენ და გულისამრევ იმეილს, მაინც რა? რა იქნება? სული მეხუთება და მე ოფლმოდენილი ვეცემი კომპიუტერთან გაგზავნილი იმეილის წინაშე…

© არილი

Facebook Comments Box